მიგელ დე უნამუნო - სამოძღვრებო ნოველა


1

 ამავე მოსაზრებით შემეძლო ეს წიგნი ასეც დამესათაურებინა: „ოთხი სამოძღვრებო ნოველა!“ ოთხი? რატომ ოთხი? იმიტომ, რომ ეს პროლოგიც ნოველაა. კარგად გამიგეთ, ნოველაა და არა ნივოლა! სწორედ ნოველა!
რაც შეეხება სიტყვას ნივოლა, როგორც მოვნათლე ჩემი ნოველა – მერედა რა ნოველა! – „ბურუსი“ და იქვე, 275-ე გვერდზე კიდეც განვმარტე, – პირდაპირ ხსნა იყო ჩემი... – კრიტიკოსებისთვისო? – მკითხავთ. კეთილი, დაე, ასე იყოს, კრიტიკოსებისთვის. ისინი მყისვე ჩააფრინდნენ ამ სიტყვას, რამეთუ ეს ხელს აძლევდა მათ გონებრივ სიზანტეს. გონებრივი სიზანტე კი, ანუ უცნობის განსჯა ნაცნობის ხარჯზე, იმათი ნიშან-თვისებაა, ვინც
კრიტიკოსობაზე დებს თავს.

   ამ პროლოგში კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით – გნებავთ ნოველა დაარქვით, გნებავთ – ნივოლა, – ნივოლისტიკის საკითხს. მივუბრუნდებით-მეთქი, რომ ვამბობ და თან ასე საზეიმოდ ვაცხადებ, ამასთან, პირველ პირში, მრავლობით რიცხვში ვლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ორნი ვართ, შენ, მკითხველო, და მე. ჰოდა, აკი გამოდის კიდეც ჩვენ, მაშასადამე, მივუბრუნდებით. ახლა ზოგიერთი რამ სიტყვა სამოძღვრებოს თაობაზეც.
სამოძღვრებო? რატომ სამოძღვრებო?

   მიგელ დე სერვანტესმა სამოძღვრებო დაარქვა ნოველებს, რომლებიც გამოაქვეყნა თავისი კიხოტეს შემდეგ, რადგან პროლოგში გვეუბნება: „მათ შორის ვერც ერთ ნოველას ვერ ნახავთ, საიდანაც რაიმე სასარგებლო მოძღვრება ვერ გამოიტანოთ“. მერე კი დასძენს: „ჩემი მიზანი იყო, ჩვენი ქალაქის ფართო მოედანზე ერთგვარი ბურთის საგორებელი მაგიდა დამედგა, ისე, რომ ყველას, ვისაც კი გართობა მოუნდებოდა, მისულიყო, თავიც შეექცია და ამასთან, არც, ასე ვთქვათ, ვნება მიეყენებინა სულისა და ხორცისთვის, რამეთუ წესიერი და სასიამოვნო გართობა უფრო სასარგებლოა, ვინემ საზიანო“. მერე განაგრძობს: „დიახ, არცა ტაძრებსა და სამლოცველოებში დავდივართ მუდამჟამს, არცა საქმეებს ვეჭიდებით დღენიადაგ, რაგინდ საშური იყოს; დგება ხოლმე საათი ხელახლა ქმნისა თუ ნეტარებისა, როცა მოღლილი სული ისვენებს; სწორედ ასეთ ჟამს ჭრიან ხოლმე ხეივნებს, ეძებენ წყაროებს, მოასწორებენ ბორცვებს და აშენებენ საოცარ ბაღებს“. მერე კვლავ დასძენს: „გავთამამდები და ვიტყვი: თუკი ამ ნოველების კითხვა ასე თუ ისე ავ სურვილებსა და აზრებს აღუძრავს ჩემს მკითხველს, უმალ ხელს მოვიჭრიდი, რომლითაც ისინი დავწერე, ვინემ მათ გამოვაქვეყნებდი; უკვე იმ ასაკს მივატანე, როცა საიქიოსთან ხუმრობა აღარ გამომადგება, რამეთუ ჩემს ორმოცდათხუთმეტ წელს კიდევ ცხრაც მივუმატე და გვარიანი სნეულებებიც ავიკიდე“.

   აქედან კი შეიძლება დავასკვნათ: პირველი, რომ სერვანტესი თავის ნოველებში უფრო ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილებისთვის ზრუნავდა, ანუ იმისთვის, რასაც დღეს ესთეტიკას ვუწოდებთ, ვინემ მორალისთვის; ამასთან, უნდოდა შვება მოეტანა ხელახლა ქმნის საათებში, როცა ჩვენი მოღლილი სული ისვენებს; მეორეც, სამოძღვრებო მათ მხოლოდ მას შემდეგ დაარქვა, როცა უკვე დაწერილი ჰქონდა, მეც სწორედ იგივე დამემართა. ჯერ ნოველები დავწერე და მერე პროლოგი წავუმძღვარე, ისევე როგორც ჯერ ენა შეიქმნა და მერე გრამატიკა, მას რომ მართავს და აწესრიგებს, ანდა როგორც მორალური დოქტრინა შეიქმნება ხოლმე მას შემდეგ, რაც უკვე ჩადენილია რაიმე კეთილი თუ ბოროტი საქციელი და მერეღა მიუსადაგებენ გამზადებულ დოქტრინას; და ეს პროლოგიც, გარკვეული აზრით, სხვა ნოველაა, ჩემი ნოველების ნოველაა და, ამასთან, ჩემი ნოველისტიკის ახსნაც, ანდა, თუ გნებავთ, ნ ი ვ ო ლ ი ს ტ ი კ ი ს ა. და ამ ნოველებს მეც სამოძღვრებოს ვუწოდებ, რამეთუ მათში გთავაზობთ ჭკუის სასწავლებელ მაგალითებს – ხოლო ამ სიტყვების მნიშვნელობის შესაბამისად – ცხოვრებისა და რეალობის მაგალითებსაც.
რეალობისას! დიახ, რეალობისას!
მისი აგონისტები, ე.ი. მებრძოლები – ანდა, თუ გნებავთ, დავარქვათ მათ პერსონაჟები, – რეალურები არიან, ყველაზე უფრო რეალურები, უურეალურესები – ყველაზე უფრო შინაგანი რეალურობით ქმნილნი, რასაც ისინი თავიანთ თავს მიაკუთვნებენ, წმინდა სურვილით რომ იყვნენ, ანდა წმინდა სურვილით, რომ არ იყვნენ ასეთები და არა იმ ნიშნით, რასაც მათ მკითხველები მიაწერენ.

2

   ლიტერატურულ ხელოვნებაში რეალიზმად წოდებულ სიტყვაზე უფრო ორაზროვანი არაფერი მახსენდება; და აი, რატომ: მაინც რა რეალობა იგულისხმება ამ რეალიზმში?
სინამდვილეში, ეს ეგრეთ წოდებული რეალიზმი, წმინდა გარეგნული, მოჩვენებითი, ლამის სალანძღავი და ანეკდოტური რამაა და უფრო ლიტერატურულ ხელოვნებას განეკუთვნება, ვინემ პოეტურსა თუ შემოქმედებითს. ყოველ პოემაში, – ხოლო საუკეთესო ნოველები პოემებია, – ყოველ ქმნილებაში, რეალობა სულაც არ არის ის, რასაც კრიტიკოსები რეალიზმს უწოდებენ. ყოველ ქმნილებაში რეალობა არის შინაგანი, შემოქმედებითი და ნებისაგან მომდინარე. პოეტი კი თავის ქმნილებებს – ცოცხალ ქმნილებებს – ეგრეთ წოდებული რეალიზმის ხერხებით როდი ქმნის. რეალისტების მიერ შექმნილი ფიგურები მუდამ გადაცმული მანეკენები გახლავთ, რომელთაც თოკებით ამოძრავებენ, გულში ფონოგრაფი უძევთ და მარტო იმ ფრაზებს იმეორებენ, რაც მაესე პედრომ აკრიფა ქუჩებში, მოედნებსა თუ დუქნებში და თავის დავთარში აღნუსხა.

   როგორია ეს შინაგანი რეალობა, რეალური რეალობა, მარადიული რეალობა, ადამიანის პოეტური თუ შემოქმედებითი რეალობა, იქნება ეს ადამიანი სისხლისა და ხორცისგან ქმნილი, თუ, ასე ვთქვათ, წარმოსახვის ნაყოფი, რაც ერთი და იგივეა, რამეთუ დონ კიხოტე ისეთივე რეალურია, როგორიც სერვანტესი, ჰამლეტი და მაკბეტი, როგორიც შექსპირი, და ჩემი აუგუსტო პერესი, შესაძლოა, მართალიც გახლდათ, როცა მითხრა, – ეს ჩემს რომანშიც ვთქვი და, მერე როგორ, როგორ რომანში! – „ბურუსში“, გვერდი 358 და 359, – ვითომ მე მისიცა და სხვათა ამბებიც, მათ შორის, თვითონ ჩემიც, მხოლოდ საბაბად გამოვიყენე, რომ ქვეყნიერებისთვის მემცნო...
რა არის ყველაზე უფრო შინაგანი? ყველაზე უფრო შემოქმედებითი, ყველაზე უფრო რეალური ადამიანისთვის?
აქ მე მინდა კვლავ მოვუხმო ოლივერ უენდელ ჰოლმსის მეტად მახვილგონივრულ თეორიას, რასაც თავის წიგნში „საუზმის მაგიდის თვითმპყრობელი“ III – გვთავაზობს სამი ხუანისა და სამი ტომასის მაგალითზე. და აი, რას გვეუბნება: როცა საუბრობენ ორნი, ხუანი და ტომასი, საუბარში ექვსი პიროვნება მონაწილეობსო:
სამი ხუანი
1. რეალური ხუანი, რომელსაც იცნობს მხოლოდ შემოქმედი;
2. იდეალური ხუანი ხუანისა, რომელიც სულაც არ არის რეალური და ხშირად მისგანაც განსხვავდება.
3. იდეალური ხუანი ტომასისა, რომელიც სულ არ არის რეალური ხუანი, არც ხუანის ხუანი, პირიქით, ხშირად ორივესგან საკმაოდ განსხვავდება კიდეც.
სამი ტომასი
1. რეალური ტომასი.
2. იდეალური ტომასი ტომასისა.
3. იდეალური ტომასი ხუანისა.
ანდა, ასე ვთქვათ, პიროვნება, როგორიც არის; პიროვნება, როგორიც თვითონ წარმოუდგენია და პიროვნება, როგორიც წარმოუდგენია სხვას. და ოლივერ უენდელ ჰოლმსი ამის მიხედვით მსჯელობს თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე.

   მაგრამ მე, ინტელექტუალური იანკის, უენდელ ჰოლმსისგან განსხვავებით, სხვა გზას ავირჩევ და ვიტყვი, რომ იმის გარდა, ვინც უფალი ღმერთის წინაშე წარდგება – თუკი, საერთოდ, ვინმე წარდგება მის წინაშე, – და იმის გარდაც, ვინც წარდგება სხვათა წინაშე და კიდევ იმის გარდაც, ვინც წარდგება საკუთარი თავის წინაშე, არის ისიც, ვისაც უნდოდა, რომ ეარსება და ის, ვისაც უნდოდა, რომ ეარსება, არის მასში, მის გულში შემოქმედი და ის არის ჭეშმარიტად რეალურიც. ჩვენი გადარჩენა ან დაღუპვა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თუ რანი ვიყავით, არამედ იმაზე, თუ რანი გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით. ღმერთი წყალობს ან სამუდამო სატანჯველად გასწირავს ადამიანს იმისთვის, თუ რა უნდოდა, რომ ყოფილიყო მას.
ახლა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ არიან ისეთებიც, რომელთაც სურთ ყოფნა და ისეთებიც, რომელთაც სურთ არყოფნა. და ეს ერთნაირად ახასიათებს რეალურ ადამიანსაც, სისხლისა და ხორცისგან ქმნილს და რეალურ პიროვნებასაც, რომელმაც პოვა განსახიერება ნოველისტურ თუ ნივოლისტურ გამონაგონში. არიან გმირები, რომელთაც სურთ არყოფნა, უსურვილო ადამიანები. მაგრამ სანამ შემდეგზე გადავიდოდეთ, თავს ვალდებულად ვთვლი, აგიხსნათ, რომ სულაც არ არის ერთი და იგივე, გსურდეს არყოფნა და არ გსურდეს ყოფნა.

   ფაქტობრივად, არის ოთხი პოზიცია და, აი, როგორი: ორი – დადებითი: ა) გსურდეს ყოფნა; ბ) გსურდეს არყოფნა; და ორი – უარყოფითი: გ) არ გსურდეს ყოფნა; დ) არ გსურდეს არყოფნა ასევე შეიძლება, გწამდეს, რომ არის ღმერთი, გწამდეს, რომ არ არის ღმერთი; არ გწამდეს, რომ არის ღმერთი და არ გწამდეს, რომ არ არის ღმერთი. და ისევე, როგორც – გწამდეს, რომ არ არის ღმერთი, იგივე არ არის, რაც არ გწამდეს, რომ არის ღმერთი; ასევე გსურდეს არყოფნა, იგივე არ არის, რაც არ გსურდეს ყოფნა. ის, ვისაც არ სურს ყოფნა, ძნელად განსახიერდება პოეტურ ქმნილებაში, ნოველაში; მაშინ, როცა ის, ვისაც სურს არყოფნა, განსახიერდება და ის, ვისაც სურს არყოფნა, არ არის, ცხადია, თვითმკვლელი.

   იმან, ვისაც სურს არყოფნა, შეიძლება ისურვოს ყოფნა.
რაო? ეგებ ეს ყველაფერი აბდაუბდად მოგეჩვენათ? მაშ, თუ ასეა და ეს თქვენ აბდაუბდად გეჩვენებათ და არც ძალგიძთ, არათუ უბრალოდ გაიგოთ, არამედ უფრო იგრძნოთ და იგრძნოთ მთელი გზნებითა და ტრაგიკულად, ვერასოდეს შეძლებთ შექმნათ რეალური არსებები, მით უმეტეს, ვერასოდეს შეძლებთ დატკბეთ ვერც ერთი ნოველით, თუნდაც ეს თქვენივე ცხოვრების ნოველა იყოს, რამეთუ ცნობილია, რომ ხელოვნების ნაწარმოები ტკბობას განგვაცდევინებს იმიტომ, რომ მას ვქმნით ჩვენში, ხელახლა ვქმნით და ჩვენც მასთან ერთად გარდავიქმნებით. და ამიტომ იყო, რომ სერვანტესი თავისი „სამოძღვრებო ნოველების“ პროლოგში ლაპარაკობდა „ხელახლა ქმნის საათებზე“, და მე მის ლიცენციატ ვიდრიერასთან ერთად გარდავიქმენი, როცა ვქმნიდი ჩემში და გარდავქმნიდი საკუთარ თავსაც მასთან ერთად. ლიცენციატი ვიდრიერა მე თვითონ გავხდი.

3

   ერთი სიტყვით, შევთანხმდეთ, მე მგონია, შევთანხმდით, რომ... – ადამიანი არის ყველაზე უფრო რეალური Realis, ყველაზე უფრო მოქმედი res, ყველაზე უფრო მატერიალური; ან, როგორც იტყვიან, ყველაზე უფრო დიდი წამქეზებელი. – არსებობს მხოლოდ ის, ვინც მოქმედებს – ეს არის ის, ვისაც სურს ყოფნა, ანდა ის, ვისაც სურს არყოფნა, ესე იგი, შემოქმედი. მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ, კანტის მიხედვით, ნოუმენალური, ადამიანი ნებისა და იდეალის მატარებელი – იდეა – ნებისა ანდა ძალისა – უნდა ცხოვრობდეს ფენომენალურ, მოჩვენებით, რაციონალურ სამყაროში, ეგრეთ წოდებული რეალისტების სამყაროში; და მან ცხოვრება უნდა განიცადოს, ვითარცა სიზმარი, რამეთუ ცხოვრება არის სიზმარი. და აქედან, ამ რეალურ ადამიანთა ერთიმეორესთან შეჯახების შედეგად წარმოიშვება ტრაგედიაც და კომედიაც, ნოველაცა და ნივოლაც, რამეთუ რეალობა არის შინაგანი, რეალობა არ შეიძლება შეიქმნას არც სოფიტებით, არც დეკორაციებით, არც ტანისამოსით, არც პეიზაჟებით, არც ავეჯით, არც რემარკებით, არც...

   შეადარეთ სეხიზმუნდო დონ კიხოტეს, ეს ორი, ვისთვისაც ცხოვრება არის სიზმარი. დონ კიხოტეს ცხოვრებაში რეალობას წარმოადგენს ქარის წისქვილები კი არა, არამედ გოლიათები. ქარის წისქვილები რაღაც ფენომენალურია, მოჩვენებითი, გოლიათები კი – ნოუმენალური და სუბსტანციური. სიზმარია მხოლოდ ცხოვრება, რეალობა, შემოქმედება. თვით რწმენა, წმინდა პავლეს თანახმად, სხვა არა არის რა, თუ არა საგანთა სუბსტანცია, რომელსაც ველოდებით და ეს იმედი არის კიდეც სიზმარი; და რწმენა არის წყარო რეალობისა, რამეთუ ეს არის ცხოვრება, რწმენა, არის ქმნა.
განა „ოდისეა“, ეს ეპოპეა – რომელიც არის ნოველა და ნოველა რეალური, მეტისმეტად რეალური – ნაკლებად რეალურია, რაკი მასში საოცარი სიზმრებია ნაამბობი, რომელთაც რეალისტი მწერალი თავის ხელოვნებაში არც კი გააჭაჭანებდა?

4

   დიახ, უკვე ვიცი, რა სიმღერასაც წამოიწყებენ კრიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე ჩემს ნივოლას ჩააფრინდნენ, ესაო და თეზისების ნოველებიაო, ფილოსოფიურიო, სიმბოლური, პერსონიფიცირებული, კონცეფციები, დიალოგიზებული ესეებიო და ვინ იცის, კიდევ რა...
მაშ კარგი, ადამიანი, თანაც რეალური ადამიანი, რომელსაც სურს არყოფნა, არის სიმბოლო და სიმბოლოსაც შეუძლია გახდეს ადამიანი. იგივე ემართება კონცეფციასაც. კონცეფცია შეიძლება გახდეს პიროვნება. და მჯერა, რომ ჰიპერბოლის შტოს – დიახაც, სურს, – სურს! – შეეხოს თავის ასიმპტოტას და კი ვერ სწვდება მას, და გეომეტრი, რომელიც იგრძნობდა ჰიპერბოლის ამ უიმედო სურვილს, მიეღწია თავისი ასიმპტოტისთვის, წარმოგვიდგენდა ამ ჰიპერბოლას, ვითარცა პიროვნებას და ტრაგიკულ პიროვნებას. და მჯერა, რომ ელიფსს სურს ჰქონდეს ორი ფოკუსი და მჯერა ნიუტონის ბინომის ტრაგედიისა თუ ნოველისა, ოღონდ კი არ ვიცი, თავად ნიუტონი თუ გრძნობდა ამას. კრიტიკოსები კი ყველაფერ ამას წმინდა კონცეფციებს, ანდა გამოგონილ არსებებს ეძახიან!
გარწმუნებ, მკითხველო, რომ თუ გუსტავ ფლობერი გრძნობდა, როგორც ამბობდნენ, მოწამვლის სიმპტომებს, როცა აღწერდა, ან როგორც იტყვიან, ქმნიდა ემა ბოვარს, რომანში, რომელიც მიჩნეულია რომანების და თანაც რეალისტური რომანების ნიმუშად, – ასევე, როცა ჩემი აუგუსტო პერესი ჩიოდა ჩემ წინ, უფრო სწორად, ჩემში, „სიცოცხლე მსურს, დონ მიგელ, სიცოცხლე მსურსო“, – „ბურუსი“ გვერდი 359, – მეც ვგრძნობდი, რომ მასთან ერთად ვკვდებოდი.

   „იმიტომ, რომ აუგუსტო პერესი შენ თვითონა ხარ!..“ – მეტყვიან, – მაგრამ არა! საქმე ის არის, რომ ყველა ჩემი პერსონაჟი, ყველა აგონისტი, რომელიც კი შემიქმნია, საკუთარი სულიდან მყავს ამოზიდული, ჩემი შინაგანი რეალობიდან – რაც არის მთელი ხალხი – მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი მე თვითონ ვარ. მაშინ თავად ვინღა ვყოფილვარ? ვინ ყოფილა ის, ვინც აწერს მიგელ დე უნამუნოს სახელს? მაშასადამე... ერთი ჩემი პერსონაჟთაგანი, ერთი ჩემი ქმნილებათაგანი, ერთი ჩემი აგონისტთაგანი და ეს ჩემი „მე“, ინტიმური და უმაღლესი, ეს ტრანსცენდენტური ან იმანენტური „მე“ ვინღა ყოფილა? უფალმა უწყის... ეგებ თავად უფალიც კი...
და ახლა უნდა გითხრათ, რომ ეს ბინდბუნდოვანი პერსონაჟები – არც შუაღამისანი და არც შუადღისანი, რომელთაც არ სურთ ყოფნა და არც სურთ არყოფნა, არამედ შეიძლება მართო ან თან გაიყოლო, – რომ ეს ყველა პერსონაჟი, რომელთაც აავსეს ჩვენი ესპანეთის თანამედროვე რომანები, ყველა იმ თავისი წვრილმანით და, რომლებიც გამოირჩევიან იმ თავიანთი აჩემებული ფრაზებითა და ტიკებითა თუ ჟესტებით, არ წარმოადგენენ პიროვნებებს თავისი უმაღლესი მნიშვნელობით, არც გააჩნიათ შინაგანი რეალობა. არ არის წუთი, როცა მათ შეიძლება გაგიხსნან გული და გააშიშვლონ თავიანთი სული.
ჭეშმარიტი ადამიანი შეიძლება აღმოაჩინო და შექმნა ერთი წუთის, ერთი ფრაზის, ერთი შეძახილის მიხედვით, ასეა შექსპირთან, და მერე, როცა უკვე აღმოაჩენთ, შექმნით მას, თქვენ უკეთ იცნობთ მას, ვიდრე თვითონ იცნობს თავის თავს.

   თუ შენ, მკითხველო, გსურს შექმნა ხელოვნებისთვის პიროვნებები, ტრაგიკული აგონისტები, კომიკური ან ნოველისტური, ნუ დაახვავებ დეტალებს, ნუ გამოეკიდები გარშემო მცხოვრები ადამიანების გარეგნული თვისებების შესწავლა-დაკვირვებას, მაგრამ ყველაზე მეტად კი უნდა გიყვარდეს ისინი და იმედი გქონდეს, დადგება დღე, – ანდა, შეიძლება სულაც არ დადგეს, – და ისინი გაგიხსნიან სულის ყველა სამალავს და გაგიმხელენ, თუ რანი უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ, თუნდაც ერთი წამოძახილით, ერთი საქციელით, ერთი ფრაზით, და მაშინ, ხელიდან არ გაუშვა ის წუთი, აღბეჭდე იგი შენში, აცადე ამ ჩანასახს გაღვივდეს და იქცეს ჭეშმარიტ პიროვნებად, ისეთ პიროვნებად, რომელიც იქნება ნამდვილი რეალური, და მაშინ, შეიძლება შენს მეგობარ ხუანზე ან შენს მეგობარ ტომასზე უკეთესადაც მიხვდე, თუ რა სურდა, რომ ყოფილიყო ტომასს, ანდა რა სურდა, რომ ყოფილიყო ხუანს, თუ რა სურდა ორივე მათგანს, რომ არ ყოფილიყო. ბალზაკი არ იყო ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა საზოგადოების ცხოვრებით, იგი არ კარგავდა დროს, რომ შეედგინა შენიშვნები, თუ რას ხედავდა ან რა ესმოდა ადამიანებში და ადამიანებისგან, მთელ ამ სამყაროს იგი თავის თავში ატარებდა.

5

   ყოველ ცოცხალ ადამიანში ძევს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და წამალი მათი – შვიდი სათნოება: ამპარტავნობას – სიმდაბლე, ანგარებას – მოწყალება, სიძვას – უმანკოება, მრისხანებას – სიმშვიდე, ნაყროვანებას – მარხულობა, შურს – სიყვარული, მიმოწვლილველობას – სასოება, და მას შეუძლია თავისი თავიდან ერთნაირად ამოზიდოს ტირანიცა და მონაც, ბოროტმოქმედიცა და წმინდანიც, აბელიცა და კაენიც.
მე არ ვამბობ, ვითომ დონ კიხოტესა და სანჩო პანსას ერთი წყაროსათავე ჰქონდათ-მეთქი, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, რაზედაც მეტყველებს დონ კიხოტეს გასანჩოპანსავება და სანჩო პანსას გადონკიხოტება, რაც, იმედი მაქვს, კიდეც დავამტკიცე ჩემს „დონ კიხოტესა და სანჩო პანსას ცხოვრებაში“. თუმცა კი, ალბათ, მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მიმითითებს, შენს თხზულებაში გამოყვანილი დონ კიხოტე და სანჩო პანსა სულაც არ არიან სერვანტესის გმირების მსგავსნიო; ეს სამართლიანიცაა, იმიტომ, რომ არც დონ კიხოტე და არც სანჩო პანსა მარტო სერვანტესისა და ჩემი კუთვნილებანი კი არ არიან, ისინი ეკუთვნიან ყველას, ვინც კი მათ შექმნის და ხელახლა შექმნის, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ისინი ეკუთვნიან თავიანთ თავს, ხოლო როცა ჩვენ მათ ვჭვრეტთ და ხელახლა ვქმნით, იმ ორ გმირს ვემსგავსებით.

   მე არ ვიცი, განსხვავდება კი ჩემი დონ კიხოტე სერვანტესის დონ კიხოტესგან, თუ იგივეა, რაც იყო, მაგრამ მე მის სულში აღმოვაჩინე ისეთი სიღრმეები, რაც არ აღმოუჩენია სერვანტესს, ვინც პირველმა აღმოგვიჩინა იგი; რამეთუ დარწმუნებული გახლავართ, რომ სხვათა შორის, სერვანტესმა ჯეროვნად ვერ შეაფასა, თუ რას ნიშნავდა ცხადად მესიზმრე რაინდისთვის ის მორცხვი და მოწიწებული სიყვარული ალდონსა ლორენსოსადმი. სერვანტესი ვერც სანჩო პანსას გაკიხოტების მთელ სიღრმეს ჩასწვდა.
ახლა კი შევაჯამებ: ყოველ ცოცხალ ადამიანში ძევს შვიდი მთავარი სიკეთე და მისი შვიდი საპირისპირო ცოდვა, რაც აძლევს კიდეც საშუალებას სულ სხვადასხვაგვარი აგონისტების შექმნისას.

   საწყალი კაცუნები, ტრაგედიისა რომ ეშინიათ, ადამიანთა ეს საცოდავი ლანდები, რომ კითხულობენ და კი ვერაფერს სწვდებიან, კითხულობენ, რათა მოკლან დრო და ამით მარადისობაც – თუკი რომელიმე ტრაგედიაში ან კომედიასა, თუ ნოველაში, ანდა, თუ გნებავთ, ნივოლაშიც, მამაკაცს, ნამდვილ მამაკაცს, ან ქალს, ნამდვილ ქალს წააწყდებიან, უეჭველად ჰკითხავენ საკუთარ თავს: „მაინც საიდან ამოზიდა ავტორმა ეს ყველაფერი?“ ამ კითხვას კი მარტო ერთი პასუხი უნდა გაეცეს: „მხოლოდ არა შენგან!“ და რაკი ავტორს ეს გმირი ამ ნაცრისფერი და უსახო არსებიდან არ ამოუზიდავს, მაშინ არც იმას აქვს აზრი, რომ გააცნო, თუკი ამ გმირში მაინც ვერ ამოიცნობს ადამიანს და არც შერცხვება, მას სიმბოლო ან ალეგორია უწოდოს.
და თუ ეს უსახო არსება, ადამიანის ეს მინამგვანი, რომელიც ყოველგვარ ტრაგიკულს გაურბის, ჩემ მიერ წარმოსახული კი არ არის, როგორც იტყოდა ტასო, რამეთუ ის, ვინც მართლაც არის წარმოსახვის ლანდი და ამას კიდეც შეიგნებს, მაშინ დიდ განსჯასაც მიეცემოდა და სურვილიც აღეძვრებოდა ყოფნისა ან არყოფნისა, თავადვე გახდებოდა ის ტრაგიკული პიროვნება, ვინც თავის თავში აღმოაჩენდა უნარს შეექმნა და ხელახლა შეექმნა სხვა ტრაგიკული ანდა კომიკური პერსონაჟები და შეძლებდა გამხდარიყო ნოველისტიც, ესე იგი, პოეტი და სწორედ ის შეძლებდა დამტკბარიყო ნოველით, ესე იგი, პოემით.

6

   ახლა ცხადია? ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, რათა ჩვენსავე ქმნილებებში სინათლე შევიტანოთ, კიდევ ერთი ტრაგედიაა.
მაშ, ეს ჩვენი პროლოგიც ნოველა ყოფილა. ეს გახლავთ ჩემი ნოველების ნოველა, დაწყებული ისეთი ნოველებით, როგორებიცაა „მშვიდობა ომის დროს“, „სიყვარული და პედაგოგიკა“, ჩემი მოთხრობები, ისინიც აკი ნოველებია, – „ბურუსი“ და ალბათ ყველაზე ტრაგიკული „აბელ სანჩესი“ და დამთავრებული „სამი სამოძღვრებო ნოველით“, რომლის წაკითხვასაც ახლა აპირებ, ჩემო მკითხველო, თუ ამ პროლოგმა ხალისი არ დაგიკარგა.
ახლა ხომ ხვდები, ჩემო მკითხველო, რატომ ვუწოდებ ჩემს ნოველებს სამოძღვრებოს! იმედია, სანიმუშო მოძღვრებადაც გამოგადგება!
ვიცი, რომ დღეს ესპანეთში ნოველებს უპირატესად ქალები კითხულობენ, თუმცა არა, ქალები კი არა, მანდილოსნები და ქალიშვილები და ისიც ვიცი, რომ ეს მანდილოსნები და ქალიშვილები ყველაზე დიდი ხალისით საკუთარ სულიერ მამათა მიერ შეთავაზებულ ნოველებს კითხულობენ, ანდა იმას, რასაც ისინი უკრძალავენ, ესე იგი, ან დისტილირებულ ამბებს, ანდა აშკარა პორნოგრაფიას და ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ისინი გაურბიან ყველაფერს, რაც კი მათ აიძულებთ ჩაფიქრდნენ, არა, ისინი გაურბიან ყველაფერს, რაც მათ აღელვებთ, ხოლო ასეთი აღელვება შეიძლება იმითაც დამთავრდეს, რომ... მაგრამ ამაზე ჯობს გავჩუმდეთ!
ეს მანდილოსნები და ქალიშვილები აღფრთოვანებაში მოჰყავს მანეკენზე ჩამოცმულ მოდურ კაბას, ანდა ნახევრად შიშველი ან ნახევრად ჩაცმული სხეულის დანახვას, მაგრამ აშკარად კეთილშობილური სიშიშვლე კი აშინებთ. ყველაზე მეტად კი – სულის სიშიშვლე.
აი, ასე არსებობს ჩვენი ნოველისტური ლიტერატურაც!
ლიტერატურა... დიახ, ლიტერატურა. სწორედ ლიტერატურა. ეს განსაკუთრებული სახის არსებობა, წინადადებათა და მოთხოვნათა, ექსპორტისა და იმპორტის, საბაჟოს კონტროლსა და ნიხრის კანონებს რომ ექვემდებარება.
   და აჰა, ბოლოს და ბოლოს, ძვირფასო მკითხველებო, კაცებო და ქალებო, ბატონებო, მანდილოსნებო და ქალიშვილებო, თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს ეს ჩემი სამი სამოძღვრებო ნოველა და, თუმცა წინასწარ ვიცი, ამ ნოველების გმირებს თქვენ სიმარტოვისთვის გასწირავთ და აღიარებას არ აღირსებთ, მაინც მწამს, რომ ისინი იცოცხლებენ და ისევე მწამს, როგორც ის, რომ მე ვიცოცხლებ.
როგორ? როდის? სად? მარტო ერთმა ღმერთმა უწყის...

ნახვა: 206

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Keeping Your Distance and Using Summons

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:58am 0 კომენტარი

6. Keeping Your Distance and Using Summons

For an Arcane build, keeping a safe distance between you and enemies is crucial to avoid being interrupted during spellcasting. Summons can provide additional distraction, allowing you to cast freely without worrying too much about enemy attacks.

Spirit Ashes: Use summons that provide offensive pressure (like Mimic Tear or Lhutel the Headless) to keep enemies busy while you cast from a safe distance. This ensures that you can focus on…

გაგრძელება

Mmoexp Skull and Bones Items: Manipulating the Fear of the Unseen

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

3. Manipulating the Fear of the Unseen: Ambush from the Shadows

One of the most primal fears in human nature is the fear of what cannot be seen or understood. This is the foundation of many successful ambushes in Skull and Bones. By keeping your presence hidden until the perfect moment, you can capitalize on your enemies’ uncertainty, leaving them unprepared for your assault.

a) Hide in Plain Sight

Sometimes, the most effective way to ambush an enemy is by hiding in a place…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters