ერნესტ ჰემინგუეი - პედუცი
პედუცი კარგად გამოიბრუჟა იმ ოთხი ლირით, რაც მას სასტუმროს ბაღის დაბარვაში მისცეს. ხეივანში ერთი ყმაწვილი კაცი დაინახა და ჩუმად რაღაც ჩაულაპარაკა. ჯერ არ მისაუზმიაო, ყმაწვილმა უთხრა, რომ ვისაუზმებ, სიამოვნებით წამოვალო. ორმოც წუთში ან ერთ საათშიო.
ხიდთან რომ კანტინაა, სამი ჭიქა გრაპა იქაც დაალევინეს ნისიად. ისე დაბეჯითებით და ეშმაკურად ამბობდა, დღეს რაღაც საქმე გამომიჩნდაო, უარი აღარ უთხრეს. ქარიანი დღე იყო, ზოგჯერ მზე გამოაჭყიტებდა ხოლმე, მერე ისევ ღრუბლებს მოეფარებოდა და წამოწვიმდა. ნამდვილი, კალმახებზე სათევზაო დღე იყო. ყმაწვილი კაცი სასტუმროდან გამოვიდა და პედუცის ჰკითხა, ანკესებს რა ვუყოთ, ცოლი ხომ არ გამომყვეს და იმან ხომ არ წამოიღოსო?
- კარგი იქნება, - მიუგო პედუციმ, - გამოგვყვეს.
ყმაწვილი კაცი სასტუმროში შებრუნდა და ცოლი გააფრთხილა. მერე ისა და პედუცი გზას გაუდგნენ. ყმაწვილ კაცს მხარზე ზურგჩანთა მოედო. პედუციმ ცოლი დაინახა. ისიც ქმარივით ახალგაზრდა იყო, ალპური ფეხსაცმელები ეცვა და თავზე ლურჯი ბერეტი ეხურა. დაშლილი ანკესები მოჰქონდა, ცალ ხელში - ერთი, მეორეში - მეორე. პედუცის არ ეჭაშნიკა, ასე დაშორებით რომ მოსდევდათ ქალი.
- სინიორინა, - გასძახა მან ქალს და ყმაწვილ კაცს თვალი ჩაუკრა, - დაგვეწიეთ, ერთად წავიდეთ. ჩვენთან იარეთ, სინიორა. დაგვეწიეთ.
უნდოდა, რომ სამივეს ერთად გაევლოთ კორტინას ქუჩაზე.
ქალი მაინც უკან მიფრატუნობდა უხალისოდ.
- სინიორინა, - ნაზად გაუმეორა პედუციმ, - დაგვეწიეთ, ერთად ვიაროთ. ქმარმაც მიიხედა უკან და რაღაც გასძახა. ქალმა ფეხი ააჩქარა, წამოეწია. ვინც კი შემოხვდათ ქალაქის მთავარ ქუჩაზე, პედუცი ყველას დიდის ამბით მიესალმა.
- Bon’di Arturo - და თან ქუდს მოუშვებდა ხოლმე. ბანკის კლერკმა ფაშისტების კაფედან გამოხედა და დააშტერდა. მაღაზიების წინ ჯგუფ-ჯგუფად მდგარი ხალხი ყურადღებით ათვალიერებდა ამ სამს. ახალი სასტუმროს მშენებლობაზე მომუშავე კირში ამოგანგლილმა მუშებმაც გადმოხედეს. გამოლაპარაკებით არავინ გამოლაპარაკებია, არც არავინ მისალმებია, გარდა ქალაქის მათხოვრის - ერთი გამხმარი ბერიკაცისა - რომელმაც ჩაიარა და ქუდი მოუხადა.
ერთი მაღაზიის წინ პედუცი შედგა. ვიტრინა სულ ბოთლებით იყო გამოტენილი. თავისი დაძველებული მაზარის ჯიბიდან გრაპას დაცარიელებული ბოთლი ამოაძრო.
- ცოტაოდენი მარსალა დავალევინოთ სინიორას, ან სხვა რამე, სულ ცოტა, - ხელში შეათამაშა ბოთლი. რა დღე გაუთენდა!
- მარსალა! არ გიყვართ მარსალა, სინიორინა? ცოტაოდენი მარსალა!
ქალმა კოპები შეკრა.
- ნეტა რას აიკიდე, - უთხრა მან ქმარს, - ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, რას ლაპარაკობს. გამობრუჟულა!
ეტყობოდა, არც ქმარს ესმოდა პედუცის ლაპარაკი. ეს მარსალა რაღას დაიჟინა, ფიქრობდა იგი, მაქს ბირბოლმსაც მარსალა უყვარდა.
- Geld, - გაბედა ბოლოს პედუციმ და ყმაწვილ კაცს სახელოში წაავლო ხელი, - ლირა! - გაუღიმა, ჩაციებით ვერ ჩააცივდებოდა, მაგრამ ისე კი, უნდოდა, როგორმე დაეყოლიებინა.
ყმაწვილმა კაცმა საფულე ამოიღო და ათლირიანი მისცა. პედუცი ადგილობრივი და უცხოური ღვინის სავაჭროს კიბეს შეჰყვა. დაკეტილი დახვდა.
- ორამდე დაკეტილია, - ზიზღით ჩაილაპარაკა ვიღაც გამვლელმა. პედუცი უკანვე გამობრუნდა, საფეხურებს დაუყვა. გულდაწყვეტილი ჩანდა. არა უშავს, თქვა მან, „კონკორდიაში“ ვიშოვით.
ერთ მწკრივად გაემართნენ სამივენი „კონკორდიასკენ“. „კონკორდიას“ პარმაღზე, საცა დაჟანგული მარხილები ეყარა, ყმაწვილმა კაცმა ჰკითხა: „Was wollen sie“. პედუციმ ათასნაირად დაკეცილი ათლირიანი მიაწოდა.
- არაფერი, - მიუგო მან, - რაც იქნება... - დაიბნა. - მარსალა, ან რამე. რა ვიცი. მარსალა?..
- ყმაწვილი კაცი და მისი ცოლი შევიდნენ და კარი მიიხურეს.
- სამი მარსალა, - მიმართა ყმაწვილმა დახლში მდგარ გოგოს.
- სამი თუ ორი? - ჰკითხა გოგომ.
- სამი, სამი, - გაუმეორა კაცმა, - ერთი vecchio[11]-სთვის.
- აჰ, - თქვა ქალმა - vecchio - და გაიცინა. ბოთლი გადმოიღო და ამღვრეული სითხე სამ ჭიქაში ჩაასხა.
ცოლი მაგიდას მისჯდომოდა იქ, საცა ჯოხებზე დამაგრებული გაზეთები ეკიდა. ქმარმა ჭიქით მარსალა დაუდო წონ.
- დალიე, - უთხრა მან, - გუნებას გამოგიკეთებს.
ქალი იჯდა და ჭიქას შეჰყურებდა. კაცმა გარეთ გაუტანა ჭიქა პედუცის, მაგრამ ბერიკაცი იქ არ დაუხვდა.
- ნეტა სად წავიდა? - უკანვე შემოიტანა ჭიქა.
- მაგას ნახევარი ბოთლიც არ ეყოფა, - მიუგო ცოლმა.
რა ეღირება ნახევარი ბოთლი? - ჰკითხა ყმაწვილმა გოგოს.
- თეთრი? ერთი ლირა.
- არა. მარსალა. ეს ორი ჭიქაც ჩაასხი, - უთხრა ყმაწვილმა კაცმა და ჭიქები გაუწოდა - თავისი და პედუცისა. გოგომ ძაბრით ჩაასხა მაღალ საზომ ჭიქაში.
- ბოთლიც დაგვჭირდება წასაღებად, - უთხრა კაცმა.
გოგო ბოთლის მოსატანად გავიდა. ძალიან გაართო იგი ამ ამბავმა.
- ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გაგიფუჭდა გუნება, ტაინი, - უთხრა კაცმა ცოლს, - ვწუხვარ, რომ ისე გელაპარაკე საუზმეზე. ორივენი ერთ რამეს ვამბობდით, მაგრამ სხვადასხვა კუთხიდან ვუდგებოდით საკითხს.
- სულერთი არ არის?! - მიუგო ქალმა, - ბოლოს და ბოლოს, ხომ სულერთია ყველაფერი.
- შენც გცივა? - ჰკითხა ქმარმა, - ნეტა მეორე სვიტერი ჩაგეცვა.
- სამი სვიტერი მაცვია.
ამასობაში გოგომ წვრილი, ყავისფერი ბოთლი შემოიტანა და შიგ მარსალა ჩაასხა. ყმაწვილმა კაცმა ხუთი ლირა კიდევ გადაუხადა. ქუჩაში გამოვიდნენ. გამყიდველი გოგო ძალიან გაართო ყველაფერმა ამან. პედუცის ხელში ანკესები დაეჭირა, ქარს მოფარებული, აღმა-დაღმა დააბოტებდა ქუჩაში.
- წავიდეთ, - გასძახა მან, - ანკესებს მე წამოვიღებ. კიდეც რომ დაინახონ, რა მოხდება? ვინ რას გვეტყვის. კორტინაში ხელსაც არავინ მახლებს. ყველა მიცნობს მუნიჩიპიოში. ნაჯარისკაცალი ვარ. ყველას ვუყვარვარ ამ ქალაქში. ბაყაყებით ვვაჭრობ. დიდი ამბავი, თევზაობას თუ უშლიან! რა მოხდა მერე?! დიდი რამე! იმოდენა კალმახები დაგაჭერინოთ! ეგ მე მკითხეთ, რამდენიც გინდათ.
გორაკიდან მდინარისაკენ ეშვებოდნენ. ქალაქი უკან მოიტოვეს. მზე ღრუბელს მოეფარა და წამოწვიმა.
ერთ სახლს რომ ჩაუარეს, პედუციმ კარებში მდგარ გოგოსკენ გაიშვირა ხელი.
- ხედავთ? ჩემი ქალიშვილია.
- ვინ არისო? - იკითხა ქალმა.
- ჩემი ქალიშვილიო, - მიუგო ყმაწვილმა ცოლს.
გაიშვირა თუ არა პედუციმ ხელი, გოგო მაშინვე სახლში შევარდა.
როცა ჩაივაკეს, შეუხვიეს და მდინარის ნაპირს გაჰყვნენ. პედუცი ენად გაიკრიფა. ლაპარაკობდა და თან მრავლისმეტყველად აპაჭუნებდა თვალს. გვერდისგვერდ მიდიოდნენ და ქალს უცებ პედუცის ამონასუნთქი ჰაერი მოხვდა. ერთხელ იდაყვიც მოუხვდა პედუცის. ხან ამპეცოურ დიალექტზე ლაპარაკობდა და ხან ტიროლურ-გერმანულზე. ვერაფრით ვერ მიხვდა, უფრო რომელი ენა ეხერხებოდა მის თანამგზავრებს და ამიტომ ორივეზე ლაპარაკობდა. მაგრამ როცა ყმაწვილმა კაცმა „Ia, Ia“[12] უთხრა, გადაწყვიტა, მხოლოდ ტიროლურად ელაპარაკნა. ყმაწვილ კაცსა და მის ცოლს არაფერი ესმოდათ.
- რომ მოვდიოდით, ეს ანკესები ყველამ დაგვინახა ქალაქში. ალბათ, პოლიცია აგვედევნებოდა. ნეტა რას ავიკიდეთ, ეს ოხერი. ბერიკაციც ისე გალეშილია!..
- იმის ვაჟკაცობა, რაღა თქმა უნდა, აღარ გყოფნის, რომ უკანვე დაბრუნდე, უთხრა ცოლმა, - რაკი გამოჰყევი, ბოლომდე უნდა მიჰყვე!
- შენ რატომ არ დაბრუნდები? დაბრუნდი, ტაინი.
- ბარემ მეც გამოგყვები. შენ თუ ჩაგსვამენ ციხეში, მეც შენთან ვიყო.
ერთბაშად შეტრიალდნენ და წყლისკენ ქნეს პირი. ქარი მაზარის კალთას უფრიალებდა პედუცის. იგი შედგა და ხელის ქნევას მოჰყვა, მდინარისკენ ანიშნებდა. წყალი მღვრიე და ტალახიანი იყო. ხელმარჯვნით ნაგვის გროვა ეყარა, ნაპირზე.
- იტალიურად ილაპარაკე, - უთხრა ყმაწვილმა კაცმა.
Yn’mezz’ora. Piu d’un! Mezzora.
- სულ ცოტა, ნახევარი საათის გზა მაინც დაგვრჩაო. დაბრუნდი, ტაინი. ისედაც გაცივდი ამ ქარში. საძაგელი ამინდია, რა სიამოვნება უნდა ნახო.
- კარგი, - მიუგო ცოლმა და ბალახით დაფარულ ნაპირს აღმა შეუყვა.
პედუცი ამ დროს მდინარეს ჩასცქეროდა და მანამ ქალმა აღმართი არ აიარა, არც დაუნახავს.
- ფრაუ! - გასძახა მან, - ფრაუ! ფრეილეინ! რატომ წახვედით?!
ქალი თვალს მიეფარა.
- წავიდა! - ჩაილაპარაკა პედუციმ. გული ჩაწყდა.
დაშლილ ანკესს რეზინის ძაფები შემოხსნა და გამართვას შეუდგა.
- აკი ნახევარი საათის გზა დაგვრჩაო!
- ჰო. იქით უფრო კარგია. აქაც კარგია.
- ნამდვილად?
- აბა რა. აქაც კარგია და იქაც კარგია.
ყმაწვილი კაცი ნაპირზე ჩამოჯდა, მეორე ანკესი გამართა და ძუა დააგრძელა. გუნება გაუფუჭდა, ეშინოდა - უცებ პოლიცია არ წამომადგეს თავზე ან ქალაქელები არ მომესიონო. აქედანაც მოჩანდა სახლები და გორაკის თავზე წამომართული კამპანილა. ტყავის ყუთი გახსნა. პედუცი გადმოიხარა და თავისი დიდი, დაშაშრული ცერი და სალოკი თითი ჩაჰყო, დასველებულ თასმებს ამოურია.
- საძირავი ტყვია არ წამოიღე?
- არა.
- უნდა წამოგეღო, - აღელდა პედუცი, - Piombo არის საჭირო, piombo. ცოტაოდენი piombo აგერ აქ უნდა დაამაგრო, ანკესის ბოლოში, თორემ საქნიერა ტივტივს დაიწყებს. პატარა ნატეხი მაინც.
- არც შენ წამოგიღია?
- არა, - გულდაწყვეტილმა ჯიბეები მოიქექა. მაზარის ჯიბეების ჭუჭყიან სარჩულში დაუწყო ძებნა. - არა მაქვს. Piombo თუ არ გვექნა, ვერაფერს გავხდებით.
- მაშ, ვერ გვითევზავია, - თქვა ყმაწვილმა კაცმა და კვლავ დაშალა ანკესი, ისევ დაახვია ძუა, - ვიშოვოთ piombo და ხვალ წამოვიდეთ.
- უსათუოდ, caro, უსათუოდ უნდა იშოვო უმაგისოდ საქნიერა წყალზე ამოტივტივდება, - მთელი იმედები თვალსა და ხელს შუა გაუფრინდა პედუცის, - პიომბო უნდა იშოვო, პატარა ნატეხიც კმარა. ანკესები ახალთახალი გქონია, მაგრამ უტყვიოდ არაფრის მაქნისია. მე თვითონ წამოვიღებდი, მაგრამ ყველაფერი მომაქვსო, შენ მითხარი.
- რა გაეწყობა, - თქვა მან, - Piambo ვიშოვოთ და ხვალ ვითევზაოთ.
- რომელ საათზე? ბარემ ახლავე მითხარი.
- შვიდზე.
მზემ გამოაჭყიტა. დათბა. ყმაწვილ კაცს გულზე მოეშვა. კანონს აღარ დაარღვევს. ფეხზე არც კი წამომდგარა, ისე ამოიღო ჯიბიდან მარსალას ბოთლი და პედუცის გადასცა. პედუციმ უკანვე დაუბრუნა. ყმაწვილმა კაცმა მოსვა და ისევ პედუცის გადასცა. პედუციმ კვლავ დაუბრუნა.
- დალიე, - უთხრა ყმაწვილმა, - დალიე, შენი წილია.
ცოტა კიდევ მოსვა თვითონ და ისევ გადასცა. პედუცი ჯერ კარგად დააშტერდა ბოთლს, მერე ხელიდან გამოგლიჯა და პირზე მოიყუდა. კისრის ნაოჭებში ჩამჯდარი ჭაღარა თმა უცახცახებდა სმის დროს, თვალები წაწვრილებული ყავისფერი ბოთლისთვის ჰქონდა მიშტერებული. სულ გამოსცალა. მანამ სვამდა, ცაზე მზე ანათებდა. დიდებული რამე იყო. იღბლიანი დღე შეხვდა. დიდებული დღე.
- Senta, caro. ხვალ დილის შვიდზე, - რამდენჯერმე მიმართა ამ ყმაწვილს „Caro” და არაფერიც არ მომხდარა. კარგი მარსალა გამოდგა. თვალები უციმციმებდა. ამისთანა დღეს კიდევ ბევრს მოესწრება. პირველი ხვალვე გაუთენდება, დილის შვიდზე.
წამოდგნენ და აღმართს შეუდგნენ, ქალაქისკენ ქნეს პირი. წინ ყმაწვილი კაცი მიდიოდა. თითქმის აივაკა კიდეც, როცა პედუციმ გასძახა: - მოიხედე, caro, ხუთ ლირას ვერ მომცემ?
- დღეის ქირას? - ჰკითხა ყმაწვილმა კაცმა და კოპები შეკრა.
- არა, დღეისა არა. სახვალიოდ მომეცი. ყველაფერს მოვიმარაგებ. Pane, salami, formaggio. არ გვაწყენს კარგი საუზმე არც შენ, არც მე და არც სინიორას. საქნიერასაც ვიყიდი, ციმორებს მოვიმარაგებ, ჭიაყელები რას კმარა. ცოტა მარსალასაც წამოვიღებ. ხუთი ლირა. სულ ხუთი ლირა.
ყმაწვილმა კაცმა საფულე მოჩხრიკა, ერთი ორლირიანი ამოიღო და ორიც თითო ლირიანი.
- მადლობელი ვარ, caro. მადლობა, - ისეთი ტონით უთხრა პედუციმ, „კარლტონ კლუბში“ რომ იტყვიან ხოლმე მადლობას, როცა „მორნინგ პოსტს“ გამოართმევენ მეზობელს. ასე უნდა ცხოვრება! მობეზრდა სასტუმროს ბაღების ბარვა და ფიწლით გაყინული ნაკელის ჩიჩქნა. მასაც გაუღიმა ბედმა.
- მაშ, ხვალ შვიდ საათამდე, caro - უთხრა მან და მხარზე ხელი დაჰკრა ყმაწვილ კაცს, - სრულ შვიდზე.
- მე, ალბათ, ვერ წამოვალ, - უთხრა ყმაწვილმა კაცმა და საფულე ისევ ჯიბეში ჩაიდო.
- რაო! - შესძახა პედუციმ, - ციმორებს წამოვიღებ, სენიორ. Salami და ყველაფერს. თქვენ, მე და სინიორა. სამნი ვიქნებით.
- მე ალბათ ვერ წამოვალ, - გაიმეორა ყმაწვილმა კაცმა, - ეტყობა, ვერ წამოვალ. Pardone-ს დავუბარებ სასტუმროში.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•