goli, goli taraghi, literatura, literature, motxrobebi, qwelly, suli, tarayi, გოლი, გოლი თარაყი, დიდი, ზეცა, თარაყი, ირანი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველა, სული, ქალბატონი

გოლი თარაყი - ჩემი სულის დიდი ქალბატონი

      ქაშანი… ჩამოვედი… ქანცგაცლილი ვარ. უდაბნოსკენ მივუყვები გზას. აქაურობა უცხოა ჩემთვის. უგზო-უკვლოდ მივიწევ წინ. ჰაერი უხილავი ნამით დანესტილა. მისი სურნელოვანი სუნთქვა მელამუნება სახეზე. ნიავს ბალახის სუნი ახლავს. ცვრიანი ბალახისა და ახლად ამოყრილი ყვავილის სუნი. თითქოს ზეციურ ხეივნებში ჩამოიქროლა, ისეთ არომატს აფრქვევს ირგვლივ...

      ვკითხე: – ბატონო ჰეიდარი, რა წვლილი მიგიძღვით რევოლუციის საქმეში?

      ერთიანად ცახცახებდა. შიმშილისა და მძარცველების შიშით ძილი გაჰკრთომოდა. ყველა კარი მაგრად ჩაერაზა და ფანჯრის ღრიჭოებიდან უთვალთვალებდა ქუჩას.

      ცოლმა მითხრა, სახლის პატრონი მაეჭვებს, ვფიქრობ, რევოლუციის მტრებთან უნდა ჰქონდესო კავშირი.

      ქალაქი აგზნებულია. არ სძინავს. ფანჯრები ჯახუნობს, შიგადაშიგ სროლის ხმა და ყრუ გუგუნი ისმის. რაღაც იწვის. უცნობი ადამიანები ჩაბნელებულ ქუჩებში ერთმანეთს მისდევენ. მამაჩემს ეს ამბები არ ადარდებს. ამბობს, ესეც ჩაივლისო. შინაური ღვინისთვის საუკეთესო ქიშმიშს დაეძებს კარდაკარ...

      ქაშანის ზეცა, ამ ორომტრიალს გაშორებული, წყაროსთვალივით კამკამებს, ველები კი, მთის კალთებამდე, მარიამსაკმელას სურნელოვან ბუჩქებსა და წითელ ყაყაჩოებს დაუფარავთ. შიშველ, გონიერ მთებს სხეული მითურ ქალს მიუგავთ. უდაბნო მდედრის მარადიულობას ატარებს.

      შორს, მტვრიანი შარაგზის მოსახვევში, ქალი ჩამჯდარა, აქეთ კი, ახლოს, ბროწეულის ხის ძირას, კაცი ასრულებს ნამაზს.

      ჩემს ფეხთან ამქვეყნად ყველაზე ციცქნა ყვავილს ამოუყვია მიწიდან თავი.

      ვკითხე: – ბატონო პოეტო, თქვენი მარადი ღირსება რაში მდგომარეობს?

      – მე ჯერ ისევ ამ ყვავილით ვარ შეპყრობილი.

      უნივერსიტეტი დაიკეტა. ჩემი სტუდენტები გაჰყვირიან: – ძირს ფილოსოფია! ძირს რეაქცია!

      თან ყმაწვილურ მუშტებს კედელს ურტყამენ. ლექტორებს დაუსწრებლად ასამართლებენ და ფაკულტეტის დერეფნებში თავისუფლების არსს დაეძებენ.

      მეკითხებიან: – ბატონო, სიტყვის ერთიანობა რას ნიშნავს? მატერიაა ძირეული, თუ იდეა? ისტორიაა ჭეშმარიტი, თუ ღმერთი? ჩემს ცოლს „აღმშენებლობის ფრონტის“ სწამს. ვერცხლის სამაჯურები ჩვენი უბნის მეჩეთს შესწირა და ქალაქის სანიტარულ დღეს ახლო-მახლო ქუჩები მიგავ-მოგავა. მეუბნება, ისლამში შურისძიება ნებადართულიაო, თან შიშით და გაოცებით ათვალიერებს სიკვდილით დასჯილთა ფოტოებს გაზეთში. საღამოობით ქალთა რელიგიური აღზრდის კურსებზე დარბის და კეთილის ქმნისა და ბოროტის დათრგუნვის სწამს. გრძელი, წითელი ფრჩხილები წაიჭრა და ქუთუთოებიდან მწვანე საღებავი მოიშორა. შავი თავსაფარი დაიხურა და შიშობს, საყურე არ გამოუჩნდეს. ღელავს, შფოთავს და რელიგიური სიმტკიცით უძგერს გული. გვერდით ჩამომიჯდება ხოლმე და შემომცქერის. ურჯულოებასა და ცოდვაზე მელაპარაკება, ეშმაკისეულ ცდუნებებსა და შურისგების საჭიროებაზე.

      მეკითხება: – შენ არ გწამს სამოთხისა და ჯოჯოხეთის?

      ალერსით იღებს ჩემს ხელს და დედობრივი სინაზით მიცქერის. ღამღამობით ხშირად არ სძინავს, ლოცვას ბუტბუტებს. მისი სუნთქვა სახეს მიგრილებს, სხეულზე ვარდის წყლის სუნი ასდის. ღიმილით გასცქერის ხოლმე ღამეულ სივრცეს.

      მეკითხება: – უსმინე, ანგელოზები გალობენ, გესმის?

      არა, არ მესმის.

      ბალიშს თავზე ვიდებ და დაძინებას ვცდილობ. სროლის ხმა ისმის. აივნებზე „ალაჰ აქბარს“ გაჰყვირიან.

      მეგობრები მეუბნებიან: – უნდა წავიდეთ!

      მეგობრები მეუბნებიან: – უნდა დავრჩეთ და ვიბრძოლოთ!

      მეგობრები ფაციფუცით ცდილობენ გაზეთის და პარტიის დაფუძნებას.

      ბატონმა ჰერდარიმ სახლის სარდაფი ფქვილით, ბრინჯითა და ნავთით გაავსო, აბრეშუმის ხალიჩები კი ჩვენთან მოზიდა. ფული ბანკიდან გამოიტანა, ოქროს მონეტები ქისაში ჩაყარა და ყელზე ჩამოიბა.

      ბატონ ჰეიდარის რევოლუციის მტრებისა ეშინია, გამგზავრება უნდა, მაგრამ უცხოეთში მარტო ყოფნის წარმოდგენაც აკრთობს.

      უნივერსიტეტი ხალხითაა სავსე. ვიღაც სიტყვით გამოდის, დანარჩენები მუჰამედს ადიდებენ. უნივერსიტეტის კედელთან მოხარშულ ჭარხალს და თონეში შემწვარ კარტოფილს ყიდიან. ხეებიდან იმამის სურათებია დაშვებული. გზას მოხუცი ქალი მიღობავს და თავისი შაჰიდი შვილის სურათს მიჩვენებს. ტირის და არარსებულ აიათოლას დაეძებს. ტროტუარი რელიგიური წიგნებით, ჯინსის შარვლებითა და ტილოს ფეხსაცმელებითაა მოფენილი. მოშორებით ვიღაც მოხალისე ერთ ჯგუფს ტყვიამფრქვევის ხმარებას ასწავლის, ხის ძირას კი კაცს ცოლ-შვილთან ერთად სუფრა გაუშლია და საჭმელს არიგებს.

      ვიღაც სტუდენტი მაჩერებს, ამბავს მეკითხება. ვერ ვცნობ. სახე შავად შეუღებავს, თავ-კისერზე კუბოკრული ცხვირსახოცი შემოუკრავს. არაბი ყმაწვილი მგონია და ვფიქრობ, რომ პალესტინიდან ჩამოვიდა. ტყვიამფრქვევი უშოვია და ჰაერში ისვრის. ქალები კივიან და ხეებს უკან, მიწაზე წვებიან.

      ...კარზე აკაკუნებენ. შუაღამეა. ჩემი ცოლი ფაცაფუცით დგება. მამაჩემი სასწრაფოდ მალავს არყის ბოთლებს. ბატონი ჰეიდარია. რძის ფხვნილი, კონსერვი, ყველი და ინდური თევზის ქონი მოგვიტანა. სულს ძლივს ითქვამს. გვეუბნება: – ბენზინი გათავდა. ფქვილი აღარაა. ხოლერა და ყვავილი გაჩნდა. ცოტა ხანში ხალხი ერთმანეთს დაჭამს...

      ჩემს ცოლს ამ სიტყვებზე ეცინება. დარწმუნებულია, რომ მართლმორწმუნეები საკვებს გამოგვიგზავნიან... ჩემი ვაჟი ბრაზით ურტყამს ფქვილის ტომარას და ამბობს, რომ ჭეშმარიტი რევოლუცია წინაა. სწამს, რომ ჩაგრული მასები გაიმარჯვებენ. დღისით ქარხანაში დადის და აღარ იცის, როგორ დაუახლოვდეს მუშებს. ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია და თავის ტალახიან ფეხსაცმელს შეჰხარის. ჩემი ვაჟი სიღატაკეზე გიჟდება და მათხოვრებს შენატრის.

      ჩემი მეგობარი მხატვარი ქაშანელი იყო. თავისთან მიმიპატიჟა. ნამდვილად ღმერთმა გადმომხედა. ავდექი და წავედი. ჩემი ცოლი ნამაზს ასრულებდა. ახალი ნასწავლი ჰქონდა, ჯერ ზეპირად არ ახსოვდა. ქაღალდი კედელზე მიეკრა და კითხულობდა.

      სახლის პატრონი ეზოში იყო. ჩემს დანახვაზე წამოხტა. კანკალებდა. ვიღაცას ელოდა. ჩემს ჩანთას შესცქეროდა.

      – გაქცევას აპირებთ?

      – არა.

      მკითხა: – თქვენც ხართ სიაში?

      თავი გავუქნიე.

      მითხრა: – მე ამიყვანენ. დღეს თუ არა, ხვალ. თქვენც აგიყვანენ. ყველას აიყვანენ.

      მამაჩემს ეღვიძა. ფანჯარასთან იჯდა და თარს აწყობდა. ბოლო ხანებამდე თარზე დაკვრას ასწავლიდა, მაგრამ ახლა მოწაფეები აღარ მოდიან. მისი მოწაფეები რევოლუციურ სიმღერებს მღერიან. მუსიე არდავაზი მამას ძველი მეგობარია. დროდადრო მოდის მასთან და წარსულზე საუბრობენ. მუსიე არდავაზმა დაკეტა თავისი ღვინის დუქანი. ერთი ოთახი მაღაზიად გადააკეთა და ორცხობილას და მსხლის კომპოტს ყიდის. მუსიე არდავაზი იმპერიალიზმს უფრთხის და ისლამურ რესპუბლიკას ირჩევს. სახლის პატრონს ოცი ჯოხი დაჰკრეს. ჩემი ვაჟი კაპიტალიზმის წინააღმდეგია და ამბობს, რომ სახლის პატრონი სიკვდილის ღირსია.

      ...რა შორსაა უდაბნო ამ სიტყვებისგან, რა მშვიდია, რა მომთმენი. მთის კალთაზე, ხეების სიმწვანეში სოფელი შეყუჟულა, შორს ჩიტი გალობს. სიმსუბუქე მეუფლება. თითქოს ბაბუაწვერასავით ფარფატით ვევლები თავს სივრცეს.ჩემთვის ვკითხულობ: „წალკოტში ბალახის რა სურნელი მოდიოდა.

      მე ამ დაბაში რაღაცას დავეძებდი, – იქნებ, ერთ სიზმარს, სინათლეს, ძარღვს, ღიმილს“. წინ, მაღლობზე, დიდი ტბორია. მის განაპირას კი მიტოვებული თიხატკეპნილი ქოხი დგას. გუბის ზედაპირზე წყალმცენარეები ტივტივებენ. ვირზე შემჯდარი ბერიკაცი მესალმება. ბერიკაცს დამწვარი ფიჩხის სუნი ასდის, მისი ფუთიდან ახალგამომცხვარი პურის სურნელი იფრქვევა.

      ათასობით კაცი ერთად ასრულებს ნამაზს. ათასობით კაცი ერთად სცემს თაყვანს. შავთავსაფრიან ქალებს აუვსიათ ქუჩები. ჩემ გვერდით ახალგაზრდა კაცი კედელს მიყრდნობია. კანკალებს. თვალები დაუხუჭავს და ცრემლი ჩამოსდის. ჩემი პოეტი მეგობარი ლოგინადაა ჩავარდნილი. ამბობენ, გაგიჟდა და თავს კედელს ურტყამსო, მის სანახავად მივდივარ.

      გული საშინლად მაქვს დამძიმებული. ჩაძინებული მხვდება, ნახევრად უგონოდ. მისი ცოლი დაბნეულია, გაოგნებული. მე რომ მხედავს, ტირის. მეუბნება: – დაელოდეთ, სანამ გაიღვიძებს, იქნებ თქვენ გითხრათ რამე. არარსებულ ადამიანებს ელაპარაკება, დღეში ოცჯერ ასრულებს ნამაზს და ყოველ ჯერზე ინანიებს. საღამოობით კი ბანზე ისეთი ხმით გაჰყვირის „ალაჰ აქბარს“, რომ მეზობლები გამოდიან გარეთ. ღამღამობით ტირის და ვერ იძინებს ღვთის შიშით.

      წარმოუდგენლად მეჩვენება. ერთი ჩუმი, მორიდებული კაცი იყო. ლაპარაკი არ უყვარდა. გრძნობებს არ ამჟღავნებდა. ლექსებს წერდა. სადა, კარგ ლექსებს. რევოლუციის დროს საღამოობით ჩვენთან მოდიოდა. მდუმარედ იჯდა, არაფერს ამბობდა. ვისხედით სიჩუმეში და გვესმოდა, როგორ ყვიროდა ვიღაც „ალაჰ აქბარს“, ყურს ვუგდებდით ქალაქის უჩვეულო გუგუნს, ტყვიების შორეულ ზუზუნს. ვხედავდით, რომ რაღაც იწვოდა. ფანჯრები ჯახუნობდა. ქალები, ბავშვები, მოხუცები გარეთ გამორბოდნენ. სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების განგაში ისმოდა. ჩემი პოეტი მეგობარი მდუმარედ იჯდა, არაფერს ამბობდა.

      ...ხელზე სისხლის სუნი ამდის, ცხელი, ახალი სისხლის სუნი, ჩემი შვილის ტოლი ჭაბუკის სისხლის სუნი. აფორიაქებული იყო. ქოშინებდა. მომცრო მუშტს იქნევდა ჰაერში და ჯარისკაცებს ემუქრებოდა. მოსახვევში მიმეკარგა. რაღაც იწვოდა, ქუჩა მახრჩობელა კვამლითა და მტვრით იყო სავსე. ქალები გარბოდნენ, კაცები სასწრაფოდ კეტავდნენ მაღაზიებს. სროლა დაიწყო. ჩემი პოეტი მეგობარი მახლდა. კანკალებდა. თავისთვის ბუტბუტებდა. სიკვდილს ნაცნობი სახე ჰქონდა, მაცდური ქალივით დაეხეტებოდა ქალაქში. ვიღაც ჭაბუკს მოვკარი თვალი. წელში მოხრილიყო. ხელები ხისთვის შემოეჭდო. წამოვწიე. მძიმედ წამომყვა. აღარ სუნთქავდა. ტყვია მკერდში მოხვედროდა. გამვლელს დავუძახე. კაცს წინ გადავუდექი. ვიღაცის კარზე დავაბრახუნე. უცნობი ჭაბუკი დუმდა. ჩემი პოეტი მეგობარი არაფერს ამბობდა. იდგა ჩემ გვერდით და მონუსხული შესცქეროდა სიკვდილს.

      ბინდდება. სადა ვარ? არემარეზე კაცი არ ჭაჭანებს... გზა ამებნა, ჩემ ფეხქვეშ მდუმარედ მიიზლაზნება უდაბნო ბნელი, შეუცნობი სამყაროსაკენ. გული ძლიერად მიცემს. ჩემი მარტოობის თანაზიარი მხოლოდ ქარია. უმიზნოდ და უმისამართოდ მივიწევ წინ. მალე დაღამდება. გაურკვეველი შიში დაძრწის ჩემს სხეულში და ცივ ხელს კეფაზე მიფათურებს. ფეხს ვუჩქარებ. ფეხსაცმელი ფეხს მიხეხავს. ერთ ხეს დავეძებ, სოფლის, ადამიანის არსებობის მცირე რამ ნიშანს. მარცხნივ ვუხვევ. უდაბნო შემომცქერის, უხმო გუგუნი ავსებს სივრცეს. ვიწრო ბილიკს ვაწყდები, ჯადოსნურ თილისმასავით რომ მიკვალავს გზას უცნობი ადგილისაკენ. დაღლილი ვარ. მწყურია. ლამისაა დავეცე. სხეულს მაინც წინ ვეწევი. დროდადრო ბილიკი მეკარგება და მოშორებითღა ამოყოფს ხოლმე თავს ისევ. მგონია, რომ ვერასოდეს მივაღწევ. მაინც მივდივარ. სხვა გზა არა მაქვს. ეს ოღროჩოღრო ბილიკი ჩემი ერთადერთი იმედია.

      ხომ არ მესიზმრება?

      ვჩერდები… თვალს არ ვუჯერებ. ჩემ წინ, შუა უდაბნოს მდუმარებაში, სიზმრისეული ედემივით ხასხასებს თეთრი კედლის სიმყუდროვეს შეფარებული მწვანე ოაზისი. ოდნავ შეღებული ჭიშკარი თავისკენ მიწვევს. ვიჭვრიტები. არავინაა. ბაღი უკაცრიელია, ჩუმი. აშოლტილი ოფები ორ წყებად მიუყვება ღობეს. ველური ყაყაჩოებითა და მინდვრის უცნობი ყვავილებით დაფარული ბაღის სიღრმეში ოთხი ბებერი სარო დგას. ბაღის შუაგულში მოზრდილი ტბორი კამკამებს. ქვაფენილი მსუბუქად დამტვერილა, არც ნაფეხური მოჩანს, არც ხელის ანაბეჭდი, არც შფოთიანი წუთების კვალი და არც რაიმე შერყვნილი ნაყში. ჩრდილოეთის კუთხეში ქვის კიბე ვრცელ აივანს უერთდება. აივნის სიღრმეში თეთრ არამიწიერ სამყოფელს ზურგი ზეცისთვის მიუბჯენია. ისეთი მსუბუქია, ისეთი გამჭვირვალე, როგორიც მხოლოდ სიზმრის ან ზმანების ხატი შეიძლება იყოს. თითქოს სიწმინდის საუფლო ან ზეციური ნათლის რამე ნიშანი. ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით მივიწევ წინ, თვალს ვერ ვაცილებ. მეშინია, არ გაქრეს. სუნთქვას ვიკავებ. მეშინია, რომ არ დაინგრეს.

      ტბის პირას ვჯდები და პირს ვიბან. რა ნეტარებაა! სახლის ანარეკლი წყლის სიღრმეში ლიცლიცებს, მწვანე ხეები კი მარმარილოს ზედაპირზე შეჯარულან. გარშემო ვიყურები. კაციშვილი არ ჭაჭანებს. ცხოვრების აურზაურსა და ამაო ფაცაფუცში თეთრი სამყოფელი დავიწყებას მისცემია.

      გრილი წყლის მაცდუნებელი სურნელი დგას. ტანსაცმელს ვიხდი. ტბის სიღრმეში ვეშვები. თვალს ვახელ. ლაჟვარდისფრად კამკამებს წყალი. თითქოს გალაქტიკას გადავევლე ჩემი სხეულით. წყლის სუნთქვა ათასწლოვან მტვერს აცლის ჩემს არსებობას და სიამით თრთის შვებამოგვრილი სული. თითქოს უკვდავების წყალში განვიბანე. ტბის ზედაპირზე ვიშოტები. მზე გვარიანად გადახრილა და საროს ხეები დაისის ბინდბუნდში დაგრძელებულან. კვლავ სახლს ვუყურებ და გულის ჩქროლვას ვგრძნობ. რა უბრალოა და რა გულწრფელი! რა კეთილია და რა საყვარელი! ისეთი სუფთაა და შეურყვნელი, თითქოს განსაბანი წყლიდან ახლად ამოსულა! ვიღაცას მაგონებს ნაცნობს, ახლობელს, მაგრამ მივიწყებულს. ეს ვიღაც კეთილი სიზმრის დასაწყისშია, ძველისძველი მოგონებების სათავეში. ხელთუქმნელ ასულს მაგონებს, ასულს ციური სხეულითა და წყაროს თვალებით. დედაჩემის ქორწილის სურათს მიაგავს, მორცხვი, უმანკო მზერითა და ხელში ყვავილით, კიდევ უფრო შორეულ ქალსაც მიაგავს, მარადიულ ქალს, დროში გადმოღვრილს.

      წყლიდან ამოვდივარ. საღამო უდაბნოში გრილია და საამო. ტანზე ვიცვამ, ფეხსაცმელს ვიღებ და ფეხშიშველი მივუყვები გზას. თორმეტ საფეხურს ვითვლი. ვიღაცას აივანზე ნამაზი შეუსრულებია, მოჰრი დარჩენია. იატაკს თეთრი ფარდაგი აფენია, წვრილ-წვრილი ცისფერი ყვავილებით მოჩითული.შიგნით შევდივარ. ნათელი ოთახია, სადა, მოუხატავი კედლებით. მერხები დგას მოსასვენებლად. კედლის არშიები თაბაშირის ყვავილებით მოურთავთ. ფანჯრებზე შემოვლებული სარკული მოზაიკა მკაცრია და დარბაისლური. დარბაზის ორ მხარეს კარი გადის სხვა ოთახებში, რომლებიც საქალებოს უერთდება. ნახევრად ბნელი ლაბირინთული დერეფნები და ხვეული კიბეები თავისკენ მიხმობენ.

      ზევით ავდივარ და სუნთქვა მეკვრის. აქედან მთელი ქვეყანა მოჩანს. ცა ერთ ნაბიჯზეა. უდაბნო კიდეებით ზეცას შერთვია. კარგა ხანს ვზივარ. რა დრო შეიძლება იყოს? სადა ვარ? ძილი მერევა. ნეტარი ძილი. ქუთუთოებს რომ მიმძიმებს, ტვინს კი არ ბანგავს. ვარსკვლავები თითო-თითოდ ინთებიან. ჩემი მზერა სივრცეში ნავარდობს. ჩემი ფიქრები, წყლის მოლივლივე რგოლებივით, არამყარია და ბუნდოვანი.

      ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობ. ჩემმა სხეულმა მატერიალური სახე დაკარგა, ჩამოიშალა. თითქოს ამ აივნის, ხეებისა და უდაბნოს გაგრძელებად ვქცეულვარ, ჩემი თვალები კი ვარსკვლავებზეა ჩამობმული. განვშორდი ყველას და ყველაფერს, სხეულთა გეომეტრიულ მიმართებებსა და საგანთა გონებისმიერ სიმეტრიას, წამების განუწყვეტელ ათვლასა და სიდიდეთა აბსოლუტურ კოეფიციენტებს, კეკლუც ურთიერთობებსა და მოკაზმულ ფიქრებს, კანონთა სქელ ტომებსა და ზნეობის მსხვილ სახელმძღვანელოებს, სწორი ცხოვრების ნორმებსა და ყოფიერების გზებს. განვშორდი მატერიისა და ჟამთასვლის საუფლოს, იდეათა შეუვალ ჭეშმარიტებას, ყოველდღიურობის მორჩილებას, ინტელექტის ზეიმსა და ნიმუშთა სამყაროს; განვშორდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭიდილს, მჩაგვრელისა და ჩაგრულის ბრძოლას, განბანვისა და შესუდრვის ადათს; იმას, ვინც ამბობს, ღმერთი მოკვდაო, იმას, ვისაც სიკვდილი აშინებს და იმასაც, ვინც სასწაულის მოვლინების მოლოდინშია.

      როცა ვიღვიძებ, უკვე თენდება. ვიბნევი, უაზროდ ვიყურები აქეთ-იქით. ვდგები. მშია და კარგად ვარ. სიმსუბუქეს ვგრძნობ. დაღლილობა უკვალოდ გამქრალა. ნიავი დაქრის. შორიდან მამლის ყივილი ისმის. მთის ძირში პატარა სოფელს გაუღვიძია. ფეხსაცმელს ვიცვამ. ფეხის ხმა მესმის. ქვევით ჩავდივარ. აუზთან ბერიკაცი ჩამომჯდარა, ვოზუს ასრულებს. ჭაღარა, ხშირი წვერი აქვს. ვესალმები. თავს მიქნევს. ლოცვას კითხულობს.

      ნაკვალევს ვტოვებ კიბეზე, მტვერში. ჭიშკართან ვჩერდები და უკან ვიხედები. ალიონის ბინდბუნდში სახლი ისეთი არაამქვეყნიური და სრულქმნილი ჩანს, გული მეკუმშება. რაღაცას მეუბნება, რაღაცას კარგსა და ჯანსაღს. რაც არ გამოითქმის, და რაც მე მესმის. სიმშვიდე და რწმენა ილექება ჩემს კანქვეშ.

      უკანა გზა აღარაა ჩემთვის უცნობი, უდაბნო მშვიდია და ჩუმი, დაცლილი ყოველგვარი იდუმალი შფოთისგან. მინდორთან მისული გზას ვკვეთ და ყანაში მივაბიჯებ. შარაგზაზე სატვირთო მანქანას ვაჩერებ, მას მივყვები. მძღოლი ახალგაზრდაა, შავი წვერითა და გარუჯული სახით.

      ათობით აიათოლას ფოტო მიუკრავს მანქანის შუშაზე. ქალაქის შესასვლელში, ყავახანასთან ჩამოვდივარ და ახლაღა ვხვდები, როგორ მომშიებია. გათენდა. ზაფხულის ნათელი, თბილი დილა გათენდა.

      ჩემს ოთახში ვბრუნდები, ქალაქის სასტუმროში. რამდენიმე ზარი მხვდება თეირანიდან. ჩემი მეგობარი, რომელთანაც წინა საღამოს მქონდა დათქმული შეხვედრა, ყოფილა და გაბრუნებულა. ბარათი დაუტოვებია, რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარა. სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე. სტუდენტები მანიფესტაციას აწყობენ, ლექტორები კი გაფიცვას აპირებენ. ჩემს ხარახურას თავს ვუყრი, ჩანთას ვიღებ და მივდივარ. ქალაქის მოედანი ხალხითაა გაჭედილი. სატვირთო მანქანებშიც ტევა არ არის. სოფლიდან სოფელში დადიან. ლოზუნგებს აკრავენ, მუჰამედს ადიდებენ, ცხვარი დაუკლავთ. მის სისხლს საბარგო მანქანას უსვამენ. ახალგაზრდებს შავი პერანგები აცვიათ და ჰაერში მუშტებს იქნევენ.

      მაღაზიები დაკეტილია. ქალაქი – ნახევრად მკვდარი. ავადმყოფი მოხუცი ხველებ-ხველებით მიკაკუნებს მანქანის ფანჯარაზე. ქაღალდის ნაგლეჯი უჭირავს. ვერ კითხულობს. ძლივს ხედავს. ვუკითხავ, შორეული სოფლის მისამართია, ბოლო სახლისა თავდაღმართში, ჭადრის ხეების უკან.

      შარაგზა ხმაურიანია და მღელვარე. სავსეა სატვირთო მანქანებით, ურმებით, სახედრებითა და საპალნეებით. ყუმთან გზა ჩაკეტილია. მიცვალებულს მიასვენებენ. ვიცდი. ხალხი მუჰამედს ადიდებს. შავებში ჩაცმული ქალები ჩახუტებულნი მიდიან გზაზე. მათხოვარი ბიჭი ჩემს მანქანას ეკიდება. ჰაერი მტვრით და ბუღითაა სავსე, ბენზინისა და ნავთის სუნი ტრიალებს. მცხელა. ხვითქი გადამდის. ლამის დავიხრჩო, განზე გავდივარ. გზის გახსნას ველოდები. ...კვლავ გზას მიღობავენ. მანქანის საბუთს ითხოვენ, საბარგულს სინჯავენ, უკანა სავარძელზე გაზეთი მიდევს. ფურცლავენ. თან მიაქვთ. თავბრუ მეხვევა. სიგარეტის ბოლოს ვღეჭავ. ვაფურთხებ. საყვირს ვრთავ, ვყვირი, ვიღაც ქალი მუშტს ურტყამს ჩემი მანქანის შუშას და ილანძღება. ბავშვი ტირის.

      ტრასაზე სვლას ვუმატებ. სატვირთო მანქანები თავპირისმტვრევით მიქრიან ორივე მხარეს. ვერავის ამჩნევენ გზაზე. სასწაული იქნება, თეირანამდე ცოცხალმა თუ ჩავაღწიე. ყელი მეწვის, პირი მიშრება. ფანჯარას ვაღებ. ჰაერს დავეძებ, წვიმის წვეთს. სადაც თვალი სწვდება, ყველგან უდაბნოა და მტვერი, კლდოვანი მთები და აგურის ქარხნები.

      ...ხვალ დილას სხდომა მაქვს. დაპირებული სტატია დაუმთავრებელი მიდევს. მე კი, ჩასულიც არ ვიქნები, მეგობრის ბიძის დაკრძალვაზე უნდა წავიდე...

      უკანა მანქანა სიგნალს მაძლევს, გზას ითხოვს. არ ესმის, რომ ჩაკეტილი ვარ და ვერ გავატარებ. კვლავ მაძლევს სიგნალს, მოკლეს, გრძელს, უწყვეტს, თან იგინება და მემუქრება. მინდა, გადმოვიდე და ყურის ძირში გავულაწუნო. მინდა, ვინმეს ქეჩოში ვწვდე და შევაჯანჯღარო. მანქანების გამონაბოლქვი ჰაერს ამძიმებს. ცა ერთიანად გაჭვარტლულია. მძიმე, ცემენტისფერი ღრუბლები ჩამოქუფრულა. ჰაერი უხეშია, ხორკლიანი, თვალებს მიკაწრავს. გულს ლოდი მაწევს. მომავალ, ბურუსით მოცულ დღეებზე ვფიქრობ. უცბად მრუმე ცის სიღრმეში სამოთხის კარი იღება და ზეციურ წყალობასავით მევლინება სახლის ხატება, კრიალა და სურნელოვანი. ფრთხილად, ფეხაკრეფით მიახლოვდება. ვხედავ, რომ იქაა, მხოლოდ მისეული ედემის სურნელი მიმალულა წვრილმანებს უკან. ვიცი, რომ დროდადრო მოულოდნელად შემახსენებს თავს. ვიცი, რომ მძიმე, დამთრგუნველ საღამოს, მღელვარე დღესა თუ ისტორიის შფოთიან წუთებში, უიმედობის ბნელ ღამესა თუ სიკვდილის ჟამს ჩემთან მოვა და დამამშვიდებს.

      იგი – მარად იქ მყოფი, იგი – სრულქმნილი, იგი – ჩემი სულის დიდი ქალბატონი.

ნახვა: 440

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters