თვითმკვლელობას, როგორც ინდივიდუალურ მოვლენას ქრისტიანული რწმენა, იმედი და სიყვარული ძლევს. სიკვდილისა და თვითმოსპობის ინსტინქტს რწმენა, იმედი და სიყვარული ცხოვრების ჯვრისტვირთად გარდაქმნის. ყველაფერი გვარწმუნებს, რომ პიროვნებას შეუძლია, ღირსეულად იარსებოს და თავი დაიცვას თვითმოსპობის წადილისგან, თუ იგი ზეპიროვნული არსის მქონეა, თუ მხოლოდ თავისთვის არ არსებობს. არ შეიძლება ცხოვრება მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებისა დ სიამეთათვის. ეს ზოოლოგიური ყოფაა და არა ადამიანური ყოფა. ცხოვრება ადამიანს აურაცხელ სატანჯველს არგუნებს, პირად მიზნებს არ განახორციელებინებს, სურვილის დაკმყოფილებას არ შეაძლებინებს. ცხოვრების ზეპირადული მნიშვნელობის უარყოფა პიროვნულობის უარყოფაა. პიროვნება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ზეპირადული. სხვაგვარად სულ ქვემოთ და ქვემოთ დაექანება. არ შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ პირადულისკენ მიისწრაფოდეს, იგი ზემდგომს უნდა ეძიებდეს, ზემდგომისკენ უნდა მიისწრაფოდეს. სიცოცხლე უსახური გახდება მას შემდეგ, როცა ადამიანი საკუთარ თავს ყოველივეზე მაღლა, ყოფიერების მწვერვალზე დააყენებს. მაშინ მართლაც შესაძლოა, სევდამ და გულგატეხილობამ ბოლო მოუღოს. სიცოცხლეს აზრი მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა მწვერვალებისკენ მიისწრაფი. როცა ადამიანი თავის არსებაში ზეპირადულ მნიშვნელობას გააცნობიერებს, მაშინ იმასაც გააცნობიერებს, რომ დიადისა და ერთიანის ნაწილია და უმცირესს უდიდესთან აკავშირებს. ადამიანს თავისი არსებობა რაოდენ მცირედადაც უნდა ეჩვენებოდეს, უნდა შეიმეცნოს, რომ განეკუთვნება ეკლესიას, სამშობლოს, დიად ზეპირადულ ორგანიზმებს, ისტორიაში განხორციელებულ დიად ფასეულობებს. ისტორიულ პროცესთა და გარდატეხათა ეპოქებში, როცა მთელი სოციალური ფენები მოსწყდება ისტორიულ სხეულს, რომელშიც იშვნენ და არსებობდნენ, თვითმკვლელობა სოციალურ მოვლენად გადაიქცევა. აი, სწორედ მაშინ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცხოვრების ზეპირადული შინაარსისა და ფასეულობათა გაცნობიერება. ამ დროს სულიერი ცხოვრება გამოიღვიძებს და განსაკუთრებულად დაძაბული გახდება. მშვიდ, მდგრად დროებაში ადამიანები, ბუნებრივია, დაკავშირებულნი არიან ზეპირადულ ორგანიზმებთან, სანათესაოსთან, წოდებრივ ფენასთან, ტრადიციულ, ეროვნულ კულტურასთან. ასეთ ჟამს რელიგია ხშირად განსაკუთრებულად ცხოვრებისეული, მემკვიდრეობითი, ტრადიციულია და სულიერ მგზნებარებას, პირადულ სულიერ ძალისხმევას არ საჭიროებს. პატრიოტიზმიც ცხოვრებისეული, ტრადიციულია. რუსთათვის ახლა ასეთი ეპოქა არ არის. ცხოვრებამ მდგრადობა დაკარგა და ყოველივე ბობოქრად იძვრის. არსებობა უზარმაზარ სულიერ ძალისხმევას მოითხოვს. სულიერი ძალა და დაძაბულობაა საჭირო, რათა ირწმუნო, რომ რუსეთი და რუსი ხალხი ცოცხლობს, რომ თავადაც მას ეკუთვნი, თუნდაც აფრიკაში ანდა ავსტრალიაში იყო გარიყული. სულის მგზნებარებაა საჭირო, რათა ირწმუნო, რომ დევნილი და შევიწროებული, ორგანიზაციულად დასუსტებული, არეულობითა და შუღლით მოცული მართლმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტად აღორძინდება და გაბრწყინდება, სულიერად აღმაღლდება სახელმწიფოებრივ, მოზეიმე, გარეგნულად ბრწყინვალე, ფარჩითა და ოქროთი მოსილ ეკლესიასთან შედარებით. პიროვნული სულიერი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ქარიშხალს გაუძლო და არ გაცამტვერდე. არის გარეგნულად სვეკეთილი ეპოქები, როცა ყოველივე მდგრადია და ყველანი მყარი მდგომარეობის მქონენი არიან. მაგრამ არის კატასტროფული ეპოქები, როცა სიმყარე არ არსებობს, როცა არავითარი საყრდენი არ გაგაჩნია და ნიადაგი ფეხქვეშ გეცლება. აი, ასეთ, მშვიდ ეპოქებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან ეპოქებში ადამიანის სიმტკიცეს მხოლოდ მარადიულობასთან მისი სულიერი კავშირი განსაზღვრავს. იგი გააცნობიერებს, რომ მხოლოდ ამჟამინდელობას კი არა, მარადიულობასაც, მხოლოდ ამქვეყნიურობას კი არა, ღმერთსაც ეკუთვნის. ასეთ ეპოქებში საკუთარ არსებაში სულიერი ცხოვრების აღძვრა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თავს მხოლოდ ისინი გადაირჩენენ, რომელნიც საკუთარ არსებაში დიდ სულიერებას აღძრავენ. ასეთ ეპოქებში თვით რწმენა პირადი სულიერების მძლავრ ძალისხმევას საჭიროებს და ამიტომაც ცხოვრებისეულ და მემკვიდრეობით რწმენაზე უფრო მაღლამდგომია. ასეთ ეპოქებში მხოლოდ თავის თავზე და პირად მიზნებზე ფიქრი უგუნურებაა. ეს თვითმოსპობისკენ მიმავალი გზაა. ყოველ ადამიანს შემზარავი პასუხისმგებლობა აკისრია, იგი ან სიცოცხლეს, აღორძინებასა და იმედს განამტკიცებს ანდა სიკვდილსა და სასოწარკვეთილებას. ყოველი რუსი ახლა თავის არსებაში უზომოდ შემცველია რუსეთისა, ვიდრე იყო მაშინ, როცა რუსეთში მშვიდობიანად ცხოვრობდა. იმჟამად სამშობლო, უსასყიდლოდ ეძლეოდა, ხოლო ახლა სულის მგზნებარებით უნდა მოიპოვოს. ასევე ყოველი მართლმადიდებელი პასუხისმგებელია ეკლესიის მიმართაც და საკუთარ არსებაში მატარებელია ეკლესიის ბედისა, ვიდრე იყო მაშინ, როცა სახელმწიფოსგან დაცულ, ტრადიციული ყოფით დაცულ ეკლესიაში არსებობდა. ყოველ ადამიანს ახლა ადრინდელზე უსაზღვროდ მეტი სულიერება მოეთხოვება. ახლა აღარ შეიძლება, ნელთბილი, ცხოვრებისეული ქრისტიანი, სანახევროდ ქრისტიანი, სანახევროდ წარმართი რომ იყო, უნდა აირჩიო, მსხვერპლის გაღების უნარი, სულიერი მგზნებარება გამოიჩინო თუ არა. მთელ ქვეყნიერებაზე ქრისტიანულ ძალებსა და ანტიქრისტიანულ ძალებს შორის დიდი ბრძოლაა და არავის ძალუძს ამ ბრძოლაში მონაწილეობას განერიდოს. ჩვენ წინა ეპოქებზე უფრო ძალიან ძნელ, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო ხანაში ვცხოვრობთ. ბევრი ძველი რამ წარხოცილია, ძველი ცხოვრება აღარასოდეს დაბრუნდება და ამას არ უნდა ვნატრობდეთ. მაგრამ იღვიძებს ახალი ინტერესი მსოფლიოსა და ადამიანის ცხოვრების მიმართ, ინტერესი სიმაღლისა და სიღრმის, ღმერთის მიმართ და ღვთის შემწეობით. შესაძლებლობა გვეძლევა, მარადიულობას ამჟამინდელობიდან ვუცქიროთ და ამჟამინდელობა მარადიულობას დავუკავშიროთ. ახლა დრო არ არის მოდუნებისა, დაძაბუნებისა, სასოწარკვეთილების ტყვეობაში მოქცევისა. ახლა აღმასვლის, ძალის მოკრების, რწმენის გაღვივების, იმედიანობის დროა, ჟამი იმის გახსენებისა, რომ ადამიანი მარადიულობისთვის განკუთვნილი სულიერობრივი არსებაა.
თავისმკვლელი მკაცრად, შეუბრალებლად არ უნდა განვსაჯოთ. განმსჯელობა ჩვენ არც განგვეკუთვნება. მაგრამ არც თვითმკვლელობის გაიდეალება შეიძლება. თავისმკვლელნი კი არა, თვითმკვლელობაა განსასჯელი, როგორც ცოდვა, როგორც სულიერი დაცემა და უძლურება. თვითმკვლელობა ჯვრის ღალატია. როცა ადამიანი თავს იკლავს, ქრისტეს ივიწყებს და თუ გაიხსენებდა, ხელი აუთრთოლდებოდა და თავს სასიკვდილოდ არ გაწირავდა, სიცოცხლეს მსხვერპლის გასაღებად შეინარჩუნებდა. თავის მოკვლა იმიტომ ეწადა, რომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღება არ უნდოდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და მხოლოდ საკუთარ თავს განამტკიცებდა. თავის სიკეთეზე უარის თქმა და ზეპირადული სიწმინდისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება თვითმკვლელობის საპირისპირო მოვლენაა. ადამიანს სიცოცხლე სიკვდილზე უძნელესად მიაჩნია და უფრო იოლს ირჩევს. სიცოცხლეში ყოველი წუთი საძნელოა და ძალისხმევას საჭიროებს, ხოლო თვითმკვლელობა მხოლოდ ერთ საძნელო წუთს გულისხმობს. მაგრამ თვითმკვლელობის ილუზია და თავის მოტყუება იმას ეფუძნება, რომ თავისმკვლელს თვითმკვლელობა ტანჯვა-წამების მომტანი დრო-ჟამისგან გათავისუფლებად წარმოესახება. თავისმკვლელს სწამს, რომ სატანჯველი აღარ ექნება. მაგრამ თვითმკვლელობა უკვდავებაზე უარის თქმაა. თუმცაღა, ის წუთი, როცა თვითმკვლელობა ხდება, მხოლოდ ჩვენი დრო-ჟამის ბოლო წუთია, რასაც მარადიულობა და მარადიულობის სამსჯავრო მოჰყვება. ვინც თავის მოკვლა გადაწყვიტა, თუ იგრძნობდა, რომ მარადიულობის წინაშე, მარადიულობის სამსჯავროს წინაშე დგას, მაშინ გამბედაობა შეერყეოდა. თავისმკვლელი იმედოვნებს, რომ არამარტო დრო-ჟამს, არამედ მარადიულობასაც მოსპობს. დრო-ჟამიცა და მარადიულობაც მისთვის უკავშირდება ცნობიერებას, რომლის საბოლოოდ ჩახშობაც სურს. მაგრამ თავის მოსპობა ონტოლოგიურად შეუძლებელია, შესაძლოა მხოლოდ სხვა მდგომარეობაში თავის გადაყვანა. თავისმკვლელს თავის არსებაში, თავის წყვდიადში ყოფნის, თავის თავში მომწყვდეულობის სატანჯველის ატანა აღარ შეუძლია, იმედოვნებს, რომ თვითმკვლელობა თავისი არსებიდან მოწყდომას შეაძლებინებს. ნამდვილად კი უფრო ღრმად იძირება თავის არსებაში, სხვა, უსასრულო სატანჯველში, რაც თვითმკვლელობის აქტის შემდეგ გაგრძელდება. ადამიანი დრო-ჟამში მხოლოდ დროებით იმყოფება, იგი მარადიულობისთვის განკუთვნილი არსებაა და მასში არის მარადიული, გაუნადგურებელი საწყისი, რასაც მკვლელობა და თვითმკვლელობა ვერ მოსპობს. შესაძლოა, ჩავახშოთ ჩვენი ცნობიერება და არაცნობიერის წიაღს დავუბრუნდეთ, მაგრამ ცნობიერების ეს ჩახშობა დროებითია. ცნობიერება კვლავ გამოიღვიძებს და ეს გამოღვიძება უაღრესად სამძიმო იქნება. ფროიდის მოწაფემ რანკმა ძალიან საინტერესო წიგნი დაწერა `დაბადების ტრავმაზე~. იგი ამბობს, რომ ადამიანი შეძრწუნებითა და შიშით იბადება, დედის წიაღიდან მოწყვეტისას სული ეხუთება, ამ ტრავმის შედეგები მთელ სიცოცხლეში მიჰყვება და სნეულებათა გამომწვევია. რანკი ფიქრობს, რომ ადამიანს დედის წიაღში დაბრუნების სურვილი აქვს შერჩენილი. მას ამქვეყნად ყოფნა აშინებს, დაბადების თავდაპირველი შიში არ გაუვლის. უკვე ვთქვი, რომ ადამიანს სიკვდილის არაცნობიერი ინსტინქტი გააჩნია, მაგრამ შემზარავი ის არის, რომ არაცნობიერის წიაღში თავისმკვლელის დაბრუნებას დაბადების შიშზე უფრო ძლიერი შიში ახლავს. თავისმკვლელის ვარაუდი, რომ ხსნა ეწვევა, უხეშ მატერიალურ წინამძღვრებს ეფუძნება და აქ სიცოცხლის არსის ძირითად საკითხს წავაწყდებით. თვითმკვლელობის ინსტინქტი რეგრესული, ამქვეყნიური ცხოვრების დადებითად გაძლიერების უარმყოფელი ინსტინქტია. ცნობიერებას, პიროვნებას, თავისუფლებას რა თვალით უნდა შევხედოთ? არის თუ არა ეს ცნებანი ფასეულნი, რომლებზეც უარის თქმა არაფრის დიდებით არ შეიძლება? თავისმკვლელი ეჭვქვეშ აყენებს ცნობიერების, პიროვნების, თავისუფლების ფასეულობას. მისთვის არაცნობიერი, უპიროვნო, მრუმე, სიკვდილისა და არარსებობის მიზიდულობით განსაზღვრული სიცოცხლე შეგნებულ, პიროვნულ, თავისუფალ სიცოცხლეზე უმჯობესია, რამეთუ ცნობიერება სატანჯველს წარმოშობს, რამეთუ პიროვნება სატანჯველით უნდა გამოიჭედოს, რამეთუ თავისუფლება სულიერობრივად საძნელო და ტრაგიკულია. ადამიანს ქანცი გამოელევა და ხელს აიღებს დიად მიზანზე, ბოლომდე დარჩეს პიროვნებად, თავისუფალ არსებად, თავისი ცნობიერება ზეცნობიერებამდე აღამაღლოს. იგი სატანჯველის შიშის გამო მზად არის უკან დაბრუნდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცნობიერება არსებობის შუალედია და არა მწვერვალი, მხოლოდ გზაა მწვერვალიკენ, ზეცნობიერებისკენ, ადამიანური ბუნების გაღვთაებროვებისკენ. არაცნობიერის სტიქია, რომელიც ყოველთვის ცნობიერებაზე უფრო ფართო და სიღრმისეულია, თავის საზღვართა მცოდნე ცნობიერების ქმედებით ზეცნობიერის, ღვთიური ყოფის სფეროში უნდა გადავიდეს. ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ არაცნობიერს შეეძლება, ცნობიერში მთლიანად გადავიდეს და უნდა გადავიდეს. სიცოცხლის არაცნობიერი წიაღი ყოველთვის დარჩება. მაგრამ აღმასვლის დიადი მიზანი შეგნებული და თავისუფალი პიროვნების უარყოფას გამორიცხავს. განსაცდელს ბოლომდე უნდა გაუძლო, თავისუფალ და შეგნებულ პიროვნებად უნდა დარჩე, არ უნდა მოასპობინო ცნობიერებამდელ სტიქიას, რომელიც უკან გეზიდება. ყოველ ადამიანში არსებობს არქაული ადამიანი, უძველესი, პირველყოფილი კაცობრიობის მემკვიდრე, არსებობს ბავშვი და არსებობს შეშლილი. წარმოშობა ცნობიერებისა, როგორც ზეცნობიერისკენ მიმავალი გზისა, როგორც ზეპიროვნული ფასეულობების, სულიერი თავისუფლების, უმაღლესი ღირსების, ღვთის მსგავსების მქონე ადამიანად გარდაქმნის გზისა დაუცხრომელი ბრძოლაა პირველყოფილ-ინფანტილური ყოფისკენ ადამიანის დაბრუნების რეგრესულ სვლასთან, ბრძოლაა ცნობიერების შეშლილობად გარდაქმნასთან. ადამიანად, პიროვნებად, სულიერობრივი თავისუფლების მქონედ ყოფნა, ცხოვრების წინააღმდეგობათა და სატანჯველთა გაძლება, ცნობიერების შენარჩუნება გმირული ქმედებაა, საკუთარ არსებაში ღვთის სახებისა და მსგავსების განხორციელებაა. თვითმკვლელობა ამ ქმედებისგან უკან დახევაა, ადამიანად ყოფნაზე ხელის აღებაა, ადამიანობამდელ ყოფასთან დაბრუნებაა. სიცოცხლე აღმასვლაა, თვითმკვლელობა დაღმა დაშვება, დაძირვაა. თვითმკვლელობის დიადი ილუზია თავის მოტყუებაა, იმ იმედის ქონაა, რომ თვითმკვლელობა გათავისუფლებაა, ცხოვრების სატანჯველთაგან, ცხოვრების უაზრობისგან გათავისუფლებაა. სინამდვილეში თვითმკვლელობა უპირველესად და უპირატესად დაკარგვაა თავისუფლებისა, რომელიც ყოველთვის აღმასვლისკენ, ამქვეყნიურობაზე გამარჯვებისკენ მოუწოდებს. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ ადამიანებში უწინარესად უნდა გამოღვიძდეს ღირსება თავისუფალ არსებათა, ღვთის ქმნილთა, რომელნიც უმაღლესი ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი. თავისმკვლელი არა მარტო თავად ამბობს უარს ბოლომდე ადამიანად დარჩენაზე, არამედ გარემომცველ ატმოსფეროსაც არყოფნის შხამით წამლავს. ადამიანად ყოფნა დიადი მიზანია, რაც შემოქმედმა დაგვისახა. ადამიანად ყოფნაში პიროვნებად ყოფნა, სულიერად თავისუფალ არსებად ყოფნა, საკუთარი ცნობიერების გაძლიერება, შემოქმედად ყოფნა იგულისხმება. სიცოცხლის უდიადესი საიდუმლო ის არის, რომ ადამიანის არსებაში ყოველივე უმაღლესი ყოფით უნდა გადაილახოს და უმაღლესითაა განზრახული. ადამიანი ადამიანად საკუთარი თავის დაძლევით იქმნება, პიროვნულობა გულისხმობს ზეპიროვნული ფასეულობების, ჭეშმარიტების, სიკეთის, მშვენიერების არსებობას, ზეპიროვნულ არსებობაში აღსვლას. ცნობიერება გულისხმობს ზეცნობიერის არსებობას, სული სულიერებითა და სულიერი ცხოვრებით არსებობს და იძვრის. ადამიანი იმიტომ არსებობს რომ არის ღმერთი და შეუძლია, ღმერთისკენ მიისწრაფოდეს. მაგრამ ყოველგვარი შეზღუდულობის, ცნობიერების შეზღუდულობის, პიროვნების შეზღუდულობის დაძლევა შეუძლებელია მიღწეულ იქნას ქვემოსვლითა და უკუსვლით, ეს მხოლოდ აღმასვლითა და წინსვლით მიიღწევა. თვითმკვლელობის საკითხი სიცოცხლის რელიგიური აზრის საკითხია. თვითმკვლელობა ამას უარყოფს. უმწეონი, მიამიტნი და უგუნურნი არიან ის სოციოლოგი-პოზიტივისტები, რომელთაც ჰგონიათ, რომ საზოგადოებას და საზოგადოებრივ მიზნებს შეუძლია, ღმერთსა და სიცოცხლის ღვთიურ მიზნებს ჩაენაცვლოს და ადამიანის პიროვნებას სიცოცხლის აზრი შესძინოს. საზოგადოებაზე და საზოგადოებრივ მოვალეობაზე ფიქრი თვითმკვლელობისგან ვერავის ვერასოდეს შეაჩერებს. განყენებულ იდეებს რა მნიშვნელობა ექნება იმისთვის, ვისთვისაც ამქვეყნად ყოველივე ჩამკვდარია? თვითმკვლელობისგან თავისმკვლელის შეჩერება შეუძლია მხოლოდ ხსოვნას უდიადესი რეალობისა, ღმერთისა, რომელსაც ვერსად წაუხვალ, რამეთუ იგია სიცოცხლისა და სიცოცხლის აზრის მომნიჭებელი. შესაძლებელია, საზოგადოებას სიკვდილითა და არარსებობით განშორდე. საზოგადოება ადამიანის მარადიული ბედის წინაშე უძლურია, ხოლო ღმერთს სიკვდილითაც ვერ განეშორები, ღმერთის სამსჯავროსა და ღმერთისგან ადამიანის მარადიული ბედის განსაზღვრას ვერსად გაექცევი. თვით ურთიერთობა საზოგადოებასთან ადამიანის პიროვნებისა აზრს ღმერთის მიმართ მისი დამოკიდებულებით იძენს. სიცოცხლის აზრის მომნიჭებელი მხოლოდ ღმერთია. თვითმკვლელობასთან, თვითმკვლელობის განწყობილებასთან ბროლა სიცოცხლის რელიგიური აზრისთვის, ადამიანის არსებაში ღმერთის სახებისა და მსგავსებისთვის ბრძოლაა.
წიგნიდან: „თვითმკვლელობის შესახებ“
ნიკოლაი ბერდიაევი
◄ წინა თავი |
ტეგები: Qwelly, ბერდიაევი, თვითმკვლელობა, სიყვარული, სუიციდი, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•