კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი VI

      მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული საქმიანობა პოზიტივიზმის გამოყენებით წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, მისი ონტოლოგიური და ეპისტემოლოგიური საფუძვლები გარკვეულ წრეებში უწყვეტი და ზოგჯერ მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ექცეოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან წინა პლანზე ფართოდ წამოიწია პოზიტივიზმის წინააღმდეგ აჯანყებამ და ევროპის ზოგიერთი საუკეთესო მოაზროვნე - ფილოსოფოსები, მეცნიერები, სოციალური კრიტიკოსები და ხელოვანები - მიიზიდა. არსებითად, ეს იყო რეაქცია მეცნიერთა მიერ აღწერილ ისეთL სამყაროზე, რომელიც, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, ძირს უთხრის სიცოცხლესა და გონებას. მიიჩნევდნენ რა სამყაროს ცოცხალ ორგანიზმად და არა მექანიკურ მანქანად, ანტიპოზიტივისტური შეტევის კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენდა მეცნიერთა მიერ ბუნების მექანიკური და რედუქციონისტული ხედვა, რომელიც, თავისი არსით, სიცოცხლეს გაზომვადი და არა შინაგანი გამოცდილების ტერმინებით განმარტავს და გამორიცხავს არჩევნის, თავისუფლების, ინდივიდუალობისა და მორალური პასუხისმგებლობის იდეებს (მაგალითად, Nesfield-Cookson 1987).

      პოზიტივიზმის მტკიცებების კიდევ ერთი კრიტიკა დანიელი ფილოსოფოსისგან, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამაარსებლისგან, სიორენ კირკეგორისგან მოდიოდა. კირკეგორს აინტერესებდა პიროვნებები და მათი საკუთარი თავის უმაღლეს დონემდე განვითარების რეალიზაციის მოთხოვნილება. პიროვნების პოტენციალის რეალიზება მისთვის იყო არსებობის საზრისი, რომელსაც იგი ხედავდა, როგორც "კონკრეტულსა და ინდივიდუალურს, უნიკალურსა და არარედუქცირებულს, რომელიც არ ექვემდებარება კონცეპტუალიზაციას" (Back 1979). ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანი - დემოკრატიული მასის მენტალიტეტის რწმენა, გონების დომინირება, მეცნიერული და ტექნიკური პროგრესი - ეს ყველაფერი აფერხებს ამ მიზნის მიღწევას და ინდივიდის დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს. სურდა რა ადამიანების მათივე ილუზიებისგან განთავისუფლება, კირკეგორს ყველაზე მეტად ობიექტურობა აფიქრებდა. ამაში ის ქცევისა და აზროვნების წესების შემოღებას გულისხმობდა და, ასევე, მოიაზრებდა პიროვნების დამკვირვებლად გადაქცევას, რომელიც ადამიანის ქცევის წარმმართველი ზოგადი კანონების აღმოსაჩენად იყო მოწოდებული. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანებმა სუბიექტურობის შესაძლებლობა უნდა დაიბრუნონ. იგი სუბიექტურობას უწოდებდა ადამიანის უნარს, საკუთარი ურთიერთობა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, კვლევაძიების ფოკუსში მოექცია. განსხვავება, რომელსაც ის ობიექტურობასა და სუბიექტურობას შორის ხედავდა, შემდეგ ამონარიდშია მოცემული:

      როდესაც ჭეშმარიტების საკითხი ობიექტური კუთხით დგება, რეფლექსია ანუ მსჯელობა ობიექტურად მიემართება ჭეშმარიტებისკენ, როგორც ობიექტისკენ, რომელთანაც კავშირი აქვს შემმეცნებელს. თუმცა, რეფლექსია არ ფოკუსირდება ურთიერთობაზე, არამედ - კითხვაზე, ჭეშმარიტია თუ არა ის, რასთანაც აქვს კავშირი შემმეცნებელს. მხოლოდ მაშინ მიიჩნევა სუბიექტი ჭეშმარიტებასთან ნაზიარებად, თუ ობიექტი, რომელთანაც მას აქვს კავშირი, ჭეშმარიტია. როცა ჭეშმარიტების საკითხი სუბიექტური კუთხით დგება, რეფლექსია სუბიექტურად წარიმართება პიროვნების ურთიერთობის ბუნებისკენ. თუ ამ ურთიერთობის მოდუსი ჭეშმარიტებაშია, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, რომ ეს ინდივიდი ჭეშმარიტებას ეზიარა, თუნდაც მას ისეთ რაღაცასთან ჰქონდეს ურთიერთობა, რაც არ არის ჭეშმარიტი.

(Kierkegaard 1974: 178)

      კირკეგორისთვის "სუბიექტურობა და ჭეშმარიტების კონკრეტულობაა სინათლის მატარებელი. ნებისმიერი, ვინც მეცნიერებით ან წესებით მართული მორალის ერთგულია, სიბნელეში იმყოფება და ამ სიბნელიდან გამოყვანას საჭიროებს" (Warnock 1970).

      სოციალური მეცნიერებების დეჰუმანიზაციის გამომწვევი გავლენები იონსის (1977) ინტერესთა სფეროშიც შედის. აღიარებს რა, მათ დიდ წვლილს ბევრი საკითხისთვის ნათლის მოფენაში, ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სტატისტიკურ თეორიაზე დაფუძნებული რაოდენობრივი გაზომვისა (კვანტიფიკაციის) და გამოთვლების გამოყენების გზების თაობაზე. ის ამტკიცებს, რომ კვანტიფიკაცია კოლექტივიზმის ფორმაა, რომელიც დეპერსონალიზაციის რისკის მატარებელია. მას არაფერი აქვს სადავო კვანტიფიკაციასთან, როგორც ასეთთან, არამედ აშფოთებს, როდესაც ის თვითმიზანი ხდება - "მათემატიკის განშტოება და არა ჰუმანიტარული კვლევა, რომელიც ადამიანის ცხოვრების პირობების მყიფე გარემოებების შესწავლასა და ინტერპრეტაციას ესწრაფვის" (Ions 1977). ეს პოზიტივიზმის, როგორც ბუნების შესახებ ცნებების მათემატიზაციის, ჰორკჰეიმერისეულ (Horkheimer 1972) მძლავრ კრიტიკას ეხმიანება.

      ობიექტური ცნობიერების კიდევ ერთი მძლავრი და დამაჯერებელი კრიტიკა როსზაკს (Roszak 1970; 1972) ეკუთვნის, რომელიც ამტკიცებს, რომ ობიექტურობის მაძიებელი მეცნიერება ჩვენ საკუთარ ჭეშმარიტ მე-სთან და ბუნებასთან გაუცხოების ფორმას წარმოადგენს. ნებისმიერი ინტელექტუალური აქტივობის გამართლება იმ ეფექტში ძევს, რომელსაც ის ახდენს ჩვენ მზარდ გაცნობიერებულობასა და ცნობიერების ხარისხზე. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს ზრდა ჩვენ დროში იმ ფართო გავლენამ შეანელა, რომელიც პოზიტივისტურმა პარადიგმამ იქონია ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრების სფეროებზე. ჰოლბრუკი (Holbrook 1977), მაგალითად, ცნობიერებას ადამიანის არსებობის ცენტრში აყენებს და ძალზე შეფიქრიანებულია იმით, თუ რა მოსდის მას; პოზიტივიზმსა და ემპირიზმს კიცხავს შინაგანი სამყაროს, მორალისა და სუბიექტურობის არქონის გამო.

      ჰამპდენ-ტერნერი (Hampden-Turner 1970) ასკვნის, რომ ადამიანების შესახებ სოციალური მეცნიერებისეული ხედვა ტენდენციურია იმ თვალსაზრისით, რომ კონსერვატულია და მნიშვნელოვან თვისებებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ადამიანების ეს შეზღუდული ხატები, ამტკიცებს ის, იმიტომ ჩნდება, რომ სოციალური მეცნიერები, მთლიანობის წვდომის მცდელობის მიზნით, კონცენტრირდებიან პიროვნების განმეორებად, პროგნოზირებად და ინვარიანტულ ასპექტებზე, სუბიექტური სამყაროს გამომრიცხავ "თვალსაჩინო გარეგან გამოვლინებებზე" და პიროვნების ცალკეულ მდგენელებზე კონცენტრირდებიან.

      ჰებერმასი (Habermas 1972), კრიტიკური თეორიის (კრიტიკულ თეორიას ქვემოთ განვიხილავთ) ფრანკფურტის სკოლასთან ერთად, სასტიკად აკრიტიკებს პოზიტივიზმს, ამტკიცებს რა, რომ მეცნიერული მენტალიტეტი თითქმის ურყევი ჭეშმარიტების მიუწვდომელ პოზიციაზე, თითქმის რელიგიის დონემდე (საიენტიზმი) იქნა აყვანილი, როგორც დასავლური სამყაროს ერთადერთი ეპისტემოლოგია. ამ თვალსაზრისით, მთელი ცოდნა გათანაბრებულია მეცნიერულ ცოდნასთან. ეს უარყოფს ცოდნის ჰერმენევტიკულ, ესთეტიკურ, კრიტიკულ, მორალურ, კრეატიულ და სხვა ფორმებს. მას ქცევა ტექნიციზმამდე დაჰყავს.

      პოზიტივიზმის დაინტერესება კონტროლით და, აქედან გამომდინარე, მისი აპელირება ბიჰევიორიზმის პასიურობასა და ინსტრუმენტულ მიზეზზე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სოციალური ქცევის უფრო მეტად გახსნილ, კრეატულ და ჰუმანიტარულ ასპექტებს. ჰაბერმასი (1972; 1974) და ჰორკჰეიმერი (1972) ამტკიცებენ, რომ საიენტიზმი ახშობს მნიშვნელოვან დებატს ღირებულებების, ინფორმირებული მოსაზრების, მორალური მსჯელობისა და რწმენების შესახებ. მეცნიერული ახსნა ქცევის ახსნის ერთადერთ საშუალებად არის მიჩნეული და მათთვის ეს სერიოზულად ამცირებს იმ მახასიათებლებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევენ. ის სინდისისგან დაცლილ საზოგადოებას ქმნის. პოზიტივიზმს არ აქვს პასუხი ცხოვრების ბევრ საინტერესო ან მნიშვნელოვან სფეროზე (Habermas 1972: 300). ფაქტობრივად, ეს ეხმიანება უიტგენშტეინის (Wittgenstein 1974) ცნობილ კომენტარს, რომ, როცა ყველა შესაძლო მეცნიერული კითხვა პასუხგაცემულია, ხელუხლებელი რჩება ცხოვრების ძირითადი პრობლემები.

      სხვა კრიტიკა, ჩვეულებისამებრ, პოზიტივისტური სოციალური მეცნიერების დონისაა. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ის ვერ ითვალისწინებს საკუთარი გამოცდილების ინტერპრეტირებისა და საკუთარი თავისთვის წარდგენის უნიკალურ უნარს. ჩვენ შეგვიძლია და ვაგებთ თეორიებს საკუთარი თავისა და ჩვენი სამყაროს შესახებ; მეტიც, ჩვენ ვმოქმედებთ ამ თეორიებით. ვინაიდან არ ცნობს ამას, პოზიტივისტური სოციალური მეცნიერება ყურადღების მიღმა ტოვებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან არსებულ აბსოლუტურ განსხვავებებს. სოციალური მეცნიერება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისგან განსხვავებით, თავის კვლევის სფეროში სუბიექტი-სუბიექტის და არა სუბიექტიობიექტის მიმართების საფუძველზე დგას და წინასწარ ინტერპრეტირებულ სამყაროში მუშაობს იმ აზრით, რომ მნიშვნელობები, რომლებითაც სუბიექტები ოპერირებენ, სამყაროს მათეული კონსტრუქტის ნაწილია (Giddens 1976)

      პოზიტივიზმის სირთულე ისაა, რომ ის ადამიანის ქცევას პასიურად, არსებითად დეტერმინირებულად და გაკონტროლებულად მიიჩნევს და ამით ყურადღების მიღმა ტოვებს ინტენციას, ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას. ამ მიდგომას იგივე სირთულეები აქვს, რაც ბიჰევიორიზმს, რომელიც ძლივს მოეგო გონს ჩომსკის (Chomsky 1959) გამანადგურებელი კრიტიკის შემდეგ, სადაც ის წერს, რომ ბიჰევიორიზმის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ქცევიდან გამოვიტანოთ დასკვნა მიზეზებზე, იმ სტიმულის იდენტიფიცირება, რომელმაც გამოიწვია ესა თუ ის რეაქცია - ესაა სტიმულ-რეაქციის სკინერისეული თეორიის სისუსტე. პოზიტივიზმთან დაკავშირებული ეს საკითხი სოციალურ თეორიაშიც წამოჭრის ნაცნობ პრობლემას, კერძოდ, დაძაბულობას აგენტობასა და სტრუქტურას შორის (Layder 1994): ადამიანები არ ახორციელებენ საქმიანობას - ინდივიდუალურ არჩევანსა და განზრახვას - საკუთარი სურვილით, მაგრამ არც მარიონეტებივით მარტივად და დეტერმინისტულად იქცევიან.

      და ბოლოს, ხშირად ამბობენ, რომ პოზიტივისტური სოციალური მეცნიერების აღმოჩენები ბანალური და ტრივიალურია და რომ ბევრი არაფერი მოაქვთ მათთვის, ვისთვისაც იყო განკუთვნილი, კერძოდ, მასწავლებლებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, კონსულტანტებისთვის, პერსონალის მენეჯერებისა თუ სხვებისთვის. როგორც ჩანს, მეცნიერული ლაბორატორიული ექსპერიმენტირებისას ცვლადების შეზღუდვაში, გამარტივებასა და გაკონტროლებაში რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავენ მკვლევრები, მით უფრო მოსალოდნელია, რომ შედეგად მიიღონ "მთლიანის შეკვეცილი, სინთეტური ვერსია, შეზღუდულ გარემოში მარიონეტების კონსტრუირებული თამაში". პოზიტივისტური სოციალური მეცნიერების ალტერნატივები: ნატურალისტური მიდგომები. [4]

      ეს შემაშფოთებელი კრიტიკაა, მაგრამ რა ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი, ვინც აკრიტიკებს პოზიტივისტურ სოციალურ მეცნიერებას?


[4] მეცნიერული მეთოდის ფორმულირება, რომელიც ზემოთ იყო მოცემული, ხანგრძლივი კრიტიკის საგნად იქცა. მაგალითად, ე. გ. მიშლერი (E. G. Mishler) მას "მეცნიერების თხრობით ხატს" უწოდებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მომუშავე მეცნიერთა რეალურ პრაქტიკასთან, ვინც აღმოჩნდა, რომ შემქმნელები არიან და არა - ლოგიკოსები. შემქმნელების ხსენებით მიშლერი (1990) ძალისხმევას არ იშურებს, ხაზი გაუსვას იმას, რომ კომპეტენტურობა დამოკიდებულია "ინტერესის სფეროში შემავალი ფენომენის მიმართ გამოყენებულ სპეციფიკურ მეთოდებში სასწავლო წვრთნაზე, უწყვეტ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ კონტექსტუალურ ცოდნაზე და არა - აბსტრაქტულ "აღმოჩენის ლოგიკასა" და ფორმალური "წესების" გამოყენებაზე" (Mishler 1990). მიშლერი ამტკიცებს, რომ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა უმეტესწილად ნაგულისხმევი, სიტყვებით გამოუთქმადი და არაახსნადია; მეტიც, მეცნიერები მას "ცხოვრების გარკვეულ ფორმებში" სოციალიზაციის პროცესში ითვისებენ. მონაცემების აღმოჩენა, შემოწმება და ვალიდაცია კულტურულ და ლინგვისტურ პრაქტიკებში ხორციელდება და ექსპერიმენტატორი მეცნიერები პრაგმატული გზებით, საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე სწავლით, ადგილობრივი კონტექსტებისთვის პროცედურების მორგებით და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე დასკვნების გაკეთებით მიიწევენ წინ. მაგალითისთვის იხილეთ Mishler, E. G. (1990) Valisation in inquiry-guided research: the role of examples in narrative studies. Harvard Educational Review, 60 (4), 415 – 42.

ტეგები: Qwelly, sociology, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1068

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters