გამომდინარე ორი ინტელექტის თეორიიდან, პითაგორას პარადიგმაზე დამყარებული განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა ამ ინტელექტთა მატარებლების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირება და სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამებით მათი სწავლება. ასევე, სწავლების პროცესში გუნდების ორგანიზება, სადაც ამ ორი ინტელექტის მატარებლებს ასწავლიან ერთად მუშაობას და საერთო ტექნოლოგიური მიზნების დასახვა-მიღწევას. კაცობრიობის წარმატებული მომავალი პერფორმანსული და კვლევითი ინტელექტის მატარებელი ადამიანების წარმატებულ თანამშრომლობაშია. გარდა ამისა, აღწერილია მასწავლებლის ახალი როლი ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ სამყაროში, რომელიც, გარდა მოსწავლეებთან მეტ-ნაკლებად ტრადიციული ურთიერთობისა, მშობლების განათლებასაც იგულისხმებს, იმდენად, რამდენადაც მშობლების როლი განათლების პროცესში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- - - - - -
წინა ნაწილში განვიხილე, თუ როგორი უნდა იყოს ფორმალური განათლების სისტემა, რომელიც თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური იქნება და ახალ (პითაგორასეულ) პარადიგმას დაემყარება. მივედი დასკვნამდე, რომ სწავლება უნდა ხდებოდეს ტექნოლოგიების მიზნად დასახვით: როდესაც ტექნოლოგია ისწავლება არა როგორც ბოლომდე შეუმეცნებელი სამყაროს შემეცნების გზაზე წარმოშობილი გვერდითი პროდუქტი, არამედ, როგორც საბოლოო მიზანი, ხოლო თეორიები და სამყაროს აგებულების ხატები არის ტექნოლოგიის შექმნის გზაზე წარმოშობილი საშუალებები.
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ეს წიგნიც ამ მეთოდით იწერება. რაც არ უნდა რთული გეჩვენოთ პლატონის ტექსტების ანალიზი, პითაგორას და ეპიკურეს რეკონსტრუქცია და ორი ინტელექტის თეორია, ყველა ეს ემსახურება ორ ტექნოლოგიურ მიზანს: 1. შევიმუშაო განათლების სისტემა, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ყველა არსებული; 2. შევიმუშაო სწავლების სისტემა, რომელიც მოსწავლის ბავშვობის ასაკიდან იქნება ორიენტირებული ინტელექტის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენამდე; 3. ჩამოვაყალიბო ინტელექტის ევოლუციური თეორია, რომელმაც, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მენტალური გადახრების მიმართ ზრუნვაში.
ამ უკანასკნელს რაც შეეხება, არა მგონია, რომ იმაზე მეტის თქმა შეიძლებოდეს, ვიდრე მეორე ნაწილის ბოლოს ვთქვი: ამ თეორიის მიხედვით, მენტალური გადახრების უმეტესობა ტვინის ერთი და იმავე უბნების/რეცეპტორების აღგზნებით უნდა იყოს გამოწვეული, ხოლო სოციალურ სისტემაში ამ გადახრის პროექციების მრავალფეროვნება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ევოლუციურ წინაპრებზე, ასაკზე, სოციალურ გარემოზე, ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. ამ დებულების მართებულობა ადვილი შესამჩნევია, თუკი გავითვალისწინებთ, როგორ გადადის მენტალური გადახრები ერთმანეთში (მაგ., აუტიზმი ეპილეფსიაში, ეპილეფსია დეპრესიაში და ა.შ.) და ერთსა და იმავე ქცევას, ბავშვის შემთხვევაში, როგორ ვარქმევთ, მაგალითად, აუტიზმს, ხოლო მოზრდილის შემთხვევაში - დეპრესიას ან შიზოფრენიას.
დავუბრუნდეთ სასწავლო სისტემას. მართალია, თანამედროვე სამყარო წარმატებისათვის მოითხოვს პერფორმანსულ მოქმედებებს, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს კვლევით ინტელექტსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების უმეტესობა (და მალე ყველა) ორივე ინტელექტის შესაძლებლობის მატარებელია, ცხადია, ინტელექტის განვითარება ხდება იმ მიმართულებით, რა მიმართულების წარმატებაც სოციალური ცხოვრების ზედაპირზე ძევს. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, კვლევითი ინტელექტის უპირატესობის ინდივიდი პერფორმანსული ინტელექტის მიმართულებით განვითარდეს. ამიტომაცაა, რომ ბევრად უფრო მეტია ის ადამიანი, რომელიც პერფორმანსულ კარიერას ირჩევს, ვიდრე კვლევითს.
თუმცა ერთია დეკლარირებული და სოციალური სისტემის მიერ ნაკარნახევი კარიერული გზა და მეორე - ამ გადაფარვებს უკან არსებული რეალობა: როგორც ზემოთ აღვნიშნე, კვლევითი ინტელექტის აუცილებლობა ნელ-ნელა იჭრება ნებისმიერი პროფესიის სფეროში და არანაკლებ მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე პერფორმანსული. ამის დამადასტურებელია, ჯერ ერთი, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა და, ასევე, პროფესიების ის ტექნოლოგიზაცია, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ. თუმცა ის, თუ როგორი იქნება სწავლების ოპტიმალური სისტემა, დღევანდელი საზოგადოების საინფორმაციო და სოციალური სტრუქტურიდან უნდა გამომდინარეობდეს.
დღევანდელი სკოლები ნელ-ნელა კარგავენ ინფორმაციის ექსკლუზიური გადაცემის ფუნქციას, თუ უკვე არ დაკარგეს. მსოფლიო ქსელი სავსეა იმ ინფორმაციით და კიდევ უფრო მეტით, რომლის სწავლასაც სკოლის სასწავლო გეგმა არ მოითხოვს. თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მოძიება არ არის რთული, სირთულეს წარმოადგენს ამ ინფორმაციის ადეკვატურობის და სანდოობის დადგენა.
ამიტომ, სწავლის ერთ-ერთი ამოცანაა ინფორმაციულ ნაკადებში გარკვევა: სწავლების სისტემამ უნდა ასწავლოს მოსწავლეს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ინფორმაციულ სამყაროში, როგორ უნდა შეამოწმოს და დაადგინოს ინფორმაციის სანდოობა;
ინფორმაციის სანდოობის დადგენის პირობა სკოლაში ინფორმაციის ათვისების/სწავლის აუცილებლობას აუქმებს: რა საჭიროა მასწავლებლის მოსმენა, თუკი იგივე შეიძლება სახლში გააკეთო, მშობლების დახმარებით (როგორც ჩანს, მასწავლებლების ერთ-ერთი მომავალი ფუნქცია მშობლების ტრენინგი იქნება - ინფორმაციის სანდოობის დადგენის მიმართულებით);
თუკი ეს ასეა, რა ფუნქცია რჩება სკოლას, გარდა იმისა, რომ მასწავლებლები მშობლებს ასწავლიან, თუ როგორ მიიღოს მათმა შვილმა ინფორმაცია?
დავუბრუნდეთ პირველი თავის დასკვნებს: თუკი სწავლების მიზანი ტექნოლოგია იქნება, ეს მაინც არ შეცვლის ინფორმაციის მიღების წესს და მოსწავლეები სახლებში დარჩებიან, მაგრამ, თუკი სწავლების მიზანი ტექნოლოგიის მოდელირება იქნება, მაშინ სკოლა გახდება ის ადგილი, სადაც მოსწავლეები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და მასწავლებელს კონკრეტული მოქმედებების ჩასატარებლად და კრიტიკული მიდგომების გამოსამუშავებლად.
მაგრამ, როგორი უნდა იყოს ეს შეხვედრა? ამჯერად მივედით იმ ადგილამდე, სადაც ჩვენი პრობლემა ორი ტიპის ინტელექტის შეხვედრაა: სკოლა არის მნიშვნელოვანი სოციალიზაციის ადგილი, სადაც პერფორმანსული და კვლევითი ინტელექტი ხვდება ერთანეთს. თუ ეს ასეა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ სკოლამ ბავშვების განვითარება რომელიმე ერთი (დღევანდელი გადმოსახედიდან, პერფორმანსული) ინტელექტის მიმართულებით არ წაიყვანოს და მეორე არ დათრგუნოს?
ვფიქრობ, აქ ჩნდება მასწავლებლის ახალი როლი: რთული არ უნდა იყოს ტესტების შემუშავება, რომლებიც მეტწილად პერფორმანსულ და მეტწილად კვლევით ინტელექტის მატარებლებად დაყოფს მოსწავლეებს. მაგრამ გამართული ტესტების არსებობის მიუხედავად, ეს არ იქნება ტრივიალური ამოცანა: შესაბამისად, მასწავლებლებმა კარგად უნდა იცოდნენ ინტელექტის ტიპების და გრადაციების განსხვავება: მაგალითად, სქემა, სადაც ორი რადიკალური პოლუსი იქნება კვლევითი და პერფორმანსული ინტელექტი, ხოლო მათ შორის განლაგდება სხვადასხვა უნარები, პირობითად, გარდნერის კლასიფიკაცია რომ გამოვიყენოთ, სხეულებრივ-კინეტიკურიდან მათემატიკურამდე. ცხადია, მანამ, სანამ ამ სკოლამდე მივალთ, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომელიც ინტელექტის ტიპებს და გრადაციებს დაადგენს (ჰოგვორტსის გამანაწილებელი ქუდის სოციალ-ფსიქოლოგიური სარკვევია შესაქმნელი).
დღეს ყველასათვის ცხადია, რომ თანამედროვე რთულ სამყაროში წარმატება გუნდური მუშაობის შედეგია. ინდივიდუალური ძალისხმევები, რომლებიც გუნდში ერთიანდება, კუმულაციურ ეფექტს იძლევა. მართალია, ბევრი ტექნოლოგიური სიახლე ინდივიდუალური შემოქმედებაა, მაგრამ ის აკუმულირებას უკეთებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება.
რა იქნება, თუ ბავშვებს წარმატების გუნდური მუშაობის წესებს ვასწავლით? ცხადია, ინდივიდუალური განვითარების საფუძველზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მომავლის სკოლაში მოსწავლე საჭირო ინფორმაციას სახლში აითვისებს, კრიტიკულ აზროვნებას სკოლაში განივითარებს, ისევე როგორც ისწავლის ტექნოლოგიებზე მიმართულ მოქმედებას.
შესაბამისად, მასწავლებლის ამოცანა სასწავლო მიზნების მისაღწევად ოპტიმალური გუნდების შედგენაში უნდა მდგომარეობდეს. მას ექნება ინფორმაცია თითეული მოსწავლის ინტელექტის მიმართულების შესახებ და ამ ინფორმაციის საფუძველზე, ისე უნდა მოაწყოს ყოველი კონკრეტული ჯგუფი, რომ მასში თანაბარი ურთიერთშემავსებელი ძალა ჰქონდეს, როგორც პერფორმანსული, ასევე, კვლევითი ინტელექტის მქონე ბავშვებს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ხომ ისაა, რომ ამ ორი ინტელექტის მატარებლებს ერთმანეთის მაინცდამაინც არ ესმით (მაგ., მეცნიერს და ბიზნესმენს) და ორივე ცდილობს, თვითონ შეივსოს მეორე ტიპის ინტელექტის დანაკლისი. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდება ტექნოლოგია, ამ ორი ტიპის ინტელექტს ერთმანეთთან თანამშრომლობა რომ ვასწავლოთ. სასწავლო სისტემა ისე უნდა მოეწყოს, რომ ბავშვები პატარა ასაკიდანვე მიეჩვიონ განსხვავებული ინტელექტის მატარებლის მიღებას, მასთან ურთიერთობას და ერთად მუშაობას. ეს მარტო ბრწყინვალე შედეგებს კი არ მოიტანს მომავალში, არამედ ინდივიდუალურ შესაძლებლობებსაც მაქსიმალურად განავითარებს.
სამყაროს მომავალი კვლევითი და პერფორმანსული ინტელექტების მატარებელი ადამიანების წარმატებულ თანამშრომლობაშია. რაც მეტად ვასწავლით მათ ერთად მუშაობას, მით უფრო მეტი ტექნოლოგიური მიღწევა (ყველაზე ფართო აზრით) გვექნება და ჩვენი ევოლუციაც მით უფრო შეუფერხებლად წავა წინ - მეტად ტექნოლოგიური, შესაბამისად, სიამოვნების მიღების მრავალფეროვანი მომავლისაკენ.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, სკოლა, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•