მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

თავი მეორე

panteleimon

       ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს დროში ადამიანები მღვდელს აღიქვამენ ერთგვარ მოხელედ, რომლის ხელიდანაც შეიძლება ზიარების მიღება. ან კიდევ თვლიან უფლის უფლებამოსილპირად, რომლის წინაშეც აღიარებენ ცოდვებს და მიიღებენ სულიერ სიმშვიდეს. მღვდელი მოიაზრება ღვთისმსახურად და ა.შ. ცხადია ვერ უარვყოფთ, იმას, რომ მღვდელი სწორედ იმას აკეთებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ხშირად ისეც ხდება, როცა ხალხი მღვდელს მოგვადაც მიიჩნევს (ბოდიშს ვიხდი ამგვარი გამოთქმისთვის). საქმე ის გახლავთ, რომ ღვთისმსახურება უფრო მაგიას შეიძლება მივამსგავსოთ, თუკი მას კურნებასთან კავშირში არ გავიაზრებთ. 

       ვიმეორებ, მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს. ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.

       აღსარების მიღების დროს მღვდელი უკვე მკურნალია. აღსარების საიდუმლო არ არის უბრალოდ ცოდვათა მიტევების პროცესი დასავლეთის ეკლესიის მსგავსად, თითქოს ღმერთი განრისხებულია და სინანულს მოითხოვს. აღსარება გაცილებით ღრმა მნიშვნელობისაა და იგი კურნებაშია ჩართული. ქრისტიანთა უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში აღსარებას ამბობს, მაგრამ სულიერი სნეულებისგან მაინც ვერ იკურნება. ეს როგორც ერისკაცის, ისე სასულიერო პირის უგნურების გამო ხდება. ეპისკოპოსი ან მღვდელი, აღსარების მიღებისას არის ერის წინამძღოლი, რომელსაც მოსეს მსგავსად ეგვიპტიდან გამოჰყავს ხალხი აღთქმულ მიწაზე მისასვლელად, ამგვარი წინამძღოლობა მოითხოვს შრომასა და ოფლს, თავშეკავებასა და მღელვარებას. ეს კი არსობრივად სამედიცინო სამსახურია და მასზე ბევრს წერენ წმინდა მამები: მაგალითისთვის მოვიყვანთ იოანე კიბისაღმწერლის სიტყვებს: "რაოდენთაცა გვნებავს ეგვიპტით გამოსლვა და მწარისა მის ფარაოს მონებისაგან სივლტოლაჲ, უეჭველად ჩვენდაც მოსე ვინმე სახმარ არს შუამდგომელად ღვთისა მიმართ, რათა დადგეც იგი ჩვენთვის, შორის საქმისა და ხედვისა, და განიპყრნეს ხელნი ღვთისა მიმართ, რათა რომელნი იგი შეუდგეთ მას წიაღვლოთ ზღვა იგი ცოდვათა და ამალეკსა მას ვნებათასა მძლე ვექმნეთ". შემდეგ აგრძელებს წმ. მამა: "რამეთუ სცდეს ყოველნივე რომელ მისცემენ თავთა თვისთა ესე ვითართა მათ ბრძოლათა, და გონებენ თუ არა სახმარ არს მათთა წინამძღვარი". ძველი აღქმიდან ვიცით თუ რა გადაიტანა მოსემ და როგორ უძღოდა მრავალტანჯულ ერს.

       ეს სულიერი მოსე არის მკურნალი, ჩვენ, ყველანი, სნეულნი ვართ და გვჭირდება კურნება და მკურნალი. 

       წმინდა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მონაზვნებისადმი მიმართვისას ნათლად აღნიშნავს ამ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლური ტრადიციიდან ცნობილია, რომ მონასტრები იმავდროულად "საავადმყოფოებიც" იყო, უფრო სწორი იქნება, თუ მათ სამედიცინო სასწავლებლებს დავარქმევთ. მონასტერში ვმკურნალობთ და შემდეგ სხვის განკურნებასაც ვსწავლობთ. აი, რატომ გამოჰყავდათ მონასტრიდან ბერი და მღვდლად ან ეპისკოპოსად აკურთხებდნენ. სვიმონ ღმრთისმეტყველი მონაზვნებს მიმართავს: "ჩვენ ყველანი ღატაკები და მათხოვრები ვართ". შემდეგ წერს, რომ კელიაში მცხოვრები თითოეული მონაზონი სხვადასხვა სნეულებით არის შეპყრობილი, ამიტომ დღედაღამ მოუხმობს სულისა და სხეულის მკურნალს, რათა განკურნოს დაჭრილი გული და მიანიჭოს სულის სიმრთელე. ღმრთისმეტყველი ამბობს: "არა მხოლოდ ღარიბნი და უპოვარნი, არამედ დასნეულებულნი, დაჭრილნი, მწოლიარენი და ზოგი კი კელიაში მოსიარულე, ყველანი ვღაღადებთ, ცრემლს ვღვრით და მოვუხმობთ სულისა და სხეულის მკურნალს. ჩვენ შორის არიან ისეთები, ვინც შეიცნო ვნებებით გამოწვეული სნეულება, ზოგიერთმა, კი უგნურების მსგავსად არაფერი არ იცის თავის სნეულებაზე და არც იმაზე, რომ ვნებით არის შეპყრობილი. ჩვენ მოვუხმობთ მკურნალს, რათა განკურნოს გულის ჭრილობები და სული მათი, ვინც ცოდვისა და სიკვდილის სარეცელზეა მიჯაჭვული, რადგან ჩვენ ყველამ, წმინდა მოციქულის სიტყვების თანახმად, შევცოდეთ და გვჭირდება უფლის წყალობა". ჩვენ აქ მთელი ეს ტექსტი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ მასში ნათლად ჩანს ბერ-მონაზვნობისა და ეკლესიის მისია, აგრეთვე მწყემსის ამოცანაც. ეს მკურნალობაა. ჩვენ სიკვდილის და ცოდვის სარეცელზე ვწევართ. ვისაც არ ესმის ეს ჭეშმარიტება, ის "უგნურია". ამრიგად, უგნურნი არიან ის ქრისტიანები, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან განსაკურნებლად, ან კიდევ თავი ჯანმრთელი ჰგონიათ.

       სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვებით "მღვდელი ექიმია". ადამიანი მიდის "სულიერ მკურნალთან ვნებით დასნეულებული, გონებით შეშფოთებული""მცოდნე მკურნალი" "კაცთმოყვარე და თანამგრძნობელი მკურნალი ისმენს მოძმის სნეულებებს, ესმის მისი ვნებითი მხურვალება და ხედავს, რომ სნეული სიკვდილს ჰყავს დამორჩილებული". ამ სიტყვების შემდეგ ღმრთისმეტყველი გადმოგვცემს თუ როგორ კურნავს სულიერი მკურნალი. 

       ზემოთ მოვიყვანეთ მოსეს მაგალითი. იგი წინამძღვარიც არის და თავის სამწყსოს განსწავლული მკურნალიც. ამ ორ თვისებას სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი აღწერს ერთ ლექსში: თუ როგორ კურნავს სულიერი მოძღვარი, მისი პირადი "მოსე". წმინდა მამა განწმენდისაკენ მიმავალ გზას ადარებს მოსეს წინამძღოლობით ებრაელი ხალხის სვლას აღთქმული ქვეყნისკენ.

       მართლმადიდებელი მკურნალი რომ გახდე, ჯერ თავად უნდა განიკურნო, იდგე "შორის საქმისა და ხედვისა". როგორ შეძლებს განკურნებას ის, ვინც თავად არ იგემა კურნების საწყისი? წმინდა სვიმონი ადანაშაულებს იმათ, ვინც თავს სულიერ მოძღვრად თვლის და არ მიუღია სული წმინდა, იმათაც, ვინც ესწრაფვის, გახდეს მონასტრის იღუმენი "და მრავალი საშუალებით უსირცხვილოდ მიისწრაფვის ეპისკოპოსობისკენ ან მიტროპოლიტობისაკენ, რათა მწყემსოს უფლის ხალხი", ისე რომ არ უხილავს სიძე ქორწილში და ამის გარეშე სურს გახდეს "ძეჲ სინათლისა და ძეჲ დღისა".

       გრიგოლ ღმრთისმეტყველს ეკუთვნის სიტყვები: "ხამს უწინარესად თავად განიწმიდოს და შემდეგ სხვანი განწმინდოს, განიბრძნოს და მერე განაბრძნოს სხვა, განათლდეს და სხვა გაანათლოს, მიეახლოს უფალს და შემდეგ სხვები მიუახლოვოს, წმინდა გახდეს და შემდეგ სხვები აქციოს წმინდანებად".

       იოანე ოქროპირი თავის ცნობილ ჰომოლიაში "მღვდლობის შესახებ" თავს იმართლებს, რომ არ სურდა ეპისკოპოსობა და ამბობს: მე ვიცნობ ჩემს უძლურ და სუსტ სულს, ვიცი ამ მსახურების მნიშვნელობაც და დიდი სირთულეც".

       იოანე ოქროპირი ბასილთან საუბარში ამბობს "ჩემი სულიერი უძლურების გამო ამ მსახურებისთვის გამოუსადეგარი ვარ". ამ წმინდა გონებითა და გრძნობებით ხვდება წმ. იოანე ოქროპირი, რომ სულიერი უძლურების გამო ძნელია ეპისკოპოსობის მსახურება. ეს მართლაც ასეა და ქვემოთ დავინახავთ, რომ საკუთარი განუკურნელი ვნებები ხელს უშლის მოძღვარს სამწყსოს კურნებაში.

       მკურნალი თუ თავად არ განიკურნა, მაშინ ის "არარაობაა". ამა ქვეყნის ადამიანები "არარაობა" ადამიანებს აყენებენ ამ სამსახურში [ეპისკოპოსად ე.დ.].

       ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მღვდელი, რომელსაც სურს განკურნოს სხვათა სნეულება, ჯერ თავად უნდა განიკურნოს, ან უკიდურეს შემთხვევაში დაიწყოს მაინც მკურნალობა, რომ იგრძნოს მისი ღირსება და ძალა.

       სპეციალურ მსჯელობას არ მივუძღვნით მღვდელს და მღვდლობას. ჩვენი მიზანი არ არის მღვდლობის დიდ მნიშვნელობაზე თხრობა. გვსურს, მხოლოდ ეს წოდება განვიხილოთ სულის მკურნალის ასპექტის მიხედვით.

 

მღვდელ-მკურნალის ასარჩევი პირობები

       განკურნება სული წმიდის მადლით, სამპიროვანი ერთარსება ღმერთის წყალობით ხორციელდება. მღვდელი - ამ განკურნების მსახურია. ეკლესია ღმერთკაცებრივია. ღვთაებრივი მადლი მღვდლის საშუალებით საიდუმლოდ მოქმედებს და თავად მღვდელმა გამოცდილებით იცის ამ ღვთიური მადლის საიდუმლო ქმედების შესახებ.

 

მღვდლობის პატივი

       მღვდლობა დიდი პატივია. იოანე ოქროპირი წერს, რომ "მღვდელმსახურება მართალია დედამიწაზე აღესრულება, მაგრამ ზეციური წესის მიხედვით... რადგან ეს წესი არც ადამიანმა, არც ანგელოზმა, არც მთავარანგელოზმა და არც სხვა არსებამ, არამედ თავად უფალმა დაადგინა".

       "პატიოსანი მღვდლის მსახურება აღემატება ფსალმუნთგალობას და ლოცვას" და ისე განსხვავდება სხვა მსახურებებისაგან, როგორც მზე ვარსკვლავებისაგან. ეს იმიტომ, რომ საღმრთო ევქარისტიის დროს მსხვერპლად იწირება თვით მხოლოდშობილი ღმერთი, ჩვენი ცოდვებისათვის შეწირული". ვინც პატიოსნად ასრულებს "ღვთაებრივ, უბიწო და საშინელ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ იღებს "ყველა საქმესა და ხედვაზე აღმატებულს".

       მღვდლობის პატივი, რომელიც "ზვარაკი ჭამებულის" შეწირვას გულისხმობს, ადამიანს ეხმარება ღვთის ხატობიდან მის მსგავსებამდე მისასვლელ გზაზე. სწორედ ეს არის ადამიანის განკურნება, უკეთ რომ ვთქვათ, განკურნების დამოწმება. წმინდა მამები მღვდლობას სხვა მსახურებებს შორის პირველ ადგილზე აყენებენ, რადგან კაცს მიწიერ საქმეთა გარკვევაში ეხმარებიან ადამიანური ძალები, მღვდლობა კი მას განღმრთობისაკენ წარმართავს. აი, რატომ არის "მღვდლობა აღმატებული მეფობაზე", ვინაიდან იგი "ღვთიურ საქმეებს აწესრიგებს, მეფობა კი - მიწიერს".

       მწყემსთა (მღვდელთა) წოდება, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ქრისტესმიერი ხელდასხმაა. მღვდლებზეა გადმოსული ქრისტეს მადლი, ამოტომ აქვთ ძალა ცოდვათა მიტევებისა და ადამიანთა სულის განკურნებისა. ეს არის რაც მღვდლობის შესახებ მოკლედ უნდა გვეთქვა, რადგან ჩვენი მიზანი მღვდელმსახურებაზე დაწვრილებითი მსჯელობა არ არის.

 

მოციქულთა მოწოდება და ხელდასხმა

       უფალი მოუხმობს ადამიანებს მღვდელმსახურებისთვის და ხელს ასხამს. პირველი ეპისკოპოსები იყვნენ მოციქულები. იესო ქრისტემ ისინი მოციქულებრივი მსახურებისთვის მოიხმო, მათთან იყო სამი წლის განმავლობაში და შემდეგ მიმადლა მათ სული წმინდა, რათა მოწაფეებს ცოდვათა მიტევება შესძლებოდათ. უფალმა წარგზავნა ისინი "ყოველთა ერთათვის" საქადაგებლად. ღმერთმა მოციქულები მახარებელ მეთევზეებად და მქადაგებლებად აქცია. გამორჩეულობისა და მისიის გამო გახდნენ ადამიანები ქრისტეს მოციქულები. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, უფალმა რაიმე წესი თუ შეასრულა მოციქულებისთვის სამღვდელო მსახურების მინიჭებისას. უფალი თავად არის ეკლესიის საიდუმლოებების დამაარსებელი, მაგრამ მათ არ აღასრულებს, იგი თავის ნების გამოვლენით ასრულებს იმას, რისთვისაც ეკლესიის მისტერიები არსებობს".

       ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უეჭველია, ქრისტეს მიერ თორმეტი მოციქულის მოწვევამ, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გამოცხადებამ და მათთვის ცოდვათა მიტევების მადლის გადაცემამ, ამ ყოველივემ აქცია ისინი უფლის ერის მწყემსებად. ჩვენ გვაქვს პავლე მოციქულის მაგალითი. პავლე არ იყო მაცხოვრის მოწაფე მის მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ იგი მოციქულად იწოდება. თავად იგი საკუთარ თავს ქრისტეს მოციქულად მიიჩნევს: "პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა" (1 ტიმ. 1,1).

       უფრო მეტიც, იგი წერს: "რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ" (2 კორ. 11,5). სხვა ადგილას მოციქული ამბობს: "და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებისა ამას" (1 ტ. 12). პავლე დარწმუნებულია, რომ იგი ქრისტეს აღდგომის მოწმეა, რადგან დამასკოსკენ მიმავალმა იხილა უფალი. ამიტომ აღდგომილი ქრისტეს გამოცხადების აღწერისას, იგი ბედავს თქმას: "უკანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა" (1 კორ. 15,8). და თავის თავს აღდგომის მოწმეთა შორის ასახელებს.

       იესო ქრისტეს გამოცხადება პავლესთან და მისი მოციქულად მოწოდება არის მოციქულად ხელდასხმის გამოხატულება. პავლეს გადასცა მაცხოვარმა თავისი სიწმინდე. 

       პროფ. იოანე რომანიდისი წერს "პავლე მოციქულის ეპისტოლეთა მიხედვით წინასწარმეტყველები (1 კორ. 14,29) და მოციქულები (1კორ.15,5-80) არიან ის ადამიანები, ვინც განმღრთობას მიაღწიეს. ისინი არიან ქრისტეს ხატნი ყოვლადწმინდა სამების დიდებით. პავლე მოციქული ამას ნათლად გამოკვეთს, როცა ქრისტეს საიდუმლოზე წერს "რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულთა წმიდითა". (ეფ.3,5). ამ ნაწილში საჭიროა განვმარტოთ სიტყვები, რომლებიც მაცხოვრის სხეულის ნაწილების ჩამოთვლისას არის ნათქვამი: "თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი" (1 კორ. 12,26). განდიდებული "ასოჲ" (ნაწილი) არის განღმრთობილი, ვინც გახდა წინასწარმეტყველი. ამიტომ პავლე მოციქული მაცხოვრის სხეულის ნაწილების ჩამოთვლისას ასახელებს პირველად მოციქულებს და წინასწარმეტყველებს და ჩამონათვალს ამთავრებს "თესლად-თესლადი ენათაჲ" (1 კორ. 12,28) (სხვადასხვა ენის მქონენი), რაც სხვადასხვანაირ მსახურებას გულისხმობს (ეფ. 5, 19-20). პავლე მოციქულის თანახმად წინასწარმეტყველი გონებითი ლოცვის გამოცდილებით, ძველი აღთქმის განმმარტებლად ითვლება (ახალ აღთქმას განმარტება არ სჭირდება), წინასწარმეტყველმა განღმრთობას მიაღწია. ამგვარი განსხვავება მოგვაგონებს წმინდა მამების მიერ დაყოფილ ღმერთის სიტყვის მქადაგებლებსა და ღმრთისმეტყველებს. ყველას, მოციქულებიდან დაწყებული, წინასწარმეტყველით და განმმარტებლით დამთავრებული, გულში ჰქონდა "თესლად-თესლადი ენაჲ" ანუ სხვადასხვაგვარი მსახურება სული წმიდის მიმართ, ისინი იყვნენ ღვთივრჩეული ნაწილები ქრისტეს სხეულისა და ტაძარნი სულისა წმიდისა. ღვთისგან გამორჩეულობით ისინი განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისაგან (1. კორ. 14,16). რომლებსაც არ მიუღიათ სული წმიდის მადლი, რაც მათ გულში უწყვეტ ლოცვას დაბადებდა და არ გამხდარან სული წმინდის ტაძარნი. ასეთნი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც მოინათლა წყლით და ცოდვათა მიტევებით, მაგრამ არ მონათლულა სული წმინდით, არ მიუღია მირონცხება. მირონცხება მოიაზრებოდა როგორც მლოცველზე სული წმინდის მადლის გადმოსვლის დადასტურება, ამიტომაც იწოდება მირონცხება ლათინურად confirmatio (დასტური). განღმრთობილი მოციქულები და წინასწარმეტყველები, რომლებსაც ჰქონდათ "ძალნი, მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ" (1 კორ. 12, 28). იყვნენ მირონცხებული და მთავარი სასულიერო პირები, რაც ჩანს მირონცხების აკოლუთიიდან. წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით, ჩვეულებრივ ადამიანებად ითვლებიან ერისკაცები. სიტყვა "რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა" (1 კორ. 12,28) ნიშნავს სული წმინდის გადმოსვლას განღმრთობილ მოციქულებზე და წინასწარმეტყველებზე და სხვა განათლებული ადამიანებზე, და არა მხოლოდ რიტუალის აღსრულებას".

 

მთავარი პირობა ხელდასხმისათვის

       უდავოა, რომ მოციქულებმა ქრისტესმიერი ხელდასხმა გადასცეს გარკვეული საიდუმლოს სახით, რომელსაც მღვდლობა ეწოდება. ეკლესიამ კი დაადგინა კანონიკური პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს დიდი მადლი და აღასრულებდეს უმაღლეს მსახურებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია იერუსალიმის ეკლესიაში დიაკვნად ხელდასხმა. საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, შვიდი დიაკვნის არჩევის შემდეგ "დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი" (საქმ. 6,6). აქედან ჩანს ხელდასხმა და ლოცვა. იოანე ოქროპირი წმინდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას წერს, რომ "მოციქული არ განმარტავს როგორ, მხოლოდ ამბობს, რომ დიაკვნები ხელდასხმული იყვნენ ლოცვით, რადგან ასე აღესრულება ხელდასხმა. ადამიანს ედება ხელი, მაგრამ ყველაფერს ასრულებს ღმერთი". მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები სხვა ქრისტიანთა შორის გარკვეული თვისებებით გამორჩეულნი იყვნენ, გამორჩეულობის უმთავრესი კრიტერიუმი მათზე სული წმინდის მადლის არსებობა იყო. სტეფანე პირველდიაკონის არჩევაზე "საქმე მოციქულთა"-ში ნათქვამია: "და გამოარჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულთა წმიდათა" (საქმ. 6,5). ასე რომ, სტეფანემ სული წმინდის მადლი ხელდასხმისას კი არ მიიღო, არამედ მასზე მანამდე იყო გადმოსული. ამ ადგილს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: სტეფანესაც სული წმინდის მადლი ჰქონდა "ემბაზიდან", ნათლობის წუთიდან. "არ არის საკმარისი მხოლოდ მადლი, საჭიროა ხელდასხმაც, რაც ამრავლებს სული წმინდის მადლს". გარდა ამისა, წმინდა მამა განაგრძობს, რომ სტეფანემ სხვა დიაკვნებზე მეტი მადლი მიიღო. "ხელდასხმა ყველასთვის საერთო იყო, მაგრამ სტეფანემ ყველაზე მეტი მადლი მიიღო". ეს კი განპირობებულია მისი სიწმინდით, რადგან სულიწმინდამ დაივანა მის სულში ხელდასხმამდე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელდასხმისათვის რჩეულნი არა მხოლოდ ელოდებოდნენ ხელდასხმის დღეს, სული წმინდის მისაღებად, არამედ მანამდეც უნდა ჰქონოდათ მადლი. ეკლესია ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რაც პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან ჩანს: "მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაამკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაÁს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა" (2. ტიმ. 1,5) ჩვენ კარგად ვიცით, რომ რწმენა განკერძოებული ცოდნა არ არის, ის "გულის შემეცნება და ხედვაა", სული წმიდის სიცხოველეა ჩვენს სულში. პავლე მოციქული თავის მოწაფეს ტიმოთეს, რომელიც თავად დაადგინა ეპისკოპოსად, სწერს: "ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაჲსწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა" (1 ტიმ. 4, 14). და კიდევ "ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუნებულთა მათ შენდა წინაჲსწარმეტყუელებათა" (1 ტიმ. 1,18). წმინდა თეოფილაქტე განმარტავს "მოძღვარისა და მღვდლის წოდება უმაღლესია და სჭირდება ღვთის მინიშნება, რათა ამ წოდების მატარებელი ღირსეული გახდეს. ამიტომ უწინდელ დროში წინასწარმეტყველებითა და სული წმინდის შთაგონებით ირჩეოდნენ მღვდლები". მღვდლობისა და ეპისკოპოსობის კანდიდატად შერჩევას დიდი მომზადება და მრავალი პირობის შესრულება სჭირდება. პავლე მოციქული ამბობს, რომ უნდა იყოს "უბრალო" (1 ტიმ. 1,6). ამიტომ მოციქული ურჩევს, ნუ იქნება "ახალნერგი" (1 ტიმ. 3,6). საჭიროა მოიპოვოს სულიერი გამოცდილება, წმინდა ნათლობით განიწმინდოს და მოემზადოს გარკვეული დროის შემდეგ ხელდასხმისათვის.

       იოანე ოქროპირი წერს, რომ ხელდასხმის კანდიდატი განსაკუთრებულად ყურადღებიანი, სულიერი ძალით აღვსილი უნდა იყოს, მეუდაბნოეთაგან გამოსული. თუკი მეუდაბნოენი, რომელთათვის უცხოა "ქალაქის ბაზარი და ამქვეყნიური "საქმენი", ყოველთვის არ არიან მტკიცენი. წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი ძალა უნდა ჰქონდეს მღვდელს, რომ "სული განიწმინდოს სიბილწისაგან და მოიპოვოს სულის მშვენიერება". აქედან გამომდინარე წმინდა იოანე ამბობს, რომ საერო მღვდელს უფრო მეტი სიწმინდე სჭირდება, ვიდრე ბერს".

       მღვდლობის სიწმინდის შენარჩუნება რამდენად აუცილებელია, ამაზე სხვა ნაწილში ვისაუბრებთ. აქ კი ყურადღებას გავამახვილებთ იმ თვისებებზე, რაც მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მღვდელი გახდეს. როგორ შეძლებს უძლურთა და სულით სნეულთა განკურნებას, თუკი თავად არ განიკურნა?

       მღვდლობისთვის მომზადების თემა ერთ-ერთი უმთავრესია სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის თხზულებებში. ის, ვინც არ მიატოვა ეს ქვეყანა და არ გახდა ღირსი მიიღოს სული წმინდა მოციქულების მსგავსად მიიღოს სული წმინდა. ვინც არ განიწმინდა და არ განათლდა და ვერ ღირსიქმნა იხილოს "ნათელი დაუღამებელი", "მღვდლობას და მიუსაფარ სულებზე ზრუნვას და მათ ამაღლებას დაე ნუ გაბედავს". 

       ასეთსავე სწავლებას ვხვდებით ნეტარი თეოგნოსტის შრომებში. მღვდლისადმი მიმართვისას, წმინდა მამა ამბობს: "თუ არ გვაქვს უწყება სული წმინდისაგან, რომ შენ ხარ კეთილი შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის... თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში და ღვთაებრივ-საიდუმლოებებს ნუ აღასრულებ მღვდელმოქმედებით". ანუ საღმრთო ევქარისტიას. წმინდა მამები გაურბოდნენ მოსალოდნელ ხელდასხმას, მთებში იმალებოდნენ. ამის მაგალითია გრიგოლ ღმრთისმეტყველის ცხოვრება. თავის გაქცევას პონტოში იგი ასე ამართლებს: "ადამიანი ვერ იტვირთავს მეტყველი სამწყსოს მწყემსვას, თუკი მანამდე არ გახდება ტაძარი ღმრთისა, ქრისტეს ცოცხალ საცხოვრისად" 2. თუკი "გამოცდილებით და გონებით ჭვრეტით არ გამოიკვლია ქრისტეს ყველა სახელი და ძალი, თუ არ შეიცნო "სიბრძნე ღმრთისა, საიდუმლოდ დაფარული" (1 კორ. 2,7) თუკი ის "ისევ ჩვილია და რძით იკვებება".

       ცხადია, წმინდა მამები ხედავდნენ იმასაც, რომ ბევრი იღებდა ხელდასხმას, წინასწარი მომზადების გარეშე, განწმენდისა და განკურნების გარეშე. ამიტომ "ბევრჯერ ხელდასხმა სრულდება არა,,საღმრთო მადლით", არამედ ადამიანთა სურვილით".

       ცნობილია იოანე ოქროპირის სიტყვებიც: "ყველას არ ასხამს ხელს უფალი, მაგრამ ყველას საშუალებით კი მოქმედებს".

 

სამღვდელოების სამი საფეხური

       წმინდა მამათა ნაშრომების მიხედვით სამღვდელოების სამი საფეხური (დიაკვანი, პრესვიტერი, ეპისკოპოსი) მჭიდროდ უკავშირდება სულიერი ცხოვრების სამივე ეტაპს. ეს იმას, ნიშნავს, რომ ადამიანი ადის სამღვდელოების მადლისა და კურთხევის საფეხურებზე მისი განკურნების დონის შესაბამისად. ასე გვასწავლიან წმინდა მამები. ამ საკითხზე საჭიროა უფრო კონკრეტული მსჯელობა. უნდა გავითვალისწინოთ სამღვდელოების მაკურნებელი მადლი.

       წინა თავებში აღვნიშნეთ, რომ სულიერი ცხოვრება სამ ეტაპად იყოფა: განწმენდა, განათლება და განღმრთობა. ამგვარ დაყოფას ვხვდებით ბევრი წმინდა მამის ნაწერებში, თუმცა კი ეტაპების სახელწოდებები შეიძლება განსხვავებული იყოს. ნეტარი მამა ნიკიტა სტითატი წერს, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან სრულყოფილებას: "ჯერ განწმენდილნი, შემდეგ განათლებულნი და საიდუმლოსთან ზიარებულნი, რაც სრულყოფილებას ნიშნავს". განწმენდილებს მიეკუთვნებიან დამწყებნი, განათლებულებს _ შუალედურ ეტაპზე მყოფნი, და სრულყოფილებს - სრულყოფილნი. ამ სამი ეტაპის გავლით ქრისტიანი იზრდება და უახლოვდება მაცხოვარს. განწმენდა სხეულის დასუსტებაა, ვნების აღმძვრელი ცოდვისგან განრიდება, სინანული, ცრემლი და ა.შ. განათლება - უვნებობის საწყისი, რომლის ნიშანია არსებათა შეცნობა "ქმნილების ლოგოსის ჭვრეტა" ("θεωρία των λόγων τῆς κτίσεως") და "სული წმიდის თანამყოფობა", ამ ეტაპის მიზანია "გონების განწმენდა... სულიერი თვალის ახელა... ზეციური სასუფევლის საიდუმლოს გახსნა". და ბოლოს "საიდუმლო და სრულყოფილი საფეხურზე ასული" ეზიარება "ღვთის საიდუმლოებებს", ივსება "სული წმიდით" და ხდება "ბრძენი ღმრთისმეტყველი დიდ ეკლესიაში" და ა.შ.

       ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი ღვთიური მადლის წყალობით განიწმენდს სულის ვნებიან ნაწილს, შემდეგ გონება განათლდება და საიდუმლო ღმრთისმეტყველებამდე მაღლდება.

       მაქსიმე აღმსარებლის ღმრთისმეტყველებაში ეს სამი საფეხური წარმოდგენილია, როგორც მოქმედი სიბრძნისმოყვარეობა (πρακτική φιλοσοφία), ბუნებითი ჭვრეტა (φυσική θεωρία) (გონების განათლება) და საიდუმლო ღმრთისმეტყველება (განღმრთობა). ამ ქვეყნიური ცხოვრებისგან განშორებული ეკლესიის წმინდა მამები, მაღლდებიან უფლის ჭვრეტამდე. ჭვრეტა კი მწვერვალს აღწევს "ღმრთისმეტყველების მეცნიერებაში", "საღმრთისმეტყველო მისტაგოგიაში", რასაც "დაუვიწყარი ცოდნა" ეწოდება. ამგვარად, ღმერთის ჭვრეტით მცხოვრები მამები ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველები არიან.

       ღმრთისმეტყველი იყო მოსე, რომელმაც მაქსიმე აღმსარებლის მსგავსად, თავისი კარავი საცხოვრებლიდან მოშორებულ ადგილას დადგა "თაყვანს სცემდა ღმერთს, გონება და აზრები მიმართა ხილულის მიღმა". ღმრთისმეტყეელები იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, რომლებმაც იხილეს მაცხოვარი თაბორის მთაზე. ღმრთისმეტყველი იყო პავლე მოციქული, რომელიც აღიტაცა ვიდრე "მესამედ ცადმდე" (2 კორ. 12.2). წმ. მაქსიმე განმარტავს, რომ სამი ცა შეესაბამება ადამიანის მისტიკურ აღმასვლას, ანუ მოქმედ სიბრძნისმოყვარეობას, ბუნებით ჭვრეტას და საღმრთისმეტყველო მისტაგოგიას: წმინდა მამათა სწავლება მოვიყვანეთ იმისთვის, რომ ჩვენ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. მაქსიმე აღმსარებელი სულიერი ცხოვრების სამ სტადიას უკავშირებს სამღვდელოების სამ საფეხურს. იგი წერს: "დიაკვანი [მალამოს] სცხებს გონებას წმინდა საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს მისგან ვნებიან აზრებს, პრესვიტერი არსებათა შეცნობისაკენ წარმართავს და მცდარ ცოდნას ახშობს, ეპისკოპოსი კი სრულყოფს გონებას წმინდა მირონცხებით და წმინდა სამების თაყვანისცემით". განმარტებისთვის მოვიხმობთ ნიკოდიმოს მთაწმიდელს; ეკლესია ეფუძნება იმას, რომ ერთი წმინდანი განმარტავს მეორე წმინდანის სიტყვებს, ხოლო თავად წმინდანთა სახით გამოიხატება ეკლესიის გამოცდილება. ნიკოდიმოსი წერს: "ღმერთშემოსილ მაქსიმეს უნდა თქვას, რომ დიაკვანი განწმენდს გონებას ვნებათაგან და ბილწი აზრებისგან ზნეობრივი სიტყვებით, მღვდელი გაანათლებს ადამიანებს არსებათა შეცნობით, ეპისკოპოსი კი სრულყოფს გონებას ღმრთისმეტყველებით... ასე რომ, მღვდელმთავარს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ზნეობრივი, ბუნებითი ანუ ჭვრეტითი სიბრძნისმოყვარეობა, უნდა იყოს ღმრთისმეტყველიც დიაკვანზე და პრესვიტერზე აღმატებული".

       შევნიშნავთ, რომ სამღვდელოების სამი საფეხურის დაკავშირება სულიერი ცხოვრების სამ ეტაპთან გვხვდება დიონისე არეოპაგელის შრომებშიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თხზულებებში აღბეჭდილია პირველი საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის მდგომარეობა, ნათელი გახდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შესაბამისობა ჭეშმარიტია. შევჩერდები უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე.

       დიონისე არეოპაგელის თხზულებებში "საეკლესიო იერარქიისათვის" აღწერილია სულიერი ცხოვრების სამი ეტაპი, რომელთაც განწმენდა, განათლება და სრულყოფა ეწოდება. სრულყოფა ნიშნავს განღმრთობას. აქედან გამომდინარე "იერარქთა ხარისხს" ეწოდება სრულყოფილი და მისტიკურად სრუ­ლ­ყო­ფილი, მღვდლობისას - განმანათლებელი და ნათლისკენ წარმმართველი, ხოლო მსახურთა (დიაკვნების) ხარისხს განმწმენდელი და განმარჩეველი". სამღვდელოების მსახურება ლიტურგიკულია და განმანათლებლური და სრულმყოფელი, რადგან საიდუმლოებებით მიმდინარეობს სულის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურებანი მხოლოდ კი არ აღესრულება, არამედ განწმენდს, ანათლებს და სრულყოფს (განაღმრთობს) ადამიანს.

       დიაკვნების, პრესვიტერებისა და იერარქების მსახურება ქრისტიანთა სულიერ მომწიფებას ემსახურება. მაგალითად: წმინდა ნათლობისას, როგორც დიონისე არეოპაგელი ამბობს და როგორც ეს ჩვენი აზრით, პირველ საუკუნეებში სრულდებოდა, დიაკვანი განმოსავდა მოსანათლ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მას განმწმენდელის როლი ჰქონდა დაკისრებული. მღვდელი ზეთს სცხებდა სხეულს - ესეც ნათელყოფს მღვდლის ფუნქციას განმანათლებლობას, ეპისკოპოსი კი სრულყოფდა ადამიანს ნათლობით.

       იერარქის ხარისხი სრულყოფს ქრისტიანს, იგი ასრულებს რა "იერარქის მსახურებას", აზიარებს მას "სიწმინდის ცოდნას". პრესვიტერის ხარისხს მიჰყავს ადამიანი იმისკენ, რომ მან ჭვრიტოს საიდუმლოთა აღსრულება" და "ესწრაფოს, შეიცნოს ისინი" და წარგზავნოს ეპისკოპოსთან. ეს ნიშნავს, რომ პრესვიტერი გაანათლებს ქრისტიანს ეპისკოპოსის კურთხევით და გზავნის განმანათლებელთან, (ეპისკოპოსთან) მათ ვისაც სურს სრულყოფა. დიაკვნის ხარისხი კი "განწმენდს მოსულთ, ათავისუფლებს რა მათ მტრული აზრებისგან,". ამის შემდეგ კი მიდის მღვდელთან". დიონისე არეოპაგელის შრომების მიხედვით იერარქი არა მხოლოდ სრულყოფს, არამედ განწმენდს და ანათლებს ერს. მღვდელი განწმენდს და გაანათლებს. დიაკვანი კი მხოლოდ განწმენდს. დაბალ საფეხურზე მყოფ სამღვდელოებას არ შეუძლია უფრო მაღალი საქმე აღასრულოს.თითოეული საფეხურის ფუნქცია ეკლესიაში მკაცრად განსაზღვრულია. სამღვდელოების ყოველ წოდებას აქვს სულიერი ცხოვრების შესაბამისი ხედვა. აქ საჭიროა მოვიყვანოთ დიონისე არეოპაგელის თხზულების ერთი ნაწილი, სადაც შეჯამებულია სამღვდელოების სამივე ხარისხის ფუნქცია: "მღვდელმსახურთა შესამოსელი (ანუ მღვდელი) საწყისი ძალით განწმენდს არასრულყოფილი მსახურებით, საშუალო ძალით განწმენდილი სინათლისკენ წარმართავს, ბოლოს, უმაღლესი ძალით კი სრულყოფს შემეცნებითი სრულყოფით იმათ, ვინც ღვთიური ნათლით ამაღლდა ღვთის ჭვრეტამდე".

       მოკლედ, დიონისე არეოპაგელის შრომის მიხედვით გამოიკვეთა, რომ სამღვდელოების სამივე ხარისხი შეესაბამება სულიერი ცხოვრების სამ საფეხურს. განწმენდა, განათლება და სრულყოფა ანალოგიურია დიაკვნის, პრესვიტერის და ეპისკოპოსის წოდებისა. დიაკვნის ხელდასხმისათვის, რომლის საქმეა ერის განწმენდა ვნებათაგან, საჭიროა განწმენდილ მდგომარეობაში ყოფნა ანუ მოქმედი სიბრძნისმოყვარეობით ცხოვრება, პრესვიტერად ხელდასხმისათვის, რომლის საქმეა სხვათა განათლება, აუცილებელია ადამიანი (კანდიდატი) გონების განწმენდის ეტაპზე იყოს, ანუ ჭვრეტის საფეხურზე. ეს ნიშნავს, რომ ლოცვით უწყვეტად უნდა მიმართავდეს უფალს, იცოდეს გონიერი ქმედება და ჭვრეტდეს არსებათა მიზეზს, იცოდეს წმინდა წერილი. ეპისკოპოსმა კი, ვინც სრულყოფს ერს საღმრთისმეტყველო სწავლებით, უნდა იცოდეს საიდუმლო ღმრთისმეტყველება, იცხოვროს უფალთან კავშირით, იმყოფებოდეს წინასწარმეტყველთა დასში, აღასრულებდეს ღვთიურ საქმეებს და ჭეშმარიტების სიტყვისკენ წარმართავდეს ერს.

       დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმის წესი მიუთითებს თითოეულის სულიერ მდგომარეობაზე. ვის რამდენის ტვირთვა შეუძლია. ადამიანებს არ ასხამენ ხელს მათი სულიერი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად.

       ეპისკოპოსი ქრისტიანებს მადლს გადასცემს იმისთვის, რომ ისინი ღირსეული დიაკვნები და პრესვიტერები გახდნენ. "თავად ეპისკოპოსს ყველა სამღვდელმსახურო საიდუმლოების აღსრულებაში უფალი წარმართავს". მოსე არ მოუწოდებდა ძმას აარონს "აღესრულებინა მღვდელმსახურება", "საიდუმლოთა აღმსრულებელ ღმერთს თავად რომ არ გაეხადა იგი მღვდელმსახური".

       დიონისე არეოპაგელის ღვთისმეტყველების თანახმად ეპისკოპოსი სულიერი ცხოვრების მცოდნეა, ღვთისმხილველია და აქვს თავად განღმრთობის გამოცდილება. ამიტომ "მღვდელმთავრის ღვთაებრივი წოდება არის პირველი ღმერთისმხილველ წოდებათა შორის. ეს არის უკანასკნელი ხარისხი". მღვდელმთავარი განღმრთობის ნაყოფია, რადგან განღმრთობა განიცადა თავად და ეხმარება სხვა ქრისტიანებს მადლით განღმრთობის გზაზე. "მღვდელმთავრის ხარისხი მოითხოვს თვითსრულყოფას. განღმრთობის განცდას, რასაც გადასცემს მასზე დაბალ საფეხურზე მდგომთ მათი ღირსების შესაბამისად, გადასცემს თავის განღმრთობის ნაწილს". დიონისე მღვდელმთავრად ასახელებს "ღმრთივშთაგონებულ და ღვთიურ ადამიანს, რომელიც წმინდა ცოდნის მფლობელია და მისი მაგალითით სრულდება და შეიცნობა მთელი იერარქია".

       მღვდელმთავარი ყველა თავისი ღირსებით და ნაკლით "ინარჩუნებს უცვლელად ღვთისმხილველ გონებრივ მდგომარეობას", მღვდელმთავარი განწმენდისა და განათლების ნაყოფია, ღმრთივშთაგონებული ადამიანია, და მას უშუალოდ უფალი მართავს. იგია "ბაგე ჭეშმარიტებისა" და "ქრისტეს მსგავსად მის ადგილას მჯდომი".

       ვერ ვუძლებთ ცდუნებას, რომ არ მოვიყვანოთ დიონისე არეოპაგელის სიტყვები, რომელთა თანახმად, ღვთიური სინათლის სხივები ღვთის მსგავს ადამიანებს მოეფინება, ასეთი ადამიანები თითქოს გამჭვირვალენი დიდი სინათლის ნაწილნი ხდებიან და მასვე ასხივებენ. მათ კი, ვინც ღმერთს ხედავენ, "მღვდლებს გულუხვად, მაგრამ მათი შესაძლებლობების შესაბამისად, უნდა უჩვენონ თავად მათთვის ხილული ღვთიური სახეები". გარდა ამისა მღვდელმსახურებისათვის თავის მიძღვნა იმ ადამიანთა საქმეა "ვინც მოიპოვა "სრულყოფილი უნარი ამ მიძღვნისა (მასთან ზიარებისა) ეს რას ნიშნავს? იმას, რომ უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად თვითსრულყოფაა საჭირო უმაღლეს მდგომარეობას აღწევს ღმრთივშთაგონებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით შეიცნო უფალი.

       აი, რა თვისებები იყო საჭირო სამღვდელო ხარისხის მისაღებად. მათ ზემოთ აღნიშნული სამი ეტაპი უნდა გაევლოთ, რომ დარწმუნებულიყვნენ საკუთარი თავის განკურნებაში, რის შემდეგაც სხვების განკურნებას შეძლებდნენ. ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკვანი ღვთისმსახურების მონაწილენი კი არ არიან მხოლოდ და ასრულებენ ეკლესიის საიდუმლოებას. ისინი იმავდროულად სულიერი მკურნალნიც არიან და ერს ეხმარებიან განწმენდაში და განათლებაში და უფალთან აახლოებენ. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი წერს, რომ ადამიანი უნდა შეუდგეს განწმენდილი გულითა და სინდისით წმინდა, უბიწო სამების მსახურებას", თუკი მან შეიცნო ქრისტე, მიიღო სული და "მივიდა მამასთან ამ ორის (ქრისტესი და სული წმიდის) მეშვეობით".

       ამრიგად, მღვდლობის ხარისხში აყვანა ღვთის მოწოდებით ხორციელდება. ეს მოწოდება არ გამოიხატება მხოლოდ შეგრძნებით, რომ ღმერთი მოეხმობს თავის რჩეულს, ემსახუროს ერს, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებით - საკუთარი ფერისცვალებით - მან (რჩეულმა) უნდა ასაზრდოოს ერი. საზრდოობა, უპირველეს ყოვლისა, კურნებას გულისხმობს. კურნების გარეშე ადამიანი ვერ მიაღწევს უფალს და ვერ იხილავს მას ისე, რომ ეს ხილვა ადამიანისთვის განმანათლებელი გახდეს და არ იქცეს მწველ ცეცხლად: "თუკი მოწოდებული ხარ და ღვთაებრივი სამღვდელო ხარისხი მიიღე..." თუ ადამიანი ვერ გრძნობს მაღლიდან მოწოდებას, ანუ ის ჯერ არ განკურნებულა, მაშინ "ტვირთი ძალიან მძიმე იქნება, ტვირთვადი, მაგრამ ღირსების შეუსაბამო და შესაძლებლობებზე აღმატებული.

       ხშირად საუბრობენ მოციქულთა გადმოცემისა და მემკვიდრეობის შესახებ, რაშიც ხელდასხმა იგულისხმება. ვერ უარვყოფთ, რომ ამგვარი გადმოცემაც არსებობს, თუმცა ვერც ის დაგვაეჭვებს, რომ მოციქულთა მემკვიდრეობა არ არის ოდენ ხელდასხმათა რიგი, არამედ იგი ეკლესიის ცხოვრების ტრადიციაა. მოციქულები, მათ შემდეგ კი წმინდა მამები გადასცემდნენ არა მხოლოდ მღვდლობის მადლს, არამედ ქრისტესმიერი ცხოვრების წესს. ეპისკოპოსს ჰქონდა და აქვს ჭეშმარიტების მადლი. პროფესორი იოანე რომანიდისი შენიშნავს: "მოციქულთა ტრადიციისა და მემკვიდრეობის საფუძველი იყო არა მარტო ხელდასხმა, არამედ მას თან ახლდა თაობიდან თაობისთვის განმკურნებელი მემკვიდრეობის გადაცემა, რასაც განათლება და განღმრთობა მოაქვს". ადგილობრივი და საეპარქიო კრებები იმართებოდა ჭეშმარიტი მკურნალების მონაწილეობით, ცრუმასწავლებლებისა და ცრუწინასწარმეტყველების გარეშე, რომლებიც თითქოს მადლმოსილნი იყვნენ. ამ უკანასკნელთაგან კრებები მრევლს იცავდა. ხელდასხმის უმთავრესი ნაწილი კანდიდატის არჩევა და გამოცდა იყო". 

       სწორედ ამ მოვლენას ეფუძნებოდა ეკლესია. ეპისკოპოსების გამორჩევა მონაზონთა საძმოდან ხდებოდა, რადგან მონაზვნობა მკურნალთა სკოლაა, საიდანაც განსწავლული მკურნალები გამოდიოდნენ, მათ იცოდნენ ადამიანთა უძლურების კურნება.

       დიოკლიის ეპისკოპოსი კალისთე უეარი წერს, რომ ოცი "მთავარი" მონასტრიდან მარტო ერთმა (გულისხმობს ათონის წმინდა მთის დიდ ლავრას) მისცა ქრისტიანულ სამყაროს 26 პატრიარქი და 144 ეპისკოპოსი. ეს ფაქტი მეტყველებს ათონის მთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ნიკოდიმოს მთაწმინდელი ნაშრომის "რჩევების სახელმძღვანელო" ("συµβουλευτικοῦ ἐγχειριδίου ") შესავალში წერს: "რაოდენ ბედნიერი და ოქროს საუკუნეები იყო, როცა ქრისტეს წმინდა ეკლესიაში ცოცხლობდა წესი პატიოსან მონაზონთაგან აერჩიათ ისინი, ვინც სამღვდელოების მაღალ ხარისხში უნდა აეყვანათ და ადამიანთა სულებზე უნდა ეზრუნა. (იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ერისკაცთაგან იყო ვინმე თავისი სიქველითა და სათნო ცხოვრებით გამორჩეული). ამგვარ წესზე მიუთითებს აია სოფიას კრების აქტები; კესარიისა და ქალკედონის კრებებზე პაპის იოანეს მოსაყდრეს ასე უპასუხეს: "აღმოსავლეთში ეპისკოპოსად და პატრიარქად მონაზონთაგან გამოსული აირჩევა".

       ეკლესიის ისტორია ასეთი ვარდისფერით მოსილი არ ყოფილა ყოველთვის. ხდებოდა ისეც, რომ ზემოთ აღნიშნულ ჭეშმარიტებას ივიწყებდნენ და მაშინ ერი უგუნურობის წყვდიადში ექცეოდა. ადამიანებმა არ იცოდნენ არც კურნების შესახებ და არც თუ როგორ აღესრულებოდა ეს კურნება, რადგან არავინ იყო ამის მასწავლებელი. IV ს-ში ისიდორე პელუსიელი განასხვავებს წარსულის მწყემსებს მის თანამედროვეთაგან. იგი წერს: "უწინ მწყემსი ცხოვართათვის კვდებოდა, ახლა კი იგი თავად ჭრის ყელს მათ". უწინ სამღვდელოებას შეუდგებოდნენ სათნოების მოყვარულნი, ახლა კი - ვერცხლისმოყვარენი, უწინ სამღვდელონი ხდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ წოდებით მინიჭებულ ძალაუფლებას ეკრძალვოდა, ახლა ძალაუფლებას ნეტარებით იღებენ; უწინ ნებით იწვრთნებოდნენ თავმდაბლობით, ახლა წოდების უპირატესობას ესწრაფვიან, უწინ თვალწინ ჰქონდათ უფლის სამსჯავრო, ახლა მასზე სრულებით არ ფიქრობენ, უწინ მზად იყვნენ დარტყმის ასატანად, ახლა იერიშზე თავად გადადიან. ბევრის თქმა რა საჭიროა? ჩანს, რომ მღვდლობა ტირანიად იქცა, მოთმინება ამპარტავნებად გადაიქცა, მარხვა - ფუფუნებად, მორჩილება ბატონობად. რადგან სამღვდელოება დღეს ღირსებად მიიჩნევს არა მისთვის მინიჭებულის მართვას, არამედ მის დასაკუთრებას".

       იოანე რომანიდისი, რომელსაც ეკუთვნის გამოკვლევა ამ თემაზე, მართლმადიდებლური ტრადიციის დაკარგვის შესახებ წერს: "დროთა განმავლობაში ვეღარ იძებნებოდნენ განღმრთობელი ან კიდევ განათლებული" ადამიანები, ეპისკოპოსებად და პრესვიტერებად რომ ეკურთხებინათ. ზოგჯერ იყვნენ კიდეც ასეთები, მაგრამ მათი ხელდასხმა ამომრჩევლებს არ სურდათ. ხშირად არჩევანი შეჩერდებოდა ხოლმე უბრალოდ კეთილშობილ და ზნეობრივ ადამიანებზე, თუმცა მათ არ იცოდნენ სულის ტრადიციული მკურნალობა განათლებითა და განღმრთობის გზით. აქედან გამომდინარე, ჩნდებოდნენ ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც უწინ ერისკაცები იქნებოდნენ, რადგან სული წმინდის მადლი არ იყო მათზე, რომლის ძალითაც მათი გულები უწყვეტი ლოცვით იარსებებდა. ასე ხსნის ამ მოვლენას სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი. იგი მოუწოდებდა, წინ აღსდგომოდნენ აღწერილ მდგომარეობას და მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცენტრალური ადგილი დაეკავებინა მის უმთავრეს მისიას - სულთა კურნებას, ხოლო იერარქიას დაბრუნებოდა წმინდა მამათა ისიხასმი (ἡσυχασµός), როგორც ეს დიონისე არეოპაგელის შრომებში იყო მოცემული. წმინდა მამათა ისიხასტური ტრადიციის ხელმძღვანელობით ეკლესიამ და ერმა შეძლო ერთობის შენარჩუნება იმპერიის (ბიზანტიის) დაცემის შემდეგაც, რადგან სწორედ ამ ტრადიციით მიეცათ ძალა ქრისტიანებს არაბთა, ლათინთა თუ თურქთა შემოსევებისთვის გაეძლოთ. წინასწარმეტყველები, განღმრთობილი და მკურნალი ადამიანები ექიმებს ჰგავდნენ, მათგან ერთი ხელმძღვანელად აირჩეოდა, თუმცა ეს მათ შორის არათანასწორ მდგომარეობას არ გამოხატავდა. ასე მოხდა მოციქულთა შორისაც. ქრისტეს მოწაფეთაგან პირველი იყო პეტრე, მაგრამ იერუსალიმში მოციქულთა კრებებს თავმჯდომარეობდა იაკობი, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსი. დროთა განმავლობაში გაიზარდა ქრისტიანთა რაოდენობა და მათ შორის არ იყვნენ განღმრთობილნი, ისეთები, როგორებსაც პავლე მოციქული წინასწარმეტყველებს უწოდებს, ეკლესიის წინაშე დადგა პრობლემა: ხელი დაესხათ თუ არა ეპისკოპოსად ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც განღმრთობის მადლი არ მიუღია, ან უკიდურეს შემთხვევაში განათლების პროცესშია. ეკლესიამ ეს არ დაუშვა და გადაწყდა ხელი დაესხათ პრესვიტერებისთვის და ისინი დაედგინათ ეპარქიის მოწვეული კრების თავმჯდომარეებად. ამრიგად, ეპისკოპოსს დაეკისრა მოვალეობა, ზედამხედველობა გაეწია თავმჯდომარე - პრესვიტერებისათვის ისე, როგორც ექიმი აკონტროლებს მედპუნქტს, რომელსაც სანიტარი ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ საეკლესიო კრებამ ვერ გამოარჩია მკურნალთა საკმარისი რაოდენობა ეპისკოპოსებად ხელდასხმისათვის და დაადგინა სანიტარი - პრესვიტერები. სანიტარს კი ექიმს ვერ უწოდებდნენ, ანუ განუღმრთობელ ადამიანს ეპისკოპოსად ვერ აკურთხებდნენ, რადგან ამ ფაქტის დაშვებით ეკლესიის განმკურნებელი ღვაწლი შეწყდებოდა. დროდადრო ჩნდებოდნენ ისეთი ეპისკოპოსები და პრესვიტერები, რომლებიც განათლებულნიც (φωτισµένοι) არ იყვნენ. ამით იყო განპირობებული სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის შეშფოთება. ამას მოჰყვა იერარქიაში ისიხასტების (დაყუდებულთა) მოსვლა, განსაკუთრებით გრიგოლ პალამას ეპოქიდან.

       მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული კურნება მოციქულთა შემდგომ პერიოდში, ლათინთა გამოჩენამდე და რუსული და ახალბერძნული მართლმადიდებლობის ჩამოყალიბებამდე, შენარჩუნდა მონაზონთა წრეში. კურნება განათლებით და განღმრთობით საერო ეკლესიებშიც დამკვიდრდა. სამიტროპოლიტოები და საეპისკოპოსოები მონასტრებად გადაკეთდა. აი, რატომ იწოდებოდა კონსტანტინეპოლის აია სოფიას ტაძარი დიდ მონასტრად. მონაზვნობა გახდა თავისებური სამედიცინო სკოლა, სადაც მომავალი ეპისკოპოსები მოციქულებრივ კურნებას სწავლობდნენ. სამრევლო ეკლესია ბაძავდა მონასტერს, რადგან განათლება და განღმრთობა სჭირდება ყველა ადამიანს სულის საკურნებლად, დაბნელებული გონების განსაწმენდად. დოგმატური თვალსაზრისით სულის კურნებაში განსხვავება საერო და სამონასტრო ცხოვრებაში არ არსებობს. განსხვავება ისაა, თუ რამდენად წარმატებულად და ხარისხიანად არის აღსრულებული კურნება".

ამოსაბეჭდი ვერსია იხილეთ მეორე თავის, მესამე ნაწილში

 

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა

ნახვა: 1267

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMoexp: Guide to Getting Arcane Surge in Path of Exile 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 5:17am 0 კომენტარი

POE 2 Currency continues to build on the rich legacy of its predecessor, offering players a multitude of skills and strategies to explore. Among the many abilities available, Arcane Surge stands out as a crucial support skill for spellcasting classes. This article will guide you through the process of acquiring and utilizing Arcane Surge effectively to enhance your gameplay experience.

Arcane Surge is a powerful support skill…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters