პატარა ზღაპარი დიდებისთვის, ზღაპარი, ნანა მრევლიშვილი, ლიტერატურა, ქველი, qwelly, tale, patara zgapari didebistvis, pataraa torem cudi ar ariso

"პატარა"

ზღაპარი დიდებისთვის

     იყო და არა იყო რა, ერთ სოფელში ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს დიდხანს არ უჩნდებოდა შვილი, ერთ მშვენიერ ღამესაც ქალი დაორსულდა და ცხრა თვის თავზე ბიჭი გააჩინა. ბიჭი მეყოლაო, - კაცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, - ვაჟკაცი გამეზრდება, გვერდით დამიდგებაო. ხან თოფი ისროლა, ხან ყანწი გამოცალა და ჭერში ააგდო. აღარ იცოდა, რა ექნა.

     ბიჭი ჩვეულებრივზე ბევრად პატარა იყო, მოცუცქნული. გავიდა ერთი თვე, მერე კიდევ ერთი თვე, კიდევ ერთი თვე... ბიჭი ისევ ისეთი პატარა იყო, როგორიც დაიბადა. გავიდა ერთი წელი, ბევრი წელი!!! ბიჭი პატარა აღარ იყო, მაგრამ მაინც პატარად რჩებოდა. დედა სულ ვიშვიშებდა და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა. მამამ ყურები ჩამოყარა. რამდენი არ სცადეს, სხვა შვილი ვეღარ იყოლიეს. მამამ თქვა, - რა ვუყო, შვილია, რაც არის, ეგ არისო, - და ბედს შეეგუა. ბიჭს პატარა დაარქვეს. პატარას, რაკი თავი დიდი არასდროს ენახა, ეგონა, ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო და თავს პატარად არ გრძნობდა.

     დილით ყანაში სამუშაოდ რომ მიდიოდა, მამა პატარას მხარზე შემოისვამდა ხოლმე და ისე გაუდგებოდა გზას. ყანაში მისული ფრთხილად ჩამოსვამდა იქვე წყაროს პირად დაგდებულ უზარმაზარ ქვაზე, რომელსაც დიდი ჭადარი გადაჰფარებოდა. პატარა მთელი დღე მორჩილად ელოდა მამას, არც ცელქობდა, არც მოუთმენლობას ამჟღავნებდა. უცნაურად მშვიდი იყო, უცნაური მოლოდინი იცოდა. ასე დადიოდნენ ყოველდღე.

     პატარას მოსწონდა მამის მხარზე ყოფნა, მამის ჩამოყრილ ყურებქვეშ თავს მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობდა. თვითონაც უსაქმოდ არ იყო, გზადაგზა მამას ყურს ფხანდა და ამგვარად კიდეც ეფერებოდა, კიდეც ამხნევებდა. მამას გულს უჩუყებდა შვილის ასეთი საქციელი, ყელში ბურთი ეჩხირებოდა და ფიქრობდა: "პატარაა, თორემ ცუდი არ არისო."

     დრო გადიოდა, პატარას წლები ემატებოდა, მაგრამ ისევ პატარად რჩებოდა.

     ერთ დღეს ამ სოფელში ხელმწიფის დიდვეზირმა ჩამოიარა. ცხელოდა, ცხელოდა, იწვოდა ქვეყნიერება. დიდვეზირი წყაროსთან შეჩერდა, ცხენიდან ჩამოხტა, წყალი დალია და იქვე დიდ ქვაზე ჩამოჯდა. პატარაც იმ დიდ ქვაზე ჩაყუნცულიყო და დიდვეზირს ქვემოდან შესცქეროდა. შენიშნა დიდვეზირმა უცნაური არსება, ხელისგულზე დაისვა და სახესთან ახლოს მიიყვანა: რა არის, ერთი უკეთ დავინახოო.

     მამასაც ზუსტად ასე აჰყავდა ხოლმე პატარა, ხოდა, იმანაც ისკუპა, დიდვეზირს მხარზე შემოახტა და ალერსიანად დაუწყო ყურის ფხანა, ჯერ კი შეკრთა დიდვეზირი, თითქოს კიდეც იუკადრისა, მერე გაიტრუნა, გაინაბა... ესიამოვნა!

     - ბიჭს თან წავიყვან და ბედსა ვწევო,- სიტყვა და ოქროთი სავსე ქისა ერთად მიუგდო ბიჭის მამას დიდვეზირმა და ცხენზე შემოჯდა.

     - ვერაო, - იუარა ბიჭის მამამ,- შვილია, ან დედამისს რა ვუთხრაო...

     დიდვეზირის მხლებლებმა ერთი ალმაცერად გადმოხედეს ბიჭის მამას, თვალებიც გადმოუბრიალეს და აღარც არაფერი ჰკითხეს, ისე წაიყვანეს პატარა.

     კაცმა წელათრევით აიღო მიწიდან ოქროს ქისა და შინისკენ წალასლასდა.

     პატარა ახლა უკვე დიდვეზირის მხარზე შემოსკუპებულიყო და ალერსით ფხანდა ყურს, არც არაფერს დარდობდა, აბა, ყური ვისი იყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა.

     დიდვეზირი პატარას გარეშე ვეღარ ძლებდა. პაწაწინა, სულ ძვირფასი სამოსი შეუკერა, ჯიბე მუდამ სავსე ჰქონდა პატარას საყვარელი ნუგბარით. პატარა გაყოყოჩდა, დიდვეზირის მხრიდან ქედმაღლურად გადმოჰყურებდა ყველას და მაინც სულ რაღაცას ელოდა. უცნაური მოლოდინი იცოდა.

     ერთხელაც მეფემ დიდვეზირი თავისთან იხმო სათათბიროდ. დიდვეზირი ეახლა, მდაბლად თავი დაუკრა და თაყვანი სცა ხელმწიფეს.

     - ეგ რა არისო, - პატარას მიაშტერდა მეფე.

     - ესაო, თქვენო უხელმწიფოესობავ, განა რამეო, პატარააო, აქა ზის და ყურსა მფხანსო, - ხმა აუკანკალდა დიდვეზირს.

     შურიანი იყო მეფე. "ჩემს ვეზირს ყურისმფხანელი ჰყოლია, მე კიდევ თავი მეფე მგონიაო," - და დიდვეზირს დილეგში უკრა თავი.

     ახლა მეფის მხარზე იჯდა პატარა და მეფის პატივცემულ ყურს რუდუნებით ფხანდა. ახლა მეფე ვეღარ ძლებდა პატარას გარეშე. ღამითაც არ იშორებდა გვერდიდან. სულ გაყოყოჩდა პატარა, ზედაც აღარავის უყურებდა. აღარც მამა ახსოვდა, აღარც - დიდვეზირი.

     ... და მაინც სულ რაღაცას ელოდა. უცნაური მოლოდინი იცოდა.

     ერთ დღესაც მეფე უცებ მოკვდა. დიდი გლოვა გამოცხადდა სახელმწიფოში. შავი დროშები გადმოჰკიდეს აივნებზე. დედოფალმაც შავები ჩაიცვა. მოდიოდა და მოდიოდა ხალხი მეფესთან გამოსამშვიდობებლად.

     პატარა სულ მარტო დარჩა. აღარც მამა იყო, აღარც - დიდვეზირი, აღარც - მეფე! იფიქრა, იფიქრა, იფიქრა... მერე მშვიდად ჩამოფორთხდა მეფის საწოლიდან და დედოფლის საწოლზე აფორთხდა.

     დედოფლმა პატარა რომ დაინახა, ერთი კი იუცხოვა, მაგრამ მერე გაიცინა: "პატარაა, თორემ ცუდი სულაც არ არისო" - და გვერდით მიიწია. პატარა სულ ახლოს მიუჩოჩდა დედოფალს. დედოფლსაც, რა ექნა, ახალი დაქვრივებული იყო, სითბო და მოფერება სჭირდებოდა...

     მეორე დღეს მეფე ზარ(ზეიმ)ით დაკრძალეს. პატარა კი იმ სახელმწიფოს მეფე გახდა.

     ახლა არც თავისი ძველი ხელობის გახსენება სურდა და არც - წარმომავლობისა. ან კი ვინ გაუბედავდა რამის გახსენებას, მეფე იყო!

     ამ ზღაპრის მორალიც ეგ არის!

     ჯობდა კი, არ ყოფილიყო!

ნანა მრევლიშვილი

თებერვალი, 2015

ტეგები: Qwelly, literature, ზღაპარი, ლიტერატურა, ნანა_მრევლიშვილი, სატირა, ქველი

ნახვა: 554

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters