ჯონ გოლზუორთი - ქველმოქმედება

ჯონ გოლზუორთი, ქველმოქმედება, ლიტერატურა, ქველი, John Galsworthy, charity, Qwelly, literature

      ქალაქი ზღვისპირის – რესტინგტონი არცთუ ძალიან სქელ, მაგრამ მეტისმეტად ცივსა და ნესტიან ნისლს დაებურა. ნისლს შემოდგომის ხეები უცნაურ სამოსელში გაეხვია. ტამარისკს ობობის ქსელივით შემოსდებოდა. ჰენრი აივორი იძულებული გახდა, ფანჯარა მიეხურა, რომ ზღვის სუსტი შხუილი და ხმაური აღარ გაეგონა. ჩაის შემდეგ ღია ფანჯარასთან უყვარდა წერა და ამიტომ ახლა კალმით ხელში თვლემდა, როცა ოთახში შინამოსამსახურე შემოვიდა.

– ვიღაც ცოლ-ქმარია თქვენს სანახავად, ბატონო. თქვენ რომ შინ არ ბრძანდებოდით, მაშინაც იყვნენ.

      აივორი გამოფხიზლდა.

– კარგი, შემოიყვანეთ.

      კარი გაიღო, ოთახში ჯერ არყის სუნი შემოიჭრა, მერე კაცი, ქალი და ძაღლი მოჰყვა.

      აივორმა კალამი დადო და წამოდგა. არც ერთი არ ენახა მანამდე და მაშინვე გაუელვა თავში, რომ არც მოისურვებდა მეორედ მათ ნახვას. მაგრამ, რადგან არ იცოდა ხოლმე პირველი შთაბეჭდილების აყოლა, ახლაც თავდაცვითი ლოდინი არჩია. კაცი ოცდათხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. გაფითრებულს, მოღრეცილს და გამხდარს, სახე ნერვიულობისგან ემანჭებოდა.

– თქვენი აქ ყოფნა რომ გავიგეთ, ბატონო, და რადგან ბეჭდვით საქმესთანაც ვართ დაკავშირებულნი, ასე ვთქვათ...

      აივორმა თავი დაუქნია. სულაც არ უნდოდა თავის დაქნევა, მაგრამ არიდება ვერ მოახერხა და ქალს შეხედა. მისი სახისთანა გაქვავებული და უმეტყველი ჯერ არასოდეს ეხილა.

– მერე? – თქვა აივორმა.

      კაცის თხელი, ცალკუთხეჩამოწეული ტუჩები კვლავ აცმაცუნდა.

– თქვენ, როგორც ცნობილი მწერალი, – წარმოთქვა მან და არყის სუნი კიდევ უფრო გაძლიერდა.

      "მათხოვრობას გამბედაობა უნდა. სუსხიცაა და იქნებ გასამხნევებლადაც გადაჰკრა", – გაიფიქრა აივორმა.

– მერე? – კვლავ გაიმეორა მან.

– ასე ვთქვათ. – მიუგო კაცმა. – ძალიან საჩოთირო ყოფაში გახლავართ. მგონი, იცნობთ ბატონ გლოის... ჩარლზ გლოის. "კრიბიჯის" რედაქტორს...

– არა, არ ვიცნობ, – უთხრა აივორმა, – მაგრამ რატომ არ დაბრძანდებით? – და ორი სკამი მოუმარჯვა.

      კაცი და ქალი სკამებზე ჩამოსხდნენ; ძაღლიც იქვე წამოსკუპდა. აივორმა თვალი შეავლო მას – შიპერკის ჯიშისა იყო – და გაიფიქრა: "ნუთუ ძაღლი გულის ასაჩუყებლად მომიყვანეს?" – თუ აგრე იყო საქმე, ძაღლებში მხოლოდ ამ ჯიშისანი არ უყვარდა, მაგრამ პირუტყვი ძალიან ბეჩავი და საცოდავი ჩანდა.

– ჩემი ძმა ბატონ გლოისთან მუშაობს, – თქვა კაცმა, – ამიტომ, რადგან ბიჩჰემპტონს ვიყავით და თან უმუშევარიც გახლავართ, ასე ვთქვათ... ჩემი ცოლიც წამოვიყვანე... რადგან თქვენ ცნობილი ქველმოქმედი ბრძანდებით...

      აივორმა ნერვიულად ამოიღო პაპიროსი და ასევე ნერვიულად ჩადო უკან.

– არ ვიცი, რით შემიძლია დაგეხმაროთ, – წაიბუტბუტა მან.

      კაცმა ისევ დაიწყო: – მე სიმართლის თქმა მიყვარს, – განაგრძო კაცმა, – თუ ყურს დამიგდებთ...

      და აივორმაც მიუგდო ყური მის ამბავს ბეჭდვას, ომსა და ავადმყოფობაზე. ბოლოს სასოწარკვეთილმა აივორმა შესძახა: – მე ხომ არ შემიძლია თავდებად დავუდგე ისეთ კაცს, რომელსაც სრულიად არ ვიცნობ. ბოლოს და ბოლოს, რა გნებავთ ჩემგან?

      ქალის სახე უეცრად შეიცვალა, თითქოს ტირილი დააპირაო, მაგრამ ამ დროს ძაღლმა დაიწკმუტუნა და მან კალთაში ჩაისვა იგი. აივორმა გაიფიქრა: "რამდენი მექნება ჯიბეში ფული?"

– ბატონო აივორ, – უთხრა კაცმა, – მე, მართალი მოგახსენოთ, ასე ვთქვათ, სრულიად განადგურებული გახლავართ. ერთი ლონდონს დაბრუნება რომ მაინც შემეძლოს!..

– თქვენ რას იტყოდით, ქალბატონო?

      ქალს ტუჩები აუთრთოლდა და რაღაც წაიბურტყუნა, მაგრამ აივორმა ხელით ანიშნა შეჩერებულყო.

– კეთილი, – თქვა მან, – მე მოგცემთ ლონდონს ჩასასვლელ თანხას და ცოტა მეტსაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ არის და ეგ. ახლა კი უკაცრავად, აღარა მცალია.

      აივორი ადგა. კაციც წამოდგა.

– ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ; მაპატიეთ, მაგრამ მთელ ინგლისში ჩემს ცოლს ტოლი არ მოენახება ბავშვის ფაჩუჩების კერვაში.

– მართლა? – შესძახა აივორმა. – აი, ინებეთ! – და გაუწოდა გირვანქა სტერლინგიანი რამდენიმე ბანკნოტი. კაცმა ფული გამოართვა. შარვლის ერთი ტოტი საცოდავად ჰქონდა დაკერებული.

– რა თქმა უნდა, დიდად მადლობელი ვარ... – ამ სიტყვებით აივორს ისე შეხედა, თითქოს მისგან რაიმე წინააღმდეგობას მოელოდა და დასძინა: – ამაზე მეტი აბა რაღა შემიძლია გითხრათ?

– არაფერი, – მიუგო აივორმა და კარი გააღო.

– როგორც კი შევძლებ, მაშინვე გადაგიხდით ვალს, მერწმუნეთ.

– რა თქმა უნდა, – უთხრა აივორმა. – მშვიდობით! მშვიდობით, ქალბატონო! მშვიდობით, ფინიავ!

      სათითაოდ ჩაუარეს წინ და გავიდნენ ნისლში. აივორმა დაინახა, როგორ გაუყვნენ გზას, მერე შემოსასვლელი კარი დახურა, დაუბრუნდა თავის სკამს, ღრმად ამოიხვნეშა და ისევ კალამს მოჰკიდა ხელი.

      სამი გვერდი რომ დაწერა და თანაც ისე ჩამობნელდა, რომ უკვე ძნელადღა ხედავდა, ისევ შემოვიდა შინამოსამსახურე: – "შავი ძროხიდან" ბიჭი მოვიდა, ბატონო: იქ მისვლას გთხოვენ!

– მე?

– დიახ, ბატონო. ბიჭი ამბობს, არ ვიცით, რა ვუყოთ იმ კაცსა და ქალს. იმათ ისე გამოუცხადებიათ, ვითომ თქვენი მეგობრები არიან.

– ღმერთო ჩემო!

– დიახ, ბატონო, და რესტორნის პატრონი ამბობს, ალბათ თვითონაც არ იციან, საიდან არიანო.

– ოჰ, ღმერთო! – აღმოხდა აივორს.

      მაინც წამოდგა, ჩაიცვა პალტო და წავიდა.

      "შავი ძროხის" განათებულ ზღურბლზე რესტორნის პატრონი დახვდა.

– ბოდიშს ვიხდი, რომ შეგაწუხეთ, ბატონო, მაგრამ არ ვიცი, რა ვუყო ამ თქვენს მეგობრებს.

      აივორი მოიღუშა.

– მე ეგენი მხოლოდ დღეს ნაშუადღევს ვნახე პირველად. მარტო ფული მივეცი ლონდონს გასამგზავრებლად. მთვრალები არიან?

– მთვრალებიო! – შესძახა მედუქნემ, – ოჰ, რომ მცოდნოდა, რომ თუნდაც ცოტა შემთვრალი იყო ეგ კაცი, მაგათ აქ როგორ შემოვუშვებდი! ის ქალი კი ზის და იცინის. ადგილიდან ვერ მოვაცვლევინე ფეხი და უკვე დაკეტვის დრო კი გახლავთ...

– კეთილი, – წაიბუტბუტა აივორმა, – აბა, დავხედოთ, რას აკეთებენ! – და შიგ შეჰყვა მეპატრონეს.

      კაცი და ქალი ფანჯარასთან ისხდნენ დარბაზში. მაგიდაზე წინ კათხები ედგათ. ძაღლს ქალის ფერხთით ეძინა, თვით მანდილოსნის პირს კი სულელური ღიმილი დასთამაშებდა. აივორმა კაცს შეხედა – სახე გამოთაყვანებული და ბედნიერი ჰქონდა. ბეჩავი და შავბნელი სამყაროს წარმომადგენელნი, ახლა თითქმის სრულ ნეტარებას მისცემოდნენ.

– ბატონი აივორი! – თქვა კაცმა. – ასეც ვიფიქრე... მე მთვრალი არა ვარ!..

– არა, – უთხრა აივორმა, – მაგრამ, მე მეგონა, ლონდონს გინდოდათ წასვლა. სადგური ნახევარი მილითაც კი არაა აქედან დაშორებული.

– მართლაც... ლონდონს გვინდა წასვლა...

– წამოდით მაშ, მე გაჩვენებთ გზას.

– კეთილი და პატიოსანი! ჩვენ შეგვიძლია კიდეც წამოვიდეთ, ასე ვთქვათ, – და კაცი წამოდგა. ძაღლი და ქალიც ადგნენ. სამივე ბარბაცით გავიდა გარეთ.

      ჯერ კაცი მიდიოდა, მერე ქალი, მერე ძაღლი და მიტორტმანებდნენ ჩაბნელებულ ნისლში. აივორიც მიჰყვა მათ და თან ნატრობდა, რაიმე ტრანსპორტს არ შეეჩეხონო. წინ კაცის ხმამ დაარღვია სიჩუმე.

– ჰენრი აივორი!

      აღელვებული აივორი მიუახლოვდა.

– ჰენრი აივორი! ვიცი, ახლა თავის თავს ეუბნება, საიდან გამოტყვრნენ ესენიო? ვიცი, ასე ვთქვათ, მისი ამბავი. ეგ ჰენრი აივორი რიღას მაქნისია? მხოლოდ წიგნების მწერალია. მერე განა მე რითიმე მჯობია? არა, სულაც არა, თუ დამიჯერებთ. ვიცი, ფიქრობს, როგორ მოვიშორო ესენი თავიდანო! – კაცი უეცრად შედგა და კინაღამ აივორს დააბიჯა ფეხის წვერებზე. – სადაა ძაღლი... ხელში აიყვანე, თორემ ფეხებს დაისველებს.

      ქალი ძლივს დაიხარა, აიყვანა ძაღლი და ორივემ კვლავ ფამფალით განაგრძეს გზა. მოღუშული და შეწუხებული აივორი ახლა გვერდით მიჰყვებოდა მათ. კაცმა თითქოს ახლაღა შეამჩნია იგი.

– ბატონო აივორ, – უთხრა, – ასეც ვიფიქრე... მე მთვრალი არ ვარ. განა ამაზე უკეთ შემიძლია ვთქვა რამე? მე თქვენსავით წიგნების მწერალი არ გახლავართ, არც, ასე ვთქვათ, ჯიბესქელი ბობოლა ვარ. ახლა მინდა გკითხოთ: ჩემ ადგილას თქვენ რას იზამდით?

      სიჩუმე ჩამოვარდა. მარტო ქალის ფეხის ფლატუნი ისმოდა უკანიდან.

– მე არ გადანაშაულებთ, – თქვა კაცმა, რომელიც უფრო და უფრო უკიდებდა ენას. – რა თქვენი ბრალია, რომ ბობოლა ხართ? მაგრამ მე რაღა დამრჩენია თავდავიწყების გარდა, ასე ვთქვათ?

      ნისლში რაღაცამ სუსტად გამოანათა.

      მოულოდნელად სულ ახლოს სადგურის შენობა აეტუზათ წინ. აივორი იქით გაემართა.

– ლონდონს მივდივართ? – თქვა კაცმა, –კეთილი და პატიოსანი!

      იგი ბარბაცით შევიდა განათებულ შესასვლელში და ქალი და ძაღლიც უკან მიჰყვნენ. აივორმა დაინახა, ტორტმანით როგორ გაიარეს კარი. თვითონ კი შემოტრიალდა და ნისლს მოაშურა.

      "ახია ჩემზე", გაიფიქრა მან, როცა მირბოდა, "ახია ჩემზე!" რატომ დაეხმარა? მაგრამ ამას რაღას დაგიდევდათ, რაკი ის კაცი, ქალი და ძაღლი უკვე თავიდან მოიშორა!

      1922 წ.

ნახვა: 323

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters