იოსებ მჭედლიშვილი

Ioseb_Mchedlishvili, biography, ethnographer, folklorist, interesting, novelist, playwright, poet, prosaic, qwelly, ბიოგრაფიები, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ეს საინტერესოა, იოსებ_მჭედლიშვილი, მთარგმნელი, პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი
1888-1956

      იოსებ მჭედლიშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, მთარგმნელი, ფოლკლორისტი. ეს რეგალიები ერთი კაცისათვის სრულიად საკმარისია, რომ მისი სახელი დავიწყებას არ მიეცეს. მაგრამ თავის დროზე კარგად ცნობილი პოეტი, რომელსაც იოსებ გრიშაშვილის გვერდითაც კი აყენებდნენ, დღეს ახლო წარსულის მივიწყებულ მოღვაწეთა რიცხვშია მოქცეული. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, მისი ნაწარმოებების დაუბეჭდაობაც იყოს: ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ათვალწუნებულ პიროვნებას, ცხადია, ხშირი გამოცემებით არ გაანებივრებდნენ. იოსებ მჭედლიშვილი XX საუკუნის პირველი ნახევრის მწერალია და მეტად მრისხანე დროში მოუწია მოღვაწეობა. 10-იანი წლების მიწურულს ის უკვე საქართველოში ცნობილი პოეტია. მისი ლექსები ჟურნალგაზეთებში იბეჭდება, რამდენიმე იაკობ გოგებაშვილმაც შეიტანა "ბუნების კარში". ბავშვის სამყაროს, მეცხვარეთა ყოფას, მონადირულ ცხოვრებას, საქართველოს ისტორიასა და წარსულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში ("გიორგი მესამე", "ალექსანდრე ბატონიშვილი", "ოიანა-ბუიანა", "შევარდენი", "თეთრი მდინარე", "მონადირის დღიურიდან"...). გამორჩეულად აღსანიშნავია თავანკარა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ჩანაწერები, მის მიერ აღწერილი ხალხური სანახაობა-დღესასწაულები - ბერიკობა, ყეენობა, მუნჯი სცენები... ხალხურ თეატრზე დაწერილი ნაშრომები: "ქართული ხალხური თეატრი და მისი მსახიობები" (1928 წელს წაიკითხა კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტზე), "ქართულ სანახაობათა მასალები", "კლასთა ბრძოლა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში". იოსებ მჭედლიშვილის მიერ მოძიებულ სანდო მასალებს ივანე ჯავახიშვილი იმოწმებს "საქართველოს ეკონომიკურ ისტორიასა" და "ქართული მუსიკის ისტორიის ძირითად საკითხებში". 1935 წელს, შინამრეწველობის მასალების მოძიების მიზნით, მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებში გარეკახეთსა და ერწო-თიანეთში. იმავე წელს კოტე მარჯანიშვილს ახლდა კახეთში ხალხური დღესასწაულების მოსაძიებლად და შესასწავლად. ქართული სანახაობა-დღესასწაულები საფუძვლად დაედო ისტორიულ პიესას "ოიანა-ბუიანას", რომლის დადგმა კოტე მარჯანიშვილსა და დოდო ანთაძეს განუხორციელებელი დარჩათ. სამაგიეროდ შემოგვრჩა ამ პიესის ლადო გუდიაშვილისეული ესკიზები და ლადო ასათიანის ფუნაგორია: "არ იქნები ჭკვიანად, კიდევ დასწერ ბუიანას".

      იოსებ მჭედლიშვილის მოთხრობების, პიესებისა და ეთნოგრაფიული წერილების შედარებით სრული კრებული - "ოიანა-ბუიანა" - 1966 წელს გამოიცა ზურაბ ჭუმბურიძის რედაქტორობით. იოსებ მჭედლიშვილის ღვაწლი და მრავალმხრივი შემოქმედება ვრცლად წარმოადგინა გიორგი ჯავახიშვილმა ნაშრომში "ლექსისა და სიმღერის კვალდაკვალ"

      (2004 წელი). აქვეა მის მიერ მოპოვებული ბიოგრაფიული ცნობები და იოსებ მჭედლიშვილის არქივის მიმოხილვა, რომლითაც ჩვენც ვსარგებლობთ და მეცნიერს დიდ მადლობას მოვახსენებთ.

      იოსებ მჭედლიშვილი დაიბადა 1888 წლის 1 ივლისს გარეკახეთის სოფელ კაკაბეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1910 წელს, ნინო ნაკაშიძის დახმარებით, სწავლა ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში გააგრძელა. მწერალ ქალს მეტად მოსწონებია მომავალი მწერლის გულწრფელი ნათქვამი: უსწავლელი რომ დავრჩე, როგორ უნდა ვწეროო. მკაცრ რეჟიმთან შეუგუებლობის გამო, 1912 წელს იოსები გიმნაზიიდან დაითხოვეს. ამიტომ მან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და 1915 წელს მოსკოვში შანიავსკის კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

      ხელმოკლეობა, სიღარიბე, სამშობლოდან ეპისკოპოს ლეონიდის დახმარება, ქართველ სტუდენტთა საზოგადოება, "ქართული ჩაის" საღამოები, ტიციანსა და გალაკტიონთან ერთად ლექსების კითხვა, კონსტანტინე ბალმონტთან შეხვედრა და... ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში: მოსკოვში გაიცნო და დაუმეგობრდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს, შემდეგ კი ეს მეგობრობა შემოქმედებით ურთიერთობაშიც გადაიზარდა: იოსებ მჭედლიშვილს ეკუთვნის დიმიტრი არაყიშვილის ოპერის - "თქმულება შოთა რუსთაველზე" - ლიბრეტოს გალექსილი ვარიანტი. 1924-25 წლებში მან რუსულიდან თარგმნა დიმიტრი არაყიშვილის რომანსების ტექსტები: ა. ფეტის "სიოვ ნაზო" და "ვარსკვლავიანსა ღამეს"; ა. მაიკოვის "აღსდექ, შეინავარდე"; მ. დავიდოვის "მე შენ გელი"; ა. პუშკინის "ივერიის მთებზე", "ნუ, ნუ იმღერ, ტურფავ", "ვარდ-ყვავილთა სამეფოს მოდი". სპეციალისტები განსაკუთრებით იწონებდნენ "ვარსკვლავიანსა ღამის" თარგმანს: ეს რომანსი, "მოხდენილი თარგმანისა და მუსიკის ეროვნული ბუნების წყალობით, აღიქმება როგორც ხალასი ეროვნული ნაწარმოები" (პ. ხუჭუა, დიმიტრი არაყიშვილი, მონოგრაფია, 1980 წ.).

      დიმიტრი არაყიშვილი და იოსებ მჭედლიშვილი მოსკოვში ხშირად საუბრობდნენ ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ერთხელ იოსებს შეუჩივლია: "ხალხი სიმღერებს ასე მღერის: ერთი პირველი მოძახილი, ერთიც მეორე მოძახილი, დანარჩენი ბანს ამბობენ. ქალაქში რომ ჩამოვედი, სულ სხვა ამბავია. ამ მშვენიერ სიმღერებს სხვადასხვანაირი წესით მღერიან. ამას ხალხურ სიმღერებს ეძახიან ლოტბარები და ვერც ისე მღერიან, როგორც სოფლად". კომპოზიტორი დამოწმებია - შენი საყვედური სამართლიანიაო. ერთ-ერთი ასეთი საუბარი, "ბაასი დ. არაყიშვილთან", სამშობლოში გამოუგზავნია და 1916 წელს გაზეთ "სახალხო ფურცელში" დაბეჭდილა.

      ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული იოსებ მჭედლიშვილისათვის თანდაყოლილი თვისებაა, ამას გარემოც უწყობდა ხელს. როგორც დიმიტრი არაყიშვილთან საუბარში ამბობს, მისთვის არ იყო არც თეატრი, არც ოპერა, იყო მხოლოდ ყეენობა, ყველიერი და ის მამაპაპური სიმღერები, რომლებსაც ხალხთან ერთად ისიც მღეროდა. როგორც ჩანს, ხალხური მუსიკის დიდ მოამაგესთან ურთიერთობამ ქართული ხალხური სიმღერისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა: "დამებადა აზრი, მომეკრიბა სოფლებში კარგი მომღერლები და ქალაქში გამემართა საღამო, რათა ხალხისთვის ნამდვილი ხალხური სიმღერა მეჩვენებინა". ეს სურვილი მან მართლაც აისრულა და არა ერთგზის. რა თქმა უნდა, ამ საქმის პიონერი იოსებ მჭედლიშვილი არ ყოფილა, მაგრამ მას ეკუთვნის აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, კახელი მომღერალი გლეხების შეკრებისა და რუსთაველის თეატრში გამოყვანის პირველი ცდა (ამას წინ უძღოდა 1917 წელს, სამუელ ჩავლეიშვილისა და ვარლამ სიმონიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში პირველად ჩამოყალიბებული გურულ მომღერალთა გუნდი). რაც მთავარია, მის სახელთანაა დაკავშირებული სამოცი წლის მიხა ჯიღაურის აღმოჩენა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. რომ არა იოსებ მჭედლიშვილი, შეიძლება, მიხა ჯიღაურის ლაზათიანად და დიდი გემოვნებით შესრულებული სიმღერები ქორწილებსა და დღეობებს ვერც გაცდენოდა და ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის ისტორიაში კვალი არ დაეტოვებინა.

      დიდი საქმის კეთება დიდ ძალისხმევას მოითხოვს - სიხარულთან ერთად ტკივილი და ზოგჯერ უმადურობაც ახლავს ხოლმე. უამისოდ არც მიხა ჯიღაურის გუნდთან ურთიერთობას ჩაუვლია და არა მარტო მასთან...

      1933 წელს იოსებ მჭედლიშვილმა დაწერა მოგონება (თავად ისტორიას უწოდებს) "მიხა ჯიღაურის გუნდი", რომლის ხელნაწერი დედანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება და სრული სახით პირველად ქვეყნდება. 1966 წელს ზურაბ ჭუმბურიძემ "ოიანა-ბუიანაში" მისი მოკლე, საკმაოდ გასხეპილი, ხავერდოვანი რედაქცია დაბეჭდა. ცხადია, იმ დროს ბატონ ზურაბს დედნისეულ ვარიანტს არავინ დაუბეჭდავდა, თუმცა თავად მხოლოდ "მცირე რედაქციულ ცვლილებებსა და ორთოგრაფიულ შესწორებებზე" მიუთითებს.

      ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს (მაშინდელ ხალხური შემოქმედების სახლს) იოსებ მჭედლიშვილისაგან "მიხა ჯიღაურის გუნდი" 1945 წელს შეუძენია. არქივში შემონახულია ამ ნაშრომზე ავქსენტი მეგრელიძის რეცენზია-დასკვნა:

      "სათაური ვერ ამართლებს შინაარსს, რადგან მიხა ჯიღაურის გუნდზე იმდენს არ ლაპარაკობს, რამდენსაც სხვა გუნდებზე. ბევრი ადგილი აქვს დათმობილი წვრილმანებს, როგორიც არის: მომღერლებისათვის სადილის გამართვა და ავტორის პირადი დამოკიდებულება ზოგიერთი პირებისადმი. რაც ავტორს უნდოდა ეთქვა ჯიღაურის გუნდის შესახებ, შეიძლება სამ-ოთხ ფურცელზე მოთავსებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს ნაშრომი ხალხური შემოქმედების სახლისათვის საჭიროა, როგორც ისტოროიული მასალა ხალხური მომღერლების შესახებ".

ა. მეგრელიძე 22/IV - 45 წელი.

      მიხა ჯიღაურის გუნდის შესახებ სამ-ოთხ ფურცელზე მოთავსებული მასალა უკვე ორჯერაა გამოქვეყნებული ზურაბ ჭუმბურიძისა და ლადო გეგეჭკორის მიერ. ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, მისი შეულამაზებლად დაბეჭდვისა, ვინაიდან მიგვაჩნია: დღეს ქართული საზოგადოება ამისათვის მზად არის. სათაური იმდენად ამართლებს შინაარსს, რამდენადაც ჯიღაურის გუნდი იზოლირებულად, განდეგილად, ყველასა და ყველაფრისაგან მოწყვეტილად ვერ იარსებებდა. ეპოქა, მისი სიმძიმე, გარდამავალი პერიოდი, კომუნისტური იდეოლოგიის წნეხი მთელი სიმძიმით იგრძნობა. თუმცა ისიც დასაშვებია, ჩვენი მომღერლებისა და ლოტბარების შესახებ ასეთი სიმართლისათვის მავანს მაინც არ ჰქონდეს ყური შეჩვეული, ვინაიდან "ყოველივე ქართულის, ეროვნულის დაკნინების, ხშირად კი დევნის პირობებშიც, თავიანთი სიმღერით ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ემსახურებოდნენ. იმდროინდელი პრესის ფურცლებზე მომღერლები და ლოტბარები ლამის ეროვნულ გმირებად არიან შერაცხულნი" (ედიშერ გარაყანიძე, "ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა", 2007). "მიხა ჯიღაურის გუნდს" ამ ეიფორიიდან გამოვყავართ: თვით ავტორი და მომღერალ-ლოტბარები ადამიანებია და მათთვის "არავითარი ადამიანური უცხო არ არის". თვალში საცემია ავტორის ტენდენციურობა, სუბიექტივიზმი და მრავალი პიროვნებისა თუ მოვლენის მიმართ არაორდინარული დამოკიდებულება (ჩვენ ხელნაწერიდან მხოლოდ აშკარად ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ადგილები ამოვიღეთ და შევარბილეთ. რედ.), მაგრამ ამას ფარავს ამ არაპროფესიონალი, არამუსიკოსი კაცის მიდგომა ქართული ხალხური სიმღერისა და მისი შემსრულებლობის მიმართ, რაც დღეს თვით სპეციალისტებშიც ესეოდენ სანატრელი და საძებარია. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად, ღირსების შემლახავადაც მოეჩვენოს ავტორის, მომღერლებისა თუ ლოტბარების ფულთან - გასამრჯელოსთან - დამოკიდებულება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ "მგალობელ-მომღერლებისათვის ეს საქმიანობა შემოსავლის წყარო იყო... და მომღერლის შრომის აუნაზღაურებლობა საბჭოთა იდეოლოგიისა და მენტალიტეტის შედეგია, რომელმაც განსაკუთრებით თავი იჩინა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან: მომღერლები ანსამბლებში სხვადასხვაგვარად, ზოგჯერ სასტიკი მეთოდებით - ძალდატანებით მოჰყავდათ" (ედიშერ გარაყანიძე, "ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა", 2007).

      20-30-იან წლებში ხალხური გუნდებისა თუ ანსამბლების შექმნა, გლეხების სცენაზე გამოყვანა, საქართველოს ქალაქებსა და კუთხეებში მოგზაურობა, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, კომერციული პროექტებია და, რაგინდ გასაოცარი იყოს, საბჭოთა იდეოლოგია თავის სასარგებლოდ იყენებდა და ხელისუფლებაც მხარს უჭერდა. იოსებ მჭედლიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა და "მიხა ჯიღაურის გუნდის" უცვლელად გამოქვეყნება საჭირო და აუცილებელია, რადგან მასთან დაკავშირებულია XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მუსიკალური ფოლკლორის ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თანაც "ხალხური მუსიკის შესანიშნავ მოღვაწეთა ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლის გარეშე ქართული მუსიკის ისტორია ვერ დაიწერება" (ვანო შილაკაძე).

ბაია ასიეშვილი, ნანა კალანდაძე

იხილეთ იოსებ მჭედლიშვილის წიგნი:

  • "მიხა ჯიღაურის გუნდი"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, დრამატურგი, ეთნოგრაფი, მთარგმნელი, საინტერესოა, ფოლკლორისტი

ნახვა: 1301

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters