რადიარდ კიპლინგი - ტყუპები


უსაზღვროა თეთრი ადამიანის
სამართალი - უფრო დიდია ძალი სიცრუისა.
ადგილობრივ მკვიდრთა ანდაზა


       ესაა თქვენი ინგლისური სამართალი, ღარიბთა ქომაგო?! შეხედე ერთი ჩემს ზურგსა და ფერდებს - ჯოხებით მბეგვეს, მძიმე ჯოხებით. მე ღარიბი კაცი ვარ და ჩემთვის სამართალს ვინ გააჩენს.
ორნი ვიყავით, ერთად შობილნი, ტყუპები. მაგრამ, გარწმუნებთ, მე პირველი დავიბადე, რამ დასი კი ჩემზე უმცროსია სამი ამოსუნთქვით. ასე თქვა ვარსკვლავთმრიცხველმა და ჩემს ჰოროსკოპშიც ასე წერია - დურგა დასის ჰოროსკოპში. ოღონდ ჩვენ ძალზე ვგავდით ერთმანეთს, მე და ჩემი ძმა, უნამუსო პირუტყვი. ვგავდით იმდენად, გინდ ერთად ვენახეთ ვისმე, გინდ ცალ-ცალკე, ვერვინ იტყოდა, რომელი იყო დურგა დასი.
მარვარელი მაჰაჯანი ვარ და სინდისიერი ადამიანი. ეს სრული სიმართლეა. როცა დავვაჟკაცდით, მამისეული სახლი მივატოვეთ პალიში და პენჯაბში გადავედით, რომლის მკვიდრნი, ვირების ნაშიერნი, ჭკუაზე აფრაკად არიან.
მე და ჩემმა ძმამა ისერ ჯანგში, დიდი ჭის ახლოს, საიდანაც გუბერნატორის მთელი ამალა იღებს წყალს, დუქანი გავხსენით. მაგრამ რამ დასი, ცრუ და მუხთალი, წამეჩხუბა და ჩვენ გავიყავით. მან ხელი დახვია თავის დავთრებს, ქოთნებს, მარკოზის სახარებას და მევახშედ დადგა მონტგომერისაკენ მიმავალი გზის კარიბჭესთან. მაშინაც უბრალო ვიყავ, ჩვენ რომ ერთმანეთს ჩალმები დავაგლიჯეთ. მე პალელი მაჰაჯანი ვარ და ყოველთვის მართალს ვამბობ. ეს რამ დასი იყო ქურდი და მატყუარა.
ოღონდ ეს არის, დიდები კი არა, ბავშვებიც ვერ გვარჩევდნენ, რომელი იყო ჩვენს შორის რამ დასი და რომელი დურგა დასი. მეტი რა უნდოდა ისერ ჯანგის მთელ ჯამაათს - დაე, უშვილოდ გადაეგონ ისინი - მარაქაში მეც გამრიეს, მონტგომერის გზის კარიბჭესა და დიდ მოედანზე ამოთხრილი ჭის არე-მიდამოზე ხმებს ყრიდნენ, ძმები ქურდები არიანო.
       ისინი ყველანი ბრიყვები იყვნენ და პალელი მარკარის ფეხის ფრჩხილადაც არ დავაფასებ. ფული მისესხებია ყველა მაგათთვის. ოღონდ ცოტა, ძალიან ცოტა, თითო-ოროლა გროში. ღმერთია მოწამე, ერთი ღარიბი კაცი ვარ, მთელი ფული რამ დასს აქვს - დაე, მისმა ვაჟებმა ქრისტიანობა იწამონ, ქალიშვილმა კი ისე მოიჯაყოს თავი, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს ოჯახის შერცხვენის ამბავი. ნაბუშრები დასეოდეს, გათხოვება არ ღირსებოდეს, ისე ჩასულიყოს საფლავში. კერია გასციებოდეს ჩემი ძმის ოჯახს - ამას ვთხოვ გამჩენს, დღეში ორჯერ. შესაწირავს და შელოცვებს ხომ ვინ მოთვლის. დავიდარაბა ასე დაიწყო... ჩვენ გავინაწილეთ ქალაქი ისერ ჯანგი. მე და ჩემმა ძმამ. იქ, კარიბიდან ცოტა მოშორებით, მონტგომერისაკენ მიმავალ გზაზე, ცხოვრობდა ერთი ჯაგჰირდარი, მემამულე. სახელი მისი იყო მუჰამედ შაჰი, შვილი ნავაბისა. დიდი თაღლითი ვინმე გახლდათ და თანაც ლოთი. ვიდრე გარს ეხვია ქალები და საქორწილო მეჯლისებისთვის ფულიც თავსაყრელი ჰქონდა, გულმხიარულად იყო და წვერზე ისვამდა ხელს. რამ დასმა მას ფული ასესხა. ლაქჰი თუ ნახევარი ლაქჰი რუპია. კარგად არ მახსოვს. ვიდრე ფული მოსდიოდა, ჯაგჰირდარი არხეინდა აწერდა ხელს თამასუქებს. ისერ ჯანგის ხალხი ჩემი წილხვედრი იყო, ჯაგჰირდარი და ქალაქის შემოგარენი - ჩემი ძმისა. ასე გავინაწილეთ. ღარიბი კაცი ვიყავ მენა. ისერის ხალხს ქონება, აბა, ვინ მისცა. ცდას არ ვაკლებდი. რამ დასი კი ყურყუტობდა ბაღის წინ. ქეიფის ტრფიალს ფულს ჩაუთვლიდა. სახლთუხუცესს კი თამასუქს მოსთხოვდა.
       ერთი წლის შემდეგ, შემოდგომის პირს, რამ დასმა უთხრა ჯაგჰირდარს: „დამიბრუნე ჩემი ვალი“. ჯაგჰირდარმა კი მაგრად გათათხა. მაშინ რამ დასმა სასამართლოში მიიტანა ქაღალდები და თამასუქები. - ყველაფერი რიგზე ჰქონდა - და იქიდან წამოიღო განკარგულება. ამ გერბიან ქაღალდზე მთავრობის სახელი ებეჭდა. რამ დასი გოჯი-გოჯ ეპატრონებოდა იქაურობას, მანგოს ხეებს, ჭას, ყანებს, ყველაფერს სათითაოდ. თავისი მოვალეები ჩაასახლა ამ მოსავლიან ადგილებში. ასე მოდიდგა ფეხი აქაურობაში, რაკიღა გააჩნდა ქაღალდები, რომლებზეც მთავრობის სახელი ებეჭდა. და მალე ჯაგჰირდარს თეთრი სახლის მეტი აღარაფერი შერჩა. საქმე მარჯვედ ეწყობოდა. მაგრამ, როცა ჯაგჰირდარი გონს მოეგო, ცოფები ჰყარა და შეაჩვენა რამ დასი მაჰმადიანთა წესისამებრ. ჯაგჰირდარი გულზე სკდებოდა, რამ დასი კი იცინოდა, მონაგებს მიითვლიდა. ეს იყო მარტის თვეში. ცხენზე შევჯექი და ჩემს მოვალეს, ერთ კანაფის მგრეხელს მივაკითხე. სად იყო, სად არა, ცხენზე ამხედრებული ჩემი ძმა, რამ დასი გამომეცხადა. თვალი მკიდა და მაღალ ყანაში შეიმალა, ჩვენს შორის ხომ შუღლი იყო ჩამოვარდნილი. მე გზა განვაგრძე, ვიდრე არ მივადექი ჯაგჰირდარის სახლთან აღერილ ფორთოხლის ხეს. ღამურები ფრენდნენ ირგვლივ, მიდამოს საღამოს ბინდი ეფინა. იქ შემომხვდა ოთხი თავშებურვილი მამაკაცი... ხელი მიტაცეს ჩემი ცხენის ლაგამს და იყვირეს: ეს რამ დასია, დასცხეთ მაგას! დამიწყეს არგნით ცემა, მთეთქვეს მანამდე, ვიდრე არ ჩავიკეცე და ტირილი არ მოვრთე, შემიწყალეთ-მეთქი, მაგრამ ეს ნამუსგარეცხილები განაგრძობდნენ ჩემს ბეგვას და თან დამძახოდნენ: აი, შენი სარგებელი, ჩაგვიბარებია. კარგად დათვალე და აწონეო. ყვირილით დავაქციე იქაურობა, რამ დასი კი არა დურგა დასი ვარ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა. მითაქეს და მითაქეს, და როცა ენა წამერთვა, მხოლოდ მაშინ მანებეს თავი. სახეები კი დამახსომდა ამ ავისმქნელთა.
ესენი იყვნენ: მხლებელი ელაჰი ბახში, მუდამ კუდში რომ სდევს ჯაგჰირდარის თეთრონს, დარაჯი ნურ ალი, გოლიათი მზარეული ვაჯიბ ალი, შიკრიკი აბდულ ლატიფი - ერთი სიტყვით, ჯაგჰირდარის მთელი ამალა. ძროხის კუდს დავიფიცებდი, მაგრამ - აჰი, აჰი! ამას ფიცი რად უნდა. მე ერთი საწყალი კაცი ვარ, შეგინებული.
       როცა ისინი სიცილ-სიცილით გამშორდნენ, ჩემი ძმა რამ დასი გამოვიდა ყანიდან და დამიტირა. მკვდარი ვეგონე, მაგრამ მე თვალი ავახილე და ვთხოვე წყალი მოეტანა. როცა დამარწყულა, ზურგზე შემისვა, მალული ბილიკებით მატარა და მიმიყვანა ისერ ჯანგში. იმ ჟამს გული მომიბრუნდა ჩემს ძმა რამ დასზე მისი სიკეთის გამო და მტრობა დავივიწყე, მაგრამ გველი გველობას არ მოიშლის, ცრუ დარჩება ცრუდ, ვიდრე არ მიეწევა განგების რისხვა. შევცდი, რომ ვენდე ჩემს ძმას, ღვიძლ ძმას. როცა მის სახლს მივაღწიეთ და ცოტათი მოვიხედე, მოვუთხრე ჩემი ამბავი. მან თქვა: ნაღდზე, ნაღდია, მაგათ ჩემი გალახვა უნდოდათ და არა შენი. სასამართლოს კარი ღიაა, იჩივლე, როცა მომჯობინდები.
როცა ჩვენ ორთა პალი დავტოვეთ, იმ მხარეს შიმშილობა იყო დაწყებული ჯეისულმირიდან, ვიდრე გურგაუნსა და სამხრეთით გოგუნდამდე. ფეხი რომ მოვიკიდეთ, მერე მამიდა შემოგვეკედლა. გასაჭირისას, აბა, მოკეთეს ლუკმა-პურს ვინ დაამადლის? როცა ავიშალეთ, ამ ჯანდაგმა და უკბილო ძუკნამ რამ დასს აუბა მხარი და მასთან გადაბარგდა. სწორედ მას მიმგვარა ჩემმა ძმამ ნაცემი და დალილავებული. პირიდან სისხლს ვანთხევდი, მამიდაჩემს კი აქიმობისა ცოტა რამ გაეგებოდა და წამალიც ულევი ჰქონდა. ორი დღის მერმე ციება შემეყარა, მაგრამ არად ჩავაგდე იმ ხინჯის გამო, გულში რომ მედო ჯაგჰირდარის მიმართ.
       ისერ ჯანგელები ყველანი ვირის ნაშობნი არიან და ეშმაკთან წილნაყარნი. მოწმეებად კი, გაგიხარია, გამოდგებოდნენ. არაფრით არ მოხდებოდა, ჩვენება გადაეთქვათ. მოვისყიდიდი ოცამდე კაცს და ყველა მათგანი მიმოწმებდა არათუ ნურ ალის, ვაჯიბ ალის, აბდულ ლატიფის, ან, ელაჰი ბახშის, - თვით ჯაგჰირდარის წინააღმდეგაც იტყოდნენ, სწორედ ჯაგჰირდარი, თავის თეთრონზე ამხედრებული ჯაგჰირდარი აგულიანებდა ხალხს ამის საცემრად. ბეგვეს და ორასი რუპია აართვესო. ამ ჩვენებისათვის მე ვალს გავუნახევრებ კანაფით მოვაჭრეს. ის იტყვის: ჩემსას იყო, ვალი დავუბრუნე, მერე შორიდან თვალი მოვკარი, როგორ ძარცვავდნენ, მაგრამ შევშინდი და ხმა ვერ გავიღეთო. ეს გეგმა ჩემ ძმას, რამდასს გავანდე. კარგი მოგფიქრებიაო, მომიწონა - ნურაფერი გადარდებს, ეცადე, მალე დადგე ფეხზეო. ბოლომდე ვენდე ჩემ ძმას. ისიც ვუთხარი, მავან და მავან ხალხთან მიდი, მოწმეებად შეიპირე-მეთქი. ოღონდ ციება არ მეშვებოდა და კრუნჩხვებიც დამეწყო. იმ დღეს ვიფიქრე, მოდგა-მეთქი ჩემი აღსასრული. ახლა კი ვხვდები, რომ ქვრივ-ოხერმა მამიდაჩემმა - ყველა უქმრო ქალივით უგულომ, წამალი შხამად მიქცია. რამ დასმა მომიტანა კარის დიდი გასაღები, დავთრები და მთელი ის ოქროც, იატაკქვეშ რომ მქონდა დამალული. როდი ვტყუივარ, ათი რუპია თუ მექნებოდა, ანდა ოცი. მეტი კი არა. ღმერთია მოწამე, ბევრი არაფერი მებადა.
ჩემმა ძმამა ისიც მითხრა, საქმეს უკვე გავჩარხავ, სანდო ხალხს შევუთანხმდიო, მაგრამ სნეულებამ ერთთავად დამაძაბუნა და ლოგინს მიმაჯაჭვა. როცა ცოტა მოვმჯობინდი - ვერ გეტყვით, რამდენი დღის შემდეგ - რამ დასი მოვიკითხე. მამიდაჩემმა მითხრა, მონტგომერის გზით სასამართლო საქმეზე წავიდაო. წამალი დავლიე და ღრმა ძილს მივეც თავი. როცა გამოვფხიზლდი, სრული სიჩუმე იდგა რამ დასის სახლში და ჩემს დაძახილზე არავინ გამომეპასუხა. შიშმა შემიპყრო, რადგან ვერაფრით მივმხვდარიყავი, რა მოხდა.
ჯოხი დავიბიჯგე და რის ვაივაგლახით მივაღწიე ჭასთან მდებარე დიდ მოედანს. ჯაგჰირდარი ვისღა ახსოვდა, ისე ვჯახირობდი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე. ჯოვარ სინგჰს მოვუხმე, ხუროს, უპირველესს ჯაგჰირდარის მამხილებელ მოწმეთა შორის. ასე ვუთხარი: „მზად თუ ხართ, იცით კია, რა უნდა თქვათ სამსჯავროზე“?
მომიგო მან: „რა მოხდა და საიდან მოდიხარ, დურგა დას?“
- ამ წუთს წამოვდექი ლოგინიდან, რომელიც კარგახანს ვლესე ჯაგჰირდარის გამოისობით. სადაა რამ დასი, ჩემი ძმა, ვინც უნდა მოლაპარაკებოდა მოწმეებს? ამაზე ჯოვარ სინგჰმა მომიგო: „ჩვენ რა შუაში ვართ. მე მივეც ჩვენება და ამის გასამრჯელოც მივიღე, ჯაგჰირდარმა სასამართლოს ბრძანებით უნდა გაიღოს ის ხუთასი რუპია, რამ დასს რომ წაგლიჯა და კიდევ სხვა ხუთასი რუპიაც, მან ხომ დიდად აზარალა შენი ძმა“.
რეტი დამესხა, თვალთ დამიბნელდა. ვეღარ ვხედავდი ვერც ჭას და ვეღარც მის თავზე წამოყუდებულ ბერის ხეს. ჯოხს დავეყრდნე და ვთქვი: „რას მიედ-მოედები, ეს მე მაწამა ჯაგჰირდარმა და იმად მოვსულვარ, სამართალი ვეძიო, სადაა ჩემი ძმა რამ დასი?“ მაგრამ ჯოვარ სინგჰმა თავი გააქნია. ვიღაც დედაკაცმა შეიძახა: „რა ჰქონდა ჯაგჰირდარს შენთან გასაყოფი. შე უსინდისო, ღვთის პირსაგან გადავარდნილო! ღვიძლი ძმის გასაჭირით ხეირობს, ხალხნო! ასე უჯიგრო რამ დაბადა ეს მევახშეები“.
       მე ვიყვირე: „ვფიცავ ძროხას; ძროხის სახელს და მაჰადეოს ლურჯყელიან ტაძარს, ეს მე, მე მცემეს და მიმაყენეს სიკვდილის პირს. ო, ისერ ჯანგის ხალხო, აღიარეთ სიმართლე და ვალში არ დაგრჩებით“. უეცრივ შემაბარბაცა, რადგან ცემით ძალამიხდილს ჯერ კიდევ არ დამცხრომოდა ტკივილები, შემდეგ მოვიდა რამ ნარაინი, ვისაც ფარდაგი უფენია უნაბის ხის ქვეშ, ჭასთან, და წერილებს უწერს ქალაქის მცხოვრებთ. თქვა რამ ნარაინმა: „რა ხანია საქმე გაირჩა სასამართლოში და კომისრის მოადგილე საჰიბმა შენი ძმისაკენ გადახარა სასწორი. რამ დასი გაუძარცვიათო, დასტურყო. ამაზე მეც მივეც ჩვენება და სხვა ამბებიც დამოწმდა. სამსაჯავროში ნაგვემ რამ დასს ორჯერ წაერთვა ცნობა. ეს ყველამ დაინახა, ვექილებმაც და კაფანდარა საჰიბმა სკამი შესთავაზა. რა გაყმუვლებს, დურგა დასო? საქმე ისე წარიმართა, როგორც მე ვამბობ. ასე არ იყო, თუ?“
და ჯოვარ სინგჰმა თქვა: „მართალია, მეც იქ ვიყავი, სკამზე წითელი ბალიში იდო“. და რამ ნარიანმა თქვა: „თავლაფი დაასხა ჯაგჰირდარს მართლმსაჯულებამ და მისი შიშით რამ დასი და მთელი მისი სახლეული უკან გაბრუნდა პალიში. რამ დასმა გვითხრა, შენ პირველი გაბრუნებულხარ, და შუღლიც გამქრალა თურმე თქვენს შორის. დუქანიც გაგიხსნია პალიში თურმე. კარგი იქნება, ახლაც იქ წახვიდოდე, ჯაგჰირდარს მჯიღი დაუკრავს გულზე - მაგათ ოხტში ამოვალო. საცა იქნება ერთს-ერთს მაინც მოვახელთებ, ჭის ოწინარზე ჩამოვკიდებ და იმდენს ვურტყამ, სისხლს წავასხმევინებ ყურებიდანო. რაც ვთქვი, ყველაფერი მართალია, იმ ხუთასი რუპიის ამბავიც“. მე ვკითხე: „მართლა ხუთასი რუპია იყო?“
და კირპა რამმა, ჯატმა, თქვა: „დიახაც რომ ხუთასი რუპია, თავად ვარ ამის მოწმე“. დარდით ამოვიგმინე, რადგან მეგონა, ორას რუპიას იტყოდნენ.
უცბად გულმა რეჩხი მიყო, ჩემი დავთრები და ფული გამახსენდა, ლოგინის ქვეშ, ხის სკივრში რომ მეგულებოდა, და რამ დასის სახლისაკენ გავქანდი.
იქ არაფერი დარჩენილიყო, ერთი კაურის საფასურიც კი, ყველაფერი წაეღო ეშმაკის ნაშიერს, ძმას ჩემსას... მერმე საკუთარ სახლში წავედი და დარაბები გავხსენი. არც იქ დამხვდა აღარაფერი. ხორბლის გოდრებში ვირთხები დაწრიალებდნენ. ჭკუაზე კინაღამ გადავცდი. ტანსაცმელი შემოვიხიე, ჭას მივვარდი. ინგლისის მართლმსაჯულებას ვუხმობდი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი, იმ დავთრებს მივტიროდი, ძმამ რომ დამინახშირა. ხალხმა რომ დაინახა ჭაში ვეპირებოდა გადახტომას, ირწმუნა ჩემი სიტყვები, ზურგსა და მკერდზე ხომ ჯერ კიდევ მაჩნდა ჯაგჰირდარის ჯოხების კვალი...
ჯოვარ სინგჰმა ტორები მომხვია, გამაკავა, აქეთ-იქით შემაბრუნა და ყველას უჩვენა ჩემ ტანზე გაჩენილი ნაჭდევები. სიცილისაგან ჩაბჟირდა, ლამის ჭის არშიას არეხვებდა თავს. მერე ისე იყვირა, ქარავან-სარაიამდე მიაწვდინა ხმა: ჰეი, ჰეი! ტურები წაიკიდნენ და ერთი ნაცრისფერი ტურა მახეში გაება. რაც მართალია, მართალია, ეს კაცი მაგრადაა ნაჟეჟი და მისმა ძმამ ჩაიჯიბა მაგის კუთვნილი ფული. შე ბოთევ, შენა, ახლა რა გამოულევს ხალხს სალაზღანდაროს. ტურები წაიკიდნენ და დავთრებიც დაიბგალა. ო,. დურგა დასის მევალეებო, ვიცი, ოხრად იქნებით, დავთრები დაიწვა!
       ამის გამგონე მთელი ისერ ჯანგი აყვირდა, დავთრები დაიწვაო. - აჰი, აჰი! ეს მე წამომცდა, ბრალი ჩემი იყო. მთელი ქალაქი დამცინოდა. გამქირდეს პენჯაბურად. მათ კი ძალზე მწარე გაქირდვა სჩვევიათ. ჯოხებს მიშენდნენ და ძროხის ნაკელს, ვიდრე არ დავეცი და შეწყალება არ ვითხოვე.
წერილების მწერალმა რამ ნარაინმა ხალხს მიმართა: „შეწყვიტეთ ეს ყალილა, თორემ მონტგომერამდე მიაღწევს ამბავი და პოლიცია თავს დაგვადგება“.
- ერთ სიკეთეს მაინც გიზამ, დურგა დას, - მითხრა მწერალმა, თან უშვერი სიტყვებით მამკობდა, - თუმცა ჩემს დისშვილს უხიმანე, ყავისფერი უშობელი დასტყუე. ხალხნო და ჯამაათნო, იქნებ რითიმე შეეწიოთ ამ ჯეელს. ვისა გყავთ ისეთი პონი, რომელზეც გული არ გეთანაღრებათ. ჯაგჰირდარი თუკი შეიტყობს, ერთი ტყუპთაგანი ქალაქშიაო, ცოცხალს არ გაუშვებს, მოვა პოლიცია, ასტეხენ ჩხრეკვა-ძიებას, მაგათი ამბავი რომ ვიცი, არც დახლიდარებს გაახარებენ, გამოუჭამენ ყველაფერს.
კირპა რამმა, მეჯოგემ თქვა: „მე მყავს დავარდნილი პონი, მაგრამ ცემა-ტყეპით, ვინძლო, ორი მილი მაინც გაიჩაქჩაქოს. თუკი სულს გააცხებს, მეტყავეებს დაუთმეთ ლეში“.
შემდეგ ჩუმბომ, მეტყავემ, თქვა: „მაგ ლეშში სამ ანას ვიძლევი, გზაშიც გავყვები. თუ ორ მილზე გაუძლო, მარტო ორ ანას გადავიხდი“.
- აგრე იყოს, - დაყაბულდა კირპა რამი.

ნახვა: 211

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters