შორს, ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა.
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი, გულ მკერდზე
მეცა ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა.
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად.
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი
დასჯა ყოველი: სუფთა და წმინდა.
თქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი,
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილის სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი...
ხელის დაქნევა და შენი რისხვა
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ;
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,
ნახე, თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას:
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო,
რადგან შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე,
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან,
მანდ კი ცოდვები, თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე,
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ.
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას, პასუხი გამცა:
- გტკივა და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, მშვიდი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით.
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან,
ახლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?!
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
აღარ ღონდება ცოცხალის სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,
ახლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.
ოდესღაც ასე: უცრემლო, მშვიდი;
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი,
ამდენი შვილის გადასარჩენად.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდს ბერებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე
თავი დავხარე, დავმალე სახე.
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი,
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი:
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს,
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
უფალს შევთხოვე: დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო.
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს.
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად.
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•