ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტები:
თამარ გეთიაშვილი და სალომე დოჩია
რეფერატი თემაზე
ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სულიერი კულტურის განვითარებაში თავისი ისტორიული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს XIX საუკუნის 60-იან წლებს. იგი მდიდარია არა მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენებით, არამედ კულტურისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი განვითარებით, ერის ნაციონალური შეგნებისა და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცოცხლებითა და მძლავრი დემოკრატიული აღმავლობით. საზოგადოებრივ-ისტორიულ სინამდვილეში მიმდინარე პროცესებთან ღრმა კავშირი ჰქონდა ეროვნული ენერგიის მძლავრ გამოვლინებას ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების სფეროში. იწყება ძლიერი აყვავება ქართული მწერლობისა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ხალხის ცხოვრებას და ახალი გზით წარმართა მისი განვითარების ისტორიული პროცესი.
სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქართველ სამოციანელთა ახალგაზრდა თაობის საბრძოლო წრთობა და ყალიბდებოდა მისი მოწინავე მსოფლმხედველობა, სწორედ ამ თაობას ერგო წილად დიდი ისტორიული მისია-საქართველოს განახლებული ცხოვრების იდეური მესვეურობა. ახალი იდეები სინამდვილეში ყოველთვის ბრძოლითა და შეჯახებით იკაფავენ გზას. ასეთი პირველი ბრძოლა გაუმართა ძველ თაობას ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ახალმა თაობამ - თერგდალეულებმა. რა იყო თერგდალეულობა? ეს არ იყო რაიმე სახის პარტია, გუნდი, არამედ თანამოაზრეების თავისუფალი გაერთიანება და მათ სამოქმედო გეგმად, აჯანყებების მაგივრად არჩეული ჰქონდათ იდეოლოგიური დაპირისპირება.
ტრადიციული გაგებით 1861-1863 წლებში ქართულ მწერლობაში ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა. ერთი იყო კონსერვატორული ("მამების") ბანაკი, რომელიც შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: ივანე კერესელიძე, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, გიორგი ერისთავი, ანტონ ფურცელაძე და სხვა. ხოლო მეორე- პროგრესული ("შვილების") ბანაკი. შვილთა თაობას წარმოადგენდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვა. ეს ბანაკები წლების მანძილზე ერთმანეთს "ებრძოდნენ".
"ბრძოლის" დასაწყისად ითვლება ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ წერილი, "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძის ერისთავის კოზლოვიდან "შეშლის" თარგმანზედა", რომელიც 1861 წლის აპრილის ნომერში ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. ამ წერილში ის აკრიტიკებდა "შეშლილის" მთარგმნელის ენას და რევაზ შალვას-ძის დამოკიდებულებას ქართული ენისადმი მან უპატიობა და სიძულვილი უწოდა.
"ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძის ერისთავის კოზლოვიდან "შეშლის" თარგმანზედა"
ილიას აზრით, ერისთავმა რითმების რახარუხს შესწირა ნაწარმოების არაღირებული დედა-აზრი, ამავდროულად იგი ერისთავს არჩევანსაც უწუნებს, რადგან მისთვის გაუგებარია რატომ ამოირჩია გადასათარგმნად კოზლოვის ნაწარმოები იმ მწერლების ფონზე, როგორებიც არიან: პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი და სხვები. იგი დეტალურად განიხილავს ერისთავის თარგმანს და კრიტიკის არგუმენტებით გასამყარებლად მოჰყავს მაგალითები ნაწარმოებიდან:
"გაჰსწი, გაჰკურცხლე! იმის ანბავი
შენ მომიტანე, რომ სატაფო თავი
ჩემზედ რას ჰფიქრობს..."
ამ სტროფს ილია ასეთ კომენტარს უკეთებს: "სასაცილოა, რომ რითმის ტრფიალების გამო კაცმა სთქვას: "სატრფოს თავი ჩემზედ რას ფიქრობსო". თავი იფიქრებდა, თუ იფიქრებდა, ფეხები ხომ არა?! რაღა თქმა უნდა მაგას? როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაც კი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა." ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში ილიას წინააღმდეგ გაილაშქრეს ბარბარე ჯორჯაძემ, გიორგი ბარათაშვილმა და რევაზ ერისთავმა. პაექრობა თანდათან გამწვავდა და საბოლოოდ მკაცრი პოლემიკის ხასიათი მიიღო. ერთ მხარეზე იდგა ილიას თაობის ლიტერატურული ინტელიგენცია, ხოლო მეორეზე - "ცისკრის" გარშემო შემოკრებილი "მამათა" თაობის წარმომადგენლები.
ახალი თაობა, იცავდა რა ილია ჭავჭავაძის პოზიციებს, "მამებს" უკიჟინებდა იდეურ ჩამორჩენილობას, უპრინციპობას და რეტროგრადობას (პროგრესის მოწინააღმდეგე). თერგდალეულთა სტატიებმა განამტკიცეს ი.ჭავჭავაძის პოზიცია და დიდი ზემოქმედება იქონიეს საზოგადოებრივ აზრზე. ახალი თაობა ამ ბრძოლაში გამოვიდა მტკიცედ დარაზმული, საერთო დროშით.
თაობათა დაპირისპირების დასაწყისის დროს კამათის ცენტრში, ძირითადად, მოექცა ენის, ლიტერატურის, ესთეტიკის საკითხები, მაგრამ ფართო გაგებით ეს იყო დემოკრატიული იდეოლოგიის საბრძოლო პროგრამის წამოყენება და მისი დასაბუთება. თერგდალეულებმა კონსერვატიული ლიტერატორების არქაულ სტილს დაუპირისპირეს ახალი ქართული სალიტერატურო ენა. ილიას აზრით, ზედმეტი იყო ძველი ასოების გამოყენება, რადგან მათი შესატყვისი ბგერები მეტყველებას აღარ გააჩნდა.
დავის შემდგომ საგნად მიჩნეულია ენის სისადავის, ხალხურობის საკითხი, რაც გულისხმობდა სალიტერატურო ენის დაახლოებას სალაპარაკო ენასთან.
"მამათა" თაობა კი შემდეგი ბრალდებებით გამოდიოდა ილიას და მისი მომხრეების წინააღმდეგ: ასეთი კრიტიკული ტონით ისინი თითქოსდა მთარგმნელობით საქმიანობას ჩამოაცილებდნენ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დამწყებნი იყვნენ და შესაძლებელია უფრო მეტად დახელოვნებულიყვნენ მომავალში.
მათი კიდევ ერთი ბრალდება იყო ის, რომ ილია თავისი სტილით აუბრალოებდა და რყვნიდა ქართულ ენას და ხალხური მეტყველების ფორმები შემოჰქონდა.
მამებს სურდათ, ილიასათვის "ცისკარში" წერილების ბეჭვდვის უფლება აღარ მიეცათ, ამას ემატებოდა "ცისკრის" იდეური კურსის მიუღებლობა და შეუთავსებლობა თერგდალეულების იდეურ კურსთან. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე ახალ თაობას საკუთარი ბეჭვდითი ორგანო სჭირდებოდა, რომელშიც შეუზღუდავად გამოაქვეყნებდნენ თავიანთ სტატიებს. ამიტომ ილია ჭავჭავაძემ 1863 წელს დაარსა ჟურნალი "საქართველოს მოამბე". ეს გაზეთი ემსახურებოდა იმ იდეების გატარებას, რომელიც თერგდალეულების მიზანს წარმოადგენდა და ერთ-ერთი ასეთი იდეა იყო ბატონყმობის გაუქმება, ვინაიდან მთავარი მიზნის მიღწევა ეროვნული თავისუფლების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა ერის ერთიანობისა და პიროვნული თავისუფლების გარეშე.
"მამებსა" და "შვილებს" შორის არსებულ სადავო საკითხებს შორის ყველაზე მწვავედ იდგა ბატონყმობის პრობლემა და პოლემიკა საგლეხო რეფორმაზე. ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა ნაწარმოებები, რომლის იდეები უკიდურესად იყო აცდენილი დროის რეალურ შეგრძნებას, ჰუმანიზმს. მაგალითად, ალექსანდრე ორბელიანის "უწინდელ დროს ბატონ-ყმობა", სადაც ბატონყმობა წარმოდგენილია როგორც პროგრესული ურთიერთობის ფორმა. თუმცა "მამათა" თაობაშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც არ ერიდებოდნენ ბატონყმობის გმობას. ამის ნათელი მაგალითია რაფიელ ერისთავის "მთხოვნელი მსაჯულისადმი" და დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე".
რაც შეეხება მიწის საკითხს, ამასთან დაკავშირებითაც იყოფოდა აზრები თაობებს შორის. თერგდალეულების აზრით, მემამულის უფლება მიწიდან აეყარა გლეხი "ყველაზე საშინელი და ყოვლად გაუმართლებელი უფლება იყო", ილია ამბობს "მიეცით გლეხს იმედი, რომ იცხოვროს უშფოთველად, უდრტვინველად, ძალმომრეობის გარეშე, ხოლო თუ ასეთი იმედი არ აქვს გლეს, ის ბედნიერი ვერ იქნება". თავადაზნაურობა კი ბატონყმობის გაუქმებას უარყოფითად შეხვდა და ამასთან, ისინი მიუღებლად თვლიდნენ გლეხების მიწიანად გათავისუფლებას, თავადაზნაურთა პოზიციის გამომხატველია მათ მიერ შედგენილი "უმცირესობისა" და "უმრავლესობის" პროექტი. "უმრავლესობის" პროექტის თანახმად მიწის ის ნაკვეთი, რომელიც გლეხობას ბატონყმობის დროს ეჭირა, მისთვის უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ არა საკუთრების უფლებით, მიწა მემამულეთა საკუთრებაში რჩებოდა და გლეხს უნდა გადაეხადა გადასახადი (ეს იყო დიმიტრი ყიფიანის პროექტი), "უმცირესობის" პროექტიც იგივეს გულისხმობდა, იმ განსხვავებით, რომ გლეხს შეეძლო წაეღო ყოველივე, რაც მისი ხელით იყო შექმნილი.
პოლემიკა ახალი სიმწვავით დაიწყო 1871 წელს. მართალია სამოცდაათიან წლებში კონსერვატორი "მამები" ლიტერატურის სარბიელზე აღარ არიან, მაგრამ ცხოვრებაში ისინი არსებობენ და მათი შეხედულება თავს იჩენს პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი ადამიანების საქციელმა, ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო, მთელი ქართველი პროგრესული საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. 1871 წლის სექტემბერში საქართველოში სტუმრად მოელოდნენ იმპერატორ ალექსანდრე II-ს. მასპინძელ ერს შემთხვევა ეძლეოდა, რომ თვითმპყრობელისთვის რაიმე დიდი თხოვნით მიემართა. მოწინავე ინტელიგენცია თბილისში უნივერსიტეტის გახსნას მოითხოვდა, ხოლო რექციული თავადაზნაურობა და დიდმოხელეები სამხედრო სასწავლებლის დაარსებას ირჩევდნენ. საბოლოო თათბირზე გადაწყდა, რომ იმპერატორისთვის წარსადგენ ადრესში უნივერსიტეტის დაარსება ეთხოვათ. მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო: ადრესის გაფორმების დროს თავადაზნაურებობის რექციული ჯგუფის და მეფის მოხელეების გავლენით იმპერატორს კადეტთა კორპუსის დაარსება სთხოვეს.
ადრესის პირობის შეცვლას ილიას და მისი თანამოაზრეების მხრიდან მოჰყვა პროსტეტი, რაც აისახა ილიას "გამოცანებში", რომლებიც 1871 წლის მიწურულს დაიწერა. "გამოცანებში" ილია აღარ საუბრობდა ზოგად თემებზე, არამედ მიმართული იყო კონკრეტულ პიროვნებათა წინააღმდეგ. ამ სატირულ ლექსებში იგი აკრიტიკებდა და სასტიკად დასცინოდა თბილისის დიდ მოხელეებს, ძველთა ბურჯებს - რევაზ ანდრონიკაშვილს, გ.კ. მუხრან-ბატონს, ი.კ. მუხრან-ბატონს, პლატონ იოსელიანს, დიმიტრი ჯორჯაძეს, იასე ჭავჭავაძეს, ბესარიონ ღოღობერიძეს, გრიგოლ ორბელიანს. იგი მათ დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდა - "ქონდრის კაცი", "ტყუილი ბრძენი", "ღობემძვრალა" და ა.შ. თითოეული გამოცანა იმით მთავრდება, რომ მასში გამოყვანილ პიროვნებას ქვეყანა და ქართველი ხალხის ბედი "ფეხებზე ჰკიდია". თუმცა უნდა აღინიშნოს გრიგოლ ორბელიანისადმი მიძღვნილი გამოცანა განსხვავდება სხვა გამოცანებისგან და მასში იგრძნობა ილიას თბილი დამოკიდებულება კრიტიკის ობიექტისადმი.
გამოცანების პასუხად გრ.ორბელიანმა დაწერა "პასუხი შვილთა", სადაც იგი ამბობს, რომ მათ, უფროს თაობას, იმედი ჰქონდათ განათლებული ახალი თაობის დაბრუნებისა, თუმცა იმედი გაუცრუვდათ. "შვილებს" ახასიათებს ზნეწახდენილ და ურწმუნო ადამიანებად, რომელთაც მაღალი ენა წაახდინეს. ასევე მათ მიმართავს, რომ სიტყვით ძველ თაობას ავტორიტეტს ვერ შეულახავენ, რადგან სამშობლო საკუთარი სისხლის ფასად აქვთ დაცული. თუ სურთ დიდების და პატივი მოპოვება, კეთილი საქმე უნდა გააკეთონ მამების ლანძღვის მაგივრად.
გრ. ორბელიანის "პასუხის " საწინააღმდეგოდ ზედიზედ იწერება ილიას "პასუხის პასუხი" და აკაკი წერეთლის "ხარაბუზა ღენერალს".
"პასუხის პასუხიში" ილია წერს, რომ მათ "მამებისგან" განსხვავებით საქართველო ჩინებზე არ გაუცვლიათ რუსეთში ყოფნის მიუხედავად. ისინი არ ფარისევლობენ, აქვთ ქვეყნის ხსნის იმედი, არ არიან ხარბები, მზაკვები და თვალთმაქცები.
აკაკის ლექსი განსაკუთრებით ულმობელია და დამცინავი:
"ნოვღოროდის ლიბერარო,
ლოპიანას მომღერალო,
საათნოვას ეშხით მთვრალო,
აწ კი უნდა შეგიბრალო,
არ გაგხადო რომ ანდაზა!
საცოდავო ხარაბუზა,
სიტყვით სწორო,საქმით კუზა."
1871-1872 წლების ლიტერატურული პოლემიკა "მამათა " და "შვილთა" ბრძოლის დასასრულიც იყო. თაობათა ბრძოლა ძირითადად დასულდა ამ დროს. 1875 წლიდან ჟურნალი "ცისკარიც" აღარ გამოდიოდა.
საინტერესოა ილიას დამოკიდებულება ამ ბრძოლის შესახებ. იგი თავის "წერილებში მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურაზე" საგანგებოდ ეხება და არჩევს ამ საკითხებს. ეს წერილები მეტად საყურადღებოა, რადგან მათი ავტორი იყო უშუალო მონაწილე სამოციან წლებში დაწყებული დავისა და არა მარტო უშუალო მონაწილე, არამედ დამწყები და დამგვირგვინებელი. გარდა ამისა, ეს წერილები დაწერილია ოცდაათი წლის შემდეგ დავის დაწყებიდან და ამიტომ მათში გამოთქმული თვალსაზრისი ობიექტურ თვალსაზრისად უნდა მივიჩნიოთ.
ილია კითხულობს: "რა არის ან ვინ არის ახალი და ძველი თაობა?" და დასძენს: " ვინც ამ სახელებს რაიმე ფასს სდებს და თუთიყურშივით გაგონილს არ იმეორებს, ახალს თუ ძველს თაობას იმათში ეძებს, რომელნიც საზოგადო სარბიელზე გამოსულან სამოქმედოდ". ძველ და ახალ თაობად დაჯგუფება, მისი აზრით, ასაკისა და წლოვანების მიხედვით არ ხდება. მწერალთა დაჯგუფება ილიას შეხედულებით, მოხდა საქმისადმი სხვადასვაგვარი დამოკიდებულების შესაბამისად. იგი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი არც ერთ ქართველ პოეტს არ მოსცილებია. არც ერთს არ დაკარგვია "მამულის-შვილური გულისტკივილი".
სამოციან წლებში ისეთი ახალი აზრი კი არ წარმოიშვა, რომელსაც ძველი თაობა არსებითად ეწინააღმდეგებოდა, არამედ ძველი თაობის გულისტკივილი მკაფიოდ ჩამოყალიბდა და გამოითქვა. ილიამ, როდესაც დრო გავიდა, დაინახა, რომ მიუხედავად განსხვავებისა ახალგაზრდების შეხედულებები არსებითად არ უპირისპირდებოდა ძველი თაობის შეხედულებებს. მან იგრძნო სიახლოვე და ნათესაობა იმ ფენასთან, რომელსაც უწინ ასეთი მკაცრი ტონით ეკამათებოდა და ეკამათებოდა იმიტომ, რომ ახალ ვითარებას ძველი თაობის საზოგადო მოღვაწეებზე უკეთ ითვალისწინებდა.
ამრიგად, არც ერთი ისეთი არსებითი საკითხი არ ყოფილა, რომლის გამოც ადრინდელ თაობას პრინციპულად უნდა დაპირისპირებოდა ახალგაზრდობა. იყო დავა, იყო მწვავე განხეთქილება, მაგრამ ყველაფერი ეს მწვავე ნიადაგზე არ იდგა. ახალგაზრდების გამოსვლა იყო გაბედული არაიშვიათად ზედმეტად გაბედული გამოსვლა არსებითად იმავე პოზიციიდან რომელზედაც ძველი თაობის ლიტერატორები იდგნენ.
თავისებური პაექრობა სამოცდაათიანი წლების ჟურნალებზე და ცალკეულ მწერლებს შორის ამ დროსაც წარმოებს, მაგრამ მათი საქმიანობა საბოლოოდ მაინც ერის კეთილდღეობის საერთო მიზანს ემსახურება.
საგულისხმოა, რომ გრიგოლ ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პაექრობა არავითარ შემთხვევაში იდეურად დაპირისპირებულ ადამიანთა კამათი არ ყოფილა. ამიტომაცაა რომ ამ პაექრობის შემდეგ მათ შორის კვლავ საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა გრძელდებოდა. მომდევნო პერიოდში ისინი ერთად მოღვაწეობდნენ ეროვნული მნიშვნელობის მთელ რიგ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში.
ვფიქრობთ, 60-იანელთა გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე უდავოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ამ თაობამ ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებისათვის გააკეთა იმდენი, რაც მასზე ადრე არცერთ თაობას არ გაუკეთებია. ეს თაობა თავისი მოღვაწეობით, როგორც ილია იტყოდა, "უფრო დასრულებულია, უფრო ტანადოვანია", მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წინა თაობათა ნამოღვაწარი უმნიშვნელო იყოს. პირიქით ეს თაობები ამზადებდნენ ნიადაგს იმ დიდი ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმეებისთვის, რომელნიც 60-იანელებმა გაშალეს. თერგდალეულთა თაობა კანონიერი მემკვიდრე და გამგრძელებელია მთელი ლიტერატურული ცხოვრებისა, რომელსაც XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ვიცნობთ.
იხილეთ რეფერატი:
ტეგები: Qwelly, ისტორია, რეფერატი, საქართველოს_ისტორია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•