31 ივლისი, პარასკევი - 2 აგვისტო, კვირა

      წმინდა საბას[1] მონასტერში ვარ, იუდეის უდაბნოს შუაგულში. გზა იერუსალიმიდან აქამდე ძალიან დამქანცველი იყო. ეს გზა დავითის ან სიონის კარიბჭესთან[2] იწყებოდა და „სისხლის მიწაზე“ გადიოდა (რომელიც ერთ დროს იუდას ვერცხლით შეიძინეს),[3] შემდეგი უნაყოფო, უწყლო და უგზო უდაბნო იწყებოდა. მე იმ ქარავანს გავყევი, რომელსაც ბერებისთვის საკვების მისატანად საპატრიარქოდან ყოველ პარასკევს აგზავნიდნენ. ბედუინებს უთხრეს, რომ ჩემზე ეზრუნათ; მართლაც, მგზავრობისას არაფერი შემმთხვევია. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. მთელს გზაზე ხე კი არა, ბუჩქიც არსად დაგვინახავს. არც წყალი იყო სადმე, ხოლო რაც თან გვქონდა წამოღებული, ძალიან გათბა. ბედუინები ჯორებს მიერეკებოდნენ და რაღაცას მღეროდნენ. გზაზე ბედუინების კარავი შემოგვხვდა და მთლად ტიტველი ბავშვები ჩემკენ საჩუქრის სათხოვბელად გამოიქცნენ. ჩემმა მეგზურმა ისინი გარეკა. მხოლოდ მზისგან გავარვარებული ქვიშის ზღვა და ქვიშასავით მოელვარე შიშველი მთები მოჩანდა. ქვიშის ზღვა უსასრულო იყო, თუმცაღა ყოველივე ამის ხილვა მაინც მატკბობდა.

      ხუთსაათიანი სიარულის შემდეგ კედრონისკენ დავეშვით. ამჟამად მდინარე თითქმის დამშრალი გახლდათ და შეგვეძლო კალაპოტს ავყოლოდით. მდინარე სათავეს ლავრასთან იღებდა. გადმოცემით, ჩვენი უფლის მეორედ მოსვლისას ამ მდინარის წყალი ცეცხლად გადაიქცევა, მთელს სამყაროს გადმოეღვრება და გადაწვავს. ხელმარჯვნივ ერთი მთა აღმართულიყო. ჩემი მეგზურის მტკიცებით, ეს წმინდა მოსეს მთა იყო. ზედ მუსლიმური სამლოცველო იდგა. არაბთა მოსვლამდე ამ ადგილზე ქრისტიანული ეკლესია ყოფილა და იქ მყოფ ერთ ყველაზე ცნობილ ბერს მოსე რქმევია. მოგვიანებით ეს ბერი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ მოსესთან გააიგივეს. ამის გამო ქრისტიანები იქიდან განდევნეს და მათ ნაცვლად მაჰმადიანები დამკვიდრდნენ.

      მთაზე ავდიოდით. ქვებში თითქოს საფეხურები იყო გამოკვეთილი. ხელმარცხნივ, მდინარის გაღმა, ძველ მღვიმეებს ვხედავდი. მათი უმეტესობა დანგრევის პირას იყო მისული. თვით მონასტერი მაღალი მკვიდრი გალავნით იყო შემოზღუდული. სამრეკლოზე ერთი ბერი მოჩანდა. როცა მიახლოებული სტუმრები დაგვინახა, ზარს შემოჰკრა. სხვადასხვანაირი ზარი ჰქონდათ და იმის მიხედვით ირჩევდნენ სტუმრად ვინ მოდიოდა. ზარის ხმაზე მეკარემ კარიბჭე გააღო. მრავალი საფეხური ავიარე და გარეთა დარბაზს, უფრო სწორად, მონასტრის მთავარი ეკლესიის ნარტექსს მივადექით. იქ დიდი, კარგი ავზი იდგა. სხვა წყალი (წმინდა საბას ძალიან პატარა წყაროს გარდა) არ ჰქონდათ და ბერები ავზებში წვიმის წყალს აგროვებდნენ. ტერასებზე გაშენებული მონასტერი გასაოცრად ლამაზი იყო. წმინდა იოანე დამასკელი[4] აქ ცხოვრობდა და აქ ქმნიდა დიდებულ ჰიმნებს, ღვთისმსახურებისას რომ ვგალობთ. მისი სენაკი სამლოცველოდაა გადაკეთებული. ძველი ხატების პატარა მუზეუმიც აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის არც ერთი ქართული ხატი არ არის. ძველად აქ ქართველები ცხოვრობდნენ. ისინი წმინდა საბას ანდერძშიც არიან მოხსენიებულნი. მათ უფლება ჰქონდათ სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები მშობლიურ ენაზე წაეკითხათ.[5]

      თვით მონასტერი კლდეში ტერასებად არის გამოკვეთილი და ამ ადგილიდან თვალწინ კედრონის თვალწარმტაცი ხეობა გადაგეშლებათ. მზე ჩავა თუ არა, აქ მელიები მოდიან და მათთვის ბერების მიერ დაყრილი პურს ჭამენ. აქ ადრე წმინდა საბას ჩიტებიც ბინადრობდნენ, მაგრამ მათი უმეტესობა ბედუინებმა დახოცეს. აღარც მელიები არიან ბევრნი.

      ხვალ მღვიმეების დათვალიერებას ვაპირებ და ამიტომ დღეს ვისვენებ. მეც მღვიმეში ვცხოვრობ. ჩემი საწოლის თავზე ყულაბაა, რომელსაც ფრანგულად აწერია მოწყალების თხოვნა, pour les miserables ანუ „საბრალო ღატაკებისთვის“. ძალიან მწყინს, ბერის ასეთ ყოფას რომ ხედავ აქ - მთელს მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთ ადგილას, სადაც ამგვარი არქაული ასკეტიზმია შემორჩენილი. ბერი არასდროს არ არის საბრალო, თუკი თავისი ნებით და მოწოდებით არის ბერად აღკვეცილი. პირიქით, ბედნიერია რადგან შინაგან ჰარმონიას ესწრაფის. ასეთი ტრადიცია, ალბათ, ძალიან ძველი დროიდან მომდინარეობს და ვინც პირველად გამოიყენა იგი, უთუოდ ხაზს უსვამდა ჩვენი, მართლმადიდებლური სამონასტრო ცხოვრების უსაზღვრო მოკრძალებულობას. მყუდროებაში მყოფი ვცდილობ, ამ აზრის სიდიადეს და სიწმინდეს როგორმე ჩავწვდე...

      აივანზე ფეხის ხმა შემომესმა. ვიღაც ნახევრად შიშველი ბედუინი ჩემს ოთახში უეცრად ისე შემოძვრა, რომ არ დაუკაკუნებია. საჩუქარს თხოვდა. ალბათ, დრო შეარჩია, სანამ ბერები სურსათის გადმოტვირთვის იყვნენ დაკავებულნი და შემოიპარა. გარეთ გავაგდე და კარი ჩავკეტე.

      აქ ორი რუსი ბერი ცხოვრობს. ერთი მათგანი უბრალო გლეხია, იგი ხნიერია, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობს. მეორე შედარებით ახალგაზრდაა, აქ ინტერდანტადაა.[6]

      ღვთისმსახურება აქ ღამის თორმეტ საათზე იწყება და დილის ოთხ საათამდე გრძელდება. თერთმეტ საათამდე ზარი დარეკეს. ავდექი და აივანზე გავედი. საამური, თბილი ღამეა. მთელი მონასტერი ვერცხლისფრად შეფერილა. თეთრ კლდეებს, მღვიმეებსა და თვით ტაძარს ზღაპრული ღამის ფერები უჩვეულო, წმინდა შარავანდედივით შემოჰფენია. ცოდვა იქნება, ასეთი საოცარი ღამე ძილში გავატარო. შთაგონებას, ჭვრეტას უნდა მივეცეთ, ჰიმნები ვიგალობო, ვილოცო...

      წმინდა საბას ლავრაში გატარებულ ორ საოცარ ღამეს ყოველთვის დიდი მონატრებით გავიხსენებ.

      დილით, ღვთისმსახურების შემდეგ, აივანზე ყავას ვსვამდით და კედრონს გადავყურებდით. შემდეგ ბერები დასაძინებლად წავიდნენ. მე კი კარიბჭე გავაღებინე და მღვიმეების ახლოს გავისეირნე. კარიბჭესთან შორიახლოს დიდი კოშკი იდგა, რომელშიც რამდენიმე ოთახი იყო. იქ ქალებს შეეძლოთ დაბინავება, რადგან მათ მონასტერში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. როცა მონასტერს საკმაოდ დავშორდი, უეცრად, ის ბედუინი შევნიშნე, ოთახიდან რომ გავაგდე. მე მომყვებოდა. იქნებ გუშინდელის გამო სამაგიეროს გადახდას აპირებდა? ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მკვდარი ზღვისკენ მიმავალ გზაზეც არავინ ჩანდა. აღარც მონასტერი და კოშკი მოჩანდა. ბედუინმა ყვირილი შორიდანვე დაიწყო, საჩუქარს მთხოვდა. ვუთხარი, საჩუქარს ხვალ მოგცემ-მეთქი და ვთხოვე მღვიმეები ეჩვენებინა. მშვიდად ველაპარაკებოდი, ვუღიმოდი კიდეც, მან კი აღარ იცოდა, დაეჯერებინა ჩემთვის თუ არა. ამ დროს მონასტრიდან მომავალი ბერი გამოჩდა. თურმე კოშკიდან ვიღაცას ბედუინი შეუმჩნევია და ბერი ჩემს დასახმარებლად გამოუგზავნია. ბედუინმა ბერი დაინახა თუ არა, მაშინვე მომშორდა.

      ბერები აქ უზომოდ ფანატიკოსები არიან. ისინი დროის მიღმა ცხოვრობენ და სრულებით არ ადარდებთ, ქვეყნიერებაზე რა ხდება. ერთმა ბერმა მითხრა, პატრიარქი დამიანე ერთი წლის წინ გარდაცვლილაო. „რაო? ერთი წლის წინ?“ - შეაწყვეტინა მეორე ბერმა, რომელიც იერუსალიმიდან რამდენიმე წლის წინ სასჯელის მოსახდელად გამოეგზავნათ. - „ეს ხომ ხუთი წლის წინ იყო!“ „რას ამბობ?“ - უმწეოდ ჰკითხა პირველმა ბერმა, გაოცებულმა კი არა, დაეჭვებული.

      ამგვარ გარემოში წარმოსახვა ძალიან აქტიურდება. როცა დერეფანში კატა დავინახე ხელის გადასმა დავაპირე, ერთმა ბერმა მკაცრად დამტუქსა. მითხრა, წმინდა ბასილის[7] სწავლების მიხედვით, კატა ქალის სიმბოლოა, რადგან უამრავი ქალური თვისება აქვს. ვინც კატას შეეხება, სამი დღის განმავლობაში უწმინდურია. ამ სამ დღეში თუ მოკვდება, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდება. მე შემეშინდა, რომ სატრაპეზოში აღარ შემიშვებენ და ჭამა ოთახში მომიწევდა.

      წმინდა საბას მონასტერი ძალიან მდიდარია. უამრავ მიწას ფლობს. ადრე მთელი უდაბნო მისი იყო. ახლა პალესტინის უდაბნო პარიზის უბნებზე უფრო ძვირია. ამან ერთი ამბავი გამახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ძალიან გახმაურდა. ებრაელებს უნდოდათ, რომ მკვდარი ზღვის მახლობლად ერთ ველზე პლანტაცია გაეშენებინათ. ველი არანაკლებ თხუთმეტი კილომეტრი სიგრძისა იყო და კარგი მოვლა-დამუშავებით არაჩვეულებრივად უხვ მოსავალს მიიღებდნენ. მანამდე უდაბნო თითქოს არავის ეკუთვნოდა, ახლა კი უეცრად სამი მფლობელი აღმოაჩნდა. პირველი გახლდათ ბრიტანული ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მთელი ტერიტორია მას ეკუთვნოდა. მეორენი იყვნენ ბედუინები, რომლებიც უდაბნოზე გადადიოდნენ და ამ ადგილას წელიწადში ერთხელ მაინც რამდენიმე კვირის განმავლობაში კავებს დგამდნენ. დაბოლოს, მესამე მფლობელი წმინდა საბას მონასტერი იყო. თუმცა მონასტერს არანაირი საბუთი არ ჰქონდა, სასამართლო მისი უფლება აღიარა და უდაბნოს ნახევარი მიაკუთვნა. მეორე ნახევარი ბედუინებს მისცეს. ამბობენ, ებრაელები არაფერს იშურებდნენ, ოღონდ მონასტრისგან მიწა გამოესყიდათ, მაგრამ ახლა ამ მიწის მიღება უსასყიდლოდ უნდათო.

      წმინდა საბას მონასტერს მართლმადიდებლურ სამყაროში დიდ პატივს სცემენ და დიდი სახელი აქვს. ომამდე მას თითქმის ყველგან, მთელს მსოფლიოში ჰქონდა საკუთრება. საქართველოშიც მთელი სოფლები ეკუთვნოდა.

      ბიბლიოთეკის ნახვა ძალიან მინდოდა. იგი კოშკში იყო განთავსებული. იქ ასვლა ჭირდა, რადგან გრძელი კიბე უნდა აგევლოთ. ამ ბიბლიოთეკიდან საპატრიარქოში ყველა ხელნაწერი არ წაუღიათ და ალექსანდრე ცაგარელმა იქ ერთი ქართული ხელნაწერი ნახა.[8] მე კი არ გამიმართლა. მითხრეს, გასაღები ბეთლემში წასულ ბევრს გაჰყოლიაო. ასეთი პასუხი მობოდიშების ხერხი გახლდათ, როცა ბერებს არ სურდათ, ვინმესთვის თავიანთი კოლექცია ეჩვენებინათ.

      აქ კავკასიიდან ჩამოსულ ერთ ბერძენ ბერს უცხოვრია. ამბობდნენ, ქართული იცის და წირვაზე ქართულად გალობსო. სამწუხაროდ, იგი იმ დროს მონასტერში არ იმყოფებოდა.

იერიქონის ვარდები, გრიგოლ ფერაძე, ელექტრონული ლიტერატურა

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] წმინდა საბა, იგივე წმინდა საბა განწმენდილი (439-532) - ცნობილი ასკეტი მეუდაბნოე მამა. V ს-ის 80-იან წლებში მან იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლ. 13-15 კმ-ის მანძილზე დააარსა საბას ლავრა, რომელშიც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. საბას ლავრა დაარსებიდანვე იქცა ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მნიშვნელოვან კერად.

[2] დავითის ანუ სიონის კარიბჭე - ერთ-ერთი უძველესი იერუსალიმის რვა კარიბჭეთაგან. მისი სახელწოდება უკავშირდება ბიბლიური მეფე დავითის სახელს. კარიბჭე ააგეს 1540 წელს სულთან სულეიმან დიდებულის დროს.

[3] მათე 27, 8.

[4] წმინდა იოანე დამასკელი (655-750) - ეკლესიის მამა, თეოლოგი და ჰიმნოგრაფი.

[5] J. Patrich, Sabas Leader of Palestinian Monasticism, Dombarton Oaks Studies XXXII, 1995, გვ. 251, 388; კ. კეკელიძე, ვინ არიან ბესები?, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბილისი, 1956, გვ. 84-98; A. J. Festugiere, Les moines d'Orient, III/2: Les moines de Palestine (Cyrille de Scythopolis: Vie de Saint Sabas); Paris, 1962 b; J. T. Milik., La topographie de Jerusalem vers la fin de l'epoque byzantine, Melanges de l'Universite Saint-Joseph, MUSJ 37, fasc. 7, 1960-61, გვ. 124 n. 291.

[6] ინტერდანტი - მომარაგებისა და სამეურნეო საქმეთა მმართველი.

[7] წმინდა ბასილი დიდი (დაახლ. 330-379) - დიდი კაპადოკიელი მამა, 370 წლიდან კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსი.

[8] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 127

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 528

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters