ეროსი მიწიერი აფროდიტესი მართლაც რომ მიწიერია და აღვირახსნილი. სწორედ ეს ეროსი მეფობს ბიწიერ კაცთა შორის, რომელნიც განურჩევლად ეტრფიან როგორც დიაცებს, ისე ყრმებსაც, ხოლო ვისაც ეტრფიან, მასში სხეული უფრო ხიბლავთ მისი, ვიდრე სული. თავისი სიყვარულის საგანს ისინი ყველაზე უფრო თავქარიან არსებათა შორის ირჩევენ და, თუ ვნება დაიცხრეს, ნაკლებად დაგიდევენ, კანონიერის გზით მიაღწიეს ამას თუ არა. ამიტომაა ყველაფერს რომ კისრულობენ ისინი და ნაკლებად არჩევენ კარგსა და ავს. რადგან ეს სიყვარული მიწიერი აფროდიტესგან მომდინარეობს, რომელიც მეორე ქალღმერთზე უმრწემესია და ამასთან ორი საწყისის – მდედრობითის და მამრობითის ნაშიერი. მეორე ეროსი კი ციური აფროდიტესგან წარმოსდგება, რომელსაც მდედრობით საწყისთან არაფერი აქვს საერთო და მხოლოდ მამრობითისგან იღებს დასაბამს, თანაც მიწიერ ქალღმერთზე უფროსია და ურცხვობაც უცხოა მისთვის. სწორედ ამიტომ მამრობით სქესს – თავისი ბუნებით და ინტელექტით უფრო ძლიერ სქესს ეტრფიან ამ სიყვარულით შთაგონებულნი. და თვითონ მამათმავლობის[1] მიხედვით ძნელი როდია მათი გარჩევა, რომელთა სიყვარულს სწორედ ციური ეროსი წარმართავს: ისინი უასაკო ბალღებს კი არ ეტრფიან, არამედ უკვე გონებრივი სიმწიფის ასაკში შესულ, ახლად წვერულვაშაშლილ ჭაბუკებს. მათ რომ უმიჯნურდებიან, ისინი, ჩემის აზრით, მზად არიან სამუდამოდ თავიანთ სათაყვანებელ არსებათა გვერდით დარჩნენ და მათი სიხარული და მწუხარება გაიზიარონ. ისინი არ ისარგებლებენ ჭაბუკის მიამიტობით, არ აცდუნებენ მას და მერე შერცხვენილს არ დააგდებენ, რათა მყისვე სხვას მიაშურონ. და უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც აკრძალავდა უასაკო ბალღტა სიყვარულს, რათა წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს ამდენი გულმოდგინება კაცთა: რადგან ძნელია თქვა, ბოლოსდაბოლოს სად მიიყვანს ყრმას მისი სულიერი თუ ფიზიკური ზრდა – სათნოებასთან თუ ბიწთან? ყველა კეთილშობილი კაცი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით ემორჩილება ამ დაუწერელ კანონს, მაგრამ საჭიროა მიწიერი ეროსის მიმდევართაც ავუკრძალოთ მისი შელახვა, ისევე როგორც, შეძლებისამებრ, სიძვის დიაცთა სიყვარულს ვუკრძალავთ მათ. სწორედ ამ „მიწიერმა“ მიჯნურებმა ამოსვარეს ლაფში სიყვარული და ისე ამოსვარეს, რომ ზოგიერთი იმის თქმასაც კი ბედავს, თითქოს სამარცხვინო იყოს თაყვანისმცემელს თანაუგრძნო შენსას. ამის თქმის საბაბს მათ მხოლოდ „მიწიერ“ მიჯნურთა აღვირახსნილობა და ურცხვობა აძლევს, რადგან უსამართლობაა დაჰგმო ის, რასაც სამართლიანობა და კანონიერება უძევს საფუძვლად.
სხვა სახელმწიფოებში სიყვარულს მარტივი ადათები განსაზღვრავენ და მათში ჩაწვდომა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ხოლო ჩვენში და სპარტაში იგივე ადათ-წესები რთულია და ბუნდოვანი. ასე მაგალითად, ელიდისა[2] და ბეოტიის[3] მკვიდრნი, რომელნიც მაინცდამაინც დიდის მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევიან, თაყვანისმცემლისადმი თანაგრძნობის გამომჟღავნებას სიქველედ თვლიან. იქ არავინ იტყვის, არც მოხუცი, არც ახალგაზრდა – ეგ სამარცხვინოაო, ჩემის აზრით, თუნდაც იმიტომ, რომ ფუჭად არ დახარჯონ დრო ჭაბუკთა დასარწმუნებლად, რისი უნარიც ნაკლებად შესწევთ, პირიქით, იონიასა[4] და ბევრ სხვა მხარეში, ბარბაროსთა მბრძანებლობას რომ ემორჩილებიან, ეს სამარცხვინოდაა მიჩნეული, რადგან ბარბაროსებთან ტირანია სუფევს და სიყვარული, ისევე როგორც ფილოსოფიისა და გიმნასტიკისადმი სწრაფვა, საძრახისად ითვლება. როგორც ჩანს, არ მოსწონთ ტირანებს, როცა მათ ქვეშევრდომთა შორის მაღალი აზრები, მტკიცე მეგობრობა და ერთსულოვნება იჩენს თავს. ხოლო ყოველივე ამას ეროსი უნერგავს ადამიანებს. ჩვენი ტირანები საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ ამაში: არისტოგიტონის სიყვარულმა და მისდამი ჰარმოდიოსის[5] ერთგულებამ ხომ მათი ძალაუფლება დაამხო ოდესღაც. ამრიგად, ზოგგან თაყვანისმცემლისადმი თანაგრძნობის გამომჟღავნება[6], როგორც წესი, სამარცხვინო მოვლენად ითვლება. რაც სწორედ მათმა ბიწიერებამ განაპირობა, ვინც ეს წესი წესად აქცია, კერძოდ, მმართველთა სისასტიკემ და ქვეშევრდომთა სიმხდალემ, ზოგგან კი, პირიქით, თაყვანისმცემლისადმი თანაგრძნობის გამომჟღავნებას ადათი სიქველედ მიიჩნევს, რაც აიხსნება მცონარებით მათი სულისა, ვინც ეგ ადათი დანერგა იქ და დაამკვიდრა. ჩვენი ადათი სხვათა ადათებზე გაცილებით მშვენიერია, ოღონდ, როგორც წეღან ვამბობდი, იოლი საქმე როდია მასში გარკვევა.
თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ
| |
[1] παιδεραστίᾳ; ეს შედგენილი სიტყვა პირდაპირ „ყრმათა სიყვარულს“ ნიშნავს. საქმე ეხება ძველი ბერძნული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ბიწს - მამათმავლობას. მაგრამ ეს სიტყვა ამბივალენტურია, ისევე როგორც ფენომენი, რომელსაც იგი აღნიშნავს. დიდი მორალისტი პლატონი ჰგმობს მამათმავლობის იმ სახეს, რომელსაც ავხორცობა უდევს საფუძვლად და, პირიქით, მთლიანად იღებს მის მეორე სახეს - ღრმასა და ეგზალტირებულ სულიერ სიყვარულს, რომლის წყარო სულიერი ან ფიზიკური სრულქმნილებაა (შდრ. სოკრატე - ალკიბიადე, მიქელანჯელო - ტომაზო კავალიერი ან თუნდაც თომას მანის ნოველა „სიკვდილი ვენეციაში“).
[2] ელიდა (Ἦλις) - მხარე აღმოსავლე პელოპოსენში.
[3] ბეოტია (Βοιωτία) - მხარე შუა საბერძნეთში, მთავარი ქალაქი თებე.
[4] იონია (Ἰωνία) - მცირე აზიის დასავლეთი სანაპირო.
[5] არისტოგიტონი და ჰარმოდიოსი (Ἀριστογείτονος, Ἁρμοδίου) - ათენელი ჭაბუკები, რომელთაც 514 წ. ძვ. წ. ა. მოკლეს ათენის ტირანი ჰიპარხოსი. შემდეგში მათ ათენელებმა ძეგლი აუგეს წარწერით „τυραννοκτόνοι“ - „ტირანის მკვლელნი“ (დაწვრილებით იხილეთ თუკიდიდე I, 20, VI, 54).
[6] დედანში: χαρίζεσθαι ἐρασταῖς.
შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•