ჯონ გოლზუორთი - საზღაური


თქვენ რომ ამბობთ, – თქვა ფერანმა, – ცხოვრებაში ყველაფერი ანაზღაურდებაო, აბა მითხარით, სად არის ამ ამბავში ანაზღაურება?
ორი წლის წინ ოსტენდის ერთ სასტუმროში თარჯიმნად ვმუშაობდი. მთელ დღეს ზღვის პირას ვატარებდი გემების მოლოდინში, რომელთაც ჩემი მსხვერპლი – ტურისტები უნდა ჩამოეყვანა. იმ წელს იქ ერთ ახალგაზრდას იაფფასიანი სამკაულების სავაჭრო ფარდული ჰქონდა გახსნილი. იმ კაცს ყველა ჩაკ-ჩაკს ეძახდა; ნამდვილად რა ერქვა, არ ვიცი. ისე კი კარგად ვიცნობდი – ჩვენ, თარჯიმნები, ყველას ვიცნობთ. სამხრეთ იტალიიდან იყო და იტალიელად ასაღებდა თავს, მაგრამ წარმოშობით ალჟირელი ებრაელი უნდა ყოფილიყო. გამჭრიახი ბიჭი ჩანდა და იცოდა, ებრაელობით ინგლისის გარდა ხეირს ვერსად ნახავდა. მისი ცხვირისა და ლამაზი ხუჭუჭა თავის დანახვისთანავე ამ საგანზე, ცხადია, სათქმელი აღარაფერი რჩებოდა. ტანსაცმელი ვიღაც ინგლისელ ტურისტს ეჩუქებინა. ფლანელის შარვალი, ძველი ხიფთანი და ცილინდრი. შეუსაბამოა? ოღონდაც. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მუქთად ჰქონდა ნაშოვნი! ერთადერთი, რაც მის გარეგნობას შეჰფეროდა, თავისუფლად ბოლოებჩაშვებული ყელსაბამი გახლდათ, რომელსაც უსაყელოოდ ატარებდა. ტანმორჩილი და კაფანდარა იყო და არცაა გასაკვირი – დილიდან საღამომდე ნახევარ გირვანქა პურის ანდა ამდენივე მაკარონისა და პატარა ნაჭერი ყველის მეტს არაფერს ჭამდა. ხანდახან, უქმე დღეებში, ცოტაოდენ ძეხვსაც გამოურევდა ხოლმე. ტანსრული კაცისთვის შეკერილ ტანსაცმელში გამოწყობილი მისი დიდი და ლამაზთავიანი პატარა სხეული საფრთხობელას ჰგავდა. ეს „იტალიელები“ დასავლეთის ჩინელები არიან. ცხოვრების მძიმე პირობები მათ სამშობლოდან ერეკება და კალიებივით თუ შუა აზიის ძველი მომთაბარე ტომებივით მთელ ქვეყანას ედებიან. ყველგან აარსებენ ერთგვარ სათვისტომოებს, რომლებიც დასაწყისში ხელს უმართავენ და რაკი ერთხელ იშოვიან თავიანთ შესაფერ წვრილმან სავაჭროს, არღანს ან სხვა ამგვარებს, აღარც ჭამენ, აღარც სვამენ, ფულს არ ხარჯავენ. თამბაქოს თუ ეწევიან? როგორ არა, მოწევენ, თუ გაუმასპინძლდები. ზოგს თან ქალებიც მოჰყავს, უმრავლესობა კი მარტო მოდის – ასე უფრო სწრაფად აგროვებენ ფულს. მათი მიზანია ორასი-სამასი გირვანქა მოაგროვონ და გამდიდრებულები დაბრუნდნენ იტალიაში. თუ იტალიაში ყოფილხართ და იტალიელებს იცნობთ, გაგაოცებთ სამშობლოს გარეთ მათი შრომისუნარიანობა და ხელმომჭირნეობა – ნამდვილი ჩინელები არიან. ჩაკ-ჩაკი მარტო იყო და მონასავით შრომობდა, დილიდან საღამომდე დახლს არ სცილდებოდა. არც სიცხეს ეპუებოდა, არც ავდარს. ბევრჯერ გალუმპულა, მაგრამ გამვლელ-გამომვლელს მაინც უღიმოდა და რაიმე ზიზილ-პიპილებს სთავაზობდა. ყოველთვის ცდილობდა ქალებზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რადგან თითქმის მთელ საქონელს ქალებში ასაღებდა, განსაკუთრებით მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში. ოჰ! როგორ აცქერდებოდა ქალებს დიდრონი თვალებით! ვნებიანად, შეიძლება ითქვას, ავხორცულადაც კი; მაგრამ, მოგეხსენებათ, ამისთვის ფულია საჭირო, მას კი ფული არ ემეტებოდა. დღეში ექვს პენის კმარობდა. ორ პენის საჭმელში ხარჯავდა, ოთხს კი საწოლის ქირად იხდიდა ერთ კაფეში, სადაც ღამღამობით ბევრი მისნაირი ჩიტი იყრიდა თავს. კვირაში სამი შილინგი და ექვსი პენი ეხარჯებოდა. სხვა ჯურის ადამიანი დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ პირობებს. მე ათ პენიზე ნაკლებს არასოდეს ვხარჯავ და ვერ ვიტყვი, ჩემი ცხოვრება ვარდებით იყოს მოფენილი. ერთი კია, თამბაქოს არასოდეს ვიკლებ (ერთი ცოდვა მთლად ღატაკსაც ეპატიება). მაგრამ ამ „იტალიელებს“ ეს ცოდვაც არ გააჩნიათ. ჩაკ-ჩაკი ვაჭრობდა. იტყვით, არც ისე ძნელი საქმეაო. მაშ, აბა სცადეთ, თუნდაც ნახევარი საათი დახლთან დგომა. სცადეთ და გაყიდეთ რაიმე კარგი; ხოლო ჩაკ-ჩაკს კარგი არაფერი გააჩნდა – მხოლოდ ხელოვნური მარჯნის სამკაულები, იტალიურად მომინანქრებული ქინძისთავები და გულსაბნევები, ცელულოიდის ზიზილ-პიპილები იყო მისი ავლადიდება. ბევრჯერ მინახავს, საღამოობით დაღლილ-დაქანცულს კატასავით ნახევრად თვალღიას რომ წაუთვლემია. თავისი დუქნით სულდგმულობდა; ყველაფერს თვალყურს ადევნებდა მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ძვირფასი საქონელი უკეთ გაესაღებინა; სხვა არაფერი ახსოვდა. იგი ამრეზით უყურებდა მთელ ქვეყანას, ხალხს, ზღვას, გასართობებს. მისთვის ყველაფერი უცხო და დაცინვის ღირსი იყო. ჰქონდა თავისი ფარდული და მხოლოდ ვაჭრობისთვის არსებობდა. ყუთში ჩაკეტილი კაცივით იყო. მის უცნაურ სამყაროს არც სიამოვნება ეკარებოდა, არც თანაგრძნობა.
„მე სამხრეთელი ვარ, – მეუბნებოდა ჩაკ-ჩაკი და თავს ზღვისკენ იქნევდა, – ძნელია იქ ცხოვრება. იქ გოგო მყავს. ის გოგო ჩემს ნახვაზე უარს არ იტყოდა, სულაც არა! იქ ხალხი შიმშილობს; წმინდანებს გეფიცები (ასე იფიცებდა ხოლმე; ალბათ ეს ფიცი უფრო ქრისტიანულად ეჩვენებოდა), ძნელია იქ ცხოვრება!“ არ გეგონოთ, ჩაკ-ჩაკი მეცოდებოდეს. ის სულით ხორცამდე თავკერძა გახლდათ. მაგრამ თავკერძობა არ უქრობდა თავისი ქვეყნის, თავისი სამხრეთული მზისა და თავისი გოგოს ნახვის სურვილით გამოწვეულ ტანჯვას – რაც უფრო თავკერძაა ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი ტანჯვა. პირუტყვივით უხმოდ ნაღვლობდა, მაგრამ არ ივიწყებდა, რომ „იქ ხალხი შიმშილობს!“ რასაკვირველია, შიმშილს ლოდინი ერჩივნა. იმედს არ კარგავდა. ცოტასაც გავუძლებ! – იტყოდა ხოლმე ის. – შარშან ბრიუსელში ვიყავი, უხეირო საქმე გამოდგა. რაც ფული ვიშოვე, სათვისტომომ წაიღო და ეს ფარდული მომცა. ახლა საქმე კარგად მიმდის. ამ სეზონში ცოტა ფულს მაინც დავაგროვებ!“.
       საეჭვო ყოფაქცევის ქალებში ბევრი მუშტარი ჰყავდა. მათ თვალში მოსდიოდათ ჩაკ-ჩაკის ლამაზი, ხუჭუჭა თავი. ამ ქალებმა ისიც იცოდნენ, რომ ცხოვრება ია-ვარდით არ არის მოფენილი და ჩაკ-ჩაკის დაჟინებული შრომა და ტომარასავით დაკიდებული ტანსაცმელი თანაგრძნობას უღვიძებდა მათ. არც შესახედაობა დაეწუნებოდა: დიდრონი, შავი თვალები და ლამაზი, თუმცა ჭუჭყიანი ხელები ჰქონდა.
ერთ წვიმიან დღეს ესტაკადაზე გავედი. კაციშვილი არ ჩანდა. ჩაკ-ჩაკს დახლზე ძველი ბრეზენტის ნაჭერი გადაეფარებინა და გრძელ სიგარას ეწეოდა.
– ოჰო! ეწევი, ჩაკ-ჩაკ?
– დიახ, – მიპასუხა, – კარგი რამეა!
– შე ძუნწო, რატომ ყოველდღე არ ეწევი? შეღავათს მოგცემს, როცა გშია.
ჩაკ-ჩაკმა თავი გააქნია.
– ფული ღირს. ეს სიგარა კი უფასოდ ვიშოვე. ერთმა ვინმემ მიწყალობა... მწითურმა ინგლისელმა. მე ამას ვერ მოვწევო, თქვა. იმ ბრიყვს თამბაქოსი არაფერი გაეგებოდა. დამიჯერე, მშვენიერი სიგარაა.
მაგრამ თვით ჩაკ-ჩაკს არა გაეგებოდა რა თამბაქოსი. ამ საქმეში სრულიად გამოუცდელი იყო. უნდა გენახათ, რა გრძნობით ღეჭავდა, ისრუტავდა, ისუნთქავდა და წოვდა იმ საზიზღარ სიგარას.
სეზონი გავიდა და ყველა, ვისაც ტურისტები გვასაზრდოებდნენ, ჩიტებივით გადასაფრენად მოვემზადეთ. მე არ ვჩქარობდი. ძალიან მომწონდა ის ადგილი – ხალისიანი ფერებით შეღებილი სახლები, თევზის სუნი ნავსადგურში, სუფთა ჰაერი, გადაშლილი მწვანე ზღვა, ქვიშის ბორცვები. ეს ყველაფერი სისხლში მაქვს გამჯდარი და ყოველთვის მენანება მათი დატოვება. მაგრამ სეზონის დამთავრების შემდეგ, ჩაკ-ჩაკის თქმისა არ იყოს, „წმინდანების მადლმა, იქ კაცი შიმშილით მოკვდება!“
ერთ საღამოს, როდესაც ოსტენდში ოციოდე ტურისტიღა იქნებოდა დარჩენილი, ჩვეულებისამებრ კაფეში შევედი. ამ კაფეს ორი დარბაზი ჰქონდა. აქ მრავალი საეჭვო პირი იკრიბებოდა – ჩხუბისთავები, თაღლითები, კომედიანტები, მსუბუქი ყოფაქცევის, უნიჭო მსახიობი ქალები, „თურქები“, „იტალიელები“, „ბერძნები“ – ერთი სიტყვით, ყველა ისინი, ვინც ხელმარჯვეთა თამაშში მონაწილეობს ხოლმე. ეს გახლდათ გაიძვერებისა და ვიგინდარების ნამდვილი ბუნაგი. მათ კარგად ვიცნობ და ფრიად საინტერესო ხალხიც არის. უკვე თითქმის ყველა გაკრეფილიყო. რესტორანში რამდენიმე კაციღა იჯდა; შიგნითა ოთახში კი – მხოლოდ სამი იტალიელი. მეც იქ გავედი.
       მალე ჩაკ-ჩაკიც გამოჩნდა. ისეთ ადგილას, სადაც ცოტაოდენი ფულის დახარჯვა შეიძლებოდა, ჩაკ-ჩაკს პირველად ვხედავდი. რა დალეული და დიდთავა მეჩვენა! კაცი იფიქრებდა, ერთი კვირა არაფერი უჭამიაო. ერთი კვირა? იქნებ ერთი წელიც! ჩაკ-ჩაკი მაგიდას მიუჯდა, ერთი ბოთლი ღვინო მოითხოვა და მაშინვე ყბედობასა და თითების ტკაცუნს მოჰყვა.
– ოჰო-ჰო! – წამოიძახა ერთმა იტალიელმა, – ჩაკ-ჩაკს არ უყურებთ. უცბად რა ბულბულივით აჭიკჭიკდა? გეტყობა, ბედს ეწიე; მოდი ერთი ჩვენც დაგვალევინე, ჩაკ-ჩაკ!
ჩაკ-ჩაკმა თავისი ბოთლი ჩვენ მოგვცა და მეორე შეუკვეთა.
– ოჰო, – თქვა ახლა მეორე იტალიელმა, – ნათესავი ხომ არ მოუკვდა ამ ჩვენს მეგობარს! ყველანი ვსვამდით; ჩაკ-ჩაკი – ყველაზე მეტს. ხომ გამოგიცდიათ ისეთი წყურვილი, როდესაც სვამ, რომ საკუთარ ძარღვებში სისხლის დუღილი იგრძნო? ასეთ დროს ბევრს ზომა ავიწყდება და წაქცევამდე სვამს. ჩაკ-ჩაკი არ იყო ასეთი. როგორც ყოველთვის, ფრთხილობდა და მომავალს არ ივიწყებდა. რასაც უნდოდა, იმას უბრძანებდა საკუთარ გულს. მაგრამ ღვინო შემპარავია და ჩათრევა იცის. ჩაკ-ჩაკიც გამხიარულდა. ძნელი არ არის იტალიელის გამხიარულება, მით უმეტეს, თუ რამდენიმე თვეს წყლის, ცოტაოდენი პურისა და მაკარონის გარდა არაფერი ჩასვლია პირში. ისიც ცხადი იყო, რომ ჩაკ-ჩაკს მხიარულების საბაბი ჰქონდა. ის მღეროდა და იცინოდა. მასთან ერთად სხვებიც მღეროდნენ და იცინოდნენ. ერთმა იტალიელმა თქვა: – ეტყობა, ჩვენს ჩაკ-ჩაკს წელს საქმე კარგად წასვლია. აბა, ერთი გვითხარი, ჩაკ-ჩაკ, რამდენი იშოვე?
        ჩაკ-ჩაკმა პასუხად მხოლოდ თავი გააქნია.
– ეჰ, რას გვიმალავ! – უთხრა იტალიელმა, – ალბათ ბლომად იშოვე. მე არ დაგიმალავთ, ამხანაგებო, და გეტყვით, რომ ხუთასი ფრანკი გავაკეთე. არც მეტი, არც ნაკლები. ისიც ნახევარი პატრონს მიაქვს.
მერე ყველამ თქვა, რა შემოსავალიც ჰქონდათ. მხოლოდ ჩაკ-ჩაკი იჯდა ჩუმად და იღიმებოდა.
– გეყოფა, ჩაკ-ჩაკ, – უთხრა ერთმა, – ყაჩაღივით ნუ მალავ, ცოტა გულახდილობა გამოიჩინე!
– რა, ეგეც ჩემსავით ათას ექვსას ფრანკს იშოვიდა! – დააყოლა მეორემ.
– წმინდანების მადლმა, – წამოიძახა უცებ ჩაკ-ჩაკმა, – ოთხი ათასი გავაკეთე. რას იტყვით?
ყველას გაგვეცინა.
– ტა-ტა-ტა, როგორ დაგვცინის! – თქვა ერთმა.
ჩაკ-ჩაკმა თავისი ძველი ხიფთანი შეიხსნა.
– აი! – შესძახა მან და ჯიბიდან ოთხი ათასფრანკიანი ამოიღო.
ახლა კი ვჭყიტეთ თვალები!
– აი, ეს იცის ხელმომჭირნეობამ. არაფერი დამიხარჯავს, არც ერთი ცენტი! ახლა კი შინ დავბრუნდები. იქ გოგო მელოდება. მისურვეთ ბედნიერი მგზავრობა! – თქვა და ისევ თითები აატკაცუნა.
ცოტა ხანს კიდევ ვისხედით და ჩაკ-ჩაკმა კიდევ მოატანინა ერთი ბოთლი ღვინო. როცა დავიშალეთ, არც ერთი არ ვიყავით უგონოდ მთვრალი; მხოლოდ ექვსი თვის ნამარხულევი ჩაკ-ჩაკი ეთამაშებოდა ვარსკვლავებს. მეორე დილით საქმე არაფერი მქონდა და იმავე კაფეში მაგარი მუქი ლუდის დასალევად შევედი. უცებ კაფეში ჩაკ-ჩაკი შემოვარდა, მაგრამ სადღა იყო მისი წინადღინდელი ხალისი! მაგიდას დაემხო, თავი ხელებში ჩარგო და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა.
– გამქურდეს, – ტირილით წამოიძახა მან, – უკანასკნელი სუც აღარ შემარჩინეს. ძილში გამქურდეს. ფული ბალიშის ქვეშ მქონდა, ზედ მეძინა, მაგრამ მაინც წაიღეს, არც ერთი სუ არ დამრჩა! – და მკერდში დაიშინა ხელები.
– მოიცა, ჩაკ-ჩაკ, – ვუთხარი მე, – ბალიშის ქვეშ თუ გქონდა, ეგ შეუძლებელია!
– რა ვიცი! – დაიკვნესა ჩაკ-ჩაკმა, – წაიღეს კია!.. გეუბნებით, მთელი ჩემი ფული, მთელი ჩემი ფული წაიღეს! ღვინომ გამაბრუა...
გაოგნებული ჩაკ-ჩაკი სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: „მთელი ჩემი ფული, მთელი ჩემი ფული!“
– პოლიციაში თუ იყავი?
იყო, როგორ არა. ვცადე, მენუგეშებინა, მაგრამ აბა რას გავხდებოდი. გაგიჟებული იყო საწყალი ბიჭი.
პოლიციას ხელი არ გაუნძრევია. ან რად შეწუხდებოდა? აი, როტშილდი რომ ბრძანებულიყო, სხვა საქმეა. ჩაკ-ჩაკი კი ერთი საცოდავი იტალიელი იყო, რომელმაც დაკარგა მთელი თავისი ქონება...
ჩაკ-ჩაკს წინა დღეს ყველაფერი გაეყიდა, ფარდულიც და მთელი საქონელიც და ახლა ბრიუსელში წასასვლელი ფულიც აღარ გააჩნდა. იძულებული იყო ფეხით გასდგომოდა გზას; გაუდგა კიდეც და დღესაც მახსოვს, როგორ გაემგზავრა იგი ბრიუსელისკენ – მშვენიერ შავ თმაზე ცილინდრი წამოეკოსებინა და ყელსაბამის გაშლილ ბოლოებს მიაფრიალებდა. სახე სწორედ სამოთხიდან გამოძევებული ეშმაკისას მიუგავდა!
აღარ ვიცი, ამის შემდეგ რა დაემართა მას, მაგრამ ამ ამბავში ვერ ვხედავ იმ ანაზღაურებას, თქვენ რომ დაგიჩემებიათ.
და ფერანი დადუმდა.
1914 წ.


იხილეთ სხვა მოთხრობები: ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები

ნახვა: 283

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters