პროსპერ მერიმე - სანგრის აღება

წიგნიდან: პროსპერ მერიმე - ნოველები

   ერთმა ჩემმა მეგობარმა, სამხედრო პირმა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ საბერძნეთში მოკვდა ციებისაგან, შემდეგი მიამბო მისი მონაწილეობით მომხდარი ბრძოლის შესახებ. ნაამბობმა ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ როგორც კი დრო ვიხელთე, მაშინვე ჩავწერე, ისე როგორც დამამახსოვრდა. აი ეს ამბავი: - მე ლეგიონში 4 სექტემბერს მივედი. ლეგიონის უფროსი ბანაკში დამხვდა. თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად შემხვდა; მაგრამ, როცა გენერალ კ- ს სარეკომენდაციო წერილი წაიკითხა, ტონი შეიცვალა და რამდენიმე ზრდილობიანი სიტყვა მითხრა.
ჩემს კაპიტანს წარმადგინა, რომელიც ის იყო დაზვერვიდან დაბრუნებულიყო. ეს კაპიტანი, რომლის ახლო გასაცნობად დრო ვეღარ ვიპოვე, მაღალი შავგვრემანი მამაკაცი იყო, უშნო და არასასიამოვნო სახისა. სამსახური უბრალო ჯარისკაცობით დაეწყო და ეპოლეტები და ჯვარი ბრძოლის ველზე მიეღო. ხრინწიანი და სუსტი ხმა უცნაურად ეწინააღმდეგებოდა მის თითქმის დევგმირულ გარეგნობას. ამბობდნენ, ასეთ ხმას ის უნდა უმადლოდეს ტყვიას, რომელიც იენის ბრძოლაში მოხვდა.
   როცა გაიგო, რომ მე ფონტებულო სკოლა მაქვს დამთავრებული, სახე შეიჭმუხნა და მითხრა: - ჩემი ლეიტენანტი გუშინ მოკვდა...
მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა: „ის თქვენ უნდა შესცვალოთ და ამისი უნარი კი არა გაქვთ“. ენაზე მკვახე სიტყვა მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე.
შევერინოს სანგრის უკან, რომელიც ზარბაზნის ორ გასროლაზე იყო დაშორებული ჩვენს ბანაკს, მთვარე ამოვიდა. ის ფართო და წითელი იყო, როგორც ჩვეულებრივ ამოსვლისას არის ხოლმე. მხოლოდ ამ საღამოს არაჩვეულებრივად დიდი მეჩვენა. ერთი წუთის განმავლობაში სანგარი შავად გამოეყო მთვარის ბრწყინვალე დისკოს. იგი ჰგავდა ვულკანის კონუსს ამოხეთქვის მომენტში.
   ხნიერმა ჯარისკაცმა, რომლის მახლობლადაც ვიმყოფებოდი, ყურადღება მიაქცია მთვარის შუქს.
- ძალიან ნათელი მთვარეა, - თქვა მან, - ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ძვირად დაგვიჯდება ეს სახელგანთქმული სანგარი!
მე ყოველთვის ცრუმორწმუნე ვიყავი, და ამ წინასწარმეტყველებამ, განსაკუთრებით ასეთს წუთში, შემაშფოთა. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე. წამოვდექი და სიარული დავიწყე; ამავე დროს ვუცქეროდი ცეცხლის დაუსრულებელ ხაზს, რომელიც სიმაღლეებს ფარავდა სოფელ შევერინოს ზემოთ. როცა დავრწმუნდი, რომ ღამის გრილმა ჰაერმა სისხლი საკმაოდ დამიმშვიდა, ცეცხლთან დავბრუნდი; თავით ფეხებამდე წამოსასხამში გავეხვიე და თვალები დავხუჭე იმ იმედით, რომ დილამდე არ გავახელ-მეთქი. მაგრამ ჩემს თვალებს რული არ ეკარებოდა. შუმჩნევლად ჩემმა ფიქრებმა მჭმუნვარე ელფერი მიიღო. ვფიქრობდი: ერთი მეგობარიც კი არ მყავს იმ ასი ათას კაცში, რომელნიც ამ ველზე არიან დაბანაკებულნი, თუ დავიჭერი, ჰოსპიტალში გამგზავნიან და უმეცარი დოსტაქრების ხელში ჩავვარდები-მეთქი. გამახსენდა ყოველივე, რაც გაგონილი მქონდა ქირურგიული ოპერაციების შესახებ. გული მიცემდა აჩქარებით და მექანიკურად, თითქოს ჯავშანი ყოფილიყოს, მკერდზე ცხვირსახოცი და საფულე დავიდე. დაღლილობაც მერეოდა, თვალებიც მეხუჭებოდა მაგრამ ყოველ წუთს რაიმე პირქუში აზრი მიტევდა ძლიერად და შემკრთალი ვიღვიძებდი.
   ბოლოს დაღლილობამ დამძლია, და როდესაც განთიადის ბუკი დაჰკრეს, ღრმად მეძინა. საბრძოლო მწკრივში ჩავდექით, ნაღარა დაჰკრეს, შემდეგ თოფები ხელახლა ჯოჯგინად დავაწყეთ. ყოველივე თითქოს იმას გვანიშნებდა, რომ მშვიდობიან დღეს გავატარებდით.
   დაახლოებით სამ საათზე ადიუტანტი მოვიდა და ბრძანება მოიტანა. ხელახლა იარაღი ავისხით; ჩვენი მსროლელები ველზე გაიფანტნენ, ჩვენ მათ უკან მივყევით ნელი ნაბიჯით და ოცი წუთის შემდეგ დავინახეთ, რომ რუსების მოწინავე რაზმები შემჭიდროვდნენ და სანგარში შევიდნენ.
ერთი საარტილერიო ბატარეა ჩვენს მარჯვნივ მოთავსდა, მეორე - მარცხნივ, მაგრამ ორივენი საკმაოდ წინ იყვნენ ჩვენგან. მათ ხშირი სროლა აუტეხეს მტერს, რომელმაც ენერგიულად გვიპასუხა, და ჩქარა შევერინოს სანგარი კვამლის სქელ ღრუბლებში დაიმალა.
   ხრამის წყალობით ჩვენი ლეგიონი თითქმის დაცული იყო რუსების ცეცხლისაგან. მათი ყუმბარები, იშვიათად მომართული ჩვენს წინააღმდეგ (ვინაიდან ისინი უმთავრესად ჩვენს არტილერისტებს უმიზნებდნენ), ჩვენს თავზე გადადიოდნენ, უკიდურეს შემთხვევაში, მიწას და კენჭებს გვაყრიდნენ.
როგორც კი შეტევაზე გადასვლის ბრძანება მივიღეთ, კაპიტანმა ყურადღებით შემომხედა, რამაც მაიძულა ორ- სამჯერ, რაც შეიძლება ძალდაუტანებელი სახით, ხელი გადამესვა ახლადაშლილ ულვაშებზე. უნდა ითქვას, რომ შიშს არ ვგრძნობდი და ერთადერთი შიში, რომელსაც განვიცდიდი, ის იყო, არ იფიქრონ მეშინია-მეთქი. ეს უწყინარი ყუმბარებიც ხელს მიწყობდნენ გმირული სიმშვიდე შემენარჩუნებინა. თავმოყვარეობა მეუბნებოდა, რეალურ საფრთხეს განიცდი, ვინაიდან ბატარეის ცეცხლში მოხვდიო. აღტაცებული ვიყავი, რომ თავს ასე კარგად ვგრძნობდი და ვოცნებობდი, როგორ მოვყვებოდი შევერინოს სანგრის აღების ამბავს ქალბატონ ბ- ს სალონში, პროვანსის ქუჩაზე.
   ლეგიონის უფროსმა ჩვენი ასეულის წინ გაიარა და მითხრა: „აა, თქვენ საკმაოდ შეხურდებით თქვენს დებიუტზე“.
მე ისეთი სახით გავიცინე, როგორც მეომარს შეეფერებოდა და გადავიწმინდე ტანისამოსის სახელო, რომელსაც ჩემგან ოცდაათ ნაბიჯზე გამსკადრმა ყუმბარამ ცოტაოდენი მტვერი დააყარა.
როგორც ეტყობა, რუსებმა შეამჩნიეს, რომ მათი ყუმბარები მიზანს ვერ აღწევდნენ და ისინი გრანატებით შეცვალეს, რომელთაც შეეძლოთ ჩვენთვის მეტი ზიანი მოეყენებინათ იმ ხრამში, სადაც ვისხედით. ერთმა საკმაოდ დიდმა ნატეხმა თავიდან კივერი ამაცალა და ჩემს გვერდით ჯარისკაცი მოჰკლა.
- მომილოცავს, - მითხრა კაპიტანმა, როდესაც ჩემს კივერს დაწვდა, - თქვენ დღესაც დაზღვეული ხართ.
მე ვიცნობდი ამ სამხედრო ცრუმორწმუნეობას, რომლის მიხედვით აქსიომა non bis in idem გამოიყენება როგორც ბრძოლის ველზე, ისე სასამართლოში. მე ამაყად თავზე დავიხურე ჩემი კივერი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სალამი მიაცემინო უცერემონიოდ, - ვთქვი, რამდენადაც შემეძლო, მხიარულად. ეს ჩემი უგემური ხუმრობა, ამ პირობებში, საუცხოო აღმოჩნდა.
- გილოცავთ, - განაგრძო კაპიტანმა, - თქვენ მეტი არაფერი მოგივათ და საღამოსთვის ასეულის უფროსი გახდებით, რადგანაც ვგრძნობ, ღუმელი უკვე ჩემთვის ხურდება. ყოველთვის, როცა კი დავჭრილვარ, ჩემს გვერდით ოფიცერს მომაკვდინებელი ტყვია მოხვედრია და, - დაუმატა მან ხმადაბლა და თითქმის მორცხვად, - მათი სახელი ყოველთვის ასო პარით იწყებოდა.
მე სკეპტიკოსის სახე მივიღე; სხვა მრავალიც ჩემსავით მოიქცეოდა; მაგრამ ბევრს ჩემსავით შეაშფოთებდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები; როგორც ახალწვეული, ვგრძნობდი, რომ ვერავის გავანდობდი ჩემს გრძნობებს და ყოველთვის შეუდრეკელი გამბედაობა უნდა გამომეჩინა.
ნახევარი საათის შემდეგ რუსების ცეცხლი საგრძნობლად შესუსტდა; მაშინვე ჩვენი საფარიდან გამოვედით, რათა სანგრისკენ წავსულიყავით.
ჩვენი ლეგიონი სამი ათასეულისაგან შედგებოდა. მეორე ათასეულს დაევალა სანგრისათვის ხევის მხრიდან შემოევლო, ორ დანარჩენს კი იერიში უნდა მიეტანა. მე მესამე ათასეულში ვიყავი.
   როდესაც გავცილდით უკანასკნელ ქიმს, რომელიც ჩვენ გვფარავდა, მტერი ძლიერი თოფის სროლით შემოგვეგება, მაგრამ დიდი ზიანი ვერ მიაყენა ჩვენს რიგებს. ტყვიების სტვენამ გამაოცა: ხშირად თავს უკან ვაბრუნებდი, რითაც ამხანაგების ხუმრობას ვიწვევდი; ისინი უფრო შეჩვეულნი იყვნენ ამ ხუმრობას.
- კაცმა რომ თქვას, - გავიფიქრე, ბრძოლა არც ისეთი საშინელი რამ ყოფილა.
ჩვენი მსროლელები წინ მიდიოდნენ, ჩვენ მათ სირბილით მივდევდით: უცებ რუსებმა სამჯერ „ურრა“ წამოიძახეს, სამი გარკვეული „ურა“; შემდეგ დადუმდნენ და სროლაც შეწყვიტეს...
- არ მიყვარს ეს დუმილი, - მითხრა კაპიტანმა, - ეს კეთილს არაფერს გვიქადის.
   მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი ჯარიკაცები, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ხმაურობდნენ და ჩემს გულში ძალაუნებურად ერთმანეთს ვადარებდი მათს ხმამაღალ ყვირილსა და მტრის შთამაგონებელ დუმილს.
ჩვენ ჩქარა მივაღწიეთ სანგრის ძირს; ჯებირები შემუსვრილი იყო, ხოლო ნიადაგი გადათხრილი ჩვენი ყუმბარების მიერ. ჯარისკაცები ამ ახალ ნანგრევებზე შეცვივდნენ ისეთი ძლიერი ყვირილით, გაუმარჯოს იმპერატორს, რომ ეს ძნელად მოსალოდნელი იყო ადამიანებისაგან, რომელთაც უკვე ამდენი იღრიალეს.
ზევით ავიხედე: არასოდეს არ დამავიწყდება სანახაობა, რომელიც თვალწინ წარმომიდგა. კვამლის დიდი ნაწილი ზევით აწეულიყო და სანგარს ფარდასავით ეხურა ოცი ფუტის სიმაღლეზე. მოლურჯო ნისლში, მათი ნახევრად დანგრეული გალავნის უკან, რუსი გრენადერები იდგნენ თოფებგამოწვდილი, უძრავნი როგორც ქანდაკებანი. მე თითქოს ახლაც ვხედავ თითოეულ ჯარისკაცს ჩვენკენ მაცქერალი მარცხენა თვალით, ზეაწეული თოფის უკან დამალული მარჯვენა თვალით. რამდენიმე ნაბიჯზე ჩემგან ამბრაზურაში ზარბაზანთან კაცი იდგა ანთებული პატრუქით ხელში.
მე გამაჟრჟოლა და გავიფიქრე, ჩემი აღსასრულის ჟამი დადგა-მეთქი.
- აი, თამაშიც იწყება, - წამოიძახა კაპიტანმა. - საღამო მშვიდობისა!
ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც მისგან გავიგონე.
   სანგარში დაფდაფების ხმა გაისმა. დავინახე, როგორ დაეშვა ძირს ყველა თოფი. თვალები დავხუჭე და შემზარავი გრიალი გავიგონე, რასაც ყვირილი და კვნესა მოჰყვა. თვალები გავახილე გაოცებულმა, რომ კიდევ ცოცხალი ვიყავი. სანგარი ხელახლა კვამლში გაეხვია. გარშემო მკვდრები და დაჭრილები ეყარნენ. ჩემი კაპიტანი ჩემ ფეხთ ქვეშ გართხმულიყო, მისი თავი ყუმბარას დაელეწა, და მე მისი ტვინით და სისხლით ვიყავი მოსვრილი. მთელი ჩემი ასეულიდან ფეხზე მხოლოდ ექვსი ჯარისკაცი და მე ვიდექით.
ამ ხოცვა- ჟლეტას ერთი წუთის გაოგნება მოჰყვა. ლეგიონის უფროსმა თავისი ქუდი მახვილზე წამოაცვა, პირველი აიჭრა გალავანზე და დაიყვირა: „გაუმარჯოს იმპერატორს!“ მას დაუყოვნებლივ უკან მიჰყვა, ვინც კი გადარჩენილი იყო. გარკვევით აღარ მახსოვს, რა მოხდა შემდეგ. ჩვენ სანგარში შევიჭერით, თვითონ არ ვიცი, როგორ. აქ ხელჩართული ბრძოლა დავიწყეთ, მაგრამ კვამლი ისეთი სქელი იყო, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. მგონია, მეც აქეთ- იქით ვურტყამდი, იმიტომ რომ ჩემი ხმალი გასისხლიანებული აღმოჩნდა. ბოლოს ყვირილი მომესმა: „გამარჯვება!“ კვამლი შეთხელდა და დავინახე სისხლი და მკვდრები, რომელთა ქვეშ სანგრის ნიადაგი აღარ ჩანდა. განსაკუთრებით ზარბაზნები იყო დაფარული გვამებით. დაახლოებით ორასი ფრანგული ფორმის ტანისამოსიანი კაცი უწესრიგოდ შეჯგუფებულიყო: ზოგიერთი თოფს ტენიდა, ზოგიერთი ხიშტს წმენდდა. მათ შორის თერთმეტი რუსი ტყვე იდგა.
ლეგიონის უფროსი, მთლად გასისხლიანებული, გატეხილ საარტილერიო ყუთზე იწვა სანგრის შესასვლელთან. მის გარშემო რამდენიმე ჯარისკაცმა მოიყარა თავი. მეც მივუახლოვდი.
- სად არის ყველაზე ხნიერი კაპიტანი? - ჰკითხა მან ერთ სერჟანტს. სერჟანტმა მეტისმეტად მჭერმეტყველურად აიჩეჩა მხრები.
- უხნიერესი ლეიტენანტი?
- აი, ბატონი ოფიცერი, რომელიც გუშინ მოვიდა, - თქვა სერჟანტმა სრულიად მშვიდი ხმით.
ლეგიონის უფროსმა მწარედ გაიღიმა.
- მაშ, ბატონო, - მითხრა მან, - მიიღეთ მეთაურობა საჩქაროდ ამ ფორნებით გაამაგრებინეთ სანგრის შემოსასვლელი, იმიტომ რომ მტერი ჯერ კიდევ ძლიერია; მაგრამ გენერალი ს... დახმარებას მოგაშველებთ.
- ლეგიონის მეთაურო, - ვუთხარი მე, - თქვენ მძიმედ ხართ დაჭრილი.
- ჰო, ჩემო ძვირფასო, მაგრამ სანგარი ხომ აღებულია!

იხილეთ:

პროსპერ მერიმეს ლიტერატურა
პროსპერ მერიმეს ლიტერატურა, პროსპერ მერიმე, prosper merime, qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა

ნახვა: 1679

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters