აკა მორჩილაძე - შექსპირის ხალხი
როცა ივანე მაჩაბელს ვახსენებთ, პირველი, რასაც დავიძახებთ, მაინც იქნება: შექსპირი! გავიხსენებთ მის თარგმანებს, რომლებმაც თითქმის საუკუნენახევრიან გამოცდას გაუძლო, და საკვირველიც ეს არის, რომ თვითონ ივანე მაჩაბლის ცხოვრებაც შექსპირის ტრაგედიების გმირების ცხოვრებას ჰგავს. ეს იყო ძალიან რთული, შრომით, წვალებით, ნერვებით სავსე ცხოვრება. ვანო მაჩაბელი ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო.
სულ პატარა ისე კითხულობდა „დავითნს“, ისე იცოდა ნუსხური, რომ მთელი ქართლიდან მოდიოდნენ ხოლმე ეკლესიაში მის მოსასმენად.
ბევრმა ქართველმა მოღვაწემ და მათ შორის აკაკიმ ის სწორედ ასე გაიცნო - სულ ხუთი-ექვსი წლის იყო და მედავითნეობდა.
ვანოს ჰყავდა უფროსი ძმა - ვასო. საოცარი კაცი, რომელიც შეიძლება მის გამზრდელ ძმად მოვიხსენიოთ, ვინაიდან მამა, ქეიფს გადაყოლილი, ვალებში ჩაფლული კაცი იყო. არაჩვეულებრივი ძმობა ჰქონდათ, არაჩვეულებრივი ხელის გაწვდენა იცოდნენ. მრავალ ნიჭთა შორის, ვანოს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი ენების სწავლისა. თუმცა, როგორც მის ცხოვრებაში გამოჩნდა, ეს არ იყო წამყვანი რამ მისი ყოფისათვის. სამწუხაროდ, ის თარგმნიდა შემთხვევიდან შემთხვევამდე და მოცალეობის ჟამს, იმიტომ, რომ პროფესიით სულ სხვა კაცი იყო.
უფრო სწორად, მრავალი პროფესია ჰქონდა და ერთ-ერთი ასეთი საფრანგეთში ნასწავლი მევენახეობაც იყო. ძმები მაჩაბლები ძალიან მძიმე დღეში იყვნენ ახალგაზრდობიდანვე. ცალკე მამის ვალები სტანჯავდათ, ცალკე ბიძებისგან წართმეული მამულების გამო დარდი. მოხუცი დედის მოვლა-პატრონობა, ახალი სახლების შენება და ყველაფრის ხელახლა დაწყება მოუხდათ. ეს ყველაფერი ძალიან ძნელი იყო.
23 წლის ივანე მაჩაბელი იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ქართველი. ერთსა და იმავე დროს ნასწავლი, კარგი, ჭკვიანი, ნიჭიერი და საქმიანი კაცის პოვნა ძალიან ჭირდა. ასეთ ადამიანებს იმწუთას ამჩნევდნენ. მთავარი შემმჩნევი კიდევ ერთი იყო - ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ადრევე, რუსეთში გაიცნო ჯერ ვასო, მერე კი მისგან ვანო და ამ გაცნობის პირველი შედეგი იყო „მეფე ლირის“ თარგმნა, რაც ერთად მოახერხეს ახალგაზრდა ივანე მაჩაბელმა და უკვე სახელგანთქმულმა ილია ჭავჭავაძემ. მაჩაბელი თარგმნიდა და ჭავჭავაძე ფრაზების გამართვაში შველოდა. ერთად ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და წერდნენ.
ილია ჭავჭავაძე ადრიდანვე ამბობდა, ივანე მაჩაბელი ჩვენი ნუგეშიაო.
ჩვენ კი მაჩაბლის ცხოვრებას და თავგადასავალს შეიძლება დავარქვათ ოცწლიანი სამკუთხედი. სამკუთხედის ერთი კუთხე არის ივანე მაჩაბელი, მეორე - ილია ჭავჭავაძე და მესამე - აკაკი წერეთელი. ეს არის ძალიან უცნაური, თავისებური და საინტერესო ურთიერთობის ისტორია, რომელიც ერთ შემთხვევაში დაიწყო დიდი მეგობრობით და დამთავრდა დიდი მტრობით, მეორე შემთხვევაში კი დაიწყო დიდი მეგობრობითა და დამთავრდა დიდი საიდუმლოთი. პირველი ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ურთიერთობის ამბავია. მეორე კი ის, რომ აკაკი წერეთელი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც ნახა ივანე მაჩაბელი.
ეს სამკუთხედი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან თავისებური და სავსე განცდებით, გრძნობებით და კონფლიქტებით, ისე, რომ მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ილია ჭავჭავაძემ თავიდანვე მოჰკიდა ხელი მაჩაბელს და წაიყვანა ბანკში, ჯერ პატარა თანამდებობაზე, შემდეგ უფრო მაღალზე, შემდეგ კიდევ უფრო მაღალზე და ბოლოს კი დირექტორადაც დანიშნა. ეს მხოლოდ ის არ იყო, რომ ილიას მაჩაბელი მოსწონდა და კარიერას უკეთებდა. მაჩაბელი იყო სანატრელი ადამიანი ყოველგვარი საქმისთვის. ნებისმიერ უაზრო სამსახურში, სადაც მას მერე და მერე უმუშავია თავისი ცხოვრების განმავლობაში, ის იყო თითქმის შეუცვლელი და ძალიან საჭირო კაცი.
ჰქონდა ასეთი თვისება: შეეძლო დილით აეღო რაღაც დარგის წიგნი და საღამოს კი ამ დარგის სპეციალისტი გამხდარიყო. ამასთან, იყო ძალიან სწრაფი და უცბად წყვეტდა ყველაფერს. მას ჰქონდა წარმოუდგენელი მეხსიერება: ზუსტად ახსოვდა გვერდი, ნომერი, წინადადება.
მოგეხსენებათ, ასეთი კაცი არა მარტო სახელოვნებო, არამედ სამოხელეო საქმეშიც პირდაპირ მისწრებაა. და მაჩაბელი იყო ბანკში ილიასთან. ბანკი კი იყო მთავარი საქმეც და მთავარი გასართობიც საქართველოში ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული, მაჩაბლის გაქრობამდე. ეს ასე იყო იმიტომ, რომ ქართველებს არც პარლამენტი ჰქონდათ და არც პარტიები ჰყავდათ და ბანკის სხდომა იყო პაექრობის ადგილი. მით უმეტეს, რომ დაიბადა წინააღმდეგობა, რომელიც თანდათან გადავიდა ძალიან პიროვნულ წინააღმდეგობაში თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძესა და მის დირექტორს - ივანე მაჩაბელს შორის.
ეს არ იყო ორი თაობის ადამიანის შეუთანხმებლობა, უთანხმოება საბანკო საქმეს მოჰყვა.
ეს იყო წინააღმდეგობა ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ძალიან უყვარდათ და უცებ ძალიან შესძულდათ ერთმანეთი, თუმცა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იკავებდნენ თავს და ამას არ ამჟღავნებდნენ.
ბანკში ისეთი ამბავი იყო, რომ იძულებულნი შეიქნენ სხდომები თეატრში გადაეტანათ. მთავარი გასართობი ქალაქში სწორედ ეს იყო - ბანკი, მაჩაბლისტები და ილიისტები. მაჩაბლისტები - ოფიციალური ოპოზიცია და ილიისტები - ბანკის მმართველები. ამბობდნენ, ჭავჭავაძის მომხრე კახელებმა სულ დროშკებითა და ეკიპაჟებით ჩამოიყვანეს კახელები ბანკის სხდომაზე დასასწრებად, მაჩაბლისტებმა კიდევ - ტივებით მოაცურეს ქართლიდანო. მთლად ასეც არ იყო, ჭორი ბერავდა ამ ამბავს. მთლად ქართლელობაზეც არ იყო. იყვნენ კახელი მაჩაბლები, ოთხი ძმა, რომლებიც მართლაც ჩამოვიდნენ კახეთიდან, ოღონდ ივანე მაჩაბლის მხარდასაჭერად.
ეს იყო სერიოზული კონფლიქტი, რომელიც ორივე მხარეს ძვირად უჯდებოდა. განსაკუთრებით მაჩაბელს, რომელიც ძალიან ემოციური და სიგიჟემდე პატიოსანი კაცი იყო. მან მოთმენა არ იცოდა, ღიზიანდებოდა.
ილია ჭავჭავაძემ იცოდა მშვიდი, გაზომილი და ჭკვიანური ლაპარაკი. მაჩაბელმა იცოდა მღელვარე, არეული, თუმცა ძალიან ლოგიკური ლაპარაკი და როცა ეს ორი სტილი ეჯახებოდა, უფრო ხშირად მაჩაბელი კარგავდა თავს და გარბოდა გარეთ და იყო ერთი უბედურება. ისეც მომხდარა, რომ თეატრის სცენაზე აცვენილან აქედან კახელები, იქიდან ქართლელები, რევოლვერებიც კი დაუძვრიათ. მტრობა ისეთი ღრმა იყო, რომ მაჩაბელმა თანდათან დატოვა ყველა ის დაწესებულება, სადაც ილია ჭავჭავაძესთან უწევდა ყოფნა.
მაჩაბელს ყოველთვის შეეძლო ეპოვა საქმე და პოულობდა კიდეც იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება მოეწყო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ნერვების ფასად უჯდებოდა.
ილია ჭავჭავაძე კი პირიქით, მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს და წინააღმდეგობაშიც მშვიდად შედიოდა, გაზომილად და მორგებულად.
ერთხელ ასეთი ამბავიც მოხდა: ის დრო იყო, როცა ქართველებს ერთადერთი გაზეთი ჰქონდათ, „ივერია“ კი ჯერ ჟურნალი იყო.
სერგეი მესხმა, რომელიც ჭლექით დაავადდა და „დროების“ გაძღოლა ვეღარ შეეძლო, ითხოვა, ვინმე ვიპოვოთ, მივყიდი გაზეთსო.
„დროებას“ ჰქონდა ოთხასი თუმანი ვალი და ორასი თუმანიც თვითონ მესხს უნდოდა, სამკურნალოდ წასვლას აპირებდა, ფული სჭირდებოდა.
მყიდველებად ბანკთან მოტრიალე ხალხი ივარაუდებოდა, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ მას შეეძლო ამ ფულისთვის თავი მოეყარა.
მაჩაბელი უკვე ილიასგან განზე იდგა და ჯერჯერობით, ჩუმი დაპირისპირების მიუხედავად, ყველას ეუბნებოდა, რომ ილია ამ გაზეთს შეისყიდდა და რედაქტორად მას დანიშნავდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ილია დათანხმდა გაზეთის შესყიდვას და ფულის მოძიებაც დაიწყო, თუმცა თქვა, ამ გაზეთის რედაქტორი ქანანოვი იქნებაო. არავინ არ იცოდა, ვინ იყო ეს ქანანოვი. ხალხი წუხდა, კაცო, ერთი გაზეთი გვაქვს და იმის რედაქტორიც ქანანოვი იყოსო? თუ იცის საერთოდ ქართული იმ ქანანოვმაო. ილია კი ჯიუტად იმეორებდა, ქანანოვი იქნება, იმიტომ, რომ გაზეთს მე ვყიდულობო. მაგრამ ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ: მაჩაბელმა იშოვა ფული, მოასწრო გაზეთის ყიდვა და რედაქტორიც თვითონ გახდა.
ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა. მაჩაბელმა დაიწყო გაზეთის გაძღოლა, პოლემიკა... ამას თან ერთვოდა საბანკო სხდომებიც. „დროება“ მის ხელში დახურა მთავრობამ. გაზეთად ქცეულ „ივერიაში“ კი მაჩაბელს არ მიესვლებოდა. უამრავი პატარა ამბავია, რომლებიც ამ ორი ადამიანის უკანმოუხედავ წინააღმდეგობაზე მეტყველებს. მოხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ ორი კარგი კაცი გადაეკიდება ერთმანეთს, ორივე ამტკიცებს საკუთარ სიმართლეს და არც ერთი არა თმობს. ქართველებს კიდევ სულ სხვა კალაპოტში გადაჰქონდათ. დაიწყებდნენ, ეს ქართლელია, ის კახელია, იმან სომხები მოიყვანა, იმან რუსები, ის ასე აპირებდა, ეს ისე...
საერთოდ, ბანკის კლიენტებს მაჩაბელი უყვარდათ. ილია ძალიან მკაცრი იყო. სამხრეთ საქართველოში იყო ერთი თავადიშვილი - შალიკაშვილი, რომელმაც თავისი მამულები დააგირავა, მაგრამ ეს ფული ქეიფისთვის არ გაუტანებია; ცდილობდა, მამული ფეხზე დაეყენებინა. მაჩაბელი მას ყოველთვის მხარს უჭერდა, ვალსაც გადაუტანდა ხოლმე და ყველანაირად ეხმარებოდა, რაკი ხედავდა, რომ ამ კაცს წელის წამოდგმა უნდოდა. მაგრამ ერთხელ მაჩაბელი სოფელში წავიდა თავისთან და მოულოდნელად იქ ჩააკითხა ამ საბრალო შალიკაშვილმა და უთხრა, ნახე, რა მიქნესო, მამული გამიყიდა ილია ჭავჭავაძემ, არ დამაცალა, იმიტომ, რომ დავაგვიანეო. შენ სულ მეუბნებოდი, არა უშავს, არა უშავს, მერე მოიტანეო და აი, რა დღეში ჩავვარდიო. ილია ასეთი იყო ამ საქმეში. ამბობდნენ, რომ ეს მამულები იყიდება ძირითადად სომეხ ვაჭრებზე, რუს მოხელეებზე, და ქართველი თავადები განზე ვრჩებითო. ილია ეუბნებოდა, აბა, რა ვქნათ, კაცო, თქვენ არაფრის გაკეთება არ გინდათ და ვინც გააკეთებს, იმისი იქნებაო. მაჩაბელი კი, თუ დაინახავდა, რომ კაცი უფრთხილდება ამ თავის მამულს, მაინც ცდილობდა, როგორღაც გადაევადებინა თანხის შემოტანა. ეს ხშირად ვერ ხერხდებოდა, ბანკი ხომ არ იზარალებდა, მაგრამ...
მოხდა ერთი ასეთი ამბავიც: გარდაიცვალა თბილისში ერთი უბრალო მასწავლებელი - უსახსრო კაცი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ქართულის მასწავლებელი, ქართული სკოლისა. ეს კაცი რომ მოკვდა, ცოლ-შვილს დასამარხი ფული არ აღმოაჩნდა, და სწორედ ასეთ დროს მიმართავდნენ ხოლმე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. საზოგადოების წევრებმა ირბინეს და გამგეობა შეკრიბეს, რადგან ფულის გაცემა გამგეობის ნებართვით უნდა მომხდარიყო. ჰოდა, მიცვივდნენ ილიასთან სახლში და უთხრეს, ახლა ყველანი მოვლენ შენთან და კრება გავმართოთო. კი მაგრამ ვინ მოვაო, ილიამ და ჩამოუთვალეს და მათ შორის მაჩაბელიც ახსენეს. ჰოდა, ილიამ თქვა, ეგ კრება ვერ გაიმართება, იმიტომ, რომ ივანე მაჩაბელი ვერასდროს ჩემს სახლში ვერ შემოვაო. ყველანი გაოცდნენ. ამბავი კი მაინც მოგვარდა. ილია თვითონ არ მივიდა ამ კრებაზე, რომელიც საზოგადოების ოთახში გაიმართა.
აი, აქამდე იყო მისული საქმე.
მერე, უკვე გვიან, მაჩაბელმა დაწერა - „თავადი ილია ჭავჭავაძე“. ხელმოუწერლად, რუსულად. წიგნაკი იყო და ილიას მძაფრად აკრიტიკებდა.
ეს ისტორია გაჰყვა ვანოს ცხოვრების ბოლომდე. უფრო სწორად, ჩვენ არ ვიცით, როდის გარდაიცვალა მაჩაბელი. ის გაქრა. როცა მაჩაბელი გაუჩინარდა, მას მტკვარშიც ეძებდნენ, იმიტომ რომ ეჭვობდნენ, წყალში ხომ არ გადავარდა და დაიხრჩოო. მისი სახლი ახლოს იყო მტკვართან. დვორნიკს, თუ გარადავოისაც ეთქვა, ქვემოთ მიუყვებოდაო.
თბილისიდან ყარაიამდე უამრავი ნავი და ტივი დაცურავდა ჭოკებით.
შემორჩა აკაკი წერეთლის მრავალთაგან ერთი ხუმრობაც. ხუმრობის ორი ვარიანტი არსებობს: მოდი ერთი, აგერ მეტეხის ხიდზე ილია ჭავჭავაძე დავაყენოთო და დაიყვიროს ივანეო, და თუ წყალშია, ამოვა თავისით, რომ პასუხი გასცესო. და მეორე: ილიაც დადიოდა ამ ძებნის დროს. მთელი თბილისი ამ ხიდებზე იდგა და ილიაც იდგა და თითქოს აკაკის უთქვამს, რომ, კაცო, ტყუილად ეძებთ აქაო, აგერ ილია ჭავჭავაძე დგას და რომც ამოიყვანოთ, დაინახავს ილიას და ისევ უკან გადახტებაო.
აი, ასე მივდივართ სამკუთხედის მესამე კუთხესთან. ივანე მაჩაბლისა და აკაკის ურთიერთობასთან. ივანე მაჩაბელს არ ჰყოლია ისეთი ერთგული და საბანკო საქმით დაუინტერესებელი მეგობარი და მხარდამჭერი, როგორიც იყო აკაკი წერეთელი. ისევე როგორც ილია, აკაკიც ბევრად უფროსი იყო მაჩაბელზე. აკაკი ენაკვიმატი კაცი იყო და უყვარდა ჩამოჯდომა და ჭორაობა საზოგადოებაში. სახლი მას არც თბილისში ჰქონდა და არც ქუთაისში, ამიტომ ყოველთვის სტუმრად იყო. ასეც ხუმრობდნენ, აკაკი მეგობრობს ექიმებთან, ქალებთან და ბავშვებთანო. უყვარდა საზოგადო ამბების გარჩევა და აი, ასეთი ლაპარაკით მას ბევრი სარგებელი მოჰქონდა საზოგადოებაში მაჩაბლისთვის. აკაკი ყველგან და ყოველთვის ამბობდა, რომ ვანო არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი, მაგრამ მათ მეგობრობას ახლდა უზარმაზარი ჭორების შლეიფი, რომელიც მოსდევდა აკაკი წერეთლისა და ივანე მაჩაბლის ცოლის, ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილის ურთიერთობას.
რაღას არ გაიგონებ ამ ურთიერთობაზე, როგორი კუთხით აღარ იტყვიან: ახსენებენ რაღაც საიდუმლო წერილებს, სიყვარულს, საყვარლობას... ამ ლაპარაკებით რომ შევხედოთ, შეიძლება ეს ამბავი მაჩაბლის ნერვიული და დრამატული ცხოვრების კიდევ ერთ ტრაგიკულ წახნაგადაც წარმოვისახოთ, მაგრამ, საქმე ისე იოლად არ არის, როგორც ამ ლაპარაკიდან გამოდის.
ტასო ივანე მაჩაბლის ცოლი იყო. ივანე ასევე გვარიანად უფროსი იყო ტასოზე, რომელსაც შეხვდა თბილისში, ღოღობერიძეების სახლში გამართულ მიღებაზე.
იქ იყო სამივე და: ნიცა, ბაბო და ტასო.
… აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა ახლობლობა ჰქონდა აკაკის ამ ბაგრატიონებთან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალექსანდრე, ამ სამი ქალიშვილისა და მათი ძმების მამა, იყო საკმაოდ შეძლებული ქართლელი თავადიშვილი. ძველ თავადთა მოურგებლობასა და უღონობას რომ ვახსენებთ, ალექსანდრე სწორედ ამის საპირისპირო ვინმე იყო. მან ადრე აუღო დროის ცვლილებას ალღო. იმ ავჭალელი თავადის არ იყოს, ქალიშვილმა რომ ანგლიაში სასწავლებლად გაგზავნა სთხოვა, მან კი ფანჯრიდან გაახედა და ავჭალაში უკვე შემოსული რკინიგზის ლიანდაგი დაანახვა, „შვილო, რა ანგლია გინდა, აგერ სახლში მოგივიდა ანგლიაო“.
ალექსანდრემ რუსული ცუდად იცოდა, მაგრამ ცდილობდა, რუსულად ეწერა.
ვახტანგ ჭელიძეს თავის წიგნში „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ ხაზგასმული აქვს მის წერილებში ხშირად ნახსენები სიტყვა „ფული“. ლამის სულ საქმიანი წერილებია. მისი შვილებიც, გიორგი და დავითი, ტასოს ძმები, საკმაოდ შეძლებულნი იყვნენ და კარგად მისდევდნენ მეურნეობასა და საქმიანობას.
რაც შეეხება ქალიშვილებს, ნიცა იყო ცოლი ბეჟან წერეთლისა.
ბეჟან წერეთელი იყო სხვიტორელი მემამულე, აკაკის მეზობელი და ახლო მეგობარი. სხვიტორში დღესაც ორი სათავადო სახლი დგას, მაღლა აკაკისი და დაბლა ბეჟანისა. „ძმაო ბეჟან“ და „ძმაო აკაკი“, ასე მიმართავენ ისინი ერთმანეთს წერილებში. აკაკი იყო ნიცას და ბეჟანის შვილის ნათლია. ასე რომ, ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან ახლო: ხშირი მისვლა-მოსვლა ზაფხულობით, დროის ტარება.
აკაკი სასაუზმოდაც კი მათთან დადიოდა ზაფხულობით. მოდიოდა ძალიან უცნაური, იმერული პატარა ურმით, რომელშიც ორი პატარა ხარი ჰყავდა შებმული და ამბობდა, ეს არის ჩემი ლანდოო, კახელებს და ქართლელებს რომ ურმები გყავთ, აბა ის არიო? სანამ მოტრიალდება და ჩამოღამდებაო... ამიტომ აკაკი ტასოს ბავშვობიდან იცნობდა. ტასო იყო ზუსტად აკაკის შვილის, ალექსის ტოლი.
აკაკის ძალიან უყვარდა ტასო. უსაზღვროდ. რაღაც დიკენსიანურად. არც მალავდა. ამბობდა, რომ ეს არის იდეალური ქალი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და სხვა ასეთი ქალი მას არ შეხვედრია. მაგრამ თუ იყო ეს ის სიყვარული, რომელსაც კუდი გამოებმებოდა? არ ჩანდა ასეთი. ყოველთვის შეეძლოთ რაღაც ეთქვათ, მაგრამ, თქმას რა უდგას წინ.
აქ მთავარი აკაკის ხასიათია. თუ აღვადგენთ აკაკის ხასიათს, ამ ამბის ტყუილ-მართლობასაც სულ იოლად ჩავწვდებით. ასეთ ისტორიას დეტალები სჭირდება. ეს კი გაჭირდება. რა ვიცით დეტალებისა?
ანუ შეკითხვა უბრალოა: აკაკი ის კაცი იყო, რომელმაც თავის მეგობარს თავისი საყვარელი შერთო ცოლად? ანდა აკაკი ის კაცი იყო, თავის შინაურ და საყვარელ ოჯახში მუშტრის თვალით რომ უყურებდა უწლოვან გოგონებს?
ამას თუ გადაწყვეტთ, პასუხიც გეცოდინებათ. ჰოდა, გადაწყვიტეთ, თუ მაინცდამაინც ეს პასუხია საჭირო. მე კაი ხნის გადაწყვეტილი მაქვს.
დღეს სრულიად შეუძლებელია იმ პოპულარობის, ნდობისა და სიყვარულის წარმოდგენა, აკაკის რომ ჰქონდა მაშინდელ საქართველოში. ასეთი რამ, უბრალოდ, აღარ არსებობს და იმიტომ. სადგურებზე ხალხი იკრიბებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგებდნენ, მატარებელში, რომელიც ორი წუთით გაჩერდება, აკაკი ზისო. ამეების თხრობას ახლა აზრიც არა აქვს. მისი ცხოვრების წესი თავისთავად გულისხმობდა უამრავ ხალხთან ურთიერთობას, ლაპარაკს, ერთთავად სხვის სახლში ყოფნას.
მას ოჯახი ჰყავდა და არცა ჰყავდა.
ივანე ზურაბაშვილს, იმ დროის პუბლიცისტს და ჭორებში გარკვეულ კაცს, ბევრჯერ ჰქონია ლაპარაკი სხვადასხვა მანდილოსანთან თუ ბანოვანთან მათი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ და თავის მოგონებებშიც წერს ამას, რა თქმა უნდა, ვინაობათა გაუმხელად.
მას ასეთი შეკითხვაც ჰქონდა: „აბა, როგორი იყო აკაკი?“
ყველამ იცოდა, რომ აკაკი მოარშიყე კაცი იყო, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავდა ძალიან შორს და შეიძლება ითქვას, რომანებისთვის გახსნილი ბრძანდებოდა.
მაგრამ ქალები ამბობდნენ, რომ აკაკი უცნაური მოარშიყე იყო, იმიტომ, რომ ის ყველას ეარშიყებოდა. გაგეარშიყებოდა შენ და იმავდროულად შენს მეგობარსაც. ძალიან მოგაწვებოდა, მოგაწვებოდა და მერე უცებ შეუშვებდა ლაგამსო.
თანაც ის ყველაზე ბევრად უფროსი იყო. ცნობილია, რომ თაობებს არ არჩევდა, ისედაც, არშიყობის გარეშეც. ქალების საზოგადოება კი ძალიან უყვარდა. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა... აკაკის მოსმენას, მოგეხსენებათ, ბევრი არაფერი ჯობდა.
მაგრამ იყო ერთი პრობლემა, მთავარი და ვინ იცის, მისთვის რამდენად მისაღები. აკაკის ვერავინ აღიქვამდა როგორც კაცს, როგორც მომავალ საყვარელს, იმიტომ, რომ ის იყო აკაკი.
და ყოველთვის, როცა ქალებს უნდოდათ, რომ ის თავიდან მოეშორებინათ, ეუბნებოდნენ: შენ ჩემთვის ხარ აკაკი წერეთელი, დიდი ქართველი პოეტი, დიდი ქართველი, ყველაზე პოპულარული ქართველი, მე ვერც კი წარმომიდგენია შენთან... ის ყოველთვის გაჩერდებოდა ხოლმე, არასდროს მისი სასიყვარულო ამბები არ გადასულა ძალიან შორს.
ეს რაც ვიცით. მეტს რას გაიგებ.
ზურაბაშვილი ელაპარაკა ტასო მაჩაბელსაც. ასევე არ გაუმჟღავნებია მისი ვინაობა, მაგრამ იქ აშკარად ჩანს, რომ მოსაუბრე ტასო მაჩაბელია. ის მტკიცედ უარობს ურთიერთობის იმგვარ მიმართულებას, ჭორებში რომ დარჩა. და ამას დამაჯერებლად ხსნის უამრავი მიზეზით და ურთიერთობების მთელი ისტორიით და აკაკისთან მეგობრობით.
ვანო უკვე გამქრალი იყო, აკაკის ერთ-ერთ გამორჩეულ პატრონად და ყოფის მომგვარებლად კი სწორედ ტასო მაჩაბელი რჩებოდა. პასუხები, რომლებსაც ქალი სცემს ზურაბაშვილს, პატიოსანი პასუხებია.
არის აკაკის ერთი მოთხრობა, არცთუ პოპულარული და არცთუ ძალიან ცნობილი. მოთხრობას ჰქვია „ის“. საკმაოდ მარტივი და პიკანტური მოთხრობაა. მთავარი გმირი არის „მე“, რომელიც სოფლად გადააწყდება ორ ქალს, რომელთაგან ერთი ძალიან შეუყვარდება, ოღონდაც პლატონურად.
ქალი უმცროსია და მთხრობელი თავის უმცროს მეგობარს, გვარად აჩაბეთელს, ეუბნება, შენ აუცილებლად უნდა შეირთო ეს საოცარი ქალი, მე კი დავრჩები თქვენს ძმად, მამად და გულშემატკივრადო.
თუკი აკაკის საიდუმლო ურთიერთობა სწყუროდა, ტასოს შესახებ ამდენს ილაპარაკებდა?
რას ნიშნავს ეს მოთხრობა, ძნელი სათქმელია. აჩაბეთელი - მაჩაბელია.
ეგებ ეს პასუხია, თუ როგორ იყო ამბავი.
ვერ ვიტყვით, რამდენად მიახედა აკაკიმ ვანო ტასოსკენ.
ვანო მაჩაბელს ყველაფერი ჩქარი, სწრაფი და ჭკვიანური უყვარდა. ეს ქორწინებაც ასე გამოვიდა. გაიცნო ქალი, ისეირნა მასთან რამდენიმე საათს საღამოს და ღამით კი ტასოს და მის დებს სასტუმროში მიადგა კაცი, რომელიც აბრახუნებდა მათ კარზე და იძახდა: მაჩაბელი ვარ, ერთ წუთს გამიღეთო.
ეს არ იყო ვანო მაჩაბელი. ეს იყო ერთ-ერთი იმ კახელ მაჩაბელ ძმათაგან, ვანოს რომ ემეგობრებოდნენ. ვანოს გამოეგზავნა.
ქორწინების საქმე ძალიან სწრაფად მოგვარდა. ტასო სრულიად ახალგაზრდა გაჰყვა ვანო მაჩაბელს.
ამბობენ, თითქოს იმ საღამოს, სეირნობისას ვანოს ტასოსთვის აკაკის ახალი წიგნი ეჩუქებინოს. ეს წიგნი პლაშჩის ჯიბეში ედოო.
აუტანელი ისტორიაა. სულ რაღაც მინიშნებები, სიმბოლოები.
ადამიანებს ყოველთვის მიაჩნდათ რაღაცეები ულამაზოდ აკაკის ხასიათში.
მაგრამ აკაკიმ მართლა იცოდა მეგობრობა და ვისაც მეგობრობდა, იმას მართლა მეგობრობდა. განსაკუთრებით ვანოს.
ვანო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, რომ მეგობრობა ბოლომდე გაჰყოლოდეს საზოგადოებრივად ცნობილ ადამიანთან. თორემ აკაკის ისეთი მეგობრები მეტი ჰყავდა, ნაკლებად რომ ჩანდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე.
ტასო აკაკის ხელში გაზრდილი გოგო იყო და აკაკი აღმერთებდა ტასოს.
მას აქვს ლექსები, მიძღვნილი ტასოსადმი, მაგრამ მას აქვს ლექსები, მიძღვნილი მისი დებისადმი და ასევე მრავალი ქალისადმი.
აკაკი ხშირად ჩერდებოდა მაჩაბლებისას.
როდესაც ვანომ და ტასომ სახლი იყიდეს ვერაზე, ოლგას ქუჩაზე, იქ, სადაც ახლა ვერის ბაღია და მაშინ კიდევ კონკის ბოლო გაჩერება და აგურხანა იყო, აკაკის მისწერეს პეტერბურგში.
ეს არის უთბილესი წერილი, რომელშიც ვანო აღუწერს მთელ სახლს, უკანა ბაღს, სად რა დარგო, რა გააკეთა, როგორ დადგა იქ მაგიდა, რომელიც აკაკის უყვარს, როგორ ჩამოვა აკაკი ზაფხულში, როცა მათ უკვე შვილი ეყოლებათ, როგორ ისხდებიან ამ ვერის სიგრილეში იქა და ითამაშებენ ნარდს... ტასო ამას გითვლის და ტასო იმას გითვლის... ეს არის ძალიან შინაური და ბუნებრივი ცხოვრება, საკმაოდ მაღალი საზოგადოებისა თბილისის პირობაზე.
აკაკი წერეთელი ყოველთვის იყო ჭორებით გარემოცული ადამიანი. თვითონ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. უცნაურია, მაგრამ მაჩაბლის გაქრობის დღეს, სწორედ იმ საღამოს, ის და აკაკი ისხდნენ იმ ბაღში, რომელსაც ვანო წერილში აღუწერდა და თამაშობდნენ ნარდს.
მაჩაბელი ამ დროს უკვე მძიმედ ნაავადმყოფარი, ნაოპერაციევი იყო. ჩვენ არ ვიცით მისი საფლავი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ნეკნების ორი ნამტვრევი. ფილტვებიდან ჩირქის ამოსაღებად, სამხედრო ქირურგმა ნეკნები გამოუმტვრია და ძალიან იღბლიანი და კარგი ოპერაცია გაუკეთა.
მაჩაბლის ავადმყოფობა დაიწყო მოულოდნელად. სოფლიდან სიცხიანი ჩამოვიდა, გაციებული, ჩავარდა ლოგინად და დიდხანს ვეღარ დადგა ფეხზე. მისნაირ მოქმედ კაცს, მისი ნერვების კაცს, ავადმყოფობა საკმაოდ აღიზიანებდა. ვანოს ძალიან უჭირდა სახლში უქმად ყოფნა. წუხდა და თან ბრაზობდა კიდეც.
ეს არ იყო 80-იანი წლები. უკვე ახალი საუკუნის დასაწყისი ახლოვდებოდა და მაჩაბელი სულ სხვა საქმეებში იყო გაბმული, ვიდრე მაშინ, როცა იწყებდა თავის საზოგადოებრივ კარიერას.
საზოგადოებრივ ცხოვრებას რომ იწყებდა, მაჩაბელს მაკო საფაროვა უყვარდა. ქართული თეატრის ცნობილი მსახიობი, ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, რომელსაც უთარგმნა კიდეც „რომეო და ჯულიეტა“.
მერე რაღაც მოხდა და მაკო არ გაჰყვა მაჩაბელს, გაჰყვა ვასო აბაშიძეს.
მაჩაბელმა გადაიტანა ეს რომანი. ყველას აქვს რაღაც რომანი ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება უიღბლოდ დამთავრდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ცხოვრების ერთადერთი ამბავი და არ შეიძლება აიგოს აკაკის და ამ ოჯახის ურთიერთობა იმაზე, რომ აკაკის ცოლ-შვილი შორსა ჰყავდა და ჭორავდა თავის ცოლს. ძალიანაც უყვარდა ის ცოლი, უბრალოდ, ურთიერთობა რთული გამოუდიოდათ, იმიტომ, რომ როგორც კი ჩამოვიდოდა, ნატალია ბაზილევსკაია იწყებდა აკაკის მოვლას და მის წესრიგში ჩაყენებას.
აკაკი მშვენივრად იტანდა თავისი დის მოვლას სხვიტორში, მას უყვარდა, როცა ეფოფინებოდნენ, მაგრამ მას უჭირდა ნატალიასთან ერთად სადმე ყოფნა, იმიტომ, რომ ის ყველაფერს უკრძალავდა მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
მაჩაბლებთან ურთიერთობა კი იყო ძალიან ბუნებრივი ურთიერთობა.
მაჩაბლის გაქრობის შემდეგ აკაკიმ იცოცხლა თექვსმეტი წელი, ტასომ კი - თვრამეტი.
ქვრივი ტასო აკაკის უამრავ საქმეს უგვარებდა. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. ეს წერილებიდანაც ჩანს. ამ წერილებში აკაკი იყენებს მიმართვის უამრავ ფორმას. როცა კარგ ხასიათზეა, წერს, „დაო...“
ამბობენ, რომ რაღაც წერილები გადამალულია. რაც არ უნდა იყოს გადამალული, ძნელი საფიქრებელია, რომ აკაკის სასიყვარულო რამეები ეწერა ტასოსთვის. ამას ახსნაც კი არ სჭირდება. იწყება „დაო“ -თი და მთავრდება ასე: „ძვირფასო კნიაჟნა“. ეს უკანასკნელი განაწყენებული ტონია, ისევე, როგორც „ბატონო“. აკაკი ხშირად უბრაზდება და ხშირად საყვედურობს წერილებში ტასოს და მისი ეს განთქმული სიტყვათა შეწყობები, როგორიცაა „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო“, ტასოს მიმართ იქცევა „ცივად-შუქ-მფენელო“. ტასო საკმაოდ მკაცრი ჩანს მის მიმართ.
ილია ზურაბაშვილის ცნობილ მოგონებას რომ დავუბრუნდეთ, ის სწორედ ამ ბუნებრიობაზე წერს. იქ არშიყიც არ ყოფილა. აკაკი, უბრალოდ, ყოველთვის და ყველგან ამბობდა, რომ ასეთი ქალი მას არ შეხვედრია. არ მალავდა.
ტასო საკმაოდ რთული ქალი იყო და ეს აკაკის წერილებიდანაც კარგად ჩანს. ბევრი საყვედური იცოდა და ბევრი რაღაცის დაწუნებაც.
ეს ვანოსთანაც შეიგრძნობოდა, თუმცა ვანო მაჩაბელი ბევრად ფიცხი იყო.
ისინი ქართლელი თავადები იყვნენ, შეეძლოთ, ჰქონოდათ ყველაფერი ასე ბუნებრივად და იოლად და იმავდროულად ყველაფერი ყოფილიყო რთული. ანუ, ამ ოჯახში არ იყო ორი შრე, ისე როგორც არის ხოლმე ხშირად ზოგ განთქმულ ოჯახში - საგარეო და საშინაო... ის, რომ აკაკი მათთან ხშირად დადიოდა, ასევე ბუნებრივი იყო. ის დღეც, მაჩაბლის გაქრობის დღეც, ძალიან სიმბოლურია. მაჩაბელი ჯერ კიდევ სუსტად იყო ამ ავადმყოფობის შემდეგ. აღიზიანებდა ეს ავადმყოფობა; თუნდაც ის, რომ მოურჩენელი იყო.
ისხდნენ და თამაშობდნენ ნარდს, ტასო რაღაცას კერავდა. მერე აკაკიმ აღარ ივახშმა, არც მაჩაბელმა ივახშმა გემრიელად და ისინი დაწვნენ. აკაკი დიდ ოთახში მოეწყო დივანზე, სადაც სძინავთ ხოლმე სტუმრებს საქართველოში.
დილით გაირკვა, რომ მაჩაბელი სახლში არ არის და არც სადმეა.
თბილისის საჭორაო წრეებში და საზოგადოებაშიც ყველამ გაიგო, რომ აკაკი იქ იყო. აკაკის მოუწია წერილის დაწერა. მან აღწერა მთელი ის საღამო. აღწერა ძალიან მშვიდად და წყნარად, მერე პოლიციასაც უამბო ეს ყველაფერი. ერთადერთი, რაც მან გაიხსენა, ის იყო, რომ თითქოს სადღაც ნაშუაღამევს იქით ხმა გაიგონა და გამოეღვიძა, მაგრამ იფიქრა, რომ იქ ან კატაა ან რაღაც ხმაური, ან სულაც სიზმრიდან მოყოლილი რამ და გადაბრუნდა და დაიძინა.
აკაკი ბავშვი არ იყო მაშინ, სამოცი წლის კაცი იყო. ტასო - ოცდაათის, ვანო - ორმოცდახუთის. ჩვეულებრივ, იმ ტიპის, იმ ასაკისა და იმ ბუნების ადამიანებს, როგორიც აკაკი იყო, ასეთი თავგადასავლები არა აქვთ ხოლმე. მათ უყვართ გართობა, რაღაც ფათერაკში შესვლა, მაგრამ რომანებში აღწერილი ადიულტერები მათგან ნაკლებად მოსალოდნელია.
აკაკი არ იყო ის კაცი, რომელიც თავის უზარმაზარ სახელს პირადი მიზნებისთვის გამოიყენებდა. სულ ფული სჭირდებოდა, სულ ვალები ჰქონდა და ასეთი საყვარელი და განთქმული, დუმის დეპუტატადაც არ აირჩიეს. მრავალი კუთხე ჰქონდა მის ცხოვრებას. ჭორები და საიდუმლოებანი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეზე არასდროს უთქვამს ვინმეს, მოარშიყე და მექალთანეაო.
იონა მეუნარგია ანეკდოტებს აგროვებდა და ხშირად თვითონაც იგონებდა.
აკაკის ანეკდოტების ლამის ნახევარი მისი მოგონილია. აკაკიმ დაიჩივლა კიდეც, დასწყევლოს ღმერთმა, რამდენი აკაკი ყოფილა ქვეყანაზეო, მე ეგენი არ მითქვამსო.
ჰოდა, მეუნარგიას ანეკდოტია: ერთხელ ილიას უთხრეს, ეს საკითხი შენ უნდა გადაგვიწყვიტოო. რათაო? - ილიამ. - იმათაო, რომ ჩვენი მამა ხარო. - მე სადაური თქვენი მამა ვარ, ჩემი შვილიც არა მყავსო....
როცა აკაკი უცხოეთში დადიოდა სამკურნალოდ, ყველა ფულადი გზავნილის უკან ტასო მაჩაბელი იდგა. ის აგვარებდა აკაკის წასვლას, წამოსვლას; ბევრ რამეს ისეთს, რომელსაც, თუ საოცარი შინაურულობით, ანდა მეგობრულობით არ ხარ დამუხტული, არ გააკეთებ. ამიტომ, ლაპარაკი ყოველთვის იქნება. ეს არ დამთავრდება. თუნდაც იმიტომ, რომ არასდროს არავის შეუსწავლია ივანე მაჩაბლის გაქრობის საგამოძიებო საქმე. ან თუ შეუსწავლია, არაფერი დაბეჭდილა და გამოცემულა. ილიას მკვლელობის ყოველი შესაძლო წვრილმანი ცნობილია. ამ ამბისა არაფერი.
ჰოდა, ვინც შეისწავლის, ის უფრო დაჯერებით იტყვის. თუ საჭიროა ამის შესწავლა. იმიტომ, რომ ზეპირი გადმოცემა, რომელიც ალბათ ბევრს მოუსმენია, იმ ღამის სულ სხვაგვარ სურათს აღწერს, ვიდრე ეს აკაკის ჩანაწერშია. მაჩაბლებს მსახური ჰყავდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. იმ მსახურის ნაამბობის ნაამბობის ნაამბობი მომისმენია. საკმაოდ წვრილი. იქ ვერის აგურხანის ხსენებაც იყო და შემთხვევითობისაც.
იმ დროის მთავარი ჭორი ხომ ისაა, თითქოს აკაკის მაჩაბელი შემოჰკვდომოდეს.
ამ დროს სულ ის გოროდავოი მახსენდება ხოლმე, სახლიდან გამოსულ მაჩაბელს რომ მიმართა, კნიაზ, ყველაფერი რიგზეაო? როცა საქმე გამოძიებაზე მიდგება, იქ კაცს იმით ვერ დაიცავ, ჩემი უსაყვარლესი პოეტიაო. ამიტომაც მახსენდება გოროდავოი. მან ხომ ნახა სახლიდან გამოსული მაჩაბელი.
ეგეც არის, აბა, როგორ ცხოვრობდა მაჩაბლის გაქრობის შემდეგ აკაკი?
უბედურებაა ამეებზე ფიქრი, წერა და ლაპარაკი. მაჩაბლის გაქრობაც უბედურებაა. მაჩაბლის ცხოვრებაც უბედურება გამოვიდა. მაგრამ მის სიფიცხეს, მის წვალებას და ათას სხვა რამეს გადაფარავს ალბათ მისი შექსპირი. მოიცლიდა და მიუჯდებოდა ხოლმეო.
წავიდა და გაქრა. საბრალო დედამისს ბოლომდე სჯეროდა, რომ უცხოეთში წავიდა. თბილისში სხვა ჭორიც იყო, მალაკნებს გაჰყვაო, თუ ბოშებს გაჰყვაო.
ის იყო საოცარი ხასიათისა და რთული ადამიანი, ძალიან რთული ადამიანი, რომელიც ასევე რთულად წავიდა.
თავისი მძიმე ბავშვობის შემდეგ ამ კაცის ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ მთელი მისი კარიერა, უამრავი სასარგებლო საქმე და მისი ხასიათი გადალექილი იყო ილიასთან წინააღმდეგობით.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•