მარაო, ლუიჯი პირანდელო, hand fan, luiji pirandello, literatura, luiji, motxroba, pirandelo, qwelly, აგვისტო, ლიტერატურა, ლუიჯი, მარაო, მოთხრობა, პირანდელო, ცნობილი ავტორი

მარაო - ლუიჯი პირანდელო

      აგვისტოს პაპანაქება სიცხეში, შუადღეზე, მტვრიანი და უბადრუკი ქალაქის ბაღი ფართო მოედნის შუაში თითქმის უკაცრიელი იყო. მაღალი ყვითელი სახლებიც კი, მოედანს რომ გარს ერტყმოდნენ, სიცხისგან გათანგული გეგონებოდათ. ტუტა ქალაქის ბაღში ბავშვით მივიდა.

      ჩრდილში, სკამზე მოხუცი იჯდა, რომელსაც ნაცრისფერი კოსტიუმი ტანზე ტომარასავით ეკიდა. თავზე ცხვირსახოცი დაეფარებინა. ცხვირსახოცის ზევიდან დრო-ჟამის გავლენით გაყვითლებული ჭილის ქუდი ეხურა. პერანგის სახელოები საგულდაგულოდ აეკაპიწებინა. მოხუცი გაზეთს კითხულობდა. მის გვერდით სკამის ზურგზე თავგადაგდებულ უმუშევარს ეძინა. დროდადრო მოხუცი კითხვას შეწყვეტდა და მეზობელს გადახედავდა, რომელსაც ბინძური ქუდი თითქოს საცაა თავიდან გადმოუვარდებოდა. ეტყობოდა, ეს ქუდი, რომელიც ღმერთმა უწყის, რაზე იყო დამაგრებული, ძალიან აღიზიანებდა მოხუცს და დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, მეზობლისთვის თავზე ჩამოეფხატებინა, ან სულაც მოეძრო მისთვის და მიწაზე დაეგდო. მოხუცმა მძიმედ ამოიოხრა, ისევ მოავლო თვალი მეზობელ სკამებს იმ იმედით, იქნებ კიდევ იყოს სადმე ჩრდილში სკამიო. შორიახლოს მართლაც იდგა სკამი, მაგრამ ზედ ჩამოძონძილი სქელი დედაბერი იჯდა, რომელიც ყოველთვის, როგორც კი მოხუცი თავს ასწევდა, ხმამაღლა ამთქნარებდა და უსაშველოდ აფჩენდა კბილებჩაცვენილ პირს.

      გაღიმებული ტუტა ფეხაკრეფით მიუახლოვდა მძინარე მუშას, თითი ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად შეუსწორა ქუდი.

      მოხუცი ჯერ გაოცებული დააკვირდა მის საქციელს, მერე გაბრაზებულმა შეუბღვირა.

 - ნება მიბოძეთ, ბატონო, – მიმართა ტუტამ მოხუცს, თან ღიმილით თავი დაუკრა, თითქოს ნამძინარევ უმუშევარს კი არა, პირადად მას მოემსახურა, – გაიღეთ მოწყალება უმწეოსთვის.

 - არა, – გაბრაზებით შეუტია მოხუცმა და ისევ გაზეთში ჩარგო თავი.

 - როგორმე სულს შევინარჩუნებთ! – ამოიოხრა ტუტამ, – ღმერთი მოწყალეა, გაგვიკითხავს. მერე მეორე სკამზე ჩამოჯდა, ჩამოძონძილი დედაბრის გვერდით და მაშინვე საუბარი გაუბა. ტუტას ახლახან შეუსრულდა ოცი წელი. ტანმორჩილი იყო, მკერდმაღალი, თეთრი კანი და ყორანივით შავი თმა ჰქონდა, შუაზე გაყოფილი და ორ სქელ ნაწნავად დაწნილი. თვალებს ეშმაკურად, გამომწვევად აკვესებდა. დროდადრო ტუჩებს იკვნეტდა. პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი მღელვარებისგან უხტოდა. ტუტა დედაბერს თავის გასაჭირს უყვებოდა. ქმარი...

      დედაბერმა თავიდანვე, ერთი შეხედვით აგრძნობინა, თუ გინდა გული მოიფხანე ლაპარაკით, მაგრამ მე ვერ მომატყუებო.

 - კანონიერი ქმარი?

 - კი, ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი.

 - ჰო, ეკლესიაში?!

 - მერე რა, განა საკმარისი არ არის? სულ ერთია, ქმარი იყო.

 - არა, შვილო, ასე ხეირს ვერ ნახავ.

 - როგორ თუ ხეირს?

 - როგორ და ისე...

      დედაბერი მართალი იყო, სინამდვილეში ვერც ნახეს ხეირი. ამას წინათ ტუტას ქმარმა მოინდომა მისი თავიდან მოცილება და აიძულა რომში წამოსულიყო, უთხრა, ძიძის ადგილი მოძებნეო. ტუტას არ უნდოდა წამოსვლა, აბა, ვინ აიყვანდა ძიძად, როცა მისი ბიჭი თითქმის უკვე შვიდი თვისაა? ორი კვირა ერთ მაკლერთან იცხოვრა, ბინისა და საჭმლის ფული არ ჰქონდა და მაკლერის ცოლმა თავხედურად შესთავაზა, რომ...

 - წარმოგიდგენიათ, როგორ გამიბედა!

      „სიბრაზისგან“ რძე გაუშრა და ახლა თავის საწყალ ჩვილს რძესაც ვერ აწოვებს. მაკლერის ცოლმა წაართვა საყურეები და ნივთებიანი ბოღჩა, რომელიც სოფლიდან ჩამოიტანა. მას მერე ქუჩაში დარჩა.

 - იცი, არ გეხუმრები, ქუჩაში დავრჩი!

      სოფელში დაბრუნება აღარ შეეძლო და არც უნდოდა, სულ ერთია, ქმარი მაინც გამოაგდებდა. რაღა დარჩენია, ამ პაწიამ ხელ-ფეხი შეუკრა. მოსამსახურედაც არავინ აიყვანს.

      დედაბერი ტუტას უნდობლად უსმენდა, გოგონა მეტისმეტად მშვიდად ჰყვებოდა თავის გასაჭირს, ხოლო როცა სიტყვის მასალად ამბობდა, „იცი, არ გეხუმრები“, იღიმებოდა კიდეც.

 - საიდან ხარ? – ჰკითხა დედაბერმა.

 - კორელი ვარ. – გოგონამ ჩაფიქრებულმა გაიხედა სადღაც შორს, თითქოს იქ თავისი მშობლიური სოფელი დაინახა.

      მერე თავი გააქნია, პატარას დახედა და თქვა: – რა ვუყო ამას? პირდაპირ აქ მივატოვო, მიწაზე დავაწვინო ჩემი ტკბილი პაწია?

      მან ბავშვი ხელში აიტაცა და გაშმაგებულმა დაუწყო კოცნა.

 - გეტყობა, რომ შესცოდე, ახლა რაღას ნანობ?

 - მე შევცოდე? – მიუბრუნდა მოხუცს ახალგაზრდა დედა, – მერე რა, თუნდაც შევცოდე, ამის გამო ღმერთმა დამსაჯა კიდეც. მაგრამ ჩემი პატარა რატომღა უნდა იტანჯებოდეს? რა დააშავა? ღმერთი ყველაფერს სწორად არა სჯის. და თუ ასეა, მაშინ ჩვენ, სულელებს რაღა მოგვეთხოვება? როგორმე სულს შევინარჩუნებთ.

 - ეჰ, ცხოვრებას რა ვუთხარი! – ამოიოხრა მოხუცმა და ძლივს წამოდგა სკამიდან.

 - დარდის მეტი არაფერია ამქვეყნად! – დასძინა მეორე დედაბერმა, რომელმაც გვერდით ჩაიარა. იგი მთელი თავისი მძიმე სხეულით ჯოხს ეყრდნობოდა. ჩამოძონძილმა დედაბერმა თავისი ძონძები მიჩხრიკ-მოჩხრიკა და ზონარგადაჭერილი პატარა პარკი დააძრო, მერე იქიდან პურის ნატეხი ამოიღო: – გამომართვი, გინდა?

 - აბა რა, ღმერთმა გადაგიხადოს, – სწრაფად უპასუხა ტუტამ. – ბოლოს და ბოლოს, პურს მაინც დავღრღნი. დამიჯერებ?.. დილას აქეთ ნამცეცი არ ჩამიდია პირში.

      გოგონამ პური ორად გადატეხა, დიდი ნაჭერი თავისთვის დაიტოვა, პატარა ბავშვს შეაჩეჩა ვარდისფერ თითებში, რომლის გაშლაც პატარას არაფრით არ უნდოდა.

 - პურია, შვილო, პურია, გემრიელი! რბილი! პურია, პური.

      დედაბერი გზას დაადგა. ნელ-ნელა, მძიმედ ადგამდა ფეხებს. მას მეორე, ჯოხიანი მოხუცი მიჰყვა.

      ბაღი თანდათან გამოცოცხლდა. დარაჯმა ყვავილების მორწყვა დაიწყო, მაგრამ წყლის ხმაურმაც ვერ გამოაფხიზლა ისინი ღრმა ძილისგან. ყვავილებს თითქოს უზომო სევდა შემოსწოლოდათ. სევდიანი სანახავი იყო კვერცხის ნაჭუჭებით, ქაღალდის ნაფლეთებითა და ქერქებით სავსე მეჩხერი გაზონებიც. ჩამოტყავებულ, მწვანეხავსიან ხეებზე ჩალეწილი მესერი ძლივს იმაგრებდა თავს.

      ტუტა ჩაფიქრებული მისჩერებოდა შუა ბაღში დაბალ, მრგვალ შადრევანს. შიგ მდგარი წყალი გამწვანებულიყო და ობი მოსდებოდა. შადრევნის ირგვლივ მსხდომებიდან თუ ვინმე შიგნით რაიმეს ჩააგდებდა, ჭუჭყიანი წყლის ზედაპირი მხოლოდ მაშინ იშლებოდა ჭავლებად, ისიც მხოლოდ ერთი წუთით. მზე ჩადიოდა და თითქმის ყველა სკამი ჩრდილში მოექცა. ერთ-ერთ სკამზე თეთრკაბიანი ქალბატონი დაჯდა. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. დაჭორფლილი სახე ჰქონდა, აწეწილ თმაზე წითური, სპილენძისფერი დაჰკრავდა.

      ქალბატონს ისე ეჭირა თავი, კაცი იფიქრებდა, სული ეხუთება სიცხისგანო. დიდი მონდომებით იშორებდა ცვილივით გაყვითლებულ უტიფარ ბიჭუნას, რომელსაც მეზღვაურის სამოსი ეცვა. თან არც ის ავიწყდებოდა, აქეთ-იქით ეცქირა. ახლომხედველ თვალებს ჭუტავდა, სავარაუდოდ, ვიღაცას ეძებდა. მერე ისევ ჰკრა ხელი ბიჭუნას, ვინმე შენი ტოლი იპოვე და ითამაშეო, მაგრამ ბიჭი დედას არ შორდებოდა, ყურადღებით აკვირდებოდა ტუტას, როგორ ილუკმებოდა ქალი.

      ტუტაც ცნობისმოყვარეობით უყურებდა ქალს, მერე უცებ ჰკითხა: – ქალბატონო, ნება მიბოძეთ გკითხოთ, მრეცხავი ხომ არ გინდათ, ან მოსამსახურე? არა?.. რა სამწუხაროა!

      მერე, როცა შენიშნა, რომ ბიჭი თვალს არ აშორებდა და დედას არ უჯერებდა, ტუტამ დაუძახა.

 - გინდა პატარა ბავშვი გაჩვენო? მოდი, აბა, მოდი.

      დედამ ხელი ჰკრა ბიჭუნას და ისიც უხალისოდ მიუახლოვდა ტუტას. ცოტა ხანს გაჩერდა, პატარას შემკრთალი თვალებით შეხედა, მერე მოულოდნელად ხელიდან პურის ნატეხი გამოგლიჯა. პატარა ხმამაღლა აღრიალდა.

 - ოი, ჩემი საბრალო პატარა! რატომ წაართვი პური, ხომ ხედავ, როგორ ტირის? მშიერია... ცოტა მაინც მოუტეხე...

      ტუტას უნდოდა ბიჭის დედისთვის ეხმო, მაგრამ ქალბატონი სკამზე აღარ იჯდა, გვერდზე გამდგარიყო და მსუქან, წვერიან მამაკაცს ელაპარაკებოდა, რომელსაც თეთრი ჭილოფის ქუდი კეფაზე გადაეწია.

      მამაკაცს ხელები ზურგზე დაეწყო, უცნაურად იღიმებოდა და გონებაგაფანტული უსმენდა თავის აღელვებულ მოსაუბრეს. ამასობაში პატარა ისევ განაგრძობდა ჩხავილს.

 - თუ ასეა, – თქვა ტუტამ, – მე თვითონ მოვუტეხავ ცოტას.

      ახლა უკვე ქალბატონის შვილი ატირდა. შეშინებულმა დედამ მაშინვე მოირბინა. ტუტამ მორიდებით აუხსნა, რაც მოხდა. ჯიუტ ბიჭს ორივე ხელით ჩაებღუჯა პურის ყუა, გულში იხუტებდა და არაფრით არ თმობდა, ვერც დედის ხვეწნა-მუდარამ გასჭრა.

 - ეს პური მოგინდა? გინდა ჭამო? – ჰკითხა წითურთმიანმა ქალბატონმა. – იცით, არაფერს, საერთოდ არაფერს არ ჭამს. აღარც კი ვიცი, რა ვქნა. ნუ წაართმევთ პურს, გთხოვთ.

 - კარგი, – ოხვრით დაეთანხმა თუთა. – წაიღე, ბიჭუნა, შეგერგოს.

      მაგრამ ბიჭმა აუზთან მიირბინა და პური წყალში ჩააგდო.

 - თევზებისთვის გინდოდა? – სიცილით წამოიძახა ტუტამ. – ჩემი საბრალო პატარა კი ისევ მშიერი დარჩა... არც რძე მაქვს, არც სახლი – არაფერი გამაჩნია. გჯერათ, ქალბატონო, ასე ვარ, ღვთის ანაბარა.

      მაგრამ ქალბატონი უკვე თავისი ნაცნობისკენ მიიჩქაროდა, რომელიც ბაღის სიღრმეში ელოდა. უცებ შეჩერდა, საფულიდან ორი სოლდი ამოიღო და ტუტას გაუწოდა.

 - ღმერთმა სიკეთე ნუ მოგიშალოთ, – უთხრა აღელვებულმა ტუტამ. – ნუ ტირი, ჩემო პატარა, ამით ორცხობილას გიყიდი. ხომ ხედავ, დედაბრის ერთ ლუკმა პურს მთელი სიმდიდრე მოჰყვა. ნუ ტირი, ჩვენ უკვე მდიდრები ვართ.

      პატარა მიჩუმდა. ტუტას ფული ხელში მაგრად ჩაებღუჯა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ხალხს, რომლებიც თანდათან შემოდიოდნენ ბაღში: ბავშვებს, ძიძებს, მეძუძურ დედებს, ჯარისკაცებს.

      პატარა გოგონები სახტუნაოზე ხტოდნენ, ბიჭები კლასობანას თამაშობდნენ, დედებს ხელში ჩვილები ეჭირათ და ერთმანეთთან დინჯად საუბრობდნენ, ბავშვები კი ხმამაღლა გაჰკიოდნენ, ძიძებს ჯარისკაცებთან ფლირტი გაეჩაღებინათ, ირგვლივ ბლომად დაეხეტებოდნენ კვერებითა და სხვადასხვა ტკბილი სასუსნავით მოვაჭრეები.

      ბაღი ახმაურებულ სკას დაემსგავსა. უცებ ტუტას თვალები აენთო, ტუჩებზე უცნაური ღიმილი აუთამაშდა. არავის სჯერა, რომ არ იცის, როგორ მოიქცეს, საით უნდა წავიდეს... ტუტას თავადაც არ სურდა დაეჯერებინა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ის ქალაქის ბაღში იმიტომ შემოვიდა, რომ ჩრდილში ცოტა ხნით დაესვენა, უკვე ერთი საათია ზის. საღამომდეც შეიძლება იყოს, მაგრამ მერე რა ქნას? სად გაათიოს ღამე? თანაც მარტომ კი არა, ბავშვით ხელში? ან ხვალ რა ქნას? შემდეგ დღეებში როგორ მოიქცეს? სოფელში არც მშობლები ჰყავს, არც მეგობარ-ნათესავები, იმ კაცს მისი სახელის გაგონებაც არ სურს. ან როგორ მიაღწიოს იქამდე? გამოდის, რომ საშველი არ ყოფილა. ტუტას გაახსენდა ბებერი ალქაჯი, რომელმაც საყურეები და ნივთებიანი ბოღჩა წაართვა. ისევ იმასთან დაბრუნდეს? ამის გახსენებაზეც კი გაუფუჭდა გუნება და მძინარე ჩვილს დახედა.

 - ეჰ ჩემო პატარა, გამოდის, რომ ჩვენი ადგილი მდინარეშია? აი, ასე...

      ტუტამ ბავშვი აიყვანა, თითქოს მდინარეში გადასაგდებად მოამზადა. ეს დროც დადგება, მაგრამ, არა! ქალმა თავი გაიქნია და ნაძალადევად გაიღიმა. მერე ისევ გამვლელ-გამომვლელებს შეხედა.

      მზე ჩავიდა, მაგრამ სულის შემხუთავი სიცხე ისევ იგრძნობოდა, ტუტამ კაბის საყელო შეიხსნა და გადაიკეცა, ოდნავ გამოაჩინა ქათქათა მკერდი.

 - გცხელა?

 - დიახ, სული მეხუთება!

      გოგონას გვერდით დაბალი, შლაპიანი მოხუცი იდგა, ქუდიდან ქაღალდის ორი მარაო მოუჩანდა. ხელშიც ორი ლამაზი მარაო ეჭირა, მკლავზე კი სხვადასხვა ფერის – წითელი, ცისფერი, ყვითელი მარაოებით სავსე მოწნული კალათი ეკიდა...

 - მხოლოდ ორი სოლდი ღირს.

 - გაიარე, გაიარე, – მხრების აქნევით უთხრა ტუტამ. – რისია, განა ქაღალდისგან არ არის გაკეთებული?

 - შენ რა, აბრეშუმის გნებავს?

 - რატომაც არა! – დამცინავი ღიმილით უპასუხა ტუტამ, მერე მუჭა გაშალა და ხელის გულზე დადებული ორი სოლდი დაანახვა.

 - სულ ეს არის ჩემი ქონება, მომცემ მარაოს ერთ სოლდად?

      მოხუცმა ბრაზით გააქნია თავი.

 - ორ სოლდზე ნაკლებად ვერ მოგცემ.

 - ეჰ, გამომართვი და მომეცი ჩქარა მარაო, სული მეხუთება სიცხისგან. ჩემს პატარას ჩაეძინა, როგორმე თავს გავიტანთ, ღმერთი მოწყალეა, მოგვხედავს.

      მან მოხუცს ორი სოლდი გაუწოდა, მარაო გამოართვა, უფრო მეტად გადაიწია კაბის საყელო და გაშმაგებულმა დაიწყო დანიავება.

      ნიავი ეალერსებოდა გოგონას თითქმის შიშველ მკერდს, ტუტა იღიმებოდა და თამამად უცქერდა გამვლელ-გამომვლელ ჯარისკაცებს უტიფარი, მომხიბვლელი, აციმციმებული თვალებით.

ნახვა: 1118

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters