ხორხე ლუის ბორხესი - კაცი ზღურბლზე

   ბიოი კასარესმა უჩვეულო დანა ჩამოიტანა ლონდონიდან: სამკუთხა პირი ჰქონდა და H-ის ფორმის ტარი. ჩვენი მეგობრის, ბრიტანული საბჭოს წევრის, ქრისტოფერ დიუის თქმით, ასეთ იარაღს ყველა იყენებდა ინდოეთში. ამ მოსაზრებამ მას ისიც ათქმევინა, ოდესღაც, ორ ომს შორის პერიოდში, მეც ვმუშაობდი ინდოეთშიო (მახსოვს მისეულ-არასწორი ციტირება იუვენალის ლექსისა: „Ultra aurorem et Gangem“ . იმ ისტორიებს შორის, რომლებიც მან იმ ღამეს გვიამბო, გავბედავ და ერთს აღვადგენ. რასაკვირველია, მის მონათხრობს ვუერთგულებ. დაე, ალაჰმა დამიფაროს პატარ-პატარა გარემოებების დამატებისგან ან ეგზოტიკური შტრიხების გამსხვილებისგან კიპლინგის ციტირებით. გარდა ამისა, ამ ამბავს ანტიკურად უბრალო არომატი დაჰკრავს - რაღაც ისეთი, როგორიც „ათას ერთ ღამეს“ - და სირცხვილი იქნებოდა მისი წახდენა.

   ბევრს არაფერს ნიშნავს აქ საამბობი ფაქტების ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები. გარდა ამისა, მაინც რანაირ სიზუსტეს შეიძლება ელოდოს ბუენოს-აირესი ისეთი სახელებისგან, როგორიცაა ამრისტარი ან უდჰი? ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იმხანად ერთ მუსლიმურ ქალაქში ამბოხებები ხდებოდა და ცენტრალურმა მთავრობამ ერთი მაგარი ჯეელი გაგზავნა წესრიგის დასამყარებლად. ეს კაცი შოტლანდიელი იყო, მეომართა ცნობილი საგვარეულოს ჩამომავალი, და მის სისხლში ძალისმიერი შერკინებების ისტორია მოსჩქეფდა. ერთადერთხელ ვნახე ჩემი თვალით და აღარასდროს დამავიწყდება მისი გიშრისფერი თმა, წინ წამოწეული ყვრიმალები, ხარბი ცხვირ-პირი, ფართო მხრები და მსხვილი ვიკინგური ძვლები. ჩემს ამღამინდელ ისტორიაში მას დეივიდ ალექსანდერ გლენკერნად მოვიხსენიებ. ამ სახელში ორი ქრისტიანი მეფის სახელი შედის და შეჰფერის კიდეც ამ კაცს, რადგან ერთიცა და მეორეც რკინის კვერთხით მმართველ მეფეებს ეკუთვნის. ვფიქრობ, დეივიდ ალექსანდერ გლენკერნი (უნდა მივეჩვიო მის მოხსენიებას ამ სახელით) იყო კაცი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას. მისი უბრალო ხსენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ქალაქში მშვიდობა დამყარებულიყო. თუმცა ამან მაინც ვერ ააღებინა ხელი ზოგიერთი ძალისმიერი ზომის გატარებისგან. ამის შემდეგ განვლო რამდენიმე წელმა. ქალაქშიც და რეგიონშიც მშვიდობა სუფევდა. სიკჰებს და მუსლიმებს გვერდზე გადაედოთ თავიანთი ოდინდელი უთანხმოება.

მერე კი, უეცრად, გლენკერნი გაქრა. ბუნებრივია, უამრავი ხმა გავრცელდა მის მოტაცებასა თუ მოკვლასთან დაკავშირებით. ეს ამბები ჩემი ხელმძღვანელისგან შევიტყვე, რადგან იმ მკაცრი ცენზურის პირობებში გაზეთები არაფერს ამბობდნენ. რამდენადაც მახსოვს, არც კი ახსენებდნენ მისი გაქრობის ამბავს. იცით, არსებობს გამოთქმა: ინდოეთი ქვეყნიერებაზე უფრო ვრცელია. გლენკერნისგან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე იმ ქალაქშიც, სადაც ის განსაზღვრული დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად გაამწესეს, ახლა მხოლოდ ციფრიღა დარჩენილიყო იმპერიის რგოლებში, ზამბარებსა და გვირაბებში. ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებულმა ძიებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ჩემი ხელმძღვანელის აზრით, ვერც ერთი ცალკეული პირი ვერ აღძრავდა გლენკერნზე უფრო ნაკლებ აღშფოთებას და ვერ მიაღწევდა მეტ შედეგებს. სამი-ოთხი დღის შემდეგ (ინდოეთის მანძილებისთვის შეიძლებოდა დიდებული გვეწოდებინა) მე მაინცდამაინც დიდი იმედით არ ვმუშაობდი იმ დაბინდული ქალაქის ქუჩებში, სადაც ასე თვალსა და ხელშუა გაქრა ადამიანი.

თითქმის მაშინვე ვიგრძენი უსასრულო შელოცვა, გლენკერნის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს რომ გადაჰფარებოდა. „ერთი კაციც არ მოიპოვება აქ ქალაქში, რომელმაც არ იცოდეს საიდუმლო და არ დაეფიცოს მისი შენახვა“, დავასკვენი ჩემთვის. გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა სრულ უმეცრებას ამჟღავნებდა: არ იცოდნენ, ვინ იყო გლენკერნი, არც კი სმენოდათ ეს სახელი. სხვებს, პირიქით, სულ თხუთმეტიოდე წუთის წინ ენახათ, როგორ ელაპარაკებოდა მავანს; იმ სახლსაც კი მიჩვენებდნენ, სადაც ორივე კაცი შევიდა და სადაც, რაღა თქმა უნდა, ან არავინ არაფერი იცოდა მათ შესახებ, ან სულ ერთი წუთით გამასწრეს იქიდან. არაერთგზის შემიკრავს მუშტი და შიგ სახეში მითხლეშია ერთ-ერთი ასეთი დეტალიზებული ტყუილების მთქმელისთვის. გვერდით მყოფები ტაშით ხვდებოდნენ ამ ჩემს მკერდისმიერ განმუხტვებს, მერე კი ახალ სიცრუეებს თხზავდნენ. არ მჯეროდა მათი, თუმცა ვერც სრულ იგნორირებას ვბედავდი. ერთ საღამოს ვიღაცამ დამიტოვა კონვერტი, რომელშიც იდო ფურცელი ზედ დაწერილი რაღაც მითითებებით...

ჩემი ჩასვლის მომენტისთვის მზე უკვე გვარიანად მიახლოებოდა ჰორიზონტს. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სოფლური გარემო იყო, დედამიწის ერთი მოკრძალებული კუნჭული, სადაც ის დაბალი, განიერი სახლი იდგა. ქუჩიდან გავარჩიე დატკეპნილმიწიანი შიდაეზოების მწკრივი, მერე კი - უკან ჩამდგარი სინათლე. ბოლო ეზოს უკანა ნაწილში რაღაც მუსლიმური ზეიმი გაემართათ. შემოვიდა ბრმა კაცი, რომელსაც მოწითალო ხისგან დამზადებული თარი ეჭირა.

ჩემ წინ, ამ სახლის ზღურბლთან, მიწაზე, უსულო საგანივით გაუნძრევლად მოკრუნჩხულიყო ძალზე ხანდაზმული კაცი. უნდა აღვწერო, რადგან იგი ამ ამბის მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოვლილ წლებს იმდენად მოეცუცქნა და გაექლიტა, როგორც წყალი აგლუვებს ქვას, ან ადამიანთა თაობები - ანდაზას. გრძელ ძონძებში გახვეულიყო, ყოველ შემთხვევაში - მე ასე მომეჩვენა, და თავზე დადებული ჩალმაც, რაღა დასამალია, ერთ-ერთ ძონძს მიუგავდა. საღამოს მომაკვდავ სინათლეზე მან ქათქათა თეთრწვერშემოვლებული მუქკანიანი სახე ასწია და შემომხედა. შესავლის გარეშე დავუწყე ლაპარაკი (მე ხომ არავითარი იმედი აღარ მქონდა) დეივიდ ალექსანდერ გლენკერნის შესახებ. მან ვერ გამიგო (ან, შესაძლოა, ვერ გაიგონა) და მეც უნდა ამეხსნა, გლენკერნი მოსამართლეა და ვეძებ-მეთქი. როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი, ვიგრძენი, რაოდენ აბსურდული იყო კითხვების დასმა ამ ჩია მოხუცისთვის, ვისთვისაც აწმყო სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი განუსაზღვრელი ხმაური. „ამ კაცმა შეიძლება იცოდეს ამბოხების ბოლო ამბები ან აკბარის უკანასკნელი სიტყვა, ოღონდაც არა გლენკერნის ასავალ-დასავალი“, ვიფიქრე ჩემთვის. ეს მოსაზრება მისმა ნათქვამმაც დამიდასტურა: - მოსამართლე! - წარმოთქვა მყიფე გაოგნებით, - მოსამართლე, რომელიც დაიკარგა და ეძებენ. ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა. თარიღებისა არაფერი ვიცი, მაგრამ იმ მომენტისთვის ნიკალ სეინი ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო დელიში (ნიკოლსონს გულისხმობდა, ხომ გესმით). წარსული ისევ ცოცხლობს ხსოვნაში. რასაკვირველია, გავიხსენებ რა მოხდა მაშინ. რისხვამორეულმა ალაჰმა დაუშვა კაცობრიობის დაცემა. კაცთა ბაგიდან წყევლა, სიცრუე და თაღლითობა გადმოდიოდა. თუმცაღა, ყველა არ გადაგვარებულა და როცა გამოცხადდა, დედოფალი აპირებს კაცის გაგზავნას, რათა ამ ქვეყანაში ინგლისის კანონები დაამკვიდროსო, თვით კაცთაგან ყველაზე ბოროტიც კი ნაამები დარჩა, რადგან გრძნობდა, რომ კანონი უკეთესია, ვიდრე განუკითხაობა. ქრისტიანი კაცი კი მოვიდა, მაგრამ არ დაუხანებია, რათა ეეშმაკა და ჩაეხშო, შეერბილებინა საზარელი დანაშაულები და გაეყიდა თავისი ვერდიქტები. თავიდან არ ვსაყვედურობდით. არც ერთი ჩვენგანი არ იცნობდა ინგლისურ სამართალს, რომელსაც ის ამკვიდრებდა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ მოსამართლის მოჩვენებითი ბრალდებები ნაკარნახევი იყო რაღაც ღირებული, თუმცა ფარული მიზეზებით. ვცდილობდით გვეფიქრა, რომ „მის წიგნში უდავოდ ყველაფერს თავისი გამართლება აქვს“. არადა, ერთობ თვალში საცემი იყო მისი არაერთი მსგავსება მსოფლიოს სხვა ბოროტ მსაჯულებთან. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, დავასკვენით, რომ საქმე, უბრალოდ, ავსულ ადამიანთან გვქონდა. მალე საერთოდ ტირანად იქცა და ჩემს საბრალო ხალხსაც (რათა მიეზღო თავისი გაცრუებული იმედისთვის, რომელსაც უწინ ამ კაცისადმი ატარებდა) აზრად მოუვიდა, მოეტაცებინა მოსამართლე და თვითონვე დაეყენებინა სასამართლოს წინაშე. ლაპარაკი არ კმაროდა: კარგი სიტყვებიდან უთუოდ უნდა გადავსულიყავით კარგ საქმეებზე. ყველაზე ახალგაზრდებისა და მიამიტების გარდა, არავის სჯეროდა, რომ ასეთ თავზარდამცემ განზრახვას ოდესმე აღსრულება ეწერა. მაგრამ ათასობით სიკჰმა და მუსლიმმა აღთქმული სიტყვა შეასრულა და ერთ გაუგონარ დღეს მოიმოქმედა ის, რაც მანამდე შეუძლებლად მიაჩნდათ. მათ მოიტაცეს მოსამართლე, საპყრობილედ კი ფერმა შეარჩიეს ქალაქის შორეულ გარეუბანში. ამის შემდეგ მოეთათბირნენ ამ კაცის მიერ ვნებულ-დაზარალებულ პირებს, ზოგ შემთხვევაში კი - მათ ობლებსა და ქვრივებს. ჯალათის მახვილს ხომ ერთხელაც არ დაუსვენია მთელი იმ წლების განმავლობაში! ბოლოს იპოვეს მოსამართლე (ეს ალბათ ყველაზე რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა), რომელიც განსჯიდა მოსამართლეს.

   აქ მოხუცს თხრობა შეაწყვეტინა რამდენიმე ქალმა. შემდეგ ისინი სახლში შევიდნენ. მოხუცმა დინჯად განაგრძო: - ნათქვამია, რომ კაცობრიობის ყოველ თაობას ჰყავს თავისი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ფარულად ზიდავს სამყაროს და ამართლებს მას უფლის თვალში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კაცი უნდა ყოფილიყო ყველაზე შესაფერისი მსაჯული. მაგრამ სად მოეძებნათ ეს დაკარგულები და ანონიმურები, თუკი ამქვეყნად დაეხეტებიან და ვერც კი ცნობ, როცა სადმე გადაეყრები და როცა თვითონაც კი არ უწყიან იმ მაღალი მისიის შესახებ, რომელსაც ასრულებენ? ამიტომაც ვიღაცამ მოისაზრა: თუ ბედმა ბრძენკაცები აგვიკრძალა, სულელები უნდა მოვიძიოთო. ამ მოსაზრებამ გაიმარჯვა. ტრიბუნალის შემადგენლობაში შევიდნენ ყურანის ადეპტები, სამართლის დოქტორები, სიკჰები, რომლებიც ლომის სახელს ატარებენ, თუმცა ღმერთს ადიდებენ, მრავალღმერთიანობის ამღიარებელი ინდოელები, მაჰავირას ბერები (რომელთა მოძღვარი ქადაგებს, რომ სამყაროს ფორმა ფართოდ ფეხებგაშლილი ადამიანის ფორმაა), ცეცხლთაყვანისმცემლები და შავი ებრაელები. მაგრამ საბოლოო განაჩენი შეშლილს უნდა გამოეტანა.

   აქ მოხუცს თხრობა ისევ შეაწყვეტინა დღესასწაულიდან გამოსულმა რამდენიმე ადამიანმა.

- ჰო, შეშლილს, - გაიმეორა მან, როცა ისინი წავიდნენ, - ვინძლო ღვთის სიბრძნეს გიჟის ბაგიდან ემეტყველა და შეერცხვინა ადამიანური სიამაყე და მეტისმეტი თავდაჯერებულობა. ამ კაცის სახელმა ჩვენამდე ვერ მოაღწია ან, ეგებ, არც არავის სცოდნია. ის კი ფაქტია, რომ შიშველი ან ჩამოძონძილი დაიარებოდა ქუჩებში, თავის თითებს თავისივე ცერით ითვლიდა და ხეებს დასცინოდა.

ჩემი კეთილგონიერება აჯანყდა: საბოლოო გადაწყვეტილების მინდობა სულით ავადმყოფისთვის დაცინვა იქნება-მეთქი.

- ბრალდებულმა მიიღო მოსამართლე, - მიპასუხა მოხუცმა, - შესაძლოა, მიხვდა, რომ მხოლოდ გიჟისგან შეიძლებოდა ჰქონოდა ყველანაირი განაჩენის იმედი, გარდა სასიკვდილოსი. გავიგე, სიცილი დაუწყია, როცა შეუტყვია, ვინ იქნებოდა მისი მოსამართლე. დიდძალი მოწმეების გამო, სასამართლო პროცესი მრავალ დღესა და ღამეს გაგრძელდა.

მოხუცი გაჩუმდა. აშკარად რაღაც აწუხებდა.

- რამდენ დღეს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი? - ვკითხე სიჩუმის დარღვევის მიზნით.

- სულ ცოტა ცხრამეტ დღეს, - მიპასუხა. ისევ ზეიმიდან გამომავალმა ხალხმა შეაწყვეტინა ლაპარაკი. მუსლიმებს ღვინო ეკრძალებათ, თუმცა ამ ადამიანებს სახეებიცა და ხმებიც ლოთისას მიუგავდათ. ერთ-ერთმა კაცმა ჩავლისას რაღაც გამოსძახა მოხუცს.

- ზუსტად ცხრამეტ დღეს, - დამიზუსტა მან, - ურწმუნო ძაღლმა მოისმინა განაჩენი, მერე კი დანაც გამოუსვეს ყელში.

მხიარული სისასტიკით ლაპარაკობდა, თუმცა თხრობა სხვა ხმით დაასრულა.

- უშიშრად მოკვდა. თვით ყველაზე სულმდაბალ კაცშიც არსებობს რაღაც ღირსება.

- სად მოხდა ეგ ისტორია, რომელიც მიამბეთ? - ვკითხე, - ფერმაში?

პირველად შემომხედა თვალებში. მერე სიტყვების დინჯი აწონით მომიგო: - მე ვთქვი, რომ ფერმა მისი საპყრობილე იყო, და არა ის, რომ იქ განხორციელდა სასჯელის აღსრულება. დასჯით ამ ქალაქში დასაჯეს, სახლში, რომელიც ნებისმიერ სხვა სახლს ჰგავდა, მაგალითად - ამას... ერთი სახლი მეორეს ჰგავს: მთავარი იმის ცოდნაა, ზეცაში აშენდა ის თუ ქვესკნელში.

შეთქმულებს რა დაემართათ-მეთქი, ვკითხე.

- აი, ეგ კი არ ვიცი, - თქვა მოთმინებით, - ეს ყველაფერი მრავალი წლის წინ მოხდა და სადღეისოდ უკვე დიდი ხნის დავიწყებულია. ისინი, ალბათ, ადამიანებმა გაწირეს, არა ღმერთმა.

თქვა და წამოდგა. ვიგრძენი, რომ მოხუცის ბოლო სიტყვებმა მე იქაურობიდან დამითხოვა და რომ ამ წამიდან მისთვის აღარ ვარსებობდი. პუნჯაბის ყველა კუთხის მომღერალ-მოცეკვავე კაცებისა და ქალების ჯგრო ზედ მოგვაწყდა და კინაღამ წაგვლეკა. გაოგნებული ვიყავი, რომ ასეთ ვიწრო შიდაეზოებს, სახლის მისასვლელზე ოდნავ უფრო განიერს, ამდენი ხალხის დატევა შეეძლო. სხვები მეზობელი სახლებიდან გამოდიოდნენ: აშკარად კედლებს გადმოვლებოდნენ... გზა ჯიკავითა და ლანძღვით გავიკვლიე. ყველაზე დაშორებულ ეზოში გადავეყარე შიშველ კაცს, რომელსაც თავზე ყვითელი ყვავილების გვირგვინი ედო და რომელსაც ყველა კოცნიდა და მორჩილებას უცხადებდა. ხელში სისხლიანი ხმალი ეჭირა, რადგან მას გლენკერნი მოეკლა. ამ უკანასკნელის დასახიჩრებულ სხეულს თავლაში გადავაწყდი, ეზოს უკანა მხარეს.

ნახვა: 393

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters