ლობიზმი - რთული სოციალური და პოლიტიკური მოვლენაა, რაც თავის თავად ართულებს მის მიმართ ერთგვაროვანი შეხედულების ჩამოყალიბებას. აღიარებული შეხედულების მიხედვით იგი მოიაზრება, როგორც ცალკეული პირების თუ დაინტერესებული ჯგუფების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე პოლიტიკური ზემოქმედების სპეციფიკური ფორმა, საკუთარი ინტერესების საკანონმდებლო დონეზე წარმოდგენის, დაცვისა და უზრუნველყოფისათვის. თანამედროვე პირობებში უმეტეს ქვეყნებში ლობიზმი ლეგალურად აღიარებულ საქმიანობად განიხილება.

ლობიზმის[1] განმარტება ორი მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გაგებული: მისი სიტყვასიტყვითი არსით და იმ მრავალმხრივი მოვლენის დახასიათებით, რომელიც მას უკავშირდება. ლობიზმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, მისი როგორც ზემოქმედების საშუალების დახასიათებას შეეხება, ხოლო ფართო გაგებით - გულისხმობს ღონისძიებების მთელ კომპლექსს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებაზეა მიმართული. აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებულმა მოვლენამ და მისმა განმარტებამ გარკვეულწილად საკანონმდებლო შინაარსი შეიძინა და აისახა საკანონმდებლო აქტებში ისეთი ქვეყნებისა, სადაც ლობიზმი ლეგალურ საქმიანობად აღიარებულია და მის თაობაზე სპეციალური კანონებია მიღებული[2].

ლობიზმის განმარტება მრავალმხრივი შინაარსისაა, მისი ინტერპრეტაცია პერიოდულად იცვლებოდა და მასზე არსებული შეხედულებები უფრო ფართო მნიშვნელობას იძენდა. თავდაპირველად ლობიზმი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს კულუარებში მიმდინარე პროცესების ამსახველ ტერმინად მოიაზრებოდა. ცნობილი მეცნიერი ვან შენდელენი[3] ორი თვალსაზრისით ახასიათებს ლობირებას: ერთის მხრივ - ვითარცა მინიმალური კონცეფცია, წარმოადგენს ინფორმაციის არაფორმალურ გაცვლას საჯარო ორგანოებთან და მეორეს მხრივ მაქსიმალური დეფინიციით - ვითარცა საჯარო ორგანოებზე გავლენის მოხდენის არაფორმალურ მცდელობას.

მეცნიერების ნაწილმა (მილბრათი და სხვ.) ჩამოაყალიბა ლობიზმის უფრო ლიბერალური განმარტება: "ინფორმაციის სტიმულირების და გადაცემის საკომუნიკაციო საშუალება ისეთი მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიმართავენ მთავრობას, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და იმედოვნებენ, რომ გავლენას მოახდენენ მის გადაწყვეტილებებზე[4]".

ტერმინ ლობიზმის (lobbyism) წარმოშობა დაკავშირებულია ინგლისურ სიტყვასთან - Lobby. თავის მხრივ, ინგლისურ ენაში აღნიშნული სიტყვა დამკვიდრდა ლათინური სიტყვისაგან – Lobia (რაც მონასტერთა გასასვლელსა და საიდუმლო ადგილებს აღნიშნავდა). დიდ ბრიტანეთში მსგავსი ტერმინით აღნიშნავდნენ თემთა პალატაში პარლამენტის წევრებისათვის განკუთვნილ დერეფანს (ვესტიბიულს, კულუარს), სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და განეხილათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებისათვის მხარდაჭერის საკითხები. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ტერმინი ლობირება (ლობიზმი) ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებული ცნება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან შეიძინა განსხვავებული დატვირთვა - თუ თავდაპირველად იგი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხმის მოსყიდვასთან ასოცირდებოდა, შემდეგში იგი გარკვეული პოლიტიკური პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა.

ცალკე აღსანიშნავია ლობიზმთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ასპექტები. მოვლენის დახასიათებისას ან აღნიშვნისას ქართულში ხშირად გვხვდება ტერმინები ლობიზმი, ლობირება, ლობისტური საქმიანობა და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ისინი სინონიმებად გამოიყენებ. თუმცა სიტყვათაწყობისა და მისი შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით *ლობიზმი* უფრო სრულყოფილად ასახავს აღნიშნული მოვლენის არსს, მის მთლიან კომპონენტსა და განზოგადოებულ თავისებურებებს, რაც ამ მოვლენას ვითარცა ინსტიტუციურ და ერთიან პროცესს უსვამს ხაზს. იგი გულისხმობს, როგორც ცალკეული სუბიექტების ინტერესების წარდგენას, ინტერესების დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს, ასევე იმ სუბიექტების ქმედებებს, ვინც ჩართულია პროცესში. ტერმინები *ლობირება* და *ლობისტური საქმიანაობა* კი უფრო კონკრეტული მნიშვნელობით შეიძლება იქნეს აღქმული და გულისხმობდეს მხოლოდ იმ პროცესს, ხერხებსა და საშუალებებს, რომელიც გამოიყენება ცალკეული სუბიექტის მიერ ინტერესების წარმოდგენის, დაცვისა და ზემოქმედებისათვის - ანუ ის შეიძლება ასახავდეს, მხოლოდ ისეთ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედებასთან, დაინტერესებული პირების მიერ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად. მართალია, სამართლებრივ აქტებში, რომელიც შეეხება ლობიზმის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებს, როგორც წესი, განმარტებული და გამოყენებულია ტერმინი *ლობისტური საქმიანობა*. შესაბამისად, ნორმატიულ დონეზე *ლობიზმის* დეფინიციის არარსებობის პირობებში შესაძლებელია მსგავსი მოვლენის დახასიათებისას სინონიმად სამივე ზემოაღნიშნული ტერმინი გამოვიყენოთ. უშუალოდ ლობიზმი კი შეგვიძლია განვმარტოტ, როგორც კომპანიის თანამშრომლების პროფესიული საქმიანობა, ან კომპანიის მიერ დაქირავებული სპეციალური კონსულტანტების, საქმიანი და პროფესიული ასოციაციების, პროფკავშირებისა და სხვა ჯგუფების მიერ, ამ ორგანიზაციის ინტერესების წარდგენისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში[5].

პოლიტიკური სისტემის პირობებში ლობიზმი მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტად მოიაზრება. ის წარმომადგენლობით დემოკრატიას უკავშირდება და გარკვეულ ფუნქციას ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. “ლობირება წარმოადგენს საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ნაწილს. ის არის გარკვეული ინტერაქციული მექანიზმი სამიზნე ორგანიზაციასა და მაკრო პოლიტიკურ სისტემას შორის. ამგვარად, ბუნებრივია ის წარმოადგენს ნაწილს საერთო პოლიტიკური სისტემისა"[6].

აღნიშნულის გათვალისწინებით ლობიზმი შეიძლება განვიხილოთ სოციუმის და სახელმწიფო ორგანოების გარკვეულ ურთიერთობათა სისტემად, რომელიც მოიცავს მოქალაქეებისა და დაინტერესებული ჯგუფების ინტერესების გამოხატვას, ამ ინტერესების ხელისუფლების ორგანოებამდე და თანამდებობის პირებამდე მიტანასა და მათზე ზემოქმედებისა და დარწმუნების სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას. დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში მოქალაქის ხელშეუვალ უფლებას წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა. პირდაპირი დემოკრატიის პირობებში მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს მათ წინაშე არსებული პრობლემების თაობაზე, ხოლო წარმომადგენლობით სისტემაში კი მოქალაქეების გაერთიანებით, ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებით და მათი წარმომადგენლის მეშვეობით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წარმომადგენლობით სისტემაში არჩევნებში ხმის მიცემისა და წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, მმართველობის პროცესში მონაწილეობის გარკვეულ საშუალებას წარმოადგენს ასევე არჩეულ პირებზე გარკვეული არაპირდაპირი ზემოქმედება დაინტერესებული ჯგუფების მეშვეობით. ზემოაღნიშნული ფუნქციის გათვალისწინებით ლობიზმი თანდათან ხდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი[7].

მნიშვნილოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ლობიზმი ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს საზოგადოებაში არსებული მრავალგვარი ინტერესების გამოხატვისა და აღნიშნული ინტერესების რეგულირებისა და დიფერენციაციის საშუალებად. ეს საზოგადოებაში პლურალიზმის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. უდაოა, რომ საზოგადოების თითოეულ წევრსა და გაერთიანებას აქვს თავისი სპეციფიკური ინტერესი, უფრო მეტიც - ისინი მოწოდებულნი არიან წარმოადგინონ და დაიცვან თავიანთი ინტერესები მათ ხელთარსებული ყველა საშუალებით. ბუნებრივია, რომ ინტერესთა ასეთი მრავალფეროვნების პირობებში ხდება ინტერესთა დაპირისპირება და აუცილებელი ხდება ერთის მხრივ აღნიშნული დაპირისპირებული ინტერესების შეთანხმება – დაბალანსება, მეორეს მხრივ კი პრიორიტეტული ინტერესების გამოკვეთა, რომელნიც იმ მომენტისათვის შესაბამისი საზოგადოებისათვის მნიშვნელობას წარმოადგენენ. მაშასადამე, უმეტეს შემთხვევაში მსგავსი რეგულატორის ფუნქციას ასრულებს ლობიზმი. ის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომპრომისის საფუძველზე ახდენს არსებითი ინტერესის გამოკვეთას და უზრუნველყოფს აღნიშნული ინტერესის წარმოდგენისა და დაცვისათვის შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას. ანუ ინტერესთა თავისუფალი კონკურენციისა და ლობიზმის მეშვეობით სახელისუფლო ორგანოები ფლობენ ინფორმაციას ხალხის ინტერესების შესახებ და ამ ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ეძლევათ.

 თანამედროვე პირობებში ლობირება შეიძლება განვიხილოთ ინფორმაციის გადაცემისა[8] და გაცვლის ეფექტურ საშუალებად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ქმედით დახმარებას უწევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ლობირების თეორია შესაძლებელია განსაკუთრებით გაამდიდროს მოლაპარაკებების თეორიის შესახებ არსებულმა იდეებმა. კომუნიკაციებზე კონცენტრირებული მიდგომა განიხილავს მოლაპარაკებას, როგორც პროცესს, რომელშიც წარმოდგენილია ორი ან მეტი დამოუკიდებელი მხარე, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები და რომლებიც ჩართულნი არიან სოციალურ ურთიერთქმედებასა და წინადადებების ურთიერთგაცვლაში, რათა მიაღწიონ ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შედეგს. ეფექტური ლობირების მოდელი კონცენტრირებულია მოლაპარაკებების კონტექსტის ფორმირების ინტერაქციულ კომპონენტზე. ის მარტივად ქმნის დღის წესრიგს, რომელშიც ძირითადი ორიენტაცია მონაწილეებს ორ ან მეტ მოდავე მხარედ ჰყოფს, რაც ქმნის კოალიციებს, რათა დაიმორჩილონ შიდა აზრთა სხვადასხვაობა და მიაღწიონ ამა თუ იმ უმრავლესობის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტულ წინადადებას. წარმატებული ლობისტის მიზანია შეათანხმოს არსებული ვარიაციები მიზნებთან, პოლიტიკური ფორმულირების ჩამოყალიბების ტაქტიკის გამოყენებითა და მისი საკუთარ მიზნებთან შესაბამისობაში. ლობირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დარწმუნების მნიშვნელოვანი საშუალება. ამ თვალსაზრისით ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს ლობისტისა და პოლიტიკოსის ურთიერთობის მთავარ არსს. ლობისტი აგროვებს ძვირადღირებულ ინფორმაციას და სტრატეგიულად ავრცელებს მას, რათა დაარწმუნოს კანონმდებელი მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ან შეიცვალოს თავისი პრიორიტეტები.

ამერიკელი პოლიტოლოგები გ. ალმონდი და ჯ. პაუელი ლობირების ეფექტურად განხორციელების პროცესში მნიშვნელობას ანიჭებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას[9]. მათი აზრით დემოკრატიულ საზოგადოებაში დაშვების სხვა მნიშვნელოვან არხს წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - ტელევიზია, რადიო, გაზეთი და ჟურნალი. ბევრი ინტერესთა ჯგუფი ყოველმხრივ ცდილობს იპოვოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები "პიარის" სფეროში და პირდაპირი რეკლამის განთავსებასთან ერთად, ყურადღება მიადევნონ, რომ მათი ინტერესები ხელსაყრელად გაშუქდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

ლობირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დარწმუნების მნიშვნელოვანი საშუალება. ამ თვალსაზრისით ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს ლობისტისა და პოლიტიკოსის ურთიერთობის მთავარ არსს[10]. ლობისტი აგროვებს ძვირადღირებულ ინფორმაციას და სტრატეგიულად ავრცელებს მას, რათა დაარწმუნოს კანონმდებელი მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ან შეიცვალოს თავისი პრიორიტეტები.

 ლობისტური საქმიანობის ეფექტური განხორციელება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და იგი ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. თავის მხრივ, ლობირების წარმატებულ სტრატეგიას ბევრად განსაზღვრავს აღნიშნული ეტაპების სწორად წარმართვა. ლობირების მთლიან პროცესში პირობითად შეიძლება შემდეგი ეტაპები გამოვყოთ: 1) ინტერესთა გამოკვეთა, რაც გულისხმობს კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიერ ინტერესის დაფიქსირებას საკუთარი ან საზოგადოების მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე; 2) ინტერესთა შეთანხმება – ინტეგრაციის პროცესი, რაც გულისხმობს კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიერ დაფიქსირებული ინტერესის შეთანხმება-შეჯერებას სხვა ანალოგიურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან საერთო პოზიციის მიღწევის მიზნით; 3) ინტერესთა წარდგენა, რაც გულისხმობს ჯგუფის ან ჯგუფების მიერ შეთანხმებული-შეჯერებული ინტერესისა და პოზიციის წარდგენას გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისათვის (საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან მათი თანამდებობის პირებისათვის და ა.შ.); 4) გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, რაც გულისხმობს ჯგუფის ან ჯგუფების (მათი წარმომადგენლების) შესაძლებლობას კანონმდებლობით დაშვებული ფორმით მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და შესაბამის თანამდებობის პირებთან (ორგანოებთან) ურთიერთობებში[11].

ლობისტური საქმიანობის საბოლოო მიზანს კი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების განხორციელება წარმოადგენს, რათა დაარწმუნონ ისინი შეთავაზებული მოსაზრებების მართებულობასა და ეფექტურობაში. სწორედ ამიტომ ინტერესთა ჯგუფებისა და ლობისტების უმთავრესი ძალისხმევა აღნიშნული მიმართულებით კონცენტრირდება და არსებითი რესურსებიც ზემოქმედების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მიემართება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯ. ბერმა ლობისტების საქმიანობა და ტაქტიკა დაჰყო შემდეგ კატეგორიებად:

პირველი, პირდაპირი კომუნიკაცია ლობისტებსა და სახელისუფლო ჩინოვნიკებს შორის, რომელიც მოიცავს როგორც პირად შეხვედრებს, პირველ ყოვლისა მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ფორმალურ იურიდიულ პროცესებს, მაგალითად, მონაწილეობას რაიმე ადმინისტრაციულ წარმოებაში.

მეორე, მეთოდები, რომელთა მეშვეობით ლობისტები გავლენას ახდენენ პოლიტიკოსებზე მათი ამომრჩევლების მეშვეობით. აღნიშნულისათვის გამოიყენება ტაქტიკა, რომლის დროსაც პროფესიონალი ლობისტები გამოდიან როგორც შუამავლები, რომლებიც ახდენენ ლობირების სტიმულირებას მოქალაქეების მხრიდან თავიანთ მთავრობაზე. ამ მიზნით ამომრჩევლები აქტიურად წერენ წერილებსა და შეკითხვებს თავიანთ დეპუტატებს, მონაწილეობენ დემონსტრაციებში და სხვა. საზოგადოების ცნობილი და გავლენიანი ლიდერები ანდა მსხვილი ბიზნესმენები ასევე ამყარებენ პერსონალურ კონტაქტებს საჭირო პოლიტიკოსებთან.

მესამე, დაინტერესებული ჯგუფები გავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე არჩევნების ანდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეშვეობით. აღნიშნული გულისხმობს საარჩევნო კამპანიაში უშუალო მონაწილეობას, რათა ხელისუფლების ორგანოებში მოიყვანონ მათთვის საჭირო ადამიანები. ეს მეთოდი საჭიროებს დეტალურ მომზადებასა და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, აგრეთვე პროცესში საზოგადოებასთან ურთიერთობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას, კვლევების მომზადებასა და მისი შედეგების გამოქვეყნებას, შესაბამისი პიარ-კამპანიის წარმოებას[12].

 ლობირების ეფექტური განხორციელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესაბამისი ლობისტის პროფესიონალურ დამოკიდებულებასა და მის ინფორმირებულობაზე განსახილველი საკითხის მიმართ. ლობისტები, როგორც წესი, შესაბამისი სფეროს მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან და ლობირების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი პროფესიული დასკვნა და შეფასება განსახილველი საკითხის თაობაზე. ამიტომ, უშუალო ლობირების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ლობისტის მიერ მომზადებულ პროფესიულ შეფასებას განსახილველი საკითხის თაობაზე.

ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და ლობიზმის მკვლევარი ფარნელი[13] ლობისტური საქმიანობის პროცესში ხუთ საფეხურს გამოყოფს:

  1. მიზნის განსაზღვრა;
  2. იმ საკითხების შერჩევა, რომელიც გახდება მეთვალყურეობის, ანალიზისა და ჩარევის საგანი;
  3. იმ მიზნის იდენტიფიკაცია, რომელზედაც შესაძლებელია განხორციელდეს გავლენა: ა) მთავრობის შიდა აპარატზე; ბ) მთავრობის გარე აპარატზე, აგრეთვე მომენტი, რომლის დროსაც საუკეთესოა გავლენის მოხდენა;
  4. ლობირების ტექნიკის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელია იქნეს გამოყენებული: პირდაპირი ლობირება; არაპირდაპირი ლობირება;
  5. გამოყენება, მონიტორინგი, შეფასება.

ლობიზმი[14] წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზაციის ინსტრუმენტს, რომლის დახმარებით ხდება კანონპროექტების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ან ოპონირება, ეს კი გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. ამგვარ სიტუაციაში ლობიზმი გვევლინება ბიუროკრატიის მეტოქედ. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაზრო ურთიერთობების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სოციალური ჯგუფების ინტერესები დაუცველი რჩება, საჭირო ხდება შექმნილი ვაკუუმის შევსება სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ლობიზმი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სოციალურ-პოლიტიკური სტიმულატორი[15] ამა თუ იმ ინტერესებისა და გადაწყვეტილების მისაღებად და ცხოვრებაში გასატარებლად. ლობიზმი საშუალებას იძლევა გაფართოვდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საინფორმაციო და ორგანიზაციული ბაზა, და ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ ლობიზმის, როგორც გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის მიმართ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუ ცალკეულ შემთხვევებში იგი საზოგადოების აქტიურობის გარკვეული სამართლებრივი ინსტრუმენტისა და ადექვატური პოლიტიკური მოვლენების აღმნიშვნელი ტერმინების სახით გვხვდება, სხვა შემთხვევაში იგი უარყოფითი პოლიტიკური პროცესებისა და ნეგატიური მოვლენების აღმნიშვნელ სინონიმად გამოიყენება.

როდესაც ლობირების პროცესის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობენ უმეტესად სწორედ ის მეთოდები და საშუალებები აქვთ მხედველობაში, რაც ლობირების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების თვალსაზრისით იქნა გამოყენებული. აქ პირველ რიგში გულისხმობენ ქრთამს, მოსყიდვას და სხვა კორუფციული ხასიათის გარიგებებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედებისათვის[16]. თუმცა ლობირების პროცესი არ შეიძლება გაიგივებული იქნეს მხოლოდ მსგავს მოვლენებთან. მით უმეტეს ისეთ პირობებში როდესაც აღნიშნული საქმიანობა ბევრ ქვეყანაში ლეგალურად არის აღიარებული და მისი განხორციელება საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე რეგულირდება. ლობირების ისტორიულმა განვითარებამ მის არსენალში გააჩინა რიგი ლეგიტიმური საშუალებები, რითაც ლობირების განმახორციელებელ პირებს შეუძლიათ ეფექტური გავლენა მოახდინოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტზე, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. აღნიშნული საშუალებები შესაძლებელია პირობითად რამდენიმე ჯგუფად გამოვყოთ, რომელთა შიგნით ზემოქმედების ერთგვაროვანი მექანიზმები კონსოლიდირებული სახით გაერთიანდება.

ვითარცა ლობიზმის ევოლუციურმა განვითარებამ აჩვენა, მსგავსი ნეგატიური შეფასებები სისტემურ კორელატს არ წარმოადგენენ. დემოკრატიული ლობირების მთავარი პირობა და მისი ძირითადი მახასიათებელი გამოიხატება ინფორმაციის გაცვლის გამარტივებაში, კარგი ურთიერთობებისა და კეთილსინდისიერი სუბიექტებით. მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ არალეგიტიმურმა ძალაუფლებრივმა ურთიერთობებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

სოციოლოგიის თვალთახედვით ლობირებას გააჩნია რამდენიმე დადებითი ასპექტი რომელნიც მოვლენას თვისობრივად ახასიათებს :

  • ლობიზმი - სახელმწიფოსა და სოციუმს შორის ურთიერთობის და ურთიერთთანამშრომლობის მოქნილი საშუალებაა;
  • ლობიზმი - სოციალურ-პოლიტიკური სტიმულატორია, რომელიც სოციუმის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჩქარებს;
  • ლობიზმი - ეფექტური საშუალებაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ლობიზმი - სპეციფიკური შესაძლებლობაა ადამიანთა ჯგუფისთვის (ჯგუფებისთვის) უზრუნველყონ თავიანთი ინტერესების წარმოდგენა და მათი გათვალისწინება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  •  ლობიზმი - გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზრდის საინფორმაციო ველს და ორგანიზაციულ ბაზას, რითაც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს ფლობდეს მაქსიმალურ ნფორმაციას.

        ლობიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ იგი აღმოცენდება და ვითარდება ძალაუფლებასთან მჭიდრო კავშირში. შესაბამისად, ლობიზმი და მასთან დამახასიათებელი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება იქ სადაც ძალაუფლების აკუმულირება და რეალური გადაწყვეტილების მიღება ხდება.

უმნიშვნელოვანესია ის როლი, რომელიც ლობიზმის საქმიანობაში ენიჭება პროცესის მონაწილე მხარეების დადგენას. ამ თვალსაზრისით განარჩევენ ლობიზმის განმახორციელებელ სუბიექტებს და იმ ობიექტებს, რომლებზეც ლობისტური საქმიანობის განმახორციელებელო პირები ახორციელებენ ზემოქმედებას.

*ინტერესთა ჯგუფები* (Interest Groups)[17] შესაძლოა მოიაზრებოდნენ სუბიექტები, რომლების ინტერესების შესაბამისად ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფების ორგანოებზე ზემოქმედება, ან რომელიც ესწრაფვიან გადაწყვეტილების მიღებას მათთვის სასარგებლო ფორმით. მაშასადამე, ლობისტური საქმიანობის სუბიექტს წარმოადგენდნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც.

მნიშვნელოვანია ისიც რომ, ხშირად ლობიზმის სუბიექტებად არიან იურიდიული და საკონსულტაციო ორგანოები, ასევე ფირმები რომლებიც თანამშრომლობენ მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებზე (Government relations GR), საზოგადოებრივ საქმეებზე (Public affairs PA) და საზოგადოებასთან ურთიერთობებზე (Public relations - PR). სუბიექტები, რომელნიც ახორციელებენ ლობისუტურ საქმიანობას ისინი წარმოადგენენ ლობისტებს, რომელნიც უშუალოდ მონაწილეობენ და ლობირებენ დაინტერესებულ ჯგუფებს (ისინი არ მოქმედებენ საკუთარი სახელით არამედ გარკვეული ჯგუფების სახელით).

იმის მიხედვით, თუ რა საკითხებისადმი ლობისტები სისტემატიურად  გამოხატავენ ინტერესს და ახორციელებენ ლობისტურ საქმიანობას, შეიძლება გამოვყოთ საზოგადოებრივი ურთიერთობის ის სფეროები, რომელი მიმართულებებითაც ხდება სპეციალიზაცია. განასხვავებენ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, რეგიონალურ სფეროებში, ასევე უცხო ქვეყნისა თუ ორგანიზაციების ინტერესების შესაბამისად მომუშავე ლობისტებს.

ინტერესთა ჯგუფები (IG), რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, წარმოადგენენ გავლენიანი ფინანსურ-ეკონომიკურ დაჯგუფებებს. მათ ყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ერევიან და ცდილობენ გავლენის მოპოვებას საარჩევნო კამპანიებში და თავისი წარმომადგენლების მოხვედრას საკანონმდებლო ორგანოებში მოხვედრას.

სოციალური სფეროს ლობისტებს წარმოაგენენ პროფესიული კავშირები და სხვა მსგავსი გაერთიანებები. ისინი ცდილობენ თავიანთი წევრების შრომითი და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. ისინი ფლობენ გარკვეულ მექანიზმებს თავიანთი ინტერესების წარმოდგენისა და დაცვისათვის[18].

ეკონომიკური სფეროს ლობისტებს განეკუთვნება მსხვილი საფინანსო გაერთიანებები, კორპორაციები, ბანკები და ა.შ. რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინონ ეკონომიკური საშუალებების გამოყენებით და თავიანთი ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

სოციალურ ჭრილში შეგვიძლია მოვიყვანოთ საქმიანობის სხვა სფეროების ლობისტებიც. მაგ.: რეგიონალური სფეროს ლობისტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი რეგიონის ინტერესების წარმოდგენას, დაცვას, რეგიონისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას. მათი მიზანია საკუთარი რეგიონისათვის: ტრანსფერების გაზრდილი მოცულობა, შეღავათიან საგადასახადო რეჟიმი, ცალკეული საკითხების ადგილზე გადაწყვეტის უფლება.

დიასპორების ლობისტები ასევე განეკუთვნებიან ლობირების სოციალურ შრეებს, იცავენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინტერესებს და იმავდროულად მოწოდებულნი არიან დაიცვან ქვეყანაში არსებული მათი დიასპორის ინტერესები. მაგ.:, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლენიან ლობისტური ჯგუფებს განეკუთვნება ისრაელის, არაბეთის, მექსიკის და ა.შ. ლობისტური ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნებისა თუ დიასპორების ინტერესებს აშშ-ს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში[19].

პირი ან ორგანიზაცია, რომელზეც ლობისტი ახდენს ზემოქმედებას ითვლება ლობიზმის ობიექტად. ვინაიდან ნახსენები ორგანიზაციების ან თანამდებობის პირების განხილვა შეუძლებელია მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გარეშე, ნაგულისხმევია, რომ ლობირების ობიექტად მოვიაზროთ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების ან ორგანოების საქმიანობის შედეგად მიღებული თუ მისაღები გადაწყვეტილებებიც. არსებული შეხედულებების მიხედვით, ლობიზმი შეიძლება განხორციელდეს მმართველობის ყველა რგოლში. მაშასადამე, იმის მიხედვით, თუ ხელისუფლების რომელ შტოში განიხილება ლობისტებისათვის საინტერესო საკითხი განასხვავებენ ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სფეროში განხორციელებულ ლობირებას, ასევე ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებში განხორციელებულ ლობირებას[20].

ლობიზმი როგორც კონკრეტული სოციალურ და სამართლებრივი მნიშვნელობის მოვლენა, უმეტეს შემთხვევაში გარკვეული სოციალური ჯგუფების საქმიანობას უკავშირდება. ასეთი დაინტერესებული ჯგუფების, იგივე გავლენის ჯგუფების საქმიანობა წარმოადგენს ლობიზმის, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი მოვლენის არსებობის საფუძველს და ლობიზმის კვლევა წარმოუდგენელია მსგავსი ჯგუფების საქმიანობის შესწავლისა და ანალიზის გარეშე. დღეს-დღეობით უცხოეთის ქვეყნების პოლიტიკურ მეცნიერებაში ლობიზმი უმეტეს შემთხვევაში აღარ განიხილება კვლევის სპეციალურ თემად, არამედ იგი წარმოადგენს ნაწილს უფრო ფართო მეცნიერული ინტერესისა, რომელიც დაკავშირებულია ინტერესთა ჯგუფებისა და ინტერესების წარმოდგენის პრობლემის კვლევასთან. ინტერესთა ჯგუფები მიიჩნეოდნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად ქვეყნების პოლიტიკური სისტემის განსაზღვრებაში და მათ თაობაზე შეხედულებები არათანამიმდევრული იყო. მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბა, როგორც "ჯგუფური ბრძოლის" არსი; ხოლო მეცნიერთა ახალმა თაობამ შეამცირა ჯგუფების მნიშვნელობა პოლიტიკაში. ორმოცი წლის წინ ჯგუფების თაობაზე მიდგომა პოლიტიკაში იყო იმდენად დომინირებული, რომ მან პრაქტიკულად განსაზღვრა პოლიტიკური მეცნიერების მიმართ თანამედროვე მიდგომები[21].

"ჯგუფურობის იდუმალი საწყისი თვით ადამიანისვე ბუნებაში ღვივის; სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველმხრივ ვაწყდებით ხოლმე მისგან აღმოცენებულ სხვადასხვა დონის აქტივობებს. გულმოდგინებამ, რომელსაც ადამიანები იჩენენ რელიგიური და მმართველობის საკითხებისადმი, მათი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტებისადმი; სხვადასხვა ლიდერებისადმი ერთგულებამ, რომლებიც პირველობისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან, თუ სხვა პირების სიყვარულმა ადამიანურ ვნებებს რომ თავდადების საგნად დაუსახავთ, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად დახლიჩა კაცობრიობა; უფრო მეტად განაწყო ისინი ერთმანეთის საზიანოდ და დასაჩაგრად, ვიდრე საზოგადო სიკეთისათვის სათანამშრომლოდ“[22]. თავის მხრივ, მეცნიერის მოსაზრებით, მმართველობის პროცესი, ხასიათდება მსგავსი ჯგუფების ბრძოლით, ხოლო საკანონმდებლო აქტი განასახიერებს მხოლოდ ძალთა ამგვარ თანაფარდობას. საკანონმდებლო ორგანოში ხმის მიცემა ამა თუ იმ საკითხზე განასახიერებს მხოლოდ დაპირისპირებული ჯგუფების თანაფარდობას ხმის მიცემის მომენტში. იმას რასაც უწოდებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სინამდვილეში წარმოადგენს ჯგუფური დაპირისპირებისას თანხმობის მიღწევის შედეგს კონკრეტულ მომენტში. არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც არ ასახავდეს ძალთა ამგვარ თანაფარდობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბენტლის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლობირების ლეგალურ საქმიანობად მიჩნევის საქმეში, განსაზღვა რა აღნიშნული მოვლენის პრაგმატული და თეორიული საფუძვლები. ამასთან, აღნიშნული მოვლენა მან მჭიდროდ დაუკავშირა პლურალისტულ საზოგადოებას. ინტერესთა ჯგუფების (IG) მოღვაწეობა და მათზე წარმოდგენები დაკავშირებულია “კონსერვატულობის” და ასევე, ახალი მიმდინარეობის "ნეოკორპორატივიზმის" იდეთა განვითარებასთან. ინგლისელმა მეცნიერმა ა. კოსონმა თავის წიგნში "კორპორატივიზმი და პოლიტიკური თეორია”[23] ჩამოაყალიბა კორპორატივიზმის განმარტება, რომლის მიხედვით კორპორატივიზმი არის სპეციფიკური სოციალურ-პოლიტიკური პროცესი, რომლის პირობებშიც, ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს აგრეგირებულ ფუნქციონალურ ინტერესებს, შედის ურთიერთქმედებაში სახელმწიფო ორგანოებთან პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების მიზნით, შემდგომი მათი განხორციელებისათვის. ნეოკორპორატივიზმი - ესაა ინტერესთა წარმოდგენის სისტემა, რომელიც შედგება, შეზღუდული რაოდენობის, არა ნებაყოფლობითი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი, იერარქიულად ორგანიზებული, ფუნქციონალურად განსხვავებული, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თავიანთ საქმიანობაზე უფლების მიმღები ანდა ოფიციალურად აღიარებული (თუ არა შექმნილი), თავიანთ სფეროში წარმომადგენლობაზე მონოპოლიის მქონე, სანაცვლოდ ლიდერების შერჩევასა და მოთხოვნების არტიკულაციასა და დაცვაზე გარკვეული კონტროლის მქონე, ერთეულისაგან[24].

მეცნიერთა მოსაზრებებისა და სახელმწიფოთა საქმიანობის პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია "ინტერესთა ჯგუფებისა" და ლობირების ინსტიტუტის გარეშე. იგი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის გარკვეულ ფორმადაც გვევლინება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პლურალისტული საზოგადობის ფუნქციონირებაზე. მიიჩნევა, რომ ჯანსაღი, ინტერესთა შეჯერება-შეთანხმების პროცესზე დაფუძნებული ლობირება დადებით გავლენას ახდენს სახელისუფლო და არასახელისუფლო სტრუქტურების თანამშრომლობაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ნაშრომის დასასრულს ავღნიშნავთ, რომ პირდაპირი დემოკრატიის პირობებში, როგორც წესი, მოქალაქეები უშუალოდ თავისი შეხედულების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და ასეთ პირობებში, ინფორმაციული ზეგავლენა მცირე მნიშვნელობას იძენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხოლო წარმომადგენლობით დემოკრატიაში წარმომადგენლებს სჭირდებათ გაცილებით მეტი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად და ეს უკანასკნელი თვითონ უნდა მოიძიონ გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს ფარგლებს გარეთ. რთულ და მრავალფუნქციურ თანამედროვე საზოგადოებაში, ინტერესთა მრავალგვარობის პირობებში, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მსგავსი ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასებისათვის. ლობიზმი კი წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ინტერესების გამოხატვისა და მისი წარმომადგენლობით ორგანოებამდე მიტანისათვის[25].

ლობიზმი გარკვეული ხარისხით ემატება და ავსებს დემოკრატიული მმართველობის კონსტიტუციურ სისტემას. იგი კონსტიტუციით აღიარებულ მექანიზმებთან ერთად, საშუალებას იძლევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღოს სოციუმის იმ ნაწილმა, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით არ აქვს პირდაპირი დაშვება ხელისუფლებაში. რაც თავის მხრივ აფართოებს წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული სუბიექტების მაქსიმალურ ჩართვას აღნიშნულ პროცესში.


გამოყენებული   ლიტერატურა:    

  1. გურგენიძე ვ. “საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია”, თბ. 2006
  2. კვესელავა ი., შუბითიძე ვ. პოლიტოლოგია (პოლიტიკური თეორია და პრაქტიკა), თბ. 2009
  3. “ლობიზმის სამართლებრივი რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკაში”, კორუფციის კვლევითი ცენტრი, თბ. 1998
  4. ნადარეიშვილი გ. “მსოფლიოს პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია”, თბ. 2008; 
  5. უილკოქსი დ. ლ.. კამერონი გ. ტ. “საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა”, ქართული გამოცემა, გამომცემლობა “დიოგენე”, თბ. 2011
  6.  Berry Jeffrey M. , Clyde Wilcox “Interest Group Society”, 5th Edition, Longman Publishing Group, 2008
  7. Cawson A. Corporatism and Political Theory, Oxford, 1986
  8. Encyclopedia of American Government and Civics, by Michael A. Genovese and Lori Cox Han Copyright, New York, 2009
  9. Encyclopedia of Interest groups and Lobbyists in theUnited States, Brooklyn College, City University of New York, by M.E. Sharpe INC, 2000
  10. Griffith G., The Regulation of Lobbying, , Briefing Paper No 5/08, 2008
  11. Mannheim Karl, The American Science of Politics, Taylor & Francis e-Library, 2001
  12. Zetter Lionel “Lobbying: The art of political persuasion”, Great Britain, 2008
  13. Jordan Grant and Maloney William A. Democracy and Interest Groups, 2007
  14. The encyclopedia of political science, editor in chief: Kurian G. T., CQ Press, Washington, 2011;
  15. U.S. Lobbying Disclosure Act of 1995, (ინტერნეტ რესურსი: http://www.senate.gov/legislative/Lobbying/ Lobby_Disclosure_Act/co...)
  16. Consolidation Lobbying Act R.S.C., Canada, 1985, (Published by the Minister of Justice at the following address: http://laws-lois.justice.gc.ca)
  17. Белоусов А.Б. Дискретная модель лоббистской коммуникации, ж. “Полис (Политические исследования)”, 2006
  18. Батлер Джудит, Психика власти: теории субъекции. Пер. с англ. Харьков, 2002
  19. Дегтярев А.А. Основы политической теории. М., 1998
  20. Джордан Г., Группы давления, партии и социальные движения: Есть ли потребность в новых разграничениях?, Журн. “Мировая экономика и международные отношения”, 1997, №1
  21. Золотарева Е. В. Группы интересов в политике, жур. Вестник РУДН. Сер. Политология. – 2000. №1
  22. Кули Ч. Х., Человеческая природа и социальный порядок, Пер. с англ., под общей научной редакцией Толстова А. Б.; М., 2000
  23. Манен Б., Принципы представительного правления, Пер. с. англ. Рощуна Е.Н., науч. ред. Хархордин О.В., СПБ, 2008
  24. Меркель В., Круассан А., Формальные и неформальные институты в дефектных демократиях, “Полис (Политические исследования)”, 2002. #2
  25. Павроз А. В. Группы интересов и лоббизм в политике, Санкт-Петерб., 2006
  26. Скотт М. Катлип, Аллен X. Сентер, Глен М. Брум, Паблик рилейшенз. Теория и практика, 8-е изд. : Пер. с англ. М. Издательский дом "Вильямс", 2005
  27. Тилли Чарльз, Демократия, пер. с англ. М., 2007
  28. Шмиттер Ф., Неокорпоративизм, Jur. «Полис (Политические исследования)», 1997. №2


დანართი   1

ლობიზმი მეტად თვითმყოფადი და უნივერსალური მოვლენაა და იგი გარკვეული ფორმით ყველა ტიპის საზოგადოებაში არსებობს.

მიუხედავად, 26 წლის დამოუკიდებლობისა, საქართველოში ჭარბობს სოციალისტური ცნობიერება და მასში ჩადებული ნეგატიური დამოკიდებულება ლობისტური საქმიანობისადმი. ყველას ავიწყდება, რომ ლობიზმი საბჭოთა კავშირშიც იყო დაფიქირებული. მსხვილ ლობისტთა ჯგუფებს შეადგენდნენ სამხედრო-სამრეწველო, აგრარულ-სამრეწველო და სხვა გავლენიანი კომპლექსის, რეგიონალური ელიტის, პარტიულ ბიუროკრატიასთან შეზრდილი ცალკეული სამრეწველო სტრუქტურების წარმომადგენლები[26], რომელთა საქმიანობა „სოციალისტური დემოკრატიის“ ფონზე საზოგადოების ფართო მასებისათვის მიუწვდომელი და ფარული იყო, და რომლებიც ეფექტურ გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების მათთვის სასარგებლო ფორმით მიღებაზე.

 

 


დანართი 2

უმსხვილესი ლობისტური ორგანიზაციები და მათი შემოსავლები 2016 წელს [27]

 

Akin, Gump et al                                           $27,700,000

Brownstein, Hyatt et al                                  $19,590,000

Podesta Group                                                $17,970,000

Van Scoyoc Assoc                                          $15,250,000

Holland & Knight                                          $14,470,000

Squire Patton Boggs                                       $13,760,000

K&L Gates                                                      $12,430,000

Cornerstone Government Affairs                  $12,410,000

BGR Group                                                     $12,300,000

Capitol Counsel                                              $12,240,000

Williams & Jensen                                         $12,190,000

Peck Madigan Jones                                       $10,080,000

Fierce Government Relations                        $9,730,000

Ernst & Young                                               $9,550,000

Covington & Burling                                     $9,363,000

Capitol Tax Partners                                      $9,230,000

Mehlman, Castagnetti et al                            $9,130,000

Cassidy & Assoc                                             $9,070,000

Alpine Group                                                 $8,520,000

[1] - *ლობიზმის* გავრცელებას   უკავშირებენ ვაშინგტონში არსებულ სასტუმრო "ვილლარდს" (Willard InterContinental Washington). სასტუმროს ფოიეში (ვესტიბიულში) ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და მიეწოდებინათ მათთვის თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან თუ კანონპროექტთან დაკავშირებით.

[2] - Mack, C.S. Business, Politics and the Practice of Government Relations. Westport: Quorum Books. 2, 1997, cit. Conor McGrath, Comparative Lobbying Practices: Washington, London, Brussels, University of Ulster 

[3] -  Van Schendelen R. National Public and Private Lobbying, Aldershot, Dartmouth, 1993

[4]  - Milbrath, L. Lobbying as a Communication Process, Public Opinion Quarterly, 1960

[5] -  Куме К., Лоббизм и его регулирование: советы британского эксперта, Jurn. „Бизнес и политика“, 1994. № 1

[6] - Jaatinen M. „Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies“, Helsinki, 1999, გვ. 5.

[7] -  Jaatinen M. „Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies“, Helsinki, 1999

[8] - Жиро Т. Политология, Пер. с польск., Харьков, 2006, გვ. 94

[9] - Алмонд Г., Пауэлл Дж., Стром К., Далтон Р. А Сравнительная политология сегодня: Мировой обзор, пер. с англ. А С. Богдановского, Л. А. Галкиной; Под ред. М. В. Ильина, А Ю. Мельвиля, М.: Аспект Пресс, 2002

[10] - Белоусов А.Б. Дискретная модель лоббистской коммуникации, Jur. “Полис (Политические исследования)”, 2006, №4.   

[11]  - Miia Jaatinen “Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies”, Helsinki 

[12] - Berry J. M. Lobbying for the People: The Political Behaviour of Public Interest Groups. Princeton: Princeton University Press, გვ. 213-214

[13] - Фарнель Ф. Ж., Лоббирование стратегии и техники вмешательства, Монография, Les Éditions d’Organisation, Париж 1994, Пер. с франц. გვ. 60

[14] - მაგშტადტი თ.მ., გავიგოთ პოლიტიკა, იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები, ქართული გამოცემა, თბ., 2010   

[15] -  Berry Jeffrey M., The interest group society, Scott, Foresman, 1989

[16]  იხ. დანართი N1

[17]  -  რობინსი ს. პ., ჯაჯი ტ. ა., ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები, ქართული გამოცემა, მთარგმნელი თ. თურმანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2009

[18]  -  Джордан Г., Группы давления, партии и социальные движения, Журн. “Мировая экономика и международные отношения”, 2007, №2

 

[19]  -  Baumgartner F. R. and Leech B. L., Basic interests: the importance of groups in politics and in political science, Princeton University Press, Princeton, New Jersey, 1998 

[20]  -  ჰეივუდი ე., პოლიტიკა, ქართული გამოცემა, მთარგმნელები ჭუმბურიძე გ., ჭელიძე ზ., თბ., 2007, 

[21] Baumgartner F. R. and Leech B. L., Basic interests: the importance of groups in politics and in political science, Princeton University Press, Princeton, New Jersey

[22] Гамильтона А., Мэдисона Дж. и Джея Дж., Федералист: Политические эссе., Пер. с англ.

[23] Cawson A. Corporatism and Political Theory, Oxford, 1986, გვ. 38

[24] იხ. დანართი N2

[25] -  Кули Ч. Х., Человеческая природа и социальный порядок, Пер. с англ., под общей научной редакцией Толстова А. Б.; М., 2000 

 

                   

[26]  - H. Gordon Skilling and Franklyn Griffiths ““Interest groups in Soviet politics”“, Princeton University Press, Neu Jersey 

[27]  - https://www.opensecrets.org/lobby/top.php?indexType=l&showYear=...

ტეგები: Qwelly, ნაშრომები, პოლიტიკა, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 7

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters