თებერვალი

თებერვალი

თვენი

თებერვლის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

7 თებერვალს (ძვ. სტ. 25 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე)!

თებერვალი, გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი, თვენი, წმინდათა ცხოვრება, Qwelly

XIX საუკუნის საქართველოს ისტორიულ და სულიერ ცხოვრებაში გაბრიელ ეპისკოპოსი გვევლინება როგორც უიშვიათესი მოვლენა - მღვდელმთავარი, რომელმაც საკუთარ პიროვნებაში ჰარმონიულად შეაერწყა ევროპული განათლება, მეცნიერული აზროვნება და ქრისტიანული რწმენა.

მომავალი ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე, გურიის სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა 1825 წელს. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგაც მისი გზა თბილისისა და ფსკოვის სემინარიებზე გავიდა, დაგვირგვინდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიით, რომელიც მან მაგისტრის ხარისხით დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული გერასიმე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა, თუმცა მის ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - მეუღლისა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებამ - მისი ცხოვრების გეზი რადიკალურად შეცვალა. 1856 წელს იგი დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურებს, სადაც მალევე ბერად აღიკვეცება გაბრიელის სახელით.

სულ მალე, 1860 წელს, გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსად აკურთხეს. მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა: ეპარქიაში გამეფებული იყო უმეცრება და სიდუხჭირე. გაბრიელმა მიზნად დაისახა ეკლესიის სოციალური როლის გააქტიურება. მან 1890 წელს ქუთაისში დააარსა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გახსნა, რითაც საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო განათლების გავრცელებას დასავლეთ საქართველოში. იგი შეუდრეკელად ებრძოდა ცრურწმენებსა და უზნეობას როგორც ერისკაცებში, ისე სამღვდელოებაში, რის გამოც ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მისი ავტორიტეტი ხალხში სულ უფრო იზრდებოდა.

გაბრიელ ეპისკოპოსის კალამს ეკუთვნის ფსიქოლოგიის პირველ ქართულ სახელმძღვანელოს - „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, ხოლო მისი ქადაგებები საქართველოს ფარგლებს გასცდ. გაბრიელის სიტყვები, თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ევროპული საზოგადოებისთვისაც კი სამაგალითო ნიმუშად იქცა. ის იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე ეროვნულ საქმეებში. მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკუთხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. 

წმიდა მღვდელმთავარი 1896 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი თოვლის გამო 46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა. მისი ანდერძი ლაკონური და სიმბოლური იყო: „ქონება - ღარიბებს, სული - ღმერთს, გვამი - მიწას“. დაკრძალულია გელათის მონასტერში, სადაც მისი საფლავი დღემდე წარმოადგენს ქართველი ერის სულიერი სიძლიერის სიმბოლოს. საქართველოს ეკლესიამ, მისი ღვაწლისა და წმინდა ცხოვრების გამო, იგი წმინდანად შერაცხა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►