Literature, Qwelly, ქველი, ლიტერატურა, რენესანსი, ჯოვანი ბოკაჩო, კლასიკა

პირველი დღე

      იწყება პირველი დღე დეკამერონისა, სადაც იმის შემდეგ, რაც ავტორი ახსნის, თუ რა მიზეზით შეიყარნენ და გამართეს ერთმანეთში მოლაპარაკება იმათ, ვინც შემდეგში უნდა გამოვიდნენ, იწყებენ ბაასს პამპინეას თავმჯდომარეობით. თითოეული მათგანი იმას ლაპარაკობს, რასაც მოისურვებს.

      რამდენჯერაც მომაგონდება, მშვენიერნო, თუ რაზომ გულშემატკივარნი ხართ ბუნებით, ვრწმუნდები, რომ წინამდებარე წიგნის დასაწყისი არ მოგეწონებათ და ცუდ გუნებაზე დაგაყენებთ, რადგან იგი წარსული ჭირიანობის სამწუხარო მოგონებით იწყება. ეს მოგონება განსაკუთრებით სამწუხაროა ყველასთვის, ვინც მომსწრე იყო ამ უბედურებისა, ან ვინც სხვისაგან გაიგო ამ ჭირიანობის ამბავი. მაგრამ ამით სრულებით არ მინდა გული აგიცრუოთ დანარჩენის კითხვაზე და გაფიქრებინოთ, რომ შემდეგშიაც თქვენ მისი კითხვა ცრემლის ღვრითა და ვიშვიშით მოგიხდებათ. ეს საშინელი დასაწყისი დაე იყოს თქვენთვის იმადვე, რაც მოგზაურთათვის იქნება ძნელად ასასვლელი ციცაბო მთა, რომლის გადაღმა გადაშლილია დიდად მშვენიერი და თვალთათვის საამო ველი; და ეს ველი იმდენად უფრო სასიამოვნოდ იქნება მათთვის, ამდენადაც ძნელად ეჩვენებოდათ ამ მთაზე ასვლა და იქიდან ჩასვლა. და როგორც უზომო სიხარულს მწუხარება მოსდევს, ისე მწუხარებასაც მხიარულება შესცვლის ხოლმე. ამ ხანმოკლე სიმწარეს (ხანმოკლე-მეთქი, ვამბობ, რადგან ეს სიმწარე რამდენიმე სიტყვით შეიძლება გამოითქვას) უმალვე მოჰყვება სიტკბოება და სიხარული, რასაც მე წინდაწინვე დაგპირდით და რის იმედი კაცს შეიძლება არც კი ჰქონოდა ასეთი დასაწყისის შემდეგ, წინდაწინვე რომ არ გამეფრთხილებინა. მართალი მოგახსენოთ, რომ შემძლებოდა, დასახული მიზნისაკენ დიდის სიამოვნებით წაგიყვანდით სულ სხვა გზით და არა ამ ციცაბო ბილიკით; მაგრამ, რადგან ამ მოგონების შეუხებლად არ შემიძლია ავხსნა, თუ რად მოხდა ის ამბები, თქვენ რომ მერე წაიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ მე გარემოებამ მაიძულა ვწერო ასე და არა სხვაგვარად.

      ამგვარად, მოგახსენებთ, რომ ღვთის ძის ნაყოფიერ ხორცშესხმიდან განვლო ათას სამას ორმოცდარვა წელმა, როდესაც სახელგანთქმულ ქალაქ ფლორენციას, იტალიის ქალაქთა შორის ყველაზე ულამაზესს, თავს დაატყდა მომსვრელი ჭირი, ზეციურ მნათობთა გავლენით თუ ჩვენთა ცოდვათათვის ღვთის სამართლიანი რისხვის მიერ ჩვენდა დასასჯელად მოვლენილი. ეს ჭირი ჯერ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაჩნდა და იქ აუარებელი ხალხი იმსხვერპლა, მერე შეუჩერებლივ გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ბოლოს დასავლეთამდეც მოაღწია და აქ საშინლად მოედო ყველგან. ამის წინააღმდეგ ვერ გასჭრა ვერავითარმა სიბრძნემ და ნახმარმა საშუალებამ; ქალაქს სიბინძურისაგან აწმენდინებდნენ საგანგებოდ ამისთვის მიჩენილ ხალხს, ყველა სნეულს ქალაქში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა; გამოსცეს მრავალი დარიგება სისუფთავის დასაცველად; აღარა შველოდა არცა მხურვალე ლოცვა-ვედრება, რომელსაც მრავალგზის აღავლენდნენ ზეცად ლიტანიობისა თუ სხვა სახით კეთილმსახურნი ადამიანნი; ხსენებული წლის გაზაფხულის დამდეგიდანვე სენმა მუსრი გაავლო ხალხს და თან უცნაურის ნიშნებითა ჩნდებოდა. აქ ისე არ ჩნდებოდა, როგორც აღმოსავლეთში, სადაც კაცს რაკი ცხვირიდან სისხლი წასკდებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ უეჭველად უნდა მომკვდარიყო; სენის დასაწყისშივე მამაკაცებს და მსგავსადვე ქალებს, საზარდულთან ან იღლიის ქვეშ სიმსივნე რამ გამოუვიდოდათ; ზოგი სიმსივნე ჩვეულებრივი ვაშლისოდენა იყო, ზოგიც კვერცხისა, ზოგი უფრო დიდი და ზოგიც ნაკლები; ხალხი ჭირის სიმსივნეს ეძახდა. ადამიანს ჯერ ამ ორ ალაგას გამოაჩნდებოდა, მერე კი ეს მომაკვდინებელი სიმსივნე სხვა ადგილებზედაც იჩენდა თავს და იზრდებოდა; მერე ეს ნიშანდობლივი სახე ხსენებული სენისა იცვლებოდა და გადაიქცეოდა შავ ან მეწამულ ლაქად, დააყრიდათ ხელებზე, ბარძაყებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე, ზოგს მსხვილად და თხლად, ზოგს კიდევ წვრილად და ხშირად. და როგორც სიმსივნე იყო უეჭველი ნიშანი სიკვდილისა, ისე ეს ლაქებიც, ვისაც დააყრიდა, უეჭველად სიკვდილს უმზადებდა. აშკარა იყო, რომ ამ სენს არც ექიმის რჩევა-დარიგება შველოდა და არცა წამალს რასმე ჰქონდა ძალა, კაცი ვერ იტყოდა, თვით სენის ბრალი იყო ესა, თუ იმათი, ვინც ამ სენისაგან ხალხს არჩენდნენ (ასეთთა რიცხვი მეტისმეტად გაიზარდა, რადგან ნასწავლ მკურნალთა გარდა წამლობას მიჰყვეს ხელი მამაკაცებთან ერთად ქალებმაც, რომელთაც ექიმობა თავის დღეში არ უსწავლიათ), რადგან თავიანთი უვიცობისა გამო სენის გაჩენის მიზეზისათვის ვერ მიეგნოთ და, მაშასადამე, უებარ წამალსაც ვეღარ ხმარობდნენ; ამიტომ ძალიან ცოტანი რჩებოდნენ; თითქმის ყველანი ზემოაღნიშნული ნიშნების გამოჩენის მესამე დღეზე იხოცებოდნენ, ზოგი ცოტა გვიან, ზოგიც ცოტა ადრე, უმეტესობას არც კი აცივებდა, არც სხვა რამ ნიშანი აჩნდებოდა. ჭირი უფრო იმისაგან გაძლიერდა, რომ კარგადმყოფთაც გადაედებოდა ხოლმე, როცა ავადმყოფებს გაეკარებოდნენ, სწორედ იმნაირადვე, როგორც ანთებული ცეცხლი მოეკიდება ხოლმე ახლომდებარე ხმელ ან ზეთით გაჟღენთილ ნივთებს...

იხილეთ წიგნი:

დეკამერონი

ტეგები: Literature, Qwelly, კლასიკა, ლიტერატურა, რენესანსი, ქველი, ჯოვანი_ბოკაჩო

ნახვა: 1073

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Best Methods for Securing Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2026.
საათი: 10:43am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters