22 აგვისტო, შაბათი

      დღეს ძალიან გამიმართლა. იერიქონში[1] წასვლის საშუალება მომეცა, რაც იერუსალიმში პოლონეთის გენერალური კონსულის, ბატონ ზდისლავ კურნიკოვსკის დამსახურებაა. ეს ადვილი მოსაგვარებელი არ იყო.

      იერუსალიმიდან იერიქონში მიმავალი გზა ძალიან სახიფათოა. იერუსალიმის კედლებს გასცდებით თუ არა, საფრთხე იქიდანვე იწყება, რადგან სამანქანო გზა სოფელ სილოამზე (რომელსაც ძალიან ცუდი სახელი აქვს) და ბეთანიაზე გაზის. გარდა ამისა, ყოველი მხრიდან უდაბნო და პიტალო კლდეები აკრავს. გზაზე მწყემსი ბედუინები თუ შემოგხვდებიან, ისინი ქურდობას არ ერიდებიან, თუკი ამის საშუალება მიეცემათ. ჩვენ არავინ შეგვხვედრია, ზუსტად შუა გზაზე კი „კეთელი სამარიტელის“ სასტუმროს[2] ნანგრევები დავინახეთ.

      იერუსალიმიდან ავტობუსი დღეში მხოლოდ ერთხელ გადის, თანაც აუცილებლად გაძლიერებული ესკორტის თანხლებით. თუ ადრე ბილეთი ხუთი პიასტრი ღირდა (ცხრა პიასტრი უკან დასაბრუნებელი ბილეთთან ერთად), ახლა, მას შემდეგ რაც კონფლიქტი გაჩაღდა, მარტო იქით მიმავალი გზა ღირს მთელი პალესტინური გირვანქა სტერლინგი და აუცილებლად რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნო. არაბენი ძალიან ხშირად ან თოფს ისვრიან, ან მაღალი კლდეებიდან ქვებს აგორებენ. უბედური შემთხვევები თითქმის ყოველი მგზავრობისას ხდება, ამიტომაა რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო, იერიქონში არც ერთი ტურისტი აღარ ჩამოდის. თუმცაღა გამოსავალი ყველა ვითარებიდან არსებობს. ხანდახან ავტობუსში არაბი მაღალჩინოსნებიც სხდებიან. ამ დროს აგენტები მეამბოხეებს მთებში ამის თაობაზე ატყობინებენ და მგზავრობაც უსაფრთხო ხდება.

      შაბათს იერიქონის მერი თავის ქალაქში ბრუნდებოდა. გენერალურმა კონსულმა კურნიკოვსკიმ შეიტყო და ერთ გავლენიან მართლმადიდებელ არაბს სთხოვა, რომ „კაიმაკანთან“ (მერთან) წარვედგინე. მანქანის გვერდით ვიცდიდით. ბევრი მგზავრი მოგროვდა, ჩვენთან ერთად სურდათ წამოსვლა. ერთმა არაბმა პოლიციელმა მირჩა (იქნებ იმიტომ, მანქანიდან რომ მოვეცილებინე), რომ დახმარება მეთხოვა კათოლიკებისთვის, ანუ „თოკიანი ბერებისათვის“, როგორც თვითონ უწოდებდა მათ. იგი ფრანცისკელებს გულისხმობდა. მართლმადიდებელი არაბი ჩვენს საუბარში ჩაერია: „ეს შეუძლებელია, - უთხრა მან პოლიციელს, - რადგან მამა (ანუ მე) მართმადიდებელია, ხოლო კათოლიკეებსა და მართმადიდებლებს ერთმანეთი ძალიან სძულთო. არაბმა პოლიციელმა გაიცინა და თავი გააქნია. ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა, რომ მღვდლებს, რომელთაც ქრისტე სწამდათ, ერთმანეთი სძულებოდათ. რა თქმა უნდა, ეს უდაბნოდან მოსული არაბი იერუსალიმში მცირე ხანს იყო ნამყოფი, მაგრამ მწამს, რომ ამ უბრალო კაცის პირით უმაღლესი სიბრძნე ღაღადებდა.

      „მიდიოდა ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში ჩაუვარდა ხელში ყაჩაღებს“,[3] - ეს თქვა ქრისტემ ორი ათასი წლის წინ. მისი ნათქვამი ამჟამინდელ ვითარებასაც მიესადაგება. თვით გზაც შიშის მომგვრელია: ორივე მხარეს კლდეები, არანაირი სილამაზე, არანაირი მომხიბვლელობა.

      ქვევით ვეშვებოდით. სული ისე მეხუთებოდა, თითქოს ძალიან მაღალი შენობიდან ლიფტით ჩავდიოდი.

      არაბი პოლიციელი ჩემ გვერდით იჯდა და მეუბნებოდა: ებრაელები თუ კარგი ხალხია, მაშ ევროპაში მათი თავიდან მოშორება რად უნდათ? მათ მოშორებას კი ყველგან ცდილობენ, რადგან თითქმის ყველანი კომუნისტები არიან. „ჩვენ გულზე რატომღა უნდა გვეხატებოდნენ? ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - დასკვნა მან. იერიქონში წარმომადგენლობას საკმაოდ დიდი მართმადიდებული მონასტერი ჰქონდა, თუმცა იქ დარჩენა შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ ერთ სასტუმროში დავბინავდი, რომლის მეპატრონეც რუსულის კარგად მცოდნე მართლმადიდებელი არაბი იყო. ძალიან გულთბილად მიმიღო და საუკეთესო ოთახი დამითმო.

      იერიქონი ოაზისია, იორდანიის უდაბნოს შუაგულში, პალმის ხეთა შორის გაშენებული ქალაქი, ყურძნისა და ბანანების მხარე. აქაურებს ძირითადი შემოსავალი ბანანის პლანტაციებიდან აქვთ. ძველი იერიქონი, სადაც ცნობილი მუზეუმებია, დასავლეთით რამდენიმე კილომეტრის იქითაა. მცირე შესვენების შემდეგ ერთმა ბერმა დიდი თავაზიანობა გამოიცინა და ქალაქის დასათვალიერებლად გამომყვა.

      იერიქონის კედლებთან გათხრები ბერლინელმა პროფესორმა სელინმა[4] ჩაატარა. იგი თავის ლექციაზე, ბერლინში, დიდი აღფრთოვანებით მოგვითხრობდა საკუთარი მუშაობის შედეგებზე. ახლა ყველაფერი თვალწინ მქონდა. ყოველთვის მეგონა, რო კედლები უზარმაზარი ქვებისგან იქნებოდა აგებული, აგურით აშენებული კი აღმოჩნდა. აგური ისეთი ძველი იყო, რომ ხელში მეფშვნებოდა.

      წმინდა წინასწარმეტყველის, ელისეს, წყარო ამ კვლევიდან არც თუ ისე შორსაა. აქ წყალი არ ვარგოდა და მისი ლოცვით სასმელი გახდა.[5] მაღალი, ვეებერთელა კლდეები, სადაც მღვიმეებია, დასავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრის იქით მდებარეობს. მღვიმეების ზემოთ აღმართულია ბერძნული მონასტერი „სარანდარიონი“, რაც „ორმოცს“ ნიშნავს. გადმოცემის მიხედვით, იორდანეში ნათლისღების შემდეგ ქრისტემ აქ ორმოცი დღე გაატარა. აქ აცდუნებდა მას სატანა და იხი მხეცებით იყო გარშემორტყმული.[6]

      ახლა აქ დაახლოებით 15 ბერძენი ბერი ცხოვრობს. დიდი და კარგი ხეხილის ბაღი აქვთ. მონასტერი ომამდე განაახლეს. წინამძღვარი აბრაამიოსი, რომელიც სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ახლაც ცოცხალია. იგი გვმასპინძლობს და ამ შენობის ისტორიას გვიამბობს. მშვენიერი ეკლესია და ბერთა სენაკებიც კლდეშია გამოკვეთილი. კლდეში გამოკვეთილ მღვიმეებსა და დერეფნებში დავდივართ. აქედან იერიქონის თვალწარმტაცი შემოგარენი მოჩანს. იორდანესა და მკვდარ ზღვასაც ვხედავთ და მოაბის[7] მთებსაც.

      ქანაანელთა დროს აქ მთელი ქალაქი იყო კლდეში გამოკვეთილი. სამწუხაროდ, ბერებს ანტიკური ისტორია სრულებით არ აინტერესებთ და ერთი დიდი ქვის გარდა, რომელზეც ქრისტე იჯდა, საყურადღებო აღარაფერია შემორჩენილი. აქ მრავალი ეთიოპიელი მომლოცველი მოდის და ზოგი მათგანი ორმოც დღეს რჩება. ახლაც ქვის გვერდით ერთი ეთიოპიელი დგას და ლოცულობს. ბერებმა მითხრეს, იტალია-ეთიოპიიის ომის აქტიური მონაწილე მაღალჩინოსანი ოფიცერიაო.

      ღამის ათ საათზე ჩემი ოთახისკენ გავემართე. გზას ზეითუნის ზეთის ლამპრით ვინათებდი. შესასვლელთან შევჩერდი, რადგან ოთახიდან საშინელი სიბინძურის სუნი გამოდიოდა. თეთრეულიც ჭუჭყიანი იყო. მსახურს მოვუხმე და მოვითხოვე, რომ ოთახი სასწრაფოდ დაელაგებინათ. ჩემმა ტონმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არაბებზე, რომელნიც ჯერ კიდევ ბაღში ისხდნენ. როცა მსახურმა ოთახი დაასუფთავა და ძილინებისა მისურვა, სერიოზულად მკითხა, პატრიარქი ხომ არა ხართო.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] იერიქონი - უძველესი ქალაქი იუდეაში, პალესტინის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე იორდანეს მახლობლად. იგი მდებარეობს დაახლოებით 270 მეტრით ქვემოთ ზღვის დონიდან და მიჩნეულია ყველაზე დაბალ ადგილად მსოფლიოში.

[2] გადმოცემის თანახმად, ამ ადგილს უკავშირდება ლუკას სახარებისეული იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ (ლუკა 10, 25-37). აქ შემორჩენილი ნანგრევები მე-16 საუკუნის თურქული სასტუმროს სახლის ნაშთს წარმოადგენს.

[3] ლუკა 10, 30

[4] ერნსტ ფანც მაქს სელინი (1867-1946) - ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიბლიოლოგი და არქეოლოგი.

[5] მე-2 მეფეთა 2, 14

[6] მარკოზი 1, 18.

[7] მოაბი - ისტორიული ადგილი, რომელიც მდებარეობს მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე. უძველეს დროში აქ ცხოვრობდნენ მოაბელები, რომლებიც განადგურდნენ ისრაელელთა შემოსევების შემდეგ, დავითის მეფობის ხანაში.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 441

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters