ფორსაიტის ხსნა

I

       სუითინ ფორსაიტი ლოგინში იწვა. თეთრ ულვაშქვეშ პირის კუთხეები ორკეცი ღაბაბისკენ ჩამოშვებოდა. ძლივს ამოღერღა ქოშინით: – ჩემი ექიმი მეუბნება, ცუდად არის შენი საქმეო, ჯეიმზ. მისმა ტყუპისცალმა ძმამ ყურზე ხელისგული მიიფარა.

– არ მესმის შენი ნათქვამი. მეუბნებიან, უნდა იმკურნალოო. ყოველთვის რაღაც არის სამკურნალო – ემილიც მკურნალობდა! სუითინმა მიუგო: – ძალიან ჩიფჩიფებ. მე ჩემი ფარეშის, ადოლფისა, მესმის. თვითონვე გავწვრთენი... სასმენი ბუკი უნდა იქონიო. ერთობ დაჩამიჩდი, ჯეიმზ. დუმილი ჩამოვარდა. მერე, თითქოს გამოცოცხლდაო, ჯეიმზ ფორსაიტმა შენიშნა: – მგონი, ანდერძი უკვე შედგენილი გექნება. ალბათ შენი ქონება ოჯახს დაუტოვე – აბა, სხვა ვინ გყავს, რომ დაუტოვო! ამას წინ დენსონი გარდაიცვალა და თავისი ქონება საავადმყოფოს უანდერძა.

სუითინს თეთრი ულვაში აეჯაგრა.

– ჩემმა ტუტუცმა ექიმმა მითხრა, ანდერძი დაწერეო, – თქვა მან. – ჭირივით მეჯავრება, ვინც მირჩევს, ანდერძი დაწერეო. მადა კარგი მაქვს. გუშინ საღამოს კაკაბი გეახელი, უფრო და უფრო მინდა ჭამა. ექიმმა მითხრა, შამპანურს თავი დაანებეო! ჩინებულად ვისაუზმე. ჯერ ოთხმოცისაც არა ვარ, შენც ჩემი ხნის ხარ, ჯეიმზ, მაგრამ ძალიან კი შეიფერთხე! ჯეიმზ ფორსაიტმა თქვა: – სხვასაც უნდა ჰკითხო რჩევა, ბლენკი მოიწვიე – ახლა პირველი კაცია, ემილისთვის მომყავდა; ორასი გინეა დამიჯდა. ჰომბერგს გაგზავნა, ახლა ეგეც პირველი ადგილია. პრინციც იქ ბრძანდებოდა... ყველა იქ დადის. სუითინმა მიუგო: – ახლა გარეთ ვეღარ გამოვდივარ და ღამით კარგად არ მძინავს. მერე ახალი ეტლი მაინც არ მეყიდა და ისიც რა ძვირად! შენ ბრონქიტი არასოდეს გქონია? მეუბნებიან, შამპანური საშიშიაო; მე კი დარწმუნებული ვარ, უკეთესი არაფერია.

ჯეიმზ ფორსაიტი წამოდგა.

– შენ მაინც სხვასაც უნდა ჰკითხო რჩევა. ემილიმ სიყვარულით მოგიკითხა. შემოვლა უნდოდა, მაგრამ „ნიაგარაში“ იყო წასასვლელი. ყველა იქ დადის. ეგ არის ახლა მთავარი ადგილი. რეიჩელი ყოველ დილით დადის. ამდენს ვეღარც გაუძლებს და ალბათ მალე ჩავარდება ლოგინად. ამაღამ იქ მასკარადი იმართება. დუკა დაარიგებს ჯილდოებს. სუითინ ფორსაიტმა გაჯავრებით წარმოთქვა: – აქ ვერც ერთი საჭმელი რიგიანად ვერ გავაკეთებინე! კლუბში ისპანახი მაინც ჩინებული იციან. ფეხების ცახცახზე საბანიც უტოკავდა. ჯეიმზ ფორსაიტმა სიტყვა ჩამოართვა: – კარგად მოიგებდი ტინტორეტოს სურათებში. ბლომად დაგრჩებოდა ფული. მიწებიდანაც ცოტა არ შემოგივა. იმდენი გექნება, რომ აღარ გეცოდინება, რა უყო.

ამ სიტყვებზე პირი გააწლაპუნა, თითქოს ნერწყვი მოადგაო.

სუითინ ფორსაიტმა თვალები გადმოუბრიალა.

– ფული! – შესძახა მან. – ჩემს ექიმს უამრავი მიაქვს!

ჯეიმზ ფორსაიტმა ცივი, სველი ხელი გაუწოდა.

– მშვიდობით! მაინც სხვასაც ჰკითხე რჩევა, ცხენებს დიდხანს ვერ გავაჩერებ – ახალი წყვილი მყავს; სამასი დამიჯდა. თავს უნდა გაუფრთხილდე. ბლენკს მოველაპარაკები შენზე, უნდა მოიწვიო – ყველა ამბობს, პირველი კაციაო. მშვიდობით! სუითინ ფორსაიტს თვალი კვლავ ჭერისთვის მიეშტერებინა; გაიფიქრა: „რა საცოდაობაა ჯეიმზი! თავკერძა გლახაკი! ალბათ ორასი ათასი მაინც ექნება!“ ქოშინით სუნთქავდა. წუთისოფლის ფიქრებმა წაიღო... იგი ავადმყოფი და ეული გახლდათ. მრავალ წელს იყო ეული, ამ ორ წელიწადს კი სენმაც დარია ხელი. მაგრამ როგორც თავისი პირველი სიგარა მოსწია ბოლომდე, ასევე გაატარებს თავის სიცოცხლესაც – მტკიცედ და ქედმოუხრელად, ბედისწერისგან განკუთვნილ აღსასრულამდე. ყოველ ცისმარე დღე დადიოდა კლუბში ზამბარიანბალიშებიანი ჩინებული ეტლით. ცოტა წინ წამოწეულს ხელები მუხლებზე ეწყო. უცნაურად ზვიადი იერი ჰქონდა და ოდნავ ირწეოდა. ავიდოდა მარმარილოს დარბაზში. ღაბაბის ნაკეცები საყელოში ჰქონდა ჩაჭედილი და გაჯგიმულად მიდიოდა ჯოხით. შემდეგ ისადილებდა, ყინულიან ვედროში ჩაცივებულ შამპანურის ბოთლს ამოფარებული, პირის ტკბარუნით, დიდრაჯულად შეექცეოდა – ჟილეტზე ხელსახოცი ეფარა და ფარეშს ან ოდნავ უბრიალებდა თვალებს, ან არადა აშტერდებოდა. არასოდეს მოუდრეკია ქედი ან ზურგი, ვინაიდან ურიგო იყო ასე მოქცევა. რაკი მოხუცი და დაყრუებული გახლდათ, არავის ელაპარაკებოდა. არც არავინ ეკონტაქტებოდა. კლუბის ჭორიკანა, ირლანდიელი, ყველა ახალმოსულს ეუბნებოდა: – მოხუცი ფორსაიტი! ერთი შეხედეთ! ალბათ ცხოვრებაში რაღაცამ ძალიან გაამწარა! მაგრამ სუითინს არაფერი შეხვედრია თავის ცხოვრებაში ისეთი, რომ გაემწარებინა.

       ახლა კარგა ხანია იწვა ლოგინში; სიგარის სუნით გაჟღენთილსა და ვერცხლით, ალისფრითა და ელექტროშუქით აელვარებულ-გაჭახჭახებულ ოთახში ფარდები ჩამოეშვათ, ცეცხლი ღუოდა, საწოლის გვერდით მაგიდაზე ქერისნაყენიანი სურა და „ტაიმსი“ იდო. სცადა წაეკითხა; ვერ შეძლო და კვლავ ფიქრებში გაერთო. მის ოთხკუთხნიკაპიანი სახე ბალიშში ჩასმულ თეთრი ტყავის ნაჭერს მიაგავდა. რა მარტო იყო! ოთახში რომ ქალი ყოფილიყო, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა! მერედა რატომ არ შეირთო ცოლი? მძიმედ ამოიხვნეშა და გომბეშოსავით მიაშტერა თვალი ჭერს. მოგონებამ აუშალა ფიქრები. ეს გახლდათ დიდი ხნის – ორმოცზე მეტი წლის წინ. მაგრამ თითქოს გუშინ იყო...

        ეს მოხდა მაშინ, როცა იგი ოცდათვრამეტი წლის იქნებოდა და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მოგზაურობდა კონტინენტზე, ტყუპისცალ ჯეიმზსა და ვინმე ტრეკერთან ერთად. გერმანიიდან ვენეციას მიმავალმა ზალცბურგის სასტუმრო „ოქროს ალპებში“ ამოყო თავი. აგვისტო იწურებოდა და ღვთაებრივი ამინდი იდგა: დღისით კედლებზე მზის შუქი და სუროს ფოთლების ჩრდილი ციაგობდა, ღამღამობით კი – მთვარის შუქი და კვლავ სუროს ფოთოლთა ჩრდილები. სუითინმა სხვათა რჩევას ყური არ ათხოვა და უარი თქვა ციხე-დარბაზის მონახულებაზე. მთელი დღე მარტოკა იჯდა თავისი საწოლი ოთახის სარკმელთან, სიგარას სიგარაზე ეწეოდა და ქირდვით გასცქეროდა გამვლელთ. მოწყენილობამ ნასადილევს ქუჩაში გამოაგდო. მკერდი მტრედის ჩიჩახვივით გამოებერა და მტრედისებურივე რაღაც ცივი და დაკვირვებული თვალით მედიდურად მიალაჯებდა; ეჩოთირებოდა მხედრული მუნდირების სიხშირე, რაც უმაქნისადაც ეჩვენებოდა და შეურაცხმყოფლადაც. მისი ზაფრიანობა კიდევ უფრო გააღრმავა უცხოელთა ბრბომ, რომელიც გაუგებარ ენაზე რატრატებდა, პირი შებანჯგვლული ჰქონდა და მყრალ თამბაქოს ეწეოდა. „უცნაური ხალხია!“ – გაიფიქრა მან. კაფედან გამომავალმა მუსიკის ხმამ მიიზიდა. შევიდა. ბუნდოვნად უღიტინებდა რაიმე თავგადასავლის გადაყრის სურვილი; ოღონდ ისე კი, რომ თავგადასავლის ჩვეულებრივ უსიამო შედეგს არ შეეწუხებინა. თან ეგებ ნასადილევის ავი სულიც უბიძგებდა. კაფე წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ლუდხანა გახლდათ. ორივე ბოლოში კარი ჰქონდა და ხის უზარმაზარი ფარანი ანათებდა. ვიწრო ბაქანზე სამი მევიოლინე უკრავდა. ხალხი სათითაოდ ან ჯგუფ-ჯგუფად შემოსხდომოდა თორმეტიოდე მაგიდას. ფარეშები დაქროდნენ მათ შორის და თასებს ავსებდნენ. ჰაერში თამბაქოს ბუღი იდგა. სუითინი ჩამოჯდა.

– ღვინო! – ბრძანა პირქუშად.

გაკვირვებულმა ფარეშმა ღვინო მოართვა.

– აქ! – იმავე მრისხანე სახით უბრძანა მან.

ფარეშმა დაუსხა.

„ოჰო! – გაიფიქრა სუითინმა, – როცა ნებავთ, ესმით კიდეც“.

      იქვე ახლოს ოფიცრების ჯგუფი ხორხოცობდა. სუითინმა მათ ამრეზით შეხედა. თითქმის მის ყურთან ჩუმი ხველა გაისმა. მხარმარცხნივ ვიღაც კაცი იჯდა, იდაყვები ჟურნალის კიდეებისთვის დაებჯინა და კითხულობდა. გამხდარი ბეჭები ყურებამდე აწეწოდა. თხელი, მოგრძო, ნესტოებში გაგანივრებული ცხვირი ჰქონდა; მუქი წაბლისფერი, მარაოსავით გაჩეჩილი წვერი მკერდზე ეფინა; სახეზე, რაც კი უჩანდა, ძველებური ეტრატის ფერი ედო, უცნაური, შლეგი და თან ამპარტავანი ვინმე უნდა ყოფილიყო! სუითინს ცოტა უსიამოდ ეცა თვალში მისი ტანსაცმელი – ჟურნალისტის ანდა მოხეტიალე მსახიობისას ჰგავდა. მაინც მიიქცია მისი ყურადღება, ესეც საკვირველი იყო. როგორ შეიძლებოდა მისი გულისყური მიეპყრო ასეთ სამოსიან ვიგინდარას! კაცმა გაიწოდა შავი ბანჯგვლიანი ხელი და მოჰკიდა თასს, რომელშიც მუქი სასმელი იდგა. „ბრენდი!“ – გაიფიქრა სუითინმა. წაქცეული სკამის ჯახანმა შეაკრთო – მისი მეზობელი წამოდგა. იგი უზომოდ მაღალი, ოღონდ ძალიან გამხდარი კაცი აღმოჩნდა. ვეება წვერი თითქოს იღვრებოდა მისი პირიდან. თვალებს უბრიალებდა ოფიცერთა ჯგუფს და ლაპარაკობდა. სუითინმა ორი სიტყვა გაარჩია: – „ძაღლებო! გერმანელო ძაღლებო!“ „გვარიანი მაგარი ნათქვამია!“ – გაიფიქრა მან. ერთი ოფიცერი წამოხტა და ხმალი იშიშვლა. ახმახმა სკამს წამოავლო ხელი; ირგვლივ ყველანი წამოცვივდნენ და შემოეხვივნენ მას. ახმახმა შესძახა: „მადიარებო, ჩემკენ!“ სუითინს გაეღიმა. ასე უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული აყლაყუდა ძალაუნებურად აღტაცებას იწვევდა. ერთი წამით თავშიაც კი გაუელვა, მივეშველებიო. მაგრამ იფიქრა, „ცხვირის გატეხის მეტს ვერას გამოვრჩებიო!“ და მყუდრო კუთხეს დაუწყო ძებნა. სწორედ ამ დროს შიგ ყბაში მოხვდა ნასროლი ლიმონი. იგი წამოვარდა ზეზე და მიაშურა ოფიცრებს. უნგრელმა, სკამს რომ იქნევდა, მადლიერი თვალით გადმოხედა. საკუთარი ვაჟკაცობით აღტაცებული სუითინი ერთი წამით გაიბადრა, მაგრამ ვიღაცის ხმალმა გაუკენწლა მკლავი და მყის აიყარა გული უნგრელზე. „ეს კი მეტისმეტია“, გაიფიქრა მან; აიტაცა სკამი და ფარანს ესროლა. გაისმა ჭახანი – სახეები და ხმლის პირები გაუჩინარდა. გაჰკრა ასანთს, მიაშურა კარს და თვალის დახამხამებაში ქუჩაში ამოყო თავი.

II

       ვიღაცამ ინგლისურად მოაძახა: – უფალმა გაკურთხოს, ძმაო! სუითინმა მოიხედა და თვალი მოჰკრა აყლაყუდა უნგრელს, რომელიც ხელს უწვდიდა. ხელი ჩამოართვა და თან გაიფიქრა, რა სიბრიყვე მომივიდაო. უნგრელის ქცევაში რაღაც იყო ისეთი, რაც აგრძნობინებდა, „შენ ჩემი ღირსი ხარო!“ ეს ვერაფრად ეჭაშნიკა, მაგრამ ცოტაოდენი შთაბეჭდილება კი მაინც მოახდინა მასზე. კაცი წინანდელზე უფრო მაღალი ეჩვენა. ლოყა ჰქონდა გაჭრილი და სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა წვერზე.

– ოჰ, ინგლისელებო! – შესძახა მან. – მე მინახავს, როგორ ქოლავდით ჰეინაუს; მინახავს, როგორ მიესალმებოდით კოშუთს. თქვენი თავისუფლებისმოყვარე სისხლი გვენათესავება ჩვენ. – მერე სუითინი შეათვალიერა: – დიდი კაცი ყოფილხართ; სულიც დიდი და მძლავრი გქონიათ – ეჰ, როგორ მირეგვ-მორეგვეთ ისინი!

სუითინი მოკურცხვლის გუნებაზე დადგა.

– მე ბოლეშკე გახლავარ, – უთხრა უნგრელმა, – თქვენ ჩემი მეგობარი ბრძანდებით!

ჩინებულ ინგლისურს ლაპარაკობდა.

„ბალშ-კაი-ე, ბარლშ-კაი-ე, – გაიფიქრა სუითინმა. – რა უცნაური გვარია!“

– მე კი ფორსაიტი ვარ, – მოახსენა მან კუშტად.

უნგრელმა გაიმეორა.

– ლოყა ღრმად გაქვთ გაჭრილი, – უთხრა სუითინმა.

გაბუძგნილი, აჩეჩილი წვერის დანახვა გულს ურევდა. უნგრელმა ლოყაზე მოისვა ხელი, გასისხლიანებულ თითებს დააშტერდა და მუჭაში მოგროვილი წვერის ბღუჯა ჭრილობაზე გულგრილად მიიდო.

– ოჰ, რას შვრებით! – შესძახა სუითინმა. – აი, ჩემი ცხვირსახოცი მიიდეთ!

უნგრელმა თავი დაუკრა.

– გმადლობ! – უთხრა მან. – ვერც კი მოვიფიქრებდი მაგას! მადლობელი ვარ!

– გამომართვით! – დაიბრდღვინა სუითინმა, რომელსაც ეს საქმე ფრიად მნიშვნელოვანი ეჩვენა.

ცხვირსახოცი ხელში მიაჩეჩა და მკლავში ტკივილი იგრძნო, „ოჰო! – გაიფიქრა მან. – კუნთი თუ დამეჭიმა!“ უნგრელი ჩალადაც არ აგდებდა გამვლელებს და ბურტყუნს განაგრძობდა: – ღორები! რა კარგად მირეგვ-მორეგვეთ! ორ-სამს მაინც გაუსკდებოდა თავი!... ჯაბანი ღორები!

– გამიგონეთ! – თქვა ანაზდად სუითინმა. – საით არის „ოქროს ალპები“?

– განა ჩემთან არ შემობრძანდებით ერთი ჭიქა ღვინის დასალევად? – შეეკითხა უნგრელი.

სუითინმა თავი ჩაღუნა. „აზრადაც არ მომსვლია!“ – გაუელვა თავში.

– ოჰ! – შესძახა უნგრელმა ზვიადი იერით. – არ გნებავთ ჩემთან მეგობრობა?

„რა ფხუკიანი ვინმეა!“ – გაიფიქრა სუითინმა.

– რას ბრძანებთ! – ენის ბორძიკით წარმოთქვა მან. – თუკი აგრეა...

უნგრელმა თავის დაკვრით ჩაიბურტყუნა: – ბოდიშს ვიხდი!

ათიოდე ნაბიჯიც არ გაევლოთ, რომ უწვერული, ლოყებჩაცვივნული ჭაბუკი გადაუდგათ წინ.

– ქრისტეს გულისთვის, შემეწიეთ, ბატონებო! – შემოჰღაღადა მან.

– გერმანელი ხართ? – დაეკითხა ბოლეშკე.

– დიახ, – მიუგო ჭაბუკმა.

– მაშ, ჯანდაბას შენი თავი!

– ბატონო, შემომხედეთ!

ყმაწვილმა პალტო გაიღეღა და შიშველი სხეული გამოიჩინა, რომელსაც მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი ტყავის სარტყელი. სუითინს კიდევ მოუარა მოკურცხვლის სურვილმა. მას გულს უმღვრევდა საზარელი წინათგრძნობა, როცა ითვალისწინებდა, რომ ისეთ ამბებში გაიხლართა, რომლებში ჩარევაც ჯენტლმენს არ შეშვენოდა.

უნგრელმა პირჯვარი გადაიწერა.

– ძმაო, – მიმართა მან ჭაბუკს, – შემომყევი შინ!

სუითინმა ალმაცერად გადახედა და ისიც მათ მიჰყვა. ბუნდოვან შუქში ხელის ცეცებით აიარეს რაღაც კიბე და დიდ ოთახში მოხვდნენ, ქუჩაში გამავალი ფანჯრიდან მთვარის შუქი იჭრებოდა, ბუნდოვნად კიაფობდა ლამპა. სასმელებისა და თამბაქოს სუნი იდგა, რომელსაც თითქოს ვარდის ფურცლების ოდნავ საგრძნობი, თავისებური სურნელიც ერთვოდა. ერთ კუთხეში წინწილი იდგა, მეორეში – გაზეთების ვეება გროვა. კედელზე რამდენიმე ძველებური დამბაჩა და ქარვის კრიალოსანი ეკიდა. ყველაფერი კოხტად იყო გაწყობილ-განლაგებული, მაგრამ მტვერი ედო. ბუხართან, მაგიდაზე საჭმლის ნარჩენები ელაგა. ჭერი, იატაკი და კედლები სულ ხის იყო. მიუხედავად უცნაური აღრეულობისა, ოთახს მაინც ერთგვარი ნატიფი იერი ჰქონდა. უნგრელმა კარადიდან ბოთლი გამოიღო, ჭიქები აავსო და ერთი სუითინს მიაწოდა. სუითინმა ფრთხილად მოიყუდა. „კაცმა არ იცის, რას გწევს ბედი! რა გაეწყობა!“ – გაიფიქრა მან და ნელა დალია. ღვინო სქელი, ძალიან ტკბილი, მაგრამ ჩინებული გემოსი ჩანდა.

– ძმებო! – შესძახა უნგრელმა და კვლავ შეავსო ჭიქები. – თქვენი გამარჯვებისა იყოს!

ყმაწვილმა გადაკრა თავისი ჭიქა. სუითინმაც ამჯერად უყოყმანოდ გადაყლურწა. ახლა კიდეც შეებრალა ეს საცოდავი ბიჭი.

– ხვალ შემომიარეთ; ერთ-ორ პერანგს მოგცემთ! – უთხრა მან.

ოღონდ, როცა ყმაწვილი წავიდა, შვებით გაახსენდა, რომ მისამართის მიცემა დაავიწყდა.

„აგრე სჯობია, – გაიფიქრა მან, – უთუოდ ვინმე თაღლითია“.

– თქვენ რა უთხარით იმას? – ჰკითხა სუითინმა უნგრელს.

– მე ვუთხარი, – მიუგო ბოლეშკემ, – თქვენ უკვე მაძღარი ხართ. ღვინოც დალიეთ და ახლა უკვე ჩემი მტერი ხართ-მეთქი!

– სრული ჭეშმარიტებაა, სრული! – კვერი დაუკრა სუითინმა. – მათხოვარი ყოველი კაცის მტერია!

– თქვენ ვერ გამიგეთ, – თავაზიანად მოახსენა უნგრელმა. – სანამ ის მათხოვარი იყო... მეც დამჭირვებია ცხოვრებაში თხოვნა! – (სუითინმა გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებააო“). – მაგრამ ახლა, როდესაც იგი უკვე მაძღარია, უბრალო გერმანელის გარდა სხვა რაღა იქნება? ჩემს ოჯახში ავსტრიელი ძაღლი ფეხს ვერ შემოდგამს!

უნგრელს, როგორც სუითინს ეჩვენა, ცხვირის ნესტოები უშნოდ დაებერა და ხმაც უსიამოდ ჩაეხრინწა.

– მე ლტოლვილი გახლავარ... მთელი ჩემი მოდგმა ლტოლვილია. ეგ უღვთო ძაღლები!

სუითინი სასწრაფოდ დაეთანხმა.

მის ლაპარაკში ვიღაცამ შემოიჭყიტა კარში.

– როჟი! – გასძახა უნგრელმა.

შემოვიდა ყმაწვილი ქალი. ცოტა ტანმორჩილსა და ნატიფად ჩამრგვალებულ-ჩათქვირებულს სქელი ნაწნავი ჰქონდა. გაიღიმა და მწყობრი კბილები გამოუჩნდა. შორი-შორს ჩამჯდარ წყლისფერ, ჟუჟუნა თვალებს ხან ერთს შეავლებდა, ხან მეორეს. სახეც მრგვალი ჰქონდა, მაღალყვრიმალებიანი, გარეული ვარდისფერი, ოდნავ წარბებაპრეხილი. შეშინებულმა, უცბად ლოყაზე იტკიცა ხელი და შეჰყვირა: „მარგიტ!“ დაძახილზე უფროსი და უფრო მაღალი ქალიშვილი გამოჩნდა. მხრებმშვენიერი, დიდთვალა, კოხტაპირიანი და, როგორც შემდგომში სუითინმა გაიხსენა თავისთვის, „სულელურცხვირიანი“. ორივე ქალიშვილი ალერსით შეუდგა მამის ჭრილობის მოვლას. სუითინმა ზურგი შეაქცია მათ. მკლავი სტკიოდა.

„ეს იცის სხვის საქმეში ჩაჩრამ! – გაიფიქრა მან პირქუშად. – შეიძლებოდა კისერიც მომეტეხა!“ ანაზდად ხელში ნაზი, ფაფუკი ხელი ჩაუდეს და ნახევრად მოხიბლულმა, ნახევრად მორცხვმა ორმა თვალმა კდემით შემოანათა. მერე ვიღაცის ხმა გაისმა: „როჟი!“ კარი მიიხურა და იგი ოდნავ შეჩქვიფებული და გრძნობააფორიაქებული, კვლავ მარტო აღმოჩნდა უნგრელთან ერთად.

– თქვენს ქალიშვილს როზი ჰქვია? – ჰკითხა მან. – ჩვენც გვაქვს მაგისთანა სახელი ინგლისში – ვარდს, ყვავილს ნიშნავს.

– როზი კი არა, როჟი ჰქვია,– მიუგო უნგრელმა. – თქვენი ენა მძიმეა, უფრო მძიმე, ვიდრე ფრანგული, გერმანული, ჩეხური; უფრო მძიმე, ვიდრე რუსული ან რუმინული... მეტი კი აღარ ვიცი.

– რაო, – შესძახა სუითინმა, – ექვსი ენა იცით? – გულში კი გაიფიქრა, „კარგი ტყუილიც გცოდნია!“

– თქვენც რომ ჩემისთანა ქვეყანაში გეცხოვრათ, – წაიბუტბუტა უნგრელმა, – სადაც ყველანი შემოგსევიან, თქვენც გეცოდინებოდათ! თავისუფალი ხალხი ვართ... მომაკვდავი... მაგრამ ჯერ მაინც ვცოცხლობთ! სუითინმა თავი და ბოლო ვერ გაუგო მის ნალაპარაკევს. თეთრ ტილოსსახვევიანი ამ კაცის სახე, კუშტი თვალები, ვეება, გაბანჯგვლული წვერი, ბრაზიანი ბუტბუტი, ყრუ ხველება – ყოველივე ეს სულაც არ ეჭაშნიკებოდა სუითინს. უნგრელი თითქოს ცოტა შექანჯალებულად ეჩვენებოდა. მისი ვნებათა ღელვა მართლაც ისე შეუოკებელი, შმაგი და დაუფარავი გახლდათ, რომ ეს უეჭველი გულწრფელობა სუითინის ერთგვარ ძრწოლასა და მოწიწებას იწვევდა. თითქოს გახურებულ ბრძმედში ჩაახედვინაო ვინმემ. ბოლეშკემ შეწყვიტა ბოლთის ცემა.

– თქვენ გგონიათ ყველაფერი გათავდა? – თქვა მან, – მე თქვენ გეუბნებით, რომ ყოველი მადიარის გულში ჯოჯოხეთი ტრიალებს. სიცოცხლეზე ტკბილი რა არის? ყოველ ჩვენს ამოსუნთქვაზე წმინდა რა არის? ოჰ! ჩემი სამშობლო!

ეს სიტყვები ისე მძიმედ წარმოთქვა, ისეთი მძაფრი სევდით, რომ სუითინმა პირი დააღო, მაგრამ ეს მოძრაობა მთქნარებაში ჩაატარა.

– მითხარით, – მიმართა ბოლეშკემ, – რას იზამდით, ფრანგებს რომ დაეპყარით?

სუითინმა გაიღიმა. მერე კი უცბად, თითქოს რაღაცამ უჩხვლიტაო, წაიბურდღუნა!

– მაგ ბაყაყებს? აბა ერთი სცადონ!

– მიირთვით! – უთხრა ბოლეშკემ, – უბადლო ღვინოა! – და სუითინს ჭიქა აუვსო. – ჩემს ამბავს მოგიყვებით.

სუითინი სასწრაფოდ წამოდგა.

– გვიანაა, – მოიბოდიშა მან, – კარგი ღვინო კია. ბევრი გაქვთ?

– ეს უკანასკნელი ბოთლია.

– რაო? – შესძახა სუითინმა. – მერე მათხოვარს დაალევინეთ?

– მე შტეფან ბოლეშკე გახლავარ, კომორნელ ბოლეშკეთაგანი, – თქვა უნგრელმა, ზვიადად თავაწეულმა.

ამ ფრაზის უბრალოებამ, რომელიც თითქოს ღაღადებდა – რაღა საჭიროა მეტი ახსნა-განმარტებაო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სუითინზე და მოსასმენად დარჩა. ბოლეშკეს ამბავი გრძელდებოდა და გრძელდებოდა.

– ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, – ბუბუნებდა მისი ბოხი ხმა, – ბევრი ვნება... ბევრი სიმუხთლე! ვხედავდი, როგორ იქუფრებოდა ღრუბლები... როგორ იგრაგნებოდა ჩვენი ველ-მინდვრების თავზე. ავსტრიელებს ეწადათ, სული ამოეხადათ ჩვენთვის... თავისუფლების აჩრდილი, მარტოოდენ ესღა რომ გვქონდა შემორჩენილი! ორი წლის წინ... ორმოცდარვა წელს, როცა დიდი და პატარა გამოეხმაურა დიდებულ მოწოდებას... ეჰ, ძმაო, რა ძაღლური სიცოცხლეა!... კალამი აწრიპინო, როცა მთელი შენი მოდგმა-ჯილაგი იბრძვის!.. მაგრამ ეს მარგუნა წილად ბედმა! ვაჟიშვილი მომიკლეს ბრძოლაში; ძმები ციხეში ჩამიყარეს... მე კი წუწკი ძაღლივით გამომაძევეს... მთელი ჩემი გულის ძარღვები დავიწყვიტე წერაში; ჩემი სხეულის მთელი სისხლი ამოვაშრე წერაში!..

       იგი ადამიანის აწოწილი ჩრდილივით აღმართულიყო და პირქუში, შფოთიანი თვალები კედლისთვის მიეშტერებინა. სუითინი ადგა და წაიბურტყუნა: – დიდად გმადლობ... ფრიად საინტერესოა. ბოლეშკე აღარ შეჰპატიჟებია, დარჩიო – კვლავ თვალი მიეშტერებინა კედლისთვის.

– ღამე მშვიდობისა! – დაემშვიდობა სუითინი და მძიმედ დაეშვა კიბეზე.

III

ბოლოს, როცა სასტუმრო „ოქროს ალპებს“ მიაღწია, კართან შეშფოთებით მდგარი ძმა და მეგობარი დახვდა. ნაადრევად გამომხმარმა, ქილვაშიანმა ტრეკერმა, შოტლანდიური კილოთი შენიშნა, „კაცო, შენ შექეიფიანებულხარო!“ სუითინმა რაღაც გაურკვევლად წაიბურდღუნა და საწოლს მიაშურა. მკლავზე მცირე ჭრილობა აღმოაჩინა. სასტიკად გაგულისდა – ბედმა ისეთი რამ ანახვა, რისი დანახვა სულაც არ ეჭაშნიკებოდა. მაინც დროდადრო აგონდებოდა როჟი, მისი ფაფუკი ხელი და ეს ესალბუნებოდა და უამებდა გულს. მეორე დილით, საუზმეზე, ძმამ და ტრეკერმა აუწყეს თავიანთი განზრახვა, გზა განვაგრძოთო. ჯეიმზ ფორსაიტმა შენიშნა კიდეც, ეს „კოლექციონერის“ ადგილი არ არის, რადგან „სიძველეთა“ ყველა მაღაზია ან ურიების ანდა ძალიან წუწურაქი ხალხის ხელთაა – ამას უმალვე მივხვდიო. სუითინმა განზე გადადგა თავისი ფინჯანი.

– თქვენ როგორც გნებავთ ისე მოიქეცით, მე კი აქ ვრჩები! – განაცხადა მან.

ჯეიმზ ფორსაიტმა ენის ბორძიკით მიუგო: – რატომ! რად გინდა აქ დარჩენა? აქ არაფერი გესაქმება. თუ ციხე-დარბაზში არ ახვალ, არც სანახავია რამე, და ეგეც არ გინდა.

სუითინმა დაიბრდღვინა: – ვინ მოგახსენა? რაკი გული მოიოხა და თავის ქეიფზე გაიარა, უკეთეს გუნებაზე დადგა. ხელი აბრეშუმის სახვევით ეკიდა ყელზე და მოჭორა, ფეხი დამიცურდა და ვიტკინეო. უფრო გვიან გარეთ გამოვიდა და ხიდისკენ გაუყვა გზას. კაშკაშა მზეში, აბრჭყვიალებული სერების ფონზე, სახლებისა და ეკლესიების წვეტიანი თავები კიაფობდა. ქალაქს ფაქიზი, ხალისიანი ელფერი ედო. სუითინმა ციხე-დარბაზს ახედა და გაიფიქრა: „მაგარი ადგილი ჩანს! არც გამიკვირდება, რომ შეუვალი იყოს!“ და ეს რატომღაც გულში ეამა. ანაზდად უნგრელის სახლის ნახვა მოეპრიანა. დაახლოებით შუადღისას, ორი საათის ყიალის შემდეგ პაპანაქება სიცხისგან ფერმიხდილი, მაგრამ კიდევ უფრო გაჯიუტებული სუითინი უნიათოდ ბლეტდა თვალებს, რომ უცბად ზემოდან დაძახილი მოესმა – „ბატონო!“ აიხედა და როჟი დაინახა. ქალს თავისი მომრგვალებული ნიკაპი ფაფუკ ხელზე დაეყრდნო და ღრმად ჩამჯდარი ჭკვიანი თვალებით გადმოჰყურებდა. სუითინმა რომ ქუდი მოუხადა, ქალწულმა ტაში დაუკრა. სუითინს კვლავ გულში მოუხიცინა, აღტაცებით რომ უყურებდნენ და ეალერსებოდნენ. დაუდევარი, უზრუნველი სახით, რაც სასაცილო იერს ანიჭებდა მის ახმახ, უგერგილო პიროვნებას, კარისკენ გაემართა. ორივე ქალიშვილი კართან გამოეგება.

– Maam selles,– წამოიწყო მან, – ...bon jour... – ე... მამათქვენი ... pere, comment?

– ჩვენც ვიცით ინგლისური, – მოახსენა უფროსმა. – შემობრძანდით, ბატონო! სუითინმა გული მოიცა და შევიდა. დღის სინათლეზე ოთახი გაქუცული და მოუვლელი ჩანდა, თითქოს იგი მუდამ ტრაგიკული და უკუღმართი ბედის ადამიანების ბუდე ყოფილიყოს. სუითინი ისეთი იერით ჩამოჯდა, თითქოს მისი თვალები ამბობდნენ: „მე უცხოელი გახლავარ, მაგრამ ნუ ეცდებით და ვერც მომატყუებთ, გეთაყვა, – ეგ შეუძლებელი საქმეაო!“ გოგონები უხმოდ შეჰყურებდნენ. როჟის ოდნავ მოკლე შავი კაბა და თეთრი ხალათი ეცვა, ბეჭებზე ამოქარგული მოსახვევი მოედო; მისი და მუქ მწვანე კაბაში გამოწყობილიყო და მარჯნის ყელსაბამი ეკეთა. ორივეს დაწნული ჰქონდა თმა. ცოტა ხანი რომ გამოხდა, როჟიმ მის მტკივან მკლავს შეავლო ხელი.

– არაფერია! – წაიბურტყუნა სუითინმა.

– მამა სკამით მაინც იბრძოდა, თქვენ კი სკამიც არ გაგაჩნდათ! – განცვიფრებით თქვა ქალწულმა.

სუითინმა მომუჭა ჯანსაღი ხელი და ჰაერში მოიქნია. მისდა გასაოცრად ქალმა გადაიკისკისა. ამით დაბნეულმა სუითინმა მძიმე მაგიდას ქვემოდან ამოსდო ხელი და ასწია. როჟიმ ტაში შემოჰკრა.

– ოჰ, ახლა კი ვხედავ, რა ღონიერი ყოფილხართ!

თან რევერანსი გაუკეთა და ფანჯრისკენ გაცქრიალდა. სუითინს მისი ჭკვიანი, მკვირცხლი თვალების შემოხედვა აბნევდა. ხანდახან ქალის თვალები მის იქით, თითქოს რაღაც უჩინარს უჭვრეტდნენ, ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა ვაჟკაცს. მარგიტისგან შეიტყო, რომ ისინი ორი წელი ინგლისში ცხოვრობდნენ, სადაც მათი მამა ენებს ასწავლიდა და ამით ირჩენდნენ თავს, ახლა, ერთი წელია, ზალცბურგში ბინადრობენ.

– ჩვენ ველით! – უცბად წამოიძახა როჟიმ და მარგიტმაც საზეიმო იერით კვერი დაუკრა.

– ჩვენ ველით!

სუითინმა თვალები დააჭყიტა, რათა მიმხვდარიყო, რას ელოდნენ. რა უცნაური გამომეტყველება აქვთ, თითქოს სადღაც მის მიღმა რომ იჭვრიტებიან! გოგონების აღნაგობა შეათვალიერა. „კარგი რამ იქნება, ლამაზად რომ ჩააცვა!“ – გაუელვა თავში და სცადა წარმოედგინა როჟი ვიწროწელიან, ლამაზ ფურჩალებიან კაბაში, თან თმაც რომ კოხტად ექნებოდა დავარცხნილი. ისეთი სხარტი ტანი, ფაფუკი თმა და პაწია ხელები აქვს, რომ ჩაცმული მართლაც კარგი იქნება! და უცბად თავისი საკუთარი ხელების, სახისა და სამოსის მოგონებაზე შეწუხდა. წამოდგა, დაუწყო თვალიერება კედელზე ჩამოკიდებულ დამბაჩებს და გული აემღვრა გაქუცული, მტვრიანი ოთახის დანახვაზე. „სამიკიტნოსავით ყარს!“ გაიფიქრა მან. კვლავ როჟის მიუჯდა ახლოს.

– ცეკვა გიყვართ? – ჰკითხა ქალიშვილმა, ცეკვა სიცოცხლეა! ჯერ მუსიკის ხმას რომ გაიგონებ – როგორ აგექავება ფეხები! საოცარია! იწყებ ნელა, მერე აუჩქარებ... კიდევ უფრო აუჩქარებ, უკვე მიქრიხარ... აღარაფერი გახსოვს... ფეხები ჰაერში ნავარდობს. საოცარია!

სუითინს ცოტა შეუფაკლდა სახე.

– ოჰ! – განაგრძობდა როჟი და თან თვალს არ აშორებდა მას, – როცა ვცეკვავ... იქ შორს, სადღაც ველ-მინდვრებს ვხედავ... ფეხები მოძრაობს... ერთი-ორი-სამი... ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, კიდევ უფრო ჩქარა... და!

იგი დაიძაბა, თითქოს ჟრჟოლამ დაუარა მთელ სხეულში.

– მარგიტ, ვიცეკვოთ!

       სუითინის განსაცვიფრებლად ქალიშვილებმა ერთმანეთს მხრებზე ხელები დააწყეს და ფეხების ფრატუნსა და აქეთ-იქით რხევას მოჰყვნენ. თავები უკან გადაეგდოთ, თვალები ნახევრად მიელულათ. უცბად ფეხი ააჩქარეს; ხან ერთ მხარეს იხრებოდნენ, ხან მეორე მხარეს და მერე სწორედ მის წინ დაიწყეს ციბრუტივით ტრიალი. სუითინი ვარდის ფურცლების სურნელში გაეხვია. გოგონები კვლავ ბზრიალებდნენ. მათ ცეკვაში ბოლეშკე შემოვიდა ოთახში. მან ორივე ხელით ჩამოართვა ხელი სუითინს.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძმაო! ოჰ, თქვენ ხომ ნატკენი გაქვთ მკლავი! მე არ დამვიწყებია. – მისი გაყვითლებული სახე და ღრმად ჩამჯდარი თვალები ღირსეულ მადლიერებას გამოხატავდნენ. – ნება მიბოძეთ, ჩემი მეგობარი, ბარონი კაშტელიზი წარმოგიდგინოთ. სუითინმა თავი დაუკრა შუბლდაბალ კაცს, რომელიც ფეხაკრეფით შემოვიდა და ხელთათმანიანი ხელები წელზე ჰქონდა შემოწყობილი. სუითინმა ანაზდად ზიზღი იგრძნო ამ კატისებური, შემპარავი კაცისადმი. ბოლეშკეს ზიზღს ვერ შეჰბედავდი – ეს გამოწვეული გახლდათ ბრძოლაში დაბადებული ამხანაგობის გრძნობით, მისი სახის ზვიადი და მძვინვარე იერით თუ ბუნდოვანი შეგრძნებით, რომ მას ადვილად ვერ აიგდებდი აბუჩად; მაგრამ ეს ნატიფნიკაპიანი, შუბლდაბალი, ხავერდოვანი და თან ცეცხლოვანთვალებიანი კაშტელიზი კი ჭეშმარიტ ინგლისურ გულისწყრომას იწვევდა მასში.

– თქვენი მეგობრები ჩემი მეგობრები გახლავან, – წაიბუტბუტა კაშტელიზმა.

იგი თავაზიანად ლაპარაკობდა, ოღონდ ენა ეჩლიქებოდა. ოთახში გაგრძელებული, მთრთოლვარე ჟღერა გაისმა. სუითინმა მოიხედა და დაინახა, რომ როჟი წინწილს მისჯდომოდა. ქალწულის ხელში პაწია ჩაქუჩები უწყვეტ, ჟღრიალა ბგერებს გამოსცემდნენ უცნაურ ჰანგზე. კაშტელიზს ნაკვერცხლებივით მოელვარე თვალები დამკვრელისთვის მიეპყრო. ბოლეშკე თავს აქნევდა და იატაკს ჩაშტერებოდა, ხოლო სახეგაფითრებული მარგიტი ქანდაკებასავით გაქვავებულიყო. „რა მოსწონთ ამისი? ეს რა ჰანგია!“ – გაიფიქრა სუითინმა და ქუდს ხელი წამოავლო. როჟიმ თვალი მოჰკრა და შედგა. ბაგეები ოდნავ უკმაყოფილო გამომეტყველებამ გაუპო. სუითინს გაუქრა პირადი შეურაცხყოფის გრძნობა და ცოტა კიდეც შეებრალა ყმაწვილი ქალი. როჟი წამოხტა ზეზე და ტუჩებაბზუებით იბრუნა პირი მისგან. სუითინი შთაგონებამ აიტაცა.

– ხვალ სადილად მეწვიეთ „ოქროს ალპებში“, – უთხრა მან ბოლეშკეს, – თქვენი მეგობარიც მოიყვანეთ! იგრძნო, ყველას თვალი როგორ მიაშტერდა მას – უნგრელის ლამაზი თვალები; მარგიტის გაფართოებული სამზერები; კაშტელიზის დაწკურული მხურვალი მზერა და ბოლოს – როჟის თვალები. კმაყოფილების ჟრუანტელმა დაუარა. ქუჩაში რომ ამოყო თავი, პირქუშად გაიფიქრა, „ეგეც ხომ ჩავიდინეო!“ და ვიდრე რამდენიმე ნაბიჯი არ გადადგა, უკან არ მიუხედავს. მერე ნაძალადევი ღიმილით იბრუნა პირი და ფანჯარაში გადმომდგართ ქუდი მოუხადა. მიუხედავად ამ წუთიერი ბოღმიანობისა, მთელ დღეს აღგზნებულ გუნებაზე ბრძანდებოდა და სადილობისას უცნაურ, იდუმალ მზერას არ აშორებდა თავის ძმასა და ტრეკერს. „აბა, ამათ რა იციან ცხოვრების? – ფიქრობდა იგი – შეიძლება, ერთი წელიწადიც გაატარონ აქ და მაინც ვერას გაიგებენ“. ხუმრობდა; ფარეშს ზურგში მენიუ მიაკრა.

– მომწონს ეს ადგილი, – თქვა მან. – აქ სამი კვირა უნდა დავრჩე!

ჯეიმზმა, რომელსაც, ის-ის იყო, ქლიავი უნდა ჩაედო პირში, შეშფოთებით შეხედა.

IV

        სადილის დღეს სუითინი გვარიანად ბორგავდა. უსიამოდ აგონდებოდა ბოლეშკეს ჩაცმულობა. ადრე მოიწვია სტუმრები, რათა უფრო ცოტა ხალხი ყოფილიყო რესტორანში. სადილის დრო რომ მოახლოვდა, ერთგვარი ნატიფი ბრწყინვალებით მოიკაზმა და თუმცა მკლავი ჯერ კიდევ ტკიოდა, სახვევი მოიცილა... „ოქროს ალპებიდან“ სუითინი მხოლოდ სამიოდე საათის შემდეგ გამობრძანდა თავისი სტუმრებითურთ. მზე ჩადიოდა და მდინარის სანაპიროზე სახლები მკვეთრად ისახებოდა ბინდში. ქუჩები შინ აჩქარებით მიმავალ ხალხს აევსო. სუითინს დაბინდულ თვალებში ცარიელი ბოთლები ელანდებოდა, ფეხქვეშ გაშლილი მიწა და მთელი ქვეყნიერება თავისი ეგონა. პირზე ღიმილი ეფინებოდა, როცა აგონდებოდა თავისი ჭკვიანური ლაპარაკი; გაკვირვებული, დაძმარებული სახეები სადღაც უკან მიმჯდარი ძმისა და ტრეკერისა, რომლებიც თავიანთ ჩვეულებრივ იჯრას შეექცეოდნენ. თან სიარულში თავს ძალას ატანდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ვაჟკაცობით თავის სტუმარს ორივე სჯობდა. ბუნდოვნად იცოდა, რომ სადღაც რაღაც მიზნისთვის მიდიოდა. როჟის სახე დაპირებასავით უთამაშებდა თვალწინ. ერთი-ორჯერ კაშტელიზს შეავლო გამყინავი მზერა. მეორე მხრივ, კი ბოლეშკეს მიმართ გულთბილი გრძნობები უღვიოდა გულში და აღტაცებით იხსენებდა, ჟამდაჟამ ძირს როგორ დგამდა იგი გამოყლურწულ ჭიქებს. „მომწონს, მის სმას რომ ვუყურებ, – ფიქრობდა სუითინი, – ბოლოს და ბოლოს, მართლა ვაჟკაცი და ჯენტლმენია“. ბოლეშკე გამწარებული მიაბოტებდა და არაფერს აქცევდა ყურადღებას, კაშტელიზიც წინანდელზე უფრო დაემსგავსა კატას. თითქმის ჩამობნელდა, როცა ვიწრო შუკას მიადგნენ საკათედრო ტაძრის ახლოს. ერთ სახლთან შეჩერდნენ. კარი დედაბერმა გააღო. სუფთა ჰაერიდან გახურებულ, დახუთულ ტალანში შესვლამ, მათ უკან მოხურული კარის ხმაურმა და დედაბრის შეშფოთებულმა მზერამ სუითინი გამოაფხიზლა.

– თქვენზე ვუთხარი მოხუცს, ისე ვაგებ პასუხს, როგორც საკუთარ შვილზე-მეთქი.

სუითინს გული მოუვიდა: ვინ ეკითხება ამ კაცს ჩემზე პასუხისმგებლობასო!

ისინი კაცებითა და ქალებით სავსე დიდ ოთახში აღმოჩნდნენ. სუითინმა შენიშნა, ყველა მას შესჩერებოდა. თავის მხრივ თვითონაც დააშტერდა მათ. ყოველი კლასის წარმომადგენელი ჩანდა იქ. ზოგი შავ სამოსსა ან აბრეშუმის კაბაში იყო გამოწყობილი, სხვანი – მუშა ხალხის ტანსაცმელში. ერთ კაცს, მეჯღანეს, ტყავის წინსაფარიც კი ეფარა, თითქოს პირდაპირ სამუშაოდან გამოქცეულიყოს. ბოლეშკემ მკლავზე დაადო ხელი სუითინს და ეტყობოდა შეკრებილთათვის მისი ვინაობის გაცნობას შეუდგა. ბევრმა ხელი ჩამოართვა. ვინც ვერ მისწვდა, შორიდან უკრავდა თავს. სუითინმა ქედის ოდნავ მოდრეკით უპასუხა მისალმებებს. მერე დაინახა, სხვები სხდებიანო და თვითონაც დაჯდა. ვიღაცამ წაიჩურჩულა მისი სახელი – მარგიტი და როჟი სწორედ მის უკან ისხდნენ.

– გამარჯობა! – უთხრა მარგიტმა; მაგრამ სუითინი როჟის შეჰყურებდა.

როჟის ისე აღელვებული და ათრთოლებული სახე ჰქონდა! „რას ჩოჩქოლობენ? – გაიფიქრა მან. – რა ლამაზია!“ ქალწულს სახე აელეწა, მსწრაფლ მიმალა ხელები და სუითინს იქით, ოთახში გადაიტანა მზერა. „რა ამბავია?“ – გაიფიქრა სუითინმა. ჟინმა მოუარა, უკან გადახრილიყო და ტუჩებში ეკოცნა ქალისთვის. გაჯავრებულმა სცადა, თვითონაც განეჭვრიტა, რას ხედავდა როჟი ერთ მხარეს მიმალულ მთელ ამ სახეებში. ბოლეშკე სალაპარაკოდ წამოდგა. არავინ შერხეულა; მისი ბოხი ხმის გარდა სხვა ბგერა არსად დაძრულა. იგი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა მძვინვარე, ზვიადი კილოთი და მისი ხმის აწევასთან ერთად ყველა სახე, თეთრი თუ შავგვრემანი, თითქოს ერთი და იმავე გრძნობით აღენთო. სუითინმა მათ სახეებში სასტიკი დაძაბულობა შეიგრძნო და აბა ეს რას ჰგავდა! მთელ ამ ლაპარაკში მხოლოდ ერთადერთი სიტყვა გაარჩია – „მადიარი“ – რომელიც მეორდებოდა და მეორდებოდა. ბოლოს თითქმის ჩასთვლიმა. წინწილის ჟღრიალმა გამოაფხიზლა. „რაო? კიდევ ის ჯოჯოხეთური ჰანგია?“ – გაიფიქრა სუითინმა. მარგიტი გადმოიხარა მისკენ და წასჩურჩულა.

– ყური დაუგდეთ! რაკოცია! ეს აკრძალულია!

       სუითინმა შენიშნა, რომ როჟი აღარ იჯდა თავის სკამზე – სწორედ ის უკრავდა იმ აკრძალულ ჰანგს. მან აქეთ-იქით მიმოიხედა – ყოველ მხარეს იგივე გაქვავებული სახეები, იგივე მოჯადოებული გარინდება და მძვინვარე დუმილი სუფევდა. მუსიკის ხმაც ყრუდ ისმოდა, თითქოს მას უჩუმრად უსკდება გულიო. სუითინმა რაღაც ძრწოლა იგრძნო. ის ვეფხვთა ბუნაგი ხომ არ იყო? მსმენელთა იერი, მათი მრისხანე დუმილი შემაძრწუნებელი ჩანდა!.. სავარძლის სახელურებს ჩაებღაუჭა და ოფლმა დაასხა. ნუთუ გარეთ გაძრომა არ შეიძლება? „ჰანგი რომ დასრულდება, ალიაქოთი ატყდება!“ – გაიფიქრა სუითინმა, მაგრამ დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე დუმილი ჩამოწვა. თავში გაუელვა, ახლა რომ მტრულად განწყობილი ვინმე გამოჩნდეს აქ, სულ ლუკმა-ლუკმად დაგლეჯენო. ერთი ქალი ქვითინებდა. ყოველივე ეს აუწერლად ეჩოთირებოდა სუითინს. წამოდგა და გვერდულად გაიძურწა კარისკენ. უცბად გაისმა ძახილი – „პოლიციაო!“. მთელი ხალხი მას მიაწყდა. სუითინი მალე გააღწევდა გარეთ, მაგრამ ცოტა უკან თვალი ჰკიდა წაქცეულ როჟის. მისმა დამფრთხალმა თვალებმა გააგულისა. „მთელი ეს ალიაქოთი ამან გამოიწვია, მაგრამ მაინც არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობაო!“ – გაიფიქრა. პირქუშად და ძალით გაიკაფა გზა მისკენ. ქალიშვილი მოებღაუჭა ვაჟკაცს და სუითინს ჟრუანტელმა დაუარა ძარღვებში. მას მაგრად ეპყრა ქალი და ისე მიიკვლევდა გზას ბრბოში. გარეთ რომ გავიდნენ, ხელი უშვა.

– შემეშინდა, – თქვა როჟიმ.

– შემეშინდაო! – ჩაიბურტყუნა სუითინმა, – დიახაც რომ შეგეშინდებოდათ!

იგი აღარ გაჰკარებია ქალს. სიბრაზემ კვლავ მოუარა.

– თქვენ ისეთი ძლიერი ხართ! – წაიბუტბუტა ქალიშვილმა.

– აქ თქვენ არაფერი გესაქმებათ, – დაიბრდღვინა სუითინმა, – შინ უნდა წაგიყვანოთ!

– ოჰ! – შესძახა როჟიმ. – მერე მამიკო და მარგიტი?

– მათ თვითონ იციან თავიანთი საქმე! – და გააქანა იგი შინისკენ.

ქალმა მკლავქვეშ შეუცურა ხელი. მისი ნაზი, ნატიფი სხეული ოდნავ ეხებოდა და ყოველი შეხება სულ უფრო და უფრო უძლიერებდა ავგუნებობას. სუითინს სწვავდა უთავბოლო, უკუღმართი რისხვის ალი, თითქოს მასში ჩაბუდებული ყოველი ვნება დუღს და გადმოხეთქვას ლამობსო; თითქოს გესლი ცდილობდა გზის პოვნას მის დონდლო, მძიმე სხეულში. იგი ჯიუტად დუმდა. როჟისაც არ დაუძრავს კრინტი; მაგრამ სახლის კარს რომ მიაღწიეს, ხელი გამოაძრო მკლავიდან.

– თქვენ ჯავრობთ! – უთხრა მან.

– ვჯავრობ? – სულაც არა! – წაიბუტბუტა სუითინმა. – საიდან მოიგონეთ?

მას მწველმა სურვილმა მოუარა, ეკოცნა მისთვის.

– დიახ, გაჯავრებული ხართ, – გაიმეორა ქალმა, – მე აქ დავუცდი მამიკოსა და მარგიტს. კედელთან ასვეტილმა სუითინმაც დაუწყო მათ ლოდინი. ერთი-ორჯერ, რაკი გამჭრიახი მხედველობა ჰქონდა, შენიშნა, როგორ შეავლო ქალმა თვალი ფარვით, მავედრებელი თვალი; მან კი რაღაც ერთგვარი სიამოვნებით კიდევ უფრო გაიქვავა გული. ხუთიოდე წუთის შემდეგ ბოლეშკე, მარგიტი და კაშტელიზიც გამოჩნდნენ. როჟი რომ დაინახეს, შვებით შეჰყვირეს; კაშტელიზმა კი თვალი შეავლო სუითინს და თან ქალის ხელს დაეკონა. როჟის შემოხედვამ თითქოს აგრძნობინა, ამას თქვენც ხომ არ ინებებდითო? სუითინი კი უკმეხად შემოტრიალდა და გზას გაუდგა.

V

       სუითინს თითქმის მთელი ღამე არ ეძინა – თავის სიცოცხლეში პირველად შფოთავდა ასე. ერთხელ წამოხტა კიდეც ლოგინიდან, აანთო სანთელი, მიადგა სარკეს და დიდხანს, გულმოდგინედ ისინჯავდა თავს. მოგვიანებით ჩაეძინა, მაგრამ შემაძრწუნებელი სიზმრები ეზმანა. რომ გაეღვიძა, პირველად თავში გაუელვა – „ღვიძლი თუ მტკივაო!“ თავზე ცივი წყალი გადაივლო, სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. მალე სასტუმროც მოიტოვა უკან. ყველაფერს ნამი ედო. ბუჩქებში შაშვები ჭახჭახებდნენ. სუფთა და კამკამა ჰაერი იდგა. არ ახსოვდა, პატარა ბიჭობის მერე ასე ადრიანად წამომდგარიყოს. რატომ მიაბოტებდა ჩანოტიებულ ტყეში ამ დილაადრიან? რაღაც აუტანელმა, ძნელად მოსანელებელმა და უჩვეულომ თუ გამოაგდო გარეთ. ჭკუათმყოფელი აბა ვინ ჩაიდენდა ამას! უცბად შედგა და ლასლასით გამობრუნდა შინისკენ. სასტუმროს რომ მიაღწია, ისევ ლოგინში ჩაწვა და ესიზმრა, ვითომ სადღაც მიყრუებულ კუთხეში ცხოვრობდა, მწერებით სავსე ოთახში; პირისფარეშს, როჟის, ხელთ ცოცხი ეჭირა და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა მას. თითქოს სასწრაფოდ სადღაც უნდა გამგზავრებულიყო. იგი სთხოვდა როჟის, მოემზადებინა მისი ნივთები, ოღონდ ჩემოდანში ჩალაგებამდე გულმოდგინედ გაეფერთხა. შეიტყო, რომ ეს საქმე ოცდაორი შილინგი დაუჯდებოდა; ეძვირებოდა, ყოყმანობდა. „არა, მე თვითონ ჩავალაგებ და წავიღებო“, – წაიბუტბუტა. პირისფარეში უცებ რაღაც გალეულ არსებად იქცა და სუითინს გულისტკივილით გამოეღვიძა.

        თვალი მოჰკრა თავის დასველებულ წაღებს. ყოველივე ამან ძალიან დააფრთხო და სწრაფად წამოხტა, ჩემოდნებში ტანსაცმლის ჩაყრას შეუდგა. თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ქვემოთ ჩავიდა. მისი ძმა და ტრეკერი კვლავ მაგიდასთან ისხდნენ და მოგზაურობის გეგმას აწყობდნენ. სუითინმა სახტად დატოვა ისინი, რომ თქვა, მეც მოვდივარო. მეტი აღარ გაუგრძელებია სიტყვა – პირდაპირ საჭმელს ეცა. ჯეიმზს გაგონილი ჰქონდა, ამ სანახებში სადღაც მარილის მაღაროები მოიპოვებაო. მისი წინადადება იყო, ერთი-ორი საათით გზაში შეჩერებულიყვნენ მათ დასათვალიერებლად. ჯეიმზმა თქვა: „ყველა გვკითხავს, მარილის საბადოები ნახეთ თუ არაო, და მე სულაც არ მეჭაშნიკება ვთქვა, არა, არ გვინახავს-მეთქი. იტყვიან, აბა, რაღას მიემგზავრებოდით იქ, თუ მარილის საბადოებს არ ნახავდითო?“ თანაც ყოყმანობდა, მეორე ფარეშსაც, ერთ დოყლაპია ვინმეს, მივცეთ გადასაკრავი ფული თუ არაო. გაიმართა კამათი, მაგრამ სუითინი პირქუშად განაგრძობდა ჭამას იმ შეგნებით, რომ მისი გონება უფრო დიდ საქმეთა განსჯაში გახლდათ. ანაზდად ქუჩის იქითა მხარეს როჟიმ და მისმა დამ ჩაიარეს. მკლავებზე პაწია კალათები ჰქონდათ გადაკიდებული. სუითინი წამოხტა. სწორედ ამ დროს როჟიმაც მოიხედა. მისი სახე პირდაპირ ცდუნების განსახიერებას წარმოადგენდა – ზეაწეული ნაზი ნიკაპი, ცოტა წამოწეული ქვედა ბაგე, ყარყარა ყელი. სუითინმა წაიბურდღუნა: თქვენი საქმე თავად მოაგვარეთ, მე თავი დამანებეთო! გავარდა დარბაზიდან და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი და შეშფოთებული ჯეიმზი მიატოვა. მაგრამ ქუჩაში რომ გამოვიდა, ქალიშვილები უკვე აღარსად ჩანდნენ. ეტლი გააჩერებინა. „გარეკე!“ – უბრძანა მეეტლეს ჯოხის გაქნევით და როგორც კი ბორბლებმა ქვაფენილზე დაიწყო რახრახი, საზურგეზე გადაწვა და ფრთხილად შეუდგა აქეთ-იქით თვალის დევნებას. მალე გადაუწყდა მათი პოვნის იმედი, მაგრამ მეეტლეს მაინც აპროწიალებდა წაღმა-უკუღმა. მთელი დღე დაქროდა შორს, ქალაქგარეთაც გაიჭრა და მაინც კიდევ აგულიანებდა მეეტლეს – უფრო აუჩქარეო. უცნაურ აფორიაქებასა და აღგზნებას განიცდიდა. ბოლოს ერთ სოფლურ დუქანში ისადილა და ამან უფრო გააღიზიანა – საზიზღარი სადილი გამოდგა. გვიან საღამოს უკან დაბრუნებულს ტრეკერის ბარათი დახვდა. „კაცო, სრულ ჭკუაზე ხარ? – კითხულობდა იგი. – ჩვენ აღარ გვქონდა დრო აქ ტყუილუბრალოდ ჩალიჩობისთვის. თუ ჩვენთან ყოფნა მოგინდება, ვენეციაში, დანიელის სასტუმროში ვიქნებით“. სუითინმა ჩაიცინა ამის წაკითხვაზე. სასტიკ დაღლას გრძნობდა. ჩაწვა ლოგინში და მკვდარივით ჩაეძინა.

VI

სამი კვირის შემდეგ სუითინი კვლავ ზალცბურგს იმყოფებოდა; ოღონდ სასტუმრო „ოქროს ალპებში“ კი არ ბინადრობდა, არამედ ბოლეშკეთა ახლოს მდებარე ერთი დუქნის მეორე სართულზე. მთელი პატარა ქონება გაფლანგა ყვავილების ყიდვაში. მარგიტი დაღუღუნებდა თავს მათ, ხოლო როჟი ზომიერად თქმული „დიდი მადლობით“, თითქოს ეს მისი უფლება ყოფილიყოს, დიდხანს იცქირებოდა სარკეში და ერთ ყვავილს თმაში იბნევდა. სუითინს აღარაფერი აკვირვებდა, რაც უნდა ჩაედინათ დებს. ერთ საღამოს ბოლეშკე ვიღაც ფერმკრთალ, გაბურძგნილ კაცთან მუსაიფში გართული დახვდა.

– ჩვენი მეგობარი ბატონი ფორსაიტი – გრაფი დ. – გააცნო ისინი ერთმანეთს. სუითინმა უნებურად ოდნავ რაღაც რიდი იგრძნო ამის გაგონებაზე, მაგრამ გრაფის შარვალს რომ დახედა, გაიფიქრა: „ვერაფერი შვილი გრაფი ჩანსო!“ ირონიული ღიმილით დაუკრა თავი მდუმარე ქალიშვილებს, პირი იბრუნა და ქუდს ხელი მოჰკიდა. მაგრამ ჩაბნელებული კიბის ძირს რომ მიაღწია, ფეხის ხმა მოესმა. როჟიმ სირბილით ჩამოიქროლა, გარეთ გაიხედა და თითქოს იმედგაცრუებულმა მკერდზე მიიდო ხელები. ანაზდად მოიხედა და თვალი მოჰკრა მას. სუითინმა მკლავში სტაცა ხელი. ქალი გაუსხლტა და სახე თითქოს გამომწვევი იერით თუ სიცილით გაუხალისდა. როჟიმ სამიოდე საფეხური აირბინა. შედგა. მერე მხარუკუღმა მოხედა და აღმა მოკურცხლა. სახტად დარჩენილი, გაოგნებული სუითინი განაწყენებული გამობრძანდა გარეთ და გზას დაადგა. „ნეტავი რისი თქმა უნდოდა?“ – თავში სულ ეს უტრიალებდა სუითინს. ამ სამ კვირაში ათასი კითხვა უბურღავდა ტვინს: ხომ არ ასულელებენ? მართლა ხომ უყვარს როჟის? ან თვითონ რას აკეთებს აქ? და ხანდახან, ღამით, როცა სანთლებს აანთებდა, თითქოს სინათლეს არის მოწყურებულიო, ხოლო ფანჯრიდან სიო უბერავდა, სუითინი ნახევრად მოწეული სიგარით ხელში საათობით იჯდა და მიშტერებოდა კედელს. „მეყო!“ – გაიფიქრებდა ხოლმე იგი ყოველ დილით. ორჯერ მთლიანად აიბარგა; ერთხელ სამგზავრო ეტლის მორთმევაც ბრძანა, მაგრამ მეორე დღეს გააუქმა ბრძანება. დაბეჯითებით არ იცოდა, რისი იმედი ან რა ზრახვა შეიძლებოდა ჰქონოდა, რა გადაეწყვიტა. სულ როჟიზე ფიქრობდა – ვერ გამოეცნო მისი უცნაური გამომეტყველების აზრი. ქალწულს მარწუხებში ჰყავდა მოქცეული, თუმცა მის ირგვლივ ყველაფერი სუითინის არსებობის სწორედ წმიდათაწმიდას ემუქრებოდა შებღალვით. მერე ბოლეშკე! როცა კი თვალს შეავლებდა მას სუითინი, მყის გაიფიქრებდა – ნეტავი ფაქიზი მაინც იყოსო! და თითებით უნებურად მოსინჯავდა კოხტად განასკვულ საკუთარ ყელსაბამს. მასთან ლაპარაკში ხომ თითქოს იძულებული იყო ისეთი საგნებისთვის შეეხედა, რომელნიც დღის სინათლეზე არც გამოიჩინებიან – თავისუფლება, თანასწორობა, თავდადება! „რატომ რაიმე საქმეს არ მოჰკიდებს ხელს, მთელი ამ ფუჭი ლაყბობის ნაცვლად?“ – ფიქრობდა სუითინი. ბოლეშკეს ანაზდეული ყოყმანი, გულშეუჯერებლობა, თვითგვემა და სასოწარკვეთილება აღიზიანებდა მას. „ხუშტურიანი ვინმეა! – ჩაიბუტბუტებდა ხოლმე სუითინი. – მადლობა ღმერთს, მე არ მაქვს აგრე თხელი კანი! თან რა ამპარტავანია! – გასაოცრად! მერე ისიც მაგისთანა ღატაკი კაცი!“ ამასთანავე ერთ საღამოს ბოლეშკე მთვრალიც მობრძანდა შინ. სუითინმა იგი მის საწოლ ოთახში შეათრია, ტანთ გაახდევინა და მანამ არ მოშორებია, სანამ არ ჩაეძინა. „მეყო ეს სიკეთე! – გაიფიქრა მან. – საკუთარი ქალიშვილების წინაშე მაინც არ გალეშილიყო!“ ამის შემდეგ გახლდათ, რომ ბრძანა, სამგზავრო ეტლი გამიმზადეთო. მეორედ მაშინ ჩაალაგა ბარგი, როცა ერთ საღამოს არა მარტო ბოლეშკემ, თვით როჟიმაც ხელით მიირთვა წიწილი.

       დილაობით სუითინი სიგარის მოსაწევად ხშირად დადიოდა მირაბელში. ჩაფიქრებული, გულგრილად მისჩერებოდა ქანდაკებებს – ნახევრად გმირი ვაჟკაცები რომ იტაცებდნენ ნახევრად შეჭირვებულ დიაცებს. ქუდს ჩამოიფხატავდა, რომ მზისგან დაეფარა ცხვირი და სიამით ატარებდა ასე მთელ საათს. კიბეზე როჟი რომ გაუსხლტა ხელიდან, სუითინი იმის მეორე დღესაც ჩვეულებისამებრ მივიდა ბაღში. ლაჟვარდოვანი დილა იყო; მზის შუქი დასთამაშებდა ძველებურ, კარგად მოვლილ, გაწიკწიკებულ ბაღს, მის ურთხლებს, ნახევრად სერიოზულ, ნახევრად კომიკურ ქანდაკებებსა და გარგარისა და ქლიავის რიგებს. როცა სუითინი მიუახლოვდა თავის სკამს, ვინ დახვდებოდა იქ, თუ არა როჟი!

– დილა მშვიდობისა, – წაიბურტყუნა სუითინმა. – მაშ თქვენ იცოდით, რომ ეს ჩემი სკამი იყო?

როჟიმ თვალები დახარა.

– დიახ, – მიუგო მან.

სუითინი სახტად დარჩა.

– ხომ იცით, რომ ძალიან უცნაურად და სასაცილოდ მეპყრობით?

სუითინის განსაცვიფრებლად როჟიმ თავისი ნაზი, პაწია ხელი ძირს დაუშვა და მის ხელს შეახო. მერე კრინტის დაუძრავად წამოხტა ზეზე და მოკურცხლა. სუითინს ერთი წუთი მაინც დასჭირდა, რომ გონს მოსულიყო. ირგვლივ ხალხი ირეოდა. გაქცევაც არ უნდოდა, მაგრამ ხიდზე მაინც მიეწია და მისი ხელი მკლავში ამოიდო.

– ეგ არ უნდა გექნათ, – უთხრა მან. – ხომ იცით, მე არ უნდა გამირბოდეთ.

როჟიმ გადაიკისკისა. სუითინმა მოაშორა მკლავი; თან ჟინმა მოუარა, ერთი კარგად შეენჯღრია ქალი. კარგა ხანს იარა ჩუმად და შემდეგ იკითხა: – ეგებ კეთილი ინებოთ და მითხრათ, რისთვის მოხვედით და დაჯექით იმ სკამზე?

როჟიმ თვალები შეანათა.

– ხვალ დღესასწაულია, – მიუგო მან.

სუითინმა ჩაიბურტყუნა: – მერე ეგ არის და ეგ?

– თუ თქვენ არ წაგვიყვანთ, ჩვენ ვერ წავალთ.

– ვთქვათ, მე უარი ვთქვი, – განაცხადა სუითინმა პირქუშად. – სხვებიც ბევრნი არიან!

როჟიმ თავი ჩაღუნა და ფეხი ააჩქარა.

– არა, – წაიჩურჩულა მან, – თუ თქვენ არ წამოხვალთ, მე არ მინდა წასვლა.

სუითინმა ისევ ამოიჩარა მისი ხელი იღლიაში. რა ფაფუკი და ნაზი ხელია! სცადა სახეში შეეხედა ქალისთვის. როჟი რომ სახლს მიუახლოვდა, სუითინი დაემშვიდობა – რაღაც ბნელი, იდუმალი მიზეზის გამო არ უნდოდა, მასთან ერთად ენახათ. მანამდე უყურებდა, სანამ არ მიიმალა და მძიმედ გაუდგა გზას ბაღისკენ. როცა იმ ადგილს მიაღწია, სადაც ქალი იჯდა, ნელა მოუკიდა სიგარას, მოსწია, ამის შემდეგაც დიდხანს იჯდა მდუმარე ქანდაკებების წინაშე.

VII

       ფარდულების გარშემო ბრბო ჩოჩქოლებდა. სუითინი იძულებული გახდა მკლავი შეეთავაზებინა ქალიშვილებისთვის. „თითქოს ვინმე პატარა კოკნი კლერკი ვიყო!“ – გაუელვა თავში. მისი უკმაყოფილება არავის შეუნიშნავს – გოგონები რატრატებდნენ, კისკისებდნენ, ჩანდა, მთელი ამ ალიაქოთის ყოველი სანახაობა, ყოველი ხმა პირდაპირ გულში სწვდებოდათ. სუითინი დაცინვით ადევნებდა თვალს – მათი ხალისიანი ჟღურტული და მოწონების ხმადაბალი ღუღუნი უზნეობად და უზრდელობად ეჩვენებოდა. სქელ ბრბოში სუითინმა ნელა დასხლიტა ხელი მარგიტს, მაგრამ როგორც კი თავისუფლად დაიგულა თავი, დაუპატიჟებელი ხელი კვლავ შემოუცურდა მკლავქვეშ. კიდევ სცადა, მაგრამ მარგიტი, მხიარული, საამურ გუნებაზე მყოფი, კვლავ ამოეტუზა გვერდში და თავის მარცხი სუითინს ამჯერად სასაცილოდ ეჩვენა. ოღონდ, როცა როჟი გადაიხრებოდა მისკენ, მისი ფუნთუშა ღაწვი, მოღიმარი ბაგე, გრემა თვალების იდუმალი, უცნაური ჟუჟუნი ვნებიან ჟრუანტელს ჰგვრიდა. იგი იძულებული გახდა ეყურყუტა, ვიდრე ისინი ბოშა დედაკაცს ეყბედებოდნენ, რომლის აბურდული თმა და გაძვალტყავებული ხელები სამართლიან ზიზღს იწვევდა მასში. „სისულელეა!“ – წაიდუდღუნა მან, როცა როჟიმ ხელისგული გაუწოდა დედაბერს. ბებერმა ჩაიბურტყუნა და წყრომით შეავლო თვალი კაცს. როჟიმ გამოსტაცა ხელი ბოშას და პირჯვარი გადაიწერა. „სისულელეა!“ – კვლავ გაიფიქრა სუითინმა; სტაცა მკლავებში ხელი ქალიშვილებს და იქაურობას მოაშორა.

– რა თქვა ბებერმა კუდიანმა? – იკითხა მან.

როჟიმ თავი გააქნია.

– ნუთუ მაგათი გჯერათ?

ქალს ცრემლით აევსო თვალები.

– ბოშები ბრძენები არიან, – ჩაიჩურჩულა მან.

– მერედა რა გითხრათ?

ამჯერად როჟიმ დაფეთებულმა მოავლო ირგვლივ თვალი და ბრბოში შერგო თავი. ცოტაოდენი ძებნის შემდგომ ისევ იპოვეს იგი და შეშინებულმა სუითინმა დაიბუხუნა: – ასე არ უნდა იქცეოდეთ, ურიგოა! ამაღლებულ ადგილას სამხედრო ორკესტრი უკრავდა. ამ ჯადოსნურ წრეში მოხვედრის უფლებისთვის სუითინმა სამი კრონი გადაიხადა და, რასაკვირველია, საუკეთესო ადგილები ირჩია. ღვინოც მოატანინა და დასხმისას ცალ თვალს როჟის არ აცილებდა. ამ ალიაქოთში სულ დაიკარგა მისი გუშინდელი მფარველური სინაზე-სისათუთე. ბოლოს და ბოლოს ყველა თავის თავს გაუფრთხილდეს! ლოყები კვლავ აელეწა ქალიშვილს, თან კისკისებდა და მანჭავდა ტუჩებს. ანაზდად როჟიმ განზე გასწია თავისი ფიალა.

– დიდად გმადლობ, – კმარა! – თქვა მან.

მარგიტმა, სიცილით შესძახა: – Lieber gott! განა დიდებული არ არის სიცოცხლე?

ეს ისეთი კითხვა არ გახლდათ, რომ სუითინს ეკისრა მასზე პასუხის გაცემა. ორკესტრმა ვალსი დაუკრა.

– ახლა ცეკვა დაიწყება. Lieber gott! განა საოცარი არაა სანათურები?

ლამპები ხეებში ციცინათელების გუნდივით ციმციმებდა. ვეება სკასავით ისმოდა ზუზუნი. გამვლელთა სახეები ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ბრბოში. როჟი მოჯადოებულივით შეჰყურებდა მათ, თითქოს ეს გამოჩენა და გაქრობა დიდად საამო რამ ყოფილიყოს.

მოედანი მალე ბზრიალა წყვილებით აივსო. როჟიმ ტაქტს შეუწყო თავის ქნევა.

– ოჰ, მარგიტ! – წაიჩურჩულა მან.

სუითინი გაიფუყა და აიმრიზა. ვიღაცა კაცმა ქუდი მოუხადა და მკლავი შესთავაზა მარგიტს. ქალმა მხარუკუღმა მოხედა სუითინს, რათა დაეშოშმინებინა.

– მეგობარია, – მოაძახა მან.

სუითინმა როჟის შეხედა – მას თვალები უბრწყინავდა, ბაგეები უთრთოდა. ქალმა გამოაცურა ხელი მაგიდაზე და ვაჟკაცის თითებს შეეხო. მერე თვალები შეანათა – მუდარა, საყვედური, სინაზე, ყველაფერი შიგ იყო ასახული. ნუთუ საცეკვაოდ იწვევს? ნუთუ იმ ნაძირალებში სურს გარევა? ნუთუ უნდა, რომ თვითონ ისიც ამ ორომტრიალში ჩაითრიოს? ვიღაცის ხმამ თქვა, „საღამო მშვიდობისაო“. მათ წინაშე წელში გამოყვანილ შავ მუნდირში გამოწყობილი კაშტელიზი იდგა.

– თქვენ არ ცეკვავთ, როჟი კოჟანონი? ნება მიბოძეთ, მე გაგიწვიოთ.

       მკლავი შესთავაზა. სუითინს ძირს დაეხარა თვალები. საცეკვაოდ გასვლისას როჟიმ შემოხედა და სრულიად მკაფიოდ, თითქოს სიტყვებით ეთქვას, ანიშნა, თქვენ არ გინდათო? მაგრამ პასუხის ნაცვლად სუითინმა თვალი აარიდა; ხოლო, როცა კვლავ იქით მიიხედა, ქალი უკვე აღარ ჩანდა. სუითინმა ანგარიში გაისტუმრა და ბრბოს შეერია. მიმავალს ალმურავარდნილმა და აქაქანებულმა როჟიმ ჩაუქროლა გვერდით. ქალი გადმოიხარა უკან, თითქოს მისი შეჩერება უნდაო და სუითინმა მის თვალებში აკიაფებული ცრემლი შენიშნა. მერე კვლავ დაეკარგა იგი თვალთაგან. ერთად ყოფნის პირველსავე წუთს მიატოვოს და ისიც იმ თავწვრილა, თვალებდაჭყეტილი მატრაკვეცას გულისთვის? ეგ უკვე მეტისმეტი იყო! და უცბად თავში გაუელვა, რომ როჟი მარტო დარჩა კაშტელიზთან – მარტო ღამეში და სახლიდან შორს. „ჰოდა, მე რა მენაღვლება!“ – გაიფიქრა მან და კვლავ განაგრძო მუჯლუგუნებით გზის გაკაფვა ბრბოში. ახია იმაზე, ამისთანა ხალხს რომ გაუყადრა თავი! ზეიმი მიატოვა, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა, მით უფრო ერეოდა ბოღმა; მით უფრო საზარლად ეჩვენებოდა შეურაცხყოფა, უფრო უღრმავდებოდა ეჭვიანობა. „გლახაკი ბარონი!“ – უტრიალებდა მას თავში. გვერდში ვიღაც აეტუზა – ბოლეშკე იყო. სუითინი ერთი თვალის შევლებით მიხვდა, რა ყოფაშიც ბრძანდებოდა იგი. კიდევ გალეშილა! ამან კი გაუწყვიტა მოთმინების უკანასკნელი ძაფიც. საუბედუროდ ბოლეშკემ იცნო. იგი ფრიად აღელვებულ-აფორიაქებული ჩანდა.

– სად არიან ჩემი ქალიშვილები? – წამოიწყო მან.

სუითინმა გასხლტომა სცადა, მაგრამ ბოლეშკემ მკლავში სტაცა ხელი.

– გამიგონე, ძმაო! – უთხრა მან. – ამბავი მოვიდა ჩემი სამშობლოდან! ზეგ...

– ეგ ამბავი თქვენთვის შეინახეთ! – წაუღრინა სუითინმა და მკლავი გამოჰგლიჯა. მან პირდაპირ თავის ბინას მიაშურა და შუქჩამქრალ სასტუმრო ოთახში ხმელ ტახტზე წამოწოლილმა მწარე ფიქრებს მისცა თავი. ბოღმის მიუხედავად, როჟის მოსხლეტილი ტანი, გაბუტული ბაგეები და ცუღლუტური, მავედრებელი თვალები მაინც არ ასვენებდნენ.

VIII

       სუითინმა დილით ეტლის შოვნა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა სახვალიოდ გადაედო გამგზავრება. მოღუშული და ნისლიანი დღე იყო. იგი დაკარგული, გზააბნეული ძაღლივით დაძრწოდა ქალაქში. შინ გვიან დაბრუნდა. სასტუმრო ოთახის კუთხეში როჟი ატუზულიყო. გამარჯვების თრთოლვა და შვების გრძნობა, რომელმაც იგი შეიპყრო, ბაგეზე შეპარულ ოდნავ ჩაღიმებაში გამოხატა მხოლოდ. როჟის კრინტი არ დაუძრავს; სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მისი მდუმარება მძიმედ დააწვა გულზე სუითინს. ქალი აიძულებდა, მას გაეტეხა ნავსი. რად იფარებდა ხელებს? თვითონ მისი სახე ხომ ღია იყო? რატომ არ იღებს ხმას? აქ რად არის? – ისიც მარტო! უთუოდ რაღაც უკუღმართობაა! ანაზდად როჟიმ ძირს დაუშვა ხელები. ალეწილი სახე უთრთოდა. თითქოს ერთი სიტყვა, თუნდ ერთი ნიშანიც და ცრემლი წასკდებაო. სუითინი ფანჯარას მიადგა. „დაე გონს მოვიდეს!“ – გაიფიქრა და ამ დუმილით რატომღაც გაოგნებული, უცბად მოტრიალდა და მკლავებში სტაცა ხელი. როჟი ჯერ უკან მიაწყდა, მერე წინ წატორტმანდა და სახე მის მკერდში ჩარგო... ნახევარი საათის შემდეგ სუითინი ბოლთას სცემდა თავის ოთახში. ვარდის ფურცლების სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. იატაკზე ხელთათმანი ეგდო: აიღო და კარგა ხანს ეჭირა იგი ხელში. თავში ათასნაირი ფიქრი და გრძნობა უტრიალებდა. ეს გახლდათ ყველაზე უწმინდესი და ყველაზე ნაკლებ თავკერძა ჟამი მისი ცხოვრებისა; ჟამი, როცა ეს ქალი დანებდა მას. მაგრამ ამ წმინდა მადლიერების გრძნობამ, გამოწვეულმა ქალის ცეცხლოვანი, გულმხურვალე, ალალი თავშეწირვითა და თავდავიწყებით, დიდხანს არ გასტანა. მას მოჰყვა ზეიმის წვრილმანი გრძნობა და უხერხული დაბნეულობა. ჯერ კიდევ ხელთ ეჭირა პაწია ხელთათმანი, რომ ახლა სხვა სტუმარი გამოეცხადა. ეს გახლდათ კაშტელიზი.

– რით შემიძლია გემსახუროთ? – დაცინვით შეეკითხა სუითინი.

უნგრელს, ეტყობოდა, ბოღმა ახრჩობდა. რატომ დაყარა ბედის ანაბარა ქალიშვილები წინა ღამეს? რით იმართლებს თავს? რა ჰქვია ასეთ ქცევას?

სუითინმა, ამჟამად ბულდოგს რომ ძალიან ჰგავდა, მიუგო: ეგ რა შენი საქმეაო.

ეს გახლავთ ჯენტლმენისა და ვაჟკაცის საქმე! რა უფლება აქვს ინგლისელს, ყმაწვილ ქალს რომ დასდევს?

– დასდევსო? – სიტყვა ჩამოართვა სუითინმა, – მაშ თქვენ ჯაშუშობდით?

– ვჯაშუშობდი?... მე... კაშტელიზს... მაურუს იოჰანს... ეგ ხომ შეურაცხყოფაა!..

– შეურაცხყოფა! – დაცინვით ბრეცდა ტუჩებს სუითინი. – თქვენ გნებავთ მითხრათ, რომ სწორედ ახლა ქუჩაში არ ბრძანდებოდით?

კაშტელიზმა პასუხად წაისისინა: – თუ თქვენი ნებით არ დატოვებთ ამ ქალაქს, მე დაგატოვებინებთ ჩემი ხმლით... გესმით?

– თქვენ კი თუ არ დატოვებთ ჩემს ოთახს, ფანჯრიდან გადაგიძახებთ!

რამდენიმე წუთს კაშტელიზი წმინდა უნგრულ ენაზე ლაპარაკობდა, ხოლო გაშტერებული სუითინი ნაძალადევი ღიმილით ელოდა – მას უნგრულისა არაფერი გაეგებოდა.

– თუ ხვალ საღამოს კიდევ გნახავთ ქალაქში, – განუცხადა კაშტელიზმა ინგლისურად, – საჯაროდ მოგაფურთხებთ! სუითინმა ფანჯრისკენ იბრუნა პირი და სიამის, სიჯიუტისა და აღელვების რაღაც უცნაური ნარევი გრძნობით ადევნებდა თვალს მიმავალ სტუმარს. „ოჰო! ეგ, მგონი, მართლაც გამიყრის მახვილს!“ – გაიფიქრა მან. ეს ვერაფერი სასიამოვნო ფიქრი გახლდათ და თან კვლავ და კვლავ უტრიალებდა თავში; ოღონდ ამან კიდევ უფრო განუმტკიცა განზრახვა. თავი მხოლოდ როჟის ნახვის გეგმებით ჰქონდა სავსე – მისმა ხვევნა-კოცნამ სისხლი აუდუღა.

IX

       მეორე დღეს სუითინი დიდხანს ჭოჭმანობდა, როდის წასულიყო როჟისთან. გადაწყვიტა, ხუთ საათამდე მაინც არ მოვიცვლი ფეხსო. „ძალიანაც არ უნდა გავიიაფო თავი!“ – ფიქრობდა იგი. ცოტა კიდეც გადასცდა ხსენებულ საათს, რომ ბოლოს გამობრძანდა გარეთ და გულის ფანცქალით დაადგა ბოლეშკეთა გზას. ახედა ფანჯარას; თითქმის სჯეროდა, რომ იქ როჟის მოჰკრავდა თვალს,. მაგრამ ფანჯარაში არავინ ჩანდა და ცოტა გაუკვირდა კიდეც, სარკმელი ღია რომ დახვდა. გარეთ მდგარ მცენარეებსაც უჩვეულო მოწყენილი იერი ედოთ. დააკაკუნა. არავინ გამოხედა. გამწარებით დაუწყო ბრახაბრუხი. ბოლოს კარი ვიღაც მოჟღალოწვერიანმა გაუღო – ასეთი გესლიანი სახე მარტო ტევტონური მოდგმის მეწაღეებს თუ აქვთ ხოლმე.

– რა გნებავთ; რა ალიაქოთ აგიტეხიათ? – დაეკითხა იგი გერმანულად.

სუითინმა ზემოთ, კიბისკენ, ანიშნა. კაცმა ჩაიქირქილა და თავი გააქნია.

– ზემოთ ასვლა მინდა, – უთხრა სუითინმა.

მეჯღანემ მხრები აიჩეჩა. სუითინი აიჭრა ზემოთ. ოთახები ცარიელი დახვდა. ავეჯი ისევ ეწყო, ოღონდ სულიერის ჭაჭანება არსად იყო. მისი მიტანილი ერთი თაიგული, დამჭკნარი, მინის ლარნაკში იდო. ბუხარში ნაცარი სულ გაცივებულიყო. ბუხრის წინ, ფილაქანზე, ქაღალდის დაქუცმაცებული ნაჭრები ეყარა. ოთახში უკვე იგრძნობოდა ობის სუნი. საწოლ ოთახში გავიდა და გამოშტერებული დააჩერდა კედელთან გვერდიგვერდ მდგარ ქალიშვილების საწოლებს. თვალში ბაფთის ნაჭერი მოხვდა. აიღო და ჯიბეში ჩაიდო – ეს გახლდათ მოწმობა, რომ როჟი ოდესღაც მართლა არსებობდა. სარკესთან ქინძისთავები მიმოეფანტათ. ცოტაოდენი პუდრიც ებნია. შეხედა თავის შეშფოთებულ სახეს და გაიფიქრა, მომატყუესო.

მეწაღის ხმამ გამოაფხიზლა: – Tausend Teufel! Eilen Sie, nur! Zeit ist geld! Kann nich langer Werten!

სუითინი მძიმე ნაბიჯით ჩამოვიდა ძირს.

– საით გაემგზავრენ? – ძლივს ამოღერღა სუითინმა. – თითო ინგლისურ სიტყვაში თითო გირვანქა სტერლინგს მოგცემთ, თითო გირვანქას! – და თითებით წრე ანიშნა.

მეწაღეს ღიმილი მოერია პირზე: – Geld! Mff! Eilen Sie, nur!

მაგრამ სუითინს ყელში სასტიკი ბოღმა მოებჯინა.

– თუ არ მეტყვით, უარესი იქნება თქვენთვის. – უთხრა მან.

– Sind ein komischer Kerl! – შენიშნა მეწაღემ – Hier ist meine Frau!

ხანში შესული ქალი მოეშურებოდა და გერმანულად იძახდა: არ გაუშვა, არ გაუშვაო! მეწაღემ ბუზღუნით აქცია ზურგი სუითინს და წაფრატუნდა. დედაკაცმა ქურდულად ჩასჩარა სუითინს ხელში ბარათი და მორიდებით დაუწყო ლოდინი. ბარათი როჟის დაეტოვებინა.

„მაპატიეთ, – იწერებოდა იგი, – რომ გამოუმშვიდობებლად მივემგზავრები. დღეს მამაჩვენმა ასე დიდი ხნის ნანატრი მიწვევა მიიღო ჩვენი მშობლიური ქალაქიდან. ორ საათში გზას უნდა დავადგეთ. ვევედრები ქალწულ მარიამს, რომ მარად მშვიდობით გამყოფოთ და რომ სულ არ დამივიწყოთ. – თქვენ მუდამ მახსენებელი კეთილი მეგობარი

როჟი“.

       სუითინმა ეს რომ წაიკითხა, პირველად ისე იგრძნო თავი, თითქოს ჭაობში ეფლობოდა; შემდეგ კი ისევ სიჯიუტემ მოუარა. „ვერ გამაცურებენ“, – გაიფიქრა მან. ამოიღო ოქროს ფული და სცადა, მიეხვედრებინა დედაკაცი, რომ მას შეეძლო ეს ფული მიეღო, თუ ეტყოდა, საით გაემგზავრენ ისინი. ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც სიტყვები ჩააწერინა თავის უბის წიგნაკში, ფული მისცა და მიაშურა „ოქროს ალპებს“, სადაც ინგლისურად მოლაპარაკე ფარეში ეგულებოდა. თარგმანი შემდეგს იუწყებოდა: „სამ საათზე დაადგნენ ეტლით ლინცის გზას. ცხენები ცუდი ჰყავთ. ბატონი თეთრ ცხენზე ზის“. სუითინმა მსწრაფლ გააჩერებინა ეტლი და ისიც ჭენებით გაუდგა ლინცის გზას. მირაბელის ბაღთან თვალი მოჰკრა კაშტელიზს და ჩაიცინა. „ეს მაინც გავაცურე, – გაიფიქრა მან, – რამდენიც უნდა იყბედონ, დიდი უმაქნისები არიან ეს უცხოელები!“ გუნებაზე მოვიდა, მაგრამ მალე ისევ წაუხდა ხასიათი. ვითომ მოახერხებს, რომ დაეწიოს მათ? ისინი სამი საათით წინ არიან! თუმცა ორი უკანასკნელი ღამის წვიმებს გზა გაეფუჭებინა, თან ბარგი ჰქონდათ და უხეირო ცხენებიც ჰყავდათ; თვითონ კი ჩინებული ცხენებითა და მოქრთამული მეეტლით, შეეძლო ათი საათისთვის მაინც დასწეოდა! მაგრამ ეწადა კი ეს? რა სიტუტუცე მოუვიდა, ბარგი რომ თან არ წამოიღო; მაშინ უფრო დარბაისლური, საპატიო იერი ექნებოდა! რა პირუტყვს ემსგავსება პერანგგამოუცვლელი და თანაც პირგაუპარსავი! თავზარდაცემულმა წარმოიდგინა თავისი თავი, სულ შეჯაგრული და ჭუჭყიანპერანგიანი. ხალხს გიჟი ეგონება! „მე თვითონ გავისულელე თავი, – გაუელვა გონებაში, – აბა, რა უნდა ვუთხრა ახლა მათ?“ და იგი პირქუშად დააშტერდა მეეტლის ზურგს. კვლავ გადაიკითხა როჟის ბარათი. მისი სურნელი უდიოდა. უფრო და უფრო ჩამობნელდა და ეტლით ჯაყჯაყში თან თავისი წინდახედულება და კეთილგონიერება ტანჯავდა, თანაც – ვნებათა ღელვა.

       კიდევ უფრო აცივდა და ჩამობნელდა. პალტოს საყელო ყურებამდე აიწია. თვალწინ პიკადილი წარმოუდგა. ეს დამთხვეული დევნა უცბად ფრიად საშიშ და ბუნდოვან საქმედ ეჩვენა. შუქის ჩახჩახი, მეგობრები, მყუდროება! „ეს აღარასოდეს იქნება! – მწარედ ფიქრობდა იგი. – რატომ არ მანებებენ ისინი თავს?“ მაგრამ არ იყო ცხადი, რას გულისხმობდა ამ „ისინში“ – პირობით წეს-ჩვეულებებს, ბოლეშკეებს, თავის ვნებათა ღელვას თუ როჟისთან დაკავშირებულ აკვიატებულ მოგონებებს. ნეტავი ერთი ჩემოდანი მაინც ჰქონდეს თან! რა უნდა ეთქვა, რისთვის იღვწოდა? ამ კითხვებზე პასუხს ვერ ახერხებდა. თვით წყვდიადი არ ჩანდა ისე ბნელად, როგორც მისი გრძნობა. დროდადრო საათს სინჯავდა. ყოველ სოფელში კითხულობდა მეეტლე ლტოლვილთა ამბავს. ათ საათს გადასცდა, რომ ეტლი ანაზდად შედგა. ვარსკვლავები ფოლადივით კრიალებდნენ და გზის პირას ლელიანი ტბა მთვარის შუქზე ლაპლაპებდა. სუითინს გააჟრჟოლა. შუა გზაში ცხენოსანი კაცი იდგა.

– გარეკე! – უბრძანა მეეტლეს გულგრილად. ეს კაცი ბოლეშკე აღმოჩნდა, რომელიც, გახრეკილ თეთრ ჯაგლაგზე მჯდარი, რაღაც ფრთოსან არსებას წააგავდა. იგი ისეთ ადგილას ჩამდგარიყო, რომ ეტლისთვის გზა გადაეღობა. ხელში დამბაჩა ეჭირა.

„ტაკიმასხარა!“ – გაიფიქრა სუითინმა ნერვიული ღიმილით. თავი ისე მოაჩვენა, ვითომ ვერ იცნო. ბოლეშკემ ნელი ნაბიჯით მოაყენა თავისი ბეხრეკი ეტლს. როცა დაინახა შიგ ვინც იჯდა, მის განცვიფრებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

– თქვენ ხართ? – შეჰყვირა მან, ხელი დაირტყა გამხდარ თეძოზე და ისე გადმოიხარა, რომ წვერით შეეხო სუითინს. – თქვენც წამოხვედით? თქვენც წამოგვყევით?

– აგრე ჩანს, – ჩაიბუზღუნა სუითინმა.

– თქვენ გინდათ ჩვენი ბედი გაიზიაროთ? განა ეგ შესაძლებელია? თქვენ... თქვენ ყოფილხართ მაშ მოგზაური რაინდი!

– უფალო შემიწყალე! – შესძახა სუითინმა.

ბოლეშკემ შემოჰკრა თავის ჯაგლაგ რაშს და წააჩინდრიკა მთვარის შუქში. მერე უკან დაბრუნდა. ძველი წამოსასხამი გაიძრო და არ მოეშვა, სანამ ბეჭებზე არ მოასხა იგი სუითინს. თან მოზრდილი მათარაც მიაჩეჩა ხელში.

– როგორ გაბაბანებთ! – თქვა მან. – საოცარი, საოცარი ხალხი ხართ ინგლისელები! ერთხანს მადლიერ თვალებს არ აშორებდა სუითინს. უკვე დაეწივნენ სხვა ეტლს, მაგრამ წამოსასხამში მობუზულ სუითინს სულაც არ უცდია, დაენახა წინ რა იყო. გულში სწყევლიდა უნგრელის მადლიერებას. ბოლოს ამაოდ დახარჯული ირონიით შენიშნა: – ჩანს, გეჩქარებათ?

– ჩვენ რომ ფრთები გვქონდეს, იმათაც გამოვიყენებდით! – მიუგო ბოლეშკემ.

– ფრთები? – ჩაიბურტყუნა სუითინმა ჩუმად. – ჩემთვის ფეხებიც სავსებით საკმარისია!

X

       სასტუმროს რომ მიაღწიეს, სადაც ღამე უნდა გაეთიათ, სუითინმა ფეხი აითრია, ეგებ „უსცენოდ“ მოვახერხო შინ შეპარვაო, მაგრამ როცა ბოლოს ჩამოხტა, გოგონები კარის ზღურბლზე შემოეგებნენ და მარგიტი აღტაცებული ჩურჩულით მიესალმა, რომელშიაც სუითინს ფარული დაცინვაც მოეჩვენა. ფერმიხდილმა, ათრთოლებულმა და თითქოს დამფრთხალმა როჟიმ ხელი გამოუწოდა, ოღონდ სასწრაფოდ ისევ წაჰგლიჯა და დას ამოეტუზა ზურგს უკან. ქალები რომ ზევით ავიდნენ, თავიანთ ოთახში, სუითინმა ბოლეშკე მოძებნა. იგი შესამჩნევად გახალისებულიყო.

– უთხარით სასტუმროს პატრონს, ვახშამი გაგვიშალოს, – უთხრა მან. – ერთი ბოთლი მაინც გადავკრათ ჩვენს სადღეგრძელოდ. სუითინი სასტუმროს პატრონთან გაეშურა. ოთახის სარკმელი ტყეს გადაჰყურებდა, რომელიც ისე ახლოს მოსჯროდა შენობას, თითქმის ხელს მიაწვდენდა კაცი ხეებს. ფიჭვის სურნელი სცემდა ცხვირში. მან ზურგი შეაქცია სურნელოვან წყვდიადს და ბოთლების გახსნას შეუდგა. საცობის ამოღების ხმაზე ბოლეშკე გამოცხადდა. თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოსვრილიყო და ცოტა საჯინიბოს სუნიც დაჰკრავდა. მალე მარგიტიც გამოჩნდა. ქორფა და ხალისიანი, ოღონდ როჟი არ ჩამოსულა.

– სად არის თქვენი და? – ჰკითხა მან.

როჟი, ეტყობოდა, დაღლილი გახლდათ.

– ჭამა ძალას დაუბრუნებს, – თქვა სუითინმა.

ბოლეშკემ წაიდუდუნა: – იმანაც უნდა დალიოს ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო.

და წავიდა მის მოსაყვანად. მარგიტიც გაჰყვა. სუითინი წიწილის აქნას შეუდგა, მაინც უმისოდ დაბრუნდნენ: „შაკიკი აქვს და ცუდ გუნებაზეაო“.

სუითინი მოიღუშა.

– აბა, მეც ვცდი. თქვენ ნუ დამიცდით! – თქვა მან.

– ჰო, – მიუგო ბოლეშკემ და სევდიანად ჩაეშვა სავარძელში, – სცადეთ, ძმაო, სცადეთ... რაც შეგიძლიათ, სცადეთ!

სუითინმა ტალანი რაღაც უცნაური გულის ფანცქალით ჩაიარა და როჟის კარზე დააკაკუნა. როჟიმ მალევე გამოიჭყიტა. თმა გაშლილი ჰქონდა და თვალები გაკვირვებით შემოანათა.

– როჟი, – წაიბლუკუნა სუითინმა. – რატომღა მიფრთხი ახლა?

ქალმა თვალები გააშტერა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს.

– რატომ არ მოდიხარ?

როჟის არც ახლა ამოუღია ხმა, ოღონდ ანაზდად შიშველი მკლავი გამოუწოდა, სუითინმა სახე დააკონა ზედ. აცახცახებულმა ქალმა ზემოდან ჩასჩურჩულა ყურში, „ჩამოვალო“, და წყნარად მოხურა კარი. სუითინი ფეხაკრეფით გამობრუნდა და ერთ წუთს სასტუმრო ოთახის წინ შედგა, რათა სული მოეთქვა.

ბოლეშკეს დანახვამ, რომელსაც ხელთ ბოთლი ეპყრა, გაამხნევა.

– მოდის, – თქვა მან.

და მართლაც მალე როჟიც შემოვიდა. სქელი თმა სახელდახელოდ ჰქონდა დაწნული.

სუითინი ქალიშვილებს შორის იჯდა, ოღონდ ხმას არ იღებდა, რადგან მართლაც შიოდა. ბოლეშკეც დუმდა, პირქუშ ფიქრებში გართული როჟი დამუნჯებულიყო; მარტო მარგიტი ჭიკჭიკებდა.

– თქვენც ხომ მოდიხართ ჩვენს მშობლიურ ქალაქში! რამდენ რამეს გაჩვენებთ! როჟი, რას არ ვაჩვენებთ!

როჟიმაც ხელების ოდნავ მავედრებელი მოძრაობით გაიმეორა: – რას არ გაჩვენებთ! ანაზდად თითქოს მანაც კვლავ ამოიდგა ენაო და ქალიშვილები, ღაწვებშეფაკლებულნი, საჭმლით პირსავსენი, ციყვებივით თვალებდაცეცებულნი ყბედობდნენ და იგონებდნენ „ძვირფას მშობლიურ ქალაქს“, „ძვირფას მეგობრებსა“ და „ძვირფას სახლს“.

„ერთი ბეჩავი ადგილი იქნება!“ – ძალაუნებურად გაუელვა თავში სუითინს. ასეთი აღტაცება ეხამუშებოდა, მაგრამ ცდილობდა ცნობისმოყვარე იერი მიეღო და თანაც ამ საქმეში მხნეობას მატებდა როჟის ჟუჟუნა თვალების კვესებაც. ღვინო იკლებდა და ბოლეშკეც უფრო და უფრო პირქუში ხდებოდა, მაგრამ დროდადრო რაღაც ნათელი სხივიც გამოკრთებოდა ხოლმე მის სახეში. ბოლოს ფეხზე წამოდგა.

– ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ეგებ დასაღუპავად, სასიკვდილოდაც მივდივართ, – განაცხადა მან. – ჩვენ კი, მიუხედავად ამისა, მაინც მივდივართ, რადგან ჩვენს სამშობლოს ასე ესაჭიროება. აქ, ამაში არავითარი პატივი არ გვეკუთვნის არც მე და არც თქვენ, ჩემო ასულნო. მაგრამ ამ კეთილშობილ ინგლისელზე კი რა გვეთქმის? მადლობა უფალს სულგრძელობისთვის. იგი მოდის არა სამშობლოს, არა სახელისა და დიდების, არა ფულის გულისთვის, არამედ სუსტთა და ჩაგრულთა შემწედ. მაშ დავლიოთ მისი სადღეგრძელო: კვლავ და კვლავ შევსვათ გმირი ფორსაიტის სადღეგრძელო! სამარისებურ მდუმარებაში სუითინმა როჟის თვალებში ერთგვარი ვედრება და თან ოდნავი დაცინვაც ამოიკითხა. ახლა უნგრელს შეავლო თვალი. ხომ არ დასცინის იგი? მაგრამ ბოლეშკემ ჭიქა რომ დაცალა, კვლავ თავის ადგილას დაჯდა და ანაზდად, ყველას განსაცვიფრებლად, ხვრინვა ამოუშვა. მარგიტი წამოდგა, დედასავით დაადგა თავს და წაიჩურჩულა.

– დაიღალა – ცხენით სიარულის ბრალია!

წამოაყენა თავისი ღონიერი ხელებით და მის მხარზე დანდობილი ბოლეშკე ბარბაცით გავიდა ოთახიდან. სუითინი და როჟი მარტო დარჩნენ. ვაჟმა უხეში ტილოს სუფრაზე გააცურა ხელი ქალის ხელისკენ. იგი თითქოს ამ შეხებას ელოდაო. რაღაცამ იჩინა თითქოს პირი მასში და სიტყვები წყაროსავით წამოსდინდა. მცირე ხნით დაავიწყდა თავი, დაავიწყდა ყველაფერი, მის საიხლოვეს ყოფნის გარდა. ქალმა მხარზე მიაყრდნო თავი. სუითინი იყნოსავდა მისი თმის სურნელს.

– ღამე მშვიდობისა! – ჩასჩურჩულა როჟიმ და ეს ჩურჩული ამბორს ჰგავდა. მაგრამ ვიდრე მის შეჩერებას მოასწრებდა, ქალი უკვე გაქრა. როჟის ფეხის ხმა მიწყდა ტალანში, სუითინს კი მიეშტერებინა თვალი დაღვრილი ღვინის ეული მოკამკამე წვეთისთვის, რომელიც მაგიდის კიდეზე თრთოდა. ამ დროს როჟი, თავისი უმწეობითა და გატაცებით, ყველაფერი იყო მისთვის ამქვეყნად, თვით თავისი საკუთარი ცხოვრება კი არაფრად მიაჩნდა. ყველაფერი – თავისი წეს-ჩვეულებანი, რწმენანი, აღზრდა და საკუთარი თავი – ყველაფერი შორეულად ეჩვენებოდა, ვნებათაღელვისა და უცნაური რაინდობის გრძნობის ბურუსს ამოჰფარებოდა. პურის ნატეხით ფრთხილად აწმინდა მოკამკამე წვეთი და უცბად თავში გაუელვა: „ეს რა დიდებულიაო!.. და დიდხანს იდგა იქ, ფანჯარასთან, ჩაშავებული ფიჭვების სიახლოვეს.

XI

       ამ უგერგილო, უცნაური ადგილითა და უთავბოლო სიზმრებით შეწუხებულს დილაადრიან გამოეღვიძა. დალიანდაგებული საბნიდან ცხვირამოყოფილი იწვა და ანაზდად საზარელი ეჭვი დაებადა თავში. რომ ვეღარ გაუძლო ეჭვს, ლოგინში შეხტა კიდეც. ეს მხოლოდ შეთქმულება რომ იყოს მის დასაქორწინებლად? მზაკვრული, ვერაგი ფიქრი გახლდათ და ცოტა ზიზღიც აღუძრა გულში. თვით მან კი, შესაძლოა, არც იცოდეს ეს! მაგრამ განა ასე უმანკოა? აბა, რომელი უბიწო ქალიშვილი მივიდოდა მასთან ოთახში იმნაირად? აბა რომელი? მერე კიდევ მამამისი, მარტო თავისი სამშობლოსთვის მზრუნველად რომ მოაქვს თავი! შეუძლებელია, რომელიმე კაცი ასეთი ტუტუცი ყოფილიყოს. ყოველივე ეს წინასწარ დაწყობილი შეთქმულების ნაწილი ჩანდა – ის თვალთმაქცი არამზადა, კაშტელიზიც როგორ ემუქრებოდა! მათ უნდოდათ ეს ქალი მიესაღებინათ მისთვის! და ეს საზარელი ფიქრი კიდევ უფრო განამტკიცა ქორწინების წინაშე მისმა მოწიწებამ. ეს გახლდათ ღირსეული, საპატიო საქმე; მას არ სწამდა სხვა ჯურის liaison – როგორღაც ძალიან უხეშად და მდაბიურად ეჩვენებოდა. და მაინც ქორწინების ფიქრმა პირდაპირ სისხლი გაუყინა ძარღვებში. რომ გაითვალისწინა, იგი კიდეც დამნებდაო, სულ თავზარი დაეცა! დილის ცივ, საბედისწეროდ მკაფიო სინათლეში ახლა პირველად განჭვრიტა თავისი მდგომარეობის მთელი სიძნელე და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით აბჩენდა პირს, ამ აღმოჩენას რომ ითვალისწინებდა. სასტიკი ბოღმა დაუტრიალდა გულში ამ ვერაგული ცდის წინააღმდეგ. სუითინი ლოგინში წამოჯდა, თავზე ხელები შემოიწყო და საგულდაგულოდ შეუდგა ფიქრს, რა აზრი და მნიშვნელობა ექნება ასეთ ქორწინებასო. უპირველეს ყოვლისა იგი სასაცილო იქნებოდა, მეორე მხრითაც სასაცილო იქნებოდა და მესამე მხრითაც – სასაცილო. ის ქალი კვლავ თითებით აიღებდა და შეჭამდა წიწილის ხორცს – იმ თითებით, რომელთა დასაკოცნად ახლაც ცეცხლი ეკიდებოდა ტუჩებზე. იცეკვებს გიჟურად ვიღაც ვიგინდარებთან. იყბედებს თავის „ძვირფას სამშობლო ქალაქზე“ და მთელი დროის განმავლობაში სადღაც მის მიღმა ექნება მიშტერებული თვალები, ანდა კაცმა არ იცის, სად ექნება გული და გონება! სუითინი ზეზე წამოხტა, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა და ერთხანს ეგონა, ვგიჟდებიო.

       მათ უნდოდათ იმაზე დაექორწინებინათ! თვით მასაც, ქალსაც კი ეწადა მასზე დაქორწინება! მისი გამაღიზიანებელი იდუმალება, მისი ანაზდეული ოდნავ ფერება, მისი ჩაკისკისება, მისი სწრაფი, ნამალევი, მწველი კოცნანი; თვით მისი ხელების მოძრაობაც კი, ანდა მისი ცრემლები – ყველაფერი როჟის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. არც ერთი ეს ქცევა, რომელთაც ბუნების შთაგონებით სჩადიოდა ქალი, მის სასარგებლოდ არ ჩაუთვლია. მაგრამ მაინც როგორ უღვივებდნენ ისინი ვნებას, წადილს, ტანჯვას! სუითინი მიადგა სარკეს და სცადა, თითებით გაეყო თმა, მაგრამ ძალიან წმინდა ჰქონდა და სწორ ზოლებად ეშლებოდა შუბლზე. ამანაც ვერ მიანიჭა შეღავათი. გამოათრია თავისი ტალახიანი წაღები. უცბად თავში გაუელვა: მე რომ მისი მარტო ნახვა მოვახერხო, რაიმე გადაწყვეტილებას დავადგებიო!.. მერმე როგორღაც გამომათაყვანებელი გრძნობით აღმოაჩინა, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ უშლიდა საქმეს და რომ ყველა მათგანი სახიფათო, საალალბედო და დამღუპველი იქნებოდა. სტაცა ხელი ქუდს და იმ კურდღელივით, რომელსაც თოფი ესროლეს, ისარივით გაიჭრა გარეთ. დაბოღმილი და გულდამძიმებული დიდხანს თავჩაქინდრული დალასლასებდა ჩანესტიანებულ ტყეში. მზე რომ ამოვიდა და ჰაერში ფიჭვების საამო სურნელი დატრიალდა, კვლავ დამშვიდდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ უკვე დანებდა კიდეც და თითქოს არც აგრე იყო საქმე!.. და თავისივე საკუთარი ფეხის ხმა უნერგავდა გულში იმედს, რომ ყველაფერი როგორმე მოწესრიგდებოდა. „პრაქტიკულად შევეხოთ საქმეს“, – ფიქრობდა იგი. რაც უფრო ჩქარა მიაბიჯებდა, მით უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ იგი კვლავ მოახერხებდა აქედან თავის დაძვრენას. საათი ამოიღო. შვიდს გადასცდენოდა, საჩქაროდ შინისკენ იბრუნა პირი. სასტუმროს ეზოში მეეტლე ცხენებს აბამდა ეტლში. სუითინი მივიდა.

– ვინ გითხრათ, შეაბითო? – ჰკითხა მან.

მეეტლემ მიუგო: – Der Herr.

სუითინი მოტრიალდა. „ათ წუთში, – გაიფიქრა მან, – კვლავ ამ ეტლში ვიჯდები, თავში კი ასეთი დომხალი მაქვს! ვშორდები ინგლისს, ყველაფერს, რასაც აქამდე შევჩვევივარ... და მივეშურები... საით?.. შეუძლია მას ამის ატანა? შეუძლია მას ყოველივე იმის ატანა, რაც ამ დილით განსაჯა? ატანა ყოველდღიურად, ყოველ ღამე? ზემოთ რომ აიხედა, როჟის მოჰკრა თვალი – ღია ფანჯრიდან გადმოჰყურებდა. ასე ტურფა, საამო და მიმზიდველი ჯერ არასოდეს სჩვენებია. სუითინი გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო. გადაირბინა ეზო და პირდაპირ ეტლში შეხტა.

– ზალცბურგისკენ! – შეჰყვირა მან. – გარეკე! და ეტლმა რომ გაიხრიგინა ეზო, სუითინმა უკან მოუხედავად სოვერინი მიუგდო მეჯინიბეს. სახეგაფითრებული, გამოთაყვანებული და დრუნჩა გოშიასავით გამოშტერებული სუითინი აქეთ გზობას წინანდელზე გაცილებით მეტი გამწარებით მოქროდა კრიჭაშეკრული. მანამდე არ გააჩერებინა ცხენები მეეტლეს, სანამ თავისი ბინის კარს არ მიადგა.

XII

მეხუთე დღის საღამო ხანს, ჩაყვითლებული და მგზავრობისგან მისავათებული სუითინი გონდოლით მიადგა დანიელის სასტუმროს. კიბეზე მდგომმა ძმამ შიშითა და ცნობისმოყვარეობით გადმოხედა.

– ოჰ, შენ ხარ? – წაიბლუკუნა მან. – მშვიდობით ჩამოხვედი?

– რა მჭირდა სამშვიდობო? – დაიღრინა სუითინმა.

ჯეიმზმა მიუგო: – მეგონა, შენს მეგობრებს არ მიატოვებდი! – უცბად დაეჭვებით ჩაეკითხა: – თან ხომ არ ჩამოგიყვანია შენი მეგობრები?

– ვინ მეგობრები? – კიდევ დაიღრიალა სუითინმა.

ჯეიმზმა ლაპარაკის საგანი შეცვალა.

– ვერ გამოიყურები კარგად, – უთხრა მან.

– მართლა? – წაიბურტყუნა სუითინმა, – ეგ რა შენი საქმეა?

იმ საღამოს სადილად გამოვიდა, მაგრამ ყავის სმის დროს კი ჩაეძინა. არც ტრეკერსა და არც ჯეიმზს მეტი აღარაფერი უკითხავთ, არც ზალცბურგი უხსენებიათ. ოთხი დღის განმავლობაში, რაც მათ ვენეციაში გაატარეს, სუითინი თავაღერილი დაბრძანდებოდა, ოღონდ თვალები ნახევრად მილულული ჰქონდა გაოგნებულივით. მხოლოდ გენუაში რომ გემში ჩასხდნენ, მაშინ გამოიჩინა ერთგვარი ჯანსაღი ინტერესი სიცოცხლისადმი: როცა ნახა, ვიღაცა კაცი გამუდმებით აჟღარუნებდა პიანინოს, ჩაკეტა საკრავი და ზღვაში გადაუძახა კლიტეს. იმ ზამთარს ლონდონში თითქმის ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ ხანდახან დაღვრემილობა, პირქუშობა დასჩემდა, რომლის დროსაც ვერაფერი საამო საურთიერთო გახლდათ.

       ერთ საღამოს, როცა იგი მეგობართან ერთად პიკადილიზე მისეირნობდა, გვერდით ქუჩიდან გამოსულმა გოგომ გერმანულად მიმართა. სუითინი ერთხანს მდუმარედ დააშტერდა და მერე, თავისი მეგობრის განსაცვიფრებლად, ხუთ გირვანქა სტერლინგიანი მიაჩეჩა ხელში; ოღონდ თვითონაც ვერ აგიხსნიდათ ხელგაშლილობის ამ ახირებული ხუშტურის მიზეზს. როჟისა არასოდეს აღარაფერი შეუტყვია... ეს გახლდათ მთავარი ამბავი, რაც ლოგინად ჩავარდნილ სუითინს გაახსენდა. ხელი გაიწოდა და ზარს დააჭირა. შვედი მსახური, რომელიც დიდი ხანია ემსახურებოდა, კატასავით ფეხაკრეფით შემოვიდა, პატარა კაცუნა, სახეგამომშრალი, ჯაგარულვაშიანი, ავადმყოფურად ნერვიული და თავისი ბატონის უცნაურად ერთგული.

სუითინმა ძლივს გაანძრია ხელი.

– ადოლფ, – უთხრა მან, – ძალიან ცუდად ვარ.

– მესმის, ბატონო!

– რას გაშტერებულხარ მოზვერივით? – დატუქსა სუითინმა. – ვერ ხედავ, რა ცუდად ვარ?

– დიახ, ბატონო!

მსახურს სახის ნაკვთები დაემანჭა, თითქოს ფარულ გრძნობათა შენიღბვას ცდილობსო.

– ნასადილევს უკეთ ვიქნები. რა დროა?

– ხუთი საათი გახლავთ.

– მე მეტი მეგონა. ნაშუადღევები ძალიან ჭიანურდება ხოლმე.

– დიახ, ბატონო!

სუითინმა ამოიხვნეშა, თითქოს უარყოფაში ნუგეშს ეძებსო.

– ჯობია, ცოტა წავთვლიმო. შვიდის ნახევარზე ცხელი წყალი შემომიტანე და სადილის წინ გამპარსე.

პირისფარეში კარისკენ გაემართა. სუითინი წამოიწია.

– რა გითხრა ბატონმა ჯეიმზმა?

– ბრძანა, სხვა ექიმი უნდა მოიყვანოსო; ორი ექიმი სჯობს ერთსო. ისიც ბრძანა, შინისკენ რომ გამოვბრუნდები, კიდევ შემოვივლიო.

სუითინმა წაიდუდუნა: – უფ! სხვა რაღა თქვა?

– ბრძანა თქვენზე, თავს არ უფრთხილდებოდაო.

სუითინმა თვალები გადმოაბრიალა.

– კიდევ ვინმე იყო ჩემს სანახავად?

პირისფარეშმა თვალი აარიდა.

– უკანასკნელ ორშაბათს ორი კვირა გახდა, რაც ტომას ფორსაიტის მეუღლე გეახლათ.

– რამდენი ხანია ავად ვარ?

– შაბათს ხუთი კვირა შესრულდება.

– როგორ გგონია, ძალიან ცუდად ვარ?

ადოლფს უცბად სახე დაეპრანჭა.

– მაგისთანა რამეს არ უნდა მეკითხებოდეთ! მაგისთანა კითხვების საპასუხოდ კი არ მაძლევენ, ბატონო, ჯამაგირს!

სუითინმა ძლივს წაილუღლუღა: – ფხუკიანი ტუტუცი ხარ! გამიხსენი შამპანური! ადოლფმა კარადიდან შამპანურის ბოთლი გამოიღო და გასახსნელი დადო. მერე სუითინს დააჩერდა.

– ექიმმა ბრძანა...

– გახსენი ბოთლი!

– ეგ ხომ არ...

– გახსენი ბოთლი... თორემ გაგაგდებ!

ადოლფმა საცობი ამოაძრო. გულმოდგინედ გაწმინდა ჭიქა, აავსო და ფრთხილად მიუტანა საწოლთან. ანაზდად ულვაში აიგრიხა, ხელი ხელს შემოჰკრა და წამოიძახა: – ეგ ხომ საწამლავია! სუითინმა ძლივძლივობით ჩაიღიმა: – აი შე უცხოელო ტუტუცო! გადი გარეთ!

       ფარეში გავიდა. „თავი აიგდო!“ – გაიფიქრა სუითინმა. ნელა ასწია ჭიქა, ნელავე დადგა ისევ ძირს და ქოშინით დაეშვა ბალიშებზე. თითქმის მაშინვე ჩაეძინა. ესიზმრა, თავის კლუბში იყო. ხალხით გაჭედილ, ქათქათაკედლებიან და სამფა სანათურებით გაჩახჩახებულ თამბაქოს მოსაწევ დარბაზში იჯდა ნასადილევს. იქ უყვარდა ჯდომა ყოველ საღამოს, დინჯს, ზვიადსა და ეულს; ხანდახან ჩათვლემდა ხოლმე და ფერმკრთალი, ბებრული, ოთხკუთხი სახით ცალ მხარეს ყვინთავდა. ესიზმრებოდა, რომ ბუხრის თავზე დაკიდებულ სურათს შეჰყურებდა, რომელზედაც გამოხატული იყო მაღალსაყელოიანი, ფრიად ნატიფსახიანი და წარბებაპრეხილი მოხუცი სახელმწიფო მოღვაწე. ეს გახლდათ სურათი სალუქი და თითქოს ლაქწასმული ისეთი კაცისა, რომელიც, ჩანდა, უდავო ჭეშმარიტების უჭკუო სიბრძნეს ღაღადებდა მარად. ირგვლივ სულ მისი თანაკლუბელები ყბედობდნენ. მხოლოდ თვითონ, ეს მოხუცი, კლუბის სნეული წევრი, დუმდა. ნეტავი იცოდნენ მისმა ამხანაგებმა, როგორია მარტოდმარტო ჯდომა და სულ უქეიფოდ ყოფნა! რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი. ისინი მუსაიფობდნენ ფულის დაბანდებაზე, სიგარებზე, ცხენებზე, მსახიობ ქალებზე, მანქანებზე. ეგ რა არის? ორთქლის ქვაბების საწმენდი უცხოური პატენტი? მაგისთანა რამ არსად მოიპოვება: ყოველმა ბრიყვმა იცის, რომ ქვაბები არ იწმინდება! თუ ინგლისელმა ვერ მოახერხა საორთქლე ქვაბის გაწმენდა, უცხოელი სულ ვერ მოახერხებს. მან მოხუც სახელმწიფო მოღვაწეს შეხედა თვალებში. მაგრამ მის თვალებში თითქოს ეჭვი გამოკრთა; დაინისლა, გამომეტყველება დაეკარგა და ბოლოს სულაც გაქრა. მათ ადგილას როჟის წვრილი, ღრმად ჩამჯდარი თვალები გამოჩნდა, შორიშორს ჩამსხდარი, შორს გამჭვრეტი და სუითინი რომ შეჰყურებდა, მათ თითქოს კრიალი დაიწყეს ფოლადივით და გამოელაპარაკნენ კიდეც. ნელ-ნელა მთელი სახეც გამოჩნდა, სურათის ჩაშავებულ ფონზე ამოტივტივებული. იგი იყო ვარდისფერი, უცხო, მიუწვდომელი, მომხიბლავი, ფაფუკთმიანი და ბაგემთრთოლვარე – სწორედ ისეთი, როგორიც უკანასკნელად იხილა.

„ეძებ რამეს? – თითქოს ჩაულაპარაკა მას, – მე გაპოვნინებ!“

„მე არაფერიც არ მჭირდება“, – მიუგო სუითინმა და ძილში წამოიკვნესა.

შუბლზე თითების შეხება იგრძნო. „სიზმარია“, – გაიფიქრა ძილშივე.

ქალი გაქრა და შორიდან, სურათის მიღმიდან, ფეხის ხმა მოისმა.

ძილში სუითინმა ხმამაღლა წაიბურტყუნა: „მე ის დამეკარგა“. კვლავ მოესმა მსუბუქი ნაბიჯების ხმა და იქვე, ყურის ძირში, რაღაც ხმა – თითქოს სლუკუნი. გამოეღვიძა: თვითონვე ამოესლუკუნებინა. შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები ასხდა. „რა ამბავია? – გაიფიქრა. – განა რა დამეკარგა?“ გონების თვალით ნელ-ნელა მიმოიხილა თავისი ფულის დაბანდებათა საქმენი – არც ერთი სახიფათოდ არ ეჩვენა. მაშინ რა დაეკარგა? ბალიშებიდან წამოიწია და საღვინე ჭიქას მოეჭიდა. ბაგეები დააკარა ღვინოს. „ეს რა ჰაიდსეკია!“ – გაიფიქრა გაჯავრებით და ამ უსიამოვნების ნამდვილმა განცდამ მთელი ის ბუნდოვანი ზმანებანი გაფანტა. მაგრამ დასალევად რომ წამოიხარა, რაღაც ჩასწყდა თითქოს და ამოკვნესასთან ერთად სუითინ ფორსაიტმა ღვინის ბუშტების ბუყბუყში სულიც განუტევა... როცა შინ მიმავალმა ჯეიმზ ფორსაიტმა კიდევ შემოიარა, პირისფარეშმა ცახცახით ჩამოართვა ქუდი და ჯოხი.

– როგორ არის შენი ბატონი?

– ჩემი ბატონი გარდაიცვალა, ბატონო!

– გარდაიცვალა? შეუძლებელია! ამ ერთი საათის წინ საღსალამათი დავტოვე!

საწოლზე სუითინის სხეული ტომარასავით ჩაკეცილიყო. ხელში კვლავ ჩაბღუჯული ჰქონდა ჭიქა.

ჯეიმზ ფორსაიტმა შეიცადა.

– სუითინ! – ჩასძახა მან და ყურზე ხელმოფარებულმა პასუხს დაუწყო ლოდინი.

პასუხი არავის გაუცია; მხოლოდ ჭიქაში უკანასკნელი ბუშტი ამოცურდა და გასკდა. 1900 წ. 


იხილეთ სხვა მოთხრობები: ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები

ნახვა: 555

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Elden Ring Items: Keeping Your Distance and Using Summons

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:58am 0 კომენტარი

6. Keeping Your Distance and Using Summons

For an Arcane build, keeping a safe distance between you and enemies is crucial to avoid being interrupted during spellcasting. Summons can provide additional distraction, allowing you to cast freely without worrying too much about enemy attacks.

Spirit Ashes: Use summons that provide offensive pressure (like Mimic Tear or Lhutel the Headless) to keep enemies busy while you cast from a safe distance. This ensures that you can focus on…

გაგრძელება

Mmoexp Skull and Bones Items: Manipulating the Fear of the Unseen

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 8, 2025.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

3. Manipulating the Fear of the Unseen: Ambush from the Shadows

One of the most primal fears in human nature is the fear of what cannot be seen or understood. This is the foundation of many successful ambushes in Skull and Bones. By keeping your presence hidden until the perfect moment, you can capitalize on your enemies’ uncertainty, leaving them unprepared for your assault.

a) Hide in Plain Sight

Sometimes, the most effective way to ambush an enemy is by hiding in a place…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters