კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 16
ნაწილი III
ინტერვიუს მეთოდოლოგიის ფარგლებში ერთ-ერთი ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებით მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ჯგუფური ინტერვიუა. უატსი და ებატი (Watts and Ebbutt 1987), მაგალითად, ჯგუფური ინტერვიუს, როგორც განათლების სფეროში მონაცემების შეგროვების საშუალების, უპირატესობებსა და ნაკლოვან მხარეებს განიხილავენ. მათ მიერ დასახელებულ უპირატესობათა რიცხვში შედის დისკუსიის წამოწყების შესაძლებლობა და ამით ფართო დიაპაზონის მონაცემთა მოპოვება. ისინი მიუთითებენ, რომ „ასეთი ინტერვიუ სასარგებლოა . . . როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკვეული დროის მანძილზე ან საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობს, ანდა მაშინ, როცა ჯგუფში მნიშვნელოვანია, იცოდნენ, თუ რას ამბობენ ჯგუფის დანარჩენი წევრები“ (Watts and Ebbutt 1987). ჯგუფურ ინტერვიუს გაცილებით მეტი ინფორმაციის მოცემა შეუძლია, ვიდრე - ინდივიდუალურს. ბოგდანი და ბიკლენი (1992: 100) ამატებენ, რომ ჯგუფური ინტერვიუები შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ იდეების მოსაძიებლად, რომელზეც შემდგომში ინდივიდუალური ინტერვიუები ჩატარდება. მათ პრაქტიკული და ორგანიზაციული უპირატესობებიც აქვთ. დასახული მიზნისთვის მასწავლებლებს, მინიმალური ძალისხმევით, უკვე არსებული ჯგუფების გამოყენება შეუძლიათ. ჯგუფური ინტერვიუები ხშირად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე - ინდივიდუალური და ამიტომ დროც იზოგება. ასევე, მათ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანების ან სხვადასხვა კოლექტივის წარმომადგენელთა შეკრება შეუძლიათ.
არკსისა და ნაიტის (Arskey and Knight 1999: 76) აზრით, ერთზე მეტი ინტერვიუერის ყოლა ორი სახის პროცესს უკავშირდება - ჯვარედინ გადამოწმებასა და ერთმანეთის ნათქვამების შევსებას, რაც უფრო სრულ და სანდო ჩანაწერს მოგვცემს. იმის ნახვა და გამოვლენაც შესაძლებელია, თუ როგორ უდგანან მონაწილეები ერთმანეთს მხარში, ზემოქმედებენ, ავსებენ, ეთანხმებიან და არ ეთანხმებიან ერთმანეთს და რა ურთიერთობები აქვთ. მეორე მხრივ, ერთი რესპოდენტი შეიძლება მეორეზე (სხვებზე) დომინანტური იყოს (განსკუთრებით მაშინ, თუ ერთი რესპოდენტი მამაკაცია და მეორე - ქალი: Arskey and Knight 1999: 76). გარდა ამისა, არკსი და ნაიტი მიიჩნევენ, რომ ინტერვიუს პროცესში შეიძლება ანტაგონიზმმა იჩინოს თავი, ადამიანები შეიძლება გაჩუმდნენ სხვების თანდასწრებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სხვები მათი კოლეგები არიან ან თემაა სენსიტიური. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ გულწრფელი, პირადი პასუხების გაცემის ნაცვლად, რესპოდენტებს შეიძლება უფრო ფორმალური, „საზოგადოებისთვის ღია ხაზით“ კომუნიკაცია შევთავაზოთ და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მონაწილეები წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული ინფორმაციის გაუცემლობაზე. უატსი და ებატი (1987) აღნიშნავენ, რომ ჯგუფური ინტერვიუ ნაკლებად სასარგებლოა პიროვნულ თემებზე საუბრისას ან ისეთ ვითარებაში, სადაც მკვლევარს ჯგუფის მხოლოდ ერთ კონკრეტულ წევრთან აქვს შემდგომი დამაზუსტებელი კითხვები. როგორც ისინი ამბობენ, „ჯგუფის დინამიკა ვერ მოგვცემს ასეთ მონაცემებს“ (Watts and Ebbutt 1987). ჯგუფურმა ინტერვიუმ შეიძლება „ჯგუფური აზროვნება“ გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, ჯგუფის სხვა წევრების თანდასწრებით საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავი შეაკავებინოს განსხვავებული აზრის მქონე ინდივიდებს. ლიუსი (Lewis 1992) ჯგუფური ინტერვიუს პასუხების კოდირების პრობლემასაც ეხება. ამ თემის უფრო დაწვრილებით განხილვისა და მასში ჩართული პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგი ნაშრომები: Simons (1982), Hედგეს (1985), Watts and Ebbutt (1987), Breakwell (1990), Spencer and Flin (1990), Lewis (1992) და Arskey and Knight (1999).
ჯგუფური ინტერვიუს რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი, მაგალითად:
კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯგუფური ინტერვიუს დროს ანალიზის ერთეული მთელი ჯგუფის მოსაზრებაა და არა - ცალკეული წევრების. გვაინტერესებს კოლექტიური ჯგუფური პასუხი მაშინაც კი, თუ მთელი რიგი პასუხებისა განსხვავებულია. ამით მიიღწევა ის, რომ ჯგუფის არც ერთი წევრი არ არის უსამართლოდ მარგინალიზებული, დადანაშაულებული ან განდევნილი განსხვევბული აზრის გამო.
ჯგუფური ინტერვიუ მაშინაც გამოსადეგია, როდესაც ბავშვებთან გვიწევს მუშაობა; ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების სამყარო მათივე თვალით დავინახოთ და არა - მოზრდილის თვალით. ბავშვები განსხვვადებიან მოზრდილებისგან კოგნიტური და მეტყველების განვითარებით, ყურადღებითა და კონცენტრაციის თავისებურებებით, გახსენების უნარით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, იმით, თუ რას აღიქვამენ მნიშვნელოვნად, სტატუსითა და უფლებებით (Arskey and Knight 1999: 116), - ეს ყველაფერი ზემოქმედებს ინტერვიუზე. არკსი და ნაიტი (1999: 116 – 18) მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანია: ბავშვების ნდობის მოპოვება, რათა სწრაფად იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად; მწვავედ რეაგირებისგან თავის შეკავება (მაგალითად, თუ ბავშვს ყურადღება გაეფანტა); ინტერვიუსთვის უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობის სახის მიცემა; მარტივი და ბავშვის ენის გამოყენება; მისი ასაკისთვის შესაფერისი კითხვების დასმა; „აქ და ამჟამად“ კონტექსტის შენარჩუნება; ძალიან პატარებთან (მაგალითად, 5 წელზე პატარებთან) „რატომ“, „როდის“ და „როგორ“ კითხვებისგან თავის შეკავება; დარწმუნება იმაში, რომ ბავშვებს (ხშირად უფროსი ასაკის ბავშვებს) ესმით აბსტრაქტული კითხვები; მოსაფიქრებელი დროის მიცემა და ინტერვიუს დროს მეთოდებისა და აქტივობების (მაგალითად, ხატვა, თამაში, წერა, ლაპარაკი, თამაშები, ნახატების, გაზეთების, სათამაშოების ან ფოტოსურათების გამოყენება) კომბინირება.
ბავშვებთან ჯგუფური ინტერვიუ იმიტომ შეიძლება იყოს სასარგებლო, რომ ჯგუფურ ურთიერთქმდებას უწყობს ხელს და არ მოითხოვს უბრალოდ უფროსის კითხვებზე პასუხების გაცემას. ჯგუფური ინტერვიუ ბავშვისთვის შეიძლება ნაკლებად შემაშინებელი იყოს, ვიდრე - ინდივიდუალური. ედერისა და ფინგერსონის (Eder and Fingerson 2003: 34) აზრით, ბავშვების ინტერვიუირებისას მნიშვნელოვნად მოქმედებს უფლებებისა და სტატუსის დინამიკა. მათ ცოტა რამ თუ აქვთ მოზრდილებთან საერთო.
მეიოლი (Mayall 1999) გვთავაზობს, რომ ბავშვები „უმცირესობა ჯგუფად“ განვიხილოთ, იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლება და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. თუ ეს ასეა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ხმის უფლება და ინტერვიუს გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ჯგუფური ინტერვიუ ისეთი გარემოა, რომელიც შეძლებისდაგვარად ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ ვითარებაში ტარდება. ედერი და ფინგერსონი (2003: 45) აღნიშნავენ ბავშვების ჯგუფში მაღალი სტატუსის მქონე ბავშვის ინტერვიუერად გამოყენების წარმატებულ შემთხვევებს.
ბავშვების ჯგუფური ინტერვიუირება მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთი გამოიწვიონ და ისე ჩაერთონ ინტერვიუში, როგორც პირისპირ (უფროსი - ბავშვი ინტერვიუს შემთხვევაში) ვერ შეძლებდნენ და ილაპარაკონ ბუნებრივად, როგორც ერთმანეთს ელაპარაკებიან ხოლმე. მაგალითად, ლუისმა (1992) აღმოაჩინა, რომ ჯგუფური ინტერვიუს შემთხვევაში 10 წლის ბავშვები უკეთ იგებდნენ, რა პრობლემები ჰქონდათ სწავლაში და რა უჭირდათ ყველაზე მეტად. ეს მიიღწეოდა იმით, რომ კამათობდნენ და განიხილავდნენ ერთმანეთის იდეებს და ერთმანეთს განსახილველად ახალ მოსაზრებებს სთავაზობდნენ. გარდა ამისა, თუ ინტერვიუ უფრო რუტინული, ყოველდღიური აქტივობის შემადგენელი ნაწილია, ის ნაკლებად ხელოვნური ხდება, რადგან შეიძლება თამაშს (მაგალითად, თოჯინებისა და სურათების გამოყენებით) დაემსგავსოს. მაგალითად, „აჩვენე და თქვი“ თამაშის ან ჯგუფური დისკუსიის ნაწილი შეიძლება იყოს. მთავარია, ინტერვიუ რაც შეიძლება არაფორმალური გახდეს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ უკეთესია ფორმალურ ჩარჩოებში მოქცეული სესია, რათა ბავშვებს სიტუაციის მნიშვნელოვნების განცდა ჰქონდეთ და დადებითად განეწყონ. ერთნაირად ღირებულია არაფორმალური და ფორმალური ინტერვიუ, თუმცა პირველი უფრო პატარებთან არის რეკომენდებული, მეორე - უფროსი ასაკის ბავშვებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ინტერვიუ ბევრი ბავშვისთვის შეიძლება ძალიან სასურველი იყოს, ინდივიდუალური ინტერვიუც არანაკლებ ღირებულია. მაგალითად, ედერი და ფინგერსონი (2003: 43 – 4) ინდივიდუალური ინტერვიუს მნიშვნელობას და ღირებულებას მოზარდებთან მიმართებაში განიხილავენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სენსიტიურ თემებს შეეხება, მაგალითად, ურთიერთობებს, ოჯახს, სხეულთან დაკავშირებულ საკითხებს, სექსუალობას და სიყვარულს. ისინი განიხილავენ მაგალითებს, რომლებშიც განსხვავებული შედეგები მიიღეს ერთი და იგივე თემაზე ერთსა და იმავე ინდივიდებთან ჩატარებულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ინტერვიუებში. ინდივიდები უფრო ღირებულად პირისპირ საუბარს მიიჩნევდნენ.
ბავშვებთან ინტერვიუში, ერთი ტიპის პასუხების თავიდან ასაცილებლად, ჯობია ღია კითხვები გამოვიყენოთ. მეორე სტრატეგიაა პროექციის ტექნიკის გამოყენება, როდესაც პირდაპირი კითხვების დასმის ნაცვლად, ინტერვიუერს შეუძლია ბავშვებს სურათი ან სურათების ნაკრები აჩვენოს და შემდეგ პასუხების გაცემა სთხოვოს. ნაჩვენებ სურათზე ბავშვმა შეიძლება ჯერ მასზე გამოსახული პერსონაჟის რასობრივ კუთვნილებას მიაქციოს ყურადღება და შემდეგ მის სქესს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისთვის რასა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - სქესი. ამით თავს ვარიდებთ პირდაპირ კითხვას და შეიძლება შევამციროთ მიკერძოებული პასუხის ალბათობა, რაც იმით იქნებოდა გამოწვეული, რომ რესპოდენტი კითხვაში დაიწყებდა ინტერვიუერისთვის სასურველი პასუხის მინიშნებების ძიებას. პროექციის სხვა ტექნიკებია თოჯინების ან მარიონეტების, ფოტოსურათების ან კონკრეტული სცენების გამოყენება, რომელზეც რესპოდენტი კომენტარებს გააკეთებს (მაგალითად, რა ხდება? რა უნდა გვექნა?) და ტექნიკა „აბა, გამოიცანი ვინ“ (Wragg 2002: 157) (რომელსაც ადამიანები კონკრეტულ აღწერილობას არგებენ).
თუმცა, საიმონსი (1992), ლუისი (1992), ბეილი (1994: 447 - 9) და ბრიქუელი (2000: 245 – 6) ბავშვების ინტრვიუირების სირთულეებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრობენ:
ცხადია, რომ ეს პრობლემები მარტო ბავშვებს არ ეხება. ისინი უფროსების ჯგუფური ინტერვიუს შემთხვევაშიც მართებულია. ჯგუფური ინტერვიუ მართვას და ოთახის ისე მოწყობას მოითხოვს, რომ ყველა ყველას ხედავდეს. ჯგუფის ზომა ასევე მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მცირე ჯგუფის შემთხვევაში, ინტერვიუს მთელი ტვირთი ცალკეულ ინდივიდებზე გადადის, ძალიან დიდი ჯგუფი კი ნაწევრდება და ფოკუსი იკარგება. ლუისი (1992) მიუთითებს, რომ ექვსი-შვიდი მონაწილე ოპტიმალური ზომაა, თუმცა, უმცროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ჯგუფი უფრო მცირე შეიძლება იყოს. ინტერვიუს ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წუთს და სასარგებლო იქნება ყურადღების გამფანტავი გამღიზიანებლების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მნიშვნელოვანია მარტივი სამეტყველო ენა, ყოველგვარი ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გარეშე (მაგალითად, მეტაფორებისთვის თავის არიდება).
დღეს განათლების სფეროს კვლევაში ნელ-ნელა იზრდება ფოკუს ჯგუფების, როგორც ჯგუფური ინტერვიუს, ერთ-ერთი ფორმის გამოყენებაც, თუმცა არც ისე ინტენსიურად, როგორც მაგალითად, ბიზნესისა და პოლიტიკურ წრეებში. ფოკუს ჯგუფები ჯგუფური ინტერვიუს ფორმაა, თუმცა, არა ინტერვიუერსა და ჯგუფს შორის გამართული კითხვა-პასუხის თვალსაზრისით, არამედ - ჯგუფურ ურთიერთქმედების, რომელიც მკვლევარის მიერ შეთავაზებულ თემას განიხილავს (Morgan 1988: 9) და ინდივიდუალურ მოსაზრებას კი არ გვაძლევს, არამედ - კოლექტიურს. მაშასადამე, მონაწილეები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ და არა - ინტერვიუერთან. მათ შეუძლიათ მოსაზრებების გამოთქმა და ძირითადად თავიანთი განრიგით (არა მკვლევრის) მუშაობა. სწორედ ჯგუფის ურთიერთქმედების (ინტერაქციის) შედეგად გროვდება მონაცემები. ფოკუს ჯგუფი ხელოვნური, შექმნილი გარემოა, სადაც კონკრეტული თემის ან საკითხის განსახილველად სპეციალურად არჩეული სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და ჯგუფური ურთიერთქმედება მონაცემებსა და შედეგებს იძლევა. ეს ხელოვნურობა ფოკუს ჯგუფის სიძლიერეცაა და სისუსტეც: მიუხედავად იმისა, რომ არაბუნებრივი გარემოა, ძალზე ფოკუსირებულია კონკრეტულ საკითხზე და ამიტომ ისეთ მიგნებებს იძლევა, როგორსაც პირდაპირი ინტერვიუთი ალბათ ვერ მივიღებდით. ფოკუს ჯგუფი ეკონომიურია დროის თვალსაზრისით - დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით მონაცემები გროვდება, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ინფორმაცია მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე რაოდენობის ადამიანებთან ინდივიდუალური ინტერვიუების ჩატარების შემთხვევაში მიღებული (Morgan 1988: 19).
ფოკუს ჯგუფები (Krueger 1988; Morgan 1988; Bailey 1994: 192 – 3; Robson 2002: 284 – 5) გამოდგება შემდეგი მიზნებისათვის:
ფოკუსი ჯგუფები შეიძლება სასარგებლო იყოს ინტერვიუს, კითხვარის, დაკვირვებისა და ა. შ. უფრო ტრადიციულ ფორმებთან ტრიანგულაციისათვის (გაერთიანებისათვის). ფოკუს ჯგუფების ჩატარებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი:
ბავშვებთან ზემოთ განხილული ჯგუფური ინტერვიუსგან განსხვავებით, ფოკუს ჯგუფები უფრო წარმატებით მუშაობს, თუ ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს, ვიდრე მაშინ, როცა ჯგუფი მეგობრებისგან შედგება; ცხადია, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც მეგობრობა ჯგუფის დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხია (მაგალითად, როდესაც ჯგუფში მეგობრებისთვის ჩვეული სასაუბრო თემა განიხილება).
ცხადია, ფოკუს ჯგუფებსაც აქვს თავისი ნაკლი. მაგალითად, ისინი, ძირითადად, არ იძლევიან რიცხობრივ, დათვლად ან განზოგადებად მონაცემებს; შეიძლება რთული იყოს ფოკუს ჯგუფით მოპოვებული მონაცემების ლაკონური ანალიზი; მცირეა მონაწილეთა რაოდენობა; უფრო ნაკლებ ინფორმაციას იძლევიან, ვიდრე გამოკითხვები; ჯგუფური დინამიკის შედეგად ზოგი მონაწილე შეძლება გაირიყოს, ზოგი კი - დომინირებდეს დისკუსიაში (მაგალითად, სტატუსებში განსხვავებამ შეიძლება გავლენა იქონიოს); შეიძლება შეზღუდული იყოს განხილული თემების რაოდენობა; შესაძლებელია შიდა ჯგუფური უთანხმოებისა და კონფლიქტების წარმოქმნაც კი; უთქმელ წევრებს შეიძლება ხმის უფლება წაერთვათ; მონაცემები, საერთო ჯამში, შეიძლება ნაკლებად სანდო იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს, ფოკუს ჯგუფები, როგორც ჯგუფური ინტერვიუს ცალკეული სახე, ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული საგანმანათლებლო წრეში ისე, როგორც სხვა სფეროებში. ფოკუს ჯგუფები მკვლევრის მხრიდან ოსტატურ ფასილიტაციასა და მართვას საჭიროებენ.
არადირექტიული ინტერვიუ ფსიქიატრიული და თერაპიული პრაქტიკიდან მოდის და ისეთ სიტუაციაში ტარდება , რომელშიც თავად რესპოდენტები არიან შეხვედრის ინიციატორები, ისინი განსაზღვავენ ურთიერთქმედების მიმართულებასა და დამოკიდებულებებს. ასეთი სიტუაცია სტრუქტურირებული ინტერვიუს სრულიად საპირისპიროა, სადაც, როგორც უკვე ვნახეთ, ინტერვიუერის დომინანტური როლი „ვალდებულებების ასიმეტრიულობაში იჩენს თავს“ (Kitwood 1977). დადგენილია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნიკაა, ვინაიდან რესპოდენტის უფრო სიღრმისეულ დამოკიდებულებებამდე და აღქმებამდე აღწევს და თან თავისუფალია ინტერვიუერის მიკერძოებულობისგან. ამ თავში მოკლედ განვიხილავთ თერაპიული ინტერვიუს მახასიათებლებს და შემდეგ სოციალური და განათლების მეცნიერებებში მისი, როგორც კვლევის ინსტრუმენტის, სარგებლიანობაზე ვისაუბრებთ.
დღეს მიიჩნევენ, რომ არადირექტიული ინტერვიუ ფროიდის ნოვატორული შრომებიდან და მისი წინამორბედი ანალიტიკოსებიდან მოდის. ფროიდის ბაზისური აღმოჩენა იყო, რომ თუ თერაპევტი გარკვეულ პირობებს შექმნის და პაციენტებს თავიანთი პრობლემების შესახებ კონკრეტული ფორმით საუბრის საშუალებას მისცემს, ქცევა შეიძლება სხვადასხვაგვარად შეიცვლოს. შექმნილი ტექნიკა პაციენტებისგან უკიდურესად პირადი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა ისე, რომ გაზრდილიყო მათი თვითცნობიერება და გაუმჯობესებულიყო თვითანალიზის უნარი. ასე ისინი უკეთ შეძლებდნენენ საკუთარი თავისთვის დახმარებას. როგორც მაჯი (Madge 1965) შენიშნავს, ამ ტექნიკებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ინტერვიუირების თანამედროვე ტექნიკებზე, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც უფრო ღრმად ჩადიან პიროვნების სამყაროში და ნაკლებ რაოდენობრივია.
დღეისათვის თერაპიული ინტერვიუს ყველაზე გამორჩეული დამცველი კარლ როჯერსია. მან განსხვავებულ ვითარებებში გადაამოწმა თერაპიული ინტერვიუს ეფექტურობა. საკუთარი კლინიკური კვლევების ანალიზზე დაყრდნობით, მან გამოყო თერაპიული პროცესისთვის დამახასიათებელი ეტაპები, რომელთაგანაც პირველია კლიენტის გადაწყვეტილება, დახმარებისთვის სხვას მიმართოს. კლიენტს ხვდება კონსულტანტი, რომელიც მეგობრული და ღია, მაგრამ არა - დიდაქტიკურია. შემდეგი ეტაპი იწყება მაშინ, როცა კლიენტი საკუთარი მტრული, კრიტიკული და დესტრუქციული გრძნობების გამოხატვას იწყებს. კონსულტანტი ამას იღებს, აღიარებს და აზუსტებს. შემდგომში ეს ანტაგონისტური იმპულსები, გამონაკლისების გარეშე, იხარჯება და ადგილს უთმობს პოზიტიური გრძნობების პირველ გამოხატულებას. კონსულტანტი ანალოგიურად იღებს მათ მანამ, სანამ უეცარი და სპონტანური „ინსაიტი და თვითწვდომა არ დაეუფლება“ (Rogers 1942) კლიენტს. ინსაიტთან ერთად მოდის ქცევის შესაძლო მიმართულებების ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების იმპულსი. პრაქტიკული ტერმინებით რომ ვთქვთ, კლიენტი კონსულტანტზე დამოკიდებულებისგან ითავისუფლებს თავს.
როჯერსი (1945) ასახელებს ინტერვიუერის რამდენიმე თვისებას, რომელსაც ის არსებითად მიიჩნევს: ინტერვიუერი თავის საქმიანობას მიმღებლობასა და ნებადართულობაზე აგებს; ის აღიარებს, რომ თავად კლიენტია პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც ის იმყოფება; ინტერვიუერი საშუალებას აძლევს კლიენტებს, რომ მათ თავისებურად და თავისი სიტყვებით ახსნან პრობლემა; ინტერვიუერი არაფერს აკეთებს ისეთს, რაც კლიენტის დაცვის მექანიზმებს აამუშავებდა.
ასეთია თერაპიულ გარემოში არადირექტიული ინტერვიუს ძირითადი მახასიათებლები. მაგრამ, რა სარგებელი აქვს მას, როგორც უბრალოდ კვლევის ტექნიკას სოციალურ და განათლების სფეროში? თერაპიული ინტერვიუ ხასიათდება მთელი რიგი ნიშნებით, რომლებიც შეიძლება სრულიად არაადეკვატური იყოს სხვა გარემოში: მაგალითად, როგორც ვნახეთ, ინტერვიუს ინიციატორი რესპოდენტია, რომელსაც გარკვეული სიმპტომისგან თავის დაღწევა სურს; ინტერვიუერი, ძირითადად, დახმარების წყაროა და არა - ინფორმაციის შემქმნელი; კონკრეტული ინტერვიუ თერპიული გამოცდილების ნაწილია; ინტერვიუს მიზანი პიროვნების ქცევისა და შინაგანი ცხოვრების შეცვლაა და მისი წარმატებულობა ამით განისაზღვრება; განსახილველი თემების თვალსაზრისით, არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.
მკვლევარს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს და რაც თერაპიულ კონტექსტში უპირატესობად ითვლება, იმავე ტექნიკის კვლევის მიზნებისთვის გამოყენებისას შეიძლება დაბრკოლებად იქცეს მაშინაც კი, თუ მკვლევარი დადებითადაა განწყობილი არადირექტიული ინტერვიუს მიმართ. როგორც მაჯი (1965) წერს, იზრდება მათი რიცხვი, ვისაც
სურს, რომ არადირექტიულ ტექნიკაში მაღალი ხარისხიც შეინარჩუნოს და ეკონომიური და საკმაოდ ზუსტი მეთოდი შექმნას. ეს იმიტომ, რომ ჰქონდეს გარკვეული შედეგი და არა უბრალოდ განკურნებული სულების რაზმი.
(Madge 1965)
ამის ერთ-ერთი მცდელობა შეგვიძლია მოვიძიოთ მერტონისა და კენდელის (1946) პროგრამაში, სადაც მათ ფოკუსირებული ინტერვიუ შექმნეს. ამ ტექნიკაში, არადირექტიულობის პრინციპის დაცვის ფონზე, ინტერვიური მეტად აკონტროლებს დასმული კითხვების სახეებს და დისკუსიის შემოფარგვლას რესპოდენტის გამოცდილების გარკვეული ასპექტებით ცდილობს.
ფოკუსირებული ინტერვიუ რამდენიმე ასპექტით განსხვავდება კვლევითი ინტერვიუს სხვა ტიპებისგან, რომელთა შორისაც მერტონი და კენდელი (1946) შემდეგს ასახელებენ:
აქედან ნათელი ხდება, რომ ფოკუსირებული ინტერვიუს განმასხვავებელი ნიშანი მკვლევრის მიერ იმ სიტუაციის წინასწარი ანალიზია, რომელშიც სუბიექტები უკვე იმყოფებოდნენ. მერტონი და კენდელი ამ პროცედურის უპირატესობებს დამაჯერებლად აყალიბებენ:
სიტუაციის წინასწარი ცოდნა აშკარად ამცირებს მკვლევრის წინაშე მდგარ ამოცანას, ვინაიდან ინტერვიუს მსვლელობისას არ დგას სიტუაციის ობიექტური ბუნების დადგენის საჭიროება. წინასწარი კონტენტ ანალიზით აღჭურვილ მკვლევარს სწრაფად შეუძლია შემთხვევის შესახებ ობიექტური ფაქტებისა და სიტუაციის სუბიექტური განსაზღვრებების ერთმანეთისგან გარჩევა. ამგვარად, ის მომზადებულია „სელექციური პასუხებისთვის“. როდესაც ობიექტური სიტუაციის ცოდნით აღჭურვილ ინტერვიუერს შეუძლია სიმბოლური ან ფუნქციური დუმილის, „დამახინჯებების“, თავის არიდებების ან ბლოკირების ამოცნობა, ის უფრო მომზადებულია არის ყოველივე ამის მნიშვნელობების გამოსაკვლევად.
(Merton and Kendel 1946)
იმის მოსაპოვებლად, რასაც მერტონი და კენდელი (1946) „მნიშვნელოვან მონაცემებს“ უწოდებენ, ინტერვიუერებმა მიმდინარე ინტერვიუს უწყვეტი შეფასების უნარები უნდა განივითარონ. ამისათვის მათ დაადგინეს კრიტერიუმები, რომლითაც პროდუქტული და არაპროდუქტული ინტერვიუს ერთმანეთისგან განსხვავება შეიძლება. ამ კრიტერიუმების მოკლე ჩამონათვალი ქვემოთ არის წარმოდგენილი:
უკვე დიდი ხანია, რაც სატელეფონო ინტერვიუ მონაცემების შეგროვების მნიშვნელოვან მეთოდად აღიარეს და ეს გამოკითხვებში გავრცელებული პრაქტიკაა; თუმცა, როგორც არკსი და ნაიტი (1999: 79) განმარტავენ, სატელეფონო ინტერვიუ არ აღიქმება ინტერვიუდ, ვინაიდან ორივე მხარე მოკლებულია კომუნიკაციის რამდენიმე არხს და პოზიტიური ურთიერთობის (მაგალითად, არავერბალურის) დამყარების შესაძლებლობას. ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. დიკერი და ჯილბერტი (Dicker and Gillbert 1988), ნიასი (Nias 1991), ოპენჰეიმი (1992), ბორგი და გალი (1996), შაჰნესი და მისი კოლეგები (Shaughnessy et al. 2003) და შაი (Shuy 2003) სატელეფონო ინტერვიუს რამდენიმე მიმზიდველ მხარეზე მიუთითებენ:
ცხადია, ეს საკითხი არც ისე მარტივია, როგორც ამტკიცებენ, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც სატელეფონო ინტერვიუს უკავშირდება, მაგალითად (ასევე, იხილეთ თავი 6);
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, საიკსი და ჰოინვილი (Sykes and Hoinville 1985) და, ასევე, ბორგი და გალი (1996) მიიჩნევენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ თითქმის იმავე პროპორციით წვდება ბევრ სამიზნე პოპულაციას, როგორითაც „სტანდარტული“ ინტერვიუ, ანუ, პასუხების დაახლოებით იმდენივე წილს იღებს და „სტანდარტული“ ინტერვიუს მონაცემებთან შედარებად (თანაზომიერ) ინფორმაციას იძლევა. ეს ხშირად მხოლოდ მისი ხარჯის ნაწილის ფასად ხდება. პასუხების მიღების მაჩვენებელის საკითხი შემდეგ ავტორებთანაა განხილული: Weisberg et al. (1996: 122) და Shuy (2003: 181), რომლებიც ამბობენ, რომ სატელეფონო ინტერვიუებს ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ.
ჰარვის (1988), ოპენჰეიმისა (1992) და მილერის (1995) აზრით: პირველი - ზედმიწევნით უნდა დაიგეგმოს სატელეფონო ინტერვიუს დრო და ხანგრძლიობა (ჩვეულებრივ, ის უფრო მოკლე და სწრაფია, ვიდრე პირისპირ ინტერვიუ); ინტერვიუს დროის შესათანხმებლად შეიძლება საჭირო იყოს რესპოდენტთან წინასწარ დარეკვა. მეორე - ინტერვიუერს მომზადებული უნდა ჰქონდეს ზუსტი მინიშნებები და ჩაძიებები, ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის დახურული და ნაკლებად კომპლექსური კითხვები იმ შემთხვევისთვის, თუ რესპონდენტი დადუმდება. მესამე - თუ მისი შესაძლებლობები გაცნობიერებულია, მაშინ ინტერვიუსთვის მომზადება სჭირდება ორივეს - ინტერვიუერსაც და რესპონდენტსაც. მეოთხე - შერჩევა დეტალურადაა გასააზრებელი და მოსაფიქრებელი, მაგალითად, შემთხვევითი რიცხვები იქნება გამოყენებული თუ რაიმე ფორმის სტრატიფიცირებული შერჩევა. თუმცა, ზოგადად, „სტანდარტულ“ ინტერვიუსთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ზუსტად ისევე ეხება სატელეფონო ინტერვიუს (ასევე, იხილეთ თავი 4).
ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში სატელეფონო ინტერვიუზე ბევრად უფრო მოხერხებული შეიძლება პირისპირ ინტერვიუ იყოს (Weisberg et al. 1996: 122; Shuy 2003: 179 – 82):
სატელეფონო ინტერვიუების შემთხვევაში ხშირია გარე მომსახურების გამოყენებაც, რასაც თავისი უპირატესობებიც აქვს და ნაკლიც. ერთი მხრივ, ამით მკვლევარი თავისუფლდება დამატებითი დატვირთვისგან არა მარტო გამონთავისუფლებული დროის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ 15 წუთიანი სატელეფონო ინტერვიუ შეიძლება უფრო დამღლელი იყოს, ვიდრე იმავე ხანგრძლიობის პირისპირ ინტერვიუ, სადაც უფრო მეტი სოციალური და არავერბალური ურთიერთქმედებაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, გარე მომსახურებით განხორციელებულ სატელეფონო კვლევაში უზრუნველყოფილია ინტერვიუს პროცესის, კითხვების შინაარსისა და პასუხების შეტანის სტანდარტიზაცია; ასევე, შემოწმებულია, რომ ინტერვიუები ნამდვილად ჩატარდა და პასუხები არ არის გაყალბებული.
სატელეფონო ინტერვიუს ჩატარებისას მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხებისთვის ყურადღების მიქცევა და განხილვა:
სატელეფონო ინტერვიუ სასარგებლოა, მაგრამ გამოცდილება სჭირდება.
ინტერვიუს ეთიკური განზომილება აქვს. ის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას ეხება და ადამიანების მდგომარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ აქ სამი ეთიკური საკითხის - ინფორმირებული თანხმობის, კონფიდენციალობისა და ინტერვიუს შედეგების- გამოყოფა შეიძლება, მაინც საჭიროა ამ თემის გავრცობა, ვინაიდან თითოეული ეს საკითხი ნამდვილად არ არის უპრობლემო (Kვალე 1996: 111 – 20). მაგალითად, ვინ უნდა მოგვცეს ინფორმირებული თანხმობა (მაგალითად, მონაწილეებმა, მათმა უფროსებმა), ვისთვის და რისთვის? რამდენი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ვის? როგორ განისაზღვრება პირადი და საზოგადოებისთვის კუთვნილი კანონიერი ცოდნა? როგორ შეიძლება დაეხმაროს ან, პირიქით, ავნოს კვლევამ რესპოდენტებს? შედის თუ არა ინტერვიუერის მოვალეობებში კვლევის მონაცემების გამოყენების შესაძლო საზიანო შედეგები, თუ უკანონოდ აიღებს ხელში ინტერვიუს მართვის სადავეებს?
ძნელია მოუქნელ და მყარ ეთიკურ წესებზე საუბარი, ვინაიდან თავისთავად ცხადია, რომ ეთიკური საკითხები საკამათოა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ეთიკის შესახებ ზოგიერთი კითხვა წამოიჭრას, რომელზე პასუხებიც ინტერვიუს დაწყებამდე უნდა იყოს ცნობილი:
ეს ჩამონათვალი არავითარ შემთხვევაში არ არის სრული და მარტო კვლევითი ინტერვიუსთვის არ არის განკუთვნილი, თუმცა, კარგად ერგება ამ სიტუაციას. ეთიკური საკითხების შესახებ დაწვრილებითი მსჯელობა ამ წიგნის მეორე თავშია მოცემული.
ინტერვიუს შემთხვევაში ინტერვიუერის უსაფრთხოების საკითხიც მოსაგვარებელია. მაგალითად, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ ინტერვიუერს ვინმე ახლდეს, დაიბაროს, სად მიდის, წაიყვანოს მეგობარი, აჩვენოს საიდენტიფიკაციო ბარათი, იქონიოს მობილური ტელეფონი, შეისწავლოს მიდამო, იცოდეს, როგორ მოექცეს ავ ძაღლებს, გამოიყენოს ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი. უდავოდ სამწუხარო ბრალდებებია საზოგადოების მიმართ, რომ ეს საკითხები მოსაგვარებელია, მაგრამ, ეს ასეა.
ტეგები: Qwelly, გამოკითხვა, ინტერვიუ, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, ფოკუს_ჯგუფი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•