როგორც სათაურიდან ჩანს, ამ თავში მოცემულია ეპიკურეს და მისი მოწაფის, ასკლეპიადეს ბითინიელის - რომელსაც მიკრობიოლოგიის მამას უწოდებენ - ახალი ინტერპრეტაცია. რატომ ეპიკურე? იმიტომ, რომ ეპიკურე დღეს ითვლება ბედნიერების თეორიის ფუძემდებლად, რომელსაც, თავის მხრივ, დაეფუძნა ბედნიერების უტილიტარული თეორია, ხოლო ამ უკანასკნელმა, თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს შექმნაში დიდი როლი შეასრულა. ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ეპიკურე ბედნიერების შესახებ კი არ მსჯელობდა, როგორც ეს მას მიაწერეს, არამედ, სიამოვნების შესახებ. ეპიკურეს არასწორმა გაგებამ (რასაც აქვს თავისი ისტორიული მიზეზები, რომლებიც ამ თავშია აღწერილი), მოიტანა ის, რომ, რაც შემდგომ ეპოქებში ეპიკურეს ეთიკურ თეორიად მიაჩნდათ, მისი ბიოლოგიური ანთროპოლოგია იყო, ხოლო ის, რაც პოლიტიკურ თეორიად – ეთიკის სწავლება. ანუ, ეპიკურე ამბობდა, რომ ადამიანის მიზანი სიამოვნების (და არა ბედნიერების) მიღებაა და ასწავლიდა, როგორ უნდა მიაღწიო სიამოვნების მიღებას ისე, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანო. რამდენად ეთანხმება თანამედროვე მეცნიერება ასეთ ხედვას, განხილულია შემდეგ თავში.
- - - - - -
ეპიკურეს შესახებ თითქოს ყველაფერი ცნობილია: საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი არც ერთი ტექსტი (300-დან) არ გადარჩენილა, ის მუდმივად იყო კამათის და დამოწმებების ეპიცენტრში: ნეტარი ავგუსტინე ეპიკურეს სიამოვნებისკენ სწრაფვის ფილოსოფიას მხოლოდ ცხოველებისათვის შესაბამისს უწოდებდა (წმ. ავგუსტინე, მე-16 თავი), (არ არის გამორიცხული, რომ, ეპიკურეს ტექსტების უპრეცედენტო გაქრობის მიზეზი სწორედ ქრისტიანობის დამოკიდებულება იყო), ეპიკურესათვის მიწერილი გამოთქმა, „ნუ უსურვებ სხვას იმას, რასაც არ უსურვებდი საკუთარ თავს“, ფრანგული რევოლუციის იდეოლოგებმა საფუძვლად დაუდეს ადამიანის უფლებების იდეას სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების შესახებ (Kavendish, pp.89-101). ეპიკურეზე დაყრდნობით, ჯონ ლოკი წერდა, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა, შესაბამისად, საკუთრების უფლებიდან გამომდინარეობს ადამიანის უსაფრთხოებაც; თომას ჯეფერსონი წერილებში აღნიშნავდა, რომ ის ეპიკურეელია და ეყრდნობოდა ეპიკურეს ეგალიტარიანიზმს: ყველა ადამიანი თანასწორი იბადება და ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება (Thomss Jefferson). კარლ მარქსის სადოქტორო თეზისი ეპიკურეს და დემოკრიტეს ბუნების შესახებ თეორიების განსხვავების დადგენა იყო (Marx).
შემორჩენილი ციტატებიდან ცნობილია, რომ ეპიკურეს ადამიანის თავისუფლება ატომების არაერთგვაროვანი მოძრაობის იდეიდან (ატომების მოძრაობის ფუნდამენტური ინდეტერმინიზმი) გამოჰყავდა. ეს იდეა, რომელიც მკაცრად მიჯნავდა თავისუფლებას ღმერთისაგან, ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა ახალი დროის მოაზროვნეებისა და პოლიტიკოსებისათვის. ეპიკურეიზმი აძლევდა მათ საშუალებას, ღმერთის იდეა არ გამოეყენებინათ პოლიტიკურ და სამოქალაქო დისკურსში, იმდენად, რამდენადაც ღმერთის იდეის გამოყენება ხელისუფლების მიერ იყო უზურპირებული. მეორე იდეა, რომელიც ასევე ეპიკურეს მიეწერებოდა და დღესაც ძალიან პოპულარულია, არის ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისაკენ. ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები და ევროპელი ინტელექტუალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტს იტყოდა ადამიანის ბედნიერებისაკენ სწრაფვის შესახებ და ვინ უფრო ხშირად მოახდენდა ეპიკურეს ციტირებას.
თუმცა, ბედნიერების, ანუ ეუდემონიის (εὐδαιμονία) შესახებ არისტოტელეც წერდა. მისი შრომები (მართალია, ლექციების ჩანაწერები, მაგრამ მაინც) ბევრად მეტია შემორჩენილი, ვიდრე ეპიკურეს ტექსტები. მაშინ რატომ დასჭირდათ ახალი დროის ინტელექტუალებს ეპიკურესეულ და არა არისტოტელესეულ ეუდემონიაზე დაყრდნობა?
შესაძლებელია, ამის მიზეზი მარტო არისტოტელეს სქოლასტიკური ავტორიტეტი კი არა, არამედ, უზენაესი არსების არისტოტელესეული ინტერპრეტაცია იყოს. ეუდემონიის, ანუ ბედნიერების, ეთიკაში, არისტოტელეს ბედნიერება სიქველიდან/ღირსებიდან (arête) გამომდინარეობდა და, შესაბამისად, უკავშირდებოდა უზენაეს გონებას; არისტოტელე სიქველეს სიკეთესთან შესაბამისობაში განიხილავდა და ა.შ. ამდენად, არისტოტელეს ბედნიერების კონცეფციის ღმერთის იდეისაგან გამიჯვნა საკმაოდ პრობლემური უნდა ყოფილიყო.
სამაგიეროდ, ეპიკურეს ბედნიერების თეორია, რომელიც ასევე ეპიკურეანულ თეორიასთან - ღმერთის სამყაროში ჩაურევლობასთან - ერთად განიხილებოდა, კარგი საფუძველი უნდა ყოფილიყო დემოკრატიული სამყაროსათვის, სადაც ადამიანები თანაბარნი იქნებოდნენ და ბედნიერების თანაბარი უფლება ექნებოდათ. ამ თეორიის მიხედვით ადამიანი ისწრაფვის სიამოვნებისაკენ და სიამოვნება, ისევე როგორც ბედნიერება, არის ტკივილისა და ტანჯვის არარსებობა.
მაგრამ, რამდენად იყო ეპიკურეს ბედნიერების თეორია ბედნიერების შესახებ? ეპიკურეს სარწმუნო წყაროებს რომ გადავხედოთ (Usenerr), სიტყვა „ბედნიერება“ (ეუდემონია) მხოლოდ 8-ჯერაა ნახსენები, მაშინ როდესაც სიტყვა სიამოვნება (ედონე ηδονή) 80-ჯერ მაინც. თან, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ამ ტექსტებში სიამოვნება და ბედნიერება ერთნაირადაა განსაზღვრული - როგორც ტანჯვის და ტკივილის არარსებობა.
ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია, ეპიკურეელ ექიმ ასკლეპიადეს ბითინიელშია (Ἀσκληπιάδης; 124 or 129 - 40 ძვ.წ., ინგ: Asclepiades of Bithynia), რომელმაც, როგორც ამბობენ, პირველმა გააცნო რომაელებს ბერძნული საექიმო საქმე. ასკლეპიადესს თანამედროვე მკვლევრები მოლეკულური ბიოლოგიის მამასაც უწოდებენ (Yapijakis, 507-514). ასკლეპიადესი ამბობდა, რომ ყველა ავადმყოფობის წყარო ატომებშია, რომლებიც სხვადასხვანაირად იქცევიან ადამიანის ორგანიზმში. ავადმყოფობების მთავარი მიზეზი კორპუსკულების (ატომების) არასწორი მოძრაობაა, რომლის მიზეზებიც სხეულის პორების ზედმეტი დაჭიმვიდან ზედმეტ მოშვებამდეა. ასკლეპიადესი თვლიდა, რომ ავადმყოფობების მთავარი მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემაა, რომელშიც საჭმლის მოძრაობის დარეგულირებით შესაძლებელია ავადმყოფობისგან განკურნება. ასკლეპიადესი პოპულარული იყო იმით, რომ ის უარს ამბობდა წამლებზე და მკურნალობის ერთადერთ საშუალებად ვარჯიშს, დიეტას და აბაზანების მიღებას მიიჩნევდა. ასევე, ასკლეპიადესი ცნობილია იმითაც, რომ მკურნალობისას მუსიკალურ თერაპიას იყენებდა.
ამ უკანასკნელ მეთოდში ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ ასკლეპიადესი ფსიქიკურად დაავადებულებს კურნავდა მუსიკალური თერაპიით და, რაც ყველაზე უფრო განასხვავებდა მას იმდროინდელი ექიმებისაგან, ის მენტალური აშლილობის მქონე პაციენტებს კეთილად ეპყრობოდა.
ასკლეპიადესის დიეტის პოპულარობას ისიც განაპირობებდა, რომ ის პაციენტებს ღვინოსაც უნიშნავდა. მისი დევიზი იყო Cito tuto jucunde, ანუ „სწრაფად, უსაფრთხოდ, სასიამოვნოდ“.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასკლეპიადესი პაციენტებს სიამოვნების მინიჭებით მკურნალობდა. მოგვიანებით მე განვიხილავ, რამდენად თანხვდება ასეთი მიდგომა ფიზიოლოგიის თანამედროვე მონაცემებს. ამჯერად, ის უნდა აღინიშნოს, რომ ეპიკურეელი ექიმი პაციენტებისათვის სიამოვნების მინიჭებას თერაპიული მიზნით იყენებდა. თუკი სიამოვნების მდგომარეობამდე მიყვანა მკურნალობის გზაა, მაშინ რამდენად არის სიამოვნების მიღება ეთიკური მაქსიმა? შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უფრო ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეთიკურ იმპერატივთან.
შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეპიკურეს ტექსტების გაქრობამ, ხოლო მეორე მხრივ კი არისტოტელეს ავტორიტეტმა, ეპიკურეს შემორჩენილი ფრაგმენტები, ინტელექტუალების თავებში ფიზიოლოგიური ტრაქტატიდან ეთიკურ ტრაქტატად გადააკეთა. მით უმეტეს, თუკი ეპიკურეს ფრაგმენტებში მოიპოვებოდა სიტყვა (εὐδαιμονία) ეუდემონია, ხოლო არისტოტელეს ტექსტებში ეუდემონია - ბედნიერება, განსაზღვრულია ეთიკის და არა ბუნების, φύση-ს სფეროდ.
შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, ეპიკურე სიამოვნების ორ სახეს განიხილავდა: მოძრავ (κατὰ κίνησιν ἡδοναί) და უძრავ სიამოვნებებს (καταστηματικαὶ ἡδοναί).
მოძრავი სიამოვნება სხეულის სიამოვნებაა, ხოლო უძრავი სიამოვნება - ტვინისა. ტკივილის და ვნების არარსებობას ეპიკურე განსაზღვრავდა, როგორც სიამოვნებასა და ბედნიერებას. შესაბამისად, ეპიკურე, როგორც ჩანს, იმდენად ეთიკურ ფილოსოფიას კი არ აღწერდა, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობას, რომელიც კარგადაა, მშვიდადაა, როდესაც არ განიცდის ტკივილს და ვნებას. ტკივილი და ვნება ორივე სფეროს - ტვინს და სხეულს ახასიათებს და ორგანიზმის კეთილდღეობის მიზანი უნდა იყოს ორივესგან გათავისუფლება. ამიტომაც ეპიკურეს სწავლება მიმართული იყო იმაზე, თუ როგორი აგებულებისაა ორგანიზმი, როგორ უნდა გაათავისუფლო სხეული და ტვინი ტანჯვა/ვნებისაგან სიამოვნების მიღების საშუალებით, რაკი ეს სქემა (ტანჯვისაგან გათავისუფლება სიამოვნების საშუალებით) თავად ადამიანის ორგანიზმში ძევს.
ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეპიკურე სიამოვნებას ტანჯვის არარსებობას უწოდებდა (Konstan). ეს ასეცაა, რადგანაც ტანჯვისგან გათავისუფლება არის სიამოვნება. თუმცა, ეს არ არის „უბრალოდ“ ნეგატიური განსაზღვრება: ასკლეპიადესის პრაქტიკა სწორედ იმას მიუთითებს, რომ ტანჯვისაგან და ვნებისაგან გათავისუფლება სიამოვნების მიღწევით ხდება, რის შედეგადაც ორგანიზმი ტკივილის/ვნებისაგან იცლება.
ალბათ, იდეების ისტორიაში ეპიკურეს შემთხვევა ყველაზე უფრო თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ გაუგებრობად უნდა ჩაითვალოს: ეპიკურეს მიერ ბედნიერება/სიამოვნების მიღწევის ფიზიოლოგიური სისტემის აღწერა ადვილად ტრანსფორმირდა ბედნიერების მიღწევის მაქსიმად და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ადამიანის სოციალური მისწრაფება, იყოს ბედნიერი. არადა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეპიკურე მხოლოდ ადამიანის ფიზიოლოგიური პროფილის შესახებ წერდა: ადამიანის კარგად ყოფნა ნიშნავს სიამოვნების გზით ტანჯვის და ვნების დათრგუნვა/გაქრობას.
როგორც ჩანს, ავგუსტინეს მრისხანებამ გამოიწვია, ერთი მხრივ, ეპიკურეს დავიწყება შუა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო არსიტოტელეს ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, ეპიკურეს ფიზიოლოგიური თეორია ეთიკის თეორიად გადააკეთა. ვერ იტყვი, რომ საბოლოოდ, ამ გაუგებრობამ ცუდი შედეგები მოიტანა - ბოლოს და ბოლოს - დემოკრატიის თეორიის უტილიტარისტული დაფუძნება მოხდა, თუმცა ამ დაფუძნებას არაფერი ჰქონდა საერთო ეპიკურეს ფიზიოლოგიურ თეორიასთან, რომლის მიხედვითაც ადამიანის ძირითადი, ფიზიოლოგიური სწრაფვა სიამოვნების მიღებაა.
საგულიხმოა, და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეპიკურეს გაგება ახალ დროში საკმაოდ დაშორდა თავის პირვანდელ იდეას: შემორჩენილი ციტატების მიხედვით აღდგენილი, ეპიკურეს პოლიტიკური თეორია მთლიანად ეწინააღმდეგება იმ დასკვნებს, რაც მისმა მიმდევრებმა, მის „ბედნიერების თეორიაზე“ დაყრდნობით გააკეთეს. როგორც პლუტარქე წერს (Plutarch, 1128c), ეპიკურე მცირე სიამოვნებების და შეუმჩნევლად ცხოვრების მომხრე იყო, რადგანაც აქტიური პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ზიანის მომტანი იყო მისთვის. მით უმეტეს, ულტრაინდივიდუალისტური თეორიის ავტორს ალბათ მიაჩნდა, რომ იმ სიამოვნების მიღება, რომლისკენაც ადამიანები პოლიტიკაში მონაწილეობით ისწრაფვიან, უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ შეიძლება. ამიტომ იყო, რომ, როგორც ამბობენ, ეპიკურე გადაჭარბების წინააღმდეგი იყო - რადგან გადაჭარბებას ტკივილი მოაქვს.
საბოლოოდ, ამ მცირე განხილვიდან თითქოს ირკვევა, რომ ის, რაც შემდგომ ეპოქებში ეპიკურეს ეთიკურ თეორიად მიაჩნდათ, მისი ბიოლოგიური ანთროპოლოგია იყო, ხოლო ის, რაც პოლიტიკურ თეორიად - ეთიკის სწავლება.
შემდგომ თავებში მე კიდევ დავუბრუნდები ეპიკურეს შესაძლებელ თეორიას. ამჯერად ვნახოთ, რას გვეუბნება თანამედროვე მეცნიერება ტვინის, სხეულის და სიამოვნების მიღების შესახებ.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, ასკლეპიადე, ეპიკურე, თევზაძე, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•