ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ჩოხელი

პოსტი: ხუთქალაქა საქართველო, კალაძე მერად, კონსტიტუცია და მუხთარლი

      ახალი კვირის დასაწყისი, მძიმე სამუშაოს და ბევრ სიახლეს გულისხმობს, თუმცა ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სამუშაო პროცესიც უფრო ზანტი ხდება. მესამე…

დაამატა Giorgi at 11:35pm on ივნისი 5, 2017
თემა: სიკვდილთან ღრეობა
_ ეშმაკებისა, რომელიცღრმა ხევში იკარგება.       ყოველ წელიწადს ციკანსა კლავენ ნიშთან, დასტურები მთის წვეროდან თავმოჭრილ ციკანს გადმოისვრიან ქვემოთ. ხალხი ცდილობს, სამანს ზემოთ, ღვთის კუთვნილ ადგილზე დაიჭირონ მთიდან დაგორებული თიკანი და თუ ეს შეძლეს,  ხარშავენ ხორცს და თითო წილს აჭმევენ ყველას.       თუ ციკანი სამანს გადაუცდათ, მაშინ იგი «ეშმაკების წილია», თავს ანებებენ და დაღონებულები მიდიან შინ.       გათენდა. გუდამაყრის ხეობაში პირველი მზის სხივი ჩამოდგა, არაგვის ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას მთის ფერდს აღმა აუყვა,  მეორე ნახევარი კი ისევ ხეობაში დარჩა, არაგვს გადაეფარა, ჩაიწეწა, ჩაიწეწა და ჩაქრა.       მზემ გაანათა გუდამაყრის ხეობა.       ჩოხის წინდა გიორგის სალოცავში დილიდანვე იწყო ხალხმა მოდენა. ამოვიდა ბიბღაი, ხმელ ხმელი ყბებმოგრეხილი დეკანოზი. ამოვიდა ომარათ სანდურაი,  ამოვიდა შუღლიანთ ზორაი, იმათ მოჰყვნენ ქორაი, გამიხარდაი, ბიბღაი, შეთე, ბასაი,  მწარიაი, ჭიჭყაი, ჯღუნტაი, ტატაი, მერე და მერე კი განუწყვეტლად იწყეს ჩოხლებმა მოსვლა. მოვიდოდნენ გორზე, მოიყრიდნენ და ამის შემდეგ საჯაროში სხდებოდნენ.  ქალები კი ხატის ქვემოთ, სამანთან ჩერდებოდნენ, იქ ილოცებოდნენ და სხვა ქალებს უერთდებოდნენ. თემის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ ხატის გორაზე ფეხის დადგმა, იქ მხოლოდ კაცები მიდიან და ისიც მარტო დღეობის დღეს, უდღეო დღეს ისინიც ერიდებიან ხატის მოედანის შელახვას.       ამოვიდა ბერი, დაილოცა, მიწას სამჯერემთხვია და ხალხთან მივიდა.       - წყალობათ ხატისა! _ თქვა ბერმა.       - შენიმც მწყალობელია, _ უპასუხა ხალხმა.       ჯღუნამ ლუდიანი თასი მიაწოდა ბერს. ბერმა თასი ჩამოართვა, დაილოცა და დალია.      -ბერო, წელს ხომ იცი, შენ უნდა დაკლა ციკანი, შენირიგია, _ უთხრა ბიბღამ.      _ ვიცი, _ მიუგო ბერმა, _ ბალღი გავგზავნე მთაში ჩამოსაყვანად.      _ ნუ დაიგვინებთ, _ თქვა ბიბღამ და წამოდგა. ყველანი მას მიაჩერდნენ. ამ მოხუცს ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, ძნელად მოსწყვეტდა კაცი თვალს. მაღალი იყო, ხმელი, მარტო ყბები ჰქონდა როგორღაც მრუდედ მოგრეხილი და ეს უფრო ამკვეთრებდა მის ისედაც მკაცრგამომეტყველებას. სოფლის ზემოთ პატარა ბიჭი გამოჩნდა. მხრებზე თეთრი ციკანი მოეგდო. მოვიდა და ბერის ახლოს დადგა. ციკანმა თმა აულოკა დაღლილ ბიჭს, მერე ხალხს მოავლო თვალები და დაიკიკინა.       _ აბა, მოვკრიბოთ სანთლები. ნუღა დავყოვნდებით! _ უხმო დასტურებს დეკანოზმა.       დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და სამ-სამი სანთელი გამოართვეს:       _ სწყალობდეს ბერსა!       _ სწყალობდეს ჯღუნასა!       _ სწყალობდეს მარტიასა!       _ სწყალობდეს ქორასა! _ გაიძახოდნენ დასტურები ხმამაღლა და სანთლებს ჰკრეფდნენ.       _ აბა, წავედით! _ თქვა ბიბღამ, წვრილი ზარებით მორთული დროშა მხარზე გაიდო და ხალხს ელიას მთისკენ წაუძღვა. მარტო დედაკაცები დარჩნენ თავის ადგილზე. ფეხზე წამოდგნენ და ისე გაჰყურებდნენ მთის ფერდზე მიმავალ ხალხს,  რომელთაც სულ წინ მხრებზე ციკანმოკიდებული თორმეტიოდე წლის ბიჭი მიუძღვებოდა, იმას უკან დეკანოზი მოსდევდა ზარ-ბაურაყის ჟღრიალით, ხოლო მოშორებით დასტურები და სხვა ჩოხლები მიჰყვებოდნენ.       დეკანოზმა ბიჭს უბრძანა, დაწინაურებულიყო და მთის წვერზე მიეყვანა ციკანი.  ბიჭი სწრაფად წავიდა. დეკანოზმა სამანს ზემოთ დაამწკრივა ხალხი და თვითონაც მთის წვერისაკენ აუყვა აღმართს.       ბიჭი დეკანოზის მოსვლას ელოდებოდა ნიშთან, ციკანი წინა ფეხით ეჭირა და ეალერსებოდა. თოვლივით თეთრი იყო პატარა ციკანი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ბიჭს ლოყაზე ენით ლოკავდა და თითქოს ელაპარაკებოდა, რაღაცას კიკინებდა.       დეკანოზი თანდათან ახლოვდებოდა. ელიას მთის წვერზე, ნიშანთან უამრავი ციკნის თავი ეყარა. ზოგი დროთასვლას უკვე ნაფშვენებად ექცია. ზოგს კი ჯერ ისევ შერჩენოდა თავის ფორმა. წესი იყო, მოჭრილი თავების აქ დატოვება და, რადგან მაღალი მთა იყო, ეტყობა, ნადირიც ერიდებოდა აქ მოსვლას, მარტო ყვავ ყორნები თუ ჩამოსხდებოდნენ ხანდახან, ისინი აქვე ჭამდნენ ლეშს, და ძვლებსაც აქვე სტოვებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენი ძვალი დაგროვილიყო,  შემოქმედსრომ ხელახლა მოენდომებინა იმ ციკნის თავებისათვის სულის ჩაბერვა და იმ თავებს რომ ერთად შეებღავლათ ცისათვის, ალბათ ცა გაიხეოდა ცოდვით. დღეს კიდევ ერთი თავი უნდა შემატებოდა ამ გამოხრულ ძვლებს.       დეკანოზი მთაზე ავიდა, დაიჩოქა და ისევ სამჯერ ემთხვია მიწას. მერე წამოდგა,  ქვემოთ რომ შეაგროვეს დასტურებმა, ის სანთლები აანთო და კარგა ხანს ილოცებოდა. ეხვეწებოდა ელიას, შენმა ძალამ კარგად ამყოფოს ჩოხლების გვარი,  სეტყვა და ქარიშხალი აარიდოს, ქვის საგორავი აშოროს, წარღვნას ნუ მოუვლენსო..       ბიჭი იდგა, ცალი ხელით ციკანი ეჭირა და წელში ოდნავ მოხრილი უსმენდა. ბიბღამ ლოცვა დაასრულა, სანთლები შემურულ ნიშის ქვებზე მიაკრა და ხანჯალი ამოსწია. ბიჭმა ციკანი წამოაქცია, ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და მერე, როცა დეკანოზმა ციკანს თავი გადაუწია, რომ ხანჯალი მარჯვედ გადაესვა, ბიჭმა განზე გაიხედა. ახლა ის მარტო მოპირდაპირე მთის წვერს ხედავდა და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ჭრიდა დეკანოზი თავს თიკანს. მერე თავმოჭრილი ციკანი აფართხალდა და ბიჭმა ხელები გაუშვა.       დეკანოზმა ციკნის თავი ნიშზე ჩამოაგო, მერე თავმოჭრილი სხეული აიღო,  ქვემოთ, ხალხისაკენ გადაისროლა და ხმამაღლა დაიძახა:       _ ელიასა და ზაქარიას გაუმარჯოს!       _ გაუმარჯოს! _ დაიძახა ხალხმა ქვემოდან და ციკნის დასაჭერად აღმა გამოიქცნენ,  ეშინოდათ, სამანს არ გადაგვიცდეს, თორემ ვეღარ ვჭამთო. მართლა მალევე დაიჭირეს და დეკანოზს დაელოდნენ.       _ წავიდეთ, _ უთხრა ბიბღამ ბიჭს, რომელიც გაშტერებული უყურებდა ნიშზე ჩამოგდებულ ციკნის თავს. თავი თვალებს ახამხამებდა.       _ წავიდეთ, რაღას უყურებ! _ გაუმეორა ბიბღამ.       _ არკვდება, _ თქვა ბიჭმა.       _ მოკვდება, მა რას იზამს! _ ბიბღამ დროშა მხარზე გაიდო და ქვემოთ დაეშვა. ბიჭი უკან გაჰყვა, მერე შედგა და ყური მიუგდო.       _ გაიგონე? _ იკითხა ბიჭმა.       _ რა?       _ თიკანმა დაიკიკინა.       _ მოგეჩვენა ალბათ, _ თქვა დეკანოზმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ისევ მოისმა ციკნის ხმა. შემობრუნდნენ და მოჭრილ თავს დააშტერდნენ.       თავს წვეთ წვეთ ჩამოსდიოდა სისხლი. ისევე გაშტერებული თვალებით უყურებდა ბიჭსა და დეკნოზს, დროდადრო თვალებს აახამხამებდა და უწყლობით ენას ჰაერში ალივლივებდა. ქვებზე მიკრულ სანთლებს ტკრციალი გაჰქონდა, ზედ სისხლის წვეთები ეცემოდა და შიშხინებდა. აქა იქ მიმოყრილი ძვლები სისხლით იყო გათხუპნული. ციკნის თავი ისევ მიშტერებოდა ბიჭსა და დეკანოზს.       _ რატომ არა კვდება? _ იკითხა ბიჭმა.       _ ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს, მიუგო დეკანოზმა.       _ რო არმოაკითხოს?       _ ეგ არშეიძლება..       _ რატომ?       _ ეგეთია წესი.       _ სიკვდილისა და სიცოცხლის წესი, _ აუხსნა დეკანოზმა, მერე პირჯვარი გადაიწერა და შებრუნდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ შეხედა ციკნის თავს, რომელიც ჰაერშივე ალივლივებდა უწყლო ენას და დეკანოზს წაჰყვა. თვალებში შიში ედგა.                    ხალხთანრომ ჩამოვიდნენ, ელდა ეცათ, ციკანი ისევ ფართხალებდა.       _ არა კვდება, _ თქვა ბერმა.       დეკანოზმა ხმა არ ამოიღო, ხალხს წინ გაუძღვა და ხატის გორზე გავიდა.       ხალხი დიდხანს ელოდა ციკანის სიკვდილს, მაგრამ ის მაინც ფართხალებდა, მანამ უკანასკნელი სისხლის წვეთი ედგა ძარღვებში, მერე ჩაწყნარდა და ოდნავღა ფეთქავდა.       _ მოკვდა, _ თქვა ბერმა და გაატყავა.       ხალხი საფიხვნოში დაჯარდა და დაიწყო სმა, ბერმა ცეცხლზე შემოდგა ციკნის ხორცი. ჯღუნამ ქალებს ჩაუტანა ლუდი. იმათ გარმონი დაუკრეს და ხატის გორს სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა მუსიკამ. გამხიარულდნენ ჩოხლები. გააჩაღეს ცეკვა.       უცებ მუსიკა შეწყდა, მეგარმონე გოგომ პირველმა დაინახა მათკენ მომავალი საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცი. ყველამ იქით მიიხედა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს დამუნჯდნენო.       მოდიოდა ყმაწვილი კაცი ხატის გორისკენ, ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერი სამოსელი ეცვა მსუბუქად, ქერა კულულები მხრებზე ეყარა, მივიდა, გორზე მუხლი მოიყარა, მიწას სამჯერაკოცა, ადგა, ხალხთან მივიდა და თქვა:       _ წყალობაი ხატისა!       _ შენიმც მწყალობელია, _ ამოღერღეს აქეთ იქიდან უცნობის სილამაზით დატყვევებულებმა.       _ მიმიღებთ? _ იკითხა მოსულმა და რომ გაიღიმა, ისეთი სიკეთით გაუნათდა სახე,  ყველასღიმილი მოეფინა.       _ მიგიღებთ, რატომ არა, სტუმარი ღვთისაა, _ დაიძახეს გაბედულად და საუფროსოსკენ მიიპატიჟეს.       _ აქეთ, აქეთ!       მიიყვანეს და დეკანოზის გვერდით დასვეს. ჯღუნამ თასით ლუდი მოართვა.  სტუმარმა თასი ჩამოართვა და დაილოცა:       _ გაგიმარჯოთ ჩოხლებო, კარგად იყვენით, სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.       _ ეგრევე შენ, _ დაიძახეს აქეთ იქითიდან. იმან დიდი სიამოვნებით მოიყუდა თასი დარომ გამოცალა, ისევ გაიღიმა.       სანამ ხორცს მოვიტანდეთ, პურაი შაჭამე. _ ქადის კვერი მიაწოდა დეკანოზმა.       _ გმადლობთ, _ ისევ თავაზიანად თქვა უცნობმა. ხალხი დააბნია ამ თავაზიანობამ.  მერე ბერმა მოხარშული ხორცი მოიტანა ხონჩით და სუფრაზე ჩამოდგა. ცხელი ოხშივარი ასდიოდა ხორცს.      _ აბა, დაგვილიე სტუმარო! _ ყანწით არაყი გაუწოდა ჯღუნამ.. იმან გამოართვა,  დაილოცა და ყანწი ისევ უკან გაუწოდა.       _ დალიე! _ არა ვარმიჩვეული, ვერ დავლევ.       _ როგორ, კაცი არა ხარ, ერთ ყანწსროგორვერ დალევ, გაცნობისა, შამოსწრებისა.       სტუმარმა ყანწი მოიყუდა და სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა დალევა.       _ ხორცი აიღე, _ უთხრა ბერმა.       _ არა, ხორცს არა ვჭამ, _ იუარა და ისევ ქადას დაეწოდა.       აქ მყოფთ ეს განცხადება გაუკვირდათ. ისინი ისე გულიანად ილუკმებოდნენ ციკნის ხორცს, რომ ვერ წარმოედგინათ, რატომ ამბობდა სტუმარი ასეთ სიამოვნებაზე უარს.       გაჩაღდა სმა-ჭამა. ყანწებს-ყანწებზე სცლიდნენ ჩოხლები და არაყსა და ლუდს თანდათან თავისი გაჰქონდა. სტუმარსაც აძალებდნენ, მაგრამ ის სმას ერიდებოდა.       ქვემოთ მყოფ ქალებს ისე მოეწონათ სტუმარი, სულ გადაავიწყდათ, სამანს ქვემოთ რომ უნდა ყოფილიყვნენ. ახლოს მივიდნენ, რომ უფრო კარგად დაეკვლიათ მოსულის სილამაზე. ეს შეამჩნია დეკანოზმა, წამოდგა, ბაურაყი შეაჟღრიალა და ამით ქალებს ანიშნა, ქვემოთ ჩამოსულიყვნენ. იმათ ჩუმი ჩურჩულით ჩაიწიეს სამანს ქვემოთ და ცეკვა გააჩაღეს.       კაცები უკვე კარგა იყვნენ მთვრალები. მღეროდნენ. ახლა უფრო დააძალეს სტუმარს არაყი, მაგრამ იმან მეტი აღარ დალია, მარტო დაილოცა და ყანწი ისევ ჯღუნას გაუწოდა.       _ მე შენი საქციელი არმამწონს, _ უთხრა ჯღუნამ და საჩხუბრად აიფხორა.       _ ჯღუნავ! _ დაუძახა ბერმა.       _ რა გინდა?       _ სცდები, ჯღუნავ! _ თქვა ბერმა და სტუმარსა და ჯღუნას შუაში ჩაუდგა.       _ მე ჩემი მითქვია და ვიტყვი კიდეც, ყანწი თუ გამოართვი, კიდეც უნდა დალიო, _  გაიძახოდა ჯღუნაი.       ქალები ქვემოთ ცეკვავდნენ.       _ ჩამოდით! ჩამოდით! _ შემოსძახოდნენ ახალგაზრდებს.       _ შენ არ გეწყინოს, ჯღუნამ ყველასთან ეგეთი ახირება იცის, _ ეუბნებოდა ბერი სტუმარს.       _ არა, რატო უნდა მეწყინოს. _ თქვა სტუმარმა.       ამასობაში იმ დრომ მოაწია, როცა, ჩვეულებისამებრ, ჩოხლებს ერთმანეთი ძალაში უნდ გამოეცადნათ. ხატის წინ, სწორ მოედანზე ლუდით სავსე კოდი დადგეს და ახალგაზრდები გარშემო შემოეხვივნენ.       იმათ შორისრამდენიმემ კოდს ხელები ჩაავლო.       _ რას აპირებენ? _ იკითხა სტუმარმა.       _ ძალას სცდიან, ვინც ძლიერია, ის გადასწევს ამ კოდს.       _ შეიძლება მეც ვცადო? _ შეიძლება, მიდი, _ მიუგო ბერმა და სტუმარი კოდთან მიიყვანა. ამ ამბავმა ისედაც ცნობისმოყვარე ჩოხლებს გული აუჩქროლა და გარს შემოეხვივნენ კოდის გარშემო შემოწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც თავ თავისკენ ცდილობდნენ კოდის გადაწევას. დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი, სტუმარმა კოდი ისე მძლავრად გადასწია, ახალგაზრდებიც თან გადაიყოლა.       ქალებში ჩურჩული ატყდა. ჯღუნაი ისევ საჩხუბრად აიფხორა, მაგრამ დააწყნარეს და სტუმრის საკარგყმო ჩამოატარეს. წესის მიხედვით, იმ კოდში მდგარი ლუდით გამარჯვებულის სადღეგრძელო ისმებოდა ხოლმე.       ჯერ დეკანოზმა აიღო თასი და მანამ ლოცვას დაიწყებდა მოკრძალებით თქვა:       _ არ გვიწყინოთ კია, სტუმარს რომ სახელს გეკითხებით, მაგრამ წესია, სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას:       _ სიკვდილი, _ უპასუხა სტუმარმა.       _ რაო?!       _ სიკვდილი მქვია.       ხალხი უცებ გაისუსა. დეკანოზს კინაღამ თასი გაუვარდა ხელიდან.       _ მართლა?!       _ ჰო, მართლა, _ თქვა სიკვდილმა და ისევ ისე გაიღიმა. ხალხსაც გაეღიმა იმის სახის დანახვაზე.       _ ტყუის, _ გადაიხარხარა ვიღაცამ.       _ არა, არვტყუი, სიკვდილი ვარ.       _ მერე აქრა გინდა?!       _ როგორ თუ რა მინდა, რომ არმინდოდეს, ხომ არც მოვიდოდი.       _ თუ ძმა ხარ, ნუ გვაგიჟებ, თქვი, ვინა ხარ?!       _ მე ვარ სიკვდილი, თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრა და იმიტომ მოვედი,  მილიონი წლების განმავლობაში ერთი დღე შემიძლია ადამიანთან ყოფნა და სწორედ ახლა დამიდგა ეს დღე.       _ თფუი ეშმაკს,თფუი ეშმაკს! _ აყაყანდა ხალხი.       _ მოიცა, მომისმინეთ, არგაინტერესებთ? _ თქვა სიკვდილმა. ხალხი გაჩუმდა.       _ დღეს მზის ჩასვლამდე მაქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცი, რატომ მოვედი? ძალიან მენატრებით ხოლმე.       _ ვიცით, ვიცით! _ თქვა ჯღუნამ.       _ ჯღუნავ, რამდენიც არ უნდა იბრაზო, მაინც არ აგყვები, ერთი დღე მაქვს ადამიანურად ყონის ნება და, რა ძალა მადგას, შენთან ვიჩხუბო.       _ ნუ იტყუები! _ გაბრაზდა ჯღუნაი.       _ რას ვიტყუები.       _ სიკვდილი არა, ისა ხარ, აი, კირაკოზაი, ლაწირაკი ხარ, ვიღაცა ხარ.       _ რატომ არა გჯერა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ,  მე კიდეც გამეხარდება. დღეს ისეთი დღეა, ქვეყანაზე არცრა სულიერი არმოკვდება.                 _ მაშ ეს ციკანი? _ თქვა ჯღუნამ და გამოხრული ძვალი თვალწინ დაუტრიალა სიკვდილს.       _ ეგ არმომკვდარა.       _ როგორ, ეხლა არშავჭამეთ? ვერ დაინახე? შენ არა თქვი, ხორცს არა ვჭამო?       _ ჰო, მე ვთქვი..       _ მერე?!       _ მერე ის, რომ არც ეგ თიკანი მომკვდარა.       _ რას მიჰქარავს ეს კაცი!       _ არ შეიძლებოდა, რომ მომკვდარიყო იმიტომ, რომ დღეს მე ადამიანად მაქცია ღმერთმა და მზის ჩასვლამდე ასე იქნება, ჩემი მოკვლა შეიძლება მარტო, სხვა დანარჩენი არავის და არარისა. ეს ციკანი კიდევ ცოცხალია და აგერ თავი მოდის ძვლებთან..       ხალხმა იქით მიიხედა. გორდაგორ თავი მოგორავდა, სამანთან გაჩერდა და ხალხს მიაშტერდა, გამშრალი ენა გაალივლივა და დაიკიკინა. იმავე წუთს გადაგორდა და თან გაიყოლა ყველა ძვალი, რომელიც კი მას ეკუთვნოდა. კარჩხაზე ჩამოკიდებული ტყავიც თან გაჰყვა..       ხალხს შიშისაგან კანკალი მოერია, და ენას ვეღარავინ ძრავდა.       _ რა გაშინებთ, ხალხო. თქვენთან სამხიარულოდ მოვედი, თქვენ კი.. მოდით,  დასხედით, დავლიოთ ჩემი საკარგყმო, _ ხალხი დაეთანხმა და ჩამოარიგეს თასი.       _ სიკვდილს გაუმარჯოს! _ თქვა დეკანოზმა.       _ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს!        გამხიარულდა სიკვდილი, ყანწს ყანწზე სცლიდა და მღეროდა. ხალხი ისევ მიეჩვია. ბერს ისე შეუყვარდა, გვერდიდან აღარ სცილდებოდა, მერე ძმად გაეფიცა:  არყიან თასში ვერცხლი ჩათალეს და ისე დალიეს.       _ ამის შემდეგ ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს, _ უთხრა ბერმა სიკვდილს და ჯღუნას გადახედა.       ქვემოთ ისევ ცეკვავდნენ ქალები. სიკვდილი ადგა და საცეკვაოდ ჩავიდა. ქალები ერთმანეთს აღარაცლიდნენ მასთან ცეკვას.       დიდებათიდან ერთი შავოსანი ქალი ამოვიდა. ჯოხზე დაეყრდნო, სიკვდილს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:       _ რატომ მოკალი ჩემი ქეთინო?       _ დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამიმწარებ?!       _ მერომ ჩამიმწარეს ცხოვრება?!       _ განა შემეძლო, არმომეკლა?!       _ არშეგეძლო?       _ სიბერემდე მაინც დაგეცადებინა.       _ სიბერემდე? _ ჰო, სიბერემდე.       _ არ შეიძლებოდა.       _ რატომ?       _ არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ აგიხსნი.       - მაშროდის?       _ მერე..       _ არ შაგენანა?       _ იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ.. თუმცა რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს.       _ მერე სად მიგყავართ ხოლმე, შვილო, ჰა?       _ მაგის თქმა არშემიძლია, დედი.       _ დედა გყავს, შვილო?       _ არა.       _ ობოლი ხარ?       _ ჰო, ობოლი ვარ.       _ მაინცრატომ გვკლავ, ჰა?       _ იმიტომრომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.       _ ესრა სიკეთეა, შვილო?       _ აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არიქნებით?       _ რატომაც არა..       _ არ შაგწყინდებათ?       _ რო დავბერდებით, მერერაც გინდა, ის გვიყავი.       _ ყველარომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლესფასი აღარექნება.       _ ეგ ბოროტება არის, შვილო.       _ მაგრამ, წესია.       _ ქრისტეს რაღას ერჩოდი?       _ ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა. თქვენ ეს დიდი ბოროტება გგონიათ. იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ,  თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას,  რაც უნდა მოხდეს, და ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია.. აუცილებლობა კი სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას.. მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ სიკვდილი. იცით, თუ გინდათ ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული.. დრო მიდის, მოდი, ვიცეკვოთ, დაუკარით! გოგოებმა გარმონი დაუკრეს და მერე ცეკვა გააჩაღეს, თვითონ დედამიწაც კი აცეკვდა.       ხატის გორზერამდენიმე კაცი საიდუმლოდ ჩურჩულებდა.       ცეკვავდა სიკვდილი. დროდადრო მზეს გახედავდა და გული წყდებოდა. რომ ჩასვლამდე დიდი მანძილი აღარ ჰქონდა მზეს. ბერი გვერდიდან არ შორდებოდა ძმადნაფიცს. პატარა ბალღები ჟივილ ხივილით გარს უვლიდნენ. გულიანად იცინოდა სიკვდილი, სახეზე სიკეთე გადასდიოდა.       მერე ყველა ცეკვავდა, დიდი და პატარა. რატომღაც ისეთ სიყვარულს გრძნობდნენ სტუმრის მიმართ, ყველა მზესღა შეჰყურებდა სინანულით.       მარტო რამდენიმე კაცი ჩურჩულებდა საიდუმლოდ. იმათ შორის იყო ჯღუნაიც.  მერე იმათაც ცეკვა დაიწყეს და თანდათან სიკვდილს მიუახლოვდნენ. უცებ ჯღუნამ ხანჯალი იშიშვლა და გულში ჩასცა ხელებგაწვდილ სიკვდილს, რომელიც მაშინვე მოწყვეტით დაეშვა ძირს.       უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდანფრთხილად ამოაძრო ხანჯალი.       ჯღუნაი ხატის გორზე გარბოდა აღმა, ელიას მთისკენ.       ხალხი უხმოდ დაჰყურებდა მომაკვდავს, რომელიც ისე კეთილად უღიმოდა მათ,  ძალაუნებურად ყველას გაეღიმა. მერე იმან ხელი ხელზე მოუჭირა აცრემლებულ ბერს, თვალები დახუჭა დაფეთქვა შეწყვიტა.       იმწუთში ყველა იქ მყოფი დიდმა სინანულმა შეიპყრო. ტიროდნენ პატარა ბალღები, ტიროდა ბერი. იმ შავოსანმა დედაბერმა ხმით დაიტირა:  _ ჩვენთანრა გინდოდა, ჩემო შვილო,  ჩვენთან შენნაირებს ვერიხდენენ,  აგრემც შენ სიყმეს შემოვევლე მიწაშიროგორღა მოისვენებ.  შავად ჩაგეშლება ასოობა.  თვალებს გველები წაგიღებენ,  ნუღარმოიგონებ აქაობას,  აქ შენნაირებს არიხდენენ.  არა, ჩემო შვილო, არგვიწყინო,  წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე..             ხალხი ისე დაღონდა, აღარ შეეძლო ამ სურათის ყურება. საჩქაროდ გათხარეს მიწა და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი. მერე ზემოდანაც ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას..       მზე ნება-ნება ჩაესვენა მთებს იქით და გუდამაყრის ხეობას სიბნელე ჩამოებურა.  მეორე დილით კი, მე თვითონვე ვიყავ იმის მოწმე, როგორ ამოვიდა მზე. ოღონდიქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა,  აიწია, და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე.    ამონარიდი რომანიდან "ადამიანთა სევდა" გ. ჩოხელი   …
დაამატა თათია to ლიტერატურა at 11:08pm on აპრილი 27, 2014
თემა: სულეთის კიდობანი (დასასრული)
ასევე ფრინველთათვის და ცხოველთათვის. არც ყოველი ხე უნდა მოიჭრას, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, რათა არ წახდეს და არ გამოიფიტოს ჰაერი, მაგრამ ნაყოფის გამომღებ ხეს დიდი ვალდებულება აქვს ღვთის წინაშე. ძველთაგანვე აკრძალული იყო ნაყოფის მომცემი ხის მოჭრა.და იყო ერთხელ ომი ქართველებსა და შემოსეულ მტერს შორის.       ქართველების ციხე მიუვალ კლდეზე იდგა. მტერი გარს ერტყა ციხეს. ციხის ძირში გვირაბი გადიოდა და გვირაბით აჰქონდათ იქიდან ქართველებს წყალი. ციხის გარშემო უფსკრული იყო, ამიტომ მრავალრიცხოვანი მტერი პირდაპირ შეტევაზე ვერ გადადიოდა. უფსკრულის ქვებით და მიწაყრილებით ამოვსება ბრძანა მტრის მთავარსარდალმა. დაიწყეს უფსკრულის ამოვსება. ციხის ზემოთ ცაში აშოლტილი მსხლის ხე იდგა. გაზაფხული იყო და ისე ლამაზად ჰყვაოდა მსხლის ხე, უმთვარო ღამეშიც კი მთვარესავით ანათებდა მისი თეთრად გადაპენტილი ყვავილები. ამ მსხლის ნათელში უთვალთვალებდნენ ერთიმეორეს მტერი და მოყვარე. თანდათან ივსებოდა მიწაყრილით ქართველების ციხის გარშემო უფსკრული, და       უცებ, ცაზე მეხის გავარდნის ხმასავით გაისმა ჭახანი.       ამ ხმაზე კარვიდან გამოვარდა მტრის მთავარსარდალი. იმან თვალი მოჰკრა, როგორ მოწყვეტით დაეცა მიწაყრილის მხარეს მოჭრილი მსხლის ხე, რომელსაც აფეთქებული ყვავილები სცვიოდა და ჰაერში თეთრი ყვავილების კორიანტელი და სურნელი იდგა.       სახე მოეღუშა მტრის მთავარსარდალს. ათასისთავი იხმო და მკაცრად იკითხა: – ვისი ბრძანებით მოიჭრა ეს მსხლის ხე?   -ჩემი ბრძანებით, დიდო მბრძანებელო.       ჯალათს უხმო მთავარსარდალმა და უბრძანა: – როგორც ის ნაყოფისგამომღები მსხლის ხე დაეცა მიწაზე, ისე დაეცეს ამავე წუთში ამისი ტანი!       ჯალათის ხმალმა ჰაერში გაიშხუილა და ათასისთავის სხეული მთავარსარდლის ფეხებთან დავარდა, ხოლო თავი მიგორავდა და ბოლოს ჯერ კიდევ ამოუვსებ უფსკრულში ჩაეხეთქა.   -ცხენი! – ბრძანა მტრის მთავარსარდალმა.       იმისთანა ცხენი მოჰგვარეს, გასაფრენად გამზადებულ ანგელოსს ჰგავდა.   -გახსოვდეთ, როცა გეწინააღმდეგებათ მტერი, საკუთარი სიკვიდილიც არ უნდა დაიშუროთ მის შესამუსრად, ხოლო როცა სიცოცხლეს უსწრაფებთ ნაყოფის გამომღებ ხეს, რომელსაც ერთნაირად მოაქვს სურნელი და ნაყოფი თქვენთვის და თქვენი მოწინააღმდეგისათვის, ღირსი არა ხართ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისა. ასეთია ღმერთის სამართალი და ვინც ამას დაარღვევს, ისევე ჩაგორდება უფსკრულში იმისი თავი, როგორც ათასისთავი ჩაგორდა დღეს.       მოხსენით ალყა!   -მოხსენით ალყა! – ათასისთავებმა გასძახეს ერთ-ურთს.       მხოლოდ წასვლისას დააკარა მტრის მთავარსარდლის მერანმა მიწას ფეხი, მერე გაფრინდა და გაჰყვა ციხესშემოწყობილი ლაშქარი.       ქართველებმა იმ წაქცეული მსხლის ხისაგან გუთანი გამოთალეს, თავიანთ ხმალ-ხანჯლები გადაადნეს და მჭედელს იმ გუთნისთვის სახნისი და საკვეთელი გამოაჭედინეს. იმ გუთნით კი საუკუნეების მანძილზე მარტო იმ ციხის შემოგარენს ხნავდნენ, იქ მოჰყავდათ ქერი, რომლის მარცვლებსაც სალოცავ ხატში აფორებდნენ, იმისაგან ლუდსა და არაყს ხდიდნენ და იმათ შესანდობარს სვამდნენ, ვინც მამულისათვის ბრძოლაში დაეცა. ამავე ეკლესიაში ინახებოდა თასი, რომლითაც იმ მტრის მთავარსარდლის შესანდობარს სვამდნენ, რომელმაც ღვთის წინაშე სამართლიანად დაიცვა ნაყოფის გამომღები ხე.       ძვირფასო, მელია!       აი, ყველაფერი ის, რისი შეტყობაც შევიტყვე ამ ჩვენს მუზეუმში მიყუდებული გუთნის შესახებ. მომიტევეთ, მაგრამ არა მგონია ამ გუთანმა საჩვენოდ გაიმეტოს მომავალ არჩევნებში ხმა.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №14. ზარფუში       (საიდუმლო ინფორმაცია ზარფუშზე) ბატონო პრეზიდენტო!       მე დიდი გულისყურით ვათვალიერებ სამუზეუმო საგნებს, რომელთაც შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასეთი სახელწოდებით უნდა მიიღონ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა: მემუზეუმელთა კავშირი. ამ კავშირს დიდი გამოცდილებაცა აქვს და ბევრი მტერიცა ჰყავს დანარჩენ სამუზეუმო ექსპონატებში, რომლებიც ყოველმხრივ შეეცდებიან სახელი გაუტეხონ მემუზეუმეთა კავშირს და ეს რომ არ მოხდეს, ისევ და ისევ თქვენი დავალებით შერჩეული მყავს ისეთი სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა დავნიშნოთ.ეს ექსპონატი არის ზარფუში. მე არ ვიცი ზარფუში ქართული სიტყვაა თუ სხვა ენიდან შემოპარული ქართულში და ამის გამო შეიძლება ზარფუშის კანდიდატურამ წინააღმდეგობა გამოიწვიოს ჩვენს მოწინააღმდეგე პარტიებში, დაგვაბრალებენ არაეროვნულობას, რომ მუზეუმი სავსეა ისეთი ექსპონატებით, რაც აშკარად არაქართულია და რომ ეროვნული საგნები კიდობანში გვყავს გამოკეტილი (სხვათაშორის მაგ კიდობნის შესახებ მალე შევადგენ საქმეს და მოგაწვდით ინფორმაციას) ერთი სიტყვით, ზარფუში, ჩემი აზრით, შეუცვლელი კანდიდატურაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დასანიშნად. მოგახსენებთ: ზარფუში არის ის საგანი, რომელიც ეხურება საარაყე ქვაბს და იქ დატრიალებული ორთქლი ზარფუშის მილიდან გამოდის. იმ მილს ცივ წყალს ასხამენ და მილის ბოლოს პატრუქია დატანებული, საიდანაც არაყი ჩამოდის. ბევრ შეშას შეუკეთებ საარაყე ქვაბს, შიგნით მეტი ორთქლი დატრიალდება და მილიდანაც მეტი არაყი გამოიხდება. თუ უფრო მეტ შეშას შეუკეთებ, ქვაბში უფრო წამოდუღდება საარაყე მასალა და შეიძლება ისე მოხდეს რომ არაყის მაგიერ მთხლე გამოვიდეს მილიდან. მოკლედ, ზარფუშზეა დამოკიდებული ორთქლის გამოშვება. რამდენსაც გვინდა იმდენ ორთქლს გამოვაშვებინებთ მილიდან და არაყსაც იმდენს გამოვხდით, რამდენიც საჭიროა. უნთოს მერე ოპოზიციამ საარაყე ქვაბს ცეცხლი და ადინოს ზარფუშის მილიდან მთხლე და ალაო. მთავარია ჩვენ გამოვადინოთ წინწანაქარი.       რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ზარფუში უნდა ავირჩიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.       მარად თქვენი წვერწამახული – სადგისი!       ბრძანება!       დაევალოს სამუზეუმო ექსპონატების კავშირს, უახლოეს სხდომაზე მომავალი სამუზეუმო არჩევნების ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიოს ზარფუში.       გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია.   -მამავ, მამავ! – კარი შემოაღო შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭმა.   -რა იყო მამა გენაცვალოს?   -მე მგონი მდინარემ სხვა მხარეს გაჭრა თხრილი და ჩვენ სახლს ვეღარ მოგვტაცებს. აი, კიდევ ცივი წყალი მოგიტანე და დედიკომ დაგიბარა, ხინკალს ვაკეთებ და ცოტა ხანში სახლში გადმოდიო. გადმოხვალ ხო, მამავ?   -გადმოვალ, მამა გენაცვალოს.   -მანამდე ჩემი დის ამბავი მომიყევი, კარგი მამავ?   -მოგიყვები, – ნაღვლიანად თქვა შუღლინთ სებამ.   -რატომ წაიყვანეს ღმერთთან ბატონებმა?   -რა ვიცი, მამა გენაცვალოს, ალბათ ღმერსაც ლამაზები უყვარს. შენი და, ნინო, კი მართლა ისეთი ლამაზი იყო, ყვავილებში რომ გაივლიდა, მინდორში მოსიარულე ველის შროშანი გეგონებოდა. ყაყაჩოები უყვარდა ყველაზე მეტად. ერთხელ იმ გორაზე წავიყვანე, სადაც ყაყაჩოები იზრდება და გადაირია სიხარულით. იმდენი ყაყაჩო ერთად არასოდეს ენახა. რამდენიმე ცალი მოწყვიტა და გახარებული ყვირილით გამოიქცა       ჩემსკენ.   -მამიკო, მამიკო, ნახე რა ლამაზი ყაყაჩოები მაქვს!       რომ მირბოდა, ქარმა ყაყაჩოების სუსტი ფოთლები გააყრევინა და ცარიელი ღეროები შერჩა ნინოს ხელში.       დაჯდა და ტირილი დაიწყო.       მე დაწყნარება დავუწყე: რა გატირებს, ხომ ხედავ გარშემო რამდენი ყაყაჩოებია-მეთქი.   -არა, არა, ეტყობა მე არ ვუყვარვარ ყაყაჩოებს, თორემ ფოთლებს არ ჩამოიყრევინებდნენო! – უფრო მოუმატა ტირილს.       მერე ბატონები შეხვდა და ღმერთთან წაიყვანეს.   -ღმერთთან ახლა ალბათ ყაყაჩოების ბაღში დასეირნობს ჩემი დაიკო, ხო მამავ?   -ხო, შვილო, მამა გენაცვალოს!   -დედამ თქვა დღეს შენი დის დაბადების დღეა და მთელი ოჯახი ერთად შევხვდებითო. ხინკალსაც იმიტომ ხარშავს, შენდობა უნდა ვუთხრათ ჩემ დაიკოს. წავიდეთ მამავ?   -წამო შვილო, წამო, შენი მამა გენაცვალოს შენ!       ხელი მოხვია შუღლიანთ სებამ და თავისი უკვე გაღარიბებული მუზეუმიდან გარეთ გავიდა. საქმე №15. კერია       (ანუ საიდუმლო ინფორმაცია კერიაზე დაგდებულ თავმომწვარ ხეზე) კერა სახლის საფუძველია.       კერა სახლის საძირკველია.       კერა სახლის სალოცავია.       კერაზე ენთება ცეცხლი.       კერაზე ცხვება ხატში შესაწირი ქადა.       კერაზე ხდება სანთლის ჩამოქნა.       კერაზე ჰკიდია საკიდელი, რომლის გარშემოც შემოატარებდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალს და მათ მაყრიონს. მაყრები საკიდელს ხანჯლებს სცემდნენ და თან იძახდნენ: ღმერთმა გაგვიმრავლოს ჩვენი ნეფე-დედოფალი.       კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები.       კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს.       კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს.       კერასთან მღეროდნენ ზამთრის გრძელ ღამეებში ფანდურზე საგმირო ლექსებს.       კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.       კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.       კერაზე ხვდებოდნენ ახალწელს.       აი, იმ გრძელ მორზე, რომელიც გუდამაყრის კერიის მუზეუმში ახლაც დევს, ოდესღაც, ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი გადასხდებოდა ამ მორზე, რომელსაც თავში ცეცხლი ეკიდა, ოჯახის უფროსი იმ ცეცხლს აბურჯღლებდა ჯოხის ცემით და თან იძახდა: – ბებერაი მიბრძანდება! – ურტყამდა ჯოხს და აბურჯღლებდა ცეცხლწაკიდებულ მორს, ამით ძველ წელს მიაცილებდნენ და ბებერაიც მას ერქვა.       მერე საზეიმოდ დაიძახებდა: – ახალი წელი მობრძანდება!   -რასა ბრძანებს? – ეკითხებოდნენ ოჯახის წევრები.   -ბედსა, ბედნიერობასა, პურსა, პურიანობასა, ვაჟსა, ვაჟიანობასა, წულსა, წულიანობასა, ოჯახის ბარაქიანობასა!       მერე ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა და სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარ ბედისკვერს შემოაგორებდა სახლში. თუ ბედისკვერი წაღმა დაეცემოდა, დიდი სიხარულის მომტანი იყო ეს წელი, თუ გულაღმა დაეცემოდა ავის ნიშანი იყო, ვიღაცა გულაღმა გავიდოდა იმ წელიწადს ამ ოჯახიდან.       ქართველისათვის ყველაზე დიდი წყევლა იყო, შენ გაგიცივდეს კერაო.   -ხო ახდა? – ნიშნისმოგებით იკითხა მელიამ.   -რა? – უცებ ვერ მიუხვდა სადგისი.   -კერის გაცივება. ეს მორი აქედან უნდა გავათრევინოთ, თორემ ეს შუღლიანთ სება ისეთი ჯიუტი ჩანს, შეიძლება საახალწლოდ კერაც გაგვიღვივოს აქ და თუ ამათ კერიების გაჩაღება დაიწყეს, ჩაგვეშლება ის დიდი საქმე, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.       ამაღამვე მივუსევ გაწვრთნილ ჩრჩილებს მაგ საახალწლო ხეს და პირობას გაძლევ ერთ კვირაში ნამცეცს არ დატოვებენ.   -რაც შეიძლება ეცადე ბევრი ჩრჩილები გაწვრთნა სხვადასხვა საქმეებისთვის – დაარიგა მელიამ სადგისი და კუდი თავქვეშ ამოიდო. * * *       ის ღამე თავის ცოლ-შვილთან გაათენა შუღლიანთ სებამ. დილით რომ მუზეუმში დაბრუნდა ელდა ეცა – იმ ადგილზე სადაც ფარდაგზე ვახტანგ მეფის ანდერძი იყო ამოქარგული ჩრჩილებს ისეთნაირათ ამოეჭამათ ანდერძი რომ ზოგი სიტყვა მთლიანად გამქრალი იყო ანდერძიდან და სულ სხვა მნიშვნელობას იძენდა ამის გამო ეს დიდებული ანდერძი. ახლა ასე გამოდიოდა ამ ანდერძის შინაარსი: ანდერძი       (ამის წინ ამოჭმული იყო სიტყვა ვახტანგის) (მტკიცედა) ამოჭმული იყო და დარჩენილი იყო შემდეგი: სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ სიკვდილსა       ამოჭმული იყო სიტყვა ქრისტესათვის და საერთოდ აღარ იყო სიტყვები: რათა მარადიული დიდება მოიგოთ!   -ვაი, ჩემს თვალებს, ეს რა უქნიათ ჩრჩილებს! – აღმოხდა შუღლიანთ სებას.   -რა უქნიათ და ისეთი სიტყვები ამოუჭამიათ, რითიც ის ანდერძი იყო სასიქადულო.   -მაინც რა სიტყვა არის ისეთი შეჭმული, რომ ეგრე დაგწყდა გული? – ჰკითხა მელიამ.   -აქ იყო, რომ ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, ეხლა კი ქრისტესათვის ამოჭმულია და გამოდის რომ ისე უნდა ვეძიებდეთ სიკვდილს, ურწმუნოდ, არაფრისათვის.   -მაგაზე ზედმეტ ალიაქოთს ნუ ატეხავ, ანდერძებს ქვეყნის მბრძანებლები წერენ და თუ ამ მუზეუმში ვინმეს რამე ეკითხება, მე მგონი მომავალ არჩევნებამდე სამუზეუმო საგნებს ჩემი სჯერათ და რახან ეს ფარდაგიც სამუზეუმო ექსპონატია, ვიფიქრებთ და შემდეგი არჩევნებისთვის უკეთეს ანდერძს ამოვაქარგვინებთ ზედ. ისე, ჩემი აზრით ვიწრო გუდამაყრულ ჩარჩოებში არ უნდა ჩავიკეტოთ და ყველა რელიგიას თავის გასაქანი უნდა მივცეთ, თუ გვინდა რომ საერთაშორისო დემოკრატიულმა მუზეუმებმა თავის ოჯახში მიგვიღონ. ჩვენ ამ მუზეუმის ექსპონატებს არ უნდა მოვახვიოთ თავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა, ჩვენ უპირველესად დემოკრატიული მუზეუმი ვართ და ვერავის ვერ ავუკრძალავთ იწამოს ის, რაც მას სურს. აი, მაგალითად ზარფუშს, შეიძლება სულაც არ უნდა ქრისტიანობის სახელით გამოუშვას ის ორთქლი, რაც საარაყე ქვაბში დაგროვდა. ჩვენ უფრო სხვა მასშტაბებით უნდა შევხედოთ სინამდვილეს, დღევანდელი მუზეუმები სხვა პრინციპებს ემყარებიან და ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით. თოფები და ხმლები, და ათასხუთასი წლის წინანდელი ანდერძი რომ გვიკიდია მუზეუმში ეს უპირველესად ჩრდილს აყენებს ჩვენს მუზეუმს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ აზროვნებას, სხვანაირად დემოკრატიულ ფერხულში ვერ ჩავდგებით. ეროვნულობის ყვირილმა რაც მოგვიტანა, კარგად მოგეხსენება. დღეს მსოფლიო მუზეუმები დემოკრატიის, ახალი აზროვნების პრინციპებით ერთიანდებიან და სირცხვილია იმაზე ტირილი, საქართველოს რუკაზე ათასხუთასი წლის წინათ დაწერილ ასოს თუ ამოსჭამს ჩრჩილი.   -ეს მუზეუმი იმისათვის შევქმენი რომ მამა-პაპათა აზროვნება და რწმენა შემენახა მომავალი თაობებისათვის, თუკი ყველაფერს კიდობანში გამოვკეტავთ და ანდერძსაც ჩრჩილებს შევაჭმევინებთ, უარს ვიტყვით იმ სარწმუნოებაზე, რომლის ძალითაც დღემდე მოვედით, რაღას ჰქვია ახალი აზროვნება?   -ახალი აზროვნება იმასა ჰქვია რაც წინა არჩევნების მერე, ჩვენი მუზეუმის უდიდესმა მოაზროვნე ნაწილმა, სამუზეუმო ექსპონატთა კავშირმა რომ წამოიწყო და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ შუა გზაზე საქმის მიტოვება არა გვჩვევია და ზოგიერთებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხს გამოვიყენებთ ჩვენი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.   -ეს მუზეუმი სულ სხვა მისიით გავხსენი ბატონო მელია, სოფელ-სოფელ ვაგროვებდი ძველებურ ნივთებს, რაც ჩვენ წინაპრებს უტარებიათ, რითიც დღემდე მოვედით და მეჩვენება, რომ ის ნივთები ერთმანეთს წაეკიდნენ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხალხი მეკითხება, რა მუზეუმია, ხმალი შენ არ გიკიდია შიგნით და ხანჯალიო, მაპატიეთ და მარტო თქვენი ფიტულის გამოსაჩენად არ გამიხსნია ეს მუზეუმი. თავიდან არც კი გაგვხსენებიხართ, არაფერი ხეირი არ გვახსოვდა თქვენგან და რამოდენიმე ექსპონატის მოთხოვნით მოგიყვანეთ რუსული ბასტიონიდან აქ. ვიფიქრეთ, მტრის ბუჩქში სად რომელი კურდღელი იმალება ის ეცოდინება და იმის მაგივრად რომ ეს გვითხრათ, მარჩიელობთ, ყველაფერზე იმას იძახით, მომატყუეს თორემ მე დანამდვილებით ვიცოდი რომელ ბუჩქში რომელი კურდღელი იჯდაო. სიმართლე გითხრათ მეშინია, როცა ერდოებიდან შემოსულ აჩრდილებს საიდუმლოდ ელაპარაკებით. არასოდეს ასეთ ლაპარაკს ჩვენი მუზეუმისთვის სასიკეთო არაფერი არ მოჰყოლია, პირიქით, ხან თოფები ჩამაკეტინეთ კიდობანში ამის მერე, ხან ხმლები და ხან ფარები. ყველაფერს სხვას აბრალებთ და ისე დადიხართ ამ მუზეუმში, ერთი ფეხის დანადგამ ნაკვალევს არ ტოვებთ თქვენსას, მიითრევთ კუდს და შლით თქვენს ნაკვალევს. მე მთელი ცხოვრება ამ მუზეუმის შექმნას შევალიე, ლამის არის ცოლ-შვილი შიმშილით გამიწყდეს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ ძოღანდელივით ადიდდა მდინარე, სახლსაც გამტაცებს.   -ამაზე არჩევნების მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო, რა კიდობანია და რა წარსული აქვს იმ კიდობანს, სადაც ის შენი სანაქებო ეროვნული ხმალ-ხანჯლებია ჩაკეტილი. იქნება შეთქმულებაც კი მზადდება არჩევნების წინ მაგ კიდობანის შიგნით.       მომახსენეთ!   -ამ წუთას, კიდობნის საქმეს დაგიდებთ, ჩემო ბატონო! – მელიის წინ გამოგორდა ავადწვერწამახული სადგისი. საქმე №16. ქალამნები       ბატონო მელია! მანამ ცოდვის კიდობანზე, რომელიც თურმე ასეთ სახელს ატარებდა სოფელში, სრულ ინფორმაციას შევაგროვებდე, ნება მომეცით წვრილ-წვრილი საქმეებით დავაკავო თქვენი ყურადღება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ქალამნებს, რომლებიც მუზეუმის ჩრდილოეთ კედელზე ჰკიდია სხვა ტანსაცმელთან ერთად. ჩემი აზრით ზუსტად ეს ქალამნები გამოგვადგება ჩვენ არჩევნებში, იმიტომ რომ როგორც შევიტყვე მაგ ქალამნების წყალობით სასამართლოში საქმე მოიგო იმ კაცმა, ვისაც ეგ ქალამნები ეცვა. ორი გლეხი ედავებოდა ერთ-ურთს მამულს. ადრე რომ მამულები პაპიდან შვილიშვილზე გადაეცემოდა და ერთი გოჯი მიწა რომ მოეხნა სხვის მამულში ვინმეს, აუცილებლად სისხლი დაიღვრებოდა.       ამ ქალამნების პატრონმა მთლიანად მოხნა სხვისი მამული. პატრონი უწყინარი კაცი იყო და რა თქმა უნდა მიწის გულისთვის არც ხმალი უშიშვლია და არც ხანჯალი. წავიდა და თემის კაცებს შესჩივლა თავისი გასაჭირი.       მაშინ რუსები კი იყვნენ უკვე შემოსული, მაგრამ სოფლის თავკაცების სამართალი მაინცა სჭრიდა.       მამულის პატრონი ამტკიცებს ჩემია მიწაო.       ქალამნების პატრონი იძახის ჩემი მამა–პაპის დანატოვარიაო.       ვერ შველდებიან.       ბოლოს დაინიშნა სასამართლო.       დაისწრეს რუსი ბოქაული.       სოფლის მღვდელმა ბიბლია მოიტანა.       ქალამნების პატრონმა ღამით თავისი კუთვნილი მამულის მიწა ჩაიყარა ქალამნებში და როცა ბიბლიას ხელი დაადო, ასე დაიფიცა: – მაღალი ღმერთის ძალი და ამ წმინდა ბიბლიის მადლი გამიწყრეს, თუ რაიმე მოვიტყუო, ის მიწა რომელზედაც ახლა ფეხისგულები მიდგა ჩემს მამა- პაპას ეკუთვნოდა და ასევე მეკუთვნის მეც.       მისი სიტყვა და ფიცი ისეთი დამაჯერებელი იყო, ხმა ვეღარავინ გასცა, ნამდვილმა პატრონმაც კი ვეღარ თქვა ვეღარაფერი და ხალხი ამტყუვნებდა კიდეც, ამდენ ხანს სხვისი მამული უხნია, როგორც იქნა სამართალმა იზეიმა და მიწა ნამდვილ პატრონს დაუბრუნდაო.       აი, ეს ქალამნები ჰკიდია ჩვენს მუზეუმში და თუკი ვინმეს მომხრობა გვინდა, ზარფუშთან ერთად, მე მგონი, ეგ ქალამნებიც დიდ საქმეს გაგვიწევენ.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       დაუყოვნებლივ იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №17. საფლავის ქვა       დიდო მელია, საფლავის ქვას რა უნდა მუზეუმში?       შუღლიანთ სებას რომ ვკითხე, მითხრა, ეგ საფლავის ქვა მდინარის პირას ვიპოვე, არ ვიცოდი ხატიდან წამოიღო წყალმა, ან ვის საფლავს ეკუთვნოდა და მუზეუმში იმიტომ მოვიტანეო.   -რას გვიშლის მერე საფლავის ქვა, იყოს, ვინ იცის როგორ გამოგვადგება საარჩევნოდ.   -ჩვენ რომ არ მოგვცეს ხმა?   -რატომ ფიქრობ?   -ზედ უცნაური წარწერა აწერია.   -რა აწერია?   -სოფლისა თავსა მჯდომარე       სოფლისა ბოლოს ესვენა, „ცრუ არის ესე სოფელი“       საფლავის ქვაზე ეწერა.   -მშვენიერი წარწერა არის, – თქვა მელიამ.   -ის რომ წერია, სოფლისა თავსა მჯდომარე, სოფლისა ბოლოს ესვენაო, ცუდად ხომ არ გენიშნებათ ეს.   -ჰო, ეს ვერ დაუწერიათ მთლად კარგად, მე თუ მკითხავენ, ყოველი სოფლისა თავსა მჯდომარე, სიკვდილის მერეც სოფლის თავს უნდა ესვენოს, მაგრამ გვყვანან მუზეუმის თავში დასაჯდომად გამზადებული საგნები და სწორედ იმათ დავადებთ ზემოდან მაგ ქვას.   -დიდებული აზრია.   -მანამდე შენ მაგ საფლავის ქვასთან იმუშავე და იქნებ წამოაცდენინო, საიდან წამოიღო წყალმა, ვის საფლავს ეკუთვნის და ჩააწვეთე, რომ მე დიდად ვაფასებ მაგ ქვის ჩვენ მუზეუმში არსებობას.   -ყველაფერს შევიტყობ და საჩვენო აზრზე დავაყენებ, – ჩაუჩურჩულა მელიის ფიტულს სადგისმა და მუზეუმის კუთხეში დაგდებულ საფლავის ქვისაკენ გაგორდა.       მდუმარე ლაშქარი   -მამავ, მამავ, რა კარგი იყო გუშინ ღამით ყველას ერთად რომ გვეძინა სახლში, იქნებ ამაღამაც სახლში წამოხვიდე დასაძინებლად, – სთხოვა შუღლიანთ სებას ნაბოლარა შვილმა.   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, ვერ წამოვალ.   -რატომ მამავ, დედა ხომ კარგად გექცევა და აღარა გსაყვედურობს, სახლისთვის არაფერს აკეთებო.   -ხო შვილო, მაგრამ მუზეუმს ვეღარ დავტოვებ უმეთვალყურეოდ, აქ ისეთი ამბები ხდება...   -არაფერიც არ ხდება მამავ, თავისთვის არიან საგნები, ამათ რა ყარაულობა უნდა, თუ გინდა გარედან დავკეტოთ ბოქლომით კარი, რომ ღამით ქურდებმა რამე არ მოიპარონ.   -არა შვილო, მამა გენაცვალოს, ჩრჩილები შესევიან საქართველოს ფარდაგს, ვახტანგ მეფის ნახევარი ანდერძი უკვე შეუჭამიათ, რაღაცა უნდა ვიღონო, რომ მოვსპო ეგ ჩრჩილები, თორემ მთელ ფარდაგს ნაფლეთებად აქცევენ.   -მეც მოგეხმარები მამავ, მაგათ კვერცხები ექნებათ ფარდაგში დადებული და, მოდი მზეზე გავიტანოთ, დედაჩემი მზეზე ფენს ხოლმე როცა რამეს ჩრჩილები გაუჩნდება.       მამამ და შვილმა ფარდაგზე ჩამოკიდებული საგნები ჩამოხსნეს, ტახტზე დაალაგეს, მერე ფარდაგი გარეთ გაიტანეს, მზეზე გაფინეს და ტანსაცმლის ჯაგრისით გაასუფთავეს, მტვრისა და ჩრჩილების კვერცხებისაგან.       საღამოს, მზე რომ ჩაიწვერა, ისევ მუზეუმში შეიტანეს ფარდაგი, ჩამოკიდეს აღმოსავლეთ კედელზე და ტახტზე დაწყობილი ნივთები ჩამოაკონწიალეს ზედ.   -ეხლა ხომ დაიძინებ ჩვენთან მამავ?   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, მაინც სჯობია აქაურობას ვუყარაულო.   -წავალ, წყაროს წყალს მაინც მოგიტან, – დოქს წამოავლო ბიჭმა ხელი და წყაროსაკენ მოკურცხლა.   -შენ გენაცვალოს შენი მამა, შენა, აი! – კი არ უთქვია, ისე გაივლო ეს სიტყვები გულში სებამ და კიდობანში ჩაიხედა, სადაც თოფები და ხმალ-ხანჯლები ჰქონდა ჩაწყობილი.   -დაახურე თავსახური და დაკეტე თუ არ გინდა რომ ისე შეგერჭო, სული გაგაფრთხობინო, – მოესმა სადგისის ხმა სებას.       დაახურა კიდობანს თავსახური და კლიტით ჩაკეტა.   -მოიტა ეგ გასაღები და ჩამაბარე, – უბრძანა მელიამ.       შუღლიანთ სებამ ყელზე ჩამოჰკიდა მელიის ფიტულს კიდობნის გასაღები.       ბიჭმა წყაროს წყალი მოარბენინა დოქით.   -გინდა მამავ, მეც შენთან ერთად დავიძინებ ამაღამ მუზეუმში, – თქვა ბიჭმა.   -დედა რომ გაგიბრაზდეს?   -დედას უკვე ვუთხარი.   -კარგი ჩემო ბიჭო, ამ ერთ ღამეს დაიძინე, აი, რა კარგი ტახტი გვაქვს, ისეთი ბედნიერი ოჯახის ნაქონი ტახტი ყოფილა ეს, ამაზე ძილს რა სჯობია.   -ჩემი დის ამბავს და ზღაპრებსაც ხომ მომიყვები მამავ.   -მოგიყვები, მამა გენაცვალოს, მოგიყვები.       ბიჭი გულაღმა წამოწვა ტახტზე და მუთაქა ამოიდო თავქვეშ. მამა გვერდით მიუწვა.   -ერთ სოფელში, – დაიწყო ზღაპრის მოყოლა სებამ, – შაბათ დილით წირვაზე წასულა მთელი სოფელი. შევიდნენ ეკლესიაში და დაიწყო მღვდელმა წირვა. ამ დროს საიდანღაც მოცურდა უშველებელი გველეშაპი და ეკლესიას შემოეხვია გარშემო, ისე რომ კუდი და თავი შესასვლელთან დადო და ისე ჩაკეტა, ვეღარავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას. ფანჯრებს დიდი რკინის გისოსები ჰქონდა დატანებული, მაგრამ ისე იყო ხალხი შეშინებული, გისოსებიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვერ გაბედავდნენ გარეთ გამოსვლას.       გველეშაპი ეკლესიაში ვერ შედიოდა წმინდა გიორგის შიშით, ხალხი გველეშაპის შიშით ვერ გამოდიოდა გარეთ და იყვნენ ასე.       გავიდა ერთი დღე. ორი. სამი. ლოცულობდა ხალხი რომ მოეშორებინა იქაურობისათვის გველეშაპი, მაგრამ იმდენი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, არ შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა.   -არც მღვდლისა, მამავ?   -ხო, არც მღვდლისა შვილო, ეტყობა იმასაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. გველეშაპი კი იყო ეკლესიის გარშემო შემოწოლილი და ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ რომ ყველა ჩაეყლაპა. არა და ხალხს მოშივდა, წყალიც მოსწყურდათ, ღმერთი კი არ ისმენდა მათ ლოცვას.   -მერე მამავ?   -იმ ხალხში ერია ერთი შენხელა ბიჭი, რომელსაც ძალიან სწამდა ღმერთი და რასაცა სთხოვდა, ღმერთიც უსრულებდა, მაგრამ ისე უყვარდა ამ ბიჭს ღმერთი, არ აწუხებდა თხოვნით.   -რას აკეთებდა ხოლმე ღმერთის შეწევნით ის ბიჭი მამავ?   -ერთხელ შუა ზაფხულში, ძალიან დაცხა, ლამის ქვეყანა გადახმა, იმ ბიჭმა ღმერთს სთხოვა და თოვლი მოიყვანა.   -კიდევ მამავ?   -ერთხელ, შუა ზამთარში პატარა და გაუხდა ავად, ისე ავად რომ გადარჩენის პირი აღარ ჰქონდა. სიკვდილის წინ დამ ძმას სთხოვა, ვაშლი მინდაო. მოირბინეს მთელი სოფელი, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა ვაშლი. მაშინ ბიჭმა ღმერთს სთხოვა, ღმერთმა ვაშლის ხე ააყვავა, იმავე დღეს გამოისხა ნაყოფი და დამწიფდა კიდეც.       ბიჭმა დიდი გობით მიართვა თავის დაიკოს თურაშაული ვაშლები.   -და გველეშაპი რომ მოეშორებინა ეკლესიისათვის, ის არ სთხოვა ღმერთს იმ ბიჭმა, მამავ?   -სთხოვა, მამა გენაცვალოს და ისე უყვარდა ღმერთს ის ბიჭი შეუსრულა თხოვნა.   -მოკლა გველეშაპი?   -არა, მთელი ეკლესია, თავის ხალხიანად ცაში აფრინდა და ღმერთის საუფლოში დაეფუძნა. დარჩა წითელი გველეშაპი პირდაღებული დედამიწაზე.   -რა კარგია მამავ, ნეტავ მეც ეგრე ვუყვარდე ღმერთს, თხოვნით არც მე შევაწუხებდი, უბრალოდ ვთხოვდი მდინარე რომ ადიდდება დიდი წვიმების დროს, არ მოგვტაცოს ჩვენი სახლი და კიდევ ვთხოვდი, რომ არ გეჩხუბოს დედიკომ და ღამ-ღამობით მთელმა ოჯახმა ერთად დავიძინოთ ხოლმე. კიდევ ვთხოვდი, რომ ერთი დღით გამიცოცხლოს ჩემი დაიკო, მაჩვენოს როგორია და მერე ისევ თავისთან წაიყვანოს ყაყაჩოების ბაღში.  მთვარე ამოვიდა და ერდოებიდან შემოიჭრა მისი მკრთალი სხივები. ყურდაცქვეტილი მელიას ფიტული რაღაცას გაჰყურებდა ერდოდან. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მთაზე გაჭრილი გორგასლის ნაგზევი, რომელზეც უცნაური სანახაობა ხდებოდა ამ დროს – ძველ ნაგზევზე მოდიოდა მდუმარე ლაშქარი, რომელსაც წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა მეფე მოუძღვებოდა. მეფეს მოჰყვებოდნენ მხლებლები და რაინდები მოასვენებდნენ ვახტანგ მეფის მასწავლებელს. მეფე იყო დაღვრემილი. მთვარის შუქზე ელვარებდა ჯვრიანი ქართული დროშები.       შეშინებული ბიჭი მამას ეკვროდა და ძველ ნაგზევზე მიმავალ მდუმარე ლაშქარს გაჰყურებდა.       უთვალავ ლაშაქარს ბოლო არ უჩანდა.       მთვარე ღრუბლებში მიიმალა და ლაშქარიც გაქრა.   -ეს რა იყო მამავ?! – ჰკითხა ჯერ კიდევ შიშით აკანკალებულმა ბიჭმა მამას.   -ნუ გეშინია ჩემო ბიჭო, ღმერთს უყვარხარ კეთილი რომ ხარ და იმიტომ დაგანახვა ამ გზაზე ათასხუთასი წლის წინათ მიმავალი ვახტანგ მეფის ლაშქარი. თუ უფრო მეტი გულით შეიყვარებ ღმერთს და უფრო კეთილი იქნები, მე რომ მოგიყევი, იმ ბიჭივით ყველაფერს შეგისრულებს.       ბიჭი მამას გულში ჩაეხუტა.       ცოტა ხანში ჩაეძინათ კიდეც.       მელიამ სადგისს უხმო და წაუჩურჩულა: დილით უბრძანე, ეგ ერდოები ამოქოლოს რომ მეტად აღარ გამოჩნდეს ძველი ნაგზევი.   -არ ამოქოლავს და ისე შევერჭობი რო?! – დაამშვიდა მელია სადგისმა.       ტკბილად ეძინა მამა-შვილს ბედნიერი ოჯახის ნაქონ ტახტზე.       დილით მზის სხივი შემოიჭრა ერდოდან და უცნაურად გაანათა კიდობანი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდა მელიას ფიტული. ყელზე სამკაულივით ეკიდა იმ კიდობნის ბოქლომის გასაღები. საქმე №18. ცოდვის კიდობანი        (საიდუმლო ინფორმაცია კიდობანზე, რომელიც ახლა გუდამაყრის მუზეუმში დგას, შიგ თოფ- იარაღი, ვეფხისტყაოსანი და კიდევ სხვა ნივთები აწყვია, რომელთაც შეიძლება ხელი შეუშალონ ახალ აზროვნებას, რომელი აზროვნებაც წარმართავს ცივილიზებული მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს) როგორც მითხრეს არსებობს მშვიდი, ღვთითკურთხეული სიკვდილი. ასეთი სიკვდილით მიიცვალა !)!. წლის შემოდგომაზე ათონის ივერთა მონასტრის ბერი ბენიამინი. მწუხარებამ მოიცვა ქართველი ბერები. ტაძარში დაასვენეს ბენიამინის ცხედარი და უთენებენ ღამეს. ათონის მთაზე არც ისე იშვიათად მომხდარა სასწაულები, რის მოწმენიც ეს ბერებიც გამხდარან ღვთის განგებით, მაგრამ რაც იმ ღამეს მოხდა, ეს ნამდვილად ენით აუწერელი სასწაული იყო. ჯერ მიცვალებულის სახე განათდა უცნაური ღვთიური შუქით. ბერებს ეგონათ, რომ მიცვალებული ცოცხლდებოდა და ხმამაღალი ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს. მიცვალებულის სახეზე დაფენილი ღვთიური შუქი თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ მთელი ტაძარი განათდა ამ შუქით. აღმოსავლეთის კედელზე კი უცნაური სანახაობა წარმოჩინდა: როგორც კინოეკრანზე, ისე გამოჩნდა ბენიამინის ბავშვობა, ყრმობა, ყოველი საქმე რაც ბენიამინს სიცოცხლეში უკეთებია. ბერები ბენიამინის საქმეების ამსახველ ნათებაში ხედავდნენ თავის თავს. იმათ შორის იყო ბერი ზოსიმეც, რომელიც გუდამაყრის ხეობიდან წამოიყვანა გზადმიმავალმა ბენიამინმა და მას მერე შვილივით ზრდიდა. მანვე მოიყვანა ათონის წმინდა მთაზე და აი, ახლა, ტირილით ეთხოვება თადეოზი თავის სულიერ მამას. ბოლოს აღმოსავლეთის კედელი თვალისმომჭრელი შუქით განათდა, იმ სინათლიდან გამოვიდა მაცხოვარი, ბენიამინი გულზე მიიყრდნო და უთხრა: – წამო შვილო, წამო!  სინათლე უფრო გაძლიერდა და მაცხოვართან ერთად გაქრა ბენიამინის გამოსახულება ტაძრის კედელზე. მიცვალებულის სახეზე ნათება ჩაქრა. ისე იყვნენ ნანახი სასწაულით აღფრთოვანებული ბერები, ვეღარცკი აღიქვამდნენ ბენიამინის ცხედარს მიცვალებულად. მათ ხომ ეს-ეს არის თავის თვალით ნახეს, როგორ შეიყვანა მაცხოვარმა მათი წინამძღვარი დიდ საუფლოში.       ათონის მთაზე, შემაღლებულ ადგილზე არის საძვალე, სადაც ყველა ქართველი ბერის თავის ქალაა მოთავსებული. ეს საძვალე უფრო ტაძარია, ვიდრე საძვალე. პირველ სართულზე მიცვალებულთა ძვლებია თავისი აღმნიშვნელი ნომრებით, თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენს ესა თუ ის თავის ქალა, ხოლო მეორე სართულზე ტაძარია.       სამ წელიწადს მიწაში მარხავენ მიცვალებულს, შემდეგ საფლავს თხრიან და საძვალეში გადააქვთ მისი თავის ქალა.       ბენიამინის ცხედარიც, მესამე დღეზე მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა. თადეოზი აირჩიეს წინამძღვრად, რადგან იგი სიწმინდითაც იყო განთქმული და ბენიამინის უსაყვარლესი მოწაფეც იყო. მწუხარე იყო თადეოზის გული. თუმცა თავისი თვალით იხილა, როგორ შეიყვანა დიდ საუფლოში მაცხოვარმა მისი გამზრდელი და მოძღვარი, მაგრამ სიხარულთან ერთად სევდის მძიმე ლოდი ეწვა გულზე. ამ ლოდს, ადამიანთა ენაზე, ამ ქვეყანაზე ობლად დარჩენის ლოდი ჰქვია. პირველად ადრეულ ბავშვობაში განიცადა ობლობა თადეოზმა. ახლაც ცხადად ახსოვს ის დღე, როცა რუსის ჯარისაგან დაბეგრილი სოფელი ერთ საწყალ მაჩვზე იყრიდა მთელი რუსეთის ჯავრს. როგორც გითხარით, ისე ჰყავდა შევიწროვებული რუსის ჯარს მთელი გუდამაყრის ხეობა, სახლიდან „სტრაჟნიკის“ დაუკითხავად არცკი შეეძლოთ სოფლიდან შორს წასვლა – რა იცი როდის გზის გასაწმენდად დაგიძახებდნენ და როდის კიდევ სხვა სამუშაოზე. ქალებს ტვირთებით თივას აზიდვინებდნენ ცხენებისათვის. როცა უნდოდათ მაშინ შედიოდნენ „ სტრაჟნიკები“ გუდამაყრელთა სახლებში და თუკი რაიმე სანოვაგეს ნახავდნენ, უბოდიშოდ და მადიანად შეექცეოდნენ. ყოველ გუდამაყრელს ისინი დაცინვით „კაცოს“ ეძახოდნენ. ახლაც ყურში უწივის „სტრაჟნიკების“ მიერ ნათქვამი ეს კაცო თადეოზს. მწირია გუდამაყარი და ერთადერთი კარტოფილი ხარობს, იმით გაჰქონდათ ზამთრობით თავი. კარტოფილით და ქერის პურით, თუმცა ქერის პური დიდი სიამოვნება იყო, ქერში სვილსაც ურევდნენ და ამას ქერ-სვილაის პურს ეძახდნენ.       მაჩვი შეეჩვია კარტოფილებს. ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოიგდეს ხელში. ვიღაცამ ხაფანგი დაუგო. მაჩვი ხაფანგში გაება და როგორც ჩანს იმდენი იწვალა, ხაფანგის სამაგრი მოგლიჯა და თან წაითრია ხაფანგი. სისხლის კვალს გაჰყვნენ სოფლელები და ამით მიაგნეს მაჩვის სოროს, რომელიც ლოდებით გამაგრებულ ადგილას იყო ღრმად ჩათხრილი. უფროსებმა სოფელში გააგზავნეს ბალღები და ბარები და ქარჩები მოატანინეს სოროს გამოსათხრელად. გამოთხარეს და რას ხედვენ, მაჩვს გულში თავისი ლეკვი ჰყავს ჩაკრული და ქშუტუნით ცდილობს თავდაცვას, ეტყობა ჰგონია ამით ხალხს შეაშინებს, მაგრამ ხალხს შურისძიება სწყურია, ისინი ისე არიან „სტრაჟნიკების“ თავხედობით შეწუხებული, თვითონაც სურვილი აქვთ ვიღაცაზე იყარონ ჯავრი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს რუსებისაგან ჩამორთმეული აქვს თოფები, რომ ბუნტი არ მოაწყონ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ხანჯლები აქვთ ჩოხის კალთებს შიგნით გადამალული. ამ შურისძიებამოწყურებულ ხალხის წინ დგას ლეგაფერის სქელბეწვიანი მაჩვი, რომელსაც შუბლისა და ცხვირის გაყოლებაზე თეთრი ზოლი ჩამოსდევს. შეშინებულ მაჩვს ჯაგარი ეკლებივითა აქვს წამოშლილი. ვიღაცამ კეტი მოუქნია და სწორედ იქ დაარტყა, სადაც თეთრი ზოლი ჩამოსდევდა ტუჩცხვირის გასწვრივ. სისხლმა შეღება ეს თეთრი ზოლი. მერე მეორემ დაარტყა კეტი. მაჩვი ქშუტუნებდა და ლეკვს უფრო მაგრად იკრავდა გულში. ვიღაცამ ხანჯალი იშიშვლა და ტუჩი წააჭრა. მაჩვს ლეკვი გაუვარდა, გამწარებულმა საშინლად ამოიქშუტუნა. ვიღაცამ ხაფანგის ჯაჭვს ჩაავლო ხელი და სოფლისაკენ წამოათრიეს მაჩვი, რომ იქ სხვებისვთისაც ეჩვენებინათ როგორ უნდა მათი ბარაქის გამნიავებლის წვალება. ორი-სამი კაცი ძლივს მოათრევდა, შვილისაკენ იწევდა, არ უნდოდა მისი მიტოვება, ბასრი ბრჭყალებით ფორჩხნიდა ღორღიან მიწას. ძალით მოათრევდნენ და ლეკვიც თან მოჰყვებოდა, ის როგორღაც ახერხებდა, ლეკვის მხარეს წაფორთხდებოდა და გულში იკრავდა. ხალხი ჯოხებით აშორებდა შვილს და მაჩვი ამ დროს საშინლად ღმუოდა. დასცხეს კეტები და მდინარეში გადააგდეს. არც იქ დაიხრჩო, ნაპირზე გამოცურა და ისევ გულში ჩაიკრა თავისი შვილი. ახლა კი გამეტებით დასცხეს კეტები და ექსტაზმიცემულმა ხალხმა ქვასა და ღორღში აურიეს მაჩვი და მისი ასევე შუბლსაღარა ლეკვი. სწორედ ამ დროს თოფების სროლა გაისმა და სოფლის მოედანზე „სტრაჟნიკები“ შემოცვივდნენ ცხენებით.   -რა ამბავია, რაშია საქმე?! – დაიყვირა უფროსმა, რომელსაც როგორც ჩანს საშინლად არ მოეწონა კეტებით შეიარაღებული ერთადშეყრილი ხალხი.   -მაჩვი მოვკალით უფროსო, ამისაგან მოსვენება აღარა გვქონდა, გაგვინადგურა მოსავალი – ქუდის მოხდით მოიბოდიშა სოფლის მამასახლისმა.   -ვი შტო, ეტა ბუნტ?! – უფრო დაიყვირა „სტრაჟნიკების“ უფროსმა და მრისხანედ გადახედა ხალხს, რომლებიც ისე შეშინდნენ, კეტები და ქარჩები შორს მოისროლეს.   -მაჩვისაგან კი არა, ამათგან არა გვაქვს მოსვენება! – დაიძახა თადეოზის მამამ და სტრაჟნიკებზე მიუშვირა ხალხს ხელი.   -შტო, შტო?! – აენთო უფროსი.   -რას ამბობ, კაცო, გაგიჟდი?! – წამოაძახეს აქეთ-იქიდან თანასოფლელებმა თადეოზის მამას.   -დასცხეთ კონდახები მაგ მამაძაღლს! – ბრძანა უფროსმა და „სტრაჟნიკებსაც“ მეტი რა უნდოდათ, თოფის კონდახებით ჩაჩეხეს თადეოზის მამა. თანასოფლელებიდან არავინ გამოჰქომაგებია, ნიშნსაც კი უგებდნენ და ერთ-ურთს ეჩურჩულებოდნენ: – ახია, ახი! ჩვენი წაქეზებაც უნდოდა, არ იცოდა რომ რუსებს ვერ მოვერევით.   -ეგდოს აქ, სანამ სული არ ამოსძვრება, არავინ გაბედოთ მიხმარება, თორემ ვაი თქვენი ბრალი! – დაემუქრა დამტვრეული ქართულით უფროსი და ხალხს უბრძანა გზის გასაწმენდად გაჰყოლოდნენ ბეგარაზე.  თადეოზის მამა ცოცხალ-მკვდარი ეგდო მოედანზე. სახლიდან ტირილით გამოვარდა მოხუცი დედამისი. თადეოზის დედა არ იყო ამ დროს სახლში, დღე-დღეზე უნდა ემშობიარა და რაკი სოფლის წესი ჰკრძალავდა „მირეული“ ქალის სოფელში ყოფნას, მდინარის გადაღმა ჰქონდა სოფელს სამშობიარო სოფელი და მშობიარობიდან მხოლოდ ორმოცი დღის მერე შეეძლო მელოგინე ქალს სოფელში დაბრუნება. სალოცავის მოედნად და წმინდა ადგილად ითვლებოდა ეს სოფელი და წესს ვერავინ დაარღვევდა. ამიტომ იყო თადეოზის დედა ამ დროს მდინარის გადაღმა აშენებულ სამშობიარო ბოსელში. თადეოზმა და მისმა ბებიამ ძლივს წაათრიეს კონდახებით ჩამსხვრეული თადეოზის მამა სახლში, მარტო ორი მოხუცი ქალი მიეხმარა სოფლიდან, დანარჩენები ისე იყვნენ „სტრაჟნიკებისაგან“ შეშინებულნი, სახლებში შეიკეტნენ.       ახლა ახსენდება თადეოზს, როგორ ესვენა სახლის შუაგულში მდგარ ტახტზე მომაკვდავი მამა და სულის გაყრას ებრძოდა. მამამისსაც რაღაც უცნაური შუქით ჰქონდა სახე განათებული. ბიჭმა ისიც შეამჩნია, რომ სახლში ადამიანები შემოვიდნენ, შემოვიდნენ და მომაკვდავის აქა- იქა დადგნენ. ჯერ თანასოფლელები ეგონა მოსულები ბიჭს, მაგრამ მერე მიხვდა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ.   -ბებო, ბებო, ვინ არიან ეს კაცები? – ჩუმად ჩაუჩურჩულა თადეოზმა მტირალ ბებიას.   -ეგენი სულეთის კაცები არიან, ჩემო ბიჭო, ჩემი საწყალი შვილის წასაყვანად არიან მოსულნი.   -სად უნდა წაიყვანონ?   -სულეთის ქვეყანაში! – ამოიქვითინა მოხუცმა.       მომაკვდავმა თვალები გაახილა და ჯერ სულეთის კაცებს შეხედა, მერე თადეოზს, მერე დედის ხელი აიღო და გულზე დაიდო.       ბიჭმა დაინახა, რომ სულეთის კაცებს დაენანათ დედა-შვილის ასეთი ყოფა და მზერა აარიდა. ჩანართი       (ანუ სულ-ხორცის გაყრა და დედის დალოცვა სულეთის ქვეყანაში მიმავალი შვილისა) მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა. კარადიდან თაფლის სანთელი ამოიღო და აანთო.       შვილმა დედას შეხედა. დედამ კი ასე დაითხოვა შვილი: – დამითხოვიხარ, ნუღა შემომტირი, გამშორდი დედაშვილობით (ქალი სულეთის კაცებს მიუბრუნდა: წაიყვანეთ, ნუ დაგენანებათ, ოღონდ მშვიდობის გზებით ატარეთ). წადი, დედაო, გაჰყევი, ნურცარა შეგაშინებს, ნუმც დამიღონდები, მალედამც შაეყრები შენ სწორთ. უდედობით ნუ იტირებ. გაჰყევი შვილო , მაინც არ გწირავენ; მე დამითხოვიხარ, ჩამიბარებიხარ სულეთის კაცთათვის. გიყვარდა ყველაი, მაგრამ ეხლა უნდა გასწირო . თუ რამეში შესცდი: ხელით, ენით, თვალით სუ ყველაფერიმც გეპატიოს, ცოდვად ნუ გადაგხდების. წადი, ჯვარი გეწეროს. ალალიმც არის შენზე ჩემი ამაგი. მე დამითხოვიხარ, უნდა გავიყაროთ დედა-შვილობით; სულეთის ღმერთიმც ჩაგიბარებს, ისიმც დაგაყენებს ნათელს. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ნათელშიმც იქნები! ქალმა სანთელი დაამაგრა საკაცის თავთან. სულეთის კაცებმა თვალები დაუხუჭეს თადეოზის მამას და მერე მის სულთან ერთად გავიდნენ კარიდან.       საღამო ხანი იყო. ტირილით გავარდა დედისაკენ თადეოზი. მდინარეზე ხის ერთი მორი იყო გადებული და ზედ ადიდებული მდინარე გადადიოდა ჩქერად.   -დედაა, დედაა, მამიკო მოჰკლეს! – გაჰყვიროდა დედას თადეოზი.       ქალი ბოსლიდან გარეთ გამოვიდა. ხელში ჩვრებში გამოხვეული პატარა ეჭირა.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! - გასძახა თადეოზმა და ხიდზე გასვლა დააპირა.   -ხიდზე არ შემოდგე, გადავარდები! – დაუძახა ქალმა, პატარა ბოსელში დატოვა და თადეოზისაკენ გამოიქცა, რომ ხიდზე არ შემდგარიყო.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! – ტიროდა ხიდისყურთან თადეოზი. ქალი ხის მორზე შემოდგა, მაგრამ შუამდე რომ მოვიდა, ხიდზე გადამავალმა მდინარის ჩქერმა დაჰკრა და მორიდან გადააგდო.   -დედაა! დედაა!– გაედევნა ტირილით მდინარის ნაპირს თადეოზი.       შავად მიქანავებდა მდინარე. ერთი-ორჯერ ამოატივტივა ქალის სხეული და მერე შიგ ჩაიხვია, წავიდა და წაშავდა, ჩამოწოლილმა ღამემაც ხელი შეუწყო სიშავეში.       თადეოზის ბებია გადასახლდა პატარას გასაზრდელად იმ სამშობიარო ბოსელში. სანამ ორმოცი დღე არ გახდებოდა, სახლში ვერ მოიყვანდა პატარას. ერთი თხა ჰყავდათ, ის წაიყვანა და იმის ძუძუთი ზრდიდა უდედოდ დარჩენილ ბიჭს. მაგრამ კაცს რომ ერთხელ დაატყდება უბედურება, თურმე ეგრე ადვილად აღარ ანებებს თავს. იმ სამშობიარო სახლშიც ის ავადსახსენებელი „სტრაჟნიკები“ მივიდნენ და მიუხედავად მოხუცის ხვეწნისა, მაინც დაკლეს ბიჭის დედისმაგიერი თხა, კოცონიც დაანთეს და მწვადებიც შეწვეს.       თოფის კონდახიც ჩაარტყეს ქალს თავში და როცა მოხუცი გრძნობაზე მოვიდა, აღარც „სტრაჟნიკები“ იყვნენ იქ და პატარაც ტირილით გაგუდულიყო.       შავად დაბრუნდა შავი ბებერი სახლში.       შავად ჩამოჯდა შავი კერიის პირას.   -ბებო, პატარა ბიჭიც სულეთის კაცებმა წაიყვანეს?– ჰკითხა თადეოზმა.   -ჰო, შვილო, სულეთის ქვეყანაში წაიყვანეს.   -დედა რომ სხვაგან წაიღო მდინარემ, ვაი თუ სხვაგან წასულმა ვერ ნახოს მამაჩემი და ჩემი ძმა! – შეშინებული თვალები შეანათა შავ ბებერს ბიჭმა.   -ნუ გეშინია, შვილო, სულეთის ქვეყანა ერთია, ნახავენ, აუცილებლად ნახავენ ერთ-ურთს.   -სად არის სულეთის ქვეყანა ბებო?   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, იქ არის სულეთი. ცის ნაპირის იქით ხორციელი ვერ მიდის, თორემ რამდენი წავიდოდა თავისიანების სანახავად.   -ჯერ არავის გაუცურნია ცის ნაპირამდე ბებო?   -რა ვიცი შვილო, ამბობენ წმინდა ნოეს გაუცურნია კიდობნით დიდი წარღვნის დროს და მერე ისევ დაბრუნებულა.   -კიდობნით?   -ასე გამიგონია შვილო – შავად ამოიოხრა შავმა ბებერმა.       იმ ღამეს ქუხდა და ელავდა. გათენების პირზე ჩაეძინა დაღლილ ბებერს.       მზის ამოსვლისას გამოეღვიძა. თადეოზს დაუწყო ძებნა. მთელი სოფელი შემოიარა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ბოლოს საფლავებთან მიაგნო . მარტოკა სთხრიდა ბიჭი მამის საფლავს. „ სტრაჟნიკების“ შიშით არავინ არ ეხმარებოდა. ასევე მარტოკამ შეაბა ხარები მარხილში, ბებიის დახმარებით მამა მარხილზე დაასვენა, საფლავთან აიტანა და რაკი ქალის მისვლაც არ შეიძლებოდა აქაური წესით საფლავთან, მარტოკამ მიაყარა თადეოზმა მამას მიწა. პატარა ბიჭი, რაკი ჯერ ორმოცი დღისა არ იყო, სასაფლაოზე არ დაამარხვინეს და იქვე, მდინარის გაღმა, სამშობიარო სოფელთან გაუთხარა პატარა საფლავი თავის პატარა ძმას, სამ დღეში დაკაცებულმა თადეოზმა. ამის მერე შავი მოხუცი იშვიათადღა იღებდა ხმას. ერთ დილით კი მისმა ტირილმა გააღვიძა სოფელი: – თადეოზ, შვილო, თადეოზ,სადა ხარ?– მწარედ გაჰკიოდა მოხუცი. ვერსად ვერ იპოვეს თადეოზი. სამი დღე ეძებდნენ, მაგრამ მნახველიც კი ვერავინ ნახეს. ბოლოს ვიღაცამ იმათი სახლის კალოში დადგმულ კიდობანს ახადა სახურავი და იქ ნახეს გულაღმა მწოლიარე თადეოზი. ამ კიდობანში პურის მარცვალს ინახავდნენ და იმ მარცვლებზე იწვა ბიჭი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. კიდობნიდან ამოასვენეს და სახლის დერეფანში დაასვენეს ტახტზე. მკვდარი იყო, მაგრამ არც მკვდარი ეთქმოდა, სახეზე სულ ბედნიერების ალმური გადასდიოდა. სამი დღე ესვენა ასე, არც სუნთქავდა, არც რაიმე სხვა სიცოცხლის ნიშანი ეტყობოდა, მარტო სახე ჰქონდა ჩვეულებრივი მკვდრისაგან განსხვავებით ბედნიერად განათებული, იმდენად ბედნიერად, რომ ჯერ სიცოცხლეში არავის ენახა ასეთი ბედნიერი გამომეტყველების მქონე ადამიანი. ამ სოფელში სამი დღის მერე წესად ჰქონდათ მიცვალებულის დამარხვა და გადაწყვიტეს კიდეც საფლავის გაჭრა, რომ უცებ მიცვალებულის თავს ზემოთ მტრედის ფართქალის მაგვარი ხმა გაისმა და ამის მერე ბიჭიც შეტოკდა, სულეთის ქვეყანაში წასული სული მოფრინდა და ჩაიბუდა მის სულში.   -ბებო , ბებო, რა გახარო ბებო! – ეხვეოდა ბიჭი ბებიას. მართლა გასცურა ცის ნაპირამდე ჩვენმა კიდობანმა, ღმერთს ვთხოვე, რომ სულეთის ქვეყანა ეჩვენებინა და იმიტომ ჩავწექი კიდობანში, ჩავწექი და გავცურე კიდეც.       იცი რა ლამაზია სულეთის ქვეყანა, იცი რა კარგად არიან ჩვენები, დედაც ვნახე, მამაც, ჩემი პატარა ძმაც, პაპაჩემიც; აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლოს თასით წყალი მოიტანეს, ჩემ წინ დაღვარეს და მიბრძანეს: წადი და სანამ შენი აქ მოსვლის ჟამი არ მოვა, ქვეყანას ემსახურეო. ნეტავ გენახა რა დიდებულია სულეთის ქვეყანა და რა ბედნიერები არიან ყველანი, ასე ხომ აღარ იტირებდი ბებო.   -კარგი, ოღონდ შენ ნუ დამიღონდები და აღარ ვიტირებ ჩემო ბიჭო, აღარა, – ჩამომჭკნარი ხელით ცრემლები მოიწმინდა მოხუცმა.       გაზაფხული იყო და ხალხი მამულებს ხნავდა. თადეოზს მოწნული ჯინით ნაკელი გაჰქონდა თავის მამულში რომ გაენოყიერებინა. გზად სხვის მამულზე უნდა გაევლო. იმ მამულის პატრონს მგელიკა ერქვა. მართლა მგელივით დაუნდობელი და ავადმზირალი კაცი იყო.       გაატარა ერთხელ თავის მამულისკენ თადეოზმა ხარები და ჯინი, დაუხვდა მგელიკა წინ, გადმოუბრუნდა ჯინი და თავის მამულში გაშალა ნაკელი.   -რას შვრები ძია მგელიკავ, სხვა გზა საით მაქვს, დღემდე ესე დაგვქონდა სასუქი და ახლა რა დაგიშავე რო გზას არ მაძლევ - შემცბარმა ჰკითხა თადეოზმა მგელიკას.       თადეოზმა ხმა არ გასცა, მამულის ხვნა გააგრძელა. წამოვიდა თადეოზი, ისევ გაივსო სასუქით ჯინი და წაიღო თავის მამულისაკენ. ისევ დაუხვდა წინ მგელიკა და თავის მამულში წამოუქცია ჯინი.       სახლში ატირებული მივიდა თადეოზი.   -ხმა არ გასცე, ბებო გენაცვალოს, თორემ ეგ ისეთი გულქვაა, ვაი თუ რამე დაგიშაოს. უსასუქოდ მოვხნათ მამული.   -უსასუქოდ რა ყანა უნდა მოგვივიდეს, ბებო?   -ხო იცი მამასახლისია და რუსები მაგის მხარეს დაიჭერენ, დავალებული აქვს ალბათ იმათგან ჩვენი გამწარება.       თადეოზმა კიდევ გაავსო ჯინი სასუქით და თავისი მამულისაკენ გაუძღვა ჯინში შებმულ მხარეს.   -რამდენჯერ უნდა გამაიარო ამ გზაზე შე მკვდარციციანო, შენა! – შემოუქნია მგელიკამ შოლტი და ნახნავ მიწაზე დააგდო თადეოზი. მერე მართლა მგელივით მიეჭრა და ნახნავ მიწაში ცოცხლად დაუწყო ჩამარხვა. ბელტს ბელტზე ადებდა და თან ლანძღავდა: – შე მკვდარციციანო! შე ბუნტავშიკის შვილო! რუსეთი არ გინდათ და ხარები კი გინდა ატარო ჩემ მამულზე არა! ჩამარხა ცოცხლად. თადეოზის ბებია მიეჭრა და შვილს დაუწყო თხრა.   -არ ამოსთხარო, თორე! – დაიღრიალა მგელიკამ და ქარჩით თავი გაუხეთქა მოხუცს.       გაღმა მამულში აპარეკაი ხნავდა მამულს. ჯერ ყველაფერს უყურებდა და როგორღაც ითმენდა. როცა მგელიკამ ბალღი ცოცხლად ჩამარხა ნახნავ ბელტებში და მოხუცს სული გააფრთხობინა, მიატოვა ხარ-გუთანი, ჩოხის კალთის შიგნით ჩამალული ხანჯალი იშიშვლა და შიგ გულში გაუყარა მგელიკას. ამოთხარა ბიჭი ბელტებიდან და მომაკვდავ მგელიკას მიაძახა: – დალიე ეხლა ეგ ძაღლური სული, შე მართლა მკვდარციციანო შენა!       საიდანღაც გამოცვივდნენ „სტრაჟნიკები“, მაგრამ აპარეკამ მოასწრო გორის გადავლა და ტყეს შეერია.       დარჩა თადეოზი მიწისა და ცის ამარა, მაგრამ მიწასა და ზეცას ჰყავს თავისი გამრიგე და არ დატოვა არსთაგამრიგემ უპატრონოდ თადეოზი, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა სულეთის ქვეყანა და იქიდან ამ სიტყვებით გამოუშვეს უკან: წადი, ემსახურე ქვეყანას და სანამ შენი დრო არ მოვა, აქ აღარ მოხვიდე. ამიტომ აღარ ჩაწვა თადეოზი იმ კიდობანში, რომლითაც ერთხელ უკვე გასცურა სულეთის ქვეყნამდე. დაასაფლავა ბებია და მართალია უკვე იცოდა, რომ სულეთის ქვეყანაში ბედნიერად იქნებოდა ბებიამისი და ერთხელ სთხოვა კიდევაც, სულეთის ქვეყნის მკვიდრთ ბედზე არ ეტირა, თვითონ მაინც იტირა, როცა ბებიას ბღუჯით მიწა მიაყარა. რაკი გუდამაყარზე იყო ძველად გზა, აქ ჩამოიარა წმინდა ბერმა ბენიამინმა და თან წაიყვანა თადეოზი. ახლა სწორედ სამი წელი სრულდებოდა მას მერე, რაც ბენიამინი ათონის მთის მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა და წესის მიხედვით მონასტრის საძვალეში უნდა გადაესვენებინათ მისი ძვლები.       აღასრულეს წესი.       ბენიამინის თავის ქალას ნომერი დაუსვეს.       გადაიხადეს პარაკლისი იმ ეკლესიაში, სადაც თავის დროზე ექვთიმე ათონელი ლოცულობდა. ეს არის მოგრძო ეკლესია და სწორედ ამ ეკლესიაში იყვნენ ბოლო ქართველი ბერები ათონის მთაზე, რომელიც ოდესღაც ქართველთა სიმრავლით და მათ მიერ ჩადენილი სასწაულებით იყო განთქმული. მაგრამ როგორც ილეოდა ძველი დიდება, ოდესღაც ზღვიდან – ზღვამდე განფენილი და ჟამთასიავის გამო მრავალმტერმორეული საქართველოსი, ასევე ილეოდა ბერ-მონაზონთა რიცხვი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს წმინდა ადგილებზე და მათ შორის ათონის მთაზეც, სადაც ბოლო დროს ძალიან შევიწროებას განიცდიდნენ ქართველი ბერები და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათი წმინდა მთაზე ყოფნა-არყოფნის ჟამი დადგა. ათონის მთაზე, ივერიის მთავარ ტაძარში, აღსავლის კარის წინ ჰკიდია ქართველი დიდებულების მიერ შეწირული კანდელი, რომელიც ჟამით-ჟამს იწყებს ხოლმე რხევებს, წრიულს, ან ჰორიზონტალურს. დროთაგანმავლობაში აკვირდებოდნენ ბერები ამ რხევებს და აღმოაჩინეს, რომ თუ კანდელი წრიულად ირხევა, ეს სასიხარულო ამბის ნიშანია, ხოლო თუ მარჯვნიდან მარცხნივ ირხევა ჰორიზონტალურად, ეს სამწუხარო ამბის მაუწყებელია. ეს მონასტერი დააარსეს იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა, რომელთა წმინდა ძვლებიც განისვენებენ იმ საძვალეში, სადაც სულ ახლახან ბენიამინის წმინდა ძვლები გადაასვენეს სამარხიდან უკანასკნელმა ქართველმა ბერებმა. უკანასკნელმა იმიტომ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ წაუჭერს ყელში ლახვარს სატანა, კიდევ მორიგე მტრის უღელს დაადგამენ საკუთარი შვილები და ივერონის აღსავლის კართან დაკიდებული კანდელიც სამწუხაროდ რხევებს დაიწყებს. ამას მოჰყვება ქართველი ბერების იძულებით წამოსვლა საქართველოში, სადაც რუსეთს უკვე შემოტანილი აქვს წითელი უღელი. ბერები ეთხოვებიან ათონის მთას და იქ ტოვებენ ერთადერთ ბერს, იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებიან საქართველოდან და თავიანთ მამა-პაპათა ნაშენებ ტაძრებში ისევ შეასრულებენ ქართულ წირვა-ლოცვას.       მწუხარე არის ეს დღე.       საძვალიდან წინაპართა ძვლების წმინდა ნაწილებს იღებენ და საქართველოში მოაქვთ.       ყველაზე მეტად უჭირს მამებთან განშორება იქ დარჩენილ ერთადერთ ბერს.       ივერონის მონასტრის კართან ისევ სამწუხაროდ ირხევა კანდელი.       მოდიან ბერები. გზა არის შორი და დამღლელი. იმათ ჯერ კიდევ არ იციან როგორი საქართველო ელოდებათ. არ იციან რომ სათითაოდ ყველას დახოცავენ. ერთ ბერს არმაზში აკუწავენ და გვიანღა ნახავს ხალხი. მეორე ბერს შიო მღვიმში მოკლავენ. ერთი ბერი რევოლუციონერმა ქართველებმა ხიშტზე წამოაგეს, გამორჩათ, მაგრამ მაინც მოკლეს ბეთანიაში.       მანამ ეს მოხდებოდა, ასე შეეგება წითელუღელდადგმული ბედნიერი საქართველო სამშობლო მონატრებულ ბერებს.       ისინი ბაზარში შევიდნენ და ასეთ სურათს წააწყდნენ. შუა ბაზარში დიდი დათვის ტყავი იყო გაშლილი. ზედ ორი პატარა ბელი იჯდა და ხალხისაგან დამფრთხალები ერთ-ურთს ეკვროდნენ. ტყავის გარშემო ამაყად დაალაჯუნებდა უზარმაზარი მთიული და ხალხს სთავაზობდა: – იყიდეთ, იყიდეთ, მთიულური დათვის ტყავი, თავისივე ბელებით. ასე შეეგება ათონის მთიდან იძულებით წამოსულ ბერებს მშობლიური საქართველო. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ელოდათ წინ.       არც თადეოზმა იცოდა.       იგი მატარებელს მიჰყვებოდა. მატარებელი გორთან გააჩერეს და თადეოზმა დაინახა, რომ ქვედა საწოლიდან ვიღაც გაათრიეს. იმას სხვა ვაგონიდანაც მიაყოლეს მეორე. თადეოზი ჩუმად ჩამოვიდა მატარებლიდან და დაღმართს დაუყვა, მტკვრის პირას დაიმალა. ჩამალულმა ბინდ-ბუნდში, გაარჩია როგორ მოჰყავდათ ჩეკისტებს ხალხი, როგორ გაათხრევინეს სამარე, მერე იმ სამარის პირას ჩაამწკრიეს და თოფები მიუშვირეს.   -რას შვრებით, ღმერთი აღარა გწამთ? – სამალავიდან წამოხტა ხმამაღალი ყვირილით თადეოზი. ეცნენ და ისიც სხვებთან ერთად დააყენეს სამარის პირას.       ერთდროულად იჭექა რამდენიმე თოფმა და ფერდის არეში იგრძნო თადეოზმა ტკივილი, როცა სხვებთან ერთად ჩაეხეთქა გათხრილ სამარეში.       ზემოდან თხლად მიაყარეს მიწა. ეტყობა ხვალაც აპირებდნენ აქ ხალხის მოყვანას. განთიადისას მოახერხა სამარიდან ამოძრომა თადეოზმა.   -ეე, მღვდელი გაიქცა სამარიდან, მღვდელი! – იყვირა ვიღაცამ. ეტყობა იმ ადგილას ყარაულად ჰყავდათ დაყენებული.       ისევ მტკვრის პირას ჩაიმალა თადეოზი და დაღამებას დაელოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა როგორმე გუდამაყარში წასულიყო და იმ კიდობანში ჩაწოლილიყო, რომლითაც ერთხელ უკვე იმგზავრა სულეთის ქვეყანაში. ჭრილობა ანაფორის ნახევებით შეიხვია მჭიდროდ. ტყე- ტყე მიდიოდა ღამღამობით. როგორც იქნა მიაღწია თავის სოფელს, მივიდა თავის სახლთან, დააკაკუნა, ბიძაშვილმა გაუღო კარები. თავიდან ვერ იცნო.   -თადეოზი ვარ, თადეოზი! – გადაეხვია ბიძაშვილს თადეოზი, რომელსაც აშკარა უკმაყოფილება შეეტყო სახეზე.       დასხდნენ. გამართეს საუბარი. თადეოზმა თავს გადახდილი მოუყვა. ბიძაშვილმა თავისი უამბო.   -კიდობანი ისევა დგას კალოში? – ჰკითხა თადეოზმა.   -კი, ისევ იქ არის.   -იქ მინდა ამაღამ ჩაწოლა.   -რატომ, მდევრებისა გეშინია?   -არა, იმ კიდობანში ჩაწოლა მომენატრა.   -სირცხვილი არ არის, დაჭრილი კაცი კიდობანში როგორ ჩაგაწვინო, შენი სახლია და დროებით ვცხოვრობ აქ, აბა სხვას ხომ არ შემოვუშვებდი, მე მგონი არ გწყენია, თორემ კიდობანში დაძინება რა საკადრისია.   -არა, ნუ გეწყინება, იმ კიდობანში მინდა ჩაწოლა.   -ნება შენია, – თქვა ბიძაშვილმა და კალოსკენ წაუძღვა თადეოზს.       კიდობანში აღარ ეყარა ხორბალი. ნაბადი ჩაუფინა ბიძაშვილმა და ისე ჩაწვა თადეოზი.   -სოფელში რომ შემოხვედი, ხომ არავის დაუნახიხარ? – ჰკითხა ბიძაშვილმა.   -ძეხორციელი არ შემხვედრია.   -ძალიან კარგი, თორემ ხო იცი, რა დროა.   -ზემოდან სახურავი დამახურე – უთხრა თადეოზმა.       ბიძაშვილმა ზემოდან კიდობანს სახურავი დაახურა და დიდხანს ფიქრობდა ერთ ადგილას დაყუდებული. მერე სადღაც წავიდა.       მზისამოსვლისას ახადეს კიდობანს სახურავი ჩეკისტებმა. თადეოზს ხმაურზე არ გაუღვიძნია, რაღაცნაირად ბედნიერი სახე ჰქონდა, ისეთი, ბავშვობისას რომ ამოიყვანეს კიდობანიდან.   -სძინავს? – იკითხა ჩეკისტმა.   -ეტყობა – თქვა თადეოზის ბიძაშვილმა.       რამდენიმე მაუზერმა ერთდროულად იქუხა კიდობნის შიგნით. რომ ამოიღეს, ისევ ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა თადეოზს სახეზე, როგორც ჩვეულებრივ მკვდარს არა აქვს ხოლმე და ცოცხლებსაც კი იშვიათად შეამჩნევ ასეთ ბედნიერების ნიშანს.       მამამისის გვერდით დამარხეს თადეოზი.       ის კიდობანი კი მანამდე იდგა იმ კალოში, მანამ შუღლიანთ სებამ გუდამაყრის მუზეუმი არ ააშენა და ერთი ძროხა არ მისცა კიდობნის ახალ პატრონს იმის შესყიდვაში. როცა კიდობანს სისხლისაგან ასუფთავებდა, მაშინ იპოვა სებამ ანაფორის ნახევში გამოკრული ათონელი ბერების ძვლების ნაწილები. კიდობნის კუთხეში შეენახა თადეოზს. ძვლები ისევ იმ კიდობანში დატოვა სებამ. ხალხმა კი ამ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ შეარქვა და საყვედურობდნენ კიდეც, რაღა მაინცდამაინც ცოდვიანი კიდობანი შემოიტანე კიდობანშიო.       ბატონო მელია!       თუ მიბრძანებთ იმ ბერების ძვლებსაც მივუჩენ ჩრჩილებს. კიდობანზე არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგისი გასაღები თქვენს ხელთაა და არა მგონია საარჩევნოდ ჩვენს წინააღმდეგ გაბედოს რამე. კიდობანის იქით რომ ჩოხა ჰკიდია, ისიც თადეოზის ნაქონი ჩოხაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ მოგვცემს ხმას. სებას უნდა კიდობანს სულეთის კიდობანი შეარქვას, მაგრამ რაკი ერთხელ უწოდა ცოდვის კიდობანი, არა მგონია სებას რამე გამოუვიდეს. თუ სულეთის კიდობანს შეარქმევენ, მაშინ შიგ გამომწყ ვდეულ ნივთებსაც ფასი და ხმა მოემატებათ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ ერქვას. ასეთი სახელით უფრო იოლად დადგება ჩვენს მხარეზე.       მაპატიე, დიდო მბრძანებელო, შეიძლება ცოტა გრძელი ინფორმაცია გამომივიდა ამ კიდობანის შესახებ, ან იქნებ რაიმე ისეთი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რაც თქვენს ბრწყინვალებას უფრო საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ ერთი წუთით არ დავიშურებ ცდას და დამატებითი ამბების მოგროვებას.       როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი ბრძანებით ყველგან შემრჭობი – სადგისი!       კიდობანს ეჭვით უყურებდა მელია და ყელზე შებმულ გასაღებს მარცხენა თათით აქეთ-იქით ათამაშებდა.   -ჩრჩილებს ნუ მიუსევ მაგ ბერების ძვლებს, მოვა დრო და მე თვითონ დამჭირდება გამოსახრელად და ისევე გამოვხრავ, როგორც ერთ დროს ქრისტეს მიმდევართა ძვლებს ვხრავდი და ვაკნატუნებდი – გააფრთხილა მელიამ სადგისი და ისევ მარცხენა თათით       გააქან-გამოაქანა აქეთ-იქით ყელზე ჩამოკიდებული კიდობანის ბოქლომის გასაღები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .       ხანდახან ისე საშინლად დაიქუხებს ხოლმე გუდამაყარში, რომ შეუჩვეველ კაცს ეგონება, ეხლა ეს მაღალი ცა მთებს შორის ჩამოიმსხვრევა და ერთიანად ჩაიტანს არაგვის ვიწრო ხეობას. მაღალ მთებს შორის მოქცეული ხეობა კი მართლაც ვიწროა და რაკი აქ გამუდმებით შავი არაგვი მოედინება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სადღაც ამ მთებშია ჯოჯოხეთის შესასვლელი კარი და ეს კუპრივით შავი მდინარეც იქიდან მოდის. საკმარისია წვიმა წამოვიდეს რომ გახელდება, გადაირევა მდინარე, ერთი მთიდან მეორეს აწყდება, ტალღებს იქოჩრავს, ლოდებს მოაგორებს და რაღაცაზე გულამღვრეული მიიჩქარის ხეობის სიღრმისაკენ, თითქოს მართლა ჯოჯოხეთის გულში დგომით შეწუხებული იყოს და ახლა იქედან იმიტომ მიეჩქარება, რომ სამზეო მოიაროს, ქვეყანა მოისამოთხოს. მორბის და მოარბევს ისედაც ჩამორღვეულ მთების ნაპირებს. მეოთხედიც აღარ დატოვა პირიმზის სალოცავი მინდორი და ახლა აშკარად ისმის მუზეუმის ერდოებიდან შემოჭრილი მისი აღელვებული ხმა.   -მამავ, მამავ, შენ გენაცვალე მამავ, გვიშველე, ისევ წაიღო არაგვმა ჩვენი ბროლია, სახლშიც მოგვიხტა, ყველანი იქ არიან, ჯებირს ამაგრებენ, შენც წამოდი, გევედრები მამავ, შენც წამოდი – ტირილით შემოვარდა მუზეუმში შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და სებაც თან გაჰყვა შეშინებულ ბიჭს. თქეშად მოდიოდა წვიმა. მდინარეს ნახევარ მინდორზე მეტი უკვე ჩაუქცია, თან წაეღო, სახლების კედლებს არღვევდნენ, რასაც ერეოდა შავი ტალღებით მიითრევდა და არავითარ ჯებირს აღარ ერიდებოდა. როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეღო მთელი პირიმზის მინდორი. ჩაარღვია და ჩააქცია ძველი რუსული ბასტიონის კედელი, მიუხტა გუდამაყარის მუზეუმს და მოარღვია კედლები. შუღლიანთ სებაი მუზეუმისკენ გაიქცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი უძლური აღმოჩნდა აბობოქრებულ მდინარესთან, როგორც ჭიანჭველა ბეჰემოტთან. მდინარის ტალღებში საცოდავად მიტივტივებდნენ ცხოველების ფიტულები. კიდობანი აღელვებულ კალთებზე ქანაობდა და ქვემოთ მიჰყვებოდა მდინარის დინებას. კიდობანზე შემოსკუპებულიყო მელიის ფიტული და ისე ცდილობდა ადევებული მდინარიდან თავის დაღწევას. სებამ მდინარის ტალღებში მოლივლივე საქართველოს ფარდაგს მოჰკრა თვალი და მის გადასარჩენად შევარდა წყალში.   -რას შვრები მამავ, ნუ მიდიხარ შიგნით, წაგიღებს წყალი! – ტირილით დაედევნა სებას ნაბოლარა ბიჭი. სებას არავისი ხმა აღარ ესმოდა, მდინარეში ყვინთავდა და ცდილობდა როგორმე ფარდაგი დაეჭირა.   -მაგას თავი ანებე და მე გადამარჩინე! - მოესმა კიდობანზე ატორტმანებულ მელიას განწირული ხმა.   -შენ ადრევ წასაღები იყავი! - მიაძახა სებამ.   -მაინც დავბრუნდები, ნახე თუ არ დავბრუნდე! – ნიშნისმოგებით გამოსძახა მელიამ და სწორედ ამ დროს ამოატრიალა კიდობანი აბობოქრებულმა მდინარის ტალღამ. მელია შავ ტალღებში ჩაინქთა, მაგრამ სებას მოეჩვენა, რომ რომელიღაც ტალღიდან თავი ამოყო და დაიძახა: – მაინც დავბრუნდები და ვაი, თქვენ დღეს მერე!       არა, ეს სებას მოეჩვენა, მელია აღარ ჩანდა კუპრივით შავ მდინარეში. შუღლიანთ სება ფარდაგის კალთას მისწვდა და ნაპირისაკენ დაითრია. მდინარე ფეხქვეშ უცლიდა მიწას და უჭირდა ფარდაგის გამოთრევა. ბიჭმა გაბედა, წყალში შევარდა და მამას მიეხმარა ფარდაგის გამოთრევაში. არ ცხრებოდა მდინარე. მიდი-მოდიოდა პირიმზის სალოცავის მინდორზე და ერთიანად მიჰქონდა ყველაფერი; წაიღო რუსული ბასტიონი, წაიღო კვარცხლბეკი, სადაც ერთ დროს ხან ნიკოლოზის ძეგლი იდგა, ხან სტალინის და ხან ლენინის. სხვათა შორის, ისე მიტივტივებდა მდინარის ტალღებში ლენინის ბიუსტი, თითქოს დიდი ხანია ელოდა ამ დღეს და ასეც უნდა ყოფილიყო. მარცხენა, თუ მარჯვენა ხელი ტალღებიდან ზემოთ ჰქონდა ამოშვერილი და ისე მიაქანავებდა მდინარეში, კაცი იფიქრებდა, მდინარის პირას გამოფენილ ხალხს ემშვიდობებაო. წყალმა წარეცხა ყოველივე პირიმზის სალოცავის მოედანზე. მამა-შვილი სალოცავისკენ მიათრევდა აღმა წყლით გაჟღენთილ ძველებურ ფარდაგს, რომელზეც უხსოვარი დროის იქით, ვიღაცას საქართველოს დროშა ამოექარგა. უცებ, მდინარის ტალღებისაგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა სებამ თვალი და დააკვირდა წარწერას.   -რა აწერია, მამავ? - ჰკითხა შვილმა.   -რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარე-მზესა, - წაუკითხა მამამ.   -ვისია, მამავ?   -არ ვიცი, შვილო, ალბათ ვიღაც უბედურის, თავის სიცოცხლეში ვერაფერი სასიხარულო რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ, წავიდა და მიწას ამოეფარა.   -ჩვენც უბედურები ვართ მამავ?   -რატო შვილო?   -ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ, სახლიც და საქონელიც. ბროლიაც, შენი მუზეუმიც.   -ნუ გეშინია შვილო, მთავარია რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს. სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ.   -კიდობანი ზღვაში წაიღო მამა?   -სულეთის ზღვაში წაიღო, მამა გენაცვალოს.   -მერედა სად არის სულეთის ზღვა.   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, აი იქ არის სულეთის ზღვა.   -მერე კიდობანი როგორ მივა იქ?   -მივა შვილო, მივა, ღვთის ნებით მივა, მოდი მომეხმარე ფარდაგი ბალახებზე გავფინოთ, რომ შლამი წვიმამ გარეცხოს.       მამა-შვილმა ფართოდ გაშალეს პირიმზის სალოცავის გვერდზე მობიბინე მოლზე ფარდაგი.       გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო აღმოსავლეთის მთაზე ჰქონდა დაბჯენილი, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელიდან ჩამომდგარი შუქით, უცნაურად გაბრწყინებულიყო. ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდნენ ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი. გოდერძი ჩოხელი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 1:12pm on მარტი 3, 2014
თემა: გოდერძი ჩოხელი - სულეთის კიდობანი (მეორე ნაწილი)
ხომ განთქმული იყო მთელ გუდამაყრის ხეობაში...ჰოდა, მიყვებოდა ბიძაჩემი, კაცი დავბერდი და ეგეთი ამბის შამსწრე არა ვარ, ძმისწულო. აღარც კი მეგონა თუ ჩვენ ტყეებში კიდევ ბუდობდნენ ირმები. ეტყობა ირმის ჭალებს ამოუყვნენ და მერე ანანურის ჭალებიდან გადმოვიდნენ ჩვენსკენ. მყვირალობისას ერთ-ურთს დასჭიდებიან და ვეღარ დასცილებიან. ან ნადირს როგორ გადაურჩნენ, ანდა შიმშილით როგორ გაჰქონდათ თავი.ნადირისაგან შეწუხებულებს მოუხერხებიათ და ერთ მაღალ კლდის შვერილზე შემდგარა აი, ეგრე ვიპოვე ჩემო ძმისწულო, შუბლი-შუბლს ჰქონდათ მიბჯენილი, რქა-რქაზე ჰქონდათ გადაჭდობილი და ერთსაც მარცხენა მუხლი ჰქონდა წინ ჩახრილი, მეორესაც, თითქოს ამით თავის მარადიულ სიყვარულს უხრიდნენ მუხლს. სადღაც, ტყის სიღრმეში კი ისევ ბუდობდა ქორბუდა ირემი და ისევ უხმობდა გულისსწორს. ეს რქები იმათ სახსოვრად წამოვიღე, იყოს ამ მუზეუმში, იქნება ვინმე ამათაც დააფიქრონ სიყვარულზე. პატივცემულო, მელია! იქნებ არ გვჭირდება სიყვარული?! პატივისცემით და მოწიწებით – სადგისი. საქმე №6. მფრინავი ბერები       (საიდუმლო ინფორმაცია კალათზე, რომლითაც მთის წვერიდან მორაკრაკე წყაროს ცივი წყალი ჩამოჰქონდათ მთიდან ბერებს) გუდამაყარში სოფელი ჩოხი წმინდა ადგილად ითვლება. ეტყობა სწორედ ამიტომაც უცხოვრიათ ბერებს აქ. ახლაც შეხვდებით უშველებელი ლოდებით ნაშენებ შენობებს, რომელთაც აქაურები საბერლოებს ეძახიან. არის კიდევ უძველესი ნაშთები მათი აქ ცხოვრებისა. უპირველესად ქვის ჯვარი, რომელიც როგორც ჩანს მოგრძო ეკლესიის თავში იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ნიშან-წყალი ოდნავღა ეტყობა მიწას, ეს ქვის ჯვარი ამაყადა დგას, ხოლო მის გვერდით წამომართულა კაცის ხელით გამოთლილი ურთხმელის ხე, რომელზედაც უამრავი დიდი და პატარა ზარი ჰკიდია მლოცველთაგან შეწირული. ეს ზარის ხე დგას შემაღლებულ გორაზე და ნიავის ყოველ წამოქროლაზე ჟღრიალებს, სალოცავის წმინდა გორაზე შეყრილებს თავს ახსენებს და ისინიც ქედმოხრილნი ილოცებიან: – დიდება შენდა! – დიდება შენდა!       და მართლაც დიდებულია მთელი ეს სალოცავი გორა, რომელზედაც ოთხივე კუთხით გაისმის ღმერთის სადიდებელი ლოცვა. ვინ არიან ახლა ეს მლოცველები, თავიდან რომ მოწიწებით წარმოსთქვამენ ღმერთის სადიდებელს, მერე თანდათან თვრებიან და ლოცვის ხმა ყიჟინაში იზრდება.ესენი არიან იმ მფრინავი ბერების უკანასკნელი მოდგმა, იმ მფრინავი ბერების მოდგმა, ოდესღაც მათი წინაპრები თავიანთი სიწმინდით მთელ ქვეყანას რომ აკვირვებდნენ.ყველაზე წმინდა ბერები ჩოხის მთის წვერზე ცხოვრობდნენ და იქ ისეთი წყარო მორაკრაკებდა, ბარში მცხოვრებთ სიცხეში თხილის კალათებით უგზავნიდნენ ბერები იმ წყალს. საკვირველი ის იყო, რომ კალათს ერთი წვეთი წყალი არ აკლდებოდა. ამას ღვთის შეწევნით და თავისი წმინდა ცხოვრებით აღწევდნენ ბერები...და, უფალო ღმერთო, შენ უკეთ იცი, როგორ ეტანება სიწმინდეს სატანა, როგორ ცდილობს წაბილწოს ის, რაშიც სიწმინდე დგას. ყველაზე წმინდა ჭურჭელი ამ ქვეყანაზე ადამიანია; რაკი ღმერთმა ინება და შიგ თავისი სული ჩაბერა, ამიტომაც ყველაზე მეტად ამ თიხის ჭურჭლის წაბილწვას ცდილობს სატანა და რაკი ამ ჭურჭელს საკუთარი ქმედების ნებაცა აქვს ნაბოძები, იმდენ ავ ქარსა და სიოს შეუშვებს თავის შიგნეულში, ძნელია მერე ამ ავი ქარისა და ავი სულებისაგან განწმენდა.მთის წვერზე მცხოვრები ბერები წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდნენ ბარად სადღესასწაულოდ, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოედანზე იმართებოდა. ეს იყო ენითაუწერელი, არაჩვეულებრივი სანახაობა.ჯერ სანთლების ალი გამოჩნდებოდა ხოლმე ბერების მთაზე. ეს ხელის სიმსხო თაფლის სანთლების ალი იყო. მერე წამოუბერავდა ბერების მთიდან ნელი სიო, სათიბ-ფერდობებს ჩამოეფინებოდა სანთლების სურნელი, ამ დროს ტყეებიდან ველად გამოიშლებოდნენ: შვლები, ირმები, კურდღლები და გუდამაყრის ტყეში არსებული ყველა ნადირი, დრუნჩებს მაღლა სწევდნენ და ისუნთქავდნენ სადედაბროს მთიდან ჩამოდენილ საკმევლისა და თაფლის სანთლის სურნელს.სანთლისა და საკმევლის სურნელთან ერთად ზარების ჟღარუნით სოფლისაკენ გამოფრინდებოდნენ წმინდა ბერები. ისინი ამ დროს ჰგავდნენ უზარმაზარ ფრინველებს, რომლებიც ფრთებს კი არ იქნევენ, არამედ თითქოს არც ირხევიან ჰაერში, ისე მიაფრენთ რაღაცა მადლი.სოფელში ჩაფრენილებს, წმინდა გიორგის მოედანზე ელოდება მუხლმოდრეკილი ხალხი, ანთებული სანთლებითა და ხავიწისაგან (ერბოს გული აქვს) გამომცხვარი კვერებით. ამ წმინდა კვერში ხდება წმინდა ნაწილის კვეთა...შემდეგ ტარდება რიტუალი, რომელიც, თუ ღმერთმა მაცოცხლა, ისეთივე სიყვარულით მინდა დავწერო, როგორც ბევრი სხვა მოთხრობა რაც საჩოხლო ხატის წმინდა გორაზე ჩატარებულ დღეობას შეეხება...ახლა კი, მინდა გითხრათ, რომ მფრინავ ბერებს სულ ცოტა დრო აქვს საჩოხლო გორზე გასაჩერებლად. ახლა ისინი რიტუალისთვის არიან ჩამოსულნი: ყოველ წელიწადს ჩოხელების გვარი შესაწირ ყმაწვილს უზრდის ბერების წმინდა მთას. ყოველ წელიწადს ჩამოდიან წმინდა ბერები და იქ, სადაც მათ გარდა კაციშვილი ფეხს ვერ დააკარებს, იმ ადგილას უტარებენ ხვთისგან რჩეულ ყმაწვილს სარიტუალო ლოცვებს, აზიარებენ ფრენის წესებს და ყოველივე იმას, რაც შემდეგში გამოადგება მფრინავ ბერს. მთავარი მაინც ის არის, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური დაივიწყოს ბერად რჩეულმა. – ახსენებ დედასა? –ეკითხებიან რჩეულს. – არა! – იძახის პატარა და თვალები დედისკენ გაურბის. – ახსენებ მამასა? – არა! – ახსენებ რაიმე ამსოფლიურ სიყვარულსა? – არა! – იძახის პატარა. – აი, კალათი, რომელიც ბერების მთაზე ნაჟური წმინდა წყლით არის სავსე და წვეთი კი არ გასდის. ყოველი წვეთი, რომელიც შენ რწმენას მოაკლდება და როცა გავფრინდებით, ამა სოფლისაკენ მოგახედებს უკან, იცოდე, რომ ბერების საძმოს და ბერების რწმენას მოაკლდება. ამიტომ დავკარგავთ იმას, რაც ბერების მთის მცხოვრებთ დღემდე მოგვიტანეს.მომავლის გარეშე წარსული არ არსებობს, გენდობით შვილო! უკან არ მოიხედო მანამ მთაზე არ ავალთ. ბერებმა პატარა ბიჭი წინ დაიყენეს, პირჯვარი გადაისახეს და აფრინდნენ. – დედააა! დედაა! – გაისმა უცებ ბიჭის განწირული ყვირილი. ბიჭი უკან იხედებოდა და დედისაკენ იწევდა. მოცელილებივით დაეცნენ ბერები მიწაზე. ისხდნენ. ფრთებდამტვრეული არწივები რომ გინახიათ, ისე ცდილობდნენ წამოდგომას... ბატონო, მელია! იყო დრო, როცა ბერების წამოდგომას ვეღარავინ იფიქრებდა, მაგრამ რომ ცდილობენ?! მე რომ იმ ბერებზე მოგახსენეთ, მაგ ამბავს სხვანაირი დაბოლოებაცა აქვს და ღმერთი გამიწყრეს რომ რამე დაგიმალოთ. ალბათ ბევრჯერ წასწყდომიხართ იმ წყაროს წყალს და ეგ თქვენი მხურვალე გულიც გაგიგრილებიათ იმით . მე ერთი საცოდავი სადგისი ვარ და აბა რა ვიცი, სად წყაროს წყალი მოსჩქეფს და სად მდინარე. მოიტანს ჩემი პატრონი კოკით წყალს ჩაასხამს გეჯაში, დაატრიალებს ჩალხს, გამიმწვეტებს წვერს და აბა, შენ იცი სადგისოო, და ხან სად შემარჭობენ და ხან სად.მაპატიე, მაპატიე, ჩემო მწყალობელო, აი ეხლაც იქ შევერჭვე, სადაც არაფერი მესაქმებოდა და სადაც არ უნდა შევრჭობილიყავი. მაგრამ ხომ გაგიგონია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, სადაც კაცი დაგიმიზნებს, იქ თუ არ შეერჭვე ერთი ლაზათიანად შემოგიკურთხებს – შენ სადგისი კი არა, სათხრისი ხარ, წადი შენი პატრონის დედაც ვატირეო და მოგისვრის.იმ ამბის დაბოლოებას გიყვებოდით, ბატონო მელია, მფრინავ ბერებს რომ შეემთხვათ და ლამის ის ბალღი ცემაში მოკლეს.ხომ გითხარით ბერებს კალათით ცივი წყალი როგორ ჩამოჰქონდათ ხოლმე სოფელში. წვეთი წყალი არ გავარდებოდა იმ კალათს და ვერცხლის პატარა ბარძიმებით ასმევდნენ ყველას ვინც იმ დღესასწაულს ესწრებოდა.იმ პატარა ბიჭმაც დალია, ბერების მთაზე რომ უნდა გაფრენილიყო იმ დღეს სამუდამო სამყოფელში. მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდა სხვა ბერებთან ერთად და მაშინაც არ ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. არ შეეძლო მეტად ამ სიტყვების თქმა: დედა! მამა! დაიკო! პაპა! ბებო! – წმინდა ბერებს აკრძალული ჰქონდათ ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსად საუბარი.ვეღარ გაუძლო პატარა ბიჭის გულმა იმ აზრს, რომ დღეის მერე ვეღარ იტყოდა დედას და ამიტომაც ხმამაღლა იყვირა: – დედაა! დედაა!ავტორის შენიშვნა: – ნუთუ ვინმეს, ამ ცის ქვეშეთში, ვისაც დედა გყავთ და ისეთ პირობას დაგიდებენ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე დედა არა სთქვათ, შეასრულებთ კი ამ პირობას, თუნდაც ფრენის სანაცვლოდ იყოს ეს. განა ღმერთს იმაზე მეტად არ ვუყვარვართ , ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ ორ ფეხზე დგომა და სიარული დაგვიწესა დედამიწაზე. ერთი პატარა ბუზის, ან პეპელას აფრენა რომ შეეძლო, ჩვენი აფრენა რაშიღა გაუჭირდებოდა იმ დალოცვილს; მაგრამ სხვა რამ მიზეზია, რასაც არც კი გვინდა რომ ჩავუფიქრდეთ. – პეპელაზე დიდი მიზეზი? – ხო, პეპელაზე დიდი მიზეზი. – მაინც რა მიზეზი გვაქვს ეგეთი? – ზედმეტად ცოდვილები ვართ და ისა. ღმერთმა რომ წმინდა ბერებს ფრენის უნარი მიანიჭა და მადლი მოიღო, რომ ხალხთა შორისაც გაზრდილიყვნენ წმინდანები, რომელთაც ღვთის რჩეულ ბერებივით შეეძლებოდათ ფრენა, აი, სწორედ იქ იჩინა ადამიანის მცირედმორწმუნეობამ თავი. – კი მაგრამ, ის ხომ მხოლოდ პატარა ბიჭი იყო, რომელსაც დედასთან განშორება გაუჭირდა. – და მხოლოდ მაგიტომ არ დაუკარგავთ იმ დღეს ცაში ფრენის უნარი. – ?!!! – ერია იმ ბერებში ახალგაზრდა ბერი, რომელსაც გულში ჩაუვარდა ის სოფლელი გოგო და როცა ბერები გაფრინდნენ, იმ ახალგაზრდა ბერმა მაცდური თვალით გამოხედა გოგოს გულ-მკერდს. მოწყალეო, ხელმწიფევ! გუდამაყრის მუზეუმის ბრწყინვალე პრეზიდენტო! დიდად პატივცემულო მელია! ვიცი თქვენი გულისწყრომა, როცა ჩემს მიერ შეგროვილ საიდუმლო მასალებს ჩემს შენიშვნებს დავურთავ ხოლმე, მაგრამ დამერწმუნეთ, თუმცა შარიანი საქმე მოხდა, მაგრამ იმ გოგოს, ბერმა რომ გაფრენის წინ მოხედა ჰაერში აწეულმა, ისეთი ათქვირებული ძუძუ-მკერდი ჰქონდა, თანაც საკინძე სამ ღილზე მაინც ჰქონდა ჩახსნილი. მე ჩემი მოკლე ჭკუა რასაც მკარნახობს, იმას ვიძახი: ხანდახან ეგეთი მკერდის გულისთვის ნამდვილად ღირს ფრენის დაკარგვა!რაც შეეხება იმ სასწაულმოქმედ კალათას, ახლა რომ ჩვენ მუზეუმში ჰკიდია, ეგ ის არის, რითიც ცივ წყალს ზიდავდნენ. პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №7. ბოძალი (საიდუმლო ინფორმაცია მშვილდ-ისარზე, რომელიც გუდამაყრის მუზეუმში ჰკიდია) ბოძალი ხისგან არის გამოთლილი. ზოგან მას არბოლეტს ეძახიან, ზოგან ბოძალდს, გუდამაყარში კი ბოძალი ჰქვია. ბოძალი თოფს წააგავს: აქვს კონდახი, სასხლეტი, რომელიც ბორბალს იჭერს და თვითონ ბორბალი, რომელზედაც შვილდის ლარია დამაგრებული. შვილდი (მშვილდს შვილდი ჰქვია გუდამაყრულად და რაკი გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ნივთებზე ვწერთ, სადგისი ავტორს სთხოვს არ დაამახინჯოს გუდამაყრული კილოკავი) ბოძლის წინა მხარეს არის დამაგრებული და იმისი მოჭიმვის დროს შვილდის ლარი ბოძალის სასხლეტ ბორბალზე მაგრდება. ბორბალი ამ დროს სასხლეტით იკეტება. ბოძალს ზემოთა მხარეს, მთელ სიგრძეზე სწორი ლარი აქვს დაჭდეული. ამ ღარში იდება ისარი, ისე რომ წინა მხარე ოდნავ მოჭარბებული აქვს ბოძალის ღარს, ხოლო უკანა ბოლო ისეა, მოსხლეტავ თუ არა სასხლეტს, ბორბალი შემოტრიალდება, მასზე დამაგრებული ლარი ისრის ბოლოს ურტყამს და ღარში, სადაც ისარია ჩადებული, მთელი სისწრაფით ვარდება ისარი.ადრინდელ დროში, როცა ხანდახან ერთი ტყვია ერთი ძროხაც კი ღირდა, ბოძალებით უფრო ნადირობდნენ მონადირეები. თანაც ბოძალს, მართალია, თოფის სასროლ მანძილზე ვერ ისროდა, მაგრამ ერთი სიკეთე სჭირდა, უხმაურო იყო და ნადირს ისე არ აფრთხობდა, როგორც თოფის ხმა. მონადირეები ხომ პატივსა სცემდნენ ადრე ერთი-მეორეს – იქნება სადმე ახლო-მახლო კიდევ სხვა მონადირე უმიზნებდა ბოძალს ნადირს, შენ კი სწორედ ამ დროს თოფს აქუხებ და ფრთხება პირველის მიზანში ამოღებული ნადირი.კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდათ მონადირეებს. ამ ჩვევაში მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობა. ორი მონადირე თუ ერთდროულად შეამჩნევდა ჯიხვს, პირველს აუცილებლად უფროსს უნდა ესროლა. აქაც მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობის წესი, რაც საუკუნეების მანძილზე მოჰყვება მთის მაცხოვრებელთ. მაგრამ იყო განსაკუთრებული ნადირობის ჟამი, როცა უფროსებს განგებ მიჰყავდათ ახალწვერულვაშწამოღინღლული მონადირეები და დაინახავდნენ თუ არა კლდეზე გადმომდგარ ჯიხვებს, პირველობას ყმაწვილებს უთმობდნენ. კანკალებდა ხელი. კანკალებდა ბოძალი. კანკალებდა ბოძალიდან გამომსხლტარი ისარი; მთლიანად კანკალებდა ახალბედა მონადირე და, თრთოდა, კანკალებდა კლდის ნაჟურით ჩარეცხილ ლოდებს შორის ჩაჩეხილი ხარლაღი, რომელსაც თავი კისერსა და ხავსიან ლოდებს შორის მოღრეცოდა და ამაოდ ცდილობდა წამოდგომას. – გწყალობდეს! გწყალობდეს! დაგელოცოს, ბერდიავ, მარჯვენა! შორეული ხმები ესმოდა ჯიხვს და თუმცა ვერ ხვდებოდა მათ მნიშვნელობას, გრძნობდა, მთელი ტანით გრძნობდა, რაღაც მისთვის საბედისწერო გრძნობა ერია ამ სიტყვებში.როგორც იქნა კლდის ნაშალში გახლართული რქები გაითავისუფლა და მოღრეცილი კისერიც გაისწორა და ამან ცოტა შვება აგრძნობინა ჯიხვს.რაღაცა მწარედ სჩხვლეტდა ფერდში. იმ ადგილას სისხლი თქრიალით მოსდიოდა და ისარს წაეტანა ამოსაძრობად. ამან ისეთი ტკივილი აგრძნობინა, კინაღამ გული წაუვიდა.უცებ მისკენ ამომავალ მგელს მოჰკრა თვალი, რომელიც პირველად იმ მონადირეების ძაღლი ეგონა, რომლებმაც სულ ახლახანს ისარი გაარტყეს, მაგრამ სულ მალე იგრძნო მგლის სუნი და ღონე მოიკრიბა, ჩანჩქერისაგან მოლიპულ აღმართს შეუყვა აღმა. – ხედავ, ცოცხალი გადარჩენილა! – ბოძალი შეაყენა ბერდიამ. – მაიცა ბერდიავ, აბა კარგად გახედე! – ხელით ანიშნა ძმას გაგიმ. სწორედ ამ დროს მგელმა ჯიხვს გზა მოუჭრა და ისეთ ქარაფში მიიმწყვდია, საითაც გასასვლელი ბილიკი აღარ ჰქონდა ჯიხვს.გამოექანება მგელი ზემოდან მთელი სისწრაფით, დაეტაკება ჯიხვს და ცდილობს ქარაფში გადააგდოს. ჯიხვს წყლისგან მოლიპულ კლდეზე ფეხები უსხლტება, მაგრამ მაინც იმაგრებს თავს.ბერდიას, გაგის უფროს ძმას, ერთმანეთს წაკიდებული ნადირებისათვის ბოძალი აქვს მიშვერილი და აშკარაა, ეს-ესაა რომელიღაცას ესვრის. „ალბათ ჯიხვს ესვრის, – ფიქრობს გაგი, – სოფელშიც მეტ სახელად ჩაეთვლება და თუ იმ დროს ესროლა, როცა მგელი ზემოდან დაეტაკება ჯიხვს, ისიც ხომ თავს ვეღარ შეიკავებს, ისიც ქარაფზე გადმოვარდება. მაგრამ რატომ ხვდება ჯიხვი ეგე ერთგულად ქარაფის პირას და გადავარდნის საშუალებას არ აძლევს მგელს. ეხლა ახსენდება (თუმცა ეს გახსენება წამიერია, ისეთი როგორც სიზმარში, ყველაფერი უცებ ხდება და ყველაფრის აღქმას ასწრებ), როგორ აჩვენა მამამ გამთენიისას ორი ჯიხვის ჩხუბი. ერთი პირდაპირ ქარაფის თავზე იდგა, მეორე ზემოდან ეტანებოდა. ზემოთას იმედი ჰქონდა, რომ ქვემოთა არ უღალატებდა, ქვემოთას კი ეტყობა ის აძლევდა გამძლეობას, რომ ზემოთა ენდობოდა ერთგულებაში. – ქვემოთას რომ ესროლო, რა იქნება მამავ? ხო ზემოთაც გადმოვარდება და ორივე ჩვენი იქნება. – საიქიოს შესასვლელ კარში აღარ შემიშვებენ შვილო. ხო ხედავ მაგათ დანდობილობას. იქნებ ეხლა ეგენი სიყვარულისთვის ჩხუბობენ. ნდობაზე დიდი კი არც სიყვარული არ არის შვილო...აი, ამ წარმოსახვამ წამით გაიელვა გაგის მეხსიერებაში და შეშფოთებულმა გახედა მგლისა და ჯიხვის ჩხუბს. ეტყობა ჯიხვს სისხლი ეცლებოდა, სისხლი ელეოდა და დროდადრო ჩაიჩოქებდა ხოლმე წინა მუხლებზე.მგელმა გამარჯვების მოახლოება იგრძნო, ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაიხია უკან, წინა თათები წინ გამოსწია (გამოღმიდან არ ჩანდა, მაგრამ როგორც ჩანს მთელი ტანი აებურძგლა, ეშვები უფრო საზარლად გამოაჩინა და ნახტომისათვის მოემზადა). – აჰა, ეგეც ბოლო ნახტომი, – გაიფიქრა გაგიმ და ისევ იმ ჯიხვების ჩხუბი წარმოუდგა, მამამ რომ აჩვენა გამთენიისას. „ნუთუ ჩემი ძმა ჯიხვს ესვრის ახლა?“ „ნუთუ სოფელში მიტანილი სახელი ურჩევნია იმას რაც ახლა ვნახეთ?“ „ნუთუ ჩემი ძმა ბუნებით მგლის მხარესაა?!!!“ „ღმერთო, თუ ასეა, მაპატიე, აღარასოდეს გამარჯვებას აღარ ვეტყვი ჩემ ძმას“. და, ამ დროს წინა ფეხებზე დაჩოქილი ჯიხვისაკენ გადმოხტა მგელი. შხუილი გაიღო ბერდიას ნატყორცნმა ისარმა. – ვის, ვის მოხვდება? – წამიერად ფიქრობს გაგი. და, ჯიხვის წინ მოწყვეტით დაეცა მგელი! და, სწორედ ამ დროს გაგის გულში მონადირის მფარველმა ანგელოზმა შეიფრთხიალა. . . . მტერი დაეცა ძმების სოფელს. იმ დროს დაეცნენ, როცა სოფელში იარაღის ხელში ამღები არ იყო. ეს ამბავი მშვენივრად იცოდა გადამთიელმა მტერმა შინაური „მოყვრის“ წყალობით და შუაღამისას იხელთეს დრო. ვისაც ძველებური მთის სოფლები არ გინახავთ, იმათ, გინდათ გითხრათ რას წარმოადგენდა კალობნიანი მთის სოფელი: ერთი დიდი დარბაზი, რომლის შუაგულშიც გულთაბოძი (დედაბოძსაც ეძახიან) დგას. იმ გულთაბოძზე დიდი მუხის თავიხეა გადებული, რომელიც ბოლოებით სახლის აქა- იქა კედლებს ეყრდნობა. ამ თავიხეზე გაწყობილია წვრილი მუხის მორები, რომლებზედაც ჩამოწყობილია უფრო წვრილი ხეები და ამ ხეებზე აწყვია დიდი სიპები. სიპებზე აყრია თიხა მიწა, რომელსაც ხის საზეპლებით ზეპავენ წვიმის დროს.დარბაზის ზემო თვალი საქონლის შესანახი ადგილია, რომელიც ისევეა გადახურული, როგორც დარბაზი, ოღონდ მისი მეორე სართული გადმოხურულია და შიგნით ძნასა და მარცვლეულს ინახავენ გოდრებით. სახლის ამ თვალს კალო ჰქვია და წვიმიან ამინდში იქ ლეწავენ ყანას. მერე გალეწილ ძნებსაც ამ კალოძნებზე აგებენ და ისეთი ლამაზი შესახედავია შემოდგომაზე მთის ეს სოფლები, თვალს ვერ მოაშორებ. აქა-იქ კოშკებიც არის ამომართული სოფელში და ან გარდასულ სისხლისმღვრელ დღეებზე მეტყველებენ, ანდა ახლაც აქვთ სოფლის დაცვის იმედი. ის კი როდი იციან, რომ მტერმა კაცობა დაკარგა და სხვა ხერხს მიმართავს.იმ ღამესაც ისე იყო. გაიგულეს თუ არა სხვა სოფელში მამაკაცები, მაშინ შემოვარდა არხოტში ქისტის ლაშქარი. მტერმა კალობნებზე ამოშენებულ ძნებს ცეცხლი წაუკიდა. მთელი სოფელი ისე აბრიალდა ღამე, დღის შუქს დაემსგავსა. მეზობელ სოფელსაც მისწვდა ცეცხლის ნათება. – ავი ამბავია ჩვენს თავს! – იყვირეს ხევსურებმა და უბელო ცხენებს მოახტნენ. იწვოდა არხვატი. იწოდა ისე დაუნანებლად, როგორც ბიბლიური სოდომი და გომორი. და მოხდა სასწაული! სახლის მაღალ ბანზე გადმოდგა თმებგაწეწილი ხევსური დიაცი და იმისი ხმა ზარივით გაისმა მთელ არხოტში: – გამაგრდით არხოტიონნო, გატეხით რა იქნებისა, ერთს თუ მაგვიკლვენ, დავმარხავთ, სხვა კიდევ გაიზრდებისა!ქალი და ბალღი იარაღს ეცა. ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ვეღარ გაიგებდი, ცეცხლის შუქი უფრო მეტად ანათებდა, თუ ხმალ-ხანჯლების ლაპლაპი.მაინც იმძლავრა მტერმა. ტყვეები და საქონელი წინ გაიყარეს და სანამ მთვარე გორისფხას მიეფარებოდა, იჩქარეს.მთვარის შუქზე სდიეს მომხვდურებს არხოტიონებმა, მაგრამ მერე თანდათან გაჭირდა დევნა. ღილღოვლებმა ყოველი ადგილი ხელისგულივით იცოდნენ და ნაბიჯს არ ადგმევინებდნენ წინ არხოტიონებს. ერთ მხარეს გაცოფებული მდინარე ჩამოდიოდა, მეორე მხარეს ფრიალო კლდე იყო წამოყუდებული, კლდესა და მდინარეს შუა უზარმაზარი ხავსიანი ლოდები ეყარა, რომელთა შორისაც იყვნენ ჩასაფრებული ღილღოვლები. აქა-იქ ცეცხლებიც ენთოთ, მაგრამ ქვებს შორის, მხოლოდ ალი რომ მოჩანდა ტყვიის, სროლას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანდა, ტყვეები და ნადავლი უკვე გაეხიზნათ და ეს დამცველი რაზმი იყო აქ ჩასაფრებული. არხოტიონები ისხდნენ ერთ ადგილას მოწყენით. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. – საით შაგვასწრეს ამ რჯულძაღლებმა! – თამბაქო გადააპურჭყა ბებერმა ბათარეკამ. – გათენებამდე თუ არაფერი ვიღონეთ, სოფელსაც მიაღწევენ და ტყვეებსაც შავ დღეში ჩაჰყრიან, – თქვა მგელიკამ. – ვცადოთ მდინარით გასვლა და ვინც გავალთ, გავალთ. – აბა, რას უბნობ, კაცი კი არა, თევზი ვერ გავა გაღმა ნაპირას, ემაგით ან ტყვეებს რას ვარგებთ ან მტერს რაისთვის გავუხადოთ თავი საცინლად. – აბა, მაშ რაი, რაი ვქნათ, ვისხდეთა ესე და ჭორიკანა დიაცებივით ვილაყბოთ?! – ფეხზე წამოენთო ერთ-ერთი ხევსური. – მე გირჩევთ რაიც უნდა ვქნათ, – თქვა ჯარჯიმ. – რაი? რაი? – წამოიშალნენ ხევსურები. – მე და გაგი ამ ფრიალო კლდეს გადავყვებით და მტრის ზურგში გავალთ. თქვენ ზოგი აქ ჩასაფრდით, დანარჩენებმა კი მაშხალები აანთეთ და არხოტისაკენ წადით, რომ მტერმა იფიქროს ჩვენი დამარცხება. – რას ამბობ, დიაცებ ხო არ ვართ?!–იწყინა მგელიკამ. – დიაცები მაშინ ვიქნებით მგელიკავ, თუ ჩვენი ცოლ-შვილი სოფელში მიიყვანეს, გასასვლელი გზა ხომ ხედავ არ არის. – მაშ საით აპირებთ გასვლას. – გავალთ! – ჩვენ რაისთვის ვერ გავალთ? – თქვენ აქ ხართ საჭირო. მტერს რომ აქეთ გამოვაფრთხობთ, თქვენ ამ ვიწროებში უნდა ამოხოცოთ. იქით მხარეს ხომ იცით გაშლილი ადგილებია და თანაც ჩვენზე უკეთ იციან გასასვლელი ბილიკები, ისე გაგვეფანტებიან ერთსაც ვერ მავკლავთ. დაფიქრდნენ ხევსურნი. ჭკუაში დაუჯდათ ჯარჯის თათბირი. მაგრამ? მაგრამ როგორ უნდა გადავიდნენ ჯარჯი და გაგი ამ ფრიალო კლდეზე? ქალამნები გაიძრო ჯარჯიმ. ქალამნები გაიძრო გაგიმაც. მერე წინდები გაიძრეს. ხანჯალი ამოიძრო ჯარჯიმ. ხანჯალი ამოიძრო გაგიმ. ფეხისგულები გადაისერა ჯარჯიმ. – რას შვრები ჯარჯი?! – აღმოხდა ხევსურებს. – რას სჩადი გაგი? – ისევ აღმოხდა ხევსურებს. ახლა მუხლები და ხელისგულები დაისერეს ძმებმა. გადაიკიდეს თოფები, თითოს მაგიერ სამ-სამი. – აბა, ჩვენ რომ იმათი ზურგის მხრიდან ავტეხავთ სროლას, აქედან უცებ არ გახსნათ ცეცხლი, შემოუშვით მტერი, რომ ამ ვიწროში მოვიმწყვდიოთ, – თქვა ჯარჯიმ და ხელ-ფეხდასისხლიანებული ფრიალო კლდეს შეუყვა. იმას მიჰყვა გაგიც. მთვარე ოდნავ კრთებოდა ღრუბლებს შორის და ძმებს სავალ გზებს უნათებდა. სისხლიანი ფეხები წებოსავით ეწებებოდა ფრიალო კლდეს.გადააღწიეს ძმებმა მტრის ზურგში. ღონე აღარ ჰყოფნიდათ ისე იყვნენ სისხლდაცლილნი. ექვს ადგილას დაიკავეს სანგარი და ჯერ ის ადგილი დაჰკვლივეს კარგად, სადაც ცეცხლის პირას ქისტთა ბელადებს ჰქონდათ სუფრა გაშლილი.პირველი ორი თოფი სწორედ იმ მიმართულებით გავარდა. შემდეგ ძმებმა ადგილები შეიცვალეს და წინა ორ გასროლას კიდევ ორი მიაყოლეს სასწრაფოდ. შემდეგ კიდევ შეიცვალეს ადგილი და კიდევ ორი გასროლა, მერე კანტიკუნტად ისროდნენ თითქმის მტრის ზურგის ყოველი კუთხიდან. მტერი დაფრთხა.მიხვდნენ, რომ უკანგასასვლელი გზა მოჭრილი ჰქონდათ. წინ გაიხედეს და დაინახეს როგორ „ გარბოდა“ არხოტისაკენ ლამპრებიანი მდევარი. ქისტებმა იფიქრეს, ეტყობა ჩვენი შეეშინდათო და დაედევნენ... ძვირფასო, მელია! თქვენზე კარგად ვის მოეხსენება რას ჰქვია – ხაფანგში გაბმა, თუმცა თქვენ ისეთი შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ხაფანგი სიზმარშიც რომ მოგელანდოთ, დღისით იმ ადგილას ქვას-ქვაზე არ დასტოვებთ და თუ ვინმემ იკითხა: რატომ? რისთვის? რა კანონის საფუძველზე, იმათთვის ჩვენს მუზეუმში მშვენიერი კიდობანი არსებობს. სიტყვამ მოიტანა და თქვენი ნებართვით ცოტა გადახვევას გავაკეთებ: ეს ჩვენი მუზეუმის ამშენებელი შუღლიანთ სება, ცოტა არ იყოს და უკმაყოფილოა. ჩუმ- ჩუმად მუზეუმის ექსპონატებს ეჩურჩულება: რა ვქნა ბატონო, ხომ ხედავთ სადამდე მივიდა საქმე: ჩვენი მუზეუმის პრეზიდენტის ექსპონატები აშკარად მოითხოვენ, გუდამაყრის მუზეუმს სიტყვა მუზეუმი ჩამოვაშოროთ და მუზეუმი დავტოვოთ, თორემ ამ ჩვენს მუზეუმში იმდენი უცხო წარმოშობის ნივთია, ერთ მშვენიერ დღეს ადგებიან და წავლენო. – მაპატიეთ! მაპატიეთ! – ბრძანების კილოთი თქვა მელიამ. – იგეთი არც გუდამაყრის მუზეუმი გვჭირდება და არც საქართველო, ვისაც ძალად შევეხვეწებით, არიქა, შენი ჭირიმე, ოღონდ არ წახვიდე და ყოველდღე მკლავის სიმსხო სანთლებს დაგინთებთ ეკლესიაშიო, – ამას მე ვამბობ, ამათი კამათის გამგონე, გოდერძი ჩოხელი. – მაგრამ სულ რომ წავიდნენ? – ვინ? – ყველანი, ქართველები და არაქართველები, ყველანი დედა-ბუდიანად. – წავლენ და წავიდნენ. მოვა მერე დედა ღვთიშობელი, სიჩუმეში მოიდრეკს მუხლს და რომ ვერ ნახავს თავის საყვარელ ქართველებს, ატირდება. ცრემლები დაუსველებს კაბის კალთას. ჩამოივლის ქრისტე ღმერთი. გაიგონებს დედის ტირილს. – დედი! დედი! – მხარზე ხელს დაადებს შვილი დედას. დედა თვალცრემლიანი შეხედავს შვილს. – რატომ ტირი, დედი?! – შეეკითხება ღმერთი. – შენ იცი შვილო რატომაც ვტირი. – რატომ უარმყვეს და რატომ გაიფანტნენ სხვა ქვეყნებში? – იკითხავს მაცხოვარი. – სატანა მოევლინა შვილო მწყემსად და იმან გაანიავა შენი სამწყსო. სატანამ გამოხრა შენი სამწყემსოს გარდასულების ძვლები, სატანამ გამოხრა აკვანში მწოლიარეთა ძვლები და ჯერ რომ გუდამაყრის მუზეუმში ნივთი არ ჩამოუკიდნიათ, იმ ნივთების წარსულს სწავლობს. – სატანა! სატანა! სატანა! სატანა! – სატანას ეღირსება ის, რისი ღირსიც არის, ხოლო შენ დედაჩემო, მეტად აღარ გიხილო თვალცრემლიანი და მე გპირდები, რომ საქართველო ერთხელ კიდევ გამოივლის წარღვნას და იმ წარღვნის მერე სწორედ საქართველო იქნება ის აყვავებული ზეთის ხილის რტო, რომლითაც მტრედმა უნდა ახაროს ახალი ცა და ახალი დედამიწა ქვეყნის მეუფეს, რომლის საბრძანისშიც არც მზე არის და არც მთვარე და თვითონ მეუფეა მანათობელი და არ არის შური და მტრობა, არამედ არის კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება.აი, ამისათვის გიხაროდეს, დედაჩემო, რომ იქ ღმერთის ნათელით გაბრწყინებულთ იხილავ შენს სამწყსოს. – და ვინც შენ ნათელში ვერ მოხვდება, შვილო, იმათთვის ვტირივარ. – სიკვდილის ჟამამდე, ყველასა აქვს დედა ნათელში შესვლის უფლება: თუნდაც ერთი ღვთის წინაშე მართლად ნათქვამი სიტყვით, თუნდაც ოხვრით, თავისი ჩადენილი ცოდვებისათვის, რომელსაც ისე ჩაატარებს თავის გულ-ღვიძლში, როგორც ღრუბლებიდან ნასროლი მეხი გულმძლავრ მუხაში. გინახია, როგორ ამოდის ნამეხარი მუხის გულიდან შავი კვამლი. აი, ეგრე ამოვა სატანა კაცის გულ-გონებიდან. თუნდაც მღვდლის წინაშე გადმოგორებული ცრემლით, თავისი ჩანადინარი ცოდვების სათქმელად სიტყვა რომ ვერ მოუბრუნდა და სინანულის ცრემლი კი ჩამოჰგორდა. აი, იმ ცრემლში ვხედავ სამყაროს. სამყარო ჩემთვის ერთი დიდი ცრემლის კურცხალია და ყველას იმ ცრემლში ვხედავ. სიკვდილის წინ იმასაც ბევრი რამ ეპატიება, პატარა ნაკადულს რომ ჭიანჭველა მიაქვს, უნდა როგორმე ნაპირზე გამოცურდეს, მაგრამ იმ ღელეს სხვა ღელე ერთვის და ვინ არის ჭიანჭველის მშველელი. იშვიათად, მაგრამ მაინც იბადებიან ამ ქვეყანაზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი ჭიანჭველა ნაპირზე გამოჰყავთ. შეიძლება ასეთ კაცთა შორის კაცისმკვლელიც იყოს. გულდარდიანი ნუ ხარ, დედა. – ძალიან გეტკინა, შვილო? – რა, დედა? – ის, რაც წამების დროს გადაიტანე. – დედა, ის სასმისი მხოლოდ შარბათია იმასთან, რაც უნდა შევსვა. ნურასოდეს გულს ნუ დაიღონებ, მამაჩემი არასოდეს არ შემასმევს იმ სასმისს, რისი შესმაც მე არ ძალმიძს. ჩემ გამო მეტად ნუ იტირებ, იტირე საქართველოს გამო და იცოდე, მალე აღესრულება სატანის მეფობის ჟამი. – ილოცე, ილოცე, ჩემო საყვარელო დედა, საქართველოსთვის! – მე თუმცა ღმერთი ვარ , მაგრამ როცა ღმერთებს შენნაირი საყვარელი დედები ჰყავთ, რა თქმა უნდა იმათაც სჭირდებათ ლოცვა. ილოცე ჩემო დედა, რომ სრულიად საქართველომ რაც შეიძლება მალე შეიმოსოს ჩემი კვართი. ბატონო, პრეზიდენტო! უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ ეს გადახვევა. ხედავ, რა ხალხია ეს მწერლები. არა, მაინც სად ჩამომიხტა. კიდევ კარგი სადგისი ვარ და ზრდილობიანი ვარ, თორემ... აბა სხვა ვინმეს გაუბედოს; ხმალს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? თოფს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? დამბაჩას? ბოძალს? კაცისმკვლელი ქარჩი რომ ჰკიდია ჩვენს მუზეუმში, იმას ამბები აქვს ნაქნარი, მოდგეს, აბა, ეს ჩვენი მწერალი და იმას ჩაერთოს ლაპარაკში, ისეთი სდრუზოს რომ სანატრელი გაუხდება ეს მზე და ეს მთვარე. მანამ უმზეო და უმთვარო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება და ისიც საკითხავია თუ ეპატიება აქაური ცოდვები. მუზეუმში შესულს ქარჩი რომ ჩასცხებს თავში, მეტი არ არის ჩემი მტერი მონანიების სათქმელად მღვდელს დაუძახოს. ეგ ერთი და ის მეორე, რომ გლახად გადაიკიდა სადგისი. – დედაჩემის სული ნუ წამიწყდება, სადაც მართალი იქნება და სადაც მითუმეტეს მტყუანი იქნება, ყველგან უნდა წავჩხვირო! ისე უნდა წავჩხვიროო, ისეთი საქმეები უნდა დავაბრალოო, ისე უნდა მოვთხარო მაგისი ფილმები და მოთხრობებიიიი.... უი, დადადადაა! მე იმას ვცდილობ, ბატონო მელია, რა გასიამოვნოთ, რომელ სამუზეუმო ექსპონატზე რა საქმე შევადგინო, რომ მერე თქვენმა მაღალუდიდებულესობამ სკივრში გამოამწყვდიოს ჩვენი „გუდამაყრის მუზეუმისთვის“ შეუფერებელი ნივთები. მითუმეტეს სადაცაა არჩევნები მოგვადგება კარს და რაც შეიძლება მეტი სამუზეუმო ექსპონატი უნდა იქნეს სკივრებში და კიდობნებში გამომწყვდეული. უვარგისი, მე ვფიქრობ, არც ის იქნებოდა თუ ამოდენა საზღვარგარეთ გაქცეულ ქართველებთან ერთად ჩვენი ერის საგანძურსაც თან მივაყოლებდით; ამას ქაღალდზე ვერ დაგიწერთ და თუ არ მიწყენთ ყურში გიჩურჩულებთ ჩემს აზრს.მელია დაფიქრდა, ყურები დაცქვიტა, მუზეუმში მიიხედ-მოიხედა, ფუმფულა კუდი ერთ ალაგას ამოიდო და სადგისს უბრძანა: – მოდი, მიჩურჩულე! სადგისი დაეჭვდა, მიიხედ-მოიხედა. – მოდი, რაღას უდგეხარ?! – ცოტა ხმას აუწია მელიამ. – ბოდიში, ამ კითხვაზე, ჩემო ბატონო, მაგრამ თუ მეტყვი რამდენი დღეა კვირაში. მელიამ ჩაიცინა. – დამცინით ხომ, ჩემო ბატონო, ასეც ვიცოდი და ამდენი ხანი სწორედ ამიტომ ვერ შემოგკადრე ეს კითხვა. – რამდენია და შვიდი. – ოჰ! კიდევ დამცინით ხომ ბატონო? – აბა, თუ ჩემი პასუხი არ მოგწონს, შენ მითხარი რამდენი დღეც არის იმ შენს კვირაში. – ჩემი ისევეა მთელი კვირა, როგორც შენი, მელია ბატონო. – ჰო, კარგი, კარგი, იყვეს ორივესი, მაგრამ თუ სადგისი ხარ, ამიხსენი, რაღა ჩემთვის არის შვიდი დღე და შენთვის ექვსი. – საიდან დავიწყო? – საიდანაც გინდა იქედან დაიწყე, ოღონდ ამიხსენი. – კვირა ხოა დღე? – დღეა! – დაუდასტურა მელიამ. – ორშაბათი? – ეგეც დღეა! – ოთხშაბათი? – რაღა თქმა უნდა, ოთხშაბათიც დღეა! – ხუთშაბათი? – ხუთშაბათიც! – შაბათი? – შაბათი ხო დღეა და დღეა? – აბა, მაშ რამდენი დღე ყოფილა კვირაში ბატონო მელია? – შენ რაც დააშავე ექვსი, მაგრამ პარასკევმა რა დააშავა? – ის დააშავა ბატონო მელია, რომ იქ სადაც მე ოცი წელი ვმუშაობდი თერძთან არ მახსოვს ვინმეს იმ სოფელში ერთი მეორისთვის გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას. მოვიდოდა მუშტარი, მისცემდა ჩემს ბატონს შეკვეთას და იკითხავდა: – როდის გამოვიარო? – დღეს რა დღეა? – სამშაბათი. – მოდი ხუთშაბათს და მზად იქნება. მუშტარი მოვიდოდა ხუთშაბათს და კოხტად, ლამაზად გახვეულ შეკვეთას ამოიდებდა იღლიაში, ერთი ორი ტკბილი სიტყვით დაგვემშვიდობებოდა და მიდიოდა. ასე იყო, მანამ ისეთ შარს არ გადავეყარეთ, დღესაც აღარა მჯერა რო კვირაში შვიდი დღეა.ზამთრის ამბავი ხო იცი. თანაც ისეთ ადგილზეა ჩვენი სოფელი, თვიდან, თვემდე სარებს არჭობენ ჩვენი სოფლელები რო თვეები ერთმანეთში არ აერიოთ და თებერვალი იანვრისაგან გამოარჩიონ. დღეების გარჩევას ვიღა დაგიდევს და გადის ეგე ზამთარი, მაგრამ იმ წელიწადს რაღაც უბედურება მოხდა სოფლის თავს.გამოვიდა ერთ დილით საფიხვნოში ბერდიათ აპარეკი, დაჯდა მზის გულზე, ყალიონი გამართა და თქვა: – ავი ამბავია, ძალიან ავი ამბავი, ან ომი მახდების დედამიწაზე და ცამესკვლევთ ერთი მესკვლევი დააკლდების, ანდა ხალხის გაჟუჟვა მახდება დედამიწაზე. აპარეკი სოფელში კიხთული კაცი იყო და ყველამ შიშით მიიღო მისი ნათქვამი. – რაი ამბავია აპარეკო, ხატის ლიშანი ხო არცრაით რა გეცნო? – ჰკითხა ბაღათერამ. – სალოცავებს დიდება ჰქონდეთ და თქვენ დღეგრძელობა, მაგრამ სათვალავი კი დააკლდა წუხელ შვიდეულს. – როგორ? რანაირად? – გამოვედი და ვითვლი მესკვლევებს, ერთი მაკლია სათვალავში. ღმერთო ჩემო, ვითვლი და პარასკევი მაკლია. მოიცა, მოიცა, შენ შეიძლება სათვალავი აგერია, ამბობს ჯღუნაი და ითვლის: – კვირა იყო? – იყო! – ორშაბათი იყო? – ორშაბათი? ჰო, ჰო იყო, ორშაბათს არ ჩამოვზიდეთ თივა. – სამშაბათი? – იყო. – ოთხშაბათი? – იყო. – ხუთშაბათი? – იყო. – პარასკევი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სიჩუმე. – ხალხო, პარასკევი იყო, თუ არ იყო? – მე არ მახსოვს – ამბობს აპარეკი. – არც მე – უდასტურებს მგელიკა. – არც მწარიას ახსოვს, არც ხეჩოს, არც გამიხარდას. – ქალებო, თქვენ მაინც არ გახსოვთ? – ეკითხებიან ცოლებს. – რაი ვიცით, ვითომ იყო, ვითომ არ იყო, მთელი კვირა ისე გადაუღებლად თოვს, სად გაარჩევ რომელია პარასკევი და რომელი სამშაბათი, ხუთშაბათს და ორშაბათს კიდევ როგორმე გამოარჩევს კაცი. – კაცებო, ესე უსაქმოდ და უგულისყუროდ ყოფნა არ გამოდგების. ღმერთმა შვიდი დღე ჩაგვაბარა და ერთი უგზო-უკვლოდ დავკარგეთ, – თავისას არ იშლის აპარეკი. – აბა, ამ თოვლში საით გამაჩნდება, შაბათი რო იყოს ან ხუთშაბათი კიდევ მიაგნებდა კაცი, ანდა იქნება წესიერად ვერ ვითვლით, საცა აქამდე არ გამაჰკლებია დიდ შვიდეულს, ეხლა რაისთვის გამააკლდებოდა. – გამოკლებულია და ეგ არის, აიღეთ თოფები და ვინც პარასკევს ჩვენს სოფელში რაიმე აწყენინეთ ილოცეთ, ეხვეწეთ, რომ ისევ დაგვიბრუნდეს. თოფ-იარაღში ჩამჯდარი ვანისკრელები მთის ფერდობებზე შეუყვნენ აღმართს. ქიდაქის იქეთ იყო ბაკურხევი, სადაც ხევსურეთში განთქმული ალდია ფიცხელაური დაუხვდა სტუმრებს. გაიმართა ლხინი. ხის ხონჩებზე დაყრილ ხინკალს ორთქლი აუვიდა. ხისავე ქაფქირით ერთი ცალი ხინკალი მოატარა წაღმა ხონჩაზე დაყრილ ხინკლებს მასპინძელმა და დაილოცა: – ღმერთო, ნათელში ამყოფე ჩვენგან წასულების სულები. ვისაც ხინკალი უყვარდა და დღეს სამზეოზე აღარ არიან, იმათ წინაშემც იდგმება ეს სუფრა. – ამინ! ამინ! – წამოაძახეს აქეთ იქიდან. იმ ღამეს გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი და დილით რომ გაიღვიძა, ერდოში ხელისტოლა ფრტენებს მოჰკრა თვალი აპარეკამ. – ბათირავ! – შეეხმიანა აპარეკაი ძმადნაფიცს. – იმ შენ მამაპაპათ სალოცავებს გაფიცებ, კვირაში რამდენი დღეა? – იმდენი, რამდენიც იმ დალოცვილმა ღმერთმა დაგვიწესა. – შვიდი? – შვიდი. – ერთი ხო ორშაბათია? – დიახ. – სამშაბათი? – დიახ. ოთხშაბათი? – დიახ. დინჯად პასუხობდა აპარეკას ბათირა. კაცს რომ მათთვის მოესმინა, იფიქრებდა ღმერთმა ეს-ესაა შექმნა სამყარო და რაკი შვიდი დღე დააწესა ამ აპარეკასი და ბათირას მეტი ვეღარავინ ნახა და ამათ მიანდო დღეებისთვის სახელების შერქმევაო. – ბათირავ, ვიცი რომ ხვალ ხუთშაბათია, ზეგ შაბათი, – როგორღაც იმედის ძაფს ჩაეჭიდა აპარეკი. – პარასკევი? რაო, პარასკევი ღმერთის შექმნილი არ არის თუ შიგ რომ შაბათი არ ურევია, იმიტომ გამოსტოვე, ჰა? – ცხენივით ჩაიხვიხვინა ბათარეკმა. – მაშ, პარასკევი არ დაკარგულა?! – ბალღივით წამოხტა აპარეკი. – რაი ვიცი, ჩვენ სოფელში ვიღაცები მაეხეტნენ, ერთი კვირა იქ დარჩნენ და გვიმტკიცებდნენ, რო პარასკევი მოიკვეთა ქრისტე ღმერთმა თავის დღეებიდანო. იმის მერე დავდევთ და ვეძებთ პარასკევს, – თქვა ბათირამ. – ჰოდა, ზეგ ნახავთ როგორ პარასკევსაც ვიზეიმებთ მაღალი ღმერთის სადიდებლად! – ჩაიროხროხა აპარეკამ და როხროხს ცხენივით ჭიხვინი მოაყოლა. . . . ირიჟრაჟა. ხევისბერმა ზარები დარეკა. სალოცავად მისულმა ხალხმა ქუდები მოიხადა. ხევისბერმა ლოცვა წამოიწყო : – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება კვირესა, კვირე ძლიერსა, ღვთის კარის მაშვენებელ მთავარანგელოზსა! თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყო ნათელი! და იქმნა ნათელი. დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ნათელი და ბნელი. – დიდება ღმერთის ძალასა! – ჯიხვის ყანწით შესვა ღმერთის სადიდებელი ბათარეკმა. – დიდება! დიდება! – აჰყვნენ სხვებიც და ისეთი არყის სმა გაჩაღდა, სულ მალე ერთ-ურთს ვეღარა სცნობდნენ. – პარასკევი არ გინახიათ? – წარამარა კითხულობდა ბათარეკი. – ვინა, ვინა?! – პარასკევი. – ვნახავ და კარგ ხეირსაც შაეყრება, ავკაფავ ხვთის მადლმა. – რაისთვი აჰკაფავ?! – იწყინა ბათარეკმა. – ეგრე მწადის და იმადა! – თითსაც ვერ დააკარებ, მე აქ ვირების საწველად კი არა ვარ მოსული, რით ვერ გაიგე რო პარასკევს ვეძებ. – გიპოვავ შენი პარასკევი და ეგ არის! – მთელი ძალღონით გადაჰკრა ბათარეკს ხირჩლამ გველისპირული. სისხლზე წინ-წინ ტვინმა იჩქეფა. – აეგაც შენი პარასკევი! – ნიშნისმოგებით მიაძახა წაქცეულ ბათარეკს ხირჩლამ. იმან არ იცოდა, რომ მართლაც დაჰკარგა ბათარეკამ პარასკევი და ხირჩლამ ჩვეულებისამებრ ჩხუბში გამოსაწვევად მიიღო მისი შეკითხვა. . . . ადრე ეგეთი წესი იყო: სამ დღეზე მეტს არ აჩერებდნენ სამზეოზე მიცვალებულს. პარასკევს მოკლეს ბათარეკი. შაბათმა ხარჯის სამზადისში ჩაიარა. კვირამ, მანამდე ცაზეგადახრილი მთის ნაგრილები დაიძრებოდა მთებსა და მთებს შორის, მანამდე მიიბარა ბათარეკი. . . . ათასჯერა თოვს იმ სოფელში და ხანდახან დღეები კი არა, თვეები აგერევა კაცს ერთმანეთში. ათასჯერ ცა იღუშება და სეტყვა მოდის. ათასჯერ ქარი და წვიმა ერევა ერთ-ურთს.პარასკევი კი იმ დღის მერე აღარავის აღარ ავიწყდება და რაიმე ამბის გახსენება რომ უნდათ, ასე ამბობენ: შვიდი წელი არც კი გასულა სრულად იმ დღის მერე, რაც ის სულგანათლებული ბათარეკი მოკლეს პარასკევ დღეს. ბათარეკის საფლავსაც ორად-ორი სიტყვა აწერია მხოლოდ: ბათარეკი – პარასკევი! . . . პატივჭემულო მელია! მინდა მოგახსენოთ, რომ პარასკევი არც დაკარგულა და არც დამალულა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ფანდია. კიდევ კარგი ბათარეკის სიკვდილით დროზე გამოაშკარავდა, თორემ ვინ იცის რას გიპირებდნენ. თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! მინაწერი სადგისის საიდუმლო ინფორმაციაზე ბათარეკისა და პარასკევის შესახებ: მე დიდად ვაფასებ თქვენს მცდელობას, რათა თვალთა ხედვიდან არ გამოგრჩეთ არც ერთი საგნის წარსული, რომლებიც ჩვენს მუზეუმში ინახებიან და უყურადღებოდ არ ტოვებთ არც იმათ , ვინც მუზეუმის გარეთ არიან. ავიღოთ თუნდაც სულგანათლებული ბათარეკი, რომელმაც თქვენი თქმით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგა პარასკევი, რომ შემდეგში ჩვენთვის თავგზა აებნია არჩევნებში. თუ ასეა, წინათგრძნობას რა პასუხი გავცეთ მერე? განა პარასკევ დღეს არ გარდაიცვალა აპარეკი? თქვენ რა, ეჭვი გაქვთ რომ არჩევნებს მოვიგებთ?!!! სადგისო!!!ბათარეკის ამბები რომ გამოიკვლიე, ის რატომ დაგავიწყდა დიდთოვლობისას რომ გადამარჩინა ბათარეკმა.პარასკევი განგებ დაავიწყდაო, რომ ამბობ, განა დაიარება ქვეყანაზე რომელიმე კაცი, რომელსაც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც არ დაავიწყდება წელიწადის თვე, რიცხვი და თუნდაც ის შენი სანაქებო პარასკევი. რა ქნას კაცმა, ისეთ მთებში ვცხოვრობთ, ხანდახან ისე თოვს, დღეს და ღამეს ვერ გაარჩევ ერთ- ურთისაგან.ერთხელ მთელი ათი დღე გამომკეტა სოროში თოვლმა. იმდენი ეთოვა, ძლივს გამოვიგნე სოროდან გამოსასვლელი. მივდივარ, მივლასლასებ, საით მე თვითონაც არ ვიცი. უაზრობაა ამხელა თოვლში თაგვის სოროების თხრა. ისევ სოფელს უნდა მივატანო როგორმე. ძაღლების ყეფას მივაყურადე და იქეთ წავლასლასდი. თოვს. წინ ძლივს მივიკვლევ სავალ ბილიკს. ძაღლების ყეფაზე ვგრძნობ, რომ სოფლისკენ მივდივარ. მერე სინათლეებიც აკიაფდა. როგორც ჩანს ამ ღამით ამ სოფლის სტუმარი ვიქნები, ამას ძაღლების ყეფაზე ვატყობ; ერთ წუთს რომ სოფლის თავს ყეფენ, მეორე წუთში სოფლის ბოლოსაკენ გარბიან. მე ისე ვარ შიმშილით დასუსტებული, ძაღლმა კი არა, კურდღელმა რომ ჩამიქროლოს, ფეხზე ვერ დავდგები. არა და მართლა ჩამიქროლა გვერდზე კურდღელმა, რომელსაც დიდი ბომბორა ძაღლი მისდევდა. მე ჩემთვის გავიფიქრე, ეგ ძაღლი მაგ კურდღლის დამჭერი არ არის, მოდი ამ თივაში შევიმალები და გათენებისას ისე როგორ გამწირავს გამჩენი, ერთი ბეღურა მაინც არ მოვინადირო . წინა თათებით ღრმად გამოვღრუნტე თივის ზვინი და შიგ ჩავწექი. ცოტა ხანს კიდევ ყურს ვუგდებდი ძაღლებისა და მელკურდღლების გნიასს, მერე ძილმა წამართვა თავი და ღრმად ჩამეძინა.დილით კაცის ხმამ გამომაღვიძა. შევხედე, ბათარეკი დგას ჩემს წინ. გაქცევა დავაპირე, მაგრამ სად გაიქცევი, ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავი ვარ. – ბალღოო, წითელი დედალი რო გვყავს, ის ჩამაიყვა! –გასძახა შვილს ბათარეკმა. იმისმა ბიჭმა სახელდახელოდ მოარბენინა წითელი დედალი. – თოკიც ჩამაიტა! – ისევ გაგზავნა ბალღი ბათარეკმა. გარშემო სოფლის ძაღლები მოგროვდნენ და ავი ღრენით მეტანებოდნენ.ბათარეკმა ღობის მარგილი მოგლიჯა და ძაღლებს დაერია გინებით: – ვერა ხედავთ, თქვე შობელძაღლებო, რო სტუმარია შემოხიზნებული. საქურდნელად რო იყოს მოსული, განა ამ თივის ზვინში დაიძინებდა, ან ეგრე ადვილად დაგვეჭერინებოდა. ნადირია და თავისებური ნდობა მაგასაცა აქვს ჩვენს მიმართ. ვეცნეთ და გავგლიჯოთ? ა, ბეჩავ ბიჭებო? ა, ბეჩავ ძაღლებო! აბა რატო იმათ ვერ იჭერთ დღედაღამე სოფლის გარშემო რო დარბიან.ბალღებო მააშორეთ აქედან ძაღლები! – ბრძანა ბათარეკმა და ძაღლებს აღარც დასჭირვებიათ გაჯავრდომა, კუდამოძუებულები მოსცილდნენ იქაურობას.ერთ ხელში მე ამიყვანა ბათარეკმა, მეორეში წითელი დედალი, თოკი ჯიბეში ჩაიდო და იმ გზას დაადგა, რომელიც იმ ღამით მე გავკვალე და რომელიც ოდნავღა ეტყობოდა წუხანდელი ნათოვის მერე.გადავიარეთ მდინარე და როცა ტყის პირს მივუახლოვდით, ბათარეკმა თოკის ერთი ბოლო იმ წითელ დედალს გამოაბა, მეორე ბოლო მე შემაბა წინა ფეხზე და გამიშვა.იმდენი ძალაც აღარ მქონდა, რომ სოროსაკენ წამეთრია ქათამი, რომელიც თოვლში პტკნიალებდა და მშველელს ეძახდა. ბოლოს გამოჩნდა ეს მშველელიც, ჩემი მოსისხლე გელა.არ ვიცი საიდან მოვიკრიბე იმ დროს ძალა. გავექანე ჩემს მტერს და ძირს მოვიქციე.ბათარეკი, უკვე შორს იყო წასული და რაღა თქმა უნდა ვერ დაინახა როგორ მოვკალი იმ დღეს ჩემი მოსისხლე.მე არ ვიცი რა დღე იყო იმ დღეს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, თუ კვირა.ერთს კი ვნატრობ, ნეტავ ცოტა ხნით გააცოცხლა ბათარეკი რომ ვთხოვო – რის ჩამოკიდებას ისურვებდა მისი ნაქონი ნივთებიდან გუდამაყრის მუზეუმში ჩამოსაკიდებლად, მანამდე კი რაკი ყველანი რაღაცას ვკარგავთ და რაღაცას ვპოულობთ, მოდი ბათარეკის საპატივსაცემოდ კედელზე დავაწეროთ – ვიპოვეთ, პარასკევი ვიპოვეთ ხალხნო! საქმე №8. საქართველოს ხალიჩა (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩაზე, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს) თქვენო, აღმატებულებავ!თქვენცა ხართ მოწმე და მეც არა ერთხელ მომიხსენებია, რომ ამ ბოლო დროს იმდენმა სამუზეუმო ექსპონატმა დაიკავა საქართველოს ხალიჩაზე ჩუმ-ჩუმად ადგილი, თუ ესე გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გაუძლებენ სამაგრები და ყველანი ერთ-ურთში ავირევით.ამასთანავე უნდა მოგახსენოთ , რომ მუზეუმს გარედან შემოდის ინფორმაციები, რომ შავი არაგვი საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსების მიერ აშენებულ ბასტიონს, თანდათან ძირს უთხრის პირიმზის სალოცავ მოედანს და ჩვენს მუზეუმსაც. ბრძანება გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: 1. გამაგრდეს ჯებირი, რომელიც საფრთხეს უქმნის მუზეუმს. 2. დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას კედლებიდან: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ბოძლები და კიდევ ის იარაღები, რაც საშიშროებას უქმნიან გუდამაყრის მუზეუმში თავმოყრილ დემოკრატიულ იარაღებს. 3. მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისათვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს. 4. გუდამაყრის მუზეუმში ინახება ლუდის სახდელი მოწყობილობა და მე მინდა, მავანი და მავანი გავაფრთხილო, რომ ლუდი ეროვნული სასმელია, რითიც ჩვენი მამა-პაპანი ამაყობდნენ და დარჩება კიდეც საამაყოდ, თუ ზოგიერთები გონს მოეგებიან. 5. თვითეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თვითეულ „ბუტკას“ ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება 6. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში. გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია. ბატონო მელია! არის კიდევ რამდენიმე საკამათო ნივთი ჩვენს მუზეუმში, რაც არეულობას ქმნის და თქვენი ნებართვის გარეშე არ გადაწყდება მათი ან მუზეუმიდან გატანა, ან სკივრში, თუნდაც კიდობანში ჩაკეტვა. ამ ნივთების შესახებაც მაქვს საქმეები შედგენილი და თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს, მოგართმევთ. საქმე №9. ლენინი (საიდუმლო ინფორმაცია ისევ ლენინის ტანზე, თუ სტალინის წელსზემოთამხარეზე) როგორც მოგეხსენებათ ეს ორი ბიუსტი სადავო გახდა. თავდაპირველად როგორც მოგახსენეთ და როგორც ანალიზებიც ადასტურებენ; ბასტიონის ეზოში ჯერ ნიკოლოზის ძეგლი დაუდგამთ რუსებს; მერე როცა ნიკოლოზი გადააგდეს, საძირკველი დატოვეს და ზედ ლენინის ძეგლი წამოჭიმეს, მაგრამ ლენინის გარდაცვალების მერე ხელახლა აიღეს ძეგლი და ნიკოლოზისდროინდელ ბრინჯაოს საძირკველზე ისევ სტალინის ძეგლი წამოჭიმეს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი. მაგრამ ხომ გითხარით რომ აღმოსავლეთის მთაზე პირიმზის სალოცავის ეკლესია დგას და ვეღარც დაანგრიეს კომუნისტებმა ეს ლამაზი ეკლესია, არა და ისე გამოდიოდა, თითქოს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი სტალინი ეკლესიას ესალმებოდა. ეეხ, რამდენი რამე იცვლება მზის ქვეშეთში და სტალინის ძეგლსაც მოუწია ჩამობრძანება, ოღონდ ამჟამად საქმე გააიოლეს და მკერდთან გადახერხეს სტალინის ძეგლი, ასევე მკერდთანგადახერხილი ლენინის ძეგლი მოიტანეს საიდანღაც და ისე ლამაზად დააწებეს, კრუპსკაიას მეტი ვერავინ მიხვდებოდა წელს ქვემოთ ლენინი იყო თუ არა. ერთი ის იყო ლენინსა და სტალინს შორის განსხვავება, სტალინს აღმოსავლეთისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი, ამას ხან დასავლეთისკენ და ხან სამხრეთისკენ. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი ბალღი დავეკიდებოდით გაშვერილ ხელზე და საით მხარეს გაიხსნებოდა წებო. აკი მოგიყევით კიდეც და ისე მომწონს ეს ისტორია, ძალიან გთხოვთ კიდევ მოგიყვებით. ძირს თოვლია, ბალღები ლენინის ხელზე ვკიდივართ, როგორც ტურნიკზე (აბა იმ მიყრუებულ მთის სოფელში სხვა ტურნიკს ჩვენ ვინ გვაღირსებდა) ვკიდივართ და ვქანაობთ. უცებ სტალინის ძეგლზე გადაწებებული ლენინი ქანაობას იწყებს, გადმოქანდება იმ მხარეზე საითაც ხელი აქვს გაშვერილი, ჩვენ თოვლში ვეფლობით და ჩვენი ძია ლენინი ზემოდან გვეცემა.შემდეგ არის ასეთი სურათი: ჩვენ და ლენინი თოვლში ვართ ჩაფლული. ლენინს დიდი ამბით ეხმარებიან უფროსები და გაშვერილ ხელზე ეძაგრებიან რომ წამოაყენონ. ჩვენ კი ყარაული მოგვდგომია (ეხლა ვფიქრობ, ლენინს რად უნდოდა ყარაული, მე შენ გეტყვი გაიქცეოდა სადმე, ისედაც სოსოს ფეხებზე იდგა და იდგა). ეხლა ვფიქრობ ამას თორემ, აბა მაშინ გენახათ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა ჩემ გულს. გვირტყამს ყარაული ჩექმიან წიხლებს და გვაგინებს: მამათქვენი ხომ არა გგონიათ რომ ხელებზე ეკიდებით მე თქვენი ასე და ისეო. მერე, ლენინი რომ გადააგდეს, მივადექით იმ ყარაულს, მოვიხადეთ ქუდები და ვუსამძიმრებთ. მიტკლის ფერი დაედო კაცსა, ძლივს ამოღერღა: რა იყო ხალხო, რა ამბავია ჩემ თავსა?! – მამის სული გაგინათლოს ღმერთმა. – რას ამბობთ, ხალხო, ორმოცი წელია მიწას არის ამოფარებული მამაჩემი! – უფრო შეიცხადა ყარაულმა. – მაშინ მამინაცვლის სული გაგინათლოს. – ნუ გადამრიეთ კაცო, ხალხი არა ხართ, ობლობითა ვარ ამოზრდილი, სადა მყოლია მამინაცვალი, ვის გინახიათ, სად გინახიათ? – სუყველას, ვინც აქა ვდგევართ. – ვინა კაცო, სადა?! – სადა და აი აქა, თავგამოდებით რომ იცავდი და ერთი ნეკნი აღარ შეგვარჩინე მთელი. – მაშინ, ხალხო, მთავრობის დავალება მქონდა, დრო იყო ეგეთი, – შიშით აკანკალდა ყარაული. – ეხლა რომ გითხრათ, მუზეუმიდან გამოიტანე და გადააგდე მდინარეშიო, გადააგდებ? – მე ნუ, მე ნუ, მე ნუ გადამაგდებინებთ ხალხო, რა ვიცი რა დრო მოვიდეს, მარტო ჩემ ხსოვნას სამი ძეგლი იდგა ამ კვარცხლბეკზე. იყოს იმ მუზეუმში და ეგდოს თავისთვის კუთხეში, ოღონდ მე ნუ გამომატანინებთ, შვილიშვილების პატრონი ვარ. გეხვეწებით, გემუდარებით! არ გაისვარეს საბრალო ყარაულის სისხლით გუდამაყრელებმა ხელები. – წადი, მოშორდი აქაურობას, ეგ ბიუსტი კი მაგავ კუთხეში ეგდოს სადაც გდია, – უთხრა შუღლიანთ სებამ. ყარაული ქუდმოხდილი გავიდა მუზეუმიდან. – ამის მეტად უდროო დროს ნუღარაფერი მოგვესამძიმრებინოს შენთვის, – მიაძახა ხალხმა ყარაულს. საქმე №10. ვეფხისტყაოსანი (საიდუმლო ინფორმაცია მზექალზე, რომელიც სიკვდილის მერე უცნაურად დაიტირეს) რა არის ადამიანი? ხანი, მანძილი, დრო დაბადებასა და გარდაცვალებას შორის.ამას ჩვენ ვფიქრობთ, აქაური დროის საზომით , მაგრამ ადამიანი უპირველესად ღმერთის ქმნილებაა, რომელსაც უდგას ღმერთის სული, დადის და სუნთქავს.უპირველესად ადამიანი არის ღმერთის სული, ხანდახან კი, ეშმაკი ცდილობს ადამიანიდან განდევნოს ღვთის სული და თვითონ ჩასახლდეს იქ.იმისათვის რომ ადამიანებმა ატარონ ჭეშმარიტად ღმერთის სული, ჩვენ მაღალმა შემოქმედმა მოგვცა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გვასწავლის, სული როგორ უნდა გადავირჩინოთ ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენგან განდევნოს ღმერთის სული და თვითოთ ჩაიბუდოს, თვითონ იფშვინვიეროს ჩვენში. გუდამაყარში ცხოვრობდა ულამაზესი გოგო, რომელსაც მზექალს ეძახდნენ. ავი სული აწვალებდა მზექალს. ბალღობის დროს ცდილობდა მის არსებაში ჩასახლებას. ხანდახან დამუნჯდებოდა და თვეობით ხმას არ იღებდა. მშობლებს დაჰყავდათ მკითხავებთან, ადგენდნენ ხატების მიზეზებს და ხოცდნენ შესაწირ საკლავებს. მზექალს არაფერ არ შველოდა.ხანდახან უამბობდნენ ზღაპრებს, რომლებიც ძალიან მოსწონდა. ერთხელაც მათსოფელში მოიყვანეს პატარძალი, რომელმაც წერა-კითხვა იცოდა და მზითევში ვეფხისტყაოსანი მოჰყვა.პატარძალმა მზექალს ვეფხისტყაოსანი წაუკითხა და ამ ამბავმა ისე იმოქმედა მზექალზე, დღედაღამე მოსვენება დაუკარგა პატარძალს. – აცადე, ქმართან ალერსი მაინც აცადე, – დასცინოდნენ მეზობლები მზექალს, რომელიც ნაირ-ნაირ სამკაულებს ჩუქნიდა პატარძალს, რომ კიდევ და კიდევ წაეკითხა მისთვის ვეფხისტყაოსანი.ერთ თვეში მთელი ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა მზექალმა. ახლა ის უყვებოდა თავის თანატოლებს ამ საოცარ პოემას და ცდილობდა მათაც ზეპირად ესწავლათ ეს საოცარი ამბავი. გათხოვდა მზექალი. ასე ეგონა ტარიელს ან ავთანდილს მისთხოვდა და ერთი სული ჰქონდა წაეკითხა ქმრისთვის ეს პოემა. – იცი, უნდა გაგახარო? – რითი? – ეკითხება ქმარი. – ვეფხისტყაოსანი უნდა მოგიყვე. – ვეფხისტყაოსანი კი არა, სამკალს მიხედე თორემ ტყავს გაგაძრობ,– მკვახედ მიუგო ქმარმა. ერთ ადგილზე გაშრა მზექალი. – არ გესმის რას გეუბნები?! – დაუღრიალა ქმარმა, – ააგე მზორეში ძნები? მზექალს უნდა სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ბავშვობაში, ისევ ისე ჩაუვარდა ენა. – სიტყვის თქმის ღირსადაც აღარა მთვლი? – სახეში მაგრად გაულაწუნა ქმარმა.თავიხეზე ჩამოკიდებული ნახეს მზექალი. გულში ის ვეფხისტყაოსანი ჰქონდა ჩახუტებული, რომელიც პატარძლისაგან სამ ფარდაგად შეიძინა. იმ ფარდაგებზე ეხატა: ტარიელი, ნესტანი, ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და კიდევ ქართული ლაშქარი, რომელნიც ხმალდახმალ ეომებოდნენ ქაჯებს. რა თქმა უნდა, ეს ფარდაგები მზექალის მოქსოვილი იყო იმის საფასურად, რომ ვეფხისტყაოსანი შეეძინა პატარძლისაგან. მთაში ლექსად ტირიან. ლექსად დაიტირეს მზექალის სიკვდილი. ამ ლექსად დატირებაში იყო ერთი უდიდესი თხოვნა, რომელსაც მზექალს აბარებდნენ საიქიოში. სად მიხვალ მთვარის საყურევ ცის ოქროს ღილის სადარო, ღმერთსა ვთქოვთ, ეგ შენი წიგნი საიქიოშიც ატარო... და მერე იყო თხოვნა, რომ მათ უდროოდ წასულ შვილებსაც ასწავლოს საიქიოში ვეფხისტყაოსანი.არ ჩაატანეს სამარეში მზექალს ის წიგნი.რახან თავის მკვლელად ჩათვალეს, მღვდელმა ნება არ დართო ღმერთისა და სიყვარულისათვის სადიდებელი წიგნი თავისმკვლელისათვის ჩაეტანებინა.ახლა ეს წიგნი ჩვენ მუზეუმში ინახება. მისი ამბავი ერთი აქაური გლეხისაგან მაქვს მოსმენილი და თქვენ როგორც ახალი დროის შემოქმედს, როგორ მიგაჩნიათ ასეთი წიგნი ინახებოდეს იქ, სადაც თქვენნაირი დიდი პიროვნება განაგებს მუზეუმის საქმეს.მოწიწებით და პატივისცემით მარად თქვენი – სადგისი. P.S. მე შემიძლია თქვენი თანხმობის შემთხვევაში ვუბრძანო მუზეუმის ჩრჩილებს და ერთ თვეში ავთანდილი და ტარიელი კი არა, ქაჯებიც აღარ დარჩებიან მაგ წიგნიდან. . . . – მამავ, მამავ! – გვერდით მიუჯდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი, რომელმაც ყველი, გამხმარი პური და დოქით წყაროს წყალი შემოუტანა. ეს ბიჭი სიბერეში შეეძინა სებას და მამა-შვილს განსაკუთრებით უყვარდათ ერთ-ურთი. ცოლი და უფროსი ორი ბიჭი აღარც კი ელაპარაკებოდნენ სებას. ოჯახის მოღალატედ თვლიდნენ. – გიჟი ხარ, შენი ადგილი საგიჟეშია. ქვეყანა იმას ცდილობს რა შეიტანოს სახლში, რა ჩააცვას და დაახუროს ცოლ-შვილს, შენ კი დამდგარხარ და დათვებისა და მელიების ფიტულებს ებაასები. განა ტყუილად იძახის მთელი სოფელი შუღლიანთ სებაი გაგიჟებულაო. ეგღა გვაკლდა არა, რომ გიჟის შვილები ეძახონ შენ შვილებს. ვინ გამოატანს ამათ ქალებს. არა, არა, მეტს ვეღარ მოვითმენ, საგიჟეში უნდა წავაყვანინო შენი თავი! – ხმა ჩაიკმინდე, ქალო! – ისეთი მტკიცე ხმით უთხრა სებამ ცოლს, ქალმა იმ წუთას ხმა გაკმინდა და მუზეუმიდან გავიდა. – მამავ, მამავ! – ისევ ჩაილაპარაკა ჩუმად სებაის ნაბოლარა ბიჭმა. – რა იყო, მამა გენაცვალოს! – (მთის ხალხი ძუნწია როცა შვილებს ეფერებიან, მაგრამ სებაი ყოველთვის ისეთ უზომო სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ, სხვა სიტყვებს ვერ პოულობდა მის მოსაფერებლად). – მამავ, მართლა ხომ არ გაგიჟდები? – არა შვილო, რაისთვის უნდა გავგიჟდე? – რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, ქვეყანა თავზე გვენგრევა, სადაცაა მდინარე სოფელს ჩააგდებს და წაიღებს და ეგ კიდევ მუზეუმს ვერ ელევაო. წვიმების დროს ისე ანგრევს მდინარე მინდორს, სადაცაა ჩვენ სახლსაცა და მუზეუმსაც მოადგება. ღამე სულ შიშით ვიძინებთ, რომ მდინარემ სახლი არ წაიღოს. სოფელი ჯებირებს აშენებს, მაგრამ არაფერი არ შველის. ხალხი ამბობს, ეტყობა ღვთის რისხვაა, პირიმზის სალოცავის მოედანზე ჯერ რუსებმა რომ ააშენეს ბასტიონები, მერე კომუნისტები მოვიდნენ და საქონლის ფერმა ააშენეს, ეხლა კიდევ ამ სებამ მუზეუმი ააშენა და შიგ ათასი ცოდვიანი იარაღი და უწმინდური ცხოველის ფიტული გამოფინაო. – შენ გულს ნუ დაიღონებ ჩემო ბიჭო, მე არც გიჟი ვარ და არც გავგიჟდები. მუზეუმი იმისათვის არის საჭირო, რომ ერს თავისი წარსული, აწმყო და მომავალი ახსოვდეს. ჩვენ სხვანაირად ვერ გადავრჩებით ჩემო ბიჭო, მამა გენაცვალოს, აბა გახედე იმ გზას, კლდეებში რომ არის გაჭრილი, ეგ ჩვენი დიდი მეფის, ვახტანგ გორგასალის ნაგზევია. მოდი, რა წაგაკითხო. სებამ ბიჭი იმ ფარდაგთან მიიყვანა, სადაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული და ზედ ვახტანგ მეფის ანდერძი ეწერა: ვახტანგის ანდერძი!მტკიცედა სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ.აი, შვილო, აი, ამ ფარდაგს ეს ანდერძი აწერია, ხოლო საკუთარი ავი ზრახვებისათვის მაძიებელნი უფრო მეტნი ეტანებიან ამ ფარდაგზე ყოფნას ვიდრე ისინი, ვინც ჭეშმარიტად მტკიცედ დგას სარწმუნოებასა ზედა და ქრისტესათვის სიკვდილს ეძიებს. მთავარი ამანდერძის და ამ ფარდაგის გადარჩენაა და თუ მე ვერ შევძელ, შენ უნდა შეძლო. ბიჭმა მამას მადლიერი თვალებით შეხედა. შუღლიანთ სებამ შვილის მოტანილი წყაროს წყლით გული გაიგრილა. – მე მგონი კიდევ წვიმას აპირებს, მამავ. ერდოში გამკრთალ ელვას შეხედა ბიჭმა. – ნუ გეშინია, მამა გენაცვალოს, ნუ გეშინია, მაღალი ღმერთი და ვახტანგის ანდერძი, ყოველთვის დაგვიფარავს ქართველებს, – დააიმედა მამამ მოსალოდნელი წვიმისაგან შეშინებული ბიჭი. – სახლი რომ გაგვტაცოს მდინარემ, მერე რა ვქნათ, მერე სად ვიცხოვროთ? – უფრო შეშინდა ბიჭი.იგი ერთიანად კანკალებდა და თან მამისაგან ელოდა პასუხს, ხანაც გარეთ იხედებოდა. მუზეუმში დატანებულ ერდოებში ელვა კრთებოდა, მელიისა და დათვის ფიტულებს ანათებდა და ეტყობა მან უფრო შეაშინა ბიჭი, ხალათი წამოიფარა თავზე და თავსხმაში გავარდა გარეთ.ღონემიხდილი ჩამოჯდა შუღლიანთ სება ტახტზე. ელვა თანდათან კრთებოდა და ელექტრონის შუქივით იყო განათებული მთელი მუზეუმი.მხოლოდ ერთი მხარე იყო დახუნძლული, ის მხარე, სადაც ფარდაგი ეკიდა. დანარჩენ სამ კედელზე ზოგან ფიწალი ეკიდა, ზოგან შრომაში გაცვეთილი გუთანი იყო კუთხეში მიყუდებული, ზოგან ათასი საკერებლით დაკემსილი ქალისა და კაცის სამოსი. მუზეუმის შუაგულში მინავლებული კერია იყო, თავიხეზე ჯაჭვი იყო ჩამობმული და ზედ შემურული ქვაბი ეკიდა.უცებ შუღლიანთ სებამ თვალი მოჰკრა, რომ ელვით განათებულ ერდოში რუსი ჯარისკაცის აჩრდილი შემოვიდა, მელიასთან მივიდა და ჩაუჩურჩულა: – დარეკეს. – ძალიან კარგი, – მოუწონა მელიამ. – ეს მუზეუმი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს საქმეს. ეს თუ არ მოისპო, ძველ ბასტიონს ვერაფრით ვერ ავაშენებთ. – დრო და მოთმინებაა საჭირო, დრო და მოთმინება. ამათ საჩვენო საქმე თუ ისე არ შევუმზადეთ, რომ თვითონვე არ დაშალეს მუზეუმი, ისე არაფერი არ გამოვა. – მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამას? – ხუთი წელი მაინც კიდევ უნდა დავრჩე პრეზიდენტად, რომ ყოველგვარი სურვილი ჩავუკლა, რომ მუზეუმი ააშენონ, თორემ ამათი ამბავი რომ ვიცი, აიმ ერდოდან რომ ვახტანგ გორგასალის ნაგზევი ჩანს, იმ ნაგზევს მისტირიან და ის აძლევს ძალას. აი, ამ ფარდაგზე რომ ანდერძია ამოქარგული, ათასხუთასი წლის წინათ არის ნაანდერძევი და მაინც ეგ აძლევს ძალას. ამათ თუ ეროვნულობისა და წინაპართავე ყურების საფუძველი არ გამოაცალე, სხვანაირად მუზეუმების მშენებლობას არ მოიშლიან. მუზეუმი კი ამათთვის იგივეა, რაც სალოცავი. თოფები და ხმლები ხომ ჩავაკეტინე სკივრებში და კიდობნებში, ეხლა კიდევ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მომავალ სამუზეუმო არჩევნებში, რომ ბარმაც ჩვენ მოგვცეს ხმა, ქარჩმაც და ნიჩაბმაც. დამიჯერეთ, დროა საჭირო, დრო. – კარგით ბატონო მელია, წავედი. – კი ბატონო. ლანდი ის იყო ელვითგანათებულ ერდოში უნდა გასულიყო, რომ მელიამ მიაძახა: – მოდი ერთი წუთით. ლანდი მელიასთან მივიდა. – რომელი მხრიდან დარეკეს? – ჩრდილოეთიდან. – ესე იგი... დაფიქრდა მელია, – ესე იგი თქვენთვის დასავლეთიდან არ დაურეკიათ? – როგორც კი დარეკავენ, იმ წუთას მოგახსენებთ, ჩემო ბატონო! – თავისუფალი ხართ! – უბრძანა მელიამ და კუდით მიიხმო სადგისი. – რა თქვით, მუზეუმში ჩრჩილები მყავსო? – რამდენიც გნებავთ დიდო ბატონო! – მე რა მნებავს, ჩრჩილი რა ჯანდაბად მინდა, იცოდე ჩრჩილი არ დავინახო ჩემ ფიტულში შემომძვრალი თორემ, კიდობანში ამოგაყოფინებ თავს. – უწინ მე მოვიტეხ წვერს, მანამ თქვენ ჩრჩილს მოგაკარებთ. – რამდენიმე გაწვრთნილი ჩრჩილი თუ გყავს? – მყავს სხვადასხვა დარგში მომუშავეები, მაგრამ თქვენ მაინც რომელი გაინტერესებთ? – ჩემ ზემოთ რომ ანდერძი წერია, იმას ხედავ? – როგორ არ ვხედავ. – ასო-ასო რომ ამოჭამონ, აისეთი ჩრჩილები მჭირდება. – ეხლავე შევუდგები მაგ საქმეს! – ფარდაგზე ყოჩაღად გაგორდა სადგისი. მელიამ კუდი თავქვეშ ამოიდო და ტკბილად ჩაიძინა. არ ეძინათ ჩრჩილებს. არც სადგისს ეძინა, მორიგ საქმეებზე მუშაობდა. და რაც მთავარია არ ეძინა შუღლიანთ სებას. გარეთ ქუხდა. ელავდა, წვიმა აშხაპუნებდა და როგორც ჩანს არ ეძინა შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭს იმის შიშით, რომ მდინარეს იმათი სახლი არ წაეღო და ვინ იყო მშველელი, აღარ იცოდა. იმან ბევრი ვერ გაიგო იმ დღეს მამის საუბრიდან და რაც მთავარია ვერ გაიგო რატომ იყო ძველებურ ფარდაგზე ამოქარგული რამდენიმე სიტყვა, რომელსაც მამამისი ვახტანგის ანდერძს ეძახდა და რომელიც საკუთარ სახლზეც ძვირფასად მიაჩნდა. ბიჭს კი მთელი არსებით უყვარდა თავისი სახლი და ეშინოდა აბობოქრებულ მდინარეს არ წაერთვა მისთვის ეს სახლი.პატარა ბიჭებს ხშირად ორი რამე ეიმედებათ – მამა და საკუთარი სახლი.და როცა მამები ვერ ეხმარებიან და სახლს კი მდინარე უპირებს წაღებას, მათი გული თრთის და კანკალებს, როგორც ვარსკვლავი შუაღამის ნეტარებაში. საქმე №11. ფანდური, ანუ კაი ყმის სიმღერა (საიდუმლო ინფორმაცია ფანდურზე) მთაში კარგ კაცზე იტყვიან, ლექსივით აწყობილი კაციაო. მთაში ლექსი ლოცვის მაგიერია. ტირილითაც კი ლექსად ტირიან. უმეტესობა მოლექსეებისა ყაჩაღად იყვნენ გავარდნილი, ოღონდ ყაჩაღად არა იმ გაგებით, როგორცდღეს ხმარობენ ყაჩაღს. ყაჩაღი იმდროინდელი მთავრობის მოწინააღმდეგე იყო. ეს იყო ლექსივით აწყობილი კაცი, რომელიც ვერ ეგუებოდა რუსების კანონებს.ერთ-ერთი ასეთი ლექსივით აწყობილი კაცი, აი იმ ფანდურის პატრონი იყო, გულთაბოძზე რომ ჰკიდია სალამურის გვერდით. დაჯდებოდა ეს ყაჩაღად გავარდნილი კაცი და ფანდურის ხმაზე დაამღერებდა თავის გულის სათქმელს, აი, თუნდაც ასეთს: რა ვქნისა ციხე ავაგე ჯავრი შავაბი კარადა, საიქიოდან მოვიდნენ იმ ციხის სანახავადა. ბევრი უარეს გარშემო კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს, ჟამი მოვალის კარ გაიხსნების თავადა. აი, სწორედ მაგ ფანდურზეა ეგ ლექსი ნამღერი და როგორ მოვიქცეთ, ისეთი ფანდური, რომლის პატრონიც ეგეთ ლექსს მღეროდა, მოგვცემს კი არჩევნებში ჩვენ ხმას? თუ გინდა მიბრძანე და ისეთ ადგილას გავხვრეტავ, მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს, თუ არა და კიდობანში ჩავაკეტინოთ. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! საქმე №12.ორაგულის ცხოვრება (ანუ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მელიას ვიღაც კაცმა მოუყვა იმ ღამეს ძალიან რომ წვიმდა) ესიზმრა მელიას: ზის ტახტზე და შემოიყვანეს მასთან მრჩეველი, პატარა, გაქუცული კაცი, წელში მოხრილი და არ ვიცი მელიას შიშით, არ ვიცი სიბერით, არ ვიცი მლიქვნელობით, ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ვერ გაუგებ პრეზიდენტების წინაშე რატომ კანკალებენ. – თქვენ ახალი მრჩეველი ხართ, ხომ? – ეკითხება სიზმარში მელია. – დიახ, ბატონო მელია. – რა საკითხებში ერკვევით? – ძირითადად ფილოსოფიაში. – და რა არის ფილოსოფია? – გულწრფელად დაინტერესდა მელია. – ფილოსოფია, ჩემო ბატონო, ყველაფერია, ის რაც ღმერთმა შექმნა და კიდევ ის რაც კაცმა უნდა შექმნას საქმით, ან სიტყვით, უფრო სიტყვით. – და როგორ ფიქრობთ, მელია არ არის ფილოსოფოსი? – როგორ არა, როგორ არა, მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ამ ქვეყანაზე. – რატომ და რა ღირსებით? – პირველ რიგში იმით, რომ ბრძენია, რაც გულში აქვს იმას მალავს და რაც სხვების გულშია იმას ყველაზე მეტად მელია ხვდება. – კიდევ? – კიდევ ის, რომ ტყუილის უდიდესი ნიჭი აქვს. ადამიანებს კი ხშირად სიმართლეზე მეტად ტყუილი უყვართ. ტყუილი ისეთი პურია რის სიგემრიელესაც მასები ადვილად იჯერებენ და თანაც რატომღაც ჰგონიათ რომ ეს პური დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დატკბება, ხვალ თუ არა ზეგ დატკბება და მელიასაც მეტი რა უნდა, იქნევს აქეთ-იქით თავის გრძელ კუდს და ხალხს თავს აწონებს თავისი სიბრძნით. – კიდევ? კიდევ რითია მელია დიდი ფილოსოფოსი? – მოთმინებით, ბოღმის გულში ჩადებით და სხვისი ხელით მტრის განადგურებით. იგი არასოდეს არა სტოვებს თავის უკან კვალს, ნაფეხურებს, გრძელ კუდს მიითრევს და შლის ამ კვალს. ძაღლი მელიაზე გაცილებით ნაკლები ფილოსოფოსია ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირდაპირ გიყეფს, მეორე კიდევ იმიტომ, რომ კუდი მაღლა აქვს აპრეხილი და თავის გავლილ კვალს ვერ შლის. დათვი ყველაზე ნაკლები ფილოსოფოსია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი დიდი ტორებით ყველგან დიდ კვალს ტოვებს და კაცი რომ ამ კვალზე გაივლის, აუცილებლად წააწყდება დათვის სკორეს. ის კიდევ თავის კვალზე სკორის მეტს არაფერს ტოვებს, რა ფილოსოფოსი უნდა იყოს. – ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის? – სრული ჭეშმარიტებაა. – და რა არის ჭეშმარიტება? – ის, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის და ამიტომაც არის ღირსი მუზეუმში ეჭიროს პრეზიდენტის თანამდებობა. – და კაცთა შორის ვინ არის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, რომ მასაც ღირსეულად ეკუთვნოდეს არჩევნებში გამარჯვება თავისი დიდი ფილოსოფიური მჭერმეტყველებით და ამის მიხედვით პრეზიდენტის სავარძელი. – როგორ გითხრათ, ადამიანებს უამრავი ფილოსოფოსი ჰყავს, მაგრამ რატომღაც ადამიანებს არ უყვართ ფილოსოფია. ისინი თვითონ წარმოადგენენ იმ ფილოსოფიის ნაწილს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ. ცხოვრებაში არსებობდნენ ისეთი დიდი ფილოსოფოსები, როგორიც კანტია, ჰეგელია, პლატონია, არისტოტელეა, ფროიდია და კიდევ ისეთი ადამიანია, რომელსაც ნიცშე ჰქვია. – ააა, ნიცშეე, ნიცშე! – მრავლისმეტყელად ჩაილაპარაკა მელიამ. – გიკვირთ არა ღმერთის სიკვდილი ბატონო მელია, მეც მიკვირს. – როგორ, უკვე მოკვდა? – წამოხტა სახეგაბადრული მელია. – არა, ეს ნიცშეს მოძღვრებაში, მაგრამ მთელი ნიცშეს ფილოსოფია, ის კი არ არის, რომ ადამიანებს აჩვენოს მკვდარი ღმერთი, ნიცშეს ფილოსოფია ღმერთისადმი დიდი სიყვარულია და იმის ცდაა რომ თავისი პროტესტით ღმერთისადმი, ადამიანებს დაუმტკიცოს, როგორ ტყუილად ჰგონიათ რომ ღმერთი მოკვდა. სხვა შემთხვევაში ნიცშე დაემსგავსებოდა იმ მეთევზეს, რომელმაც იცის რომ არ არსებობს მდინარე, იმ არარსებულ მდინარეში არ არსებობს თევზი და არ არსებობს მდინარის ნაპირი, სადაც შეიძლება იდგეს თვით ნიცშე, თავისი შემართული ანკესით, რომელსაც სხვა თუ არაფერი, სატყუარა ჭიაყელა მაინც უნდა ებას. და სწორედ ეს სატყუარა ჭიაყელაა, რითიც ფილოსოფოსები ისევე ატყუებენ ადამიანებს, როგორ თევზებს. და ნიცშემ იცის ყველაზე კარგად ეს ყველაფერი. – როგორ, ჩემზე კარგადაც? – არა, ადამიანებზე გეუბნებით. – და ვინ არის ადამიანებში ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც მდინარის პირასაც დგას, მომართული ანკესიც უჭირავს და მშვენივრადაც ისვრის წყალში, ისვრის და თევზიც მოებმება მის ნასროლ ანკესს. – აგერ, კედელზე რომ კაცის სურათი ჰკიდია, ის არის, ჩემო ბატონო. – და რა ჰქვია მაგ კაცს? – ვაჟა-ფშაველა. კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესიდან, გულზე ეკოცნა მისთვის და ისევ მდინარეში გაეშვა. – შუღლიანთ სებავ! შუღლიანთ სებავ! – იყვირა ნახევრად მძინარე მელიამ. სება მელიასთან მიიჭრა. – აიმ კაცის სურათს ხედავ? – კუდით ანიშნა სურათზე, რომელიც ერდოდან შემოჭრილმა ელვამ ისე გაანათა, როგორც წმინდანის ხატი ეკლესიაში. – ვხედავ, როგორ არ ვხედავ, მე კი არა ძილშიც კი ხედავს მაგის ხატებას მთელი ქვეყანა. – ხოდა სასწრაფოდ უნდა გადამალო კიდობანში, ცუდი სიზმარი ვნახე, ცუდი არაფერი მოუწიონ მაგ კაცს, თორემ ქვეყნის წინაშე კი არა, ორაგულის წინაშეც კი შევრცვხებით. – რომელი ორაგულის? – დაიბნა შუღლიანთ სება. – გადამალე, გადამალე, არჩევნების წინ ორაგულების მოყვარული კაცები ჩვენ არ გვჭირდება. – ამ კაცს ორგული კაცები არ უყვარდა ჩემო ბატონო, – სცადა ვაჟა-ფშაველას დაცვა შუღლიანთ სებამ. – ბუნტს მიწყობ? დავრეკო იქ სადაც საჭიროა და ერთ წუთში მოვასპობინო ეს მუზეუმი, თუ წესით და რიგით ჩავატაროთ არჩევნები და როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ვაჟა-ფშაველაც ჩამოვკიდოთ ამ ფარდაგზე, თოფებიც და ხმლებიც. ეხლა რაც არის საჭირო, ის გააკეთე, გადამალე სკივრში ეგ კაცი. შუღლიანთ სებამ ხელის კანკალით ჩამოხსნა სურათი, თავის ნაქონ ხალათში შეახვია და კიდობანში ჩადო. გარეთ ქუხდა. ელავდა. კარზე ბრახა-ბრუხი ატყდა. – მამავ, მამავ! – მოისმა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭის განწირული ძახილი. სებამ კარი გააღო. ბიჭი ტირილით შემოვარდა. – წაიღო მამავ, წაიღო! – რა წაიღო შვილო, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი და ისე მითხარი. – ჩვენი ბროლია წაიღო მდინარემ მამავ, აშვება ვეღარ მოვასწარი, მარგილი მოთხარა და ბროლიაც თან წაიღო! – დაწყნარდი შვილო, მამა გენაცვალოს, ბროლია მაგარია, ეგრე ადვილად არ დაეხრჩობინება მდინარეს. – სახლსაც წაგვართმევს მდინარე მამავ, თუ ჯებირი არ გავამაგრეთ, წამო მოგვხედე, გაანებე ამ მუზეუმს თავი, ხომ ხედავ ფიტულების მეტი არაფერია აქ. – დაწყნარდი, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი, მოდი ტახტზე წამოწექი და შეგამშრალებ. – რა დროს ტახტზე წამოწოლაა მამავ, ჯებირი თუ არ გავამაგრეთ, სახლს წაიღებს მდინარე. შუღლიანთ სებამ შვილის მუდარას ვეღარ გაუძლო და ჯებირის გასამაგრებლად გაცვივდნენ გარეთ. სებაის დიდი ბიჭები უკვე ამაგრებდნენ ჯებირს. სებაის ცოლიც კაცივით ეხმარებოდა შვილებს. კლდის გაყოლებით ფიჩხს ალაგებდნენ და ზედ დიდ ლოდებს აწყობდნენ. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა შუღლიანთ სებას, როგორმე მიმართულება შეეცვლევინებინა მდინარისათვის და გარიჟრაჟისას, როგორც იქნა მოახერხეს ეს. მდინარემ ეგრე იცის, რაკი ერთხელ მიმართულებას შეიცვლის, მერე თვითონ ცდილობს იქით მხარეს გაჭრას თხრილი და ეხლაც გულდაგულ შეუდგა მოპირდაპირე მხრისკენ დინებას. – მამავ, მამავ! – იყვირა ნაბოლარა ბიჭმა. – ხედავ, გზაზე ჩვენი ბროლია მოდის, მამავ! – ხომ გითხარი, მამა გენაცვალოს, მთავარია გწამდეს და გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება. მთლად სველი და დაღლილი შუღლიანთ სება გუდამაყრის მუზეუმში შევიდა. კარებში შესულმა ისევ იმ ფარაჯიანს მოჰკრა თვალი, ერდოდან რომ შემოდიოდა ხოლმე და რაღაცაზე საიდუმლოდ ეჩურჩულებოდა მელიას. – ესე იგი დასავლეთიდან დარეკეს არა? – ჰკითხა მელიამ. – ჩრდილოეთის პასუხი არ იცი? – ჩრდილოეთი მომხრეა რაც შეიძლება მალე გაუქმდეს ეს მუზეუმი. – ხომ გითხარით დრო უნდა-მეთქი, აგერ ყველაფერი რაც საშიშია სკივრებში და კიდობნებში გამოვაკეტვინე. – რომ განთავისუფლდნენ? – ისეთ დროს გავათავისუფლებ, არაფრის ძალა რომ აღარ ექნებათ. – და მაინც რომ არიან ამ მუზეუმში საეჭვო და თავისუფალი იარაღები? – ესეც საჭიროა. – მაგრამ ჩრდილოეთმა შეიძლება უცებ მიიღოს ამ მუზეუმის სწრაფად განადგურების გადაწყვეტილება. – გადაეცი, რომ საარჩევნო დროა საჭირო, როგორმე დასავლეთი თუ არ მოვატყუეთ, პირველები ისინი იმოქმედებენ. – მე საით დავრეკო? – იქაც და იქაც! – უბრძანა მელიამ. დაღლილი შუღლიანთ სება ტახტზე იჯდა და საცოდავად შეჰყურებდა გაპარტახებულ მუზეუმს. ფარდაგზე წამოსკუპებულ მელიასთან სადგისი მიგორებულიყო და რაღაცას ეჩურჩულებოდა. – მამავ, მამავ, აი, ცივი წყალი მოგიტანე! – მუზეუმში შემოვიდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და წყლით სავსე დოქი მიაწოდა მამას. – დედამ თქვა, ცოტა ხანში საჭმელად გადმოვიდესო, – თქვა ბიჭმა და გავიდა. სებამ დოქი მოიყუდა და კარგა ხანს იგრილებდა გახურებულ გულს წყაროს წყლით, რომელიც თიხის დოქიდან საამოდ მორაკრაკებდა. რატომღაც ამ დროს კუთხეში მიყუდებულ გუთანს გახედა სებამ და დოქის ყელიდან წამოსულ რაკრაკთან ერთად, ვინ იცის, როდის გარდაცვლილი გუთნისდედის ღიღინი მოესმა: გადი-გამოდი გუთანოო, ღირღიტავ ბანი უთხაროო... სევდიანი და გულის ამაჩუყებელი იყო ეს სიმღერა. თანაც რაღაც ავისმაუწყებლად უყურებდნენ მელია და სადგისი გუთანს, რომელიც უწყინრად იყო მიყუდებული მუზეუმის კუთხეში და ვინ იცის რომელ მეხრეზე ფიქრობდა, რომელი ხარები ელანდებოდა, თუ გაზაფხულზე ახლადმობრუნებული მიწის სუნი ესმოდა, ხედავდა როგორ მისდევდ- ნენ ბალღები და ნახნავში ამოყრილ ფხოლას ჭამდნენ. ფრინველებიც უკან მიყვებოდნენ ამ დროს გუთანს და ბელტებსშორის ამოყრილ თეთრ მსუქან ჭიებს უნისკარტებდნენ. გუთანი მიიწევდა წინ ლაღად, მიჰყვებოდა გუთნისდედის ნება-სურვილს და შუადღისას ისიც მეგუთნეებთან ისვენებდა დიდი კაკლის ძირში. მაშინ ყველანი დიდი სიყვარულით შეჰყურებდნენ გუთანს, როგორც ერთადერთ გადამრჩენელს და დამრჩომს ხართან ერთად. ეხლა კი... შუღლიანთ სებამ შენიშნა, რომ მელია და სადგისი ავი მზერით უყურებდნენ მუზეუმის კუთხეში მშვიდად მიწოლილ გალეულ გუთანს. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:34pm on მარტი 2, 2014
თემა: გოდერძი ჩოხელი თევზის წერლები
ინ დილით კი ზუსტად ასე თქვა. მეტი არაფერი უთქვამს, სათიბზე მიიჩქაროდა. სიჩქარით საგზლიანი გუდაც კი სახლში დარჩენოდა, თავისმა პატარა გოგომ დასწია გზაში. ჯერ კარგად არც კი იყო გასინათლებული. ორღობის თავში ბრიგადირი გამოჩნდა და გამიხარდაის შეუტია: _ გამიხარდავ, სად მიხოლ, ჰა! _ სათიბზე. _ სათიბზე კი არა, ბატკნის საპარსავად წამოდი. _ მერე ვინ გამითიბს, ხო იცი, რომ ხელმარტო კაცი ვარ. _ რად გინდა ბევრი ლაპარაკი, _ უთხრა ბრიგადირმა თავის თავში დაჯერებული კაცის ხმით და ჩემსკენ წამოვიდა. გამიხარდაი შებრუნდა და საპარსავზე კი არ წავიდა, ისევ სათიბებისაკენ შეუყვა აღმართს. _ გამიხარდავ! _ დაჰკივლა ბრიგადირმა, _ სად მიხვალ, ჰა! _ სამუშაოდ, _ ჩამოსძახა გამიხარდაიმ და გზა გააგრძელა. _ მაგასაც გაგახსენებ, _ მიაძახა ბრიგადირმა და მე მომიბრუნდა. _ დღეს აღარ ამოხვიდე ჩასაწერად, გაიგე? _ რატომ? _ ვკითხე მე. _ რატომ და, ხალხს აცდენ შეკითხვებით. მე ორი დღეა ცხვრის მპარსავებთან ავდივარ და სულის არსებობაზე ვეკითხები. ოთხი დღის წინ გამიხარდაისაც ვკითხე, მაგრამ მაშინ არაფერი მითხრა. გამიხარდაი ალალი კაცია, ბეჩავიაო, ჩემმა სოფლელებმა იციან თქმა. ბეჩავს იმიტომ ეძახიან, რომ ღარიბად ცხოვრობს, ალალი ლუკმით ირჩენს თავსაც და წვრილშვილსაც. ამ დილით რატომღაც შემეცოდა, არ ვიცი პური რომ სახლში დაავიწყდა და შვილმა რომ დასწია იმიტომ, არ ვიცი... არ ვიცი, არ ვიცი... მიდის აცმა, ისე ადგამს მიწას ფეხს, თითქოს ამ მიწისათვის უცხო იყოს მისი სხეული და ამიტომ ერიდებოდეს ზედ ფეხის დადგმა. * _ გუშინაც გაბრაზდა შენზე თავმჯდომარე, _ გამიმეორა ბრიგადირმა. _ შენ როგორ გგონია, სული სად მიდის? _ ვკითხე მე. _ მე არაფერი არ მგონია, _ მითხრა იმან და წასასვლელად გაემზადა უცებ. _ სული კვდება? _ რა სული, რომელი სული, რას მიედ-მოედები. _ რა სული და კაცს რომ უდგას, ისა. _ კაცს არაფერიც არ უდგას, _ თქვა იმან, _ გავჩნდებით და მოვკვდებით, ეგ არის და ეგ. _ ეგ არის და მეტი არაფერი? _ ეხლა შენთვის არა მცალია, იქ აღარ დაგინახო ამოსული, _ თქვა და აღმამიმავალ გამიხარდას გააყოლა: _ გატარებ შენ სათიბზე! _ რას ერჩი? _ იმას ვერჩი, რომ საპარსავად არ წამოვიდა. _ მერე რა რომ არ წამოვიდა, ხომ მუშაობს. _ რას მუშაობს? _ თიბავს, ხვეტს, თივებს აგებს. _ ეგ ხვალ გამოჩნდება, _ თქვა იმან და წავიდა შუაგულ სოფლისკენ. * გუშინ კვირა იყო. მთელი დღე მუშაობდა გამიხარდაი, თივები ჩამოჰქონდა ქვემოთ ჭალაზე. ცოლი და შვილებიც შველოდნენ. ცხელოდა. მიწას მტვერი ასდიოდა, თივას რომ მოათრევდა და იმისი ბალღები მტვერში იყვნენ ამოგანგლულნი. საღამოთი ჩამოაგულეს თივა, და იქვე, წყაროსთან, ჩამოსხდნენ პურის საჭმელად. ქვემოდან რამდენიმე სატვირთო მანქანა გამოჩნდა, გზიდან გადმოუხვიეს და თივებთან გაჩერდნენ. _ სულ ეს არის შენი თივები? _ ჰკითხა ბრიგადირმა გამიხარდაის, რომელსაც გამხმარი პურის ყუა ეჭირა ხელში. _ ჰო, ეს არის. _ მეტი არა გაქვს? _ მეტი არა. _ რამდენია? _ ოცდაათია. _ ოცდახუთი უნდა ჩაგვაბარო. _ რატომ ოცდახუთი, თხუთმეტი არ მაწერია? _ თხუთმეტი გაწერია, მაგრამ საპარსავზე რომ არ წამოხვედი, ოცდახუთი დაგაწერეთ. _ მერე ხუთი თივით რა შევინახო, ერთ ძროხასაც არ გამიკვებავს. ე ბალღებს რა ვუყო. _ როგორც გეუბნებიან, ისეა, _ თქვა ბრიგადირმა და მანქანები მიაყენეს თივებთან. მუშებმა ხუთი თივაღა დაუტოვეს გამიხარდაის და ისინიც მანქანებზე დასხდნენ. გამიხარდაი გაოგნებული ტრიალებდა, ხან თავის წვრილშვილს შეხედავდა, ხან დატვირთულ მანქანებს და ერთიანად კანკალებდა. _ წავედით, _ თქვა ბრიგადირმა. მანქანები მძიმედ კანკალებდა. გამიხარდაი ხმის ამოუღებლად იდგა და კანკალებდა, მერე ჯიბიდან ასანთი ამოიღო, ერთი თივის ძირთან ჩაიმუხლა და გაჰკრა ასანთის ღერი. _ რას შვრები, კაცო! _ ჩაებღაუჭა ცოლი. _ მომშორდი თავიდან! _ ხელისკვრით მოიცილა გამიხარდაიმ ცოლი და ანთებული ასანთი თივას მოუკიდა. _ მთელი ზაფხული იშრომე და ეხლა სწვამ?! _ ისევ მიეჭრა ცოლი. ქალმა ჩიქილა მოიხადა და იმით დაუწყო ცეცხლს ჩაქრობა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გამომშრალ თივას უცებ მოედო ცეცხლი და ყვითელი ენები აიჭრა ჰაერში ხუთ ადგილას. გამიხარდაის ცოლი თმაგაწეწილი იდგა და ტიროდა. ბალღები შემოხვეოდნენ და ებღაუჭებოდნენ კაბის კალთებზე. გამიხარდაი იდგა და ცეცხლს უყურებდა. მერე ქვემოთ მიმავალ თივიან მანქანებს გახედა და თავ_ პირის მტვრევით გამოიქცა თავქვე. არაგვისაკენ გარბოდა, რაც კი შეეძლო. უკან ცოლი მისდევდა, მერე ბალღები, მერე მთელი სოფელი. ყველას ეგონა, რომ თავის დასახრჩობად მირბოდა. სანამ მივიდოდით, ტანსაცმელი გაიხადა, არაგვის ნაპირზე დაყარა და დედიშობილა შევიდა წყალში. შუამდე რომ მივიდა, ერთი მორევი ნახა და იქ ჩაჯდა. მარტო თავი ჰქონდა მაღლა ამოშვერილი და არც კი გვიყურებდა, სადღაც ცაში იყურებოდა. ხალხი მდინარის პირას დასხდა და ელოდა, როდის გამოვიდოდა გამიხარდაი ნაპირზე. ის კი გამოსვლას აღარ აპირებდა. _ წავიდეთ, იქნებ ჩვენი რცხვენია, _ თქვა ბერმა და დანარჩენებიც თან გაიყოლა. გამიხარდაის ცოლი და შვილები იქვე დარჩნენ. მე შორიახლოს ჩამოვჯექი ქვაზე. _ აღარც უნდა გამოხვიდე? _ გასძახა ცოლმა. იმან ხმა არ გასცა. მერე ცოლმა ხვეწნა დაუწყო. გამიხარდაი არ განძრეულა. ბალღებმა ტირილი დაიწყეს. საღამომდე გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილას. მზის ჩასვლისას ისევ მოქუჩდა სოფელი მდინარის პირზე. ეძახოდნენ, გამოდი გამიხარდავ, გეყოფა წყალში ჯდომა, თორე გაცივდები და მოჰკვდებიო. იმან ერხელაც არ მოიხედა ხალხისკენ, თავი ისე ეჭირა, ვითომ არც კი ესმოდა იმათი ხმა. გამიხარდაის ცოლ-შვილს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. სოფლიდან ყველანი არაგვთან ჩამოვიდნენ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მოვიდა ბოლოს და გასძახა გამიხარდაის: _ უსაქმურო, გამოდი ჩქარა ნაპირზე! არც იმას უგდო ყური. _ კაცო, რას ველაპარაკებით ამდენს, მივიდეთ და გამოვათრიოთ. _ თქვა ბრიგადირმა და წყალში შევიდა. იმას რამდენიმე კაცი მოჰყვა თან. გამიხარდაი წყალს გაჰყვა ქვემოთ და ზედ ჩანჩქერის თავზე გაჩერდა. ცოტაც რომ ჩაეწია, წასული იყო მისი საქმე. კაცები ჯერ ისევ მისკენ წავიდნენ, მაგრამ გამიხარდაიმაც რო თანდათან ქვემოთ ჩაიწია, შეეშინდათ, არ გადავარდესო და მობრუნდნენ სოფელში. _ მოსწყინდება და თვითონ გამოვა, _ თქვა გაბრიელმა. _ წამო, გაანებეთ თავი, რო დაღამდება, ბნელში გამოვა, ეხლა ალბათ რცხვენია _ უთხრა თამჯდომარემ ხალხს. გამიხარდაის ცოლ-შვილიც სოფელში წაიყვანეს, თქვენ რომ აქ აღარ დაგინახავთ, უფრო გამოვაო. იმ ღამეს ისე ბნელოდა, არაფერი ჩანდა. მარტო არაგვის ხმა ამოდიოდა სოფლამდე. მეორე დილით ისევ შეკრიბა არაგვზე ხალხი. გამიხარდაი ნახევრად ამოსულიყო წყლის ზემოთ და კანკალებდა. ხალხი რომ დაინახა, ისევ ყელამდე ჩაჯდა არაგვში. _ აღარ უნდა გამოხვიდე? _ შესტიროდა ცოლი. _ ხალხს აცდენს, მე ამისი!... _ ბრაზობდა ბრიგადირი. _ შენ ხომ არ მუშაობ და ხალხსაც აცდენ. თუ არ გამოხვალ, მილიციას მოვიყვან, _ დაუძახა თავმჯდომარემ და მერე დაამატა: _ ხუთამდე ვითვლი, აბა, გამოდი ჩქარა! გამიხარდაიმ სულაც არ მოიხედა აქეთ. მზეს შეჰყურებდა, როდის ამოვაო. ეტყობა, შესცივდა. ნახევარ საათში მილიციაც მოიყვანეს. _ არ გამოხვალ? _ შეეკითხა, თავის მხრივ, მილიციელი. გამიხარდაიმ ყური არ უგდო. _ გამოხვალ თუ შემოვიდე? _ გაუმეორა კითხვა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, შესვლა დააპირა. გამიხარდაიმ ჩანჩქერისაკენ ჩაიწია, და ხალხმა უკან მოაბრუნა მილიციელი. _ თუ არ გამოხვალ, დაგაპატიმრებთ ხუთი წლით! _ გაბრაზდა მილიციელი. გამიხარდაიმ ყური არ უგდო. _ ხუთი წელი იმიტომ, რომ ხალხის თხოვნას ყურს არ უგდებ და რაღაც სისულელეებს უჩვენებ, ერთი წელი დაგემატება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შიშველი რომ ხარ, ორი წელიც ცოლ-შვილს რომ გაექეცი და აწამებ, სამი წელიც, ხალხს რომ აცდენ და ჯერჯერობით, ერთნახევარიც იმიტომ, რომ მე არ მემორჩილები. მილიციელმა რევოლვერიც კი გაისროლა ჰაერში, მაგრამ გამიხარდაიმ ისე დაიჭირა თავი, ვითომ აქ არაფერი არ ხდებაო. მზე ამოვიდა, გამიხრდაიმ ხარბად შეხედა. ისევ გავანებეთ თავი. _ თუ გამოვა, უჩვენოდ უფრო გამოვა. _ თქვა თავმჯდომარემ. იმის ცოლ-შვილიც წამოვიყვანოთ. სახლში ქაღალდზე წერილი დავუწერე გამიხარდაის: «გამიხარდავ! რატომ არ გამოდიხარ?! ან რატომ ხმას არ გვცემ?! ცოლ-შვილი მაინც არ გენანება? შენ ხომ ისეთი არა ხარ, რომ სურვილებს აჰყვე, მოგესურვოს წყალში ჯდომა და ჩაჯდე. გამაგებინე, რაშია საქმე. ლუკა». წერილი სხვა საქაღალდეში გავახვიე, შიგ კალამი ჩავდე და გამიხარდაის ჩავუგდე მორევში. იმან მიიხედ-მოიხედა და მარტო რომ დამინახა, გახსნა ჩემი წერილი, წაიკითხა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. კალამი აიღო და მომწერა: «დღეის მერე მე ხალხთან საქმე აღარა მაქვს. მე აღარა მსურს ადამიანად ყოფნა იქ, სადაც არც სიმართლე გადის, არც შრომა ფასდება და კაცს კაცად არ გთვლიან. მე მიყვარდა ადამიანები, მაგრამ აღარ მიყვარან. აღარ მიყვარან იმიტომ, რომ აღარა ვარ ადამიანი. მე თევზი ვარ! ადამიანებთან აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო. მე დაგივიწყებთ თქვენ, რომელ ცოლ-შვილზე მელაპარაკები, წყალში რომ შემომტირიან? ჰო, მართალი ხარ! მე მყავდა ცოლ_ შვილი, ოღონდ ეს ადრე იყო, როცა ადამიანი ვიყავი, მაშინ. თუ გინდაც, ორი დღის წინათ. დღეს კი თევზი ვარ და თქვენთან საერთო აღარაფერი მაქვს! მე ასე მსურს. თევზი». «გამიხარდავ! შენ ამბობ, რომ თევზი ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ შენ ადამიანი ხარ. როგორ შეგიძლია მთლად დაივიწყო შენი წარსული, ამას ხომ ვერავინ დაგიჯერებს და რამდენიც არ უნდა ეცადო, თევზი ვერ იქნები. რა გიგავს თევზს? ის, რომ წყალში ზიხარ? არა, თევზი არა ხარ და ვერც იქნები, ეგ სისულელეა, ჯობია, მალე დაუბრუნდე საზოგადოებას, ცოლ-შვილს, მიწას. არ გშია? ლუკა». «არა მშია, ჯერჯერობით არა მშია. რაც შეეხება საზოგადოებას, ხალხს, მიწას, ჩემთვის აღარ არსებობს: მე მივატოვე ყველა და ყველაფერი. აღარც კი მახსოვს: მართლა ადამიანი ვიყავი?! მე კი თევზი ვარ ახლა. რა კარგია, როცა თევზი ხარ! სულ სხვა სამყაროა აქ. ადამიანები ერთიმეორეს სჭამთ მიწაზე. მერე როგორ გიყვართ ადამიანად ყოფნა! აბა, ვინმემ გითხრათ, ადამიანი არა ხარო, შეაკვდებით იმ წუთში. ხშირად გიჭირთ ადამიანად ყოფნა, მაგრამ არ შეგწევთ ძალა, რომ ასეთ ყოფნაზე უარი თქვათ. ნუთუ არც ერთ თქვენთაგანს არ მოგნატრებიათ თევზაობა? მე ვიცი, რომ ხშირად ფრინველად ყოფნას ნატრობთ ხოლმე. ამით ხომ გაურბიხართ ადამიანურ ყოფას. ჰაა?.. თევზი». «გამიხარდავ! ჩვენ როცა ვნატრობთ, ნეტავი ჩიტად მაქცია, ერთი გავფრენილიყავიო, მაშინ ადამიანად ყოფნას და ფრენას რომ ვნატრობთ, ამას იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნა გავალამაზოთ, მეტი თავისუფლება მოვიპოვოთ ფრენით. ადამიანები ერთიმეორეს ვჭამთ მიწაზე?.. შენ შეიძლება მართალი ხარ. განა შენც გაჭირვებას არ გაექეცი? შენ ვერ გაუძელ ადამიანურ გაჭირვებას და იმიტომ გაგვიდექი. ჩაიხედე შენს გულში: გაჭირვების გულისათვის ვინც გაექცევა ადამიანებთან ყოფნას, ის განა თევზად კი გამოდგება? განა თევზებს არ უჭირთ? რატომ არ ამოდიან ხმელეთზე, როცა ნიაღვარი მოდის? განა თევზები კი არ ჭამენ ერთიმეორეს. ჯერ ეშინიათ შენი და ალბათ, ვერც კი გეკარებიან ახლოს. ეს იმიტომ, რომ მაგათზე ძლიერი ხარ. აბა, სისუსტე შეგამჩნიონ, იმ წუთში ისე გამოგხრავენ, ძვლებსღა დასტოვებენ შენგან. უყვირე მერე, რამდენიც გინდა, თევზი ვარ, თევზი-თქო! გირჩევნია, დროზე გამოხვიდე, თორემ მე მგონი, რაც გითხარი, ის არ აგცდება. ხალხს არ უნდა გაექცე, არა! ლუკა». «ჯერ ერთი, რომ მე თევზი ვარ და არა გამიხარდაი, როგორც შენ მწერ, მერე _ რომელ თავისუფლებაზე მელაპარაკები? თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ. შენ მართალი ხარ, მე ვერ გავუძელ ადამიანურ გაჭირვებას და თევზად ვიქეცი. მერე რა არის ამაში ცუდი? მე თევზად ყოფნა მსურს. თევზად არ გამოვდგები? მერე რა, მოვკვდები ისე, როგორც მინდა, თევზად. სიკვდილისა კი არ მეშინია. ეს ადამიანებს გეშინიათ, ჩვენ არა. რატომ არ მეშინია? იმიტომ, რომ სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. თევზი». «თევზო! შეიძლება სულს მართლა არა აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ეს კი ცხადია, რომ ადამიანში მდგარი სული თევზის სული ვერ იქნება, სხეული მატერიაა, მატერიას ფორმა აქვს, ფორმა დროს ემორჩილება. სულმა შეიძლება სხვადასხვა სხეული გამოიაროს, ოღონდ ამ სხეულებმა, წესის მიხედვით, ამ სულში თავიანთი გარკვეული ფორმა უნდა დაასრულონ. მერე შეიძლება კაცის სული თევზს ჩაუსახლდეს, მაგრამ არა მგონია. ასეც რომ იყოს, ის მაინც აღარ იქნება ის ადრინდელი სული, მას ყველაფერი დავიწყებული ექნება, სრული დავიწყება კი დასასრულია. ეს კი იმას ნიშნავს (თუ მართლა ასეა), რომ სული სხეულთან ერთად ასრულებს თავის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სული აგრძელებს თავის არსებობას, ოღონდ იმას უნდა ახსოვდეს, და თუ ახსოვს ადამიანის სულს, მაშინ ის ისევ ადამიანის სულად რჩება და მატერიის გარეშე აგრძელებს ადამიანობას. ასე რომ, შენ არც ერთ შემთხვევაში არ შეგიძლია თევზად ყოფნა. სურვილი ერთია, არსი კი მეორე. განა ჩვენ არ გვიჭირს? კი, მართალი ხარ, ჭირს, ძალიან ჭირს, მაგრამ ყველანი რომ შენსავით წყალში ჩავსხდეთ და ვიძახოთ, თევზები ვართო, რა გამოვა? ახლა მანდ დავერევით ერთმანეთს და საინტერესოა, მერე სადღა გაიქცევი, ალბათ თევზად ყოფნაზეც უარს გვეტყვი. ჯობია, მობრუნდე. ხომ ხედავ, როგორ ტირიან შენი შვილები. ლუკა». «სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს. ამაზე ხომ უარს ვერ მეტყვით. ჩემ სულს არ უნდა ადამიანებთან ყოფნა და სრული უფლება მაქვს, ვიყო თევზი. სულს დავიწყება შეუძლია, ხომ? მეც დავივიწყებ ადამიანებს. მორჩა და გათავდა. თევზი». «ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი. შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე. შენ სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში. და ვინ იცი, რამდენი სხვა რამე. ვინ იცის, შეიძლება შიმშილმა ერთ კვირაში დაგაბრუნოს ადამიანებთან. მერე ესეც დიდხანს ემახსოვრება შენს სულს. მოკითხვას გითვლიან შენი შვილები. გელით. ლუკა». «მე აღარაფრად მიმაჩნია, ადამიანური სიხარულით სავსე წუთები, არც მწუხარება. მარტოობა თევზებსაც შეგვიძლია. ღმერთი ისე დგას ჩვენში, როგორც ადამიანებში. თევზებსაც გვიყვარს ერთიმეორე. წყალი უფრო მეტად, ვიდრე თქვენ მიწა, რომლის გულისთვისაც ერთიმეორეს ჭამთ. არყოფნის შიში? და განა მარტო ადამიანებს გაქვთ ეს შიში?! როგორც არ უნდა მომშივდეს, ადამინებთან არ დავბრუნდები. შვილები მყავდა? აღარ მახსოვს... მე გადაწყვეტილი მაქვს, აქ ვიყოლიო შვილები. სხვა რა დამრჩა კიდევ თქვენთან? არაფერი, მიწაც თქვენ გქონდეთ და საჭმელ-სასმელიც, მე გამანებეთ თავი. დავიწყებაში ხელს ნუ მიშლით. თევზი». * მესამე დღეს ისევ მოიყარა არაგვის ნაპირზე სოფელმა თავი. ზოგმა რა წინადადება წამოაყენა, ზოგმა რა. _ თუ ორ დღეში არ გამოხვალ მანდედან, მერე იძულებული ვიქნები, საყვედური გამოგიცხადო და კოლმეურნეობიდან გაგრიცხო. იმიტომ, რომ ხალხს აცდენ. _ დაუძახა თავმჯდომარემ. იმან კი ხმა არ გასცა, ვითომ ვერ გაიგონა. ერთხელ კიდევ მოვიდა მილიციელი და ოქმის შედგენით დაემუქრა «თევზს». მის საპასუხოდ იმან უფრო ქვემოთ ჩაიწია ჩანჩქერისაკენ. არაფერმა არ გასჭრა, არც კი უყურებდა ხალხს. დროდადრო წყალში ჩაიყურყუმელავებდა. იმ ღამეს მთვარემ გააკაშკაშა მიდამო და ხალხმა დაინახა, როგორ ეხვეწებოდა წყლის პირას მდგარი ფეხშიშველი პატარა გოგო გამიხრდაის: _ მამიკო, გამოდი რა! ოღონდ გამოდი და არასოდეს არ გაგაბრაზებ. კანფეტებს გიყიდი. ნუ იქნები თევზი, გეხვეწები. მერე ხვეწნით რომ ვერაფერი შეასმინა, ტირილით წამოვიდა სოფლისაკენ პატარა გოგო. იმ ღამესვე აჯანყდა ხალხი. შეიკრიბნენ და მითხრეს, დილით წერილი მისწერე, თუ არ გამოვა, იძულებული ვიქნებით, ძველი წესით მოვიკვეთოთო. _ ნუ, თქვენი ჭირიმე, _ შეეხვეწა ხალხს იმისი ცოლი, _ ნუ დამღუპავთ, ჯერ დავაცადოთ, იქნებ მორჯულდეს ეს საშავეთო, ეგა! _ ერთ დღეს დავაცდი და მერე მეტი გზა არ არის. თუ მაგას არ ვუნდივართ, ჩვენ სადამდე ვეხვეწოთ, _ თქვა დეკანოზმა მწარიამ და მერე მე მომიბრუნდა: _ დილით მისწერე, შუდღემდე თუ არ გამოვა, ხალხს შევყრი და მოვიკვეთავთ. სად გაგონილა, ადამიანს ადამიანობა არ უნდოდეს. ეგ ღმერთის გმობა არის და მეტი არფერი. ვინ მისცა მაგას უფლება, ხალხი მასხარად აიგდოს და წინ წაუაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანობაზე როგორ ამბობს უარს. მაშინ ჩვენ რანი ვართ, აღარაფერი... ეგაც არაფერი, ღმერთს როგორ იგდებს მასხარად, იმას რომ სდომებოდა, გაუჭირდებოდა მაგის თევზად გაჩენა, თუ რა? თევზი უფრო იოლი გასაჩენი არ არის? ფუი! გაწყდეს მაგ კაცის სახსენებელი. რისთვის ააწყვე ღმერთო, მაგისი ძოლმანი, ან შენი წმინდა სული რად ჩაუბერე ეგეთ უმადურს... კარგა ხანს ირისხებოდა მწარიაი და ხალხიც უსმენდა. მეორე დილით წერილი მივწერე გამიხარდაის: «თევზო! შენ, შენი საქციელით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენე, შენ რომ უარს ამბობ ადამიანობაზე, მაგით სხვებსაც რწმენას უკარგავ. თანაც ფსიქოლოგიურად მოქმედებ საზოგადოებაზე. ძალაუნებურად შენზე ფიქრობს ხალხი. როგორ გგონია, მაგათთვის ადვილი ხომ არ არის, უცებ დაგივიწყონ და შენზე სულ არ იფიქრონ. გიჟი რომ იყო, სხვა საქმეა, შენ კი სრულ ჭკუაზე ხარ. როგორ გეხვეწებოდა წუხელ შენი პატარა გოგო, გამოდიო. ყველას გული ჩაგვეთუთქა, შენ კი ხმაც არ გაეცი. გამწარებულია ხალხი და დამავალეს გადმოგცე, რომ თუ შუადღემდე არ მოუბრუნდები ადამიანებს, ისინი შენ მოგიკვეთენ. შენ თუ იმათზე აცხადებ უარს, იმათაც ხომ აქვთ თავმოყვარეობა. ნუთუ ამისი მაინც არ გეშინია? ზამთრის პირზე რომ აცივდება, მაშინ ხომ გადმოსვლა მოგიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიყინები. თუ მოგიკვეთეს, მერე ვისღა მიადგები კარებზე? დაფიქრდი... შუადღემდე დრო გაქვს. ლუკა». «ძლივს არ მოიფიქრეთ? ადამიანის მოკვეთა თქვენი ძველისძველი ხერხია, სხვათაშორის, თევზებს არა გვაქვს ეგეთი კანონები. მე თქვენზე უარი განვაცხადე და თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღეთ. აუჰ!.. როგორი პატივმოყვარეები ხართ. მაშინებთ იმით, რისიც არ მეშინია. მე ხელს მაძლევს კიდეც მოკვეთა, უფრო დამეხმარება თქვენს დავიწყებაში. კარგია, კარგად მოგიფიქრებიათ, მერე მაინც გამანებებთ თავს. გამწარებული ხალხი? _ რა სასაცილოა, ვინ იცის, რამდენი მოძმე მოუკვეთიათ და რამდენი ყოფილა იმათში მართალი. ზამთრისა მეშინია? _ სულაც არა. მე თანდათან შევეჩვევი წყალში თევზად ყოფნას. შემოდგომამდე ყვინთვას ვისწავლი და წავყვები არაგვს თბილ ქვეყნებისაკენ. თქვენ კი, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. მე ადამიანებზე იმაზე უწინ განვაცხადე უარი, ვიდრე ისინი უარმყოფდნენ, ამიტომ მაგ მოკვეთისა არ მეშინია». თევზი». * მე თევზის წერილი ხალხს წავუკითხე. იმათ საშინელი ჩოჩქოლი ატეხეს და შუადღისას თემის საყრილობო გორაზე მოგროვდნენ. დიდი ხანია, რაც ამ გორაზე აღარ შეყრილან. ამას მოწმობს დასარისხებელი სამნები, რომელთაც ოდნავღა ამოუშვერიათ მიწიდან სანთლით შემურული კბილები. ვინ იცის, რამდენი ადამიანი მოუკვეთიათ აქ. მერე რა საზარელი სიტყვა არის: «მოკვეთა!» _ მიწა იზრდება, ხედავთ, ხალხო! _ სამანებზე წამოზრდილ მიწას დაადო მწარიამ ხელი. შეკრიბეს სანთლები და აანთო მწარიამ. ხალხი გამტკნარებული ელის რისხვის დაწყებას. დეკანოზს ხელზე ეღვენთება სანთელი და სიჩუმეში ვიშის ჩხრიალივით ისმის იმის ხმა: «ღმერთო! შენ ხარ სადიდებელი! ღმერთო! შენ ხარ სახსენებელი! შენგან შექმნილმა ადამიანმა ადამიანობაზე უარი განაცხადა და ამით ხალხსაც შეურაცხყოფა მიაყენა, შენზეც უარი თქვა. ნუ გვიწყენ დალოცვილო, უმადურობაში ნუ ჩამოგვართმევ, ჩვენც უარი გვინდა განვაცხადოთ მასზე. დღეის მერე ნუღარავინ მოიხსენიებს გამიხარდაის ადამიანთა შორის. ნუღარავინ დასძრავს იმისთვის სიტყვას. ნუღარავინ აუნთებს სანთელს. ნუღარავინ გაუღებს სახლის კარებს. ნუღარავინ მიაწვდის პურს. დღეის მერე მოკვეთილი იყოს ჩვენგან! _ ამინ! _ დაიგუგუნა ხალხმა. _ ღმერთი გაუწყრეს ხალხის პირის გამტეხს! _ ამინ! _ ისევ ამოიხრიალა ხალხმა. მწარიამ სანთლები მიწიდან ამოშვერილ სამანზე მიაკრა. ხალხი ჩურჩულით ჩამოდიოდა გორიდან. გამიხარდაის ცოლი ტირილით მოჰყვებოდა უკან. კაბის კალთაზე ბალღები ჰყავდა გამობწკნეული. * ერთი კვირა გავიდა იმის მერე, რაც გამიხარდაი წყალში ჩაჯდა. იმისი შვილები მოსვენებას აღარ მაძლევენ _ მისწერე, რომ გამობრუნდესო. რამდენი რამე მივწერე, მაინც არ გამოვიდა. აღარც წერილებს მიბრუნებს. შიმშილმა ძვალ-ტყავადღა აქცია. ეტყობა მართლა არ აპირებს გამოსვლას. წუხელ ჯერ ჭექა-ქუხილი ატყდა, მერე კოკისპირული წვიმა წამოვიდა. _ იქნებ ნიაღვრის შიშით გამობრუნდეს, _ თქვეს სოფელში და არაგვისკენ დაიწყეს ყურება. ცოლ-შვილი, შეშინებული, ტირილით ეხვეწებოდა, გამოდი, თორემ არაგვი ადიდებულია. იმან ერთ მაღალ ლოდზე აიწია აღმა. მთელი ღამე ლოდები მოჰქონდა არაგვს. მეორე დღეს ხალხის ხმაურმა გამომაღვიძა. იმ ღამეს არაგვს შეშა გამოერიყა და მთელი სოფელი ჭალაზე იყო მოფენილი. ერთიმეორეს აღარ აცლიდნენ შეშის შეგროვებას. ცულები ეჭირათ და ყველა ხეს თავის ნიშანს უკეთებდნენ. ერთი რომ დანიშნავდა, მეორე გადაუშლიდა მალვით და თავის ნიშანს ადებდა. ვერაფრით ვერ მორიგდნენ და საჩხუბრად დაერივნენ ერთურთს. გამიხარდაის თავი ამოეყო მღვრიე წყლიდან და ჩემ დასანახად იცინოდა. მერე წერილი მომწერა: «და ამის მერე კიდევ მეტყვი, ადამიანებთან მობრუნდიო? შეხედე შენს ადამიანებს! თევზი!» მე აღარ მივწერე წერილი. იმ წუთში მართლა უაზროდ მეჩვენა ადამიანთა გამართლება, მაგრამ ისე კი არა, რომ გამიხრდაის მხარზე ვყოფილიყავი. უბრალოდ, ისეთი არასასიამოვნო სურათი იყო! ქალი და კაცი ერთმანეთს სცემდა არაგვისაგან გამორიყულ შეშას. იყო საშინელი წივილ-კივილი, გინება, შეშის გატაცება ერთი ხალიკიდან მეორისაკენ. მერე გული რომ იჯერეს და თავ-თავისი წილი შეშა დაახალიკეს, ერთიმეორეს უმძრახად გაუხდნენ და ისე წავიდნენ სოფელში. იმ საღამოსაც მოიღრუბლა და უარესად ჩამობნელდა. მთელი ღამე დგანდგარებდა არემარე. საზარელი ხმით მოდიოდა არაგვი. მე მგონი არავის სძინებია იმ ღამეს. მეორე დილა კი ასეთი იყო: არაგვის ღორღიანი ჭალა. ჭალაზე კუპრივით მღვრიე არაგვი. არაგვის ნაპირზე თითო-ოროლა კაცი დგას აქა-იქ. არაგვს იმ ღამეს სულ წაეღო გუშინღამით მოტანილი შეშა. აღარავისთვის დაეტოვებინა ერთი ნაფოტიც კი. ისინი გუშინდელ ნახალიკარ ადგილებთან იდგნენ და ნაჩხუბრებს ერთიმეორისათვის ხმის გაცემა რცხვენოდათ. იმათ შორის ნიაღვრისაგან დამხრჩვალი თევზები ეყარა აქა-იქ. მარტო გამიხარდაი აღარსად ჩანდა. იმისი ცოლი თმაგაშლილი მისდევდა შავ არაგვს და უკან ბალღები მისდევდნენ გულამომჯდრი ქვითინით. ამ უბედურმა შემთხვევამ გამოაფხიზლა ნაჩხუბარი ხალხი და ისევ ერთად შეკრა. უბედურებამ ყველას დაავიწყა წყენა და არაგვს გაეკიდნენ დაკარგული ადამიანის დასაბრუნებლად. ისე გულსაკლავად მისდევდა ეს შავოსანი ხალხი აბობოქრებულ არაგვს, რომ უნებურად გავიფიქრე: «ღირს! ღირს!», და მეც იმათ გავყევი უკან.…
დაამატა ცისია to ლიტერატურა at 1:40am on აპრილი 6, 2014
თემა: გოდერძი ჩოხელი - სულეთის კიდობანი
ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. დაბადება – აეგეთია ეს ცხოვრება! – ამბობს შუღლიანთ სება და ცოტა დუმილის შემდეგ დაამატებს – მააშ! – მერე შემოგხედავს, თავიდან ფეხებამდე ჩაგათვალიერებს და შეგეკითხება: – შენ რას იტყვი, ძმისწულო, ჰა? – რაზე? – ცხოვრებაზე. – რა ვიცი, რა უნდა ვთქვა? – ჰო, ჰო, ვერაფერს ვერ იტყვი, აეგეთია ეს ცხოვრება, მააშ! – ბრძნულად დაასკვნის სება და სევდიანად შეჰყურებს გუდამაყრის ხეობაში წამოყუდებულ უზარმაზარ მთებს, რომლებიც ოთხივე მხარეს კეტავენ სივრცეს და მხოლოდ მათ შორის მოქცეული ზეცა გაფიქრებინებს, რომ მარტო ამ ვიწრო ხეობაში არ მთავრდება ყველაფერი. მთის წვერებს შორის მოქცეული ცა ხან ლურჯად ლივლივებს და ხანაც ნაირ-ნაირ ღრუბლებს იგორებს გულზე. დღისით მზე ბიბინებს და ღამ-ღამობით მთვარე ბრწყინავს. დღე ღამდება და ღამე თენდება. გუდამაყრის ვიწრო ხეობას, ამ პატარა ცის ნაგლეჯით ჩამოჰყურებს შორეული სამყარო. აქ თითქოს არაფერი არ იცვლება. დღე ღამდება და ღამე თენდება. ადამიანი ჩნდება და ბერდება... ბერდება და კვდება. ადამიანები შეგუებულნი არიან ამას. ხანდახან ზეცას ვარსკვლავი მოსწყდება და სადღაც ჩაიკარგება. გუდამაყრელები ამას ვარსკვლავის გათხოვებას ეძახიან. გათხოვება, ამ შემთხვევაში, სხვაგან წასვლას, უფრო კი გარდაცვალებას ნიშნავს. ვინც ვარსკვლავის გათხოვებას თვალს შეასწრებს, დარდობს. რახან ვარსკვლავი გათხოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც გარდაიცვლება გუდამაყარში. იმათი რწმენით, ყველა ადამიანს საკუთარი ვარსკვლავი ჰყავს და როცა ეს ვარსკვლავი თხოვდება, აქ ადამიანი გარდაიცვლება; თუმცა ზეცა სავსეა ვარსკვლავებით, გუდამაყრის ხეობა კი პატარაა და ადამიანებიც ძალიან ცოტანი არიან, ამ ვარსკვლავებთან შედარებით. ჩამოჰყურებს, ჩამოჰყურებს გუდამაყარს ვარსკვლავებით მოჭედილი სამყაროს თვალი. – აეგეთია ეს ცხოვრება! – როგორღაც ნიშნისმოგებით ამბობს შუღლიანთ სება და არავინ კი არ ეკითხება, როგორია. თითქოს ყველა ხვდება რასაც ამბობს. თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს ნაპოვნი და ეს პასუხი ერთი სიტყვაა: – აეგეთია! – მააშ! – ადასტურებს შუღლიანთ სება და ისეა შეჩვეული ამ სიტყვების თქმას, დღეში ათასჯერ ამბობს. საუბარში დროდადრო დაფიქრდება, შემოგხედავს და გეტყვის: – აეგეთია ეს ცხოვრება, მაშ! – ისე ამბობს ამას, ისეთ სევდას აყოლებს ნათქვამს, გული ჩაგწყდება, ძალაუნებურად გაჩუმდები და შენც დაფიქრდები. ერთხელაც იჯდა თავისი სახლის კედელთან სება და დიდხანს დაჰყურებდა ჭიანჭველას, რომელიც მეორე მკვდარ ჭიანჭველას მიათრევდა. ცოცხალ ჭიანჭველას უჭირდა ბალახებში მკვდარი ჭიანჭველის თრევა, მაგრამ თავს არ ანებებდა, ბალახიდან ბალახზე წვალებით გადადიოდა. სებას უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა საით მიდიოდა ჭიანჭველა. – აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ. – როგორი, მამავ? – შეეკითხა უცებ მის გვერდით მჯდარი პატარა ბიჭი. სებამ შვილს შეხედა. – როგორია მამავ? – ისევ ჰკითხა შვილმა. – როგორი და ეგეთი – უფრო თავისთვის თქვა სებამ და ცოტა დუმილის მერე დააყოლა: – ისე იწყება, შენ არავინ არ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს. პატარა ბიჭი გაკვირვებული შეჰყურებდა მამას და ვერაფერი კი ვერ გაეგო მისი საუბრიდან. – აემ ჭიანჭველას ხომ ხედავ? – ჭიანჭველაზე მიუთითა სებამ ბიჭს. – რომელს? – მკვდარს რომ მიათრევს. – რატო მიათრევს? – ჰკითხა შვილმა. – ეტყობა ეგ მკვდარი მაგისი ან დედაა, ან მამა, ან ძმა, ან შვილი, ან ნათესავი. სადღაც იყვნენ, ის ვიღაცამ მოკლა და ეს სახლში მიასვენებს მკვდარს, – თქვა სებამ და სევდიანად დააყოლა: – აეგეთია, შვილო, ეს ცხოვრება, მააშ! ბიჭიც როგორღაც სევდიანად შეჰყურებდა მამას. სება ყვებოდა: შენ დროთაი რო ვიყავ, მაშინაც ესე დადიოდნენ ამ ადგილას ჭიანჭველები და მამაჩემი სუ ერთთავად იმას მაფრთხილებდა – ბალღო, ფეხს რო ადგამ, ჯერ წინ დაიხედე, ჭიანჭველას ფეხი არ დაადგა, ისიც ხვთის გაჩენილია, ტყუილუბრალოდ რატო უნდა მოკლა. აბა, მოდი და კარგად დააცქერდი როგორ შრომობენ, როგორ ამბავში არიან?! მაგათაც თავის ცხოვრება აქვთ, მაგათაც უნდათ დიდხანს სიცოცხლე. ნაბიჯს რომ გადადგამ ჯერ წინ დაიხედე, შვილო. ერთი ხანობა, ლამის სიარული გადამავიწყდა, საითაც ფეხს გადავადგამდი, ყველგან ჭიანჭველა მიდიოდა. მერე მამაჩემი ომში წაიყვანეს და მეც ნელ-ნელა გადამავიწყდნენ ჭიანჭველები. თანდათან გავიმართე, ამაყად დავიწყე დედამიწაზე სიარული. – მამავ, პაპაი ომში მოკლეს? – ჰკითხა ბიჭმა. – არა, ომიდან უვნებელი ჩამოვიდა და ციმბირში გაასახლეს. – რატო? – ომში გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და როცა ომი დამთავრდა, ტყვეობაში ნამყოფი ხალხი გააციმბირეს. მამაჩემი ციმბირიდან გამოიქცა და ღამე მოვიდა სახლში. დღისით გარეთ არ გამოდიოდა, ღამე მიდიოდა სათიბზე და სამკალზე. ვიღაცამ დააბეზღა მთავრობასთან და მეორედ გააციმბირეს. – მერე აღარ გამოუშვეს? – კი, გამოუშვეს, მაგრამ როგორც გავიგე, გზაში გარდაიცვალა და იქვე დაუსაფლავებიათ. სად, ზუსტად არ ვიცი, ეგ ამბავიც ჭორად მოგვივიდა. აი, ჭიანჭველას ხომ ხედავ, ეგაც არ ტოვებს თავის მკვდარს სხვაგან. ბიჭი და სება ჭიანჭველას მიაჩერდნენ. იმას წეღანს აქეთ სამი-ოთხი მტკაველი ჰქონდა გავლილი და ისევ ისე წვალებით გადაჰქონდა მკვდარი ბალახიდან – ბალახზე. – აეგეთია ეს ცხოვრება! – თქვა სებამ და გაჩუმდა. ბიჭიც ჩუმად იჯდა. მწვერვალებს შორის მოქცეულ ცაზე მზე ჩახჩახებდა. . . . მუზეუმის შექმნის სურვილი გაუჩნდა შუღლიანთ სებას – ვერ ხედავთ, ხალხო , თვალსა და ხელსშუა გვეცლება წარსული. ვინც კი გუდამაყრიდან წავიდა, უკან აღარ ბრუნდებიან, ანდა თუ ბრუნდებიან დამცინავად უყურებენ მამა-პაპათა ადათ -წესებს. ესე თუ გაგრძელდა, ბოლოს სულ დაიცლება ეს ხეობა და ისტორიას აღარ დარჩება სამახსოვროდ თუ ვინ ვიყავით, რანი ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით; ისედაც ხომ არავინ არ იცის ვინა ვართ გუდამაყრელები, რა ყაიდის ხალხი ვართ. ესე თუ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება სულ მალე ისე წაიშლება ჩვენი კუთხე მიწის პირიდან, როგორც გაზაფხულის თოვლი. ხო იცით, აეგეთია ეს ცხოვრება! მოდით, სანამ დროა, ერთი მუზეუმი ავაშენოთ, იმათ მაინც დავრჩებით ქვეყანაზე. – ეე, ჩემო სებავ, კარგი ერთი! – ეუბნება მეზობელი. – საქმე თავზე გადამდის და მე მემუზეუმება?! – ამბობს მეორე. – მა რა ვქნათ, ხალხო, ესე უბრალოდ წაიშალოს ჩვენი წარსული?! უსაქმური და მოცლილი არც მე ვარ, მაგრამ შთამომავლობას ხო უნდა დავუტოვოთ წარსული. ქვეყანამ ხო უნდა გაიგოს რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით დედამიწაზე, გუდამაყრელები გვერქვა და ვარსებობდით. შთამომავლობამ ხო უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში. აგე, იმ მთაზე გაჭრილ ძველ ნაგზევარს ხო ხედავთ? აი, ეგ გზა საუკუნეების წინანდელია. აი, მაგ გზაზე დადიოდა ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ბოლოს ერეკლე. მაგ გზით გადადიოდნენ ქვენამთაზე, ჩადიოდნენ ხევში და კეტავდნენ დარიალის კარს. ქვენამთის აქეთ ვანისკარია, ვანისკარის ციხეები; ქვენამთის იქეთ კიდე ნადარბაზევი, გორგასალის ნადარბაზევი; იმის ქვემოთ სოფელი კარკუჩა, რაც შემოსასვლელ ქუჩას ნიშნავს. ამ ხეობაში ყოველ ნაბიჯზე წარსული ფეთქავს, ჩვენ კი, ხო ხედავთ, გადაგვარების გზაზე ვართ, დამიდექით გვერდში, ავაშენოთ ერთი მუზეუმი. – მოგცლია, ერთი, შენც! – მწყრალად შეუტია აპარეკამ. – აეგეთია ეს ცხოვრება! – ამოიოხრა სებამ და მარტოკა შეუდგა მუზეუმის მშენებლობას. . . . სოფელი ჩოხი, სადაც შუღლიანთ სება ცხოვრობს, ერთ-ერთი ბოლო სოფელია გუდამაყარში. აქედან უკვე ალპური ზონა იწყება და შავი არაგვის სათავეებთან, ზეცას წვერმიბჯენილი ჭიუხებით ესაზღვრება ხევსურეთს. მარცხნივ მთიულეთია, ხოლო უფრო ჩრდილოეთით ხევი, საითკენაც ქვენამთის გადასასვლელით ძველი გზა გადადის, რომელსაც შუღლიანთ სება გორგასლის ნაგზევს ეძახის. – აეგეთია ეს ცხოვრება, ვინ იცის ვის არ გაუვლია ამ გზაზე, – ამბობს სება და წარსულის ნაშთებს ეძებს. ხეობა ვიწროა და შავი არაგვი ცოფიანივით ეხეთქება აქეთ-იქით შემოჯარულ მთებს. მხოლოდ ერთ ადგილას არის ვაკე ადგილი, იქ სადაც ახლა სოფელი ჩოხია გაშენებული. ადრე, როგორც სხვა აქაური სოფლები, ციცაბო მთის ფერდობზე იყო დაკიდებული, მერე კი თანდათან ჩამოსახლდნენ ამ მინდორზე ჩოხელები. ადრე აკრძალული ჰქონდა ხალხს აქ დასახლება, რადგან მთელი მინდორი პირიმზე – ფუძის ანგელოზის მოედნად ითვლება და სალოცავად მოსული ხალხი, აქ ათენებს ღამეს. რაკი დარიალიდან მომავალი გზა ამ მინდორზე ჩამოდის, როცა რუსები საქართველოში შემოვიდნენ, პირველად იმათ დაარღვიეს პირიმზის სალოცავის რიდი და უზარმაზარი ბასტიონი ააშენეს სალოცავის მოედნის შუაგულში. ბასტიონში ჩადგა რუსის ჯარი. ბეგარა დაადეს გუდამაყრელებს – ზამთრობით გზაზე თოვლსა და ზვავებს ახვეტინებდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა სამუშაოებზე გაჰყავდათ ხალხი. პირიმზის სალოცავის ზემოთ, ფერდობზე, ხატის ტყეა გაშენებული. იქ ხის მოჭრა აკრძალული აქვთ გუდამაყრელებს, რუსები კი არაფრად აგდებდნენ სალოცავის შიშს და უზარმაზარ წიფლის ხეებს ჭრიდნენ. ასე გრძელდებოდა, მანამ მოჭრილმა წიფლის ხემ არ დააფრთხო რუსის ჯარი. უშველებელი წიფლის ხე მოჭრეს რუსებმა და როცა ხე მიწაზე დაეცა, გველეშაპად გადაიქცა. ხის ტოტები ბანჯგვლებად იქცა. საშინელ ხმაზე წიოდა გველეშაპი და კუდს მიწას ურტყამდა, მისდევდა რუს ჯარისკაცებს ხახადაღებული. ჯარისკაცები ბასტიონში შეიკეტნენ და იქედან ესროდნენ თოფებს. გველეშაპი წიოდა და ბასტიონის კედლებს ეხეთქებოდა; მანამდე არ გაჩერდა, მანამ რუსის ჯარი გუდამაყრის ხეობიდან არ გადაიხვეწა. ამის მერე გუდამაყრის ხეობაზე სიარულს თავი ანებეს და მთიულეთის ხეობაზე გადაიყვანეს რუსებმა გზა. უპატრონოდ დარჩა ბასტიონი. დრო და ჟამი ნელ-ნელა შლიდა კედლებს. პირიმზის მოედანზე კი ძველებურად ლოცულობდნენ გუდამაყრელები და არავინ ფიქრობდა აქ დასახლებას, მანამ ისევ რუსები არ მოვიდნენ. რუსები მოვიდნენ სხვა მხრიდან. ქვემოდან მოვიდნენ. კომუნისტებად მოვიდნენ და გუდამაყრელებსაც თავის წესზე ყოფნა მოსთხოვეს: გაკრიჭეს მღვდლები, გაძარცვეს სალოცავები და პირიმზის მოედანზე კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს. ამ კანტორაში დასხდნენ ქართველი კომუნისტები და ხატის მინდორზე, ძველი ბასტიონის გვერდით, საქონლის ფერმა ააშენეს. ხალხს ხატში ლოცვა აუკრძალეს და თუმცა კარგა ხანს ვერავინ ბედავდა მოედანზე სახლის აშენებას, დრომ მაინც თავისი ქნა და ჯერ ერთი კაცი ჩამოსახლდა ჩოხიდან აქ, მერე მეორემ გაბედა, მერე მესამემ და მართალია პირიმზის ხატთან ახლოს არა, მოედნის ბოლოში მაინც გაშენდა პატარა სოფელი ჩოხი. ძველი ბასტიონის კედლებს შიგნით, შუაგულ მინდორში, ჯერ სტალინის ძეგლი იდგა, მერე, სტალინი რო მოკვდა, ძეგლი შუაწელზე გადახერხეს და მზისკენ ხელგაშვერილი ლენინის ტანი დაადგეს. ბასტიონის გვერდით რვაწლიანი სკოლა ააშენეს და ხანდახან მზისკენ გაშვერილ ხელზე ჩამოეკიდებოდნენ ხოლმე ურჩი ბიჭები ლენინს. მაშინ სტალინზე გადაკერებული ლენინის ტანი წონასწორობას ვეღარ იკავებდა და ბავშვებთან ერთად მინდორზე გორაობდა. აი, მაშინ ატყდებოდა ხოლმე დიდი ამბავი, ცალკე კოლმეურნეობის კანტორიდან გამორბოდნენ გაბრაზებული კომუნისტები, ცალკე გულგახეთქილი მასწავლებლები ტუქსავდნენ ლენინის ხელზე დაკიდებულ მოწაფეებს. რამდენჯერმე სხვადასხვა წებოთი სცადეს ლენინის დაწებება სტალინის ტანზე, მაგრამ სკოლის ახალ-ახალი მოწაფეები მაინც ჯიუტად ეკიდებოდნენ გაშვერილ ხელს და მერე იმასთან ერთად მინდორში გორაობდნენ. თანდათან ისე გათავხედდნენ ბალღები, ვიღაცამ ზემოდან ძეგლის თავი ჩაამტვრია და შიგ მზესუმზირა დათესა. ამოიზარდა მზესუმზირა, გაიკეთა ბრდღვიალა თავი. ამოვა დილით გუდამაყრის ცაზე მზე, გაიშლება ძეგლის თავზე მზესუმზირა, გაბრდღვიალდება, წაჰყვება მზეს და საღამოთი მზის ჩასვლასთან ერთად დახუჭავს თვალებს. კარგახანს ვერ ამჩნევდნენ კომუნისტები ამას და როცა გაიგეს, ისეთი ყვირილით მიუცვივდნენ სკოლაში მასწავლებლებს, ისეთი ცოდვის ტირილი დაატრიალეს მოწაფეებში, კარგახანს ძეგლის ახლოს აღარავინ გაჭაჭანებულა. ეს ძეგლიც იდგა სიჩუმის ძახილის ნიშანივით და როგორც ადრე ხატის შენობასთან ახლოს მისვლა ეშინოდა ხალხს, ახლა ამ ძეგლთან მიახლოებაც ეშინოდათ. ბოლოს რო დაეკიდნენ ხელზე ბალღები ძეგლს, იმათი მამები წაიყვანეს ჩეკისტებმა და აღარც ერთი უკან აღარ დაბრუნებულა. სოფელი თანდათან იზრდებოდა და ძეგლის აქით-იქეთ სახლები აშენდა. შუღლიანთ სებამ გაბედა და ლენინის ძეგლთან ახლოს აიშენა სახლი. მაშინ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და კინაღამ შარში გაეხვია. მეათე თვეში გადადგა სებაის ფეხმძიმე ცოლი და ბალღი მაინც არ ჩნდებოდა. გახდა თერთმეტი თვე, თორმეტი, მაინც არ ჩნდება ბალღი. ექიმები მხრებს იჩეჩავენ. მკითხავები ამბობენ, რომ ხატის მიზეზია, ასე ახლოს რომ ააშენა სალოცავთან სებამ სახლი, ხატი გაწყრა და ბალღი იმიტომ აღარ ჩნდებაო. სებამ შესაწირავი შესწირა სალოცავს, მაგრამ მაინც არაფერი არ ეშველა ფეხმძიმე ქალს. ერთ ღამეს კი, სიზმარში იყო თუ ცხადში, კარგად ვეღარ გაიგო ქალმა. მოეჩვენა რომ მუცლიდან ბალღი დაელაპარაკა: – დედი, დედი! სანამ ეგ ძეგლი აქ დგას, მანამდე არ გავჩნდები, ფეხს არ გამოვადგამ აქედან! შეშინებულმა ცოლმა სებას უამბო ეს ამბავი. – გადავაქცევ! – ცულს წამოავლო სებამ ხელი. – გაგიჟდი კაცო?! ხო იმ წუთას გაგაციმბირეს! – აბა, მა რა ვქნათ? – იქნებ გადავსახლდეთ – თქვა ქალმა. საგონებელში ჩავარდა ცოლ-ქმარი. – იქნებ ვთხოვოთ მთავრობას რო სხვაგან გადადგან ძეგლი. – გვეტყვიან, თქვენ გადასახლდითო. დაღონდნენ... დაღონდნენ... ეგრე ადვილია გადასახლება? ღამ-ღამობით ძეგლის საძირკვლის ჩამონგრევა დაიწყო სებამ და ერთ წვიმიან, ჭექა-ქუხილიან ღამეს წამოაქცია ძეგლი. იმ ღამეს დაიბადა ბალღი. დილით მოცვივდნენ კომუნისტები და ძლივს წამოაყენეს ძეგლი, რომელიც დაცემისაგან ახლაც შუაზე იყო გადამტვრეული. გადარჩა შუღლიანთ სება. ერთი კი შეუღრინა თავმჯდომარემ, ეტყობა საქონელს უშვებ ძეგლთან ახლოსო, მაგრამ ეჭვი ვერ აიღეს მასზე, ქარიშხალს დააბრალეს ეს ამბავი. საძირკველი ჩააბეტონეს და შელესეს ჩამონგრეული ადგილები. გალაღებული იყო შუღლიანთ სება. ძეგლის შემკეთებლები სახლში დაპატიჟა და გვიან ღამემდე სიმღერის ხმა გამოდიოდა მისი სახლიდან. . . . მეორედ გაიქცნენ რუსები პირიმზის მოედნიდან. ამჟამად კომუნისტები გაიქცნენ. ადრე თუ ბასტიონი დატოვეს წარსულის ნაშთად, ამჟამად ლენინის ძეგლი მიატოვეს, რომელსაც იმ წუთას ჩამოეკიდნენ ბალღები გაშვერილ ხელზე და ძირს ჩამოაგდეს. ხალხს ჯერ კიდევ ჰქონდა ძეგლის შიში და აპირებდნენ ძეგლის აღდგენას, მაგრამ ვიღაცამ გადამალული სტალინის ზედატანი გამოაჩინა და ის დაადგეს. ლენინის თავი შუღლიანთ სებამ შეინახა; მაშინ უკვე ფიქრობდა მუზეუმის მოწყობაზე და ასეც უთხრა ხალხს: – ეს ძეგლიც ისტორია არის. რაც არ უნდა იყოს, ისტორიას სად გავექცევით, ძალიანაც რო გვინდოდეს, ვერ დავმალავთ, ისტორიის დამალვით რა ხეირს შევეყრებით, ავაშენოთ მუზეუმი და ე ლენინის თავიც იქ შევინახოთ. – ერთი შენც მოგცლია! – ისევ გაბრაზდა აპარეკაი – აღარ გახსოვს მაგის გულისთვის რა ხალხი წაიყვანეს? – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – დანანებით ჩაილაპარა შუღლიანთ სებამ და მინდორში დაგდებული ძეგლის თავი საბძელში შეათრია. . . . ადრიან გაზაფხულზე დაიწყო შუღლიანთ სებამ მუზეუმის საძირკვლის გათხრა, მანამდე კი მთელ ზამთარს გუდამაყრის სოფლებში დადიოდა და სამუზეუმო ნივთებს ეძებდა, თან ხალხს ეხვეწებოდა: მომეხმარეთ ხალხო, ამაშენებინეთ შენობა, შთამომავლობას მუზეუმი მაინც დავუტოვოთ. გუდამაყრელები ალმაცერად უყურებდნენ სებას და როცა მან შენობისთვის საძირკველი გათხარა და არაგვის ჭალაზე სამშენებლო ქვების შეგროვება დაიწყო, ვიღაცამ თქვა: – ერიჰაა! მე მგონი სებაი გასაფრენად ემზადება. სებაის უმცროსმა ბიჭმა მეზობლის ნათქვამს ყური მოჰკრა და როცა ქვების შეგროვებით დაღლილი მამა შინ დაბრუნდა, შვილმა ჰკითხა: – სად უნდა გაფრინდე მამავ? – სად უნდა გავფრინდე?! – გაიკვირვა სებამ. – რა ვიცი, გამიხარდამ თქვა, გაფრენას აპირებსო. – ეეჰ, ადრე თუ გვიან ყველანი გავფრინდებით; რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ. ბიჭმა ვერაფერი ვერ გაიგო. დღე და ღამე მუშაობდა სებაი. დანაზოგი ფულით ცემენტი და სახურავის თუნუქი იყიდა. მეტყევემ ჯარიმის ქვითარი თვითონ მოუტანა სახლში, თან ხმამაღლა ყვიროდა: – ვინ გაპატიებს, ვინ გაპატიებს ამოდენა ხე-ტყის მოჭრას, რომელი მთავრობა გაპატიებს. – კაცო, მარტო ჩემთვის ხო არ მინდა, ისტორიისთვის მინდა, რაღაცა ხო უნდა დარჩეს ჩვენგან ისტორიას. – რი ისტორია, რა ისტორია?! ისტორია არ ვიცი მე! თუ ჯარიმას დროზე არ გადაიხდი, მამის სული ნუ წამიწყდება, მილიციას დაგაყენებ თავზე. მილიციის ხსენებაზე შეკრთა სებაი. ბალღობიდან ამ სიტყვის ხსენებაზე შიშის კანკალი ემართებოდა. ახლაც ის დღე გაახსენდა, მილიცია რომ დაეცა თავს მათ ოჯახს და მამამისი ხელმეორედ გააციმბირეს. – კარგი, ჰო, ნუღარ ქოთობ, გადავიხდი ჯარიმას – თქვა სებამ და ბიჭს გასძახა – წადი ბიჭო, ხარი ჩამაიყვანე! შვიდი წლის ხარი გაყიდა სებამ და იმით გადაიხადა მეტყევის ჯარიმა. – რას შვრები, კაცო, მუზეუმის გულისთვის უნდა დააქციო ოჯახი?! – შეუტია ცოლმა. – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ნაღვლიანად თქვა სებამ და შენობის საძირკველში ბეტონის ჩასხმა დაიწყო. სამი-ოთხი დღე ბეტონს გამაგრება აცადა, არ დაუწყია კედლების მშენებლობა, სტრაფილებს და კოჭებს თლიდა ამ ხნის განმავლობაში. ქვა გასულ კვირას მოზიდა მეზობლის მანქანით და იმანაც ფული გამოართვა ამაში. – შენთვის რო იშენებდე სახლს, ვინ მამაძაღლი გამოგართმევდა ფასს, – ჩაილაპარაკა მანქანის მძღოლმა დამნაშავესავით, – რა ვქნა, მანქანასაც მოვლა უნდა, ბენზინი უნდა, ნაწილები უნდა, შენც რა მუზეუმი აიჩემე, ვის რად უნდა, ხო ხედავ ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან, ე ბებრებს კიდევ საიქიოშიც გვეყოფა მუზეუმში ყოფნა. ჩაჰყრიან ჩვენ ძვლებს ცივ სამარეში და მუზეუმიც ეგ იქნება და საიქიოცა. – აი, იმ გორგასლის ნაგზევს ხო ხედავ, – ხელი გაიშვირა სებამ ძველი ნაგზევისაკენ. – ვხედავ, მერე? – არ გიხარია? – რა უნდა მიხაროდეს?! – იმ გზაზე რომ ვახტანგ გორგასალი დადიოდა თავისი ჯარით. – ეეე, ეგ როდის იყო! – ხო იყო. – რა ვიცი, იყო? მე რომ არ მინახავს? – გზას კი ხედავ? – გზას კი ვხედავ, მაგრამ... – ჰოდა მაგ გზაზე თავისი ჯარით მიმავალი გორგასალიც წარმოიდგინე და ეგ იქნება. მძღოლი დაფიქრდა, თან გზას გაჰყურებდა. – მგონი ვხედავ! – თქვა მან ცოტა ხნის მერე. – აგაშენა ღმერთმა. აეს მუზეუმიც მაგიტო მინდა, რო საუკუნეების მერე შევიდნენ შიგნით ჩვენი მომავლები და დაგვინახონ. – აი, ეს ფული სხვა რამეში გამოგადგება, – ჯიბიდან ფული ამოიღო მძღოლმა და სებას ჩაუდო ხელში, – ქვა თუ დაგაკლდეს კიდევ მოგიტან. მერე ძლივს დაქოქა მანქანა და ღმუილით გაუყენა არაგვის ნაპირზე მიმავალ გზას. . . . ივლისის ბოლოს კედლების მშენებლობა მოამთავრა სებამ. ზემოდან, ისევ, ბეტონის სარტყელი შემოავლო სიმაგრისათვის და ხის კოჭები დააწყო. კოჭებზე სახურავის ჩონჩხი წამოჭიმა. ლურსმნებისთვის კიდევ დასჭირდა ფული და კიდევ გაუყიდა ცოლ-შვილს მარჩენალი ძროხა. – სულ გაგიჟდი, კაცო?! ამ ბალღების ცოდვას მაინც სად წაუხვალ, მე თუ აღარად მაგდებ. სათიბზე შენ არ დადიხარ და სახლის საქმე შენ აღარ გახსოვს. ააშენე, ააშენე, გაყიდე ყველაფერი რაც კი რამ სახლში გვაბადია, შაგვრეკე მერე ჩვენც შიგ და კედლებზე ჩამოგვკიდე, მაინც შიმშილით გავწყდებით შენი გადამკიდე, – ტირილით ამბობს ცოლი. – რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – რაღა მარტო შენთვისაა ეგეთი და სხვისთვის სხვანაირი. ვერა ხედავ, მთელი ქვეყანა შენ დაგცინის, ცოლ-შვილი მშიერი უწყდება და ეგ კიდევ მუზეუმს აშენებსო. ნეტავი ვინ დამწყევლა, იმ ჩემი ცოდვით სავსემა, რა დროს მუზეუმია, კაცოო! შენ გარდა, სხვა აღარავინა ცხოვრობს ამ გუდამაყარში, რო ყველა თავისთვის ზრუნავს, ვის რაში სჭირდება ეს შენი მუზეუმი, აბა დაფიქრდი. სებაი დაფიქრდა. – რას იზამ, ეგეთია ეს ცხოვრება! დღეს არ სჭირდებათ, ხვალ დასჭირდებათ, – თქვა სებამ ფიქრის მერე. – ფანჯრები რატო არ გაუკეთე, სებავ, ამ მუზეუმსა, ჰა? – ჰკითხა მეზობელმა, რომელიც ცოლ-ქმრის კამათს შემოესწრო და ამდენ ხანს ჩუმად ათვალიერებდა შენობას. – ფანჯრები არ უნდა. აგე, საჰაერო ერდოები ხო აქვს, იქიდან შევა ჰაერი და მზის სხივი. ფანჯრები სიმყუდროვეს დაუკარგავს ნივთებს, – აუხსნა მეზობელს სებამ. – ნივთებს რაღა სიმყუდროვე უნდათ, თვალები იმათ არა აქვთ და ყურები. მკვდარი ისედაც მყუდროდ არა წევს სამარეში? ფანჯრებიდან დღის სინათლე შემოვა და ვისაც მუზეუმის დათვალიერება მოუნდება, ნათელ ოთახში უფრო კარგად არ დაინახავს ნივთებს? – ხო გითხარ, სინათლე და მზის შუქი ერდოებიდან შემოვა-მეთქი. ეს შენობაც ძველებურ წესზე ავაშენე. ძველად სად იყო ფანჯრები. სიმყუდროვე კი საჭიროა, წარსული რომ უფრო კარგად დაინახო. აწმყო ურცხვად არ უნდა შემოგყურებდეს ფანჯრებიდან, სიმყუდროვეა საჭირო. თანაც ფანჯრები დიდ ადგილს დაიჭერენ, რამდენი რამე უნდა დავკიდო კედლებზე. კედლები თუ ფანჯრებს დავუთმე, სახლი გამოვა, მუზეუმი კი არა. – ხოო, შენც მართალი ხარ. – გადახურვაში მაინც გამიმართეთ ხელი, რა პირი შეჰკარით. – სათიბზე თუ არ წავედი, ან რამე სხვა საქმე თუ არ გამომიჩნდა, მოგეხმარები, – შეჰპირდა მეზობელი, მაგრამ ამაოდ, გადახურვითაც მარტომ გადახურა სებამ მუზეუმი, შვილებიც კი აღარ მიხმარებიან, ისინი დილაუთენია მიჰყვებოდნენ დედას სათიბ-სახვეტზე და რო ბინდდებოდა, მაშინ ბრუნდებოდნენ სახლში. ბოლოს ლუკმა-პური ენატრებოდა სებას. მაინც მუშაობდა. მაინც გადახურა მუზეუმი. კარი შეაბა და ურდული დაუყენა შიგნიდან. გარედან კლიტე შეაბა. არაგვში გაღმა გავიდა, გორგასლის ნაგზევზე ჩამოჯდა და იქიდან გამოხედა შენობას. პირიმზის მოედანზე ლამაზად იდგა მუზეუმი. შვებით ამოისუნთქა შუღლიანთ სებამ. გული დაუმშვიდდა. უფრო ახლოს იგრძნო წარსული და ისე გახედა ხეობის სიღრმეში ჩაკარგულ ძველ ნაგზევს, თითქოს მართლა გორგასლის გამოჩენას ელოდა. მზე ჩადიოდა და გუდამაყრის მთებს მწვერვალებისაკენ მოუყვებოდნენ ნაგრილები. . . . არც ისე ადვილი გამოდგა წლების განმავლობაში ნაგროვები ნივთების მუზეუმში განაწილება, იმდენი რამე ჰქონდა სებას საბძელში შენახული, როცა ისინი მუზეუმში გადაიტანა, შეეშინდა, მოეჩვენა რომ ექსპონატების ნახევარიც არ დაეტეოდა მუზეუმში; ამიტომ ყველაფერი ერთმანეთის გვერდით დაალაგა დარბაზში და თვითონ ძველებურ ტახტზე ჩამოჯდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო მის თვალწინ არეული. ფიტულები: დათვის, ჯიხვის, არწივის, სვავის, ფოცხვერის, კურდღლის, არჩვის, კვერნის, მაჩვის, წავის, ორბის, ქედანის და კიდევ იმ ცხოველების და ფრინველების, რომლებიც გუდამაყრის ხეობაში ბინადრობენ. საომარი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ფარები, ჯაჭვები, შუბები. ქალისა და კაცის ტანსაცმელი. ცხენის შეკაზმულობა. სამუშაო იარაღები. შეჭვარტლული ფანდური და ათასი კიდევ სხვა, ჩაჟანგებული და შემურული ნივთები. იმათ შორის: რუსი ჯარისკაცის შინელი, ჩექმები, კომუნისტების ნაქონი გარდამავალი დროშა და კუთხეში დაგდებული ლენინის ძეგლის ზედა ტანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და დალაგებას ითხოვდა. გუშინ გარედან აბრა გაუკეთა სებამ მუზეუმს და ზედ თეთრი საღებავით დააწერა: გუდამაყრის მუზეუმი! მანამდე კი პირიმზის ეკლესიაში სანთელი აანთო და შეევედრა: – ღმერთო, დალოცვილო! დიდო პირიმზევ, ფუძის ანგელოზო! თქვენ მოუმართეთ ხელი გუდამაყრის მუზეუმს. კეთილი ანგელოზი დაუმკვიდრეთ. ავი თვალი აშორეთ და სიმშვიდე მოჰფინეთ. შემეწიე დიდო პირიმზევ, ხელი მომიმართე რო სატანის ნაქონი ნივთი არ შევიტანო შიგნით. სალოცავიდან დაბრუნებულს აპარეკაი შემოხვდა წინ. – უდღეო დღეს ხატში რაისთვის ასულხარ სებავ?! – გაიკვირვა აპარეკამ. – მუზეუმი შევახვეწე დიდ პირიმზეს, დაილოცოს იმის ძალი, – თქვა სებამ. – მუზეუმი გვიშველის აი, სწორედ. ვერა ხედავ არაგვი რას შვრება, გაზაფხულს აქეთ ანგრევს და ანგრევს მინდორს, სადაცაა სოფელს ჩააგდებს. აღარცვინ ჯებირის გამაგრებაზე ფიქრობს, ხალხს აქეთ-იქით გაქცევაზე უჭირავს თვალი. ესე თუ გაგრძელდა, სოფელსაც წაიღებს და იმ შენ მუზეუმსაც თან მიაყოლებს. – არა მგონია, ვერ წაიღებს! – ვითომ რატო ვერ წაიღებს, ადიდებულ წყალს რა დაუდგება წინ. – ღმერთი, ღმერთი არ გაატანს. – სწორედაც რო ღმერთი გაატანს. სალოცავი მინდორი რო ძეგლებითა და საქონლის ფერმებით გაივსო, იმ ადგილს ღმერთი რაისთვიღა დაიფარავს. სწორედ რო ღმერთის ძალითა და ნებით ანგრევს არაგვი ამ მინდორს, აგე, გადავარდნაზეა უკვე კოლმეურნეობის კანტორა. – მუზეუმმა რაღა დააშავა?! – ღმერთის მინდორზე არც მუზეუმია საჭირო და ის დააშავა, – თქვა აპარეკამ და გასცილდა სებას. – არა მგონია, არა მგონია, რაც არ უნდა იყოს, თავის მინდორს არ გასწირავს ღმერთი, – ხმამაღალი ფიქრით თავი დაიმშვიდა შუღლიანთ სებამ და მდინარეს გადახედა. არაგვი მართლა გულდაგულ ეხეთქებოდა პირიმზის მინდორს და ნელ-ნელა უთხრიდა ძირს. – არა მგონია, არა მგონია! – ახლა უკვე გულში გაივლო ეს ფიქრი სებამ და მუზეუმისაკენ წავიდა. საბძელში შეგროვილი ნივთები მუზეუმში გადაიტანა და ახლა იქ ზის, ფიქრობს სად რა დადოს, რომელი ნივთი, რომელ კედელზე ჩამოჰკიდოს, რომელი რომლის გვერდით იქნება უფრო საინტერესო სანახავი. ძველებურ ტახტზე ზის სებაი. ერდოებიდან მზის სხივი შემოდის და კედლებს ანათებს. აღმოსავლეთის კედელზე დიდი ფარდაგი ჩამოჰკიდა სებამ. ერდოებიდან ირიბად შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ -ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. ამ რუკაზე გამოკვეთილად ამოექარგნა მქსოველს გუდამაყრის ხეობა: მთები, ტყეები, ყანები, აქა-იქ ცხენებზე ამხედრებული გუდამაყრელები, კედლებზე გადმომდგარი ჯიხვები და უზარმაზარ წიფლის ხეებს შორის თეთრად მოელვარე პირიმზის სალოცავი წინ დიდი მინდვრით, რომელზეც ამოქარგულია რუსული ბასტიონი, ბასტიონის შიგნით კი ლენინის თუ სტალინის ძეგლი, ხეობაში შავი ძაფით ამოქარგული შავი არაგვი. თითქოს გაცოცხლდა ფარდაგზე ამოქარგული საქართვლოს რუკა; მზის სხივებმა გააცოცხლეს, იდუმალება და მარადიულობა შესძინეს ყოველ ფერს. ფარდაგის ოთხივე კუთხეში ჯვრები ამოექარგა მქსოველს. სებამ ხმალი, ხანჯალი და ფარი ჩამოჰკიდა ფარდაგის შუაგულში. ეს ხმალი დიდი წვალებით წამოიღო ათნოხიდან სებამ. გადმოცემით ეს ხმალი სამასი არაგველის მედროშეს, ნინია აფციაურს ეკუთვნოდა და მუზეუმში ჩამოსაკიდებლად არ აძლევდნენ სებას. სამი წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ხმლის მეპატრონეს და ძლივს დაიყოლია, ძლივს გამოართვა. ვერ წარმოედგინა სებას მუზეუმი ამ ხმლის გარეშე და მართალიც იყო, თუკი რამე საქვეყნო და საისტორიო გაუკეთებიათ გუდამაყრელებს, ეს მათი ბრძოლა იყო კრწანისის ველზე. თუკი ვინმე მოსახელე ჰყავდათ, ეს არაგველების სახელოვანი მედროშე, გუდამაყრელი ნინია აფციაური იყო, ათნოხელი ნინია აფციაური, რომლის ხმალიც ახლა ჩამოჰკიდა სებამ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე. ხმალიც უცნაურად აელვარდა მზის სხივებში. ხმალსაც იდუმალი სიცოცხლის სუნთქვა ჩაუდგა. ამ კედელზე სულ სახელოვანი ხალხის ნაქონი ნივთები ჩამოჰკიდა სებამ. დანარჩენი ნივთები სხვადასხვა კედლებზე გაანაწილა. ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები კედლების გაყოლებით დადგა. დაიღალა. ტახტზე ჩამოჯდა. ერდოებიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა და ისე ანათებდა ფარდაგზე ამოქარგულ რუკას, რომ სებას მოეჩვენა, მთელი საქართველო ამ ერთ მუზეუმში იყო თავმოყრილი. თითქოს აქ იყო წარსული, უმოქმედო აწმყო და გაურკვეველი მომავალი, რომელიც ერდოებიდან მზის სხივების სახით შემოდიოდა შიგნით. ერთ-ერთი ერდოდან შემოჭრილი მზის სხივი იმ ადგილას ეცემოდა, სადაც მქსოველს სვეტიცხოველი ამოექარგა ფარდაგზე. უცნაური შუქით ბრწყინავდა სვეტიცხოველი. სებაი წამოდგა, სვეტიცხოვლის წინ ძველებური შანდალი დადგა, ზედ სანთელი აანთო და დაილოცა: – ადგილის დედავ, შენ დაიფარე ეს მუზეუმი! მერე ისევ ტახტზე ჩამოჯდა და დიდხანს ათვალიერებდა მუზეუმს. ერდოებიდან შემოჭრილი მზის სხივები ნელ-ნელა ქრებოდა და მუზეუმის უსულო ბინადარნი ბინდ-ბუნდში იძირებოდნენ. სებასაც ძილი მოერია და ტახტზე გადაწვა. გარედან შვილებმა მოაბრახუნეს კარზე, მაგრამ სებამ ვერ გაიგო, ღრმა ძილით ეძინა, კარი კი ურდულით ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი. . . . შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა შუღლიანთ სება. ტახტზე წამოჯდა და კარგა ხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა მუზეუმში. ერდოებიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და ამ მკრთალ შუქზე ჩანდა, თუ როგორ მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ სამუზეუმო ნივთები. აღარც კი ეტყობოდა ფარდაგზე ამოქარგული საქართველოს რუკა, ბარიდან და ნიჩბიდან დაწყებული, ყველაფერი ზედ იყო ახორხლილი. იყო ერთი გაუთავებელი ღრიანცელი და ლანძღვა-გინება. ექსპონატები ადამიანის ხმაზე ლანძღავდნენ ერთი-მეორეს. ამის დანახვაზე, ისე შეეშინდა სებას, ტახტის კუთხეში მიიყუჟა და აღარ იცოდა რა ექნა. – მოიცათ, მოიცათ, რა დაგემართათ?! ყველანი რო ამ ფარდაგზე ჩამოვეკიდოთ, ვერ გაგვიძლებს, ჩამოწყდება, – ხმამაღლა იძახდა ფარი და იერიშზე წამოსულ ნივთებს იგერიებდა. – შენ რო ფარდაგზე და გამოსაჩენ ადგილას ხარ გამოჭიმული, ვაჟბატონო, ჩვენც გვინდა მანდ ყოფნა! – შეუტია არყის ტიკმა. – ხო უნდა იცოდეთ, ვის გეკუთვნით და ვის არა ამ კედელზე ყოფნა! – იძახდა ნინია აფციაურის ნაქონი ხმალი. – შენ თუ გეკუთვნის, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის?! ჩვენ რა, შენზე ნაკლები მამულიშვილები ვართ? შენზე ნაკლებად გვიყვარს მამული? კი ბატონო, არავინ არ გიკარგავს ამაგს, დიდი სისხლი დაღვარე კრწანისში საქართველოსათვის, მაგრამ რა მერე? მოიგეთ ის ომი თუ რა?! – შეუტია ხმალს დიპლიპიტომ. – დიპლიპიტო, ხმა ჩაიკმიდე, თორემ აგკაფავ, ხვთის მადლმა! – ჰაერში გაიშხუილა ხმალმა. შეშინებული დიპლიპიტო დოლს ამოეფარა, რომელიც ფარდაგზე აგორებას ცდილობდა და ბრაგა-ბრუგი გაუდიოდა: – არავიზე ნაკლები არა ვარ, არავიზე! – იძახდა გაგულისებული დოლი – რაც მე ქართველები მიცეკვებია ქორწილებში და დღეობებში, იმის ღირსი აღარა ვარ, რო ფარდაგზე ვიყო გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდებული, ჰა?! – არა, ყანწზე ნაკლები რითი ვარ?! გამაგებინეთ, ყანწზე ნაკლები რითი ვარ? ეგ უნდა ფარდაგზე ეკიდოს და მე კუთხეში ჩამჭყუნონ, – ყვირილით მიფოფხავდა ფარდაგზე წისქვილის სარეკელა. – ჩემგან რა გინდა, სარეკელავ, ენა ჩაიგდე მუცელში, – გაბრაზდა ყანწი. – შენზე ნაკლები რითი ვარ, რო მანდა ხარ გამოჭიმული?! – ეე, ბიჭო, როგორ ელაპარაკები ყანწს! – შეუტია ხელადამ სარეკელას. – როგორც გესმის, ისე ველაპარაკები! – ეე, ბიჭოო! – სარეკელასკენ გაიწია ხელადამ. – იქით გაიწი, თორეე! – რო არ გავიწიო, ვის რა ფეხებს მოსჭამ? – გაიწი, თორე თუ ჩაგცხეე! – ხმა ჩაიკმიდე, ბიჭო, ეე! – წამოიძახა ხელადამ, მაგრამ აღარ აცადა სარეკელამ, ისეთი ჩასცხო, ნამსხვრევებად იქცა ხელადა. – რა ქენი, მე შენი! – გაექანა სარეკელასაკენ არყის ტიკი. ატყდა საშინელი ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, აღარ გაიგებოდა. – არ გამამწაროთ! არ გამამწაროთ! – იძახდა დათვის ფიტული და ტორებით იგერიებდა დანარჩენ ფიტულებს. – ჩამოწყდება ხალხო ფარდაგი! ჩამოწყდება საქართველო! – შეშფოთებული იძახდა წიგნი, რომელშიც ვეფხისტყაოსანი იყო დაბეჭდილი და ფარდაგზე გამოსაჩენ ადგილას მიამაგრა სებამ ძაფებით. – წადი, შენი! აღარ გეყო ამდენი პირველობა! – ტორი მოუქნია დათვის ფიტულმა და ძირს ჩამოაგდო წიგნი. ამ დროს იჭექა თოფმა, რომელიც ფარდაგზე ეკიდა. თოფის ხმამ იქაურობა გააყრუა და კვამლი რო გაიფანტა თოფმა თქვა: – თუ არ მოისვენებთ, იცოდეთ კიდევ ვიჭექებ! შეშინებული ნივთები კუთხეებში მიიყუჟნენ. – რა ყველას ფარდაგზე კონწიალი მოგინდათ?! – თქვენ თუ აკონწიალიხართ, ჩვენ რა დავაშავეთ? – შეეპასუხა თოფს სადგისი. – სადგისო, შერჭობა-გამორჭობის მეტი რო არაფერი გიკეთებია, დაეტიე შენ ადგილას, არ მასროლინო! – მუქარით უთხრა თოფმა. – შერჭობა-გამორჭობა რატოა არამამულიშვილური საქმე? – არ გატყდა სადგისი. – გეუბნები არ მასროლინო-მეთქი, თორე ისეთ ადგილას შეგარჭობ, სებაიც ვეღარ გამოგაძრობს იქედან! – მუქარას მოუმატა თოფმა. – აბა, მაშ მთელი ცხოვრება კუთხეებში გავატაროთ? - სადგისს წამოეშველა ფიწალი. – დაეტიეთ ყველანი თავ-თავის ადგილზე. – როდემდე უნდა ვიყოთ მიჩქმალულნი და თქვენ გამოჩინებულნი, ჰა? ჩვენც გვინდა ფარდაგზე ყოფნა, აღარ მოვიდა ჩვენი დრო? – წინ წამოიწია მაჩვის ტყავმა, რომელიც არც ფიტულს ჰგავდა და უფრო ტყავი იყო. – შენი ადგილი იცოდე! – შეუტია თოფმა. – რას მაშინებ რა, თოფი რო ხარ იმიტო ხარ დიდ გულზე? – ერთხელ ხო გაგაგორე, მეორედ არ გამაგორებინო თავი, – თქვა თოფმა და ლულა მიუშვირა ტყავს. შეშინებული მაჩვი კუთხეში მიიყუჟა. – დაბრუნდით თქვენ-თქვენ კუთხეებში, – ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა თოფი. შეშინებული ნივთები კედლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ რამდენიმე ფიტული და ნივთი არ დანებდა თოფის ბრძანებას, გუნდ-გუნდად შეიკრიბნენ და აყვირდნენ: – ძირს თოფი! – ძირს ხმალი! – გაუმარჯოს დემოკრატიას! თოფი ხან რომელ გუნდს მიეჭრებოდა და გაშლიდა ქუხილით, ხან რომელს, მაგრამ აქა-იქ ისევ იკრიბებოდნენ და ყვიროდნენ: – ძირს თოფი! – ძირს ხმალი! – ძირს ტირანია! – გაუმარჯოს დემოკრატიას! ისინი მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ და ადგილებს იკავებდნენ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე. სებამ თვალი მოჰკრა ერდოდან, რომ პირიმზის მოედანზე შემორჩენილი რუსული ბასტიონიდან რუსი ჯარისკაცების აჩრდილები გამოვიდნენ, ერდოებიდან მუზეუმში შემოძვრნენ და აჯანყებულ ნივთებს მიეხმარნენ თოფის ჩამოგდებაში. მერე ისევ ჩუმად გაიპარნენ აჩრდილები და ბასტიონს შეაფარეს თავი. ხის ორთითამ, რკინის ფიწალმა და ჟანგიანმა სადგისმა დაიკავეს ფარდაგის შუაგული. იმათ აქით-იქეთ დანარჩენმა ნივთებმა იწყეს განლაგება. – ეე, ეეე! ეგრე არ არის, – იყვირა ორთითამ, – ეგრე არ გამოვა, დემოკრატია იმას კი არ ნიშნავს, ყველანი ისევ ამ ფარდაგზე ამობობღდეთ! – ყველამ თავისი ადგილი იცოდეთ, დემოკრატიაშიც და ქეიფშიც! – შუაგულ ფარდაგზე აბობღდა არყის ტიკი. – ხუნტა! ხუნტა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები. რკინის ფიწალი გამოეკიდა მათ და მიმოფანტა. – მომისმინეთ, ერთი წუთით მომისმინეთ! – დაიწყო ორთითამ სიტყვის თქმა. – რა უნდა მოგისმინოთ, ჩვენ ჩამოგვყარეთ და თქვენ დაიკავეთ საუკეთესო ადგილები! – მუზეუმის კუთხიდან წამოიძახა ფარმა. – ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ ჩვენ აზრებს, მაგრამ ეგრე არ გამოვა, ვისაც გინდათ რო დემოკრატიულად იცხოვროთ ამ მუზეუმში, კეთილი ინებეთ და იცხოვრეთ იმ კანონებით, როგორსაც დემოკრატია მოითხოვს. – როგორც სებამ გაგვანაწილა, ჯერ ისე დავლაგდეთ და მერე გადავწყვიტოთ კანონების შემოღება! – ისევ დაიძახა კუთხეში მიგდებულმა ფარმა. – წარსულს მოეშვი, ტო, ეხლა სხვა დროა. ჩავატაროთ არჩევნები და ავირჩიოთ ღირსეული ხალხი. – ეგ არ გამოვა! – იყვირა კუთხიდან დოლმა. – რატო არ გამოვა? – შეეკითხა სადგისი. – იმიტომ რომ ორთითას კი არ უნდა დავუჯეროთ, თოფი დავაბრუნოთ თავის ადგილზე და იმან გადაწყვიტოს. – თოფი არ იყო რო აგვრივ-დაგვრია! – წამოიძახა დათვის ფიტულმა. – აბა, მა რა ვქნათ, დავჭამოთ ერთმანეთი? – წინ წამოდგა სასწორი. – ისეთი ვინმე ავირჩიოთ ხელმძღვანელად, რომელიც არც ორთითას მხარეს იქნება და არც თოფის. – ვინ არის ეგეთი? – წამოიძახეს ნივთებმა აქეთ-იქიდან. – არწივი! – კანდიდატი დაასახელა ნიჩაბმა. – ქორი! – თქვა გუთანმა. – დათვი! დათვი! – წინ გამობაჯბაჯდა დათვის ფიტული. – ხალხო, მომისმინეთ! – პირი დააღო ქვევრმა. ყველამ მას შეხედა. ქვევრი შუაგულ მუზეუმში გამოგორდა და თქვა: – ნათქვამია, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო და რასაც დღეს ყოველი თქვენგანის გულისხმა ჩამომძახის ის მინდა ამოგძახოთ, თუ ყურს დამიგდებთ, თუ არა და არაფერსაც არ ვიტყვი. – თქვი, ქვევრო, თქვი! – გაამხნევა ორთითამ. – დღეს ჩვენს მუზეუმს ჭკვიანი ხელმძღვანელი სჭირდება. ამას თქვენ ყველანი გრძნობთ და კანდიდატურებსაც ღირსეულს ასახელებთ, მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ: არწივსაც, ქორსაც, დათვსაც სიეშმაკე აკლიათ; ხელმძღვანელს კი ეშმაკობა ისევე ესაჭიროება, როგორც სიბრძნე. ჩვენი ხელმძღვანელი მოქნილი და მოხერხებული უნდა იყოს, როგორც შინაურ საქმეებში, ასევე საგარეოში. ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, რომელმაც იცის თვითოეული ჩვენთაგანის გულში რა დევს, თვითეული მტრის გულში რა დევს, უნდა იცოდეს რომელი ბუჩქის ძირას ზის კურდღელი, თორემ კარგახანს ვერ გავერთიანდებით და სულ იმის ცდაში ვიქნებით, რომელი დავიკავებთ ფარდაგზე ადგილს. ჩვენ ხელმძღვანელს ქვეყნის მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს ყველაფერთან ერთად. – ვინ არის ეგეთი, ჰა?! – ჩაიბუტბუტა დათვმა. – გეტყვით, რაც თქვენმა გულისხმამ ჩამომძახა, იმას ამოგძახებთ, – თქვა ქვევრმა. – ამოგვძახე, ამოგვძახე! – წამოიძახეს აქეთ-იქიდან. – მელია! – ამოსძახა ქვევრმა. ატყდა ჩოჩქოლი. – სად არის მელია? სად არის მელია? – იძახდნენ ნივთები და ფიტულებში დაეძებდნენ მელიას. – მელია აქ არ არის, არა! – უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა დათვი. – მელია არ იყო, რო ამოგვაგდო? – დაიძახა ფარმა. – ეგ ადრე იყო, ეხლა სხვა დროა! – წინ წამოდგა ორთითა. – ვთხოვოთ სებას და ის მოიყვანს მელიას, – აზრი გამოთქვა სადგისმა. – ვთხოვოთ, ვთხოვოთ! – დაეთანხმნენ ზოგიერთები სადგისს. – არა, არა, მელია მოღალატეა, ამოაგდებს ჩვენს მუზეუმს! – ყვიროდნენ ნივთები აქეთ-იქით. ორთითა და ფიწალი თავზე დაადგნენ სებას და სთხოვეს: – თუ გინდა მუზეუმი მუზეუმს დაემსგავსოს, რუსების ბასტიონის ჩრდილო კედელზე რო მელიის ფიტული ჰკიდია, ის ფიტული უნდა მოიტანო, თუ არა და სუ არეულობა იქნება შენ მოწყობილ მუზეუმში. შეშინებულმა სებამ მუზეუმის კარი გააღო და ფიტულის საძებნელად წავიდა. მთვარის შუქზე დიდხანს იბორიალა დანგრეულ ბასტიონში და როგორც იქნა იპოვა რუსების მიერ დატოვებული მელიის ფიტული. წამოიღო და მუზეუმში შეიტანა. რკინის ფიწალი, ხის ორთითა, სადგისი და მათი მომხრე ექსპონატები კართან შეეგებნენ მელიის ფიტულს, წინ გაუძღვნენ და ფარდაგზე დაუთმეს ადგილი, იქ, სადაც ადრე თოფი ეკიდა. – სატანაა! სატანაა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები კუთხეებიდან. მელიის ფიტული აუღელვებლად ისმენდა მათ ყვირილს და გულდაგულ ათვალიერებდა მუზეუმს. . . . სიტყვა თქმული მელიის ფიტულის მიერ მუზეუმში მისი ექსპონატთა პრეზიდენტად არჩევის გამო: – მეგობრებო! მე მოხარული ვარ , რომ დიდი ხნის განშორების შემდეგ ისევ თქვენს შორის მიწევს თანაცხოვრება. ჩემს ადამიანობას, ჩემს სინდისს ვფიცავ, რომ ცოდნასა და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა თქვენი ნდობა გავამართლო. პირობას გაძლევთ, რომ ერთი ექსპონატი არ დააკლდება ამ მუზეუმს და ერთ გოჯს ვერ მოაჭამენ ამ ფარდაგს ჩრჩილები. – ძირს მოღალატე! – ძირს სატანა! – დაიძახეს ზოგიერთმა ნივთებმა აქეთ-იქიდან. მელიის ფიტულმა ვითომც ვერ გაიგონა, მშვიდად განაგრძო: – ის რაც ადრე იყო, ის აღარ გამეორდება, მეგობრებო. წარსული ისტორიას ჩაბარდა. მე მიკვირს ამდენ ხანს რატომ გიდევთ აქ ლენინის ძეგლი. ვთხოვოთ სებას, გაათრიოს აქედან. – შენ არ იყავი რომ ყოველღამე მაგ ძეგლის უკან იმალებოდი, როცა ჩემს პატრონს ქათმებს ჰპარავდი! – წამოიძახა მარხილმა. – ზოგიერთები წარსულს ვერ ივიწყებენ, მეგობრებო. წარსულს თავისი ანგარიშები ჰქონდა. მე პირადად, გავასწორე ჩემი ანგარიშები წარსულთან და თქვენ შორის თუ ვინმეა მარხილის გარდა კიდევ ისეთი, რომელსაც ჩემი წარსული ადარდებს, მე ვთხოვ საკუთარ გულში ჩაიხედოს ყველამ. მაშინ დრო იყო ასეთი. ყველაფერს თავის დრო აქვს მეგობრებო. მაშინ ასე იყო საჭირო და ასე ვმოქმედებდი; ახლა სხვა დროა. ახლა დემოკრატიის დროა. ძველი წყენა უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, თუ გვინდა რომ მუზეუმი გვერქვას. მე პირველი გაძლევთ მაგალითს და რომ უფრო მეტად დამიჯეროთ თუ გინდათ სახელს გამოვიცვლი, მელიას მაგივრად, შელიას დავირქმევ. მგელიას დავირქმევდი, მაგრამ ეს ამბავი შეიძლება მგელს ეწყინოს მეგობრებო, მე ვფიქრობ, ისევ შელია სჯობია, დემოკრატიას ასეთი სახელები უხდება. დემოკრატია, სხვათაშორის, სალანძღავი სიტყვა არ არის. იგი თქვენი მონაპოვარია, ყველასი ერთად; თქვენ რომ ხმა არ აგემაღლებინათ, ახლაც თოფების ბათქა-ბუთქი იქნებოდა ამ მუზეუმში. დამემოწმებიან ჩემი მეგობრები: ფიწალი, სადგისი და სხვანი კიდევ, ჩემთვის თვითმიზანი არ არის ამ მუზეუმის პრეზიდენტობა. აქ ბევრი ისეთი ნივთია, მეგობრებო, თავმოყრილი, რომლებიც ჩვენ ისტორიას შეადგენენ. მორიდება და სიფრთხილეა მათთან საჭირო. რა თქმა უნდა, ყველას კუთვნილი ადგილი ეკუთვნის ამ მუზეუმში, მაგრამ თუ დემოკრატიას ვაშენებთ, მხოლოდ წარსული რეგალიები არ კმარა. მე პატივს ვცემ ნინია აფციაურის ნაქონ ხმალს, მაგრამ სადგისსაც ხომ მიუძღვის თავისი დამსახურება. მართალია ჩვენს მუზეუმს ფანჯრები არა აქვს და გარეთ რა ხდება არ ჩანს, მაგრამ ერდოებიდან სინათლეს ვხედავ მეგობრებო, მზეს ვხედავ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ მზის შუქი ყველას ერთნაირად გეკუთვნით. ცოტა ხანში უფრო გაკაშკაშდება ეს შუქი. ერდოდან ძველ გზასაც ვხედავ, რომელსაც გორგასლის გზა ჰქვია და პატივსაც ვცემ, ჩემი მელიად ყოფნის დროს ბევრჯერ გამივლ-გამომივლია ზედ, მაგრამ ჩვენ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ, ახალი გზები უნდა ვეძებოთ, ის გზები უნდა ვეძებოთ, რომელი გზებიც სხვა საერთაშორისო დემოკრატიულ მუზეუმებთან დაგვაკავშირებს. მე მინდა ძალაუფლება ვითხოვო, რომ მუზეუმში წესრიგი დავამყარო. ყველაფრის ნება უნდა მომცეთ. ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერს. – ერთი კაცი შენ თავზე როგორღა იღებ მუზეუმის ბედს! – იყვირა ფარმა. – ისე ვიღებ, რომ ვთხოვ სებას და შენნაირ მოწინააღმდეგეებს დროებით აიმ კიდობანში გამოვამწყვდევინებ – სებავ, თუ შეიძლება ფარი კიდობანში ჩადეთ დროებით ,– მიუბრუნდა სებას მელიის ფიტული. სებამ ფარი კიდობანში ჩადო. – აი, ასე მეგობრებო! – თქვა მელიამ და იმ დღის მერე მისი ბრძანებით ხან რომელ ნივთს ჩადებდა სებაი კიდობანში, ხან რომელს. ხმალი, ხანჯლები, ფარი, ფანდური და ვეფხისტყაოსანიც კი კიდობანში გამოამწყვდია. სხვადასხვა კედლებზე ჩამოკიდებულ ნივთებში თავისი მომხრეები გაიმრავლა მელიამ და ისე მოაწყო საქმე, რომ ჯერ რკინის ფიწალი ჩაადებინა სებას კიდობანში, მერე ხის ორთითა და ამის შემხედვარე სადგისს ისე შეეშინდა, იმის შიშით მეც კიდობანში არ ჩამდონო, მელიის წინაშე თავი გამოიჩინა და დათვის ფიტულს შეერჭო უკნიდან. – ვაი! – დაიღრიალა დათვმა. – რა გაყვირებს ასე ხმამაღლა! – ჰკითხა მელიამ. – როგორ თუ რა მაყვირებს, ვერა ხედავთ უადგილო ადგილას რო შემერჭო სადგისი. – ვხედავ, მაგრამ საკითხავია, რატომ შეგერჭო? – იმიტომ შევერჭე, რომ პრეზიდენტობაზე დებდა თავს, – ნიშნისმოგებით თქვა სადგისმა. – რა მოხდა მერე, ჩვენ დემოკრატიული მუზეუმი გვაქვს და ყველას უფლება აქვს კენჭი იყაროს, – საქციელი დაუწუნა მელიამ სადგისს. სადგისი დათვს მოშორდა, არწივთან აიტუზა. – მეც არ შემერჭო, თორეე! – ნისკარტი მოიღერა არწივმა. სადგისი მელიის ფიტულთან მიგორდა: – ვიზეც თქვენი ბრწყინვალება მიბრძანებს, იმ წუთას უადგილო ადგილას შევერჭობი. – მომწონს შენი ერთგულება, მაგრამ შერჭობით საქმეს გავაფუჭებთ. მე აქ თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთზე მაინც მჭირდება დამატებითი ინფორმაციები. ჩემი აქ არყოფნის დროს ბევრი რამ თვალთახედვიდან გამომრჩა. ამიტომ დროებით შერჭობა-გამორჭობას თავი გაანებე და ინფორმაციები მომაწოდე საეჭვო ექსპონატებზე. პირველ რიგში იმათზე, ვისაც პრეზიდენტად ყოფნის სურვილი არ ასვენებს. განსაკუთრებით დათვზე, არწივზე და კიდევ იმათზე ვისაც ეს სურვილი ხმამაღლა არ გამოუმჟღავნებია. პრეზიდენტის ნდობით გაამაყებული სადგისი ისე დატრიალდა მუზეუმში, მნახველს რომ არ სცოდნოდა რომ სადგისია, ციბრუტი ეგონებოდა. საქმე №1. დათვი (დოსიე დათვის ფიტულზე „გუდამაყრის მუზეუმის" ექსპონატებიდან) სიყვარულმა კბილის ტკივილიც კი გადაავიწყა დათვს. დღე და ღამე სოფლის გარშემო დაეხეტებოდა და ირემიანთ სამძივარს უთვალთვალებდა. სიყვარულმა და უჭმელობამ ჩამოახმო საღარა. ეს სახელი დათვებმა იმიტომ შეარქვეს, რომ შუბლიდან ცხვირის გასწვრივ დრუნჩამდე თეთრი ქათქათა ზოლი ჩამოსდევდა მის რუხ- მწვანე ბალანს. ახალგაზრდა დედალი დათვები ამაოდ ეტრფოდნენ საღარას. იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა, არ ესმოდა მათი გულის ბაგა-ბუგი, როცა ისინი გვერდზე აეტუზებოდნენ და ვნებიანად ადებდნენ გავაზე გავას. საღარას ადამიანის სიყვარული ჰქონდა გულში დანთებული. ღამ-ღამობით, როცა თავის ბუნაგში შეყუჟულს ჩასთვლემდა, მაშინაც კი მთვარესავით პირბადრი სამძივარი ელანდებოდა. გამოვარდებოდა ბუნაგიდან, დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ, მიამტვრევდა თხილიან ტყეს და კბილის ტკივილსაც კი არაფრად აგდებდა. ისე ახლოს მიდიოდა სოფელთან, იმის გადამკიდე ძაღლებს, მთელი ღამე ყეფით ხმები ჰქონდათ ჩაწყვეტილი. რამდენჯერმე თოფებითაც გამოუცვივდნენ სოფლიდან, დასჭრეს კიდეც ორჯერ თუ სამჯერ. ერთხელ წინა ფეხი გადაუმტვრიეს ტყვიით და რამდენიმე ხანს ბუნაგში ეგდო, ვეღარ დადიოდა, ლოკვით ძლივს მოირჩინა ჭრილობა. მაინც სამძივარზე ფიქრობდა, მაინც მისი სახე და აშოლტილი ტანი ედგა თვალწინ. სიარული რომ შესძლო, წყაროსაკენ ჩაუყვა ტყეს და წიფლის უკან ჩამალული უთვალთვალებდა სოფლიდან წყაროზე მოსიარულე ხალხს. აგე, სამძივარიც გამოჩნდა და იმის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა საღარას. სამძივარმა კოკა წყაროს წყლით აავსო, მხარზე შეიდგა და ისევ ბილიკს გაუყვა სოფლისაკენ. ხედავდა საღარა, რომ ადამიანები მისგან განსხვავებით ორ ფეხზე დადიოდნენ და იმდენი ეცადა, სანამ თვითონაც მათსავით ორ ფეხზე არ ისწავლა სიარული. მისი შემხედვარე დათვები გაკვირვებას ვეღარ მალავდნენ და როცა საღარას ორ ფეხზე სიარული ჩვევად გადაექცა, შემოსწყრნენ: – ჩამოუშვი ფეხები, რა კაცივით დაიზლაზნები! – გაუწყრა ერთხელ მამამისი, რომელიც ამ ტყეში მყოფი დათვების ბელადად ითვლებოდა. საღარა მამის ბრძანებას დაემორჩილა და ჰაერში აწეული წინა თათები მიწაზე ჩამოუშვა. – დროა ოჯახი შექმნა და შვილები გაიჩინო! – ჩაიბურტყუნა საღარას მამამ და კანკეშიან ხევს აუყვა აღმა. საღარა ხანდახან თავის დედასაც ხვდებოდა ტყეში და ისიც ყოველთვის ერთსადაიმავეს უმეორებდა: – ოჯახი, შვილო, ოჯახი გაიჩინე, გაახილე თვალი, ვერა ხედავ რა ლამაზი დათვები შემოგტრფიალებენ. შენმა ძმამ უკვე ორი წყება ცოლ-შვილი გაიჩინა. ნუ დაეხეტები წარამარა. საღარა ნაღვლიანად შეხედავდა ხოლმე დედას და თხილიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა დაბლა, სოფლისაკენ. ტყის პირას ჩაჯდებოდა ბუჩქებში და სამძივარის გამოჩენას ნატრობდა. თავის ბუნაგში მარტოკა ცხოვრობდა საღარა. კლდის ძირას, ხავსიან ლოდებს შორის ჰქონდა სორო, რომელსაც გამოქვაბული უფრო ეთქმოდა, სადაც მარტო საღარა კი არა, დათვების დიდი ოჯახი დაეტეოდა. შესასვლელი კლდის ჩამონაშალი ლოდებითა და წიფლის ხეებით იყო ამოშენებული. შიგნით თივა და ცხვრის ტყავები ეყარა. ისეთი თბილი და მყუდრო, მზისგული ადგილი იყო, მთელი ზამთარი სიცივეს ვერ გრძნობდა საღარა. გაეხვეოდა ცხვრის ტყავებში და ეძინა. ეძინა და თან თათებს ილოკავდა დამშეული. ეძინა და ძილ-ბურანში სამძივარის სახე ელანდებოდა. დროდადრო ნაღვლიანად წამოიკვნესებდა. იქაურ დათვებს შორის ყველაზე ადრე საღარა გრძნობდა გაზაფხულის დადგომას. ოდნავ გათბებოდა თუ არა მიწა, მარტის მდინარესავით აუჩქეფდებოდა ძარღვებში სისხლი საღარას, გამოვარდებოდა ბუნაგიდან და ჯერ კიდევ თოვლიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ. ამის გამო, მამის წყრომაც დაიმსახურა: – რა დაგრჩა ი სოფელში, რა წარა-მარა იქეთ გარბიხარ, განა ყოველთვის გადაურჩები ადამიანებს. თოვლს მაინც დააცადე აშრობა, თორემ შენ კვალს გამოჰყვებიან და ბუნაგშიც მოგაგნებენ, – დატუქსა მამამ და ისევ ბურტყუნით აუყვა ხევს. საღარა ვერ გრძნობდა ადამიანების მხრიდან იმ შიშს, რასაც სხვა დათვები გრძნობდნენ. მართალია რამდენიმეჯერ თოფებითაც დაედევნენ, მაგრამ მას მაინც უყვარდა ადამიანები და სიყვარულის მეტი, არაფერი არ ეწეოდა მათკენ. სიყვარულით ჩქეფდა მის ძარღვებში სისხლი. სიყვარულის ძალა ამაგრებდა მის მუხლებს. უყურებდა სოფელს და სიყვარული იღვრებოდა მისი მზერიდან. და ერთხელაც ისე დაუბნია სიყვარულმა თავგზა, ვეღარ მოითმინა, წყაროზე გადმოსულ სამძივარს მიეჭრა დღისით, მზისით და გაიტაცა. ქალმა შეკივლებაც კი ვერ მოასწრო, დათვი რომ დაინახა, გული წაუვიდა, გრძნობაზე მხოლოდ დათვის ბუნაგში მოვიდა. მიმოიხედა, გვერდზე დათვი ეწვა და ეალერსებოდა. ისევ წაუვიდა სამძივარს გული. მერე რამდენჯერაც გრძნობა დაუბრუნდა, იმდენჯერ დათვი გვერდით ეწვა, თათებით გულში იხუტებდა და ეალერსებოდა. ხანდახან დათვი გამოქვაბულიდან მიდიოდა და შემოსასვლელს ქვებით ჩახერგავდა, რომ ქალი არ გაქცეულიყო. უკან მობრუნებულს სამძივარის საჭმელად მოჰქონდა: კანკეშა, დუცი, დიყი, შუპყა და ტყის ხილი მთლიანი ტოტებით. დამშეულ სამძივარს მეტი გზა არ ჰქონდა, დათვის მორთმეული ძღვენით ირჩენდა თავს. ხანდახან დათვს ნანადირევი ცხვარიც მოჰქონდა და უმი ხორცის ჭამასაც მიეჩვია ქალი. საღარა მეტისმეტად ალერსიანი იყო მის მიმართ. გამოქვაბულში ჩამოდიოდა კლდის ნაჟური და იმით იკლავდა წყურვილს სამძივარი. შემოსასვლელს ყოველთვის დიდი ლოდებით კეტავდა დათვი. მუცელიც გამოებერა სამძივარს და ზამთარიც დადგა. საღარამ იმდენი ცხვრები მოზიდა, გამოქვაბული სულ ცხვრის ტყავებით იყო მოფენილი. აღარ დაუძინია ამ ზამთარს საღარას. დღედაღამ სამძივარზე ზრუნავდა, ტყიდან მოჰქონდა მწოროს ნაყოფი, ძახველი, გამხმარი ასკილი და იმას აჭმევდა ქალს. მარტის დასაწყისში ორი პატარა დათვის ბელი მოევლინა მათ გამოქვაბულს. დღე გადიდდა. დათბა. ზვავის პირებში ჩადუნა და კანკეშა ამოვიდა. ახლა მეკვერებსაც აჭმევდა დათვი კანკეშას. გამოქვაბულიდან რომ მიდიოდა, არასოდეს არ ავიწყდებოდა შემოსასვლელის ქვებით ამოქოლვა. და ერთხელაც, სამძივარმა შეამჩნია რომ ქვებს შორის მოზრდილი გასავლელია დარჩენილი. მეკვერები გამოქვაბულში თამაშობენ. საღარა საზრდოსთვის არის წასული. ქალი ქვებსშორის გაძვრა. მეკვერებმაც დააპირეს უკან გაყოლა, მაგრამ ქალმა უკან შეაბრუნა და გასასვლელი ქვებით ამოქოლა, რომ ვეღარ გამომძვრალიყვნენ. გამოიქცა სამძივარი და მოპირდაპირე კლდეში დაიმალა. ფიქრობს: არ იცის რა ქნას. სოფელში წავიდეს? სოფელში ვინღა მიიღებს დათვის ნაცოლარს? არა და რა ქნას? როგორ მოიქცეს? სად წავიდეს? თავი მოიკლას?! – არა! არა!!! – თვითონვე შეეხმიანა თავის ფიქრს. უცებ ხმაური მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ საღარა გამოქვაბულის შესასვლელთან ქვებს ყრიდა. ქალი ლოდებში ჩაიმალა და იქიდან დაუწყო თვალთვალი. შევიდა დათვი შიგნით და მალევე გამობრუნდა უკან. ხან იქით ეცა და ხან აქეთ. სამძივარს ეძებდა. ლაწა-ლუწით დაეშვა ქვემოთ, როგორც ჩანს სოფლისაკენ. ჩქარადვე ამობრუნდა უკან. ღმუოდა. წინა თათებს თავში ირტყამდა. ლოდებში ჩამალული სამძივარი ხედავდა: დათვმა მეკვერებს ტორები მოხვია და აღმართს აუყვა კლდის პირზე. კაცივით მიდიოდა უკანა ფეხებზე შემდგარი. მეკვერები იღლიებში ჰქონდა აქეთ-იქით ამოჩრილი. ავიდა მაღალი კლდის თავზე. გაჩერდა. ჯერ მეკვერები გადაყარა კლდიდან, მერე წინა თათები კაცივით აიფარა თვალებზე და თვითონაც უფსკრულში ჩაიჩეხა. ქალი კარგა ხანს ფეხის გადადგმას ვერ ბედავდა და მხოლოდ ღამე გამოვიდა სამალავიდან. მთვარის შუქზე ჩანდა, როგორ გარბოდა მთის თხემზე სამძივარი... ეს ფიტული კი სწორედ საღარას ტყავისაგან გააკეთა მონადირემ, რომელიც კურდღელს მისდევდა და მის მაგიერ ლოდებსშორის ჩაჩეხილ დათვს გადააწყდა. აი, ეს გახლავთ, ბატონო, ჩემო ამ ფიტულის დოსიე და თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რა ბრალდება შეიძლება წაუყენოთ მას: ადამიანის მოტაცება- გაუპატიურების მიზნით და განზრახულის სისრულეში მოყვანა, შვილების დახოცვა თუ თვითმკვლელობა. სამივე ისეთი მძიმე ცოდვაა, მათი ჩამდენის ფიტული, მე მგონი აღარ უნდა ფიქრობდეს მუზეუმის პრეზიდენტობაზე. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი! საქმე №2. არწივი (საიდუმლო ინფორმაცია არწივის ფიტულზე, მოპოვებული სადგისის მიერ) დედალი არწივი ჭიუხის თავზე იშენებდა ბუდეს. ნისკარტით გლეჯდა ქვიშა-ბალახს და ქვებს შორის აფენდა ძველ საბუდარზე. რამდენიმეჯერ არაგვის ჭალებშიც ჩაფრინდა და იქედან ხის ტოტები წაიღო ბუდის გასამაგრებლად. ჭიუხის თავზე გამუდმებით ქროდა ქარი და ბუდეზე დაწყობილ ხმელ ბალახს ადვილად იტაცებდა. ამიტომ არწივი ხერხს ხმარობდა, ხის ტოტებს აწყობდა ბუდის გარშემო და ამ ტოტებში აქსოვდა ბალახს. ამჯერადაც, არაგვის ჭალაზე დაგდებულ ხის ტოტს დაეტანა ასაღებად, მაგრამ ხის ნაცვლად გველი შერჩა და არწივმაც აღარ დაიხია, ხერხემალში ჩაუნისკარტა. ტკივილისაგან გამწარებულმა გველმა საშინლად დაიწივლა და დაიკლაკნა. არწივმა მეორედ ჩაარტყა ნისკარტი და წელში გადატეხა. გველმა გაქცევა სცადა, მაგრამ ნახევარი ტანი ვეღარ წაითრია. არწივმა წელში ბრჭყალები ჩაასო და ჰაერში აიტაცა, აიტანა ჭიუხის თავზე, კლდეზე დაახეთქა და თვითონაც ზედ დააცხრა. რამდენიმეჯერ ისე მძლავრად ჩაარტყა თავში ნისკარტი, სული გააფრთხობინა. მერე კისერი წინ წაიგრძელა, მწვერვალიდან ქვეყნიერებას გადახედა და დაიყეფა. მის დაძახილზე საიდანღაც გამოჩნდა მამალი არწივი და ფრთებდაკეცილი შხუილით დაეშვა იმ ადგილას სადაც დედალი არწივი იჯდა. რამდენიმე წუთში გადასანსლეს არწივებმა გველი. ნისკარტები ქვებზე შეიწმინდეს და წყლის დასალევად ჩაფრინდნენ ქვემოთ. უკანმობრუნებულმა დედალმა არწივმა ნისკარტით ისევ მოიტანა ქვიშა-ბალახი, ბუდეში ჩააფინა და თვითონაც შიგ ჩაჯდა კვერცხების დასადებად. მამალი არწივი მის ზემოთ უვლიდა ირაოს. დროდადრო გაჭიმულ ფრთებს შეარხევდა და დაიყეფებდა. დედალმა ორი კვერცხი დადო. წამოიწია, ფრთები შეიკეცა და კვერცხებს დახედა. მერე ისევ ბუდეში ჩაჯდა. კარგა ხანს იჯდა ბუდეზე არწივი. ქარი უქოჩრავდა ბუმბულს. ხანდახან ღრუბლები მოჯარდებოდნენ კლდის თავზე და ატყდებოდა გრგვინვა, ჭექა-ქუხილი. ღრუბლებიდან გამოსხლტებოდა მეხი, დაეცემოდა ჭიუხს და ბოლს აადენდა. წამოვიდოდა წვიმა, ხან სეტყვა. არწივი ამ დროს მთელ სიგანეზე გაშლიდა ფრთებს და ბუდეს გადააფარებდა, რომ შიგნით სეტყვა და წყალი არ ჩასულიყო. თავშიც ეცემოდა ხოშკაკალა, მაგრამ არწივი ტკივილს არ იმჩნევდა, ერთგულად იჯდა ბუდეზე. არც მეხის გაუთავებელი ბათქა-ბუთქი უკრთობდა გულს. მწვერვალებზე ჩქარა იცის გამოდარება. ჭიუხები ისევე მალე გადაიყრიან ხოლმე ღრუბლებს, როგორაც მალე მოიღრუბლებიან. გადაიღებდა თუ არა წვიმას, არწივი ბუდიდან წამოიწეოდა, გვერდზე გადადგებოდა და ბუდის მოშორებით დაიბერტყავდა სველ ფრთებს, მერე კი ისევ მალედვე უბრუნდებოდა ბუდეს, რომ კვერცხები არ გაცივებულიყო. ხანდახან ტაფობ ქვებში ჩაგუბებული წვიმის წყლით იკლავდა წყურვილს, მაგრამ როცა მზიანი ამინდები დადგებოდა, ეს გუბეები მალე ამოშრებოდნენ ხოლმე და არწივს ბუდის მიტოვება უხდებოდა. წყურვილის მოსაკლავად არაგვისაკენ მიფრინავდა ქვემოთ. გაგისაც სწორედ ასეთ დროს მოუხდა ჭიუხზე ასვლა. დაჭრილ ჯიხვს გაეკიდა და კლდეებში სისხლის კვალი დაკარგა. გაგი მწვერვალზე ავიდა, რომ იქიდან მოეთვალიერებინა მიდამო, იქნებ იქედან დაენახა, სად დაემალა დაჭრილი ჯიხვი. არწივის ბუდეს წააწყდა გაგი. დედალი არწივი ამ დროს წყლის დასალევად იყო წასული. მონადირეს ყეფა მოესმა. ზემოთ აიხედა. მამალი არწივი დასტრიალებდა თავზე და როგორც ჩანს კამარის შესაკვრელად ემზადებოდა. გაგიმ სასწრაფოდ მოიხსნა გუდა, არწივის კვერცხები შიგ ჩააწყო და ისევ ზურგზე მოიკიდა. სწორედ ამ დროს შხუილი მოესმა და მიხვდა რაც ელოდა: მამალი არწივი მოექანებოდა მისკენ. დაიგრიალა გაგის თოფმა და მის ფეხებთან დაეხეთქა არწივი, რომელსაც მკერდიდან ჩქეთად გადმოსდიოდა სისხლი. მარტო ერთხელ წამოსწია არწივმა თავი, პირი გააღო და იქიდან ყეფის მაგივრად, ოდნავგასაგონი ხრიალი აღმოხდა. ბრჭყალები მოკუმშა და მარცხენა ფეხი მძლავრად გაიქნია ჰაერში. გაგიმ მკვდარი არწივი წელზე შეიბა და ქვემოთ დაეშვა. რამდენიმე ხანში დედალი არწივი წამოეწია ყეფით და კინაღამ კლდიდან გადმოაგდო. თოფის დატენვას ვეღარ ახერხებდა, ისე გულდაგულ ეტანებოდა არწივი. ძლივს ჩააღწია გამოქვაბულამდე და იქ შეაფარა თავი. დიდხანს ტრიალებდა გამოქვაბულის წინ არწივი. გაგიმ თოფი დატენა და ესროლა. ტყვიამ ბუმბული გააყრევინა არწივს, რომელიც გამწარებული ყეფით მოსცილდა იქაურობას. შუაღამისას დაბრუნდა გაგი სახლში. ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და არ ეძინა. – ნახე, რა მოგიტანე! – კვერცხები ამოაწყო გულიდან გაგიმ. – რის კვერცხებია? – არწივის, – უთხრა გაგიმ და მკვდარი არწივი შემოიტანა სახლში. – უი, გაგი, რატომ მოკალი, ცოდოა, ბუდეზე მჯდარი არწივის მოკვლა ვის გაუგია? – ეს მამალი არწივია, მე რომ არ მომეკლა, ის მომკლავდა, ტყვიასავით მოქანავდა ჩემსკენ. – ეს კვერცხები რატომღა წამოიღე? – იღბალი არ გავუშვი ხელიდან. – რა იღბალი?! – გამიგია, მონადირე თუ არწივის კვერცხებს იპოვის დიდი იღბალია. იმ კვერცხებს თუ ფეხმძიმე ქალი შესჭამს, არწივივით მაგარ ვაჟს დაბადებს. – მაგას რა შემაჭმევს. – თუ არ გინდა არ გაძალებ, – გაიცინა გაგიმ და არწივის კვერცხები საგულდაგულოდ შეინახა. მეორე დღეს მამალი არწივის ფიტულის კეთება დაიწყო გაგიმ. მთელი სოფელი ეხმარებოდა ამ საქმეში. გავიდა რამდენიმე დღე და გაგიმ თვალი მოჰკრა, რომ ცოლი ერბოკვერცხს იმზადებდა. ჩუმად ჩაამტვრია ჯამში არწივის კვერცხები. ცოლმა ვერ შეამჩნია. მადიანად მიირთმევდა ქალი ერბო-კვერცხს. მის შემხედვარე გაგის სიამაყით ევსებოდა გული. მას სჯეროდა წინაპრების ნათქვამი, სჯეროდა რომ ამის მერე არწივივით მაგარ ვაჟს გააჩენდა მისი ცოლი. მათი სოფელი წმინდა ადგილად ითვლებოდა და ამიტომ ან მამის სახლში მიდიოდნენ ქალები მოსალოგინებლად, რაკი აქ მშობიარობა არ შეიძლებოდა, ან სოფლის მოშორებით მდგარ ქოხში მშობიარობდნენ. როცა მშობიარობის დრომ მოუწია მამისახლში წავიდა გაგის ცოლი. გზა მთებში მიდიოდა აღმა. ასეთ დროს კაცი ვერ გაჰყვებოდა ცოლს, სირცხვილად ითვლებოდა მელოგინე ქალის გვერდით ქმრის სიარული და გაგისთვის არც უთქვია, ისე წავიდა ქალი მშობლებთან. წვერწამოშვერილ კლდეებთან მოუწია მშობიარობამ. კლდის ძირას გააჩინა ვაჟი. და –?!!! ვაჟთან ერთად გველის წიწილი, რომელიც პატარა ბიჭს ჰქონდა შემოხვეული. როდესაც ქალმა ატირებულ ბიჭს ძუძუ ჩაუდო პირში, მეორე ძუძუზე იმ გველმა დაუწყო წოვა. ქალი ზიზღს და შიშს ვერ გრძნობდა. ისეთივე სიყვარულით დაჰყურებდა გველს, როგორც ბიჭს. ძუძუ რომ მოწოვეს, ბიჭსაც ჩაეძინა და გველსაც. ქალმა ჩიქილაში შეახვია ისინი და მამის სახლისაკენ გაუყვა გზას. ორმოცი დღის მანძილზე მშობიარეთათვის განკუთვნილ ქოხში ცხოვრობდა. აქ მოუტანა დედამ ბავშვისათვის აკვანი. ქალი არც დედას უმხელდა, რომ ბიჭთან ერთად გველი გააჩინა. დედის თანდასწრებით არასოდეს აწოვებდა ბიჭს, რათა არ დაენახათ რომ მეორე ძუძუზე გველი სწოვდა. მშობიარობის მეშვიდე დღეს ბიჭს უცნაური შუქით გაუნათდა მარცხენა მხარი. მერე ნათება თანდათან ჩაქრა და არწივი გამოესახა ბიჭს მხარზე. ახლაღა გაახსენდა ქალს, რომ როცა მშობიარობდა კლდის თავზე არწივი დაფრინავდა და ყეფდა. ბიჭი აკვანში ჩააწვინა. გველი აკვნის მკლავს შემოეხვია და ქალმა შეამჩნია, რომ თუ ბიჭი ტირილს წამოიწყებდა, გველი პირში კუდს ჩაუდებდა და აჩუმებდა. კარგა ხანს მალავდა ქალი ამ ამბავს, მაგრამ, როცა შინ დაბრუნდა, გაგიმ იმ დროს შეუსწრო, როცა გველი აკვნის მკლავზე იყო შემოხვეული. გადაირია გაგი. ეგონა გველი ბიჭის დაკბენას აპირებდა და აღარ იცოდა როგორ მოეკლა, რომ ბიჭს არაფერი დაშავებოდა. ჯერ შვილი აიტაცა აკვნიდან და საწოლზე დააწვინა. მერე აკვანს წამოავლო ხელი და მასთან ერთად მოისროლა გველი გარეთ. ქალს ხმა არ ამოუღია. გამტკნარებული იდგა. გაგიმ თოფს წამოავლო ხელი და გარეთ გავარდა. რამდენიმეჯერ ესროლა აკვანს. გველი ბალახებში მიიმალა. . . . სამკალზე იყვნენ გაგი და მისი ცოლი. ბიჭი ყანაში თამაშობდა. ჰაერში არწივის ყეფა გაისმა. იმ დროს გაიხედა გაგიმ, როცა არწივი დაბლა დაეშვა. გაგი ბიჭისაკენ გაიქცა, მაგრამ არწივმა დაასწრო, ბიჭს ხალათში ჩაავლო კლანჭები და ჰაერში აიტაცა. თოფის სროლას აზრი არ ჰქონდა. მაღლა და მაღლა მიფრინავდა არწივი და ბიჭს მიიყოლებდა თან. დიდხანს ეძებდა ჭიუხებში გაგი არწივს. ავიდა იმ კლდეზეც, საიდანაც კვერცხები მოიტაცა, მაგრამ იქ ქარისა და ჭექა-ქუხილისაგან აწეწილი საბუდარის მეტი ვერაფერი ნახა. კარგა ხანს ამაოდ ეძებდა და ვერსად ვეღარ გადააწყდა ბიჭის კვალს გაგი. არწივებს კი ხედავდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ბიჭი არ ახლდა თან. გამწარებული გაგი ამათზე იყრიდა ჯავრს. სადაც არწივს დაინახავდა, თოფს ესროდა. ისინიც სცნობდნენ გაგის და ერიდებოდნენ. კარგა ხნის მერე არწივის ყეფამ მაღლა აახედა შავადჩაცმული გაგის მგლოვიარე ცოლი. არწივი მის თავზე ტრიალებდა და უკან პატარა მართვე მისდევდა ფრენით. არწივის მართვე უცნაური შუქით ანათებდა. ასეთი შუქი ქალს სადღაც ენახა და ახლა გაახსენდა: მის ბიჭსაც სწორედ ასეთი შუქით უნათდებოდა ხოლმე მარცხენა მხარზე გამოსახული არწივი. – შვილო ! შვილო ! – იკივლა ქალმა და ხელები გაიშვირა მაღლა. მისი ხმა არწივის ყეფამ დაფარა. არწივმა კლანჭები გაშალა და შვილის ჩონჩხი ჩამოუგდო დედას. ქალმა ვერ დაინახა ჰაერში მოფარფატე ძვლები, რომლებიც სუსტი სტვენით ეშვებოდნენ მიწისაკენ. ქალი ამ დროს უცნაური შუქით განათებულ არწივის მართვეს უყურებდა და მთელი ხმით ყვიროდა: – შვილო! შვილოო! . . . ბატონო შელია! არის ეჭვი, რომ ის გველეშაპი, რომელიც რუსის ჯარს ეჩვენებოდა ამ ბასტიონში და რის გამოც გაიქცნენ რუსები აქედან, სწორედ ის გველი იყო, ბიჭთან ერთად რომ დაიბადა. ეტყობა გაიზარდა და გველეშაპად იქცა. არწივები კი დღესაც უცნაური შუქით ანათებენ საქართველოს ცაზე. ამ არწივის ფიტულშიც, უნდა ვივარაუდოთ რომ დიდი საიდუმლოა ჩაბუდებული. „ გუდამაყრის მუზეუმს" თუ არწივი ჩაუდგა სათავეში, სხვანაირი შუქით გაბრწყინდება მუზეუმი. ძვირფასო მელია! ბატონო შელია! უნდა ვეცადოთ, რომ არწივმა კენჭი არ იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. და თუ მაინც მოახერხებს და კენჭს იყრის, უნდა გავაყალბოთ მისი ხმები. მოწიწებით და პატივისცემით – სადგისი. საქმე №3. დამბაჩა ანუ სახელის ქმნა (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში ჩამოკიდებულ დამბაჩაზე) სიცოცხლე უხაროდა ათნოხელ გამიხარდას. ტყუილუბრალოდ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს. სიმღერა უყვარდა და მღეროდა. ცეკვა უყვარდა და ცეკვავდა. როცა მთის იქეთიდან სათარეშოდ გადმოსულ მტერს დაედევნებოდნენ მისი სოფლელები, ისიც მათთან ერთად იყო, მაგრამ არასოდეს არ ესროდა მომხდურებს. რაღაცა იდუმალი ძალა არ აძლევდა კაცის კვლის უფლებას. ვისაც რამდენიმე მტერი ჰყავდა მოკლული, ის სახელიანი იყო და სოფელი მოწიწებით ეპყრობოდა. ვინც მტერს ვერ კლავდა, ცდილობდა ჩხუბში მაინც ეშოვა სახელი და მთელ ამ მხარეში თითქმის ვერ ნახავდით კაცს, რომ ხანჯლით, ან ხმლით ჩაკეჭნილი თავპირი არ ჰქონოდა. კეჭნიდნენ ერთ-ურთს ხატობებში. კეჭნიდნენ ქორწილებში. კეჭნიდნენ და მერე დამჭრელი დაჭრილს საზღაურს უხდიდა. ნაჭრილობევს პურის მარცვლებით ზომავდნენ თემის უფროსები. რამდენი მარცვალიც ჩაეტეოდა ჭრილობაში, იმდენი ძროხა უნდა გადაეხადა დამჭრელს დაჭრილისათვის. საქორელმა ბათარეკამ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ გაიხადა. დადიოდა ბათარეკაი სოფლიდან-სოფელში, სადაც მთვრალ ხალხს დაიგულებდა ხელად იქ გაჩნდებოდა, ძალად შარს ასტეხავდა და როცა ხანჯალს მოუქნევდნენ, ისე ოსტატურად მიუშვერდა თავს რომ არ ყოფილა შემთხვევა ჩხუბიდან დაუჭრელი გამოსულიყვეს. რაღა თქმა უნდა შეიყრებოდნენ ამის მერე თემის კაცები, გაარჩევდნენ მოჩხუბართა საქმეს, პურის მარცვლებით ბათარეკაის ჭრილობას გაზომავდნენ და დამჭრელიც მოჰგვრიდა ძროხებს, ცხვრებს, სპილენძის ქვაბებს. გამდიდრდა ბათარეკაი. უფრო მეტი სიმდიდრე მოუნდა და საცა მოქნეულ ხანჯალს დაინახავდა იქ უშვერდა თავს. როგორც იყო გაუგეს ეშმაკობა. ერიდებოდნენ ბათარეკასთან ჩხუბს. იმის დანახვაზე მოჩხუბრები უცებ ჩააგებდნენ ხოლმე ქარქაშებში ხანჯლებს, რომ ვითომ გასაშველებლად მათ შუა ჩამდგარ ბათარეკას, ხანჯლის პირისთვის არ მიეშვირა თავი. – ეეხ, წახდა ხალხი, წახდა! – ოხრავდა ბათარეკაი და შარს ეძებდა. გუდამაყრის მუზეუმის მარცხენა კედელზე რომ სპილოსძვლიანი ხანჯალი ჰკიდია, სწორედ მაგ ხანჯალს ახსოვს ყველაზე კარგად ბათარეკაის შარისმძებნელი თავი. როგორ? ისე გაამწარა ბათარეკამ მაგ ხანჯლის პატრონი, ვეღარ მოითმინა და მთელი ძალით გადაუშხუილა მიშვერილ თავზე. აღარ დასჭირდათ ჭრილობის გასაზომად პურის მარცვლები. ტვინი და სისხლი ერთნაირად მოსჩქეფდა ბათარეკაის თავიდან. დასაფლავების წინა დღეს ვიღაცამ სამოცდათექვსმეტი ნაჭრილობევი დაითვალა ბათარეკაის თავზე. აი, ეგეთი თავრიელაით წარსდგა ღვთის წინაშე შარის მძებნელი, აქ კი გულადი კაცის სახელი დატოვა. ვინც ჩხუბის დროს მოწინააღმდეგეს დიდ ჭრილობას დაამჩნევდა, იმას სახელი უფუჭდებოდა, მშიშარას ეძახდნენ. – შინებია და იმად უქნევია გამეტებით ხანჯალი – იძახდნენ საქმის გამრჩევნი. იმ დროს ყველა იარაღით დადიოდა ათნოხელი გამიხარდაის მეტი. უიარაღო კაცი ქალებსაც არ მოსწონდათ და გამიხარდას ალმაცერად უყურებდნენ. გიორგობა იყო იმ დღეს ბეგარდის ხატში. უამრავი მლოცავი იყო თავმოყრილი სალოცავის მოედანზე. ახალგაზრდებს საცეკვაო წრე ჰქონდათ შეკრული და ცეკვავდნენ. უხდებოდა ცეკვა ათნოხელ გამიხარდას. წელზე არც ხანჯალი ერტყა, არც სხვებივით დამბაჩა ჰქონდა ქამარში გაყრილი. ერთ ლამაზ გოგოს მიუთამაშდა და საცეკვაოდ გამოიწვია. გოგომ ზურგი შეაქცია. გამიხარდამ ცეკვა-ცეკვით შემოუარა გარშემო. – გაჰყევ, ფიქრიავ! – მუჯლუგუნი წაჰკრეს გოგოს მეგობრებმა. – მე ქალთან ვერ ვიცეკვებ! – თავმომწონედ თქვა ფიქრიამ. ახალგაზრდებმა სიცილი დააყარეს გამიხარდას, რომელიც ერთ წუთს გაწბილებული შედგა გოგოს წინ და თვალებში მუდარით შეხედა. – რას მომშტერებიხარ, ვერ გაიგე რომ ქალთან ვერ ვითამაშებ! – ისევ დამცინავად თქვა ფიქრიამ. ისევ ატყდა სიცილ-ხარხარი. გამიხარდაი ფიქრიას ძმას მიუთამაშდა, ცეკვა-ცეკვით ქამარში გარჭობილი დამბაჩა ამოაძრო და დაიძახა: – ესეც სახელი! დაიძრა და გულისპირთან დაუცალა ფიქრიას ძმას თავისივე დამბაჩა. დამბაჩის ხმასთან ერთად იგრიალა სალოცავად თავშეყრილმა ხალხმა. ატყდა ჩხუბი. მზის სხივებზე აელვარდა ხმალ-ხანჯლები. ერთ-ურთზე მიიწიეს გამიხარდაისა და ფიქრიას ნათესავებმა. ადამიანთა სისხლით იღებებოდა წმინდა გიორგის მოედანი. ხევისბერი ზარებს რეკავდა და დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა ხალხს, მაგრამ ისინი ეგრე ადვილად აღარ წყნარდებოდნენ. ჩვიდმეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა იმ დღეს „სახელის ქმნას". უამრავი დაიჭრა. გამიხარდაიც მოკლეს ფიქრიას ნათესავებმა. ბატონო მელია! (შელია!) სამართლიანია, რომ ასეთი დამბაჩა მუზეუმში ჰკიდია და რამდენადაც ვიცი კენჭისყრას აპირებს არჩევნებში. მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №4. ყანწი, ანუ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო (საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ყანწზე) გორდაგორ შემოდიოდა წელში მოღუნული მონადირე. მოეფარებოდა კლდის ქიმს, გახედავდა გაღმა მთის კალთაზე შეფენილ ჯიხვების არვეს და ისევ პარვა-პარვით აუყვებოდა აღმართს. ჯიხვების არვე საშიშროებას ვერ გრძნობდა. იმათ თავზე ამაყად გადმომდგარიყო ხარლაღი და ჰყარაულობდა არვეს, რომ მონადირე არსაიდან წამოჰპარვოდათ. ჯიხვებიც მის იმედად იყვნენ, მადიანად შეექცეოდნენ ახლადამოღინღლებულ ბალახს. ყური კი ჰქონდათ მიყურადებული; თუ რაიმე სახიფათოს მოჰკრავდა ყარაული თვალს, სტვენით ამცნობდა არვეს. მთის ნიავი გულ-მკერდს უგრილებდა ხარლაღს, რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ადგილზე წრიალებდა. ერთი სული ჰქონდა კლდიდან-კლდეზე გადამხტარიყო და არვეს შერეოდა. იმათ შორის ეგულებოდა გულისსწორი და იმის ცქერაში გართულს სულ გადაავიწყდა ქვემოდან ზემოთ ამოსასვლელი ბილიკების თვალთვალი. ზემოთიდან წამოეპარა ჯიხვებს მონადირე და ისეთ ადგილას ჩაუსაფრდა, საიდანაც, როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანდა არვე. სატრფოს თვალთვალით გართულმა ყარაულმა ვერ შეამჩნია მონადირე, რომელმაც სროლა აუტეხა ჯიხვებს. დამფრთხალი არვე კლდეებს აწყდებოდა და თავშესაფარს ეძებდნენ. რამდენიმე მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა მონადირის ნასროლმა ტყვიამ. კლდეზე გადმომდგარმა ხარლაღმა თვალი შეასწრო როგორ დაგორდა მისი გულისსწორი ფერდობზე. მაღალი კლდის ქიმიდან გადმოხტა ხარლაღი. გადმოხტა ანგარიშმიუცემლად. გადმოხტა სატრფოს საშველად, მაგრამ ისე ჩაეხეთქა ბასრ კლდეებს, ძირსდაცემულს სული აღარ შერჩა. გაოგნებული იყო ამ ამბის მხილველი მონადირე. დიდხანს დაჰყურებდა მკვდარ ხარლაღს და გულში მძიმე დარდი აწვებოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ დახოცა ეს მთის თავისუფალი შვილები – „ რას ვერჩოდი, რაზე მოვუხტი და ამოვხოცე" – ფიქრობდა იგი. მონადირეს ჯარჯი ერქვა. რამდენჯერ უნადირნია ჯარჯის და რამდენჯერ მოუკლავს ნადი- რი, მაგრამ ამ ხარლაღის უცნაურმა სიკვდილმა სევდა აუშალა გულში. იმნაირი სევდა აუშალა, როგორც მთის ნისლი, ჯერ რომ ბამბის ფთილასავით გამოიკვეთება, მერე თანდათან გაიშლება, გაიშლება და მძიმედ ჩაწვება ხეობაში. სევდით და დარდით გაჯერდა ჯარჯის გული. იმან დახოცილ ჯიხვებს ხელი აღარ ახლო, მარტო ხარლაღს ააჭრა რქები და ხევისპირს ჩამოჰყვა ქვემოთ. იმ დღის მერე აღარავის უნახავს ჯარჯი სანადიროდ წასული. გულჩათხრობილი გახდა, ლხინის სუფრებს ერიდებოდა. თავისუფლებაზე ფიქრმა გაიტაცა ჯარჯი. იმხანად საქართველო ოცი წლის დაპყრობილი ჰყავდათ რუსებს და საშინლად ავიწროვებდნენ ქართველებს. მიუხტებოდნენ ხოლმე სტრაჟნიკები ზამთარში ხევის სოფლებს, თოფებით წინ გამოიყრიდნენ დიდსა თუ პატარას და ნიჩბებით გზაზე ჩამოწოლილ ზვავებს ახვეტინებდნენ. თავისუფლებასმიჩვეული მთის ხალხი საშინლად განიცდიდა რუსების ძალადობას. „მეც ხომ ამათსავით ვექცეოდი ჯიხვებს" – ფიქრობდა ჯარჯი და სხვებთან ერთად ისიც თოვლს ხვეტავდა „სარუსე" გზაზე (რატომღაც ასე შეარქვეს აქაურებმა ძველთაძველ გზას, რომელსაც შუღლიათ სება „გორგასლის ნაგზევს" ეძახის და რომლის ნარჩენებიც მკრთალად ჩანს გუდამაყრის მუზეუმში დატანებული ერდოებიდანაც). იმ ხარლაღის რქებიდან ყანწები გამოთალა ჯარჯიმ და სახლის გულთაბოძზე ჩამოჰკიდა. „სანამ საქართველო რუსების უღელს თავს არ დააღწევს და თავისუფალი არ გახდება, მანამდე წვეთ სასმელს არ დავლევ. როცა საქართველოს გათავისუფლების ამბავს გავიგებ, ამ ყანწებით შევსვამ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელოს და ამ-ბის მომტანს ვაჩუქებ ყანწებს" – ჩაიფიქრა ჯარჯიმ და თავისი ფიქრი მთელ ხევს გაუმჟღავნა. დრო მიდიოდა. ჯარჯის სიბერე ეძალებოდა. იმისი სახლის გულთაბოძზე უქმად ეკიდა ჯიხვის ყანწები. ძალადობდნენ დამპყრობლები. მახარობელი კი არ ჩანდა. არა და არ იფანტებოდა ჯარჯის გულში ჩაგუბებული სევდის ღრუბელი. უფრო და უფრო იქუფრებოდა, შავდებოდა, თანდათან მძიმდებოდა. ერთხელაც გათენდა ის დღე, რომლის გათენებასაც ამდენი ხანია ელოდა ჯარჯი. მახარობელი მოადგა იმის სახლს და დაიძახა: – ჯარჯი, ჰაი ჯარჯი! – რომელი ხარ? – სახლის ბანზე გადმოდგა ჯარჯი. – მახარობლები ვართ, მახარობლები! – შემოსძახეს ქვემოდან ახალგაზრდებმა. – მერე და მანდ რას უდგეხართ, ამოდით, ჩქარა! – სახლში მიიპატიჟა ჯარჯიმ, რომლის გულსაც ბაგა-ბუგი გაჰქონდა სიხარულისაგან. – საით შაიტყვეთ, რა მოხდა? – იკითხა ჯარჯიმ. – ქალაქით მოვიტანე ამბავი, გარბის სახლში რუსის ჯარი, - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ. – თქვენ გენაცვალეთ ჯეელებო, თქვენა, რო საქართველოს თავისუფლება მახარეთ. თქვენ დაგლოცათ დიდმა სამებამ, ლომისის მადლმა, ღალანგურის წმინდა გივარგიმ! სალხინო სუფრა გაიშალა ჯარჯის ოჯახში. ძველისძველი, ამ ამბისათვის გადანახული ღვინო აელვარდა ჯიხვის ყანწებში. ჯარჯიმ ერთი ყანწი მახარობელს გადასცა, მეორეთი თვითონ დაილოცა: – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა! გაუმარჯოს გამარჯვებულსა, ცისა და ქვეყნის დამბადებელსა, კაცთათვის სიცოცხლის მომნიჭებელსა. ზეცის თავანზე ვარსკვლავთა გადამშლელსა, ხმელეთზე ბალახის აღმომცენებელსა, ბალახზე ცვარ-ნამის გამჩენსა. დღისა და ღამის დამწესებელსა, უხილავის ხილულად გარდამქმნელსა, მაღალსა ტახტზე მჯდომარესა, ხილულთა შორის უხილავსა, გონიერთა მიერ ყოველთვის ხილულსა. დიდება სამართალს ხვთისასა. დიდება შენდა ღმერთო, რომ გადმოხედე ჩვენს ქვეყანას და დაიხსენი ავი ხელისაგან. აი, ამ სასმისით გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! –დაამთავრა ჯარჯიმ ლოცვა და მოიყუდა ჯიხვის ყანწი. სიხარულისაგან ხელები უკანკალებდა მოხუცს და გულისპირზე ეღვრებოდა ალისფერი ღვინო. – ამინ! ამინ! – დასტურს იძახდნენ ახალგაზრდები და ხელიდან ხელში გადადიოდა ჯიხვის ყანწები. მალე მოეკიდა ჯარჯის ღვინო. – თქვენ გენაცვალეთ, შვილებო, თქვენა, რო ესეთი სასიხარულო ამბავი მომიტანეთ! – წარა-მარა გაიძახოდა მოხუცი. უცებ კარებზე ბრახუნი გაისმა და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი სახლში შემოიჭრა. – მოდით, მოდით, თქვენც დალიეთ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო, – სუფრასთან მიიპატიჟა ჯარჯიმ, თუმცა იმათ მიპატიჟება არ სჭირდებოდათ, ხელდახელ გამოცალეს რამდენიმე ყანწი და იქ მყოფებს შეუძახეს: – ნუ ხვატიტ, იდიტე, აჩიშჩიმ დაროგუ! – რაო?! – იკითხა ჯარჯიმ. – ნუ, პაშლი, პაშლი! – გაუმეორეს იმათ და თოფის კონდახი წაჰკრეს. – აკი, გაიქცნენ და თავისუფლები ვართო?! – ახალგაზრდებს გადახედა მოხუცმა. – გვაპატიე ძია ჯარჯი, დალევა გვინდოდა და მოგატყუეთ, – დარცხვენით თქვა მახარობელმა. – ვაი, ჩემს მოსწრებასა! – ამოიგმინა ჯარჯიმ. – პაშლი, პაშლი! – წაუთაქეს თოფის კონდახები რუსებმა ქართველებს და წინ გაიყარეს. ფეხი უსხლტებოდა შემთვრალ მოხუცს, წარა-მარა თოვლში ეცემოდა და გმინავდა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა! – იდი კაცო, იდი, იდი პირიოდ! – უბიძგებდა თოფის კონდახს შინელიანი ჯარისკაცი. ერთხელაც წაიფორხილა ჯარჯიმ და რო წაიქცა, როგორღაც განწირულად დაიგმინა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა! ამოიგმინა და გული გაუსკდა. ამაოდ ურტყამდა რუსი კონდახს. ჯარჯი მეტად აღარ წამომდგარა ფეხზე. თოვდა... ბატონო, მელია! ჩვენ მუზეუმში რომ ყანწები ჰკიდია, სწორედ ის რქებია, რომლითაც იმ დღეს თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო დალია ჯარჯიმ. მოწიწებით და პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი. საქმე №5. მყვირალობა, ანუ საიდუმლო ინფორმაცია სიყვარულზე მურყნარის ტყეში აყვირდა ირემი. ერთხელ, მეორედ და მესამედ, ისეთ ზარის ხმაზე დაიყვირა, ყველამ საქმეს თავი მიანება და ირმის ყვირილს მიუგდეს ყური. – იუმეეეე! – ხმამაღლა ყვიროდა ირემი. – იუმეეე! – სადღაც შორიდან გამოეძახა მეორე ირემი. პირველი ხმის გაგონებაზე პირველს უფრო ხმა მოემატა და გეზი იქეთ აიღო, საიდანაც ფურირემის ყვირილი მოისმოდა. აგერ, სულ ახლოს მივიდა ხარირემი ფურთან, კისერი წაიგრძელა, დრუნჩით ჰაერში გაზავებული მდედრის სუნი დაყნოსა და ის იყო უნდა შეერთებოდა მდედრს, რომ უშველებელი წიფლის მხრიდან ავისმაუწყებელი ფრუტუნი გაისმა. ხარირემი შეაკრთო ამ ხმამ, ფურირემის გავაზე ჩამოწყობილი ფეხები ძირს ჩამოუშვა და შვილდივით მოზიდული საომრად მოემზადა. ასევე ნელა ემზადებოდა საომრად ზამთრისაგან ხმელ ტოტებში ჩამპალ ისეთი განწირული ხმით ყვიროდა, ემზადებოდა. მისი მოწინააღმდეგე ხარჯიხვი, წინა ფეხებით წიფლისა თუ ნეკერჩხლის ფოთლებსა თხრიდა, თითქოს მთელი სამყარო მასთან საომრად ფურ-ირემი ცდილობდა ხარების გაშველებას, ხან ერთს აულოკავდა მხარის ბეჭსა და დრუნჩს ხაოიანი ენით, ხან მეორეს, მაგრამ ეს უფრო აგიჟებდათ მორკინალებს. იმათ კარგა ხანს უარეს ერთმანეთის გარშემო წრეზე, ჩლიქებით მიწა აყარეს ერთიმეორეს და თავდახრილები ეძგერნენ ერთ-ურთს. ფურ-ირემი განზე გამდგარიყო და ერთი უშველებელი კაკლის ძირში ატუზული ადევნებდა თვალს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ირმები ხანდახან რქებით გაუსხლტებოდნენ ერთ-ურთს და ხანჯლებივით გალესილ რქებს ფერდებში ატაკებდნენ ერთიმეორეს. წითლად ირთვებოდა ყვავილებით მოქარგული მინდორ-ველი. თითქოს საბოლოო ძალ-ღონე მოიკრიბეს და ეს-ეს არის ან ერთი მოუსპობს მეორეს სიცოცხლეს, ან მეორე, ისეთი მანძილიდან გაექანენ ირმები ერთმანეთისაკენ. იმათმა რქების შეჯახებამ თოფის გასროლასავით დაუარა მთელ ხეობას და კარგა ხანს არ წყდებოდა; ერთი დაბურული ხის ტოტებიდან, მეორე დაბურულ ხის ტოტებს ეხიზნებოდა და ამით ტყის ბინადართ ამცნობდა ირმის მყვირალობას. როგორც დაეჯახნენ ირმები, ისევე დარჩნენ ერთი-მეორის პირისპირ მუხლჩაჩოქილნი. ცდილობდნენ წამოდგომას, მაგრამ რქები არ უშვებდათ, ისე მძლავრად ჩაჰხლართოდათ ორივეს რქები, ერთ-ურთის თავებს გასაქანს არ აძლევდნენ. – იუმეეე! – დაიყვირა ერთმა და თავი მისწი-მოსწია, მაგრამ ამაოდ. – იუმეე! – ხმა მისცა მეორე ირემმაც. როგორც იქნა წამოდგნენ, შეეცადნენ განცალკევებას, მაგრამ ამაოდ. ფურირემს ჯერ ეგონა ისევ ჩხუბობდნენ ხარ-ირმები, მაგრამ ცხოველის ინსტიქტით მალედვე მიხვდა მათ გასაჭირს და თვითონაც ცდილობდა მათ განცალკევებას... . . . იმ დღის მერე ასე სძოვდა ორი მოქიშპე ირემი ბალახს: როცა ირმის მყვირალობის ჟამი ჩამოდგებოდა, გადადგებოდნენ სერზე და მტრის გულის გასახარად მაინც გაჰყვიროდნენ სიყვარულის საგალობელს. . . . სიკვდილი? პირველი ნაწილის დასასრული. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:31pm on მარტი 1, 2014
თემა: მხატვრული ლიტერატურა
იხ მარია რემარკი; ვიქტორ ჰიუგო; თომას ვულფი; თომას მანი; იოჰან ვოლფგანგ გოეთე; ილია ილფი; ლევ ტოლსტოი; მარიო პიუზო; მიგელ დე უნამუნო; მიხაილ ბულგაკოვი; ონორე დე ბალზაკი; ორჰან ფამუქი; პელემ გრენვილ ვუდჰაუსი; ჟან ჟაკ რუსო; საიმონ სებაგ მონტეფიორე; სალვადორ დალი; სუადი; უმბერტო ეკო; ფიოდორ დოსტოევსკი; ფრანც კაფკა; შოთა რუსთაველი; ჯეიმს ჯოისი; ჯემალ ქარჩხაძე; ჯოვანი ბოკაჩო; ჯორჯ ორუელი; პროზა; კლასიკა; ფსიქოლოგიური; რომანტიული; დეტექტივი; იუმორისტული; ფილოსოფიური; სათავგადასავლო; ყველა ჩანაწერი ლიტერატურაში …
დაამატა Kakha to ელ. წიგნები at 8:26pm on თებერვალი 25, 2015
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Zakaj Ousmane Dembélé na svetovnem klubskem prvenstvu FIFA 2025 ni igral za Paris Saint-Germain, temveč za Messijev Inter Miami?

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ივნისი 30, 2025.
საათი: 6:40am 0 კომენტარი 0 მოწონება

Ousmane Dembélé se je izkazal za enega najboljših igralcev sezone 2024–25 in je odigral ključno vlogo pri osvojitvi trojne zlate medalje Paris Saint-Germaina. Glede na njegove izjemne predstave na igrišču, ki so navdihnile številne navijače, da so si kupili Ousmane Dembélé dresi, je njegova odsotnost s tekme PSG-ja na svetovnem klubskem prvenstvu 2025 proti Messijevemu Inter Miamiju…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!