მიგელ დე უნამუნო - ალეხანდრო გომესი


   გრაფი დე ბორდავიელა დანიშნულ საათზე გამოცხადდა. მკვდრისფერი ედო და კანკალებდა, აშკარად დაბნეული იყო. სადილმა უღიმღამოდ ჩაიარა, საუბრობდნენ სრულიად უმნიშვნელო რამეებზე და თანაც მოსამსახურეების თანდასწრებით; ალეხანდროს უხამს ხუმრობებს ხულიაც ესარჩლებოდა. დესერტის შემდეგ ალეხანდრომ მოსამსახურეს უბრძანა: „ახლა ჩაი მოგვართვი!“
– ჩაი? – წამოსცდა გრაფს.
– დიახ, სენიორ გრაფო, – თქვა მასპინძელმა, – მაგრამ არა იმიტომ, რომ მუცელი გტკივა, არა; ეს მარტო კარგი ტონისთვისაა. ჩაიზე უფრო კარგად მორიგდებიან ხოლმე კაბალიეროები.
და ისევ მოსამსახურეს მიუბრუნდა: „წადი!“
ოთახში მარტო სამნი დარჩნენ. გრაფი კანკალებდა, ჩაის გემოს გასინჯვასაც ვერ ბედავდა.
– ჯერ მე მომაწოდე, ხულია, – უთხრა ქმარმა, – პირველი მე გავუსინჯავ გემოს, სენიორ გრაფო, რათა დარწმუნდეთ, ამ სახლში საფრთხე არანაირი გელით.
– მაგრამ თუ მე...
– არა, სენიორ გრაფო, მართალია, მე კაბალიერო არ გახლავარ და არც არაფერი ამის მსგავსი, მაგრამ არც ისე უნდობი ვარ. ახლა კი ჩემი მეუღლის ახსნა-განმარტება მოისმინეთ.
ალეხანდრომ ხულიას შეხედა და მან ნელა, მაგრამ ცივი ხმით დაიწყო ლაპარაკი. იგი თვალისმომჭრელი იყო, თვალები უელვარებდა, სიტყვები კი ნება-ნება და ცივად მოედინებოდა, თუმცა უმალ მიხვდებოდით, რომ მათ მიღმა გაუნელებელი ცეცხლი გიზგიზებდა.
– ჩემს ქმარს ვთხოვე, რომ მოეწვიეთ, სენიორ გრაფო, – უთხრა ხულიამ, – რადგან მინდოდა, პატიება მეთხოვა თქვენთვის იმ მძიმე შეურაცხყოფისთვის, რაც მე თქვენ მოგაყენეთ.
– მე, ხულია?
– სახელით არ მომმართოთ! დიახ, თქვენ. როდესაც მე ჭკუაზე შევცდი, როცა ჩემი მეუღლის სიყვარულმა ერთიანად დამაკარგვინა გონება, როცა ყველა ხერხსა და ღონეს ვიყენებდი, რათა დავრწმუნებულიყავი, ვუყვარდი მას თუ არა, მაშინ თქვენ გამოგიყენეთ იარაღად და ვთქვი, ვითომ ჩემი ცდუნება განიზრახეთ, ეს კი წმინდა წყლის სიცრუე იყო, ჩემი გამოგონილი და ასეთი საქციელი მართლაც დასაგმობი იქნებოდა, ისეთ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი. ასე არ არის, სენიორ გრაფო?
– დიახ, მართალს ბრძანებთ, ხულია!
– სენიორა დე გომეს! – გაუსწორა ალეხანდრომ.
– ის, რაც თქვენ მე და ჩემმა მეუღლემ გაკადრეთ, ანუ ფისუნია რომ შეგარქვით... უნდა გვაპატიოთ!
– მიპატიებია!
– მე თქვენ ისეთი უსინდისობა და უზნეობა დაგწამეთ, რაც თქვენისთანა კაბალიეროს არ ეკადრება...
– ძალიან კარგი, – დასძინა ალეხანდრომ, – ძალიან კარგი! უსინდისობა და უზნეობაო, რაც თქვენისთანა კაბალიეროს არ ეკადრებაო! ძალიან კარგი!
– და თუკი, – ისევ გიმეორებთ, შეიძლება მეპატიოს და უნდა მეპატიოს კიდეც, – ჩემს მაშინდელ მდგომარეობას გაითვალისწინებთ; რა თქმა უნდა, მაპატიებთ; ხომ მაპატიებთ?
– დიახ, დიახ; ყველაფერი მიპატიებია, ორივესთვის მიპატიებია; – უფრო ამოიოხრა, ვიდრე წარმოთქვა ცოცხალმკვდარმა გრაფმა, ოღონდ კი სასწრაფოდ გაეღწია ამ სახლიდან.
– ჩვენ ორივესო? – ჰკითხა ალეხანდრომ, – მაგრამ მე რა მაქვს საპატიებელი?
– მართალი ხართ, მართალი!
– დამშვიდდით, – განაგრძო ქმარმა, – ვხედავ, ძალიან ღელავთ. ერთ ფინჯან ჩაის კიდევ ხომ არ მიირთმევდით! ხულია, ერთი ფინჯანი ჩაი მიართვი სენიორ გრაფს. ეგებ ცაცხვის ნაყენი უფრო გეამოთ!
– არა... არა...
– კარგი და კეთილი, ახლა, რაკი ჩემმა მეუღლემ უკვე გითხრათ, რისი თქმაც უნდოდა, თქვენც აპატიეთ იმ სიგიჟის დროს ჩადენილი შეცდომა, მე ისღა დამრჩენია, რომ გთხოვოთ, დაგვდოთ პატივი და ჩვეულებრივად გვესტუმროთ ხოლმე. მას შემდეგ, რაც მოხდა, ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა, ალბათ გესმით, უსიამოვნო გრძნობას აღძრავდა. ახლა კი, როცა ჩემი მეუღლე სრულიად განიკურნა ჩემი წყალობით, აღარც თქვენ გემუქრებათ რაიმე უსიამოვნება, თუკი ისევ ისე, ძველებურად ივლით ჩვენს სახლში. და ამის დასტურად, რომ მე სავსებით დარწმუნებული გახლავარ ჩემი მეუღლის კეთილგონიერებაში, დაგტოვებთ მარტო, თუკი ჩემს მეუღლეს კიდევ უნდა რაიმე ისეთი გითხრათ, რაც ჩემი თანდასწრებით ვერ უთქვამს და არ უნდა, რომ მოვისმინო ან ერიდება.
და ალეხანდრო ოთახიდან გავიდა, ისინი კი მარტო ერთმანეთის პირისპირ დატოვა, ორივე განცვიფრებულები მისი ასეთი საქციელის გამო. „ეს რა კაცია!“ – გაიფიქრა გრაფმა, ხოლო ხულიამ გულში თქვა: „აი, ვინ არის ნამდვილი მამაკაცი!“

   მერე სიჩუმე ჩამოვარდა. ხულია და გრაფი ერთმანეთის თვალებში შეხედვასაც ვერ ბედავდნენ. ბორდავიელას სულ კარისკენ ეჭირა თვალი, საიდანაც ალეხანდრო გავიდა.
– რატომ იყურებით კარისკენ, – უთხრა ხულიამ, – თქვენ ჩემს ქმარს კარგად არ იცნობთ, ალეხანდრო კარს უკან არ დადგება და არ მოგვისმენს.
– ვინ იცის... მას შეუძლია მოწმეებსაც კი დაუძახოს...
– ამას რატომ ამბობთ, სენიორ გრაფო?
– კარგად მახსოვს, როგორ მოიწვია ის ორი ექიმი და ის შემაძრწუნებელი სცენა მოაწყო, ან მე როგორ დამამცირა, ან რა სულმდაბლობა გამოიჩინა, როცა გიჟად გამოგაცხადათ!
– მაგრამ ეს ხომ მართლა ასე იყო, მე რომ ნამდვილად არ ვყოფილიყავი გიჟი, იმას როგორ ვიტყოდი, ვითომ თქვენ ჩემი საყვარელი იყავით.
– მაგრამ...
– მაგრამ რა, სენიორ გრაფო?
– ის, რომ შესაძლოა, თქვენც გიჟად გინდათ გამომაცხადოთ, ან სულაც სიგიჟემდე მიმიყვანოთ. ამას ხომ არ უარყოფთ, ხულია?
– დონია ხულია ან სენიორა დე გომეს!
– ახლა სენიორა დე გომეს, ეგებ ისიც უარყოთ, რომ თქვენ, ასე იყო თუ ისე, გულგრილად უყურებდით ჩემს ტრფიალს... არა, ტრფიალს კი არა, სიყვარულს?
– სენიორ გრაფო!...
– თქვენ კი მაშინ არათუ გამირბოდით, არათუ არ გსიამოვნებდათ ჩემი ტრფიალი, კიდეც მიწვევდით...
– აკი გითხარით, სენიორ გრაფო, რომ მაშინ გონება მქონდა არეული და ამის გამეორება არ გჭირდებათ.
– თქვენ იმასაც ხომ არ უარყოფთ, რომ ჩვენ შორის ის-ის იყო სასიყვარულო ურთიერთობა იწყებოდა?
– გიმეორებთ, მაშინ ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი-მეთქი!
– ამ სახლში ერთი წუთითაც არ შემიძლია დარჩენა. მშვიდობით!
გრაფმა ხულიას ხელი გაუწოდა, თუმცა მაინც შეეშინდა, რომ ის არ უპასუხებდა, მაგრამ მან ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ერთი სიტყვით, თქვენ უკვე იცით, რაც ჩემმა ქმარმა შემოგთავაზათ. შეგიძლიათ გვესტუმროთ, როცა კი მოისურვებთ; ახლა, როცა ღვთის შეწევნითა და ალეხანდროს წყალობით სრულიად განვიკურნე, სენიორ გრაფო, სრულიად ჯანმრთელი გახლავარ, თქვენი მხრივ დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა, თუკი ჩვენთან სიარულს აიკრძალავდით...
– მაგრამ ხულია...
– რაო, თქვენ ისევ თქვენსას იმეორებთ? ხომ გითხარით, მაშინ გონება მქონდა არეული-მეთქი.
– თქვენ და თქვენს ქმარს თუ ვინმეს გაგიჟება გინდათ, ეს მე ვარ...
– თქვენ? თქვენი გაგიჟება გვინდა? ეს არც ისე ადვილი იქნება, ასე მგონია...
– რაღა თქმა უნდა, ფისუნიასი, აკი მე თქვენი ფისუნია ვყოფილვარ!
ხულიამ გაიცინა, შეურაცხყოფილი და ერთიანად დათრგუნვილი გრაფი იმ სახლიდან უკანმოუხედავად გაიქცა და დაიფიცა, აღარასოდეს პირიც არ ექნა მათკენ.

*

   ამდენმა ტანჯვამ სულიერად გატეხა და ცხოვრება გაუმწარა საბრალო ხულიას, მძიმედ დასნეულდა და გონებაც მთლად დაუბნელა. ახლა უკვე ცხადად ჩანდა, რომ ამ სენმა, სიგიჟემ საბოლოოდ დარია ხელი. მალიმალ კარგავდა ცნობას და ამ დროს ვნებამორეული და აგზნებული უხმობდა თავის ქმარს. და კაციც უსიტყვოდ ნებდებოდა მის ავადმყოფურ ჟინს და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ დაეწყნარებინა. „მე შენი ვარ, შენი, მარტო შენი, მხოლოდ შენ გეკუთვნი“, – ჩასჩურჩულებდა ქალს და ისიც ისე შმაგად ეხვეოდა, რომ კაცს სული ვეღარ მოებრუნებინა.
ბოლოს ალეხანდრომ ცოლი ერთ თავის მამულში წაიყვანა იმ იმედით, რომ იქ მაინც დაწყნარდებოდა, მაგრამ უკვე ჩანდა, სიკვდილი გარდუვალი იყო. რაღაც უცხო სენი ერთიანად უღრღნიდა გულგვამს.
როდესაც უზომო სიმდიდრის პატრონი კაცი მიხვდა, რომ ულმობელი სიკვდილი ხელიდან აცლიდა ცოლს, იგი ცივმა და ჯიუტმა რისხვამ შეიპყრო; მოიწვია საუკეთესო ექიმები, მაგრამ „ყველაფერი ფუჭიაო“, ეუბნებოდნენ ისინი.
– გადამირჩინეთ! – ევედრებოდა მათ.
– შეუძლებელია, დონ ალეხანდრო, შეუძლებელია!
– როგორც გინდათ, გადამირჩინეთ! მთელ ჩემს ქონებას, მთელ ჩემს მილიონებს გავიღებ მისი სიცოცხლისთვის.
– შეუძლებელია, დონ ალეხანდრო, შეუძლებელი!
– ჩემს სიცოცხლეს არ დავიშურებ, ჩემს სიცოცხლეს შევწირავ მას! იქნება სისხლის გადასხმამ უშველოს რამე! მიეცით ჩემი სისხლი! ოღონდ გადამირჩინეთ, მიეცით მთელი ჩემი სისხლი!
– შეუძლებელია, დონ ალეხანდრო, შეუძლებელია!
– როგორ თუ შეუძლებელი, ჩემი სისხლი, უკანასკნელ წვეთამდე არ დამენანება!
– მარტო ღმერთის იმედიღა რჩება, ის თუ გადაარჩენს!
– ღმერთის? მერე სად არის ღმერთი? მე მასზე არასოდეს მიფიქრია.
მერე ხულიას, თავის ცოლს მიუბრუნდა; მას ფერიც აღარ ჰქონდა, მაგრამ უფრო მშვენიერი იყო, გარდაუვალ სიკვდილს კიდევ უფრო მეტი სილამაზის ბეჭედი დაესვა:
– სად არის ღმერთი, ხულია?
მან კი თავისი დიდრონი, თითქმის უკვე ფერდაკარგული თვალები ზევით აღაპყრო და მიმქრალი ხმით უპასუხა:
– აი, იქ არის!
ალეხანდრომ შეხედა თავისი ცოლის თავთან ჯვარცმას, სტაცა ხელი, მაგრად ჩაბღუჯა და შესძახა: „გადამირჩინე ის, გადამირჩინე და რაც გინდა, მთხოვე, ყველაფერს გავიღებ, მთელ ჩემს ქონებას, ჩემს სისხლს, მთლიანად ჩემს თავს, რაც ვარ!“
ხულია იღიმებოდა. ქმრის ასეთი შიში მისი სიცოცხლის გამო, ნეტარებით ავსებდა მის სულს. რა ბედნიერი იყო იგი ბოლოს! ან კი როგორ ეპარებოდა ეჭვი ამ კაცის სიყვარულში!
მაგრამ საბრალო ქალს ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ტოვებდა სიცოცხლე. უკვე მარმარილოსავით გათეთრდა და გაცივდა. და მაშინ ქმარი გვერდით მოუწვა, გამწარებით შემოხვია მკლავები, რომ მთელი თავისი სითბო გადაეცა მისთვის, სითბო კი თანდათან ეცლებოდა საბრალოს; ქმარს თავისი სუნთქვაც უნდოდა გადაეცა მისთვის. მთლად დაკარგა ჭკუა და გადაირია. ქალი კი მხოლოდ იღიმებოდა.
– ვკვდები, ალეხანდრო, ვკვდები!
– არა, შენ არ მოკვდები, – ჯიუტად იმეორებდა კაცი, – არ შეიძლება, რომ მოკვდე!
– იმიტომ, რომ შენი ცოლი ვარ?
– არა, არა, ჩემი ცოლი არ შეიძლება მოკვდეს. ჯერ მე უნდა მოვკვდე. დაე, მოვიდეს სიკვდილი და ჯერ მე წამიყვანოს. მე! მე უნდა მოვკვდე! მოვიდეს!
– ააჰ, ალეხანდრო, ახლა უკვე მზად ვარ წავიდე იმ ქვეყნად, რაკი ჩემი ტანჯვის საზღაური მივიღე. მე კი ეჭვი მეპარებოდა, რომ გიყვარდი...
– არა, ჩანს, არ მყვარებიხარ, არა! ეს სიყვარული, ათასჯერ მითქვამს კიდეც შენთვის, ხულია, მარტო წიგნების სისულელეა-მეთქი, არ მყვარებიხარ, არა! სიყვარული... სიყვარული!.. ის საცოდავი, მშიშარა კაცუნები, სიყვარულზე ამდენს რომ ლაპარაკობენ, საკუთარი ცოლის გადარჩენაც კი არ შეუძლიათ... არა, არა, ამას არ ჰქვია სიყვარული... არ მყვარებიხარ...
– როგორ თუ არ გყვარებივარ? – ჰკითხა ცოლმა უკვე მიმქრალი ხმით, რადგან ისევ ადრინდელი ეჭვები მოერია.
– არა, არ მყვარებიხარ... შენ... შენ... სიტყვები არ მყოფნის!.. – და მას ქვითინი წასკდა, ცრემლებიც გაუშრა, ქვითინებდა, კვნესოდა და ოხრავდა ტკივილისა და უსასოო სიყვარულისგან.
– ალეხანდრო!
და ამ უილაჯო შეძახილში გაისმა გამარჯვების მწარე სიხარული.
– არა, შენ არ მოკვდები! შეუძლებელია მოკვდე! არ მინდა მოკვდე! მე მომკალი, ხულია, ოღონდ შენ იცოცხლე! ჰო, მე მომკალი, მე მომკალი!
– ვაი, რომ ვკვდები...
– მე შენთან ერთად მოვკვდები!
– მერე ბავშვი, ალეხანდრო!
– დაე, ისიც მოკვდეს. უშენოდ როგორ უნდა მიყვარდეს!
– თუ ღმერთი გწამს, ალეხანდრო, ეს ხომ სიგიჟეა...
– ჰო, მე გიჟი ვარ, აკი ყოველთვის გიჟი ვიყავი... შენი სიყვარულისგან გაგიჟებული ვიყავი, ხულია, შენ გამაგიჟე... მე გიჟი ვარ! მომკალი და შენთან წამიყვანე!
– ეს რომ შემეძლოს...
– არა, მე მომკალი, ოღონდ შენ იცოცხლე, მე კი ვიქნებოდი შენ...
– შენ?
– მე, ჰო, თუ არ შემიძლია შენი ვიყო, დაე, მეც მოვკვდე!
და იგი კიდევ უფრო, მთელი ძალით იკრავდა ქალს გულში, თითქოს მისი შეჩერება უნდაო.
– კარგი, ალეხანდრო, ბოლოს და ბოლოს, ის მაინც მითხარი, ვინ ხარ? – ჩასჩურჩულა ხულიამ.
– მე? მე ვარ კაცი, რომელიც შენ გეკუთვნოდა... ისეთი კაცი, როგორიც შენ შექმენი!

   მისი სიტყვები იმქვეყნიური ჩურჩულივით გაისმა, როცა ნავი სიცოცხლის ნაპირს მოსცილდება და შავბნელ ტბაში გაცურდება.
სულ მალე ალეხანდრომ იგრძნო, რომ უკვე გაცივებულ გვამს იკრავდა გულში. და მაშინ მის სულში ერთბაშად ჩამოწვა ცივი და ბნელი ღამე. იგი წამოდგა და ერთიანად გაქვავებული დააცქერდა უსულო, გაცივებულ, მაგრამ ულამაზეს სხეულს; არასოდეს უნახავს ესოდენ მშვენიერი. ამ უკანასკნელი ღამის შემდეგ თითქოს მარადიული განთიადის სხივებით განბანილი იწვა მის თვალწინ და უეცრად თვალწინ დაუდგა მთელი თავისი ცხოვრება, ცხადია, დაინახა ის, რასაც უმალავდა სხვასაც და საკუთარ თავსაც. შავბნელმა ჩრდილმა გადაურბინა მასაც და მასაც, ვინც მის თვალწინ ცოცხალ მოგონებასავით იწვა და ცოცხლად წარმოიდგინა თავისი მწარე ბავშვობა, როგორ ცახცახებდა მის წინაშე, ვისაც მის მამად მიიჩნევდნენ და ასეთი დაუნდობელი კი იყო, ასე სასტიკად რომ ეპყრობოდა მას, როგორ სწყევლიდა მას და ისიც გაახსენდა ერთხელაც სასოწარკვეთილმა მუშტი რომ მოუქნია ქრისტეს გამოსახულებას სოფლის ეკლესიაში.
ბოლოს ალეხანდრო ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. მაშინვე შვილს დაუწყო ძებნა. პატარა ბიჭი სამიოდე წლის თუ იქნებოდა. მამამ ხელში აიყვანა შვილი, ოთახის კარი ჩაკეტა და შვილს გაშმაგებით დაუწყო კოცნა. ბავშვი კი არ იყო მამის ალერსს მიჩვეული და თითქოს რაღაცას მიხვდაო, თან მამის ასეთმა სიშმაგემაც შეაშინა და ტირილი მორთო.
– დაწყნარდი შვილო, გაჩუმდი! მაპატიებ იმას, რასაც ვაპირებ? მაპატიებ?
ბავშვი გაჩუმდა და შეშინებული მიაშტერდა მამას; ის კი ცდილობდა თვალებში, ტუჩებში, თმაში ხულიას თვალები, ტუჩები და თმა დაენახა.
– მაპატიე, შვილო, მაპატიე!
მერე ერთი წუთით გავიდა, ოთახი ისევ ჩაკეტა, რათა თავისი უკანასკნელი სურვილი აღესრულებინა. მერე ისევ დაბრუნდა ოთახში, ჩაკეტა და თავის ცოლთან, ანუ იმასთან, ვინც იყო მისი ცოლი, სულ მარტო დარჩა.
– მე შენ გწირავ ჩემს სისხლს! – უთხრა ალეხანდრომ ისე, თითქოს იგი გაიგებდა მის ხმას, – სიკვდილმა წამართვა შენი თავი. ახლა მე წამოვალ შენთან, შენს საპოვნელად!
ერთი წამით მოეჩვენა, თითქოს მისმა ცოლმა გაიღიმა და თვალებიც გაახილა და ისეთი გაშმაგებით დაუწყო კოცნა, თითქოს გააცოცხლებდა, ეძახდა და ყურში მგზნებარე სიყვარულის სიტყვებს ჩასჩურჩულებდა, მაგრამ ის ყინულივით ცივი იყო.
მოგვიანებით, საძინებელი ოთახის კარი რომ შეამტვრიეს, სადაც მიცვალებული იწვა, ნახეს, რომ მთლად გაფითრებულს სიკვდილის სიცივისგან, სისხლისგან დაცლილსა და სისხლით ერთიანად შეღებილ ალეხანდროს გულში მაგრად ჩაეკრა ცოლი.

შალამანცა, ალრილ დე 1916.

ნახვა: 426

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters