ედგარ ალან პო - ნაპარავი წერილი

       ერთხელ პარიზს, 18... წლის შემოდგომის მრუმე, ქარბუქიანი მწუხრის ჟამს, ფიქრებში გართული ჩიბუხს ვეწეოდი ჩემს მეგობარ შ. ოგიუსტ დიუპენთან ერთად მის პატარა ბიბლიოთეკასა თუ, უფრო სწორად, წიგნსაცავში, სენ-ჟერმანის გარეუბანში. თითქმის ერთი საათი სრული სიჩუმე სუფევდა და ვინმე შემთხვევით შემოსწრებული იფიქრებდა, მთელი გულისყური ამათ თამბაქოს კვამლის ბოლქვებისთვის მიუპყრიათო. პირადად მე საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი – მორგის ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და მარი როჟეს საიდუმლოებით მოცულ მკვლელობაზე ვსაუბრობდით იმ საღამოს. ამიტომაც შევკრთი, როცა კარი გაიღო და შემოვიდა ჩვენი ძველი ნაცნობი, პარიზის პოლიციის პრეფექტი მესიე გ.
მართალია, ხალხი ცუდად იხსენიებდა მას, სამაგიეროდ შესაქცევარი ხასიათის კაცი გახლდათ და თავს არ მოგაბეზრებდათ. ამასთან რამდენიმე წელი არ გვენახა და გულითადად შევხვდით. ბინდი შემოდიოდა გარედან და დიუპენი ლამპის ასანთებად წამოდგა, მაგრამ ისევ დაჯდა, რადგან სტუმარმა უთხრა, ერთი ფრიად უსიამოვნო ამბავი გადამხდა და იქნებ მირჩიოთ, თქვენი აზრი მინდა გავიგოო.
– თუ ამ საქმეს ფიქრი სჭირდება, – დიუპენმა ლამპა აღარ აანთო, – ფიქრი ბნელში სჯობს.
– უცნაური ლაპარაკი იცით, – თქვა პრეფექტმა.
ეს კაცი „უცნაურს“ ეძახდა ყოველივეს, რაზეც ჭკუა ვერ მიუწვდებოდა და ამიტომაც სულ მუდამ „უცნაურობებით“ იყო სავსე მისი ცხოვრება.
– მართალი ბრძანდებით, – მიუგო დიუპენმა, სტუმარს ჩიბუხი შესთავაზა და სავარძელი მიუჩოჩა.
– მაინც რა მოხდა, – შევეკითხე ამ კაცს, – ვინმე ხომ არ მოუკლავთ?
– ო, არა, მაგდაგვარი არაფერი მომხდარა. ნამდვილად სულ უბრალო საქმეა და, რაღა თქმა უნდა, თავადაც კარგად მოვუვლით, მაგრამ დიუპენს მინდა ზოგი რამ მაინც ვკითხო, იქნებ დაინტერესდეს. მეტისმეტად უცნაური საქმე კია.
– უბრალო და უცნაური? – გაიმეორა დიუპენმა.
– დიახ... უფრო სწორად, არა. მართალი თუ გინდათ, ყველა გაოგნებული ვართ, ასეთი მარტივი საქმეა და თავგზა კი აგვიბნია.
– იქნებ, სწორედ სიმარტივემ დაგაბნიათ, – უთხრა ჩემმა მეგობარმა.
– აბა, რას ამბობთ! – გულიანად გაეცინა პრეფექტს.
– იქნებ, სულ ადვილი ამოსახსნელია ეს საიდუმლო, – თქვა დიუპენმა.
– ღმერთო ჩემო, რასა ბრძანებთ?
– იქნებ, მეტისმეტად ადვილია-მეთქი.
– ხა! ხა! ხა! ხო! ხო! ხო! – ხარხარებდა ჩვენი ფრიად გამხიარულებული სტუმარი, – ჰოი, დიუპენ, ერთხელაც იქნება, სიცილით მომკლავთ!
– მაინც რა მოხდა ასეთი? – ახლა მე შევეკითხე.
– კი, ბატონო, გიამბობთ, – თქვა პრეფექტმა, კარგა ღრმა ნაფაზი დაარტყა და სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა, – გიამბობთ ორიოდე სიტყვით, მაგრამ იცოდეთ, გაიგებს ვინმე თქვენ გარდა და უსათუოდ დამატოვებინებენ სამსახურს.
– განაგრძეთ, – ვუთხარი პრეფექტს.
– და თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ, – თქვა დიუპენმა.
– დიახ, ფრიად მაღალი წრეებიდან მაცნობეს, რომ სამეფო პალატში დაიკარგა უდიდესი მნიშვნელობის საბუთი. ქურდი ცნობილია – ხელმრუდობის დროს დაუნახავთ, ისიც ცნობილია, რომ საბუთი კვლავ მის ხელთაა.
– საიდან იცით? – ჰკითხა დიუპენმა.
– ეს საბუთი განსაკუთრებული შინაარსისაა, – მიუგო პრეფექტმა, – ქურდობას ჯერჯერობით ცუდი შედეგი არ მოჰყოლია და არც არაფერი იქნება მანამ, ვიდრე ქურდი ნაპარავისგან ხელს არ დაიცლის ან, უფრო სწორად, დასახული მიზნისთვის არ გამოიყენებს. საუბედუროდ, ამ შედეგს სულ მალე ვიხილავთ.
– ცოტა უფრო ნათლად გვიამბეთ, – ვთხოვე პრეფექტს.
– პირდაპირ გეტყვით: ეს საბუთი მის მფლობელს გარკვეულ ძალას ანიჭებს გარკვეულ საქმეში, სადაც ამ ძალის მნიშვნელობა დიდია, – დიპლომატიური გამოთქმები უყვარდა პრეფექტს.
– და მაინც არაფერი მესმის, – თქვა დიუპენმა.
– არა? ჰმ... თუ ამ საბუთს გადასცემენ მესამე პირს, ვისი სახელიც, გთხოვთ, არ მკითხოთ, მაშინ მეტად წარჩინებული პიროვნების ღირსება შეილახება. საბუთი გარკვეულ ძალას ანიჭებს მის მფლობელს და მის ხელთაა ამ წარჩინებული პიროვნების სიმშვიდე და პატიოსნება.
– მაგრამ ეს ძალა – ჩავერიე საუბარში, – იმაზეა დამოკიდებული, იცის თუ არა დაზარალებულმა ქურდის ვინაობა. ვინ გაბედავს...
– ქურდი მინისტრი დ.-ა, – თქვა გ.-მ, – ეს კაცი კი რას არ გაბედავს და რას არ იკადრებს. მარჯვედ და აშკარად მოიპარა საბუთი. ეს საბუთი, უფრო სწორად, წერილი, მიიღო ქალმა, რომელიც ამ დროს მარტო გახლდათ სამეფო ბუდუარში. კითხვისას შემოუსწრო მეორე წარჩინებულმა პიროვნებამ, სწორედ იმან, ვისაც არ უნდა ენახა ნაწერი. ქალმა სცადა ბარათი უჯრაში ჩაეგდო, მაგრამ ვერ მოასწრო. წერილი მაგიდაზე დარჩა. რაკი მისამართი ზემოდან თვალსაჩინოდ ეწერა, თავად წერილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ამ დროს შემოვიდა დ., რომლის მახვილმა თვალმა იმწუთასვე შეამჩნია წერილი, იცნო მისამართის დამწერის ხელიც, არ გამოეპარა ქალის შეცბუნებაც და ყველაფერს მიხვდა. ხანმოკლე საქმიანი საუბრის მერე მინისტრმა ამოიღო თითქმის ისეთივე წერილი, გაშალა ვითომც წასაკითხად და ცოტა ხნის შემდეგ იმ პირველს დაუდო გვერდით. თხუთმეტიოდე წუთი კვლავ ისაუბრეს სახელმწიფო საქმეებზე. მერე დ. წავიდა და თან წაიღო სხვისი წერილი, რომლის კანონიერმა მფლობელმა ქალმა ყველაფერი დაინახა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, იმ მესამე პირთან სიტყვაც ვერ დაძრა. მაგიდაზე კი დარჩა მინისტრის საკუთრება, უმნიშვნელო შინაარსის ბარათი.
– აი, ის პირობაც, რაც სრულ ძალაუფლებას ანიჭებს წერილის მფლობელს, როგორც თქვენა თქვით, – მითხრა დიუპენმა, – ქურდმა იცის, რომ დაზარალებულმაც იცის, ვინ არის ქურდი.
– დიახ, დაეთანხმა პრეფექტი, – უკვე რამდენიმე თვეა ქურდი ბოროტად იყენებს ამ ძალაუფლებას ფრიად საშიში პოლიტიკური მიზნებისთვის. დაზარალებული ქალი დღითი დღე რწმუნდება, რომ წერილი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ამ ამბავს, ცხადია, სააშკარაოზე ვერ გამოიტანს. დაბოლოს, სასოწარკვეთილმა მე მიმიხმო.
– მართლაც, – თქვა თამბაქოს ბოლში გახვეულმა დიუპენმა, – უფრო მარჯვესა და გონიერს ვერც ვერავის ნახავდა.
– ქათინაურს მეუბნებით, – მიუგო პრეფექტმა, – თუმცა ზოგი კი მართლა გახლავთ მაგ აზრის.
– როგორც თქვენ ბრძანეთ, – ვუთხარი პრეფექტს, – წერილი, რა თქმა უნდა, ისევ მინისტრთანაა და ამაშია მისი ძალა. წერილის გამოყენების შემდეგ ეს ძალაც მოისპობა.
– მეც აგრე ვფიქრობ, – კვერი დამიკრა გ.-მ, – იმთავითვე კარგად მოვჩხრიკე მინისტრის ბინა. ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, ჩხრეკის თაობაზე არაფერი გაეგო. სხვა რომ არა, გამაფრთხილეს კიდეც, ეჭვი რომ აიღოს, უარესი იქნებაო.
– მაგრამ თქვენ ხომ ამგვარ ძიებაში მეტად გამოცდილი ბრძანდებით. პარიზის პოლიციას ჩხრეკის მეტი რა გაუკეთებია, – ვუთხარი მე.
– დიახ, და სწორედ ამიტომ არ გამტეხია გული. თავად მინისტრიც მშველოდა. ხშირად მთელი ღამეები შინ არაა. მსახურიც არა ჰყავს ბევრი. საძინებელი ოთახები მათთვის პატრონის დარბაზებისგან კარგა მოშორებით მიუჩენიათ. მოგეხსენებათ, ნეაპოლელები ღვინის მოყვარული ხალხია. თქვენ იცით, გასაღების მთელი დასტა მაქვს და პარიზში ყველა ოთახის თუ კარადის გაღება შემიძლია. სამი თვე თითქმის ყოველღამე ვჩხრეკდი დ.-ს სახლს. ჩემი ღირსება აქ სასწორზეა შეგდებული. სრულიად საიდუმლოდ უნდა გამცნოთ – გასამრჯელოც დიდია. ასე რომ, იქამდე არ შემიწყვეტია ძიება, სანამ იმედი არ გადამეწურა, ქურდმა მაჯობა-მეთქი. მისი სახლის კუთხე და კუნჭული არ დამიტოვებია მოუჩხრეკავი. ყველგან ვნახე, სადაც კი შეიძლებოდა წერილის დამალვა.
– იქნებ, წერილი სხვაგან შეინახა მინისტრმა? – შევეკითხე მე.
– არა მგონია, – ჩაილაპარაკა დიუპენმა, – სამეფო კარზე ახლა ისეთი მდგომარეობაა, თანაც დ., თქვენც იცით, ისეთ ხრიკებშია ჩათრეული, რომ წერილი სადმე ახლოს უნდა დაემალა, რათა ყოველ წუთს შეეძლოს მისი წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს გახდება.
– როგორ თქვით, ყოველ წუთს შეეძლოს წარდგენაო? – ჩავეკითხე დიუპენს.
– მოსპობაო, ასეც შეიძლება ითქვას, – მითხრა დიუპენმა.
– დიახ, – მივუგე, – მაშინ სწორედ შინა აქვს წერილი. ცხადია, მინისტრს თან არ დააქვს.
– ცამდე მართალი ბრძანდებით, – თქვა პრეფექტმა, – ვითომ გაძარცვის მიზნით ორჯერ ჩავუსაფრე ხალხი, თავით ფეხამდე გაჩხრიკეს ჩემი მეთვალყურეობით.
– ტყუილად გარჯილხართ, – მოუჭრა დიუპენმა, – დ. არც ისეთი უჭკუოა და კარგადაც იცოდა, თავს დამესხმებიანო.
– არც ისეთი უჭკუოო, – გაიმეორა გ.-მ, – ის ხომ პოეტია, უჭკუობამდე რაღა აკლია.
დიუპენი ფიქრებს მიეცა, მერე ჩიბუხი მოქაჩა და ჩაილაპარაკა: – მართალია, თუმცაღა, სულო ცოდვილო, ერთ დროს მეც ვწერდი ლექსებს.
– წვრილად გვიამბეთ, – ვთხოვე პრეფექტს, – თქვენი ჩხრეკის ამბავი.
– კაცმა რომ თქვას, არ ავჩქარებულვართ. მოვჩხრიკეთ ყველა კუნჭული. ამგვარ საქმეებში დიდად გამოცდილი ვარ.
ერთი ოთახიც არ დაგვიტოვებია უნახავი; მთელი კვირა ღამღამობით ვეძებდით. ჯერ ავეჯი მოვჩხრიკეთ, მერე ყველა უჯრა. თქვენც იცით, გამოწვრთნილი პოლიციელისთვის საიდუმლო უჯრა არ არსებობს. ასეთი ძებნის დროს „საიდუმლო“ უჯრა ბოთეს თუ გამორჩება. ამას რა ლარი და ხაზი უნდა – ყოველ კარადას გარკვეული მოცულობა და ფართობი აქვს, ასე რომ, არაფერი დაგვრჩებოდა შეუმჩნეველი. კარადების მერე სავარძლებს მივადექით, მოგრძო ნემსებით დავჩხვლიტეთ, როგორ ხდება ეს, თქვენც კარგად იცით. მაგიდებს ზედა ფიცარი მოვაცილეთ.
– ეგ რაღა საჭირო იყო?!
– ხანდახან მაგიდის თუ სხვა ავეჯის ფიცარს ააცლიან ან ფეხს მოაძრობენ და შიგ ჩამალავენ რაიმეს, მერე კი ისევ თავის ადგილას მოარგებენ. საწოლშიც შეიძლება ასევე დამალონ.
– განა მიკაკუნებით ვერ მიხვდებით, სად არის სიცარიელე? – შევეკითხე მე.
– ვერამც და ვერამც. საკმარისია ის ღრმული ბამბით გაჭედონ და ვეღარაფერს გახდებით. თანაც, ყველაფერი უხმაუროდ უნდა გაგვეკეთებინა.
– მთელ ავეჯს ხომ ვერ დაშლიდით იმ სამალავის მოსაძებნად. ხომ შეიძლება საქსოვი ჩხირივით წვრილად დაეხვიათ წერილი და ასე დაემალათ, ვთქვათ, სავარძლის ფეხში. ყველა სავარძელი ხომ არ დაგიშლიათ?
– რა თქმა უნდა, არ დაგვიშლია, მაგრამ მთელი ავეჯი გამადიდებელი შუშით მოვჩხრიკეთ. სულ მცირეოდენ ნაკვალევსაც იმწუთას შევამჩნევდით. პატარა ნაკაწრიც კი მომსხო ჯოხის ოდენად გამოჩნდებოდა. ხელის თითების პატარა ანაბეჭდიც კი ვერსად შევნიშნეთ.
– სარკეებიც ხომ ნახეთ – ჩარჩოსა და მინის შუა კარგი სამალავი ალაგია; ქვეშაგებს, თეთრეულს, ნოხებსა და ფარდაგებს მოჩხრეკდით, არა?
– დიახ, ყველაფერი მოვჩხრიკეთ. შემდეგ მთელი სახლის ფართობი კვადრატებად დავყავით და დავნომრეთ, რომ აღარაფერი აგვრეოდა; მერე მივყევით და ყოველი დანაყოფი მოვათვალიერეთ. ასევე ორ მეზობელ სახლშიც კუნჭული არ დაგვიტოვებია, სულ ლუპით დავათვალიერეთ.
– კიდევ ორი სახლი? – შევძახე გ.-ს – ათასად გაჭრილხართ და ეგაა!
– დიახ, მაგრამ გასამრჯელოსაც ზღაპრულს გვპირდებიან.
– ეზოებში თუ დაძებნეთ?
– იქაურობა სულ აგურითაა მოკირწყლული და ასე აღარ გავრჯილვართ. აგურებს შორის ამოსული ბალახი ხელუხლებელი იყო.
– რაღა თქმა უნდა, ქაღალდებიც მოიძიეთ, ბიბლიოთეკაშიც შეიხედავდით?..
– დიახ, ყველა საქაღალდე გავხსენით, წიგნები ზერელედ კი არა, ფურცელ-ფურცელ ვნახეთ. ასევე შევამოწმეთ ყოველი წიგნის გარეკანის სისქე და მერე ლუპით გავსინჯეთ. საეჭვო რამეს უთუოდ შევამჩნევდით. საამკინძაოდან ახლახან მოტანილი ხუთი თუ ექვსი წიგნიც გრძელი ნემსებით ასევე გულდაგულ მოვჩხრიკეთ.
– იატაკი თუ ნახეთ ნოხებქვეშ?
– რაღა თქმა უნდა, ნოხები ავიღეთ და ფიცრები ლუპით მოვათვალიერეთ.
– შპალერი?
– ისიც.
– სარდაფებში თუ ეძებთ?
– რა თქმა უნდა.
– ჰოდა, – ვთქვი მე, – შემცდარხართ და ეგაა, მაშასადამე, ის წერილი შინ არ ჰქონია!
– მართალს უნდა ბრძანებდეთ, – თქვა გ-მ, – თქვენ რას მირჩევდით, დიუპენ?
– ხელახლა უნდა გაჩხრიკოთ.
– რაღა აზრი აქვს, – უპასუხა გ.-მ, – ცხადზე ცხადია, წერილი შინ არ ჰქონია.
– აბა, მეტს ვერაფერს გირჩევთ, – თქვა დიუპენმა, – ცხადია, წერილის ზუსტი აღწერილობა გექნებათ.
– დიახ, – პრეფექტმა უბის წიგნაკი ამოიღო და ხმამაღლა წაგვიკითხა იმ წერილის შინაარსი, მერმე გამოწვლილვით აგვიწერა მისი გარეგნული სახე. დაბოლოს ისე დაღრეჯილი დაგვემშვიდობა, როგორც არასოდეს გვენახა ეს ჩვენი კარგი ნაცნობი.
ერთი თვის მერე კვლავ გვეწვია. ძველებურად დავხვდით. მანაც აიღო ჩიბუხი, სავარძელში მოკალათდა და საუბარი გაგვიბა, ხან ცისა თქვა, ხან ბარისა. ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: – იმ დაკარგულ წერილზე ახალს რას იტყვით? იმედი ხომ არ გადაგიწურავთ, მინისტრს ვეღარ ვაჯობებთო?
– ღმერთმა დასწყევლოს მაგისი თავი. მე მაინც დიუპენის რჩევისამებრ კვლავ გავჩხრიკე სახლი: ამაოდ გავისარჯე, თუმცა ვიცოდი, ასეც იქნებოდა: – როგორა ბრძანეთ, გასამრჯელო რამდენიაო? – ჰკითხა დიუპენმა.
– ძალიან დიდი, მეტისმეტად დიდიც, ხოლო რამდენი – ვერ გეტყვით. ვინც წერილს მაპოვნინებს, იმას, ჩემდათავად, ორმოცდაათ ათას ფრანკს მივცემ. საქმე ისაა, რომ ეს წერილი დღითი დღე მნიშვნელოვანი ხდება. ჯილდოც ამ ცოტა ხნის უკან გაორკეცდა. თუგინდ გაასამკეცონ, მე მეტი არ შემიძლია.
– ჩემი აზრით, – ჩაურთო დიუპენმა და ნაფაზი ნაფაზზე დაარტყა, – თქვენ ყველა ღონე არ გიხმარიათ ამ საქმეში. ცოტა კიდევ შეიძლებოდა გარჯა, არა?
– კი, მაგრამ როგორ? რაღა უნდა მექნა?
– ასე... ჰუუ, ჰუუ... შეიძლებოდა... ჰუუ... ჰუუ... რჩევა გეკითხათ ვინმესთვის, არა?... ჰუუ... ჰუუ... აბერნეთის ამბავი თუ გახსოვთ?
– არა, ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია!
– კი, ბატონო, აგრე იყოს. ოღონდაც ერთმა ფულიანმა კრიჟანგმა ერთხელ გაიფიქრა, მოდი და რჩევას დავტყუებო აბერნეთის. სახელოვანი ექიმის სიტყვა რაც ღირს, კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, მეგობრული საუბრის დროს მოუყვა ვითომ ვიღაც შეჭირვებულის ამბავი, სინამდვილეში კი თავისი ავადობის სურათი აღუწერა. რას იტყოდით, ჰკითხა ქვაწვიამ, ექიმო, თქვენ რას ურჩევდითო ასეთ ავადმყოფს? რასა და ექიმს მიმართეთ-მეთქი, ამას ვურჩევდიო, მიუგო აბერნეთიმ.
– კი მაგრამ, – ოდნავ შეცბა პრეფექტი, – მე ხომ უარზე არა ვარ, ჩემს მრჩეველსა და დამხმარეს მართლაც მივცემ ორმოცდაათი ათას ფრანკს!
– რახან ასეა, – თქვა დიუპენმა, უჯრა გამოაღო და თავისი ჩეკის წიგნაკი ამოიღო, – შეავსეთ მაგ თანხაზე ჩეკი, ხელი მოაწერეთ და თქვენი იყოს ის წერილი. გავხევდი. მეხნაკრავივით იჯდა პრეფექტიც. გაქვავებულს სიტყვა ვეღარ ეთქვა, პირდაღებული უნდოდ შეჰყურებდა ჩემს მეგობარს. ცოტაც და თვალები ბუდიდან წამოუცვივდება-მეთქი, ვიფიქრე. მერე გონს მოვიდა, კალამს ეცა, როგორც იყო, ორმოცდაათი ათას ფრანკზე შეავსო ჩეკი და ხელიც მოაწერა, თუმცა რამდენიმეჯერ კი შეჩერდა გაშტერებული. დაბოლოს, დიუპენს წიგნაკი გადააწოდა. ჩვენმა მასპინძელმა გააღო მაგიდის საწერი მოწყობილობის ყუთი, წერილი ამოიღო და პრეფექტს უჩვენა. სიხარულით აღფრთოვანებულმა გ.-მ გამოსტაცა წერილი, ხელის კანკალით გახსნა ნაჩქარევად გადაათვალიერა, წამოდგა, კარისკენ გავარდა, იქ წამით შედგა, მაგრამ სიტყვა აღარ უთქვამს, ხმაგაუღებლივ გავიდა ოთახიდან.
პრეფექტის წასვლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა ყველაფერი ამიხსნა.
– პარიზის პოლიციას, – ასე ვთქვათ, – თავის მხრივ ტოლი არ ჰყავს. მტკიცე, მარჯვე, მრავალნაცადი ხალხია, კარგათაც იციან თავიანთი ხელობა, სახლის გაჩხრეკის წესი წვრილად რომ მიამბო გ.-მ, მივხვდი, წერილის მისაკვლევად ამ კაცს რაც შეეძლო ყველაფერი გაუკეთებია-მეთქი.
– რაც შეეძლოო? – გამიკვირდა მისი ნათქვამი.
– დიახ, – თქვა დიუპენმა, – ჩხრეკის საუკეთესო ხერხი შეურჩევია და მშვენივრადაც გამოუყენებია, მაგრამ წერილი ხომ ისე არ იყო დამალული, როგორც ეგენი ეძებდნენ!
გამეცინა, თუმცა დიუპენი, როგორც ჩანს, არ ხუმრობდა.
– მართალია, – განაგრძო მან, – თავისთავად ეს ხერხი კარგი იყო და კარგადაც მომარჯვებული, მაგრამ ყოველთვის ხომ არ გაჭრის, ამ ჩვენს პრეფექტს პროკრუსტეს საწოლად გადაქცევია რამდენიმე მეტად ეშმაკური ხერხი და სწორედ ამ ხერხებით ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ ის, ვინც საქმეს ხან ძნელად, ხანაც მარტივად უყურებს, წამდაუწუმ ცდება და სკოლის მოწაფე მეტ საზრიანობას გამოიჩენდა ნამდვილად. ერთ რვა წლის ბიჭს ვიცნობდი, „ლუწ-და-კენტის“ თამაშში ტოლი არ ჰყავდა. თამაში სულ უბრალოა, ერთი მუჭში დამალავს კენჭებს, მეორემ კი უნდა გამოიცნოს, ლუწია თუ კენტი მათი რიცხვი. თუ გამოიცნო – გამარჯვებულია. სკოლაში მთელი კენჭები ამ ბიჭს რჩებოდა, რაკიღა ერთი გარკვეული წესი მოემარჯვებინა – დაკვირვებოდა და გამოეცნო, რამდენად მოსაზრებული იყო მისი მეტოქე. მაგალითად, როცა კენჭების დამმალავი ვინმე არიფი შეეკითხებოდა, ლუწია თუ კენტიო, ეს ბიჭი ეტყოდა, კენტიო და წააგებდა. მეორე ხელზე კი იგებდა ასეთი მსჯელობის შედეგად: „ამ ბრიყვს პირველად კენტი ვუთხარი, ლუწი კი ჰქონია, ახლა ეგ ერთ კენჭს ან მოიკლებს, ან დაუმატებს, ამიტომ ამჯერადაც ვეტყვი, კენტია-მეთქი“. ჰოდა, ასე გაიმარჯვებდა კიდეც. ხოლო პირველზე ცოტა უფრო ჭკვიან არიფთან კი სულ სხვანაირად მსჯელობდა: „რაკიღა ჯერ კენტი ვთქვი, მეორე ჯერზეც ეს ბიჭი უცებ იმ არიფივით იფიქრებს, დავიმატებ ან დავიკლებ ერთ კენჭსო, მაგრამ მერე გადაწყვეტს, ამის მიხვედრას რა უნდაო და ბოლოს ხელში კენჭების ისევ ლუწ რაოდენობას დაიტოვებს, ამიტომ ახლა ვეტყვი, ლუწია-მეთქი“. ხშირადაც იგებდა ხოლმე ასეთი მსჯელობის შედეგად. მეგობრები ამ ბიჭს „იღბლიანს“ ეძახდნენ, მაგრამ ასეთი მსჯელობა, რას მოწმობს?
– იმას, რომ ამ ბიჭს სწორად შეეძლო თავისი მეტოქის უნარის შეფასება.
– დიახ, – მითხრა დიუპენმა, – როცა იმ ბიჭს ვკითხე, შენი მეტოქის აზრის გამოცნობას და სულ მუდამ მოგებას როგორ ახერხებ-მეთქი, ბიჭმა მიპასუხა: „თუ მინდა გავიგო, რა ჭკუის პატრონია ან რამდენად კეთილია თუ ავი, ან ამწუთას რას ფიქრობს ჩემი მეტოქე, ვცდილობ, მისეული გამომეტყველება მივიღო და მერე ვიცდი, აბა, რას გავიფიქრებ და რა გუნებაზე დავდგები. ასე ვრჩები ყოველთვის „მოგებული“. ამ ჩემი მოწაფის შეხედულება საფუძვლად უდევს ამ ვითომ სიბრძნეს, რასაც მიაწერენ ლაროშფუკოს, ლაბრიუერს, მაკიაველსა და კამპანელას.
– ხოლო მეტოქის უნარის შეფასება, – ვთქვი მე, – თუკი სწორად მესმის, მისი ინტელექტის გამოცნობაზეა დამოკიდებული.
– დიახ, მართალია, – მიპასუხა დიუპენმა, – პრეფექტი და მისი კოჰორტა ცდებიან, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არ ცდილობენ შეაფასონ მეტოქის უნარი და, მეორეც, მცდარად წარმოუდგენიათ ან, უფრო სწორად, სულაც არ იციან მისი ინტელექტი. საკუთარი გამჭრიახობით დაიმედებულნი ეძებენ იმის მიხედვით, თუ როგორ გადამალავდნენ თავად.

       ხშირად გამართლებიათ, როცა მათი საზრიანობა ხალხის საზრიანობას დამთხვევია; მაგრამ თუ დამნაშავე ჭკუით სჯობნის მათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, დამარცხება არ ასცდებათ. სულ ასეა ხოლმე, როცა ბოროტმოქმედი პოლიციელზე უფრო ჭკვიანია ან უფრო სულელი. ეგენი თავიანთ ხერხს არასოდეს ცვლიან და ნიადაგ თავიანთ ერთფეროვან ძიებათა ლაბირინთებში არიან გაბმულნი. თუ, ვთქვათ, დიდი გასამრჯელო მოელით – თავიანთ სამოქმედო წესს ძირისძირის შეუცვლელად განავითარებენ ან უკიდურესობამდე მიიყვანენ ამ წესს. ასე მოუვიდა გ-საც, რაკიღა ისევ თავისი პირვანდელი წესის შესაბამისად მოქმედებდა, ეს ყველაფერი – ბურღვა, ხვრეტა, კაკუნი, ლუპით გასინჯვა, მთელი შენობის კვადრატებად დაყოფა და დანომვრა – ყველაფერი ეს უკიდურესობამდე დაყვანილი ერთი სამოქმედო წესია, რაც იმ შეხედულებაზეა დამყარებული, პრეფექტს რომ ჩამოუყალიბდა მრავალი წლის სამსახურის დროს. თქვენ დაინახეთ, ამ კაცს ეჭვი არ ეპარებოდა, ყველა ისე მოძებნის, როგორც მე ვეძებო – შეიძლება წერილი მაინცდამაინც სავარძლის ფეხში არ იყოს, მაგრამ უსათუოდ სადღაც გადაკარგულ კუთხესა თუ კუნჭულში იქნება ჩამალული. და მისი ეს აზრი ნაკარნახევია იმავე ფიქრით, რაც კაცს სავარძლის ფეხში დაამალვინებს საგანს. თქვენთვისაც ცხადია ახლა, რომ ამგვარი საგანგებო სამალავის არსებობა მხოლოდ ჩვეულებრივ შემთხვევაშია საგულვებელი – მხოლოდ მარტივი ინტელექტის კაცი მოიფიქრებს, ამგვარად გადამალოს რაიმე და მოძებნა თუ დასჭირდება, პირველ ყოვლისა, ეს საგანგებო ხერხი მოაგონდება. ამ დროს საგნის პოვნა მძებნელის გამჭრიახობაზე კი არაა დამოკიდებული, უფრო მეტად მის მოთმინებას, გულისყურსა და სიმტკიცეს მოითხოვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე მნიშვნელოვანია და გასამრჯელოც დიდია, მაშინ ხსენებული თვისებების მქონე პიროვნებას არასოდეს მოეცარება ხელი. ახლა ხომ მიხვდით, რას ვგულისხმობდი წეღან, როცა გითხარით, პრეფექტის ძიების წესისამებრ რომ დაემალათ ნაპარავი წერილი, ანუ დამალვის ხერხი რომ თანხვდომოდა პრეფექტის მიერ მომარჯვებულ მისაკვლევ ხერხს, წერილს უსათუოდ იპოვიდნენ-მეთქი. მაგრამ ბოლოს მოტყუებული დარჩა პრეფექტი და ამ დამარცხების თავიდათავი მიზეზი ის არის, რომ მისი შეხედულებით მინისტრი ჭკუანაღრძობია, რაკი ამ კაცს პოეტის სახელი აქვს მოხვეჭილი. ყველა ჭკუანაღრძობი პოეტია – ასეთი ქვეშეცნეული აზრის გახლდათ პრეფექტი და დასკვნაც ამდაგვარი გაეკეთებინა საბოლოოდ. ყველა პოეტი ჭკუანაღრძობიაო.
– მაგრამ მინისტრი განა პოეტია, – ვუთხარი დიუპენს. – ვიცი, ორი ძმაა, ორივეს გამოუცია წიგნები. მინისტრმა, მგონი, დიფერენცირებულ გამოთვლებზე დაწერა შრომა. ასე რომ, ეს კაცი მათემატიკოსია და არა პოეტი.
– ცდებით. კარგად ვიცნობ – ერთიცაა და მეორეც. ერთნაირად უჭრის გონება, როგორც პოეტს და როგორც მათემატიკოსსაც; მხოლოდ მათემატიკოსი რომ ყოფილიყო, პრეფექტი იოლად მოუვლიდა ამ საქმეს.
– რაღაც საკვირველს ამბობთ, – ვთქვი მე, – მაგნაირი აზრით ხომ ეწინააღმდეგებით საყოველთაო შეხედულებას, არაფრად აგდებთ საუკუნეების განმავლობაში შექმნილ აზრს, რომლის მიხედვით მათემატიკური გონი აღიარებულია როგორც გონი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით.
– სანაძლეოს ჩამოვალ, – შამფორის სიტყვებით მიპასუხა დიუპენმა, – რომ ყოველი გავრცელებული იდეა, საყოველთაოდ მიჩნეული შეხედულება, რაკიღა მოსაწონი გამხდარა უმრავლესობისთვის – სულელურია. მათემატიკოსებმა, გეთანხმებით, ქვეყანას მოსდეს ეს საყოველთაო შეცდომა, მის გასავრცელებლად ღონე არ დაუშურებიათ. მაგალითად, სხვა შემთხვევაში რომ უფრო მოსაწონი იქნებოდა, ისეთი სიმარჯვით შეაპარეს ალგებრაში ტერმინი „ანალიზი“. ეს ყველაფერი კი ფრანგების ბრალია. თუკი აქვს ტერმინებს რაიმე მნიშვნელობა, თუკი მხოლოდ გამოყენებისდა კვალად შეფასდება სიტყვა, მაშინ „ანალიზი“, ისევე ნიშნავს „ალგებრას“, როგორც ლათინური „ambitus“ – ამბიციას, „religio“  – რელიგიას.
– ჩხუბს ვერ გადაურჩებით, როგორც ვხედავ, ალგებრის თაყვანისმცემლებთან პარიზში, – ასე მივუგე, – მაგრამ, მგონი, სიტყვა შეგაწყვეტინეთ.
– ყოველგვარი გონის ღირსებაში ეჭვი მეპარება, სპეციფიკურ ფორმებად რომაა დანერგილი, გარდა აბსტრაქტულ-ლოგიკურისა. განსაკუთრებით მათემატიკის შესწავლით გაწვრთნილი გონი მეეჭვება. მათემატიკა ფორმისა და რაოდენობის მეცნიერებაა. მათემატიკური გონი ესაა ფორმასა და რაოდენობაზე დასაკვირვებლად გამოყენებული მარტივი ლოგიკა. უდიდესი შეცდომის შემცველია ეს შეხედულება: წმინდა ალგებრად წოდებული მეცნიერების კანონები საყოველთაო აბსტრაქტული კანონებიაო. ეს შეცდომა ისე დიდია, რომ მიკვირს, როგორ ვერ ხედავენ ამას, მათემატიკური აქსიომები როდია საყოველთაო ჭეშმარიტების აქსიომები. ფორმისა და რაოდენობის მიხედვით რაც ჭეშმარიტია, ის ხშირად იქნება მეტად მცდარი, მაგალითად, მორალთან დამოკიდებულებაში. მორალის შემთხვევაში შესაკრებთა ჯამი არ უდრის მთელს. ქიმიაშიც არ გამოდგება ეს აქსიომა. მოტივების განხილვის დროსაც უმართებულოა იგი, ვინაიდან ორ სხვადასხვა მოტივს თანხვდომისას სულაც არ ექნება ის ძალა, ცალ-ცალკე აღებულ ამ მოტივთა შეკრებით რომ მიიღება. მრავალ მათემატიკურ ჭეშმარიტებას ვხვდებით, ჭეშმარიტებანი რომაა. მხოლოდ ამ მეცნიერების საზღვრებში. თავისი შეზღუდული მათემატიკური ჭეშმარიტების კვალობაზე მათემატიკოსი, როგორც წესი, ფიქრობს, თითქოს ეს იყოს საყოველთაო ხასიათის ჭეშმარიტება – თუმცა ხალხიც ხომ ასეთი შეხედულებისაა. მცდარობის ანალოგიურ თავწყაროს მოიხსენიებს. ბრაიანტი თავის ფრიად მეცნიერულად დაწერილ „მითოლოგიაში“, „თუმცა“, ასე ამბობს, „არავის გვჯერა წარმართული მითებისა, მაინც ერთთავად გადაგვივარდება ხოლმე გულიდან ეს გარემოება, და ვითომც ნამდვილი ამბავი მოგვესმინოს, ისეთი დასკვნები გამოგვაქვს საბოლოოდ“. მაგრამ ალგებრისტები თავად არიან წარმართები, სჯერათ კიდეც „წარმართული მითების“ და შესაბამისი დასკვნები გამოაქვთ არა იმდენად გულმავიწყობის, რამდენადაც გონებრივი სიბეცის გამო. ერთი სიტყვით, ჯერ არ შემხვედრია მათემატიკოსი, ვისაც ფესვების ტოლობის გამოყვანის გარდა სხვა რამეში ენდობა კაცი, ანუ, ვისაც არ სჯერა, სრულიად და უსათუოდ x2+px ყოველთვის უდრისო q-ს, მოდით და სცადეთ, ერთ ამ ჯენტლმენთაგანს უთხარით, ხანდახან შეიძლება და x2+px მთლად არ უტოლდებოდეს q-ს, ეტყვით ამას და სასწრაფოდ თავს უშველეთ, რადგან ეჭვი არაა, საცემრად გამოიწვევს.
– მე იმის თქმა მინდა, – განაგრძო დიუპენმა, როცა მის უკანასკნელ სიტყვებზე გულიანად გამეცინა, – მინისტრი რომ მათემატიკოსი ყოფილიყო, მაშინ პრეფექტს არ მოუწევდა ჩემთვის ფულის მოცემა, მაგრამ ეს კაცი მათემატიკოსიცაა და პოეტიც. ჰოდა, მისი უნარისა და მისი გარემო პირობების გათვალისწინებით ვიმოქმედე. ისიც ვიცოდი, სასახლის გაბედული ინტრიგანი გახლავთ, ასეთ კაცს კი პოლიციის ჩვეულებრივი ხერხები მშვენივრად ეცოდინებოდა. აკი კიდევაც გაუთვალისწინებია, რომ გზაზე დახვდებოდნენ. ვფიქრობ, იმასაც მიხვდა, რომ სახლს მალულად გაუჩხრეკდნენ. იმ ამბავმა, რომ მთელი ღამეები შინ არ იმყოფებოდა ეს კაცი, პრეფექტს წარმატების იმედი მისცა, მე კი დამაეჭვა. მინისტრი უთუოდ ამას ვარაუდობდა, სუყველაფერის გაჩხრეკის შემდეგ გ. მალე დაარწმუნეს, წერილი სხვაგან შეუნახავთო. ბოლოს ხომ მართლაც ასე ჩათვალა გ.-მ. ცხადია, მეც ვიფიქრე, თუ პოლიცია გადამალული საგნების ძიებისას თავის უცვლელ წესს მისდევს, რაზეც წეღან დაწვრილებით გიამბეთ, ეს მიკვლევის წესი შეიძლება ისევე მშვენივრად იცოდეს-მეთქი მინისტრმაც, როგორც მე. სწორედ ამიტომ უარყო მან ყველა ჩვეულებრივი სამალავი. აგრე ჭკუადახშული როგორ უნდა ყოფილიყო და ვერ მიმხვდარიყო, რომ სახლის სულ გადაკარგულ კუნჭულსაც ისევე მისწვდებოდნენ პრეფექტის ნემსები, ბურღები, ლუპები, როგორც რომელიმე კარადას. მივხვდი, ამისდა კვალად სიმარტივეში უნდა ეძია ხსნა. ხომ გახსოვთ, პივრელად რომ გვეწვია პრეფექტი, რა გულიანად იცინა ჩემს სიტყვებზე, იქნებ, სწორედ ამ საქმის მეტისმეტმა სიმარტივემ შეგაჭირვათ-მეთქი.
– დიახ, – მივუგე ჩემს მასპინძელს, – მახსოვს, რარიგ გამხიარულდა, ასე მეგონა, ცოტაც და სიცილით გული წაუვა-მეთქი.
– მატერიალური სამყარო, – განაგრძო დიუპენმა, – არამატერიალურს სრული ანალოგიებით უკავშირდება; ამიტომაცაა რაღაც სიმართლის შემცველი რიტორიკის ერთი დოგმათაგანი: მეტაფორასა და შედარებას შეუძლია არა მარტო აღწერის შემკობა, უტყუარობის მინიჭებაცო. მაგალითად, ინერციის ძალის პრინციპი, როგორც ჩანს, ერთია ფიზიკურისა და მეტაფიზიკურისთვისაც. თუ პირველ შემთხვევაში სწორია, რომ დიდი სხეული მცირესთან შედარებით ძნელად ამოძრავდება და მისი ინერციის ძალა პირდაპირ პროპორციულია ამ სიძნელისა, ასევე სწორი იქნება ის, რომ დიდი უნარის ინტელექტი თუმც უფრო ძლიერი, უფრო შეუცვლელი, უფრო მნიშვნელოვანია, ვინემ დაბალი, მაგრამ ეს ძლიერი ინტელექტი გაცილებით მძიმედ ამოძრავდება და გაცილებით თავგზააბნეული, გაცილებით მერყევი ჩანს პირველი ნაბიჯებისას. კიდევ: ქუჩაში, დუქნის კარის თავზე, რომელ აბრებს უფრო მიუქცევიათ თქვენი ყურადღება?
ამაზე არასდროს მიფიქრია-მეთქი, ვუპასუხე დიუპენს.
– ერთი თამაში ვიცი, – თქვა დიუპენმა, – თამაშობენ რუკის საშუალებით. მოთამაშეთაგან ერთი ჩაითქვამს ფერებით აჭრელებულ რუკაზე ამა თუ იმ ქალაქს, მდინარეს, სახელმწიფოს თუ იმპერიას, მეორემ კი უნდა გამოიცნოს, რა ჩაითქვა მან. ხამი კაცი წვრილი ასოებით დაწერილ სახელს ჩაითქვამს, გამოცდილი კი სხვანაირად მოიქცევა, მოწინააღმდეგის დასაბნევად დიდასოებიან წარწერას შეარჩევს, რუკის ერთი ბოლოდან მეორეში რომ გადაჭიმულა. ასეთი სახელები, როგორც ქუჩაში გამოკიდული ვეებერთელა აბრები, სწორედ თავისი სიდიდის გამო დარჩება კაცს შეუმჩნეველი. თვალის ფიზიკური თვისება აქ ზუსტად შეესაბამება გონებრივ სიბეცეს, რომლის მეოხებით ადამიანს თვალიდან გამორჩება ხოლმე ახლომდებარე და ძალზე საჩინო საგანი, მაგრამ ამ გარემოებას პრეფექტი, როგორც ჩანს, ვერ შესწვდენია გასაგებად. ეს კაცი რას იფიქრებდა, რომ ქვეყნის თვალწინ დადებდა მინისტრი წერილს იმ ვარაუდით, რომ არავინ ნახოსო.
ცხადია, რაც უფრო მეტს ვიფიქრებდი ამ ძლიერ, გაბედულ და ჭკვიან კაცზე, იმაზეც, რომ ქაღალდი სულ მუდამ ხელთ უნდა ჰქონოდა, რათა დროულად შესძლებოდა მისი გამოყენება, რაკიღა ისიც ვიცოდი, გარკვეული წესითღა მოძებნიდა მას პრეფექტი, – ყოველივე ამან მიმახვედრა, მინისტრი სრულიად მარტივ გზას მიმართავს და წერილის დასამალავად თავს სულაც არ შეიწუხებს-მეთქი.
       ამგვარად განწყობილმა ერთ მშვენიერ დილას მოვირგე მწვანე სათვალე და ვითომ ისე, შემთხვევით ვეწვიე მინისტრს. შინ დამხვდა, წარამარა ამთქნარებდა, სრულიად უსაქმური კაცის სახე მიეღო და თითქოს შეწუხებულიც ჩანდა – ამ მოწყენამ გამათავაო. ვინ იცის, იქნებ, სწორედ ამ დროს გახლდათ საქმიანი და შემართული, მაგრამ ამას ვერავინ შეამჩნევდა ვერასდროს.
       მეც არ ჩამოვრჩი და თავადაც შევჩივლე, თვალები მტკივა და სათვალე დამჭირდა-მეთქი. თანაც სათვალიდან ამასობაში ყურადღებითა და წვრილად მოვათვალიერე მთელი ოთახი, თუმცა კი ჩანდა, თითქოს ჩემს მასპინძელთან საუბრით ვიყავი გართული.
განსაკუთრებული გულისყურით შევათვალიერე დიდი საწერი მაგიდა, რომლის ახლოსაც თავად იჯდა. მაგიდაზე ეყარა აუარება წერილი და სხვა ქაღალდი, რამდენიმე მუსიკალური საკრავი და წიგნი. საეჭვო იქ ვერაფერი შევნიშნე.
დაბოლოს, თვალი რამდენიმეჯერ რომ მოვავლე ოთახს, დავინახე, ბუხრის თაროს ქვემოთ, პატარა ბრინჯაოს კოპზე ცისფერი, ჭუჭყიანი ზონრით ეკიდა მუყაოს ჩანთა-საქაღალდე. ამ ჩანთას ოთხი განყოფილება ჰქონდა და შიგ ხუთი-ექვსი სავიზიტო ბარათი და ერთი წერილი იდო, დასვრილ-დაჭმუჭნილი და შუაში ორ ადგილას განახევი, თითქოსდა ამ გამოუსადეგარი წერილის ჯერ დახევა მოუნდომებიათ, მაგრამ მერე გადაუფიქრებიათო. წერილზე ჩანდა დიდი შავი ბეჭედი დ.-ს მონოგრამითურთ, მისამართი და ქალის ხელით მინაწერიც – მინისტრ დ.-ს ქაღალდი უდიერად და ასე განსაჯეთ, თითქოს ზიზღითაც ჩაეჩარა ჩანთა-საქაღალდის ერთ-ერთ ზედა უბეში.
       თვალი მოვკარი თუ არა ბარათს, მივხვდი, რასაც ვეძებ, ვიპოვე-მეთქი. რაღა თქმა უნდა, ეს წერილი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, ასე გამოწვლილვით რომ აგვიწერა პრეფექტმა. ამ წერილზე დ.-ს მონოგრამიანი შავი ბეჭედი ერტყა, იმ ბარათზე პატარა წითელი ბეჭედი, ჰერცოგ ს.-ს საგვარეულო გერბით დამშვენებული; ეს წერილი მინისტრის სახელზე გამოეგზავნათ და მისამართი ქალის წვრილი ხელით წაეწერათ; იმ წერილზე კი მისამართი მკაფიო, მტკიცე ხელით იყო დაწერილი, ხოლო ადრესატი სამეფო გვარის პიროვნება გახლდათ. მხოლოდ ზომა ჰქონდა ერთნაირი ორივე ბარათს. მაგრამ იმ ამბავმა, რომ ეს ბარათი ესოდენ განსხვავდებოდა პრეფექტის მიერ აღწერილი ქაღალდისგან, რომ ასე დასვრილი და გახეხილი იყო და ასეთ ბარათს მინისტრი არ შეინახავდა, კიდევ იმ გარემოებამ, რომ თითქოს საქვეყნოდ ღაღადებდა თავის უმნიშვნელობაზე და ყველა შემოსული პირველად სწორედ იმ ბარათს დაინახავდა, დამარწმუნა, არ შევმცდარვარ-მეთქი. ვიმეორებ, ყველაფერი ეს დააეჭვებდა იმას, ვინც აქ იმთავითვე დაეჭვებული შემოვიდოდა.
შეძლებისდაგვარად კარგა ხანს გავაგრძელე ჩემი სტუმრობა, გაცხოველებით ვესაუბრე მინისტრს იმ თემაზე – რაც მშვენივრად ვიცოდი – აღელვებდა ამ კაცს, და ამავე დროს თვალი არ მომიშორებია წერილისთვის. კარგად დავიმახსოვრე მისი ყოველი წვრილმანი და ისიც, თუ როგორ იდო. დასასრულ კიდევ ერთი გარემოება შევამჩნიე და საეჭვო აღარაფერი დამრჩა. დავინახე, წერილის კიდეები მეტისმეტად დაჭმუჭნილი ჩანდა. ასე ხდება ხოლმე, როცა პრესპაპიეთი გადაკეცავენ მაგარ ქაღალდს და მერე გადმოკეცავენ, რის შედეგად ის პირვანდელ სახეს მიიღებს. ამან ყველაფერს მიმახვედრა, წერილი ხელთათმანივით უკუღმა გადმოებრუნებინათ, ზედ ახალი მისამართი წაეწერათ და სხვა ბეჭდით დაებეჭდათ. დავემშვიდობე მინისტრს და წამოვედი. მაგიდაზე კი ოქროს სათუთუნე დავუტოვე.
მეორე დილით ისევ მივაკითხე სათუთუნის წამოსაღებად და ის იყო იმავე თემაზე საუბარმა გაგვიტაცა, რომ უცებ გაისმა ჭახანი, თითქოს სწორედ იმ დარბაზის ფანჯრებიდან გაისროლეს თოფი. შემდეგ ვიღაცამ შემზარავად იკივლა და ბრბოს ღრიანცელიც მოისმა. დ. ფანჯარასთან მიიჭრა, გამოაღო და გადაიხედა, მე კი მუყაოს ჩანთა-საქაღალდეს მივუახლოვდი, წერილი ავიღე, ჯიბეში შევინახე, ხოლო მის ადგილას მოვათავსე ადრევე შინ დამზადებული მისი ზუსტი ასლი. დ.-ს მონოგრამა პურისგულიდან გაკეთებული ბეჭდით გადმოვიღე ჩინებულად.
       ვიღაც შეიარაღებულ კაცს აყალმაყალი აუტეხია ქუჩაში, ქალებსა და ბავშვებში გაუსროლია თოფი. მაგრამ რაკი ნასროლი ფუჭი გამოდგა, შფოთის ამტეხი გაუშვეს, ვინმე გიჟი ან ლოთი იქნებაო, გიჟის სცენა იმ კაცს მე გავათამაშებინე, ის რომ თავის გზას გაუდგა, დ. მოშორდა ფანჯარას, რომელსაც წერილის შეცვლისთანავე მეც მივადექი. ცოტა ხნის შემდეგ ჩემს მასპინძელს გამოვემშვიდობე და წამოვედი.
– მაგრამ რაღად დაგჭირდათ, – შევეკითხე დიუპენს, – იმ ბარათის ადგილას ფაქსიმილეს მოთავსება? პირველივე სტუმრობისას გეტაცათ ხელი წერილისთვის და წამოგეღოთ!
– დ., – მიპასუხა დიუპენმა, – უშიშარი და ძლიერი კაცია. ამასთან შინ უსათუოდ ეყოლებოდა ერთგული ხალხი. აგრე უგუნურად მოქცეული ნამდვილად არ გადავრჩებოდი ცოცხალი და კეთილი პარიზელები ვერც გაიგებდნენ ჩემს ასავალ-დასავალს. მაგრამ მე სხვა მიზანი მქონდა. თქვენ იცით ჩემი პოლიტიკური სიმპათიები. ამ შემთხვევაში ქალის მხარეზე გახლდით. თვრამეტი თვე ხელში ჰყავდა იგი მინისტრს. ახლა კი პირიქითაა. ამ კაცმა ხომ არ იცის წერილის ამბავი, თავისას არ დაიშლის და, ცხადია, მისი პოლიტიკური კარიერაც მყისვე დამთავრდება, თანაც ცუდად. თუმცა ამბობენ, რომ იოლია ქვესკნელს ჩასვლა, მაგრამ როგორც სიმღერაზე უთქვამს კატალანის, ამაღლება გაცილებით ადვილია, ვიდრე დადაბლება. ამჯერად ვერც თანავუგრძნობ და ვერც შევიბრალებ დ.-ს, რადგან ის შემზარავი ურჩხული გახლავთ, ფრიად ნიჭიერი, მაგრამ უპრინციპო კაცი. ცოდვა გამხელილი სჯობს და ძალიან მინდა ვნახო, რა ხასიათზე დადგება იმ, როგორც პრეფექტი იტყოდა, „ერთი პიროვნების“ წინააღმდეგობის შემდეგ, როცა მუყაოს ჩანთა-საქაღალდეში მისთვის ჩადებულ წერილს წაიკითხავს.
– როგორ? განა შიგ რამე დაუწერეთ?
– დიახ, სუფთა ქაღალდი არ ჩამიდვია – შეურაცხყოფილი დარჩებოდა. ერთხელ ვენაში დ.-მ ნემსზე დასაცემად გამიხადა საქმე, მაშინ ვუთხარი, სრულიად უბოროტოდ კი, ამას არ დავივიწყებ-მეთქი. მართლაც ცოდვა იყო არ გაეგო, ასე ვინ გააცურა. რაკიღა ჩემს ხელწერას იცნობს, ავიღე და იმ ცარიელ გვერდზე დავუწერე: „... დამღუპველი ესე გეგმა თუ არა ატრევსს, თიესტეს მაინც შეეფერება“.
კრებიიონის „ატრევსში“ შეგიძლიათ ნახოთ ეს სიტყვები.

ნახვა: 2592

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters