19 ოქტომბერს (ძვ. სტ. 6 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნას ათორმეტმოციქულთა შორის, წმინდა თომას ხსენების დღეს

თომა მოციქული, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

      როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

      მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

      ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

      უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

      და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

      წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

      ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.

      ინდოეთში, თომა მოციქულმა უპირველესყოვლისა სამეფო კარის მოქცევა დაიწყო. მან, მეფის ცოლები ქრისტეს რჯულზე მოაქცია. განრისხებულმა მეფემ, მისი ტანჯვა-წამება ბრძანა, მაგრამ არაერთი ცდის მიუხედავად მის წინაშე ინდური კერპები ცვილივით დნებოდნენ.

      მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის).

      საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, მოციქული, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2110

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters