1612 წლის დამლევს, დეკემბრის სუსხიან დილას პარიზში, დიდი ავგუსტინელების ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის წინ მიმოდიოდა ახალგაზრდა კაცი, რომლის სამოსიც საკმაოდ შელახული ჩანდა. იგი დიდხანს სეირნობდა ასე; ბოლოს იმ გაუბედაობით, რომელიც შეყვარებულს ახასიათებს სატრფოსთან პირველად გამოცხადებისას - რარიგ გულსათნოც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი - მან სახლის კარი შეაღო და მხატვარი ფრანსუა პორბუსი იკითხა. მოხუცმა ქალმა, რომელიც ტალანს გვიდა, მას დადებითი პასუხი მისცა და ყმაწვილი კაცი ნელი ნაბიჯით აუყვა კიბეს. გზადაგზა იგი საფეხურებზე ჩერდებოდა, მსგავსად სასახლის კარზე ახალწარჩინებული აზნაურისა, რომელსაც მეფესთან შესვლა წინდაწინ აღელვებს. როცა მან ხვეული კიბის დასასრულს მიაღწია, რამდენიმე წუთით ბაქანზე შედგა: ყოყმანობდა - დაეკაკუნებინა თუ არა უცნაური ფორმის ურატა, რაიც იმ სახელოსნოს კარს ამკობდა, სადაც ანრი მეოთხის მხატვარი მუშაობდა, მარია მედიჩიმ რომ მიატოვა ერთ დროს რუბენსის გულისთვის.
ყმაწვილი კაცი იმ მძაფრ გრძნობას შეეპყრო, რომელსაც დიდოსტატები განიცდიან ხოლმე სიყმაწვილისა და ხელოვნებისადმი ტრფიალის ცეცხლოვან წლებში გენიალურ ადამიანთან ან დიდ ქმნილებასთან პირისპირ შეყრისას. ყოველ ადამიანურ გრძნობაში არსებობს კეთილშობილური აღტყინებით აღმოცენებული ნარუქი ყვავილი, რომლის ნელი, მაგრამ განუწყვეტელი ჭკნობა მაშინღა დასრულდება, ოდეს ბედნიერება მარტოოდენ მოგონებად შეგრჩება ხელში, ხოლო დიდება - სიცრუედ. ამ სათუთ გრძნობებიდან არცერთი ისე არა ჰგავს სიყვარულს, როგორც პირველი გზნება ხელოვანისა, რომელმაც უკვე იგემა ერთსა და იმავე დროს სახელოვანი და უბედური მოწოდების უტკბილესი ტანჯვა, გზნება, რომელიც სავსეა შემართებითა და მოკრძალებით, ბუნდოვანი რწმენითა და აშკარა უიმედობით. ვისაც ცარიელი ჯიბითა და მოუმწიფებელი ნიჭით არხეინად უვლია, ხოლო დიდოსტატის წინაშე წარდგომისას ერთი ნერვიც არ შერხევია, მას გულში მუდამ დააკლდება რომელიღაც სიმი, მის ხელს - ყალმის თავისებური მოქნევა, მის შემოქმედებას - ქმნილების შიგან მფეთქავი გრძნობა, დააკლდება მას პოეზიის მეტყველი სული. გაბღენძილი ბაქიები, რომელთაც თავიანთი მომავლის თავიდანვე სჯერათ, მხოლოდ უგუნურთათვის წარმოადგენენ მოაზროვნე ადამიანებს. ამ მხრივ ეს უცნობი ყმაწვილი ღირსეულად შემკული ჩანდა, თუკი ტალანტი თავდაპირველი მოკრძალებითა და უმიზეზო მორცხვობით შეიძლება გაიზომოს, მორცხვობით, რომლის დაკარგვასაც დიდების გზაზე გასული ადამიანები მხოლოდ შემოქმედების პროცესში ახერხებენ, ისე როგორც ლამაზი ქალები კარგავენ მას კეკლუცობის მარულაზე. ხშირი ტრიუმფი ეჭვს ანელებს, ხოლო მორცხვობა, შესაძლოა, თვით იყოს ეჭვი.
სიღარიბით დაბეჩავებულ ამ ახალგაზრდა კაცს ამჟამად სიამაყის გრძნობა დაუფლებოდა და ხელოვნებას ახალზიარებული ეს საბრალო ყმაწვილი, ერთი განსაკუთრებული შემთხვევა რომ არა, აღარც კი აპირებდა მხატვართან შესვლას, რომელსაც ჩვენ ანრი მეოთხის მშვენიერ პორტრეტს უნდა ვუმადლოდეთ. კიბეზე ვიღაც მოხუცებული კაცი ამოდიოდა; მოხუცის უცნაური კოსტუმისა, ნაოჭებიანი მაქმანის საყელოს სიძვირფასისა და ნამეტნავად დამშვიდებული მიხრა-მოხრიდან ყმაწვილმა კაცმა დაასკვნა, რომ ის მხატვრის ან მფარველი, ან მეგობარი უნდა ყოფილიყო. კიბის ბაქანზე ახალგაზრდა კაცმა უკან დაიხია, რათა მოხუცისათვის გზა დაეთმო. ის ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ბერიკაცს: იმედოვნებდა - მასში ხელოვანის კეთილ ბუნებას დავინახავ, ან ხელოვნების მოტრფიალე ადამიანის თავაზიან ხასიათსო. მაგრამ მოხუცის სახეში მან რაღაც ეშმასეული შენიშნა და, კიდევ უფრო, ის ენით გადმოუცემელი რამ, რაც ასე იზიდავს მხატვრებს: წარმოიდგინეთ ამობურცული მელოტი შუბლი, სოკრატესა და რაბლესეულ ჩაჭყლეტილ და პაჭუა ცხვირზე გადმოზნექილი; დამცინავი ნაოჭებიანი პირ-ბაგე, მოკლე, მედიდურად ზეადრეკილი ნიკაპი, შემოსილი წაწვეტებული, ჭაღარა წვერით; ზღვისებრ მწვანე თვალები, ხანდაზმულობის გამო გარეგნულად მქრქალნი რომ ჩანან, მაგრამ, რომელნიც ხშირად, მრისხანებისა და აღტყინების წუთებში, მაგნეტურ მზერას გამოტყორცნიან; ყოველივე ამასთან ერთად, მის სახეს იმ განსაკუთრებული ტანჯვის დაღი აჩნდა, რომელიც უმალ სულისა და ხორცის ერთნაირად შემმუსვრელი აზროვნების შედეგი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დამქანცველი წლებისა; თვალებს წამწამები არ გააჩნდა, ხოლო წამობურცულ შუბლზე წარბების ზოლს ძლივს შეამჩნევდით. დაადგით ეს თავი მოხუცის სუსტსა და მჭლე სხეულს, შემოახვიეთ ყველაზე ნატიფად ნახელავი ქათქათა მაქმანი, შეამკეთ მისი შავი ჯუბა ოქროს მძიმე ძეწკვით და თქვენ მიიღებთ ამ პიროვნების მხოლოდ მიახლოებულ სურათს, რადგან კიბეზე ჩამომავალი მკრთალი სინათლე მას კიდევ რაღაც ფანტასტიკურ იერს აძლევდა. ასე იტყოდით, რემბრანდტის რომელიღაც ქმნილება გაცოცხლებულა და უჩარჩოოდ მოდის ბნელშიო, ბნელში, რომლის გამოყენებაც ასე ემარჯვებოდა ამ დიდ მხატვარს.
მოხუცმა ყმაწვილს გამჭოლი თვალებით გახედა, კარზე სამჯერ დააკაკუნა და სნეული შესახედაობის ორმოციოდე წლის კაცს, რომელმაც ის იყო კარი გააღო, მიმართა: - გამარჯობა, ოსტატო.
პორბუსი მოხუცს მოწიწებით მიესალმა და მასთან ერთად ყმაწვილიც გაატარა: მას იგი მოხუცის თანმხლები ეგონა და იმდენად მცირე ყურადღება მიაქცია, რომ ყმაწვილ კაცს საშუალება მიეცა თავისუფლად აჰყოლოდა იმ აღტაცებას, რომელიც უნდა განიცადოს ბუნებით მხატვარმა დიდოსტატის სახელოსნოში პირველად მოხვედრისას, სადაც ფარდა ეხდება შემოქმედების მრავალ ტექნიკურ საიდუმლოებას. პორბუსის სახელოსნო სახურავში ჩატანებული ფანჯრებით იყო განათებული; სინათლე მოლბერტზე გაჭიმულ ტილოზე ეშვებოდა, რომელზეც სამი თუ ოთხი ხაზი ჩანდა გავლებული, და ვერ აღწევდა ამ ფართო ოთახის ჩაბნელებულ კუნჭულებს; მხოლოდ აქა-იქ გაბნეული ათინათი აელვარებულიყო ამ მრეშ სიბნელეში კედელზე ჩამოკიდებულ რაინდის ჯავშნის ვერცხლოვან კილიტზე და სხივთა მკვეთრ ზოლებად გაჰყოლოდა უცნაური ჭურჭლეულობით სავსე ძველებური ბურეჯის მოჩუქურთმებულ ზეთავს, ან კიდევ მბზინავ წერტილებად დაფრქვეოდა სახელოსნოში მოდელად მოტანილ ძველი პორფირის ფარდების ხორკლიანსა და ნაოჭებად დატეხილ ზედაპირს; თაროებზე და კონსოლებზე მიმოფანტული იყო საუკუნეთა ამბორით გაკრიალებული ანტიკური ქალღმერთების ქანდაკთაგან აღებული თაბაშირის ტვიფარები, მათი ნამსხვრევები და ტორსები; კედლები უამრავი ესკიზითა და, სინგურით თუ ყალმით სამ ფერში მონახაზი, ეტიუდებით იყო ჭერამდე დაფარული; საღებავებს აქეთ-იქით მიმოყრილი კოლოფები, ზეთისა და ესენციის ბოთლები და გადაყირავებული ტაბურეტები თითქმის მისასვლელ გზასაც არ ტოვებდა მოლბერტამდე, სადაც პორბუსის ფერმკრთალ სახესა და ბერიკაცის სპილოსძვლისფერ თავის ქალას უხვად ეფრქვეოდა ზემო ფანჯრებიდან ჩამოღვრილი სინათლე. მალე ახალგაზრდა კაცის მთელი ყურადღება ერთმა სურათმა მიიპყრო. სურათს ამ შფოთისა და რევოლუციების ეპოქაში უკვე მოესწრო სახელის მოხვეჭა და მას ბევრი მნახველი ჰყავდა ამ შეუპოვარ ადამიანთა შორის, რომელთაც წმინდა ცეცხლის შეტანას უნდა ვუმადლოდეთ ამ უკუღმართ დროში. ამ მშვენიერ ტილოზე მარიამ ეგვიპტელი იყო გამოხატული, როდესაც იგი მენავეს გადაყვანის ქირად თავის სხეულს სთავაზობს. ეს შედევრი მარია მედიჩისათვის იყო განკუთვნილი და მის მიერვე იქნა შემდეგ გაყიდული, როცა ეს უკანასკნელი სიღატაკეში ჩავარდა.
- მე მომწონს შენი მარიამი, - უთხრა ბერიკაცმა პორბუსს. - მე მასში ათი ეკიუთი მეტს მოგცემდი, ვიდრე დედოფალი. მაგრამ როგორ ვიკადრო მოცილეობა!.. დალახვროს ეშმაკმა!.. არავითარ შემთხვევაში!
- მოგწონთ განა ჩემი სურათი?
- ჰმ! - წამოიძახა ბერიკაცმა. - მომწონს და არც მომწონს. შენს ქალს ცუდი ტანადობა არა აქვს, მაგრამ სიცოცხლე აკლია. თქვენ, მხატვრებს, გგონიათ, რომ მიზანს მიაღწიეთ, თუკი სხეულის ფორმა ზუსტად გამოიყვანეთ და ყოველი ნაკვთი ანატომიის თვალსაზრისით თავის ადგილზე დასვით; თქვენ გინდათ ამ მონახაზს ადამიანის სხეულის ელფერი მისცეთ თქვენს პალიტრაზე ხორცისფერ ტონებში წინდაწინ შეზავებული საღებავებით, ცდილობთ რა ერთი მხარე უფრო დაჩრდილოთ, ვიდრე - მეორე; ამასთან ერთად, რაკი შესაძლებლობა გაქვთ, უშუალოდ შეუჯეროთ იგი თქვენს წინ, მაგიდაზე მდგომი შიშველი ქალის სხეულს - გგონიათ, რომ სწორად გადმოიღეთ ბუნების სახე, თავი ფერმწერად წარმოგიდგენიათ და ასე ფიქრობთ, ღმერთის საიდუმლოებას ავხადეთ ფარდაო. ეჰეე! იმისათვის, რომ დიდი პოეტი იყო - არ კმარა სინტაქსის სრულყოფილი ცოდნა და უშეცდომო მეტყველება! აბა შეხედე, პორბუს, შენს ეგვიპტელ წმინდანს: პირველი შეხედვით იგი საუცხოო ჩანს, მაგრამ თუ დააკვირდები, შენიშნავ, რომ ის, თითქოს, ტილოს ფონზეა მიწებებული და გრძნობ, მას გარს ვერ შემოუვლი. ეს სხვა არაფერია, თუ არა სილუეტი, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს; იგი თარგივითაა გამოჭრილი და თითქოს მისი არც შებრუნება შეიძლება და არც - მდგომარეობის შეცვლა. მე ვერ ვგრძნობ ჰაერს მის მკლავებს შორის და ვერც სურათის ფონს ვამჩნევ: სივრცე და სიღრმე აკლია ამ ტილოს. თუმცა აქ ყველაფერი პერსპექტივაშია წარმოდგენილი და ჰაერის თანდათანი გაიშვიათებაც ზუსტადაა დაცული, მაგრამ, ამ სასიქადულო შედეგების მიუხედავად, მე მაინც ვერ ვხედავ, რომ ეს მშვენიერი სხეული სიცოცხლის თბილი სუნთქვით ფეთქავდეს! მე ასე მეჩვენება, ხელი რომ შეუსვა ამ გათქვირულ ძუძუ-მკერდს, იგი მარმარილოსავით ცივი იქნება. ჩემო მეგობარო, ამ სპილოსძვლისფერ კანქვეშ სისხლი არა ჩქეფს, სიცოცხლის მეწამული ცვარ-ნამით არ არის გაჟღენთილი ქარვისფერი გამჭვირვალების მიღმა დახლართული ვენები და ფიბრები. ეს ადგილი თითქოს თრთოლავს, მაგრამ ეს გაყინულია; ყოველ დეტალში ცოცხალ ფერებს მკვდარი ფერები ემიჯნება: აქ ქალი იგრძნობა, იქ კი - ქანდაკება, და კიდევ უფრო იქით მხოლოდ გვამია. შენი საყვარელი ქმნილება დასრულებული არ არის; შენ მასში შენი სულის მხოლოდ ერთი ნაწილის შთაბერვა მოგიხერხებია. როგორც ჩანს, პრომეთეს ცეცხლი არა ერთხელ ჩაგქრობია ხელში და მრავალ ნაკვთს ჯერ კიდევ არ შეხებია ციური ალი.
- ჰო, მაგრამ რა არის ყოველივე ამის მიზეზი, პატივცემულო მაესტრო? - მოწიწებით შეეკითხა პორბუსი მოხუცს, მაშინ როცა ყმაწვილი კაცი თავს ძლივს იკავებდა, რათა ეს უკანასკნელი არ ეცემა.
- ოო, აი რა, - მიუგო პორბუსს ჩია ტანის ბერიკაცმა: - შენ მერყეობ ორ სისტემას - ნახატსა და ფერებს შორის; მერყეობ, ერთი მხრივ, ძველი გერმანელი ოსტატების ფლეგმატურ სიზუსტესა და მკაცრ გარკვეულობას, ხოლო, მეორე მხრივ, იტალიელი მხატვრების თვალისმომჭრელ სიმხურვალესა და სვებედნიერ სიუხვეს შორის. შენ ცდილობ მიბაძო ერთსა და იმავე დროს ალბრეჰტ დიურერსა და პაოლო ვერონეზეს. რასაკვირველია, ეს მშვენიერი კადნიერებაა, მაგრამ რა გამოდის აქედან? შენ ვერ გადმოეცი ვერც სიმშრალის მკაცრი მომხიბვლელობა და ვერც შუქ-ჩრდილის მაცთური მაგია. როგორც გამდნარი ბრინჯაოს ღველფი ამსხვრევს ხოლმე თავის სუსტ ყალიბს, ისე ამ ადგილას ტიციანისეული მდიდარი და ნათელი ფერები აწვებიან და ამსხვრევენ დიურერისეულ მჭლე კონტურებს, რომლებშიც შენ ისინი ჩაგიჭედია. აი აქ კი, ამ ნაკვთს შეუნარჩუნებია ვენეციური პალიტრის მშვენიერი წრეგადასულობა. შენი ტილო არც სრულყოფილი ნახატია და არც სრულყოფილი ფერწერა: მას ყველგან, წეღან რომ გეუბნებოდი, სწორედ იმ უბადრუკი მერყეობის კვალი ამჩნევია. შენ თუ არ გყოფნის ძალა, შენი გენიის ცეცხლში ერთ მთლიანობად შეადუღო ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მანერა, მაშინ საჭიროა თამამად აირჩიო ერთი მათგანი, რათა მიაღწიო ერთიანობას, რაც, გარეგნულად, სიცოცხლის ერთ-ერთი პირობაა. შენ მხოლოდ ფიგურის შუა ნაწილები გადმოეცი სწორად, კონტურები კი ყალბია. ეს კონტურები არ არიან დასრულებულნი და ამავე დროს თავისი თავის იქით არაფერს მიგანიშნებენ. აქ იგრძნობა სიმართლე, - თქვა მოხუცმა და მარიამ ეგვიპტელის მკერდზე მიუთითა, - და აქაც, - მან ხელი იმ ადგილს დაადო, სადაც წმინდანის მხარი მთავრდებოდა, - აქ კი, ძუძუებს შორის ყველაფერი ყალბია. თავი დავანებოთ გაანალიზებას: შეიძლება გული გაგიტეხო.
მოხუცი დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და დადუმდა.
- მაესტრო, - შეესიტყვა მას პორბუსი, - მე საკმაო გულმოდგინებით შევისწავლე შიშვლად ეს ძუძუ-მკერდი, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ არსებობს შთაბეჭდილებანი, რომელნიც ბუნებაში არიან ჭეშმარიტნი, ტილოზე კი - პირიქით: კარგავენ დამაჯერებლობას.
- ხელოვნების მისია ის კი არაა, რომ სინამდვილე გადახატო, არამედ ის, რომ იგი გამოხატო! შენ ასლის ბეჩავი გადამღები კი არ უნდა იყო, არამედ - პოეტი! მკვირცხლად წამოიძახა მოხუცმა და ხელის დესპოტური მოძრაობით შეაჩერა პორბუსი, - ასე რომ არ იყოს, მოქანდაკე თავს დაანებებდა ყოველგვარ მუშაობას და ქალის ფიგურას ყალიბით ჩამოასხამდა. აბა სცადე, ჩამოასხი ასლი შენი სატრფოს ხელისა და დაიდე წინ. შენ დაინახავ საზარელ ლეშს, რომელსაც ორიგინალთან არავითარ მსგავსება არ ექნება. შენ იძულებული იქნები, იმ მოქანდაკის საჭრეთელს მიაკითხო, რომელიც ასლის ზუსტად გადაღების გარეშე განასახიერებს მოძრაობასა და სიცოცხლეს. ჩვენ უნდა დავიჭიროთ მოვლენათა აზრი, სული, ხასიათი. შთაბეჭდილებანი! შთაბეჭდილებანი! მაგრამ რის მაქნისია მარტოოდენ შთაბეჭდილებანი: ისინი სიცოცხლის შემთხვევითობანია და არა - თვით სიცოცხლე! დავუბრუნდეთ ხელის მაგალითს: ხელი მარტოოდენ სხეულზე მიმაგრებული ასო კი არაა, არამედ იგი სხეულის რაღაც სწრაფვის, რაღაც აზრის გაგრძელება და გამოხატვაა. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ამ აზრს და გადმოვცეთ იგი. არც მხატვარმა, არც პოეტმა და არც მოქანდაკემ არ უნდა გათიშონ შთაბეჭდილება მისი მიზეზებისაგან, რომლებიც განუყრელად ერთიანობაში იმყოფებიან. აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა! ბევრ მხატვარს, ისე, რომ არაფერი სცოდნია ამის შესახებ, ინსტინქტურად დაუძლევია ხელოვნების ეს ამოცანა. თქვენ ქალს ხატავთ, მაგრამ არ ხედავთ მას! ასე ვერ ჩასწვდებით ბუნების იდუმალებას. თქვენი ფუნჯი, თქვენდა უნებურად, იმ მოდელს წარმოსახავს, რომელსაც ოდესღაც თქვენს მასწავლებელთან, სახელოსნოში, გადმოხატავდით ხოლმე. თქვენ საკმარისად არ შედიხართ ფორმის ინტიმურობაში, საკმაო სიყვარულითა და შეუპოვრობით არ მისდევთ მას ხვეულებსა და ასაქცევებში. მშვენიერება სასტიკი და უჯიათო რამაა, რასაც ეგრე იოლად ვერ ეზიარები. მას დრო უნდა შეურჩიო, დაუდარაჯდე, ღდინში უნდა ჩასდიო და მოიმწყვდიო, რათა აიძულო დაგნებდეს. ფორმა უფრო მოუხელთებელი და უფრო უხვია თავისი ათასგვარი ვარიაციებით, ვიდრე - მითიური პროტეოსი. მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლით თუ აიძულებ მას, გაჩვენოს თავისი ნამდვილი სახე. თქვენ, მხატვრები, თითქმის ყველა, იმ პირველი ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე და მესამე აღქმით კმაყოფილდებით, რასაც თვითონ ფორმა გთავაზობთ. არა, ამ გზით არ მიდიოდნენ ხელოვნების ძლევამოსილი გოლიათები. ეს მხატვრები თავს როდი იტყუებდნენ მოჩვენებებითა და სწრაფწარმავალით. ისინი დაუზოგავად ერკინებოდნენ ბუნებას, სანამ ეს უკანასკნელი თავის თავს არ გაამჟღავნებდა მთელი თავისი სიშიშვლითა და ჭეშმარიტი სახით. ასე იქცეოდა რაფაელი, - დასძინა მოხუცმა და ხავერდის შავი ქუდი მოიხადა, რათა ამით უაღრესი პატივისცემა გამოეხატა ხელოვნების ამ ქურუმისადმი - მის დიდი უპირატესობა უფაქიზეს გრძნობათა გადმოცემაში მდგომარეობს, რომლებიც მის ქმნილებებში თითქოს ფორმის განგრევას ლამობენ. ფორმას - სწორედ ისევე, როგორც დღეს ჩვენთვის - მის სურათებშიც იგივე დანიშნულება აქვს: იგი შუამავალია, რომლის მეოხებითაც ვეზიარებით ჩვენ იდეებს, განცდებს, მაღალ პოეზიას. ყოველი მისი გამოსახულება მთელი სამყაროა; იგი პორტრეტია, რომლის მოდელიც უმაღლეს ხილვაში იბადება; იგი შინაგანი ხმით მიგნებული შუქ-ნათელის ელვარებაა, რომელსაც ღვთაებრივმა ხელმა აახადა საბურველი და მთელი წარსული დროის შინაგანი ექსპრესიის ნაკადები აღმოაჩინა. თქვენ, მართალია, ქალებს ტანის მომხიბვლელი ფეროვნებითა და თმების თვალწარმტაცი ტალღებით ამკობთ, მაგრამ სადაა სისხლი, რომელიც ვნებასა და მოთენთილობას ბადებს და რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ქმნის? შენი წმინდანი, ჩემო კარგო პორბუს, შავგვრემანია, მაშინ როდესაც ეს ადგილი ქალის ქერა ფეროვნებას მიგვანიშნებს. ერთი სიტყვით, თქვენი პორტრეტები ჩვენ თვალწინ გამოფენილი მკრთალად შეფერილი ფანტომებია და თქვენ ეს ფერწერა და ხელოვნება გგონიათ! თქვენ რაკი შესძელით დაგეხატათ ისეთი რამ, რაც ქალს უფრო ჰგავს, ვიდრე - ურემს, ფიქრობთ, მიაღწიეთ მიზანს, რაკი არ გჭირდებათ სურათს ადრინდელი მხატვრებივით მიაწეროთ კუთხეში: „Currus venustus“ ან „Pulcher homo“, გაამაყდებით და წარმოიდგენთ დიდებულ ფერმწერთა რიგებს ვეკუთვნითო. ჰე, ჰეეე!.. ჩემო კეთილო კოლეგებო, თქვენ ჯერ კიდევ ბევრი გაკლიათ იქამდე! თქვენ ჯერ კიდევ მრავალ ფანქარს უნდა წაუტეხოთ წვერი, მრავალი ტილო უნდა დაფაროთ საღებავებით, რათა მათ ამოუდგეთ გვერდში.
რასაკვირველია, ამნაირად სჩვევია ქალს ყელის მოღერება, ამგვარად ატარებს იგი კაბას, ასეთია ნეტარებას მინებებული თვალების მიბნედილობა და მოციმციმე წამწამების ჩრდილიც ღაწვებზე. ეს ყველაფერი ასეცაა და არც მთლად - ასეა. რა აკლია მას? არაფერი! მაგრამ ის, რომ არაფერი აკლია, ყველაფერია. მართალია, შენ შესძელი გადმოგეცა სიცოცხლის იერი, მაგრამ შენ ვერ გამოხატე ის თავისი თავის გადამლახველი მოჭარბება, ის რაღაც, თავის თავზე მეტი, რაც, შეიძლება, სული იყოს, და რაც ნისლივით ლივლივებს არსთა გარშემო; ერთი სიტყვით, სიცოცხლის ის კვირტი, ტიციანმა და რაფაელმა რომ მიაკვლიეს. ჩვენ თუ ამ საბოლოო შედეგებიდან დავიწყებთ, რასაც შენ ამ სურათში მიაღწიე, შეიძლება, საუცხოო ტილო მივიღოთ. მაგრამ შენ ძალიან ადრე იღლები. ამ ნამუშევრით მხოლოდ მდაბიო აღფრთოვანდება, ჭეშმარიტ მცოდნეს კი გაეღიმება. ო, მაბუზე! - წამოიძახა უცებ ამ უცნაურმა ბერიკაცმა. - შენ ქურდი ყოფილხარ, თან რომ წაიღე ფერთა სიცხოველის საიდუმლოება! მაგრამ მაინც, - მოხუცი კვლავ მიუბრუნდა პორბუსს, - ამ უკანასკნელ შედეგებამდე შენი სურათი ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე იმ გუდურა რუბენსის ტილოები, დატვირთულნი გაფუებული ხორცის გორებითა და მეწამული საღებავებით, ტალღოვანი წითური თმითა და მყვირალა ფერებით. ყოველ შემთხვევაში, შენს ნაწარმოებში არის კოლორიტი, გრძნობა და ნახატი - ეს სამი არსებითი მხარე ხელოვნებისა.
- კი მაგრამ, ეგ ტილო მშვენიერია, ბატონო! - ხმამაღლა წამოიძახა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ის იყო ღრმა ოცნებიდან გამოერკვა. - წმინდანისა და მენავის ფიგურა ჩანაფიქრის სინატიფითაა აღბეჭდილი, რაც უცნობი იყო იტალიელი ოსტატებისათვის. მათგან მე ერთიც კი არ მეგულება, რომელსაც მენავის სახეზე ამ ყოყმანის გამოხატვა მოეფიქრებინა.
- ეს ჭაბუკი თქვენ გახლავთ? - ჰკითხა პორბუსმა მოხუცს.
- ო, არა, ოსტატო! - მიუგო სახეალეწილმა ახალგაზრდა მხატვარმა. - მაპატიეთ თავხედობა; მე უცნობი ვარ, ინსტინქტის კარნახით ფერწერაში რაღაცას ვჯახირობ და დიდი ხანი არ არის, რაც აქ, ამ ყოველგვარი სიბრძნის ქალაქში, პარიზში, ჩამოვედი.
- მაშ, შევუდგეთ საქმეს! - უთხრა მას პორბუსმა და ქაღალდი და ფანქარი მიაჩეჩა ხელში.
უცნობმა ყმაწვილმა მარდად მოხაზა „მარიამ ეგვიპტელის“ ასლი.
- ოჰო! - წამოიძახა ბერიკაცმა. - თქვენი გვარი?
ყმაწვილმა ქაღალდის კუთხეში ნიკოლა პუსენი მიაწერა.
- გვარიანი ნახატია დამწყები მხატვრის კვალობაზე! - დასძინა ამ უცნაურმა კაცმა, წეღან რომ ასე შლეგურად მსჯელობდა. - ცხადია, შენთან შეიძლება ვისაუბროთ ფერწერის შესახებ. მე არ გაგკიცხავ იმის გამო, რომ შენ პორბუსის ეგვიპტელმა წმინდანმა მოგხიბლა: საერთოდ, ეს ერთ-ერთი შედევრთაგანია და მხოლოდ ხელოვნების უღრმეს იდუმალებას ზიარებულთ ძალუძთ შენიშნონ მისი ნაკლოვანება; ხოლო რაკი შენ გაკვეთილის ღირსი ხარ და გაგების უნარიც გაგაჩნია - მე გიჩვენებ, რა ცოტა რამაა საჭირო ამ ტილოს სრულყოფისათვის! მთელი გულისყური აქეთ მომაპყარ: შესაძლოა, განსწავლის ასეთი შემთხვევა მეორეჯერ აღარც კი მოგეცეს. პორბუს, სადაა შენი პალიტრა?
პორბუსმა პალიტრა და ფუნჯები მოეძებნა. ჩია კაცმა რაღაც მძაფრი კონვულსიური მოძრაობით მკლავები დაიკაპიწა, ფერებით სავსე, აჭრელებულ პალიტრას, რომელიც პორბუსმა ის იყო მიაწოდა, ყურში ცერი გაუყარა და მას ხელიდან სხვადასხვა ზომის ფუნჯების დასტა ისე გამოართვა, გეგონებოდათ, გამოსტაცაო. მოხუცის წაწვეტებული წვერი შეირხა ძალთა იმ მრისხანე დაძაბვით, რომელიც, უთუოდ, ბობოქარი ფანტაზიის მიერ უნდა ყოფილიყო გამოწვეული, ფუნჯი ერთიანად საღებავში ამოსვარა პირმოკუმული ბურდღუნებდა: „ყველა ეს ტონი, მის შემზავებელთან ერთად, ფანჯრიდან უნდა გადაჰყარო; სწორედ რომ აღმაშფოთებელია ასე მყვირალა და ყალბი ტონები! როგორ შეიძლება წერო ასეთი ფერებით?!“ იგი ნერვიული სიმკვირცხლით აზავებდა საღებავებს და ზოგჯერ ფუნჯის ერთი მოსმით მთელ გამას გაავლებდა, და ისიც უფრო სწრაფად, ვიდრე დამკვრელის თითები გაირბენს ხოლმე ტაძრის ორღანოს კლავიატურაზე სააღდგომო „O, Filii“-ს შესრულების დროს.
პორბუსი და პუსენი აქეთ-იქით იდგნენ გაქვავებულნი და გატაცებით უცქერდნენ მას.
- ხედავ, ყმაწვილო, - პირმოუბრუნებლივ წარმოთქვა მოხუცმა, - სულ სამი თუ ოთხი მოსმისა და რაღაც მინანქრისეული სილურჯის მეოხებით, როგორ შეიძლება ამოძრავდეს ჰაერი ამ საბრალო წმინდანის ირგვლივ, რომელიც თითქოს ტუსაღივით მომწყვდეულიყო და იხუთებოდა ამ მძიმე ატმოსფეროში. შეხედე, როგორ ღელავს ახლა ეს ფარდა და როგორი შესამჩნევია რომ მას ნიავი არხევს. აქამდე იგი კედელზე ქინძისთავებით მიმაგრებულ, გახამებულ ტილოსა ჰგავდა. აბა დაუკვირდი, როგორ მშვენივრად გადმოსცემს ქალწულის ტანის ქათქათა სილბოს ეს ატლასისებრ მბზინავი ტონი, რომლითაც ახლა მე გულ-მკერდს ვფარავ, ან შინდისფერი და ყვითელი ტონების შერევა როგორ ავსებს სითბოთი სხეულის ძარღვებს, ამ ვეება ჩრდილის ყომრალ სიცივეში რომ გაყინულან. ყმაწვილო, იცოდე, რასაც შენ ახლა ხედავ, მას ვერც ერთი მასწავლებელი ვერ გიჩვენებდა. მხოლოდ მაბუზე ფლობდა გამოსახულებისათვის სიცოცხლის შთაბერვის საიდუმლოებას. მას ერთადერთი მოწაფე ჰყავდა და იგი მე ვარ. მე კი ისე მოვხუცდი, მოწაფე არ მყოლია! შენ საკმაოდ ჭკვიანი ყმაწვილი ჩანხარ და დანარჩენს თვითონ მიხვდები, რასაც განიშნებ.
ლაპარაკსა და მსჯელობაში ეს უცნაური ბერიკაცი სურათის თითქმის ყოველ ნაწილს ამუშავებდა: ზოგჯერ ორი მოსმით გარდაქმნიდა მას, ზოგჯერ - ერთითაც, მაგრამ ყოველთვის ისეთი ზუსტი შერჩევით ასწორებდა ამ გამოსახულებას, ასე იტყოდით - ეს სულ ახალი, სხვა სინათლით გაბრწყინებული ტილო არისო. იგი ისე აბობოქრებული გზნებით მუშაობდა, რომ მისი შუბლი ოფლს დაეცვარა ისე მარდად, ისე მძაფრი და ჯიქური მოძრაობით მოქმედებდა, რომ პუსენს ასე ეგონა, ამ საკვირველი კაცის გვამში დემონი ჩამძვრალაო და მის ხელებს მისივე ნების გარეშე ჯადოსნურად ამოძრავებსო. თვალების ეს არაბუნებრივი ბრწყინვა და ეს კონვულსიური მოძრაობანი, რომელთა მიზეზიც, როგორც ჩანდა, შინაგანი ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მართლაც მის დემონურობას გაფიქრებინებდათ, რასაც ახალგაზრდა პუსენის ფანტაზია უთუოდ უნდა აეღელვებინა.
მოხუცი განაგრძობდა ლაპარაკს: - პა, პა, პა... აი როგორ უნდა დაუსვა ფერი! აბა ჰე, ფუნჯებო, გავათბოთ ეს გაყინული ტონები! მაშ ასე, მაშ, მაშ! - ბუტბუტებდა ის და თან მის მიერ მონიშნულ უსიცოცხლო ნაკვთებს აცხოველებდა; იგი ფუნჯის სულ რამდენიმე მოსმით სპობდა კოლორიტულ შეუსაბამობას და მგზნებარე ეგვიპტელის შესატყვის ტონალურ მთლიანობას ანახლებდა.
- ასეა, ჭაბუკო - ყალმის მხოლოდ უკანასკნელ მოსმას აქვს მნიშვნელობა! პორბუსმა, ალბათ, იგი ასჯერ დაუსვა, მე კი - მხოლოდ ერთხელ. დაიმახსოვრე კარგად: არავინ არ დაგიფასებს იმას, რაც ზედა ფერების ქვეშ იმალება. ეს დემონი ცოტა ხანს დადუმდა; მერე აღტაცებისაგან გაშტერებულ პორბუსსა და პუსენს მიუბრუნდა და უთხრა: „ეს კიდევ ვერ შეედრება ჩემს „ტურფა ნუაზეზას“, მაგრამ მაინც შეიძლება ასეთი ქმნილების ქვევით კაცმა თავისი სახელი მიაწეროს. დიახ, მე წავაწერდი მას ჩემს სახელს“, - დაატანა მან და სარკე აიღო, რომელშიც სურათს კვლავ დაუწყო ჭვრეტა.
- ახლა წავიდეთ და ვისაუზმოთ, - განაგრძო მოხუცმა, - ორივე წამოდით ჩემთან. სახლში ღორის შაშხი და საუცხოო ღვინო მაქვს. მიუხედავად ასეთი მძიმე დროისა, ჩვენ ფერწერის შესახებ ვისაუბრებთ: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამის ღირსნი ვათ. ამ ვაჟკაცს, - დასძინა მან და მხარზე შემოჰკრა ნიკოლა პუსენს, - ეტყობა, მადლიანი ხელი აქვს.
ამ სიტყვების წარმოთქმისას მოხუცმა ნორმანდიელი ყმაწვილის ბეჩავ მოსასხამს მოჰკრა თვალი, ქამრიდან ტყავის ქისა გამოიძრო, იქიდან ორი ოქროს ფული ამოიღო, პუსენს გაუწოდა და უთხრა: „ვყიდულობ შენს ნახატს“.
- აიღე! - უთხრა პორბუსმა ჭაბუკს, როცა შენიშნა, როგორ ათრთოლდა და გაწითლდა სირცხვილისგან ეს ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ღარიბი კაცის სიამაყე ტანჯავდა. - აიღე, აიღე! ჩვენს ოსტატს ქისაში ორი ხელმწიფის საფასური აქვს.
სახელოსნოდან გამოსული მხატვრები გზადაგზა ხელოვნების შესახებ მსჯელობდნენ. ისინი სენ-მიშელის ხიდის პირდაპირ მდებარე ლამაზი სახლისკენ მიემართებოდნენ, რომლის ორნამენტებმა, კარის ურატამ, ფანჯრის ჩარჩოებმა და არაბესკებმა მოაჯადოვეს ახალგაზრდა პუსენი. დიდოსტატობაზე მეოცნებე ყმაწვილი უცებ სასტუმრო დარბაზში აღმოჩნდა მოგიზგიზე ბუხართან, რომლის წინ მადის აღმძვრელი საჭმელებით სავსე სუფრა იყო გაშლილი. ყოველივე ამასთან, გულკეთილობით აღსავსე დიდხელოვანთა საზოგადოებაში მოხვედრა ყმაწვილკაცს საარაკო ბედნიერებად ეჩვენა.
- ყმაწვილო, - მიმართა პორბუსმა პუსენს - ნუ უჭვრეტთ ასე დაჟინებით მაგ სურათს: შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ.
ამ ტილოზე ადამი იყო გამოხატული. ის მაბუზემ პატიმრობიდან თავის გამოსახსნელად დაწერა სატუსაღოში, სადაც იგი მევალეებმა საკმაოდ დიდხანს ამყოფებს. სურათი რეალობის ისეთ ძალოვანებას აფრქვევდა, რომ პუსენი ახლა უკვე ხვდებოდა იმ სიტყვების ნამდვილ აზრს, მოხუცი რომ ეუბნებოდა წეღან. ეს უკანასკნელი კმაყოფილი სახით, მაგრამ ყოველგვარი აღტყინების გარეშე, შესცქეროდა ტილოს, თითქოს ამბობდა: მე უკეთესი შემიქმნიაო!
- ჩემმა საბრალო მასწავლებელმა აქ, მართლაც და, მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ ესაა, ამ ტილოს ფონს კიდევ აკლია დამაჯერებლობა. ადამის გამოსახულება აქ ნამდვილად რომ ცოცხალია: იგი თითქოს სადაცაა ადგება და გადმოვა ჩარჩოდან; მაგრამ არ იგრძნობა ჰაერი, ცა, ნიავი - ჩვენ რომ ვსუნთქავთ, ვხედავთ და შევიგრძნობთ. შემდეგ, აქ ადამიანში მხოლოდ ადამიანი ჩანს და მეტი - არაფერი. ხოლო, რაც შეეხება, ღმერთის ხელიდან უშუალოდ ქმნილ პირველკაცს, მას აუცილებლად უნდა აჩნდეს რაღაც ღვთაებრივი. ეს კი მას აკლია. თვით მაბუზესაც ხშირად აღუნიშნავს ეს ნაკლი, როცა ის მთვრალი არ იყო.
პუსენი მღელვარე ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა ხან ერთსა და ხან მეორეს. იგი მიუახლოვდა პორბუსს, სურდა ეკითხა მათი მასპინძლის ვინაობა, მაგრამ პორბუსმა რაღაც იდუმალი გამომეტყველებით ტუჩებზე თითი მიიდო და ცნობისმოყვარეობით აფორიაქებული ყმაწვილი კაცი მყის დადუმდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ საუბრიდან ადრე თუ გვიან როგორმე გაირკვეოდა მასპინძლის სახელი, რომლის სიმდიდრისა და ტალანტის შესახებ ბევრს ამბობდნენ აქ თავმოყრილი შედევრები და მის მიმართ პორბუსის მოწიწება.
პუსენმა მუხის მუქ პანელზე ქალის მშვენიერი პორტრეტი დაინახა და წამოიძახა: „აჰ! რა დიდებული ჯორჯონეა!“
- არა, ეს ჯორჯონე როდია, - მიუგო მოხუცმა, - თქვენ მხოლოდ ჩემს ადრეულ ნაცოდვილარს ხედავთ.
- ღმერთო დიდებულო! როგორც ჩანს, მე ფერწერის მეფესთან ვიმყოფები, - მიამიტურად აღმოხდა პუსენს.
მოხუცმა გაიღიმა, როგორც ეს ხოტბას შეჩვეულ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე.
- ბატონო ფრენჰოფერ! - მიმართა მოხუცს პორბუსმა. - არ შეგიძლიათ ჩემთვისაც ჩამოატანინოთ ცოტაოდენი თქვენი მშვენიერი რაინული ღვინო?
- თუნდაც ორი კასრი! - მიუგო მოხუცმა. - ერთი იმ სიამოვნების გასამრჯელოდ, რაც შენმა ლამაზმა ცოდვილმა განმაცდევინა, მეორე კი მეგობრობის აღსანიშნავად.
- ეჰ! ავადმყოფობას რომ არ გავეწამებინე, - წამოიწყო პორბუსმა, და თქვენც ნება დაგერთოთ, მენახა თქვენი „ტურფა ნუაზეზა“, მაშინ, ალბათ, მეც შევძლებდი შემექმნა რაღაც მაღალი, ღრმა და ფართო ტილოს ნატურალური სიდიდის გამოსახულებით.
- გაჩვენოთ ჩემი ქმნილება?! - წამოიძახა შეშფოთებულმა ბერიკაცმა. - არა, არა! მე ჯერ კიდევ უნდა სრულვქმნა იგი. გუშინ საღამოს მეგონა, რომ მე ის დავამთავრე: მისი თვალები სველი ჩანდა, ხორცი კი - აღგზნებული, დალალები თითქოს ირხეოდა, იგი სუნთქავდა! თუმცა მე მივაკვლიე საგანთა ამოზნექილობისა და სიმრგვალის ბრტყელ ტილოზე გადატანის საშუალებას, მაგრამ ამ დილით დღის სინათლეზე მივხვდი ჩემს შეცდომას. რათა მიმეღწია ამ სასახელო შედეგისათვის, მე ძირფესვიანად შევისწავლე კოლორიტის დიდი ოსტატები, ფერის ყოველ მოსმიდან ყოველ მოსმამდე გავაანალიზე და განვიხილე ტიციანის - ფერმწერთა შორის სინათლის გადმოცემის მეფის - ყველა სურათი. მეც ამ უდიდეს მხატვარივით უხვსა და ნათელ ტონებში მოვხაზე ჩემი სურათის პირველი ნაკვთები, რადგან ჩრდილი მხოლოდ შემთხვევითობაა, დიახ შემთხვევითობა! - დაიმახსოვრე ეს, ძმობილო. მალე მე უარვყავი ეს გზა და ნახევარჩრდილებისა და კამკამა ფერების გამჭვირვალობის თანდათანობითი შემცირების მეოხებით, და არა მუქი საღებავების გამოყენებით, შევძელი გადმომეცა უმძაფრესი, თვით ურწყვ სიშავემდე დაყვანილი ჩრდილები. ეს გზა ავირჩიე, რადგან ჩვეულებრივ, მხატვრების ნამუშევრებში ადამიანის სხეულის დაჩრდილული ნაწილი თითქოს სხვა ნივთიერებაა, ხოლო განათებული - სხვა; იგი არის ხე, სპილენძი, რაც გნებავთ - ყველაფერი, გარდა ადამიანის დაჩრდილული ტანისა, აშკარად გრძნობთ - თუნდაც ამ სხეულს მდგომარეობა შეუცვალოთ, დაჩრდილულ ნაკვთებს ჩრდილი არ ჩამოეცლება და ისინი არასოდეს ნათელი არ გახდებიან. მე ავიცდინე ეს ნაკლი, რომელზედაც მრავალმა ბრწყინვალე ოსტატმა წაიტეხა ფეხი. ჩემს სურათებში სხეულის სითეთრე თვით ჩრდილის სიშავის ქვეშაც თეთრად ქათქათებს. მე არ შემომიხაზავს სხეულის კონტურები პედანტური სიმკაცრით და არც ნაკვთები გამომიკვეთავს უმცირეს ანატომიურ დეტალებამდე, იმიტომ რომ ადამიანის სხეული ხაზებით არ მთავრდება. ეს მხოლოდ უვიც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნახატი უნაკლოა, თუკი ნაკვთები უბეჯითესი სიზუსტითაა გამოყვანილი. ამ მხრივ მოქანდაკეებს მეტი შესაძლებლობა აქვთ უფრო მიუახლოვდნენ ჭეშმარიტებას. ბუნება სიმრგვალეთაგან შესდგება, რომლებიც ერთმანეთში არიან გადაგრაგნილნი. მკაცრად რომ ვთქვათ, ნახატს რეალობა არა აქვს! ნუ გეცინება, ყმაწვილო! რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს სიტყვები, ოდესმე თქვენ გაიგებთ მის აზრს. ხაზი საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ადამიანი საგნებზე სინათლის ზემოქმედებას საცნაურჰყოფს. მაგრამ ბუნებაში, სადაც ყველაფერი სავსეა, არ არსებობს ხაზი. გამოხაზვა მხოლოდ ძერწვის დროსაა შესაძლებელი, ე. ი. როცა საგნებს გამოყოფენ იმ გარემოდან, რომელშიც ისინი არსებობენ. მხოლოდ სინათლის განაწილებით ენიჭება სხეულს სინამდვილის იერი. აი, ამ მიზეზთა გამო არ გამოვკვეთე მე ნათლად ნაკვთები და ნახევარჩრდილების ოქროსფერი თბილი ბურუსით შევმოსე კონტურები, ისე რომ, შეუძლებელია ზუსტად მიუთითოთ საზღვარი კონტურებსა და სივრცეს შორის. ახლოდან ეს ნამუშევარი ბუნდოვანი და გარკვეულობას მოკლებული ჩანს, მაგრამ ორი ნაბიჯით მოშორდებით თუ არა, ყველაფერი მყარი, დაზუსტებული და გამოკვეთილი ხდება, ამასთანავე, ჰაერის მოძრაობაც იგრძნობა. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჯერ კიდევ კმაყოფილი არა ვარ - მე ეჭვები მღრღნის: შეიძლება საჭირო იყო თავიდან ერთი კონტურიც არ მომეხაზა, ან, იქნებ, ჯობდა კიდეც, შეტევა შუაგულზე მიმეტანა - პირველ რიგში უაღრესად განათებულ ამოზნექილობათა შესრულებას ჩავჭიდებოდი, რომ შემდეგ ყველაზე მეტად დაჩრდილულ ნაწილებზე გადავსულიყავ. განა ასეთივე არ არის მზის - სამყაროს ამ ღვთაებრივი ფერმწერის, მოქმედებაც? ო! ბუნებავ, ბუნებავ, ნეტავი მას, ვინც მოგიხელა შენ შენს სრბოლაში! დაიმახსოვრეთ: ისევე, როგორც უმეცრებას, ზედმეტ ცოდნასაც უარყოფამდე მივყავართ! მე დაეჭვებული ვარ ჩემს ქმნილებაში!
ბერიკაცი ერთ ხანს დუმდა; შემდეგ კვლავ განაგრძო.
- აი, უკვე ათი წელი იქნება, ყმაწვილო, რაც მე ამ ტილოზე ვმუშაობ, მაგრამ რას წარმოადგენს რაღაც ათიოდე წელი, როცა საქმე ბუნებასთან ბრძოლას ეხება?! ვინ იცის რამდენი წელი მოანდომა პიგმალიონმა თავის ერთადერთ ქანდაკებას, რომელმაც შემდეგ ფეხი აიდგა?
ეს უცნაური კაცი უცებ ღრმა ოცნებაში გადავიდა, თვალები გაუშტერდა, ჯიბიდან დანა ამოიღო და მაშინალურად ხელში ათამაშებდა.
- ის ახლა საკუთარ სულს ესაუბრება, - ჩუმად წარმოთქვა პორბუსმა.
ამ სიტყვებზე ნიკოლა პუსენი იმ ძალოვანმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, ხელოვნების ადამიანებს რომ ახასიათებთ ხოლმე. ეს ჭროღათვალებიანი ბერიკაცი მისთვის უფრო მეტი გამხდარიყო, ვიდრე ადამიანი: მას იგი წარმოედგინა, როგორც უცხო სამყაროს ბინადარი ახირებული გენიოსი, რომელიც სულში ათასნაირ ბუნდოვან აზრებს აღვიძებდა. სულიერი მოჯადოების ამგვარი მოვლენის გარკვევა ისევე ძნელია, როგორც გარკვევა იმ გრძნობებისა, რომელსაც სამშობლოზე მოდუდუნე ხმები ბადებს ყარიბთა გულში. ზიზღი, რომელსაც თითქოს ეს მოხუცი ამჟღავნებდა ხელოვნების მშვენიერ ცდათა მიმართ, მისი სიმდიდრე და მიხრა-მოხრა, პორბუსის მისდამი მოწიწება, წლობით საიდუმლოდ დაფარული მისი ქმნილება, რომელიც უთუოდ დიდი მოთმინებისა და გენიალობის ნაყოფი უნდა ყოფილიყო, თუკი მასზე ღვთისმშობლის პორტრეტის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლის მშვენებამაც თვით მაბუზეს „ადამის“ გვერდით ასე აღაფრთოვანა პუსენი - ყოველივე ეს ბუმბერაზი ოსტატის მეფურ ხელზე მიუთითებდა. ერთი სიტყვით, მოხუცში ყველაფერი ადამიანური ბუნების ფარგლებს სცდებოდა.
ის, რაც პუსენის ცხოველმა ფანტაზიამ ამ ზებუნებრივ არსებაში ნათლად და გარკვევით შენიშნა, ეს არტისტული ბუნების სრული სურათი იყო, იმ შლეგური ბუნებისა, რომელიც ესოდენი ძალოვანებითაა დაჯილდოვებული და რასაც ხშირად მისი მფლობელნი ბოროტად იყენებენ, იმით, რომ ხელოვნების ათასნაირ კლდოვან გზებზე მდორე გონების ადამიანებსაც შეიტყუებენ, ფილისტერებსა და დილეტანტებსაც გაიყოლებენ, რომლებისთვისაც ამ გზაზე არაფერი ჩანს, მაშინ, როდესაც პოეტური კაცის ფანტაზია - ეს ფრთათეთრი ფერია - იქ ეპოპეებს, სრა-სასახლეებს და ხელოვნების შედევრებს ჭვრეტს; ის იყო სული, ერთსა და იმავე, დროს დამცინავი და კეთილი, ნაყოფიერი და ბერწი. ასე რომ, ენთუზიასტ პუსენისათვის ეს ბერიკაცი ანაზდეული გარდასახვის წყალობით თვით ხელოვნების განსახიერებად ქცეულიყო, ხელოვნებისა მთელი თავისი საიდუმლოებებით, აღმაფრენებითა და ოცნებებით.
- ჰო, ჩემო პორბუს, - კვლავ წამოიწყო ფრენჰოფერმა, - მე მაკლდა ის, რომ დღემდე არ მქონია შემთხვევა შევხვედროდი უმანკო ქალს ნაკვთების სრულყოფილი მშვენიერებითა და ტანის ფეროვნების... - ის უცებ შეჩერდა და მერე ისევ განაგრძო: - მაგრამ სად უნდა იყოს იგი ცოცხალი - ეს ძველდროების მოუხელთებელი ვენერა, მრავალგზის რომ გვიძებნია და იშვიათად თუ გვიპოვნია მისი მშვენების მიმოკარგული ნამსხვრევები?! ახ, ერთხელ, ერთი წუთით რომ მაინც მეხილ შენი ღვთაებრივი და სრულქმნილი ნიმუში - ეს საბოლოო იდეალი ქალისა - მაშინ მთელ ჩემს ქონებას დავთმობდი და დავშთებოდი შენს ძიებაში, ზეციურო მშვენიერებავ! როგორც ორფეოსი, მე შთავიდოდი ხელოვნების ჯოჯოხეთს, რათა იქიდან სიცოცხლე მომეტანა შენთვის.
- ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ, - უთხრა პორბუსმა პუსენს, - რადგან იგი უკვე არც გვისმენს და ვეღარც გვხედავს.
- შევიდეთ მის სახელოსნოში, - სიტყვა შეაგება გაოგნებულმა ყმაწვილმა კაცმა.
- ოო!.. ამ გამოქექილმა გერმანელმა იქ შესვლა აკრძალა. მისი საუნჯე იმდენად კარგადაა დაცული, რომ ჩვენ იქ ვერ შევაღწევთ. მე ისედაც შევეცადე გამერღვია ეგ საიდუმლოება, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
- ნუთუ, მართლა გააჩნია მას საიდუმლოება?
- ოღონდაც, - მიუგო პორბუსმა. - მაბუზემ თავის ერთადერთ მოწაფედ ფრენჰოფერი აირჩია. ფრენჰოფერი იყო მისი მეგობარი, მფარველი, მამა. მოხუცმა თავის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მაბუზეს შესწირა, რათა ამ უკანასკნელს თავისი ჟინიანი წადილები დაეკმაყოფილებია. მაბუზემ მას სამაგიეროდ რელიეფის გადმოცემის საიდუმლოება გაუზიარა და გამოხატულების უაღრესი სიცოცხლით აღჭურვის ხერხი გაანდო, რომელიც ბუნებრიობის ყვავილია და ჩვენს მარად აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს. მაბუზე კი ისე მშვენივრად ფლობდა ამ მანერას, რომ ერთხელ, როცა მას საქეიფო ფული შემოაკლდა, ის ყვავილნაყშოვანი აბრეშუმის ქსოვილი გაჰყიდა, რომლითაც მოსილი უნდა წარმდგარიყო შარლ V წინაშე. სამაგიეროდ, იგი მოხატული ქაღალდის მოსასხამით ეახლა მეფეს. მოსასხამის უცნაური შრიალით გაოცებულმა მეფემ სწორედ მაშინ შენიშნა ეს სიყალბე, როცა ამ სამოსის გამო ის იყო კომპლიმენტი უნდა ეთქვა ამ ლოთი მხატვრის მფარველისათვის.
ფრენჰოფერი ხელოვნების მგზნებარე რაინდია, იგი უფრო მაღლა და შორს იხედება, ვიდრე სხვა მხატვრები. მან ბევრი იფიქრა ფერებისა და ხაზის აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ; მაგრამ გაცხარებულ ძიებაში იყო, როდესაც იგი შეეჭვდა თვით თავისი კვლევის საგანში. უიმედობის წუთებში იგი უარყოფს ნახატის რეალობას, რადგან ხაზებით მხოლოდ გეომეტრიული ფიგურის გადმოცემაა შესაძლებელიო. ეს ჭეშმარიტებიდან შორსაა, იმიტომ, რომ ხაზებითა და შავი ჩრდილებით - რომლებიც, თუმცა, თავისთავად, ფერს არ წარმოადგენენ - მაინც შეიძლება სურათის შექმნა. მართალია, ხელოვნებაც ბუნებასავით ელემენტთა დაუსრულებლობისგან შესდგება, და რომ ნახატი სინამდვილის ჩონჩხს იძლევა, ხოლო ფერები კი - სიცოცხლეს, მაგრამ სიცოცხლე უჩონჩხოდ უფრო ნაკლოვანია, ვიდრე - ჩონჩხი სიცოცხლის გარეშე! ბოლოს, არის ერთი რამ, რაც კიდევ უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ყველა ზემოთქმული. ეს ისაა, რომ მხატვრისათვის ყველაფერი პრაქტიკა და დაკვირვებაა და თუ განსჯა და პოეზია ერთმანეთთან უთანხმოებაშია, მაშინ მხატვარს ეჭვები იპყრობს, როგორც ეს ჩვენს მოხუცს მოუვიდა, რომელიც ისევე დიდი გიჟია, როგორც - დიდი მხატვარი. ამ მართალი ნიჭის მქონე მხატვრის ერთადერთი უბედურება ის იყო, რომ მდიდარი დაიბადა, რამაც საშუალება მისცა ბევრი თეორიული განსჯა-დავიდარაბისა. ნუ მიბაძავთ მას, ყმაწვილო! იმუშავეთ! მხატვარი მხოლოდ ყალმით უნდა მსჯელობდეს!
- ჩვენ იქ შევაღწევთ! - წამოიძახა პუსენმა რომელიც უკვე აღარ უსმენდა პორბუსს და არც არაფერი აეჭვებდა.
უცნობი ყმაწვილის ამ ენთუზიაზმის გამო პორბუსს გაეღიმა; ყმაწვილს შესთავაზა, რომ მასთან შეევლო და გარეთ გავიდა.
ნიკოლა პუსენი ნელი ნაბიჯით დაბრუნდა შინ, არპის ქუჩაზე; არც კი შეუმჩნევია, ისე გასცდა ის თავის ღარიბულ სასტუმროს, სადაც ცხოვრობდა; მერე უკანმობრუნებულმა დანჯღრეულ კიბეზე სულმოუთქმელად აირბინა და მაღალჭერიან ოთახში შევიდა, რომელიც ძველი პარიზის სახლებისათვის დამახასიათებელ მსუბუქ და მეტად დაფერდებულ სახურავქვეშ იყო მოთავსებული. ამ ოთახის ერთადერთ და, ისიც ვიწრო, ფანჯარასთან ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც კარის გაღების ხმაზე სიყვარულით აღსავსე მოძრაობით წამოდგა: ქალიშვილმა მხატვარი საკეტის გადაწევის ყაიდაზე გამოიცნო.
- რა მოგივიდა? - ჰკითხა მან ყმაწვილს.
- მე, მე... - წამოიძახა სიხარულისგან სულშეკრულმა ჭაბუკმა, - ის მომივიდა, რომ თავს მხატვრად ვგრძნობ! დღემდე მე ეს მეეჭვებოდა, ამ დილით კი დავრწმუნდი, რომ მე მართლაც მხატვარი ვარ! მე შემიძლია გავხდე დიდი ადამიანი! აი, ნახავ, ჟილეტა, ჩვენ თუ მდიდარი და ბედნიერი ადამიანები არ ვიქნებით! ამ ფუნჯში ოქროები იმალება!
მაგრამ იგი უცებ დადუმდა. მხნე და სერიოზულ სახეზე მხიარული გამომეტყველება გაუქრა, როცა ამ იმედების უსაზომობა თავის შესაძლებლობათა სიდუხჭირეს შეადარა. მისი ოთახის სადა შპალერი ფანქრით მოხაზული ესკიზებით იყო დაფარული: მას საკუთარი ოთხი ტილოც კი არ გააჩნდა; იმ დროში საღებავები ძვირად ფასობდნენ და საბრალო ჭაბუკი ხშირად შეჰყურებდა თითქმის მთლად ცარიელ თავის პალიტრას. ამ სიღატაკეში ჩაფლულს საოცრად კეთილი გული ჰქონდა, რასაც ყოველი სხვა ინტერესის შთანთქმელი ნიჭიერების მოჭარბებაც ზედ ერთოდა. მეგობრებისა თუ საკუთარი ნიჭის მოწოდებით პარიზში ჩამოვარდნილს, ალალ-ბედზე, სატრფოდ იმ კეთილშობილებითა და დიდსულოვნებით აღსავსე არსება შეჰყროდა, რომელიც მუდამ მზადაა იტანჯოს დიდი ადამიანის გვერდით, მისი გაჭირვება გაიზიაროს, მის ყოველ ახირებას გაუგოს, და რომელსაც იმდენი სიმტკიცე შეაქვს სიღატაკესა და სიყვარულში, რაზომ შეუპოვრობასაც სხვები სიმდიდრისადმი ბღაუჭსა და უგრძნობლობით კეკლუცობაში ამჟღავნებენ. ჟილეტას ბაგეებზე მოლივლივე ღიმილი, რომელიც ცის კამკამს ეტოქებოდა, ოქროსფერ შუქს ჰფენდა ამ სხვენს. განუწყვეტლივ მზე არ უნათებს ადამიანს - ეს ახალგაზრდა ქალი კი მუდამ აქ იყო ამ ჭაბუკისთვის მთლად სიყვარულად ქცეული; სამუდამოდ მიჰკედლებოდა თავის ტრფობის ნეტარებასა და ტანჯვას და ხელოვნების მწვერვალთა დაპყრობამდე სიყვარულის მორევში გადავარდნილ გენიას ნუგეშად მოვლენოდა.
- ჟილეტა, მოდი ჩემთან!
მორჩილი ბუნების მხიარული გოგონა მკვირცხლად ჩამოუჯდა მხატვარს მუხლებზე. იგი მთლად სინარნარე, მთლად მშვენება იყო; გაზაფხულივით ლამაზი და ყოველგვარი ქალური მომხიბვლელობით შემკული მშვენიერი სულის ცეცხლით გაბრწყინებულიყო.
- ოჰ, ღმერთო! - აღმოხდა ჭაბუკს. - მე ვერასოდეს გავბედავ გითხრა...
- საიდუმლო რამ არის? - ჰკითხა ქალიშვილმა. - მე მინდა ვიცოდე იგი.
პუსენი ღრმა ფიქრებს მიეცა.
- ილაპარაკე, რა!
- ჟილეტა, ჩემო საბრალო სიყვარულო!
- შენ მგონი, რაღაც გინდა, რომ მთხოვო.
- ჰო.
- თუ კვლავ გინდა, რომ მოდელად დაგიდგე, - მიუგო ჟილეტამ თითქოსდა გაბუტული გამომეტყველებით, - იცოდე, ამაზე არასოდეს არ დაგთანხმდები, რადგან შენი თვალები იმ დროს მე არ მამჩნევენ; შენ აღარ ფიქრობ მაშინ ჩემზე, თუმცა კი მიცქერ.
- მაშ გირჩევნია, სხვა ქალს ვუცქირო?
- კი, თუ ის საკმაოდ მახინჯი იქნება.
- კეთილი, - განაგრძო სერიოზულად პუსენმა, - მაგრამ როგორ მოიქცეოდი შენ, თუ ჩემი მომავალი დიდებისათვის და იმისათვის, რომ მე დიდი მხატვარი გავხდე, საჭირო იქნებოდა შენი სხვის წინაშე პოზირება?
- მცდი? - შეეკითხა ქალიშვილი. - შენ კარგად იცი, რომ მე ამას არ გავაკეთებ.
ყმაწვილმა კაცმა თავი ჩაქინდრა იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც თავისი სულიერი ძალებისათვის შეუფერებელ მძლავრ ემოციებს დაუძაბუნებია.
- ყური მიგდე, ნიკ, - თქვა ჟილეტამ და პუსენს გაცვეთილი ჯუბის სახელოზე ჩამოჰკრა, - მე შენთვის არა ერთხელ მითქვამს, მთელ ჩემს ცხოვრებას შემოგწირავ-მეთქი, მაგრამ არასდროს არ შეგპირებივარ, სანამ სული მიდგას, უარი ვთქვა ჩემს სიყვარულზე.
- უარი თქვა?! - წამოიყვირა პუსენმა.
- ჰო. მე თუ სხვა ვინმეს შიშველი ვეჩვენე - შენ აღარ გეყვარები და მეც თვითონ თავს ვეღარ მივიჩნევ შენს ღირსად. შენს ჟინიანობას რომ დავემორჩილო - ეს ჩემთვის ბუნებრივი და გასაგებია. მე ბედნიერადაც კი ვიგრძნობ თავს, და საამაყოდაც მიმაჩნია, როცა ჩემს ინტერესებს უგულვებელვყოფ და შენს სანუკვარ სურვილებს ვასრულებ. მაგრამ სხვისი?! ფუ, არასოდეს!
- მაპატიე, ჟილეტა! - თქვა მხატვარმა და ქალიშვილს ფეხებში ჩაუვარდა. - არა, დიდებას მე შენი სიყვარული მირჩევნია. შენი მშვენება უფრო ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე სიმდიდრე და პატივი. ჯანდაბას! აჰა, გადაყარე ჩემი ფუნჯები, დასწვი ეს ესკიზები! მე შევცდი: შენდამი ტრფიალია ჩემი მოწოდება. მე არა ვარ მხატვარი, უპირველეს ყოვლისა, მე მიჯნური ვარ. ეშმაკსაც წაუღია ხელოვნება და ყველა მისი საიდუმლოება!
ქალიშვილი ბედნიერი და მოხიბლული იყო ახალგაზრდა მხატვრით - იგი აღმერთებდა მას; თავი დედოფლად წარმოედგინა, რადგან გუმანით გრძნობდა, რომ ხელოვნება მისი გულისათვის დაივიწყეს და ფეხქვეშ ფიანდაზად გაუფინეს.
- ესეც არ იყოს, იგი მოხუცია, - ვკლავ წამოიწყო პუსენმა - და შენში ქალის გარდა ყველაფერს დაინახავდა. შენ კი ასე მშვენიერი ხარ!
- უთუოდ ძალიან გიყვარვარ! - წამოიძახა ჟილეტამ. იგი მზად იყო მთელი თავისი კდემამოსილება ზვარაკად მიეტანა სატრფოსათვის იმ მსხვერპლის სანაზღაუროდ, რაც ამ უკანასკნელმა მისთვის გაიღო, - მაგრამ ეს დაღუპვას უდრის, - განაგრძობდა ყმაწვილი ქალი, - შენთვის დაღუპვა?! ჰო, რა მშვენიერი იქნება ეს! მაგრამ შენ მე დამივიწყებ. უჰ, ეს რა ცუდი განზრახვა დაგებადა, ნიკ!
- მიყვარხარ და ეს აზრი კი მაინც თავში მიტრიალებს. ამის შემდეგ განა მე საძაგელი არა ვარ?! - გულისტკივილით უთხრა მხატვარმა ქალიშვილს.
- მოდი, ძია არდუენს ვკითხოთ რჩევა, - მიუგო გოგონამ.
- არა, არა! ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს საიდუმლოდ.
- მაშ, რაც არის, არის! მოვდივარ იმ შენს მხატვართან. მხოლოდ შიგ ნუ შემომყვები, - კართან დადექი ხანჯლით შეიარაღებული. თუ დავიყვირო, შემოდი და მოჰკალი იგი.
პუსენმა მკერდში ჩაიკრა ჟილეტა, მაგრამ იგი გოგონას სხეულს არ გრძნობდა, რადგან ამ წუთში მისთვის ხელოვნების მეტი არაფერი არ არსებობდა.
„მას აღარ ვუყვარვარ!“ - გაიფიქრა ჟილეტამ, როდესაც მარტო დარჩა.
იგი უკვე ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. მაგრამ მალე კიდევ უფრო სასტიკი შიში დაეუფლა, ვიდრე ეს სინანული იყო. იგი შეეცადა, განედევნა მის გულში აღძრული საზარელი ფიქრები: მას მოეჩვენა, რომ მხატვრისადმი სიყვარული გაუნელდა და რომ ნიკოლა ახლა თითქოს ნაკლებ პატივისცემას იმსახურებდა.
II ეკატერინე ლესკო
პუსენის მხატვრებთან შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ პორბუსი თავისი მასწავლებლის, ფრენჰოფერის, სანახავად წავიდა. მხცოვანი მხატვარი ამ დროს სასოწარკვეთილების იმ სენით იტანჯებოდა, რომლის მიზეზიც, თუ მედიცინის მათემატიკოსებს დავუჯერებთ, კუჭის შეკრულობასა, მკაცრ კლიმატსა თუ ფერდქვეშა რომელიმე ორგანოს დაზიანებაში მდგომარეობს, ხოლო სპირიტუალისტების აზრით - იგი ჩვენი მორალური ბუნების ნაკლოვანებაშია საძიებელი. ნამდვილად მოხუცი მხოლოდ გადაღლილი იყო, რადგან ბოლო ხანებში თავისი საიდუმლოებით მოცული სურათის დასამთავრებლად გამალებით მუშაობდა. ფრენჰოფერი მოთენთილი იჯდა შავი მუხის ჩუქურთმებიან და ტყავგადაკრულ ფართო სავარძელში. მან, ისე რომ თავისი მელანქოლიური პოზიდან არ გამოსულა, პორბუსს სევდას შეჩვეული კაცის გამოხედვა მიაპყრო.
- ეჰეე, ოსტატო! - მიმართა მას პორბუსმა. - რა მოგივიდა? ლილა არ გამოდგა, ბურჟიდან რომ ჩამოიტანე, თუ ჩვენი ახალი ქარშანის დაფხვნა ვერ შესძელი? ზეთი ხომ არ აღმოჩნდა უხეირო, ან იქნებ ფუნჯები გაუხეშდნენ?
- ეხ! - ხმა გაიღო მოხუცმა. - ჩემი მთავარი ნაწარმოები დამთავრებული მეგონა, მაგრამ ამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ ზოგიერთ დეტალში თურმე ვცდებოდი. მე კი მანამ ვერ მოვისვენებ, სანამ ამ ეჭვებს არ გავარკვევ. ახლა გადავწყვიტე, ვიმოგზაურო: წავალ საბერძნეთში, თურქეთში - სადმე აზიაში, რომ იქ ცოცხალი მოდელი მოვიძიო და ჩემი სურათი ცოცხალ ნიმუშებს შევადარო. თუმცა, შესაძლებელია, რომ... - და მას სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაუარა, - მე თვითონ მყავდეს იქ, ზემოთ, ნამდვილი ქალი. ზოგჯერ კიდეც მეშინია, რომ ნიავმა არ გააღვიძოს ჩემი ნუაზეზა და არ გაიპაროს.
ის უცებ წამოდგა, თითქოს, სადღაც წასვლას აპირებდა.
- პა, პა, პა! სწორედ რომ დროზე მოვსულვარ, - შეესიტყვა პორბუსი, - რათა მოგზაურობის ხარჯები და მისგან დაღლა აგაცილო
- როგორ?! - იკითხა გაკვირვებულმა ფრენჰოფერმა.
- ჩვენი ახალგაზრდა პუსენი ერთ ქალიშვილს უყვარს, რომლის უბადლო მშვენებას ნაკლს ვერ უპოვნით. მაგრამ საქმე ისაა, ჩემო ძვირფასო მაესტრო, თანახმა იქნება თუ არა პუსენი, რომ ის თქვენ მოგიყვანოს? ვფიქრობ, საჭირო გახდება, სანაცვლოდ, თქვენი სურათი გვაჩვენოთ.
მთლად გაოგნებული მოხუცი ადგილზე გაქვავდა.
- რაო! - წამოიძახა მან გამწარებული ხმით. - გიჩვენოთ ჩემი ქმნილება, ჩემი მეუღლე?! ჩამოვგლიჯო რიდე, რომლითაც ჩემს ბედნიერებას უბიწოდ ვფარავდი?! ეს ხომ საზიზღარი პროსტიტუცია იქნებოდა?! ათი წელიწადია, რაც მე ამ ქალთან ერთად ვცხოვრობ. იგი მე მეკუთვნის, მხოლოდ - მე, და მას მე ვუყვარვარ. განა არ მიღიმოდა იგი ფუნჯის ყოველ მოსმაზე? მას სული გააჩნია, სული, რომელიც მე მივანიჭე; იგი სირცხვილისაგან გაწითლდებოდა, თუ მას ჩემ გარდა სხვა ვინმე შეავლებდა თვალს. გიჩვენოთ იგი?! აბა რომელი ქმარი, რომელი საყვარელი იქნებოდა იმდენად სულმდაბალი, რომ თავისი მეგობარი ქალი პატივის ასახდელად წაეყვანა?! როდესაც სურათს სამეფო კარისათვის ქმნიან, მასში მთელ თავიანთ სულს არ ათავსებენ: კარისკაცთათვის მისაყიდად მხოლოდ შეფერადებულ ტიკინებს ხატავენ ხოლმე. ჩემი სურათი სურათი როდია, იგი თვითონ გრძნობაა, იგი თვითონ ვნებაა! დაბადებული ჩემს სახელოსნოში, ის იქ უნდა დარჩეს უმანკო და ხელშეუხებელი; იქიდან მხოლოდ ტანშემოსილი თუ გამოვა ის. პოეზია და ქალი გაშიშვლებული სახით მხოლოდ თავიანთ მიჯნურებს ნებდებიან. როცა ჩვენ რაფაელის ქმნილებებს ვუყურებთ, ვგებულობთ რამეს ამ ქმნილებათა მოდელების შესახებ? ან ვიცით კი რამე არიოსტოს ანჯელიკასა და დანტეს ბეატრიჩეს ნამდვილი მშვენების გამო? არა. ჩვენ მხოლოდ ამ მოდელთა ფორმებს ვხედავთ. ზემოთ ჩაკეტილი ჩემი ქმნილება ხელოვნებაში გამონაკლისს წარმოადგენს. იცოდე, ის არ არის ტილო - იგი ქალია! ქალი, რომელთან ერთადაც მე ვტირი, ვიცინი, ვბაასობ და ვფიქრობ. შენ გინდა, რომ მე ერთბაშად, მოსასხამივით გადავაგდო ეს ათი წლის ბედნიერება? გინდა, ერთ წუთში აღარ ვიყო არც მამა, არც მიჯნური და არც შემოქმედი? ეს ქალი ქმნილება როდია - იგი თვით შექმნაა. მოვიდეს შენი ახალგაზრდა მეგობარი - მე მივცემ მას ჩემს სიმდიდრეს, მივცემ კორეჯოს, მიქელანჯელოს და ტიციანის ქმნილებებს, მე დავკოცნი მის ნატერფალს, მაგრამ რაყიფად გავიხადო? თავი შევირცხვინო? არა! მე უფრო მეტად მიჯნური გახლავარ, ვიდრე - მხატვარი. დიახ, მე მეყოფა ძალა, სიკვდილის წინ დავწვა ჩემი „ტურფა ნუაზეზა“, მაგრამ მამაკაცის, ისიც ახალგაზრდა მხატვრის თვალებს დავანახვო ის? არასოდეს! მეორე დღესვე მოვკლავდი იმ კაცს, ვინც თავის თვალებით თუნდაც ერთხელ შებღალავდა მას! მე შენც მოგკლავდი, შენც, ჩემს მეგობარს, თუ თაყვანს არ სცემდი მას მუხლმოდრეკით! ახლა კიდევ მეტყვი, რომ ჩემი კერპი უგუნურთა ცივი თვალებისა და ყეყეჩი კრიტიკის წინაშე წარვადგინო? სიყვარული ბნელი იდუმალებაა, რომელიც მხოლოდ გულის სიღრმეში ცოცხლობს: იგი იღუპება, როცა ადამიანი თუნდაც თავის მეგობარს გაუმხელს: აი ის მიყვარს მეო.
მოხუცი კაცი თითქოს გაახალგაზრდავებულიყო, მის თვალებს ბრწყინვალება და სიცოცხლე შემატებოდა, ფერმკრთალი ღაწვები შეფაკლოდა, ხოლო ხელები ცახცახს აეტანა. მისი სიტყვების ვნებიანმა ძალოვანებამ პორბუსი გააოცა და მან არც კი იცოდა, რითი ეპასუხა მოხუცის ეგზომ მძაფრსა და უჩვეულო გრძნობაზე. სრულ ჭკუაზე იყო თუ არა ფრენჰოფერი? თუ იგი მხატვრული ფანტაზიის ტყვეობაში იმყოფებოდა? ან ეს აზრები იმ აუხსნელი ფანატიზმის ნაყოფი ხომ არ იყო, დიდი და ხანგრძლივი შემოქმედებითი მშობიარობის შედეგად რომ აღმოცენდება? ნუთუ შესაძლებელია, ოდესმე კაცი შეეთვისოს ასეთ საოცარ ვნებას?!
ამგვარი აზრებით გაბრუებულმა პორბუსმა ბოლოს ასე უთხრა მოხუცს: - კი მაგრამ, განა ჩვენც ქალს არ გთავაზობთ ქალის წილ? პუსენმაც ხომ თავისი სატრფო უნდა დაგითმოს საჭვრეტად?
- რის სატრფო! - მიუგო ფრენჰოფერმა. - ადრე თუ გვიან, იგი მას უღალატებს. ჩემი ნუაზეზა კი მუდამ ჩემი ერთგული დარჩება!
- კეთილი! - მიუგო პორბუსმა. - ნუღარ ვილაპარაკებთ ამის შესახებ. მხოლოდ ეს უნდა გითხრათ: სანამ თქვენ იპოვიდეთ, თუნდაც აზიაში, ისეთსავე მშვენიერსა და სრულყოფილ ქალს, როგორც ეს პუსენის სატრფოა, ხომ შესაძლოა, გარდაიცვალოთ და სურათი დაუმთავრებელი დაგრჩეთ?
- იგი დამთავრებულია, - უპასუხა ფრენჰოფერმა, - და ვინც მას ნახავს, ასე ეგონება, ნამდვილ ქალს ვხედავ ხავერდის სარეცელზე, ფარდების მიღმა მწოლარესო; იქვე, მის ახლოს, ოქროს ზედადგარიდან სურნელება იფრქვევა; შენ სული წაგძლევს, ხელი ჩამოჰკრა ზონარს, ამ ფარდებს რომ იჭერს; შენ გჯერა, რომ ტურფა ნუაზეზად წოდებულ კურტიზანს, მომხიბვლელ ეკატერინე ლესკოს უცქერ, რომლის მკერდი თითქოს სუნთქვისაგან ირხევა. მაგრამ მე მაინც მინდოდა დავრწმუნებულიყავ...
- კარგი, წაბრძანდით აზიაში! - უთხრა ფრენჰოფერს პორბუსმა, რომელმაც მის თვალებში ერთგვარი ყოყმანი ამოიკითხა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კარისაკენ.ამ დროს ჟილეტა და პუსენი უკვე ფრენჰოფერის სახლთან მისულიყვნენ. ყმაწვილ ქალს ის იყო კარი უნდა შეეღო, რომ მან უცებ ხელი შეუშვა პუსენს და უკან დაიხია, თითქოს რაღაც ანაზდეულმა წინაგრძნობამ შეაჩერაო.
- კი მაგრამ, რად მივდივარ იქ? - ჰკითხა ჟილეტამ თავის მიჯნურს მკერდიდან აღმომსკდარი ხმით და თვალები შეაშტერა მას.
- ჟილეტა, შენ გაგიხადე მე ჩემი გულის მეუფედ და მინდა კიდეც ყველაფერში დაგემორჩილო; შენა ხარ ჩემი სინდისი და ჩემი დიდებაც. დავბრუნდეთ სახლში: შეიძლება, მე ასე უფრო ბედნიერი ვიყო, ვიდრე მაშინ, როცა...
- ვეკუთვნი კი მე ჩემს თავს, როდესაც ასე მელაპარაკები? არა, არა! მე მხოლოდ პატარა ბავშვი ვარ. მაშ ასე, - განაგრძობდა გოგონა და თან ჩანდა, რომ თავს უდიდეს ძალას ატანდა, - თუ ჩვენი სიყვარული დაიღუპება და ჩემს გულში გაუნელებელი სინანული დაისადგურებს, განა შენი დიდება არ გამოისყიდის ყოველივე მას, რასაც მე ახლა შენთვის ვთმობ? შევიდეთ, შევიდეთ: ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სიყვარული ამით მაინც იცოცხლებს ერთ ხანს, თუმცა, როგორც შენს პალიტრაზე დატოვებული სახსოვარი.
როდესაც შეყვარებულებმა კარი შეაღეს, ისინი პორბუსს შეეჩეხნენ. პორბუსი განაცვიფრა ჟილეტას მშვენებამ, რომლის თვალები ჯერ კიდევ ცრემლებით იყო სავსე. მან ხელი ჩასჭიდა მთლად აცახცახებულ გოგონას და მოხუცს მიუყვანა: - შეხედეთ! განა არ ღირს ეს მთელი ქვეყნის ხელოვნების შედევრებად?
ფრენჰოფერი შებარბაცდა: ჟილეტა იდგა მის წინაშე გულუბრყვილო და შემკრთალი, როგორც უმანკო ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც მეკობრეებს გაუტაცნიათ და მონებით მოვაჭრისათვის მიუგვრიათ; ღაწვები მორცხვობით გამოწვეულ სიწითლეს შეეფაკლა, ხელები უღონოდ ჩამოეშვა, ჩანდა, რომ ძალა შემოლეოდა და მხოლოდღა ცრემლები შერჩენოდა შელახული კდემამოსილების დასაცავად. პუსენი კი ამ დროს თავს იწყევლიდა; იგი სასოწარკვეთილი იყო იმის გამო, რომ სხვენიდან აქ მოიყვანა ეს სანუკვარი საუნჯე; მასში ხელოვანი მიჯნურს დაეჩრდილა და ახალგაზრდა კაცს ათასგვარი ეჭვი უღრღნიდა სულს, რაკი ხედავდა ამ ბერიკაცის მამრულ გამოხედვას, რომელიც, მხატვრის ჩვეულებისამებრ, თვალებით აშიშვლებდა ქალიშვილის სხეულს და მის ყველაზე უფრო საკრძალავ ნაკვთებს ერთი გახედვით საცნაურჰყოფდა. ამან პუსენი ჭეშმარიტი სიყვარულის მძაფრ ეჭვიანობაში გადააგდო, - ჟილეტა, წავიდეთ აქედან! - წამოიძახა პუსენმა.
აღშფოთებით სავსე ამ წამოძახილზე ჟილეტამ ყმაწვილს სიხარულით გაბრწყინებული თვალები მიაპყრო, ერთ ხანს ასე უცქირა, შემდეგ კი მისკენ გაქანდა და მკერდში ჩაეკონა.
- აჰ! მაშასადამე, მე შენ გიყვარვარ! - ეუბნებოდა ქალიშვილი ყმაწვილს და ცრემლებად იღვრებოდა.
ამდენი ყოყმანითა და თავზე ძალდატანებით გაწამებულ ყმაწვილ ქალს ახლა ძალა აღარ ჰყოფნიდა, თავისი ბედნიერება დაემალა.
- ერთი წუთით მაინც დამითმეთ ეს ქალიშვილი! - თქვა მოხუცმა და თან დასძინა: - თქვენც საშუალება გექნებათ იგი ჩემს ეკატერინე ლესკოს შეადაროთ: მე თანახმა ვარ, გიჩვენოთ ჩემი ქმნილება.
ფრენჰოფერის ხმაში კვლავ სიყვარულის სიმები ჟღერდა: იფიქრებდით, რომ იგი თავს აწონებდა მის მიერვე შექმნილი ქალის სახებას და თითქოს წინასწარ ტკბებოდა იმით, რომ მისი ნუაზეზა დაჩრდილავდა ნამდვილი ქალიშვილის მშვენებას.
- ეცადე, არ გადაათქმევინო! - უთხრა პუსენს პორბუსმა და მხრებზე ხელი დაჰკრა. - იცოდე, სიყვარულის ყვავილები ადრე ჭკნებიან, ხელოვნების სურნელება კი უკვდავია.
- ნუთუ ის ჩემში, - უთხრა ჟილეტამ პუსენს და პორბუსს და ყურადღებით შეაცქერდა მათ, - ქალის მეტს არაფერს ხედავს?
ქალიშვილმა თავი ამაყად ასწია, ფრენჰოფერს ცეცხლოვანი თვალებით შეხედა, მაგრამ როცა შეამჩნია, მისი მიჯნური კვლავ იმ პორტრეტს მიშტერებოდა, ამას წინათ რომ ჯორჯონე ეგონა, მოხუცს ასე უთხრა.: - ავიდეთ ზევით! მას ჩემთვის ასე არასოდეს შემოუხედავს!
- მოხუცო, - მიმართა ფრენჰოფერს ჭაბუკმა, რომელიც ჟილეტას ხმას ფიქრებიდან გამოეყვანა, - ხედავ ამ დაშნას? იმ წამსვე გაგიყრი ამას გულში, როგორც კი ეს გოგონა პირველ სამდურავს წარმოთქვამს თქვენ მიმართ; ამ სახლს ცეცხლს წავუკიდებ, ისე რომ იქიდან ცოცხალი ვერავინ გამოხვიდეთ. გესმის?
ნიკოლა პუსენი მოიღუშა, მისი სიტყვები მრისხანებას აფრქვევდა. ამ პირქუშმა განწყობილებამ და განსაკუთრებით მისმა ჟესტებმა მალამო მოსცხო ჟილეტას გულს, რომელმაც უკვე აპატია ჭაბუკს თითქმის ისიც კი, რომ მან მსხვერპლად მიუტანა იგი მხატვრობასა და თავის სახელოვან მომავალს. პორბუსი და პუსენი სახელოსნო ოთახის კართან დარჩნენ და მდუმარედ უცქერდნენ ერთმანეთს. პირველ წუთებში „მარიამ ეგვიპტელის“ ავტორი თავს ნებას აძლევდა ზოგჯერ მაინც ასეთი რამ ეთქვა: „აჰა, იგი ტანთ ხდის!.. ახლა სინათლეზე გაჰყავს იგი მოხუცს!.. ახლა კი თავის ქმნილებას ადარებს“ და სხვ. მაგრამ მალე, როცა პორბუსმა პუსენის უზომოდ მჭმუნვარე სახე დაინახა, იგი დადუმდა. თუმცა ხანდაზმული მხატვრები ყურადღებას არ აქცევენ სიშიშვლის საჩოთირო გრძნობებს, რაკი ისინი მათთვის ხელოვნების წინაშე ეგზომ წვრილმანი ამბებია, მაგრამ ჟილეტასა და პუსენის საქციელი იმდენად გულუბრყვილო და წრფელი იყო, რომ პორბუსი კიდეც აღფრთოვანდა მით. ყმაწვილ კაცს ხელი დაშნისათვის ჩაეჭიდა და ყურით თითქმის კარს მიჰკვროდა. სიბნელეში ორივე ისე იდგა, თითქოს შეთქმულნი ყოფილიყვნენ, რომელნიც შესაფერ დროს ელოდებიან, რათა მტარვალს მივარდნენ და განგმირონ იგი.
- შემოდით, შემოდით! - დაუძახა მათ ამ დროს სახეგაბრწყინებულმა მოხუცმა. - ჩემი ნაწარმოები სრულყოფილია და მე ახლა იგი სიამაყით შემიძლია გაჩვენოთ. ვერც ერთი მხატვარი, ვერავითარი ფერი, სინათლე, ტილო თუ ყალამი ვერ შესძლებს გადმოსცეს სახე, რომელიც მეტოქეობას გაუწევდა ჩემს ტურფა კურტიზან ეკატერინე ლესკოს.
ცნობისმოყვარეობით აღგზნებულმა პორბუსმა და პუსენმა საკმაოდ ფართო, მტვრით დაფარულ სახელოსნოში შეირბინეს, სადაც ყველაფერი უწესრიგოდ იყო მიმოყრილი; აქა-იქ კედლებზე სურათები ეკიდა; ტილოზე, რომლის წინ თავდაპირველად ისინი შეჩერდნენ, ნატურალური სიდიდის, ნახევრად შიშველი ქალი იყო გამოხატული, რამაც ისინი ერთობ აღაფრთოვანა.
- მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, - უთხრა მათ ფრენჰოფერმა. - ეს ის ადრეული ნაჯღაბნია, როცა მე პოზის ტილოზე გადატანას ვსწავლობდი; არც ეს სურათი წარმოადგენს რამეს, ხოლო ესენი, - და მან ირგვლივ კედლებზე ჩამოკიდებულ საუცხოო კომპოზიციებზე მიუთითა, - ჩემი ცთომილებანი არიან.
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ პორბუსი და პუსენი, რომელნიც გაოგნებულნი იყვნენ ასეთი შედევრების მიმართ ბერიკაცის ეგზომ ქედმაღლური ტონით, აღთქმული პორტრეტის ძებნას შეუდგნენ, მაგრამ იგი ვერსად ვერ შენიშნეს.
- აი, აგერ ის! - მიმართა მათ მოხუცმა, რომელსაც თმები აშლოდა და სახე ზებუნებრივი გზნებით გავარვარებოდა; მისი თვალები ნაპერწკლებს აფრქვევდა და მას სიყვარულით მთვრალ ჭაბუკივით სული ეკვროდა.
- აჰა! - წამოიძახა მან. - თქვენ არც კი ელოდით, ალბათ, ესოდენ სრულ ქმნილებას! ნამდვილი ქალის წინაშე დგახართ და სურათს კი ეძებთ. ამ ტილოში იმდენი სიღრმეა, ატმოსფერო იმდენად ჭეშმარიტია, რომ თითქმის არც კი შეგიძლიათ მისგან გამოარჩიოთ ჰაერი, რომელიც თქვენ ირგვლივ გაკრავთ. სად არის აქ ხელოვნება? - დაიკარგა, გაქრა! აი, აგერ თვით ნამდვილი ქალიშვილი, სხეულის ცოცხალი ნაკვთებით, ხომ კარგადაა დაჭერილი სხეულის ფეროვნება და ნაკვთების თბილი სილბო, რითაც მთავრდება სხეული ჩვენს შთაბეჭდილებაში? განა აქაც ისეთსავე ფენომენთან არა გვაქვს საქმე, როგორსაც ჩვენ რეალურ საგნებთან ვხვდებით, საგნებთან, რომელთა ჰაერში მყოფობა ისევე ბუნებრივია, როგორც - თევზისა წყალში? არ გაოცებთ, თუ როგორ ამოდიან ფონის სიღრმიდან კონტურები? არ გეჩვენებათ, თითქოს შეგიძლიათ, მის ზურგს უკან გაატაროთ ხელი? ყოველივე ამისთვის მე შვიდი წლის განმავლობაში ვსწავლობდი საგნებზე სინათლის ზემოქმედების რაობას. აგერ თმებიც: იქნებ სინათლის სიუხვით იჩქმალება ისინი?.. მაგრამ შეხედეთ: მან ამოისუნთქა! ნამდვილად ამოისუნთქა!.. აბა, დააკვირდით მკერდს! ამჩნევთ? ახ! ვინ არ ისურვებდა მუხლმოდრეკილს თაყვანი არ ეცა მისთვის?! აი, მისი ტანი ტოკავს! მოიცათ: იგი სადაცაა წამოდგება!
- თქვენ ამჩნევთ რამეს? - ჰკითხა პუსენმა პორბუსს.
- არა. თქვენ?
- ვერაფერს.
მხატვრებმა თავი მიანებეს ექსტაზში შესულ ბერიკაცს და ყურადღება სინათლისკენ გადაიტანეს, ტილოზე რომ შვეულად ეცემოდა: მათ სურდათ გაეგოთ - სინათლე ხომ არ აბათილებდა სურათზე ფერების მთელ ეფექტს? ამიტომ ტილოს ხან მარჯვნიდან დაუწყეს სინჯვა, ხან - მარცხნიდან და და ხან კიდევ - წინიდან; ხან დაიხრებოდნენ, ხან გაიმართებოდნენ.
- დიახ, დიახ, ეს ნამდვილად ფერწერული ტილოა, - განაგრძობდა ლაპარაკს ფრენჰოფერი, - რომელსაც ვერ გაეგო, თუ რას ამოწმებდნენ ისინი ასეთი გულმოდგინებით. - ჩარჩოს ეძებთ? აი, აქ არის; აგე მოლბერტიც; საღებავი და ფუნჯები კი აი აქაა.
მან ხელი წაავლო ერთ-ერთ ფუნჯს და გულუბრყვილო სახით გაუწოდა მათ.
- ეს ძველი ლანდსკნეჰტი, მგონი, გვაპამპულებს, - წარმოთქვა პუსენმა და საეჭვო სურათს მიუბრუნდა. - მე აქ ვერაფერს ვხედავ, საოცარი ხაზებით აღრეულსა და უწესრიგოდ დახვავებული ფერების გარდა, რომლებიც რაღაც ფერწერულ კედელს ქმნის.
- ჩვენ, ვგონებ, ვცდებით. აბა შეხედე! - მიუგო პორბუსმა.
ისინი მიუახლოვდნენ სურათს. ტილოს ერთ კუთხეში მათ ქალის შიშველი ფეხი შენიშნეს, რომელიც ფერების ტონებისა და დაუჭერელი ნიუანსების ქაოსიდან - ამ რაღაც უფორმო ნისლოვანებიდან - გამოჩრილიყო. ეს იყო თვალწარმტაცი, ცოცხალი ფეხი! ისინი აღტაცებისაგან გაქვავდნენ ამ ფრაგმენტის წინაშე, რომელიც ამ გაუგონარ, მართალია ნელსა, მაგრამ თანდათანობით მზარდ ფერთა რღვევას გადარჩენოდა. ეს ფეხი აქ ჩანდა, როგორც პაროსის მარმარილოსაგან ნაკეთები ვენერას ტორსი, დამწვარ ქალაქის ღორღიდან რომ ამოზიდულიყო.
- ამ ფერების ქვეშ ქალია! - წამოიძახა პორბუსმა და პუსენს საღებავის ფენებზე მიუთითა, რომელნიც მოხუცს, იმ მიზნით, რომ ნახატი სრულყოფილი გაეხადა, თანდათანობით ერთმანეთზე დაედო.
უცებ ორივე მხატვარი უნებლიეთ ფრენჰოფერისკენ მობრუნდა. მათთვის, ჯერ თუმც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, გასაგები ხდებოდა ის ექსტაზი, რომელშიც მოხუცი იმყოფებოდა.
- მას გულწრფელად სწამს ყოველივე ეს, - უთხრა ჭაბუკს პორბუსმა.
- დიახ, ჩემო მეგობარო! - სიტყვა შეაგება მას გამოფხიზლებულმა ფრენჰოფერმა. - ხელოვნებაში რწმენა აუცილებელია; საჭიროა დიდხანს იცხოვრო შენს ქმნილებასთან ერთად, შეესისხლხორცო, ირწმუნო იგი, რათა ასეთი შედევრის შექმნა შეძლო. აი, ამ ჩრდილის დამუშავება მე ხანგრძლივ შრომად დამიჯდა. ხედავთ, ამ მკრთალ ნაჩრდილევს თვალებს ქვემოთ, ლოყაზე? თუ თქვენ მას ბუნებაში ყურადღებას მიაქცევთ, იგი თითქმის ენით გადმოუცემელიც კი მოგეჩვენებათ. ხომ არ გგონიათ, რომ ამ შთაბეჭდილების შექმნა წარმოუდგენელ ჯაფად არ მიღირს? ერთი სიტყვით, ჩემო კეთილო პორბუს, კარგად დააკვირდი მკერდის ელვარებას და შეხედე, თუ როგორ შევძელი საღებავების მრავალგზის მოსმითა და სქლად დადებული ფერების მკაფიოდ გამოკვეთით ჭეშმარიტი გაშუქების დაჭერა და მერე ამ გაშუქების შეუღლება ნათელი ტონების სიქათქათესთან; შემდეგ, დაიმახსოვრე ესეც, შებრუნებული გზით - ე. ი. სქლად დადებული ფერების ამობურცულობათა თანდათანი შემცირების, საღებავთა სიმქისის გადაშლისა და კონტურების ნახევარჩრდილებით გაბუნდოვნების მეოხებით - მე მივაღწიე იმას, რომ თვით შიშველ იდეამდე განვტვირთე ჩემი სურათი ნახატისაგან და გავათავისუფლე იგი ხელოვნური ნიშნებისაგან, ერთი სიტყვით, მივეცი მას ბუნებრივი სიმრგვალე და ბუნებრივი იერი. ახლო მოდი, თუ გსურს, რომ უკეთესად გაარჩიო ყოველივე ეს: შორიდან იგი შეუმჩნეველი რჩება. დახედე ამას! ეს ადგილი მე შესანიშნავი მგონია, - და მან ფუნჯის ტარით სქლად დადებულ ნათელ ფერზე მიუთითა.
პორბუსმა მოხუცს მხარზე ხელი დაჰკრა და პუსენს მიუბრუნდა: - იცით თუ არა, რომ ეს ჩვენ უდიდეს მხატვრად მიგვაჩნია?
- ჩემი აზრით, ეგ უფრო მეტად პოეტია, ვიდრე მხატვარი, - დინჯად მიუგი პუსენმა.
- აქ, - დასძინა პორბუსმა და ხელი ტილოს დაადო, - აი, აქ მთავრდება ჩვენი ხელოვნება ამქვეყნად.
- აქედან კი იგი სადაცაა ზეცაში მიიკარგება, - შეაგება სიტყვა პუსენმა.
- რამდენი ნეტარებაა ჩაღვრილი ტილოს ამ ნაჭერში! - წამოიძახა პორბუსმა.
თავისი აზრების ორომტრიალში გადავარდნილ მოხუცს მათი არაფერი ესმოდა: იგი თავის წარმოდგენაში არსებულ ქალის სახებას უღიმოდა.
- მაგრამ, ადრე თუ გვიან, ის შეამჩნევს, რომ ამ ტილოზე არაფერი ჩანს, - მიუგო პუსენმა.
- რაო, ჩემს ტილოზე არაფერი ჩანს?! - მიმართა მათ შეცბუნებულმა ბერიკაცმა, რომელიც რიგრიგობით ხან ერთს შესცქეროდა, ხან მეორეს და ხან თავის უცნაურ სურათს უმზერდა.
- ეს რა ჩაიდინე?! - უსაყვედურა პორბუსმა პუსენს.
მოხუცმა ყმაწვილ კაცს ხელი მაგრა ჩასჭიდა მკლავში და შეუტია: „მაშ, შენ ვერაფერს ხედავ, ვიგინდარავ, უბადრუკო სოფლელო ბრიყვო, ავაზაკო! რა ეშმაკმა მოგიყვანა აქ?!.. ჩემო კეთილო პორბუს, - ახლა ამას მიმართა ფრენჰოფერმა, - შენც ხომ მასხარად არ ამიგდებ? შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ? მიპასუხე! ნუთუ, მართლა წავახდინე ჩემი სურათი?“
პორბუსი ყოყმანობდა - მას ვერაფრის თქმა ვერ გაებედა. მაგრამ ბერიკაცის გაფითრებულ სახეზე გამოხატული შეშფოთება იმდენად შემზარავი იყო, რომ პორბუსმა ვერაფერი მოახერხა, გარდა იმისა, რომ ტილოზე მიუთითა და ეს უთხრა: „თქვენ თვითონ შეხედეთ!“
ფრენჰოფერი დააკვირდა ტილოს და შებარბაცდა.
- არაფერი! არაფერი ათი წლის განმავლობაში თავაუღებელი შრომის შედეგად!
იგი დაჯდა და ატირდა.
- მაშასადამე, მე სულელი ვყოფილვარ!.. შლეგი ვყოფილვარ, შლეგი! მე არც ტალანტი მქონია და არც რამ უნარი. მე, თურმე, მარტოოდენ მდიდარ ადამიანს წარმოვადგენდი, მთელი ცხოვრება უაზროდ რომ დაყიალობდა. ასე გამოდის, არაფერი არ შემიქმნია!
აცრემლებული ერთხელ კიდევ დააკვირდა თავის სურათს, მერე ერთბაშად ამაყი სახით წამოდგა და ორთავეს ელვარე თვალებით გადახედა.
- ვფიცავ ქრისტეს სახელს, მის სისხლს, მის სხეულს, თუ თქვენ შურიანი ადამიანები არ იყოთ. თქვენ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ჩემი ტილო უვარგისია, რათა იგი შემდეგ მომტაცოთ! მე კი კარგად, ძალიან კარგად ვხედავ, - ყვიროდა ბერიკაცი, - რომ ის საარაკოდ მშვენიერია!
ამ დროს პუსენმა ჟილეტას ხმა გაიგონა, რომელიც, ყველასგან მივიწყებული, კუთხეში ტიროდა.
- რა მოგივიდა, საყვარელო? - შეეკითხა მყის მიჯნურად ქცეული მხატვარი.
- მომკალი! - წამოძახა ქალიშვილმა, - რადგან სიმდაბლე იქნებოდა კვლავინდებურად შენი სატრფო დავრჩე, როცა უკვე სიძულვილს ვგრძნობ შენდამი. მე შენ მხიბლავ და, ამავე დროს, მაშინებ; მიყვარხარ და, ამასთანავე, მგონია, რომ მძულხარ კიდეც.
იმ დროს, როდესაც პუსენი ჟილეტას უსმენდა, ფრენჰოფერმა მწვანე სარჟის ფარდა ჩამოაფარა თავის „ეკატერინე ლესკოს“, და ეს ისე დამშვიდებული სიდინჯით მოიმოქმედა, როგორც ოქრომჭედელი ინახავს ხოლმე თავის განძეულობას, როცა ჰგონია, გაქნილ ქურდებთან მაქვს საქმეო. მან მხატვრებს ზიზღითა და ეჭვით სავსე ღვარძლიანი მზერა გააყოლა. შემდეგ ნერვიული სიჩქარით ისინი უხმოდ თავის სახელოსნოდან გამოაბრძანა და კარის ზღურბლიდან ასე მიაძახა: „მშვიდობით, ჩემო საყვარელო მეგობრებო“.
ამ გამომშვიდობებამ გამყინავ ჟრუანტელივით დაუარა მხატვრებს. მეორე დღეს ფრენჰოფერის ბედით შეშფოთებული პორბუსი მის სანახავად წავიდა. მოხუცს ყველა თავისი სურათი წინდაწინ დაეწვა და იმ ღამით გარდაცვლილიყო.
პარიზი, თებერვალი, 1832 წ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•