ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები
თავი მეხუთე

როგორ ამოვიცნოთ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

      არსებითი კითხვა, რომელიც მოზრდილმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, არის შემდეგი: შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ტრავმა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა, უნებლიეთ მოსვლოდა? ისეთმა აშკარა ფიზიკურმა ნიშნებმა, როგორიცაა სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით - უნდა შეგვაშფოთოს და ვეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რა მოხდა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, შეესაბამება თუ არა ბავშვის განმარტებები დაზიანებების შინაარსს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არის თუ არა მონათხრობი სანდო და ასახავს თუ არა რეალურ მოვლენებს.

საფრთხის ნიშნებად შეიძლება მივიჩნიოთ:

  • სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები ბავშვის სხეულზე მიუთითებს, რომ ისინი მიღებულია სხვადასხვა დროს; ჩალურჯებების ფორმა ან ადგილი შეიძლება მიუთითებდეს, თუ როგორ იქნა მიღებული ტრავმა, რა საგანი იყო გამოყენებული (მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვები ვერ მოახერხებენ, თავისით მიიღონ ტრავმა საჯდომზე).
  • არ არსებობს არანაირი განმარტება, თუ როგორ წარმოიქმნა ტრავმა: "არ ვიცი, როგორ მოხდა ეს," - ამბობს ბავშვი;
  • განმარტებები ნაკლებად სარწმუნოა, არ შეესაბამება ტრავმის ბუნებას;
  • ბავშვს არ გაეწია საჭირო ან სათანადო დახმარება, ტრავმის მნიშვნელობა და შედეგები გაუფასურებულია.

ბავშვებმა, რომლებმაც ფიზიკური ძალადობა გადაიტანეს, იციან, რომ მათი გარემომცველი სამყარო არაპროგნოზირებადი და ძალიან სახიფათოა. მოზრდილები, რომლებიც მათზე ზრუნავენ, შეიძლება იყვნენ ავები, მოუთმენლები და გაღიზიანებულები, დეპრესიულები, მიუწვდომლები. ისინი შეიძლება ძალიან ადვილად, მოულოდნელად გადაიქცნენ სასტიკ ადამიანებად. ბავშვი, რომელიც მოძალადე მოზრდილთან ერთად ცხოვრობს, თავს უსარგებლოდ, ზედმეტად, "ცუდ ბავშვად" თვლის. სამყაროსა და საკუთარი თავის ამგვარი აღქმა, ცხადია, ბავშვის ქცევაზე აისახება.

ჩვენ ყურადღების გამოჩენა გვმართებს ბავშვის ქცევის შემდეგი გამოვლინებების მიმართ:

  • ბავშვი ფრთხება, როცა გვერდით ვინმე ტირის;
  • ბავშვი ფრთხება სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე, გვერდზე იწევს და თავზე ხელებს იფარებს;
  • ბავშვს აფრთხობს მოულოდნელი ხმები;
  • ბავშვი აგრესიულად იქცევა, გაღიზიანებული ან გაუცხოებულია;
  • ბავშვი ხაზგასმულად დამჯერე, მორჩილი და/ან პასიურია, არ ავლენს ინიციატივას;
  • ბავშვს ეშინია მშობლების, ეშინია სახლში წასვლის;
  • ბავშვს ამინდისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია (მაგალითად, ცხელ ამინდში გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი შეიძლება ჩალურჯებებს ფარავდეს).

როგორ ამოვიცნოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, მათ შორის ყველაზე პატარებიც, სინამდვილეში ვერ ხვდებიან, რა ხდება რეალურად, რცხვენიათ ამის შესახებ მოყოლა. ისინი შიშს, მარტოობას განიცდიან, თავს სხვებისაგან განსხვავებულად გრძნობენ, ზედმეტად მგრძნობიარენი არიან.

რადგან სექსუალური ძალადობა უშუალოდ არღვევს "სხეულის საზღვრებს", მისი შედეგებიც შეიძლება გამოჩნდეს "სხეულის ქცევაში". ზოგიერთი ბავშვი საკუთარ სხეულს განსაკუთრებულად მალავს და ნებისმიერ კონტაქტს გაურბის; ზოგი - პირიქით, საკუთარი სხეულის დემონსტრირებას ღიად ცდილობს და ყველას "სთავაზობს" საკუთარ სხეულს, სხეულის ნორმალურ საზღვრებს კარგავს, ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის სოციალურად მიღებული ნორმების ათვისება არ შეუძლია.

ყველა ქცევითი გამოვლინება საშინელი ტრავმის შესახებ "შეტყობინების" საშუალებაა.

მოზრდილებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ქცევაში საფრთხის ამ სიგნალებს და იზრუნონ მის პროფესიონალურ დახმარებაზე, თუ ბავშვი:

  • ხშირად ჰკიდებს ხელს თავის გენიტალიებს;
  • აგრესიულად, გაღიზიანებულად ან ძალიან სევდიანად თამაშობს მამაკაცის/ქალის როლებს;
  • თავის ან საპირისპირო სქესს ვერ იტანს;
  • თავისი სხეული არ უყვარს; ხშირად ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა ან ბინძურია;
  • დაჟინებით ინტერესდება სექსუალური ქმედებებით, მალულად ცდილობს შეეხოს სასქესო ორგანოებს, ინტიმურ ადგილებს; მოითხოვს, რომ სხვები მას შეეხონ. "სექსუალურად უცნაურად" იქცევა - "აცდუნებს" მოზრდილს;
  • ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს.
  • ასაკისათვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა აქვს; უცნობ ადამიანებს პირდაპირ უსვამს სხვადასხვა სექსუალური შინაარსის შეკითხვებს;
  • ჩაცმაზე უარს ამბობს. ტანზე მალულად იხდის. უარს ამბობს, მარტო დატოვოს ადამიანები სააბაზანოში/ტუალეტში;
  • სხვა ადამიანების თანდასწრებით გახდა (ექიმის, თანატოლების, ფიზკულტურის გაკვეთილზე და ა.შ.) ეშინია;
  • საჯაროდ, გამომწვევად ეწევა მასტურბაციას, ითრევს ამაში სხვა ბავშვებს;
  • სხვა ბავშვებთან, ცხოველებთან ან სათამაშოებთან სქესობრივი აქტის და/ან ორალური სექსის იმიტაციას ახდენს;
  • ეშინია გარკვეული სპეციფიკური ადგილების, როგორიცაა სააბაზანო ან საწოლი;
  • დარღვეულია ძილი - ეშინია დაძინება, სიზმარში კოშმარებს ხედავს, ძალიან მოუსვენრად ძინავს, ძილში წრიალებს, ტირის;
  • პასიურია, შებოჭილი. არ არის სპონტანური. მაგ., ფიზკულტურის გაკვეთილებზე ზის სწორად, გამართული, დაძაბული, ფეხებმიტყუპებული, მაშინ როცა სხვა ბავშვები სპონტანურად დარბიან, ყვირიან. უცნაურად მოძრაობს, თითქოს ცდილობს ფეხები ერთმანეთს არ დააშოროს;
  • განსაკუთრებულ მოუსვენრობას გრძნობს და აშკარად ეშინია, როცა სთხოვენ დაწვეს ზურგზე;
  • ეშინია, გაურბის შეხებას, განსაკუთრებით მოზრდილი ადამიანებისაგან, შეხებისას თითქოს ქვავდება. გადაადგილებისას მთელი ტანით მოჭიმულია, დაძაბული. კალთაში ჩაჯდომისას თავს უხერხულად გრძნობს; როცა ეძახიან, მოდის და ჯდება, თუმცა დაძაბულია.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური საკითხებისადმი ბავშვების ინტერესი არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ამგვარი ქცევის შეფასებისას, ისე ბავშვთან ამ საკითხზე საუბრისას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთაგან ყველას როდი ახასიათებს ყველა მოცემული ნიშანი; ზოგიერთი ბავშვს ქცევის ჩამოთვლილი ნიშნებიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შეიძლება შევამჩნიოთ. ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა სექსუალური ძალადობის შესახებ.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?

ემოციური ძალადობა ძალადობის ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ფორმაა, რადგან ის სხეულზე ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. მისი უარყოფითი შედეგები შეიძლება მხოლოდ ბავშვის ქცევასა და ემოციურ რეაქციებში გამოვლინდეს, ხშირად – ბავშვის განვითარების შემდგომ პერიოდში.

ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ტიპობრივი ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:

  • მეტყველების დარღვევა - ბავშვს ენა ებორკება, ძნელად ლაპარაკობს;
  • ფსიქოსომატური ჩივილები - თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა.
  • შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • ბავშვის დესტრუქციული და ავტოდესტრუქციული ქცევა;
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ძალზე დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისაკენ მიდრეკილება;
  • მოზრდილზე ზედმეტად დამოკიდებულება;
  • პასიურობა, ინიციატივის არქონა;
  • ბავშვი ხშირად იტყუება;
  • ბავშვი ასაკისათვის შეუფერებლად "დიდია" ან პირიქით, ინფანტილურია.

აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვი ემოციურ ძალადობას მშობლისგან განიცდის, მისი ამოცნობა მშობლებზე დაკვირვებითაც შეიძლება. მშობლები, რომლებიც ემოციურად ძალადობენ ბავშვზე, პრობლემას უარყოფენ, ყველაფერში ბავშვს ადანაშაულებენ, შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობენ, ბავშვის მიღწევებით არ ინტერესდებიან. მათ ბავშვის კეთილდღეობა არ აწუხებთ.

როგორ ამოვიცნოთ უგულებელყოფილი ბავშვი?

ქცევითი და ფიზიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უგულებელყოფაზე:

  • ბავშვი ფიზიკურად სუსტად განვითარებულია - დაბალია, ცოტას იწონის, სუსტია.
  • ბავშვის მოუწესრიგებელი გარეგნული იერსახე - უსუფთაო სახე და სხეული, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, აუცილებელი მოხმარების საგნები არ აქვს;
  • კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები;
  • ბავშვი დაღლილი და აპათიურია, ყურადღების კონცენტრირება უძნელდება, ეძინება;
  • ბავშვი მუდმივად მშიერია;
  • ბავშვი ბაღში/სკოლაში არარეგულარულად დადის, დროულად არ მოჰყავთ ან არ მიჰყავთ, ბაღიდან წამოყვანა ავიწყდებათ;
  • მოზრდილები, რომლებსაც ბავშვი მიჰყავთ, ხშირად იცვლებიან, ბავშვი მოჰყავთ და მიჰყავთ არაფხიზელ, არააკურატულ, მისთვის უცნობ ან მხოლოდ გარეგნულად ნაცნობ ადამიანებს;
  • ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან ქურდობებში;
  • ბავშვს არა აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები.

უგულებელყოფის შეფასებისას აუცილებელი ყურადღება მივაქციოთ ოჯახის ცხოვრების რეალურ პირობებს - შეიძლება ოჯახის მეზობლად სახიფათო გარემოა და ამიტომაც ბავშვებს არ უშვებენ ქუჩაში, ზოგჯერ სამუშაო პირობების გამო მშობლები იძულებულნი არიან ბავშვები მარტო დატოვონ სახლში და ა.შ.

ავტორი: ე. თავართქილაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Асанова, Н. К. (1997). Руководство по предотвращению насилия над детьми. Гуманитарный издательский центр ”Владос”
  2. Козлова, Г.Л., Мирейчик Л.Н., Пряхина М.В. (2003). Насилие над детьми. Его виды и возможности предупреждения. Минск
  3. Кузьмина, З.Г. (2010). Справочник по выявлению и оказанию помощи несовершеннолетним, пострадавшим от жестокого обращения и пренебрежения их нуждами - СПб: ©«Право на здоровье», ”Врачи детям”
  4. Ertem, I.O., Leventhal, J.M., Dobbs S. (2001) Intergenerational continuity of child physical abuse: how good is the evidence? Lancet
  5. Finkelhor D. A (1986). Sourcebook on child sexual abuse..London, Sage
  6. Green A. H. (1995). Children Traumatized by Physical Abuse. — American Psychiatric Association

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია, ძალადობა

ნახვა: 444

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters