ვია ნაციონალეზე, ზედ გამზირის დასაწყისში, ხმაური და ჭყლეტა იყო; ბრბოს ცენტრში ორი მოკამათე იდგა: თხუთმეტიოდე წლის ბიჭუნა და სენიორი ნესვივით გაყვითლებული ფიზიონომიით, რომელზეც ახლომხედველის სათვალის ბოთლის ფსკერივით სქელი მინები უბრწყინავდა. ეს უკანასკნელი თავისი საშინელი წრიპინა ხმით ცდილობდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებასა და ხელებს აქეთ-იქით აქნევდა. ერთ-ერთში ეკალმუხის სპილოსძვლისთავიანი ხელჯოხი ეჭირა, მეორეში – წიგნი, რომელიც, შრიფტის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ძველებური უნდა ყოფილიყო. ბიჭუნა გაჰყვიროდა და ფეხებს აბაკუნებდა, თან უხამსი ტერაკოტის ქანდაკების ნამსხვრევებს ურტყამდა წიხლებს, რომლებიც ტროტუარზე ქანდაკების ბრინჯაოსფრად შეღებილი თაბაშირის ნამტვრევებთან ერთად ეყარა – ეს თაბაშირი ქანდაკებას თავად ედგა. მაყურებლებიდან ზოგიერთი ხმამაღლა ხარხარებდა, სხვებს შემწყნარებლური გამომეტყველება ეწერათ სახეებზე, ზოგიერთებს – მეტისმეტად დიდაქტიკურიც; მცირეწლოვანი ოინბაზებიდან კი, რომლებიც ფარნებზე ამძვრალიყვნენ, ზოგი ყეფდა, ზოგი უსტვენდა, ზოგი კი მომუშტულ ხელებში ზუზუნებდა.
– ეს უკვე მესამეა! ეს უკვე მესამეა! – ღრიალებდა სენიორი, – მე ზეზეულად ვკითხულობ, ის კი განგებ მიგდებს ფეხებში თავის ამაზრზენ ქანდაკებებს, რომ დავანარცხო. ეს უკვე მესამეა! ის ჩემზე ნადირობს! მდარაჯობს! ერთხელ კორსო ვიტორიოზე, მერე ვია ვოლტურნოზე, ახლა აქ... ქანდაკებებით მოვაჭრე, თავის მხრივ, ცდილობდა მტკიცებებითა და თავის მართლებით დაერწმუნებინა იქვე მდგომნი საკუთარ უდანაშაულობაში: – არა, რას ამბობთ! ის თვითონ არის დამნაშავე! სულაც არ კითხულობს! პირდაპირ ჩემს საქონელზე აბოტებს! ან ვერ ხედავს, ან ღრუბლებში დაფრინავს, რაც უნდა იყოს, აი, რა გამოვიდა...
„მაგრამ სამჯერ?“ – სიცილით ეკითხებოდნენ მსმენელები.
ბოლოს და ბოლოს ბრბოს გარღვევა ორმა პოლიციელმა მოახერხა, რომლებიც მთლად გაოფლილიყვნენ და ქშინავდნენ; რაკი მათი გამოჩენისთანავე მოპაექრე მხარეებმა თავიანთი ბრალდებების წარმოთქმა და თავის მართლება უფრო ხმამაღლა დაიწყეს, წესრიგის დამცვლებმა გადაწყვიტეს, საყოველთაო სანახაობისთვის ბოლო მოეღოთ და ორივენი პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ დაქირავებული ეტლით. ის იყო, სათვალიანი სენიორი ეკიპაჟში ჩაჯდა, რომ მაშინვე გაიმართა, მთელი ძალით წაიგრძელა კისერი და თავის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვა, მერე კი, ამ საქმიანობისგან დაღლილმა, წიგნი გადაშალა და თავი შიგ ისე ჩარგო, რომ ცხვირი ფურცლებს მიაკრო, მერე სახე მოაშორა, სათვალე შუბლზე აიწია და ისევ წიგნში ჩაძვრა – ახლა შეუიარაღებელი თვალით ცდილობდა წაკითხვას; ამ პანტომიმის შემდეგ საშინლად აღელდა, სახე შიშისა და სასოწარკვეთისგანაც კი დაემანჭა: – ო, ღმერთო!.. თვალები... ვერ ვხედავ... ვერაფერს ვერ ვხედავ! მეეტლემ მკვეთრად გააჩერა ეკიპაჟი. პოლიციელი და ქანდაკებებით მოვაჭრე ისე შეცბნენ, ვერც კი ხვდებოდნენ, ეს სენიორი სერიოზულად ლაპარაკობდა თუ ჭკუიდან შეცდა; პირები თითქმის უნდობელი გაღიმებისგან დაეღოთ. იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ეკიპაჟი გაჩერდა, აფთიაქი იდგა; კართან უკვე შექუჩებულიყო სეირის მოყვარული ხალხი – ზოგიერთები ეტლს გამოჰყოლოდნენ აქამდე, სხვები კი საცქერლად გაჩერდნენ; სათვალიანი სენიორი, მიცვალებულივით გაფითრებული, მთლად ძალაგამოლეული და დათრგუნილი, ხელკავით შეიყვანეს შენობაში. გზადაგზა კვნესოდა. სკამზე დასვეს. იჯდა და თავს აქნევდა, მუხლებს ხელისგულებით ისრესდა – ჟრჟოლას აეტანა და ვერ წყნარდებოდა, არც აფთიაქარს აქცევდა ყურადღებას, რომელიც ამაოდ ცდილობდა თვალები გაესინჯა, არც მაყურებლებს, რომლებიც ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ და რჩევებსაც კი არ იშურებდნენ: უნდა დაწყნარდე, არაფერია საშიში, დროებითი დარღვევაა, სიბრაზის შემოტევისგან თვალთ დაგიბნელდაო... უცებ თავის ქნევა შეწყვიტა, ხელები ასწია, თითების გაშლა-შეკუმშვას მოჰყვა.
– წიგნი, წიგნი! სად არის ჩემი წიგნი?
იქ მყოფებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მერე კი გაეცინათ. მაშ მას თან წიგნი ჰქონდა? და გამბედაობა ყოფნიდა გზადაგზა ასეთი თვალებით ეკითხა? როგორ... სამი ქანდაკება? აი, როგორ. და მერე ვინ, ვინ... აი ეს? აი, თურმე რა ყოფილა, განგებ უდებდა ფეხს? დახეთ ერთი! დახეთ ერთი!
– მინდა განცხადება გავაკეთო მის საწინააღმდეგოდ! – უცებ იყვირა სენიორმა, სკამიდან წამოდგა, ხელები გამოშალა და თვალები გადმოკარკლა, რამაც მისი სახე კიდევ უფრო სასაცილო და იმავდროულად შესაბრალისი გახადა, – ყველა აქ მყოფის წინაშე მსურს განვაცხადო! ის გადაიხდის ჩემი თვალების გამო! მკვლელი! აქ ორი პოლიციელია – სწრაფად ჩაიწერეთ გვარები, ჩემი და მისი. თქვენ ყველანი მოწმეები ხართ. პოლიციელებო. ჩაიწერეთ: ბალიჩი... დიახ, ბალიჩი, ეს ჩემი გვარია, ვალერიანო, დიახ; ვია ნომენტანო, სახლი ასმეთორმეტე, ბოლო სართული. და ამ არამზადის გვარიც... სად არის, აქ? არ გაუშვათ! სამჯერ, ჩემი სუსტი მხედველობითა და ჩემი დაბნეულობით ისარგებლა... დიახ, ბატონებო, სამი საძაგელი ქანდაკება... ა, შესანიშნავია, გმადლობთ, ჩემი წიგნი, დავალებული ვარ თქვენგან! ეკიპაჟი მჭირდება, ნება მომეცით... შინ, შინ, შინ მინდა! განცხადება გაკეთებულია. და გასასვლელისკენ ხელის ცეცებით დაიძრა. ზღურბლთან ოდნავ წაბორძიკდა, ხელი შეაშველეს, ეტლში ჩასვეს და მაყურებელთა შორის ორმა ყველაზე გულმოწყალემ სახლამდეც კი მიაცილა. ასეთი იყო მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე ჩუმი აშლილობის ხმაურიანი და ბანალური ფინალი. არაერთხელ უმტკიცებდა ექიმი-ოკულისტი ბალიჩის, რომ სიბრმავის საფრთხის შემცველი მისი სნეულების ერთადერთი წამალი იყო – კითხვაზე უარი ეთქვა. მაგრამ ბალიჩი ყოველ ჯერზე ექიმს იმ გაურკვეველი ღიმილით უსმენდა, რომლითაც აშკარა ხუმრობაზე პასუხობენ ხოლმე.
– არ მეთანხმებით? – უთხრა ექიმმა, – მაშ, იკითხეთ, იკითხეთ, და შედეგსაც ნახავთ! თქვენ მხედველობას კარგავთ, გიმეორებთ. მერე არ თქვათ: „ო, ნეტავ მცოდნოდა!“ მე თქვენ გაგაფრთხილეთ! თავაზიანი გაფრთხილება! ბალიჩისთვის ხომ მთელი ცხოვრება კითხვას ნიშნავდა. ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე კითხვაზე ეთქვა უარი. ეს მანიაკური ვნება მას მერე დაეუფლა, რაც ანბანი ისწავლა. ჯერ კიდევ ბალღობაში მოხუცი მსახურის ზრუნვას მინდობილი, რომელსაც იგი ღვიძლი შვილივით უყვარდა, ალბათ დიდხანს იცხოვრებდა განცხრომასა და ფუფუნებაში, ვალებში რომ არ ჩაფლულიყო ურიცხვი რაოდენობის წიგნების ყიდვის გამო, რომლებიც მის საცხოვრისს ერთ დიდ უწესრიგობას ამსგავსებდნენ. მას მერე, რაც ახალი წიგნების ყიდვის შესაძლებლობა ამოეწურა, უკვე ორჯერ გადაიკითხა ძველები, თითოეული დააგემოვნა პირველიდან ბოლო გვერდამდე. და იმის მსგავსად, როგორც ზოგიერთი ცხოველი მიმიკრიის კანონების დაცვით იმ გარემოს თუ მცენარეული საფარის შეფერილობასა და გარეგნულ ნიშნებს იღებს, სადაც ბინადრობს, ისიც თანდათანობით რაღაც ქაღალდისა გახდა: სახე და ხელები – ქაღალდივით გაუთეთრდა, თმა და წვერიც – ქაღალდისფერი გაუხდა. ამ წლების განმავლობაში ახლომხედველობა უზომოდ გაუძლიერდა და ახლა ჩანდა, რომ წიგნები მართლაც ნთქავდნენ, უკვე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – იმდენად ახლოს მიჰქონდა სახესთან კითხვის დროს. იმ საზარელი ამბის შემდეგ, ექიმის რჩევით, ორმოცი დღე ბნელ ოთახში გაატარა, თუმცა სრულიად არ ჰქონდა იმედი, რომ ამგვარი ქმედება განკურნავდა; როგორც კი პატიმრობის ვადა დასრულდა, ბალიჩიმ ბრძანა, კაბინეტში შეეყვანათ. პირველივე კარადასთან გაჩერებულმა რომელიღაც წიგნი მოსინჯა ხელით, გადმოიღო, გაშალა, სახე ჩარგო – ჯერ სათვალით, მერე მის გარეშე, როგორც მაშინ, ეკიპაჟში – და უხმოდ ატირდა, ფურცლებზე სახემიდებული. მერე მდუმარედ დაიარა ვრცელი ოთახი, თითებით ეხებოდა წიგნების თაროებს: აი ისიც, მთელი მისი სამყარო! მას კი იქ აღარ უწერია ცხოვრება, ან მხოლოდ იმ დონეზე, რამდენადაც მეხსიერება შეუწყობს ხელს! რეალური ცხოვრებით არასდროს უცხოვრია; შეიძლება ითქვას, არსად და არასდროს ხეირიანად არც არაფერი უნახავს; მაგიდასთან, საწოლში, ქუჩაში, საზოგადოებრივი ბაღების სკამებზე – ყველგან და ყოველთვის ერთადერთი რამით იყო დაკავებული: კითხულობდა, კითხულობდა, კითხულობდა. ახლა კი მას, ბრმას, აღარასდროს ეწერა ცოცხალი სინამდვილის დანახვა, რომელიც უნახავადვე გაქრა მისთვის, და იმ სინამდვილის დანახვაც, რომელიც წიგნებში იყო გამოსახული, რადგან კითხვაც აღარ შეეძლო. თავის წიგნებს ყოველთვის უწესრიგოდ ტოვებდა, ერთმანეთზე ალაგებდა გროვებად ან სკამებზე, იატაკზე, კარადებში ფანტავდა, როდის როგორ. ახლა ამასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა. იმდენჯერ აპირებდა ამ სოდომში რაიმენაირი წესრიგის დამყარებას მაინც, სურდა წიგნები შინაარსის მიხედვით დაელაგებინა, მაგრამ ვერა და ვერ მოაბა თავი – სულ ენანებოდა დრო. არადა, ასე რომ მოქცეულიყო, ახლა შეეძლო ხან ერთ, ხან მეორე კარადასთან მისულს ასეთი დაბნეულობის განცდა არ გასჩენოდა, აზრებიც ასე არ დაეფანტებოდა, უფრო მკაფიო გახდებოდა. გამოცდილი ბიბლიოთეკარის ძიებაში, რომელიც ამ საქმეს იკისრებდა, გაზეთებში განცხადება განათავსა. ორი დღის შემდეგ ვიღაც ტვინიკოსი ჭაბუკი გამოეცხადა, რომელიც ფრიად გააოცა იმ ამბავმა, რომ ბრმას სურდა თავისი ბიბლიოთეკის მოწესრიგება და ამასთან ერთად იმასაც ბედავდა, რომ მისთვის მითითებები მიეცა. მაგრამ ეს ჭაბუკი მაშინვე მიხვდა, რომ საბრალო ალბათ ჭკუიდან შეცდა – ეს უნდა ყოფილიყო სწორედ მიზეზი; აბა, რისთვის უნდა მიეწერა, თუ არა სიგიჟისთვის ის ამბავი, რომ მორიგი წიგნის დასახელების გაგონებისას – აი, ის აქ არის, – ყოველ ჯერზე სიხარულისგან ადგილზე ხტოდა, ტიროდა, სთხოვდა წიგნი მიეწოდებინა, ალერსიანად ეფერებოდა ფურცლებს და გულში იხუტებდა, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს.
– პროფესორო, – ქირქილებდა ჭაბუკი, – ასე ხომ ვერასდროს დავამთავრებთ, აბა, დაფიქრდით!
– დიახ, დიახ, მართალია, მართალი, – ეთანხმებოდა მაშინვე ბალიჩი, – მაგრამ ეს წიგნი აი, აქ დადეთ... მოითმინეთ, ჩემი ხელი იმ ადგილას მიადეთ, სადაც წიგნს დებთ... კარგია, კარგი, აი, აქ... რომ ადვილად გავერკვე. ძირითადად ეს იყო წიგნები მოგზაურობაზე, სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებებზე, წიგნები საბუნებისმეტყველო ისტორიაზე და ბელეტრისტიკა, ისტორიისა და ფილოსოფიის სახელმძღვანელოები. როცა სამუშაო, ბოლოს და ბოლოს, დასასრულს მიუახლოვდა, ბალიჩის მოეჩვენა, რომ მისი გარემომცველი წყვდიადი ისეთი გაუვალი აღარ იყო და მან თითქმის გამოიყვანა თავისი სამყარო ქაოსიდან. მცირე ხნით თითქოს გაირინდა, ისევ მასში ჩაფლული. ახლა მთელ დღეებს ბიბლიოთეკაში ატარებდა, თაროებზე დალაგებული წიგნების ყდებს შუბლით მიყრდნობილი, თითქოსდა იმედი ჰქონდა, რომ მათთან შეხებით თავში გადაეღვრებოდა ის, რაც იქ ეწერა. სცენები, ეპიზოდები, აღწერათა ნაწყვეტები მეხსიერებაში აღუდგებოდა მთელი გამომსახველობით, მკაფიოდ და აშკარად; უფრო მეტიც, ისევ იძენდა მხედველობის უნარს – თავის ამ სამყაროში რაღაც წვრილმანების დანახვის, რომლებიც განსაკუთრებით კარგად დახსომებოდა იმ ხანიდან, როცა თავის წიგნებს ხელახლა კითხულობდა: ოთხი შუქურის წითელი ჩირაღდნები, რომლებიც პორტში განთიადისას ანათებდნენ; უდაბური ზღვა ერთადერთი გემით, რომლის კონტურები განთიადისას ფერფლისფერი ცაზე იკვეთებოდა; ხეებით მოფენილ გორაზე, შემოგომის დაისის ცეცხლისფერ ფონზე, ორი უშველებელი ყორნისფერი ცხენი, რომლებსაც თავები თივის ზვინში ჩაურგავთ. მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო ამ მტანჯველ მდუმარებაში. მოისურვა, რომ მის სამყაროს ისევ შეეძინა ხმა და ეს ხმა, მის სმენას მიწვდომილი, უამბობდა, როგორი იყო მისი სამყარო სინამდვილეში, და არა ბუნდოვან მოგონებებში. ისევ განათავსა განცხადება გაზეთში, ამჯერად მკითხველის საძიებლად, და შემთხვევამ ვიღაც ყმაწვილი სენიორინა გაუგზავნა, რომელსაც ნამდვილი მოუსვენრობა შეჰყროდა. ამ დაუცხრომელ არსებას ნახევარი ქვეყანა მოევლო და თავისი შფოთიანობის გამო, რაც საუბრის მანერაშიც კი იგრძნობოდა, გაცელქებულ ტოროლას ჰგავდა, რომელიც ხან აფრთხიალდება ისე, რომ თვითონაც არ იცის, სად უნდა გაფრინდეს, ხან უცებ მიწაზე დაეშვება და ფრთების სულელური ტყლაშუნით ხტის, აქეთ-იქით ტრიალებს და ბრუნავს. კაბინეტში შეფრენილმა წამოისროლა: – ტილდე პალოკინი. თქვენ?.. ა, ჰო, მე ხომ... ო, ღვთის გულისათვის, პროფესორო, არ გინდათ! მისმინეთ, თვალებით მასე ნუ აკეთებთ, მეშინია... არაფერია, არაფერი, მაპატიეთ, უკვე მივდივარ... ასეთი იყო მისი პირველი გამოჩენა. თუმცა ის არ წასულა. მოხუცმა მსახურმა თვალებზე ცრემლმომდგარმა აუხსნა, რომ ეს ადგილი მისთვის სწორედაც რომ შესაფერისი იყო. – მერედა ის საშიში არ არის? – რას ჰქვია საშიში! არაფერი მსგავსი! მართალია, ცოტა ახირებულია ამ წყეული წიგნების გამო. ჰო-ჰო, სწორედ წიგნების გამო, წყეულიმც იყოს ისინი, და თვითონაც, ამ უბედურმა მოხუცმა, აღარ იცის, ვინ არის – ქალი, თუ ჩვარი, რომელმაც მტვერი უნდა წმინდოს.
– ოღონდაც კარგად წაუკითხეთ...
სენიორინა ტილდე პალოკინიმ მას შეხედა, საჩვენებელი თითი მკერდში იტაკა და ჰკითხა: – ვინ, მე? ისეთი ხმით, რომ უფრო ნარნარა ხმას სამოთხეშიც ვერ იპოვიდით. მაგრამ როცა პირველად წარუდგინა თავისი ხელოვნება ბალიჩის, ინტონაციების თამაშით, რეგისტრების ცვალებადობით, ხან ჩურჩულითა და ხან ყვირილზე გადასვლით, ხან გარინდებით და ერთ ნოტზე შეჩერებით, და ყოველივე ამას თან ახლდა მიმიკა, ისეთივე დაუცხრომელი, რამდენადაც არასაჭირო, საბრალო კაცმა თავში იტაცა ხელები და მთლად მოიკუნტა, თითქოს ცდილობდა უამრავი გაცოფებული ძაღლისგან დაეცვა თავი.
– არა! არ გინდათ ასე! ღვთის გულისათვის, ასე არ გინდათ! – იღრიალა ბოლოს ბალიჩიმ.
– ცუდად ვკითხულობ? – გაოცდა სენიორინა პალოკინი და სახეზე საოცრად გულუბრყვილო გამომეტყველება აღებეჭდა.
– არა! მაგრამ ღვთის გულისათვის, ასე ხმამაღლა ნუ! რაც შეიძლება ხმადაბლა, სენიორინა, თითქმის უხმოდ! გახსოვდეთ, მე ხომ მხოლოდ თვალებით ვკითხულობდი!
– ძალიანაც ცუდი, პროფესორო! ხმამაღლა კითხვა სასარგებლოა. თუ ხმამაღლა არ წაიკითხავ, ჯობს საერთოდ არ წაიკითხო. მაგრამ, მომიტევეთ, რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია? მისმინეთ (თითები წიგნზე ააკაკუნა). სუსტი ხმაა... ყრუ... წარმოიდგინეთ, პროფესორო, რომ გკოცნით...
ბალიჩი გაქვავდა, გაფითრდა: – მე გიკრძალავთ...
– ო, არა, მაპატიეთ! თქვენ რა, გეშინიათ, რომ მართლა გაკოცებთ? არ ვიზამ, არ ვიზამ! მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე, რომ უცებ მიმხვდარიყავით განსხვავებას. მაშ ასე, ვცდი თითქმის უხმოდ წაკითხვას. მაგრამ ალბათ შენიშნეთ, რომ როცა ასე ვკითხულობ, „ეს“ ცოტა სტვენია გამომდის, პროფესორო! მორიგი მცდელობისას ბალიჩი სულ უფრო მეტად მოიკუნტა. მაგრამ მიხვდა, რომ ამიერიდან იგივე დაემართებოდა ნებისმიერ მკითხველთან. ნებისმიერი უცხო ხმისგან მისი სამყარო სულ სხვანაირად წარმოუდგებოდა.
– სენიორინა, მისმინეთ... დიდად დამავალებთ, თუ ეცდებით და მხოლოდ თვალებით წაიკითხავთ, უხმოდ...
სენიორინა ტილდე პალოკინიმ ისევ თვალებგაფართოებულმა შეხედა.
– რა ბრძანეთ? უხმოდ? აბა, ასე როგორ? ჩემთვის?
– სწორედაც... თქვენთვის...
– დიდად გმადლობთ! – წამოენთო სენიორინა, – თქვენ რა, დამცინით? რა უნდა გავუკეთო თქვენს წიგნებს, თუ თქვენ ვერ შეძლებთ მათ მოსმენას?
– ახლავე აგიხსნით, სენიორინა... – მშვიდად, ოდნავ მწარე ღიმილით უპასუხა ბალიჩიმ, – მე ის მანიჭებს სიხარულს, რომ ვიღაც კითხულობს მათ აქ, ჩემ მაგივრად... თქვენ ალბათ ვერ გაიგებთ ამ სიხარულს. მაგრამ უკვე გითხარით, ეს ჩემი სამყაროა, მე იმაზე ფიქრიც შვებას მგვრის, რომ ის დაუსახლებელი აღარ იქნება, აი, ასე... მე გავიგონებ, როგორ ფურცლავთ გვერდებს, ვიგრძნობ თქვენს სიჩუმეს და დრო და დრო გკითხავთ, რა ადგილას ხართ, თქვენ კი მეტყვით... ო, საკმარისია თუნდაც მინიშნება... მე თქვენ გონებით წამოგყვებით... თქვენი ხმა, სენიორინა, ჩემთვის ყველაფერს აფუჭებს!
– მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, პროფესორო, რომ ულამაზესი ხმა მაქვს! – უკმაყოფილოდ შეედავა სენიორინა.
– რასაკვირველია... ვიცი... – ნაჩქარევად მიუგო ბალიჩიმ, – სულაც არ მსურდა თქვენი წყენინება. მაგრამ თქვენ ყველაფერს სხვანაირად მიფერადებთ, გესმით? მე კი მინდა, რომ ჩემს სამყაროში არაფერი შეიცვალოს, რომ ყველაფერი ისევე დარჩეს... იკითხეთ, იკითხეთ... მე გეტყვით, რა უნდა წაიკითხოთ. თანახმა ხართ?
– კი ბატონო, თანახმა ვარ. მომეცით წიგნი.
საკმარისი იყო ბალიჩის ეჩვენებინა, რა წიგნი უნდა წაეკითხა, სენიორინა ტილდე პალოკინი ფეხის წვერებზე შემდგარი გამოძვრებოდა კაბინეტიდან და მოხუც მსახურთან საჭორაოდ გარბოდა. ამ დროს ბალიჩი იმ წიგნების სამყაროში ცხოვრობდა, რომლებიც მისთვის გოგონას შეერჩია და ამით ტკბებოდა. სიამოვნებით, რომელიც, მისი წარმოდგენით, გოგონასაც უნდა განეცადა. დრო და დრო ეკითხებოდა: – მშვენიერია, არ მეთანხმებით?
ან: – უკვე გადაფურცლეთ?
მისი სუნთქვაც კი არ ესმოდა და წარმოიდგენდა, რომ ის ალბათ ღრმა კითხვაში ჩაიძირა და არ პასუხობს, რომ არ მოცდეს.
– ჰო, იკითხეთ, იკითხეთ... – ნახევრად ჩურჩულით ამხნევებდა, თითქმის დამტკბარი.
ხანდახან კაბინეტში შემობრუნებული სენიორინა პალოკინი ბალიჩის ჩაფიქრებულს წაასწრებდა: სავარძელში იდაყვებს დაყრდნობილი იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო.
– რაზე ჩაფიქრდით, პროფესორო?
– მე ვხედავ... – პასუხობდა ისეთი ხმით, რომელიც თითქოს შორეული ადგილებიდან მოისმოდა. მერე კი გამოფხიზლებული, ხვნეშით დასძენდა: – და მაინც მახსოვს, რომ ისინი რცხილისა იყო!
– მაინც რა, პროფესორო?
– ხეები, ხეები გორაზე... აი, იმ ადგილას, ნახეთ... მესამე კარადაში, მეორე თაროზე... მგონი, ბოლოდან მეორე წიგნია...
– და გინდათ მოგიძებნოთ ეგ თქვენი რცხილის ხეები? – ეკითხებოდა სენიორინა შიშით, მაგრამ ჩაცინებით.
თუ დათანხმდებოდა ამ სიამოვნების მინიჭებაზე, ძიების დროს ლამის გლეჯდა ფურცლებს, მათი ნელა გადაფურცვლის თხოვნით გაღიზიანებული. ეს ყველაფერი უკვე მოჰბეზრებოდა. აქტიურ ცხოვრებას მიეჩვია, ქროლას, ქროლას – მატარებლით, მანქანით, ველოსიპედით, გემით... სულ ეჩქარებოდა! გრძნობდა, რომ უკვე სული ეხუთებოდა ამ ქაღალდის სამყაროში. ერთხელაც, როცა ბალიჩიმ მისთვის წასაკითხად ვიღაცის საგზაო ჩანაწერები აურჩია ნორვეგიაზე, თავი ვეღარ შეიკავა. ბალიჩის შეკითხვაზე, როგორ მოსწონს ის ადგილი, სადაც აღწერილია ტრონჰეიმის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც, ხეების მიღმა, სასაფლაოა გადაჭიმული, შაბათს საღამოობით კი გარდაცვლილთა მორწმუნე ახლობლებს ცოცხალი ყვავილების ახალი გვირგვინები მიაქვთ საფლავებზე, სენიორინა საშინლად გაფიცხდა და უპასუხა: – მე კი გეუბნებით, არა! არა-მეთქი! არა! – იყვირა, – მსგავსი არაფერია! მე იქ ვიყავი, გასაგებია? და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, სულაც არა ასე, როგორც ამ წიგნშია აღწერილი! ბალიჩი წამოდგა, მძვინვარებისგან სახედაფოთლილი: – გიკრძალავთ იმის თქმას, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამ წიგნში! – იღრიალა და ხელები მაღლა აღმართა, – ჩემთვის სულ ერთია, ყოფილხართ თუ არა იქ! იქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ამ წიგნშია, და მორჩა! ასე უნდა იყოს, და წერტილი დაესვას ამას! თქვენ გინდათ დამღუპოთ! წადით! წადით! აქ აღარაფერი გესაქმებათ! მომშორდით! წადით! მარტო დარჩენილმა ვალერიანო ბალიჩიმ ხელის ცეცებით იპოვა წიგნი – კარის გაკეტვამდე სენიორინას ის იატაკზე მოესროლა – და სავარძელში ჩაეშვა; წიგნი გადაშალა, აკანკალებული ხელებით, სიყვარულით მიეფერა დაჭმუჭნილ ფურცლებს, მერე სახე ჩარგო შიგ და დიდხანს გაირინდა, ფიქრებით ტრონჰეიმის სურათს მისჩერებოდა, მისი მარმარილოს ტაძრით, იქვე ახლოს სასაფლაოთი – გარდაცვლილთა ღვთისმოშიში ახლობლები შაბათს საღამოობით იქ ცოცხალი ყვავილების გვირგვინებით ჩნდებიან – ყველაფერი ასეა, ზუსტად ასე, როგორც წიგნში წერია. და არ შეიძლება შეიცვალოს... სიცივე, თოვლი, ეს ცოცხალი ყვავილები და ტაძრის ლურჯი ჩრდილი... არ შეიძლება შეიცვალოს. იქ ყველაფერი ზუსტად ასეა და წერტილი ამას... ეს მისი სამყაროა... მისი ქაღალდის სამყარო... მთელი მისი სამყარო...
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•