- მოიცადე, - მიმართა ბენდიმ თავის მეგობარ დ’ანდრეას, - ჯერ მე მივალ, გავაფრთხილებ, თუ ისევ გაჯიუტდა, მერე პირდაპირ შემოდი.
ორივე მეგობარს მხედველობის პრობლემა ჰქონდა. როცა ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ეკვროდნენ. ისინი ხშირად ჰგონებიათ ძმები, დაახლოებით ერთი ასაკის, ყველაფრით წააგავდნენ ერთმანეთს - მაღლები, გამხდრები, შემართულები, ყველაფერს ფაქიზად აკეთებდნენ, მეტისმეტად სათუთად. ლაპარაკის დროს ერთმანეთს ან სათვალეს გაუსწორებდნენ, ან ჰალსტუხს, ხოლო თუ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ - სერთუკის ღილს წაეტანებოდნენ. ცოტას ლაპარაკობდნენ და ფერმკრთალ სახეზე მუდმივი სევდა ჰქონდათ აღბეჭდილი.
ერთად იზრდებოდნენ, უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთი იურიდიულ ფაკულტეტზე იყო, მეორემ კი სამედიცინო აირჩია. ახლა, როცა სხვადასხვა ადგილზე უწევდათ მუშაობა და მხოლოდ საღამოობით ახერხებდნენ შეხვედრას, ხშირად სეირნობდნენ ქალაქის განაპირას, ხრამის თავზე გაჭიმულ გრძელ ხეივანში.
ისინი ისე ახლოს იყვნენ, რომ ძლივს შესამჩნევი თავის დაქნევა, გადახედვა, ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ მეგობრის გულის ნადები გამოეცნოთ. სასეირნოდ გამოსულები ერთ-ორ სიტყვას გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს, მერე კი მთელ გზას ისე გაივლიდნენ, ხმას აღარ იღებდნენ, თითქოს ეს მოკლე ფრაზები საკმარისი იყო საფიქრალად. ასე მისეირნობდნენ, თავჩაქინდრულები. არც ერთი და არც მეორე არასოდეს აჰყოლია ცდუნებას, მოაჯირს გადაყრდნობოდა და ქვევით გადაეხედა, შეეხედა ველებისა და გორაკებისთვის, ზღვისთვის, რომელიც ჩამავალი მზის სხივებით კიაფობდა. რა შესანიშნავია ეს ყველაფერი და რამდენად ძნელი წარმოსადგენია, რომ შეიძლება ამ ადგილებში იაროს ადამიანმა და ერთხელაც არ გადაიხედოს ქვევით, არ შეხედოს არაფერს!..
რამდენიმე დღის წინ ბანდიმ უთხრა დ’ანდრეას: - ელეონორა რაღაც შეუძლოდ გრძნობს თავს.
დ’ანდრეამ შეხედა და მეგობრის შემოხედვაზე მიხვდა, რომ ქალს სერიოზული არაფერი სჭირდა.
- გავსინჯო? - ჰკითხა მან.
- არა, მითხრა, რომ არ უნდა ექიმი.
და ორივემ გზა განაგრძო, შუბლი შეიკრეს, თითქოს გაბრაზდნენ კიდეც ქალზე, რომელმაც მათ დედობა გაუწია და რომლის წინაშეც ისინი ვალში იყვნენ.
დ’ანდრეა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მშობლები დაეღუპა. ბიჭი ბიძამ წაიყვანა, მაგრამ უსახსრობის გამო განათლება ვერ მისცა. ელეონორა ბანდი და მისი უმცროსი ძმაც მაშინ დაობლდნენ, როცა გოგონა თვრამეტი წლის იყო. მომჭირნეობით, დიდი წვალებით გამოიზოგა ქალმა დარჩენილი მცირე ქონება. მერე იძულებული გახდა ემუშავა, მუსიკასა და სიმღერას ასწავლიდა. ასე გაზარდა ძმა და ასწავლა მის მეგობარსაც.
- სამაგიეროდ, მე სქელი ვარ, თქვენ კი გამხდრები, - მხიარულად ეუბნებოდა ქალი ყმაწვილებს, - მთელი თქვენი ქონი მე მერგო.
ქალი მართლაც ძალიან სქელი იყო და თანდათან კიდევ უფრო სუქდებოდა, თუმცა სახე ეკლესიის მარმარილოს ანგელოზივით ნატიფი და ნაზი ჰქონდა, მშვენიერი შავი თვალები, გრძელი წამწამები, მელოდიური ხმა. წუხდა, როცა დაჟინებით უყურებდნენ, სევდიანად იღიმებოდა, თავისი გარეგნობა აფიქრებდა.
ელეონორა როიალზე უკრავდა და მღეროდა. შეიძლება, დაკვრისას წესებს ვერ იცავდა, თუმცა, ღრმა გრძნობით ასრულებდა. მეტისმეტად ქედმაღლურად რომ არ ყოფილიყო აღზრდილი, პროვინციულ ცრურწმენას აყოლილი და ძმა არ ჰყოლოდა მისახედი, შესაძლოა მომღერალიც გამოსულიყო. ოდესღაც ოცნებობდა კიდეც სცენაზე, ოღონდ ეს მხოლოდ ოცნება იყო, მეტი არაფერი. ახლა ორმოც წელსაა მიღწეული. ქალაქში აფასებენ მის ნიჭს და იმას, რომ ორი უბედური ობლად დარჩენილი ბავშვი გაზარდა, ეს კი მისი მრავალწლიანი თავგანწირვის ჭეშმარიტი ჯილდო იყო.
ექიმი დ’ანდრეა დიდხანს უცდიდა, მისი მეგობარი კი გამოსვლას არ ჩქარობდა.
სასტუმრო ოთახი, სადაც ის იჯდა, ნათელი იყო, თუმცა ჭერი მაღალი არ ჰქონდა. ძველებურ, გახუნებულ და გაცვეთილ ნივთებს ისეთი იერი დაჰკრავდა, თითქოს წარსულ დიდებაზე გულდაწყვეტილი ეს ავეჯი დიდ სარკეში შესცქეროდა თავის ანარეკლს. გეგონებოდათ, ამ ოთახის ბინადარები განსვენებულ წინაპართა პორტრეტები არიანო. ისინი ჩარჩოებიდან თითქოს გაბრაზებულები დასცქეროდნენ ერთადერთ ახალ ნივთს - ელეონორას როიალს.
ექიმს მოჰბეზრდა ცდა, წამოდგა, კართან მივიდა და ყური მიუგდო, ტირილის ყრუ ხმა გაიგონა და ფრთხილად დააკაკუნა.
- შემოდი, - უთხრა ბანდიმ და კარი გაუღო, - არ მესმის, ასე რატომ ჯიუტობს.
- იმიტომ, რომ ავად არ ვარ! - წამოიყვირა ელეონორამ ტირილით.
ქალი ტყავის ღრმა სავარძელში იჯდა და უზარმაზარი ჩანდა, ფერდაკარგული, ჩვეულებისამებრ შავი სამოსი ეცვა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს უხერხულობას იწვევდა მისი ოდნავ გაშტერებული გამოხედვა, თვალებში ჩამდგარი უაზრო სიჯიუტე, რომლის დაფარვასაც ცდილობდა.
- სიმართლეს გეუბნებით, ავად არა ვარ, - გაიმეორა ცოტა უფრო მშვიდად. - ღვთის გულისთვის, მომეშვით, ჩემზე ნუ ფიქრობთ.
- კარგი! აი კარლო, ეს გაარკვევს რა გჭირს, - ცივად მიუგო ძმამ, გავიდა და გაბრაზებულმა კარი გაიჯახუნა.
ელეონორამ სახეზე ხელები აიფარა და ისე აქვითინდა, რომ ცახცახი აუვარდა. დ’ანდრეა ქალს მიაჩერდა, უხერხულად იგრძნო თავი, შერცხვა, ბოლოს ჰკითხა: - რა მოხდა? ნუთუ მეც არ გინდათ მითხრათ?
ელეონორა ტიროდა. დ’ანდრეამ სცადა დაჟინებით, მაგრამ სათუთად მოეცილებინა ქალისთვის სახიდან ხელები.
- ნუ ტირით, - მშვიდად ეუბნებოდა, - აბა მითხარით... ნუ გეშინიათ. მე ხომ აქ ვარ, თქვენ გვერდით.
ელეონორამ თავი გააქნია, და უცებ, სწრაფად სტაცა ორივე ხელი მის ხელს, სახე მოექცა და ამოიკვნესა: - კარლო! კარლო!..
თავისი მშვიდი ბუნების საწინააღმდეგოდ, დ’ანდრეა ქალისკენ მეტისმეტად სწრაფად დაიხარა: - მითხარით...
ქალმა მისი ხელი ლოყაზე მიიდო და ჩუმად, ხვეწნით სთხოვა: - მომეხმარე, კარლო, სიკვდილი გამიადვილე. ღვთის გულისთვის, მომეხმარე! არ ვიცი, როგორ მოვუღო ბოლო საკუთარ თავს და არც საამისო ღონე შემწევს.
- სიკვდილი გინდათ? - გაუღიმა მან. - აბა, რას ამბობთ! რად გინდათ სიკვდილი?
- უნდა მოვკვდე! - გაიმეორა ქალმა, თან ცრემლებს ვერ იკავებდა, - მითხარი, როგორ მოვიქცე. შენ ხომ ექიმი ხარ. მეტი აღარ შემიძლია! უნდა მოვკვდე... სხვა გამოსავალი არ მაქვს... სიკვდილი და მხოლოდ სიკვდილი!..
ექიმი გაოცებით მიაჩერდა ელეონორას. ქალმაც შეხედა, მაგრამ მაშინვე დახუჭა თვალები, სახე ისევ მოექცა და ისე მოიკრუნჩხა, თითქოს რაღაცამ შეაშინა.
- ჰო, - გადაჭრით თქვა, როცა გონს მოეგო, - დავიღუპე, კარლო, დავიღუპე!
დ’ანდრეამ უნებურად გამოსწია ხელი.
- რაო, რა თქვით? - ჩაიდუდუნა მან.
ელეონორამ თვალი მოარიდა, თითი ტუჩებთან მიიტანა და კარისკენ ანიშნა.
- ოღონდ იმან არ გაიგოს! ნურაფერს ეტყვი, ღვთის გულისთვის! ჯერ მე მომეხმარე, რომ გავეცალო ამ ცხოვრებას. მომეცი რამე, წამალივით დავლევ, მერე სულ იმის ფიქრში ვიქნები, რომ წამალი მივიღე, ოღონდ კი მალე მოვკვდე! არ შემიძლია, ჩემით ვერ ვახერხებ, მეშინია! ორი თვეა ვიტანჯები და ვერაფერი გადამიწყვეტია. მითხარი, კარლო, ხომ მიშველი?
- აბა, რით გიშველოთ? - ჰკითხა დაბნეულმა დ’ანდრეამ.
ქალი კვლავ ჩააფრინდა ხელში, მუდარით ჩახედა სახეში და უთხრა: - თუ არ გინდა მოვკვდე... შენ შეგიძლია... როგორმე ჩემი შველა?
დ’ანდრეა წელში გასწორდა და მკაცრად შეიკრა შუბლი.
- კარლო, გემუდარები! - ისევ აგრძელებდა ქალი, - ამას ჩემთვის კი არ გთხოვ, მხოლოდ ის მინდა, ჯორჯომ არაფერი გაიგოს. თუ არ დაგვიწყებია ის ამაგი, რომელიც ორივეზე გავწიე - მომეხმარე, კარლო! ნუთუ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანო? რამდენი რამ გავაკეთე, რამდენი ვიწვალე! რა სირცხვილია ჩემს ასაკში! მეშინია...
- როგორ მოხდა ეს, ელეონორა? ვინ არის ის კაცი? - მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა დ’ანდრეამ, ისეთი მოულოდნელი გამოდგა მისთვის ეს არაჩვეულებრივი აღსარება.
ქალმა ისევ კარისკენ გადააქნია თავი და სახეზე ხელები აიფარა: - ნუ მკითხავ, ახლა არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი! ნუთუ არ გებრალება ჯორჯო? ეს ისეთი სირცხვილია მისთვის...
- რას ამბობთ? - ჰკითხა დ’ანდრეამ. - ეს ხომ დანაშაულია, ორმაგი დანაშაული. ნუთუ არ შეიძლება სხვანაირად თავის დაღწევა?
- არა, - გადაჭრით მიუგო ქალმა. - საკმარისია... დამტოვე მარტო. ცუდად ვარ...
თავი სავარძლის ზურგზე გადაუვარდა, სხეული მოუდუნდა.
კარლო დ’ანდრეა დაბნეული მისჩერებოდა ელეონორას. ჯერ კიდევ ვერ გაერკა იმაში, რაც ახლა მოისმინა. ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, როცა აგონდებოდა, რომ ეს სათნო ქალი, სისპეტაკისა და თავდადების განსახიერება ასე სამარცხვინოდ დაეცა. ნუთუ ეს შესაძლებელია? ელეონორა ბანდი? ახალგაზრდობაში ხომ არაერთ შესანიშნავ წინადადებაზე თქვა უარი! ახლა კი, როცა კარგა ხანია ახალგაზრდობას დაემშვიდობა... ან იქნებ სწორედ ამიტომაც მოხდა ეს?
კარლომ შეხედა ქალს და იმის გამო, რომ ელეონორა მეტისმეტად მსუქანი იყო, განსაკუთრებით ბინძურად მოეჩვენა ეს აზრი.
- წადი! - ნერვიულად გაიმეორა ქალმა. არც კი შეუხედავს მისთვის, თითქოს ისედაც გრძნობდა კარლოს ეჭვებს, - წადი, უთხარი ჯორჯოს. რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ჩქარა წადი.
დ’ანდრეა ანგარიშმიუცემლად ადგა და ოთახიდან გამოვიდა. ქალმა თავი ასწია და თვალი გააყოლა. როგორც კი კარი გაჯახუნდა, ელეონორამ გონება დაკარგა.
დ’ანდრეას წასვლის შემდეგ ელეონორას გულზე მოეშვა - ორი თვის აუტანელი ტანჯვის შემდეგ პირველად იგრძნო შვება. მოეჩვენა, თითქოს ყველაზე საშინელი უკან დარჩა.
ქალს ძალა აღარ შესწევდა გაეძლო ამ ტანჯვისთვის. მოხდეს, რაც მოსახდენია, როგორც უნდა, ისე გადაწყდეს მისი ბედი, ოღონდ რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველაფერი!
ახლა შემოვა მისი ძმა და მოკლავს. და მერე რა... იგი არც პატივისცემის ღირსია და არც თანაგრძნობის. მართალია, ძმისა და მისი მეგობრისთვისაც იმაზე მეტი გააკეთა, რაც ევალებოდა, მაგრამ ახლა ერთი ხელის მოსმით დაკარგა ყველანაირი უფლება, მისი მადლიერები ყოფილიყვნენ.
ქალი ისევ შიშმა აიტანა და თვალები დახუჭა.
გულის სიღრმეში ელეონორა საკუთარ თავს ამტყუნებდა. დიახ, თვითონ არის დამნაშავე! ამდენი წელი ახერხებდა მორეოდა გრძნობებს, თავს აიძულებდა მაღალი, სპეტაკი ზრახვებით ეცხოვრა და ეს თავგანწირვა მოვალეობადაც კი მიაჩნდა. და აი, ასე უცებ დაიღუპა. რა საშინელებაა!
მისი გასამართლებელი საბუთი სრულიად არაფერს ნიშნავს. შეეძლო პირდაპირ ეთქვა: „ჯორჯო, იქნებ სულაც შენ ხარ დამნაშავე!“ და კაცმა რომ თქვას, მართლაც ასეა.
დამ დედის მაგივრობა გაუწია. ყველაფრის პასუხად, ასეთი მსხვერპლის სამაგიეროდ კი ღიმილიც არ უღირსებიათ მისთვის არც ძმას და არც მის მეგობარს, თითქოს სიჩუმემ და მოწყენილობამ ორივეს სული მოუწამლა, თითქოს ორივე უაზრო სევდით იყო შეპყრობილი. უნივერსიტეტი რომ დაამთავრეს, ორივემ სამუშაო დაიწყო, ძალიან ბევრს შრომობდნენ და საკუთარი თავის გარდა აღარავინ სჭირდებოდათ. ახლა ერთი სული ჰქონდათ, ანგარიში გაესწორებინათ ელეონორასთვის და სწორედ ეს იყო, ასე ძალიან რომ შეურაცხყოფდა ქალს. ასე მოულოდნელად დაკარგა ფასი მისმა ცხოვრებამ. სხვა რაღა დარჩენოდა, როცა გაიგო, რომ აღარ სჭირდებოდა თავის აღზრდილ ყმაწვილებს? თავისი ახალგაზრდობაც ხომ თვალსა და ხელს შუა გაუქრა, ვეღარ დააბრუნებს.
პირველმა ხელფასმაც ვერ მოალბო ძმა. იქნებ იმაზე დარდობს, რადგან ჩემმა დამ თავი შემომწირა, ვაითუ მთელი სიცოცხლე მის გამო შეზღუდული უნდა ვიყო და ჩემი თავისუფლება შეიზღუდებაო? დას კი უნდოდა ეთქვა: - ჩემზე ნუ ფიქრობ, ჯორჯო, მე მხოლოდ ის მინდა, შენ იყო კარგად!..
მაგრამ ელეონორას არაერთხელ მოუსმენია მისი ბუზღუნი: - აბა! რა მოგდის? მე სულაც არ დამვიწყებია ჩემი მოვალეობა. მაცალე და ყველაფერს გადაგიხდი.
„გადამიხდი? განა მე გადახდას ვითხოვ?“ - უნდოდა ეყვირა, ის ხომ ერთხელაც არ დაფიქრებულა, ისე გადადო თავი ძმისთვის, ერთხელაც არ დაუწუწუნია, სულ იღიმებოდა.
ელეონორამ იცოდა, როგორი ჯიუტი იყო მისი ძმა და არაფერი დაუძალებია მისთვის, მაგრამ როგორ უჭირდა ცხოვრება, როგორ ეხუთებოდა სული ამ ცივ და ადამიანებისგან მიტოვებულ სამყაროში!
ჯორჯოს ხელფასი თანდათან ემატებოდა, ამიტომ დას კომფორტი შეუქმნა, სთხოვა მასწავლებლობისთვისაც თავი დაენებებინა. და აი, ერთხელ, დასწყევლოს ღმერთმა ის დღე, როცა იძულებული გახდა უსაქმურად მჯდარიყო შინ, გაუჩნდა აზრი, რომელიც თავდაპირველად სასაცილოდ მოეჩვენა: - კარგი იქნებოდა გავთხოვილიყავი!
ახლა, როცა უკვე ოცდაცხრამეტი წლისაა? თანაც ასეთი დიდი და მსუქანი... შესაფერი საქმროც, ალბათ, სპეციალურად უნდა აღმოეჩინათ მისთვის! მაგრამ მხოლოდ ასე თუ გაათავისუფლებდა ძმას, რომელსაც მისი მადლიერება და ამაგი მძიმე ტვირთად აწვა.
უნებურად ელეონორამ კეკლუცობა დაიწყო, გასათხოვარი ქალიშვილივით იცვამდა, ისე, წინათ აზრადაც რომ არ მოუვიდოდა.
ისინი, ვინც ოდესღაც ცოლობას სთხოვდნენ, ახლა უკვე ოჯახის მამები გამხდარიყვნენ. აქამდე ქალს ეს საერთოდ არ აწუხებდა, ახლა კი გულისტკივილით იგონებდა, შენატროდა მეგობრებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ოჯახები.
ის კი მარტო იყო უნაყოფო ხესავით...
იქნებ ჯერ არ არის გვიან? ნუთუ მართლაც დამთავრდა ნაყოფიერი ცხოვრება, და მისი ბედია, ამ საშინელ სიმარტოვეში ამოხდეს სული? ნუთუ უნდა ჩაიკლას აალებული ვნება? სამუდამოდ წყვდიადში დარჩეს?
აუტანელი სევდა დაეუფლა. ეს ფიქრები ტანჯვად ექცა, სადღაც გაქრა მისი უშუალობა, სიცილი, შეეცვალა ხმა. დაცინვას უმატა, ლაპარაკში ბოღმა გაურია. გრძნობდა, როგორ მკვეთრად შეეცვალა ხასიათი, საკუთარი თავი შესძულდა, სძულდა ასევე თავისი უზარმაზარი სხეულიც. ხასიათის სიფიცხე, რამაც ასე მოულოდნელად იჩინა თავი, ახლა აწამებდა, სიმშვიდეს უკარგავდა.
ამასობაში ძმამ საჭირო თანხა დაზოგა, მიწის ნაკვეთი შეიძინა და სახლი ააშენა. მერე და დაიყოლია, ერთი თვით წასულიყო იქ, მაგრამ ელეონორას მოეჩვენა, ჩემი თავიდან მოცილება უნდაო და გადაწყვიტა სამუდამოდ ჩასახლებულიყო იმ კარ-მიდამოში. მაშინ ძმას სრული თავისუფლება ექნებოდა. იგი ტვირთად აღარ დააწვებოდა და აღარ შეაწუხებდა, თავადაც მოიშორებდა ამ სულელურ აზრებს და აღარ იფიქრებდა ამ ასაკში გათხოვებაზე.
პირველმა დღეებმა მშვენივრად ჩაიარა და მოეჩვენა კიდეც, რომ მაინცდამაინც არ უნდა გასჭირვებოდა აქ ცხოვრება.
ელეონორა მალე მიეჩვია ადრე ადგომას და მინდორში სეირნობას. ყოველ ნაბიჯზე ჩერდებოდა, მოჯადოებული უგდებდა ყურდს მინდვრის საოცარ სიჩუმეს, სადაც ბალახის ყოველი ღერო დილის გრილ ნიავზე თრთოდა, ყურს უგდებდა მამლების ყივილს, ტკბებოდა ქვაზე მწვანე ზოლებად ასული ხავსის ცქერით...
აქ, ქალაქიდან მოშორებით, სხვა აზრები, სხვა გრძნობები უნდა გასჩენოდა. ისეთი უნდა გამხდარიყო, როგორც, მაგალითად, მოჯამაგირის თავაზიანი მეუღლე, რომელიც მუდამ ალერსიანად ელაპარაკება და უამრავ საინტერესო ამბავს მოუყვა სოფლელების შესახებ... ამ ალალმართალ ამბებში ელეონორა ცხოვრების ახალ, მოულოდნელ აზრს ხედავდა.
თვითონ მოჯამაგირე აუტანელი კაცი იყო, სულ ტრაბახობდა, მოწინავე აზრების მქონე ადამიანი ვარო. მართლაც, ცოტა რამ არ ჰქონდა ნანახი, ამერიკაშიც იყო ნამყოფი, მთელი რვა წელი ბენოსაროში1 უცხოვრია და გადაწყვიტა, მისი ერთადერთი ვაჟიშვილი მცოდნე კაცი გამოვიდეს. როცა ბიჭუნას ცამეტი წელი შეუსრულდა, სასწავლებელში მიაბარა, წერა-კითხვა ისწავლოს, მერე კი შეიძლება ამერიკაშიც გავგზავნო, დიდი ქვეყანაა, იქ აუცილებლად ისწავლის საქმეს და კარგ ხალხთან ექნება ურთიერთობაო.
ახლა ჯერლანდო ცხრამეტი წლის იყო, მაგრამ მიუხედავად ამდენი სწავლისა, სკოლის მხოლოდ მესამე კლასამდე მიეღწია. მეტისმეტად ტლანქი ყმაწვილი იყო, მოუქნელი და მამის მზრუნველობისგან გაწამებული. სკოლაში ძალაუნებურად აითვისა ქალაქური მანერები და უფრო შტერი ჩანდა.
ყოველდღე თავის გაფშეკილ, უხეშ თმას ისველებდა და დიდი მონდომებით შუაზე იყოფდა, მაგრამ როცა გაუშრებოდა, ისე აწეწილი და აშვერილი ჰქონდა, თითქოს თავზე კოპები დაჯდომიაო. წარბებიც სულ ბუჩქივით ჰქონდა, ახლად ამოსული ულვაშიც გაფშეკილი მოუჩანდა და წვერიც. საცოდავი ჯერლანდო! საბრალოც კი იყო - ტლანქი აღნაგობის ყმაწვილს მუდამ წიგნებში ჰქონდა ჩარგული თავი. მამამისს არაერთხელ გაუღვიძებია მაგიდასთან მჯდარი, რადგან გამაძღარს თავი ექინდრებოდა და წარამარა იძინებდა. ძლივს გამოფხიზლებულ, ძილგამოყოლილ ბიჭს, ფეხზე რომ ძლივს იკავებდა თავს, მამა ისევ ქალაქის გზას გაუყენებდა ხოლმე მორიგი ტანჯვისთვის.
როდესაც სინიორინა ჩამობრძანდა, ჯერლანდომ სთხოვა, იქნებ დაელაპარაკოთ დედას, რომ მამასთან საქმე ჩამიწყოსო. დასწყევლოს ღმერთმა ეს სწავლა! ადამიანს გაასავათებს პირდაპირ...
ელეონორამ სცადა მისი მფარველობა, მაგრამ მამამ ყურიც არ ათხოვა! რა თქმა უნდა, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევითო!
ამიტომაც ელეონორას ყოველდღე, სადილის შემდეგ თავისთან მიჰყავდა. ბიჭი დარცხვენილი და დაბნეული შედიოდა მის სახლში იღლიაში ამოჩრილი წიგნებითა და რვეულებით. თავს უხერხულად გრძნობდა, ფიქრობდა, ალბათ ქალბატონს გართობა მოუნდა ჩემი უნიათობითო. მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი არ იყო, მამამ უბრძანა და ისიც სწავლობდა. სწავლაში იყო უნიჭო, თორემ, ხე რომ იყოს სადმე ჩასარგავი, ან ხარები შესაბმელი, ამას სიამოვნებით გააკეთებდა! და ჯერლანდო ქალს აჩვენებდა თავის დაკუნთულ მკლავებს, მოკრძალებით შეჰყურებდა, სახე უნათდებოდა, სიცილის დროს თეთრ, მსხვილ კბილებს აჩენდა...
მაგრამ დრო გადიოდა და ელეონორას რატომღაც აღარ სიამოვნებდა ყმაწვილის მოსვლა, ამიტომ გაკვეთილები შეწყვიტა. ქალაქიდან როიალი გამოიწერა და ახლა სახლში ჩაკეტილი ან უკრავდა, ან კითხულობდა. ერთ საღამოს შეამჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ასე მოულოდნელად შეუწყვიტა დახმარება, აუკრძალა თავისთან ყოფნა, აღარც რჩევა-დარიგებებს აძლევდა და აღარც ეხუმრებოდა, ჯერლანდო ფანჯარასთან მიიპარებოდა და მის დაკვრასა და სიმღერას უსმენდა. ელეონორამ გადაწყვიტა მოულოდნელად წასდგომოდა თავს. ერთხელ უეცრად შეწყვიტა დაკვრა და სწრაფად დაეშვა კიბეზე.
- აქ რას აკეთებ?
- გისმენდით...
- მოგწონს?
- ძალიან. ისე მომწონს, სინიორა, თითქოს სამოთხეში ვიყო!
ელეონორამ გადაიხარხარა და თითქოს ეს სიცილი ყმაწვილს მათრახივით მოხვდა სახეში, დაეძგერა ქალს, აივნიდან გამოსული შუქის მიღმა, სახლის გვერდით, სიბნელეში გადაიყვანა...
ასე მოხდა ყველაფერი...
მოულოდნელობისგან თავგზააბნეულმა ელეონორამ ხელიც ვერ ჰკრა, მხოლოდ ის იგრძნო, რომ ტლანქი იერიშისგან გონებას კარგავდა და ძალაუნებურად დანებდა.
მეორე დღეს ქალაქში წავიდა...
ახლა როგორ მოიქცეს? რატომ არ მოდის ჯორჯო? იქნებ დ’ანდრეას არ უთქვამს მისთვის? იქნებ იმაზე ფიქრობს, როგორ დაეხმარონ?
ქალმა სახეზე ხელები აიფარა, თითქოს იმ უფსკრულის დანახვა აშინებდა, რომელიც მის წინ პირს აღებდა.
ამას ვერაფრით უშველი, სიკვდილის მეტი არაფერი დარჩენია, მაგრამ როგორ? ან როდის?
კარი გაიღო და ზღურბლზე ჯორჯო გამოჩნდა. ადამიანის ფერი აღარ ედო, თმა ასწეწოდა. თვალები ნამტირალევი ჰქონდა. დ’ანდრეა ხელს აშველებდა და გვერდით მოჰყვებოდა.
- მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ვიცოდე, - გამოსცრა ჯორჯომ კბილებში, ყოველ სიტყვას მკაფიოდ და გამოთქმით ამბობდა, - მინდა ვიცოდე, ვინ არის ის კაცი?
ელეონორას თავი არ აუწევია, ისე აქვითინდა.
- მეტყვი თუ არა! - იყვირა ბანდიმ.- და ვინც უნდა იყოს, მისი ცოლი გახდები.
- არა! - ამოიკვნესა ქალმა, უფრო დახარა თავი და აცახცახებული ხელები მომუშტა, - ეს შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია!
- ცოლიანია?
- არა, ცოლი არ ჰყავს! - სწრაფად უპასუხა მან. - ოღონდ, დამიჯერე, მართლა შეუძლებელია!
- კი, მაგრამ, ვინ არის? - არ ეშვებოდა ბანდი. - ვინ არის-მეთქი, მითხარი!
ელეონორა ძმის განრისხებულ გამოხედვაზე მოიკუნტა, ძლივს ასწია თავი და ამოიკვნესა: - არ შემიძლია...
- მითხარი, თორემ მოგკლავ! - იღრიალა ბანდიმ და მუშტი მოუღერა.
დ’ანდრეა მათ შორის ჩადგა და ბანდის მკაცრად უთხრა: - ჯობს, წახვიდე. მე მეტყვის, წადი...
ჯორჯო ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა.
ძმა შეუვალი იყო. სანამ ქორწილი იქნებოდა, მომხდარ ამბავს ყველას უყვებოდა, აზვიადებდა, ავადმყოფურად ეშინოდა დაცინვის, თითქოს ჭკუიდან იყო შეშლილი, ამიტომაც ყველა თანაუგრძნობდა.
თუმცა ჯერლანდოს მამის დაყოლიება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე აზრების მქონედ ითვლებოდა, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ჯერ არაფრით არ დაიჯერა ეს ამბავი, მერე კი განაცხადა: - ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მოვსპობ, ისე დავსრეს, როგორც დაჭყლეტილ ყურძენს. ან არადა, ჯობს ხელფეხშეკრული მოგგვაროთ, მერე, როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით. რაც შეეხება მათრახს, შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იყოთ, სამი დღე დავალბობ, რომ კარგად გაიშოლტოს.
როცა მოხუცმა, როგორც იქნა, გაიგო, რომ ბატონს სულაც არ ჰქონდა მისი ვაჟის დასჯის სურვილი და საქმე ქორწინებას ეხებოდა, გაოცდა: - რაო, რა თქვით? მგონი კარგად ვერ გავიგონე... ასეთ სინიორას ჩემნაირი უბრალო მოჯამაგირის შვილზე გათხოვება უნებებია?
და სასტიკი უარი განაცხადა.
- მაპატიეთ, მაგრამ, სინიორა არც ისე პატარაა, თავადაც მშვენივრად იცის, რა არის კარგი და რა ცუდი. რაში დასჭირდა ჩემს შტერ შვილთან ასე მოქცევა. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს, მუდამ თავისთან მიათრევდა. თქვენც ხომ გესმით ასეთი რამეები... ჯერ სულ პატარაა, გამოუცდელი... მის ასაკში აბა როგორ დააოკებ? განა შეიძლება, ამის გამო შვილი დავკარგო, თავისი წონა ფული მიღირს! არ გეწყინოთ მაგრამ, თუ სადმე სამართალია, დედად შეჰფერის...
ბანდი იძულებული გახდა ეთქვა, რომ მზითვად მთელ ამ კარ-მიდამოს მისცემდა და თან ფულსაც გაატანდა.
ასე შეთანხმდნენ ქორწინებაზე, და იმ ქალაქში, სადაც ელეონორა ცხოვრობდა, ყველას მიეცა საჭორაო თემა.
ხალხს უზომოდ ატკბობდა ისეთი ქალის საჯაროდ გაკიცხვა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. თითქოს უწინდელ პატივისცემასა და ამჟამინდელ შერცხვენას შორის არ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ჩვეულებრივ თანაგრძნობას.
ყველას მისი ძმა ეცოდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საქორწინო ცერემონიაში. არც დ’ანდრეა მისულა, უთქვამს, მეგობარს მარტო ვერ მივატოვებო.
მოხუცმა ექიმმა, რომელიც ჯერ კიდევ ელეონორას მშობლების მკურნალი იყო და რომელსაც, სამართლიანად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტდამთავრებულმა დ’ანდრეამ ახლებური წამლების წყალობით პაციენტთა დიდი ნაწილი ჩამოაცილა, შესთავაზა, მეჯვარედ გამოგყვებიო. მან კიდევ ერთი მოხუცებული მეგობარი მოიყვანა და ის გახდა მეორე ხელისმომკიდე.
მეჯვარეებთან ერთად ელეონორა დახურული ეტლით მერიაში გაემგზავრა, იქიდან კი ყველანი ქალაქის განაპირას პატარა ეკლესიისკენ გაეშურნენ.
მეორე ეტლით მოწყენილი სასიძო ჯერლანდო მიემგზავრებოდა, რომელსაც მშობლები ახლდნენ.
მოხუცები ამ საზეიმო დღისთვის საგანგებოდ გამოპრანჭულიყვნენ და ამაყად ისხდნენ. რაც უნდა იყოს, მათი ვაჟი ხომ ნამდვილ სინიორას ირთავდა ცოლად, ადვოკატის დას, კარგი მზითვის პატრონს, მიწაც ჰქონდა, სახლიც და ფულიც. ახლა მხოლოდ ჯერლანდოს სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობდნენ. მამულს მოჯამაგირე მიხედავდა, ის ამ საქმეში კარგადაა გარკვეული და ჩახედული. მის შვილს კი ეყოლება ცოტა არ იყოს ხანდაზმული ცოლი, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს უკეთესიც იყოს. სადაცაა მემკვიდრე გაუჩნდებათ... ყველანაირი კანონის თანახმად, ელეონორა ადრე უნდა მოკვდეს და მაშინ ფულიანი ჯერლანდო ჩიტივით თავისუფალი იქნება.
დაახლოებით ასე ფიქრობდნენ სასიძოს მხრიდან მიწვეული სტუმრები, რომლებიც მესამე ეტლში ისხდნენ - ეს მოხუცი გლეხები მოჯამაგირის მეგობრები იყვნენ. მათ შორის იყო ორი დედაბერი, სიძის დეიდები. დანარჩენი ნათესავები და ჯერლანდოს უამრავი მეგობრები სახლში ელოდნენ და ყველანი განსაკუთრებულად მორთულიყვნენ. მამაკაცები თავს იწონებდნენ ლურჯი მაუდის ქურთუკებით, დედაკაცები - ახალი წამოსასხამებითა და ჭყეტელა ფერის თავსაფრებით. სასიძოს მამამ, როგორც მოწინავე იდეების პატრონმა, ყველაფერი მშვენივრად მოამზადა!
მერიაში რომ მივიდნენ, ელეონორა ატირდა. ნათესავებმა ხელის კვრით ამოუყენეს გვერდში სასიძო, მაგრამ მოხუცმა ექიმმა თქვა, ჯობს, მოშორებით დადგესო.
ელეონორა ჯერ კიდევ არ დამშვიდებულიყო, დარბაზში რომ შევიდა, სადაც სამოქალაქო ჯვარისწერის ცერემონია უნდა გამართულიყო. ქალმა თავის გვერდით ჯერლანდო დაინახა. ბიჭი სირცხვილისა და მოუქნელობისგან უფრო ტლანქი და უხეში ჩანდა. ქალი აღელდა, ლამის დაიყვირა: „არა!“ - და ისე შეხედა ყმაწვილს, თითქოს ემუდარებოდა, მას ეთქვა უარი. მაგრამ ორივემ განაცხადა „დიახ“ და ამით დაამოწმეს საკუთარი ულმობელი განაჩენი. სწრაფად მოამთავრეს ქორწინების საეკლესიო წესი და საქორწინო კორტეჟი სახლისკენ გაემართა. ელეონორას არ ეთმობოდა ძველი მეგობრები, მაგრამ იძულებული გახდა მეორე ეტლში ჩამჯდარიყო, ქმრის, დედამთილისა და მამამთილის გვერდით.
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია.
მოხუცები დაბნეულები იყვნენ. ხანდახან თუ გააპარებდნენ თვალს პატარძლისკენ, ერთმანეთს ჩუმად თვალით რაღაცას ანიშნებდნენ და ისევ დახრიდნენ თავს. ჯერლანდო ფანჯარაში იყურებოდა, შუბლი შეეკრა და ფიქრებში გართულიყო.
შინ მისულებს სროლით, ყვირილითა და ტაშის კვრით დახვდნენ, მაგრამ როგორც კი ახალდაქორწინებულებს შეხედეს, ყველა მაშინვე გაჩუმდა. პატარძალი თავს ძალას ატანდა და ცდილობდა გაეღიმა კეთილი ხალხისთვის, რომლებიც გაბედნიერებას ულოცავდნენ.
მალე პატარძალმა წასვლა ითხოვა, მას განმარტოება უნდოდა. მაგრამ როგორც კი თავის ძველ ოთახში შევიდა, სადაც საქორწინო სარეცელი გაეშალათ, ზღურბლზევე გაშეშდა. იმასთან უნდა ვიყო? არა, არა! ზიზღით აკანკალებული მეორე ოთახში შევარდა და კარი შიგნიდან ჩაიკეტა. მერე სავარძელში ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.
კარს მიღმა ყვირილი და ხარხარი ისმოდა. სტუმრები ჯერლანდოს ულოცავდნენ და პატარძალს კი არა, მის მზითვსა და ოჯახიშვილობას აქებდნენ.
ჯერლანდო ხმას არ იღებდა, ფანჯრისკენ მიბრუნებული, დარცხვენილი იდგა და მხოლოდ ხანდახან იჩეჩავდა დიდრონ მხრებს.
რცხვენოდა, დიახ. რცხვენოდა იმის, რომ ასე დაიწერა ჯვარი ამ სინიორასთან. ყველაფერი კი მამამისის ბრალი იყო. ტვინი წაუღო სწავლაზე ჩიჩინით და იმ ქალბატონსაც სულელი ეგონა, დასცინოდა, ელაზღანდარებოდა. ჰოდა, საკადრისიც მიიღო. მამას რა ენაღვლება, მიწა იშოვა. მაგრამ მას რა? როგორ იცხოვროს ამ თავმომწონე სინიორინასთან, ეშინია კიდეც მისი, მხოლოდ იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ შერცხვენა და შეურაცხყოფა ჩამოერეცხა. როგორ შეხედოს სახეში? თანაც მამა აძალებს, სკოლას თავი არ დაანებოო! იქ ხომ უფრო მეტად დასცინებენ! ცოლი ჰქვია და ოცი წლით უფროსია მასზე, თანაც რამხელაა, მთასავითაა, თუმცა სულ ერთია, როგორიც უნდა იყოს...
სანამ ჯერლანდო ასეთ ფიქრებში იყო გართული, მის მშობლებს ვახშმის მოლოდინში სული მისდიოდათ. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი ზარ-ზეიმით შევიდნენ დარბაზში, სადაც სუფრა იყო გაშლილი. საჭმელ-სასმელი მათ არ მოუმზადებიათ - ქალაქიდან ჩამოიყვანეს მზარეული, რომელმაც ორი დამხმარე მოაყოლა ხელს.
მამა აივანზე გავიდა და შვილს უბრძანა: - წადი, შენს ცოლს უთხარი, სუფრასთან მოვიდეს.
- არ წავალ! - ჩაილაპარაკა ჯერლანდომ და ფეხი დააბაკუნა, - თქვენ თვითონ წადით.
- შტერო, ის შენ გელოდება და არა მე! - დაუყვირა მამამ. - შენ ხარ მისი ქმარი. აბა, სწრაფად, ახლავე აქ მოიყვანე!
- რაც გინდათ ის ქენით, მე არ წავალ, - ჯიუტად უპასუხა ჯერლანდომ.
მოთმინებადაკარგულმა მამამ ქურთუკის საყელოში სტაცა ხელი და პანღური ამოარტყა.
- რაო, გრცხვენია? თვითონ არ აურიე ყველაფერი, შე შტერო! ახლა კიდევ რცხვენია ვაჟბატონს! აბა, მოუსვი! ის შენი ცოლია!
მოცვივდნენ სტუმრები, დაუწყეს გაშველება, ერთმანეთს არ აცლიდნენ, ისე უმეორებდნენ ჯერლანდოს, წადი, ცოლს დაუძახეო.
- აბა, რა არის აქ ისეთი? წადი, დაუძახე, ერთი სადღეგრძელო მაინც შევსვათ...
- როგორ დავუძახო, არც კი ვიცი, რა ჰქვია! - იყვირა სასოწარკვეთილმა ჯერლანდომ.
ზოგმა გაიცინა, ზოგი მოჯამაგირეს ეცა, რომელიც შვილზე საცემრად იწევდა, ერთი მაგარი უნდა მოვარტყა, რომ ამ შტერმა ლამის ზეიმი ჩამიმწაროსო. ყველაფერი მშვენივრად იყო, იმხელა ხარჯი გასწიეს...
- წადი და სახელით მიმართე, - ჩუმად აუხსნა დედამ, - ნეტავ რა ჰქვია? მგონი ელეონორა, არა? ჰოდა, წადი და ელეონორა დაუძახე. ის ხომ შენი ცოლია. წადი, შვილო, წადი...
ამ ჩიჩინით დედამ შვილი საწოლი ოთახის კარამდე მიიყვანა.
ჯერლანდომ დააკაკუნა. ცოტა დაიცადა, მაგრამ პასუხი არ ისმოდა. როგორ ელაპარაკოს? შენობით მიმართოს? ჯანდაბა, რა სამარცხვინო საქმეშია ჩავარდნილი! რატომ არ პასუხობს? ალბათ არ ესმის. ბიჭმა უფრო ხმამაღლა დააკაკუნა. ისევ მოიცადა, კვლავ სიჩუმე იდგა.
სულ დაბნეულმა ჩურჩულით დაუძახა, როგორც დედამ ურჩია. რაღაც სასაცილო გამოვიდა - „ენეოლორა“. იქნებ შეცდომა გამოვასწოროო და უეცრად ომახიანი, მბრძანებლური ხმით დაიყვირა: - ელეონორა!
მეორე ოთახიდან გაიგონა ქალის ხმა: - ვინ არის?
ბიჭი მეორე კარს მიუახლოვდა.
- მე ვარ.. - წაილაპარაკა მან. - ეს მე ვარ... ჯერ... ჯერლანდო, იქ უკვე ყველაფერი მზადაა.
- მე ვერ მოვალ, - უპასუხა ქალმა. - უჩემოდ მიუსხედით სუფრას.
ჯერლანდო დარბაზში დაბრუნდა, ისე მსუბუქად გრძნობდა თავს, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამოეშორებინა.
- არ მოდის, თქვა არ შემიძლიაო, ანუ არ შეუძლია მოსვლა!
- შე შტერო! - უყვირა მამამ (იგი შვილს სხვაგარად არც მიმართავდა), - იცი, რას ნიშნავს დღევანდელი დღე? ძალით უნდა წამოგეყვანა!
დედა ჩაერია ლაპარაკში და შვილის დაცვა გადაწყვიტა.
- მგონი აჯობებს, პატარძალს ცოტა ხნით მოვეშვათ, - უთხრა მან ქმარს. სტუმრებიც დაეთანხმენ: - ალბათ ღელავს... ერიდება...
მამამთილს ძალიან უნდოდა ელეონორასთვის ეჩვენებინა, როცა საჭიროა, ნამდვილი კაცი ვარ, თავს არ შევირცხვენო. ახლა კი გაბრაზებულმა მხოლოდ ისღა ბრძანა, სუფრაზე საჭმელი მიეტანათ.
ყველას ნერწყვი ადგა პირზე, ისე უნდოდათ ქალაქური საჭმელების გასინჯვა, მაგრამ არაჩვეულებრივად გაწყობილი სუფრა, ცოტა არ იყოს, ეჩოთირებოდათ. ნეტავ, რა საჭირო იყო ოთხი სხვადასხვა ჭიქა, ან ჩანგლები, თან პატარა ჩანგლებიც რომ ეწყო იქვე, დანებისთვისაც პატარა დანები მიუწყვიათ, პაპიროსის თხელ ქაღალდებში კი კბილის საჩიჩქნი გაუხვევიათ.
სტუმრები მაგიდისგან შორს ისხდნენ, საზეიმო თბილ ტანსაცმელში დასცხათ და პირის დაბანას შეუჩვეველი, მზემოკიდებული, დაღრეჯილი სახეებით ერთმანეთს თვალებდაჭყეტილები უყურებდნენ. ერიდებოდათ, შრომისგან დაკოჟრილი, გლეხური ხელები მოეკიდებინათ ჩანგლებისა და დანებისთვის, ან კი რომელი უნდა აეღოთ - პატარა თუ დიდი, მაგრამ ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში მაინც თეთრხელთათმანიანი მსახურები აგდებდნენ.
მამა ჯერლანდოს უყურებდა თვალის მოუშორებლად, კისერს იქექავდა, სახე დამცინავად გვერდზე მოქცეოდა, თან ენას არ აჩერებდა: - ერთი შეხედეთ, როგორ დამჯდარა! ვირი ხარ, ვირი! როგორ უნდა შეხედოს ადამიანმა ასეთ უგვანოს! სწორედ იქცევა, სწორედ, რომ რცხვენია. მე რომ ვიყო მის ადგილას...
ვახშამი პირქუში დუმილით დასრულდა, სტუმრებმაც სხვადასხვა მიზეზი მოიგონეს და სახლებს მიაშურეს. უკვე ბნელოდა.
- აბა, ახლა როგორ მოიქცევი? - ჰკითხა მამამ, როცა მსახურებმა მაგიდა აალაგეს და სახლში ყველაფერი მიწყნარდა. - რას იზამ? როგორც გინდა, ისე დააღწიე თავი!
შემდეგ ცოლს უბრძანა სახლში წასულიყვნენ, რომელიც ამ ვილიდან შორიახლოს იდგა.
როცა მშობლები წავიდნენ, დაბნეულმა ჯერლანდომ იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა. რა ექნა?
იგი გრძნობდა, რომ ქალი იქვე იყო, თუმცა გაქცეოდა და მეზობელ ოთახში ჩაკეტილიყო. იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს?! ხომ ყველა წავიდა. რა ქნას, როგორ მოიქცეს?
რა კარგი იქნებოდა დედას დასდევნებოდა, ან ეზოში ხის ქვეშ მიედო სადმე თავი!
ვინ იცის, იქნებ ქალი სულაც მისი დაძახებას ელის? იქნებ უკვე დამშვიდდა და ახლა უცდის, როდის მიაკითხავს ქმარი... ჰო, ელის, რომ ის...
ჯერლანდომ ყური მიუგდო. ყველაფერი სიჩუმეს მოეცვა. ალბათ დაიძინა, სულ ჩამობნელდა. მთვარის შუქს ოთახში შემოეღწია აივნის ღია კარიდან.
შუქი არ უნთია, ისე აიღო ჯერლანდომ სკამი და აივანზე გავიდა. იქიდან დამრეც ფერდობზე გაშენებული მთელი სოფელი მოჩანდა, იმის იქით, უფრო შორს - ზღვა.
ნათელი ღამე იყო, მსხვილ ვარსკვლავებს ცა გაეშუქებინა. მთვარის ვერცხლისფერ შუქზე ზღვა ბრწყინავდა. ჭრიჭინებს ისეთი ხმაური გაებათ, თითქოს ზანზალაკები ჟღრიალებენო.
უცებ, იქვე, ახლოს, სევდიანად დაჰკივლა ბუმ, მეორე შორიდან გამოეძახა და დიდხანს ხმაურობდნენ ღამის გამჭვირვალე ბინდბუნდში.
მოაჯირზე დაყრდნობილი ჯერლანდო უსმენდა მათ და თანდათან ერეოდა მტანჯველ, მძიმე გაუბედაობას. მერე სახლის გარშემო შემოვლებულ კედელს დაუწყო თვალიერება, და გაიფიქრა, რომ ეს მიწა ახლა მისი საკუთრებაა, ეს ხეხილიც, ზეთისხილიც, ნუშიც, ჭვავიც, ლეღვიც და ვენახიც მას ეკუთვნის.
ტყუილად როდი იყო მამა გახარებული, ახლა აღარავისზე აღარ იქნება დამოკიდებული.
ბოლოს და ბოლოს, არც სწავლა უნდა იყოს ასეთი ცუდი საქმე. ჯობია ისევ იქ, სკოლაში გაატაროს მთელი დღეები, ვიდრე აქ ეგდოს ცოლის გვერდით. თუ ამხანაგები დასცინებენ, მათთან ანგარიშის გასწორებასაც მოახერხებს. ახლა თავადაც სინიორია და სულაც არ ეშინია, რომ სკოლიდან გამოაგდებენ. ან რატომ უნდა გამოაგდონ! კარგად ისწავლის, რომ თავი არ შეირცხვინოს აქაური ბატონების წინაშე. მალე მათი თანასწორი გახდება. კიდევ ოთხი წელი და აგრონომი დადგება, ან ანგარიშებს მიხედავს. მისი ცოლისძმა, სინიორ ადვოკატი, ალბათ ფიქრობს, ჩემი და უღირსს ჩაუვარდა ხელშიო! არა უშავს, იმასაც ვნახავთ, როგორ ეახლება და მის წინაშე ქედს მოიხრის! მოვა, აბა რა, მერედა როგორ მოვა! მაშინ კი ეტყვის: „აბა, როგორ შემომაჩეჩეთ ეს ბებრუხანა? მე განათლებული კაცი ვარ, ვინმე ვიგინდარა არ გეგონოთ, ამიტომ ახალგაზრდა ცოლი მინდა, ლამაზი, ფულიანი და კარგი ოჯახიშვილი!..“ ამ ფიქრებში სიძეს ჩაეძინა და თავი მოაჯირზე ჩამოდებულ ხელზე დაუვარდა.
ბუ ისევ გაჰკიოდა იქვე, ყურის ძირში, მეორე კი შორიდან ეხმიანებოდა, თითქოს დარდს უზიარებდა. მთვარის შუქი თრთოლით დაჰყურებდა დედამიწას, ისმოდა კალიების ჟღრიალი, შორს ზღვა ბორგავდა.
შუაღამით ელეონორა კარში ჩუმად, აჩრდილივით გამოჩნდა.
არ ეგონა, თუ ბიჭს ეძინა. ქალს შეეცოდა, თან შეეშინდა კიდეც. გაჩერდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, გაეღვიძებინა, ეთქვა, რა გადაწყვიტა, ოთახში შეეყვანა თუ არა. მაგრამ ვერ შეძლო მისთვის ხელის შეხება, ძალა არ ეყო, რომ სახელით მიემართა, ამიტომ ჩუმი ნაბიჯით ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.
ყველაფერი ადვილად მოგვარდა.მეორე დილით ელეონორა ჯერლანდოს დედაშვილურად მოელაპარაკა. უთხრა, ამ სახლის სრული ბატონ-პატრონი ხარ და რაც გინდა, ის უქენიო, თითქოს მათ არაფერი აკავშირებდა. თავის მხრივ მხოლოდ ერთი რამ სთხოვა, ნება დაერთო ეცხოვრა მარტოს, პატარა ოთახში, მოხუც მოახლესთან ერთად, რომელიც ქალს დაბადების დღიდან ემსახურებოდა.
ჯერლანდომ, რომელიც აივნიდან შუაღამისას შეიყვანეს სასადილო ოთახში და დივანზე დააწვინეს, ძლივს გაახილა თვალები. პირი დააღო და თავს ძალა დაატანა, რომ შუბლი შეეკრა თითქოსდა, გაითვალისწინეთ, არც ისე ადვილია ჩემი დაყოლიებაო! - თან ელეონორას ყოველ სიტყვაზე თავს სერიოზულად უქნევდა. მაგრამ როცა ეს ამბავი მშობლებმა გაიგეს, გაუკვირდათ და გაბრაზდნენ კიდეც. სულ ტყუილად ცდილობდა ჯერლანდო დაერწმუნებინა ისინი, რომ თავადაც ასე ერჩივნა და ეს ამბავი უხაროდა კიდეც.
მამის დასამშვიდებლად ჯერლანდო დაჰპირდა, ოქტომბრის დასაწყისში სკოლაში დავბრუნდებიო. რძლის ჯიბრზე დედამ უბრძანა შვილს, ყველაზე კარგი ოთახები დაეკავებინა, საუკეთესო ოთახში დაეძინა, გაკვეთილებიც კარგ ოთახში მოემზადებინა და სადილიც მშვენიერ, ნათელ ოთახში მიერთმია.
- აბა! არაფერი შეარჩინო, თორემ მე თავად მოვალ და ვაჩვენებ, როგორ უნდა ქმრის მომსახურება.
ვის გაუგია ქმართან ასე მოქცევა! მერე როგორ ქმართან! იმის ღირსიც არ არის, რომ ყოველდღე მას უყურებდეს, აი თუ გინდათ, ეს არის სიმართლე!
ჯერლანდო წიგნებს ჩაუჯდა, შეწყვეტილი მეცადინეობა გააგრძელა, საგამოცდოდ დაიწყო მზადება. დრო ცოტაღა ჰქონდა, სულ სამიოდე კვირა... მაგრამ ღვთის მადლით, თუ თავს არ დაზოგავდა, შესაძლოა დაეძლია კიდეც ის სიბრძნე, რომელსაც უკვე სამი წელია თავს აკლავდა და როგორმე ატესტატი აეღო.
როცა პირველმა მძიმე დღეებმა გაიარა, ელეონორა მოხუცი მოახლის რჩევით მომავალი ბავშვის თეთრეულის მზადებას შეუდგა.
მანამდე ამაზე საერთოდ არ უფიქრია.
მოხუცი მოახლე ჯეზა ეხმარებოდა ქალბატონს ამ შეუჩვეველ საქმიანობაში - ასწავლიდა ბავშვის პერანგების გამოჭრას, ჩაჩების კერვას... რაკი ბედმა ასეთი მშვიდი საქმიანობა გამოიმეტა მისთვის, საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, ბიჭი ეყოლებოდა თუ გოგონა... სულ ერთია, მთელ სიცოცხლეს მაინც შვილს შესწირავს! კარგი იქნებოდა, ღმერთს ვაჟიშვილი ეჩუქებინა. უკვე ხანდაზმულია, მალე მიაბარებს სულს უფალს, - გოგონა როგორ დატოვოს ასეთი მამის იმედად? მას ხომ დედამისის გემოვნება და გრძნობები დაჰყვება. ბიჭს კი ისე არ გაუჭირდება, უფრო უკეთ შეეგუება იმ გარემოს, სადაც მრისხანე ბედი ჩააგდებს.
ეს ფიქრები ტანჯავდა ქალს და როცა მუშაობა ღლიდა, გული რომ გადაეყოლებინა, ხელში შინიდან მოყოლილ რომელიმე წიგნს იღებდა. ზოგჯერ მოახლეს ეკითხებოდა: - რას აკეთებს იქ?
ჯეზა უკმაყოფილოდ წაიბუზღუნებდა, მხრებს იჩეჩდა, ზიზღით დაუშვებდა ქვედა ტუჩს და პასუხობდა: - თავი წიგნებზე უდევს, შეიძლება სძინავს, შეიძლება ფიქრობს, ვინ იცის...
ჯერლანდო ფიქრობდა. იგი იმაზე იყო ღრმად ჩაფიქრებული, რომ საბოლოოდ არცთუ ბედნიერად აეწყო მისი ცხოვრება.
კი... ყველაფრის ბატონ-პატრონი თავადაა, მაგრამ თავისი უფლებები ვერსად წარმოუჩენია. ჰყავს ცოლი, მაგრამ თითქოს არ ჰყავს. მშობლებს წაეჩხუბა, საკუთარ თავზეც ბრაზობს, სწავლას ვერ ახერხებს. ჯანდაბას, რაც არის, იყოს, ვერაფერს გააწყობს!
აქეთ-იქით აწყდებოდა, გულს ვერაფერს უდებდა, ცოლი მხოლოდ იმიტომ იზიდავდა, რომ მან უარყო. რა თქმა უნდა, სულაც არ მოსწონს ქალი, მაგრამ მისი პირობა რა წესი იყო? ქმარი ხომ ის არის და გადაწყვეტილებებიც მან უნდა მიიღოს და არა ცოლმა.
ადგებოდა, ოთახიდან გადიოდა, შევიდოდა ცოლთან, გაღებული კარიდან შეხედავდა და ბრაზიც გაუვლიდა. მძიმედ ოხრავდა, არ უნდოდა საკუთარ თავს გამოსტეხოდა, რომ ნებისყოფა არ ჰყოფნიდა და თავს აჯერებდა, რომ ეს საქმე არ ღირდა ამდენ ყურადღებად.
ერთხელ, გამოცდაზე მორიგი ჩაფლავების შემდეგ, შინ დაბრუნდა. მორჩა! უკვე ისწავლა, რაც უნდა ესწავლა! ესეც საკმარისი იყო! მაგიდაზე დაყრილი წიგნები, რვეულები, ნახაზები, სახაზავები, ფარგლები და ფანქრები მოხვეტა, ქვევით ჩაიტანა, სახლის წინ დაყარა და ცეცხლი წაუკიდა.
მაშინვე მამამისმა მოირბინა, უნდოდა როგორმე შეეჩერებინა, მაგრამ ჯერლანდომ იფეთქა: - სხვის საქმეში ნუ ეჩრებით!.. აქ მე ვარ ბატონ-პატრონი!
დედამაც მოირბინა. გლეხებიც მოცვივდნენ, იქვე, ახლო მინდორში რომ მუშაობდნენ. გროვად დაყრილ ქაღალდებს უკვე ბოლი ასდიოდა, თანდათან სულ უფრო და უფრო სქელდებოდა, რაღაცამ გაიტკაცუნა კიდეც, ალი ცისკენ აიჭრა. ყვირილის ხმაზე ელეონორა აივანზე გამოვიდა, უკან მოახლე მოსდევდა.
ჯერლანდო ქურთუკის გარეშე იდგა, სიბრაზისგან გაფითრებულიყო და ინდაურივით გაფხორილი ცეცხლი ისროდა თავისი ხანგრძლივი ტანჯვის იარაღს.
ელეონორას გაეცინა და სწრაფად სცადა სახლში შებრუნებულიყო, მაგრამ დედამთილმა შენიშნა ღიმილი და შვილს წაუსისინა: - სინიორას შეხედე! ხედავ, როგორ უხარია? ეს ყველაფერი მას სასაცილოდ მიაჩნია!
- მაშინ ტირილი აწი ნახოს! - იყვირა აივნისკენ შებრუნებულმა ჯერლანდომ.
ელეონორამ გაიგონა ეს სიტყვები და ფერი ეცვალა. იგი მიხვდა, რომ ბოლო მოეღო მის მშვიდ და სევდიან ცხოვრებას. რა ხანმოკლე შესვენება გამოიმეტა მისთვის ბედმა, რა უნდა ამ მხეცს მისგან? ღონე აღარ აქვს, ყველაზე სუსტი შეხებაც კი ბოლოს მოუღებს.
ქალმა ჯერლანდო დაინახა. მამაკაცი მძიმედ სუნთქავდა და რისხვისგან სახე ჩამუქებოდა.
- საკმარისია! - განუცხადა მან, - მეყო დაცინვა! მამაჩემი გლეხია, მეც გლეხად დავრჩები. ასე რომ, სინიორობას შეეშვი, რად უნდა ეს ფურჩალები ბავშვს, ისიც ჩემსავით გლეხი იქნება. ეს ბებრუხანაც გააგდე აქედან. შენ თვითონ გაანძრიე ხელი და სახლ-კარსაც მიხედე. როგორც დედაჩემი შრომობდა, შენც ისევე იშრომე, გაიგე?
ელეონორა წამოდგა: - მე დედაშენთან რა საქმე მაქვს, - უთხრა და ამაყად შეხედა თვალებში - მე მე ვარ, და ვერ მაქცევ გლეხის ქალად.
- შენ ჩემი ცოლი ხარ! - დაიღრიალა ჯერლანდომ და უხეშად სტაცა ხელი. - და ისე მოიქცევი, როგორც გითხარი. როგორც გიბრძანებ, ისე, გაიგე?
მერე უხეშად მიუბრუნდა მოხუც მოახლეს და კარზე მიუთითა: - მოშორდი აქედან! მე მოსამსახურეები არ მჭირდება!
- მეც მოვდივარ, ჯეზა! - იყვირა ელეონორამ, თან ცდილობდა ქმრისთვის ხელი გამოეტაცა, მაგრამ ჯერლანდო არ უშვებდა, უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი, ძალით დასვა.
- კიდევ რა მოგინდა! აქ იქნები! ფეხს არ მოიცვლი! კმარა, შენ გამო რაც ავიტანე! აბა, შენი სოროდან ყველაფერი აქ გამოზიდე! მეყოფა უღლის მარტო გაწევა, საკმარია, რა სიმწარეც ვნახე!
- რა სიმწარე? - ჰკითხა ელეონორამ, თან ძლივს იკავებდა ცრემლებს. - მე ხომ არაფერი მითხოვია შენთვის.
- რაო, არ მითხოვიაო? მაშ ის რა იყო, არ შემეხოო, ახლოს არ გამეკაროო? თითქოს ვიღაც... თითქოს შენნაირ ქალბატონთან ლაპარაკის ღირსიც არ ვიყო! მოახლის დაქირავება მომინდომა, რომ მაგიდასთან მომართვას და მიმართვას, მემსახუროს! შენ თვითონ უნდა მემსახურო სხვა ცოლებივით!
- კიდევ რას მოითხოვ ჩემგან? - ჰკითხა ელეონორამ, თან ცდილობდა თავი შეეკავებინა. - თუ ეს გინდა, მოგემსახურები.
ამ სიტყვებზე ქალმა თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები წასკდა, თავბრუ დაეხვა, გონება დაკარგა. უცებ დაიბნა ჯერლანდო. ქალს ეცა, რომ არ წაქცეულიყო, ხელი შეაშველა და ჯეზას დახმარებით სავარძლამდე მიიყვანა.
საღამოს ქალს უეცრად შეტევები დაეწყო.
შიშისგან თავგზააბნეული ჯერლანდო დედასთან გავარდა, მაშინვე ვიღაც ბიჭი აფრინეს ქალაქში ბებიაქალის მოსაყვანად. მამა ძალიან შეშინდა - მუცელი რომ მოსწყდეს, ეს ამხელა სახლ-კარი ვის დარჩებაო? - და შვილს დაეტაკა: - სულელი ხარ, ნამდვილი შტერი! რა ჩაიდინე! რომ მოკვდეს? ბავშვიც რომ აღარ დაგრჩეს, დაიღუპები. სკოლა მიატოვე, ბარის ხელში დაჭერა არ იცი, ძაღლივით მშიერს ამოგძვრება სული!
- ჯანდაბას ყველაფერი, ოღონდ გადარჩეს! - ყვიროდა ჯერლანდო.
დედა გულგახეთქილი მოვარდა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და იყვირა: - ჩქარა, ჩქარა, ექიმი! კვდება!
- რა სჭირს? - ჰკითხა ჯერლანდომ და შიშისგან გაფითრდა.
მამამ ხელი ჰკრა და კარს მიაგდო: - გაიქეცი, ჩქარა!
ჯერლანდო ცახცახებდა. სცადა გაქცევა, მაგრამ ფეხებს ვერ ადგამდა. შუა გზაში ფორანს გადაეყარა, რომლითაც ბებიაქალი და გაგზავნილი ბიჭი ბრუნდებოდნენ.
- ჩქარა, ჩქარა! - იყვირა მან. - მე ექიმთან გავრბივარ! კვდება ქალი!
ჯერლანდომ ფეხი რაღაცას წამოჰკრა, წაიფორხილა, წაიქცა, ისევ წამოხტა, სულ მტვერში იყო ამოგანგლული, გზა განაგრძო, კბილები გადატყავებული ხელისთვის ჩაევლო.
როცა ექიმი მოიყვანა, ელეონორა სულთმობრძავი დახვდა, სისხლისგან იცლებოდა.
- მკვლელო! მკვლელო! - მოთქვამდა ჯეზა და თავის დიასახლისს თავს ევლებოდა. - ყველაფერში ეს არის დამნაშავე! ხელი მოუღერა!
მაგრამ ელეონორა უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა. იგი გრძნობდა, თანდათან, სისხლთან ერთად როგორ ეცლებოდა სიცოცხლე, ელეოდა უკანასკნელი ძალ-ღონე და სხეული ეყინებოდა. ძალიანაც კარგი. არ ყოფილა სიკვდილი საშინელება. სასიამოვნოც კია - ამდენი ტანჯვის შემდეგ რომ მოგეშვება გულზე. გადათეთრებული ჭერს მიშტერებოდა და ელოდა ბოლოს და ბოლოს თავისით როდის დაეხუჭებოდა თვალები. ნელ-ნელა, სამუდამოდ... თითქოს ბურანში დაინახა მოხუცი ექიმი, რომელიც მისი მეჯვარე იყო და გაუღიმა.
ჯერლანდო წუთით არ მოშორებია ცოლის საწოლს, დღედაღამ თავზე ადგა, სანამ ქალი სიკვდილს ებრძოდა.
როცა ბოლოს სავარძელზე გადაიყვანეს, ქალს ვეღარ იცნობოდით - თითქოს გამჭვირვალე გამხდარიყო, წვეთი სისხლი აღარ შერჩენოდა. მან შეხედა ჯერლანდოს, გადახედა მის მშობლებს, თანაგრძნობით რომ დაეხარათ მის წინაშე თავი, შეხედა მათ მშვენიერი შავი თვალებით, რომელნიც თითქოს უფრო გადიდებოდა, და მიხვდა, რომ სრულიად არაფერი ჰქონდათ საერთო მას და ამ ხალხს, თითქოს შორი მანძილიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა მათთან და მთელ წარსულ ცხოვრებასთანაც დამაკავშირებელი ყველა ძაფი დაწყვეტილიყო.
სუნთქვა უჭირდა, მცირე ხმაურზეც კი გული უჩერდებოდა, მერე ისევ გამალებით იწყებდა ძგერას, მალე იღლებოდა.
სავარძლის საზურგეს მისვენებული, თვალებდახუჭული იმაზე წუხდა, რომ არ მოკვდა. როგორ იცხოვროს შემდეგ? როგორ გადაიტანოს ეს ტანჯვა, როგორღა უყუროს ამ სახეებს, ამ ნივთებს? რამდენად შორსაა მათგან... აუტანელი, საშინელი წარსული თვალწინ ედგა, უფრო და უფრო უახლოვდებოდა და თითქოს ვინმე აძალებსო, აიძულებდა ეყურებინა მისთვის, საშუალებას არ აძლევდა დაევიწყებინა ყველაფერი, ასეთი უცხო და საძულველი.
ელეონორა ფიქრობდა, რომ ვეღარ ადგებოდა, ფიქრობდა, სადაცაა გული გამისკდება და მოვკვდებიო, მაგრამ... მალე ფეხზე წამოდგა, ჯეზას ხელზე დაყრდნობილმა სიარულიც შეძლო. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და კიბეზეც ჩავიდა, ჰაერზე გაიარა... მერე ყოველ საღამოს მიდიოდა თავის კარ-მიდამოს სამხრეთით მდებარე ხრამისკენ. იქიდან ზღვის სანაპირო მოჩანდა. ჯერ ჯერლანდო და ჯეზა მიჰყვებოდნენ, მერე მხოლოდ ჯეზა აცილებდა, ბოლოს კი მარტომ დაიწყო სიარული.
ელეონორა ასწლიანი ზეთისხილის ხის ქვეშ ქვაზე ჩამოჯდებოდა და ტალღიან სანაპიროს უცქერდა. უყურებდა, მზის გავარვარებული დისკო ნელ-ნელა როგორ იფარებოდა ნაცრისფერ ზღვაზე მდგარი ნისლით, როგორ ცელქობდნენ ტალღები, როგორ ედებოდა ალი ღრუბლებს, როგორ ჩნდებოდნენ ვარსკვლავები ბინდმოკიდებულ ცაზე და თანდათან როგორ მკაფიოდ ჩნდებოდა მთვარე, მოახლოებული საღამოს სევდიანი სიტკბოთი თვრებოდა და განცხრომით ისუნთქავდა ჰაერს. გრძნობდა, სიმშვიდე და სიგრილე როგორ იჭრებოდა მის სულში, თითქოს არაამქვეყნიურ განცხრომას მოეცვა.
ამასობაში მოჯამაგირის ოჯახში მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. დედ-მამა ჯერლანდოს არწმუნებდნენ, მემკვიდრეზე იფიქრე, თორემ, ვინ იცის, ამქვეყნად რა შეიძლება მოხდესო...
- ტყუილად ტოვებ მარტო, - ეუბნებოდა მამა. - გახსოვდეს, შენი მადლიერია, რადგან ასეთი მზრუნველობა გამოიჩინე. ეცადე, გვერდიდან არ მოშორდე, მისი ნდობა დაიმსახურე. მერე კი... იქნებ ისე მოახერხო, რომ ჯეზა თავისთან არ დაიწვინოს. ახლა უკვე კარგად არის, ღამღამობით აღარ სჭირდება მოახლე.
- ღმერთმა დამიფაროს! სულაც არ ვფიქრობ ამაზე... რა მოგივიდათ! შვილივით მექცევა. ერთი მოგასმენინათ, როგორ მელაპარაკება!... თითქოს უკვე მოხუცი იყოს, თითქოს ცხოვრება უკვე დაასრულა... ოჰ, ღმერთო, დიდებულო!..
- მოხუცი? - ჩაერია დედა. - რა თქმა უნდა, ქორფა არ არის, მაგრამ არც მოხუცი ეთქმის.
- მიწას ხელიდან გამოგტაცებენ, შტერო! მშრალზე დაგსვამენ! - შეაწყვეტინა მამამ. - მე გეუბნები, დაიღუპები-მეთქი. ქუჩაში გამოგაგდებენ. მოკვდება, ბავშვი არ დაგრჩება და მზითვსაც მისი ნათესავები წაგართმევენ, კანონით ასეა. შენც გამოგივა, რაღა საქმე! სწავლა მიატოვე, ამდენი დრო გაფლანგე და ცარიელ-ტარიელი დარჩები. გროშსაც არავინ მოგაშავებს! დაფიქრდი ამაზე, დაფიქრდი, სანამ გვიანი არ არის... რას უცდი?..
- ტკბილი სიტყვით უნდა მიუდგე, - ურჩევდა დედა. - მიდი და ალერსიანად დაელაპარაკე, რაღა დამრჩენია-თქო? მე ხომ ისე მოგექეცი, როგორც გინდოდა. ახლა შენ იფიქრე ჩემზე - მე რისი პატრონი ვრჩები-თქო? როგორ მოვიქცე-თქო? რისი გეშინია! ომში ხომ არ მიდიხარ!
- ისიც უთხარი, - ჩაურთო სიტყვა მამამ. - ხომ არ გინდა შენს ძმას გაუკეთო სიკეთე, თვითონ როგორ მოგექცა, ახლა გინდა მე პანღური ამომკრას ძაღლივით-თქო? იცოდე, ასეც მოგივა, ძაღლივით გაგაგდებს, პანღურს მიიღებ და ჩვენც მოგვაყოლებს.
ჯერლანდო ხმას არ იღებდა. დედის რჩევები აღიზიანებდა, მაგრამ თან სიამოვნებდა კიდეც. მამამისის სევდიანი წინასწარმეტყველება კი აბრაზებდა. რა ექნა? მან იცოდა, რომ არასასიამოვნო ლაპარაკი მოუწევდა, ისიც იცოდა, რომ უსიამოვნებას ვერ ასცდებოდა, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა ეცადა.
ახლა ელეონორა სადილადაც გამოდიოდა. ერთხელ ვახშმობისას შენიშნა, რომ ჯერლანდო დაძაბული მისჩერებოდა სუფრას და ჰკითხა: - რატომ არაფერს ჭამ, რა დაგემართა?
ჯერლანდოსთვის ეს კითხვა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თვითონაც ცდილობდა თავისი საქციელით ქალის გამოწვევას, მაგრამ ვერ მოახერხა ისე ეპასუხა, როგორც მშობლებმა დაარიგეს და გაოგნებულმა ხელი ჩაიქნია.
- რა დაგემართა? - არ მოეშვა ელეონორა.
- არაფერი, - უპასუხა დაბნეულმა ჯერლანდომ. - მამაჩემი ჩამაცივდა...
- ისევ სკოლაში წადიო, გეუბნება? - გაეღიმა ქალს, იფიქრა, ასე მაინც ამოიღებს ხმასო.
- არა, უარესი, - უპასუხა ბიჭმა, - ჩამცივებია, რომ ჩემს მომავალზე უნდა ვიზრუნო. მეუბნება, მე მოვხუცდი, შენ კი არაფრის მაქნისი ხარო... სანამ შენ აქა ხარ, რა თქმა უნდა... მაგრამ მერე... მერეო, მითხრა, თითივით შიშველი დარჩებიო...
- მამაშენს უთხარი, - სერიოზულად უპასუხა ელეონორამ და თვალებზე ხელები აიფარა, რომ არ დაენახა როგორ აწითლდა ჯერლანდო. - უთხარი მამაშენს, ნუ იღელვებს. მე ყველაფერზე ვიზრუნე. რაკი სიტყვა ამაზე ჩამოვარდა, იცოდე, თუ მოვკვდი, ყველაფერი ღვთის განგებაა! ჩემს ოთახში კომოდის მეორე უჯრაში, ყვითელი კორსეტის ქვეშ შენს სახელზე წერილი დევს.
- წერილი? - სიტყვა შეუბრუნა ჯერლანდომ, რომელსაც მართლა შერცხვა.
ელეონორამ თავი დაუქნია.
- ჰო, შეგიძლია მშვიდად იყო.
მეორე დილით გამხიარულებულმა ჯერლანდომ მშობლებისკენ გასწია და ელეონორასთან საუბარს მოუყვა. მაგრამ მშობლები უკმაყოფილონი დარჩნენ, განსაკუთრებით მამა.
- რა წერილი? ტყუილია ეგ ყველაფერი!
- რა წერილი უნდა იყოს? იქნებ ანდერძია და თავის ქონებას ქმარს უტოვებს. ვაითუ, როგორც წესია, ისე არ არის შედგენილი? განა ქალი ოდესმე გონივრულად დაწერს რამეს! ნოტარიუსის დამტკიცების გარეშე ანდერძს ძალა არ ექნება... ძმა კი სასამართლოს მოხელე ჰყავს, სულ სასამართლოში გათრევს!
- სასამართლოში სიმართლის იმედი ნუ გექნება. ღმერთმა დაიფაროს, იქ სარბენად გაგიხდეს საქმე. ეს ჩვენი, ღარიბების საქმე არ არის. ისინი ყველაფერს ყირამალა დააყენებენ, შავს თეთრად მოგაჩვენებენ, თეთრს - შავად.
- ვინ იცის, იქნებ არავითარი წერილი არც არსებობს? იქნებ იმიტომ გითხრა, რომ თავიდან მოეშორებინე.
- შენი თვალით ნახე? - არ გინახავს. საქმეც ეს არის. ბავშვი რომ გყოლოდათ, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა. თავს ნუ გაასულელებინებ. ჩვენ დაგვიჯერე, ბავშვი უნდა გყავდეს, გესმის? თორემ წერილი რას გიშველის!
ერთხელაც, საღამო ხანს, როდესაც ელეონორა ჩვეულებისამებრ ხრამთან იჯდა, მოულოდნელად ჯერლანდო გამოეცხადა.
ქალს სციოდა და დიდ, შავ თავშალში გახვეულიყო, თუმცა თბილი თებერვალი იდგა და ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებდა. ქვევით, ხრამის ქვეშ მწვანედ ბიბინებდა ჯეჯილი. ზღვა და ცა ჰორიზონტთან ვარდისფრად შეფერილიყო, მქრქალი ფერი ჩანდა, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი ელვარება ისახებოდა, შორეული სოფლები, რომელსაც მზის სხივი არ ხვდებოდა, სათამაშოებივით მოჩანდა.
ელეონორა დაღალა სიჩუმეში ფერების ამ ჯადოსნურმა ჰარმონიამ და თავი ზეთისხილის ხეს მიაყრდნო. შავი თავშალი თავზე წამოიხურა, რის გამოც სახე უფრო ფერმკრთალი გამოუჩნდა.
- აქ რას აკეთებ? - ჰკითხა ჯერლანდომ. - ასე რომ ზიხარ, ღვთისმშობელს ჰგავხარ.
- ვუყურებდი... - უპასუხა ქალმა, ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
მაგრამ ჯერლანდომ ისევ დაიწყო: - რომ იცოდე, როგორი კარგია აი, ასე... ეს შავი თავშალი...
- კარგი?.. - სევდიანად გაეღიმა ელეონორას. - იმიტომ შემოვიხვიე, რომ შემცივდა.
- არა, მე ეს არ მითქვამს... კარგი... კარგი ხარ შენ, გიხდება, სახეზე, - ენის ბორძიკით აუხსნა ჯერლანდომ და მიწაზე ჩაჯდა.
ელეონორამ თვალები დახუჭა და გაიღიმა, რომ ტირილი არ დაწყო. უნებურად მოაწვა ფიქრები ფუჭად გატარებულ ახალგაზრდობაზე, თვრამეტი წლის ასაკში მართლაც ლამაზი იყო, მერედა როგორი ლამაზი!
უცებ გაუბედავი შეხება იგრძნო და ფიქრის ძაფი გაუწყდა.
- მომეცი ხელი, - სთხოვა ჯერლანდომ და ქვევიდან ახედა ანთებული თვალებით.
ქალი მიუხვდა, მაგრამ ისე დაიჭირა თავი, თითქოს ვერაფერი გაიგო.
- ხელი?.. რად გინდა! - ჰკითხა მან. - აბა, როგორ აგწევ, სად მაქვს მაგდენი ღონე, ისედაც ძლივს ვინძრევი... უკვე გვიანია, წამოდი.
და წამოდგა.
- მე მაგიტომ არ მითქვამს, - ცდილობდა აეხსნა ჯერლანდოს. - აი, ასე ჩამოვსხდეთ სიბნელეში... აქ ირგვლივ ყველაფერი ისეთი ლამაზია...
ბიჭი ცდილობდა ქალისთვის მუხლებზე შემოეხვია ხელი, გამშრალი ტუჩებით ციებაატანილივით იღიმებოდა.
- არა! - იყვირა ელეონორამ, - ხომ არ გაგიჟდი! გამიშვი!
რომ არ წაქცეულიყო, ჯერლანდოს მხრებში ჩააფრინდა და ისე ჰკრა ხელი. ყმაწვილი მუხლებზე დაჩოქილი იდგა, შავი თავშალი, რომელიც ელეონორას მკვეთრი მოძრაობის დროს მხრებიდან ჩამოუცურდა, ზედ გადაეფარა და მთლიანად შიგ გაეხვია.
- მე შენ მინდიხარ! - ჩურჩულებდა ბიჭი მთვრალივით და ქალის სხეულის სურნელებისგან გაბრუებული, უფრო ღონივრად იხუტებდა მის მუხლებს. მეორე ხელი კი წელისკენ მიჰქონდა.
შეუპოვარი წინააღმდეგობით გაითავისუფლა თავი ელეონორამ, ხრამთან მიირბინა, მოიხედა და იყვირა: - არ მომიახლოვდე!
ყმაწვილი აღგზნებული ეცა ქალს. ქალი დაუსხლტა და ძირს გადაეშვა.
ჯერლანდო შიშისგან ადგილს მიეყინა. საშინელი ყრუ ხმა მოისმა. ხრამისკენ გადაიწია, მწვანედ მობიბინე ფერდობზე შავი ტანსაცმლის გროვა დაინახა. შავი თავშალი ფრიალ-ფრიალით ეშვებოდა ქვევით.
ჯერლანდომ თავში იტაცა ხელები და სახლისკენ გამობრუნდა. თვალებში მთვარის მკრთალმა სხივმა ჩახედა, ზეთისხილის ხეების უკან რომ ამოცურებულიყო. ბიჭი ადგილზე გაშეშდა და დიდხანს შესცქეროდა მთვარეს, რომელიც ყველაფრის მოწმე იყო და მას ამტყუნებდა...
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•