პლატონი, ნადიმი
თავი I

      მე მგონია, თქვენს კითხვას მთლად მოუმზადებელი არ ვხვდები. ამას წინათ, ფალერონიდან[1] ქალაქისკენ რომ მოვდიოდი, ერთმა ნაცნობმა შემნიშნა და ხუმრობით მომაძახა: – ჰეი შენ, ფალერონელო[2], აპოლოდოროს, მოიცა ერთი! – მეც შევჩერდი და დაველოდე. – სწორედ შენ დაგეძებდი წეღან, – მითხრა მან, – მინდოდა გამომეკითხა, როგორი სიტყვებით შეამკეს ეროსი იმ ნადიმზე, რომელიც აგათონმა[3] გამართა და რომელზეც, სხვებთან ერთად, სოკრატე[4] და ალკიბიადეც[5] იყვნენ მიწვეულნი. ფენიქსს, ფილიპეს ვაჟს, ეგ ამბავი ერთი კაცისთვის უამბნია, ამ უკანასკნელმა კი მე მიამბო და, თუმცა ხეირიანად ვერა გამაგებინა რა, ის მაინც მითხრა, ყველაფერს უფრო დაწვრილებით აპოლოდოროსისგან შეიტყობო. ჰოდა, ნუ მეტყვი, უარს, რადგან ყველაზე მართებული იქნება შენი მეგობრის[6] სიტყვები შენვე გვაუწყო. მაგრამ ჯერ ეს მითხარი, – განაგრძო მან, – შენ თვითონ ესწრებოდი ამ ნადიმს თუ არა? – ამაზე მე მივუგე: – ვინც შენ ეგ გიამბო, თვითონაც არა სცოდნია რა დანამდვილებით, რაკიღა ფიქრობ, თითქოს იმ საუბრის შემდეგ, რომელიც შენ გაინტერესებს, იმდენად მცირე დრომ განვლო, რომ მე შემეძლო მას დავსწრებოდი. – მართლაც აგრე ვფიქრობდი, – მითხრა მან. – ეგ როგორ, – მივუგე მე, – ნუთუ არ იცი, ჩემო გლავკონ, რომ აგათონს კაი ხანია ათენში ფეხი აღარ დაუდგამს[7], ხოლო მას შემდეგ, რაც მე სოკრატეს დავუახლოვდი და ყოველდღე იმის ცდაში ვარ, როგორმე ჩავწვდე ყველაფერს, რასაც ის ამბობს ან აკეთებს, ჯერ სამ წელსაც არ გაუვლია. უწინ აქეთ-იქით დავყიალობდი და ჩემი სიცოცხლე უაზროდ როდი მიმაჩნდა, თუმცა ყველაზე საწყალობელი ვიყავი ქვეყნად, რადგან ვფიქრობდი, როგორც შენ ფიქრობ ახლა, კაცმა შეიძლება ყოველგვარ საქმეს მოჰკიდოს ხელი, ოღონდ არა ფილოსოფიას-მეთქი. – იცი რა? – გამაწყვეტინა მან, – დაცინვა იქით იყოს და მითხარი, როდის გადაიხადა აგათონმა ეგ წვეულება? – მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, – მივუგე მე, – და როცა აგათონმა თავისი პირველი ტრაგედიით გამარჯვება მოიპოვა[8]. იმ დღეს თავის ქორევტებთან[9] ერთად მან სამადლობელი მსხვერპლი შესწირა ღმერთებს, მეორე დღეს კი ლხინი გადაიხადა. – მართლაც რომ ძველი ამბავი ყოფილა, – თქვა მან, – მაგრამ ვინ გიამბო, შენ? იქნებ თვითონ სოკრატემ? – არა, ვფიცავ ზევსს, – მივუგე მე, – სოკრატემ კი არა, სწორედ მან, ვინც ეგ ფენიქსს უამბო: იყო ვინმე არისტოდემოსი[10], კიდათენელი, ტანმორჩილი და მიწყივ უხამური. ის ესწრებოდა ამ საუბარს და, თუ არ ვცდები, მაშინ სოკრატეს ყველაზე მხურვალე თაყვანისმცემლად ითვლებოდა. სხვათა შორის, ამაზე მე სოკრატესთანაც მისაუბრია და ორივეს ნაამბობი ზუსტად დამთხვევია ერთმანეთს. – რაღას უყურებ, – მითხრა გლავკონმა, – დაიწყე ბარემ; ქალაქამდე გრძელი გზა გვიძევს და სხვა რა უნდა მთქმელს ან გამგონეს? – მერე შეღმართს შევუდექით და გზადაგზა დიდხანს ვსაუბრობდით ყოველივე ამის შესახებ. ასე, რომ, როგორც წეღან გეუბნებოდით, შემიძლია თქვენს კითხვაზე პასუხი გაგცეთ. და თუ ეს თქვენი სურვილიცაა, ხათრს არ გაგიტეხთ. რადგან ფილოსოფიაზე ლაპარაკი (სულერთია მე ვლაპარაკობ თუ სხვის ლაპარაკს ვისმენ) ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, იმ სარგებელზე რომ აღარაფერი ვთქვა, რასაც აქედან გამოველი. ხოლო როდესაც თქვენს ლაპარაკს ვისმენ – მორჭმულთა და ვერცხლისმოყვარეთა ლაპარაკს – ყოველთვის სევდა მაწვება გულზე და მაშინ მებრალებით თქვენ – ჩემი ცუდმაშვრალი მოყვასნი. იქნებ თვითონაც არანაკლებ საწყალობელი გეჩვენებით და, შესაძლოა, არცა სცდებოდეთ, მაშინ როდესაც მე კი არ მეჩვენებით, არამედ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საწყალობელნი ხართ მართლაც.

მეგობარი: – შენ ისევ ის ხარ, აპოლოდოროს, არავის ინდობ, არც სხვებსა და არც საკუთარ თავს და, ალბათ, ყველა უბადრუკად მიგაჩნია სოკრატეს გარდა. ყველაფერი გახელებს: გახელებენ სხვები, გახელებს საკუთარი თავი. გამონაკლისი აქაც სოკრატეა მხოლოდ. არ ვიცი, რატომ შეგარქვეს შლეგი. ერთი კია, შენი სიტყვებით მუდამ ამართლებ მაგ მეტსახელს.

აპოლოდოროს: – ჩემო ძვირფასო, რაკი ასე ვფიქრობ ჩემზეც და თქვენზეც, ცხადია, შლეგიც ვყოფილვარ და დამთხვეულიც.

მეგობარი: – ახლა ამაზე დავა არ ღირს, აპოლოდოროს. ამას ჯობია თხოვნა შეგვისრულო და გვითხრა, თუ რა ითქვა მაშინ ნადიმზე?

აპოლოდოროს: – რა და... თუმცა, მე შევეცდები თავიდანვე ყველაფერი ისე გადმოგცეთ, როგორც არისტოდემოსმა მიამბო.

თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ


[1] ფალერონი (Φάληρον) - ათენის პორტი, ქალაქეიდან დაახლოებით 20 სტადიონით (στάδιοv ~ 185 მ) დაშორებული.

[2] ფალერონელი; ხუმრობა, როგორც ჩანს, სიტყვების თამაშზეა აგებული: Φάληρος = Φαληρός - ნიშნავს თეთრს, მბზინავს, ლაპლაპას - აპოლოდოროსი, ალბათ, მელოტი იყო.

[3] აგათონი (Ἀγάθων) - სახელგანთქმული ბერძენი ტრაგიკოსი. დაიბადა დაახლოებით 436 წელს ძველი წელთაღრიცხვით. 20 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი ტრაგედიით გაიმარჯვა ლენეის დღესასწაულზე ( - დიონისესადმი მიძღვნილი ანტიკური რელიგიური დღესასწაული). აგათონის ტრაგედიებს, სამწუხაროდ, სრული სახით არ მოუღწევიათ ჩვენამდის. ფრაგმენტები გამოცემულია Nauck-ის მიერ, (Nauck-Tragic. Graec. fragm. Lipsiae, 1889)

[4] სოკრატე (Σωκράτης)(469-399 ძვ. წ. ა.) – დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონის მასწავლებელი

[5] ალკიბიადე (Ἀλκιβιάδης) (450-404 ძვ. წ. აღ.) – პერიკლეს ნათესავი, სოკრატეს მოწაფე, გამოჩენილი ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი პელოპონესის ომში.

[6] იგულისხმება სოკრატე.

[7] 408 წლიდან აგათონი მაკედონიის მეფის – არხელაოსის (414-399) კარზე ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა დაახლოებით 400 წელს.

[8] აგათონმა გამარჯვება მოიპოვა 416 წ. მაშინ ამ დიალოგის ავტორიც, აპოლოდოროსისა და მისი ნაცნობის მსგავსად, პატარა, ათი წლის ბიჭი იყო (პლატონი დაიბადა 427 წ.)

[9] ქორევტი (χορευτής) – გუნდის წევრი.

[10] არისტოდემოსი (Ἀριστόδημος) – რეალურად არსებული პიროვნებაა, სოკრატეს მოწაფე. მას იხსენიებს ქსენოფონტეც თავის „Memorabilia“-ში. არისტოდემოსი კიდათენელი იყო.

კიდათენი - Κυδαθήναι – ატიკური ფილის – პანდიონისის, ერთ-ერთი დემოსი, რომელიც ათენის ფარგლებში შედიოდა და აკროპოლისის სამხრეთით მდებარეობდა.

შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.

ნახვა: 188

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters