9 ივლისი, ხუთშაბათი

      ნასაუზმევს პაპის ბიბლიურ ინსტიტუტში წავედი. იქ ძალიან საინტერესო რამ შევიტყვე. თურმე ჩემი ხელმძღვანელი, სახელგანთქმული აღმოსავლეთმცოდნე პეეტერსი[1], რამდენიმე თვის წინ იერუსალიმშ ყოფილა ხუთი-ექვსი დღით. სხვა ადგილებთან ერთად წმინდა იაკობის სომხურ მონასტერსაც სწვევია, რადგან უთქვამთ, შესაძლოა, იქ ქართული ხელნაწერები იყოსო.[2] ამის გამო მამა სავინიაკმა[3], ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელმა, (წარმოშობით ფრანგმა), შემაგულიანა, რომ იქ და უფლის საფლავთან მდებარე სხვა მონასტრებში ხელნაწერების მოძებას შევდგომოდი. ასევე შევიტყე, რომ იესოს საზოგადოების წევრი, ბეირუთის იესოს კოლეჯის პროფესორი, მამა ოვანეს მესერიანი[4], ანტიოქიის გვერდით, საკვირველ მთაზე, განაგრძობდა არქეოლოგიურ გათხრებს. ძველად იქ ქართველი ბერები ცხოვრობდნენ და შესაძლოა, ბევრი ქართული ძეგლი აღმოჩენილიყო. მამა სავინიაკი დამპირდა, რომ სარეკომენდაციო წერილს გამატანდა მის აღმატებულებასთან, უფლის საფლავის გვერდით მდებარე კათოლიკური მონასტრის იღუმენთან და იერუსალიმის კათოლიკური სკოლის დირექტორთან, ვისი დახმარებითაც შევძლებდი მდიდარ კათოლიკურ კოლექციებში ჩემთვის საინტერესო საბუთების მოძიებასა და გამოკვლევას.

      მამა სავინიაკმა ინსტიტუტის მუზეუმის ოთახში მიმიღო. სხვა ნივთებთან ერთად აქ იყო იორდანიის უდაბნოში იეზუიტების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გადაღებული ერთი ფოტოსურათიც. მასზე გამოსახულია უძველესი წარმართული სიმბოლო, ისეთი ვარსკვლავი, ახლა კომუნისტებს რომ აქვთ, მის ირგვლივ კი - ასტარტე[5].

      სადილობამდე ცოტა დრო კიდევ მქონდა და იერუსალიმის ანგლიკანელი ეპისკოპოსის მოსანახულებლად წავედი. სარეკომენდაციო წერილი მასთან საქართველოს ცნობილმა მეგობარმა, გიბრალტარის ეპისკოპოსმა ჰაროლდ ბაქსტონმა გამომატანა. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იერუსალიმში არ იყო და მისმა თანაშემწემ, არქიდიაკონმა, მიმიღო. მან მაუწყა წმინდა ჯვრის მონასტრის ეკლესიაში ქართული წარწერების არსებობის შესახებ, ხოლო შემდეგ სარეკომენდაციო წერილი გამატანა სომხებთან და კანონიკ ბრიჯმანთან, ვისაც სირიელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისიც მითხრა, კოპტებთან დაკავშირება ძნელიაო. არქიდიაკონმა ბევრი რამ მიამბო ქართველ დიდებულეზე, რომელიც საქართველოს უკანასკნელი მეფის პირდაპირი შთამომავალი ყოფილა. იერუსალიმში ინგლისელებთან უმსახურია, სასაფლაოს უვლიდა, ცოტა ხნის წინ კი ტიბერიაში გადასულა.

      შინისაკენ მიმავალმა გზად დომინიკელთა[6] მონასტერში შევიარე. ეს მონასტერი, სავარაუდოდ, იმ ადგილასაა აშენებული, სადაც წმინდა სტეფანეს სახლი იდგა. ეკლესიაში დაცული უძველესი მოზაიკები სპარსელების შემოსევამდელია, 614 წლით თარიღდება. წმინდა მიწის არქეოლოგიისა და ისტორიის საუკეთესო ექსპერტები, მამა ვისენტი[7] და მამა აბელი[8] აქ ცხოვრობენ და უმდიდრესი ბიბლიოთეკა აქვთ. ამერიკელი პროფესორი ბლეიკი[9], რომელმაც იერუსალიმის საპატრიარქოს ქართული ხელნაწერების კატალოგი შეადგინა, რამდენიმე წლის წინ მათთან ცხოვრობდა. მე მამა დე ვომ[10] მიმიღო. მან მირჩა, მცირე გალილეაში, ზეთისხილის მთაზე, ბერძნული მონასტერი მომენახულებინა. მითხრა, რომ ამ მონასტრის ეკლესიაში ქართული წარწერა იყო შემორჩენილი. ძალიან გამიხარდა და ამ ცნობისათვის მადლობა გადავუხადე.

      წარმომადგენლობის კართან იეზუიტ მცველს შევხვდი, რომელთანაც ჩემთვის გადმოსაცემი რეკომენდაციები იყო დატოვებული. იგი რუსი ემიგრანტი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ კათოლიკობა მიუღია. დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი. შევიტყვე, რომ პოლონეთის გენერალური კონსული ჩემთან საპასუხო ვიზიტს აპირებდა. ნასადილევს წმინდა იაკობის სომხურ მონასტერში წავედი. აქ არის იერუსალიმის სომეხი პატრიარქის რეზიდენცია. ეს მონასტერი, რომელიც იაფას კარიბჭის გვერდით მდებარეობს, ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდა. მოგზაურებმა, მეტწილად ფრანგებმა, ამის შესახებ ძალზე საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს. უცნობია, მონასტერი სომხებმა როდის დაისაკუთრეს. ქართულ ლიტერატურაში ამის თაობაზე ძალიან მწირი ცნობებია.

      იმ მღვდელს, რომელთანაც ინგლისელმა არქიდიაკონმა სარეკომენდაციო წერილი გამატანა, არ ეცალა, რადგან სკოლაშ გამოცდები ტარდებოდა. როცა ვკითხე, ქართული ხელნაწერები ხომ არ გაქვთ-მეთქი, ჯერ მითხრა, არ გვაქვსო; მერე კი აღიარა, რომ ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ცოტა. მან ისიც მითხრა, გვერჩივნა, სომხური და ქართულ ეკლესიებს შორის განხეთქილება არ მომხდარიყოო, ახლა მონასტრების უმეტესობა ბერძნების ხელშია და გიჯობთ, ისტორია და ძეგლები თავდაპირველად იმ მონასტრებში შეისწავლოთო. შეხვედრის დრო მომდევნო შაბათისთვის დამინიშნა და შემპირდა, რომ მის უწმინდესობასთან წარმადგენდა. შინ არ მიმეჩქარებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რუსთა არქეოლოგიური გათხრები მომენახულებინა, უფლის საფლავის ბაზილიკის მახლობლად რომ მიმდინარეობდა. ეს ადგილი ადრე ეთიოპიელებს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი მათ რუსებს დაუთმეს იმ მონასტრის სანაცვლოდ, რომელიც რუსეთის მთავრობამ აუშენა. ის მონასტერი ამჟამად ებრაულ კვარტალში, წინასწარმეტყველთა ქუჩის ერთ-ერთ გადამკვეთ ქუჩაზე მდებარეობს.

      აქ აღმოაჩინეს კარიბჭე, რომელიც ქრისტემ გაიარა, როცა გოლგოთისკენ ძელზე გასაკრავად მიჰყავდათ. ამ დიდმა აღოჩენამ დაადასტურა, რომ გოლგოთა ნამდვილად არსებობდა. ის იქვე, გალავანთან უნდა ყოფილიყო. იქ ძველი კედლების საძრკველიც ვნახე.[11] ამჟამინდელი გალავანი მოგვიანებითაა აშენებული.

      იქიდან უფლის საფლავის ბაზილიკისნე გავეშურე. როგორც ყოველთვის, ბაზილიკაშ ახლაც ბნელოდა. შიგნით სიწყნარე სუფევდა, თმცა იგი ხალხით იყო სავსე. შესასვლელში ეთიოპიის იმპერატორის მეუღლე შემხვდა რამდენიმე ქალბატონისა და ამალის თანხლებით.

      ღვთისმსახურება აქ ღამით მიმდინარეობდა, თერთმეტი საათიდან სამის ნახევრამდე. უწინ ხალხს ეკლესიიდან შინ წასვლა შეეძლო, ახლა კი ღამეს აქ ათევენ, ანუ ეკლესიაში არიან საღამოს შვიდის ნახევრიდან დილის ექვსის ნახევრამდე. თუ ხვალ წირვის აღსრულების ნებართვას მომცემდნენ, აქ საღამოსვე მოვიდოდი. იმხანად ეთიოპიით ვიყავი მოხიბლული და მინდოდა, ერთი ნაცნობი ეთიოპიელი მეპოვა. ამიტომ მათ მონასტერში წავედი. ბაღში ბევრი ბერი იდგა, მაგრამ გამოლაპრაკება ვერავისთან შევძელი. მათ თავიანთი, მართლმადიდებლური ხატებით სავსე ეკლესია მაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაცნობი ეთიოპიელის ვინაობა იცოდნენ, მაინც ვერ შევძელი გამეგო, სად ცხოვრობდა იგი.

      ებრაულ უბანში ვიყავი. იქაურობა ძალიან საინტერესო იყო. პოლონური ლაპარაკიც კი გავიგონე. მომწყურდა და ებრაულ მაღაზიაში შევედი. მაღაზიის მეპატრონე კოლომიჯადან იყო. როცა ვუთხარი, რომ მის მშბლიურ ქალაქში რამდენიმე დღ მქონდა გატარებული, ძალიან გაუხარდა და თანამემამულედ მიმიჩნია. სირიელ ობოლთა თავშესაფარი იქიდან შორს აღარ იყო. ობოლთა თავშესაფარს ცნობილი მეცნიერის, ბარონ ტიშენდორფის[12] სიძის, პასტორ შნელერის[13] გერმანული წარმომადგენლობა ეხმარებოდა. სირიელი ბავშვები იქ ახლა აღარ ჩანდნენ, მათ ნაცვლად არაბი ბავშვები იყვნენ, თუმცა ობოლთა თავშესაფარი მაინც ძველ სახელს ინარჩნებდა. ძალიან გულთბილად მიმიღეს. ერთმა მდივანმა, ახალგაზრდა გერმანელმა, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, რაც იქ მუშაობდა, თავშესაფარი დამათვალიერებინა. ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ბავშვებს პრაქტიკული ჩვევები განევითარებინათ. ასწავლიდნენ მეწაღეობას, დურგლობას, ხაბაზობას და ა.შ.; საკუთარი სტამბაც კი ჰქონდათ. ახლა დიდ გასაჭირში იყვნენ იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით შეზღდვები შემოიღეს.

      სკოლის დირექტორს, პასტორ შნელერს ვკითხე, რომელიმე განათლებულ ქრისტიან არაბს ხომ არ იცნობთ, ვინც აქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ ვითარებაში გამარკვევს-მეთქი. დირექტორმა თავაზიანობა გამოიჩინა და წერილი გამატანა ერთ ცნობილ ექიმთან, ვისაც ქალაქში დიდ პატივს სცემდნენ.

      იქ ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრმა სახლში უნდა დავბრუნდებულიყავი, რადგან მალე შვიდი საათი შესრულდებოდა. სომეხი მღვდლის ნათქვამი გულში მომხვდა: „გვერჩივნა, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის განხეთქილება არ მომხდარიყოო“. მან ისიც იცოდა, რომ პარიზში, იქაური სომხური სამწყსო და მათი არქიეპისკოპოსი ქართველ ემიგრანტებს შორის მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. ალბათ, ეს სომხების საერთო მიზანი იყო. ჩემთვის ამის გაგება და ასეთი დასკვნის გაკეთება ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] პაულ პეეტერსი (1870-1950) - ცნობილი ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, რომელთანაც მამა გრიგოლ ფერაძე თანამშრომლობდა. როგორც იგი თავად აღნიშნავს, პაულ პეეტერსთან სიახლოვემ მას „დიდი შემოქმედებით სტიმული მისცა“.

[2] წმინდა იაკობის მონასტერი ქართველთა მიერ უნდა იყოს აშენებული.

[3] რაფაელ სავინიაკი (1874-1951) - ფრანგი დომინიკელი, არქეოლოგი, იერუსალიმის ბიბლიური სკოლის მასწავლებელი.

[4] ოვანეს მესერიანი (1888-1965) - სომეხი იეზუიტი, არქეოლოგი და ეკლესიის ისტორიკოსი.

[5] ასტარტე [ფინიკიური აშტართი, არამეული ათარი, ებრაული აშთორეთი] - დასავლურ სემიტურ მითოლოგიაში ნაყოფიერების დიდი ქალღმერთი, ბაბილონში ცნობილია როგორც იშტარი.

[6] დომინიკელები - რომის კათოლიკური ეკლესიის დომინიკელთა ორდენის წევრები. ორდენი დაარსებულია საფრანგეთში 1215 წელს, ესპანური წარმოშობის მღვდლის, დომინიკეს, მიერ.

[7] მამა ლუი ვინსენტი (1872-1960) - ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი და არქეოლოგი.

[8] მამა ფელიქს-მარი აბელი (1878-1953) - ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი და არქეოლოგი.

[9] რობერტ პიერპონტ ბლეიკი (1886-1950) - ამერიკელი ბიზანტინისტი და ქართველოლოგი.

[10] მამა როლანდ დე ვო (1903-1971) - ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი.

[11] ეს სიძველეები დაცულია ალექსანდრე ნეველის რუსულ მონასტერში, რომელიც იერუსალიმის ძველი ქალაქში, წმინდა საფლავის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს.

[12] ბარონი ტიშენდორფი (1812-1874) - გერმანელი ლუთერანი თეოლოგი და პალეოგრაფი.

[13] იოჰან ლუდვიგ შნელერი (1820-1896) - ლუთერანი პასტორი. 1860 წელს მან იერუსალიმში ობოლთა თავშესაფარი დააარსა. მისი საქმე მისმა ვაჟმა, ლუდვიგმა, განაგრძო.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 345

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters