თვითმკვლელობა ფსიქოლოგიური მოვლენაა და მისი შეცნობა რომ შევძლოთ, უნდა შევიცნოთ სულიერი მდგომარეობა იმ ადამიანისა, ვინც თვითმკვლელობა გადაწყვიტა. თვითმკვლელობა განსაკუთრებულ ჟამს ხდება, როცა სულს წყვდიადი მოიცავს და იმედის ყოველგვარი სხივი ქრება. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია უწინარესად უიმედობის ფსიქოლოგიაა. ხოლო უიმედობა გონების შემზარავი დახშობაა, გონებადახშულისთვის მთელი ღვთიური სამყაროს გაქრობაა, როცა მას მზე აღარ უნათებს, ვეღარც ვარსკვლავებს ხედავს, მისი არსებობა ერთ ბნელ წერტილშია მომწყვდეული, საიდანაც თავის დაღწევა არ ძალუძს. როცა ადამიანს იმედი აქვს, უსაშინლეს სატანჯველსა და განსაცდელს გაუძლებს, ხოლო იმედის დაკარგვა თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. უიმედობისას ადამიანს სხვაგვარად ყოფნა ვერ წარმოუდგენია, მისთვის არსებობა ტანჯვა-წამების შემზარავი უსასრულობაა, ანუ წინასწარ ჭვრეტაა ჯოჯოხეთის მარადიული სატანჯველისა, რისგან გათავისუფლებასაც იგი თვითმკვლელობით განიზრახავს. სულ მთლიანად ეუფლება ერთი მდგომარეობა, ერთი განზრახვა, ერთი საშინელება, რითაც შებურვილია მთელი ცხოვრება, მთელი ქვეყნიერება. თავისმკვლელი მომწყვდეულია თავის “მე”-ს ერთ ბნელ წერტილში და ამასთანავე თავისი ნების განმგებელი, თვითმკვლელობის სატანური მეტაფიზიკის შემცნობელი არ არის. ადამიანი უიღბლო სიყვარულის სატანჯველს განიცდის, წყვდიადი ერთ წერტილში შენივთდება და ცხოვრების მრავალფეროვნებას განდევნის. ადამიანი მხოლოდ უიღბლო სიყვარულის უსასრულობას, მარადიულობას ხედავს. იგი აზრს ვერაფერში ჭვრეტს და ამიტომ თავის ცხოვრებაში მიმზიდველს ვერაფერს ამჩნევს. იგი აზრს მთელი ქვეყნიერების ცხოვრებაშიც ვეღარ ხედავს, ყოველივე გონივრული განიდევნება. თვითმკვლელობის საკითხი ის საკითხია რომ ადამიანი ბნელ წერტილშია მოხვედრილი, საიდანაც თავის დაღწევა არ შეუძლია. ადამიანს უნდა, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს, მაგრამ ეს სახელდობრ იმიტომ სწადია, რომ თავის თავს ვერ მოსწყდომია, თავის თავშია ჩაღრმავებული და თავისი თავიდან მოწყდომა მხოლოდ თვითმკვლელობით შეუძლია. მხოლოდ საკუთარ თავში მომწყვდევა აუტანელი სატანჯველია. თავისმკვლელი ყოველთვის ეგოცენტრიკია. მისთვის აღარ არსებობს არც ღმერთი, არც ქვეყნიერება, არც სხვა ადამიანები. იგი მხოლოდ თვითონაა. მისთვის აღარ არსებობენ ის ადამიანებიც, რომელთა გამოც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. თვითმკვლელობის წადილის დასაძლევად საჭიროა საკუთარი თავის დავიწყება, ეგოცენტრიზმის დათრგუნვა, სხვა ადამიანებზე ფიქრი, ღვთიური სამყაროს, ვარსკვლალებიანი ცის ხილვა, სხვათა სატანჯველისა და სიხარულის დანახვა. თვითმკვლელობის სურვილის დაძლევა არის უმთავრესად საკუთარ თავზე ფიქრის შეწყვეტა. ადამიანთა ცხოვრებაში არის სახიფათო ბნელი წერტილები, რომლებიც უკიდეგანო წყვდიადითაა მოცული. თუ ადამიანი შეძლებს, თავი დააღწიოს, ამ წერტილს, მოწყდეს საკუთარ თავს, მაშინ იგი გადარჩენილია და თვითმკვლელობის სურვილი მოსცილდება. აი, რატომაა, რომ ადამიანის დასახმარებლად ხან ერთი სიტყვაა საკმარისი, ერთი შეხედვაც კი, რაც აგრძნობინებს, რომ იგი მარტოდ არ არის შთენილი გასხივოსნებულ სამყაროში, რაც მისთვის წყვდიადით მოცულად გადაიქცა. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია თავის თავში ჩაკეტილობის, საკუთარ წყვდიადში მომწყვდევის ფსიქოლოგიაა. ისიც კი შეიძლება ითქვას, როცა ადამიანი ეგოცენტრულ მდგომარეობაშია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მხოლოდ თავისი სატკივარი და სატანჯველი ადარდებს, როცა სხვებთან რეალურ ურთიერთობას კარგავს, ყოველთვის უკიდეგანო წყვდიადში ჩაიძირება. აი, მარტოობა ასე შემზარავი რატომ არის იმისთვის, ვინც ღმერთს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს. მარტოობა მხოლოდ ღმერთთან თანაზიარობით დაიძლევა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების წარმომქმნელ სულიერად დამაძაბუნებელ განწყობილებასთან შებრძოლების ერთ-ერთი გზა ადამიანთა სულიერობრივი ერთობაა. ადამიანისთვის უდიადესი მიზანია, რომ შეძლოს, საკუთარ თავში ჩაკეტილობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, პირადულზე მაღლა მდგომ ფასეულობებთან თანაზიარობით დაძლიოს. მაშინ თავის არსებაში ჩაღრმავებისას არამარტო თავის “მე”-ს ჰპოვებს, არამედ ღმერთსაც. თვითმკვლელობის ფსიქოლოგიამ საკუთარ თავში ჩაკეტილობიდან სხვა ადამიანებთან მიმავალი გზა არ უწყის, მისთვის ყოველივე ღირებულებას კარგავს, ადამიანის სულის სიღრმეში ღმერთს კი არა, მრუმე სიცარიელეს ჰპოვებს. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია, აი, რატომ არ არის სულიერობრივი მდგომარეობა.
თუმცაღა, თვითმკვლელობის მიჩნევა ყოველთვის ერთგვაროვან მოვლენად ძალზე გამარტივება იქნება. თვითმკვლელობანი მრავალგვარი სახისაა და თვითმკვლელნი სხვადასხვაგვარად უნდა შეფასდნენ. თავს იკლავენ უიღბლო სიყვარულის გამო, ანდა უიღბლო ოჯახური ყოფის შედეგად, სიცოცხლის სიტკბოების დაკარგვისას, დაძაბუნებისას, შერცხვენილობისას და ღირსების დაკარგვისას, ქონების დაკარგვისას და გაღატაკებისას. თავს იკლავენ, რათა მოღალატეობას თავი განარიდონ, თავს იკლავენ უიმედოდ დასნეულებისას და სატანჯველის შიშისას. თავი მოიკლა ადამიანმა, ვისაც დიდად პატივს ვცემდი, მიყვარდა და ერთ-ერთ საუკეთესო პიროვნებად მიმაჩნდა. მისი თვითმკვლელობის მიზეზი განუკურნავი სენი გახლდათ. მე მის ქმედებას არ განვსჯი. როცა ადამიანი თავს იკლავს იმის გამო, რომ წამება მოელის და ეშინია, მოღალატეობა არ ჩაიდინოს, ეს არსებითად თვითმკვლელობა არც არის. თვითმკვლელობა, შესაძლოა, სრული დაუძლურების, ანდა ძალთა სიჭარბის შედეგი იყოს. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია ძალზე უცნაურია. თავი მოუკლავთ იმის გამო, რომ ქოლერით დაავადებისა ეშინოდათ. ამ დროს მათ ეწადათ, რომ ჩაეხშოთ აუტანელი შიშის გრძნობა, რაც სიკვდილზე უფრო შემზარავია. თვითმკვლელობას, შესაძლოა, ესთეტიკური საბაბიც ჰქონდეს, როცა ლამაზად სიკვდილი, ახალგაზრდობისას სიკვდილი სწადიათ, რათა განსაკუთრებული სიბრალული გამოიწვიონ. ლამაზი თვითმკვლელობის მომხიბლაობა ზოგიერთ ეპოქაში მომძლავრდება ხოლმე და გადამდებია. ბლოკის შემდეგ ყველაზე შესანიშნავი რუსი პოეტის ესენინის თვთმკვლელობამ მისი პიროვნების კულტი წარმოქმნა და ლამაზი თვითმკვლელობის გაიდეალება გამოიწვია. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს დაცემის პერიოდის რომაელთა მიმართ, რომელნიც პეტრონიუსის მსგავსად თავს იკლავდნენ გონებასრულნი, ფილოსოფიურად, და არა აფექტისას. ამ მოვლენის საფუძველი უაღრესი უიმედობაა და ჩვენი დრიოსთვის დამახასიათებელი არ არის. არც თუ იშვიათად თვითმკვლელობის გამომწვევია დაუძლეველ კონფლიქტთა წარმომშობი მძაფრი ვნებანი – ქალის სიყვარული, ეჭვიანობა, აზარტული თამაშები, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, შურისმაძიებლობა და მრისხანება. ამგვარი თვითმკვლელობანი შეიძლება, განსაკუთრებულ კატეგორიად გამოიყოს და სოციალური მოვლენა არ არის.
თვითმკვლელობა უარმყოფელია სამი უმაღლესი ქრისტიანული ზნეობრიობისა – რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა. თავისმკვლელი რწმენადაკარგულია, ღმერთი მისთვის რეალური, ცხოვრების წარმმართველი, კეთილისმყოფელი ძალა აღარ არის. იგი აგრეთვე იმედდაკარგულიცაა, გულგატეხილია, სასოწარკვეთილია. დაბოლოს, სიყვარულის უქონელიცაა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, სხვები, ახლობლები არ ანაღვლებს. თუმცაღა, არის შემთხვევები, როცა ადამიანი თავს იმიტომ იკლავს, რომ ახლობლებს ტვირთად არ დააწვეს – ეს თვითმკვლელობის განსაკუთრებული შემთხვევაა, არატიპობრივია, ეგოიზმსა და სიცოცხლეზე მცდარ წარმოდგენას არ ემყარება. მისი გამომწვევია განუკურნავი სნეულება, სრული დაუძლურება, ანდა შრომის უნარის დაკარგვა. ზოგნი თავს იკლავენ, რათა ადგილი სხვას, თავის მეტოქესაც კი დაუთმონ. რწმენა, იმედი და სიყვარული ყველა შემთხვევაში ძლევს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას. ამ ქრისტიანულ ზნეობათაგან ერთსაც კი შეუძლია, ადამიანი დაღუპვისგან იხსნას. თვითმკვლელს აღარაფერი სწამს, არაფრის იმედი აღარ აქვს, აღარაფერი უყვარს. თვით ეროტიკულ ნიადაგზე მომხდარი თვითმკვლელობა უფრო მეტად არის დამადასტურებელი თავისი თავის სიყვარულისა და არა სხვა ადამიანისა. ესეთ შემთხვევაში სხვა ადამიანის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაა. ადამიანს სიცოცხლის იმ მრუმე წამში, როცა თავის მოკვლას განიზრახავს, არც რწმენა გააჩნია, არც იმედი და არც სიყვარული. თუ იგი ამ მრუმე წამისგან თავის დაღწევას შეძლებს, იქნებ რწმენაც აღეძრას, იმედიც და სიყვარულიც. მაგრამ მან ეს მრუმე წამი მთელ სიცოცხლედ, მთელ არსებობად მიიჩნია. შემდგომ წამში, შესაძლოა, იმედი გაღვიძებოდა, მაგრამ ამ შემდგომ წამამდე ვეღარ იცოცხლა. ეს უდიდესი საიდუმლო და დროის პარადოქსია. შესაძლოა, ერთ წამში მარადიულობა მოთავსდეს და ამ წამში განცდილმა მთელი არსებობა დაიტიოს. ამ საზარელ წამამდე ადამიანს იმედი გააჩნდა და შემდგომ წამში დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს წამი მარადიულობად მიიჩნია და ამ მარადიულობის მოსპობა, არსებობის გაქრობა გადაწყვიტა. ადამიანს თავის მოკვლა არსებითად არასოდეს უნდა, ეს შეუძლებელიცაა, რამეთუ ადამიანი მარადიულობის კუთვნილებაა. მაას უნდა მოსპობა მხოლოდ წამისა, რაც მარადიულობად მიაჩნია, მთელი არსებობის მოსპობა ერთ წერტილში სურს და მარადიულობის ხელყოფისთვის პასუხს აგებს მარადიულის წინაშე. განუხორციელებელი თვითმკვლელობა ხან სიცოცხლის აღორძინებასაც კი იწვევს, როგორც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელება. თვითმკვლელობა გარეგნულად სიძლიერის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. თავის მოკვლა იოლი არ არის, უსაზღვრო გაბედულება ესაჭიროება. სინამდვილეში თვითმკვლელობა ადამიანის ძლიერების გამოვლინება არ არის. ამ შემზარავ, საძნელო ქმედებას ადამიანის ნაცვლად არაადამიანური ძალა განახორციელებს, თავისმკვლელი წერას ატანილია, წყვდიადშია ჩაძირული და თავისუფლება დაკარგული აქვს. თვითმკვლელობა აგრეთვე სულმოკლეობის გამოვლინებაა, სულიერი ძალის მოხმობაზე, განსაცდელის გაძლებაზე უარის თქმაა, სიცოცხლისა და მისი შემოქმედის ღალატია. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია განაწყენების ფსიქოლოგიაა, სიცოცხლეზე, სხვა ადამიანებზე, ქვეყნიერებაზე, ღმერთზე განაწყენების ფსიქოლოგია. მაგრამ განაწყენების ფსიქოლოგია მონური ფსიქოლოგიაა. მისი საპირისპიროა დამნაშავეობის ფსიქოლოგია, რაც თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე არსების ფსიქოლოგიაა. დანაშაულის შეგრძნებისას მეტი ძალა გამოვლინდება, ვიდრე განაწყენებისას.
წიგნიდან: „თვითმკვლელობის შესახებ“
ნიკოლაი ბერდიაევი
◄ წინა თავი | მომდევნო თავი ► |
ტეგები: Qwelly, ბერდიაევი, თვითმკვლელობა, სუიციდი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•