რადიარდ კიპლინგი - პატარა ტობრა
ტუსაღი ძლივსღა სწვდებოდა საბრალდებო სკამის თავს, - წერენ ხოლმე ინგლისური გაზეთები. თუმცაღა, ამ შემთხვევის გამო პრესაში სიტყვაც არ დაძრულა. აბა ვის რაში ენაღვლებოდა პატარა ტობრას ბედ-იღბალი?! გაგანია სიცხეში შუადღემდე ვერ გამოაღწიეს ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს აგურისფერი შენობიდან. ამ საქმეს არჩევდნენ. ბიჭი, როცა კი რასმე შეეკითხებოდნენ, წელში ოთხად იკაკვებოდა და კუთავდა. უსაფუძვლოდა ცნეს ბრალდება ნაფიცმა მსაჯულებმა და მოსამართლეც დაჰყვა მათ ნებას. პატარა ტობრას დის სხეული მართლაცდა ჭის ფსკერზე აღმოაჩინეს, იქიდან ნახევარი მილის მანძილზე. თავად ტობრას გარდა კაციშვილის ჭაჭანება არა ჩანდა. აგრე იყო ესა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, გოგონა შემთხვევით ჩავარდნილიყო შიგ. ამიტომ გაათავისუფლეს პატარა ტობრა, ოთხივ მხრით გზა დაულოცეს.
კაცმა რომ თქვას, დიდი ვერაფერი წყალობა უყვეს. პატარა ტობრას ხომ არც საჭმელი ჰქონდა, არც სასმელი, სამოსიც არ გააჩნდა და არც მისასვლელი ეგულებოდა სადმე. გამობადუნდა სასამართლოს ეზოში, ჭის გვიმზე ჩამოჯდა. ერთი მარჯვე ნახტომი სამუდამოდ გაამგზავრებდა მოუსავლეთში. ამ ფიქრით იყო.
მეჯინიბეს აგურით მოკირწყლულ ქუჩაზე ცხენის თოფრა დარჩენოდა და მომშეული პატარა ტობრა შეუდგა შიგ ჩარჩენილი ხორბლის გამლხვალი მარცვლების ამოკრეფას.
- უყურე ამ ბაცაცას, ეს წუთია შეიწყალეს და მაინც თავისას არ იშლის, წამომყე ახლავე, - მეჯინიბემ ყურში სტაცა ხელი ბიჭს და ერთ ჩაკურატებულ, ზორბა ინგლისელს მიჰგვარა.
- ოჰო! - ბარე სამგზის შეიძახა ინგლისელმა. მაგრად შეიკურთხა თანაც. - გალიაში შეაგდეთ და ჩემსას წაიყვანეთო, - გასცა განკარგულება.
პატარა ტობრა, რომელსაც ეგონა, ახლა კი გოჭივით გამომღადრავენ ყელსო, შეამწყვდიეს გადახურულ ფურგუნში და ინგლისელის სახლისაკენ გააქანეს.
- ოჰო! - კვლავინდებურად გაიკვირვა ინგლისელმა. - გამლღვალი ხორბალი? გაგონილა, ღმერთო ჩემო! ეი, ვინა ხართ მანდა, აჭამეთ რამე ბედშავს და თავლაში იმსახურეთ, ეს რა მესმის? გამლღვალი ხორბალიო, ღმერთო ძლიერო!
- აბა, გვითხარი შენი სადაურობა, - მიმართა უფროსმა მეჯინიბემ ბიჭს, როცა მსახურები ჭამას მორჩნენ და ყველა მილაგდა უკანა კართან.
- შენ მეჯინიბის მოდგმისა არა გცხია რა, კუჭის წრიალმა თუ მოგიყვანა ჩვენთან. როგორ მოხვდი სასამართლოში, გვიპასუხე, ეშმაკის კერძო.
- ლუკმა-პური სანატრელი მქონდა, - დინჯად თქვა პატარა ტობრამ. - აქ კარგი ალაგია.
- ნუ მიედ-მოედები, მიპასუხე კითხვაზე, თორემ აგერა, იმ ქურანა აჯილღას თავლას გაწმენდინებ, აქლემივით რომ იკბინება.
- ტელი ვარ მენა, - თქვა პატარა ტობრამ და თითი მტვერში ჩარგო, - მთელი ოჯახი კარაქს ვდღვებავდით. მამაჩემი, დედაჩემი, ოთხი წლით უხნესი ძმა და ჩემი დაი.
- ჭის ფსკერზე რომ მკვდარი იპოვნეს, ისა?
- ჰოოდე! - დინჯად დასტურყო პატარა ტობრამ. - ის, ვინც ჭის ფსკერზე იპოვნეს მკვდარი. - ერთხანობას სენი მოედო სოფელს - პირველად ჩემს დას შეეყარა და დააბრმავა კიდეც. ეს სენი მატა იყო - ყვავილბატონები.
მერე დედ-მამა დამიხოცა. დამრჩა თორმეტი წლის ძმა და თვალდავსებული დაი. თავად რვა წლის ვიყავი მაშინ. ერთი ეგ იყო, ხარი შეგვრჩა და კარაქის სადღვებელი. ნაჩვევ საქმეს მივყავით ხელი, მაგრამ ხორბლეულით მოვაჭრე სარჯან დასი თვალსა და ხელს შუა გვატყუებდა. ღმერთების გულის მოსაგებად ნარგიზების ყვავილწნულით მოვრთეთ ხარი და დედაბოძიც შევამკეთ ნარგიზის ყვავილებით. სულ ტყუილად. სარჯან დასმა ნირი არ იცვალა.
- ბაპრი - ბაპ, - ქოთქოთებდნენ მეჯინიბეთა დიაცები. - გაგონილა ბალღის მოტყუება. მაგრამ ვინ არ იცის, რა ხვითოცაა ეს ბანიას მოდგმა.
- სადღვებელი ძველი იყო. არც მე და ჩემ ძმას გვერჩოდა ღონე და ბუდეში ვეღარ ჩავამაგრეთ დედაბოძი.
- რა გასაკვირია, - მოსაუბრეთა წრეს უფროსი მეჯინიბის მორთულ-მოკაზმული ცოლი შემოუერთდა. - ეს ჯანიანი ვაჟკაცის საქმეა. აი, ჩემს ქალიშვილობაში...
- ენა ჩაიგდე, დედაკაცო, - გააწყვეტინა უფროსმა მეჯინიბემ. - განაგრძე ბიჭო.
- არა უჭირს რა, - თქვა პატარა ტობრამ და განაგრძო, - ერთხელაც, არც კი მახსოვს როდის, დედაბოძი დაყანთრდა, თან ჭერი ჩამოანგრია და სახლის მთელი უკანა კედელიც. ხარი მოიყოლა ქვეშ და ხერხემალი გადაუმსხვრია. ასე დავრჩით ცარიელ-ტარიელნი, მე, ჩემი ძმა და თვალდავსებული დაი. აღარც ხარი გვყვავდა, არც სადღვებელი გვქონდა და არც სახლ-კარი გაგვაჩნდა. შვიდი ანა და ექვსი პაისა - აი, მთელი ჩვენი ავლადიდება, ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს და ტირილ-ტირილით გავშორდით იქაურობას. ღობე-ყორედ ავხეტიალდით. სახელს ვერ გეტყვით იმ მხარისა, სადაც ვიარებოდით, ის კი კარგად მახსოვს, დიდი შიმშილობა იყო იქა. ერთხელ, ღამით, როცა გვეძინა, ჩემმა ძმამ ჩაიჯიბა ხუთი ანა, ჯერ კიდევ რომ დაგვრჩენოდა, და გაიპარა. დღესაც არ ვიცი, სად არის. მიეწიოს ჩვენი ცოდვა. მე და ჩემი დაი ვწოწიალობდით ხელგაწვდილები. მაგრამ ყველა ზურგს გვაქცევდა - წადით, ინგლისელებს მოსთხოვეთო. მე არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ინგლისელები. ასე ამბობდნენ, თეთრკანიანები არიან და კარვებში ცხოვრობენო. მშივრებს სულ აგვებნა გზა-კვალი. ერთხელ, ღამით ატირდა ჩემი და, პური მომთხოვა. ამასობაში ჭას მივადექით. კიდეზე ჩამოვსვი და ხელი ვკარი. ის ხომ ბრმა იყო. თანაც შიმშილს სიკვდილი არ ერჩივნა, განა?!
- აი, აჰაი! - ერთხმად შეიცხადეს მეჯინიბეთა ცოლებმა; - უყურე ერთი, შიგ ჩააგდო. შიმშილს სიკვდილი სჯობიაო...
- მეც ვაპირებდი გადახტომას, მაგრამ ჩემი და უცბად არ მომკვდარა, საშველად მიხმობდა ჭის ფსკერიდან. შემეშინდა და გავიქეცი. სიმინდის ყანიდან ვიღაც კაცი გამოვიდა. ასე თქვა, ამან თავისი და მოკლა და ჭა წაბილწაო. დამიჭირეს და ერთ თეთრ, საფრთხობელასავით ინგლისელს მიმგვარეს, რომელიც კარავში ცხოვრობდა. მოწმე არავინ დამსწრებია, ჩემი და ბრმა იყო და თან უმწეო ბავშვი.
- უმწეო ბავშვიო! - ექოსავით დაიბუბუნა უფროსი მეჯინიბის ცოლმა. - შენ ვიღა ხარ, ჩიტივით უღონო, ახალნაშობი კვიცივით გამწლეულო, შენა?
- მე ვარ ის, ვინც ადრე დაფშუტული იყო, ახლა კი გაიტიკნა. - თქვა პატარა ტობრამ და მტვერში გაწვა. - ერთი სული მაქვს, დავიძინო.
მეჯინიბის ცოლმა საბანი გადააფარა და პატარა ტობრამაც მყის მართალი კაცივით ღრმა ძილს მისცა თავი.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•