გოლი თარაყი - სადმე სხვაგან
ამირალის (ვუწოდოთ მას ამირალი X) მშვიდი და უდარდელი ცხოვრება ერთ ღამეს – შეიძლება დავასახელოთ ზუსტი თარიღი და დროც: პარასკევი, ათას სამას სამოცდაჩვიდმეტი წლის ჩვიდმეტი მეჰრი; ნული საათი და თერთმეტი წუთი, – თავდაყირა დადგა. ეს მოხდა გაურკვეველი მიზეზით, შეიძლება ითქვას, რაღაც იდუმალი ფიზიკური დაავადებისა გამო (რაც გამოიხატებოდა გაბმული მთქნარებით და გულისრევით), ან ერთგვარი სულიერი მღელვარების შედეგად (თუმცაღა ამირალი გონებრივად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ).
მისი გაბნეული ჩანაწერები და წერილები ჩემთან ინახება. ეს ნდობა და ახლობლობა უბრალო მიზეზით აიხსნება: მე და ამირალი ერთად გავიზარდეთ, დღემუდამ ერთად ვიყავით. ვინც შორიდან გვიცნობდა, ძმები ან ახლო ნათესავები ვეგონეთ. ვგავდით კიდეც ერთმანეთს. ეს შეძენილი მსგავსება გახლდათ. მიხრა-მოხრა, სიარული, სიცილი, განსაკუთრებით კი ლაპარაკის მანერა, ერთნაირი გვქონდა. მე ვბაძავდი მას. ისე, რომ ვერ ვაცნობიერებდი. ჩემდა უნებურად. დამეგობრების დღიდანვე – ორი თანაკლასელი ბიჭის მეგობრობაზე მოგახსენებთ – ამირალი მნიშვნელოვან პიროვნებად მესახებოდა, განსაკუთრებულ ადამიანად, რომელიც არავის ჰგავდა. ცხოვრებამ იგი მშვიდ, გონიერ თანამედროვე კაცად, მორჩილ ქმრად, ავტორიტეტული ფირმის ვიცე-პრეზიდენტად აქცია, რომელმაც იცის საჭირო კომპრომისებზე წასვლა და მოდური გარიგებები ეხერხება. ყოველივე ამის მიუხედავად, ვიცოდი (რადგან დიდი ხანია ვიცნობდი), რომ ერთი შეხედვით მოსაწონი და რაციონალური ადამიანის მიღმა სხვა ამირალი იმალებოდა, შინაგანი სამყაროს მდუმარე სიღრმეში გამომწყვდეული და გაქცევის მომლოდინე. წლები გავიდა, რაც მასზე არაფერი მსმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს (ღმერთმა უწყის, სად არის ეს „სად“), ქვეყნიერების დასალიერზე, ჩრდილოეთ პოლუსზე, აზვირთებულ ოკეანეში, უცნობ ტყეებში თუ აქვე, ახლომახლო პატარა სოფელში, შორსაა თუ ახლოს, თავს კარგად უნდა გრძნობდეს და ერთ დღესაც გამოგვეცხადება. კარგად-მეთქი რომ ვამბობ, განსაკუთრებულ მდგომარეობას ვგულისხმობ, რომელიც ამირალის სამყაროსა და მსოფლმხედველობას უკავშირდება. ეს ჩემი და თქვენი „კარგად ყოფნა“ არ გეგონოთ. „მე“, „თქვენ“ და „სხვებს“ რომ ვამბობ, წინდახედულ კონსერვატორ ადამიანებზე მოგახსენებთ, იმ ადამიანებზე, გაკვალული გზით რომ დავდივართ. მის გაბნეულ ჩანაწერებსა და წერილებს თავს ვუყრი და თვალს ვავლებ ჩემს მოგონებებს: ბავშვობას, ზაფხულის დღეებს, როცა ჩვენს ოჯახს აგარაკზე მოჰყვებოდა, მის უცნაურ გამონათქვამებს, სურვილებს, სიზმრებსა და ოცნებებს, ციური ხდომილებებისა და სამყაროს საიდუმლოებებისადმი მის ტრფიალს (პატარა ასტრონომი!), ფარულ ომს მამასთან და მასწავლებლებთან – ყველასთან, ვისაც ამირალის სანიმუშო შვილად და მოწაფედ ქცევა სურდა, დღეს, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად რომ მიდიოდა, მის დაბრუნებას, ქორწილის ღამეს, დღეს, როცა უკანასკნელად ვნახე და ვცდილობ, აღვიდგინო მისი ცხოვრება. მსურს, შევიცნო იგი – ნამდვილი ამირალი, დავაკვირდე მას, ადამიანებთან მის ურთიერთობებს, ბრძოლებსა და გაქცევას, ფარულ ბრაზსა და ჯიუტ დუმილს, სახეზე აფარებულ ნიღაბს, საკუთარი თავისა და სხვების მოტყუებას. ნაწილებად ვშლი ამ პიროვნებასა და მის წარსულს, რათა რაიმე ახალი აღმოვაჩინო ამირალის და უფრო მეტად, თუ სიმართლე გნებავთ, საკუთარი თავის შესახებ. ბევრი რამ მაქვს გასარკვევი. კითხვა მრავალია.
დავიწყებ იმ უჩვეულო ღამით, ავადსახსენებელი წვეულებით, როდესაც ის იდუმალი არსება, უხილავი აჩრდილი (სათქმელად იოლი როდია!), სხვა ამირალი გამოჩნდა. თითქოს რაიმე ფილმს ვუცქერდეთ – სცენა სცენას ცვლის: ამირალის სძინავს. ღამით ადრე წვება ხოლმე, კარგი ძილი სჩვევია. სიზმარი, მით უფრო, შფოთიანი და ავის მომასწავებელი, იშვიათად ესიზმრება. თვალს დახუჭავს თუ არა, ფიქრებსა და მოგონებებს გადაეფარება თეთრი გამჭვირვალე საბურველი, როგორც მძიმე და უხმაურო თოვლი, ქალაქის თავზე რომ ბარდნის, – დავიწყების თოვლი. ამირალი იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც არ ხვრინავენ, შუაღამისას წყურვილი არ კლავთ და, ირიჟრაჟებს თუ არა, საპირფარეშოში არ დარბიან. დილაობით სიზარმაცე სძლევს ხოლმე, ძილი სწყურია. ან ძილ-ბურანში თავზე ზეწარს წაიფარებს და ფიქრობს იმაზე, რაც გულს გაუხარდება: სანუკვარ მოგზაურობებზე შიშველი უდაბნოებისკენ და ყინულოვანი ქვეყნების თოვლიანი ტრამალებისკენ, კოსმოსურ თავგადასავლებზე, შორეულ გალაქტიკაში ბინადრობის ალბათობაზე, სხვაგვარად ცხოვრების შესაძლებლობაზე – უკეთეს ადგილას. სად? თავადაც არ იცის. ეგებ, აქვე, ამავე ქალაქში, ამავე ქვეყანაში, მემკვიდრეობით რომ ერგო, ბეტონის გალავნების გადაღმა, ადგილას, რომელიც მის ფიქრებსა და წარმოდგენებს ეხმიანება, ესაზღვრება ყველაფერს, რაც უყვარს, ახლოა მის სულიერ მიქცევა-მოქცევასთან, შინაგან პულსაციასთან, მასთან – მის რეალურ „მესთან“, მაგრამ თავისთვის ამის ნება ვერ მიუცია. იცის, რომ ზუსტად რვა საათზე სამუშაო მაგიდას უნდა უჯდეს. უნდა! და ეს „უნდა“ გონებაში წითელი ასოებით ამოუტვიფრავს. ან ამოუტვიფრავთ. ცოლის წაქეზებითა და დაჟინებით საუზმის წინ ვარჯიშობს, ისევ და ისევ ცოლის დაჟინებითა და წაქეზებით უფრთხილდება წონასა და ფიგურას. მარილიანი პირისახე აქვს, სულ ცოტა, ოცი წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. ქალები გარს ეხვევიან, ცოლი – მალექაზარი ცოტ-ცოტას ეჭვიანობს, თუმცაღა გულარხეინად არის. იცის: ეს კაცი, ისევე, როგორც შვილები, პირადობის მოწმობა, სახლი და ავლადიდება, ძველი ანტიკვარული ნივთები, მას ეკუთვნის – მის გარეშე ვერ იარსებებს. ამ აზრს მეტ-ნაკლებად ყველა იზიარებს, ყველა – ჩემ გარდა.
გვერდით უწევს მალექაზარი – ვარდის თაიგულივით – ტურფა, ლამაზი, სურნელოვანი. მშვიდად სუნთქავს, ძილშიაც კი ბაგიდან ღიმილი არ შორდება. ალბათ ქმარ-შვილი ესიზმრება და ბედნიერია. შიგადაშიგ ძილ-ბურანში ხელს გადაყოფს, თითებით ამირალის მხარზე ან ყელზე ეალერსება. თითქოს სურს, დარწმუნდეს, გვერდით რომ ჰყავს. ღამით რამდენჯერმე იღვიძებს, ქმარს დიდხანს თვალს არ აშორებს, ეხუტება და ყურში ნაზად ალერსიან სიტყვებს უჩურჩულებს. ზოგჯერ აღვიძებს, ხმა რომ გაიგონოს, დარწმუნდეს, რომ არაფერი უჭირს, ბედნიერია, კმაყოფილია მასთან ცხოვრებით და ისევე ძლიერ უყვარს, როგორც ნაცნობობის პირველ ხანებში, იქნებ – მეტადაც. ხომ ასეა? კი თუ არა?
ამირალის კარგი ძილი სჩვევია. იღვიძებს, წრიალებს, თითო-ოროლა გაუგებარ სიტყვას ამოილუღლუღებს, ცოლის შიშველ ყელს ხელს შეავლებს და ძილს შეიბრუნებს. რაც არ უნდა იყოს, შუაღამით გაღვიძება და სალაპარაკოდ გამოწვევა არ ეპიტნავება. შეუძლია უთხრას: „ქალო, დამეხსენი! შემარგე ძილი! ხვალ დილამდე ვერ მოიცდი?“ მაგრამ არ ამბობს. მეტისმეტად გულკეთილია, ან იქნებ ნებისყოფა არ ჰყოფნის. იცის, ხმის ამოღება, მით უფრო, „ძვირფასო, ნუ მაწუხებ, მეძინება“, ისეთი საშიში ფრაზაა, რომელსაც ათასგვარი განმარტება და კომენტარი მოჰყვება, თავის ატკივებად არ ღირს. მალექაზარს უყვარს ეს კაცი, საკუთარ შვილებზე მეტად უყვარს. თავადვე ამბობს, ეუბნება ყველას: მე, უცნობებსაც კი. ამის აღიარება სიამოვნებას ჰგვრის, სიამოვნებას, რომელსაც მისი გამარჯვებული ღიმილისა და ხმის მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა დამალული ღელვა, შიში და ჩუმი შფოთვა ახლავს თან. უცნაური დაჟინებით ცდილობს, შემაგნებინოს და დამაჯეროს, რომ ამირალი უყვარს ისე, როგორც არასდროს, უფრო მეტად, ვიდრე პირველ ხანებში, უყვარს მთელ ქვეყანაზე მეტად. რა მეთქმის! დაე, ეგრე იყოს. მაგრამ რომ აღარ მეშვება! უხილავი ლახვარი ვადამდე უნდა ჩამცეს გულ-მუცელში და ქალებისათვის ჩვეული დაუნდობლობით გულის ძველ იარებზე მარილს მაყრის. (მართალიცაა. მესმის. ძველი ისტორიაა, ვისი რა საქმეა! ჩვენს თხრობას არ ეხება ეს ამბავი). თვალს ვერ მისწორებს, რადგან ჩემს მზერაში ეჭვის უმცირესი ტალღის შემჩნევაც კი აფრთხობს. ხვდება, რომ ბოლომდე ვხედავ მის სახეს, თითოეულ შრეს. ვიცნობ მრავალ ნიღაბს ამოფარებულ მის სხვადასხვა გამომეტყველებას, როგორც ფერადი ტილოს შექმნის ისტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ – შავი ფანქრით შესრულებული მკრთალი ესკიზიდან დაწყებული ფუნჯის საბოლოო მოსმამდე, ერთი შეხედვით სრულყოფილს, მაგრამ მუდამ დაუსრულებელს.
ამირალი მალექაზარის დედის ერთ-ერთ ძმას ერქვა, რომელიც სიყმაწვილეში გარდაიცვალა. არავინ ლაპარაკობს მასზე, სახელსაც არ ახსენებენ. მისი ფოტოები ჩამოხსნეს და ცდილობენ, მეხსიერებიდან ამოშალონ. ეს სახელი მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს, ოჯახის წევრებს სევდას ჰგვრის. ამირალის სხვა სახელი უნდა მოუძებნონ. უნდა! მალექაზარი ძველი ირანის ტრფიალია. ქმრისთვის რაიმე არისტოკრატული (აქემენიდური ან აშკანური) სახელის დარქმევა სურს, ამირალისთვის კი უცხოა ძველებური სახელები. მოსწონს თავისი სახელი, საკუთარი სხეულის, სულისა და ბედის ნაწილად მიიჩნევს, როგორც დაბადების თარიღს, როგორც საკუთარი კანის ფერსა და სიმაღლეს. შეთვისებულია ამ სახელთან, მის გარეშე სხვა ადამიანად იქცევა. ის კი არა, არ სიამოვნებს ამირად და ალიდ რომ ანაწევრებენ და ერთ-ერთს ეძახიან. წერისას ამ ორს შორის დეფისს დასვამს ხოლმე (ამირ-ალი) და ეს შემაერთებელი ხაზი მაცოცხლებელი ჭიპლარივით მას საკუთარ თავთან აკავშირებს. მალექაზარი ამჩნევს, რომ ქმარს უმანკო სახე, მორჩილი თვალები შველს მიუგავს და მას „მალექაჰუს“ ეძახის. სახელის ნახევარს ჩუქნის – მნიშვნელოვან ნახევარს – და თავისი გენეალოგიური ხის სრულუფლებიან წევრად აქცევს. რომ შესძლებოდა ან გამბედაობა ჰყოფნოდა, თავის სახელს მთლიანად უძღვნიდა. ორივენი ერთი სახელით შეიკვრებოდნენ, ერთ განუყოფელ ადამიანად იქცეოდნენ. რამდენჯერ უთქვამს მისთვის, ოდესმე ერთმანეთს თუ დავშორდით, იმავე დღეს, იმავე წამს მოვკვდები იმ ადამიანივით, გული და ტვინი რომ დაუფლითესო. ამირალის ცოლის სიტყვებზე ეღიმება და ფარ-ხმალს ყრის. საკუთარი ცხოვრება და ბედ-იღბალი მას მიანდო, თავად მოქმედებისთვის ინიციატივას არ იჩენს. ხალხი დარწმუნებულია, რომ ამირალის კაპიტულაცია ცოლისადმი ძლიერი სიმპათიითა და სიყვარულით არის გამოწვეული, მე კი, ვინც ხუთი თითივით ვიცნობ მას, ვიცი, რომ ამირალი კომეტის გამოჩენის დროს დაიბადა და მიუწვდომელი, მოუხელთებელი არსებაა. არავის ეკუთვნის. არავის. ფარული სამყარო აქვს, რომელსაც არავის გააკარებს. ამირალის შინაგანი სამყარო ჩემთვის უცხო არ არის, რადგან ბავშვობიდან ვიცნობ. ვიცი, ცოლის სურვილებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ნებისყოფა არ ჰყოფნის. უმალვე ეთანხმება, რათა თავი დაიხსნას. აი, მაგალითად, პროფესია და სამსახური მალექაზარმა შეურჩია. ისეთი მგრძნობიარე და მეოცნებე კაცისათვის კი, როგორიც ამირალია, კომერციული ფირმის მაგიდასთან ჯდომა მოსაწყენი და მომაკვდინებელია. მაგრამ ითმენს, რადგან ზარმაცი და გულგრილი გახდა, ურჩევნია, მის ნაცვლად სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება. პროფესიის არჩევის საშუალება რომ ჰქონოდა, ასტრონომი გახდებოდა. კიდევ კარგი, ასე არ მოხდა. რადგან მეცნიერული შეხედულებები უცნაურ ფანტაზიასთან აქვს შერწყმული. თუ ვინმე, ვინც კარგად არ იცნობს, დაუჯდება და მოუსმენს ამირალის, დაასკვნის, რომ ეს პატივცემული ბატონი, კოჭისა და ძაფის იმპორტიორი ფირმის მმართველი, უცხოეთში განათლებამიღებული, მაინცდამაინც სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოს ისევე, როგორც ადამიანთა უმრავლესობა და რომ ომსა და რევოლუციას მისი აზროვნებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ასეა თუ ისე, სახელის შეცვლა ამირალის არ ეჭაშნიკება. როცა ცოლი ამ სახელით მიმართავს, თვალწინ დაუდგება ხოლმე ახლად მონადირებული აცახცახებული, დამფრთხალი შველი, რომელიც სამწვადედ უნდა აქნან და გული ეკუმშება.
მალექაზარი წინდახედული და გონიერი ქალია. ყველაფრის ზომა-წონა იცის. ვიდრე რამეს იტყოდეს, დაფიქრდება, გონებას მოიკრებს. ერთი შეხედვით, ცივი და კონსერვატული ჩანს, არც გულიანი სიცილი ეხერხება და არც სხვების გაცინება გამოსდის. თავს აკონტროლებს, ვერ ბედავს, აჰყვეს გულისთქმას ან სხეულის მოთხოვნილებას – უბრალო ფიზიკურ საჭიროებებს, – ვთქვათ, დაბუჟებული ფეხის გაჭიმვას, სკამზე გადაწოლას, ქუთუთოების დახუჭვას, როცა ძლიერ დაღლილია და ეძინება. მალექაზარის სხეული და გონება ორი ათას კანონს, ორი ათას მოსაზრებას, სიფრთხილესა და ეჭვს, ორი ათას ჭოჭმანსა და შიშს ემორჩილება. ისიც კი არ შეუძლია, ქმარს გამოუტყდეს, რომ სიგიჟემდე უყვარს. „სიგიჟე“ მისი ფრთხილი გონებიდან განდევნილი, ტაბუდადებული სიტყვაა, გენეტიკური სიამაყე ბოჭავს. ამირალი – პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, წინდახედულია და პეწენიკი, წესრიგის კაცი არ გახლავთ. ველურია მისი სულის რაღაც ნაწილი და, თუ მიუშვეს, სადმე მთაში ან უდაბნოში, უცნობ ქალაქებსა და პირველყოფილ ტომებთან ამოყოფს თავს. არ გამიკვირდება, ამირალის ძვლებს აფრიკის ჯუნგლებში ან სადმე ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად თუ აღმოაჩენენ. არ გავიოცებ, თუკი გავიგე, რომ კოსმოსური ხომალდით მთვარეზე ან უფრო შორეულ ვარსკვლავზე გაფრენილა. ამ გარეგნულად მშვიდი და წყნარი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყოველგვარი სიგიჟე. სულ სახრე უნდა გეჭიროს ხელში და ხედნო. მალექაზარმა იცის, როგორ მოექცეს და აღვირი როგორ ამოსდოს. ამირაჰუ ჭკვიანი და მოწესრიგებული ადამიანი გახდა, ცხოვრებით კმაყოფილი ჩანს. შორიდან ვუყურებ. ველი, როგორც ყოველთვის. ეგებ სასწაული მოხდეს. ეგებ გამოვიდეს. რა? – თავადაც არ ვიცი, ან, იქნებ, თქმა არ მინდა.
სად გავჩერდით? გვერდიგვერდ მძინარე ცოლ-ქმარს შევცქეროდით. ცხოვრებაში პირველად ამირალი დიდ, რბილ ტახტზე წრიალებს და სული ეხუთება. სწყურია. სცხელა, ფეხისგულები ეწვის. ვგონებ, სიცხე უნდა ჰქონდეს. აბეზარი კოღო სახესთან უტრიალებს და შორდება. ძილ-ბურანში მყოფი ამირალი კოღოს დაბრუნებასა და ულმობელ იერიშს ელის. ხედავს – ჩამიჩუმი არ ისმის. შვებით ამოისუნთქავს. სახიდან ზეწარს გადაიძრობს თუ არა, სწორედ მაშინ ჩაესმის ყურში კოღოს საშინელი წუილი. კოღო შუბლსა და კისერზე კბენს. ამირალი ისეა გამწარებული, ლამისაა ჩამოიღოს და მილეწ-მოლეწოს ყველაფერი: თუნდაც, ჭერში დაკიდებული უშველებელი ჭაღი ფოჩებიან-ჟღარუნებიან-პლაფონებიან-ბროლისსაკიდებიანად; ანაც – ტახტთან პატარა მაგიდაზე მდგარი ძვირფასი თასი. ეჯავრება ეს ძველი თასი, სიბერისა და გარდასულ დღეთა სურნელი რომ უდის. ბებიას სახლში ასეთივე თასი აქვთ და სიკვდილს აგონებს. ამირალი მგრძნობიარეა, ალალი, უყვარს ოთახის მცენარეები, ყველაფერი, რაც ცოცხალია და იზრდება, ღია სივრცის, ცისა და ფართო ჰორიზონტების ტრფიალია. ბანზე ან ბაღში დაძინებას ნატრობს, ვერ ეგუება დაბალჭერიან დახუნძლულ ოთახებს. ერთი სული აქვს, ყველა ანტიკვარული ნივთი, ძვირფასი ჯამ-ჭურჭელი, ყაჯართა ხანის ნახატები და ძველი, საუკუნეების მტვერს გამორიდებული საგნები ჩამოიღოს მაგიდებიდან და კედლებიდან, მათ ნაცვლად კი ყვავილები და მცენარეები დააწყოს, ფარდები გადასწიოს, საწოლი ფანჯარასთან დაიდგას, მთვარისა და ვარსკვლავების ცქერაში ჩაეძინოს. აი, მალექაზარი კი ნამდვილი ბატონიშვილია. აბრეშუმის ხალიჩებსა და ხავერდის მასიურ ფარდებშია გაზრდილი, ხალვათობას და ცარიელ ოთახებს გაურბის. საძინებლის კედელზე, საწოლის პირდაპირ, უკიდია ძრწოლისმომგვრელი სურათი დიდი წინაპრისა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გამჭოლ და მუქარით სავსე მზერას არ აშორებს მას. წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ძველი თასებისა და ჭურჭლის გარემოცვაში მალექაზარი თავს მშვიდად გრძნობს, ამ ნივთების რამდენიმეასეულწლიანი არსებობა გულს უმხნევებს. შეყვარებულია ამ ნივთებზე, თვლის, რომ ისინი მის საკუთრებას წარმოადგენენ, მას ეკუთვნიან. იმ ღამით ამირალის ვარდ-ყვავილები არ აგონდება, მხოლოდ წყეულ კოღოსთან ბრძოლაზე ფიქრობს. შუბლსა და კისერზე ხელს გამეტებით ირტყამს. თითებქვეშ რაღაც სლიპინა, სისხლით გაბერილ სხეულს შეიგრძნობს და ბაგეზე ფართო ღიმილი აღებეჭდება. იზმორება. მადიანად ამთქნარებს და სახით ბალიშის გრილ კუთხეს ეკვრის. მისი ფიქრებისა და ქუთუთოების მიღმა ძილი ჩაბუდებულა. ტვინის ნახევარი მოდუნებულია, თუმცა სხეულს ვერ მოუსვენია, აღგზნებულია. ხელებს ღვიძავთ, ჩვეულ ადგილს ვერ პოულობენ. თვალები დახუჭული აქვს, მაგრამ ხედავს თავზე დაკიდებულ ჭაღს, პლაფონების, ნათურებისა და ბროლის საკიდების მთელ სიმძიმეს მკერდით შეიგრძნობს, ფიქრობს ცაზე, თაბაშირის სქელი ჭერის მიღმა რომ ეგულება, გაშლილ სივრცეებზე, ღია ჰორიზონტებსა და სხვაგვარად ცხოვრების შესაძლებლობაზე. სადმე სხვაგან.
მალექაზარი გვერდს იბრუნებს. ფეხის გაყინული თითები ქმრის ფეხზე მოუხვდება. ამირალის შეაჟრჟოლებს. ჩხავიან მეზობლის კატები, ერთმანეთს ეძგერებიან, დედალი კატა გულდათუთქული მოთქმით სწორს უხმობს. ამირალი წამოჯდება. გულს ბაგაბუგი გაუდის. სუნთქვა შეჰკვრია. „რაღაც საჭმელმა მაწყინაო“, ფიქრობს და სხეულის უცნაურ ხურვებას ნაყროვანებასა და დაღლილობას მიაწერს. იმ საღამოს წვეულება გამართეს. მოსაღამოვდა თუ არა, ამირალის გაბმული მთქნარება აუტყდა და სავახშმოდ მაგიდასთან დასხდომამდე არ შეუწყვეტია. კუჭ-ნაწლავიდან დაძრული გაუთავებელი, უზომო მთქნარება იყო სხეულის ზმორებისა და თვალებიდან ცრემლდენის თანხლებით. ამგვარი დევისებური ზმორება, თანაც ასე ერთმანეთის მიყოლებით – ათ-ათჯერ, სხვების ლაპარაკის ფონზე, მისებრი ზრდილი და კულტურული ადამიანისგან მოულოდნელი გახლდათ, სტუმრები მისკენ თვალს აპარებდნენ, დარცხვენილ ამირალის პირზე ხელი აეფარებინა და ტყავიდან ძვრებოდა, რომ როგორმე პირი არ გაღებოდა. მისი ნება რომ ყოფილიყო, თავს მაგიდაზე ჩამოდებდა და დაიძინებდა. რაც არ უნდა იყოს, სტუმრების თვალწინ მასპინძლის თვლემა ვერაფერი ბედენაა. ამირალი შორიდან ცოლის შეშფოთებულ, საყვედურით სავსე მზერას გრძნობდა და იშმუშნებოდა. ერთი-ორჯერ ყასიდად გაიცინა – უადგილო და უღიმღამო სიცილი გამოუვიდა, ხოლო სერიოზულ თემაზე საუბრისას რაღაც სულელური და უმსგავსი წამოროშა. უზომო ძალისხმევის მიუხედავად, გონიერი და ფხიზელი მოსჩვენებოდა სხვებს, ქუთუთოები ერთმანეთს ეწებებოდა და თვალებს გაჭირვებით ახელდა. ადამიანებს თვალს თვალში უყრიდა (აქაოდა, ფხიზლად ვარ და ყურადღებით გისმენთო). თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა. რაღაც უცნაური სჭირდა. ეჩვენებოდა, თითქოს გარშემო მრავლდებოდნენ საგნები: მაგიდაზე დალაგებული თეფშები, ლანგარზე დაწყობილი ჯუჯექაბაბის ნაჭრები, ჭაღის ბროლის საკიდები და გულში უცნაური შიში ეპარებოდა. გვერდით მჯდომი სტუმარი გატაცებით ილუკმებოდა, მაგრამ თეფშს არაფერი აკლდებოდა. ამირალის რამდენჯერაც მოუხვდა თვალი მის თეფშზე, დაინახა, რომ ყველაფერი ადგილზე იყო: კარტოფილი, ქათმის ბარკალი, მწვანე სალათის ფოთლები, ბრინჯი, ბოლოკი. კიდევ უარესი – მეზობელს პირში ლუკმა ედო, რომელსაც არ ყლაპავდა, ღეჭავდა, ერთი ლოყიდან მეორისკენ გადაიტანდა, დააბრუნებდა და ისევ ღეჭვას მოჰყვებოდა. ამირალის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შეცდომით სხვა წამალი ან ცუდი ღვინო დაელიოს. თვალები დახუჭა. წამით ჩაეყვინთა, თავი მკერდზე ჩამოუვარდა. გადაქანდა. ის იყო, სკამიდან უნდა ჩამოვარდნილიყო, რომ ძილიდან გამოერკვა და გაოგნებულმა ირგვლივ მიმოიხედა. ერთ ქალბატონს, ვაიო, აღმოხდა, ვიღაცას გაეცინა. მალექაზარის ქედმაღლური მზერა, ვითარცა შხამიანი ისარი, ბროლის ჭიქებს გამოსცდა, სტუმრებს თავზე გადაევლო და ამირალის გულს ეკვეთა. მისი დელიკატური, კულტურული ქმარი პირველად სჩადიოდა დაუფიქრებელ, საზოგადოებისთვის მიუღებელ საქციელს. ვითარების განსამუხტავად სტუმრებმა ჯუჯექაბაბზე მიიტანეს იერიში, ვიღაც დაწვრილებით მოჰყვა რამდენიმე უკბილო, გრძელ ანეგდოტს, რომელიც თითოეულს ასჯერ ჰქონდა მოსმენილი. თავად სიცილით გაიჭაჭა, სხვებმა ნაძალადევად გაიღიმეს.
ამირალი ებრძოდა მაჯლაჯუნასავით მოწოლილ ძილსა და ძლიერ მოთენთილობას. გრძნობდა, როგორ დაიძრა უწინდელზე უფრო ძლიერი მთქნარება ნაწლავებიდან, როგორ მოემართებოდა ყელისა და პირისკენ. ტუჩები მოკუმა, ცხვირის ნესტოები გაეშალა, ლოყები თხელი ბუშტებივით დაებერა. უნებურად ხელი გაიწოდა, სუფრასთან გვერდით მჯდომი ქალბატონის ხელსახოცი ჩაბღუჯა და პირში ჩაიტენა. თუმცა მაინც ხორხის სიღრმიდან უცნაური, ცხვრის ბღავილის მსგავსი „ბე.. ბე.. ბე..“ ამოუშვა და ცოლს სიტყვა გააწყვეტინა. სიჩუმე ჩამოვარდა, მალექაზარმა ნაძალადევად გაიცინა. სალათიანი ჭურჭელი ჩამოატარა, ჯიუტად და დაძალებით ყველას თითო კოვზი ფესენჯანის ხორეშთი გადმოუღო.
კარზე ზარი დაირეკა. აღელვებული და აღშფოთებული ახალგაზრდა ქალი ხმაურით, ქოთქოთითა და ჩხუბით შემოიჭრა ოთახში, თავშალი და მოსასხამი კუთხეში მოისროლა და თავისი უხეირო, უნიათო ქმარი ამქვეყნად არსებულ ყველა ცოდვაში დაადანაშაულა. როგორც გაირკვა, ეს ქალბატონი საკუთარი სახლის წინ, საკუთარ მანქანაში ჩაჯდომისას დაუკავებიათ ჰეჯაბისადმი დაუდევარი დამოკიდებულების ბრალდებით – მოდად ქცეული იწილო-ბიწილო. ქალმა რამდენიც არ რეკა სახლის ზარი, არავინ უპასუხა. ქმარი ღვინის დასაწურად ყურძენს არჩევდა და კარი არ გაუღო. ქალი საშველად მეზობლებს მიადგა. მარჯვენა მეზობელმა კარი ოდნავ გამოაღო, თვალითა და ჟესტებით მიახვედრა, რომ მარტო არ იყო, რომ სტუმარი თრიაქს ექაჩებოდა და აჩქარებით მიუხურა კარი. მარცხენა მეზობელმა (ღმერთმა იცის, რას საქმიანობდა), ვითომ ვერ გაიგო. საბედნიეროდ, ერთმა ნაცნობმა მოუსწრო. რაზმელებს დაელაპარაკა. პირადობის მოწმობა და მანქანის საბუთები თავდებად დაუტოვა. დაკითხვა გადაიდო.
კაცებმა ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ქმარი გაამართლეს. ვინც არ უნდა ყოფილიყო მის ადგილას, კარს არ გააღებდა. გავეშებული ქალბატონი მოთმინებიდან გამოვიდა და უარესად გაცხარდა: – მე მის ადგილას გავაღებდი! თუნდაც დავეჭირეთ! ამ რევოლუციამ ბევრი გამოიყვანა სააშკარაოზე. განსაკუთრებით თქვენნაირი მხდალი, ბურბუშელასავით კაცები! „ბურბუშელას კაცებმა“ გაიცინეს, ერთმანეთს თვალი უქნეს და ჭამა განაგრძეს. სხვა ქალბატონებმა დრო იხელთეს და ქმრებზე იერიში მიიტანეს. პირი მოხსნეს ცილისწამებისა და საყვედურების გუდას.
ქალებმა თქვეს: „ჩვენ ვშრომობთ, თუ ვშრომობთ (არც ტყუოდნენ. ერთ-ერთი მათგანი საბავშვო ტანსაცმელს კერავდა, მეორე ნამცხვრებს აცხობდა, წიგნებს თარგმნიდა, ფილმებზე რეცენზიებს წერდა, მესამე პატარძალს რთავდა და ინგლისურს ასწავლიდა), ოჯახი ჩვენზე დგას, ბავშვებზე ჩვენ ვზრუნავთ. თქვენ, ძვირფასო ბატონებო, პირველივე დღეს ფერფური გეცვალათ. ათასი ჯურის სულიერი ტკივილი შეგეყარათ და ნარგილეს მიუცუცქდით.“
კაცებმა, ნაცვლად იმისა, რომ თავი დაეცვათ, გაიღიმეს, ერთიანობისა და სოლიდარობის ნიშნად თავები დააკანტურეს.
ამირალიმ დრო იხელთა. ადგა და საპირფარეშოში გავიდა, სახე წყალს შეუშვირა. საკინძე შეიხსნა. ღრმად ჩაისუნთქა. ცოტათი მოეშვა. მთქნარება თანდათან მიუნელდა. მალექაზარი შეშფოთებული მიუახლოვდა ტუალეტის კარს. რას შვრებიო, ჰკითხა და სახელურს მოქაჩა.
ამირალიმ პასუხის ნაცვლად უნიტაზში წყალი ჩარეცხა.
მალექაზარი უფრო მეტად შეშფოთდა. კარზე დააბრახუნა. კინაღამ სახელური მოგლიჯა. ვიღაცის ფეხის ხმა შემოესმა. მოტრიალდა, უკან მიიხედა. ქვედაკაბის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ცხვირი ფრთხილად მოიწმინდა. გაუღიმა და მოუბოდიშა სტუმარს, რომელსაც საპირფარეშოთი სარგებლობა უნდოდა. სტუმარი ჩქარობდა. იკითხა, თუ შეიძლება ზედა სართულის ტუალეტით ვისარგებლოო.
– დიახ, რა თქმა უნდა, – უპასუხა მალექაზარმა და, როგორც კი სტუმარი თვალს მიეფარა, ხელმეორედ დააკაკუნა საპირფარეშოს კარზე.
გაუმეორა: „პასუხი გამეცი! ცუდად ხომ არ ხარ?“
ამირალი პირველად იქცეოდა ასე ტუტუცურად. მალექაზარი დაიხარა. გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა. მის პერანგსა და ხელს მოჰკრა თვალი, ხველება შემოესმა. რატომ არ პასუხობს? სტუმრები უხმობდნენ. იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო. ამირალიმ ცოტა ხანს შეიცადა, მერე კი კარის ღრიჭოდან თავი ფრთხილად გამოყო. ახლომახლო არავინ ჩანდა. ნელა, უხმაუროდ გამოძვრა. ეზოში გავიდა და ხეებს მოეფარა. რამდენიმე წუთის წინანდელი ძლიერი აპათია, რომელსაც ანესთეზიასავით დაებუჟებინა მისი სხეული, დაეხსნა გონებას და ადგილი მშვიდ, საამურ გუგუნს დაუთმო. თავზე ფოთოლი დაეცა, ჩამოუცურდა, ცხვირზე ჩამოუსრიალდა და ფეხსაცმელზე დაეშვა. სახეზე ნოტიო სიო მოხვდა, ტანში საამო ჟრუანტელმა დაუარა. ამოისუნთქა. ნათელი ღამე იყო, გამაოგნებლად ბრწყინავდა დიდი დათვის თანავარსკვლავედი. ვიღაც მისი გონების სიღრმეში ძველ მელოდიას ღიღინებდა, ვიღაც მისი ქუთუთოების მიღმიდან შორეულ ცებს შესცქეროდა. ეზოს ბოლოდან, კედლის გადაღმიდან და მეზობელი ბაღიდან საამო სურნელი მოდიოდა. ვარსკვლავები! ვარსკვლავები – დობილები! სადღაც წაეკითხა, რომ ადამიანი ციური სხეულებისგან იშვა და ციური მნათობები ადამიანის უახლოესი ნათესავები არიან. ბავშვობაში ბანზე იძინებდა ხოლმე, ვარსკვლავებს ითვლიდა. ითვლიდა, ითვლიდა, სანამ თავბრუ არ დაეხვეოდა და სათვალავი არ აერეოდა. ავიწყდებოდა, სადამდე მივიდა. იწყებდა თავიდან, ამჯერად ცის სხვა კიდიდან. ამირალი მთვარისა და ზეცის თაღის ტრფიალი იყო. მისი დაბნეულობის მიზეზი ზეცის სიყვარული და სამყაროში მიმდინარე მოვლენებით გატაცება გახლდათ. მისი გონება ზეცის სივრცეს ვერ იტევდა და წარმოუდგენელ საიდუმლოებებში გარკვევის სურვილი კლავდა. თოთხმეტი წლისა რომ შესრულდა, დაბადების დღეზე პირველი საჩუქარი – პატარა ტელესკოპი მივუტანე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მისი ოთახის ფანჯარას არ მოშორებია. ცამეტი-თოთხმეტი წლისას თავი უკვე პატარა ფილოსოფოსად მოჰქონდა, თანატოლ ბავშვებზე მთელი თავით მაღალი იყო და ათასი ფარსახით უსწრებდა წინ. უსწრებდა ცოდნითა და ინტელექტით. დიდი ადამიანების გამოხედვა ჰქონდა, დიდი, ფიქრიანი ადამიანებისა. თავი მუდამ წიგნებში ჰქონდა ჩარგული, სულ ისტორიულ წიგნებს კითხულობდა: ძველი ეგვიპტისა და ადრეული ცივილიზაციების, სამყაროს შექმნისა და ადამიანის გაჩენის ისტორიას. ჩემზე უმცროსი იყო. ერთი წლით. მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს, ჩვენ – ქუჩის ყოჩ ბიჭებს, უბნის ჩემპიონებს ფეხბურთში, მისი ღრმააზროვანი ნათქვამისა არა გვესმოდა რა და ვერც დიდი გაგებისა და მიხვედრის უნარით დავიკვეხნიდით. ამპარტავნებით და სიკეკლუცით არ მოსდიოდა. ასეთი გახლდათ: სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი. ასეთიც მოგვწონდა. კეთილი იყო, ლამაზი, არავის საქმეში არ ერეოდა. საკუთარი სამყარო ჰქონდა და იმ სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში მოგზაურობდა. ოთახის კედელზე მსოფლიოს რუკა დაეკიდებინა. ყველა ქალაქის, ნავსადგურის, შორეული ოკეანეების მცირე კუნძულების სახელებიც კი იცოდა. ზოგიერთი ქალაქის, ნავსადგურისა და კუნძულის დასახელება წითელი ფანქრით ჰქონდა შემოხაზული. თვალებს დავხუჭავდით ხოლმე. ამირალი მოგზაურობისას მეგზურობას გვიწევდა. ის წყვეტდა, რომელი მიმართულებით გვემოძრავა. თეირანიდან თურქეთში მანქანით მივდიოდით. წარმოვიდგენდით მტვრიან გზებს, მთებს, გზისპირა ჩაიხანებს, მინარეთებს. საბერძნეთი საზღვართან ახლოს იყო, ამირალი ყველა ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ ნაგებობასა და წმინდა ადგილს იცნობდა. მეტყოდა ხოლმე: „შეხედე, კარგად შეხედე!“ და მეც, რის ვაივაგლახით უკან მივდევდი, ბევრს ვერაფერს ვხედავდი. ვიღლებოდი, ძილი მერეოდა. მერჩია, აქვე დავრჩენილიყავ. იმ ადგილას, სამშობლო რომ ერქვა და ხალხი ჩემს ენაზე ლაპარაკობდა. ამირალი მარტო განაგრძობდა მოგზაურობას. მატარებლით შემოივლიდა მთელ ევროპას. ფეხით მიდიოდა, მანქანებს აჩერებდა, სატვირთო მანქანაში ჯდებოდა და საფრანგეთის სამხრეთში ფირუზისფერ სანაპიროზე ჩადიოდა. იქ გემზე ჯდებოდა, გეზს შტატებისკენ იღებდა, შემდეგ – სამხრეთ ამერიკისკენ და ერთ დღესაც – აფრიკისკენ. მე ყურადღებას არ მაქცევდა. იცოდა, რომ ფრთხილი და მშიშარა თანამგზავრი ვიყავი. თავს მანებებდა. დედა კი მისი მუდმივი, განუყრელი თანამგზავრი იყო. სადაც არ უნდა წასულიყო, სულ თან დაჰყავდა, ეს იყო მისი მოგზაურობის – ოცნებაში მოგზაურობის – მნიშვნელოვანი პირობა.
ფანჯრებიდან ისმოდა ხორხოცი, ვერცხლის დანა–ჩანგლის ჭახაჭუხი, ჭრიალი კარისა, რომელიც განუწყვეტლივ იღებოდა და იხურებოდა, ფრაზა, რომელიც დაუმთავრებელი რჩებოდა და შესაძლო იყო მეორე, მესამე, მეოთხე დღის გათენებამდე არ დასრულებულიყო. ამირალის თავზარს სცემდა იმის გაფიქრება, რომ სასტუმრო ოთახში უნდა დაბრუნებულიყო და საზოგადოებას შეერთებოდა. დარწმუნებული გახლდათ, რომ შესვლისთანავე მთქნარება მოეძალებოდა და რული მოეკიდებოდა. მაგრამ სხვა რა გზა იყო – უნდა დაბრუნებულიყო. იცოდა, მალექაზარი მოუთმენლად ელოდა და მის საქციელს გამართლება არ მოეძებნებოდა. ფეხს ითრევდა. ეზოს წრე დაარტყა. კვლავინდებურად ყოყმანობდა. ფანჯარასთან დადგა და მაქმანის ფარდიდან ოთახში შეიჭყიტა. არა! არ სურს დაბრუნება! სტუმრები მუსაიფს შეექცია, მალექაზარი კი მას დაეძებდა. ამირალიმ აბურდულ ფიქრებს სასწრაფოდ თავი მოუყარა. შებრუნდა და, პირი არც გაუღია ისე, ნაძალადევად გაუღიმა სტუმრებს. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს საუბრის თემა აინტერესებდა, თანხმობისა და უარის ნიშნად (აქაოდა, თქვენი ყოველი სიტყვა გავიგონე და არ მოგცილებივართო) თავი დაიქნია. სტუმრებმა იგრძნეს, რომ ამირალი შეუძლოდ იყო და კამათისას, რომელიც მან მოულოდნელად წამოიწყო, არ შედავებიან, დაეთანხმნენ მის აბდაუბდა ნათქვამს და გამარჯვება დაუთმეს.
მალექაზარი იმ მომთმენი და ჭკვიანი ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ჩაციება არ სჩვევიათ. აცდიდა, სანამ მისი ბავშვივით ქმარი მარჯვე შემთხვევისას გულს გადაუხსნიდა და თავის საწუხარსა და გაჭირვებას გაანდობდა. განა არის ვინმე მალექაზარზე უკეთესი და მოსიყვარულე? განა საკუთარი სახელის ნახევარი, – მნიშვნელოვანი ნახევარი, – მას არ აჩუქა? განა მალექაჰუ მისი არსებითი ნაწილი არ გახლავთ, როგორც ხელ–ფეხი, როგორც გული და გონება ან მისი ფიქრები?
პირველსავე ადგილს მივუბრუნდეთ. მალექაზარს სძინავს, ქმარს აღიზიანებს მისი ტკბილი და უშფოთველი ძილი. ამირალი იტანჯება, ცუდადაა, ვერ აუხსნია ეს ცუდად ყოფნა. გულ-მუცელი უდუღს, ნაწლავები უჩვეულოდ უწრიალებს. უძილობა ჯერ არ გამოუცდია და დაზაფრულია. მით უფრო, რომ ცოლს სძინავს და არაფერი იცის მისი ცუდად ყოფნის შესახებ. ფანჯრის გამოღება უნდა. სუფთა ჰაერი სჭირდება, შუქზე და ნათელში ძილი ეამება. მაგრამ მალექაზარს ოდნავ გაფაჩუნებაზე, სხივის გაკრთომაზე ეღვიძება, თუმცა ყურებს დარბილებული ცვილით იცობს, თვალებს კი შავი სახვევით იკრავს ხოლმე. ამირალის უხასიათობა ყოველ წუთს მატულობს. პატარა წყლული შიგნიდან ნესტრავს. სიცხის, კოღოსა და ნაყროვანების ბრალი არ არის. გულის სიღრმეში იცის, რომ მისი ცუდად ყოფნისა და მუცლის გვრემის მიზეზი ის წერილია, დილით იძულებით, სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მისწერა სახელმწიფო აპარატის გავლენიან პირს. პირმოთნე, სიცრუით სავსე წერილი იყო, ფარულად ქრთამის შეთავაზება და მონამორჩილობის გამოცხადება. კომპანია სახარბიელო მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, ამგვარი წერილების წერა აუცილებელია. პარასკევის ლოცვაზე სხვათა დასანახად დასწრება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. მალექაზარის ძმებმა დაიჟინეს, ხალხს უნდა ეჩვენოო. მერე რა, რომ სურები არ იცის. საკმარისია, სხვებს მოხრასა და გამართვაში ფეხი აუწყოს. ანუ ისე მოიქცეს, როგორც მავანი და მავანი იქცევა. ამ თვალთმაქც „მავანთა“ რიცხვი დიდი არ იყო. მუსლიმთა უმეტესობა ღვთისმოსავი გახლდათ, წრფელი იყო მათი ლოცვა. მალექაზარის ძმებს შავი პერანგები ეცვათ, ხელში კრიალოსნები ეჭირათ, იხრებოდნენ და იმართებოდნენ, სხვებთან შეწყობილად მოძრაობდნენ. კარგი ნავარჯიშები ჩანდნენ. ამირალის თვალებს უბრიალებდნენ, თვალ-წარბითა და ნერვიული მოძრაობით ანიშნებდნენ: „რა ჭირი გეტაკა? რას დამდგარხარ გახევებული? ვის უყურებ? ჭკუა სად დაკარგე? ორად მოიკეცე! მოიხარე! ილოცე! ამოძრავე ტუჩები! რას შვრები? მოჰრიდან თავს რატომ არ იღებ? ადე! რას მიჰქარავ! ჩაგეძინა? პირით ხალხისკენ დადექ! ზურგი რატომ აქციე? გიყურებენ. შეგამჩნიეს. ბრიყვო! ვირო! გაინძერი!“
კირივით გაფითრებული, ოფლში გაწურული ამირალი იტანჯებოდა და საკუთარ სხეულს ებრძოდა. განზრახ როდი იქცეოდა ასე. ვერ ახერხებდა სხვების ფეხდაფეხ დროულად მოხრასა და გამართვას. თავი, წელი, ფეხები არ ემორჩილებოდა. თითქოს მისი სხეულის ნაწილები უხილავი თოკისთვის მოებათ, თოკის ბოლო კი არარსებულ ილუზიონისტს ეკავა. იქნებ ეშინოდა და რცხვენოდა? იქნებ ჭკუიდან შეცდა? ნამაზის დასრულების შემდეგ გაავებული ძმები ყელში სწვდნენ და კითხვები დააყარეს: „გაგიჟდი? ვითომ რაო, ასე რომ იქცეოდი? გინდოდა დაეჭირეთ და ციხეში ეკრათ თავი? სიკვდილთან თამაში და ჩვენთვის თავლაფის დასხმა გინდოდა?“ ამირალის ტვინი უდუღდა, ქანცი გამოლეოდა, აზრები არეოდა. არ იცოდა, როგორ ემართლებინა თავი. მისი გონება მძიმე ბურუსმა მოიცვა, ვერ იხსენებდა, რა მოხდა. ხმები, სხეულების მოძრაობა, დახრა და გამართვა – ყველაფერი, მრევლთან შეერთების წუთიდან გარეთ გამოსვლამდე, თითქოს სიზმარში ხდებოდა, გაურკვეველ დროში, რომელსაც იმდილანდელ რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა. თავადაც უცნაურ დღეში იყო. (ამირალის ჩანაწერები არეულია. იგრძნობა, რომ ახსნა უჭირს). ერთადერთი რამ ახსოვს მხოლოდ, რასაც დაჟინებით იმეორებს: „ჩემზე არ იყო დამოკიდებული“. მალექაზარსაც ამასვე ეუბნება. დარწმუნებული ვარ, ის, რაც შემდეგ მოხდა, დაიწყო ამ ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზით „ჩემზე არ იყო დამოკიდებული“, რომელიც სხვებმა სერიოზულად არ მიიღეს, ვერ ჩასწვდნენ მის ტრაგიკულ შინაარსსა და მნიშვნელობას. ამირალიმ იცის, რომ ნახევარზე მეტს იქიდან, რასაც ამბობს, იძულება, შიში და ანგარება ალაპარაკებს. საქმეს გულს ვერ უდებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ხომ იძულებით მუშაობს – სხვა გზა არა აქვთ. მალექაზარი ჭკუას არიგებს, ყურადსაღებია მისი ნათქვამი: „პოლიტიკას, ბიზნესს, მეგობრობასაც კი პატარ-პატარა ტყუილები სჭირდება. ხომ გესმის, ჩემო ძვირფასო?“ „ჩემო ძვირფასოს“ არ ესმის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება. ვერ იტანს მომქანცველ დავა-კამათსა და შეხლა-შემოხლას. კამათის დროს მალექაზარი სხაპასხუპით ლაპარაკობს, ქალური გონება უჭრის. შეუძლია პრობლემები გაართულოს, თავის მართლება ეხერხება, ხმას დროულად აუწევს ან დაუწევს ხოლმე, დროულად უტევს და დროულად იხევს უკან. ამირალის არც წინააღმდეგობის თავი აქვს და არც ნებისყოფა, ფარ-ხმალს ყრის. მალექაზარი კარგი ცოლია. ათასი ღირსება აქვს. შეიძლება მასზე დაყრდნობა, მის იმედად ყოფნა. ამირალის ქალური ძლიერება, მისი მტკიცე და სანდო სხეული სჭირდება, როგორც ერთგვარი ნარკოტიკი. რაღაც მლიქვნელური წერილის დაწერა, ერთი-ორჯერ ქება-დიდების შესხმა, თანაც მალექაზარის ხათრით, მისი კომერციული ფირმის ავტორიტეტისა და სახელის გამო, ქვეყანას არ დააქცევს. სიბნელეში ფიქრზე უარესი არაფერია. ამირალი ფრთხილად სუნთქავს. არ ინძრევა. დარწმუნებულია, რომ სულ რამდენიმე წამში ჩაეძინება. მხარზე მალექაზარის ხელი ადევს და ეს ხელი, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ცივია და შემაწუხებელი. ყურში ჯერაც ჩაესმის იმღამინდელი ხმები, ფრაზები, სიცილი, ჭიქების წკარუნი. ო, როგორ სძულს ეს მოსაწყენი წვეულებები! – ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე კამათი პოლიტიკაზე, ერთი და იგივე მრავალგზის მოსმენილი ოხუნჯობები, – თითქოს ძველი გრამოფონის ნემსი გაფხაჭნილი ფირფიტის ბოლოში გავიდა და უკანასკნელ ბრუნზე, უკანასკნელ უაზრო ბგერაზე ჩაიხვია.
ქმრისგან განსხვავებით, მალექაზარი წვეულებების მოყვარულია. ვერ იტანს მარტოობასა და შინ ყურყუტს. ტანჯავს წუთების შემაძრწუნებელი სიმძიმე და დროის არსებობის შეგრძნება. მომავალზე ფიქრისგან გული უმძიმდება. სიკვდილზე მეტად სიბერე ზარავს. ფერუმარილი და ნამდვილი სახის დაფარვა სიამოვნებას ჰგვრის. სურს, რომ სხვებმა უცქირონ მის მარადიულ მშვენებასა და შერჩენილ სიჭაბუკეს ხოტბა შეასხან. მათი ტყუილები გულს უკეთებს. მისი არსებობის რეალურობა სხვათა აზრსა და მოწონებაზეა დამოკიდებული.
ამირალის ისევ ესმის კოღოს თავხედური წუილი და ნერვები ეშლება. აბა, სადაა? ხელი თავდასხმისათვის მომარჯვებული აქვს. სიბნელეში მისი დახუჭული თვალები სისხლისმსმელ მწერს დაეძებენ. სახეზე ზეწარი აფარია. ისაა უნდა ჩაეძინოს, რომ ქუსლი აეწვება. ფეხი ზეწრის გარეთ დარჩენია და მტერმა სწორედ იქ მიიტანა იერიში. ხომ ვითომ დიდი და მნიშვნელოვანი არაფერია – ერთი უსუსური კოღოს ნესტარი, მაგრამ ხანდახან მნიშვნელოვანი მოვლენები უმნიშვნელო ფაქტით იწყება ხოლმე. იმ სიბნელეში აფორიაქებულ, უძინარ ამირალის ეჩვენება, რომ ზურგიდან უხილავი მტერი ესხმის თავს. ფეხის ქავილი კანქვეშ ძლიერი წვის შეგრძნებაში გადადის. ჯდება. ოფლში იწურება. ხავერდის მძიმე ფარდების ღრიჭოდან ძაფისოდენა თეთრი სხივი მალექაზარის სახესა და ზეწარს ეცემა. ამირალი ცოლს შეხედავს და გული გადაუქანდება. არ სიამოვნებს მისი დაფჩენილი პირის დანახვა – ეს ის მალექაზარი არ არის, რომელსაც ყოველდღე ხედავს მღვიძარეს. მის ჩვეულ სახეს სხვა, უფრო ბებერი სახე შენაცვლებია. ამირალის არ ეცნობა ეს სახე. ძილში, სიბნელეში ან მთვარის თეთრ შუქზე ყველა ადამიანი იცვლება. უბრალო, ბუნებრივი ამბავია. მაგრამ იმ ღამით ქვეყნად მომხდარი ნებისმიერი ჩვეულებრივი მოვლენა ამირალის ალოგიკურად და არაბუნებრივად ეჩვენება. ღელავს, ნერვიულობს, გაურკვეველია, რატომ. სწორედ ნერვიულობასა და ფორიაქს მოჰყვება უცნაური რამ: ამირალის მარჯვენა ხელი მოულოდნელად და თავისთავად, თითქოს ვიღაცის ბრძანებით, ნელ-ნელა აღიმართება და მის თავზე ხმელი ტოტივით დაეკიდება. ეგ რაღას უნდა ნიშნავდეს? ვერ ხვდება. გადარეულია. ცდილობს, ხელი თავის ადგილას დააბრუნოს. ვერ ახერხებს. თითქოს, ეს ხელი მისი სხეულის ნაწილი არ იყოს. ხელი მუშტად იკვრება. მაჯასთან ძარღვი იკვეთება. კიდევ ერთხელ მთელ ძალ-ღონეს იკრებს და ცდილობს, ხელი სხეულთან დააბრუნოს. არ გამოსდის. მერე უზომოდ განცვიფრებული და შეშინებული ხედავს, რომ ამ საეჭვო ხელმა, ამ უცხო სხეულმა, უცნაური მოძრაობა გააკეთა. კიდევ უფრო მაღლა ავიდა. უკან დაიხია. შეყოვნდა. დატრიალდა და ამირალის ნება-სურვილის უკითხავად მისი საყვარელი, ნაზი ცოლის სახეზე ნანგრევივით ჩამოიქცა. მალექაზარი ხაფი ყვირილით ხტება. კივის. საწოლთან ნათურას ანთებს, ქმარს უხმობს. ამირალი მასზე მეტადაა დამფრთხალი. ხელ-ფეხი წართმევია, ვერ ხვდება, რა მოხდა და გაოგნებული შესცქერის ცოლს. ენა ებმის, სხეული ეყინება. მალექაზარი საშინლად აღელვებულია, თვალთ უბნელდება. ჰგონია, ნოტიო თაბაშირის ნატეხი ჩამოვარდა ჭერიდან, ან მიწა იძრა, სახლი შეირყა და თაროდან წიგნი გადმოვარდა. იქნებ გარეული კატა დაახტა თავზე? იქნებ ძილში ხელი მოუხვდა სახეში? ათას ერთი დაუჯერებელი მიზეზი აგონდება, გულს ბაგაბუგი გაუდის. ამირალის მოჰკრავს თვალს და შეშდება. უფრო შინდება. ხედავს: ამირაჰუ გაფითრებულია, პირი დაუღია, თვალები ლამისაა ბუდიდან გადმოუცვივდეს. მალექაზარის სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვებს ქმრის გამო ღელვა ცვლის. მის ხელს (იმ ავადსახსენებელს) იღებს და ანჯღრევს. ეძახის. ხედავს, მის უცოდველ შვლის ნუკრს მეტყველება წართმევია, ხელი კი მიცვალებულივით ცივი აქვს. არც ერთ კითხვაზე არ პასუხობს.
„ღმერთო ჩემო! ინფარქტმა დაარტყა!“ – ფიქრობს და თავს ფრთხილად ბალიშზე ადებინებს. შუბლზე ხელს ახებს. პულსს უთვლის, გულისცემას აყურადებს. „ტვინში სისხლი ჩაექცა, მოკვდა!“ – ფიქრობს და ლერწამივით ცახცახებს. პანიკაშია. ისაა, ნაცნობ ექიმს უნდა დაურეკოს, რომ ამირალი რაღაცას წაილუღლუღებს – ენას ამოიდგამს. ტელეფონის ყურმილს ართმევს. ორ-სამ გაუგებარ, უაზრო წინადადებას ჩიფჩიფებს. რაღაცას არეულ-დარეულად და უთავბოლოდ უხსნის, დამაჯერებელ ტყუილს ეძებს. მის გონებაში მომხდარი არეულობა ცოლის ღელვას არაფრით ჩამოუვარდება. ისეა დაზაფრული, რომ აზროვნების უნარს კარგავს. ვერ იჯერებს. უნდა აუხსნას. ცოლი დაამშვიდოს, როგორმე შეაჩეროს მისი წივილ-კივილი. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს ამბავი როგორმე უნდა ჩაფარცხოს. ცოტა ხნით მაინც. რაღაც წინადადებას წამოიწყებს „მ..მ...მ“.. და გადაიფიქრებს. ხელზე იხედება. შიშის ზარს სცემს საკუთარი თავი. ეშინია, სხეულის ნაწილები არ აუმოძრავდეს ან სახე არ მოეღრიცოს. კბილებს ისინჯავს. წამით ეჩვენება, რომ ზედა ორი კბილი გაეზარდა და დრაკულას დაემსგავსა. ცოლის თეთრ ყელს უყურებს და სახეზე ხელებს იფარებს. საკუთარი თავი უნდა დაინახოს. დარწმუნდეს. იქნებ სიზმარშია. სიცხე აქვს. აბოდებს. დგება და კედლის სარკისკენ გარბის. სათვალეს ეძებს. მალექაზარს მისი საქციელისა ვერაფერი გაუგია. უფრო დაბნეულია. კივის. ეს მალექაზარის ძველი ჩვეულებაა. როცა ჩიხში ექცევა, როცა გრძნობს, რომ გამოსავალს ვერ პოულობს და მის წინ ყველა კარი დახშულია, კივილს იწყებს. ამირალი სარკეში თავს მისჩერებია. ჩვეულებრივი გამომეტყველება აქვს. სახეზე რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეიმჩნევა. კბილები ადგილზეა, ჩვეულებრივი ფორმა და ზომა აქვს. გულზე ეშვება. მალექაზარის კივილი შეძრავს. თავის ადგილას ბრუნდება, ცოლის აცახცახებულ ხელებს ხელში იღებს და ჰკოცნის. მთელი ამ ხნის მანძილზე ტვინი მანქანასავით უმუშავებს. ეძებს ახსნას, რომელიც დამაჯერებელი გამოჩნდება. რაიმე ზღაპარი უნდა შეთხზას, მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს. ის ღამე როგორმე გაათენოს, ხვალ კი – ღმერთი მოწყალეა! დღის სინათლეზე მოვლენები უფრო ლოგიკური ჩანს ხოლმე. როცა მოიცლის, შეუძლია დაჯდეს, დაფიქრდეს და გაარკვიოს, რა მოხდა. ჯერჯერობით ეს ქალი როგორმე უნდა დააშოშმინოს. ბოლოს უზომოდ დარცხვენილი უხსნის, რომ კოღოს მოკვლა სურდა, კოღოსი, რომელმაც მთელი სხეული დაუკბინა და მალექაზარს ხელს, კისერს, სახესა და ქუსლს უჩვენებს. მას კი – ბრიყვს, ნამძინარევ და გამოშტერებულ ამირალის, ცოლის ლამაზი და კოხტა თავი საკუთარ უტვინო გოგრაში აერია. არ იცის, როგორ მოუხადოს ბოდიში, რა უთხრას, რა წყალში გადავარდეს.
მალექაზარი ძილ-ბურანშია, გონზე ვერ მოსულა, ამირალის სიტყვების შინაარსს ვერ ხვდება. ისეა დაზაფრული, ფიქრის უნარი წართმეული აქვს. თავგზა ერევა. ამირალი დარცხვენილია, გაოგნებული. გაკვირვებული. წამით აზრი გაუელვებს – იქნებ სიმართლე უთხრას? მაგრამ აღიარებისათვის გამბედაობა არ ჰყოფნის. ძნელი დასაჯერებელია, თავად მისთვისაც კი. მალექაზარი საფეთქლებსა და შუბლს იზელს. ძალიან სტკივა, თვალთ უბნელდება. ორ დასამშვიდებელ აბს ყლაპავს, რომელიც ყოველთვის ახლოს აქვს. თავს ამირალის აკანკალებულ მხარს აყრდნობს და აღელვებული გულის დაწყნარებას ელის. ყველაფერი უცნაურად ეჩვენება: იმღამინდელი წვეულება, ამირალის მთქნარება და მისი უჩვეულო საქციელი. სხვებიც ისე არ იქცეოდნენ, როგორც ყოველთვის. ყველა ერთმანეთს ეკამათებოდა. არავინ ჩანდა მხიარული. ჩვეულ კერძებსაც სხვანაირი გემო ჰქონდა. ერთ-ორ კაცს ხორეშთის ხორცი არ უჭამია. მალექაზარი ასეთ რამეებს ამჩნევდა და ყურადღებას აქცევდა. ქაბაბისა და ქათმის მწვადის ნახევარზე მეტი სამზარეულოში ხელუხლებელი დაბრუნდა. რატომ? მისი სტუმრები, ჩვეულებრივ, კარგი მჭამელები იყვნენ, მადას არ უჩიოდნენ, ხუმრობის, სიცილისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულები გახლდნენ. იმ საღამოს კი გუნებაზე ვერ იყვნენ. ჩვეულებრივზე ადრე აიშალნენ და წავიდ-წამოვიდნენ. ამირალის მთქნარება სხვებსაც გადაედო. ვისთვისაც არ უნდა შეგეხედა, ყველას პირი ჰქონდა დაღებული და მთქნარების შეკავებას ცდილობდა. თავადაც დაიქანცა, შინაგანად შფოთავდა. რაღაც გაურკვეველი აღელვებდა. ამირალი აფიქრებდა. ან ის უცნაური ამბავი რაღას ნიშნავდა? კაცმა რომ თქვას, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ქმრის ხელი მოხვდა თავში. როცა ორ კაცს ერთ საწოლში სძინავს, ასეთი რამ ხდება ხოლმე. ზოგი ქმარი დილამდე ცოლს მუცელსა და წელში წიხლებს ურტყამს. ლეიბის შუაგულში წვება და ადგილს მთლიანად დაეპატრონება ხოლმე.
მალექაზარი გონიერი ქალია. დაუფიქრებლად ნაბიჯს არ გადადგამს. უმიზეზოდ აურზაურს არ ატეხს. ვითომ რატომ არ უნდა დაუჯეროს ქმრის ნათქვამსა და ახსნა-განმარტებას? ჩუმად მისკენ თვალს აპარებს, ეცოდება თავისი დამფრთხალი ნუკრი. ხედავს, რომ ქმარს სახე ჩამოსტირის, მავედრებელი, დამნაშავე ბავშვის თვალებით ქურდულად შესცქერის მას. საკუთარი ტკივილი ავიწყდება. „ღმერთო ჩემო, რა უსუსურია. რა ეშველება უჩემოდ?!“ – გაივლებს გულში და დედობრივი ალერსით სულგრძელად ყელზე ეფერება. „ჩემი თავი საკუთარში აერია!“– გაიფიქრებს და ეჩვენება, რომ სიყვარულია ამ შეცდომის მიზეზი. ეს კაცი იმდენად მისია, რომ თითქოს თავადვეა იგი და დამოუკიდებლად არ არსებობს. გულში იმეორებს: „ჩემი თავი საკუთარში აერია!“ და ჩუმ-ჩუმად ეღიმება. ამ წინადადებას, მისი აზრით, ღრმა სასიყვარულო დატვირთვა აქვს. შეიძლება ითქვას, მისტიკურიც კი – სხვაში განზავება. მალექაზარი ამ მაცდური, ტკბილი ვარაუდით თვალებს ხუჭავს და იძინებს. იძინებს უხმო და უშფოთველი ძილით, რომელიც მხოლოდ ბედნიერი ქალების ხვედრია.
ამირალის უხაროდა, რომ იმ ღამის საზარელი ისტორია კეთილად დასრულდა და ეს ამბავი დროებით დაივიწყა. მალექაზარმა დიდსულოვნებითა და ღიმილით – უფრო ნაძალადევით, ვიდრე გულწრფელით, – ეს ფაქტი ძილში ქმრის ბუნებრივ მდგომარეობასა და მისი სიყვარულით გამოწვეულ გონების დაბინდვას მიაწერა და სცადა, მანამდე მომხდარზე (ვახშმობისას ამირალის თვლემა და მთქნარება) არ ეფიქრა. ასეთი რამეები ხდება ხოლმე. ხომ არიან ადამიანები, ძილში უცნაურად რომ იქცევიან. კედლის პირზე დადიან. დანაშაულსაც კი სჩადიან. სხვათა შორის, წლების წინათ ამ თემაზე ერთი ფილმიც ჰქონდა ნანახი. ერთი მდარე, სულელური ფილმი. ფილმის დასახელება და მსახიობები არ ახსოვდა, მაგრამ ორიოდე შემაძრწუნებელი სცენა მტანჯველი აკვიატებით დაელექა გონებაში: მსახიობი მამაკაცი (რომელიც, სხვათა შორის, ამირალის წააგავდა) მძინარე ცოლს ახრჩობს. შეყვარებული ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ წევს. ქალი კაცს ეხუტება და უღიმის. კაცი თმასა და მხრებზე ეალერსება. მერე თითებს ყელზე აჭდობს და უჭერს. ქალს თვალები ღია კი აქვს, მაგრამ უგონოდ არის. ქალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაოცებული და შეყვარებული, იმავე ბედნიერი ღიმილით შესცქერის კაცს. თითქოს არ სჯერაო. კაცი სიდედრის საძებნელად მიდის. მანქანაში ჯდება. მიაქროლებს. ჯერ კიდევ სძინავს. ფილმი გრძელდება. იმ ავადსახსენებელი ღამის (ოდეს ამირალიმ თავში ჩასცხო) და მთელი შემდგომი კვირის განმავლობაში მალექაზარს თვალწინ ქალის დახრჩობის სცენა, ის მიმნდობი ღიმილი ედგა და სქელი ჯანღივით გულში ჩასწოლოდა. გაუკვირდა: ამდენი წელი გავიდა და მის მეხსიერებას ამ ფილმის, თანაც ასეთი ცუდი ფილმის, ფრაგმენტი კიდევ როგორ შემორჩა. მხრები აიჩეჩა. „მუდამ ასეაო“, გაიფიქრა: „ცუდი მოგონებები ადამიანს არასოდეს ტოვებენ“. სცადა, ეს ფიქრები თავიდან ამოეგდო. მე დამირეკა. როცა კი ცუდ ხასიათზე იყო და მიზეზს ეძებდა, მე მაკითხავდა. ბედნიერება ამირალის დამსახურება იყო, უბედურებას კი მე მომაწერდა ხოლმე.
ერთადერთი, ვინც იმ ღამით მომხდარი ვერ დაივიწყა, ამირალი გახლდათ. იხსენებდა იმ საზარელ წუთებს და მთელი ტანით ცახცახებდა. მალექაზარი ქმარს ენდობოდა და გული მშვიდად ჰქონდა. რა თქმა უნდა, სულ მთლად მშვიდადაც არ იყო. ასი თვალი გამოიბა. ერთი წუთითაც არ ტოვებდა მარტოს, ფიქრს რომ არ აჰყოლოდა. უაზრო, საზიანო ფიქრებს, ფიქრებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარს გასცილდებოდა. ამირალის მოთვინიერება იოლი საქმე არ გახლდათ. დიდი ხანი დასჭირდა, სანამ გააცნობიერებდა, რომ პატივცემული ოჯახის სიძეა. ამ მდგომარეობის მიღება სახუმარო საქმე კი არ არის. თავისი წესი და რიგი აქვს. უცხო ენის დაუფლებას ჰგავს, რომელსაც თავისი ზმნები და სპეციფიკური სტრუქტურა ახასიათებს. სიტყვებს დომხალივით ვერ აურევ და უაზრო წინადადებებს ვერ ააგებ. ახალ ენასთან ერთად ახალი აზრები, ახალი გრძნობები, ახლებური მზერა, ხმა, სიზმრები და ოცნებები უნდა გქონდეს. ასე პირდაპირ უცნობ წრეში შესვლა და სუფრის თავში დაჯდომა არ გამოვა. ამ სამყაროში დასამკვიდრებლად მიღებული წესებისა და ტრადიციების დაცვა, ათასი კომპრომისი და გარიგება გმართებს.
ჩემი პესიმიზმი უსაფუძვლო არ გახლდათ. არ მჯეროდა, რომ ამირალი ამ ამოცანას თავს გაართმევდა. ღმერთმა იცის, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს და სული კბილით როგორ ეჭირა, რათა კომპანია „ძაფისა და კოჭის ექსპორტის“ მმართველის მოადგილეობისათვის გაეძლო. სხვის თვალში იღბლიანი კაცი ჩანდა. ბევრმა იმ ვითარებაში, რევოლუციის, დაპატიმრებებისა და რეპრესიების დროს, თავი და ქონება წააგო, ამირალიმ კი წარმატებული ქორწინების წყალობით უზრუნველი ცხოვრება, ავტორიტეტი და პატივი მოიპოვა. მადლობის მეტი რა ეთქმოდა! მადლიერი ჩანდა კიდეც. იოლად მოსული წყალობის ფასი უნდა სცოდნოდა, – ჩანს, იცოდა კიდეც (ვირი ხომ არ იყო?!). ზედმეტადაც არ უნდა ებუზღუნა, – და არც ბუზღუნებდა. მალექაზარი რომ არ გაეცნო, ღმერთმა უწყის, ახლა რომელ მთასა და უდაბნოში იქნებოდა ვარსკვლავების თვლით გართული, რომელ გალაქტიკასა და სამყაროში იმოგზაურებდა.
ორიოდე თვემ მშვიდად ჩაიარა. თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და ცხოვრება ძველი წესითა და რიგით მიედინებოდა. მაგრამ ის უჩინარი არსება, შემაწუხებელი აჩრდილი თავის გამოსაჩენად მარჯვე შემთხვევას ელოდა.
ამირალი და მისი სიდედრი, მართალია, ოცწლიანი შუალედით, მაგრამ ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში დაიბადნენ. მალექაზარი ამ ფაქტს ბუნების შორსმჭვრეტელობით ხსნიდა, ორი ოჯახის ერთიანობისა და სიმტკიცის ნიშნად მიიჩნევდა. ყოველ წელს აღნიშნავდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მთელ ოჯახსა და ყველა მეგობარს პატიჟებდა. ამირალის გულის სიღრმეში არ უხაროდა, სიდედრის დაბადების დღე, თვე და საათი მის დაბადებას რომ ემთხვეოდა. მაგრამ არ იმჩნევდა. ცოლს სიხარულსა და პატივის მიგებაში მხარს უბამდა. არც სიდედრს ეპიტნავებოდა სიძე, გულის სიღრმეში არ ენდობოდა მას. არც ის იმჩნევდა და ისე იქცეოდა, ვითომ უყვარდა ამირალი. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთს ატყუებდნენ და ხვდებოდნენ, რომ თვალთმაქცობის გარდა სხვა გზა არ დარჩენოდათ.
სიდედრის სამოცდამეთხუთმეტე და სიძის ორმოცდამეთხუთმეტე წლისთავი წინა თარიღებისაგან განსხვავდებოდა და მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. მალექაზარს სურდა, ყველაფერი რიგიანად მოეწყო. ლხინი გამართა, თუმცაღა ხმაურიან, ხალხმრავალ წვეულებას შეეძლო მეზობლებისა და რაიონის კომიტეტის ყურადღებაც მიეპყრო და ამით აუტკივარი თავი აეტკივებინათ. პირველად გამოიჩინა ასეთი წინდაუხედაობა. ამირაჰუს დაბადების დღე, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ, ისეთივე, როგორიც ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა. ეგებ უფრო მნიშვნელოვანიც.
ამირალის უნდოდა ეთქვა: ღვთის გულისათვის, არ გინდა, გთხოვ! ხელი აიღე ამ წვეულებაზეო. უნდოდა ეთქვა, „ამ იდიოტურ ერთფეროვან წვეულებაზეო“, მაგრამ ენას კბილი დააჭირა. მალექაზარს სათუთი გული ჰქონდა, იოლად ბრაზდებოდა. როცა ნაწყენი იყო, რისხვასა და ბრაზს არ იმჩნევდა, არ ჩხუბობდა. იღიმოდა, ყალბი, ცივი ღიმილით. დისტანციას იჭერდა, გაუცხოვდებოდა, ყინულის მთად იქცეოდა, შურს იძიებდა ხოლმე. მისი შურისგება მშვიდი გახლდათ, უხმაურო – ჩინურ წამებას ჰგავდა. დუმდა. თხელ წარბებს იჭმუხნიდა. ამირალის ყველა კითხვას ხაზგასმული თავაზიანობით პასუხობდა, უსაზღვრო ხელგაშლილობით ეთანხმებოდა თითოეულ მის სიტყვასა და საქციელს. ყოველი ცივად ნათქვამი „ჩემო ძვირფასო“, რომელსაც წინადადების თავში ან ბოლოში ურთავდა, ას გინებაზე უარესი იყო და ამირალის გულს სტკენდა. ყველა ვითარებისათვის საგანგებო ნიღაბი ჰქონდა მომარჯვებული. იმ ნიღბებს ამოფარებული სინამდვილეში რას ფიქრობდა და რას გრძნობდა, ვერ მიხვდებოდი. იმასაც ვერ იტყოდი, ბედნიერი იყო, თუ უბედური. ამირალის ერჩია, ცოლს ყველა ნორმალური, ჯანსაღი ქალივით აყალმაყალი აეტეხა, სათქმელი ეთქვა და გაეთავებინა. მალექაზარი თითოეულ შემთხვევაზე დოსიეს ადგენდა. ამ დოსიეებს თავისი გონების პირქუშ, დახლართულ მიწისქვეშა არქივში ინახავდა, მერე კი, მარჯვე შემთხვევა რომ მიეცემოდა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, გამოიღებდა ხოლმე და მათ ხელახლა განხილვას შეუდგებოდა. არც ერთ საქციელს, არც ერთ დანაშაულს არ ივიწყებდა. ყველაფერი ფიქსირდებოდა მის გონებაში, თარიღის, წყაროებისა და შესაბამისი დეტალების მითითებით. ამირალი გულმავიწყი გახლდათ. დავის, საქმის გარჩევისა და უსიამოვნებების თავი არ ჰქონდა, წყენა მაშინვე ავიწყდებოდა. ეს კი ისეთი დიდი ცოდვა იყო, რომელსაც მალექაზარი ვერ აპატიებდა.
დაბადების დღის ზეიმს დავუბრუნდეთ. ბიძა (მალექაზარის მამის უფროსი ძმა) დივიზიის გადამდგარი, უცოლო გენერალი გახლდათ. მეგობრების უმეტესობა რევოლუციის დასაწყისში გამოეცალა ხელიდან და ახლა დროის სატარებლად და დარდის გასაქარვებლად სხვა რა დარჩენოდა – ხან ვის ეწვეოდა შინ და ხან – ვის. ლხინის, ქორწილების, გართობისა და აზარტული თამაშების მოყვარული იყო. არ აკლდებოდა არც ერთ ქელეხს, ძეობასა და წინადაცვეთის აღსანიშნავ პურობას. პარასკევ დილით კი, აქოშინებული, მოლაშქრეებზე უწინ მიბობღავდა მთაზე. ზამთრობით მოთხილამურის კოსტიუმით იმოსებოდა – სათვალეს, ქუდს, ხელთათმანსა და სპეციალურ ფეხსაცმელს მოირგებდა – დაჯდებოდა მთის ძირში, კაფეში მზეზე, პირში სიგარეტგაჩრილი. იმის შიშით, მოლიპულ მიწაზე ფეხი არ დასცურებოდა, სიარულს ვერ ბედავდა. მოსწონდა იქ ყოფნა, გარეგნულად რომ არაფერი აკლდა. შიშობდა, სხვებს – უდარდელ, ბედნიერ, მასზე ახალგაზრდებს თავიდან არ მოეცილებინათ და არ მობეზრებოდათ. დილიდანვე ყველა ნაცნობს ჩამოურეკავდა, მოიკითხავდა, დალოცავდა და მათ საკუთარ არსებობას შეახსენებდა ხოლმე. თუკი შეიტყობდა, რომ რომელიმე ნაცნობთან წვეულება გაიმართა და არ მიუწვევიათ, დარდისგან ავად ხდებოდა. ათასგვარი ფიქრი და მოსაზრება დაებადებოდა და ამ ფაქტს დიდ შეთქმულებად ნათლავდა. თუკი დაპატიჟებდნენ, ისეთი ეიფორია ეუფლებოდა, რომ თავის გამაბრუებელ ყბედობას ვეღარ ერეოდა. იმდენს ილაპარაკებდა, სანამ სხვებსაც და საკუთარ თავსაც გულისრევამდე არ მიიყვანდა. სტუმრად წასვლის დღეს ალიონიდან წუთებს ითვლიდა. მოსაღამოვდებოდა თუ არა, ტანსაცმელს გაამზადებდა, ფეხსაცმელს გაიპრიალებდა. ასჯერ შეხედავდა დიდ საათს კედელზე და საკუთარ თავს – სარკეში. შევერცხლილ თმასა და შეღებილ ულვაშზე სავარცხელს გადაისვამდა, ყელზე აბრეშუმის ყელსახვევს გაიკეთებდა და სხვა სტუმრებზე ერთი საათით ადრე გამოცხადდებოდა ხოლმე. ზოგჯერ, ცამოწმენდილზე, გრძნობები მოეძალებოდა და ცრემლები ახრჩობდა. სევდიანი ფილმები და ნაღვლიანი ლექსები გუნება-განწყობილებას უცვლიდა და განმარტოებული საათობით ცრემლს ღვრიდა. ზოგჯერ აღრენილი იყო, სამტროდ განწყობილი. ენას ვეღარ აჩერებდა. ყველასთან ენამწარობდა, ადამიანებს მტრად იკიდებდა. იმ საღამოს მართლაც რომ ნაადრევად მივიდა, მასპინძლები იმ დროს სტუმარს არ ელოდნენ. მალექაზარი საშხაპიდან ახალი გამოსული იყო და საშინაო ტანსაცმელი ეცვა. აბუზღუნდა. ამ აბეზარ, შეუგნებელ ბიძას გულში შეუკურთხა. დაფაცურდა. ქმარს ჰალსტუხი გაუნასკვა, შერჩეული სადა პერანგი დაუწუნა. სთხოვა, გამოიცვალეო, ურჩია, რომელ შარვალთან რომელი პიჯაკი ჩაეცვა. ბიძას ეს ძმისშვილი გულზე არ ეხატებოდა, აღიზიანებდა მისი პრეტენზია ინტელექტუალობაზე და ქედმაღლური ღიმილი. მიუხედავად ამისა, გაიჭიმა და მკლავები გაშალა: – ჩემო დედოფალა! ჩემო კოპწია, შენ შემოგევლე! მაპატიე, ადრე რომ მოვედი, ვიცი... და ყალბი ქათინაურების თქმა უნდა გაეგრძელებინა, რომ მალექაზარმა სიტყვა გააწყვეტინა. ცივად გადმოიხარა, პირი ბიძის ცხიმიან სახეს მოარიდა და ჰაერს აკოცა. ოდეკოლონის მძაფრი სუნისგან გული შეუწუხდა.
– კარგად მოქცეულხართ. ძალიან გამახარეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დაღლილი და მოწყენილი ამირალი შორიდან იყურებოდა. გაიფიქრა, კიდევ ათი საათი მაინც ამ ყალბ ქათინაურებსა და ყეყეჩ სტუმრებს უნდა გავუძლოო და – თვლემა მოერია. მთქნარება შეიკავა. ყელი ჩაიწმინდა. გაიგონა, მალექაზარი ეძახდა. ნათხოვარი ღიმილი ბაგეზე მოირგო და ბიძის შესაგებებლად გაემართა.
მომდევნო სტუმრები კომპანიონები და მათი მეუღლეები გახლდნენ. ბიძა ჭკუას კარგავდა ლამაზ ქალებზე, მათი ფაქიზი სმენისათვის წინასწარ ნუგბარი ხუმრობები და მეცნიერული საუბრები ჰქონდა მომზადებული. გადამდგარ გენერალს სურდა სხვებზე თანამედროვე ადამიანის შთაბეჭდილება მოეხდინა, რომელიც უახლეს სამეცნიერო მიღწევებში ერკვევა. ინფორმაციას ევროპული ჟურნალებიდან და უცხოეთის რადიოდან კრებდა. ცოტ-ცოტა ტყუილსაც თავის მხრივ მიამატებდა და მეგობრებს მიართმევდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ საღამოს ციური სხეულების წარმოშობაზე ესაუბრა. არავის ჰქონდა მნათობებსა და ვარსკვლავებზე ბაასის ხალისი. დღის თემა თეირანის მერის სასამართლო პროცესი და სამშენებლო კომპანიების ბედი გახლდათ.
*გაგრძელება*
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•