თავდაპირველად კარზე თითქოს ვირთაგვა აფხაჭუნებდა, მაგრამ ადამიანის ძალზე თავაზიანი ხმა გაისმა.

 – კალი ჩალაზულია?

 – ჩარაზული არ არის, მობრძანდით.

      კარის ანჯამები აწრიპინდა.

 – მოდი, დივანზე დაჯექი.

      (კარიდან) – პალკეტზე ლოგოლ გამოვიალო?

 – ფრთხილად გამოიარე და არ გამოსრიალდე. აბა, ახალს რას მეტყვი?

 – ალაფელს.

 – უკაცრავად. მაშ ამ დილას დერეფანში ვინ ღრიალებდა?

      (მტანჯველი პაუზა) – მე ვღლიალებდი.

 – რატომ?

 – დედამ მიმტყიპა.

 – რატომ?

      (დაძაბული პაუზა) – სულკას ყულზე ვუკბინე.

 – ეს როგორ შეიძლება?

 – დედა ამბობს, სულკა ონავალიაო. მეჭყანება. კაპიკიანი წამალთვა.

 – მაინც არ შეიძლება. კაპიკიანის გულისთვის ყურზე კბენა სად გაგონილა? შენ სულელი ბიჭი ყოფილხარ.

      (განაწყენებულია) – აღალ გელაპალაკები.

 – როგორც გენებოს.

      (პაუზა) – მამა ლოცა ჩამოვა (პაუზა), ვეტყვი, ლომ მოგკლას.

 – მაშ ასე, არა?! მაშინ ჩაის აღარ მოვამზადებ. რაღად მინდა, თუ უნდა მომკლან...

 – ალა, მოამზადე.

 – ჩემთან ერთად დალევ?

 – კანფეტით? ხომ?

 – უსათუოდ.

 – დავლევ.

      ორი ადამიანი ჩაცუცქებულა – დიდი და პატარა. ჩაიდანი მუსიკალურად შიშინებს. შუქის სვეტი ჯერომ-ჯერომის გადაშლილ გვერდებზე ციმციმებს.

 – ლექსი ხომ არ დაგვიწყებია?

 – ალ დამვიწყებია.

 – აბა, მითხარი.

 – ვი... ვიყიდი ფეხსაცმელს და...

 – ფრაკს.

 – ფლაკს... და ღამით ვიმღელებ...

 – ფსალმუნს.

 – ფსალმუნს... მოვიყვან პატალა ლეკვს...

 – და გულს...

 – და გულს მოვუძებნი...

 – სალბუნს.

 – გულს მოვუძებნი სალბუნს.

 – ჰო, სალბუნს. ჩაიდანი დუღს. დავლიოთ. გულს მოვუძებნი... (ამოიოხრებს) სალბუნს.

      ჩაიდნის შიშინი. ჯერომი. ორთქლი. კონუსები ბრიალებს. პარკეტი პრიალებს.

 – შენ მალტოხელა ხარ.

      ჯერომი იატაკზე დაეცემა.

      (პაუზა) – ეს ვინ გითხრა?

      (უშფოთველი პაუზა) – დედამ.

 – როდის?

 – ღილს ლოცა გიკელებდა. გიკელებდა, გიკელებდა და ნატასკას ეუბნებოდა...

 – ჰოო. გაჩერდი, გაჩერდი, ნუ ცქმუტავ, თორემ დაგმდუღრავ... უჰ!..

 – უჰ, ცხელია...

 – რომელი კანფეტიც გინდა, ის აიღე.

 – აი, ის დიდი მინდა.

 – შეუბერე, შეუბერე და ფეხებს ნუ იქნევ.

      (გარედან ქალის ხმა მოისმის) – სლავკა!

      კარზე კაკუნია. ანჯამები სასიამოვნოდ წრიპინებს.

 – ეს ისევ თქვენთან არის. სლავკა, შინ წამოდი!

 – არა, არა, ჩვენ ჩაის ვსვამთ.

 – ამან ხომ ახლახან დალია.

      (მიამიტური გულახდილობა) – ალ დამილევია.

 – ვერა ივანოვნა. შემოდით, ჩაი დალიეთ.

 – გმადლობთ, ახლახან დავლიე...

 – შემოდით, შემოდით... მე არ გაგიშვებთ...

 – ხელები სველი მაქვს... თეთრეულს ვფენ...

      (ციცქნა ქომაგი) – დედაჩემს ხელი გაუსვი.

 – კარგი. ხელს გავუშვებ. ვერა ივანოვნა, დაჯექით...

 – მაცადეთ, თეთრეულს გავფენ და მოვალ.

 – გელოდებით. ნავთქურას არ ჩავაქრობ.

 – შენ კი, სლავკა, ჩაის როცა დალევ, შინ წამოდი. ბიძიას ხელს უშლი.

 – მე ხელს არ ვუსლი. ალ ვანცობ.

      ანჯამები უსიამოდ წრიპინებს. კონუსები აღარ ბრიალებს. ჩაიდანი დუმს.

 – გეძინება?

 – ალ მეძინება. ზღაპალი მიამბე.

 – თვალები უკვე გეხუჭება.

 – ალ მეხუწება, მიამბე.

 – კარგი, მოდი ჩემთან. თავი კალთაში ჩამიდე. ზღაპარი გიამბო? რომელი ზღაპარი?

 – იმ ბიწზე...

 – იმ ბიჭზე? კარგი, გიამბობ... მაშ ასე... იყო ერთი ბიჭი. პატარა, ასე ოთხი წლისა. მოსკოვში, დედასთან ერთად ცხოვრობდა. სლავკა ერქვა.

 – ცემსავით?

 – ...საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილი ჩხუბისთავი. ჩხუბობდა მუშტებით, წიხლებით, კალოშებითაც კი. ერთხელაც ერთ გოგონას, მე-8 ნომერ ბინაში რომ ცხოვრობს... სანაქებო გოგონაა, წყნარი, ლამაზი. იმ ბიჭმა კი ცხვირ-პირში წიგნი ჩასცხო.

 – ის თვითონ მეწიდავება...

 – მოიცა. შენზე არ ვყვები.

 – სხვა სლავკაზე ყვები?

 – ჰო, სხვა სლავკაზე. რას ვამბობდი? ჰო... მაშ ასე... ამ სლავკას ყოველდღე მიტყეპავდნენ ხოლმე, მაშ ჩხუბის ნებას ხომ არ მისცემდნენ. სლავკა კი თავისას არ იშლიდა. ერთ მშვენიერ დღეს შურკას წაეჩხუბა, თავისხელა ბიჭს, არც აცივა, არც აცხელა, ყურში კბილებით ეცა და ნახევარი ყური მოაკვნიტა. ატყდა ერთი ვაი უშველებელი. შურკა ღრიალებს. სლავკა მიტყიპეს და ისიც აღრიალდა. შურკას ყური რის ვაივაგლახით მიაწებეს. სლავკა, რა თქმა უნდა, კუთხეში დააყენეს... უცებ ზარის ხმა გაისმა. ვიღაც ჟღალწვერა, ლურჯსათვალიანი კაცი შემოვიდა და ბოხი ხმით სლავკა იკითხა: „აქ სლავკა რომელია?“ „სლავკა მე ვარ“, – უპასუხა სლავკამ. „ჩემო სლავკა, – უთხრა ჟღალწვერამ, – მე ყველა ჩხუბისთავის ზედამხედველი ვარ და მოსკოვიდან თურქესტანში უნდა წაგიყვანო“. სლავკამ ნახა, რომ შავ დღეში ჩავარდა და დანაშაულობანი გულწრფელად მოინანია. „ვაღიარებ, – თქვა მან, – რომ ვიჩხუბე, კიბეზე კაპიკობანას ვთამაშობდი და უსინდისოდ ვიცრუე, დედას ვუთხარი, არ მითამაშია-მეთქი... მაგრამ ასეთ რამეს აღარ ჩავიდენ, რადგან ცხოვრებას ახლებურად ვიწყებ“. „ჰო, – უთხრა ზედამხედველმა, – ეს სხვა ამბავია. ჯილდო გეკუთვნის, რადგან გულწრფელად მოინანიე“. ჰოდა, სლავკა საწყობში წაიყვანა, სადაც საჩუქრებს არიგებდნენ. სლავკამ იქ რაღა არ ნახა: ჰაერბურთები, ავტომობილები, აეროპლანები, ზოლიანი ბურთები, ველოსიპედები, დოლები. „რაც გინდა, ამოარჩიე“, – უთხრა ზედამხედველმა. მაგრამ დამავიწყდა, სლავკამ რა ამოირჩია...

      (მთვლემარის საამო დუდუნი) – ლელოსაპეტი?

 – ჰო, ჰო, გამახსენდა, ველოსიპედი. ჰოდა, სლავკა უმალ ველოსიპედზე შესკუპდა და პირდაპირ ხიდისკენ გააქანა. ველოსიპედს მიაქროლებს და საყვირს აპიპინებს, ტროტუარზე კი ხალხი დგას და გაოცებული უყურებს: „ეს სლავკა რა კაცია, ავტომობილებში როგორ გასხლტაო“. ხოლო სლავკა საყვირს აპიპინებს და მეეტლეებს უყვირის: „მარჯვნივ იარეთ, მარჯვნივ!“ მეეტლეები მიქრიან, ავტომობილები მიქრიან, სლავკა პედლებს გამალებით აბზრიალებს, მეორე მხრიდან, მეორე მხრიდან კი ჯარისკაცები მოდიან, მარში ისე ქუხს, ყურებს ზრიალი გაუდის...

 – დაგეძინა?..

      ანჯამები წრიპინებს. დერეფანი. კარი. იდაყვებამდე სახელოაკაპიწებული თეთრი ხელები.

 – ღმერთო ჩემო. ტანსაცმელს გავხდი.

 – მოდით. გელოდებით.

 – გვიანია...

 – არა, არაა.. ეგ არ გამაგონოთ...

 – ჰო, კარგი.

      ფითილები ბურბურებს. ჩაიდანი შიშინს იწყებს. ჯერომი საჭირო აღარ არის. იატაკზე დევს. ნავთქურის ქარსის ფანჯრის მიღმა პატარა ჯოჯოხეთი მხიარულად გიზგიზებს. ვიმღერებ ღამით ფსალმუნს. გულს მოვუძებნი სალბუნს. დიახ, მარტოხელა ვარ. ფსალმუნი სევდიანია. ცხოვრება მიმძიმს. ყველაზე უფრო ღილები მტანჯავს. წარამარა მწყდება. გუშინ ერთი ღილი ჟილეტზე ამწყდა. დღეს ერთი პიჯაკზე და ერთიც შარვლის უკანა ჯიბეზე. ღილებისგან საშველი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვხედავ. ყველაფერი მესმის. სლავკას მამა არ დაბრუნდება. არ მომკლავს. სლავკას დედა დერეფანში ნატაშკას ეუბნება: „ჩემი ქმარი მალე დაბრუნდება და პეტერბურგში გადავალთ“. არა, არ დაბრუნდება. მერწმუნეთ, რომ არ დაბრუნდება. შვიდი თვეა, არ გამოჩენილა და სამჯერ შემთხვევით შევესწარი, სლავკას დედა როგორ ტიროდა. ცრემლებს ვერ დამალავს. მაგრამ მისმა ქმარმა ბევრი რამ დაკარგა, ეს თეთრი, თბილი ხელები რომ მიატოვა. მისი ნებაა, მაგრამ ვერ გამიგია, სლავკა როგორ დაივიწყა...

      ანჯამები მხიარულად ამღერდა...

      ფითილები აღარ ბრიალებს. ქარსის ფანჯრის მიღმა წყვდიადია. ჩაიდანი რა ხანია, დადუმდა. თხელ სატინს ლამპის ათასობით სხივი ჰკვეთს.

 – საუცხოო თითები გაქვთ. პიანისტი უნდა ყოფილიყავით.

 – აი, პეტერბურგში წავალ და ისევ დავუკრავ.

 – პეტერბურგში არ წახვალთ. სლავკასაც კისერთან თქვენნაირი კულულები აქვს. მე კი სევდა მეუფლება. ძალიან მოწყენილი ვარ. სიცოცხლე გამიმწარა ამ ღილებმა, ღილებმა...

 – ნუ მკოცნით... ნუ მკოცნით... უნდა წავიდე... გვიანია...

 – არსადაც არ წახვალთ. იქ ატირდებით. ეს გჩვევიათ.

 – ტყუილია. მე არ ვტირი. ეგ ვინ გითხრათ?

 – თავადაც ვიცი. თავადაც ვხედავ. თქვენ იტირებთ, ხოლო მე სევდა დამეუფლება... სევდა...

 – რას ჩავდივარ... რას სჩადიხართ...

      ფითილები აღარ ბრიალებს. თხელ სატინს ლამპის სხივები აღარ ჰკვეთს. წყვდიადია. წყვდიადი.

      ღილებიც აღარსად არის. სლავკას ველოსიპედს ვუყიდი. აღარ ვიყიდი ფეხსაცმელსა და ფრაკს. აღარ ვიმღერებ ღამით ფსალმუნს და გულს მოვუძებნი სალბუნს.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები

ნახვა: 1972

გამოხმაურებები!

როგორი სევდიანია

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Odin:Valhalla Rising – Your Key to Norse Greatness

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 1, 2025.
საათი: 7:47am 0 კომენტარი

Odin Valhalla Rising Diamonds is a beautifully crafted open-world MMORPG that immerses players in the rich tapestry of Norse mythology. Developed by Lionheart Studio, this game spans the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, featuring stunning landscapes, engaging narratives, and intense combat. To excel in Odin’s world, you’ll need effective strategies alongside your skills.
1. Select the Ideal Class for…
გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

Qwelly World

free counters