← დასაწყისი 

ონორე დე ბალზაკი - შუანები

- იქ შენს უხილავ სტვენიასთან ერთად წამოხვალ? იარე-მიწაზე...
- ვინ? იარე-მიწაზე?.. - წრფელი გაკვირვებით იკითხა მეზღვაურმა.
- ამ წუთში არ უსტვენდა განა ვიღაც?
- მერე რა? ამ სტვენას ჩემთან რა კავშირი აქვს? გეკითხები! მე მეგონა, ჩემს დასაჭერად დაბარებული ჯარისკაცები იყვნენ, გატყობინებდნენ, მოვედითო.
- ასე გეგონა? მართლა?
- აბა, ღმერთმანი, მართლა! დალიე, რაღა შენი ბორდო. შესანიშნავია.
მეზღვაურის გულწრფელმა გაკვირვებამ, მისი მანერების წარმოუდგენელმა სილაღემ, ძალდაუტანებლობამ, მისმა ნორჩმა სახემ, ბავშვურივით რომ ჩანდა ოქროსფერ, დახუჭუჭებულ კულულებს შორის, მეთაურს უამრავი ეჭვი აღუძრა, შეამჩნია, მადამ დიუ გა ცდილობდა, ამოეცნო, მისი ვაჟის მზერაში რა საიდუმლო იმალებოდა, როცა მადმუაზელ დე ვერნეის უყურებდა და უცებ ჰკითხა: - თქვენი ასაკი, მოქალაქევ!
- ოჰ, ბატონო ოფიცერო, რა სასტიკი გახდა ჩვენი რესპუბლიკის კანონები! ოცდათერთმეტი წლის გახლავართ.
- ვერ დავიჯერებ, თუნდაც დამხვრიტონ! იარე-მიწაზე სადღაც აქ არის, ის კიოდა ბუსავით. თქვენ გადაცმული შუანები ხართ. ეშმაკმა დამლახვროს! ვუბრძანებ სასტუმროს ალყა შემოარტყან და გაჩხრიკონ!
უცებ სასტუმროს ეზოში გაისმა წყვეტილი სტვენა, მსგავსი იმისა, ცოტა ხნის წინ რომ გაიგეს და მეთაურს სიტყვა გააწყვეტინა. იულო დერეფნისკენ გაეშურა და, საბედნიეროდ, ვერ შენიშნა, როგორ გაფითრდა მადამ დიუ გა მისი მუქარის გაგონებაზე. იულომ დაინახა, მეეტლე უსტვენდა, ცხენს რომ აბამდა ეტლში, ეჭვები გაეფანტა, იმდენად შეუძლებლად მოეჩვენა, რომ შუანებს გაებედათ საქმიანობა შუა ალანსონში და დარცხვენილივით შებრუნდა ოთახში.
- ვაპატიებ, მაგრამ მერე ძვირი დაუჯდება ასეთი ნერვიულობა რომ შეგვახვედრა, - პირქუშად უჩურჩულა დედამ თავის ვაჟს იმ დროს, იულო ოთახში რომ შედიოდა. გულად ოფიცერს შეცბუნებულ სახეზე ეტყობოდა, როგორი მძაფრი ბრძოლა იყო მის გულში, მისი მოვალეობის სიმკაცრესა და ბუნებრივ სიკეთეს შორის. ჯერ კიდევ იბღვირებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ შეცდა, მაინც აიღო ბორდოს ჭიქა და უთხრა: - ამხანაგო, მაპატიე, მაგრამ შენი სკოლა არმიაში ისეთ ახალგაზრდა ოფიცრებს აგზავნის...
- ყაჩაღებს რა, კიდევ უფრო ახალგაზრდები ჰყავთ? - სიცილით ჰკითხა ვითომ მეზღვაურმა.
- ჩემი ვაჟი ვინ გეგონათ? - ჩაერია მადამ დიუ გა.
- ვაჟკაცი, ლონდონის კაბინეტმა რომ გაუგზავნა შუანებსა და ვანდეელებს და მარკიზ დე მონტორანს რომ ეძახიან.
მეთაურმა ყურადღებით, გამომცდელად შეხედა ორივე საეჭვო მოგზაურს, მაგრამ მათ ისეთი ფიზიონომია ჰქონდათ, ქედმაღალ უვიცებს რომ ახასიათებთ და შემდეგ დიალოგს რომ უნდა ნიშნავდეს: - შენ გესმის, რაშია საქმე? - არა, და შენ? - წარმოდგენა არა მაქვს. - ნეტავ რაზე გველაპარაკება? - ბოდავს. მერე ეს დამცინავი და შეურაცხმყოფელი სიცილი ბრიყვებისა, რომ ჰგონიათ, გაიმარჯვეს!
როგორ უცებ შეეცვალა სახე და თითქოს გაუქვავდაო მარი დე ვერნეის, როიალისტი გენერლის გვარის გაგონებაზე, მხოლოდ ფრანსინმა შეამჩნია, ერთადერთმა, რომლისთვისაც ნაცნობი იყო ამ ახალგაზრდა სახის მოუხელთებელი ნიუანსებიც. საგონებელში ჩავარდნილმა პოლკოვნიკმა შეფიქრიანებულმა აიღო თავისი ხმლის ორი ნატეხი, შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, გაახსენდა, როგორ აუჩუყა გული თავისი გულმხურვალებით, უთხრა: - თქვენთან დაკავშირებით კი, მადმუაზელ, მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. ჩემი ხმლის ნატეხები ხვალვე ბონაპარტთან იქნება, თუ...
- ეე! რაში მაინტერესებს ბონაპარტი, თქვენი რესპუბლიკა, შუანები, მეფე და ვაჟკაცი! - წამოიძახა ქალმა, ძლივს რომ იკავებდა ცუდი ტონის აპილპილებას.
რაღაც იდუმალი ახირება და ჟინი უნათებდა სახეს და ეტყობოდა, ამ ახალგაზრდა ქალისთვის მთელი მსოფლიო არაფერი იყო მას შემდეგ, რაც მასში ერთადერთი არსება გამოარჩია. მაგრამ უცებ ისევ დაიბრუნა იძულებითი სიმშვიდე, რადგან დიდი აქტიორივით შეამჩნია, რომ ყველა მაყურებელი მას უცქერს. პოლკოვნიკი წამოხტა. შეშფოთებული და აღელვებული მადმუაზელ დე ვერნეი გამოეკიდა, შეაჩერა დერეფანში და საზეიმო ტონით ჰკითხა: - მითხარით, სერიოზული საფუძველი გქონდათ დაეჭვებულიყავით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი „ვაჟკაცია“?
- ეშმაკმა წამიღოს! მადმუაზელ, ის ქვეითი ჯარისკაცი, თქვენ რომ გახლდათ, მოვიდა და გამაფრთხილა, რომ მგზავრები და კურიერი გაანადგურეს შუანებმა, ეგ ისედაც ვიცოდი, აი, ის კი არ ვიცოდი, რა გვარები იყვნენ დახოცილები. მათი გვარია დიუ გა სენ-სირი!
- თუ მაგ საქმეში კორანტენია გარეული, აღარაფერი გამიკვირდება! - ზიზღით წამოიძახა ქალმა.
პოლკოვნიკი გაერიდა ისე, რომ შეხედვა ვერ გაბედა, რადგან მადმუაზელ დე ვერნეის საშიში სილამაზე უკვე უფორიაქებდა გულს.
- კიდევ ორ წუთს რომ დავრჩენილიყავი, სისულელეს ჩავიდენდი, ავიღებდი ჩემს ხმალს და მცველად გავყვებოდი, - ფიქრობდა იულო კიბეზე ჩასვლისას.
როცა დაინახა, რომ ახალგაზრდა კაცი თვალს არ აცილებდა კარს, რომელსაც მადმუაზელ დე ვერნეი მიეფარა, მადამ დიუ გამ ყურში უთხრა: - არ იცვლებით! ქალები დაგღუპავენ! თოჯინასავით ქალი ყველაფერს გავიწყებთ, რატომ დაიჟინეთ, რომ ჩვენთან ერთად ესაუზმა, ეგ რანაირი მადამ დე ვერნეია, უცხო ხალხთან საუზმობას რომ თანხმდება, ლურჯების ესკორტი აცილებს და ამ ესკორტს სპენსერის უბიდან სასიყვარულო ბარათივით ამოღებული წერილით განაიარაღებს? ის ერთ-ერთი იმ საზიზღარი არსებათაგანია, რომლის დახმარებითაც ფუშეს თქვენი ხელში ჩაგდება უნდა, წე-რილი კი ლურჯების თქვენ წინააღმდეგ ასამხედრებლად ჰქონდა.
- ეჰ, მადამ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა ისეთი გამქირდავი ტონით, რომ ქალბატონს გულში მოხვდა და გაფითრდა, - თქვენს ვარაუდს აბათილებს მისი დიდსულოვნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მხოლოდ მეფის ინტერესები გვაერთიანებს. მას შემდეგ, რაც შარეტი თქვენს ფეხებთან იხილეთ, განა სამყარო არ დაცარიელდა თქვენთვის? თქვენს არსებობას განა მასზე შურისძიების გარდა სხვა აზრი აქვს?
ჩაფიქრებული ქალი იმ კაცივით იდგა, ნაპირიდან რომ გასცქერის, როგორ იძირება ზღვაში მისი განძი და დაკარგული ქონების ფლობის სურვილი უმძაფრდება. მადმუაზელ დე ვერნეი დაბრუნდა, მეზღვაურმა და მან ერთმანეთს გაუცინეს. სახეზე ორივეს ოდნავ დამცინავი ღიმილი ეფინა. რაც უნდა ბუნდოვნად სჩვენებოდათ მომავალი, რაც უნდა ეფემერული ყოფილიყო მათი კავშირის იმედი, დაპირებები მაინც სინაზითა და სიხარულით აღავსებდათ. ეს წამიერი შეხედვა არ გამოჰპარვია მადამ დიუ გას ჩასაფრებულ თვალს, მიხვდა ყველაფერს, შუბლი ოდნავ შეიჭმუხნა. მისმა ფიზიონომიამ ვერ დაფარა ეჭვიანი ფიქრები.ფრანსინი თვალს არ აშორებდა ამ ქალს. დაინახა, როგორ გაუკრთა თვალებში ელვა, ლოყები წამოენთო. მოეჩვენა, რომ წამით სახეზე ჯოჯოხეთური მრისხანება გამოეხატა საშინელი ელდისგან. ამ გამომეტყველებამ ელვის უსწრაფესად, უეცარ სიკვდილზე უფრო ჩქარა გადაურბინა. მადამ დიუ გამ ისეთი მხიარული და თავდაჯერებული იერი მიიღო, ფრანსინს ეგონა, ყველაფერი მომეჩვენაო. ამ ქალში ამოიცნო ბობოქარი ბუნება, უფრო მეტი თუ არა, არანაკლები, ვიდრე მადმუაზელ დე ვერნეისა, შეაჟრჟოლა, როცა წარმოიდგინა როგორი საშინელი შეჯახება შეიძლება მომხდარიყო ორ ასეთ ადამიანს შორის. გული გადაუქანდა, როცა დაინახა, რომ მადმუაზელ დე ვერნეი ახალგაზრდა ოფიცერს მიუახლოვდა, ხელები ხელებში ჩაავლო, მიიზიდა, სინათლისკენ შეატრიალა და ეშმაკური სიკეკლუცით უთხრა: - ახლა გულახდილად მითხარით, - და თან თვალი თვალში გაუყარა, - რა, თქვენ არ ხართ მოქალაქე დიუ გა სენ-სირი?
- გახლავართ, მადმუაზელ.
- მაგრამ ის და დედამისი გუშინწინ დახოცეს.
- ძალიან ვწუხვარ, - უპასუხა სიცილით, - ასე თუ ისე, თქვენგან ძალიან დავალებული ვარ. სამუდამოდ თქვენი მადლიერი ვიქნები და გამიხარდება, თუ ამის დამტკიცების საშუალება მომეცემა.
- მეგონა, ემიგრანტი გადავარჩინე, მაგრამ მიხარია, რომ რესპუბლიკელი აღმოჩნდით, - ამ სიტყვებზე, თითქოს უნებურად რომ წამოსცდა, დაიმორცხვა, ალმური მოედო და მთელ მის გარეგნობაში მომაჯადოებელი გულუბრყვილობა გამოჩნდა. სათუთად გაუშვა ხელები ოფიცერს, იმიტომ კი არა, რომ შერცხვა, მისი ხელები რომ ეჭირა, არა, რაღაც მძიმე საფიქრალის გამო, გულზე რომ აწვა და გაერიდა იმედისგან მთვრალს. მაგრამ უცებ, თითქოს თავის თავზე გაჯავრდა ასეთი სითამამისთვის, რაც მოგზაურობისას იქნებ დასაშვებიც კია, ისევ მედიდური, ყალბი სახე მიიღო, თვალი დაუკრა ორივე თანამგზავრს და ფრანსინთან ერთად თვალს მიეფარა. როგორც კი ოთახში შევიდნენ, ფრანსინმა გადააჭდო თითები, ხელები გაჭიმა, ხელისგულები გადააბრუნა და თავის ქალბატონს შეხედა: ოჰ, მარი, რამდენი რამ მოხდა ასე ცოტა ხანში! მხოლოდ თქვენ შეიძლება ეს გადაგხდენოდათ!
მადმუაზელ დე ვერნეი კისერზე ჩამოეკიდა ფრანსინს.
- აი, ეს არის სიცოცხლე! მეცხრე ცაზე ვარ!
- ან იქნებ ჯოჯოხეთში! - შეეპასუხა ფრანსინი.
- თუნდაც ჯოჯოხეთში! - მხიარულად შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. - ცეცხლი მიკიდია. ხელი მომეცი, ნახე, როგორ მიცემს გული. რაში მენაღვლება ახლა მთელი მსოფლიო! ოცნებებში რამდენჯერ მინახავს ეს კაცი. ნახე, რა ლამაზია, როგორ უელავს თვალები.
- ეყვარებით კი? - ჩამქრალი ხმით ჰკითხა გულუბრყვილო გლეხის გოგომ და სახე მოეღრუბლა.
- მაგას შენ მეკითხები? - დაუბრუნა კითხვა მადმუაზელ დე ვერნეიმ, ნახევრად სერიოზულად, ნახევრად ხუმრობით, - განა ასე ძნელია?
- კი მაგრამ, სულ მუდამ ეყვარებით?
ერთ წამს დაბნეულებივით უყურებდნენ ერთმანეთს, ფრანსინი გაკვირვებული თავისი გამოცდილებით, მარი კი იმით, რომ პირველად დაინახა სიყვარულში ბედნიერი მომავალი, თითქოს უფსკრულის პირად იდგა და უდარდელად ჩაგდებული ქვის დაცემის ხმით სიღრმის გამოცნობა უნდოდა.
- ეგ უკვე ჩემზეა დამოკიდებული! - აზარტული მოთამაშის ტონით უპასუხა, - არასოდეს შემეცოდება მიტოვებული ქალი. ასე თუ მოხდა, მისი ბრალია. თუ მამაკაცის გული ჩემი იქნება, ცოცხალს თუ მკვდარს ყოველთვის შევინარჩუნებ, - კი მაგრამ, ფრანსინ, საიდან გაქვს ასეთი გამოცდილება?..
- მადმუაზელ, - სწრაფად უპასუხა გლეხის ქალმა, - დერეფანში ფეხის ხმა მესმის.
ქალმა ყური მიუგდო.
- ეს ის არ არის, ჩემს კითხვას ასე პასუხობ? ან შენს პასუხს დაველოდები, ან გამოვიცნობ.
ფრანსინი მართალი აღმოჩნდა. კარზე სამჯერ დაკაკუნებამ საუბარი შეაწყვეტინათ. მას შემდეგ, რაც მადმუაზელ დე ვერნეიმ შესვლის ნება მისცა, გამოჩნდა კაპიტანი მერლი.
სამხედრო წესით მისალმების შემდეგ გაბედა და შეხედა. მისი მშვენიერებით დაბრმავებულმა სხვა ვერაფერი მოახერხა და უთხრა: - თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, მადმუაზელ.
- მაშ, ახლა თქვენ ხართ ჩემი დამცველი? თქვენი ნახევარ-ბრიგადის პოლკოვნიკი თადარიგში გავიდა? თქვენ ნაწილს ასე არ ჰქვია?
- ჩემი ზემდეგი მაიორი ჟერარია, მან გამომგზავნა.
- ესე იგი, თქვენს სარდალს ჩემი ძალიან ეშინია?
- ბოდიშს გიხდით, მადმუაზელ, იულოს არ ეშინია, უბრალოდ, ქალები მისი საქმე არ არის, არ...
- აღიზიანებს ჩაჩიანი გენერლის ხელქვეითობა.
- მიუხედავად იმისა, რომ მისი მოვალეობაა, ჩინით უფროსს დაემორჩილოს. გაფრთხილებთ, მიყვარს სუბორდინაცია და არ მინდა, ვინმე მეწინააღმდეგებოდეს.
- ეგ ძნელი უნდა იყოს.
- მოვითათბიროთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ, - თქვენ აქ დასვენებული ჯარი გყავთ. აქედან გამაცილებთ მაიენში, სადაც შეიძლება ამ საღამოს წავიდე. მაიენში იქნება ახალი ნაწილი, გზა რომ შეუსვენებლად გავაგრძელოთ? შუანებმა ჩვენი პატარა ექსპედიციის შესახებ არაფერი იციან. მეეჭვება, ღამე მგზავრობისას იმდენნი შეგვხვდნენ, რომ შეტევა გაბედონ. აბა, როგორ გგონიათ, ასე შესაძლებელია?
- დიახ, მადმუაზელ.
- როგორია გზა მაიენიდან ფუჟერამდე?
- ძნელი, სულ აღმართ-დაღმართებია, ნამდვილი ციყვების ქვეყანაა.
- წავიდეთ, წავიდეთ და რადგან ალანსონიდან გასვლისას სახიფათო არაფერია, წადით და დაგეწევით.
- ერთი ამას დამიხედეთ, გეგონებათ, ათი წელია, ოფიცრის ჩინი ჰქონდეს, - გაიფიქრა მერლმა ოთახიდან გასვლისას, - იულო ცდება. ეს ის ქალი არ უნდა იყოს, რენტას დოშაქიდან აუდგომლად იღებდეს. ჯანდაბა! ჯანდაბა, თუ კაპიტან მერლს მაიორობა უნდა, მთავარანგელოზი მიქაელი ეშმაკში არ უნდა აერიოს.
მადმუაზელ დე ვერნეის თათბირის დროს ფრანსინი დერეფნის ფანჯარასთან მივიდა, ეზოს იმ კუთხის დასაზვერად, სასტუმროში მისვლის წუთიდან დაუძლეველი ცნობისმოყვარეობა რომ ეწეოდა. თავლაში ჩალას ისეთი დაძაბული გულისყურით შესცქეროდა, იტყოდით, ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობსო. მალე შეამჩნია, მადამ დიუ გა იარე-მიწაზესკენ ისე ფრთხილად, ფეხაკრეფით მიდიოდა, გეგონებათ, კატაა, თითების დასველებას ერიდებაო. ქალბატონის დანახვაზე შუანი წამოდგა და უდიდესი მოწიწებით გაჩერდა მის წინ. ამ უცნაურმა ამბავმა ფრანსინის ცნობისმოყვარეობა გაამძაფრა. გავარდა ეზოში, გასრიალდა კედლის გასწვრივ, მადამ დიუ გას რომ არ დაენახა და სცადა, თავლის კარს უკან დამალულიყო. სუნთქვაშეკრული ფეხისწვერებზე დადიოდა, ოდნავი ხმაური რომ არ გამოეწვია. სულ ახლოს მოახერხა იარე-მიწაზესთან მისვლა ისე, რომ მისი ყურადღება არ მიუპყრია.
- და თუ ყველა შეკრებილი ცნობით, ეს მისი სახელი არ არის, - ეუბნებოდა უცნობი ქალბატონი შუანს, - შეუბრალებლად ესვრი ცოფიანი ძაღლივით.
- შევთანხმდით.
ქალბატონი წავიდა. შუანმა თავი მოიფხანა, ისევ დაიხურა შალის წითელი ჩაჩი, ცოტა ხანს დაბნეული იდგა. უცებ, რაღაც ჯადოქრობით, ფრანსინი გამოეცხადა.
- წმინდაო ანა ორეელო! - მათრახი ხელიდან გაუვარდა. ხელები შეატყუპა, ექსტაზში ჩავარდა, გაირინდა. ტლანქი სახე აელანძა, თვალები ტალახში ჩაფლული ბრილიანტებივით გაუბრწყინდა.
- ნუთუ ეს კოტენის გოგოა! - ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, მხო-ლოდ თვითონ თუ გაიგებდა, - რა რიგიანი ხართ! - განაგრძო მცირე პაუზის მერე.
ეს უცნაური სიტყვა - რიგიანი - ამ მხარეში აღმატებული ფორმაა. შეყვარებულები სილამაზეს და კარგად ჩაცმულობას რომ აერთიანებენ.
- ხელის შეხებასაც კი ვერ გაგიბედავთ, - დაუმატა იარე-მიწაზემ და მაინც გაიწოდა ტორი ფრანსინისკენ, თითქოს ყელზე ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვის წონა უნდა ენახა.
- კარგადაც მოიქცევით, პიერ! - იმ ქალური ინსტინქტით შთაგონებულმა, ქალს, თუ დამონებული არ არის, დესპოტად რომ აქცევს, მედიდურად დაიხია ერთი ნაბიჯით, ნაზი, ალერსიანი მზერით ცოტა შეარბილა თავისი სიტყვები, დატკბა შუანის უხერხულობით და ისევ მუახლოვდა.
- პიერ, ის ქალბატონი იმ ახალგაზრდა ქალზე გელაპარაკა, მე რომ ვემსახურები, არა?
იარე-მიწაზე უჩუმრად იდგა და მის სახეზე თითქოს გარიჟრაჟივით ებრძოდა ერთმანეთს ბნელი ნათელს. ჯერ ფრანსინს შეხედა, მერე სქელ მათრახს, ხელიდან რომ ჩამოუვარდა, ოქროს ჯაჭვს, რომელიც, ეტყობოდა, ისევე ნუსხავდა, როგორც ახალგაზრდა ბრეტონელი. მერე, თითქოს ამით თავის შფოთვას ბოლოს მოუღებდა, მათრახი აიღო, ხმა კი არ ამოუღია.
- ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ იმ ქალმა ჩემი ქალბატონის მოკვლა გიბრძანა, - ფრანსინმა იცოდა შუანის უსიტყვო ერთგულება და უნდოდა, მისი ყოყმანისთვის ბოლო მოეღო.
იარე-მიწაზემ მრავალმნიშვნელოვნად დახარა თავი. კოტენის გოგოსთვის ეს პასუხი იყო.
- მაშ, ასე, პიერ, თუ ოდნავ მაინც რამე შეემთხვევა, ერთი თმაც რომ ჩამოუვარდეს თავიდან, ჩვენი ეს შეხვედრა უკანასკნელი იქნება, სამუდამოდ დავშორდებით, რადგან მე სამოთხეში ვიქნები, შენ კი - ჯოჯოხეთში.
ეკლესია რომ განდევნის შეპყრობილთაგან ბოროტ სულს დიდის ამბით, თითქმის ისევე იყო აფორიაქებული იარე-მიწაზე ამ წინასწარმეტყველებით, რადგან ღრმა რწმენა მას უცილობლად მიაჩნევინებდა. მისი მზერა, ჯერ ველური სინაზით აღსავსე, მერე ფანატიზმით დათრგუნული, საყვარელზე არანაკლებ მომთხოვნი რომ იყო, უცებ მძვინვარე გახდა, როცა შუანმა შენიშნა მბრძა-ნებლური იერი იმ უმანკო, გულუბრყვილო სატრფოსი, ოდესღაც რომ აირჩია. შუანის სიჩუმე ფრანსინმა სხვაგვარად ახსნა.
- მაშ, ჩემთვის არაფრის გაკეთება არ გინდა? - საყვედურიანი ტონით ჰკითხა. ამ სიტყვებზე შუანმა ყორნისფერი თვალები მიანათა.
- თავისუფალი ხარ? - წაიბუზღუნა მარტო ფრანსინის გასაგონად.
- ასე რომ არ იყოს, აქ ვიქნებოდი? - მიუგო შეურაცხყოფილმა ფრანსინმა, - მაგრამ შენ? შენ აქ რას აკეთებ? ისევ შუანებს შეეკარი? გზებზე სიკვდილის მაძებარი ცოფიანი ცხოველივით დაძრწი. პიერ, ჭკუა რომ გქონდეს, ჩემთან ერთად წამოხვიდოდი. ეს ლამაზი გოგო, შემიძლია გაგანდო, ჩვენთან ცხოვრობდა წინათ, ახლა ჩემზე ზრუნავს, ორასი ლივრი ნაღდი რენტა მაქვს. ამას გარდა, მადმუაზელმა ხუთას ეკიუდ მიჰყიდა ბიძაჩემ ტომასს დიდი სახლი და მეც ორი ათასი ლივრი მოვაგროვე.
ვერც მისმა ღიმილმა და ვერც ჩამოთვლილმა ქონებამ გული ვერ მოულბო იარე-მიწაზეს, ისეთივე უმეტყველო, გაქვავებული სახე ჰქონდა.
- რექტორებმა თქვეს, ომში ჩავბმულიყავით, ყოველი მოკლული ლურჯი ერთი ინდულგენციაა.
- ლურჯებმა რომ მოგკლან?
მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და უმწეოდ გაშალა მკლავები, თითქოს ასეთი მსხვერპლი ეცოტავებოდა ღმერთისა და მეფისთვის.
- მე რაღა მეშველება? - უთხრა გულდათუთქულმა ახალგაზრდა ქალმა.
იარე-მიწაზემ გაოგნებულმა შეხედა ფრანსინს, თვალები თითქოს გაუფართოვდა, ორი დიდი ცრემლი ჩამოუგორდა ბანჯგვლიან ლოყებზე და ჩაიკარგა თხის ტყავში, ტანთ რომ ეცვა. გულიდან ოხვრა აღმოხდა.
- წმინდა ანა ორეელო!.. პიერ, მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია შვიდი წლის განშორების შემდეგ? ძალიან შეცვლილხარ.
- ისევ მიყვარხარ, - მკვეთრად თქვა შუანმა.
- არა, - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა, - ჩემზე წინ მეფეს აყენებ.
- ასე ნუ მიყურებ, თორემ წავალ.
- რა გაეწყობა, მაშინ მშვიდობით, - ნაღვლიანად უთხრა ქალმა.
- მშვიდობით, - იარე-მიწაზემ ხელი სტაცა ფრანსინის ხელს, მოუჭირა, აკოცა, პირჯვარი გადასახა და სირბილით შევარდა თავლაში, ძვალდაპატრონებული ძაღლივით.
- მოიტაცე-დიდი-კვერი, - უთხრა ამხანაგს, - ვერაფერს ვხედავ, რქა გაქვს?
- ეშმაკმა წაიღოს, რა ჯაჭვი ჰქონდა! - თქვა მოიტაცე-დიდმა-კვერმა და ჯიბეები მოიქექა, ტყავს უკუღმა რომ ეკერა. იარე-მიწაზეს ხარის რქისგან გაკეთებული კონუსი გაუწოდა, რომელშიც ბრეტონელები ბურნუთს ინახავდნენ, თვითონ რომ ფქვავდნენ ზამთრის გრძელ ღამეებში. შუანმა ცერი აბზიკა, მარცხენა მტევანზე ღრმული გაუკეთდა, სადაც ინვალიდები ერთ შესუნთქვა ბურნუთს იყრიან ხოლმე, მაგრად შეანჯღრია რქა, რომლის წვერიდან საცობი უკვე მოეხრახნა მოიტაცე-დიდ-კვერს. უწმინდესი მტვერი ნელ-ნელა ჩამოედინა პატარა ნახვრეტიდან. იარე-მიწაზემ შვიდ-რვაჯერ გაიმეორა უჩუმრად, თითქოს ამ პუდრს შეეძლო, შეეცვალა მისი აზრების მდინარება. უცებ უიმედოდ ჩაიქნია ხელი, რქა მოიტაცე-დიდ-კვერს გადაუგდო, ჩალაში დამალული კარაბინი ამოაძრო.
- ასე ზედიზედ შვიდი-რვა შესუნთქვა რას ჰგავს! - ჩაიბურტყუნა ძუნწმა მოიტაცე-დიდი-კვერმა.
- წავედით! - წამოიძახა იარე-მიწაზემ ხრინწიანი ხმით, - საქმე გვაქვს.
ოცდაათიოდე შუანმა წამოყო თავი, ბაგის ქვეშ თივაში რომ ეძინათ. დაინახეს თავზე წამომდგარი იარე-მიწაზე, გაცვივდნენ ბაღში გამავალ კარში, საიდანაც მინდორზე შეეძლოთ გასვლა. ფრანსინმა, საჯინიბოდან გამოსვლისას, დაინახა გასამგზავრებლად გამოსული ეტლი. მადმუაზელ დე ვერნეი და მისი ორი თანამგზავრი უკვე ჩამსხდარიყვნენ. ბრეტონელი ქალი შეკრთა, უკანა სკამზე, მადმუაზელ დე ვერნეის გვერდით ის ქალი რომ დაინახა, რომელმაც მისი მოკვლა ბრძანა. საეჭვო უცნობი მარის წინ მოთავსდა. როგორც კი ფრანსინი ჩაჯდა, მძიმე ეტლი დაიძრა და ცხენები ჩორთით გაემართნენ.
მზემ გაფანტა შემოდგომის ლეგა ღრუბლები და დაღვრემილ მინდვრებს საზეიმო და ახალგაზრდული ელფერი მისცა. შეყვარებულები ხშირად კარგ ნიშნად მიიჩნევენ ცაში ასეთ მოულოდნელ ცვლილებებს. ფრანსინს უცნაურად მოეჩვენა ეტლში გამეფებული სიჩუმე. მადმუაზელ დე ვერნეიმ დაიბრუნა გულგრილი იერი, თვალები დახრილი ჰქონდა. ხელები მოსასხამში შეემალა, რომელშიც თავიდან ფეხებამდე იყო გახვეული. თავს მხოლოდ იმისთვის სწევდა, რომ დაენახა, გარეთ პეიზაჟი თითქოს გამალებული ტრიალით როგორ მიჰქონდა უკან.
დარწმუნებული იყო, რომ აღფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ სულაც არ სურდა ეს აღტაცება, თუმცა მოჩვენებითი გულგრილობა უფრო კეკლუცობით იყო გამოწვეული, ვიდრე გულუბრყვილობით. გულისამაჩუყებელი სიწმინდე, ნატიფ ჰარმონიას რომ ანიჭებდა ქალის სახის გამომეტყველებას, სუსტი სულის სარკეს, ეტყობა, თავის ხიბლს მთლიანად ვერ სძენდა არსებას, რომელსაც გძნობათა სიმძაფრე სიცოცხლის ქარიშხლებს უმზადებდა. უცნობი, დატყვევებული იმ სიამოვნებით, რასაც ინტრიგის დასაწყისი ჰპირდებოდა, ჯერ კიდევ არ ცდილობდა, აეხსნა ის შეუსაბამობა, ამ უცნაური გოგონას კეკლუცობასა და ეგზალტაციას შორის რომ არსებობდა. ეს ყასიდი გულგრილობა მას საშუალებას აძლევდა, აშკარად დამტკბარიყო მისი სახით, ერთნაირად მშვენიერი რომ იყო მშვიდიც და მღელვარეც! არასოდეს ვძრახავთ ჩვენი სიხარულის წყაროს.
საფოსტო ეტლში ლამაზი ქალი ვერ დაემალება თანამგზავრთა ცნობისმოყვარეობას, ყველა თვალმოუშორებლად უყურებს, თითქოს მგზავრობის მონოტონურობის გასახალისებლად მიზეზს დაეძებენ.
და აი, ახალგაზრდა ოფიცერი, გათამამებული იმით, რომ ახალგაზრდა ქალი მის მზერას არ ემალება და მის დაჟინებაზეც არ ბრაზობს, დიდად კმაყოფილი იყო, რომ შეეძლო, დაეკმაყოფილე-ბინა ხარბი ცნობისმოყვარეობა ახლადჩასახული ვნებისა და სიამოვნებით აკვირდებოდა მისი სახის სუფთა, მშვენიერ ნაკვთებს. ეს სახე მისთვის სურათივით იყო, სინათლეზე ხან თხელი ნესტოების ვარდისფერი გამჭვირვალობა იკვეთებოდა, ხან ორი წვრილი ხაზი ცხვირიდან ზედა ტუჩამდე, ხან მზის მკრთალი სხივი აჩენდა მის ნიუანსებს, სადაფისფერი თვალებისა და ტუჩების ირგვლივ, ვარდისფერ ლოყებზე, მქრქალ საფეთქლებისკენ და კისერზე. ტკბებოდა შუქ-ჩრდილის დაპირისპირებით, რაც მისი შავი დაგრაგნილი თმის კულულებისგან ეფინებოდა სახეს და ჰაეროვან, ეფემერულ სიუხვეს ანიჭებდა: ქალთან ხომ ყველაფერი წამიერად ცვალებადია. მისი დღევანდელი სილამაზე ის არ არის, რაც გუშინ იყო, ალბათ მისთვის საბედნიეროდ. ეს, ვითომდა მეზღვაური, ჯერ ისევ იმ ასაკის იყო, როცა კაცი უმნიშვნელო რაღაცით შეიძლება აღფრთოვანდეს, რაც ასე მნიშვნელოვანია სიყვარულში. ბედნიერი შესცქეროდა, როგორ უთრთოდა ქუთუთოები, ან როგორ ირხეოდა მისი კორსაჟი სუნთქვისგან. ზოგჯერ ცდილობდა, გონებაში დაე-კავშირებინა, როგორ შეესაბამებოდა თვალების გამომეტყველებას ოდნავ შესამჩნევი ნაკეცი ტუჩებთან. ყოველი ჟესტი მის სულს გადაუშლიდა, ყოველი მოძრაობა - ახალ წახნაგს ამ ახალგაზრდა ქალისას. თუ მისი ცოცხალი ნაკვთები თრთოდნენ რაიმე ელდის გაელვებისას, თუ უცებ გადაურბენდა ვარდისფერი ღიმილი, უზომო ნეტარებას გრძნობდა და ცდილობდა, გამოეცნო ამ იდუმალი ქალის საიდუმლოებანი. ყველაფერი ამ ქალისა, მახე იყო სულისთვის, ხაფანგი გრძნობებისთვის და თანაც სიჩუმე გულების დაკავშირებას კი არ უშლიდა ხელს, პირიქით, აახლოებდა აზრებს. უკვე რამდენჯერმე შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს, და როცა დაინახა, როგორი თვალებით უყურებდა ახალგაზრდა მეზღვაური, მარი დე ვერნეი მიხვდა, რომ სიჩუმე სახიფათო ხდებოდა მისთვის, მაშინ მადამ დიუ გას მიმართა რაღაც უმნიშვნელო კითხვით, ისე, საუბრის წამოსაწყებად, რომელიც უნებურად მის შვილს შეეხო.
- მადამ, როგორ გადაწყვიტეთ ბატონი თქვენი ვაჟი ფლოტში მიგეცათ? ამით ხომ სამუდამო სადარდელი გაიჩინეთ.
- მადმუაზელ, ქალის, ანუ მინდოდა მეთქვა, დედის ხვედრია, მუდამ უთრთოდეს გული თავისი ყველაზე ძვირფასი განძისთვის.
- თქვენი ვაჟი ძალიან გგავთ.
- ასე ფიქრობთ, მადმუაზელ?
- მადამ დიუ გას ასაკის უწყინარმა დაკანონებამ ახალგაზრდა კაცის ღიმილი გამოიწვია და ვითომ დედისა კი - გულისწყომა. ქალის ბოღმა იზრდებოდა ყოველ ვნებიან მზერაზე, მისი ვაჟი რომ მარის სტყორცნიდა. მათი სიჩუმე, მათი საუბარი - ყველაფერი მძვინვარე სიძულვილს აღვივებდა მასში და იძულებული კი იყო, გულითადი, ალერსიანი მანერებით შეენიღბა.
- ცდებით, მადმუაზელ, - ჩაერია უცნობი, - მეზღვაურები სხვა სამხედროებზე მეტ საფრთხეში არ არიან. ქალებს კი არ უნდა სძულდეთ ფლოტი, რადგან მეზღვაურებს უდიდესი უპირატესობა აქვთ სახმელეთო ჯარებთან შედარებით - მათი ერთგულნი ვრჩებით.
- იძულებით, - სიცილით შეეხმიანა მადმუაზელ დე ვერნეი.
- მაგრამ მაინც ერთგულებაა, შეესიტყვა დაღვრემილი მადამ დიუ გა.
საუბარი გაცხოველდა, შეეხო თემებს, რომლებიც საინტერესო მხოლოდ სამი მგზავრისთვის იყო, რადგან მსგავს შემთხვევაში ჭკვიანი ადამიანები ყველაზე ბანალურ ფრაზებსაც კი ახალ შინაარსს შესძენენ. მაგრამ გარეგნულად არასერიოზული, ზერელე საუბარი, რომლითაც უცნობები თავს აწონებენ ერთმანეთს, რათა სურთ, რაიმე გაიგონ თანამოსაუბრეზე, ფარავს მათ ამაფორიაქებელ სურვილებს, ვნებებსა და იმედებს. მადმუაზელ დე ვერნეის დახვეწილობამ და ეშმაკობამ, სულ ფხიზლად რომ იყო, მადამ დიუ გას უჩვენა, რომ მხოლოდ ცილისწამებითა და ღალატით შეიძლებოდა მოეპოვებინა გამარჯვება თავის მეტოქეზე, რომელიც მისთვის საშიში იყო როგორც სილამაზის, ასევე, ჭკუის გამო. მოგზაურები დაცვას წამოეწივნენ და ეტლმა სვლა შეანელა.
ახალგაზრდა მეზღვაურმა შენიშნა, რომ გრძელი ფერდობი ჰქონდათ ასავლელი და მადმუაზელ დე ვერნეის შესთავაზა, ფეხით ასულიყვნენ. ახალგაზრდა კაცის კარგმა გემოვნებამ, თავაზიანობამ, ზრდილობამ გადააწყვეტინა პარიზელ ქალს, დათანხმებოდა, რამაც სიამაყითა და კმაყოფილებით აღავსო კაცი.
- მადამ, იზიარებთ ჩვენს განზრახვას? ხომ არ გნებავთ გასეირნება? - ჰკითხა მარიმ მადამ დიუ გას.
- მოარშიყე! - გამოსცრა კბილებში ქალბატონმა ეტლიდან ჩამოსვლისას.
მარი და უცნობი გვერდიგვერდ მიდიოდნენ, ცოტა შორი შორს. მეზღვაური თვალთმაქცად თვლიდა ახალაზრდა ქალის თავშეკავებულობას და ერთი სული ჰქონდა, გადაელახა ზღვარი, რომელიც აბრკოლებდა აბობოქრებულ სურვილს, უკვე რომ მოეცვა ყმაწვილი. მიზნის მისაღწევად სახუმარო კილო აირჩია, ყველაფერი ჩართო, სუფთა ფრანგული თავაზიანობა, გონებამახვილობა, რაინდული დახვეწილი აზროვნება, ზოგჯერ დამცინავი, რაც გამორჩეულ ადამიანებს განდევნილი არისტოკრატიისგან განასხვავებდა. მარიმ, სიცილის, ხუმრობის მოყვარულმა პარიზელმა ქალმა, ისე ეშმაკურად გაამხნევა ახალგაზრდა, ისე ამრეზით უსაყვედურა ფრივოლურობა, აგრძნობინა, უპირატესობას ამაღლებულ აზრებსა და გრძნობებს ანიჭებდა, რაც, უნებურად გაიელვებდა ხოლმე ახალგაზრდა მეზღვაურის ლაპარაკში, რომ სულ ადვილად მიაგნო ხერხს, თავი მოეწონებინა. მაშინ მათი საუბრის ხასიათი შეიცვალა, ყმაწვილმა გაამართლა იმედები, მისი მეტყველი სახე რომ ავლენდა. მაგრამ სულ ახალ-ახალ სიძნელეებს აწყდებოდა ამ სირინოზის, მაცდუნებელი ქალის ამოცნობისას, რომელიც სულ უფრო მეტად მოსწონდა. იძულებული იყო, შეეცვალა ზოგიერთი შეხედულება, რომელსაც თამაშ-თამაშით უბათილებდა. ჯერ მისმა მშვენიერებამ მოხიბლა, მერე მისმა ამოუცნობმა სულმა მიიზიდა, ცნობისმოყვარეობა გაუძლიერდა, მარის კი ართობდა ამ ცნობისმოყვარეობის წაქეზება. საუბარი ნელ-ნელა პირადულისკენ იხრებოდა, რაც დიდად განსხვავდებოდა იმ გულგრილი ტონისგან, საითაც მარის ძალიან უნდოდა, გადაეხვია. მადამ დიუ გა შეყვარებულებს ფეხდაფეხ მისდევდა. მათ, თავისდაუნებურად, ფეხს აუჩქარეს და მალე ასიოდე ნაბიჯით ჩამორჩა. ეს ორი მომხიბვლელი არსება ბავშვური აღტყინებით მიუყვებოდა ქვიშიან გზას. ფეხაწყობილი სიარული, თითქოს გაზაფხულის მზის თბილი მოლამუნე სხივები, ნიავის ოდნავი ქროლვით ატანილი შემჭკნარი მცენარეების ბლანტი სურნელის ერთად შეგრძნება, ეს ყველაფერი ახლადგამოკვირტული სიყვარულის მსუბუქ ნაღველს ასაზრდოებდა. თუმცა ეს წამიერი სიახლოვე ორივეს ჩვეულებრივი სასიყვარულო ინტრიგა ეგონა, ცა, პეიზაჟი და შემოდგომა კი მათ გრძნობას მკაცრ შეფერილობას აძლევდა და ვნებას ამსგავსებდა. ჯერ შესანიშნავ ამინდს აქებდნენ, ლამაზ ხედებს, მერე თავიანთ უცნაურ შეხვედრაზე ილაპარაკეს, იმაზე, რომ მალე შეწყდება ასეთი სასიამოვნო ნაცნობობა; იმაზეც, რომ გზაში ასე ადვილია, გული გადაუშალო თანამგზავრს, პირველად და უკანასკნელად რომ ხედავ. ამ ბოლო წინადადებამ ახალგაზრდა კაცს თითქოს უსიტყვო თანხმობა მისცა, მსგავს სიტუაციებს მიჩვეული კაცივით, ტკბილი ოცნებისა და გულახდილობის გამომჟღავნება სცადა.
- ატყობთ, მადმუაზელ, რა განსხვავებული გზით ვითარდება გრძნობები ჩვენს შფოთიან დროში? ჩვენს დროში ყველაფერს აუხსნელი მოულოდნელობის კვალი ატყვია. დღეს ერთი შეხედვით გვიყვარდება და გვძულდება, ადამიანები სამუდამოდ ერთდებიან სიცოცხლის ბოლომდე და შორდებიან ისევე სწრაფად, როგორც მიისწრაფიან სიკვდილისკენ, ყველაფერი ეჩქარებათ. ირგვლივ არსებული საფრთხის დროს ხვევნა-ალერსი უფრო მხურვალე და სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარებისას. პარიზში სულ ცოტა ხნის წინ გაიგო ყველამ, როგორც ბრძოლის ველზე, რამდენი რამის გამოხატვა შეიძლება ხელის ჩამორთმევით.
- ხალხს მოთხოვნილება ჰქონდა, სწრაფად ეცხოვრა და ბევრი განეცადა, - ახალგაზრდა კაცს ისე შეხედა, თითქოს აგრძნობინებდა, რომ მათი ხანმოკლე მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა და ეშმაკურად დაუმატა, - სკოლიდან ახლადგამოჩეკილი ყმაწვილისთვის ცხოვრებისეულ საქმეებში დიდი გამოცდილება გაქვს.
- ჩემზე რას ფიქრობთ? - წამიერი სიჩუმის მერე ჰკითხა ჭაბუკმა, - პირდაპირ მითხარით, ნუ მოგერიდებათ.
- ამ გზით გსურთ, ჩემზე ლაპარაკის უფლება მოიპოვოთ?.. - სიცილით უპასუხა ქალმა.
- არა, არ მპასუხობთ, - ცოტა ხანს აცალა და უთხრა, - ფრთხილად იყავით, ხშირად სიჩუმე პასუხია.
- განა ყველაფერი არ გამოვიცანი, რის თქმაც გინდოდათ ჩემთვის? ღმერთო ჩემო, უკვე ისედაც ძალიან ბევრი ვთქვით...
- თუკი ერთმანეთს გავუგეთ, - გაეცინა ყმაწვილს, - მეტი მოვახერხე, ვიდრე მეგონა.
მარიმ ისე მოხდენილად გაიღიმა, თითქოს გალანტური ორთაბრძოლის გამოწვევა მიიღო, რომელში ჩათრევაც ყველა მამაკაცს უხარია. და დაიწყეს ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს, როგორიც ახლაა. ახალგაზრდა კაცს ნება ეძლეოდა, გადაშვებულიყო სიყვარულში, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა, მარის კი - ამაზე ეცინა. როგორც კი ეს წარმოსახვითი წინაღობა აღმართეს, ორივეს დაეუფლა ძლიერი სურვილი, ესარგებლათ ამ სახიფათო თავისუფლებით, რისი ნებაც საკუთარ თავს მისცეს. უცებ მარიმ ქვას ფეხი წამოკრა და გადაუბრუნდა.
- მკლავზე დამეყრდენით, - შესთავაზა ყმაწვილმა.
- სხვა გზა არ მაქვს, აბა, რა ვქნა, ქარაფშუტავ. გაყოყოჩდებით, უარი რომ ვთქვა. ხომ გეგონებათ, რომ შემეშინდა?
- მადმუაზელ, - მკერდზე მიიჭირა მისი ხელი, გულის ცემა რომ გაეგო, - მართლაც რომ მეამაყება ეს წყალობა.
- ისე იოლად მოიპოვეთ, რომ ილუზიებს გაგიქარწყლებთ.
- უკვე გინდათ, დამიცვათ იმ სახიფათო ღელვისგან, უნებურად რომ აღძრავთ ჩვენში?
- გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი სალონური თავაზიანობითა და ბუდუარის ლოგოგრიფებით მახეში გაბმა. არ მსიამოვნებს, როცა თქვენი ყაიდის კაცი ცდილობს, გაიბრწყინოს ისეთი გონებამა-ხვილობით, სულელსაც რომ შეუძლია. შეხედეთ, ჩვენს თავზე მშვენიერი ცაა, ტრიალ მინდორში ვართ. ჩვენ წინ, ჩვენ ზემოთ ყველაფერი დიდებულია. გინდათ, მითხრათ, რომ ლამაზი ვარ, არა? კი, მაგრამ თქვენმა თვალებმა უკვე მითხრეს და თვითონაც ვიცი, მე ის ქალი არ ვარ, ქათინაურზე რომ გადაირევა. თქვენს გრძნობებზეც ხომ არ გინდათ, მელაპარაკოთ? - გამქირდავი ღიმილით დაუმატა ქალმა, - ნუთუ გგონიათ, ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ დავიჯერებ იმდენად ძლიერ უცაბედ კეთილგანწყობას, რომ მთელი ცხოვრება მახსოვდეს ერთი დილა.

კარი IV
- ერთი დილა არა, მაგრამ ლამაზი, დიდსულოვანი ქალი - კი.
- გავიწყდებათ ყველაზე მიმზიდველი რამ: უცნობი ქალი, რომლის ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდა იყოს, სახელი, წოდება, მდგომარეობა, თავისუფალი აზროვნება და მანერები.
- სრულებითაც არ ხართ ჩემთვის უცნობი, - წამოიძახა ვაჟმა, - ამოგიცანით და თქვენს სრულყოფილებას ვეღარაფერს დავუმატებ, გარდა სიყვარულის ოდნავი იმედისა, დანახვისთანავე რომ აღძარით.
- ჩემო საბრალო, ჩვიდმეტი წლის ბავშვო, უკვე სიყვარულზე ლაპარაკობთ, - გაეღიმა მარის. ძალიან კარგი. რატომ არ შეუძლია ორ ადამიანს ამ თემაზე ისევე ისაუბროს, როგორც სხვა დანარჩენზე? ვილაპარაკოთ! არც მოჩვენებითი მორცხვობა მახასიათებს და არც პრანჭვა-გრეხა. მაგ სიტყვის მოსმენა გაუწითლებლად შემიძლია, იმდენჯერ მომისმენია გულს გარეთ ნათქვამი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა. თეატრში, წიგნებში, საზოგადოებაში, ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ ამ შესანიშნავი გრძნობის მსგავსი ცხოვრებაში არ შემხვედრია.
- ეძებდით კი?
- დიახ.
ეს „დიახ“ ისე ბუნებრივად ითქვა, რომ ახალგაზრდა კაცმა უნებური ჟესტით გაკვირვება გამოხატა და მარის ისე დაჟინებით შეხედა, თითქოს სულ შეეცვალა შეხედულება მის ხასიათსა და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე.
- მადმუაზელ, - დაუფარავი მღელვარებით მიმართა ყმაწვილმა, - ვინ ხართ? ქალიშვილი თუ ქალი? ანგელოზი თუ დემონი?
- ერთიც ვარ და მეორეც, - სიცილით უპასუხა მარიმ, - განა ყოველთვის არ არის რაღაც დემონურიცა და ანგელოზურიც ახალგაზრდა გოგონაში, რომელსაც არ ჰყვარებია, არ უყვარს და იქნებ არც არასოდეს შეუყვარდეს?
- და ასე თავს ბედნიერად გრძნობთ?.. - თითქოს შებოჭილობა მოეხსნა, გეგონებოდათ, რომ პატივისცემაც გაუნელდა თავისი მხსნელის მიმართ.
- ბედნიერი? არა! როცა ვფიქრობ, რომ მარტოხელა ვარ, საზოგადოებრივი პირობითობების მორჩილი, ეს, ცხადია, ცოტა არაბუნებრივს მხდის, მამაკაცების პრივილეგიები მეხმარება ხოლმე. მაგრამ რომ მაგონდება, თქვენს მოსაჯადოებლად რა საშუალებები მოგვცა ბუნებამ, რა უხილავი ბადე გვაქვს თქვენს გასახვევად, რა ძალა, რომელსაც ვერც ერთი თქვენგანი ვერ უსხლტება, მაშინ მომწონს ჩემი როლი ამქვეყნად. მერე უცბად კნინდება, პატარა მეჩვენება და ვგრძნობ, რომ შემძულდებოდა მამაკაცი, ბანალური, გაცვეთილი ცდუნების მსხვერპლი. მოკლედ, ზოგჯერ ვგრძნობ ჩვენს უღელს და მომწონს, ზოგჯერ საშინლად მეჩვენება და ხელს ვკრავ. დროდადრო ვგრძნობ ვინმესთვის თავგანწირვის სურვილს, რაც ქალს კეთილშობილ მშვენიერებად აქცევს, მერე მთანგავს ბატონობის წადილი. იქნებ ეს კეთილისა და ბოროტის ბუნებრივი ბრძოლაა, დედამიწაზე ყველა სულიერის სიცოცხლის საწყისი ეშმაკი და დემონი... როგორ თქვით? მხოლოდ დღეს კი არ ვგრძნობ ჩემს ორმაგ ბუნებას. მაგრამ ჩვენ, ქალები, თქვენზე უკეთ ვგრძნობთ ჩვენს არასრულყოფილებას. ჩვენ გვაქვს ინსტინქტი ყველაფერში სრულყოფილების ძებნისა, ცხადია, მიუწვდომელი სრულყოფილებისა, მაგრამ, ჩვენ, - ოხვრით შეხედა ცას, - ჩვენ სხვა რამეც გვაქვს, რაც თქვენს თვალში აღგვამაღლებს...
- ეს არის...
- ეს არის ის, რომ მეტ-ნაკლებად ჩვენ ყველანი ვებრძვით ბედისწერის უსამართლობას.
- მადმუაზელ, დღეს საღამოს რატომ უნდა დავშორდეთ?
- ჩავსხდეთ ეტლში, - ქალმა ღიმილი შეაგება ვაჟის ვნებიან მზერას, - ღია ცის ქვეშ ყოფნა არაფერს გვარგებს, - და მკვეთრად შეტრიალდა, ვაჟი წამოეწია და მკლავზე არცთუ მოწიწებით წა-ეტანა, რითაც დაუძლეველი ჟინი და აღფრთოანება გაამჟღავნა. ქალმა ფეხი ააჩქარა, მეზღვაური მიხვდა, რომ უნდოდა, თავი აერიდებინა გულის გადაშლისთვის. ამან უფრო გაამძაფრა მისი ვნება. სასწორზე შეაგდო ყველაფერი, მისი კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა, გრძნობამორეულმა შეხედა და: - გინდათ, ერთი საიდუმლო გაგანდოთ?
- ჩქარა თქვით, თუ თქვენ გეხებათ.
- რესპუბლიკას არ ვემსახურები, სად მიდიხართ? გამოგყვებით, - ამის გაგონებაზე მარი მთელი ტანით შეკრთა, მკლავი გამოგლიჯა, ორივე ხელი სახეზე აიფარა, რომ სიწითლით თუ სიფერმკრთალით შეცვლილი სახე დაემალა; მერე ხელები მოიშორა და გრძნობამორეულმა უთხრა: - მაშ, ისევე დაიწყეთ, როგორც დამთავრებას აპირებდით? მომატყუეთ?
- დიახ.
ამის გაგონებაზე ზურგი შეაქცია დიდ ეტლს, რომლისკენაც მიდიოდნენ და თითქმის გაიქცა.
- სუფთა ჰაერზე ხომ არ გინდოდათ ყოფნა?
- შეიცვალა ჰაერი, - სერიოზული ხმით უპასუხა ქალმა, ბობოქარი აზრებით აფორიაქებულს ფეხი არ შეუნელებია.
- რატომ არაფერს ამბობთ, - ჰკითხა ვაჟმა, გული სავსე რომ ჰქონდა იმ ნეტარი ჭმუნვით, სიამოვნების მოლოდინი რომ ჰბადებს.
- აჰ, ტრაგედია ძალიან მალე დაიწყო, - ხმა ჩაუწყდა მარის.
- რომელ ტრაგედიაზე ლაპარაკობთ?
ქალი გაჩერდა. ცნობისწადილშერეული შიშით შეხედა, მაგრამ მალევე მოახერხა გულჩათხრობილი ადამიანის ნეიტრალური ნიღბის ქვეშ დაემალა ასე აზვირთებული გრძნობები. უნდოდა, ეჩვენებინა, ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვსო.
- ვინ ხართ? თუმცა, ვიცი. როგორც კი დაგინახეთ, ვიეჭვე, როიალისტების წინამძღოლი, მეტსახელად „ვაჟკაცი“. არა? ოტენის ყოფილი ეპისკოპოსი ტყუილად კი არ მეუბნებოდა, უბედურების წინათგრძნობას უნდა ენდოთო.
- რაში გაინტერესებთ მაგ ბიჭის ცნობა?
- რაში უნდა აინტერესებდეს, დამემალოს, თუკი სიკვდილს გადავარჩინე, - და ნაძალადევად გაიცინა, - რა გონივრულად მოვიქეცი, რომ არ გათქმევინეთ, რომ გიყვარვართ. კარგად დაიხსომეთ, ბატონო, მძულხართ. მე რესპუბლიკელი ვარ, თქვენ - როიალისტი. დაგასმენდით, სიტყვა რომ არ მომეცა, ერთხელ რომ არ გადამერჩინეთ და რომ... - გაჩერდა. ამ უეცარმა ცვლილებამ, ამ შინაგანმა ბრძოლამ, რომლის დაფარვასაც აღარ ცდილობდა, შეაფიქრიანა მეზღვაური. ამაოდ ცდილოდა მის გაგებას.
- ახლავე დავშორდეთ. ასე მინდა. მშვიდობით, - სწრაფად შეტრილდა და წავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და დაბრუნდა, - თუმცა, არა, ძალიან მაინტერესებს, უნდა გავიგო, ვინ ხართ. ნურაფერს დამიმალავთ. სიმართლე მითხარით. ვინ ხართ. აღარც პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტი ხართ და არც ჩვიდმეტი წლის ხართ...
- მეზღვაური ვარ, მაგრამ მზად ვარ, ოკეანეს დავემშვიდობო და გამოგყვეთ, საითაც მოგესურვებათ. თუ, ჩემდა საბედნიეროდ, თქვენთვის რაიმე გამოცანას წარმოვადგენ, ვეცდები, არ გავაწბილო თქვენი ინტერესი. ნუ აურევთ ერთმანეთში რეალური ცხოვრების მნიშვნელოვან საქმეებს და ჩვენი გულის სწრაფვას, რაშიც ასე კარგად მიგვდიოდა საქმე, გვესმოდა ერთმანეთის.
- ჩვენი სულები შეიძლება შეეწყოს კიდევაც ერთმანეთს, - მკაცრად განაგრძო ქალმა, - მაგრამ თქვენგან ნდობა მოვითხოვო? ამის უფლება არ მაქვს, ვერასოდეს გაიგებთ, რამდენად ხართ ჩემგან დავალებული: მე ჩუმად ვიქნები.
რამდენიმე ნაბიჯი ისე გაიარეს, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
- ჩემი ცხოვრება ასე რატომ გაინტერესებთ?
- ბატონო, გთხოვთ, ან თქვენი სახელი მითხარით, ან იყუჩეთ. ბავშვი ხართ და მებრალებით, - დაუმატა მხრების აჩეჩვით.
ეგრეთ წოდებული მეზღვაური ხედავდა ახალგაზრდა მოგზაური ქალის დაჟინებას, გაეგო მისი საიდუმლო. მის გულში ძლიერდებოდა ჭიდილი საფრთხესა და სურვილს შორის. სასურველი ქალის გულისწყომა ძლიერია. ცდუნებაა. მისი მორჩილებაც და მისი გულისწყრომაც ისეთი ძლიერია, მამაკაცის გულის იმდენ სიმს ათრთოლებს, ისე ღრმად აღწევს მასში და ისე იპყრობს... ნეტავ მადმუაზელ დე ვერნეის მრისხანება კეკლუცობის ახალი ფანდი ხომ არ იყო. მიუხედავად ხიბლისა და მოჯადოებულობისა, ყმაწვილი ახერხებდა, ფრთხილად ყოფილიყო ქალთან, რომელიც ცდილობდა, ეთქმევინებინა საიდუმლო, რომელიც მისი სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო.
- ჩემმა გაუფრთხილებლობამ, დაუკვირვებლობამ რატომ დაამსხვრია ხიბლი იმ დღისა, ბედნიერებას რომ მპირდება? - ჩაილაპარაკა ყმაწვილმა და ხელი ჩაჰკიდა. ფიქრებში წასულმა მარიმ ვერ შეამჩნია. ხმას არ იღებდა. სახეზე ტანჯვა ეწერა.
- რითი გატკინეთ გული? რითი შემიძლია დაგიამოთ?
- თქვენი სახელი მითხარით.
ვაჟიც უხმოდ მიდიოდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს. უცებ მადმუაზელ დე ვერნეი გაჩერდა მტკიცეგადაწყვეტილებამიღებული ადამინივით.
- ბატონო მარკიზ დე მონტორან, - თქვა იმ ადამიანის ხმით, საკუთარი თავის ყადრი რომ იცის, თუმცა ვერ იოკებდა მღელვარებას, სახე უთრთოდა, - რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბედნიერი ვარ, სამსახური გაგიწიოთ. აქ დავშორდებით ერთმანეთს. ესკორტიცა და ეტლიც თქვენი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, უნდა ისარგებლოთ. რესპუბლიკელებისა ნუ შეგეშინდებათ: ყველა ჯარისკაცი ღირსეული ადამიანია, როგორც ხედავთ. მაიორს განკარგულებებს მივცემ და ყველაფერს შეასრულებს. მე კი ალანსინამდე ფეხითაც შემიძლია დავბრუნდე, ჩემს მოახლესთან ერთად, რამდენიმე ჯარისკაცი გაგვაცილებს. მისმინეთ, საქმე თქვენს თავს ეხება.
- სანამ სამშვიდობოს გახვალთ, თუ იმ საშინელ პეწენიკს გადაეყარეთ, სასტუმროში რომ ნახეთ, გაიქეცით, აუცილებლად დაგასმენთ. მე კი, - შეყოვნდა, - მე ამაყად გადავეშვები ცხოვრების მორევში, - ცრემლს ძლივს იკავებდა, - მშვიდობით, ბატონო. ბედნიერი იყავით! მშვიდობით.
მარიმ ნიშანი მისცა კაპიტან მერლს, ბორცვის მწვერვალზე რომ მოჩანდა. ახალგაზრდა კაცი საქმის ასე სწრაფად დამთავრებას არ ელოდა.
- მოითმინეთ! - საკმაოდ კარგად გათამაშებული სასოწარკვეთილებით შესძახა. იმ ქალის უცნაურმა ახირებამ, რომლის გულისთვისაც მზად იყო, სიცოცხლე გაეწირა, ისე გააოგნა ახალგზრდა კაცი, რომ ცუდი ხუმრობა მოიგონა, თან თავის სახელს დამალავდა და თან მადმუაზელ დე ვერნეის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა.
- თითქმის გამოიცანით, ემიგრანტი ვარ, სიკვდილმისჯილი და ვიკონტ დე ბოვანი მქვია. სამშობლოს სიყვარულმა საფრანგეთში ჩამომიყვანა. იმედი მაქვს, სიკვდილმისჯილთა სიიდან ამომშლიან, მადამ დე ბოვარნეს, პირველი კონსულის ამჟამინდელი მეუღლის გავლენით. მაგრამ თუ ბედი მიმტყუნებს, ჩემს მიწაზე მინდა სიკვდილი, ჩემი მეგობრის, მონტორანის გვერდით, ბრძოლის ველზე. ახლა ფარულად სხვისი პასპორტით მივდივარ ბრეტანში, იმის გასაგებად, რამე მამულები დამრჩა თუ არა.
სანამ ყმაწვილი ლაპარაკობდა, მადმუაზელ დე ვერნეი გამჭოლ მზერას არ აცილებდა. ცდილობდა, მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შეეტანა, მაგრამ მიმნდობსა და გულუბრყვილოს ნელ-ნელა სიმშვიდე დაუბრუნდა და წამოიძახა.
- რასაც ახლა მეუბნებით, სიმართლეა?
- აბსოლუტური სიმართლეა, - გაიმეორა ახალგაზრდამ, რომე-ლიც ქალებთან ურთიერთობაში დიდ პატიოსნებას არ იჩენდა.
მადმუაზელ დე ვერნეიმ ისე ღრმად ამოიოხრა, გრძნობადა-კარგული სიცოცხლეს რომ უბრუნდება.
- ოო, რა ბედნიერი ვარ!
- ესე იგი, ჩემი საბრალო მონტორანი ძალიან გძულთ?
- რა, თქვენ ვერ გაიგეთ? არ მინდა, ის საფრთხე გემუქრებოდეთ, რომლისგანაც ვეცდები, დავიცვა, რადგან თქვენი მეგობარია.
- ვინ გითხრათ, რომ მონტორანს საფრთხე ემუქრება?
- ოო, ბატონო, პარიზიდან რომ არ მოვდიოდე, სადაც მხოლოდ მის განზრახვებზე ლაპარაკობენ, მე მგონი ალიანსის მეთაურმა უკვე საკმაო რამ გვითხრა მასზე.
- მაშინ, ნება მომეცით, გკითხოთ, როგორ შეგიძლიათ მისი დაცვა?
- და თუ არ მოვისურვებ პასუხს? - უთხრა აგდებული ტონით, რითიც ქალები ხშირად ასე ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ემოციებს, - რა უფლებით გინდათ, ჩემი საიდუმლო გაიგოთ?
- იმ ადამიანის უფლებით, თქვენ რომ უყვარხართ.
- უკვე? - ჰკითხა ქალმა, - არა, თქვენ არ გიყვარვართ... თქვენი წარმავალი სამიჯნურო თავგადასავლის ობიექტი ვარ მხოლოდ, ეს არის და ეს. ხომ მაშინვე გამოვიცანი? ნუთუ ქალს, რომელიც, ასე თუ ისე, მიჩვეულია კარგ საზოგადოებას, იცის ახლანდელი ზნეობა, ცხოვრების ნირი, ნუთუ ასეთ ქალს შეაცდენს პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტის დახვეწილი ფრაზები და ასე ცუდად დაფარული დიდებულის მანერები, რესპუბლიკელის იერით. მაგრამ თქვენს თმას პუდრის კვალი ეტყობა, მაღალი წრის სურნელს აფრქვევთ და დახვეწილი საზოგადოების ქალს ეს არ გამოეპარება. ამიტომაც, სასწრაფოდ დავითხოვე ჩემი მეთვალყურე, ქალივით ეშმაკია და თქვენზე გული მიკანკალებდა, არ ეცნეთ. ბატონო, ნამდვილი რესპუბლიკელი ოფიცერი, რომელმაც პოლიტექნიკური სკოლა დაამთავრა, არ იფიქრებს, რომ ჩემს კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებდა და ლამაზ ინტრიგნად არ ჩამთვლიდა. ნება მომეცით, ბატონო დე ბოვენ, ამასთან დაკავშირებით ქალის მოსაზრება მოგახსენოთ. თქვენ იმდენად ახალგაზრდა ხართ, არ იცით, რომ ჩვენი სქესის არსებათაგან ყველაზე ძნელია იმათი დამორჩილება, ვისი ღირსებაც ციფრებით გამოიხატება და სიამოვნება მოჰყირჭებია. როგორც მითხრეს, ამ ტიპის ქალები მოითხოვენ მოხიბვლას, მოსყიდვას, მათი ახირებების შესრულებას და მამაკაცის პრეტენზია, მოეწონოს ასეთ ქალს, მისი ფუქსავატობის მაჩვენებელია. ცალკე გადადოს ასეთი ქალები, რომელთა რიცხვს თავაზიანად მეც მიმაკუთვნეთ, რადგან ისინი ყველანი უნდა იყვნენ ლამაზები, მაგრამ უნდა აღიაროთ, რომ კეთილშობილი, ლამაზი, ჭკვიანი (თქვენ ამ თვისებებს ხომ მანიჭებთ?) ქალი არ იყიდება და მისი დაპყრობა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - სიყვარულით. ხომ გესმით, რასაც ვამბობ? ასეთ ქალს თუ შეუყვარდა და მზად იქნება, სისულელე ჩაიდინოს, რაღაც დიდი გამართლება უნდა ჰქონდეს, მაპატიეთ ასეთი მჭევრმეტყველება, ქალებში რომ იშვიათია, მაგრამ თქვენს პატივსაცემად და... ჩემი პატივისცემისთვისაც, - და მსუბუქად დაუკრა თავი, - არ მინდა, ძალიან თავდაჯერებული იყოთ და იფიქროთ, რომ მადმუაზელ დე ვერნეი - ანგელოზი თუ დემონი, გოგონა თუ ქალი, შეიძლება წამოეგოს ასეთი ბანალური ქათინაურების სატყუარას.
- მადმუაზელ, - ძლივს მოახერხა უკიდურესი გაოცების დამალვა მარკიზმა და ისევ მაღალი საზოგადოების კაცად გადაიქცა, - გემუდარებით, დამიჯერეთ, მზად ვარ, ჩაგთვალოთ უაღრესად კეთილშობილად, ღირსეულად და მაღალი გრძნობების მატარებლად, ან... კარგ გოგოდ, თვითონ აირჩიეთ.
- ამდენს არ მოვითხოვ თქვენგან, მესიე, - სიცილით უპასუხა მარიმ, - ინკოგნიტოდ დავრჩები. თანაც ნიღაბი უკეთ მაქვს მორგებული, ვიდრე თქვენ და სულაც არ ვაპირებ ჩამოხსნას თუნდაც იმისთვის, რომ გავიგო, რამდენად გულწრფელნი არიან ადამიანები, სიყვარულს რომ მეფიცებიან... ასე რომ, ჩემთან ძალიან ნუ გათამამდებით. მესიე, მისმინეთ, - და ხელი მაგრად ჩაავლო მკლავში, - რომ შეგეძლოთ ნამდვილი სიყვარულის დამტკიცება, ვერავითარი ძალა ვერ გაგვყრიდა. დიახ, მინდა ჩემი სიცოცხლე ვინმე გამორჩეულ ადამიანს დავუკავშირო, გავიზიარო მისი ამბიციური გეგმები, მაღალი იდეალები... კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი არ შეიძლება, ერთგული არ იყოს, რადგან ძლიერ ნატურას სიმტკიცე და ურყეობა ახასიათებს და, მაშასადამე, ყოველთვის ვეყვარებოდი და ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ მეც ხომ ყოველთვის მზად ვიქნებოდი, ვყოფილიყავი საფეხური აღმასვლისთვის ადამიანისა, რომელიც მეყვარებოდა, მსხვერპლად შევწირავდი თავს, ყველაფერს ავიტანდი და მეყვარებოდა მუდამ, მაშინაც კი, როცა გადავუყვარდებოდი... არასოდეს არავისთვის გამიბედავს, გამენდო ჩემი გულისწადილი, ჩემი ლამაზი აღმაფრენა, მაგრამ თქვენ კი შემიძლია გითხრათ ცოტა რამ, რადგან, როგორც კი სამშვიდობოს იქნებით, დავშორდებით.
- დავშორდებით?.. არასოდეს! - შესძახა ელდანაცემივით, დამუხტულმა სიტყვებით, ძალა რომ იგრძნობოდა სულისა, რომელიც ცდილობდა, რაღაც უზარმაზარი საფიქრალი დაეთრგუნა.
- თქვენ? თქვენ თავისუფალი ხართ? - მზერა ისეთი ამპარტავნული ჰქონდა მარის, რომ ვაჟი თითქოს დაპატარავდა.
- ოო, თავისუფალი? კი, თუ არ ჩავთვლით სასიკვდილო განაჩენს.
მაშინ ქალმა მწარე სინანულით უთხრა: - ეს ყველაფერი სიზმარი რომ არ იყოს, რა მშვენიერი იქნებოდა თქვენი ცხოვრება! თუმცა უამრავი სისულელე ვთქვი, სისულელეს ნუ ჩავიდენთ. როცა ვფიქრობ, ვინ უნდა იყოთ, ზუსტად რომ შემაფასოთ, ყველაფერში ეჭვი მეპარება.
- მე კი ეჭვი არაფერში შემეპარებოდა, რომ ისურვებდეთ, მე მეკუთვ...
- ჩუ! - წამოიძახა მარიმ ამ ნამდვილი ჟინით გაჟღენთილი სიტყვების გაგონებაზე. ღია ცის ქვეშ ყოფნა ნამდვილად აღარ გვრგებს, დავუბრუნდეთ ჩვენს მეურვეებს.
მალე ეტლი წამოეწიათ. ჩასხდნენ და რამდენიმე ლიე უსიტყვოდ გაიარეს. საფიქრალი ძალიან ბევრი ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს უკვე თვალს აღარ არიდებდნენ. ორივე ერთნაირი ინტერესით აკვირდებოდა ერთმანეთს, რაღაც მნიშვნელოვან საიდუმლოს უმალავდნენ ერთიმეორეს, მაგრამ ერთნაირად ძლიერ სწრაფვასაც გრძნობდნენ ერთმანეთისაკენ, რაც ლტოლვაში გადადიოდა. საუბრის შემდეგ ერთურთში აღმოაჩინეს თვისებები, რომლებიც ამძაფრებდნენ იმ სიამოვნებას, რასაც ჰპირდებოდა ბრძოლა ან კავშირი. შესაძლებელია, თითოეული მათგანი გადაეშვა ცხოვრებისეულ ავანტიურაში და იმ განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, როცა დაღლილობის გამო ან ბედისწერის ჯიბრზე უარს ამბობენ სერიოზულად ფიქრზე და შემთხვევითობას მიენდობიან, იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ის, რაზეც ფიქრობენ, უიმედოა. ან ზნეობრივ ბუნებას, ფიზიკური ბუნების მსგავსად, არა აქვს თავისი უფსკრულები, ქვესკნელები, სადაც ძლიერი სულის ადამიანებს უყვართ გადაშვება სიცოცხლის რისკის ფასად, როგორც მოთამაშეს, მთელ ქონებას რომ გარისკავს ხოლმე?
ახალგაზრდა დიდებულს და მადმუაზელ დე ვერნეის ეს აზრები გამოცხადებასავით მოეახლნენ ცოტახნისწინანდელი საუბრის შემდეგ და დიდი ნაბიჯით მიაახლოვეს ერთმანეთს, რადგან გრძნობათა სიახლოვე სულთა სიახლოვეს იწვევს. და რაც უფრო გრძნობდნენ ერთმანეთისკენ ფატალურ მიზიდულობას, მით უფრო აინტერესებდათ ერთმანეთი, იქნებ იმიტომ რომ უნებური გამოთვლებით მომავალი ნეტარება გაემძაფრებინათ. ახალგაზრდა კაცის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა ამ უცნაური ყმაწვილი ქალის აზრების სიღრმით. ფიქრობდა, საიდან ჰქონდა ამდენი ცოდნა ასეთ ნორჩს. მაშინ მოეჩვენა, რომ მარის უბიწოების გამოხატვის დიდი სურვილი ჰქონდა და ცდილობდა, უმანკო ყოფილიყო მისი ჟესტები. ეჭვი შეეპარა, ვაითუ, მოჩვენებითობააო და თავის თავზე გაბრაზდა კიდეც, ასე რომ აღფრთოვანდა ამ უცნობი ქალით და იფიქრა, ალბათ მარჯვე კომედიანტიაო. მართალიც იყო.
როგორც მაღალი საზოგადოების ყველა გოგონა, მადმუაზელ დე ვერნეიც, რაც უფრო მგზნებარე იყო გატაცება, მით უფრო მოკრძალებული ხდებოდა და, სრულიად ბუნებრივად, ისეთ სიმორცხვეს იფარებდა, რის ქვეშაც ქალები ასე მალავენ მოგიზგიზე გრძნობებს. ყველა ქალის სურვილია, უმძაფრეს ვნებას ქალწულად შეხვდეს და თუ ეს ყოველთვის ასე არ ხერხდება, თავის მოკატუნება ის ხარკია, სიყვარულს რომ უხდიან. ამ მოსაზრებებმა გაიელვეს ახალგაზრდა დიდებულის თავში და სიამოვნება მოჰგვარეს. მართლაც, ორივეს იტაცებდა ეს ანალიზი და მალე ახალგაზრდა კაცის გატაცებამ იმ ფაზას მიაღწია, როცა შეყვარებული მამაკაცი თვლის, რომ საყვარელ ქალს მისი პატარ-პატარა ნაკლი უფრო საყვარელს ხდის.
მადმუაზელ დე ვერნეი ფიქრებში ჩაიძირა. დიდხანს იყო გარინდებული, იქნებ წარმოსახვაში შორეულ მომავალს ხედავდა. ახალგაზრდა კაცი ალბათ ათასიდან ერთ-ერთი წარმავალი გატაცების ტყვეობაში იყო, რომელიც თავის მამაკაცურ ცხოვრებაში არაერთხელ განეცადა. ყმაწვილ ქალს კი მთელი ცხოვრება დაუდგა თვალწინ, დიდ იმედებს ამყარებდა და წარმოედგინა მშვენიერი, ბედნიერი, კეთილშობილური გრძნობებით გამსჭვალული. ოცნებებით გატაცებული ტკბებოდა ქიმერებითა და რეალობით, აწმყოთი და მომავლით. მარი ინსტინქტურად მოქმედებდა, როგორც ყველა ქალი და გადაწყვიტა, ოდნავ უკან დაეხია, რომ განემტკიცებინა თავისი ძალაუფლება ამ ყმაწვილის გულზე. გულში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, გულით და სულით მინდობოდა, მაგრამ უნდოდა, ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დაეთბო. ისე ძალიან უნდოდა შესძლებოდა, შეეცვალა წარსულში თავისი ქცევები, სიტყვები, შეხედულებები, რომ ყველაფერი ყოფილიყო სიყვარულის აღმძვრელი ქალის ღირსების შესაბამისი, ზოგჯერ თვალები შიშით ევსებოდა, ცოტახნის წინანდელი საუბარი რომ ახსენდებოდა, ასეთი უკმეხი სითამამე რომ გამოამჟღავნა, მაგრამ ახალგაზრდა კაცის სახეზე აღბეჭდილი შინაგანი ძალის შემყურე ფიქრობდა, რომ ასეთი ძლიერი ადამიანი დიდსულოვანი უნდა ყოფილიყო და გახარებული ფიქრობდა, რომ ბევრ სხვა ქალზე მეტად გაუღიმა ბედმა, რათა შეახვედრა ასეთი მტკიცე ხასიათის ადამიანს, სიკვდილმისჯილს, თავი საფრთხეში რომ ჩაიგდო და რესპუბლიკას დაუპირისპირდა. იმის გაფიქრებამ, რომ ასეთი სულის ადამიანი შეიძლებოდა განუყოფლად მისი ყოფილიყო, ყველაფერს ფერი შეუცვალა. იმ მომენტიდან, როცა ხუთი საათის წინ ყასიდი სახითა და ყალბი ხმით ცდილობდა, გაეღიზიანებინა ეს წარჩინებული კაცი და ამ მომენტამდე, როცა ერთი შეხედვით შეეძლო მისი აფორიაქება, ისეთივე განსხვავება იყო, როგორიც არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებას შორის. წკრიალა კისკისი და მხიარული კეკლუცობა მალავდა დიდ ვნებას, რომელიც უბედურებასავით ღიმილით წარმოჩინდა. ასეთი სულიერი მდგომარეობის დროს მადმუაზელ დე ვერნეისთვის გარეშე ცხოვრებამ ფანტასმაგორიული ხასიათი მიიღო. ეტლმა გაიარა სოფლები, ველები, მთები, არაფერი აღბეჭდილა მის მეხსიერებაში. ჩავიდა მაიენში. ესკორტის ჯარისკაცები შეიცვალნენ, მერლი დაელაპარაკა, მანაც უპასუხა, მთელი ქალაქი გადაჭრეს და ისევ გზას გაუდგნენ, მაგრამ სახეები, სახლები, ქუჩები, პეიზაჟები, ადამიანები - სიზმრის ბუნდოვანი თელებივით გაქრნენ. დაღამდა. ეტლი ალმასებით მოჭედილი ცის ქვეშ მიგრიალებდა, რბილი შუქი ეცემოდა ფუჟერის გზაზე, ცა სხვანაირი გახდა ისე, რომ მარის არაფერი შეუმჩნევია, არ ახსოვდა, რა იყო მაიენი და ფუჟერი, არ ახსოვდა, სად მიდიოდა. ფიქრადაც კი არ უნდოდა გავლება, რომ რამდენიმე საათის შემდეგ უნდა განშორებოდა ადამიანს, რომელიც მისი რჩეული გახდა და რომლისთვისაც, როგორც ეგონა, ისიც ერთადერთი იყო. სიყვარული ერთადერთი გატაცებაა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი და თუ მარი ხანდახან სიტყვებით გამოხატავდა რაიმე აზრს, თითქმის უაზრო ფიქრები აღმოხდებოდა ხოლმე, რომლებიც მისი რჩეულის გულში სიყვარულის დაპირებასავით ჟღერდნენ. ორი უტყვი, მოწმე ქალის თვალქვეშ ახლადჩასახული ვნება ელვის სისწრაფით იზრდებოდა. ფრანსინი ისევე კარგად იცნობდა მარის, როგორც უცნობი ქალი - ახალგაზრდა კაცს და, წარსულის გამოცდილებით, ორივე საშინელი კვანძის გახსნას ელოდა. მართლაც, მათ თვალწინ გათამაშდა ამ დრამის დასასრული, რომელსაც მადმუაზელ დე ვერნეიმ ასე ნაღვლიანად, იქნებ უნებურადაც, ტრაგედია უწოდა.
როცა ოთხი მგზავრი, დაახლოებით, ერთი ლიეთი დაშორდა მაიენს, მოესმათ ცხენის თქარათქური, ვიღაც ძალიან სწრაფად მოაჭენებდა მათკენ: ეტლს რომ გაუსწორდა, მხედარი დაიხარა მარის დასანახად და მანაც კორანტენი იცნო. ამ ავსულმა თავს ნება მისცა, მისთვის მრავალმნიშვნელოვნად ჩაეკრა თვალი და ცხენი გააჭენა. ეს ფამილარობა, თავისი სიბილწით, ისეთი შეურაცხმყოფელი იყო ახალგაზრდა ქალისთვის, რომ სისხლი გაეყინა. ამ ფაქტმა ემიგრანტზეც უსიამოვნოდ იმოქმედა, რაც ვითომდა დედასაც არ გამორჩენია. მარი ოდნავ შეეხო ყმაწვილს მკლავზე და ისე შეხედა, თითქოს მის გულში თავშესაფარს ეძებდა, ერთადერთს დედამიწაზე. ყმაწვილს სახე გაუბრწყინდა. გაახარა და ააჩოჩქოლა სატრფოს ვითომ უნებურმა შეხებამ, რაც სიყვარულის გამოხატულებად ჩათვალა. აუხსნელმა შიშმა კეკლუცობის სურვილი გაუნელა და სიყვარულსაც რიდე ჩამოხსნა. ორივე ჩუმად იყო, თითქოს ამ მომენტის გასახანგრძლივებლად. სამწუხაროდ, მადამ დიუ გა ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს მიხვდა და ძუნწივით, რომელიც სტუმრებს ლუკმას უთვლის, მათ სიცოცხლის დარჩენილ საათებს უთვლიდა. ბედნიერებისგან თვალისჩინდაკარგულებმა ვერ შეამჩნიეს, რა გზა გაიარეს, ვერ ხედავდნენ, რომ გზა უკვე ერნეს ღრმა ხეობას მიუყვებოდა - მდინარის სამიდან ერთ-ერთ აუზს, სადაც ამ ისტორიის წინა ამბები გათამაშდა. იქ ფრანსინმა შეამჩნია და ყურადღება გაამახვილა უცნაურ ფიგურებზე, რომლებიც ჩრდილებივით გადაადგილდებოდნენ ხეებს შორის და მინდვრებს ირგვლივ ბუჩქნარებში. როცა ეტლი ამ ჩრდილებს მიუახლოვდა, ზალპი მისცეს, ტყვიებმა მგზავრებს თავზე გადაუზუზუნეს და ჩრდილების რეალობაში დაარწმუნეს. ბადრაგი საფარში მოხვდა, ამ ტყვიების ზუზუნში კაპიტანმა მერლმა ძალიან ინანა, რომ გაიზიარა მადმუაზელ დე ვერნეის მცდარი გადაწყვეტილება, ღამით სწრაფად, უსაფრთხოდ ვივლითო და სამოც კაცზე მეტი არ წამოიყვანა. ჟერარის ბრძანებით, გზის ორივე მხარის გასაკონტროლებლად პატარა რაზმი ორ კოლონად გაიყო. ოფიცრებმა ჯოჯოსა და კურდღლისცოცხას ბუჩქებით დაფარული მინდვრები მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად ისე გადაირბინეს, რომ მტერი არ დაუთვლიათ.
ლურჯებმა, თავზეხელაღებული სიმამაცით, შუანების თავდასხმის საპასუხოდ, მარჯვნივ და მარცხნივ ხშირ ბუჩქნარებს, საიდანაც გამალებით ისროდნენ, ტყვია დააყარეს. პირველი, რაც შეშინებულმა მადმუაზელ დე ვერნეიმ გააკეთა, ეტლიდან გადმოხტა და კარგა მანძილზე უკან გაიქცა. მაგრამ შერცხვა თავისი სიმხდალისა, დაემორჩილა საყვარელი ადამიანისთვის თავის მოწონების სურვილს, შეჩერდა და ეცადა, გულგრილად ედევნებინა თვალი ბრძოლისთვის.
ემიგრანტი მიუახლოვდა, აიღო მისი ხელი და გულზე დაიდო.
- შემეშინდა, - გაუღიმა მარიმ, - ახლა კი...
ამ დროს შეშინებულმა მოახლემ შესძახა: ფრთხილად, მარი! თვითონაც უნდოდა ეტლიდან ჩამოსვლა, მაგრამ ძლიერმა ხელმა შეაჩერა. ხელი ისეთი მძიმე იყო, რომ ქალმა იკივლა, შეტრიალდა და გაჩუმდა, იარე-მიწაზე იცნო.
- თქვენი შიშის მადლიერი უნდა ვიყო, - უთხრა ვაჟმა მადმუაზელ დე ვერნეის, - ზოგიერთი საიდუმლო რომ გამჟღავნდა. ფრანსინის წყალობით, ახლა ვიცი, რომ მშვენიერი სახელი გქვიათ - მარი. მარიამს წარმოვთქვამდი ყოველთვის წუხილის დროს! მარი - ამიერიდან სიხარულით წარმოვთქვამ. ახლა ყოველთვის მკრეხელობა გამომივა, შეერევა ერთმანეთს რელიგია და სიყვარული. მაგრამ განა დანაშაულია, ლოცულობდე და გიყვარდეს ერთდროულად?
ამ სიტყვებზე მაგრად მოუჭირეს ხელი ერთმანეთს. გრძნობების მოზღვავებამ სიტყვებით გამოხატვის ძალა და საშუალება ორივეს წაართვა.
- თქვენთვის არც არაფერია საშიში! - მკვახედ უთხრა იარე-მიწაზემ ფრანსინს და ხრინწიან, ჩახლეჩილ ხმას ისეთი ავისმომასწავებელი საყვედურის ტონი შეურია, რომ საბრალო გლეხის გოგო გაოგნდა.
გოგომ მის გამოხედვაში მძვინვარე სისასტიკე პირველად შეამჩნია. მთვარის შუქი თითქოს ერთადერთი განათება იყო, მას რომ უხდებოდა. ფერმკრთალ შუქზე, ყველაფერს რომ უჩვეულო იერს აძლევდა, ეს ველური ბრეტონელი, ცალ ხელში ჩაჩით და მეორეში მძიმე კარაბინით, ჩასკვნილი გნომივით, უფრო ფეერიულს ჰგავდა, ვიდრე რეალურს. ამ გამოჩენასა და საყვედურში მოჩვენების რაღაცნაირი სწრაფწარმავლობა იგრძნობოდა. მკვეთრად შეტრიალდა მადამ დიუ გასკენ, სწრაფად უთხრეს ერთმანეთს რამდენიმე სიტყვა, მაგრამ ფრანსინს ქვემობრეტონული დავიწყებოდა, ვერაფერი გაიგო. ქალბატონი, როგორც ჩანს, რაღაც მითითებებს აძლევდა იარე-მიწაზეს. ეს მოკლე საუბარი ქალის მბრძანებლური ჟესტით დასრულდა, შუანს შეყვარებულებისკენ რომ მიუთითებდა. სანამ ბრძანების შესასრულებლად წავიდოდა, იარე-მიწაზემ ფრანსინს უკანასკნელად შეხედა და ქალს მოეჩვენა, რომ მის თვალებში სინანული შენიშნა, ეტყობოდა, შუანს მასთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ გოგონამ იცოდა, რომ მის მიჯნურს სიჩუმე ჰქონდა ნაბრძანები. ხეშეში, მოთრიმლულივით კანი შუბლზე ნაოჭებად შეეჭმუხნა, წარბები მკაცრად შეეკრა. იქნებ მეორე ბრძანებას უძალიანდებოდა, მადმუაზელ დე ვერნეის მოკვლას რომ აიძულებდა? ამ გრიმასამ მისი სახე მადამ დიუ გასთვის კიდევ უფრო მახინჯი გახადა, ფრანსინმა კი მის თვალებში თითქმის სინაზე შენიშნა, რამაც აფიქრებინა, რომ ამ ველურის ენერგიას თავისი ქალური ნებით მოდრეკდა და იმედი გაუჩნდა, რომ ღმერთის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებდა, მის ბნელ გულში იმეფებდა.
მადამ დიუ გამ ყვირილით მიირბინა მარისთან, სასიამოვნო საუბარი შეაწყვეტინა, თითქოს რაღაც საფრთხე ელოდა, სტაცა ხელი და გააქცია, სინამდვილეში კი ალანსონის როიალისტთა კომიტეტის ერთ-ერთ წევრს, საშუალება მისცა, ემიგრანტს დალაპარაკებოდა.
- უფრთხილდით გოგოს, სასტუმრო „სამ - მავრში“ რომ შეხვდით, - როგორც კი ახალგაზრდა კაცს ეს სიტყვები ჩასჩუ-რჩულა, პატარა, ბრეტონულ ცხენზე ამხედრებული შევალიე დე ვალუა კურდღლისცოცხას ბუჩქნარებში მიიმალა, საიდანაც ის-ის იყო, გამოვიდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სროლა ორივე მხრიდან გაისმოდა, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლაში არ ჩაბმულან.
- მეთაურო, იქნებ ყალბი თავდასხმა იყო, მგზავრების მოსატაცებლად და გამოსასყიდის მოსათხოვნად? - იკითხა გულთამხილველმა.
- ეშმაკმა დალახვროს, მე მგონი, მართალი უნდა იყო! - შესძახა ჟერარმა და გზისკენ გაენთო.
ამასობაში შუანების მხრიდან სროლა ჩაწყნარდა, რადგან შევალიე დე ვალუასგან ემიგრანტისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა იყო ამ შეხლა-შემოხლის ერთადერთი მიზანი. მერლმა დაინახა, როგორ გარბოდნენ შუანები აქეთ-იქით, უწესრიგოდ და სახიფათო ბრძოლაში ჩაბმა უსარგებლოდ, ზედმეტად ჩათვალა. ჟერარმა, ერთი-ორი სიტყვით, ესკორტს პირვანდელი პოზიცია დააკავებინა და უდანაკარგოდ გასწიეს წინ. კაპიტანმა მადმუაზელ დე ვერნეის ხელი შეაშველა ეტლში ასვლისას, რადგან მისი დიდგვაროვანი თანამგზავრი მეხდაცემულივით იდგა. გაკვირვებულ პარიზელ ქალს რესპუბლიკელის თავაზიანობით არ უსარგებლია. გახედა თავის მიჯნურს, გახევებით რომ იდგა და გააოცა იმ უცნაურმა ცვლილებამ, მხედრის ნათქვამმა იდუმალმა სიტყვებმა რომ გამო-იწვია. ახალგაზრდა ემიგრანტი ნელა წავიდა ეტლისკენ. სახეზე სიძულვილი ეწერა.
- აბა, განა მართალი არ ვიყავი? - ჩასჩურჩულა მადამ დიუ გამ, ეტლამდე რომ მიაცილა, - ეჭვი არ არის, ამ თავაშვებული ქალის ხელში ვართ, თქვენი თავის ფასზე წინასწარ რომ არის მორიგებული, მაგრამ რაკი ეგ გოგო იმდენად სულელია, რომ შეუყვარდით, იმის მაგივრად, რომ თავის ხელობას მიხედოს, თავს ნუ გააბრიყვებინებთ და ვივეტიერში ჩასვლამდე თავი შეყვარებულად მოაჩვენეთ... მაგრამ, როგორც კი ჩახვალთ!..
- ვაი თუ უკვე მართლა შეუყვარდა?.. - გაიფიქრა ქალმა და შეხედა ახალგაზრდა კაცს, მძინარესავით გარინდებული რომ იჯდა. ეტლი ყრუდ მიგორავდა ქვიშიან გზაზე. მადმუაზელ დე ვერნეის, თვალის ერთი შევლებით, ირგვლივ ყველაფერი შეცვლილი ეჩვენა. მის სიყვარულში სიკვდილი შეიპარა უკვე. ეს ალბათ მხოლოდ ნიუანსები იყო ჯერ, მაგრამ შეყვარებულ ქალს შეპარული ფერიც მკვეთრად, კაშკაშად ეჩვენება. ფრანსინი იარე-მიწაზეს მზერით მიხვდა, რომ მადმუაზელ დე ვერნეის ბედი, რომლის დაცვაც სთხოვა, უკვე მის ხელთ აღარ იყო და გაფითრებული ცრემლს ვერ იკავებდა, ქალბატონი რომ შეხედავდა ხოლმე. მადამ დიუ გა ყასიდი ღიმილით ვერ ფარავდა ქალური შურისძიების ვერაგობას და მისი დამოკიდებულების შეცვლა მადმუაზელ დე ვერნეის მიმართ, შემპარავი ალერსიანობა მანერებში, ხმაში, სახეზე - დაკვირვებულ ადამიანს უთუოდ შეაფიქრიანებდა. მადმუაზელ დე ვერნეი ინსტინქტურად შეკრთა, მაგრამ გაიფიქრა, „რამ შემაძრწუნა? ის ხომ დედამისია?“ ამის გაფიქრებაზე მთელი სხე-ულით ათრთოლდა, „დედამისია კი?“ უფსკრული დაინახა, რომლის სიღრმეც ქალის წამიერმა შეხედვამ გაუნათა.
- ამ ქალს უყვარს!!! - გაიფიქრა მარიმ, - მაგრამ ასე რატომ დამიტკბა? სულ ახლახან არ იყო ასეთი გულცივი და თავშეკავებული? დავიღუპე? ან იქნებ ჩემი ეშინია?
ყმაწვილი კი ამასობაში ფითრდებოდა, წითლდებოდა, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნდებდა და თვალდახრილი იჯდა, რათა დაეფარა ის დიდი მღელვარება, რომელსაც ვერ ერეოდა. მაგრად მოკუმულ პირს გრაციოზული მოხაზულობა დაეკარგა. სახეზე მოყვითალო ფერი გადაჰკრავდა მშფოთვარე ფიქრებისგან. მადმუაზელ დე ვერნეი სიყვარულის კვალსაც კი ვეღარ ამჩნევდა. გზა ტყეში შევიდა, დაბნელდა და უჩუმარ აქტიორებს თვალებით ლაპარაკიც აღარ შეეძლოთ. ქარის ჩურჩული, ხშირი ფოთლების შრიალი, ესკორტის მოზომილი ფეხის ხმა ამ სცენას რაღაცნაირ ზეიმურობას ანიჭებდა, რაც გულს აჩქროლებდა. მადმუაზელ დე ვერნეი თითქოს მიხვდა ამ ცვლილების მიზეზს. კორანტენმა გაიელვა მის გონებაში და თვალწინ დაუდგა თავისი ბედის სურათი. დილიდან თავის მდგომარეობაზე ერთხელაც არ დაფიქრებულა სერიოზულად. დაუფიქრებლად გადაეშვა სიყვარულის მორევში და არც თავის თავზე ფიქრობდა, არც მომავალზე. შემოწოლილ ნაღველს ვეღარ უძალიანდებოდა, დაეძებდა, ელოდა, სიყვარულით ნასაზრდოები მშვიდი მოთმინებით ელოდა, როდის შეხედავდა, ისე გულმხურვალედ ევედრებოდა, მისი სიფითრე და თრთოლვა ისეთი სულშიჩამწვდომი იყო, რომ ყმაწვილი შეტოკდა, შეყოყმანდა, მაგრამ კიდევ უფრო ატკინა გული.
- ცუდად ხართ, მადმუაზელ? - ხმას სირბილე გაჰქრობოდა, თვითონ კითხვა, შეხედვა, ჟესტი, ყველაფერი აფიქრებინებდა საბრალო გოგონას, რომ იმდღევანდელი მოვლენები მხოლოდ მირაჟი იყო, რომელიც გაქრა, როგორც მსუბუქ, რბილი მოხაზულობის ღრუბლებს წაიღებს ხოლმე ქარი.
- ცუდად? - ნაძალადევად გაიცინა, - ამ წუთში მე ვაპირებდი ამის კითხვას.
- მე კი მომეჩვენა, რომ ერთმანეთს მშვენივრად გაუგეთ, - ყალბი გულთბილობით თქვა მადამ დიუ გამ. არც დიდებულს და არც მადმუაზელ დე ვერნეის პასუხი არ გაუციათ, ახალგაზრდა ქალი კიდევ უფრო შეურაცხყოფილი, გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ მისმა ყოვლისშემძლე სილამაზემ ძალა დაკარგა. იცოდა, როგორც კი მოინდომებდა, გაიგებდა ამ ცვლილების მიზეზს, მაგრამ არც უცდია. ალბათ პირველად თქვა ქალმა უარი საიდუმლოს ამოხსნაზე. ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ხშირია მდგომარეობა, როცა ან ღრმა მედიტაციის შედეგად, ან კატასტროფის გამო ჩვენი აზრები არაფერს გამოეკვანძება, საფუძველს კარგავენ, ამოსავალი წერტილი არა აქვთ და მაშინ ჩვენი აწმყო აღარ ებმის არც წარსულს, არც მომავალს. სწორედ ასეთი იყო მადმუაზელ დე ვერნეის სულიერი მდგომარეობა. ეტლის კუთხეში მიიყუჟა და ფესვიანად ამოგლეჯილი ნერგივით მოიწყინა. დამუნჯებული და გულდამძიმებული აღარავის უყურებდა. ჩაბრუნდა თავის დარდში და იმდენად არ უნდოდა ამ უხილავი სამყაროდან თავის დაღწევა, მიტოვება, სადაც უბედურები პოულობენ თავშესაფარს, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. ყვავებმა ყრანტალით გადაუფრინეს ეტლს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა ძლიერ ნატურას მასაც ჰქონდა გულში ცრუმორწმუნეობისთვის დათმობილი კუნჭული, მარის ყურადღება არ მიუქცევია. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ.
- უკვე უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის, - ფიქრობდა მადმუაზელ დე ვერნეი, - ნეტავ რა მოხდა? ჩემ ირგვლივ არავის არაფერი უთქვამს. ნუთუ კორანტენი? მაგრამ ხელს რაში აძლევს? ვის შეეძლო ჩემთვის რამეში ბრალი დაედო? როგორც კი სიყვარული მესტუმრა, მაშინვე მიმატოვეს. სიყვარულს ვთეს და სიძულვილს ვიმკი. ნუთუ ასეთი იქნება ჩემი ბედი? - ვხედავდე ბედნიერებას და ყოველთვის ხელიდან მისხლტებოდეს!
და მაშინ ახალგაზრდა ქალმა იგრძნო ჯერ განუცდელი შფოთვა, ბორგვა, რადგან მართლა პირველად შეუყვარდა ცხოვრებაში, მაგრამ იმდენად არ გაუხსნა გული, რომ გულისტკივილი სიამაყით ვერ დაეამებინა, სიამაყით, რასაც ბუნება ახალგაზრდა ლამაზ ქალს ანიჭებს. თავისი სიყვარულის საიდუმლო ჯერ არ გაუმჟღავნებია, საიდუმლო, რომელსაც ზოგჯერ წამებითაც ვერ ამოგლეჯ. გასწორდა, იმით შეშინებულმა, რომ ჩუმი ტანჯვით გასცემდა თავისი გატაცების სიძლიერეს, თავი აიქნია, მომღიმარი სახე, ან, უფრო სწორად, მომღიმარი ნიღაბი უჩვენა თანამგზავრებს, მერე ეცადა, ხმა არ აჰკანკალებოდა და წუხილი შენიღბა.

კარი V
- სად ვართ? - ჰკითხა ქალმა კაპიტან მერლს, რომელიც ახლოს მიჰყვებოდა ეტლს.
- ფუჟერამდე სამნახევარი ლიეა, მადმუაზელ.
- მაშ, მალე ჩავალთ? - ლაპარაკის გასაგრძელებლად უფრო ჰკითხა და იმისთვისაც, ცოტა ყურადღება რომ გამოეჩინა მის მიმართ.
- სამი ლიე დიდი მანძილი არ არის, - სიხარულით აჰყვა საუბარში მერლი, - მაგრამ ამ ადგილებში უსასრულოა. როცა ამ ფერდობზე ავალთ და პლატოზე აღმოვჩნდებით, შეამჩნევთ ისეთსავე ხეობას, როგორიც გამოვიარეთ და ჰორიზონტზე დაინახავთ პელერინის მწვერვალს. ღმერთმა ინებოს, შუანებმა არ მოინდომონ რევანშის აღება! ხომ გესმით, გაუთავებელი ასვლა-ჩამოსვლით შორს ვერ წავალთ. პელერინიდან დაინახავთ კიდევ...
პელერინის გაგონებაზე ემიგრანტი მეორეჯერ შეკრთა, მაგრამ ისე მსუბუქად, რომ მხოლოდ მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია.
- ეს პელერინი რა არის? - მკვირცხლად ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა და კაპიტანს ბრეტონულ ტოპოგრაფიაზე მსჯელობა შეაწყვეტინა.
- ეს მთა გახლავთ, რომლის სახელიც დაერქვა მენის ველს, სადაც ახლა შევალთ და რომელიც ამ პროვინციას კუენონისგან ჰყოფს, რომლის ბოლოშიც ფუჟერია, ბრეტანის პირველი ქალაქი. ვანდემიერის ბოლოს პელერინის მახლობლად შევებრძოლეთ ვაჟკაცს და მის ყაჩაღებს. ახალწვეულები მიგვყავდა, მათ კი ისე არ უნდოდათ, თავიანთი მხარე მიეტოვებინათ, რომ საზღვარზე გადაწყვიტეს ჩვენი დახოცვა; მაგრამ იულო მაგარი ვინმეა, შავი დღე აყარა!..
- მაშ, ალბათ ვაჟკაციც ნახეთ, როგორია? - მარი ეშმაკურ მზერას არ აშორებდა ვითომ ვიკონტ დე ბოვანს.
- ოჰ! ღმერთო ჩემო! მადმუაზელ, - შესძახა მერლმა, მადმუაზელ დე ვერნეი წამდაუწუმ რომ აწყვეტინებდა სიტყვას, - ის ისე ჰგავს მოქალაქე დიუ გას, რომ პოლიტექნიკური სკოლის უნიფორმა რომ არ ეცვას, ნაძლევს დავდებდი, რომ ის არის.
მადმუაზელ დე ვერნეი დაჟინებით დააცქერდა ახალგაზრდა კაცის ცივ, უძრავ სახეს, არად რომ აგდებდა მას, მაგრამ შიშის ნატამალი ვერ შენიშნა. გესლიანი ღიმილით აგრძნობინა, რომ ამოხსნა საიდუმლო, ასე რომ უმალავდა. მერე თავი გვერდზე გადააგდო ისე, რომ დიდებულიც დაენახა და მერლიც და დამცინავად უთხრა რესპუბლიკელს: - კაპიტანო, ამბობენ, ეგ შუანების მეთაური ბევრ თავსატეხს უჩენს პირველ კონსულს. ამბობენ, რომ გულადია, მაგრამ წინდაუხედავი და მოუფიქრებელი ყოფილა საქმეში და, განსაკუთრებით, ქალებთან.
- სწორედ მაგის იმედი გვაქვს, რომ ანგარიში გავუსწოროთ. სულ ორი საათით რომ ჩაგვაგდებინა ხელში, თავში ტყვიას ჩავაჭედებდით. რომ შეგვხვედროდა, ეგ კობლენცის ემისარი ჩვენც ასე მოგვექცეოდა და საიქიოს გაგვისტუმრებდა. ასე რომ, თვალი თვალის წილ, par pari...
- მაგ შეხვედრის ჩვენ არ გვეშინია! თქვენი ჯარისკაცები პელერინამდე ვერ მივლენ, დაღლილები არიან, - თქვა ემიგრანტმა, - და თუ თანახმა იქნებით, აქედან ორ ნაბიჯში შეძლებენ და-სვენებას. დედაჩემი ვივეტიერში ჩადის, აი, ამ გზით, რამდენიმე გასროლის მანძილზე. ეს ორი ქალბატონიც მოინდომებს ალბათ დასვენებას, დაღლილები არიან, შეუსვენებლად მოდიან ალანსონიდან. და რაკი მადმუაზელის დიდსულოვნების წყალობით, ჩვენი მგზავრობა ასეთი უსაფრთხოც იყო და სასიამოვნოც, - ნაძა-ლადევი თავაზიანობით მიუბრუნდა მადმუაზელ დე ვერნეის, - იქნებ მოისურვოს ივახშმოს დედაჩემთან. და თანაც, კაპიტანო, - მიმართა მერლს, - არც ისე ცუდად არის საქმე ვივეტიერში, ალბათ ერთი კასრი სიდრი თქვენი ხალხისთვისაც მოიძებნება. ყველაფერი არ წაურთმევია ჩვენთვის ვაჟკაცს, ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ასე ფიქრობს...
- დედათქვენი? - ირონიულად შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ და ამ უცნაურ დაპატიჟებაზე არაფერი უპასუხა.
- როგორ, ამ საღამოს ჩემი ასაკი სარწმუნო აღარ გეჩვენებათ, მადმუაზელ? - უპასუხა მადამ დიუ გამ, - საუბედუროდ, ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი, თხუთმეტი წლისას უკვე ვაჟი მყავდა...
- ხომ არ გეშლებათ, მადამ, ოცდაათისას ხომ არა?
მადამ დიუ გა გაფითრდა, მაგრამ უსიტყვოდ გადაყლაპა ეს სარკაზმი. ძალიან უნდოდა, შური ეძია, მაგრამ იძულებული იყო, გაეღიმა, რადგან რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველაზე სასტიკ დაცინვასაც კი აიტანდა, ოღონდ გაეგო, რა გრძნობები ამოძრავებდა ახალგაზრდა ქალს და თავი მოაჩვენა, ვითომ ვერ გაიგო, რა უთხრა.
- შუანებს ამაზე სასტიკი მეთაური არ ჰყოლიათ, თუ ჭორებს დავუჯერებთ, - მიმართა ფრანსინს და მის ქალბატონს.
- ო, სასტიკი არა მგონია, - უპასუხა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - მაგრამ ტყუილები უყვარს და მეტისმეტად გულუბრყვილო და უეშმაკოა. პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი არავისი სათამაშო არ უნდა იყოს.
- იცნობთ? - ცივად ჰკითხა ახალგაზრდა ემიგრანტმა.
- არა, - უპასუხა ქალმა და სიძულვილით შეხედა, - მეგონა ვიცნობდი, მაგრამ...
- ო, მადმუაზელ, ნამდვილად ცბიერია, - კაპიტანმა თავი დაიქნია, - ძველ ოჯახებში ზოგჯერ გამოერევიან ხოლმე ასეთი მაგარი ნაშიერები, ის იმ ქვეყნიდან დაბრუნდა, სადაც ყოფილები, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც ტკბილად ვერ ცხოვრობენ და კაცები ზოგჯერ ზღმარტლივით არიან, ჩალაზე მწიფდებიან. თუ მარჯვე ბიჭია, დიდხანს გვარბენინებს. ჩვენს თავისუფალ მებრძოლებს მფრინავი რაზმი დაუპირისპირა და მთავრობის მცდელობა გაანეიტრალა. თუ როიალისტებს ერთ სოფელს დაუწვავენ, ის ორს აწვევინებს. დიდ ტერიტორიაზე მოქმედებს და იძულებულები ვართ, მნიშვნელოვანი ძალები გამოვიყვანოთ მის წინააღმდეგ, ჩვენ კი სწორედ ახლა არ გვყავს ზედმეტი ჯარები!.. ოო, საქმეში კარგად ერკვევა.
- სამშობლოს ღუპავს, - ხმამაღლა თქვა ჟერარმა და კაპიტანს სიტყვა შეაწყვეტინა.
- თუ მისი სიკვდილი სამშობლოს ხსნაა, - შეესიტყვა დიდებული, - მაშინ დახვრიტეთ, რაც შეიძლება მალე.
მერე ისე შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, იტყოდით, სულის სიღრმემდე უნდა შეღწევაო და მათ შორის მუნჯი სცენა გათამაშდა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, იმდენად მძაფრია დრამატიზმი და მოუხელთებელია დახვეწილობა. საფრთხე ინტერესს ჰმატებს, როცა სიკვდილზეა ლაპარაკი, ყველაზე საზიზღარი ბოროტმოქმედიც კი რაღაც სიბრალულს იწვევს. თუმცა მადმუაზელ დე ვერნეი დარწმუნებული იყო, რომ მისი მიჯნური, რომელმაც ხელი ჰკრა, შუანების საშიში ბელადი იყო, მაინც არ უნდოდა, რომ ეს სიკვდილით დასჯას დაედასტურებინა. სულ სხვა ცნობისწადილი აღეძრა. დაეჯერებინა თუ ეჭვი შეჰპარვოდა, ერჩია, მის გრძნობაზე ყოფილიყო დამოკიდებული და საფრთხესთან თამაში დაიწყო.
მზერით, რომელშიც ვერაგული დაცინვა და ზეიმი ერთად ჩაბუდებულიყო, ამბოხებულთა ახალგაზრდა ბელადს ჯარისკაცებზე მიუთითებდა, როგორც საფრთხეზე, მას რომ უქმნიდნენ. მოსწონდა, ასე სასტიკად რომ ახსენებდა, რომ მისი სიცოცხლე ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული და თითქოს ტუჩებს აცმაცუნებდა უკვე ამ სიტყვის სათქმელად. ამერიკელი ველურების მსგავსად, ბოძზე მიბმული მტრის სახეზე ყოველ ძარღვს აკვირდებოდა, მოხდენილად ამოძრავებდა საჯირგველას, ტკბებოდა უვნებელი შურისძიებით, რომლითაც სჯიდა შეურაცხმყოფელს იმ ქალივით, რომელსაც ჯერ კიდევ უყვარს.
- ასეთი ვაჟი რომ მყავდეს, მადამ, - აშკარად შეშინებულ ქალს მიმართა მარიმ, - ძაძას ჩავიცვამდი იმ დღიდან, როცა საშიში ბედისწერის ანაბარა დავტოვებდი.
პასუხი არ მიუღია. ოცჯერ მაინც მიბრუნდებოდა ოფიცრებისკენ და მერე უცებ შეხედავდა მადამ დიუ გას, მაგრამ ერთხელაც ვერ დაიჭირა, ამ ქალს და ვაჟკაცს რაიმე ენიშნებინათ ერთმანეთისთვის, რაც მათ ინტიმურ სიახლოვეს დაამტკიცებდა. რის ეჭვიც ჰქონდა და რაც ახლახან უნდოდა, რომ მხოლოდ ეჭვი ყოფილიყო. ქალს უყვარს ყოყმანი, როცა ბრძოლა მოწინააღმდეგის სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და გადაწყვეტილება კი მისი მისაღებია. ახალგაზრდა მეთაური მშვიდად იღიმებოდა და აუღელვებლად იტანდა წამებას, რასაც მადმუაზელ დე ვერნეი უწყობდა. თავისი მანერებითა და გამომეტყველებით ადასტურებდა, რომ არ ეშინოდა ხიფათის, რომელშიც ჩავარდა და თითქოს მზერით იმასაც კი ეუბნებოდა, „აი, მოგეცათ შემთხვევა, თქვენი თავმოყვარეობის შელახვისთვის შური იძიოთ, ისარგებლეთო! ძალიან მეწყინება, თქვენს აბუჩად აგდებაზე უარის თქმა თუ მომიხდებაო.“
მადმუაზელ დე ვერნეიმ ისარგებლა ხელსაყრელი მდგომარეობით და უტიფრად, ამპარტავნულად და საკუთარი ყადრის აშკარა ხაზგასმით თვალს არ აშორებდა შუანების მეთაურს, რადგან გულის სიღმეში აღფრთოვანებული იყო მისი გულადობითა და სიმშვიდით. უხაროდა, რომ მისი მიჯნური ძველ დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, ეს პრივილეგია ყველა ქალს მოსწონს. სიამოვნებდა, რომ ისეთ სიტუაციაში შეხვდა, როცა უბედურებით გაკეთილშობილებული საქმის დაცვას ლამობდა და ებრძოდა ამდენ გამარჯვების მომპოვებელ რესპუბლიკელს, არ ეპუებოდა საფრთხეს, რაც ასე იზიდავს ქალის გულს. ოცჯერ მაინც მოუწყო გამოცდა ალბათ იმ ინსტინქტის ძალით, რომლის ზეგავლენითაც ქალი ისე ეთამაშება თავის მსხვერპლს, როგორც კატა აწვალებს დაჭერილ თაგვს.
- რომელი კანონის ძალით გამოგაქვთ შუანებისთვის სასიკვდილო განაჩენი? - ჰკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ მერლს.
- წლევანდელი 14 ფრუქტიფდორის დეკრეტით, რითაც ამბოხებული დეპარტამენტები კანონგარეშედ გამოცხადდა და დაფუძნდა სამხედრო საბჭოები, - უპასუხა რესპუბლიკელმა.
- რას უნდა ვუმადლოდე თქვენს ყურადღებას? - ჰკითხა მარიმ ახალგაზრდა მეთაურს, დაჟინებით რომ უყურებდა.
- იმ გრძნობას, რომელსაც ვერც ერთი ზრდილობიანი ადამიანი ვერ ეტყვის ქალს, ვინც არ უნდა იყოს, - ჩუმად უთხრა მარკიზმა დე მონტორანმა და მისკენ გადაიხარა, - რა დროში მოგვიხდა ცხოვრება! - განაგრძო ხმამაღლა, - როცა გოგოები ასრულებენ ჯალათის საქმეს და ხანდახან სჯობნიან კიდევაც ცულის ხმარებაში...
ქალმა დაჟინებით შეხედა მონტორანს, მერე მისი გამბედაობით აღტაცებულმა, რომ შესძლო ქალის შეურაცხყოფა მაშინ, როცა მის ხელთ იყო, ნაზად, ეშმაკური ღიმილით უჩურჩულა ყურში: - მეტისმეტად ჯიუტი თავი გაქვთ, ჯალათებს არ მოეწონებათ, ჩემთვის დავიტოვებ.
გაოცებულმა მარკიზმა თვალი ვერ მოაშორა ამ ახირებულ, უცნაურ ქალიშვილს, რომლის სიყვარულიც ყველაფერზე მაღლა იდგა, უმძიმეს შეურაცხყოფაზეც კი, გულისმომკვლელ წყენაზე, რომელსაც ქალი ვერ ივიწყებს და შურს პატიებით იძიებდა. ვაჟს მზერაში სისასტიკე და სიცივე შეურბილდა, სახეზე ნაღველმაც კი გადაურბინა. მისი ვნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. მადმუაზელ დე ვერნეიმ, სანატრელი შერიგების ამ უმცირესი გამოვლინებით კმაყოფილმა, ნაზად შეხედა წინამძღოლს, რაც კოცნის ტოლფასი იყო. მერე ეტლის სიღრმეში მიიყუჟა და აღარ უნდოდა ამ დრამის ბედნიერი მომავლის საფრთხეში ჩაგდება, დარწმუნებულს, რომ მისმა ღიმილმა კვანძი შეკრა. ისეთი ლამაზი იყო! ისე კარგად იცოდა სიყვარულში წინააღმდეგობების დაძლევა, ისე იყო ყველაფრის თამაშ-თამაშ კეთებას მიჩვეული, ალალბედზე თამამად წინსვლას! ისე უყვარდა ყველაფერი მოულოდნელი, უჩვეულო, ცხოვრების ქარიშხლები!
მალე, მარკიზის ბრძანებით, ეტლმა მთავარი გზიდან გადაუხვია და ვივეტიერისკენ გაემართა ოღროჩოღრო, ვაშლის ხეებით დაფარული, მაღალ ფერდობებს შორის მოქცეული უფრო თხრილებით, ვიდრე გზით. მგზავრებმა უკან ჩამოიტოვეს ლურჯები, მცველთა რაზმი ნელა გაჰყვა ეტლს ციხე-დარბაზისკენ, რომლის რუხი სახურავი ჩნდებოდა და იკარგებოდა გზისპირა ხეებს უკან, რამდენიმე ჯარისკაცი ძლივს აძრობდა ტალახიდან დამძიმებულ ფეხსაცმელებს.
- რა მაგრად ჰგავს ეს გზა სამოთხისას! - წამოიძახა იფრინდამ.
გამოცდილი მეეტლის წყალობით, მადმუაზელ დე ვერნეიმ ვივეტიერის ციხე-დარბაზის სახურავი მალე დაინახა. სახლი კონცხისმაგვარ კლდეზე იდგა, ორი ღრმა წყალსაცავი ემიჯნებოდა, რის გამოც სახლთან მისვლა მხოლოდ ვიწრო ქვაფენილით შეიძლებოდა. ამ ნახევარკუნძულის ნაწილი, საცხოვრებლები და ბაღები ციხე-დარბაზის უკანა მხრიდან რაღაც მანძილზე დაცული იყო განიერი თხრილით, სადაც წყალსაცავებიდან ზედმეტ წყალს უშვებდნენ ხოლმე და, ფაქტობრივად, კუნძული მიუდგომელი ხდებოდა, შესანიშნავი თავშესაფარი მეთაურისთვის, რომელსაც თუ არა ღალატით, ვერავინ მოიხელთებდა. გაისმა კარის დაჟანგული ანჯამების ღრჭიალი და მგზავრებმა წინა ომის დროს დანგრეული პორტალის ისრული კამარის ქვეშ გაიარეს, მადმუაზელ დე ვერნეიმ თავი გაყო ეტლის ფანჯრიდან. მის თვალწინ გადაშლილი სურათის პირქუშმა ფერებმა თითქმის გააქრო ფიქრები სიყვარულსა და კეკლუცობაზე, რომლებიც ნანასავით ამშვიდებდნენ. ეტლი შევიდა დიდ, თითქმის კვადრატულ, წყალსატევების დამრეცი ნაპირებით ჩაკეტილ ეზოში. ამ გაუდაბურებული, დიდი მწვანე ლაქებით დაფარული წყლით შემოსაზღვრულ სივრცეს ერთადერთ სამკაულად კოჟრებიანი, ფოთლებგაცვენილი ხეები ჰქონდა, უზარმაზარი ვარჯით ლელქაშსა და ბუჩქნარს რომ დაჰყურებდნენ ხის გროტესკული ფიგურებივით. ეს უსახური ღობე თითქოს გაცოცხლდა, ახმაურდა, როცა ბაყაყები ყიყინით ჩაცვივდნენ წყალში და რამდენიმე, ეტლის ხმაურისაგან გაღვიძებული, შეშინებული კუ აფართხალდა წყლის ზედაპირზე. მაღალი, დამჭკნარი ბალახით, ჯოჯოთი, ჯუჯა ბუჩქებითა და პარაბიტებით გარშემორტყმული ეზო გამორიცხავდა რაიმე წესრიგს ან დიდებულებას. ციხე-დარბაზი დიდი ხნის მიტოვებულს ჰგავდა. სახურავები ზედ ამოსული მცენარეულობისაგან დაწეულივით იყო. კედლები, მართალია, ფიქლისა იყო, იქვე რომ მოიპოვებოდა, მაგრამ დამსკდარი, ზედ აცოცებული სუროთი, ჯავებით კედლის ბზარებზე რომ ებღაუჭებოდა. შენობის მართობულად განლაგებული, მაღალი კოშკით შეერთებული ორი ფრთა ფასადით წყალსაცავისკენ იყო მიბრუნებული. დამპალი, აქა-იქ ანჯამებმოშლილი კარი და დარაბები, დაჟანგული ბალუსტრადები, დაძველებული ფანჯრები თითქოს პირველივე ქარიშხლის დროს უნდა ჩამოქცეულიყო. ქარი სისინებდა ფარღალალა შენობაში, რომელსაც მთვარის მქრქალი შუქი უზარმაზარ მოჩვენებას ამსგავსებდა. მხოლოდ თქვენი თვალით თუ ნახავთ რუხ და მოლურჯო გრანიტის ლოდებს, შერეულს შავ და მოწითლო ფიქალთან, მაშინ მიხვდებით, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა მნახველს ამ ცარიელი, ჩაშავებული ჩონჩხისგან. დაცილებული ქვები, უმინებო ფანჯრები, ქონგურებიანი კოშკები, დაცხრილული სახურავები მართლა ჩონჩხს ამსგავსებდა ამ ნაგებობას. გნიასით წამოშლილი მტაცებელი ფრინველები ამ მსგავსებას თავის შტრიხს უმატებდნენ. სახლის უკან დარგული მაღალი ნაძვები სახურავებს ზემოთ არწევდნენ მძიმე მუქ ტოტებს. რამდენიმე ოდესღაც გასხლული ურთხელი, შენობის კუთხეებს რომ ალამაზებდა, ახლა უსახური სუდარის ნაპირებს ჩამოყოლებულ კუწუბებს ჰგავდა. დაბოლოს, კარის ფორმა, გამოჩორკნილი ორნამენტები, კონსტრუქციების ანსამბლურობის უგლებელყოფა, ყველაფერი მიუთითებდა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ფეოდალურ ციხე-კოშკთაგანი იყო, ასე რომ ეამაყება ბრეტანს და, ალბათ, სამართლიანადაც, რადგან იმ ბურუსით დაფარული დროის მონუმენტურ ისტორიას შეადგენდნენ, მონარქიის დაფუძნებას რომ უსწრებდა. სიტყვა ციხე-დარბაზს მადმუაზელ დე ვერნეის წარმოსახვაში გარკვეული ფორმა გააჩნდა, ტრადიციული და ახლა ეტლიდან მსუბუქად რომ გადმოხტა და მიიხედ-მოიხედა, დაზაფრული მარტო უყურებდა ამ დამთრგუნველ სანახაობას და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. ფრანსინმა გაიგონა, როგორი შვებით ამოისუნთქა მადამ დიუ გამ, ლურჯებს რომ დაეღწია. საბრალო გოგონამ უნებურად შეჰკივლა, ჭიშკარი რომ ჩაიკეტა და ამ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეში აღმოჩნდა. მონტორანი მადმუაზელ დე ვერნეისკენ გაეშურა, მიხვდა, რა ფიქრებიც აწუხებდა.
- ეს ციხე-დარბაზი ომმა დაანგრია, - მსუბუქი ნაღველი შეურია ხმაში, - როგორც თქვენ დამინგრიეთ ჩვენი ბედნიერებისთვის ნაშენები ოცნების კოშკი.
- ეგ როგორ? - გაუკვირდა მარის.
- თქვენ, მართალია, „ახალგაზრდა, ლამაზი, კეთილშობილი და ჭკვიანი ქალი ხართ“, - ოდნავი ირონიით გაიმეორა სიტყვები, ასე კეკლუცად რომ უთხრა ქალმა გზაში საუბრისას.
- ვინ გითხრათ, რომ ასე არ არის?
- მეგობრებმა. სანდო ადამიანებმა, ჩემს უსაფრთხოებაზე რომ ზრუნავენ და ღალატისგან მიცავენ.
- ღალატისგან? - დამცინავი ღიმილით ჰკითხა ქალმა, - განა ალანსონი და იულო მაშ უკვე ასე შორს არიან? მეხსიერება გღალატობთ! პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის სახიფათო ნაკლია! მაგრამ რაკი მეგობრები ასე ძლიერად მეფობენ თქვენს გულში, - განსკუთრებული კადნიერებით დაუმატა, - გიყვარდეთ თქვენი მეგობრები. ვერაფერი შეედრება მეგობრობის სიხარულს. მშვიდობით. არც მე და არც რესპუბლიკის ჯარისკაცები აქ არ შემოვალთ.
შელახული სიამაყითა და დაცინვით ბრაზმორეული ჭიშკრისკენ გაქანდა და მთელი მისი გარეგნობა ისეთ კეთილშობილებასა და სასოწარკვეთას გამოხატავდა, რომ მარკიზმა აზრი შეიცვალა. თანაც ისე უჭირდა თავის სურვილებზე უარის თქმა, რომ ისევ იძალა მასში გაუფრთხილებლობამ და გულუბრყვილობამ. მასაც ხომ უკვე უყვარდა. შეყვარებულებს კი დიდხანს კინკლაობის სურვილი არ ჰქონდათ.
- მხოლოდ ერთი სიტყვა დაუმატეთ და დაგიჯერებთ, - შეევედრა ვაჟი.
- ერთი სიტყვა? - ირონიულად გაიმეორა და ტუჩები მოკუმა, - სიტყვა? ჟესტიც კი არა!
- გამიჯავრდით მაინც, - შეეხვეწა და ხელზე ხელის მოკიდება სცადა. მარიმ გამოგლიჯა ხელი. - თუ მოინდომებთ ამბოხებულთა ბელადზე გაჯავრებას, რადგან ისეთივე უნდო და გულჩათხრობილი გახდა, როგორი მხიარული და მიმნდობიც იყო ცოტა ხნის წინ... მარის მზერაში მრისხანება გამქრალიყო და ვაჟმა დაუმატა: - თქვენ იცით ჩემი საიდუმლო, მე კი თქვენი არ ვიცი.
ამ სიტყვებზე ქათქათა სახე მოექუფრა, კუშტად შეხედა მეთაურს და უპასუხა: - ჩემი საიდუმლო? არასოდეს!
სიყვარულში ყოველი სიტყვა, ყოველი მზერა განსაკუთრებით მჭევრმეტყველია; მადმუაზელ დე ვერნეის თავისი პასუხით არაფერი გაუმხელია და, მიუხედავად გამჭრიახობისა, მონტორანმა ვერაფერი ამოიცნო, თუმცა გოგონას ხმაში დაჭერილმა მღელვარებამ გამოაფხიზლა მისი ცნობისმოყვარეობა.
- ეჭვების გაფანტვის უცნაური მანერა გაქვს.
- თქვენ რა, კიდევ დაგრჩათ ეჭვები? - და ისე ახედ-დახედა, თითქოს ეუბნებოდა, ჩემზე რამე უფლება გაქვთო?
- მადმუაზელ, - მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, - თქვენი ძალაუფლება რესპუბლიკელთა ჯარზე, ეს ესკორტი...
- ჰო, მართლა, გამახსენეთ! მითხარით, ჩემი მხლებლები და მე თვითონ, ანუ თქვენი დამცველები, - ხმაში ირონია გაისმა, - აქ უსაფრთხოდ ვიქნებით?
- დიახ, გაძლევთ კეთილშობილი კაცის სიტყვას! ვინც უნდა იყოთ, მადმუაზელ, თქვენ და თქვენს ხალხს ჩემს სახლში საფრთხე არ გემუქრებათ.
ეს საზეიმო დაპირება ისე გულწრფელად და დიდსულოვნად ჟღერდა, რომ მადმუაზელ დე ვერნეის რესპუბლიკელთა ბედი აღარ აშფოთებდა. რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გაჩუმდა; სწორედ ამ დროს მადამ დიუ გა მიუახლოვდა. ამ ქალმა გაიგო თუ გამოიცნო შეყვარებულთა საუბრის ნაწილი და აფორიაქდა, მიხვდა, მათ შორის მტრობას ბოლო მოეღო. ამ ქალის დანახვისთანავე, მარკიზმა ხელი შესთავაზა მადმუაზელ დე ვერნეის და სახლისკენ გაეშურნენ, თითქოს უსიამოვნო მხლებლისგან უნდოდა თავის არიდება.
- ხელს ვუშლი, - გაიფიქრა მადამ დიუ გამ და ადგილზე გაშეშდა. უყურებდა, შერიგებული მიჯნურები როგორ მიდიოდნენ პარმაღისკენ და როგორც კი საკმაო მანძილით დაშორდნენ, სასაუბროდ შეჩერდნენ.
- ჰო, მე მათ ხელს ვუშლი, - გაიმეორა ქალბატონმა, - მაგრამ სულ მალე ეს ქნილება მე ვეღარ შემიშლის, ვფიცავ, ეს ტბორი გახდება მისი საფლავი! შენს „კეთილშობილი კაცის სიტყვას“ მე თვითონ შევასრულებ. განა უსაფრთხოდ არ იქნება წყალქვეშ?
გარინდებული მადამ დიუ გა თვალს არ აშორებდა ციხე-დარბაზის მარჯვნივ პატარა ტბის სარკესავით მშვიდ ზედაპირს. უცებ ნაპირზე ძეძვნარში ხმაური მოესმა და მთვარის შუქზე დაინახა იარე-მიწაზე, ბებერი, დაკოჟრილი ძეწნის უკნიდან რომ გამოვიდა. კარგად უნდა გცნობოდა შუანი, შიშველ, დაგრეხილ ხეთა კორომში რომ შეგემჩნია, მისი სხეული ხეებს ერწყმოდა. ქალბატონმა უნდობლად მოატარა თვალი ირგვლივ, დაინახა მეეტლე, ცხენები რომ შეჰყავდა საჯინიბოში ციხე-დარბაზის იმ ფრთისკენ, წყლისკენ, იმ ადგილისკენ რომ იყო, სადაც იარე-მიწაზე იყო დამალული. ფრანსინი შეყვარებულებისკენ მიდიოდა, დედამიწაზე აღარაფერი რომ არ ახსოვდათ. ქალბატონმა წაიწია წინ, ტუჩებზე მიიდო თითი, შუანს რომ არ ეხმაურა. შუანი უფრო მიხვდა, ვიდრე გაიგო სიტყვები: - აქ რამდენნი ხართ?
- ოთხმოცდაშვიდნი.
- ისინი სამოცდახუთნი არიან, დავთვალე.
- კარგი, - უპასუხა ველურმა ავი კმაყოფილებით.
შუანს ფრანსინის არც ერთი მოძრაობა არ გამოჰპარვია და როგორც კი დაინახა, რომ შემობრუნდა და თვალით ეძებდა ქალბატონს, ინსტინქტურად თავის მტრად რომ მიიჩნევდა, ძეწნის უკან მიიმალა.
მთავარი კარის პარმაღზე შვიდი-რვა კაცი გამოჩნდა. შეძახილი გაისმა.
- ეს ვაჟკაცია! ის არის, აი, ისიც! - ამ ხმაურზე სხვებმაც მიირბინეს და მათმა გამოჩენამ საუბარი შეაწყვეტინა მიჯნურებს.
მარკიზი დე მონტორანი სწრაფად მიუახლოვდა დიდებულებს, ჟესტით ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ და ხეივნის ბოლოსკენ მიუთითა, სადაც უკვე მოაბიჯებდნენ რესპუბლიკელი ჯარისკაცები. ლურჯი მუნდირებისა და ბჭყვიალა ხიშტების დანახვაზე გაოცებულმა შეთქმულება შესძახეს: - მაშ, იმისთვის მოხვედით, რომ ჩვენთვის გეღალატათ?
- ასე რომ იყოს, საფრთხეზე არ მიგანიშნებდით? - სინანულიანი ღიმილით უპასუხა მარკიზმა, - ეს ლურჯები, - მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო მან, - მცველთა რაზმია ამ ახალგაზრდა ქალბატონისა, რომლის დიდსულოვნებამაც სასწაულებრივად გადაგვარჩინა დღეს დაღუპვას ალანსონის სასტუმროში. ამას მერე გიამბობთ. მადმუაზელი და მისი დაცვა აქ იმიტომ არიან, რომ დავპირდი, მეგობრებივით მივიღებდით.
მადამ დიუ გა და ფრანსინიც მიუახლოვდნენ პარმაღს. მარკიზმა თავაზიანად შესთავაზა ხელი მადმუაზელ დე ვერნეის. დიდებულები ორად გაიყვნენ და გზაზე გადავიდნენ მათ გასატარებლად. ყველანი ცდილობდნენ, უცნობი ქალის სახე დაენახათ, რადგან მადამ დიუ გამ უკვე მოასწრო, მალულად რაღაცები ენიშნებინა და მათი ცნობისმოყვარეობა გაეღვიძებინა. პირველ ოთახში მადმუაზელ დე ვერნეიმ ოციოდე სტუმრისთვის შეს-ანიშნავად გაშლილი სუფრა დაინახა. სასადილო ოთახი დიდ მისაღებ ოთახს უკავშირდებოდა, სადაც მალე ყველამ მოიყარა თავი. ორივე ოთახი, თავისი მოწყობილობით, სრულიად ეხამებოდა იმ რღვევას, რაც ციხე-კოშკს გარედან ეტყობოდა. კაკლის ხის, მაგრამ ნაჩორკნი, ცუდად დამუშავებული, ერთმანეთს დაცილებუ-ლი პანელები გეგონებოდათ, საცაა, ჩამოცვივდებაო. მათი სიმუქე კიდევ უფრო პირქუშს ხდიდა უსარკო და უფარდებო დარბაზებს, სადაც ძველი, დანჯღრეული ავეჯი ჰარმონიულ მთლიანობაში იყო ამ ჟამგადასულ ნაგებობასთან. მარიმ შეამჩნია დიდ მაგიდაზე გაშლილი გეოგრაფიული რუკები და გეგმები. კუთხეში დახვავებული ხმლები და კარაბინები. ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ შუანებისა და ვანდეელების მეთაურებს მნიშვნელოვანი თათბირი ჰქონდათ. მარკიზმა მადმუაზელ დე ვერნეი უზარმაზარ, ჭიანაჭამ სავარძლამდე მიიყვანა, ბუხართან ახლოს. ფრანსინი ქალბატონის უკან მოთავსდა, ძველისძველი სავარძლის საზურგეს ჩამოეყრდნო.

გაგრძელება →

ნახვა: 256

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Benjamin Šeško: RB Leipzig je postavil rekordno zahtevano ceno za Arsenal in Chelseaja

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: მაისი 30, 2025.
საათი: 6:49am 0 კომენტარი

Benjamin Sesko dresi bi menda stal celo premoženje, če bi to poletje zapustil RB Leipzig.

Po novem poročilu naj bi RB Leipzig za Benjamina Šeška zahteval prestopno odškodnino v višini do 92,5 milijona funtov (124,8 milijona dolarjev).

Slovenski napadalec naj bi bil tarča številnih klubov Premier lige. Kot potencialni snubci so navajali sedem različnih ekip, vendar naj bi bila…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters