ლაცაბიძეების ეზოში აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. დღეს ოჯახის უფროსის 90 წელს გადაცილებული ე. წ. ბედშავი ალიოშას დაკრძალვის დღე გახლდათ. რომელიც, როგორც ჭირისუფლები იტყოდნენ, -„რომ არა უბედური შემთხვევა, ვინ იცის კიდო რამდენჯერ შემოაბრუნებდა თავისი ცხოვრების წისქვილის დოლაბს”. ხო, ასე ამბობდნენ, თორემ რაღა დოლაბის შემომბრუნებელი იყო ეს ქიშმიშივით ჩამომჭკნარი, ყურთასმენა დაკარგული, ნახევრად დაბრმავებული და საცოვადავად მოფამფალებული ალიოშა ლაცაბიძე, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად „სკლეროზიც“ დამართნოდა და საკმარისი იყო, თვალი გადაგეცილებინა საცოდავისთვის, რომ დროს იხელთებდა, ოთახიდან „გაშპებოდა” აივანზე, „განავარდდებოდა”, მუხლს მოიმზადებდა და ისეთი სისწრაფით გაიჭრებოდა ნებას მიშვებული, რომ ეგეთი სისწრაფე დამფრთხალ კურდღელს რომ განევითარებინა, ნამდვილად კუ გეგონებოდათ...
ხო, მიჩლატუნობდა, მიფხაკუნობდა, მიკანკალობდა, მიბანცალობდა და რა ვიცი კიდევ რა დავარქვა მის თავაწყვეტილ ქროლვას, რომლის წყალობითაც ასერიგად ცდილობდა რაღაცას თუ ვიღაცას დაუყოვნებლივ გასცლოდა გონებადამშრალი კაცი და სადღაც უსასრულობაში ჩამალვას ესწრაფვოდა.
შვიდი დღის უკანაც (როგორც სჩვეოდა), სწორედ ასე იხელთა დრო, სწორედ ისე გაშპა აივანზე, სწორედ ისე გაინავარდა, ჩვეულებისამებრ გაიმზადა მუხლი უსწრაფესი ქროლვისათვის; და აჰა, მოსწყდა კიდეც ადგილს, რომ...
ოჯახის წევრები კიბეზე დაგორებული მოხუცის ბრახაბრუხმა გამოახედა...
„თავზარი დაეცა“ ლაცაბიძეების ოჯახს.
1. ჩამოექცათ ჭერი თავზე.
2. დაენგრათ ფუძე.
3. არ დაინდო ბედმა.
4. მოუკვდათ მარჩენალი მამა და ა. შ.
მაგრამ ერთ რამეში ვერ გაერკვნენ მხოლოდ: კიბეებზე დაგორებამდე მოკვდა ცხონებული თუ კიბეებზე დაგორების შემდეგ.
მომხდარის შედეგად შეკრებილი საზოგადოებაც ორად გაიყო. ნაწილი ერთ მოსაზრებას უჭერდა მხარს ნაწილი - მეორეს.
შუბლშეჭმუხნულნი ბჭობდნენ. ერთმანეთში დაობდნენ. კამათობდნენ. ეთანხმებოდნენ კიდეც ერთმანეთს... თუმცა ამ ყველაფერს თვით ალიოშასთვის არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა აზრი ჰქონდა მისთვის, კიბეებზე დაგორებამდე მოკვდა თუ მის შემდეგ, მთავარი იყო, რომ მოკვდა და აქამდე ყოველგვარ ყურადღებას მოკლებული გამოთაყვანებული ბერიკაცი - ყველას ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო ღრმად პატივცემული, ბატონი ალიოშა ლაცაბიძის სახელწოდებით.
ჭირისუფლები ტრაგიკულ მოვლენად ნათლავდნენ მომხდარ უბედურებას, რათა უფრო მეტი სიბრალული აღეძრათ იქ დამსწრე საზოგადოებისათვის და მეტად შთამბეჭდავი გაეხადა მათი გულის ასაჩუყებლად.
- რეია, რო გაჩუმებულხარ ალიოშაა... - მოთქმით ტიროდა გარდაცვლილის მეუღლე - ბებია ლოლა.
- ამეიღე ხმა, ბიჭო!.. გაშალე ფრთები შენებურააად.., დაუარე არემარეს მერცხალივით, ბიჭოო... რამ გაგიქვავა მაგ ენა პირში, შე უბედუროოო, თქვი რამე, შე უნამუსოო... გეიხსენე, რავა "ტლიკინებდი", ქე რო რამეს გეტყოდი ხოლმე ბიჭოო... რა დროის შენი სიკვდილი იყო, ალიოშაა... აი, ბეჟანია არევაძე შენი კბილა ხომაა, რომ დგას აგერ, რეიზა უნდა გტიროდეს ახლა მაგი შენ, შე ჩერჩეტოოო, მარა თავში ტვინი არა გაქვს და რა უნდა გელაპარაკოოო...
ალიოშას კბილა ბეჟანია არევაძე, მართალია ვერ ჩაწვდა გამწარებული ჭირისუფლის მაღალფარდოვან ლოგიკას, მაგრამ სხვებმა კი ჩუმად ჩაიქირქილეს, ჩაიფრუტუნეს, ჩაიკისკისეს...
რა გაცინებს? რა ვთქვი ახლა აქ ისეთი სასაცილო? იმის მაგივრად, რომ ცრემლად იღვრებოდე, - იცინი? მაცალე, ახლავე აგიჩუყებ მაგ ქვის გულს. უსმინე, როგორ აგრძელებს მოთქმას ლოლა ბებია:
- რეიზა დემიტოვე ბოვშები ობლად, შე მოღალატეევ!.. შეხედე, ბიჭო, რა დღეშია შენი მურთაზაა!.. რატომ დემიობლე ბოვშები, ალიოშაა...
ისევ შენ მოგმართავ: გახედე იმ კაცს, კარების შემოსასვლელში რომ დგას, „შტოფივით” ჩამდგარი, სქელი ულვაშით, ეგ არის ის ობოლი მურთაზა. საწყალ "ბავშვს” სამოცი წელი ესესაა შეუსრულდა. ვინ იფიქრებდა მის დაობლებას, მაგრამ რას იზამ "ეს ისეთი „აქლემია”, როდის ვის კართან დაიჩოქებს, არავინ იცის". ხოდა, ობოლი მურთაზაც ტირის, გულამოხეთქილი ტირის, სხვა რა დარჩენია საწყალს...
ააა, შენც აგიჩუყდა გული?! ცრემლს ვერ იკავებ? ჯერ სად ხარ, ტირილი აწი ნახე...
- რა გაბღავლებს, შე კაცო! - მუჯლუგუნი წაჰკრა გაწიწმატებულმა ცოლმა, აფშლუკუნებულ ქმარს, - პატარა, თავი რომ შეიკავო, არ შეგიძლია? რაია, რომ დააღე მაგ პირი "მკვტარი ვირივით"?!
- რას ქვია, რა მატირებს?! - შეიცხადა „ობლის კვერნაჭამმა”, - ვერ ხედავ დავობლდი, გოგო?! - თავში წაიშინა ხელები გულაჩუყებულმა მურთაზამ და ისე გამოითქვიფა „ადესა” ღვინისგან გამობრუჟული თავ-პირი, რომ ათი კაცის ნაცემი გეგონებოდათ.
- დაობლდი თვარა, დარჩი შენც ძუძუმწოვარა... - ნიშნის მოგებით აიბზუა ტუჩი ცოლმა.
- რა დროს ძუძუა, გოგო, ახლა მაგის დროა?! მამა აღარ მყავს, არა, დევიღუპეე...
მურთაზას ცოლი ერთბაშად გაქვავდა, შეურაცხყოფილი აილეწა, შემდეგ თვალები დაებერა, ჩაესისხლა და ღვთის რისხვად დაატყდა „ძუძუმოყვარულ” მეუღლის თავზე:
- დალიე ცეცხლი, ნავთი და მოუნელებელი. არ გეღირსოს არც ძუძუ და არც „სოსკა”, ჩაგფალი მიწაში; შხამად გექცეს, რაც მაგ გასახეთქ მუცელში ჩაგივა, მაგ ამოსაძირკვი ღვინის ბრალია ყველაფერი, თვარა როდის მოკვტებოდა უბედური ბერიკაცი, ერთი სული გქონდა, ლამის ძალით მოგეხჩვა უბედური, მისდღემჩი ლანძღავდი და თათხავდი, ახლა გამომიხვედი ღირსეული მემკვიდრე?
ირგვლივ ჩოჩქოლი ატყდა. კიდეც გაიცინეს და კიდეც გაიოცეს. ზოგმა მოიწონა ქალის ნათქვამი, ზოგმაც დაიწუნა და გაიმართა ჩუმი სჯა-ბაასი დამსწრე საზოგადოებაში.
ლოლა ბებია კი კვლავ მოთქვამდა:
- ვიღა იფხაკუნებს ოთახებში ამის იქით, ალიოშაა... ვიღა გაგვაღვიძებს დილაუთენია, ბიჭოო...
- რაია, ბატონო, ამათთან თაგვებისა და მამლის როლს ალიოშა ასრულებდა? - საკმაოდ ხმამაღლა გადაუჩურჩულა ერთ-ერთმა იქ დამსწრემ მეორეს. ირგვლივ ჩუმი ხითხითი ატყდა.
ამ ტირილ-სიცილ-ქილიკ-ხითხითში იყვნენ, რომ აივნიდან ქალის ნაძალადევი კნავილი გაისმა. ირგვლივ ყველა გაისუსა, ინტერესით გახედეს შემოსასვლელ კარს. ხმაც არ აყოვნებდა. ის თანაბარი ტემპით უახლოვდებოდა იმ „კვარცხლბეკს”, სადაც განახლებული ძალით უნდა აეგიზგიზებინა სავალდებულო გლოვის ქარცეცხლი.
ხო, ალიოშას ცხედრისკენ კარგად დახვეწილი გლოვის ხმა იწევდა გატანჯული და გაუბედურებული ხმის ტემბრით (თუმცა კატის კნავილს უფრო ჰგავდა, ვიდრე ლომის ღრიალს უდაბნოში).
- ნუთუ ეს მართალია, ბიჭოო... რავა დევიჯერო, რავააა... - კიკინებდა ვიღაც და კარშიც გამოჩნდა...გამოჩნდა მაგრამ რა გამოჩნდა:
ჩასქელებული ბარძაყებით, მოფამფალებული ფაშვით, თხუთმეტი ნომერი მკერდით, ქონში ჩაფლული კისრით, აბრაწული ლოყებით, წითლად შეღებილი გაპუწკული თმებით, მაღალყელიანი რეზინის კალოშებით და რაც მთავარია ბაილონის მოკლე კაბით, მეზობელი სოფლიდან საგანგებოდ გადმოსული, ალიოშას ბიძაშვილის მძახალი, ოჯახის სისხლი, მკვიდრი და ახლო ნათესავი, ქალბატონი მაკრინე, რომელსაც წაბლის ბუძუძგოთი დაჩხვლეტილი ხელები განზე ნაზად გაეშალა და სულში ჩამწვდომი, გულისამაჩუყებელი მოხდენილი პლასტიკით საპანაშვიდოდ კვანწავდა.
ისევ იცინი?!. ნახე რა გულშიჩამწდომად ტირის:
- ეს რაფერ დაგემართა შე უბედუროო, ვინ დამაჯერებდა კუბოში მწოლიარეს თუ გნახავდა ჩემი დასაბრმავებელი თვალები, ალიოშაა.., ადექი და ისე შემომეგებე, რავარც იქ, ტყეში, წაბლის მოსახეკად ქე რო ვიყავით და იქანეს რო შემხვდი, ბიჭოო... რავა ჩემიკარი მაშვინ გულში, რაც შენ მკოცნე, კინაღამ დევიხჩვით იქანეს, ბიჭოო... მეც რავა გემეხარდა მაშვინ შენი ნახვააა... გახსოვს, მეც რამდენი გეფერე, ალიოშა? როგორ გევიხარეთ მაშვინ ორივემ, როგორ გე-ვი-ხა-რეეთ...
- იყურებ, რა დღეში ყოფილა თურმე ჩვენი ალიოშა? - გამკილავი სიცილით გადაუჩურჩულა აივანზე მყოფმა, ხანდაზმულმა კირილემ იქვე მდგომ მეზობელს.
- მეც არ ვამბობდი, რას დეიარება ეს კაცი ყოველდღე ტყეში, რათ უნდა ამდენი წაბლი-თქვა? აი, თურმე, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული.
- ნეტა როინდელია ეგ ამბავი, ჯეელობისა თუ ამ სიბერისა? - ქილიკი არ დააკლო კირილესთან მოსაუბრე ნიკალამაც, რომელსაც უთოთი კარგად გაწკიპინებული მწვანე ბაილონის შარვალი ისე საგულდაგულოდ ჩაეტანიებინა ნაცრისფერ ბამბის თხელ წინდაში, რომ იფიქრებდით საზარდულის კვერცხები ჩამოსვლიაო კოჭებში.
- რა ვიცი როდინდელია, მარაა... ის ქე მახსოვს, ოცი წლის უკან, კოლმეურნეობის ფერმაში ქე რო წოუსწრეს მწველავ ჟუჟუნასთან. გადარეული იყო მაშვინ ჩვენი ბრიგადირი ზაქარია კოპაძე, აცხონა მისი სული ღმერთმა, იმ დროს წადგომია თავზე, ქე რო „კინკილაობდნენ”, აპაა?!
(რას გამოაპარებ ხალხს მეგობარო, რას...)
ამ ქილიკში იყვნენ, რომ მაკრინეს "კნავილი", ქვრივი მარგალიტას სიმღერისებურმა ტირილმა შეცვალა:
-" შენც ჩემი ბეჟანასავით რავა უდროოდ დაგვტოვე, ბიჭოო... რა იქნებოდა, კიდო გეცოცხლა პაწა ხანს და გებჟუტურა შენს ცოლ-შვილში, გენაცვალეეე... ლოლას რას უპირებ, შე უნამუსოო... ვის უტოვებ აქანეს მარტოოს... თუ შენ არ გინდა აქანეს დარჩენა, ლოლა მაინც წეიყვაენ თან, ბიჭოო... რეია უშენოდ მისი ცხოვრებაა, არ უღალატო, ბიჭო, არ დატოვო მარტო, წეიყვანეეე..."
ლოლა გაშრა...
- რასაა, რო ბჟუტურებს ეს პირქვე დასამარხი მარგალიტა? - გადაუჩურჩულა შიშისაგან გულგახეთქილმა ლოლამ მის გვერდით მჯდომ მარუსია ღონღაძეს, - გეიგონე, რას ეხვეწება, ქალო მიცვალებულს?
მარუსიას თავშლის ბოლო პირზე აეფარებინა და ისე იცინოდა, რომ მსხვილი ღვარღვარა ცრემლები სახეზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა (შორიდან შემხედვარეს, ალბათ ეგონებოდა საცაა ტირილში გაილევა ქალიო). გულშემოყრილი ლოლაც არ ცხრებოდა:
- გესმის, გოგო, რას ამბობს ეს ენაჩასაწყვეტი?
მარუსია, სიცილით მისავათებული, ენას ვერ ძრავდა.
მარგალიტა კი განაგრძობდა:
- იქანეს რო მიხვალ, ჩემი ბეჟანა მონახე, ბიჭოო... მიდი და უთხარი, მარგალიტამ ყანები სულ დაამუშავა-თქვაა... პაწა ლობიოც აქვს-თქვა, პაწა მჭადის ქბილიც, საცაა „კვირისტავა” მსხალსაც მობოჭავს არაყს გამოხდის-თქვა, ბიჭოო...
ამის გამგონემ, კარგად შეზარხოშებულმა ბუხუტია ცხადაძემ გაწკეპილი ულვაში მერცხლის კუდივით აცქვიტა ცისკენ და ნიშნის მოგებით ჩაიბურტყუნა:
- ძაფი შეაბი თითზე, რო არაფერი დაავიწყდეს! ამ უბედურ ბერიკაცს, ცოცხალი რომ იყო, მაშვინ ვერ მიჰქონდა სწორი ამბავი და ახლა შენ გინდა მკვტარმა გადასცეს შენი დანაბარები შენ ბეჟანიას? მეტი არაა ჩემი მტერი, ტყვილა არ ირჯებოდე, მარგალიტა ფერაძევ!..
ვიდრე ალიოშა ლაცაბიძეს „უბის წიგნაკში უნიშნავდნენ” დანაბარებს სხვა მკვდრის პატრონები, სწორედ ამ დროს ეზოში გაშლილ ქელეხის სუფრას რატო მესამედ არ შემოსხდომოდნენ უბედურობის თანაზიარნი და გემრიელად ილუკმებოდნენ.
„ტოლიმბაშიც” მთელი პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და მორიგ სადღეგრძელოს თავგამოდებით გაჰკიოდა:
- ძვირფასო მეგობრებო! ჩვენო მოწვეულო სტუმრებო! ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენს ძვირფას, აწ გარდაცვლილ ბატონ ალიოშას მოვუგონიოთ სტალინი! ვაშა და დიდება მას, ამხანაგ ბესსარიონოვიჩს!
ამ დროს ვიღაც პატარა, გალეულმა, „ჩინჩრიკა“ კაცმა ისეთი რიხით დაამცხიკა, რომ კინაღამ შარვლიდან ამოვარდა.
მის გვერდით მჯდომმა, მამა-პაპის ტრადიციებზე კარგად აღზრდილმა სევასტიმაც არ დააყოვნა და მყის შეაგება:
- იმის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს, ჩემო ბიგვენტი!
ამის გამგონე თამადა, რომელიც უკვე კარგა გვარიანად შეზარხოშებულიყო, გველნაკბენივით შეხტა. აღელვებულს თვალები ჯერ გაუფართოვდა, შემდეგ დაუვიწროვდა, წარბებიც თავდასხმისთვის შეისწორა სახეზე და ასე მობილიზებული მეხივით დაატყდა თავს „მერიტუალე” სევასტის და სტალინის სიკვდილით მიღებული 55-წლიანი ბოღმა ზედ შადრევანივით გადააფრქვია:
- „რასაა, რომ ამბობ, სევასტი, არ გრცხვენია? ოღონდ სტალინი მევიდეს და ამის დედა არ მოვ... ტუუუუ?!”...
დიდუუ?!. იქ ამბავი დატრიალდააა... სიცილი, ტირილი, ყვირილი, ღრიალი, თეფშები, მუშტები, გინება, ფურთხება სულ ერთმანეთში აირია.
საქმე იქამდე არ ჩაწყნარდა, ვიდრე მიცვალებულის გარდა, ყველა ჩხუბში არ ჩაერია. ალიოშა იწვა მხოლოდ მშვიდად და ფეხებზე ეკიდა „ბალი ათი შაური”. იწვა და „განცხრომას“ მისცემოდა.
მაჩხუბრები როგორც იქნა, დაშოშმინდნენ. კვლავ სუფრას მიუსხდნენ.
- შეხედე იმ უსირცხვილო ვალოდია ფერაძეს, მეოთხედ ჯდება სუფრასთან, - გადაუჩურჩულა სუფრის მომსახურე ნანომ მის იმ დღის კოლეგას მაყვალას.
- უი, ეგ მოუკვტა თავის პატრონს, ერთი მიმკვტარებული მამალი მეიყვანა შესაწირში და გადააყოლა უბედური ოჯახი ზედ, არ ჯობდა სულ არ დეეპატიჟნათ?
- ისე, ჩემო მაყვალა, სესხი და ვალია ყველაფერი, ამათმაც ეგრე არ ქნეს ვალოდიას დედის სიკვდილზე?! ერთი ჭირიანი ვარიკა მიათრიეს და მთელი კვირის განმავლობაში პურის მოწობით გადაუტყავეს ქოთნის ძირები...
ამ საუბარში იყვნენ, რომ უცებ მაყვალამ შეიცხადა:
- რაცხა, დამწვრის სუნი მცემს, ნანო, საკურთხის ტაბლები ხომ არ იწვის, ნეტა?
- უი, ჩემი სიკვტილი, რავა გადაგვავიწყდა მაი ტაბლები, - შეიცხადა ნანომაც და ძირმომწვარ ტაბლებს სხვა ტაბლების გვერდით მოუძებნა ადგილი.
- ნანო, ჩვენში დარჩეს და, რათ უნდა მკვტარს ტაბლები, რაში არგია, ნეტა? - უნებლიე კითხვა გაუჩნდა ხელსაქმეში გართულ მაყვალას.
- როგორ თუ რაში, სული ჭამს, გოგო, სული, აპა?
- ამ ტაბლებს ახლა ალიოშას რო დოუწყობენ თავთით, სულ ალიოშას სული შეჭამს?
- აპა რავა, არ იცოდი?
- რაღა მაინცდამაინც ოცდაცხრამეტს შეჭამს, ყოფილიყო, ბატონო, ათი, ან ხუთი... ოცდაცხრამეტი „ტაბლა” მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება შეჭმული ამ ჩია ბერიკაცს და ახლა მკვტარი შეჭამს მაგდონს?
- რა ვიცი, ჩემო მაყვალა, ეტყობა, რო კვტება კაცი, მადა ეხსნება... - ჩაიქირქილა ნანომ და მაყვალაც გულიანად გააცინა.
- ჰო, ყელზე არ დაადგეს ალიოშას, ყელზე, - იცინოდნენ ქალები.
- ასეთია ჩვენი ადათ-წესები და რა ვქნათ, - წარმოთქვა სიცილის მერე ნანომ და სახაჭაპურედ ჩამბალი ყველი გულიანად მოჭყლიტა.
აღარ მოვყვები მიმტანებზე, მზარეულებზე, თავ-კაცებზე, თავ-ქალებზე, ყველა ისეთი მონდომებით იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში, რომ გვამი ფუჭებადი რომ არ ყოფილიყო (და დასამარხად არ ყოფილიყო საბოლოოდ განწირული), ალბათ მთელ სიცოცხლეს მის მოვლა-პატრონობას შესწირავდნენ.
ხო, ჩემო მკითხველო, მთელი სოფელი თავს დაჰფოფინებდა მკვდარ ალიოშას: უგვიდნენ, უსუფთავებდნენ, ბუზს უნიავებდნენ, დღეში სამ-ოთხჯერ "მის სახელზე" სადილობდნენ, გარბოდნენ, გამორბოდნენ, მიჰქონდათ, მოჰქონდათ და იყო თავდაუზოგავი რბოლა გარდაცვლილის პატივსაცემად, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამის ნახევარი პატივი ცოცხალი ალიოშასათვის რომ ეცათ, დამიჯერეთ, ერთი იმდენს კიდევ იცოცხლებდა ცხონებული ალიოშა, რაც აქამდე იცოცხლა. (მაგრამ რას იზამ, ამ გაურკვეველ წუთისოფელში ყველაფერი ასეა მოწყობილი. რაღაცით ხომ უნდა გაერთოს ხალხი.)
- აჰა, გაყვანის დროა! - დაიძახა ვიღაცამ.
ყველა წამოიშალა, აფუთფუთდნენ, აფუსფუსდნენ. ზოგი ყვავილებს ეცა, ზოგმა სურათი წაიმძღვანია, ზოგი კუბოს თავსახურს შეუდგა, ზოგმაც ჭირისუფალზე გაძღოლა ითავა...
აქეთ-იქიდან კი მკაცრად გაისმოდა "საქმიანი" შეძახილები!
- კელაპტარი ჩააქრეთ, არ დაგრჩეთ ანთილი!
- პატარა სანთელი არ ჩააქროთ, ოჯახიზა არ ვარგა!
- ის ტაბლები, თავთით რომ ულაგია, ბოვშებს დოურიგეთ, აუცილებლად უნდა შეიჭამოს, მკვტარი რო მაძღრად დარჩეს!
- წყვილად არაფერი ჩააყოლოთ, კენტად უნდა იყოს ყველაფერი!
- კუბოდან რაიმე მოპარეთ, ნამატი დარჩეს ოჯახში!
- ისე არ გამოიყვანოთ ოთახიდან, სანამ სამჯერ არ დოუბრახუნებთ კარებს!
- ხომ იცით, სამჯერ უნდა დაატრიალოთ მიცვალებული გამოყვანის წინ!
- ნაკურთხი მარილი არ დაგრჩეთ, საფლავზე წამეიღეთ...!
მთავარი კი ის არის, რომ ამ უაზრო რიტუალებს ისეთი გულმოდგინებით ასრულებდნენ ერთი შეხედვით ეს ზრდასრული ადამიანები, რომ ჭკუათმყოფელს გაგეცინებოდა. სასაცილოა აბა რა, ასე გულმოდგინედ, როგორც ისინი ამ უმაქნის რიტუალს ასრულებდნენ, თავინთი მართლა საკეთებელი რომ გაეკეთებინათ, თითოს თითო მილიონი მაინც ექნებოდა შვეიცარიის ბანკში.
და (როგორც იქნა) ალიოშას გარდაცვალებიდან მეშვიდე დღეს დადგა მისი ოჯახიდან განშორების მძიმე წამი.
ყველა გარეთ გაიკრიფა. კუბოსთან დარჩნენ მხოლოდ ახლო ნათესავი მამაკაცები, რომლებიც ხელებდაკაპიწებულები შეუდგნენ მამა-პაპის წესთა აღსრულებას:
1. მედგრად წამოსწიეს მძიმე კუბო (რომელშიც მიცვალებულზე მეტი წონის ჩასაყოლებელი ტანსაცმელი და სხვა ნივთები იყო მოთავსებული).
2. სამჯერ დაატრიალეს ოთახში.
3. სამჯერ დაუბრახუნეს ჩაკეტილ კარს თავით (საცოდავი).
4. გამოყვანისას „ჩუმად” მოპარეს რაღაც უბედურს კუბოდან..............
და ასე გაქურდულ - გაძარცვულ - თავდაბრახუნებული და ტრიალისაგან თავბრუდახვეული ალიოშა ლაცაბიძე "დიდი პატივით" გაუყენეს ამ წუთისოფლის უკანასკნელ გზას.
ალიოშას ცხედრით „მხარდამშვენებული” ფერაძეების, კოპაძეებისა და არევაძეების ბიჭები ისეთი შემართებით მიაგელვებდნენ ცხონებულის ნეშტს, რომ ვიღაც ენაკვიმატმა ხმამაღლა იხუმრა:
- რეია, ეს საცოდავი სამანიშვილის დედინაცვალივით რო მეიტაცეს, ხომ არ იჩუქეს, ნეტავ? არ მოუკლებენ სიჩქარეს, ჩვენც ქე რო შევძლოთ ამ უბედურის საფლავამდე მიცილება?
გასაოცარი კი ის იყო, რომ „ტვირთმზიდავ მოჯირითეებს” ფეხდაფეხ „ჭენებით” მისდევდნენ დამკვრელთა მრავალნაცადი ფეხები, გულისჩამწველი გლოვის სიმღერით:
- „მამი, შვილების შემქმნელო და მარჩენალო,
ოჯახის ბურჯო, მშრომელო, დაუღალავო,
ქვეყნად თუ დედამ გშობა,
ყველა დიდი, პატარა,
მამამ ამაგი დაგვდო
და სწორ გზებზე გვატარა”...
გამაძღარ-გაბრუებულ ხალხს კი, რომელიც ბანცალით მიუყვებოდა ურმის თვლებისაგან აჩიჩქნილ შარას, სადღა ახსოვდათ მიცვალებული, მიდიოდნენ და გზაში არჩევდნენ: „ლობიო” უკეთესი იყო თუ „შილაფლავი”, ღვინო ჯობდა თუ არაყი, ჯონჯოლი მეტი შეიჭამა თუ კიტრის მწნილი...
ტეგები: Qwelly, იმერეთი, ლიტერატურა, პანაშვიდი, ტეტუნაშვილი
კარგი იყო, კარგად ჩასაკითხი :)
გმადლობ თამილა :) მიხარია, რომ დრო დამითმეთ და წაიკითხეთ :)
Tamila Moshiashvili_მ თქვა:
კარგი იყო, კარგად ჩასაკითხი :)
ლიტკლუბიდან წამოყოლილი კომენტარები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•