ჩემო ბაყდარ!

      გწერს შენი საპყარი

      მივიღე შენი წერილი, რამაც ძალიან გამახარა. მეტი რაღა უნდა გაგეხარდეს სნეულ კაცს ამ გამოყრუებულ სოფელში. ეე, შენ გახსოვს რა ტკბილი დრო იყო, როცა ჩვენი სოფელი ახალგაზრდობით იყო სავსე. ახლა რა, ყველანი ომში არიან გაკრეფილნი, მარტო შენი აქ არყოფნა რად ღირს, ნახევარი სოფელი შენ გეჭირა, მარცხენა ფეხი რო ლაზარიანთ უბანში გედგა, მარჯვენა სოფლის მეორე მხარს, გუჯიანთ ეზოში გქონდა ჩადგმული. ხალხი და ცხვარ-ძროხა შენ ფეხებქვეშ მიმოდიოდა, ცხენებსაც შენს ფეხებქვეშ დავაჭენებდით, ერთხელ, ხო გახსოვს, ფრანგი მთასვლელები ამოვიდნენ და ჩვენი სოფლის თავზე რო საყორნე გორაა, იქ გაშალეს კარავი. შენ იმ დღეს იქ არ იყავი, მეორე დღეს მოხველ, ხო გახსოვს. ფრანგებმა მთელი ჩვენი სოფელი ჩამოიარეს, თავისი ფოტოაპარატები აჩხაკუნეს, თან თავის ენაზედაც აჩხაკუნებდნენ რაღაცას, ძველებრი ხმალ-ხანჯლები გამოგვატანინეს და ისინიც ხან თვითონ აჩხაკუნეს, ხან ჩვენ გვაჩხაკუნებინეს. სურათების გადასარებად. რა თქმა უნდა ასი წლის ბებრებსაც აჩხაკუნებინეს თავისი გამომხმარი ძვლები - იმათ ხო უღეს და უღეს, ტარ-ფარტენაც აჩხაკუნებინეს ჩვენ ქალებს, მოკლედ, ის დღე სულ ჩხაკუნ-ჩხაკუნში გავატარეთ ჩვენ და ფრანგებმა. საღამოს ჩვენებური ჟიპიტაურიც ვაჩხაკუნეთ და კმაყოფილები წაჩხაკუნდნენ თავის პალატკებში.

      ჩვენც დავწექით მთელი დღის ნაცხაკუნებლები და დაღლილ-დაქანცულნი. ე ბებრებიც წვანან, მაგრამ ისე აქვთ ძვლები დაღლილი, არ აძინებს სოფელ იმათი ძვლების ჩხაკაჩხუკი, ეტყობა, საწყლებს მრილები აუმუშავდათ. აჰა, კარგი, მაგათი ძვლების ამბავი გასაგებია, მაგრამ ე ჩემი გუიც რო ერთ ამბავსი?! გამუდმებით ჩხაკუნობს და არ მაძინებს. მაშინ არ მინდოდა, შენ გამოგტყდომოდი, გულაყრილები ვიყავთ ერთურთზე, მაგრამ თურმე გულისგულსი რა სიყვარული იმალება, არვინ იცის; ხორციელმა, თორემ ღმერთმა ისიც კი იცის, გულისგუსი რო სიყვარული იმალება, ა იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია და იმ სიყვარულის გულისგულში რა სიყვარულია. ხოდა, ჩემს გულისგულშიც დიდი ადგილი გჭერებია მაშინ, თურმე იმიტომ მიღონდებოდა, მიჩხაკუნებდა გული. ვფიქრობ - ეს ამოდენა სოფელმა ვიცხაკუნეთ ფრანგებთან ერთად, რა იქნებოდა, ღმერთო, შე დალოცვილო, ბაყდარიც ცვენთან ერთად ყოფილიყო დღეს, იმასაც ენახა ჩვენი ჩხაკუნი, უფრო ლამაზად და გემრიელად არ ვიცხაკუნებდით? რა არის ვითომ, ფრანგებს რო თვის საცხაკუნოები ჰქონდათ და იმით გვაწონებდნენ თავებს, ნახეთ, ჩამორჩენილებო და ბრიყვებო, ჩვენ როგორი საჩხაკუნოები გვაქვს, თქვენ ხო არა გაქვთ ისეთებიო. ვგრძნობდი, განა არ ვგრძნობდი იმათი გულის ნაფიქრალს, მაგრამ რა გინდა რო ქნა, ფრანგების მამებმა ჭკვიანურად აჩხაკუნეს თავიანთი შვილების ჭიპები, მამაშენმა და მამცემმა კი, დაგვაჭრეს თუ არა ჭიპები, იმწუთას მოკურცხლეს დევის საძებნელად. იპოვეს, განა არ იპოვეს, აბა, თუ ვაჟკაცებია, ფრანგების მამებმა იპოვონ დევი, თანაც ჩაძინებული, ჩაუწყონ, აბა, ჯიბეში ჭიპები? ერთიც ვნახოთ და იმ დროს გაიღვიძოს დევმა, ფრანგებს რო იმის ორივე ჯიბეში ხელები აქვთ ჩაყოფილი, ჰო, ჰო, სწორედ მაგ დროს გამოიღვიძა დევმა, ეე! ხედავს და თანდათან ცეცხლი ეკიდება; როგორია, კაცი ხარ თუ დევი ხარ, წევხარ და გძინავს, თანაც იქნებ რა სიზმარს ხედავ? უცებ რაღაც გაღვიძებს და რას ხედავ? დევს ჯერ ალბათ ისევ სიზმარში ჰქონია თავი, მაგრამ არა, კაცო, ოჰ, არა, დევო, ცხადია, კარგად გაახილე თვალები, ორ კაცს შენს ჯიბეში აქვს ხელები ჩაყოფილი!

 - რას შვრებით აქ?! - ყვირის დევი.

 - ჩვენა, ბატონო დევო?! - ამათ შიშით ჩაიფსეს და ხმას ვეღარ იღებენ.

 - თხილსა მპარავდით ჯიბიდან, არა? - უფრო გაბრაზდა დევი, რაკი იმისთვის თხილი ოქროსაც სჯობია. ოქრო სულაც არ აინტერესებს, თორე ხო იშოვიდა, წავიდოდა და ნემსს და ძაფს იყიდიდა და იმ გახვრეტილ ჯიბესაც გაიკერავდა, საიდანაც ღმერთმა იცის, რამდენი თხილი ეკარგება. თხილი ჯანდაბას, ჩემს ჭიპს უფრო ვჩივი. ეს ამბავი იქით იყოს, არ მივიდნენ, არ მივიდნენ ფრანგების პაპები თუ მამები დევთან, სხვა გზით წავიდნენ და აგე, როგორი საჩხაკუნოები გააკეთეს იმათ შვილებმა.

      აი, ამაზე მიჩხაკუნებს გული; ფრანგებს მშვიდად სძინავთ ჩვენი სოფლისთვ გაშლილ პალატკებში. ჩვენს სოფელს ბებრების ძვლების ჩხაკუნი არ აძინებს. მე გული მიჩხაკუნებს, რო შენ დღეს აქ არ იყავი; ერთი დაენახე რა, თუ ისე ამაყად დაგვიწყებდნენ ცქერას.

      აი, ამ გულის ჩხაკუნ-ჩხაკუნში ჩამეძინა და ისე აგიხდეს ყველა ნატვრა და ნატვრის სიხარული, როგორც მე მეორე დილით გავიხარე შენი მოსვლით.

      დილით რაღაც ჩოჩქოლმა გამომაღვიძა.

      წამოვხტი. გარეთ გამოვედი და რასა ვხედავ:

      შენ შენებურად გაბოტიტებული დგახარ სოფელში, მარჯვენა ფეხი ლაზარიანთ ბოსტანში გიდგას, მარცხენა აღარ მახსოვს, გუჯკიანთ ბოსტანში თუ შუღლიანთ ბოსტანში, ეგენი ხო გვერდიგვერდ არიან, შეიძლება ორივეშიც გიდგას, ფეხი რა გასაკვირია, მაგხელა გქონდეს, თავი გაქვს იმხელა, შენი თავის გამოისობით ჩვენს სოფელს მზე არ ადგება, ტყუილადა გაქვს ბოსტნები, არ უშვების შენი თავი მზის სხივს და რა მწვანილი მოვა. გახსოვს, საფიხვნოში მზეზე ძვლების გასათბობად დამსხდარი ბებრები რო გეხვეწებოდნენ ხოლმე, შვილო, შენ დაპატარავებას (გაზრდას როგორღა გეტყოდნენ), ცოტა ხანს თავი გვერდზე გადასწიე, მზე მოგვადგეს, ძვლები გავითბოთო. გახსოვს, წიწილები სხვა სოფელში მიჰყავდათ შენი თავის შიშით, უმზეურში არ გაიზრდებიანო. სამაგიეროდ, სიცხეს რო დაიჭერდა ივლის-აგვისტოში, ოჰოჰოჰო, მეცოდებოდი პირდაპირ, ხე ჩვენს სოფელში არ არის და ერთადერთი საჩრდილობელი შენ იყავი, ვინღა არ აფარებდა შენი თავის ჩრდილქვეშ თავს. ძროხებს რო უკანალში ბზიკები შეუსხდებოდნენ და აწამებდნენ, როგორ დარბოდნენ შენს გარშემო, თან ატეხილი ბუღები დასდევდნენ და ახლაც გული მიკვდება, რო წარმოვიდგენ, ზაფხულობით რა დღეში იყავი.

      ღამე ხო შეკლული ჰყავდი ბალღებს: ძია ბაყდარ, მოგვიწყვიტე რა ვარსკვლავები, მოგვიწყვიტე რა მთვარე.

      ჰო, ჰო, ისევ იქით გადავუხვიე, არა უშავს, შენ რო იმ დილით შენი მოსვლით გამახარე, მაგას, საიქიოს იქით თუ კიდევ საიქიოა, მაშინაც ვერ დავივიწყებ.

      დგახარ გაბოტიტებული და გარშემო ფრანგები გეხვევიან ყაყანით, ჩხაკუნით, ერთმანეთს რაღაცას ხმამაღლა უმტკიცებენ. გიდი, რომელმაც ქართული იცის, სიცილით ამშვიდებს. რა გული მომითმენს, რო არ გავიგო, რას უმტკიცებს ეს გოგო ფრანგებს, რომლებმაც გუშინ მთელი დღე გვაჩხაკუნეს.

 - რა უნდათ, რატომ არიან ასეთი აღელვებულები? - ვეკითხები თარჯიმანს.

 - ბაყდარზე გადაირივნენ.

 - რა უნდათ მერე ბაყდარისგან.

 - იძახიან, ეიფელის კოშკიაო.

 - მერედა, თვითონ ჩვენზე კარგად არ იციან, რო ეიფელის კოშკი საფრანგეთშია და აქ რა უნდა, თანაც ხო ხედავენ, რო კაცია.

 - ხედავენ, მაგრამ მირაჟი ჰგონიათ. ამტკიცებენ, თავისი დგომით, სიმეტრიით ისე ჰგავს ეფელის კოშკს, ნამდვილად აქ მოგვეჩვენა, ოღონდაც კაცის სახითო, რა ვქნათ, როგორ დავაჯერო, რო ბაყდარიაო.

 - შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, ახლავე დავაჯერებ.

 - როგორ?

 - ქალები გვრდზე გაიყვანე და ზურგით დადექით.

      თარჯიმანმა ჩემი სოფლელი ქალებიც და ფრანგებიც მოფარებულში გაიყვანა.

 - ბაყდარ - შემოგხაძე.

 - რა გინდა?

 - დახარე, ყურში რაღაც უნდა გიჩურჩულო.

      შენ დაიხარე.

      მე გიჩურჩულე, ხო გახსოვს, რა. ისიც ხო გახსოვს, კინაღამ მუშტი რო ჩამარტყი: ამდენ ხალხში ეგ როგორა ვქნაო. მერე ხო გახსოვს, კიდევ რა გიჩურჩულე, არ იზამ და იმ გოგოსთან სათხოვნელად აღარ მიგეგზავნები-მეთქი. მეტი რა გზა გქონდა, შენც ადექი და სახალხოდ მოშარდე.

      პირობა პირობა არისო, მითხარი და ხელი დავარტყით. დავუძახე თარჯიმანს და ვეუბნები:

 - გადაეცი ამ პატიოსან სტუმრებს, დღეის მერე ბაყდარს ცილი აღარ დასწამონ, სად გაგონილა, ან რომელ ისტორიაში წერია, კოშკი და თანაც ეიფელის კოშკი, იმას აკეთებდეს, რაც ახლა ბაყდარმა გააკეთა-მეთქი.

      ატყდა სიცილი, მაგრამ რა სიცილი.

      მერე ისევ ჩხაკუნი აყდა, გუშინდელი ჩხაკუნი მონაგონი იყო, ისეთ, მაგრამ ახლა კიდევ გაჩნდა პრობლემა, ფოტოკამერებში ვერ გტევდნენ. ხან რა იღონეს და ხან რა.

      იმ ღამესაც ტკბილად ვიჟიპიტაურეთ და დილით თბილად დავემშვიდობეთ. ეგეთი კარგი ხალხი, ის ფრანგები რომ იყვნენ, კარგა ხანია არ მინახავს. ფოტოსურათიც ბევრი გამოგვიგზავნეს. ყველანი კარგები ვიყავით იმ სურათებშია: ლამაზები, უფრო ლამაზები ვიდრე ვართ, კეთილად ჩაჩხაკუნებულები.

      ღმერთმა კეთილად აჩხაკუნოს იმათი ჯიში და მოდგმა, ღმერთმა არ ქნას ი ჯიბეგახვრეტილი დევი მიეხეტოს იმათ ქვეყანაში, თორე წუთისოფლისას რას გაიგებ, ხო იცი, რა მოსდევს დევის ჯიბეში იღბლისათვის ხელების ჩაყოფას. თანაც ხო შეიძლება, იმ დევს მეორე ჯიბეც გამოეხვრიტა.

      არ გახსოვს, რა ხშირად ამბობდა ხოლმე ბათირაული სიბერეზე გამწარებული:

 - ეეეჰ, ჯიელებო, დავბერდი, ჩემს იღბალს რა ვუთხარ, ისეთ დროს მიწია სიბერემ, როცა ქვეყანას ავანჩავანი გავუგე: აფსუს, ჩემო იღბალო, როგორ გამისხლტი! ნათქომია, კაცს იღბალი მიე და თუ გინდა ცივ ქვაზე დასვიო. ისე დავბერდი, ერთხელაც არ მომიკრავს იღბლისათვის თვალი. არ ვიცი, ჯიელებო, როგორია, რა არის იღბალი.

      გახსოვს, ბაყდარ, როგორ დავცინოდით მაშინ ბათირაულს. მაშინ ჯიელები ვიყავით და ჯიელის იღბალი თავისი სიჯიელეა.

      ახლა მეცოდება ბათირაული.

      ყოველდღე იღბალს რო მისტიროდა. როგოროც ჩას, ჯიელსაც ისევე სჭირდება იღბალი, როგორც ბებერს.

საპყარი.

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი

ნახვა: 1320

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters