წმ. იუსტინე ღმერთს, უპირველესად, დაუსაბამოდ აღიარებს და “გამოუთქმელად” (“არრეტოს”) სახელდებს მას:

“ყოველთა მამას, უშობელს სახელდება არა აქვს; თუკი რაიმე სახელი ეწოდება მას, მაშინ სახელის მდებელი მასზე უხუცესი (“პრესბჳტეროს”) უნდა იყოს. “მამა”, “ღმერთი”, “შემოქმედი”, “უფალი”, “მეუფე”, ეს ყველაფერი სახელები როდია, არამედ ქველმოქმედებათა და საქმეთა შესაბამისი წოდებანი (“პროსრესეის”). მხოლოდ მისი ძე არის ჭეშმარიტად წოდებული ძედ, სიტყვა უწინარესი ქმნილებათა, თანამყოფი და შობილი. რაჟამს დასაბამში მის მიერ ყოველივე შექმნა და განამშვენა მან. “ქრისტეა” იგი, რადგანაც იცხო მან (“ხრისტოს” – “ცხებული”; “ხრიძო” - “ცხება”; ე.ჭ.) და მის მიერ ყოველივე შეამკო ღმერთმა. იგივე სახელი შეიცავს, აგრეთვე, შეუცნობ შინაარსს (“ონომა კაი აუტო პერიეხონ აგნოსტონ სემასია”). მსგავსადვე, წოდება “ღმერთი” სახელი არ არის, არამედ გამოუთქმელი საქმის შესახებ ადამიანის ბუნებაში აღმოცენებული (სიტყვ. “შთანერგილი” – “ემფჳტოს”) აზრი, ხოლო “იესუ” არის სახელი და აღმნიშვნელი კაცისა და მაცხოვრისა” (სვ. 453).

იუსტინეს სწავლებით უმჯობესი სახელი, რომელიც შეიძლება ეწოდოს მას, არის “მამა”, რადგანაც “შემოქმედი”, ამავე დროს, არის ყოველივეს მამა.

წმ. იუსტინეს აზრით, მამა ღმერთი მკვიდრობს თავის უზენაეს წიაღში. მას არ ეთვისება სამყოფელის მიტოვება, მოძრაობა და სხვა.

“როდესაც ღმერთი ამბობს: “ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან” (შესაქ. XVII, 22), ან კიდევ: “ეტყოდა უფალი მოსეს”, ანდა: “გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა” (შესაქ. XI, 5), ან: “და დახშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი” (შესაქ. VII, 16), ნუ იფიქრებთ, თითქოს თავად უშობელი ღმერთი ჩამოდის ანდა ადის რაიმე ადგილიდან. გამოუთქმელი მამა და ყოველთა უფალი არც საითმე მიიწევს, არც მიდის, არ იძინებს, არც დგება, არამედ თავის სამკვიდრებელში, სადაც იმყოფება, ჰგიეს, მახვილად ხედავს და მახვილად ისმენს. არათუ თვალთა და ყურთა მიერ, არამედ ენით უთქმელი ძალით; ყოველივეს ხედავს, ყოველივეს შეიცნობს და ვერავინ ჩვენთაგან ვერ დაემალება მას; არცთუ იძრვის იგი, რომელსაც ვერ დაიტევს ადგილი, ვერც მთელი სამყარო, რომელიც იყო სამყაროს ქმნამდე. ხოლო ამგვარი ვინმე როგორ მიუგებს სიტყვას ვინმეს ანდა როგორ იხილავს მას ვინმე, ან კიდევ როგორ გამოჩნდება იგი დედამიწის უმნიშვნელო ნაწილში, მაშინ როცა სინას მთაზე მისგან მოვლინებულის სიდიადეც კი ვერ იხილა ერმა და ვერც მოსემ შეძლო შესულიყო მის მიერ აგებულ კარავში, ვიდრე არ აღივსო იგი საღვთო სიდიადით” (სვ. 771-773).

ასევე, სხვაგან, “გამოსვლათა” III თავის განმარტების ჟამს, იუსტინე შენიშნავს: “ვერავინ იკადრებს იმის თქმას, თუნდაც გონებაშეზღუდული იყოს იგი, რომ ყოვლიერების შემოქმედმა და მამამ დატოვა ცის ზემოთ ყოველივე (“ტა ჰჳპერ ურანონ ჰაპანდა”, სვ. 612) და მიწის მცირე ნაწილში გამოჩნდა”.

მაგრამ თუკი ღმერთი ტრანსცენდენტურია და აღემატება ყოველ არსებას, აუცილებელია ღმერთსა და კაცს შორის უფსკრულზე ხიდის გადება და ადამიანის ღმერთამდე აზიდვა. ამას აღასრულებს სიტყვა ღვთისა. ლოგოსი, რომელიც შუამავალია, შუამდგომელია შემოქმედსა და შექმნილს შორის. ღმერთი, მამა სამყაროსი, სწორედ მის მიერ უერთდება სამყაროს, მის მიერ ვლინდება იგი. ამგვარად, სიტყვა ღვთისა არის გზა მამისაკენ, მოძღვარი და წინამძღვარი კაცთა. ეს სიტყვა მამის წიაღში მკვიდრობს დაუსაბამოდ და დაუსაბამოდ იშვება მისგან, რომ შექმნას სამყარო. თავის “სიტყვისგებაში” იუსტინე ლოგოსის შობას სახეობრივად ასე წარმოგვიდგენს:

“უწინარეს ყოველთა ქმნილებათა ღმერთმა შვა თავისი თავიდან დასაბამიერი, გონიერი ძალა, რომელიც სული წმიდის მიერ “უფლის დიდებად” იწოდება, ან კიდევ “ძედ”, ან “სიბრძნედ”, ან “ანგელოზად”, ან “ღმერთად”, “უფლად”, ან “სიტყვად”, რომელმაც თავის თავს “მხედართმთავრადაც” სახელდო, როდესაც კაცის სახით ეჩვენა ისუ ნავეს; ფლობს ის ყველა ამ სახელს, რამეთუ მსახურებს მამისეულ ნებას და მამისეული ჯერჩინებით იშვება იგი[4], არა იმგვარად, როგორც ვხედავთ ჩვენგან ქმნილ სიტყვას, რომელსაც წარმოთქმის ჟამს “ვშობთ”... არამედ მსგავსად ცეცხლისა, რომლისაგანაც ალი იქმნება; აალებისას ცეცხლი შემცირებას არ განიცდის და როგორც იგი რჩება უცვლელი, ასევე უცვლელი რჩება მისგან წარმოქმნილი ალი, რომელიც თუმცა ცხადჩენილია, მისი სათავე მაინც არ მცირდება. მემოწმება მე “სიბრძნის” სიტყვა, რომ ეს არის თვით ღმერთი, შობილი ყოველთა მამისაგან, “სიტყვა”, “სიბრძნე”, “ძალი” და “დიდება” მშობელისა, რომელიც ამბობს სოლომონის მიერ: “...უფალმა შემქნა მე დასაბამად გზათა მისთა საქმეთა მისთათვის” (სიბრძნე” VIII, 21).

საგულისხმოა, რომ იუსტინეს სწავლებით ყოველი ადამიანი თავის გონებაში ფლობს ლოგოსის “თესლს” (“ტო სპერმა”), ე.ი. არა მხოლოდ “ძველი აღთქმის” წინასწარმეტყველნი, არამედ წარმართი ფილოსოფოსებიც შეიცავდნენ ლოგოსის “თესლს”. იუსტინე ასახელებს ჰერაკლიტეს, სოკრატეს და სტოელ ფილოსოფოსს მუსონიუსს, რომლებიც, მისი მითითებით, ცხოვრობდნენ ღვთის სიტყვის, ლოგოსის განწესებათა მიხედვით და ეს მოაზროვნეები არსებითად წინა ქრისტიანები იყვნენ:

“გვისწავლია, რომ ქრისტე არის პირმშო (“პროტოტიკოს”) ღვთისა და როგორც უკვე აღვნიშნე, “სიტყვაც” არის ის, რომელსაც კაცთა მთელი მოდგმა ეზიარება. ისინი, ვინც ამ სიტყვის მიხედვით ცხოვრობენ, ქრისტიანები არიან, თუმცა უღმერთოებად რაცხენ მათ როგორც სოკრატეს, ჰერაკლიტეს და მათ მსგავსებს ელინთა შორის, აბრაამს, ანანიას, აზარიას, მისაელს, ელიასა და მრავალ სხვას ბარბაროსთა შორის, რომელთა საქმეთა და სახელთა აღრიცხვა დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ გვერდს ვუვლით” (აპოლოგია 1,46).

იუსტინე, ამ აზრით, ანტიკურ ფილოსოფიაში ქრისტიანულ მარცვალს ჭვრეტს, მაგრამ ეს მარცვალი საცნაურია, საწვდომია სწორედ მაცხოვნებელი ჭეშმარიტების შუქზე და არა თავისთავად, არა საკუთრივ ანტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით:

“არათუ უცხოა პლატონის სწავლება ქრისტესგან, არამედ მთლად მსგავსი არ არის, ისევე როგორც სხვათა სწავლებანი, - სტოიკოსთა, პოეტთა, მწერალთა. თითოეული მათგანი ნაწილობრივ ჭვრეტდა მას, რაც ეთვისება საღვთო და სპერმატულ სიტყვას,[5] შემდეგ კი გამოთქვამდა შესაფერისად (სიტყვ. “კარგად”)... და რაც სხვა დანარჩენთან ერთად კარგად თქვეს მათ, ჩვენ გვეკუთვნის, ქრისტიანებს, რადგანაც ღმერთთან (მამაღმერთთან, - ე.ჭ.) ერთად თაყვანს ვცემთ და გვიყვარს უშობელი და გამოუთქმელი ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენს გამო კაცი გახდა და შეაძლებინა ბუნდოვნად განჭვრეტა არსთა; ხოლო სხვა არის რაიმეს თესლი და, ძალისამებრ, ბოძებული მსგავსება და სხვა არის (თესლი), რომლის მადლითაც მასვე ვეზიარებით და ვემსგავსებით” (აპოლოგია 2,13).

ცოტა ზემოთ წმ. იუსტინე შენიშნავს:

“რაც კი ფილოსოფოსებმა და კანონმდებლებმა კარგად თქვეს და აღმოაჩინეს, ყოველივე ეს სიტყვის ნაწილობრივი შეცნობითა და განჭვრეტით იქმნა; ხოლო რადგანაც მათ სრულიად ვერ შეიცნეს ყოველივე ის, რაც სიტყვისაა, რომელიც არის ქრისტე, ამიტომ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც კი წარმოთქვეს. ისინი, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ კაცთა შორის და რომლებმაც სცადს გონების ძალით (“ლოგო პეირათენტეს”, 460) განეჭვრიტათ და გაეცხადებინათ საგნები (“ტა პრაგმატა”), როგორც უღვთონი და უსარგებლონი სამსჯავროზე წარადგინეს. ამ მხრივ ყველაზე უფრო მეტად მგზნებარე კაცს, სოკრატეს იმგვარი ბრალი დასდეს, როგორსაც ჩვენ გვდებენ, რადგანაც სოკრატეზე თქვეს, რომ მან ახალი ღმერთები (“დაიმონია”), შემოიტანა, ხოლო ქალაქის მიერ ღმერთებად პატივდებულნი უარყო (სიტყვ. “არ ჩათვალა”). მან უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს... და გონებრივი ძიების გზით (“დია ლოგუ ძეტესოს”, სვ. 461) შეუცნობელი ღვთის შეცნობისაკენ (“პროს თეუ აგნოსტუ... ეპიგნოსინ”) წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: “ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო”. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა. ქრისტე, რომელიც ნაწილობრივ (“აპო მერუს”) შეიცნო სოკრატემ (ხოლო ქრისტე იყო და არის სიტყვა, ყველაფერში მყოფი, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით წინდაწინ გვაუწყა სამომავლოდ აღსრულებადი, შემდეგ კი თვითვე თანამლმობელი გვექმნა და გვასწავლა ეს ყოველივე), არა მხოლოდ ფილოსოფოსთა და მესიტყვეთათვის (“ფილოლოგია”) გახდა სარწმუნო, არამედ ხელოსნებისათვისაც და ყოვლად უმეცართათვის, რომლებმაც უგულებელყვეს დიდება, შიში, სიკვდილი, რადგანაც (ქრისტე) არის ძალი გამოუთქმელი მამისა (“დჳნამის ესტი ტუ არრეტუ პატროს”) და არა ჭურჭელი კაცობრივი სიტყვისა” (სვ. 461).

ამგვარად იუსტინე მარტვილი გვასწავლის, რომ წარმართულ ფილოსოფიაშიც არის ჭეშმარიტების რამ მარცვალი. აქვე თავს იჩენს ცნობილი აზრი, რომ ანტიკური ლიტერატურა შეიცავს ნასესხობებს “ძველი აღთქმიდან” (შდრ. აპოლოგია 1,44).

იუსტინეს დასკვნა ის არის, რომ მაცხოვნებელი ჭეშმარიტება მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია, რადგანაც მაცხოვარი, რომელიც მათ გამოუჩნდა, თავად არის სრული ჭეშმარიტება, სრული ნათელი.

ნახვა: 268

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters