ხორხე ლუის ბორხესი - ამბავი მეომრის და ტყვე ქალწულისა

      278-ე გვერდზე თავისი წიგნისა "La poesia" (1842), კროკე - მას შემდეგ, რაც აჯამებს და ამოკლებს ისტორიკოს პავლე დიაკვანის ლათინურ ტექსტს - გვიამბობს დროკტულფტის ცხოვრებას და მისი საფლავის ეპიტაფიასაც ციტირებს. მე ორივემ შემძრა - ცხოვრებამაც და ეპიტაფიამაც, მოგვიანებით კი მივხვდი, რატომაც. დროკტულფტი იყო ლომბარდიელი მეომარი, რომელიც რავენას ალყის დროს გაიქცა არმიიდან და მოკვდა იმ ქალაქის დაცვისას, რომელსაც უტევდა. რავენელებმა იგი ეკლესიის საკურთხეველში დაკრძალეს და შეთხზეს ეპიტაფია, რომელშიც გამოხატეს თავიანთი მადლიერება (CONTEMPSIT CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTS) და აღნიშნეს უჩვეულო კონტრასტი, ერთი მხრივ, ამ ბარბაროსის დამზაფრავ გარეგნობასა და, მეორე მხრივ, მის უბრალოებასა და სიკეთეს შორის: TERRIBILIS VISU FACIES SED MENTE BENIGNUS, LONGAQUE ROBUSTO PECTORE BARBA FUIT.

      ასეთია დროკტულფტის ცხოვრების ამბავი, ბარბაროსის, რომის დაცვას რომ ემსხვერპლა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც პავლე დიაკვანმა შემოგვინახა. ისიც კი არ ვიცი, როდის მოხდა ეს ამბავი: VI საუკუნის შუა პერიოდში, როცა ლანგობარდებმა იტალიური მინდვრები გააპარტახეს, თუ VIII საუკუნეში, რავენას კაპიტულირების წინ. წარმოვიდგინოთ (ეს ხომ ისტორიული ნაშრომი არ გახლავთ), რომ ეს იყო VI საუკუნე.

      წარმოვიდგინოთ დროკტულფტი sub specie ternitatis, - არა როგორც პიროვნება დროკტულფტი, რომელიც უთუოდ უნიკალური და ამოუწყავი იყო (ყველა სხვა პიროვნებასავით), არამედ უფრო როგორც გვაროვნული "ტიპი", რომლადაც ის და ბევრი მისნაირი ტრადიციამ - მეხსიერებისა და დავიწყების მუშაობამ - ჩამოაყალიბა. ომები დროკტულფტს ჭაობებისა და ტყეების ბნელ ლანდშაფტს - დუნაისა და ელბას ნაპირებს წყვეტს და იტალიაში ჩაჰყავს. შესაძლოა, არც კი იცის, რომ სამხრეთისაკენ მიდის, და არც ის, რომ ეომებოდა ისეთ რამეს, რასაც რომი ერქვა. შესაძლოა, მისი რწმენა თანხვდება რწმენას არიელთა, რომელთა მიხედვითაც ძის დიდება მხოლოდ მამის დიდების ანარეკლია. თუმცა გაცილებით იოლი წარმოსადგენია, რომ დროკტულფტი აღმერთებდეს მიწას, ჰერტას, რომლის რიდეჩამოფარებულ კერპს ქოხიდან ქოხამდე დაატარებდა საქონელშებმული ურემი. ან აღმერთებდეს ომისა და მეხის ღმერთებს - ნაქსოვ ნაჭრებში გახვეულ, მონეტებითა და სამაჯურებით შემკულ ხის გამოუმწვარ ფიგურებს. ტახებისა და პირველყოფილი ხარების ტყიდან მოდის. თეთრია, გაბედული, უმანკო, სასტიკი, ბელადისა და ტომის ერთგული, - არა სამყაროსი. ომებს მიჰყავთ რავენამდე, სადაც ისეთ რამეს ხედავს, რაც უწინ არასოდეს უნახავს ან მთლიანად არ უნახავს. ხედავს დღის სინათლეს, კვიპაროსებსა და მარმარილოს. ხედავს კონსტრუქციას, რომელიც რთულია, თუმცა არა წესრიგს მოკლებული. ხედავს ქალაქს - ორგანიზმს, რომლის შემადგენლობაში შედის ქანდაკებები, ტაძრები, ბაღები, ოთახები, ტერასულად განლაგებული ქვის სკამები, კაპიტოლები და ფრონტონები, თანაზომიერად გახსნილი სივრცეები. ამ ოსტატურ ქმნილებათაგან არც ერთი არ აოგნებს დროკტულფტს სილამაზით ისე, როგორც ჩვენ გაგვაოგნებდა რომელიმე რთული მექანიზმი, რომლის დანიშნულებას ვერ მივხვდებოდით, თუმცა რომლის მოხაზულობაში დავინახავდით უკვდავ გონიერებას მოქმედებაში. შესაძლოა, მისთვის საკმარისია ერთი თაღი და მასზე ამოკვეთილი მარადიული რომაული ასოები. უეცრად აბრმავებს და აახლებს ეს ქალაქი - ეს გამოცხადება. იცის, რომ აქ უნდა იყოს ძაღლი ან ბავშვი და რომ ჯერ ამის გაგებასაც კი ვერ დაიწყებს. თუმცა ისიც იცის, რომ ეს ქალაქი უფრო ღირებულია, ვიდრე მისი საკუთარი ღმერთები, მათთვის მიცემული აღთქმა და, ამასთან ერთად, გერმანიის ყველა ჭაობიანი ადგილი. დროკტულფტი გარბის თავისი ტომიდან და რავენას მხარეზე იბრძვის. ამ ბრძოლაში კვდება და მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ასოები, რომელსაც თვითონ ვერ გაიგებდა: CONTEMPIST CAROS DUM NOS AMAT ILLE PARENTES, HANC PATRIAM REPUTANS ESSE, RAVENNA, SUAM.

      დროკტულფტი მოღალატე არ იყო. მოღალატეები იშვიათად შთააგონებენ ვინმეს მოწიწებით აღსავსე ეპიტაფიებს. ის იყო თვალახელილი, ახალმოქცეული. მრავალი თაობის შემდეგ იმავეს იზამენ ლანგობარდები, რომლებსაც იმ მომენტში ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ მტრის ბანაკში გადასული თანამებრძოლისთვის. მოგვიანებით ისინი გახდნენ იტალიელები, ლომბარდიელები, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა - ალდიგერმა - ეგებ დასაბამიც მისცა იმათ, ვისგანაც იშვა ალიგიერი... მრავალი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას დროკტულფტის მოქმედებასთან დაკავშირებით. ჩემი ვარაუდი ყველაზე მომჭირნეა: ფაქტივით ჭეშმარიტი თუ არ არის, სიმბოლოსავით მართებული მაინც იქნება.

      კროკის წიგნში ამოკითხულმა ამ მეომრის ამბავმა სიღრმისეულად შემძრა. გამაოგნა იმის შეგრძნებამ, რომ უკან ვიბრუნებდი რაღაცას (ოღონდ - განსხვავებულად შენიღბულს), რაც ოდესღაც ჩემი კუთვნილი იყო. გამიელვა სახებამ მონღოლი მხედრებისა, რომლებიც აპირებდნენ გადაექციათ ჩინეთი თავიანთ ვრცელ საძოვრად და მხოლოდ სიჭარმაგეში დასახლებულიყვნენ იმ ქალაქებში, რომელთა დანგრევაც სცადეს. მაგრამ არა, ამ მოგონებას არ ვეძებდი. ბოლოს ვიპოვე: ეს იყო ამბავი, რომელიც ჩემმა ინგლისელმა, აწ გარდაცვლილმა ბებიამ მიამბო.

      1872 წელს პაპაჩემი ბორხესი ბუენოს-აირესის ოლქის ჩრდილოეთ და დასავლეთ საზღვრებს იცავდა, მათთან ერთად - სანტა ფეს სამხრეთ საზღვარსაც. შტაბი ხუნინში ჰქონდათ. იქიდან სამი-ოთხი ლიეს მანძილზე განლაგებული იყო ფორტების წყება, მის იქით კი ის, რასაც მაშინ ეწოდებოდა "პამპასები" და კიდევ: "ინტერიერი". ერთხელ ბებიაჩემმა ნახევრად გაკვირვებით და ნახევრად ხუმრობით თქვა საკუთარ ბედთან დაკავშირებით: თავის ქვეყანასა და ხალხს მოწყვეტილი და დედამიწის ამ უშორეს კუთხეში გადმოხვეწილი ინგლისელი ქალიო. იმ ადამიანმა, ვისაც ბებიამ მიმართა, უთხრა: შენ ერთადერთი არ ხარო. თვეების შემდეგ კი დაანახვა ინდიელი ქალი, ნელა რომ მიაბიჯებდა ქალაქის სკვერში. ფეხშიშველი იყო, ორი წითელი პონჩო ეცვა, თმის ძირები კი ქერა ჰქონდა. ჯარისკაცმა უთხრა, მეორე ინგლისელ ქალს შენთან დალაპარაკება სურსო. ქალმა თავი დაუქნია და უშიშრად მივიდა შტაბში, თუმცა - ერთგვარი უსიამოვნო წინათგრძნობით. სპილენძდაკრულ, კაშკაშა ფერებით შეღებილ სახეში ჩამჯდარი თვალები ისეთი ნახევრად ლურჯი ფერისა ჰქონდა, რომელსაც ინგლისელები რუხს უწოდებენ, სხეული - ირმის სხეულივით მსუბუქი, ხელები - ღონიერი და ძვლიანი. უდაბნოდან ანუ "ინტერიერიდან" მოდიოდა და ყველაფერი ეპატარავებოდა - კარები, კედლები, ავეჯი.

      შესაძლოა, ორმა ქალმა სულ ერთი წამით დაინახა, რომ ისინი დები იყვნენ და თავიანთი საყვარელი კუნძულიდან ამ გაუგონარ ქვეყანაში გადმოხვეწილიყვნენ. ბებიაჩემი ფრთხილი გამოთქმებით ეკითხებოდა ხან ამას და ხან იმას, ის ქალი კი შეყოვნებებით პასუხობდა, სიტყვებს ეძებდა და იმეორებდა, თითქოს გაოგნებული იყო მათი ძველებური გემოთი. ეტყობოდა, მთელი თხუთმეტი წელი არ ელაპარაკა მშობლიურ ენაზე და იოლი არ იყო დავიწყებულის ამოჩხრეკა. იორკშირიდან ვარო, თქვა, ჩემი მშობლები ბუენოს-აირესში ემიგრირდნენ და ინდიელების მოულოდნელ თავდასხმას ემსხვერპლნენო. თვითონაც ინდიელებს წაუყვანიათ და ამჟამად უმცროსი ბელადის ცოლი ყოფილა. ორი ვაჟიშვილი მიუცია მისთვის - ძალიან მამაცი კაცისთვის. ეს ყველაფერი მან ნელა წარმოთქვა მოუქნელი ინგლისურით, რომელშიც დროდადრო არაუკანურ ან პამპასურ სიტყვებს ურევდა, ხოლო მონათხრობის მიღმა მსმენელი ველური და ხაოიანი ცხოვრების მომენტებს იხელთებდა: ცხენის ტყავის კარვები, ნეხვით დანთებული ცეცხლები, დღესასწაული, როდესაც ადამიანები შეტრუსული ხორცით ან უმი შიგნეულობით ნადიმობდნენ; უჩუმარი სვლა განთიადისას; უეცარი თავდასხმა პირუტყვის ბაკზე, ატეხილი განგაში, შიშველი მხედრები, პოლიგამია, სიმყრალე და მაგია. ასეთ ბარბაროსობაში ჩავარდნილი ინგლისელი ქალი! რისხვითა და სიბრალულით ატანილმა ბებიაჩემმა წააქეზა, ნუღარ დაბრუნდებიო. დაიფიცა კიდეც: დაგეხმარები და შვილებსაც გადაგირჩენო. იმან კი უთხრა, იქ მე ბედნიერი ვარო, და იმავე ღამეს უდაბნოში დაბრუნდა.

      ცოტა ხნის შემდეგ, 1874 წლის რევოლუციაში, გარდაიცვალა ფრანჩესკო ბორხესი. შესაძლოა, იმ პერიოდში ბებიაჩემი კიდევ ერთხელ შეხვდა იმ ქალს, მასავით მოწყვეტილს თავისი ჯილაგიდან და გადასხვაფერებულს ამ შეუბრალებელი კონტინენტის ჰავისგან. თითქოს ბებია თავისივე ბედის მონსტრუოზულ სარკეში იყურებოდა... ის ქერათმიანი ინდიელი ქალი ყოველ წელს მოდიოდა ჯუნინის ან ფორტ ლავალის მაღაზიებში სამშვენისების ან "გირაგების" შესაძენად. ბებიაჩემთან საუბრის შემდეგ აღარასოდეს გამოჩენილა. თუმცა ერთხელ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს.

      ბებია სანადიროდ იყო წასული. ერთი უბადრუკი ქოხის ახლოს, ჭაობიან ადგილებთან, კაცი ცხვარს ყელს უსერავდა. ამ დროს სიზმარივით გამოჩნდა ცხენზე შემომჯდარი ინდიელი ქალი, რომელიც ძირს ჩამოხდა და ცხელ სისხლს დაეწაფა. ვერ ვიტყვი, რატომ მოიმოქმედა ეს: სხვანაირად ვერ მოიქცეოდა თუ გამოწვევა და ნიშანი იყო ბებიაჩემის მისამართით?
ცამეტი საუკუნე და ერთი ოკეანე ჰყოფს ერთმანეთისგან მოტაცებულ ქალიშვილსა და დროკტულფტის ცხოვრებას. უკვე ორივე წარსულს ეკუთვნის. ბარბაროსის ფიგურა, რომელიც რავენასთვის დაეცა, და ფიგურა ევროპელი ქალისა, რომელმაც უდაბნო აირჩია, თითქოსდა ურთიერთსაპირისპირო სახეებია. მაგრამ ორივეს რაღაც საიდუმლო იმპულსი ამოძრავებდა, გონებაზე უფრო ღრმა იმპულსი, რომელიც ორივემ მიიღო, თუმცა ახსნით ვერ ახსნიდნენ. შესაძლოა, ჩემ მიერ ნაამბობი ორი ამბავი ერთი და იგივე ისტორიაა. ამ მონეტის წინა და უკანა მხარე ღმერთისთვის იდენტურია.

ულრიკე ფონ კულმანს

ნახვა: 461

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters