ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, გივლიათ ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ... მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე...”
იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო. ო, ღმერთო! რამდენი სახელი მახსოვს: ბატატური, ბეჟია, სება, ხვთისო, აშაქელი, ნინო, გუჯა და რამდენი კიდევ სხვა, ვინც მინახია მოარული ამ მიწაზე და აღარ არის, ჩავლილი აქვთ საწუთროს შარა. თითქოს იმათი სახეებიც დამავიწყდა.
ერთხელ, მახსოვს, სოფლის ორღობეში მოდიოდა სიჯანათ ნინო. წვიმდა, ტალახი მუხლებამდე იყო. სიჯანათ ქალს პატარა გოგო მოეკიდა ზურგზე და ისედაც სიბერისგან წელში ორად მოხრილი, ძლივს მოდიოდა. სიჯანათ ქალი ჩვენს დერეფანში შემოეფარა, სული მოითქვა და იქვე მსხდომი მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა: „მე რა კარგს რასმე გამოვრჩი ამ წუთისოფელს, ამ ქალსაც რო ჩემი სახელი დაარქვეს!“ ეს თქვა, ისევ წვიმას შეერია და თვალს მიეფარა.
რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა...
რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..
რამდენი დარჩენილა უსახელოდ..
რამდენი ეძებს სახელს...
და კიდევ რამდენი ჰკარგავს...
და კიდევ და კიდევ... მახსოვს და აღარც მახსოვს, და იმათ შორის ვინც მახსოვს, ყველაზე ნათლად გამოკრთიან ხოლმე წერტილი და მძიმე; ეს ორი პატარა გოგო, რომელთაც არცკი ვიცი რა ერქვათ ნამდვილი სახელები, ალბათ ორივეს ბებიის სახელს დაარქმევდნენ, მაგრამ არ ვიცი მასწავლებელს, არ ვიცი იმათ თანაკლასელებს, ერთისათვის წერტილი შეურქმევიათ, მეორესათვის მძიმე;
ცხოვრობენ მთის ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდის კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთის შუქი. სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდება ეს პატარა სოფელი - კვამლით, რომელიც მძიმე-მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი, რომლებიც ყოველ დილით, უთენია გამოდიან ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთა მოკიდებულები ქვემოთ ჩამორბიან. აქედან ძალიან შორს არის სკოლა. ჭალაზე რომ ჩამოვლენ, იქ ავტობუსი მოდის, აქედან ავტობუსს მიჰყვებიან, ეს ავტობუსი ერთადერთია, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთნ აკავშირებს. ავტობუსმა თბილისში უნდა მოასწროს ჩასვლა, ამოსვლა და ჩასვლა, ამიტომ დილაობით მოწაფეები რიჟრაჟზე გამოეფინებიან ხოლმე გზის პირებზე და სკოლამდე მიჰყვებიან.
რამდენჯერაც ამ ავტობუსით მომიხდებოდა მგზავრობა, იმდენჯერ ასეთ სურათს ვხედავდი:
დილაა. თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთაზე დამსხდარნი, წერტილი და მძიმე. წინ - წერტილი, უკან - მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოსაყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი მგზავრები წერტილსა და მძიმეს ველოდებით. მძიმე, როგორც იქნა, ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან, ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე მძიმე, სკოლასთანაც ასეთივე თანმიმდევრობით ჩადიან.
თოვს. სოფლისაკენ მიდიან აღმა, წინ - წერტილი, უკან - მძიმე.
წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან - მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლგა.
ცალ-ცალკე არასოდეს მინახია წერტილი და მძიმე. თურმე მასწავლებელიც ჯერ წერტილს გაიძახებდა ხოლმე დაფასთან და მერე - მძიმეს. მგონი, შერიგებულნი არიან ზედმეტ სახელებს. ერთხელ განგებ ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი და, რა თქმა უნდა, წერტილმა მიპასუხა:
- მე წერტილი მქვია, ამას - მძიმე.
- მერე რა, დაგვიძახონ რა, მერვე კლასში ერთს კვადრატულ ფესვს ეძახიან, ის ბრაზდება.
- თქვენ არ ბრაზდებით?
- არა, რად უნდა გავბრაზდეთ, კარგია წერტილი და მძიმე, - მითხრა წერტილმა და ორივეს ისეთი სიკეთით გაუბრწყინდა სახე, გავჩუმდი, არაფერი ვაწყენინო-მეთქი. იმის მერე, რამდენიმე ავტობუსი გამოიცვალა ამ გზამ. ის პატარა, მთის ფერდობზე დაკიდებული, თითქმის მიტოვებული სოფელი კი დიდხანს იყო სამყაროზე იმედის სამი ძაფით გამოკიდებული - ცისკენ ზანტად ამავალი კვამლით, ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და სკოლისაკენ მიმავალი წერტილი და მძიმით.
გავიდა დრო. გაიზარდნენ. გათხოვდნენ.
ჯერ წერტილი, მერე მძიმე.
წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშნავს ჰგავს. მძიმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
ახლაც ჩანს ხოლმე: მამის სალხში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.
ხანდახან მძიმესაც ვხედავ, აღმა სოფლისაკენ მიმავალს, ოღონდ მძიმეს ქმარი მოუსვენარია და სულ წინ გარბის. რა ვიცი რატომ, არ ჩანან პატარა მძიმეები, შეიძლება ჯერ არ გაჩენილან, შეიძლება მამასავით მოუსვენრები არიან და კარგა ხანია ავლილი აქვთ პაპასკენ მიმავალი აღმართი. რა იქნება მერე, რა შესცვლის ამ სურათებს, არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი, ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს...
ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.
გოდერძი ჩოხელი
ტეგები: Qwelly, ადამიანები, ავტორი, გოდერძი, დიდება, ლიტერატურა, მძიმე, უფალი, ქართული, ჩოხელი, მეტი...ცნობილი, წერტილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•