აზრის წერილობით გადმოცემის იდეა, რა თქმა უნდა, ერთ დღეს არ ჩამოყალიბებულა. დღეს ჩვენ გვაქვს ანბანური დამწერლობა და შეგვიძლია თითოეულ ფონემას თითო ნიშან­სიმბოლო შევუსაბამოთ, მაგრამ თავდაპირველად ეს ასე არ იყო. დამწერლობამ წარმოქმნის შემდგომ განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, რათა საბოლოოდ მიეღწია ანბანამდე.

      რა და როგორ ჩაიწერა ადამიანმა პირველად? როგორ გამოიყურებოდა ყველაზე ძველი ნაწერები? რამ გამოიწვია წერის სისტემის გამარტივება? წინამდებარე სტატიაში შევეცდებით სწორედ ამ საკითხებს გავცეთ პასუხი.

რა არის დამწერლობა

      დამწერლობა არის სიმბოლოების, ანუ გრაფიკული ნიშნების გამოყენების საშუალება, რათა ვიზუალურად, კითხვითი ფორმით გადმოიცეს აზრი, იდეა. მეცნიერები მისი განვითარების რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ, იმისდა მიხედვით, თუ მეტყველების როგორი გრძლივობა გადმოიცემა ნიშნებით – ფრაზა, სიტყვა, მარცვალი თუ ბგერა. აღსანიშნავია, რომ დამწერლობა წარმოადგენს კაცობრიობის უდიდეს კულტურულ მიღწევას, ვინაიდან მის გარეშე ადამიანი ვერც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ვერ აღნუსხავდა.

      როგორ გაჩნდა დამწერლობის შექმნის იდეა? რატომ არ დაკმაყოფილდა ადამიანი სამეტყველო ენით?

      მეტყველებისგან დამწერლობა სწორედ იმით განსხვავდება, რომ ერთი უხილავია, მეორე კი – ხილული. თუ დღეს არსებობს აუდიო­ვიდეო ჩამწერი, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილს ვუკავშირდებით, ძველ დროში უხილავი ენის მანძილსა და დროში გადაცემა შეუძლებელი იყო. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც გარკვეულ მოვლენათა ჩანიშვნა და მათი მანძილსა თუ დროში გადაცემა გახდა აუცილებელი, სწორედ მაშინ გაჩნდა დამწერლობაც.

      მაგრამ ამასთანავე წარმოუდგენელია დამწერლობის სრული სახით ჩამოყალიბება განვითარების იმ ეტაპების გაუვლელად, რომლებიც აზრისა და იდეის გადმოცემას მარტივიდან რთულ ფორმამდე მიიყვანენ. ამის მაგალითი გვხვდება ძველ მესოპოტამიაში, სადაც ის ერთადერთი დამწერლობა აღმოჩნდა, რომელმაც განვითარების ყველა ეტაპი გვიჩვენა – დაწყებული მარტივი ნახატებიდან, დამთავრებული რთული შინაარსის მქონე თიხის ფირფიტებით, რომლებმაც, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარეს ანბანური დამწერლობის წარმოშობას. ამ დამწერლობის პირველობას ისიც ადასტურებს, რომ იგი არც ერთი ადრინდელი წერის სისტემის გავლენას არ ამჟღავნებს.

პროტოდამწერლობა

      ყველაზე ძველი ნახატები, რასაც ჩვენამდე მოუღწევია, არის გამოქვაბულებსა და მღვიმეებში, კედლებზე გამოსახული ცხოველები (მაგ., ბიზონი, ცხენი და სხვა). ცხადია, ასეთ ნახატებს დამწერლობას ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან წარმოადგენენ მხოლოდ გამოსახულებებს, რომლებსაც ვერასდროს წავიკითხავთ. მეცნიერთა აზრით, ეს არ იყო მხოლოდ სახვითი ხელოვნების ნიმუშები და მათი გამოსახვით ადამიანი გადმოსცემდა რაღაც შინაარსს,


გამოქვაბულში გამოსახული ცხენი, საფრანგეთი, ზედა პალეოლითის ხანა

მაგალითად, რომ მან მოკლა ეს ცხოველი, მოკლა ამდენი და ამდენი და ა.შ. გამოსახულ ცხოველთან ერთად უმეტესად ჩამოსმულია ხაზები, რაც სწორედ რიცხვების აღმნიშვნელ უპირველეს ნიშნებად მიიჩნევა.


არწივის ძვალზე ჩახატული მთვარის ფაზების კალენდარი

      გამოქვაბულებში შესრულებულ ნახატებთან ერთად არქეოლოგები წააწყდნენ სხვადასხვა სახისა და შინაარსის მქონე ჩხირებს, საჭდეებსა თუ იარლიყებსაც. დასავლეთ საფრანგეთში აღმოჩნდა, მაგალითად, არწივის ძვალზე გამოსახული აღნიშვნები, რაც მთვარის ფაზების ჩანაწერებს გადმოგვცემს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეს ხაზები სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება.

საბეჭდავები

      დამწერლობის წარმოშობა უკავშირდება სულ უფრო და უფრო კომპლექსურად განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას. ამ დროს ჩნდება სხვადასხვანაირი ფორმისა და გამოსახულების მქონე მცირე ზომის თიხის ცილინდრული საბეჭდავები, რომლებიც სველ თიხაზე გადატარების შედეგად სხვადასხვა შინაარსის მქონე კომპოზიციურ ნახატებს ტოვებენ.

თიხის სათვლელი ფიგურები და "კონვერტები"

      მე­20 საუკუნის მიწურულს, შუამდინარეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მეცნიერებმა სრულიად უცნაური არქეფაქტები (ანუ არქეოლოგიური ნივთმტკიცებები) აღმოაჩინეს – ეს იყო სხვადასხვა ფორმის თიხის პატარა ფიგურები, რომლებიც საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე გვხვდება და ძვ. წ. 8000­1500 წწ.­ით თარიღდება. თავდაპირველად ეს ფიგურები შეუმჩნეველი დარჩათ, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, ვინაიდან არ ეგონათ, რომ რაიმე იდეის მატარებელი იქნებოდნენ. მაგრამ არქეოლოგები თანდათან დარწმუნდნენ, რომ მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ასეთი ფიგურები მთელ მახლობელ აღმოსავლეთში აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ ეგვიპტეში არც ერთი ამგვარი ფიგურა არ არის ნაპოვნი.

      ამ თიხის ფიგურათა განვითარება შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ: ადრეული ფიგურები სადაა და გეომეტრიული ფორმა აქვთ – სფერო, წრე, დისკი, კონუსი და ა.შ., მოგვიანო ხანისა კი არის დასერილი, ამოკვეთილი და ფორმამიცემული.

      გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ფიგურები გამოიყენებოდა ანგარიშსწორებისათვის ერთგვარ საზომ ერთეულად. სხვადასხვა ტიპის ფორმა სხვადასხვა სიმბოლოს განასახიერებდა – მაგ., რომელიმე ცხოველს, საკვებსა თუ ნივთს. ფიქრობენ ასევე, რომ არსებობდა ამ ფიგურების დათვლის სისტემა, რომელიც გამოიხატებოდა მათზე ჩამოსმული ხაზებითა და წრეებით, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ დიდი რაოდენობით დაეთვალათ ესა თუ ის საქონელი.

      ამ დასათვლელ ფიგურათა ძირითადი ფუნქციის შესახებ ვარაუდი კიდევ უფრო მას შემდეგ გამყარდა, რაც ძველი მესოპოტამიის ერთ­ერთ ყველაზე ძველ ქალაქ ურუქში თიხის მრგვალი ფორმის საინტერესო ჭურჭლები აღმოაჩინეს, რომლებიც ზემოდან საბეჭდავებით იყო დაბეჭდილი. როგორი იყო მეცნიერთა გაოცება, როდესაც ამ ჭურჭლის გახსნის შედეგად შიგნით უკვე ნაცნობი ფორმის თიხის დასათვლელი ფიგურები იპოვეს!

      აღმოჩნდა, რომ ეს იყო მრგვალი ფორმის თიხის "კონვერტები", რომელთა ერთი ნაწილი გაუხსნელი, ზოგი კი უკვე დამტვრეული იყო. მათი შექმნის მიზანი უნდა ყოფილიყო თავდებობა, გარანტია სიზუსტისა და უტყუარობა ჩადებული ფიგურებისა, რომლებიც თავისთავად სხვადასხვა ნივთის სიმბოლოს წარმოადგენდნენ. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო იმდროინდელი ე.წ. "ჩეკი", რომელსაც ჩვენ ვიღებთ საქონლის შეძენის დროს. როგორც ჩანს, ადამიანი ფიქრობდა, რომ თუ ეს ნიშნები ჯიბეში ედებოდა ან ძაფზე ააცვამდა, შეიძლება დაკარგვოდა ან ადვილი იქნებოდა მათი გაყალბება. ამ გზით კი პირი, რომელიც მეორეს ნივთებს უცვლიდა (იმ დროს გავრცელებული იყო აღებ­მიცემობა, საქონლის ე.წ. "ბარტერული" გაცვლა), გამოძერწავდა მისთვის საჭირო თიხის დასათვლელ ფიგურებს, გამოსახავდა მათზე საგანთა რაოდენობას, ჩააწყობდა თიხისავე "კონვერტში", დაახატავდა ზემოდან ფიგურებს, რის გაცვლასაც აპირებდა, შეკრავდა "კონვერტს" და გადასცემდა მეორე ადამიანს. ამით ანგარიშის უზუსტობისგან ორივე მხარე იყო დაზღვეული. თუ ეს სავაჭრო შეთანხმება საკამათო გახდებოდა, "გარიგების" მონაწილეთ შეეძლოთ სხვათა თანდასწრებით გაეტეხათ "კონვერტი" და დაეთვალათ საქონელი.

      როგორც ჩანს, საქონლის გაცვლის დასადასტურებლად მოგონილი ასეთი ხერხი იმდენად მოსახერხებელი იყო მაშინდელი მოსახლეობისთვის, რომ ეს ფიგურები ლურსმული დამწერლობით შესრულებული მნიშვნელოვანი ტექსტების პარალელურადაც განაგრძობდნენ არსებობას მას შემდეგაც, რაც ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულს გაჩნდა დამწერლობა.

პირველი თიხის ფირფიტები

      ქალაქ ურუქში, თიხის მარტივი დასათვლელი ფიგურების გარდა, აღმოჩენილია ასევე თიხაზე შესრულებული პირველი ნახატები, ე.წ. "პიქტოგრამები". ისინი გამოხატავდნენ მთელ თხრობით კომპოზიციას, სადაც ნახატები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. შემდგომ პერიოდში ეს ნახატები გადაიქცნენ ლურსმული დამწერლობის შემადგენელ ნაწილად.

      ძველ მესოპოტამიაში აღმოჩენილი ყველაზე ძველი თიხის ფირფიტები დაახლ. ძვ. წ. 3300­ით თარიღდება. ეს ფირფიტები შუმერებმა შექმნეს და მათზე ციფრებია გამოსახული, ვინაიდან ეს ფირფიტები მხოლოდ რიცხვებსა და პიქტოგრაფიულ ნიშნებს ასახავენ, მათ ჩამოყალიბებულ დამწერლობას ვერ ვუწოდებთ.

დამწერლობის განვითარების ეტაპები თიხის ფიგურებიდან ლურსმნულ დამწერლობამდე

      თუკი ქვის ხანის ადამიანი მნიშვნელოვანი მოვლენის დასაფიქსირებლად გამოქვაბულის კედლებსა და ძვლებს იყენებდა, ძველი შუამდინარეთის ადამიანმა საწერად ის მასალა გამოიყენა, რითაც მდიდარი იყო მისი ქვეყნის ბუნება და რაც იქ ბევრად მეტი იყო, ვიდრე ხე და ქვა – მესოპოტამიაში უხვად მოიპოვებოდა თიხა, რომელსაც იქაური მაცხოვრებლები აქტიურად იყენებდნენ მშენებლობაში. თიხა საწერადაც კარგი მასალა აღმოჩნდა. წყალუხვ შუამდინარეთში ასევე დიდად გავრცელებული იყო ლერწამი, იგივე სელი, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად (ზეთი, სამოსი და ა.შ.), საუცხოოდ გამოდგა თიხაზე საწერ საშუალებად. თიხას ზელდნენ და ლერწმისგან გამოთლილი გრძელი სამკუთხა კალმით მარტივად გამოსახავდნენ მასზე ნიშნებს.


გადამწერები თელ ბარსიფიდან, სირია

      ნელ­ნელა ეს რთულად მისახვედრი რებუსული დამწერლობა გადაიქცა ნაწილობრივ იდეოგრამულ, ნაწილობრივ კი – მარცვლოვან დამწერლობად. ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულიდან ვხვდებით უკვე ისეთ ნიშნებს, რომლებიც ერთ მარცვალს გამოხატავენ. შუმერებმა დაიწყეს ლურსმული/სოლისებრი ნიშნების კომბინაციების შედგენა. თავდაპირველად ეს სიმბოლოები თავის აღსანიშნ საგნებს გამოსახულებით ემსგავსებოდნენ, შემდგომ კი უკვე მარცვლის აღმნიშვნელი გახდნენ. ასეთი იდეოგრაფიულ­მარცვლოვანი, ლურსმული/სოლისებრი დამწერლობა მთელ ძველ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა (ელამური, აქადური, ხეთური, ხურიტული, უგარიტული, ურარტული, ძვ. სპარსული) და საბოლოოდ გადაიქცა ანბანურ დამწერლობად, რომლის პირველი მაგალითია ფინიკიური ანბანი.

      დამთხვევად არ უნდა მივიჩნიოთ, რომ სწორედ ამ ეპოქიდან მოგვეპოვება დამწერლობის ნიმუშები ბაბილონის გარეთაც: აღმოსავლეთით – ხუზესტანში (ირანი) და დასავლეთით – ეგვიპტეში. ხუზესტანის ცენტრში, სუზაში ნაპოვნი თიხის ფირფიტები ასევე დაფარულია დამწერლობის ნიშნებით. ეს არ არის გასაკვირი. ადრეულ ეპოქებში ხუზესტანსა და ბაბილონში კულტურული განვითარება თავთავისი გზით მიდიოდა, მაგრამ იმ პერიოდში, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ორი რეგიონი კულტურულად და ეკონომიკურად ერთნაირად ვითარდებოდა და ერთნაირი ეკონომიკური მდგომარეობა ერთნაირ საჭიროებებს მოითხოვდა. აქ აღმოჩენილი თიხის ფირფიტები თანადროულია ბაბილონში აღმოჩენილი პირველი თიხის ფირფიტებისა, ანუ ვერ ვხვდებით დამწერლობის ჩასახვის ნიშნებს და ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ხუზესტანში დამწერლობის იდეა სწორედ ბაბილონიდან შესულიყო.

      რაც შეეხება ეგვიპტეს, დამწერლობა აქაც და ბაბილონშიც ერთსა და იმავე ეპოქაში ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ლურსმული/სოლისებრი დამწერლობადა ეგვიპტური იეროგლიფები მეტად განსხვავებულად გამოიყურებიან, მაინც საუბარია მათ კავშირზე. არქეოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ეს ორი რეგიონი ერთმანეთს უცვლიდა ძვირფას ქვებს, ლითონსა და სხვა ძვირფასეულობას. მაგ., ცნობილია, რომ ლაჟვარდის ქვა, რომელსაც ეგვიპტეში უხვად იყენებდნენ, სწორედ ავღანეთიდან შეიტანეს.


ლურსმული დამწერლობის ნიმუში - "შუმერის მეფეთა სია"

      და მაინც, სად შეიქმნა თავდაპირველად დამწერლობა? მეცნიერები უპირატესობას მაინც შუამდინარეთს ანიჭებენ. საქმე ისაა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ დასტურდება დამწერლობის განვითარების ყველა ეტაპი, დაწყებული ნახატებით, დამთავრებული მარცვლოვანი ლურსმული დამწერლობით. ეგვიპტეში ჩასახულ დამწერლობას კი წინაპირობა არ აქვს, იგი მესოპოტამიური დამწერლობის განვითარების მხოლოდ მეორე ფაზიდან დასტურდება.

      რაც შეეხება სხვა ადრინდელ დამწერლობებს, როგორიცაა ინდური და ჩინური დამწერლობები, ისინი მოგვიანო პერიოდში ყალიბდება ისე, რომ მათ ძველაღმოსავლურ დამწერლობასთან ვერ ვაკავშირებთ. ძველი მესოპოტამიური დამწერლობისგან მოგვიანებით წარმოიშვა ფინიკიური – პირველი ანბანური დამწერლობა, რომელსაც ბევრ სხვა ანბანთან ერთად ქართული ანბანის წარმოშობაც უკავშირდება.

      წერის სისტემის გამარტივება გამოიწვია იმ საჭიროებამ, რომ ადამიანს საწერი და დასამახსოვრებელი ძალიან დიდი მასალა გაუჩნდა. დამწერლობის წარმოშობა კი უკავშირდება იმ დროს, როდესაც ადამიანმა შეძლო მეტყველების მანძილსა და დროში გაცოცხლება.

უკან ნახატებისკენ? თანამედროვე პიქტოგრამები

      დღეს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეხება არ ჰქონდეს თანამედროვე "პიქტოგრამებთან". ესენია: საგზაო ნიშნები, აეროპორტში გამოსახული სიმბოლოები და მრავალი სხვა.

      განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებთ კომპიუტერულ სიმბოლოებს. ტექნიკის განვითარებასთან ერთად დამწერლობის განვითარებაც სხვადასხვა ეტაპს გადის – თუ ერთ დროს წერილს ვწერდით, დღევანდელ დღეს "ჩათში" დროის სიმწირის გამო გამოვსახავთ ამა თუ იმ სიმბოლოს, რომელიც ემოციასა თუ გუნება­განწყობილებას, ასევე ჩვენ მიერ დაგეგმილ ქმედებებსაც კი გამოხატავს. ამისათვის შედგენილია სიმბოლოთა ლექსიკონები, რომლებიც ზუსტად იმავე მნიშვნელობას ატარებენ, რასაც ერთ დროს შექმნილი შუმერული ნიშნები. ცხადია, დღეს ბევრად მოსახერხებელია ვიდეოგამოსახულების მეშვეობით ურთიერთობა, ვიდრე საფოსტო წერილის გაგზავნა. და თუკი ქრისტეს შობამდე III ათასწლეულის დასაწყისში ადამიანმა მანძილსა და დროში მეტყველების გადაცემისთვის დამწერლობა შექმნა, ქრისტეს შობიდან III ათასწლეულის დასაწყისში, ტექნიკური პროგრესის წყალობით, იგი მანძილზე კომუნიკაციას დამწერლობის გარეშეც ახერხებს.

მაია ღამბაშიძე

ლიტერატურა: ჟურნალი "ჩემი სამყარო", 9/2015

ტეგები: Qwelly, ანბანი, არქეოლოგია, დამწერლობა, ისტორია, ნახატები

ნახვა: 6989

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი







The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.







Rising Tensions and…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters