კაპიტანი ლედუ კარგი მეზღვაური იყო. უბრალო მატროსობით დაიწყო და შემდეგ მესაჭის თანაშემწე გახდა. ტრაფალგარის ბრძოლაში მარცხენა ხელი ძელის ნამსხვრევმა დაუგლიჯა. დაშავებული ხელი მოჰკვეთეს და სამხრეთიდან კარგი მოწმობებით დაითხოვეს. მყუდრო ცხოვრება ხელს არ აძლევდა და, რადგან ზღვაში ხელახლა გასვლის შემთხვევა მიეცა, ერთ კაპერზე დაიწყო სამსახური კაპიტნის მეორე მოადგილედ. იმ ფულით, რაც რამდენიმე ნადავლის გასაღების შედეგად ერგო, წიგნები იყიდა და ნაოსნობის თეორია შეისწავლა; პრაქტიკულად ხომ ისედაც ჩინებულად იცოდა ყველაფერი. გამოხდა ხანი და ლედუ ორანძიანი კაპერის კაპიტანი გახდა. ხომალდი სამი ზარბაზნით იყო შეიარაღებული, მისი ეკიპაჟი კი სამოცი კაცისაგან შედგებოდა. ჯერსის კაბოტერებს დღესაც ახსოვთ კაპიტან ლედუს საქმენი საგმირონი. ზავმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო იგი: ომის დროს პატარა თანხა მოაგროვა, რომლის გადიდებას ინგლისელების ხარჯზე იმედოვნებდა. იძულებული იყო თავისი სამსახური მშვიდობიანი დიდვაჭრებისათვის შეეთავაზებინა. გამბედაობითა და გამოცდილებით ცნობილი იყო და ადვილად მიანდეს გემი. როცა ზანგების ყიდვა- გაყიდვა აკრძალეს და ამ საქმის განსაგრძობად საჭირო გახდა არა მარტო ფრანგი მებაჟეების სიფხიზლის მოტყუება, რაც არც თუ ისე ძნელი იყო, არამედ კიდევ, და ეს იყო ყველაზე უფრო სახიფათო, ინგლისის კრეისერებისაგან თავის დაღწევაც, კაპიტან ლედუ ძვირფასი ადამიანი გახდა "აბანოზის ხის" მოვაჭრეებისათვის. იმ მეზღვაურთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომელნიც მასავით დიდხანს იტანჯებოდნენ დაქვემდებარებულ თანამდებობებზე, ლედუს სრულიად არ ჰქონდა ძლიერი შიში სიახლისა, რუტინის სული, რაც ძალიან ხშირად ამ მეზღვაურებს მაღალ თანამდებობებზეც მიჰყვებათ ხოლმე თან. კაპიტანმა ლედუმ, პირიქით, - პირველმა ურჩია გემის მფლობელს მტკნარი წყლის შესანახად რკინის ყუთების შემოღება. ბორკილები და ჯაჭვები, რომლებსაც ზანგებისათვის იმარაგებდნენ, მუდამ ახალი სისტემისა ჰქონდა, თანაც გულმოდგინედ გაზეთილი, ჟანგს რომ არ შეეჭამა. მაგრამ მონებით მოვაჭრეთა შორის ყველაზე უფრო დიდი პატივისცემა თვითონ მისი ხელმძღვანელობით აგებული, ზანგების გადასაყვანად განკუთვნილი, კოპწია აფრებიანი ხომალდით დაიმსახურა, რომელიც საომარი გემივით ვიწრო და გრძელი იყო, მაგრამ ამასთან ტევადიც. ხომალდს "იმედი" დაარქვა. ლედუს სურდა, რომ ვიწრო და შიგნით შეზნექილი გემბანთშორისებს ოთხ მტკაველსა და ოთხ გოჯზე მეტი სიმაღლე არ ჰქონოდა. ამტკიცებდა, რომ ასეთი სიმაღლე საკმარისია, რათა საშუალო ტანის ტყვეები მოხერხებულად დასხდნენო. ადგომა კი რად უნდათ, კოლონიებში რომ ჩავლენ, ისედაც დიდხანს მოუხდებათ ფეხზე დგომაო. პარალელურად განლაგებულ ზანგების ორ მწკრივს შორის რჩებოდა ცარიელი სივრცე, რომელიც მონათა ხომალდებზე გამოყენებულია მხოლოდ გასასვლელ- გამოსასვლელად. ლედუმ მოიფიქრა მოეთავსებინა ამ შუალედში კიდევ რამდენიმე ზანგი, რომელნიც პირველთა პერპენდიკულარულად დაწვებოდნენ. ამრიგად, მისი ხომალდი ათიოდე ზანგით მეტს იტევდა, ვიდრე სხვა ამავე წყალწყვის გემი. გაჭირვებით უფრო მეტი ზანგის დატევაც შეიძლებოდა, მაგრამ საჭირო იყო ადამიანობაც გამოეჩინათ და თითოეულ ზანგისათვის დაეტოვებინათ, სულ ცოტა, შვიდი მტკაველ სიგრძეზე და სამიც სიგანეზე, რათა მუხლის გამართვა მაინც შეძლებოდათ მგზავრობის დროს, რომელიც ექვს კვირაზე მეტს გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, - ეუბნებოდა ლედუ ხომალდის პატრონს, რათა ეს ლიბერალური ღონისძიება გაემართლებინა, - ზანგები, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ისეთივე ადამიანები არიან, როგორც თეთრკანიანები. "იმედი" ნანტიდან პარასკევს გავიდა, როგორც ეს ცრუმორწმუნე ადამიანებმა აღნიშნეს შემდეგ. ზედამხედველებმა, რომელთაც ხომალდი სინდისიერად დაათვალიერეს, ვერ შეამჩნიეს მასზე ექვსი დიდი ყუთი, გავსებული ჯაჭვებით, ხელბორკილებით და იმ რკინებით, რომელთაც, არ ვიცი რატომ, მართლმსაჯულების ძელაკებს უწოდებენ. არც ის გაჰკვირვებიათ წყლის დიდი მარაგი რომ ნახეს "იმედზე", რომელიც საბუთების მიხედვით მხოლოდ სენეგალს მიდიოდა სპილოს ძვლისა და ხე- ტყის შესასყიდად. გზა გრძელი არ არის, მართალია, მაგრამ ნათქვამია: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. შტილმა რომ მოუსწროს, რა უნდა ქნან უწყლოდ? "იმედი", მაშასადამე, პარასკევს გავიდა, სურდა ცოტათი უფრო მაგარი ანძები ჰქონოდა; თუმცა, მისი მეთაურობის განმავლობაში ამ ანძებს არასოდეს უმტყუნიათ მისთვის. მგზავრობა აფრიკის სანაპირომდე ბედნიერად და სწრაფად დასრულდა. ღუზა მდინარე ჯოალში (მგონია, ასე ჰქვია) იმ დროს ჩაუშვა, როდესაც ინგლისის კრეისერები სრულიად არ უთვალთვალებდნენ სანაპიროს ამ ნაწილს. იქაური დალალები მაშინვე მოვიდნენ გემზე. მომენტი ხელსაყრელი იყო. ტამანგომ, სახელგანთქმულმა მეომარმა, ნაპირზე მრავალი ტყვე მორეკა, იაფად ყიდდა, როგორც კაცი, რომელიც გრძნობს თავის ძალას და დარწმუნებულია, რომ შეძლებს კვლავ სწრაფად მოამარაგოს ტყვეების ბაზარი ამ იშვიათი საქონლით. კაპიტანი ლედუ ნაპირზე გადავიდა და ტამანგო ინახულა მისთვის სასწრაფოდ აგებულ ჩალის ქოხში. ტამანგოს თან ახლდნენ ორი ცოლი, რამდენიმე თანაშემწე და ტყვეთა გამყოლები. თეთრი კაპიტნის მისაღებად საგულდაგულოდ გამოწყობილი. ძველი ცისფერი მუნდირი ეცვა, რომელსაც კიდევ შერჩენოდა კაპრალის სირმები. თითო მხარზე ორი ოქროს სამხრე ეკიდა, ერთსა და იმავე ღილზე მიმაგრებული, ერთი წინ ებარტყუნებოდა, მეორე - უკან. პერანგი არ ეცვა, მუნდირი კი ცოტათი მოკლე იყო მისი ტანის ადამიანისათვის, ამიტომ მუნდირის თეთრქობაშემოვლებულ კიდეებსა და გვინეურ ტილოს შარვალს შორის უჩანდა შავი კანის საკმაოდ ფართო ზოლი, რომელიც სარტყელს წააგავდა. წელზე ბაწრით ეკიდა კავალერისტების უზარმაზარი ხმალი, ხოლო ხელში საუკეთესო ინგლისური ორლულიანი თოფი ეჭირა. ამნაირად აღჭურვილ აფრიკელ მეომარს ეგონა, რომ მოხდენილობით სჯობნიდა ყველაზე უკეთ მოკაზმულ პარიზელ ან ლონდონელ ფრანტს. კაპიტანი ლედუ ცოტა ხანს მდუმარედ ათვალიერებდა მას. ტამანგო კი იდგა გაჭიმული, როგორც გრენადერი აღლუმზე უცხოელი გენერლის წინაშე, და ტკბებოდა შთაბეჭდილებებით, რომელსაც, მისი აზრით, ახდენდა თეთრ ადამიანზე. როცა ლედუმ მცოდნე კაცის თვალით გასინჯა ტამანგო, მიუბრუნდა თავის მოადგილეს და უთხრა: - აი, ზორბა ვაჟკაცი, რომელსაც მარტინიკამდე რომ საღ- სალამათი ჩამაყვანინა, სულ მცირე, ათას ეკიუდ გავყიდდიო. დასხდნენ; ერთმა მეზღვაურმა, რომელმაც ცოტა იოლოფური ენა იცოდა, მოენეობა იკისრა. მისალმებისა და ურთიერთმოკითხვის შემდეგ იუნგამ მოიტანა ერთი კალათი არყით სავსე ბოთლები. იწყეს სმა. კაპიტანმა, სპილენძის ლამაზი სადენთე აჩუქა ტამანგოს, კარგ ხასიათზე რომ დაეყენებინა. სადენთე ნაპოლეონის რელიეფური პორტრეტით იყო შემკული. საჩუქარი სათანადო მადლობით იქნა მიღებული. ქოხიდან გამოვიდნენ და არყის სმა ჩრდილში განაგრძეს. ტამანგომ თავის კაცებს ანიშნა გასაყიდი ტყვეები მოიყვანეთო. დაღლილობისა და შიშის გამო წელში მოხრილი ტყვეების გრძელი მწკრივი გამოჩნდა. ყოველ მათგანს კისერი ორკაპში ჰქონდა გაყრილი, რომლის სიგრძეც ორ ადლს აღემატებოდა. ორკაპის ორი წვეტი კეფასთან ძელაკით იყო შეერთებული. როდესაც ტყვეები სვლას იწყებდნენ, ერთ-ერთი გამყოლი მხარზე გაიდებდა პირველი ტყვის ორკაპის ტარს, ეს ტყვე, თავის მხრივ, მომდევნო ტყვის ორკაპს ჩაეჭიდებოდა, მეორე ტყვე მესამისას და ა. შ. როცა გაჩერება იყო საჭირო, მწკრივის მეწინავე მიწაში ჩაარჭობდა თავისი ორკაპის წვეტიან ბოლოს და მთელი მწკრივი შედგებოდა. ადვილი მისახვედრია, რომ ტყვეს ფიქრიც კი არ შეეძლო გაქცევაზე, როცა კისერზე ორი ადლი სიგრძის მსხვილი ჯოხი ჰქონდა მიბმული. თითოეულ ტყვეზე, მამრსა თუ მდედრზე, რომელიც მის წინ ჩაივლიდა, კაპიტანი მხარს იჩეჩებდა. კაცები სუსტები არიანო, - ამბობდა, - ქალები ან მეტად დაბერებულნი, ან მეტად ახალგაზრდანიო, - და უჩიოდა შავი რასის გადაგვარებას.
- ყველაფერი გადაგვარდაო, - ამბობდა, - ოდესღაც სულ სხვა იყო: ქალებს ორი ადლი სიმაღლე ჰქონდათ, ხოლო დედა- ღუზის ამოსაწევად, ხომალდის კაბესტანს ოთხი კაცი ატრიალებდაო, მეტი არა. მაგრამ, ამასობაში, ყველაზე საუკეთესო, ღონიერსა და ლამაზ ზანგებს არჩევდა. გადარჩეულებში ჩვეულებრივი თანხის მიცემაზე თანხმდებოდა, დანარჩენებზე კი, ფასის დაკლებას მოითხოვდა. ტამანგო თავის ინტერესებს იცავდა, საქონელს აქებდა, ამბობდა: იშვიათი გახდა გასაყიდი ადამიანიო. ვაჭრობას ბევრი საშიშროება სდევსო. დასასრულს არ ვიცი რა ფასი მოითხოვა იმ ტყვეებში, რომლებითაც თეთრ კაპიტანს სურდა თავისი ხომალდის დატვირთვა, მაგრამ როგორც კი ტამანგოს წინადადება მოენემ ფრანგულად გადაუთარგმნა ლედუს, უკანასკნელი კინაღამ გულაღმა დაეცა განცვიფრებისა და აღშფოთებისაგან. შემდეგ რაღაც საშინელი წყევლა წაიბუტბუტა და წამოდგა, თითქოს ყოველგვარ ვაჭრობას წყვეტდა ასეთ უჭკუო ადამიანთან; ტამანგომ არ გაუშვა; ძლივს დასვა ხელახლა. გახსნეს ახალი ბოთლი და მოლაპარაკება განახლდა. ახლა შავი ადამიანის რიგი დადგა, რომ თეთრი ადამიანის წინადადებანი უცნაურობად და სიგიჟედ მიეღო, დიდხანს ყვიროდნენ, დაობდნენ, უზომო არაყი დაილია, მაგრამ არაყმა სულ სხვადასხვანაირად იმოქმედა მოწინააღმდეგე მხარეებზე. რაც მეტს სვამდა ფრანგი, მით უფრო უკლებდა შესაძლევ ფასს, აფრიკელი კი პირიქით, უთმობდა. ამგვარად, როცა კალათში არყის ბოთლების დაცლაზე მიდგა საქმე, შეთანხმდნენ: მდარე ხარისხის ბამბის ქსოვილები, თოფის წამალი, თოფის ტალები, სამი კასრი არაყი და ორმოცდაათი უხეირო თოფი გაეცვალათ ას სამოც ტყვეში. კაპიტანმა შეთანხმების განსამტკიცებლად ხელი ხელს დაჰკრა გვარიანად შემთვრალ შავკანიანს. ტყვეები მაშინვე ფრანგ მეზღვაურებს ჩააბარეს, რომლებმაც სასწრაფოდ მოხსნეს ხის ორკაპები და ნაცვლად რკინის საყელურები და ხელბორკილები გაუკეთეს, რაც, უდაოდ, ევროპული ცივილიზაციის უპირატესობაზე მეტყველებდა. კიდევ ოცდაათამდე ტყვე დარჩა: ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფი ქალები. ხომალდი აივსო. ტამანგომ არ იცოდა რა ექნა ამ ნაყარ- ნუყარისათვის და თითო ბოთლი არაყად შესთავაზა ისინი კაპიტანს. წინადადება მაცდუნებელი იყო. ლედუს გაახსენდა, რომ ნანტში "სიცილიური მწუხრის" წარმოდგენაზე, მსუქანი ხალხის დიდი ჯგუფი შევიდა უკვე სავსე პარტერში და ადამიანის სხეულის შევიწროვების წყალობით დაჯდომა მაინც ყველამ მოახერხა. ოცი შედარებით ტანადი ტყვე გადაარჩია ოცდაათიდან. დანარჩენ ათში ტამანგომ ახლა თითო ჭიქა არაყიღა მოითხოვა. ლედუმ გაიფიქრა, ბავშვები ხომ მხოლოდ ნახევარ ბილეთს ყიდულობენ და იკავებენ კიდეც ადგილს საზოგადო ეტლებშიო. სამი ბავშვი აიყვანა კიდევ და განაცხადა: მეტად ვეღარ გადავტვირთავ გემსო. ტამანგომ დაინახა, რომ კიდევ შვიდი ტყვე რჩებოდა გაუსაღებელი, სტაცა თოფს ხელი და დაუმიზნა ერთ ქალს, რომელიც პირველი მოხვდა თვალში, სამი ბავშვის დედას.
- იყიდე, - უთხრა თეთრკანიანს, - თორემ მოვკლავ; ერთი პატარა ჭიქა არაყი, თორემ ვესვრი.
- სად ჯანდაბაში წავიყვანო? - მიუგო ლედუმ. ტამანგომ ესროლა და ტყვე ქალი უსულოდ დაეცა მიწაზე.
- ახლა მეორე! - დაიყვირა ტამანგომ და დაუმიზნა ერთ მთლად მოტეხილ მოხუცს.
- ერთი ჭიქა არაყი, თორემ...
ერთმა მისმა ცოლთაგანმა თოფს ხელი აუკრა და ტყვიამ ჰაერში გაიზუზუნა. ქალმა ამ მოხუცში, მისი ქმარი რომ მოკვლას უპირებდა, ის მისანი შეიცნო, რომელიც მას დედოფლობა უწინასწარმეტყველა. არყისაგან გადარეულმა ტამანგომ რა დაინახა, რომ მის ნება- სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ, თავი ვერ შეიკავა და მაგრად ჩასცხო თავში კონდახი ცოლს; შემდეგ მიუბრუნდა ლედუს: - წაიყვანე, - უთხრა, - გაძლევ ამ ქალს. ქალი ლამაზი იყო. ლედუმ ღიმილით შეხდა და შემდეგ ხელზე მოჰკიდა ხელი.
- ამისთვის კი ვიპოვი ადგილსო, - თქვა.
მოენე კეთილი ადამიანი იყო. მუყაოს სათუთუნე მისცა ტამანგოს და ექვსი დარჩენილი ტყვე გამოსთხოვა. ორკაპებიდან გაათავისუფლა და ნება დართო, საითაც მოისურვებდნენ, იქით წასულიყვნენ. ტყვეებმა უმალ თავს უშველეს - გაიქც- გამოიქცნენ, თუმცა არც ერთმა არ იცოდა, როგორ დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, ორას ლიეზე ზღვის ნაპირიდან. ამასობაში კაპიტანი დაემშვიდობა ტამანგოს და სასწრაფოდ ხომალდის დატვირთვას შეუდგა. სიფრთხილე მოითხოვდა დიდხანს არ დარჩენილიყო მდინარეზე: კრეისერებს შეეძლოთ კვლავ გამოჩენილიყვნენ, ამიტომ კაპიტანს უნდოდა - ღუზა მეორე დღეს აეშვა. ტამანგო კი მოლზე დაწვა ჩრდილში, და დაიძინა, რათა არაყი მოენელებინა. როდესაც გამოიღვიძა, ხომალდს უკვე აფრები აეშვა და მდინარეს დაღმა მიჰყვებოდა. ტამანგომ, ჯერ კიდევ გაბრუებულმა გუშინდელი ლოთობით, თავისი ცოლი აიშე მოიკითხა. მიუგეს, უბედურება ეწვია, თქვენ გაურისხდით და საჩუქრად მიეცით თეთრკანიან კაპიტანს, რომელმაც ქალი თან წაიყვანაო. ამ ამბის გაგონებით გაოგნებულმა ტამანგომ თავში ხელი შემოიკრა, თოფი აიღო და, რადგან მდინარე მრავალი მიხვევ- მოხვევის შემდეგ ერთვოდა ზღვას, ყველაზე უფრო პირდაპირი გზით გაიქცა პატარა ნავსაყუდარისკენ, რომელიც შესართავს ნახევარ ლიეზე იყო დაშორებული. იმედოვნებდა, იქ ნავს ვნახავ რამეს და გემს დავეწევიო. არც შემცდარა: მართლაც მოასწრო ნავით გემის დაწევა. ლედუს გაუკვირდა მისი ნახვა, მაგრამ კიდევ უფრო განცვიფრებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ცოლის უკან დაბრუნებას სთხოვდა.
- ნაჩუქარის უკან გამორთმევა სად გაგონილაო? - მიუგო და ზურგი შეაქცია.
ზანგი არ მოეშვა. უკანვე სთავაზობდა იმ საგნების ნაწილს, რომლებიც ტყვეების სანაცვლოდ მიიღო. კაპიტანმა სიცილი დაიწყო. უთხრა, აიშე კარგი ქალია და მსურს დავიტოვოო. მაშინ საწყალ ტამანგოს ცრემლის ნიაღვარი წასკდა და მწუხარებისაგან ყვირილი მორთო, ისეთივე მძაფრი, როგორიცაა იმ უბედურთა ყვირილი, რომელთაც ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ. ხან გემბანზე გაგორდებოდა და უძახოდა თავის ძვირფას აიშეს, ხან თავს ახლიდა ფიცრებს, თითქოს თავს იკლავსო. კაპიტანი გულგრილად უთითებდა ნაპირზე და ანიშნებდა - შენი აქედან წასვლის დროაო. მაგრამ ტამანგო კერპობდა. იგი კაპიტანს თავის ოქროს სამხრეებსაც კი სთავაზობდა, თოფსაც და ხმალსაც. ვერაფერმა გაჭრა. ამ დავის დროს მოადგილემ კაპიტანს უთხრა: - წუხელ სამი ტყვე მოგვიკვდა, ადგილი გვაქვს, რატომ არ ავიყვანთ ამ ღონიერ გაიძვერას, რომელიც უფრო მეტი ღირს, ვიდრე ის სამი გარდაცვლილი? ლედუმ გაიფიქრა, ტამანგო ათას ეკიუდ გაიყიდებაო; ეს მისი მოგზაურობა, რომელსაც კარგი მოგების პირი უჩანდა, შეიძლებოდა უკანასკნელიც ყოფილიყო. რადგან სიმდიდრე უკვე შეიძინა და ამიერიდან უარს ამბობდა ტყვეებით ვაჭრობაზე, აწი აღარც იმას ჰქონდა მნიშვნელობა კარგი სახელი დარჩებოდა თუ ცუდი გვინეის ნაპირზე. ნაპირი უდაბური იყო და აფრიკელი მეომარი მთლად მისი ძალა- უფლების ქვეშ იმყოფებოდა. ახლა, საქმე ის იყო: ზანგისათვის როგორმე იარაღი აერთმიათ, ვინაიდან საშიში იყო მისე ხელის ხლება, სანამ იარაღი მის განკარგულებაში რჩებოდა. ლედუმ თოფი გამოართვა, თითქოს გასასინჯად, რათა დარწმუნებულიყო: მართლა ღირდა თუ არა ლამაზი აიშეს ფასად. ჩახმახის აწევ- დაწევისას ცადა დენთი გადაეყარა საფალიედან. მოადგილემ, თავის მხრივ, ხმალს დაუწყო სინჯვა, ამგვარად განიარაღებულ ტამანგოს უცებ ორი ღონიერი მეზღვაური დაეტაკა, პირდაღმა წააქციეს და შეუდგნენ მის გათოკვას. ზანგი გმირულ წინააღმდეგობას უწევდა. თუმცა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაინც დიდხანს ებრძოლა ორ მეზღვაურს. თავისი გასაოცარი ღონის წყალობით ფეხზე წამომდგარმა მოახერხა; ერთი მჯიღის დარტყმით ძირს დაანარცხა კაცი, რომელსაც საყელოში ჩაეკიდებინა მისთვის ხელი, მეორეს თავისი ტანსაცმლის ნაგლეჯი შეატოვა ხელში და გაშმაგებული გაექანა მოადგილისაკენ, რათა ხელიდან გამოეგლიჯა თავისი ხმალი, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხმალი თავში ჩასცხო და ფართო, მაგრამ არც ისე ღრმა ჭრილობა მიაყენა. ტამანგო მეორედ დავარდა ძირს. იმწამსვე მაგრად შეუკრეს ხელ- ფეხი. სანამ თავს იცავდა, შლეგივით ყვიროდა და მახეში გაბმული ტახივით აქეთ- იქით აწყდებოდა, მაგრამ, როდესაც შეხედა, რომ ყოველგვარი გაძალიანება უსარგებლო იყო, თვალი დახუჭა და სრულიად აღარ განძრეულა. მხოლოდ ძლიერი და აჩქარებული სუნთქვა ამტკიცებდა, რომ ჯერ ცოცხალი იყო.
- დასწყევლის ეშმაკი, წამოიძახა კაპიტანმა ლედუმ, - რას იცინებენ ზანგები, ამასაც რომ დატყვევებულს დაინახავენ! ახლა კი დარწმუნდებიან: განგება არსებობს.
ამასობაში საწყალი ტამანგო სისხლისაგან იცლებოდა. გულმოწყალე მოენე, რომელმაც წინა დღეს ექვსი ტყვე გადაარჩინა სიკვდილს, ტამანგოს მიუახლოვდა, ჭრილობა შეუხვია და ორიოდე სანუგეშო სიტყვაც უთხრა. ხოლო რა უთხრა, არავინ იცის. შავკანიანი მკვდარივით ეგდო. ორმა მეზღვაურმა ტომარასავით გაათრია და გემბანის ქვეშ მოათავსა მისთვის მიჩენილ ადგილზე. ორ დღეს არც ჭამა მოინდომა და არც სმა. თვალს ძლივს ახელდა. პატიმრობის მოზიარეები, მისი ყოფილი ტყვეები, გაოცებისაგან გაშტერდნენ აქ რომ დაინახეს. ჯერ კიდევ იმდენად ეშინოდათ მისი, რომ ვერც ერთმა ვერ გაბედა თავისი გამაუბედურებლის უბედურების დაცინვა. ძლიერი ზურგის ქარის დახმარებით, ხმელეთიდან რომ ქროდა, გემი სწრაფად შორდებოდა აფრიკის სანაპიროს. ინგლისის კრეისერებზე ფიქრი უკვე აღარ აწუხებდა კაპიტან ლედუს, იგი მხოლოდ იმ უზარმაზარ მოგებაზე ფიქრობდა, რაც მას კოლონიებში ელოდა და საითკენაც მიემართებოდა. "აბანოზის ხე- ტყე" დაუზიანებლად მიჰქონდა, არავითარი გადამდები სენი არ გაჩენილა. მხოლოდ თორმეტი ზანგი, ისიც ყველაზე უფრო სუსტი, დაიხოცა სიცხისაგან. ეს არფერი. განკარგულება გასცა - ტყვეები ყოველდღე ამოეყვანათ გემბანზე, სუფთა ჰაერის მთელი დღის მარაგი რომ ესუნთქათ და ცოცხალი ტვირთი მგზავრობაში რაც შეიძლება ნაკლებად დაღლილიყო. ამ უბედურთა მესამედს ერთი საათი ეძლეოდა რიგრიგობით. თვალყურის სადევნებლად ეკიპაჟს ერთი კბილებამდე შეიარაღებული ნაწილი იყო გამოყოფილი, ტყვეებს აჯანყება რომ არ მოეწყოთ. ესეც არ იყოს, მათ არასდროს არ ხსნიდნენ ბორკილებს მთლიანად. ხანდახან რომელიმე მეზღვაური, რომელმაც ვიოლინოს დაკვრა იცოდა, კონცერტით ართობდა ტყვეებს. საინტერესო სანახავი იყო, როგორც მიბრუნდებოდა მემუსიკისაკენ ყველა ეს შავი პირსახე, როგორ თანდათან კარგავდნენ სასოწარკვეთილების გამომეტყველებას, როგორ ხარხარებდნენ და უკრავდნენ ტაშს რამდენადაც ბორკილები ამის ნებას აძლევდათ. ვარჯიშობა საჭიროა ჯანმრთელობისათვის; ამიტომ კაპიტან ლედუს ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება იყო ტყვეების ხშირად აცეკვება, როგორც გემში ჩასმულ ცხენებს ახტუნავებენ ხოლმე შორ მანძილზე გადაყვანისას.
- აბა, ჩემო შვილებო, იცეკვეთ, გაერთეთ, - ეუბნებოდა მათ კაპიტანი მჭექარე ხმით და ვეებერთელა შოლტს უტყლაშუნებდა. საწყალი ზანგები მაშინვე იწყებდნენ ხტუნვასა და ცეკვას. ერთხანს ჭრილობის გამო ტამანგო ვერ ამოდიოდა ქვემოდან. ბოლოს ისიც გამოჩნდა გემბანზე. ამაყად ასწია თავი ტყვეთა მშიშარა ბრბოში და ნაღვლიანად, მაგრამ მშვიდად გადახედა წყლის უსაზღვრო სივრცეს, რომელიც ხომალდის გარშემო გადაშლილიყო. შემდეგ დაწვა, ანუ, უფრო სწორად, დაეცა გემბანზე და არც კი ცდილა გაესწორებინა თავისი ბორკილები, რომ ნაკლები უხერხულობა ეგრძნო. ლედუ უკანა გემბანზე იჯდა და მშვიდად აბოლებდა ჩიბუხს. შორიახლოს, უბორკილოდ, ცისფერ კაბაში კოხტად გამოწყობილი, ნატის ლამაზი ფოსტლებით, აიშე იდგა, რომელსაც სინზე ლიქიორები ელაგა და აპირებდა კაპიტნისათვის მიერთმია. ცხადი იყო, ზანგის ქალს მაღალი თანამდებობა ეჭირა კაპიტანთან. ერთმა ზანგმა, რომელსაც ტამანგო სძულდა, ანიშნა მას - იქით გაიხედეო. ტამანგომ თავი მიიბრუნა, თვალი მოჰკრა აიშეს და შეჰყვირა, ვეფხვივით წამოხტა და უკანა შუაგემბანისაკენ გაიქცა, ვიდრე მოდარაჯე მეზღვაურები შეძლებდნენ წინაღდგომოდნენ სანაოსნო დისციპლინის ასეთ უხეშ დარღვევას.
- აიშე! - მჭექარე ხმით დაუძახა ცოლს, რაზეც შიშისაგან თავზარდაცემულ აიშეს კივილი აღმოხდა. - შენ გგონია, თეთრების ქვეყანაში მამა- ჯუმბო არ არსებობს? მომარჯვებულმა მეზღვაურებმა უკვე მოირბინეს, მაგრამ ტამანგო, გულხელდაკრეფილი და თითქოს უგრძნობელი, მშვიდად დაბრუნდა თავის ადგილზე. აიშე კი თითქოს გაქვავებულიყო ამ იდუმალი სიტყვებისაგან და ცრემლად იღვრებოდა. მოენემ განმარტა რა იყო ეს საზარელი მამა- ჯუმბო, რომლის ხსენებაც ამდენ ძრწოლას იწვევდა.
- ეს ზანგების საფრთხობელააო, თქვა. - როდესაც ქმარს ეშინია რომ მისმა ცოლმა არ ჩაიდინოს ის, რასაც ბევრი ცოლი სჩადის როგორც საფრანგეთში, ისე აფრიკაშიც, იგი მას მამა- ჯუმბოთი ემუქრება. მე პირადად მინახავს მამა- ჯუმბო და მესმის მისი ეშმაკობა, მაგრამ ზანგები მიამიტები არიან და ვერაფერს ხვდებიან. წარმოიდგინეთ ერთ საღამოს, როცა ქალები ცეკვით ერთობოდნენ, "ფოლგარი" ჰქონდათ გამართული, როგორც თვითონ იტყოდნენ, პატარა ძალიან ხშირი და ბნელი ტყიდან უცნაური მუსიკა შემოგვესმა ისე, რომ დამკვრელები არ ჩანდნენ. მემუსიკეები ყველანი დამალულები იყვნენ ტყეში, ლერწმის ფლეიტები, ხის დოლები, ბალაფოები და ნახევარ აყიროებისგან გაკეთებული გიტარები ჰქონდათ. ეს საკრავები ისე აყრუებდნენ იქაურობას, რომ იფიქრებდით დედამიწას ეშმაკები შემოესივნენო. ქალები გაიგონებენ თუ არა ხმას, ულამ კანკალს იწყებენ, თავს გაქცევით შველიან. კარგად იციან, რომ პილპილნაჭამი არიან და პირიც ამიტომ ეწვით; მაგრამ ქმრები აკავებენ. ანაზდად ტყიდან გამოდის ვეებერთელა თეთრი ფიგურა, მაღალი, როგორც ჩვენი დიდი ბრამსტენგი. მსხვილი, კოდის ოდენა თავი აქვს, ფართო თვალები და სატანისებური ცეცხლოვანი ხახა. იგი ნელ-ნელა მოაბიჯებს და ტყეს დიდ მანძილზე არ სცილდება. ქალები კივიან: ვაიმე, მამა - ჯუმბო! ხამანწკის გამყიდველი ქალებივით ღრიალებენ, მაშინ ქმრები ეუბნებიან: "აბა, გაიძვერებო, გვითხარით ღალატობდით თუ არა ქმრებს. თუ სიმართლეს არ აღიარებთ, მამა- ჯუმბო ახლავე ცოცხლად შეგსანსლავთ". ქალებში გამოერეოდნენ ისეთები, რომელნიც საკმაოდ მიამიტები იყვნენ, და გამოტყდებოდნენ. მაშინ ქმრები დაუწყებდნენ მათ უმოწყალოდ ცემას.
- მაგრამ, ვინ იყო ეს თეთრი ფიგურა, ეს მამა- ჯუმბო? - იკითხა კაპიტანმა.
- თეთრი ზეწრით შეფუთული მასხარა, რომელსაც თავზე გრძელ ჯოხზე წამოგებული გამოშიგნული კვახი ჰქონდა, შიგ ანთებული სანთელი იდგა. ეს არც ისე დიდი ეშმაკობაა, რომ შავკანიანები გააცურო.
ძალიან კარგი გამოგონებაა ეს მამა- ჯუმბო. ნეტა ჩემ ცოლსაც სჯეროდეს ამისი.
- ჩემსას, - თქვა ლედუმ, - მამა- ჯუმბოსი არ ვიცი, მაგრამ მათრახის შიში კი აქვს. ისედაც იცის როგორ მოვარჯულებ, თუ რაიმე ოინს მომიწყობს. ლედუს გვარი მომთმენი ხალხი არა ვართ და, თუმცა, მე მხოლოდ ერთი ხელი მაქვს, მაგრამ ამითაც კარგად ვხმარობ მათრახს. მაგ ზანგს კი, მამა- ჯუმბოზე რომ ყბედობს, უთხარით, წესიერად მოიქცეს და ქალს ნუ აფრთხობს, თორემ ვუბრძანებ, ზურგი ისე დაუზილონ, რომ შავი კანი ცვრიანი მწვადივით გაუწითლდეს.
ამ სიტყვებზე კაპიტანი თავის კაიუტაში ჩავიდა, მოაყვანინა აიშე და სცადა ნუგეში ეცა. მაგრამ ვერც ალერსით და ვერც ცემით, რადგან ბოლოს მოთმინება ეკარგება ადამიანს, ვერ დაიყოლია ლამაზი ზანგის ქალი. ცრემლის ღვარი სდიოდა მას თვალებიდან. ცუდ გუნებაზე დამდგარი კაპიტანი ხელახლა ავიდა გემბანზე და წაეჩხუბა მორიგე ოფიცერს მანევრის გამო, რომელსაც ამ დროს ეს ოფიცერი ასრულებდა. ღამე, როცა თითქმის მთელ ეკიპაჟს ღრმა ძილით ეძინა, გუშაგებს შემოესმათ ჯერ მძიმე, საზეიმო, ნაღვლიანი სიმღერა, რომელიც ქვემოდან მოდიოდა, შემდეგ ქალის საზარელი გამგმირავი კივილი. ამის შემდეგ ჩქარა მთელ გემზე გაისმა ბოხი ხმა ლედუსი, რომელიც იგინებოდა და იმუქრებოდა, ამას მოჰყვა მისი საშინელი შოლტის ტყლაშუნი, მყისვე ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა. მეორე დღეს ტამანგო გამოჩნდა გემბანზე დალურჯებული პირისახით, მაგრამ ისეთივე ამაყი და მტკიცე იერით, როგორც წინათ. შენიშნა თუ არა აიშემ ტამანგო, დატოვა უკანა გემბანი, სადაც ის კაპიტნის გვერდით იჯდა, სწრაფად მიირბინა მასთან, დაიჩოქა და ღრმა სასოწარკვეთილების კილოთი უთხრა: - მაპატიე, ტამანგო, მაპატიე! ტამანგო მიაშტერდა მას ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ რაკი შენიშნა, რომ მოენე მოშორებით იყო, წაიბურტყუნა: - ქლიბი! - და დაწვა გემბანზე, აიშესკენ ზურგმიბრუნებული. კაპიტანმა მკაცრად უსაყვედურა აიშეს, ერთი- ორი სილაც კი გააწნა და ყოფილ ქმართან ლაპარაკი აუკრძალა. მაგრამ არავითარი ეჭვი არ შეჰპარვია იმ მოკლე სიტყვების აზრში, რომლებიც ერთმანეთს გადაულაპარაკეს ტამანგომ და აიშემ; ამიტომ ქალს ამაზე არაფერი ჰკითხა. ამასობაში, სხვა ტყვეებთან ერთად დამწყვდეული ტამანგო დღე და ღამე აგულიანებდა მათ, მოეხდინათ ვაჟკაცური ცდა თავისუფლების დასაბრუნებლად. ეუბნებოდა: თეთრკანიანები ცოტა არიანო; ამახვილებდა მათ ყურადღებას იმაზე, რომ გუშაგების დაუდევრობა თანდათან მატულობდა. შემდეგ ცოტა ბუნდოვნად ეუბნებოდა - შემიძლია თქვენი დაბრუნება სამშობლოშიო. ტრაბახობდა: მისნობა ვიციო, რაც ძლიერ სწამთ ზანგებს; ეშმაკის შურისძიებით ემუქრებოდა მას, ვინც უარს იტყოდა დახმარება გაეწია მისთვის ამ წამოწყებაში. ტყვეებს მხოლოდ პეოლთა დიალექტზე ელაპარაკებოდა, რომელიც ტყვეთა უმრავლესობას ესმოდა, მაგრამ არ გაეგებოდა მოენეს. ორატორის სახელი, შიში და მორჩილება მისდამი, რასაც დაჩვეულნი იყვნენ ტყვეები, სასწაულებრივად დაეხმარა მის მჭერმეტყველებას, და ზანგები უკვე აჩქარებდნენ - დაენიშნა მათი განთავისუფლების დღე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითონ ფიქრობდა ამის შესრულებას. ტამანგო ბუნდოვნად უპასუხებდა შეთქმულებს, რომ ჯერ კიდევ არაა დრო მოსულიო, ეშმაკს, რომელიც სიზმარში მეცხადება, ჯერ კიდევ არ უცნობებია ჩემთვის ეს დღე, მაგრამ თქვენ მზად უნდა იყოთ პირველ დაძახებაზეო. ამავე დროს არც ერთ შემთხვევას არ უშვებდა, რომ მცველთა სიფხიზლე არ გამოეცადა. ერთხელ ერთ მეზღვაურს თავისი თოფი გემბანის მოაჯირზე მიეყუდებინა და ერთობოდა მფრინავი თევზების ცქერით, რომლებიც გემს მიჰყვებოდნენ. ტამანგომ აიღო თოფი და დაუწყო აქეთ- იქით ტრიალი: სასაცილოდ ბაძავდა მეზღვაურების მოძრაობას ვარჯიშობის დროს. თოფი იმწამსვე გამოგლიჯეს ხელიდან, მაგრამ გაიგო, რომ შეუძლია შეეხოს იარაღს და უმალ არ აღძრას თეთრკანიანების ეჭვი; როდესაც თოფის გამოყენების დრო მოვა, დიდი გამბედავი იქნება ის, ვინც მოინდომებს მისი ხელიდან ამ იარაღის გამოგლეჯას. ერთ დღეს აიშემ მას ერთი ცალი ორცხობილა გადაუგდო და თან რაღაც ანიშნა, რაც მხოლოდ ტამანგომ გაიგო. ორცხობილაში პატარა ქლიბი იყო ჩატანებული. ამ ხელსაწყოზე იყო დამოკიდებული შეთქმულების გამარჯვება. ტამანგომ ჯერ მტკიცედ შეიკავა თავი, არ უჩვენა ქალი ამხანაგებს; მაგრამ, როცა დაღამდა, იწყო გაუგებარი სიტყვების ბუტბუტი, სხეულის უცნაური მოძრაობის თანაყოლებით. ნელ-ნელა იზნიქებოდა და დროდადრო რაღაცას წამოიყვირებდა. მისი ხმის ცვალებადი ინტონაციის მოსმენისას კაცი იტყოდა, უხილავ პიროვნებასთან გაცხოველებული საუბარშია გართულიო. ყველა ტყვე კანკალებდა: ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ამ წუთს ეშმაკი თვით მათ შორის იყო. ტამანგომ ეს სცენა დააბოლოვა სიხარულის წამოძახილით: - ამხანაგებო! - დაიძახა მან, - სული რომელსაც მე შევულოცე, ბოლოს დამთანხმდა შემისრულოს დანაპირები და აი, ხელში მიჭირავს ჩვენი განთავისუფლების იარაღი, ახლა მხოლოდ ცოტა გამბედაობა გჭირდებათ, რომ თავისუფალი გახდეთ. მან ქლიბზე ხელი შეახებინა თავის მეზობლებს და ამ ტლანქმა თაღლითობამ ნდობა მოუპოვა კიდევ უფრო ტლანქ ადამიანებთან. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოვიდა შურისძიებისა და თავისუფლების დიადი დღე. შეთქმულებმა, რომლებიც საზეიმო ფიცით იყვნენ ერთმანეთთან შეკრული, საფუძვლიანი მოთათბირების შემდეგ თავიანთი გეგმა შეადგინეს. ყველაზე უფრო გამბედავებს ტამანგოს მეთაურობით, როცა მათი გემბანზე ასვლის ჯერი დადგებოდა, ხელთ უნდა ეგდოთ მცველთა იარაღი; სხვები უნდა შესულიყვნენ კაპიტნის ოთახში და აეღოთ თოფები, რომლებიც იქ მოიპოვებოდა. იერიში უნდა დაეწყოთ მათ, ვინც თავიანთ ბორკილების გადაქლიბვას მოახერხებდა. მაგრამ, თუმცა მრავალი ღამე გულმოდგინედ იმუშავეს, ტყვეების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ შეეძლო ენერგიული მონაწილეობის მიღება მოქმედებაში, ამიტომაც სამ ღონიერ ზანგს დაეკისრათ მოეკლათ ის კაცი, რომელიც ჯიბით ბორკილების გასაღებს ატარებდა, და მაშინვე თავიანთი შებორკილი ამხანაგები გაეთავისუფლებინათ. იმ დღეს კაპიტანი ლედუ საუცხოო გუნებაზე იყო: თავისი ჩვეულების წინააღმდეგ სასჯელი აპატია იუნგას, რომელმაც გაშოლტვა დაიმსახურა; ქათინაური უთხრა მორიგე ოფიცერს მანევრისათვის; ეკიპაჟს გამოუცხადა - თქვენი სამსახურით კმაყოფილი ვარ და მარტინიკზე, სადაც ცოტა ხანში მივალთ, თითოეული თქვენგანი ჯილდოს მიიღებსო. მეზღვაურები ერთიმეორეს უზიარებდნენ ამ სასიამოვნო ამბავს და უკვე იმაზე ფიქრობდნენ თუ როგორ გამოეყენებინათ ეს ჯილდო. ისინი არაყზე და მარტინიკის ფერადკანიან ქალებზე ოცნებობდნენ, როდესაც გემბანზე ტამანგო და სხვა შეთქმულნი ამოიყვანეს. ტყვეებმა იზრუნეს ისეთნაირად გადაექლიბათ თავიანთი ბორკილები, რომ გადაქლიბული ადგილები შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ სულ მცირე ძალდატანება დასჭირებოდათ მათ გასატეხად. თანაც ისე მაგრად აჩხარუნებდნენ მათ, რომ კაცს ეგონებოდა, ორმაგად მძიმე ბორკილებს ატარებენო. ცოტა ხანს სუფთა ჰაერს ისუნთქავდნენ, შემდეგ ერთმანეთს ხელი მოჰკიდეს და ცეკვა დაიწყეს. ამ დროს ტამანგომ დააგუგუნა თავისი საგვარეულოს საომარი სიმღერა, რომელსაც იგი ოდესღაც მღეროდა ბრძოლაში გასვლის წინ. ვინაიდან ცეკვა გაგრძელდა, ტამანგო თითქოს დაქანცული, მთელი თავისი სიგრძით გაწვა ერთი მეზღვაურის ფეხებთან, რომელიც ზარმაცად მიყრდნობოდა გემბანის მოაჯირს. ასევე მოიქცნენ დანარჩენი შეთქმულებიც. ამგვარად, თითოეული მეზღვაური გარშემორტყმული აღმოჩნდა. უცებ ტამანგომ, რომელმაც ის იყო ნელა გადატეხა თავისი ბორკილები, დაიყიჟინა, რაც სიგნალი უნდა ყოფილიყო, და ღონივრად სტაცა ხელი მის ახლო მდგომ მეზღვაურს, წააქცია, მუცელზე ფეხი დაადგა და თოფი აართვა, რომლითაც მორიგე ოფიცერი მოკლა. ამ დროს თავს ესხმიან გუშაგებს, ართმევენ იარაღს და მაშინვე ჰკლავენ. ყოველი მხრიდან ისმის საომარი ყიჟინა. კაცი, რომელსაც ბორკილების გასაღები ებარა, ერთი პირველთაგანი იღუპება. ზანგების ბრბო ავსებს გემბანს. ისინი, რომელნიც იარაღს ვერ პოულობენ, მივარდებიან კაბესტანის მანებს ან კანჯოს ხოფებს. ამიერიდან ევროპული ეკიპაჟი განწირული იყო. თუმცა რამდენიმე მეზღვაური შეებრძოლა ზანგებს უკანა გემბანზე, მაგრამ მათ იარაღი და სიმტკიცე აკლდათ. ლედუ ჯერ კიდევ ცოცხალი და კვლავინდებურად შეუდრეკელი იყო. მან შეამჩნია, რომ შეთქმულების სული და გული ტამანგო იყო. ის იმედოვნებდა, თუ ტამანგოს მოკვლა შევძელი, დანარჩენებს ადვილად გავუსწორდებიო. ხმალამოღებული, ყიჟინით გაექანა მის შესახვედრად. იმწამსვე ტამანგოც გამოექანა მისკენ. თოფისთვის ლულაში ჩაევლო ხელი და ისე ხმარობდა, როგორც კეტს. ორი ბელადი ერთმანეთს შეხვდა იმ ვიწრო გასასვლელში, რომელიც აერთებს წინა ერდოსა და უკანა ერდოს. ტამანგომ პირველმა დაარტყა. სხეულის მსუბუქი მოძრაობით თეთრკანიანმა დარტყმა აიცილა. მოქნეული თოფის კონდახი ისეთი ძალით დაეცა ფიცარნაგს, რომ გატყდა. საპასუხო დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ტამანგოს თოფი ხელიდან გაუსხლტა, უიარაღოდ დარჩა: ლედუმ სატანური სიხარულის ღიმილით აღმართა ხელი და ის იყო უნდა განეგმირა თავისი მსხვერპლი, მაგრამ ტამანგო ისეთივე მკვირცხლი იყო, როგორც მისი ქვეყნის ავაზები არიან: ეცა მკერდზე თავის მოწინააღმდეგეს და გაუკავა ხელი, რომლითაც მას ხმალი ეჭირა. ერთი ცდილობს არ გაუშვას ხელიდან იარაღი, მეორე - გამოსტაცოს იგი. ამ გააფთრებულ ბრძოლაში ორივე ეცემა, მაგრამ აფრიკელი ქვეშ მოექცევა. მაშინ ტამანგომ, რომელიც არ შეშინებულა და მთელი თავისი ძალღონით ეწინააღმდეგებოდა თეთრკანიანს, ისე ძლიერ უკბინა მას ყელში, რომ სისხლმა იჩქეფა როგორც ლომის ნაკბენიდან. კაპიტანს დასუსტებული ხელიდან ხმალი გაუვარდა. ტამანგომ ხმალს ხელი სტაცა, წამოდგა პირგასისხლიანებული და გამარჯვების ყიჟინა მორთო, ამავე დროს ხმლის განმეორებითი დარტყმით განგმირა თავისი უკვე ცოცხალ- მკვდარი მტერი.
გამარჯვება საეჭვო აღარ იყო. ჯრ კიდევ გადარჩენილმა ორიოდე მეზღვაურმა სცადა თავი შეებრალებინა აჯანყებულთათვის, მაგრამ ყველა დახოცეს, მოენეც კი მოკლეს, რომელსაც მათთვის არასოდეს ავი არ უქნია. მოადგილე სახელოვნად მოკვდა. მან კიჩოზე დაიხია ღერძზე მბრუნავ ერთ-ერთ პატარა ზარბაზანთან, რომელსაც ფინთიხით ტენიან. მარცხენა ხელით ზარბაზანს მართავდა, მარჯვენათი კი, ხმლით შეიარაღებული ისე კარგად იცავდა თავს, რომ ზანგების მთელი ბრბო მიიზიდა. მაშინ დააჭირა ხელი ზარბაზნის სასხლეტს და ამ გაჭედილ ბრბოში დახოცილებითა და მომაკვდავებით მოფენილი ფართო გასასვლელი გაჩნდა: ერთი წუთის შემდეგ იგი აკუწეს. როდესაც უკანასკნელი თეთრკანიანის დაჭრილ- დაკუწული გვამი გადააგდეს ზღვაში, შურისძიებით გულმოყირჭებულმა შავკანიანებმა ახადეს გემის აფრებს, რომლებიც, ქარით გაბერილნი, თითქოს კვლავ თეთრკანიანებს ემორჩილებოდნენ და ზანგები, მათი გამარჯვების მიუხედავად, მონობის ქვეყანაში მიჰყავდათ.
- მაშასადამე, არაფერი გაკეთებულა, - ფიქრობდნენ ისინი, - თეთრკანიანების ეს დიდი ფეიტეში განა მოისურვებს დაგვაბრუნოს სამშობლოში ჩვენ, ვინც მის მბრძანებელთა სისხლი დავღვარეთ. ზოგმა თქვა, ტამანგო მოახერხებს მის დამორჩილებასო. მაშინვე მოუხმეს ტამანგოს. ის არ ჩქარობდა გამოჩენას. კიჩოს კაიუტაში იპოვეს იგი, ფეხზე იდგა, ერთი ხელი კაპიტნის გასისხლიანებულ ხმალზე დაეყრდნო, მეორე კი უაზროდ გამოეწოდებინა აიშესათვის, რომელიც მის წინ დაჩოქილიყო და უკოცნიდა გამოწვდილ ხელს. გამარჯვების სიხარული ვერ ამცირებდა იმ გაურკვეველ მოუსვენრობას, რომელიც მთელ მის იერში გამოსჭვიოდა. ნაკლებად ხეპრე იყო, ვიდრე სხვები, და უკეთ გრძნობდა თავისი მდგომარეობის სიძნელეს. ბოლოს ტამანგო გამოჩნდა გემბანზე, ვითომ დამშვიდებული, მაგრამ გულში კი შეშფოთებული. ასი ერთმანეთში არეული ხმა აჩქარებდა მას, რომ წარემართა ხომალდი. იგი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გემის საჭეს, თითქოს სურდა ცოტა დაეგვიანებინა ის წამი, რომელსაც უნდა გამოერკვია თვით მისთვის და სხვებისთვის მისი ძლიერება. მთელ ხომალდზე არ იყო არც ერთი შავკანიანი, რაც უნდა სულელი ყოფილიყო იგი, რომელსაც არ შეენიშნოს ის გავლენა, რასაც გემის მოძრაობაზე ახდენდა ერთ-ერთი ბორბალი და მის პირდაპირ მდებარე ყუთი. მაგრამ ამ მექანიზმში მათთვის მუდამ უდიდესი საიდუმლოება იმალებოდა. ტამანგო დიდხანს აკვირდებოდა ასოებს, რომლებიც იქ იყო ჩაწერილი. შემდეგ შუბლზე მიიდო ხელი და იმ კაცის იერი მიიღო, რომელიც გულში რაღაც გაანგარიშებას ახდენს. პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი ზანგები შემოხვეოდნენ და შეშფოთებულნი ადევნებდნენ თვალს მის უმცირეს მოძრაობასაც კი. ბოლოს, შიშითა და რწმენის იმ შერეული გრძნობით, რასაც უმეცრება იძლევა, მან ერთი მაგრად მოატრიალა საჭის ბორბალი. როგორც ბედაური შედგება ხოლმე ყალყზე, როცა გაუფრთხილებელი მხედარი დეზსა ჰკრავს, ისე შეხტა ტალღებზე საუხცოო ხომალდი "იმედი" ამ გაუგონარი ხელყოფის გამო. თითქოს, აღშფოთებულს უნდოდა ზღვაში ჩაენთქა თავი, თავისი უმეცარი მესაჭითურთ. რადგან სათანადო თანაფარდობა აფრებისა და საჭის მიმართულებით შორის ანაზდად დაირღვა, ხომალდი ისეთი ძალით გადაიხარა, თითქოს ჩაძირვას ლამობდა. მისი გრძელი ქანდარები ზღვაში ჩაიმალა. ბევრი ზანგი გულაღმა დაეცა, რამდენიმე გადავარდა გემბანიდან. ხომალდი ჩქარა ამაყად გასწორდა, თითქოს სურდა კიდევ ერთხელ გაებრძოლა დაღუპვის წინააღმდეგ. ქარმა ძალა გაიორკეცა და ორი მოტეხილი ანძა უცებ საშინელი ხმაურით დაეცა ხიდაკიდან რამდენსამე ფეხის ნაბიჯზე. ნამსხვრევებითა და ბაგირთა მძიმე ბადით დაიფარა გემბანი. თავზარდაცემული ზანგები ყვირილით ჩაცვივდნენ ტრიუმში, მაგრამ რადგანაც ქარი საკბილოს მეტს ვეღარაფერს პოულობდა, ხომალდი ხელახლა გასწორდა და წყნარად იწყო ტალღებზე ქანაობა. მაშინ ყველაზე უფრო გამბედავი ზანგები კვლავ ამოვიდნენ გემბანზე და გაწმინდეს იგი ნამსხვრევებისაგან, რომლებითაც მთელი გემბანი იყო დახერგილი. ტამანგო უძრავად იდგა, იდაყვი კომპასის ბუდეზე დაეყრდნო და პირსახე მოხრილი მკლავით დაეფარა. აიშე მასთან იყო, მაგრამ სიტყვის თქმას ვერ უბედავდა. ზანგები ნელ-ნელა მიუახლოვდნენ, თანდათან უმატეს ბუზღუნს, რომელიც ჩქარა საყვედურებისა და გინების ქარიშხლად იქცა.
- ვერაგო, მატყუარავ! - ყვიროდნენ ისინი. - ეს შენ დაგვატეხე თავს ამდენი უბედურება, შენ მიგვყიდე თეთრკანიანებს, შენ გვაიძულე ავჯანყებულიყავით მათ წინააღმდეგ. შენ ტრაბახობდი, ყველაფერი ვიციო, შენ აღგვითქვი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაგვაბრუნებდი. დაგიჯერეთ, იმდენად სულელები ვიყავით, და, აი, კინაღამ ყველანი არ დავიღუპეთ, ვინაიდან შენ შეურაცხყავ თეთრკანიანების კერპი. ტამანგომ ამაყად ასწია თავი. ზანგები, რომლებიც ირგვლივ შემოხვეოდნენ, შეკრთნენ და უკან დაიხიეს. მან აიღო ორი თოფი, ანიშნა ცოლს - მომყევიო, განვლო ბრბო, რომელიც გაიპო მის წინ და გაემართა ხომალდის ცხვირისკენ. იქ ცარიელი კასრებისა და ფიცრებისაგან გაიკეთა საფარი; შემდეგ ჩაჯდა ამ თავისებურ სანგარში, საიდანაც მუქარით გამოშვერილიყო მისი თოფების ხიშტები. იგი აღარ შეუწუხებიათ. ამბოხებულთა შორის ზოგი ატირდა, ზოგს ცისკენ აღეპყრო ხელები და მოუწოდებდა თავის კერპებს, და თეთრკანიანების კერპებსაც: ზოგს მუხლი მოეყარა კომპასის წინაშე და, განცვიფრებული მისი განუწყვეტელი მოძრაობით, ევედრებოდა სამშობლოში დაბრუნებას. ზოგიც გემბანზე გაწოლილიყო მწარედ დაღონებული. ამ სასოწარკვეთილთა შორის წარმოიდგინეთ შიშისაგან აბღავლებული ქალები და ბავშვები და ოციოდე დაჭრილი ზანგი, რომელნიც შველას იხვეწებოდნენ, მაგრამ არავინ ფიქრობდა მიშველებას. ანაზდად ერთი ზანგი ამოდის გემბანზე სახეგაბრწყინებული, აცხადებს: ვიპოვე ადგილი, სადაც თეთრებს არაყი შეუნახავთო. მისი სიხარული და მიხრა- მოხრა ამტკიცებს, რომ უკვე უგემნია იგი. ეს ამბავი მყის წყვეტს ამ უბედურთა ღრიალს. ისინი ჩარბიან კამბუზში და თვრებიან სასმელით. ერთი საათის შემდეგ უნდა გენახათ მათი ხტუნვა და ხარხარი გემბანზე! ყოველგვარი სისულელესა და სიგიჟეს სჩადიოდნენ, როგორც სჩვევია პირუტყვულ სიმთვრალეს. მათ ცეკვასა და სიმღერას ბანს აძლევდა დაჭრილთა კვნესა და ქვითინი. ასე გავიდა დანარჩენი დღე და მთელი ღამე. დილას, გამოღვიძებისას, კვლავ სასოწარკვეთილება. ღამის განმავლობაში მრავალი დაჭრილი დაიხოცა. ხომალდი მიცურავდა გვამებით გარემოცული. ზღვა ბობოქრობდა, ცა მოღრუბლული იყო. გაიმართა ბჭობა. ზოგნი, რომელთაც ცოტა რამ გაეგებოდათ ჯადოსნობაში და ვერ გაებედათ ლაპარაკი თავიანთ ცოდნა- ხელოვნებაზე ტამანგოს მათთან ყოფნის დროს, ახლა რიგრიგობით სთავაზობდნენ თანამემამულეებს თავიანთ სამსახურს. სცადეს მრავალი ძლიერი შელოცვა. ყოველი უსარგებლო ცდის შემდეგ სასოწარკვეთილება მატულობდა. ბოლოს კვლავ დაიწყეს ლაპარაკი ტამანგოზე, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულიყო თავისი სანგრიდან. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე უფრო მცოდნე კაცი მათ შორის მაინც ის იყო და მხოლოდ მას შეეძლო დაეხსნა ისინი ამ მდგომარეობიდან. ერთი მოხუცი მიუახლოვდა მას ზავის შესათავაზებლად. შევედრა ტამანგოს - მოდი - მოდი ჩვენთან და რჩევა მოგვეციო; მაგრამ კორიოლანოსივით შეუდრეკელმა ტამანგომ, ყურად არ იღო მოხუცის ვედრება. ღამით, არეულობაში, ორცხობილა და დამარილებული ხორცი მოიმარაგა. ეტყობოდა, გადაწყვიტა მარტო ეცხოვრა თავის ბუნაგში. არაყი კიდევ ჰქონდათ. იგი ზანგებს ავიწყებდა ზღვასაც, ტყვეობასაც, კარს მომდგარ სიკვდილსაც. ეძინათ და ეზმანებოდათ აფრიკა, გუმფასის ხის ტყეები, ისლით დახურული ქოხები, ბაობაბები, რომელთა ჩრდილი მთელ სოფელს ჰფარავს. კვლავ დაიწყო წინადღის ღრეობა. ამგვარად განვლო მრავალმა დღემ. ყვირილი, ტირილი, თმების გლეჯა, შემდეგ დათრობა და ძილი, ასეთი იყო მათი ცხოვრება. მრავალი დაიხოცა სმით, ზოგმა თავი დაიხრჩო ზღვაში ან სატევრით განიგმირა გული.
ერთ დილას ტამანგო გამოვიდა თავისი სიმაგრიდან და მივიდა დიდ ანძამდე.
- ტყვეებო, - წარმოთქვა მან, - სული გამომეცხადა სიზმარში და მამცნო საშუალებანი, რომლებითაც შეიძლება თქვენი გამოხსნა და სამშობლოში დაბრუნება. თქვენი უმადურობისათვის ღირსი იყავით მიმეტოვებინეთ; მაგრამ ეს ქალები და ბავშვები მებრალებიან. მიპატიებია თქვენთვის, ყური დამიგდეთ.
ზანგებმა თავი დახარეს ნიშნად პატივისცემისა და გარს შემოერტყნენ მას.
- მხოლოდ თეთრკანიანებმა იციან, - განაგრძო, - ძლიერი სიტყვები, რომელნიც ამოძრავებენ ამ ვეებერთელა ხის სახელებს; მაგრამ ჩვენ ძალგვიძს ჩვენი ნებისამებრ ვმართოთ ეს მსუბუქი ნავები, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ნავებს ჰგვანან. მან მიუთითა კანჯოსა და სხვა ნავებზე.
- გავავსოთ ისინი სანოვაგით, ჩავსხდეთ შიგ და მოვუსვათ ხოფები ქარის მიმართულებით. ჩემი და თქვენო უფალი დაგვაბრუნებს ჩვენს ქვეყანაში. დაუჯერეს. არასოდეს შედგენილა ამაზე უფრო უაზრო გეგმა. კომპასის ხმარების უცოდინარს, უცნობი ცის ქვეშ, ტამანგოს შეეძლო მხოლოდ ალალბედზე ხეტიალი. იგი დარწმუნებული იყო, რომ თუ ნავს სულ პირდაპირ წაიყვანდა, ბოლოს მიადგებოდა ზანგებით დასახლებულ რომელიმე ქვეყანას, ვინაიდან დედამიწას შავები ფლობენ, თეთრები კი თავიანთ ხომალდებზე ცხოვრობენ. ეს გაგონილი ჰქონდა თავის დედისაგან. ჩქარა ყველაფერი მზად იყო ნავებში გადასასხდომად, მაგრამ მხოლოდ კანჯო და ერთი ნუშა გამოდგა ვარგისი. ეს კი ძალიან ცოტა იყო, რომ ოთხმოცამდე დაეტოვებინათ ჯერ კიდევ ცოცხალი ზანგი ჩატეულიყო. უნდა დაეტოვებინათ ყველა დაჭრილი და ავადმყოფი. უმრავლესობა თხოულობდა - დაგვხოცეთ, ვიდრე დაგვშორდებოდეთო. დიდი გაჭირვებით ტალღებზე დაშვებულმა და ზომაზე მეტად დატვირთულმა ორმა ნავმა დატოვა ხომალდი და მიენდო მღელვარე ზღვას, რომელიც წამისწამ შთანთქმით ემუქრებოდა. ნუშა პირველი გაშორდა ხომალდს. ტამანგო და აიშე კანჯოში მოთავსდნენ, რომელიც ბევრად უფრო მძიმე, უფრო დატვირთული იყო და პირველს საგრძნობლად უკან რჩებოდა. ჯერ კიდევ ისმოდა ხომალდზე დარჩენილი რამდენიმე უბედურის ყვირილი, როდესაც საკმაოდ ძლიერმა ტალღამ თავზე გადაუარა კანჯოს და გაავსო იგი წყლით. ერთი წუთიც არ გასულა და კანჯო ჩაიძირა. წინა ნავიდან შენიშნეს კანჯოს დაღუპვა და მისმა მეხოფეებმა გაორკეცებული ძალით მოუსვეს იმის შიშით, რომ მოუხდებოდათ რამდენიმე წყალწაღებულის აყვანა. თითქმის ყველა, ვინც კანჯოში ჩაჯდა, დაიხრჩო. მხოლოდ თორმეტიოდემ შეძლო ხომალდზე დაბრუნება. ამათ რიცხვში იყვნენ ტამანგო და აიშე. როცა მზე ჩავიდა, მათ დაინახეს, რომ ნუშა გაუჩინარდა ცისკიდურს იქით; მაგრამ რა მოუვიდა, - არავინ იცის. რატომ დავღალო მკითხველი იმ საზიზღარი ტანჯვის აღწერით, რომელსაც შიმშილი იწვევს? ვიწრო სივრცეზე გაწოლილა ოციოდე ადამიანი, მათ ხან მღელვარე ზღვა ახეთქებს აქეთ- იქით, ხან კი მცხუნვარე მზის სხივებით იხრუკებიან და ყოველ დღე ეჩხუბებიან ერთიმეორეს სანოვაგის მცირე ნარჩენებისათვის. ორცხობილას თითოეული ნატეხი ბრძოლით გადადის ხელიდან ხელში, სუსტი კვდება, არა მარტო, რომ ძლიერი კლავს მას, არამედ იმიტომ, რომ სიკვდილის ანაბარად ტოვებს. რამდენიმე დღის შემდეგ ხომალდ "იმედზე" არავინ დარჩენილა ცოცხალი ტამანგოსა და აიშეს მეტი. ერთ ღამეს ზღვა ღელავდა, ქარი მძაფრად ქროდა, ისე ბნელოდა, რომ კიჩოდან ვერ დაინახავდით ხომალდის ცხვირს. აიშე ლეიბზე იწვა, კაპიტნის ოთახში, ტამანგო კი მის ფეხებთან იჯდა. ორთავეს დიდი ხანია კრინტი არ დაეძრათ.
- ტამანგო! - წამოიძახა ბოლოს აიშემ. - ყველაფერი, რის გამოც შენ იტანჯები, სულ ჩემი მიზეზით არის...
- მე არ ვიტანჯები, - მკვახედ მიუგო ტამანგომ და ლეიბზე ცოლისკენ გადაისროლა ნახევარი ორცხობილა, რომელიც კიდევ დარჩენოდა.
- შეინახე ეს შენთვის, - უთხრა ქალმა და ნელა გასწია მისკენ ორცხობილა; მე აღარ მშია. ანდა რატომ უნდა ვჭამო? განა ჩემი აღსასრულის ჟამი არ მოვიდა? ტამანგო პასუხგაუცემლად წამოდგა, ბარბაცით ავიდა გემბანზე და მოტეხილი ანძის ძირას ჩამოჯდა. თავდახრილი სტვენდა თავისი გვარის ჰანგს. ანაზდად მოისმა ყვირილი, რომელმაც დაფარა ზღვის ქარის ღრიალი; გამოჩნდა სინათლე. კიდევ გაისმა ყვირილი და დიდმა შავმა ხომალდმა "იმედს" ისე ახლოს ჩაუარა, რომ ქანდარებმა თავს ზემოთ გადაუარეს ტამანგოს. მან ვერავინ დაინახა ორი კაცის გარდა, რომლებსაც ანძაზე ჩამოკიდებული ფარანი ანათებდა. ამ კაცებმა კვლავ დაიყვირეს და მათი ხომალდი, რომელსაც ქარი მიაქანებდა მყისვე გაუჩინარდა სიბნელეში. უეჭველია, გუშაგებმა შეამჩნიეს დასაღუპავად განწირული ხომალდი, მაგრამ ქარიშხალმა ხელი შეუშალა შებრუნებულიყვნენ. ერთი წუთის შემდეგ ტამანგომ დაინახა ზარბაზნის ალი და გაიგონა აფეთქების ხმა; შემდეგ კვლავ დაინახა მეორე ზარბაზნის ალი, მაგრამ არავითარი ხმა აღარ გაუგონია; შემდეგ აღარაფერი დაუნახავს. მეორე დღეს არც ერთი აფრა არ გამოჩენილა ცის კიდურზე. ტამანგო კვლავ დაწვა თავის ლეიბზე და დახუჭა თვალი. მისი ცოლი აიშე იმ ღამეს გარდაიცვალა. არ ვიცი რა ხნის შემდეგ, ინგლისის ფრეგატმა "ბელონამ" შეამჩნია უანძო და, როგორც ეტყობოდა, ეკიპაჟის მიერ მიტოვებული გემი. კანჯომ, რომელიც მიადგა მას, იპოვა შიგ მკვდარი ზანგი ქალი და ზანგი მამაკაცი, ისეთი გამხდარი და გალეული, რომ მუმიას წააგავდა. იგი გონმიხდილი იყო, მაგრამ ოდნავ სუნთქავდა. დასტაქარმა მოჰკიდა ხელი მის გამობრუნებას და, როდესაც "ბელონა" კინგსტონს მიადგა, ტამანგო სრულიად გამოჯანსაღებული იყო. ჰკითხეს თავგადასავალი. მან თქვა რაც იცოდა. კუნძულის პლანტატორებს უნდოდათ ჩამოეხრჩოთ, როგორც მეამბოხე ზანგი, მაგრამ გუბერნატორმა, რომელიც კეთილი ადამიანი იყო, ყურადღება მიაქცია მას და მისი საქმე სამართლიანად ცნო, ვინაიდან, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ტამანგომ გამოიყენა, მხოლოდ კანონიერი თავდაცვის უფლება; და, გარდა ამისა, ვინც მან დახოცა, მხოლოდ ფრანგები იყვნენ. მას მოექცნენ ისე, როგორც შეპყრობილ მონათა ხომალდიდან გადმოყვანილ ზანგებს ექცევიან. მისცეს თავისუფლება, ესე იგი მთავრობისათვის იძულებითი მუშაობა მიუსაჯეს. დღეში აძლევდნენ ექვს სუს და საჭმელს. ეს იყო მეტად ლამაზი ვაჟკაცი. 75- ე ლეგიონის მეთაურმა დაინახა იგი და ციმბალისტად აიყვანა ლეგიონის ორკესტრში. მან ისწავლა ცოტა ინგლისური, მაგრამ ამ ენაზე თითქმის ვერ ლაპარაკობდა. სამაგიეროდ ზომაზე მეტად სვამდა რომსა და შაქრის არაყს. გარდაიცვალა ჰოსპიტალში ფილტვების ანთებით.
პროსპერ მერიმე
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•