როცა ოლგა საკანში გამოჩნდა თითოეულ პატიმარში იმედმა დაიბუდა, მაგრამ ერთი რამ აშკარა გახლდათ: ხმელი და აყლაყუდა ოლგა ნამდვილად არ ჩანდა კეთილგანწყობილი. მუგუზალივით შავ კანს უხორცო ყვრიმალები განსაკუთრებით გამოეკვეთა, რომ არაფერი ვთქვათ წაწვეტებულ იდაყვებზე. კრინტი არ დაუძრავს, არც ვინმე ჩაუთვლია შეხედვის ღირსად. თავისი ავლადიდება ხის ყუთში ღრმად ჩაჩურთა და მისთვის განკუთვნილ ნარზე ჩამოჯდა. ზედამხედველმა არაადამიანური ღრიალით გადმოულაგა შინაგანაწესი (ოლგამ თავისთვის გაიფიქრა მორზეს ანბანით ხომ არ სარგებლობსო), შემდეგ პარაშასა და ხელსაბანზე მიუთითა, რაზეც ტუსაღმა თავის ოდნავ მობრუნებით უპასუხა. როცა ზედამხედველის ქუხილი შეწყდა, ზურგზე გაწვა, თითები ერთმანეთში გაუყარა და გაატკაცუნა, შემდეგ კი ჭერის გაშავებულ ფიცრებს მიაშტერდა.

- არა, თქვენ მისი თმა ნახეთ? - ჩაიჩურჩულა ტატიანამ.

      პატიმრები ტატიანას მინიშნებას ვერ მიუხვდნენ. ახალმოსულს თავზე ხვეული გრძელი, ჯანმრთელი თმის მთელი ბუდე ჰქონდა დამხობილი, რისგანაც მისი თავის გარშემოწერილობა ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი ჩანდა. საერთოდ მსგავსი სიძლიერე და ბუნებრივი ჯანმრთელობა აფრიკელი ქალების ხვედრია... მიუხედავად ყველაფრისა, ოლგას შავტუხა სახეზე ნეგროიდულ წარმოშობაზე მინიშნებასაც ვერ აღმოაჩენდით. ალბათ საბჭოთა კავშირის რომელიმე ქალაქის მცხოვრები იყო, რახან აქ, ციმბირში, ამ ქალთა კოლონიაში მოხვდა, სადაც არსებულმა რეჟიმმა ისინი განამწესა, ვინც განსხვავებულად აზროვნება გადაწყვიტა და პარტიის მთავარ ხაზს გადაუხვია.

- რა მისი თმა? რა, მერე?

- ვფიქრობ, კავკასიელი უნდა იყოს.

- მართალია, კავკასიელ ქალებს ზოგჯერ თმის მაგივრად ჩალა ამოსდით.

- საშინელი თმა აქვს.

- არა, რას ამბობთ, არაჩვეულებრივი თმა აქვს. აბა, ჩემსას შეხედეთ ერთი - თხელი, სწორი და დატკეპნილი. თმა ჰქვია ახლა ამას? მე ვისურვებდი, მისნაირი თმა მქონოდა.

- რას ამბობ?! მაგას სიკვდილი მირჩევნია. თმა კი არა, ჯაგრისია.

- ჩემი აზრით, უარესი... ფაჩარი გინახავთ?

      ლილის შენიშვნას ქალების მოგუდული ქირქილი მოყვა.

      ტატიანამ წარბები შეიჭმუხნა, ქალებს სიჩუმისკენ მოუწოდა და დააზუსტა: - შეიძლება გამოსავალსაც აქ მივაგნოთ.

      ტატიანას კეთილგანწყობის მოპოვების სურვილით შეპყრობილმა ქალებმა (ტატიანას "ბელადად", "მეთაურად", "წინამძღოლად" მოიაზრებდნენ, თუმცა ისეთივე მსჯავრდებული იყო, როგორც ყველა დანარჩენი) გონებას უხმეს და შეეცადნენ გამოერკვიათ, რა გამოეპარათ მხედველობიდან უყურადღებობის გამო. რა გადაწყვეტილებას უქადდა ამ უცნობის გრძელი თმა ხელახალი აღზრდის კოლონიაში იძულებით გამომწყვდეული პოლიტიკური დევიანტების ცხოვრებას? იმ საღამოს ისეთი ბარდნა, ისეთი ბარდნა... თოვლმა კოლონია სულ ნამქერში მოაქცია. თითს თვალთან ვერ მიიტანდით, ისე ჩამობნელდა. ქარბუქი საცაა რის ვაი-ვაგლახით მბჟუტავ ჭრაქსაც ჩააქრობდა. ნულამდე დავარდნილმა ტემპერატურამ ხომ საერთოდ წაართვა ტუსაღებს აზროვნების უნარი.

- შენ იმის თქმა გინდა, რომ...

- დიახ, დიახ, იმის თქმა მინდა, რომ თავზე დამხობილ მსგავს ბუდეში უამრავი რამის გადამალვაა შესაძლებელი.

      დუმილში, ამ განცხადებას რომ მოჰყვა, აშკარად იგრძნობოდა პატივისცემა.

- ვფიქრობ, რომ მის განკარგულებაშია... - გაუნათდა გონება ერთ-ერთს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

- დიახ.

      ქერათმიანმა ლილიმ, რომლის გაბარიტებისათვის გაუსაძლის სამუშაოს, მკაცრ კლიმატსა და საძაგელ საკვებს არაფერი დაეკლო, თავს უფლება მისცა, გაგონილი ეჭვქვეშ დაეყენებინა.

- ჯერ ხომ უნდა ეფიქრა ამაზე.

- რატომ არ იფიქრებდა, ვითომ?

- მე, მაგალითად, სანამ აქ აღმოვჩნდებოდი აზრადაც არ მომივიდოდა.

- ჩვენ ახლა მასზე ვსაუბრობთ და არა შენზე!

      ლილიმ მშვენივრად იცოდა, ტატიანა ჯიუტი და კერპი რომ იყო და ბოლო სიტყვის უფლებას თვითონ დაიტოვებდა, ამიტომაც საკუთარი დარდის და ეჭვების ხმამაღლა გამოხატვისაგან თავი შეიკავა და შალის ჩამორღვეული კაბის შემოკერება განაგრძო.

      გარეთ ქარბუქი განაგრძობდა ღმუილს.

      ტატიანამ დამქაშები დატოვა და გეზი ახალმოსულის ნარისკენ აიღო, მის ფეხებთან დაერჭო და დაელოდა, სანამ ის მიანიშნებდა, რომ შეამჩნია.

      თუჯის ღუმელში ცეცხლი თანდათანობით მინავლდა, კიდევ ცოტაც და სულს ამოუშვებდა.

      ტატიანას გუშაგივით თავზე დგომას შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, პირველს დაერღვია სიჩუმე: - რა გქვია?

      ბოხმა ხმამ გასცა პასუხი: "ოლგა", თუმცა ტატიანას ტუჩების მოძრაობა არ დაუნახავს.

- აქ რატომ მოხვედი?

      ოლგას სახის ნაკვთები არ შერხევია, გეგონება ცვილის ნიღაბი მოირგოო.

- ვფიქრობ შენც, ყველა ჩვენგანივით სტალინის საყვარელი საპატარძლო იყავი. ახლა რა, მობეზრდი ბელადს?

      ეს იყო ხუმრობა, რომლითაც აქ ყველა ახალმოსულს უმასპინძლდებოდნენ, რიტუალი, რომელსაც სტალინის რეჟიმს დაპირისპირებულ მეამბოხეებს უმართავდნენ. ტატიანას კვიმატი სიტყვები ყინულის ლოდმა აისხლიტა და რიკოშეტით უკან დაბრუნდა.

- მე ტატიანა მქვია. მინდა სხვებიც გაგაცნო.

- მგონი დრო თავზე საყრელად გვაქვს. სხვა დროს მოესწრება...

- ცხადია, მოესწრება... ერთად მოგვიწევს თვეების, წლების ამ ჯურღმულებში გატარება... შეიძლება აქ დავლიოთ კიდეც სული...

- ასე რომ, საჩქარო არაფერია.

      ამ სიტყვებით ოლგამ თვალები დახუჭა, კედლისკენ გადაბრუნდა, ტატიანას საკონტაქტოდ მხოლოდ მისი წვეტიანი და გამომშრალი მხრები შერჩა.

      როცა მიხვდა, რომ ახალს მეტს ვერაფერს გამოსტყუებდა, ხელმოცარული ტატიანა დაქალებს დაუბრუნდა.

- მაგარი კერკეტი ვინმეა, მაგრამ არა მგონია, ჩვენთვის რამე საშიშროებას წარმოადგენდეს. შანსი გვაქვს, რომ...

      თანხმობის ნიშნად ქალებმა - ლილიმაც კი, - თავები დააკანტურეს და ლოდინის პოზიცია ამჯობინეს.

      მომდევნო კვირის განმავლობაში ოლგა ძველებისთვის მხოლოდ ერთ ფრაზას თუ გაიმეტებდა და ისიც მარწუხებით უნდა ამოგეგლიჯათ პირიდან. მსგავსმა საქციელმა ამ სტაჟიან, ათასუბედურებაგადამხდარ ქალებს იმედი ერთი ორად განუმტკიცა.

- დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იფიქრა, - განაცხადა ბოლოს ლილიმ, რომელიც ყოველი საათის მიწურულს საკუთარი ნათქვამის სისწორეში სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, - ისეთი ტიპი ჩანს, აუცილებლად იფიქრებდა.

      დღეს ყაზარმაში დიდი სინათლე მაინც და მაინც არ შემოუტანია. ნისლის გამო ყველაფერი დაბურული და ნაცრისფერი ჩანდა. როცა შეთხელდა და საბოლოოდ გაიფანტა, კოლონიას გიგანტური, გაურღვეველი და დამთრგუნველი ღრუბლების ფენა დააწვა, გეგონება ზეციდან შეიარაღებულ გუშაგთა ბატალიონები დაიძრაო.

      იმის გამო, რომ ოლგას ნდობის მოპოვებას ვერავინ ეღირსა, ქალებმა გადაწყვიტეს, იქნებ აბანოს დაეძრა საქმე ადგილიდან. იქ ნაღდად გაირკვეოდა, ახალმობრძანებულს თუ რამე ჰქონდა დასამალი... მაგრამ... მაგრამ ისე ციოდა, ისე ციოდა, გახდა ვერავინ გაბედა. ჯერ ერთი, ვერაფრით გაშრებოდნენ და მეორეც იმიტომ, რომ ვეღარ გათბებოდნენ. ერთი სიტყვით, მინიმალური ჰიგიენის დაცვით დაკმაყოფილდნენ: ერთი-ორჯერ აქა-იქ ხელი მოისვეს და ამით მორჩნენ. ერთ წვიმიან დილასაც აღმოჩნდა, რომ ოლგას არაბუნებრივად სქელი თმა წყლის წვეთებს კი არ ისრუტავდა, არამედ ისხლეტდა. მოკლედ თმის წყალგაუმტარი საფარი ემხო თავზე.

- მით უარესი, - ხელში აიღო ინიციატივა ტატიანამ,- რისკზე უნდა წავიდეთ.

- რა უნდა ვკითხოთ?

- უნდა ვაჩვენოთ.

- წარმოიდგინე, ჯაშუში რომ აღმოჩნდეს, ჩვენს სათვალთვალოდ შემოგზავნილი.

- ვერ იტყვი, რომ ჯაშუშის სიფათი აქვს.

- ნამდვილად! ვერც მე, - დაადასტურა ლილიმ და მორღვეული კაბიდან ვეებერთელა ძაფი გამოაძრო.

- მე კი მგონია, რომ სწორედაც აქვს. უბრალოდ უკარებას, ველურს, დაუნდობელსა და ყრუ-მუნჯს თამაშობს, გარიგებაში არავისთან რომ არ შედის. განა ეს საუკეთესო საშუალება არ არის ჩვენი ნდობის მოსაპოვებლად?

      ეს ირინა იყო, საკუთარი მოსაზრება რომ ამოიღრიალა და დანარჩენები დაზაფრა. თვითონაც პირდაღებული დარჩა საკუთარი განსჯის ლოგიკურობით.

- აი, ჩემთვის ქალთა კოლონიაში რამის გამოქექვა რომ დაევალებინათ, - დაკვირვებული იერით განაგრძობდა გამომსვლელი, - მერწმუნეთ, ამაზე უკეთეს ხრიკს ნამდვილად ვერ მივაგნებდი. ასე, პირში წყლის დაგუბება, მარტოხელად და ეულად თავის მოკატუნება ადვილზე ადვილია. მერე კი ნელ-ნელა აუჩქარებლად აიძულო სხვები, გუდას თავი მოხსნან და ყველაფერი დაფქვან. ძნელია? სულაც არა! ყოველ შემთხვევაში ეს ტაქტიკა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე თვალების გადმოკარკვლა და გულ-ღვიძლის ამოლაგება... მერწმუნეთ, არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ჩვენს რიგებში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გაქექილი აგენტია შემოგდებული.

      ლილი ისე გაიტაცა ირინას ქადაგებამ, რომ ყველაფერი დაიჯერა. ნემსიც ისე ღრმად გაირჭო თითში, სისხლიც კი წამოუვიდა, რომელსაც კარგა ხანს სახტად დარჩენილი დასცქეროდა.

- ვითხოვ დაუყოვნებლივ სხვა ყაზარმაში გადაყვანას. სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად!

      ტატიანამ ჩარევა არ დაახანა: - ირინა, გონივრულად მსჯელობ, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს მაინც შენი ვარაუდია. ჩემი ინტუიცია კი სრულიად საწინააღმდეგოს მკარნახობს. მგონია, რომ მას ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. მერწმუნეთ, ისეთივე ადამიანია როგორიც ჩვენ, შეიძლება უფრო მედგარი და შემტევიც კი.

- მოდი, დავიცადოთ, თუ ჩაშვებამდე მივიდა საქმე...

- მართალი ხარ, დავიცადოთ და მასაც დავაცადოთ. ვეცადოთ, რამენაირად ვუბიძგოთ, ბარემ ბოლომდე გაიხსნას. ხმა არ გავცეთ. თუ ჩვენს სათვალთვალოდაა შემოგდებული, პანიკაში ჩავარდება და დაახლოვებას ეცდება. იოტისოდენადაც თუ წამოიწია ჩვენკენ, მაშინვე გაიყიდება. მისი ტაქტიკა ჩვენთვის დღესავით ნათელი გახდება.

- აი, პირდაპირ ათიანში გაარტყი! კარგად მოგიფიქრებია. მოდი, ისე მოვიქცეთ, ვითომც მისი არსებობა საერთოდ არ გვაინტერესებს, ვითომ აქ არც ყოფილა. დაველოდოთ მის რეაქციას.

- რა საშინელებაა... - ამოიოხრა ლილიმ და სისხლიანი თითი მოილოკა, გეგონებოდათ, შეხორცებას აჩქარებსო.

*

      გავიდა 10 დღე. ნომერ 13 ყაზარმის არც ერთ პატიმარს ოლგასთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეს უკანასკნელი თავიდან თითქოს ვერც ამჩნევდა შეთქმულებას, მაგრამ როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მზერა უფრო მკაცრი და გამყინავი გაუხდა, მაგრამ სიჩუმის კედლის განგრევა არც სიტყვით და არც რაიმე ქმედებით უცდია.

      საღამოს პატიმრებმა ვახშამზე წვნიანი მიირთვეს და სასწრაფოდ ტატიანას გარშემო შეიკრიბნენ.

- კიდევ გინდათ რამე დამამტკიცებელი საბუთი? არ გატყდა ის კერკეტი.

- აბა! რა საშინელებაა...

- ო, შენ კიდევ, ლილი, ყველაფერი გაშინებს...

- გამოტყდით, რომ ეს ნამდვილი კოშმარია. ყველამ ზურგი შეგაქციოს, მიხვდე ამას და თითიც კი არ გაანძრიო, ამ საყოველთაო ბოიკოტს წინ არ აღუდგე! მე თუ მკითხავთ, ეს არაადამიანურია და საინტერესოა, საერთოდ აქვს კი გული ამ ოლგას?!

- ვინ გითხრა, რომ ამისგან ყველაზე ძლიერ თვითონ არ იტანჯება?

      ლილიმ ნემსი ქსოვილის სქელ ნაწილში ღრმად შეარჭო და ხელსაქმეს დროებით შეეშვა. აქამდე ამის შესახებ არ უფიქრია... თვალები უმალ ცრემლებით აევსო.

- ჩვენ რა, ეს ადამიანი გავაუბედურეთ?

- ის უკვე იყო უბედური, როცა აქ მოვიდა. ახლა უბრალოდ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

- საწყალი! ჩვენ გამო...

- მე მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება მისი იმედი გვქონდეს.

- კი, კი, მართალი ხარ, - შეჰყვირა ლილიმ და თან ცრემლები სახელოთი შეიმშრალა, - ვენდოთ მას, სასწრაფოდ ნდობა გამოვუცხადოთ; მე ისე მტკივა გული იმის გაფიქრებაზე, რომ ისეთივე პატიმარია როგორც ჩვენ. ჩვენ კიდევ მხოლოდ გავუღრმავეთ მას საკუთარი გასაჭირი და ცხოვრება გაუსაძლისი გავუხადეთ.

      კონსილიუმი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ქალებმა გადაწყვიტეს გაერისკათ და ოლგასთვის თავიანთი გეგმა გაეხმაურებინათ. მოლაპარაკების ინიციატივა ტატიანას უნდა აეღო ხელში.

      კოლონიამ ისევ ჩათვლიმა. გარეთ საშინლად ყინავდა. გათამამებული ფეხმარდი ციყვები ყაზარმებს შორის დარბოდნენ.

*

      ოლგას ერთი ხელით ცარიელი მათლაფა ეჭირა, მეორით კი ძველი პურის ქერქს ფშვნიდა. მალე ტატიანაც მიუახლოვდა.

- იცი თუ არა, რომ ორ დღეში ერთხელ ერთი კოლოფი სიგარეტი გერგება?

- შენ წარმოიდგინე, შევამჩნიე. მეც მწეველი ვარ.

      პასუხი შურდულივით მოსწყდა ოლგას ბაგეებს. ერთკვირიანმა დუმილმა დააჩქარა მისი საუბარი.

      ტატიანამ შეამჩნია, რომ მიუხედავად აგრესიულობისა, ოლგამ ბევრად უფრო მეტი თქვა, ვიდრე მთელი გასული პერიოდის მანძილზე. როგორც ჩანს, ადამიანებთან ურთიერთობა მოენატრა... მოლაპარაკების მესვეურმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო განეგრძო: - რახან ყველაფერს ამჩნევ, დააფიქსირებდი, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ ეწევა; ყოველ შემთხვევაში, ვეწევით ძალიან ცოტას და ისიც ზედამხედველის თანდასწრებით.

- ჰმ, არა. რას გულისხმობ?

- არ დაფიქრებულხარ, რაში ვიყენებთ სიგარეტებს?

- აჰ, მივხვდი. ცვლით! ეს კოლონიის ფულის ერთეულია? არაფერი მაქვს, რომ გადაგიხადოთ.

- ცდები! ჩვენ არ ვყიდით სიგარეტს, არც სხვა რამეში ვცვლით. სრულიად განსხვავებული რამისთვის ვიყენებთ.

- თუ ფულით არა, აბა რით იხდით?

      ოლგამ ტატიანას ეჭვიანი მზერა მიაპყრო. თითქოსდა რასაც მოისმენდა, წინასწარ ურევდა გულს.

      ტატიანამ პასუხი გააჭიანურა. გრძნობდა, რომ ოლგას ცნობისმოყვარეობა გააღვიძა და მყისიერად გაწყვიტა საუბარი. ჯობდა, მეორეს გამოეჩინა ინტერესი გაგრძელებისადმი. იმავე საღამოს ოლგა თავად ეახლა ტატიანას და თვალგაშტერებულმა დიდხანს უცქირა, თითქოს ეხვეწებოდა, სიჩუმის კედელი დაენგრია. სრულიად უშედეგოდ, ტატიანამ გადაწყვიტა, ოლგასთვის პირველი დღის გაკერპებისთვის მიეზღო სამაგიერო.

      საბოლოოდ ოლგას ნერვებმა უმტყუნა: - მითხარი, რა ჯანდაბას უშვრებით ამ სიგარეტებს?

      ტატიანა მოუტრიალდა და ღრმად ჩახედა თვალებში.

- გარეთ საყვარელი ადამიანები არ დაგიტოვებია?

      ოლგას ტკივილმა სახე დაუმახინჯა.

- ჩვენც გვყავს, - განაგრძო ტატიანამ, - ქმრებიც გვენატრება, მაგრამ მათზე უფრო მეტად რატომ უნდა ვიდარდოთ და ვიჭყლიტოთ ტვინი, ვიდრე საკუთარ თავზე. ისინი სხვა კოლონიებში განათავსეს. იცი, ჩვენი მთავარი გულსატკივარი რა არის? - ბავშვები...

      ტატიანას ხმა ჩაუწყდა, უნებურად თავისი ორი ქალიშვილის სახე წინ წარმოუდგა. ოლგამ თანაგრძნობით ხელი ტატიანას მკლავზე ჩამოსდო, დიდი და ძლიერი, მამაკაცის ჯანიანი ტორი.

- კარგად მესმის, ტატიანა. მეც დავტოვე ქალიშვილი გარეთ, საბედნიეროდ უკვე 21 წლისაა.

- ჩემები კი რვის და ათის...

      მოწოლილი ცრემლების შესაკავებელი ენერგიის ძიებაში ტატიანას სასაუბრო ძაფიც გაუწყდა. ისე, საკითხავია რაზე უნდა ესაუბრა? რა უნდა დაემატებინა უკვე გაცხადებულისთვის.

      მოულოდნელად ოლგამ ტატიანა თავისკენ მიიზიდა და უეცრად მთელი საკნის ბელადი ტატიანა, მარად მეამბოხე, პატივმოყვარე, მბრძანებელი და უდრეკი ტატიანა უცხო ქალის მკერდზე გულამოსკვნილი აქვითინდა.

      როცა მოზღვავებულ გრძნობებს გაუმკლავდა, არეულ-დარეულ ფიქრებში წესრიგის დამყარება სცადა.

- აი, ახლავე გეტყვი რისთვის გვჭირდება სიგარეტები: თუთუნისგან ვცლით, ქაღალდს კი ვინახავთ. შემდეგ ნაკუწებს ერთმანეთზე ვაწებებთ და ნამდვილი ქაღალდის ფურცელი გამოდის. მოიცა, ახლავე გაჩვენებ.

      ტატიანამ ხის ფიცარი წამოსწია და კარტოფილით გატენილი სამალავიდან პაპიროსის ქაღალდის ტკაცუნა დასტა ამოაძვრინა. გადაწებების ადგილები ალაგ ამობურცული, ალაგ შესქელებული ჩანდა. იფიქრებდით, პაპირუსის ქაღალდებიაო, რომელიც ციმბირის მიუსავლეთში არქეოლოგიური გათხრებისას სრულიად გაუგებარი ეშმაკის მანქანებით აღმოაჩინეს.

      ტატიანამ ძვირფასი ქაღალდი ოლგას მუხლებზე მოწიწებით დადო.

- ესეც ასე. ცხადია, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ჩვენგანი თავისუფლებას ეღირსება... და ჩვენი გზავნილების გატანას შეძლებს.

- მშვენიერია.

- მაგრამ როგორც ხვდები, ერთი პრობლემა წამოიჭრა.

- კი. ვხედავ, რომ გვერდები ცარიელია.

- თანაც ორივე მხარეს. იმიტომ, რომ არც კალამი გაგვაჩნია და არც მელანი. ლილის ჭიკარტიც კი გამოვართვი და სისხლით წერაც კი ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. კვალი დიდხანს არ რჩება. თანაც ნაჩხვლეტი ადგილი ძნელად ხორცდება. ამას ცუდ კვებასა და შიმშილობას ვაბრალებ. სამედიცინო პუნქტში წასვლას აზრი არ აქვს, ღმერთმა იცის, კიდევ რას იეჭვიანებენ.

- და რატომ მიყვები ამას ყველაფერს? განა ეს მეც მეხება?

- ვვარაუდობ, რომ ერთ დღეს შენც მოგინდება, ქალიშვილს მისწერო. არა?

      ოლგა წუთით დადუმდა, შემდეგ კი ტატიანას უკმეხად მიუგო: - კი, მომინდება.

- ჰოდა ქაღალდს ჩვენ მოგცემთ, სამაგიეროდ ფანქარი შენზეა.

- საიდან მოიტანე, რომ ფანქარი მაქვს? კარგად მოგეხსენებათ, რომ დაპატიმრებისას პირველი, რასაც ხელიდან გვგლეჯენ ფანქარი და ქაღალდია. აქ მოსვლამდეც მილიონჯერ გაგვჩხრიკეს.

- შენი თმა... - ტატიანამ ოლგას თავზე დამხობილ ბუჩქზე მიუთითა, რომლის ტოტები სახეზე მორგებულ მკაცრ ნიღაბზეც ჩამოჰყროდა. ტატიანა ჯიუტ მზერას არ აცილებდა.

- პირველად, როცა დაგინახე ვიფიქრე...

      ოლგამ ხელით გააჩუმა და კოლონიაში მოსვლის დღიდან პირველად გაიღიმა.

- მართალი ხარ.

      თვალებგაბრწყინებული და აღფრთოვანებული ტატიანას გასახარად ოლგა ყურებს უკან თმაში ქექვას მოჰყვა, სულ მალე წვრილი ფანქარი ამოაძვრინა და გაჭირვებისა და უბედურების თანაზიარ მეგობარს გადასცა.

- გარიგება შედგა!

      ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ბედნიერება და სიხარული, ასე ძლიერ რომ უთბობდა ქალებს გულს მთელი მომდევნო დღეების განმავლობაში. ეს პატარა ტყვიის გრიფელი მათ გულად გარდაიქმნა; კავშირად, წინა სამყაროსა და ცხოვრებასთან, ბავშვებთან გადახვევის შესაძლებლობას რომ უზრუნველყოფდა. პატიმრობაც აღარ იყო ისეთი აუტანელი და გაუსაძლისი, არც დანაშაულის შეგრძნება. ზოგიერთებს ხომ საკუთარი თავისთვის ვერ ეპატიებინათ, პოლიტიკურ ინტერესებს საკუთარი ოჯახი რომ შესწირეს. შედეგად რა მოიმკეს? თვითონ აქ, "გულაგში" სძვრებოდათ სული, ბავშვები კი იმ საზოგადოებას ჩაუგდეს ხელში, რომელიც სულით ხორცამდე სძულდათ და შეუბრალებლად ებრძოდნენ. დიახ, ზოგიერთნი ნანობდნენ გაწეულ ბრძოლას, ეჭვობდნენ, რომ პირველად მოვალეობებს გაექცნენ და უღირსი დედები აღმოჩნდნენ. განა უმჯობესი არ იქნებოდა, ბევრი საბჭოელის მსგავსად პირში წყალი დაეგუბებინათ და მთავარ ღირებულებად ოჯახი და შვილები ეღიარებინათ? გადაერჩინათ საკუთარი და თავისიანების ტყავი და შეშვებოდნენ ყველას ტყავისთვის ბრძოლას.

      საკნის ყოველი ტუსაღი სიამოვნებით გაავსებდა მთელ რვეულს, მაგრამ სამწუხაროდ ფანქარი იყო ერთადერთი. რამდენიმე ცხარე თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეულს მხოლოდ სამი ფურცლის დაწერის უფლება მიეცემოდა, რომელიც რვეულად აიკინძებოდა და საბოლოოდ, პირველივე შემთხვევისთანავე, კოლონიის საზღვრებს დატოვებდა. ამას გარდა, ყველას საკუთარი გვერდები, ფანქრის სწრაფი ცვეთის თავიდან აცილების მიზნით, სუფთად, კოხტად, ყოველგვარი გადახაზვის გარეშე უნდა დაეწერა.

      გადაწყვეტილების მიღების ღამეს მთელი ყაზარმა კოლექტიურმა ენთუზიაზმმა მოიცვა, მაგრამ მომდევნო დღეები მტკივნეული და მტანჯველი აღმოჩნდა. ქალებს სათქმელის სამ ფურცელში მოქცევის შესაძლებლობა ადარდებდა. განა შეიძლება ამ სამ ნაგლეჯზე ამდენი ხნის სატკივარი გამოხატო, რაც დაგიგროვდა და დაგიგუბდა? სამი ძირითადი არსობრივი ფურცელი, ანდერძის სამი ფურცელი, მათი ცხოვრების არსი რომ უნდა აესახა; გვერდები, რომელიც ბავშვებამდე მათ სულებსა და ღირებულებებს მიიტანდა, რომელთათვისაც ასე მედგრად იბრძოლეს!

      წამოწყება სულ მალე წამებაში გადაიზარდა. ყოველ ღამით ხან ერთი ნარიდან ისმოდა ზლუქუნი, ხანაც მეორიდან. ზოგიერთებმა საერთოდ დაკარგეს ძილი და მოსვენება, ზოგი სიზმარშიც კი კვნესოდა.

      სამუშაო დღის განმავლობაში ქალები, როგორც კი მოიხელთებდნენ დროს, იკრიბებოდნენ და საერთო გასაჭირის თაობაზე ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ.

- ვაპირებ, ქალიშვილს მოვუყვე, რატომ მოვხვდი აქ და რატომ არ ვარ მის გვერდით. ვფიქრობ გამიგებს. იქნებ მომიტევოს კიდევაც.

- გაბზარული ნამუსის სამი ფურცელი, რომელმაც კეთილსინდისიერება უნდა აღგიდგინოს და გაგიმთელოს... მიგაჩნია რომ ეს გონივრული აზრია?

- ბოლოს და ბოლოს მოვუყვები ქალიშვილს, როგორ გადავეყარე მამამისს და გამოვუტყდები, რომ ის ერთი სასიყვარულო გატაცების ნაყოფია.

- რას ლაპარაკობ, მართლა? და გაიგებს, რო? არ დაინტერესდება, დედაჩემმა ეს სიყვარულის ამბავი რატომ არ განაგრძოო?

- მე კიდევ დიდი სურვილი მაქვს ჩემს გოგონებს მშობიარობის ეპიზოდები მოვუყვე. ამაზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა.

- მოსაყოლი არც არაფერი გქონია. ძალიან მოკლე არ გამოგივა? იქნებ გაგინაწყენდნენ, რომ მოგონებებში მხოლოდ მათი ამქვეყნად მოვლინებით შემოიფარგლე? არ ჯობია გაგრძელება გაუზიარო?

- მე უნდა მივწერო რისი გაკეთება მაქვს განზრახული მათი გულისთვის.

- ააა... ამას შეხედე.

      ბჭობისას ერთი უცნაური დეტალი გამოვლინდა. თურმე ყველას ქალიშვილები ჰყავდათ. თავიდან ამ დამთხვევამ ისინი ერთობ გაახალისა, შემდეგ კი გააკვირვა. მალე დაისვა საკითხიც: №13 საკანში ხელისუფლებამ მარტო ის ქალები ხომ არ შეყარა, რომლებსაც განგებამ გვარის გამგრძელებელი არ აჩუქა?

      ძირითადი თემიდან დროებითმა გადახვევამ ქალებს წამება ვერა და ვერ შეუმსუბუქა, მათ უწინდებურად არ იცოდნენ, რა დაეწერათ.

      ყოველ საღამოს ოლგა ბუჩქიდან ფანქარს დააძრობდა და ყველას სთავაზობდა.

- ვინ დაიწყებს? ვის სურს პირველობა?

      ყოველ საღამოს საკანში გაჭიანურებული და მეტყველი მდუმარება ჩამოწვებოდა ხოლმე. დროც ფეხს ითრევდა, მიიზლაზნებოდა. ქალები მას ლამის ხედავდნენ, როგორც გამოქვაბულში სტალაქტიტებიდან თანაბარი ინტერვალით მომწყდარ წყლის წვეთებს. თავჩაქინდრულები ელოდნენ, რომ რაღაც მომენტში ერთი მაინც წამოიყვირებდა: "მე" და ამით ნელ ცეცხლზე წვა დამთავრდებოდა, მაგრამ ყველაზე გაბედულებიც კი დუმდნენ. ჩახველებითა და სხვების ჩუმი შეთვალიერებით კმაყოფილდებოდნენ და პირზე სახელდახელოდ მოფიქრებული: "არა, მე ჯერ კიდევ ვფიქრობ" ეკერათ.

- ცოტაც და, მოვაბამ თავს... იქნებ ხვალ?..

- ჰო, ჰო, მგონი მეც დავიძარი მკვდარი წერტილიდან, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული, რომ...

      დღეები ერთმანეთს მონოტონურად ენაცვლებოდა, გარეთ ხან ბარდნიდა, ხან გრიგალი ღმუოდა, ხანაც ყინვა აწყობდა უცნაურ ვერნისაჟებს ყაზარმების ფანჯრის მინებზე... არც ერთს მოუთხოვია ფანქარი, არც ერთი დათანხმებია შემოთავაზებას. არა და ორი წელი ელოდნენ ამ ჯადოსნურ ნივთს.

      ერთხელაც, კვირადღეს ყაზარმა საყოველთაო გაკვირვებამ მოიცვა. ოლგამ წმინდა ნივთი ასწია და ტრადიციული ფრაზა წარმოსთქვა, რასაც ლილი სხაპასხუპით გამოეხმაურა: - მე, მე მინდა ფანქარი. მე დავიწყებ!

      გაკვირვებისგან მუცელში ენაჩავარდნილმა ქალებმა მზერა ქერათმიან ფაშფაშა ლილის მიაპყრეს. ლილი?! დიახ, მათ შორის ყველაზე დამთხვეულ და ქარაფშუტა, ყველაზე სენტიმენტალურ, მოკლედ ყველაზე არანორმალურ ლილის წერა გადაეწყვიტა. ისე კი, ქალებს რომ ემკითხავათ, რომელი გარისკავდა პირველობას, ლილიზე ცხადია ყველაზე ბოლოს იფიქრებდნენ. სავარაუდოდ არჩევანს ჯერ ტატიანაზე შეაჩერებდნენ, ან ირინაზე, მაგრამ არაფრით გამორჩეულ, მარად გულაჩუყებულ და ენატკბილ ლილიზე - არავითარ შემთხვევაში.

      ტატიანამ ვერ მოითმინა და წაილუღლუღა: - შენ? ლილი... ნამდვილად დარწმუნებული ხარ?

- ვფიქრობ, რომ კი.

- დარწმუნებული ხარ, რომ არ გადახაზავ, არ გადაჩხაპნი... არ შეგეშლება... მოკლედ, ფანქარს მართებულად რომ გამოიყენებ? ძალიან ხომ არ გაცვეთ?

- მე ყველაფერი ავწონ-დავწონე. დარდი ნუ გექნებათ, გადახაზვის გარეშე დავწერ.

      ოლგა ერთი კი შეყოყმანდა, მაგრამ ლილის ფანქარი მაინც ანდო. სანამ ამ ფასდაუდებელ ნივთს გამოემშვიდობებოდა, ტატიანას გადახედა. ამ უკანასკნელმა თვალებით დაუდასტურა, რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდნენ.

      მომდევნო დღეებში როგორც კი ლილი საწერად განმარტოვდებოდა, №13 საკნის ქალებს თავისი ემართებოდათ. გულის ფანცქალით ადევნებდნენ თვალყურს. ლილისთვის ამ დროს გარე სამყარო არ არსებობდა: იატაკზე ფეხმორთმული ჯერ ორმაგად ჩაისუნთქავდა, მერე კი ჭერს მიაშტერებდა თვალებს და ბოლოს ფშვინვა-სტვენით ამოისუნთქავდა. თან უსტარს ხელს აფარებდა, სხვებს ერთი სიტყვაც კი რომ არ დაენახათ.

      ოთხშაბათს კმაყოფილებით სახეგაბრწყინებულმა ლილიმ ხმამაღალი განცხადება გააკეთა: - დავასრულე. ვის უნდა ფანქარი?

      კითხვას დაძაბული და გაწელილი სიჩუმე ჩაენაცვლა.

- ვის უნდა ფანქარი?

      ქალები თავჩაქინდრულები ისხდნენ. ერთმანეთისათვის თვალის გასწორება ვერ გაებედათ. ლილიმ მშვიდი ხმით დაასკვნა: - კეთილი. ფანქარს ისევ ოლგას თმებში მივუჩენ ადგილს. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

      ოლგამ მხოლოდ რაღაცა ჩაიბურდღუნა გაურკვევლად, როცა პირველი მერცხალი სამალავს მიადგა. ლილის ადგილას ნებისმიერი სხვა, შეიძლება ნაკლებად კეთილი და გულისხმიერი, მაგრამ ადამიანის ბუნებაში უფრო მეტად გათვითცნობიერებული, უსათუოდ შეამჩნევდა, საკანში შეყრილი ქალები შურით, მეტიც ზიზღით რომ უცქერდნენ. როგორ, ეს ბატისტვინა, იდიოტი ლილი წარმატებული აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ ასე სამარცხვინოდ ჩავფლავდით?

      მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტუსაღებს ყოველ საღამოს ეძლეოდათ შანსი, ისევ ეცადათ ბედი. და, აი, უკვე ოთხშაბათს, შუაღამისას, როცა ყაზარმის მობინადრეთა უმრავლესობა ღრმა ძილს მისცემოდა და ხმაურიანად ფშვინავდა, ლოგინში ხანგრძლივი წრიალის შედეგად დაქანცული ტატიანა ადგა და ლილისკენ ფეხაკრეფით გაეშურა. ეს უკანასკნელი ღიმილგადაკრული სახით მიშტერებოდა ჭერს.

- ლილი, გევედრები, ამიხსენი რა დაწერე წერილში?

- რა თქმა უნდა, ტატიანა. გინდა წაგაკითხო?

- კი, მინდა.

      ღმერთო როგორ წაიკითხოს? ეს-ეს არის, შუქი ჩააქრეს.

      ტატიანა ფანჯარას აეკრა. ობობას ქსელს მიღმა სპეტაკი თოვლის საფარველს ცისფერი გადაჰკრავდა. დიდი ვაი-ვაგლახით, კისრის ღრეცა-ღრეცით ტატიანამ ლილის სამფურცლიანი უსტარი სიტყვასიტყვითგაშიფრა.

- მითხარი, რას ფიქრობ? - ჰკითხა ლილიმ იმ გოგონას ხმით, დედამ დანაშაულზე რომ წაასწრო.

- ლილი, შენ გენიოსი ხარ!

      ტატიანამ ლილი ძლიერ ჩაიკრა გულში და პუტკუნა ლოყები დაუკოცნა.

      მეორე დღეს ტატიანამ ლილის ორი რამ სთხოვა უმორჩილესად: მიმბაძველობისთვის არ დაეძრახა და წერილის შინაარსი ყველასთვის მოეყოლა.

      ლილიმ წამწამები ააფახულა, ლოყები შეეფაკლა, გეგონება ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვეს და იუხერხულაო. ბოლოს ღუღუნითა და ღრუტუნით ამოშაქრა უთავბოლო ფრაზა, რომლიც, ტონზე თუ ვიმსჯელებთ, თანხმობაზე მიანიშნებდა.

ერიკ ემანუელ შმიტი

ნახვა: 1216

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Benjamin Šeško: RB Leipzig je postavil rekordno zahtevano ceno za Arsenal in Chelseaja

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: მაისი 30, 2025.
საათი: 6:49am 0 კომენტარი

Benjamin Sesko dresi bi menda stal celo premoženje, če bi to poletje zapustil RB Leipzig.

Po novem poročilu naj bi RB Leipzig za Benjamina Šeška zahteval prestopno odškodnino v višini do 92,5 milijona funtov (124,8 milijona dolarjev).

Slovenski napadalec naj bi bil tarča številnih klubov Premier lige. Kot potencialni snubci so navajali sedem različnih ekip, vendar naj bi bila…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters